კომენტარი
ცნობილი ჩინური წყევლა (რომლის ჩინური წარმომავლობა წლებია ვერა და ვერ დავადგინე) “გეცხოვროთ საინტერესო დროში”-აშკარად შეესაბამება 21-ე საუკუნის მესამე ათწლეულს. ფაქტია თანამედროვე საზოგადოების წევრები ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პროგრესთან ერთად, ღირებულებათა გადაფასების ისეთ სწრაფ და ბუნდოვან დროში აღმოვჩნდით რომ მისი ტრაექტორიის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ამასთან, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება; 20-25 წლის წინათ არსებული ჰომოგენური მიდგომები საერთაშორისო პოლიტიკაში და თანამშრომლობის ის მექანიზმები რაც ცივი ომის შემდგომ დამკვიდრდა, უბრალოდ დიდი გამოწვევის და კითხვის ნიშნის ქვეშაა. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი და მის ნორმები აქტიურ რევიზიაშია და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს 2025 წლის დასაწყისში მთავარ რევიზიონისტად მისი შემქმნელი- პლანეტის ყველაზე დიდი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები მოგვევლინა. არადა, ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ სტუდენტებთან საუბრისას რევიზიონისტ აქტორებად ბრიქსის ქვეყნებსა და გლობალური სამხრეთს მოვიხსენიებდით. ხოდა, აგვიხდა ის ჩინური წყევლა და ვცხოვრობთ ნამდვილად საინტერესო დროში.
ბოლო ორი კვირაა კოლექტიური დასავლეთი დონალდ ტრამპისა და მისი ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკისგან შოკურ მდგომარეობაშია. კანადის, გრენლანდიის შემოერთება, ყურეებზე სახელების გადარქმევა, ტრამპ ღაზას სარკაზმული “კონცეფცია” და პალესტინელების გასახლება მეზობელ ქვეყნებში, ზელენსკის დიქტატორად წოდება და ა.შ ეს იმ საქმეების არასრული ჩამონათვალია, რამაც თანამედროვე “დასავლელი” შიშის, ბრაზისა და დაბნეულობის ზღვარზე მიიყვანა.
ჩემი მიზანი არც დონალდ ტრამპის პოლიტიკის ანალიზია და არც კოლექტიური დასავლეთის შიშების, ამ სტატიის ინსპირაცია ბოლო პერიოდში საერთაშორისო აკადემიურ წრეებში გაჩენილი “რევერსული კისინჯერის” სტრატეგიის არაადექვატური იმედები იყო. მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს რომ ტრამპის რუსეთთან დათბობა უფრო “დიად” და შორსვადიან გათვლებს ეფუძნება და მისი მიზანია რუსეთის მის ბანაკში გადმოყვანა ჩინეთის დასაბალანსებლად. ანუ ის რაც ნიქსონ-კისინჯერმა გააკეთა 70-იანი წლების დასაწყისში ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან მიმართებით.
სხვათა შორის, 2018 წელს საერთაშორისო ურთიერთობის ცნობილ თეორეტიკოს ჯონ მერშეიმერთან შეხვედრისას, მან ასეთი რამე გვითხრა: ”ვიცი წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა დაახლოებით ოც წელიწადში ამერიკა რუსეთთან დაახლოებას დაიწყებს ჩინეთის დასაბალანსებლად” მიუხედავად ამ არგუმენტის წონადობისა (რეალიზმის პრიზმიდან გამომდინარე) დონალდ ტრამპის “რევერსულ კისინჯერად” შეფუთვა უფრო ნაივისტურ და ხავსზე მოკიდების მცდელობას გავს, ვიდრე მწყობრ, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ სტრატეგიას.
პოლიტიკაში პროგნოზები უმადური საქმეა, მით უფრო იმ დროს როდესაც პროცესები აღარ ექვემდებარება ტრადიციული აზროვნების ჩარჩოებსა და დიალექტიკას, თუმცა მაინც გავკადნიერდები და ეჭვის ქვეშ დავაყენებ ამ მოსაზრებას რამდენიმე ყურადსაღები ფაქტორის გამო;
- გასული საუკინის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად იყო გაფუჭებული. სინო-საბჭოთა იდეოლოგიური რღვევა სტალინის სიკვდილიდან მალევე დაიწყო და ბრეჟნევის დროს დამანსკის კუნძულებთან (1969 წელს) საბჭოთა და ჩინელი მესაზღვრეების რამდენიმე კვირიანი შეტაკებით დაგვირგვინდა. ამასვე ემატებოდა ჩინეთის კონფლიქტი (1962 წელს) ინდოეთთან, მასობრივი შიმშილობა აგრარული სფეროს ჩავარდნის გამო და კუნძულ თაივანიდან ნაციონალისტების კონტრ შეტევის ჰიპოთეტური შესაძლებლობაც. შესაბამისად, გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩინეთი როგორც გეოპოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლაციაში იყო და სწორედ ეს მძიმე ვითარება გამოიყენა კისინჯერმა. მიუხედავად რუსეთის დიდძალი დანაკარგებისა და მასზე დაწესებული სანქციებისა, რუსეთის შედარება 60-იანი წლების ჩინეთთან მსუბუქად რომ ვთქვათ არარელევანტურია.
- იმ მომენტში როდესაც კისინჯერი ჩინეთში ჩავიდა და ურთიერთობის დათბობის პერსპექტივა შესთავზა, პეკინს ფაქტობრივად არაფერი ჰქონდა დასაკარგი. ურთიერთობები იმდენად გართულებული იყო მოსკოვთან რომ მოსაზღვრე რეგიონები გამალებულ თავდაცვის მდგომარეობაში იყო გადასული, ხოლო დღეს რუსეთსა და ჩინეთს ძალიან მაღალი დონის ეკონომიკურ-პოლიტიკურ-ენერგეტიკული-სამხედრო თანამშრომლობა აქვთ. შესაბამისად აღნინშული მჭიდრო კავშირები მოსკოვისთვის ნამდვილად არ იქნება მარტივად დასათმობი, მიუხედავად ამერიკასთან დაახლოების პერსპექტივის მიმზიდველობისა. არ გამოვრიცხავ რომ ჩვეულებრივი რუსი მოქალაქეები ზემოთ ხსენებულ კონფიგურაციაზე ოცნებობდნენ კიდეც, ჩინეთისგან მომდინარე დემოგრაფიული საფრთხე, ტრადიციული რუსული შოვინიზმი ბუნებრივია ჰავაისა და ნიუ იორკს გაცილებით უფრო წინ აყენებს ვიდრე ხაინანსა და შანხაის, თუმცა ეჭვი მაქვს რუსული პოლიტიკური ელიტა ასე მარტივად “არ ავარდება” მსგავს გადალაგებაზე. საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ამ ყველაფერს საეჭვოდ ემთხვევა სი ძინფინგის ზარი პუტინთან, სადაც ჩინეთის ლიდერმა პუტინს მიანიშნა რომ რუსეთი და ჩინეთი მეზობელი სახელმწიფოები არიან და არ იქნება მარტივი მათი განცალკევება. საუბრის ეს მონაკვეთი სახელმწიფო სააგენტო “სინხუამ” გადმოსცა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს რომ პეკინი ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის, ყველაფერს ამჩნევს…
- ნებსით თუ უნებლიედ, დღეს რუსეთის ეკონომიკა და ენერგეტიკული სექტორი საკმაოდ დამოკიდებული გახდა ჩინეთზე. გასული წლის მონაცემებით, რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 244 მილიარდ დოლარს გასცდა, ჩინეთი რჩება ერთ-ერთ მსხვილ შემსყიდველად რუსული ბუნებრივი აირის და მინერალური რესურსების. შესაბამისად შუღლის ჩამოგდება რუსულ დათვსა და ჩინურ დრაკონს შორის მარტივი ნამდვილად არ იქნება
- შეერთებულ შტატებთან მიმართებით ჩინეთს აქვს ერთი საგულისხმო უპირატესობა- ის გრძელვადიანი და პროგნოზირებადი აქტორია. დონალდ ტრამპის დათბობის პოლიტიკა ოთხი წლის შემდეგ (ან თუნდაც მანამდე) შეიძლება 180 გრადუსით ამოტრიალდეს, განსხვავებით ჩინეთისგან, სადაც ჩინეთის კომუნისტური პარტია არსად წასვლას არ აპირებს და გაცილებით რთულ და გრძელვადიან სტრატეგიას მიყვება ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის იმპროვიზაციებია (ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ანტაგონისტური)
- მესმის საშუალო სტატისტიკური პროდასავლელი ინდივიდის სასოწარკვეთა და ხავსზე მოჭიდების მცდელობა, თუმცა კიდევ ერთი კონტრარგუმენტი “რევერსული კისინჯერობისა” ის ფაქტია თუ როგორ ექცევა ამჟამინდელი ვაშინგტონი მის ტრადიციულ მოკავშირეებს და როგორც ექცეოდა ნიქსონი გასული საუკუნის 70-იან წლებში. გასაგებია რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკური პერსპექტივიდან მისი პირველი გამოწვევა ჩინეთია, თუმცა თუ მის შეკავებას აპირებს, უპრიანი იქნებოდა შტატების ტრადიციული მოკავშირეების მობილიზება, ხოლო მისი პოლიტიკა არათუ მობილიზებას არ უწყობს ხელს, არამედ კანადის პრემიერს გუბერნატორად მოიხსენიებს, ხოლო ევროკავშირთან ლამის სავაჭრო ომში ჩაერთოს.
- რამდენიმე დღის წინ გაეროში უკრაინის მიერ დაინიცირდა რეზოლუცია. რეზოლუცის კენჭისყრაზე ბრქისის ოთხმა (ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა) დამფუძნებელმა სახელმწიფომ თავი შეიკავა, ხოლო ამერიკამ, უნგრეთმა და ისრაელმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. თუ ვაშინგტონი გააგრძელებს იდენტური პოლიტიკის გატარებას ტრადიციული მოკავშირეების მიმართ, ვფიქრობ ეს იქნება მეტი სტიმული ბრიუსელსა და პეკინს შორის მეტი მჭიდრო ეკონომიკური და ლოჯისტიკური კავშირების განვითარებისა, ამავდროულად პეკინი გლობალური სამხრეთის ქვეყნების თვალში გაცილებით უფრო სოლიდური და პროგნოზირებადი პარტნიორი გახდება ვიდრე იმპულსური ამერიკა რომელიც რას, სად და რატომ მოიმოქმედებს არავისთვის იქნება ცნობილი და განჭვრეტადი.
ერთი სიტყვით, ზოგ შემთხვევაში გაცილებით ლოგიკური იქნება პოლიტიკურ ქმედებებს მისი შესაფერისი სახელი დავარქვათ, ვიდრე ილუზორულ ნარატივებში ჩავიძიროთ და თავს დავაჯეროთ რომ “ჩვენიანი” ამას იმიტომ კი არ აკეთებს რომ უბრალოდ ასეთია, არამედ მას რაღაც დიადი და მოკვდავთ გონებისათვის რთულად განჭვრეტადი ათ ცვლადიანი რთული სტრატეგია აქვს მოფიქრებული. ასე გაცილებით მარტივად შევძლებთ ადაპიტირებას, რაც თანამედროვე ტურბულენტურ მდგომარეობაში ასე აუცილებელია გადარჩენისთვის.
Discussion about this post