“Sinologia.ge”-ის რედაქციის კომენტარი: ტექსტი მომზადებულია ახალგაზრდა ისტორიკოსის გიორგი ჭიღლაძის სამაგისტრო ნაშრომის მიხედვით
თავი I რეფორმების I პერიოდი
1.1 რეფორმების დაწყების წინამძღვრები
XV-XVI გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა დასავლეთი კვლავ დააკავშირა ჩინეთთან ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ. პიონერი ამ შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებს შორის პორტუგალია იყო, რომელმაც 1520 წელს მინგის დინასტიასთან (明朝 – Míng cháo) (1368 – 1644) დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირი დაამყარა. პორტუგალიელებმა ამ პერიოდში შეძლეს სამხრეთ ჩინეთში მდებარე კუნძულზე ფეხის მოკიდება, რომელსაც შემდეგ მაკაომ (澳门- Àomén). ეწოდა (Gregory, J. S. The West and China since 1500. 2002, გვ. 31). ამ ქალაქის საშუალებით მალე არა მარტო პორტუგალიელები, არამედ ესპანელებიც სარგებლობდნენ, თუმცა ესპანელებისთვის ჩინელებთან მთავარი სავაჭრო ტერიტორია მომავალში ფილიპინები გახდა. მაკაო იყო ის უიშვიათესი წერტილი, სადაც იმ პერიოდის ეს ორი დაპირისპირებული მხარე მეტ-ნაკლებად უკონფლიქტოდ თანაარსებობდნენ.
აქტიურად დაიწყო ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთთან და გააქტიურდა დიპლომატიური მისიები. ვაჭრობის მხრივ, მიუხედავად პორტუგალიელების პიონერობისა, ყველაზე დიდ წარმატებას ამ პერიოდში ესპანელებმა მიაღწიეს. ვაჭრობა გააქტიურდა, თუმცა ევროპელი მონარქებისა და ვაჭრებისთვის მუდამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენდა, რით შეიძლება ევაჭრათ ჩინეთთან. ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება ესპანეთმა გააკეთა, გაიგეს რა ჩინეთის დიდი მოთხოვნის შესახებ ვერცხლზე, რომელიც მას ახალ აღმოჩენილ სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ანდების მთებში მრავლად მოიპოვებოდა.
დიპლომატიური მისიების წარმოებაში იმ ეტაპზე კათოლიკური ეკლესია აქტიურობდა. კერძოდ, გამოსარჩევია იეზუიტი ბერების მისიონერული მოღვაწეობა ჩინეთში. მათ აჩვენეს ის უნარები, რამაც ხელი შეუწყო იეზუიტთა ორგანიზაციის ზოგად წამატებას ჩინეთში. ეს იყო ადგილობრივი კულტურის გაანალიზება და მცდელობა ერთგვარი სინთეზი ქრისტიანობასთან. ამის ნათელი მაგალითია ცნობილი მისიონერი მატეო რიჩი(1552 – 1610), რომელიც იყო პირველი ევროპელი ვისაც მისცეს ნება ჩასულიყო პეკინში, მიიწვიეს იმპერატორის კარზე და მისცეს მინისტრის თანამდებობა.
დიპლომატიური დაახლოების პროცესმა XVII საუკუნის პირველ ნახევარში განვითარების ნაცვლად, პირიქით დასუსტება დაიწყო. ისტორიკოსების ნაწილის აზრით, ამის გამომწვევი მიზეზი ერთის მხრივ მატეო რიჩის გარდაცვალება იყო, მეორეს მხრივ კი ევროპელი მისიონერების გავლენის სწრაფი ზრდა და მათ მიერ უფრო და უფრო მეტი უფლებების მოთხოვნა გახდა. მდგომარეობა იქამდე დაიძაბა, რომ 1616 – 1622 წლებში იმპერატორმა ვან ლიმ (萬曆帝 – Wànlì dì) (1563 – 1620) კათოლიკე ბერები სრულად გააძევა ჩინეთიდან (Hsü, Immanuel C. Y. The rise of modern China. 1970, გვ. 133). თუმცა, საიმპერატორო კარზე იმ პერიოდში უკვე გარკვეული დასავლური ტექნოლოგიების, განსაკუთრებით ქვემეხების, უპირატესობას კარგად ხედავდნენ. ამის გამო, კვლავ დართეს ნება იმპერიის მასშტაბით ნება დართულ ქალაქებში მოღვაწეობისა, თუმცა საიმპერატორო კარის შედარებით მკაცრი კონტროლის ქვეშ.
მინგის დინასტიის ჩამნაცვლებელ ცინგის დინასტიასაც (清朝 – Qīngcháo) (1644 – 1912) ასევე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა ევროპელებთან. ცინგის იმპერატორი ქანგსი (康熙帝 – Kāngxī dì) (1661 – 1722) XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში პირიქით მხარს უჭერდა იეზუიტების მისიონერულ მოღვაწეობას ჩინეთში. იგი აფინანსებდა კიდევაც მათ, რათა გაეზიარებინათ დასავლური ცოდნა სამხედრო ტექნიკის, ასტრონომიის, მათემატიკისა თუ მეცნიერების სხვა დარგების შესახებ . თუმცა, ეს პროცესიც ჩინეთში მალევე, 1719 წელს შეწყდა, როდესაც იმპერატორმა კათოლიკური რელიგია აკრძალა, იმ მიზეზით, რომ პაპი და დომინიკელი მისიონერები უფრო და უფრო მეტ უფლებებს ითხოვდნენ. მათგან მომავალი საფრთხის ასარიდებლად კი აკრძალვისთვის სპეციალური დოქტრინა გამოსცა, რაც შემდეგში არაერთხელ განაახლეს იმპერატორებმა (Meng, S. M. The Tsungli Yamen… 1962, გვ. 2).
XVIII საუკუნის ბოლო პერიოდიდან დასავლური კოლონიალური იმპერიების ურთიერთობა ჩინეთთან ახალ სტადიაში შედის. ამ კავშირის დამყარების პროცესში პორტუგალიასა და ესპანეთთთან ერთად სცენაზე შემოდის დიდი ბრიტანეთი, შემდეგ კი სხვა ევროპული სახელმწიფოებიც გააქტიურდნენ. თავდაპირველად, ამ ყველაფერს მხარეებს შორის ეკონომიკური სახე ჰქონდა. თუმც ცინგის დინასტიასა და ბრიტანეთს შორის დადგენილი იყო ერთი მნიშვნელოვანი წესი. ჩინეთი თავის ნაწარმს ბრიტანეთთან ცვლიდა მხოლოდ ვერცხლზე და ამ უკანასკნელისგან თითქმის სხვა არანაირ საქონელს არ იღებდა. ბრიტანელებმა კი მეტი მოგების სანახავად ჩინეთთან ვაჭრობის სხვა გზების მოძებნა დაიწყეს. საბოლოოდ, ბრიტანელმა ვაჭრებმა აქტიურად დაიწყეს კონტრაბანდის საშუალებით ჩინეთში ინდოეთიდან ოპიუმის შეტანა და მისი ჩინურ ნაწარმზე გადაცვლა. ამან გაცილებით დიდი მოგება მოუტანა არა მარტო ვაჭრებს, არამედ მთლიანად ბრიტანეთის იმპერიას.
ოპიუმის გავრცელებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა და კრძალავდა ცინგის დინასტია. ასეთი კონტრაბანდით იმპერია არა თუ ეკონომიკურ სარგებელს ვერ იღებდა, ოპიუმის დიდ მასშტაბით გავრცელება და მოხმარება მთელს ჩინეთში ნეგატიურ გავლენას ახდენდა მთლიან საზოგადოებაზე. ამ დაპირისპირებას კი საბოლოოდ მოჰყვა ბრიტანეთის მიერ პირველი ოპიუმის ომის დაწყება (1839-42), სადაც ჩინეთი კატასტროფულად დამარცხდა და ე.წ. დამცირების საუკუნე (百年国耻 – Bǎinián guóchǐ) რეალურად სწორედ იმ მომენტიდან დაიწო.
1842 წელს ცინგის დინასტიას მოუწია ხელი მოეწერა მისთვის ძალზედ არახელსაყრელ ნანძინგის ზავზე (南京条约 – Nánjīng tiáoyuē). მალევე ჩინეთს ასევე მოუწია ერთმანეთის მიყოლებით “არათანასწორუფლებიან (უთანასწორო) ხელშეკრულებებზე“ მოეწერა საფრანგეთთან, რუსეთთან, გერმანიასთან, ამერიკასთან და ბოლო სტადიაზე იაპონიასთან. თუმცა ცინგის დინასტიის წინააღმდეგობა უცხოური ძალების შესაკავებლად შიგადაშიგ მაინც გრძელდებოდა, რასაც მოჰყვა კიდევაც ახალი, მეორე ოპიუმის ომი. სადაც ჩინეთმა კიდევ ერთი მწარე მარცხი იწვნია.
ცინგის დინასტიის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა XIX საუკუნის შუა ხანებში ერთმანეთის მიყოლებით დაწყებულმა აჯანყებებმა. ასეთი იყო თაიფინგის (太平天国运动 – Tàipíngtiānguó yùndòng) (1850 – 1864), ნიენის (捻亂 – Niǎn luàn) (1851 – 1868), ტუ ვენსიოუს (杜文秀起义- Dù wénxiù qǐyì) (1856 – 1872), ტუნკანის (同治回乱 – Tóngzhì huí luàn) (1862 – 1877; 1895 – 1896) აჯანყებებმა (杰里米, 布莱克.军事大国——中国(1700-2050 年). 2013, გვ. 4). ამ აჯანყებებმა მთელი ჩინეთი მოიცვა. თაიფინგის აჯანყებას სამხრეთ – აღმოსავლეთ ჩინეთში ჰქონდა ფეხი გადგმული, ტუ ვენსიოს აჯანყებას სამხრეთში, ტუნკანის – დასავლეთში, ხოლო ნიენისა კი ჩრდილოეთით. მხოლოდ თაიფინგის ზეციური სამეფოს არსებობის ანძილზე, მასა და ცინგის იმპერიას შორის გაუთავებელმა ბრძოლებმა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ უკანასკნელისა და სხვა ზემოთ ნახსენები აჯანყებებისგან გამოწვეული მსხვერპლის საერთო რიცხი იმ დროინდელი ჩინეთის მოსახლეობის მინიმუმ 1/10-ს შეადგენდა, რაც უკვე კოლოსალური დანაკარგი იყო.
იმპერიის ყოველ წერტილში არეულობამ გააჩანაგა გამართული საკომუნიკაციო, სავაჭრო სისტემები, ძველი საწარმოების დიდმა ნაწილმა უბრალოდ არსებობა შეწყვიტა. დაიწყო იმპერიიდან მოსახლეობის მასობრივი მიგრირება ქვეყნის გარეთ სხვადასხვა მიმართულებით. აჯანყებების ჩახშობის შემდეგაც კი ცენტრალური ხელისუფლების გავლენა აღდგენილ პროვინციებზე მყარი არ იყო. ასეთი მდგომარეობა კი უცხოური ქვეყნებისა და კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარს უფრო მარტივად შესაღწევს ხდიდა.
იმპერიის მასშტაბით ასეთი გაუარესება კი პოლიტიკურ, ეკონომიკური სიტუაციის სერიოზულ რეფორმას მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდში 1861 წელს გარდაიცვალა იმპერატორი სიენფენგი (咸豐帝 – Xiánfēng dì) (1850 – 1861). მისი გარდაცვალება კი გახდა დასაწყისი, ჩინეთში ახალი, დასავლური სტილის რეფორმების გატარებისა.
1861-1895 წლები კი ცინგის იმპერიის თვითგაძლიერების, რეფორმების პერიოდადაა მიჩნეული (洋务运动 (Yángwù yùndòng), ასევე ცნობილი როგორც 自强运动 (Zìqiáng yùndòng)) (安然. 清朝很有趣 . 2021, გვ. 158). ცინგის დინასტიის მმართველი ბიუროკრატიული წრიდან გამოჩნდა რამდენიმე პირი, რომლებმაც დაიწყეს, უცხოელებთან აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება. დასავლურ ქვეყნებთან დაკავშირებულმა აღნიშნულმა პირებმა კი საბოლოოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი ცალკე ფრთა, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო, მათ თანამედროვე ჩინელი ისტორიკოსები პროდასავლურ მოძრაობაში (洋务派 – Yángwù pài) აერთიანებენ.
აღნიშნულ „უცხოური საქმიანობებს“, იმ დროს ასევე ეწოდებოდა „ბარბაროსული ყაიდის საქმიანობები“, „უცხოური ყაიდის საქმიანობა“ (洋务 – Yángwù). ამავე პერიოდში ცნობილი იყო, როგორც დასავლური საქმიანობა – „ბარბაროსული საქმიანობა“ (夷务 – Yí wù), მიემართებოდა ყველაფერს დაკავშირებულს უცხოურ, დასავლურ კაპიტალიზმთან. ამ ფრთაში (洋务派人 – Yángwù pài rén). შეჰყავდაღთ ყველა ვინც ჩართული იყო უცხოელებთან კავშირის დამყარებაში, მათთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, რეფორმების გატარების მხარდამჭერებს – პროდასავლელს უწოდებდნენ.
ცინგის დინასტიის ცენტრალურ მმართველ წრეში პროდასავლური მოძრაობის გამორჩეული წევრები იყვნენ წენგ კუოფენი(曾国藩 (Zēng Guófān) (1811-1872)), ლი ხუნჭანგი (李鸿章 (Lǐhóngzhāng) (1823 – 1901)), წუო წუნთანგი (左宗棠 (Zuǒ zōng táng) (1812 – 1885)) და სხვები. ესენი იყვნენ ის მაღალ ჩინოსნები, რომლებმაც იმპერიის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სპეროებში განახორციელებს რეფორმები.
ჩინურმა მაღალჩინოსნებმა ორივე ოპიუმის ომებში მარცხის შემდეგ მწარე გაკვეთილი მიიღეს. პირველი: დარწმუნდნენ რომ დასავლური სამხედრო ტექნიკა და არმიის მიერ ომის წარმოების გზები გაცილებით მაღლა იდგა ცინგის დინასტიისაზე. მეორე: ევროპელებს არა მხოლოდ სურდათ მათთვის დასავლური შეიარაღება მიეცათ, ამასთანავე მზად იყვნენ ამ ტექნიკის დამზადების საიდუმლოებებიც გადაეცათ. ეს მათ მოლოდინებს ნამდვილად ცდებოდა. ამან ხელი შეუწყო იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც იმპერიის გაძლიერებისთვის უნდა გამოეყენებინათ. მესამე: ცინგის დინასტიის საიმპერატორო საგვარეოლოს წარმომადგენელმა პრინცმა კუნგმა (恭亲王 (Gōng qīnwáng) (1833 – 1898)) გააანალიზა, რომ ევროპელები სულაც არ იყვნენ მათ წარმოდგენაში ადრევე წარმოჩენილი „მტაცებლური ქცევების მქონე და საკუთარი სიტყვის არ შემსრულებელი“ (狼子野心下守信义 – Lángzǐyěxīn xià shǒuxìn yì). ომის მოგების შემდეგ, როდესაც ბრიტანულმა და ფრანგულმა არმიამ პეკინი ( 北京 – Běijīng) დაიკავეს, პეკინის ხელშეკრულების (北京条约 – Běijīng tiáoyuē) გაფორმების შემდეგ, მიუხედავა იმისა, რომ მათ საკმარისი სამხედრო ძალები ჰყავდათ იმისათვის, რომ იმპერიის ცენტრი თვითონვე გაეკონტროლებინათ, ხელშეკრულების თანახმად ჯარები დედაქალაქიდან გაიყვანეს(安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 158) (蒋廷黻. 中国近代史.2017, გვ. 46.).
ამ სამი გარემოების გათვალისწინებით პრინცმა კუნგმა და მანჯურიული წარმოშობის მაღალჭინოსანმა ვენ სიანგმა (文祥(Wénxiáng) – (1818 – 1876)) სრულიად ახალი სამმართველო პოლიტიკა შეიმუშავეს. პირველი, გადაწყდა, რომ დასავლურ დიდ ძალებთან მათ დიპლომატიის ახალი, გათანამედროვებული ხერხები გამოეყენებინათ. მეორე, მათ გადაწყვიტეს დასავლეთის იარაღი და მეთოდები გადმოეღოთ, შემდეგ კი მათსავე წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მათი აზრით ჩინეთს უნდა მიიღო დასავლური კულტურის ის ნაწილი, რაც ჯარსა და შეიარაღებას ეხება, ის უნდა მიჰყოლოდა ხელშეკრულებებს, რათა აერიდებინა ომი.
პრინც კუნგსა და ვენ სიანგს ღრმად სჯეროდათ თავიანთი ახალი პოლიტიკის გატარების აუცილებლობა. ამის მაჩვენებელია ის, რომ რეფორმების პროცესში არსებული მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად ისინი მაინც აგრძელებდნენ თავიანთი იდეების განხორციელებას. ამ ყველაფერში მათ დაეხმარა ძალაუფლებისა და ხალხში მათი პოპულარობის ზრდა. ხალხის მხარდაჭერა გამოიწვია 1861 წელს პეკინის საზავო ხელშეკრულების დადების შემდეგ დედაქალაქიდან უცხოელების გასვლა ხალხმა მათ სიმამაცეს მიაწერა.
1.2 რეფორმები საგარეო პოლიტიკაში
აღსანიშნავია ის, რომ 1861 წლამდე ჩინეთში, საიმპერიო კარზე საგარეო პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური, თანამედროვე გაგებით საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობდა. იქამდე ამ ტიპის პრობლემებს წყვეტდა რიტუალთა სამინისტრო (礼部 – lǐbù) და ლიფან იუენი (理藩院 – Lǐ fān yuàn). მაგალითისთვის ლიფან იუენი იყო ცინგის დინასტიის სამმართველო ორგანო რომლის მთავარი მოვალაება იყო ჩინეთის ცენტრალური აზიის ტერიტორიების გაკონტროლება და რუსეთთან საგარეო პოლიტიკის წარმოება. ამის მიზეზი კვლავ ჩინეთის ისტორიასა და მათ მთავარ მოძღვრება კონფუციზმში უნდა ვეძიოთ. კონფუციზმი ჩინეთს სამყაროს ცენტრში ათავსებს(ჩინელები თავიანთ სამშობლოს 中国 (Zhōngguó)უწოდებენენ, რაც ცენტრალურ (中) ქვეყნასა (国) ნიშნავს), სადაც ეს უკანასკნელი არის ცივილიზაციის კერა, მის გარშემო არსებული ხალხები, სამეფოები თუ სხვანი კი ამ მდიდარი ცივილიზაციის გავლენის ქვეშ არიან და მისგან საზრდოობენ. ამისთვის კმარა მაგალითად მოვიყვანოთ ერთ-ერთი კლასიკიდან (四书五经 (Sìshū Wǔjīng) – ოთხი წიგნი და ხუთკლასიკა). შემდეგი ამონარიდი: „მე მსმენია მათზე ვინც ჩვენი დიადი მიწის დოქტრინებს იყენებდნენ ბარბაროსთა შესაცვლელად, მაგრამ არასდროს მსმენია რამე შეცვლილიყოს ბარბაროსების მიერ“ (Wright, Mary Clabaugh. The last stand of Chinese conservatism; the T’ung-chih restoration, 1862-1874..1962, გვ. 222.)
კონფუციზმის ამ აზროვნებას კიდევ უფრო ამყარებდა ასევე ჩინეთში უძველესი დროიდან დამკვიდრებული ძღვენის სისტემა (中华朝贡体系 – Zhōnghuá cháogòng tǐxì.), რომლის მიხედვითაც ჩინეთის იმპერიების გარშემო მცხოვრები ხალხები, სამეფოები დრო და დრო აგზავნიდნენ თავიანთ წარმომადგენლებს საიმპერატორო კარზე ძღვენითა და ახალი ინფორმაციებით. ეს იმის აშკარა ნიშანი იყო, რომ ჩინეთი არცერთ მის მეზობელს თანასწორ ძალად არ თვლიდა. ნაწილობრივ მსგავსი პოლიტიკა იყო შემოღებული დასავლური ახალ გამოჩენილი ძალების მიმართაც. ამ შეხედულების ოფიციალურ დონეზე შეცვლას კი დიდი დრო დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობა ჩინეთისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ვერცხლით ვაჭრობა, ჩინეთის იმპერატორებმა მხოლოდ კანტონში დართეს ნება უცხოელებს ვაჭრობა ეწარმოებინათ. მთელ ამ ძალებთან ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირება და პრობლემების მოგვარება კანტონის მთავარ გამგებლებს ევალებოდა. ასე გაგრძელდა პირველ და მეორე ოპიუმის ომის შუა პერიოდშიც (1845 – 1856), როდესაც ბრიტანეთთან და საფრანგეთთან უმთავრესად ნანძინგისა და კანტონის გამგებლები უძღვებოდნენ ძირითად საგარეო პოლიტიკურ პროცესებს (Hsü, Immanuel C. Y. The rise of modern China. 1970გვ. 325) თუმცა, მათგანაც ამ პერიოდში ხშირად ადგილი ჰქონდა მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდებას. ასეთი შემთხვევები ხდებოდა იმიტომ, რომ არ იყო იმპერიაში ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკის სისტემა, ამიტომაც მათთვის არ არსებობდა რაიმე სახელმძღვანელო წესები, თუ როგორ უნდა ეურთიერთობათ უცხოელებთან, შესაბამისად მათი თითოეული ნაბიჯი შესაძლოა გამხდარიყო საიმპერატორო კარის მიერ მათი დადანაშაულების მიზეზი. ამის გამო იმპერიის საგარე პოლიტიკის წარმოებისას გადაწყვეტილებების მიღება ხშირად დიდხანს იწელებოდა. სისტემის გაუმართაობა კი ნახევრად კოლონიალისტურ იმპერიებთან ურთიერთობას ართულებდა.
მეორე ოპიუმის ომის ომმა საბოლოოდ ბევრ მაღალჩინოსანს დაანახა მწარე რეალობა. ომის ბოლო ეტაპზე დასავლური იმპერიების კოალიციურმა არმიამ საბოლოო შედეგის მისაღწევად იმპერიის დედაქალაქი პეკინი დაიკავა. მათ უშუალოდ საიმპერატორო კართან სურდათ დიპლომატიის წარმოება. 1860 წლის პეკინის ხელშეკრულების მოწერასთან ერთად, უცხოურმა დელეგაციებმა პეკინში გადმოინაცვლეს. მათ აქტიურად დაიწყეს წერილებისა და თავიანთი წარმომადგენლების გაგზავნა პირდაპირ სახელმწიფო სამხედრო საბჭოში და უარს აცხადებდნენ ნებისმიერი სხვა ორგანოსაგან გაგზავნილ შეტყობინებებზე პასუხის გაცემას. აშკარა იყო, რომ ძველი სისტემა, რომელმაც ვერ შეძლო ორივე ოპიუმის ომის დროს რაიმე ქმედითი ფუნქცია ჰქონოდა, საბოლოოდ გამოუსადეგარი გახდა.
1861 წლის დასაწყისში პრინცი კუნგი და ვენ სიანგი შეთანხმდნენ უცხოელებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ახალი პოლიტიკის წარმოების საჭიროებაზე. 1861 წლის 11 იანვარს ამ ორმა მაღალჩინოსანმა სახელმწიფო სამხედრო საბჭოსა და იმპერატორ სიენფანგის (1850 – 1861) წინაშე წარადგინეს ახალი ორგანიზაციის დაარსების პროექტი, რომელიც საგარეო საკითხების მოგვარებაზე იზრუნებდა. ამავე წლის 20 იანვარს კი პრინცმა კუნგმა მიიღო თანხმობა დაეარსებინა ახალი სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო ორგანო. 11 მარტს აღნიშნული ორგანო წუნგლი იამენის სახელით ოფიციალურად დაარსდა. პრინცი კუნგი, თავისი ახალი სტატუსით, უპირველეს ყოვლისა უცხოელ ელჩებს დაუკავშირდა, მიიღო მათგან აღიარება და მილოცვა. პირველად ჩინეთის ისტორიაში ერთი ორგანო აწარმოებდა პოლიტიკას უცხოურ ძალებთან. წუნგლი იამენის გამგებლობის ქვეშ მოექცა სამი ჩრდილოეთის და ხუთი სამხრეთის პორტის ზედამხედველი.
1861 წლის 11 მარტს იმპერატორი სიენფენგის (1850 – 1861) მიერ დაარსდა წუნგლი იამენი (总计衙门 – Zǒngjì yámé) (罗威廉. 哈佛中国史06•最后的中华帝国:大清. 2016,გვ. 203), რომელის სახელმწიფო სამხედრო საბჭოს (军机处 (Jūnjī chù)) დაქვემდებარების ქვეშ ოპერირებდა. აქედან მოყოლებული დაახლოებით 27 წლის განმავლობაში. პრინცი კუნგის განმგებლობის ქვეშ მოქმედი წუნგლი იამენი ნაბიჯ-ნაბიჯ იქცა იმპერიის საგარეო პრობლემების მოგვარების ყველაზე აქტიურ და ქმედით ორგანოდ (W illiam T. Rowe. „CHINA’S LAST EMPIRE“ the great qing 2009, გვ. 219.)
იმისათვის, რომ ახალი ტიპის დიპლომატიური ურთიერთობები დაემყარებინათ, საჭირო იყო დასავლური დიპლომატიის კარგად შესწავლა. სწორედ ამ მიზნით პრინცმა კუნგმა ბრძანება გასცა, რომ 1836 წელს ჰენრი ვიტონის ნაშრომი „საერთაშორისო სამართლის ელემენტები“ ეთარგმნათ ჩინურად. თუმცა წიგნი შეიცავდა გარკვეულ დეტალებს, რომლებიც ჩინელებისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. რედაქტირების გარეშე გამოცემა პრინცისთვისაც მიუღებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო სამართლის პრინციპების გამოყენება წუნგლი იამენის მიერ 1864 წლიდან მაინც იწყება (მარინა ჯალაბაძე (მთ. რედაქტორი). ჩინეთის ისტორია – 中国历史. 2022, გვ. 525).
მართალია საიმპერატორო კარმა უფლება მისცა წუნგლი იამენის დაარსებისა, მაგრამ თავიდანვე აშკარა იყო რომ მისთვის ფართო ძალაუფლების მინიჭებას არ აპირებდა. პრინცი კუნგი იმპერატორს სთავაზობდა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროვინციების გამგებლებს ჯერ რიტუალების სამინისტროსთვის შეეტყობინებინათ, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა, შემდეგ კი მათ დეპარტამენტს გადაეცემოდა. შედარებით მნიშვნელოვანი საკითხები კი პირდაპირ წუნგლი იამენისთვის გადაეგზავნათ. რიტუალების სამინისტროს მინისტრის რჩევის მიხედვით, ყოველი საგარეო საკითხი ჯერ მის ორგანოს უნდა შეეტყობინებინა, ხოლო ამის შემდეგ გადასცემდა ინფორმაციას წუნგლი იამენს. საბოლოოდ, იმპერატორის განკარგულების მიხედვით გადაწყდა, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი საგარეო საკითხები წუნგლი იამენს რიტუალების სამინისტროს საშუალებით გადაეცემოდა. რაც შეეხება გაცილებით მნიშვნელოვან საგარეო საკითხებს, ყველაფერი იმპერატორის მიერ უნდა გადაწყვეტილიყო.
ორგანიზაცია 1864 წლამდე შედარებით არამდგრადი იყო. ის სუსტი ძალის მქონე ახალ ფორმირებული სამმართველო ორგანო იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული და ფეხმოკიდებული ჩინური სისტემისგან განსხვავდებოდა (Wright, Mary Clabaugh. The last stand of Chinese conservatism; the T’ung-chih restoration, 1862-1874. 1962, გვ. 226). ამასთანავე თვით პრინც კუნგისთვისაც კი წუნგლი იამენი დაარსების მომენტშივე დროებითი საჭიროებიდან გამომდინარე შექმნილ ინსტიტუციას წარმოადგენდა, რომელიც ომის დამთავრებისა და უცხოურ ძალებთან ურთიერთობის დარეგულირებისთანავე უნდა გაუქმებულიყო. თუმცა პლიუსები, რაც უშუალოდ საგარეო საკითხებზე ორიენტირებული ორგანიზაციის არსებობამ აჩვენა, ისეთი გავლენიანი ფიგურების განმგებლობის ქვეშ როგორიც პრინგი კუნგი და ვენ სიანგი იყვნენ, განაპირობა წუნგლი იამენის გაუქმების რამდენჯერმე გადადება (Meng, S. M. The Tsungli Yamen: Its Organization and Functions. 1962, გვ. 25).
საბოლოოდ, ინსტიტუციის გაძლიერება გამოიხატა იმაში, რომ 1864 წლის რეორგანიზაციის შემდეგ, წუნგლი იამენი ჩამოყალიბდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდ, თავისი ფართო შესაძლებლობებით. ამასთანავე მის შიგნით შეიქმნა 5 განყოფილება, რომელიც ანაწილებდა მთლიანი ორგანიზაციის მოვალეობებს. პირველი იყო რუსეთის განყოფილება, რომელიც გარდა რუსეთისა ასევე კურირებდა იაპონიასთან დაკავშირებით არსებულ საგარეო საკითხებს. ეს საკითხები კი მოიცავდა: ამ ორ სახელმწიფოსთან ვაჭრობას, სასაზღვრო-ტერიტორიულ დავებს, დიპლომატიური მისიების მიღებასა და გაგზავნას, ასევე გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ გასაშვები სტუდენტების შერჩევას. მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი იყო ასევე საფრანგეთის, ინგლისისა და ამერიკის განყოფილებები. თითოეულ მათგანს, რუსული განყოფილების მსგავსად, ევალებოდა რამდენიმე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. შედარებით მოგვიანებით, 1883 წელს კი შეიქმნა მეხუთე – სანაპირო საზღვრის დაცვის განყოფილება. ამ უკანასკნელს ევალებოდა ფლოტთან, პორტებთან, ორთქლმავლებთან, გემთსაშენებთან, ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება (Meng, S. M. The Tsungli Yamen… 1962, გვ. 35)
წუნგლი იამენის დაარსების მომენტში, მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ პრინცებს, მინისტრებსა და სახელმწიფო სამხედრო საბჭოს წევრებს. თუმცა დროთა განმავლობაში ამ საკითხის მოგვარება მოხდა საგარეო საქმეთა საკითხებში ახალი გამოცდილი და განსწავლული კადრების დამატების საშუალებით. დაარსების ეტაპზე შეიქმნა წუნგლი იამენის მმართველი ორგანო, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად აუცილებლად უნდა ყოფილიყო სახელმწიფო სამხედრო საბჭოს სამი წევრი მაინც. ამით მოხდებოდა მისი უშუალოდ დაკავშირება სახელმწიფო სამხედრო საბჭოსთან, რაც წუნგლი იამენის გავლენის გაძლიერებას გამოიწვევდა, მაგრამ დაარსებისას ეს თანამდებობა მხოლოდ ვენ სიანგს ეკავა. თუმცა მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზარდა. თავდაპირველად მმართველი ორგანო სამი მაღალჩინოსნისაგან შედგებოდა, წლის ბოლოს უკვე გაორმაგდა, ხოლო 1896 წელს მათმა რაოდენობამ 10-ს მიაღწია. ამასთანავე გაიზარდა მათი მოადგილეების რაოდენობაც, რომელიც დროთა განმავლობაში გაორმაგდა, და 28-დან 56-მდე ავიდა.
წუნგლი იამენი გამოხატავდა დიდ ენთუზიაზმსა და ინტერესს გაძლიერებულიყო ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობები. ამ მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ წუნგლი იამენი სარგებლობდა უცხოელთა დიდი მხარდაჭერით, ასევე წინააღმდეგობა შეხვდა ადგილობრივი დიდგვაროვნებისა და კონსერვატიული ანტიდასავლური შეხედულების სახელმწიფო პირებისგან.
აქედან გამომდინარე, წუნგლი იამენს უწევდა გამკლავებოდა, ერთი მხრივ აგრესიულ უცხოელ ვაჭრებს, მეორეს მხრივ კი ცინგის ხელისუფლების ზედა ფენის ნაწილს, რომელთა ზოგჯერ აბსურდული, ანტიდასავლური იდეები, იმ პერიოდის იმპერიას მხოლოდ ზიანს მოუტანდა. წუნგლი იამენისა და მისი ლიდერების ამ ენთუზიაზმს განაპირობებდა ის, რომ დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდათ მზაობა ეთანამშრომლათ ჩინეთის მმართველ ზედა ფენასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ჭრილში. პრინცი კუნგიც სწორედ ამის საფუძველზე აანალიზებდა მისი წინამორბედების დაშვებულ შეცდომებს, რასაც ისინი დასავლურ იმპერიალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობაში უშვებდნენ.
შემდგომი წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიუხედავად თანდათანობით რეორგანიზებისა წუნგლის იამენის არსებობის პერიოდში, მას მაინც თან სდევდა რამდენიმე დიდი სისუსტე, რომლებმაც საბოლოოდ გამოიწვია მისი დაღმასვლა.
პირველი ის, რომ ორგანიზაციას არ გააჩნდა კანონმდებლობა, იურიდიულად გამყარებული საფუძველი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავდა მის შესაძლებლობებს. ის ერთგვარად დროებითი საჭიროებიდან გამომდინარე სწრაფად გამოსავლის ძებნის შედეგს წარმოადგენდა. საწყის ეტაპზე ორგანიზაციის ძალაუფლება ძალზედ შეზღუდული იყო, იმით რომ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება უნდა დაედასტურებინა იმპერატორს. 1864 წელს ეს ვალდებულება წუნგლი იამენს მთავარი მინისტრის და სახელმწიფო სამხედრო საბჭოს წინაშე დაეკისრა.
სწორედ ამიტომ, წუნგლი იამენის ოპერირება მთლიანად იყო დამოკიდებული მისი მინისტრების პოლიტიკურ ძალაუფლებაზე იმპერიის მასშტაბით. თუ მის მმართველ ორგანოში იყო რამდენიმე მთავარი მინისტრის თანამდებობაზე დანიშნული პირი, ბუნებრივია მნიშვნელოვანი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაც შეეძლო. მათი რაოდენობის შემცირება კი ავტომატურად იწვევდა მის დასუსტებას. სწორედ ამ მიზეზით იყო განპირობებული ამ ორგანიზაციის დიდი წარმატებით მუშაობა 1861 – 1871 წლებში. დიდ წილად ეს ყველაფერი კი პრინცი კუნგისა და ვენ სიანგის დამსახურება იყო, რადგან ამ ორივეს მთავარი მინისტრის თანამდებობა ეკავათ და დიდი ავტორიტეტიც ჰქონდათ.
პრინცი კუნგის განუზომელი გავლენა და პრესტიჟი განპირობებული იყო ერთის მხრივ იმით, რომ მას მიეწერა მეორე ოპიუმის ომის მარცხის შემდეგ მალევე უცხოური ძალების იმპერიის მიერ მართული ტერიტორიებიდან გასვლა. მან შეძლო ის, რაც მანამდე ვერავინ იმპერიის მასშტაბით ვერ მოახერხა. მეორე მხრივ, მას დიდი დამსახურება ქონდა თაიფინგის ძალზედ დამაზიანებელი აჯანყების საბოლოოდ ჩახშობაში. ამას დამატებული პრინცის საიმპერატორო ოჯახიდან წარმომავლობა განაპირობებდა იმას, რომ მას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა, როგორც უცხოელებისგან ასევე ჩინეთის ზედა ფენის მნიშვნელოვანი ნაწილისგან.
პრინცი კუნგის დიდი გავლენის მაჩვენებელია ის, რომ 1861 წელს რეგენტების წინააღმდეგ მომხდარ სინ იოუს (辛酉政变 – Xīn yǒu zhèngbiàn) სახელით ცნობილი გადატრიალების დროს, ბრიტანელებმა მხარი არეულობის ერთ-ერთ ინიციატორს – პრინც კუნგს (Hsü, Immanuel C. Y. The rise of modern China. 1970, გვ. 321) დაუჭირეს. ბრიტანელები მეტად ენდობოდნენ მათთან აქტიურად მოლაპარაკებებში ჩართულ პრინცს, ვიდრე აწ უკვე გარდაცვლილი იმპერატორის ერთგულ მაღალჩინოსნებს, რომელთან ურთიერთობის პერიოდში მეორე ოპიუმის ომი განვითარდა.
1865 წელს იმპერატორის რეგენტის სტატუსის მქონე დედოფლებს ციანსა (慈安太后 – Cí ān tàihòu) (1837 – 1881) და ცსის (慈禧太后) (1835 – 1908) სურდათ პრინცი კუნგის სახით მნიშვნელოვანი ოპონენტის ჩამოცილება და დროებით მოხსნეს, მაგრამ მალევე სახელმწიფო სამხედრო საბჭოს დაჟინებული მოთხოვნით აღადგინეს პრინცი მის ყოფილ თანამდებობებზე. ამ პერიოდში სახელმწიფო სამხედრო საბჭოს წევრთა უდიდესი ნაწილი პრინცი კუნგის მხარდამჭერი იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დედოფალმა ნაბიჯ-ნაბიჯ პრინცი კუნგის მომხრეების ჩანაცვლება. 1874 წელს კი თვით იმპერატორ თუნგჭის მიერ იქნა გადაყენებული პრინცი კუნგი. ამჯერად მალევე დედოფალმა ციანმა აღადგინა ის ძველ თანამდებობებზე. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში პრინცის ძალაუფლება უკვე ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც 60-იან წლებში (Meng, S. M. The Tsungli Yamen… 1962, გვ. 51 ).
ორგანიზაციის მეორე განუყოფელი ნაწილი კი, როგორც ვახსენეთ, ვენ სიანგი იყო, რომლის წვლილი იმ პერიოდის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებში, ბევრის აზრით, პრინცი კუნგისასაც კი აღემატებოდა. დასავლური მხარე მას ხშირად მოიხსენიებდა, როგორც „ყველაზე გონებამახვილ, ლიბერალური აზროვნების მქონედ“ ცინგის დინასტიის მმართველ წრეებს შორის. ვენ სიანგი ამ ავტორიტეტით სარგებლობდა გარდაცვალებამდე (1876 წლამდე). მას XIX საუკუნის 60-იან წლებში ასევე ეკავა სახელმწიფო სამხედრო საბჭოს გენერალური მდივნისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობები, რაც მის პოლიტიკურ წონას ერთი-ორად ზრდიდა.
პრინცი კუნგისა და ვენ სიანგის ხელმძღვანელობით წუნგლი იამენი ახერხებდა მთელი ჩინეთის საგარეო საქმეების საკუთარ თავზე აღებას და მოგვარებას. მაგრამ მათი წასვლის თანადროულად ასევე კატასტროფულად მცირდება ამ ორგანიზაციის გავლენა და შესაძლებლობები რაიმე მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინათ უცხოურ ძალებთან ურთიერთობაში. მიუხედავად 1871 წლის კრახისა, რის შედეგადაც წუნგლი იამენის ურთიერთობას უცხოელებთან დიდი ზიანი მიადგა, მისი მესვეურები 1884 წლამდე მაინც ახერხებდნენ საგარეო საქმეებისა და პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლის თამაშს.
მეორე მიზეზი გახდა წუნგლი იამენის მეთაურის პრინცი კუნგის აქტიური ჩართულობა საიმპერატორო კარის შიდა დაპირისპირებებში. კერძოდ, 1871 წელს წუნგლი იამენის დაკნინებაში თავისი როლი ითამაშა პრინცი კუნგის დაპირისპირებამ დედოფალ ცსისთან. 1869 წელს პინცმა კუნგმა დედოფალი ცსის ქვეშევრდომი ძალაუფლების გადამეტების გამო სიკვდილით დასაჯა. ეს ნაბიჯი კი იმის იმედით გადადგა, რომ მას სახელმწიფო სამხედრო საბჭო დაიცავდა. თუმცა ამ კუთხითაც დედოფალმა ცსიმ 1865 წლიდან დაიწყო მუშაობა, როდესაც პრინცი კუნგის გადაყენების პირველ მცდელობაში სახელმწიფო სამხედრო საბჭომ შეუშალა ხელი. საბოლოოდ ამ დაპირისპირებაში პრინცი დამარცხდა და დროებით გადააყენეს მისი თანამდებობებიდან (Spence, Jonathan D. The search for modern China. 1991, გვ. 218 ). მიუხედავ მალევე მისი აღდგენისა, პრინცს აღარ ჰყავდა ჩინეთის ზედა ფენებში ადრინდელივით მრავალი მხარდამჭერები. ამასთანავე 1881 წელს უეცრად გარდაიცვალა მისი მთავარი მოკავშირე დედოფალი ციანი.
მესამე მიზეზი წუნგლი იამენის სისუსტისა და საბოლოოდ დაღმასვლისა იყო გადამეტებული მოლოდინები, რომელიც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ. მათ ჰქონდათ დასახული მთავარი მიზნები, რასაც დიპლომატიის საშუალებით უნდა მიეღწიათ. თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს მიზნები მათ შესაძლებლობებს აღემატებოდა. ამ მიზნებს შორის უმთავრესი იყო დასავლეთის ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვა, ამ ქვეყნებთან სტატუსით გათანაბრება, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, დასავლური მისიონერული სამუშაოების შეწყვეტა და ა.შ.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მოლოდინების გამო, წუნგლი იამენსა და დასავლურ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ერთგვარი ბზარის გამჩენი აღმოჩნდა 1869-70 წლების პერიოდში განხილული ალკოკის კონვენციის ვერ განხორციელება. კონვენციის ერთ-ერთი ინიციატორი, ჩინურ მხარესთან ერთად, ბრიტანეთის ელჩი პეკინში რაზერფორდ ალკოკი იყო. აღნიშნული შეთანხმება შეიცავდა სავაჭრო-დიპლომატიურ მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის. იყო მცდელობა გადაეხედათ ჩინეთის ოპიუმის მეორე ომის დროს, 1858 წელს ორ მხარეს შორის დადებული თიენძინის ზავი(天津条约 – Tiānjīn tiáoyuē ) (Michael Dillon. China: A Historical and Cultural Dictionary. 1998, გვ. 5) .
1858 წლის თიენძინის ზავის მიხედვით ბრიტანელმა ვაჭრებმა შეძლეს მხოლოდ ჩაისა და ოპიუმის გაცვლის ნაცვლად, ჩინეთის ბაზარი გაეხსნათ სხვა ბრიტანული ნაწარმისთვის, განსაკუთრებით ქსოვილებისთვის. თუმცა, მათი ამბიცია არც აქ ჩერდებოდა და იდეა იმის შესახებ, რომ ბრიტანელ ვაჭრებს ჩინეთში აეშენებინათ კომპანიები და იაფი ჩინელი მუშახელის გამოყენებით იქვე გასასაღებელი პროდუქტი ეწარმოებინათ, უკვე მომწიფებული იყო. რა თქმა უნდა, მსგავსი გეგმა დასავლეთის ვაჭრებისთვის მეტად მიმზიდველი იყო, რადგან ამით თავიდან იცილებდნენ დასავლეთიდან ნაწარმის გემით გადატანის ხარჯებსა და დროს.
ალკოკის კონვენცია ორივე მხარე მეტად თანაბარ სიტუაციაში აყენებდა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი უკანასკნელი 10 წლიანი აქტიური საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ კონვენციაში აისახა. პროდასავლური პოლიტიკისა თუ რეფორმების მხარდამჭერები ამ კონვენციაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, რადგან ამით ისინი სრულიად გაამართლებდნენ ბოლო წლებში განვითარებულ ახალ საიმპერიო პოლიტიკასა და განხორციელებულ ცვლილებებს. შედეგად ასევე გაიძლიერებდნენ პოზიციებსა და გავლენას ცინგის დინასტიის მმართველ ელიტაში. თუმცა ინგლისის პარლამენტის მიერ არ კონვენციის არ მიღებამ ჩინელი მაღალ ჩინოსნების, განსაკუთრებით რეფორმების გამტარებელთა, უკმაყოფილება გამოიწვია (Robert Hart. The North American Review, Vol. 172, No. 530, Jan., 1901, გვ. 63). ეს უკმაყოფილება, ბოლო წლების დიპლომატიური მიზნების დამსხვრევასთან ერთად, გამოწვეული იყო კონსერვატიული მოძრაობის გაძლიერებით, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისიდან უკვე უფრო ორგანიზებულ და ფართო მასშტაბიან სახეს იღებდა.
1.3 დიპლომატიური და მთარგმნელობით სამუშაოების განვითარება
ჩვეულებრივ ცინგის დინასტიასთან ურთიერთობის დამყარების დროს, დიპლომატიური მისიების გაგზავნისას, უცხო სახელმწიფოები და მათ შორის ბრიტანეთიც, ოფიციალურ დოკუმენტებს ჩინურად წერდნენ ცინგის საიმპერატორო კარზე წარსადგენად. ცინგის დინასტიისათვისაც, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ტრადიციიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივი მოვლენა იყო და ინტერესი უცხოური ენების დაუფლების სპეციალურად წახალისებისკენ არც არასდროს წამოწეულა წინ.
თუმცა ორივე ოპიუმის ომის მძიმე მარცხის შემდეგ, ევროპულმა სახელმწიფოებმა აიძულეს ჩინეთის მმართველი წრე, რომ ძველი, მათი აზრით, ქედმაღლური შეხედულება შეეცვალათ. ამის მაგალითია მეორე ოპიუმის ომი. 1860 წელს პეკინისკენ მარშით მიმავალი ბრიტანულ-ფრანგული შენაერთებისგან შეშინებულმა ცინგის საიმპერატორო კარმა ბრიტანელი ტყვე მოიხმეს მოწინააღმდეგის კოალიციურ ძალებთან ინგლისურად წერილის გასაგზავნად, რადგან ინგლისური ენის ჩინელი ექსპერტი იმ მომენტში საიმპერატორო კარზე უბრალოდ არ ჰყავდათ.
1861 წელს წუნგლი იამენის (საგარეო საქმეთა მთავარი სამმართველო) დაარსების შემდეგ, იმპერიის მასშტაბით თარჯიმნების, დიპლომატებისა და იმპერიის ინტერესების წარმომადგენელთა ახალი ნაკადის დიდი საჭიროება გაჩნდა, რომლებიც შეძლებდნენ უცხოურ ძალებთან აქტიური კონტაქტის დამყარებას. ამისთვის კი უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო დასავლური უცხო ენების დაუფლება. 1859 წელს ცინგის ხელისუფლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა დიპლომატმა კუო სუნგთაომ (郭嵩焘 ( Guō Sōngtāo) (1818 – 1891)) უკვე წამოაყენა იდეა დასავლური ენის სასწავლებლის დაარსების თაობაზე. დასავლური ენების დაუფლების აუცილებლობაზე აკეთებდა ასევე აქცენტს 1861 წელს ცინგის დინასტიის გამორჩეული სწავლული წენგ კუოფენი. თუმცა მსგავსი პროექტის ხორცშესხმა 1862 წლამდე ვერ მოხერხდა. ამ წელს დაარსდა თუნგვენ კუანი (同文馆 (1862 – 1900)) (კომბინირებული სწავლების აკადემია). სასწავლებელი, რომელიც 1902 წელს გახდა საფუძველი თანამედროვე ჩინეთის პირველი პეკინის უნივერსიტეტის (北京大学 – Běijīng dàxué ) დასაარსებლად.
მიუხედავად ჩინელი ელიტის ნაწილის სურვილისა, რომ ზემოთ აღნიშნული ნაბიჯები გადადგმულიყო, მთავარი წვლილი, მაინც უცხოურ ძალებს, განსაკუთრებით ბრიტანეთს ეკუთვნოდა. სწორედ ბრიტანეთის მოთხოვნით დაარსდა წუნგლი იამენი, ხოლო შემდგომში ამ უკანასკნელის ასამუშავებლად საჭირო პერსონალის გადასამზადებელი თუნგვენ კუანიც.
თავდაპირველად აკადემიას მცირე რაოდენობის მოსწავლე ჰყავდა და მხოლოდ ინგლისურს ასწავლიდა. სტუდენტების წახალისების მიზნით, პირველი სტუდენტი მთავარმა მინისტრმა ვენ სიანგმა პირადად მიიღო. 1863 წელს სასწავლებელმა შეიერთა ჯერ კიდევ 1708 წელს დაარსებული რუსული კოლეჯი (俄罗斯文官 – Èluósī wénguān). აღსანიშნი ფაქტია ის, რომ აკადემიის მთავარი ინსტრუქტორები ყოველთვის უცხოელები იყვნენ, უმთავრესად ინგლისელები. მიზეზი კი აკადემიისთვის დასახული მიზნების მიღწევა, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა, დასავლური ენების უკეთ ათვისება და ამ პროცესებში უცხოური ელემენტების ჩართვა იყო. თავისი არსებობის განმავლობაში აკადემიამ იმედები გაამართლა იმ მხრივ, რომ მართლაც ჩამოაყალიბა დიპლომატთა ახალი ტალღა ჩინეთში.
სასწავლებლის დაარსებას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. პირველი – დასავლური დიპლომატიური წეს-ჩვეულებების გაანალიზება და მეორე, ევროპულ საკითხებთან დაკავშირებით ჩინური თარგმანების ტერმინოლოგიების გასწორება. მაგალითად, თიენძინის ხელშეკრულების 51-ე მუხლი სპეციალურად მიუთითებდა იმას, რომ ბრიტანელები მოითხოვდნენ: „იეროგლიფი 夷(Yí) არ უნდა მიემართებოდეს ბრიტანეთის მთავრობას ან მისი უდიდებულესობის (ელისაბედ I) რომელიმე ქვეშევრდომს ჩინეთის მთავრობის მიერ გამოცემულ ნებისმიერ დოკუმენტში“ (Elgin and Kingardine. “TREATY OF PEACE FRIENDSHIP, COMMERCE AND NAVIGATION, BETWEEN HER MAJESTY AND THE EMPEROR OF CHINA. SIGNED AT TIEN-TSIN, JUNE 26TH, 1858. RATIFICATIONS EXCHANGED AT PEKING, OCTOBER 24TH, 1860”. The HongKong Government Gazette. 15th December, 1860, გვ. 277). 夷-ის რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ცინგის დინასტიის დროს ნაწილობრივ ქონდა უცხოელის მნიშვნელობა, ხოლო უფრო ადრეულ პერიოდებში უმთავრესად აღნიშნავდა ბარბაროსსა და არაცივილიზებულს.
ზემოთ წარმოდგენილი ხელშეკრულების მუხლის ჩაწერის მიზეზი გახდა ის, რომ იმ პერიოდის ჩინეთში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ძველი შეხედულებები ჩინეთის, როგორც ჩინური ცივილიზაციის სამყაროს კულტურისა და ცივილიზაციის ცენტრის შესახებ. ეს იმიტომ, რომ ჩინეთს მისი ისტორიის განმავლობაში ნაკლებად თუ ჰქონია საერთო საზღვარი და შესაბამისად კონფლიქტი, ისეთ ძლიერ იმპერიასთან, რომელიც განვითარებული იყო ისე როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად. დასავლური იმპერიების გამოჩენამდე ჩინეთისთვის, მისი არსებობის მანძილზე, უმთავრესი საფრთხე ჩრდილოეთით მცხოვრები მომთაბარე ხალხისგან მოდიოდა. მიუხედავად ამ ტომების ძლიერი სამხედრო პოტენციალისა, რომლის მაჩვენებელია ჩინელების მიერ აგებული ჩინეთის დიდი კედელი, ისინი ამ მომთაბარეებს ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ და ხშირად იყენებდნენ მათი მოხსენიებისას იეროგლიფ 夷(ბარბაროსი). შემდეგ ამ იეროგლიფის მნიშვნელობა კი გავრცელდა ყველა უცხო ტომსა თუ სახელმწიფოზე.
ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის გარდა, სწორედ ზემოთ მოხსენებული კულტურული ბარიერების გადალახვა იყო ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვანი, რაც ორი ოპიუმის ომის წაგების მიუხედავად, ჩინეთმა თავისით ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ცინგის ხელისუფლებისა თუ სწავლულთა ნაწილი ადრევე მოითხოვდა მსგავსი ცვლილებების ნაწილის გატარებას, 1861 წლამდე ამ მხრივ არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა.
მეორე მიზეზი ბრიტანეთის მიერ ზემოთ ნახსენები ინსტიტუტების შექმნის მოთხოვნისა იყო, რომ ცინგის იმპერიას შეძლებოდა ჩინელებისგან დაკომპლექტებული ისეთი წრის ჩამოყალიბება, რომლებსაც თარჯიმნის როლის შეთავსების გარდა, მათთან ინგლისურად დიპლომატიის მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თიენძინის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად: „ბრიტანეთის მთავრობისა თუ მისი უდიდებულესობის მიერ ჩინეთის მაღალჩინოსანთათვის გაგზავნილი ნებისმიერი ოფიციალური წერილი თუ დოკუმენტი დაწერილი იქნება ინგლისურად. მას თან დაერთვება ჩინური ვერსია. თუმცა, ამ ორ დოკუმენტს შორის რაიმე განსხვავების დროს, შეცდომის გასწორება უნდა მოხდეს ინგლისური ვერსიის მიხედვით“ (穆凤良。“四夷馆与同文馆名称考”. 2004, გვ. 3) ( Elgin and Kingardine. “TREATY OF PEACE FRIENDSHIP, COMMERCE AND NAVIGATION, BETWEEN HER MAJESTY AND THE EMPEROR OF CHINA. SIGNED AT TIEN-TSIN, JUNE 26TH, 1858. RATIFICATIONS EXCHANGED AT PEKING, OCTOBER 24TH, 1860, გვ. 277).
თუნგვენ კუანის მაგალითზე, 1863 წელს მსგავსი ინსტიტუტი დაარსდა ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ძიანგსის (江西 – Jiāngxī) პროვინციის განმგებლის ლი ხუნჭანგის მიერ შანხაიში山海 (Shānhǎi). მალევე გაიხსნა ახალი, ენების შემსწავლელი ინსტიტუტები 1864 წელს სამხრეთ ჩინეთის პროვინცია კუანტონგსა (广东 – Guǎngdōng) და 1866 წელს – ფუჭოუში (福州 – Fúzhōu). იმის გამო, რომ სტუდენტები ამ აკადემიებში დასავლური ენის გარდა, ასევე ეცნობოდნენ დასავლურ კულტურას, იყალიბებდნენ ახალ, ტრადიციული ჩინური დოგმატებისგან თავისუფალ აზროვნებას.
1866 წელს თუნგვენ კუანში დაიწყეს ევროპული სტილით ასტრონომიისა და მათემატიკის სწავლება. ამას მალევე მოჰყვა წინააღმდეგობა იმპერიის ბევრი მაღალი თანამდებობის პირისა თუ ცნობილი სწავლულებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ამერიკელი თუ ევროპელი სწავლული თვითონ თარგმნიდა დასავლურ სამეცნიერო წიგნებს, მათ შორის მათემატიკის შესახებ, ინტერესი ცინგის დინასტიის მაღალი ფენიდან მცირე ინტერესი ჩანდა. გარდა იმისა, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ უცხოური კულტურისა თუ მეცნიერების გავრცელებისთვის, სხვა მიზეზებიც განაპირობებდა.
ეს მიზეზები კი ფუნდამენტურ განსხვავებებში უნდა ვეძიოთ, ტრადიციულ ჩინურ და დასავლურ მათემატიკას შორის. ჩინური ტრადიციული მათემატიკა, რომელიც ძვ.წ. 10 – 2 საუკუნეების კოლექტიურ ნაშრომზე „არითმეტიკის ცხრა თავზეა“ (九章算术 – Jiǔ zhāng suànshù) დამყარებული, ძირეულად განსხვავდებოდა დასავლური მათემატიკისგან, რომლის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ევკლიდეს „საწყისებია“ (Muyuchen Shi. Comparison of Chinese and Western Ancient Mathematical Values. Studies in Social Science & Humanities, Paradigm Academic Press, VOL.2, NO.6. 2023, გვ. 38.). ტრადიციული ჩინური მათემატიკა ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ, ცხოვრებისეულ საჭიროებებზე. იგი შემოიფარგლებოდა, ჩინეთის დიდი კედლის ახალი ნაწილების აგებით, გრანდიოზული არხების გაყვანით, ასტრონომიული გათვლების წარმოებით, კალენდრის შესწორებითა და ა.შ. ჩინური მათემატიკა პრაგმატული პრობლემების მოგვარებაზე იყო ფოკუსირებული და არა ობიექტური ჭეშმარიტების ძიებაში, როგორც ევკლიდეს „საწყისები“.
თავისი გავლენა იქონია კონფუციზმმაც. მაშინ, როდესაც მინგისა და ცინგის დინასტიების მმართველობის პერიოდში კონფუციზმი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, თანადროულად დაიკლო მათემატიკის განვითარების ტემპმა. ეს გამოწვეული იყო კონფუციზმის მიერ ლოგიკური მსჯელობის დაბლოკვით, უარის თქმით. ეს შეეხო მათემატიკასაც. ნებისმიერი მცდელობა წარსულში, რომ ჩინელი სწავლულები გასცდენოდნენ დადგენილ საზღვრებს, მომავალ თაობებში უბრალოდ დაივიწყეს .
საერთო ჯამში თუნგვენ კუანი იყო ის ინსტიტუტი, რომლის საქმიანობამაც გავლენა იქონია ჩინეთის სამეცნიერო და პოლიტიკურ საქმიანობაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩინეთის უზენაესობის ცნების გადალახვაში, მაგალითად, მაშინ როდესაც ბრიტანეთმა ფაქტობრივად აიძულა ცინგის დინასტია ხმარებიდან ამოეღო იეროგლიფი 夷(Yí). ამასთანავე საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ტერმინოლოგიის დამყარების, პროფესიონალურ დონეზე უცხოური ენის დაუფლების ტრადიციას (Minhang Zhou, Lina Gao. A Comparative Study of Chinese and Western Mathematical Thoughts. Chengdu, Chengdu University of Information Technology, Atlantic Press. Advances in Social Science, Education and Humanities Research Volum 300, 2018, გვ. 608).
1.4 სამხედრო ინდუსტრიალიზაცია
XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული დასავლურმა ფრთამ სლოგანით: „თვითგაძლიერება“ (自强 –Zìqiáng) დასავლური კაპიტალისტური ქვეყნების მეთოდების მიხედვით დაიწყეს ახალი შეიარაღებისა და სამხედრო ფლოტის დამზადება. მათ მთელი იმპერიის მასშტაბით, განსაკუთრებით სანაპირო ზოლის გასწვრივ, დააარსეს ბევრი სამხედრო ინდუსტრიული საწარმო. მათ შორის თავისი მასშტაბით გამორჩეული იყო:
ძიანგნანის წარმოების ცენტრალური საწარმო(江南制造总局 – Jiāngnán zhìzào zǒngjú ), რომელიც იმპერატორი თუნგჭის(同治帝 – Tóngzhì dì) მმართველობის მეოთხე წელს (1865) ლი ხუნჭანგმა წენგ კუოფენის მხარდაჭერით დააარსა შანხაიში(安然. 清朝很有趣 . 2021, გვ,159). დაარსების ხელშემწყობი გარემოება 1865 წლის სექტემბერში შეიქმნა, როდესაც ლი ხუნჭანგმა, ლიენძიანგისა (廉江市 – Lián jiāng shì) და ძიანგსუს(江苏 – Jiāngsū) განმგებელმა, შეიტყო, რომ ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც შანხაიში ყიდდა რკინის გადამამუშავებელ ქარხანას. თუმცა, ქარხანას რკინის გადამუშავების გარდა, ასევე შეეძლო დიდი და მცირე ზომის გემების, დასავლური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღებისა და ქვემეხების დამზადება (Christine Moll-Murata. State and Crafts in the Qing Dynasty (1644-1911). 2018, გვ. 139).
ლი ხუნჭანგმა ნებართვა ითხოვა საიმპერატორო კარისგან, რათა სასწრაფოდ დაეწყოთ მოლაპარაკება ამ ქარხნის ტექნიკისა და მასალების შეძენის თაობაზე, რაშიც საბოლოოდ 60000 ვერცხლის მონეტა გადაიხადეს. ამასთანავე ჟუნგ ჰუნგს (容闳- Róng Hóng) დაევალა ამერიკიდან შეეძინა დამატებით საჭირო ხელსაწყოები, რათა დაეარსებინა შეიარაღების მწარმოებელი საწარმო. დასაფუძნებელი კაპიტალი 540 000 ვერცხლით განისაზღვრა, შემდეგში ეს თანხა კიდევ უფრო გაიზარდა.
1867 წელს ქარხანა შანხაის სამხრეთ ნაწილში გადაიტანეს, სადაც მას წარმატებით დაემატა მანქანათმშენებელი, ხისა და სპილენძის საწარმოების, ცალკე გამოიყო ცეცხლსასროლი იარაღის, გემთმშენებელი, საარტილერიო ჭურვების, დენთის, წყალქვეშა ნაღმების ფაქტორიები. ქარხნის მთლიანმა ფართობმა 246 000 კვადრატულ მეტრს მიაღწია, სადაც 3600 მუშაო იყო დასაქმებული. ეს იყო საიმპერატორო კარის პროდასავლური რეფორმების მომხრეთა მიერ დაარსებული ყველაზე დიდი საწარმო. უმთავრესად აწარმოებდა ცეცხლსასროლ იარაღებს, ტყვია-წამალს, საზღვაო ნაღმებსა და მცირე ზომის გემებს. აქვე იყო ბიბლიოთეკა ესპანური წიგნების სათარგმნად (沈雲龍主, 編巫汝綸. 李文忠公(鴻章)朋僚函稿 (1-3). 1967, გვ. 31 – 35).
1868 წელს სწორედ ძიანგნანის ქარხნიდან გაუშვეს თიენძი (恬吉- Tián jí), შემდეგში ასევე ცნობილი, როგორც ხუეიძი(惠吉- Huì jí). ესენი იყვნენ პირველი ჩინური ფისის ხით ნაგები ორთქლისძრავიანი გემები (Hsü, Immanuel C. Y. The rise of modern China. 1970, გვ. 338). ეს მაშინ როდესაც იაპონიის იოკოსუნას გემთსაშენმა პირველი ორთქლის ძრავიანი გემი 1876 წელს ააგო. თუმცა, მიუხედავად ამისა ლი ხუნჭანგი ახსენებდა თავის წერილებში, რომ იგი უკმაყოფილო იყო ქარხნის მუშაობით. ეს კი გამოწვეული იყო იმით, რომ ძიანგნანის არსენალში დამზადებული გემები იყვნენ ძალიან ძვირები, ვერ მოდიოდნენ შესაბამისობაში ჩინეთის სანაპირო ზოლის თავისებურებებთან და ამასთანავე იყვნენ ევროპულ ორთქლმავალ გემებთან შედარებით დაბალი ხარისხის (Christine Moll-Murata. State and Crafts in the Qing Dynasty (1644-1911). 2018, გვ. 140).
მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ძინლინგის მანქანათმშენებელ საწარმოს (金陵机器制造局 – Jīnlíng jīqì zhìzào jú). იგი 1865 წელს დაარსდა და 1866 წელს კი გაიხსნა ლი ხუნჭანგის მიერ, რომელსაც ასევე ლიანძიანგის (两江- Liǎngjiāng) გამგებლის თანამდებობა ეკავა (安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 159). მან სუჭოუში დაარსებული უცხოური არტილერიის ქარხანა ნანძინგში გადაიტანა. ქარხნის წლიური დაფინანსება 100 000 ვერცხლის მონეტა იყო. კონსტრუქციის შენების დაწყებისას 400 დასაქმებული მუშაობდა, მსახურების, ჯარისკაცებისა და ხელოსნების ჩათვლით. ამასთანავე შეემატა მანქანათმშენებელი ქარხანა, ლითონის ჩამოსასხმელი, ჭედადი თუჯისა და ხის გადამამუშავებელი საამქროები.
1869 წლისთვის აღნიშნულ საწარმოს უკვე შეეძლო ცეცხლსასროლი იარაღების, ქვემეხის ჭურვების, არტილერიის გადამზიდი ურმების, მრავალი კალიბრის ტყვიებისა და სხვა სამხედრო პროდუქტის დამზადება, რათა მოემარაგებინათ ლი ხუნჭანგის მიერ დაფუძნებული ხუაის არმია (淮軍- Huái jūn). 1866 წელს წუო წუნთანგმა, რომელიც ამ პერიოდში იყო ჭეძიანგისა (浙江 – Zhèjiāng) და კუანტუნგის პროვინციების გამგებელი, დააარსა ფუჭოუს გემთსაშენი ფუძიენის პროვინციაში 福建 (Fújiàn), მავეის მთის ძირში, მინძიანგის (岷江 – Mínjiāng) მდინარეზე, ცნობილი ასევე როგორც მავეის (马尾- Mǎwěi) გემთსაშენი. წუო წუნთანგის აზრით, ყველაზე (Christine Moll-Murata. State and Crafts in the Qing Dynasty (1644-1911). 2018, გვ. 141) კარგი საშუალება ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით უცხოურ ძალებზე უპირატესობების მოპოვებისა იქნებოდა დაეჯაბნათ ისინი არა ხმელეთზე, არამედ ზღვაში (安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 159 – 160 ).
სწორედ ამის გამო, 1866 წლის 25 ივნისს მან საიმპერატორო კარს წარუდგინა ახალი გემთსაშენის აშენების გეგმა, რომელიც ერთი თვის შემდეგ დააკმაყოფილეს. გათვლილი ხარჯები ამ პროექტისთვის მართლაც შთამბეჭდავი იყო. გეგმის მიხედვით 5 წლის განმავლობაში 3 მილიონი მონეტა უნდა დახარჯულიყო. თუმცა საბოლოოდ, 5,2 მილიონი დაუჯდათ (Christine Moll-Murata. State and Crafts in the Qing Dynasty (1644-1911). 2018, გვ. 141). რეფორმების მომხრეთა მიერ ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი გემების შესაკეთებელი ქარხანა გახდა. ქარხანასთან ასევე იყო სკოლა, სადაც ისწავლებოდა ინგლისური, ფრანგული, მათემატიკა და ხატვას.
იმისათვის რომ ჩამოეყალიბებინათ მოდელი, როგორ უნდა განვითარებულიყო გემთმშენებლობა ახალ საწარმოში უპირველეს ყოვლისა, დაიქირავეს უცხოელი სპეციალისტები და სხვა იმპერიების გამოცდილებები შეითვისეს. უპირველეს ყოვლისა საფრანგეთისგან შეიძინეს თანამედროვე ტექნიკა, რადგან ფრანგული წარმოების ინდუსტრია იმ პერიოდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული იყო. ამასთანავე დაიქირავეს ორი ცნობილი ფრანგული საზღაო კონსტრუქტორი პროსპერ გიკელი (1835-1886 წწ.) და პოლ დ’აიგებელი (1831-1875). რაც შეეხება ბრიტანელებს, როგორც ნაოსნობაში საუკეთესოებს მსოფლიოს მასშტაბით, ისინი დაიქირავეს იმისთვის, რომ ჩინელებისთვის ნავიგაცია ესწავლებინათ.
საწარმოს დაევალა, რომ პირველ ხუთ წლეულშივე დაეწყოთ მასობრივად ხარიხიანი გემების წარმოება. კომპანიამ გაამართლა და პირველ 5 წელში 15 გემი გამოიშვა, მათგან 10 გემი 1000 – 1450 წყალწყვის მქონე (Christine Moll-Murata. State and Crafts in the Qing Dynasty (1644-1911). 2018, გვ. 141). აღსანიშნავია, რომ აქ დამზადებული გემები ხარისხით სჯობდა ძიანგნანის ქარხნისას, თუმცა მაინც ჩამორჩებოდა იმ პერიოდის ევროპულ სტანდარტს.
თიენძინის მანქანათმშენებელი საწარმო (安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 160) დაარსდა 1866 წელს. თუნგჭის იმპერატორის მეექვსე (1866) წელს. საიმპერატორო კარმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვითაც ჩუნგ ხოუ (崇厚) (1826 – 1893) იქნებოდა პასუხისმგებელი გაეკეთებინა თიენძინში (天津 – Tiānjīn) მანქანათმშენებელი საწარმოს დაარსების ორგანიზება, რომელსაც უნდა ეწარმოებინა ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი. ქარხნის ორი, სამხრეთი და აღმოსავლეთი მხარეები კი მდინარესთან დაკავშირებული არხებით იყო ასევე შემოსაზღვრული, რათა გაემარტივებინათ მასალისა და შემდეგ დამზადებული პროდუქტის ტრანსპორტირება. მას ეწოდა თიენძინის მანქანათმშენებელი საწარმო დენთის ქარხანა, ასევე ცნობილი როგორც თიენძინის სამანქანო ქარხნის აღმოსავლეთ საწარმოში.
საწარმოს ჰყავდა ბრიტანელი მენეჯერი. მან უცხოეთიდან ნაყიდი ტექნოლოგიებით დაიწყო დენთის წარმოება. მიუხედავად ინვესტიციაში ჩადებული დიდი თანხებისა, შედეგი დამაკმაყოფილებელი არ იყო. 1870 წელს, მას შემდეგ რაც ლი ხუნჭანგი გახდა ჭილის (直隶 (Zhí lì)- პროვინცია ჩრდილოე აღმოსაცლეთ ჩინეთში მინგიდა ცინგის დინასტიების მმართველობის დროს)გამგებლის, მან აიღო ხელში საწარმოს განმგებლობა. დაიქირავა უცხოელი ხელოსნები, შეიძინა ახალი ტექნოლოგიები, გაზარდა წარმოების მასშტაბი. ქარხანა გაყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. აღმოსავლეთ ქარხანა, თიენძინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა, დასავლეთ ქარხანა – თიენძინის სამხრეთ ნაწილში. სწორედ ლი ხუნჭანგის გამგებლობის ქვეშ ჩამოყალიბდა საწარმო თანამედროვე ჩინეთის ერთ-ერთ უძველეს სამხედრო სკოლად, რადგან აქ იყო საზღვაო სკოლა, წყალქვეშა ნაღმების სკოლა. ტელეგრაფის სკოლა აწარმოებდა ტყვია-წამალს, წყალქვეშა ნაღმებს.
ლი ხუნჭანგის დროს თიენძინის მანქანათმშენებელი ქარხანა დიდი მასშტაბის სამხედრო ინდუსტრიულ საწარმოდ იქცა აქ მიმდინარე სამანქანო წარმოების, რკინის დნობისა და წრთობის, თერმული პროცესების, გემთმშენებლობისა თუ სხვა დარგების ჩართვისა და დაწინაურების გათვალისწინებით. აღმოსავლეთ და დასავლეთ საწარმოში ერთად 2700 მუშა მუშაობდა. 1895 წელს ქარხანას პეიანის სამანქანო მანუფაქტურის საწარმო ეწოდა, რომელიც 1900 წლისთვის ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ყველაზე დიდი სამხედრო ქარხანა გახდა.
თავი II – რეფორმების მეორე ეტაპი (1871 – 1885)
2.1 ინდუსტრიული განვითარება
1870-1895 წლები წარმოადენს ცინგის დინასტიის მიერ იმპერატორი თუნგჭის მმართველობის დასაწყისიდან შემოღებული „თანამშრომლობის პოლიტიკის” ნაბიჯ-ნაბიჯ რღვევის პერიოდს. თუ 1861 წლიდან მოყოლებული ცინგის დინასტიის ზედა ფენა აქტიურად მიისწრაფოდა დასავლეთის იმპერიალისტურ ძალებთან თანამშრომლობისკენ და სურდა მათი ჩართულობა ცინგის დინასტიის შიდა რეფორმებში, 1870 წლიდან ამ პოლიტიკას ერთგვარად წყალი შეუდგა. ეს კი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.
მთავარი მიზეზი ზემოთ უკვე ნახსენებ ალკოკის კონვენციასთან ერთად იყო 1870 წლის 21 ივნისს მომხდარი თიენძინის ხოცვა-ჟლეტა. ინციდენტი გამოიწვია თიენძინში გავრცელებულმა ჭორებმა ფრანგი მონაზვნების მიერ ბავშვების გატაცების, მათი წამებისა და მოკვლის შესახებ. ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ გაღიზიანებული მოსახლეობის ნაწილისთვის, რომელსაც იმპერიაში განვითარებული მოვლების გამო უცხოელების მიმართ ძალზედ ნეგატიურად იყვნენ განწყობილი, ესეც საკმარისი აღმოჩნდა რადიკალურად ემოქმედათ. მათ დაწვეს ქალაქის მასშტაბით არსებული რამდენიმე კათოლიკური ეკლესია და უცხოელთა შენობები. საერთო მსხვერპლი კი დაახლოებით 60 ადამიანს შეადგენდა. მათ შორის იყო ერთი-ერთი ფრანგი დიპლომატი კონსული ფონტანიერი (Spence, Jonathan D. The search for modern China. 1991, გვ. 204).
ამ ინციდენტიდანაც კარგად ჩანს, რომ ზოგადად ჩინელ მოსახლეობას არ ჰქონდა კარგი შეხედულება არც მისიონერულ საქმიანობებზე. ისინი მათ თავიანთ კულტურასთან შეუსაბამოს, დასავლეთის ქვეყნების მიერ ჩინეთში ფეხის მოკიდების კიდევ ერთ იარაღად მიიჩნევდნენ. თუ ოპიუმით ვაჭრობაში რაღაც ფინანსური სარგებელი მაინც შეიძლება მიეღო იმპერიას, მისიონერულ საქმიანობებს პრობლემების მეტი მმართველი ხელისუფლებისთვის არაფერი მოჰქონდათ. 1869 წელს პრინცმა კუნგმა პირდაპირ უთხრა ბრიტანელ მინისტრს: „წაიღეთ თქვენი ოპიუმი, უკან წაიყვანეთ მისიონერები და შემდეგ კარგად მიგიღებთ“. (Gregory, J. S. (John Stradbroke). The West and China since 1500. 2002, გვ. 103.)
მისიონერებისა და ზოგადად ქრისტიანობის მიმართ ცუდი დამოკიდებულება მოსახლეობაში ჯერ კიდე თაიფინგის აჯანყებამ გამიწვია. იმიტომ რომ თაიფინგის ზეციური სამეფოს მთავარი რელიგია ქრისტიანობა იყო. რეალურად კი ქრისტიანობის ერთ-ერთი რადიკალური გამოვლინება იყო, რომელიც არანაირ თანხვედრაში არ მოდიოდა ბიბლიასთან. თუმცა ამას ჩინელებისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. მთავარი იყო რომ იგი სრულიად ეწინააღმდეგებოდა კონფუციზმის ცნებებსა და მოძღვრებას.
საბოლოო ჯამში, ამ ინციდენტმა დააკარგვინა ნდობა დასავლურ ძალებს ცინგის დინასტიის მიმართ, რომ ის დაიცავდა მათ ჩადებულ ინვესტიციას ჩინეთში და ასევე გარანტორი იქნებოდა ჩინეთში ქრისტიანობის უსაფრთხოდ გავრცელებისა. ბევრი ჩინელისთვის კი ეს ქმედებები იყო ჩინური კანონების უპატივისცემლობის გამოხატულება. ცინგის დინსტიის მმართველმა წრემ შემთხვევის გამო ოფიციალურად მოიხადა ბოდიში 1871 წლის ნოემბერში, საფრანგეთს კი კომპენსაციის სახით 400 000 ვერცხლის მონეტა გადაუხადა.
XIX საუკუნის 70-90-იან წლებში, ვესტერნიზაციის მომხრეებმა რეფორმების გატარების კუთხით ახალი ნაბიჯი გადადეს. კერძოდ სამხედრო ქარხნების დაარსებასთან ერთად, გახსნეს დიდი ოდენობით ინდუსტრიულ საწარმოები. მათ ამისთვის ორი მიზეზი ჰქონდათ: პირველი, სამხედრო შეიარაღების წარმოებისას, ისინი წააწყდნენ გარკვეულ პრობლემებს, როგორიც იყო, კაპიტალის ნაკლებობა, ნედლეულის არასაკმარისი ოდენობა და ტრანსპორტირების სირთულეები. მეორე – კორუფცია, და განსაკუთრებით კომპანიის მენეჯერთა საშინელი მფლანგველური ქმედებები, ეს კი კომპანიების ოპერირებას ერთბაშად ართულებდა. ამან მიახვედრა აღნიშნული პროცესების ხელმძღვანელები (მედასავლეთეები), რომ ჯერ უნდა გაეზარდათ ქვეყნის შემოსავლები და შემდეგ ეზრუნათ იმპერიის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებულისთვის. აღნიშნული გეგმა მოიაზრებდა იმას, რომ ჯერ უნდა დაგროვებულიყო კაპიტალი და შეექმნათ მყარი ეკონომიკური საყრდენი, დაეარსებინათ სამოქალაქო ინდუსტრიული კომპანიები, რათა მათ მხარი დაეჭირათ სამხედრო ინდუსტრიული კომპანიების გამართულად ამუშავებისთვის. ამასთანავე მათ სურდათ ჩაენაცვლებინათ უცხოელი ვაჭრების მიერ შემოტანილი პროდუქტი, აეღორძინებინათ უცხოელებთან დაკარგული ეკონომიკური საყრდენები.
XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ქვეყანაში შენდებოდა ახალი ტიპის ინდუსტრიული ქარხნები, რომელ პროცესშიც ასევე აქტიურად იყო ჩართული საიმპერატორო კარი. თუმცა იყო ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. იმ შემთხვევაში თუ სამხედრო სექტორს მხოლოდ სახელმწიფო აფინანსებდა და განაგებდა, მას სრულიად სახელმწიფო განაგებდა, სამოქალაქო ინდუსტრიული ქარხანა-დაწესებულებები შეიძლება ყოფილიყო პირად საკუთრებაში, თუმცა მთავრობის დაკვირვების ქვეშ (官督商办 – Guān dū shāng bàn), ანდ ერთიანად ყოფილიყო ვაჭრისა და სახელმწიფოს საკუთრებაში (官商合办 – (Guānshāng hé bàn) (Lu, Aiguo. China and the global economy since 1840. 2000, გვ. 20) .
XIX საუკუნის 70-90-იან წლებში რეფორმის მომხრეებმა დააარსეს 20-ზე მეტი კომპანია, მაგალითად: სატრანსპორტო, მაღაროს (სამთამადნო), ქსოვილების, გადადნობისა და სხვა ინდუსტრიების ჩათვლით. მათ შორის გამორჩეული იყო რამდენიმე მათგანი:
შანხაის ორთქლმავალი გემების კომპანია (上海轮船商局 – Shànghǎi lúnchuán shāng jú) იმპერატორი თუნგჭის მმართველობის მეთერთმეტე წელს (1872) ლი ხუნჭანგმა დააარსა და 1949 წლამდე იარსება. ეს იყო პირველი დაბალი ფენის მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი საწარმო, რომელიც დაარსდა ვესტერნიზაციის მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ (安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 162 ). მისმა ზედამხედველობის კომერციულმა ორგანოებმა დაარღვიეს ადრეული ჩინური ტენდენცია და მიუხედავად იმისა, რომ სხვა გვიანი ცინგის დინასტიის პერიოდის ახალ აშენებული საწარმოები სახელმწიფო სტრუქტურით იმართებოდნენ, ეს კომპანია იყო პირველი, რომელმაც მიიღო სააქციო სისტემა. ფილიალები შეიქმნა მთავარ ჩინურ პორტებსა და სინგაპურში, აგრეთვე ნაგასაკიში, იოკოჰამასა და კობეში იაპონიის ტერიტორიაზე, რათა გაეზარდათ მგზავრთა გადაყვანის მასშტაბები. ეს იყო პირველი თანამედროვე ორთქლის გემის გადამზიდავი კომპანია ჩინეთში. კომპანია საწყისში მხოლოდ 3 გემს ითვლიდა. დროსთან ერთად კი გაიზარდა. 1877 წელს კი აქ უკვე 30 მოკლე და შედარებით დიდი ზომის გემები მოიცვა.
კომპანიის დაარსების მიზეზი გახდა იმ პერიოდში უცხოური, განსაკუთრებით ამერიკული და ბრიტანული სატრანსპორტო კომპანიების მოძლიერება ჩინეთში. განსაკუთრებული ხელშეკრულებების დადების შემდეგ ამ კომპანიას გზა გაეხსნათ ახალ, უზარმაზარ ჩინურ ბაზარზე შესულიყო, მათ შორის კი გამოსარჩევნი იყო ამერიკული რასელის კომპანია, ასევე ცნობილი როგორც ციჩანგის ორთქლმავალი გემების კომპანია (资旗昌轮船公司 – Zī qí chāng lúnchuán gōngsī) (Stephen R. Halsey. Journal of Asian History, Vol. 48, No. 1 (2014), გვ. 85 ). რომლებმაც კონკურენციიდან არა თუ გამოდევნეს ადგილობრივი ჩინური სატრანსპორტო კომპანიები, არამედ საფრთხეც კი შეუქმნეს უძველეს ჩინურ ბრინჯის სავაჭრო გზას, რომელიც ასევე აკავშირებდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთს. ეს უკანასკნელი საფრთხის ქვეშ იყო იმის გამო, რომ შესაძლოა უცხოური სატრანსპორტო კომპანიები დაუფლებოდნენ ამ მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტს, რომელზეც კონტროლის ქონა ცინგის მთავრობისთვის არსობრივად იყო საჭირო. ამით დინასტია უზრუნველყოფდა უხვმოსავლიანი სამხრეთიდან ჩრდილოეთში უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტის – ბრინჯის გადანაწილებას. 1873 წლის იანვარში შანხაიში ოფიციალურად ამოქმედდა “ორთქლმავალი გემების ვაჭრობის კომპანია”. დაარსების დასაწყისში მხოლოდ 10 000 ვერცხლის მონეტა კაპიტალი მოიზიდა და 42 000 მონეტა დაკარგა ფუნქციონირების ნახევარ წელზე ნაკლებ დროში.
ზოგადად, აღნიშნული პრობლემის გამო ჩინელი ვაჭრების წახალისების მიზნით, 1872 წლის 26 დეკემბერს ცინგის მთავრობამ დაამტკიცა ლი ხუნჭანგის გეგმა, რომ დაარსებულიყო „ორთქლმავალი გემების ინვესტიციების ხელშეწყობის განყოფილება“ (Jacques Gernet. A history of Chinese civilization. Cambridge: Cambridge University Press, 1996, გვ. 570). 1875 წელს შეიქმნა „ვაჭართა დაზღვევის ორგანიზაცია“, რომელიც აზღვევდა, შანხაის ორთქლმავალი გემების კომპანიის საკუთრებაში არსებულ გემებს. 1875 წელს ჩინეთის სავაჭრო ორგანიზაციამ ითხოვა ტექნიკური დახმარება შანხაიში ბრიტანეთის ინდუსტრიის ორგანიზაციისგან, რომ ჰონკონგსა და შანხაის შორის ტელეგრაფის ხაზი გაყვანილიყო. ეს იყო პირველი სატელეფონო ხაზი, რომელიც შეიქმნა თავად ჩინელების მიერ.
1876 წლის მარტში ჩინელი ვაჭრების გაერთიანებამ შეიძინა ამერიკულ საკუთრებაში არსებული ციჩანგის ორთქლმავალი გემების კომპანია. მხარეებმა სავაჭრო შეთანხმების დადების ნიშნად გაცვალეს დროშები და ამის შემდეგ მოხდა საკუთრების გადაცემა. მთლიანობაში ჩინეთის ვაჭრების ორგანიზაციამ შეიძინა კომპანიის შვიდი საზღვაო, ხოლო ცხრა სამდინარო გემი, ასევე სხვა კომპანიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ტექნოლოგიები, და სხვა. მთლიანად კომპანიის ქონება შეფასდა 2,22 მილიონი ვერცხლის ოდენობით და შეძენილი იქნა ორგანიზაციის მიერ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთის ეროვნულმა სამრეწველო და კომერციულმა საწარმომ შეიძინა უცხოური აქტივები.
1878 წელს ლი ხუნჭანგის მიერ თიენძინში დაარსებული ქაიფენგის სამთამადნო კომპანიის (开平矿务局 – Kāipíng kuàng wù jú) მიზანი ნახშირის მოპოვება იყო. ნახშირს მოიპოვებდნენ გემების საწვავად გამოსაყენებლად. ამით კი ჩაანაცვლა უცხოური, იმპორტირებული ნახშირი.
იმპერატორი კუანგსუს (光绪帝 – Guāngxù dì) (1875 – 1908) მმართველობის მეორე წლის სექტემბერში (1876), ლი ხუნჭანგმა გაგზავნა თანგ თინგშუ (唐景星 (Tángjǐngxīng) (1832 – 92) – მთარგმნელი, ბიზნესმენი გვიანი ცინგის დინასტიაში), ორთქლის გემების ინვესტიციების ხელშეწყობის ორგანიზაციის გენერალური მენეჯერი, რათა შეესწავლა ქაიფენგის ტერიტორია თანშანში.
1878 წლის 25 ივნისს, “ქაიფენგის სამთო საწარმო” ოფიციალურად დაარსდა ჭილის პროვინციაში (ახლანდელი ხეპეი) მდებარე ქალაქ ქაიფენგში. ხოლო საბოლოოდ ამუშავდა იმპერატორი კუანგსუს მეშვიდე წელს (1881). მაღაროში მოპოვებული ქვანახშირის ოდენობა 1881 წლიდან 1898 წლამდე 3600 ტონიდან 730000 ტონამდე გაიზარდა. აღჭურვილობის გაფართოებისა და სატრანსპორტო პირობების გასაუმჯობესებლად 1886 წელს დაარსდა „ქაიფენგის სარკინიგზო კომპანია“. 1889 წელს ნახშირის გემი შეისყიდეს, რათა თიენძინს, ნიოუჭუანგს, იანთაის და სხვა ქალაქებს შორის გადაადგილებულიყვნენ. 1894 წლისთვის აღნიშნული გემების რაოდენობა გაიზარდა ოთხამდე. ამ გემებს კი ჩინეთის ზოგიერთ პორტში, გამოყოფილი ქონდათ ნავსაყუდელი და საწყობები.
ამ საწარმოს მიერ წარმოებული ქვანახშირი ძირითადად მიეწოდებოდა ორთქლმავალი გემების ვაჭართა ორგანიზაციასა და თიენძინის სამანქანო საწარმოს. ის ასევე ბაზარზე ყიდდა დიდი რაოდენობით ნახშირს და იღებდა დიდ მოგებას. XIX საუკუნის ბოლოს, მისმა მთლიანმა აქტივებმა მიაღწია თითქმის ექვს მილიონ ვერცხლის მონეტას და წარმოადგენდა ყველაზე წარმატებულ პროექტს სამთო ინდუსტრიაში, რომელსაც მართავდა ვესტერნიზაციის მომხრე ფრთა.
1892 წელს თანგ თინგშუს გარდაცვალების შემდეგ, ახალი დირექტორი დაინიშნა. ამ უკანასკნელის განმგებლობის ქვეშ კი ბრმა ექსპანსიის, გადაჭარბებული დანახარჯებისა და დიდი საგარეო ვალების გამო, საგარეო მონოპოლიურ ძალებს საშუალება მიეცათ კომპანიის შიგნით შეეღწიათ. 1900 წელს ბრიტანულმა მოლინის კომპანიამ გამოიყენა მოკრივეების აჯანყება და რვა მოკავშირე ძალების პეკინის მიმართულებით მარში საბადოს დირექტორის მოსატყუებლად და ქაიფინგის დასაკავებლად. მას ეწოდა ჩინურ-უცხოური ერთობლივი საწარმო. კომპანიას ფაქტობრივად ბრიტანეთის კაპიტალი აკონტროლებდა (Denis Twitchett and John K. Fairbank. „THE CAMBRIDGE HISTORY OF CHINA“. Volume 10 Late Ch’ing, 1800-1911, Part II. 2008, გვ. 426).
ცალკე მნიშვნელოვანი საკითხია ქსოვილებით ვაჭრობა. ჩინეთს, როგორც აბრეშუმის შემქმნელ ცივილიზაციას, ქსოვილების დამამზადებელი ქარხნები მინგის დინასტიის (明朝 – Míng cháo) დროსაც ჰქონდა. განსაკუთრებით ცნობილი იყო ძიანგნანის (江南 (Jiāngnán) – გეოგრაფიული ტერიტორია აღმოსავლეთ ჩინეთში. კერძოდ მოიცავს მდ. იანძის ქვემო წელის სამხრეთ ტერიტორიას) ქსოვილების სამი ქარხანა (江南三制造局 – Jiāngnán sān zhìzào jú). ქარხნები განლაგებული იყო რეგიონში შემავალ სამ ქალაქში:სუჭოუში (苏州 – ქალაქი სამხრეთ – აღმოსავლეთ ჩინეთში, ჭეძიანგის პროვინციაში), ნანძინგსა (南京 – ქალაქი სამხრეთ – აღმოსავლეთ ჩინეთში, ჭეძიანგის პროვინციაში) და ხანჭოუში (杭州 – ქალაქი სამხრეთ – აღმოსავლეთ ჩინეთში. ჭეძიანგის პროვინციის ადმინისტრაციული ქენტრი). თუმცა დინასტიის ცვლილების დროს გამოწვეულმა არეულობებმა XVII საუკუნის პირველ ნახევარში ამ ქარხნების დაქვეითება გამოიწვია. საუკუნის ბოლოს ცინგის დინასტიამ მახერხა მათი აღდგენა. XVIII საუკუნის ბოლოს კი მხოლოდ ნანძინგში საქსოვი დანადგარების რაოდენობამ ნანძინგში 30000-ს მიაღწია. კერძო საკუთრებაში ამ დაზგების 98 პროცენტი იყო, მხოლოდ ორი პროცენტი ეკუთვნოდა საიმპერატორო კარს (Christine Moll-Murata. State and Crafts in the Qing Dynasty (1644-1911). 2018, გვ.115 ).
XIX საუკუნეში კრიზისი ამ ქარხნებსაც შეეხო. განსაკუთრებით თაიფინგის აჯანყების გავლენით ქარხნებმა დროებით მოქმედება შეწყვიტეს კიდევაც. აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი მუშაობა მხოლოდ ადრინდელი საქსოვი დაზგების მესამედმა განაგრძო. საჭირო გახდა ახალი ტიპის ქარხნის აშენება
შანხაის ქსოვილების ქარხანა (上海机器织布局 – Shànghǎi jīqì zhī bù jú) იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბამბის ქსოვილების პირველი მწარმოებელი ქარხანა. დაარსდა 1882 წელს ლი ხუნჭანგის მიერ. ხოლო ამუშავდა 1890 წელს. ქარხანა გამართულად მუშაობდა. მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა ჩაკეტილი ჩინეთი არტილერიის გამოყენებით უცხოური ძალებისთვის გახსნა, ჩინეთის წინააღმდეგ უცხოური კაპიტალისტური ეკონომიკური აგრესია დღითი დღე ძლიერდებოდა. ჩინეთში იმპორტირებულ უცხოურ საქონელს შორის ყველაზე დიდი წილი, გარდა ოპიუმისა, ბამბის ქსოვილებმა შეადგინა. დიდი ოდენობით უცხოური ბამბის ქსოვილების შეტანამ ჩინეთში სწრაფად დაიკავა ადგილობრივი უზარმაზარი ბაზარი.
ცინგის მთავრობაში ვესტერნიზაციის ზოგიერთ წარმომადგენელს სურვილი ჰქონდა საკუთარი ქსოვილების ქარხნები შეექმნათ, როგორც ქვეყნის გამდიდრების საშუალება. 1876 წელს, ლი ხუნჭანგი წერილში წერდა ლიანძიანგის გამგებელ შენ ბაოჭენს, სადაც ნათქვამია: ბრიტანული უცხოური ქსოვილი შემოდის ჩინეთში და ყოველწლიურად იღებს მილიონობით ვერცხლის მოგებას, რაც ჩინეთისთვის ნამდვილად ფულის უზარმაზარ დანაკარგს წარმოადგენს. ახლა, როცა მისი აკრძალვის საშუალება არ არსებობს. გადაუდებელი პროცესია საქსოვი მანქანების შეძენა და ეტაპობრივი მოგების აღდგენა.
1878 წლიდან ლი ხუნჭანგის ინიციატივით დაიწყეს სხვადასხვა ხელსაწყოების შეძენა. 1880 წელს ცნობილმა მეცნიერმა და მრეწველმა ჭენგ კუანინგმა შეიმუშავა „შანხაის საქსოვი მანქანების საინვესტიციო და მარაგის შევსების რეგულაციები.“ აღნიშნული ნაბიჯი ემსახურებოდა ადგილობრივი ვაჭრების მოტივირებას, ინვესტირებას, საქსოვი მანქანების, მიწების შეძენას, ქარხნის აშენებას და სხვა.
შანხაის ქსოვილების ქარხნისთვის შეუკვეთეს მანქანებისა და აღჭურვილობის სრული კომპლექტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო იყო ბამბის წმენდა (轧花 – Yà huā), ქსოვილის დაგრეხვა-დართვა და ქსოვა. ლი ხუნჭანგის მიერვე კომპანიის მუშაობის ხელშესაწყობად სხვა ჩინური ქსოვილების კომპანიებისთვის 10 წლიანი ლიმიტები უნდა დაეწესებინათ, რა რაოდენობით ნაჭრის ქსოვა შეეძლოთ. ამასთანავე შანხაის შიგნით შანხაის ქსოვილების საწარმო გაყიდულ ნაწარმზე გადასახადს არ იხდიდა. ხოლო ქალაქის გარეთ, შანხაიში არსებული ფასის ერთ პროცენტს იხდიდა გადასახადებისთვის.
მიუხედავად ამდენი მზადებისა ქარხნის საბოლოოდ გახსნა 1890 წლამდე ვერ მოხერხდა. პირველი მიზეზი 1883 წელს შანხაიში არსებული ფინანსური კრიზისი გახდა, როდესაც აქციების ფასი დაეცა, ხოლო კომპანიებს კი დიდი საგადასახადო ვალდებულებები აწვათ ზურგზე. ამას მალევე 1884 წელს ჩინეთ-საფრანგეთის კონფლიქტი მოჰყვა, რამაც მშენებლობის პროცესი კიდევ შეაფერხა. 1884 წლიდან 1889 წლამდე კომპანიის მთავარი ზედამხედველი პირი რამდენჯერმე შეიცვალა და ამ არეულმა პროცესმაც თავი კვალი დაამჩნია მშენებლობას და ქარხნის მოწყობის პროცესს. საბოლოოდ 1889 წლისთვის თითქმის ყველაფერი მზად იყო, გარდა იმისა, რომ ლი ხუნჭანგს უკვე უფრო ახალი ამერიკული გამოშვების მანქანა-დანადგარების შეძენა უნდა ქარხნისთვის. ამასთანავე ამერიკელი მექანიკოსები დაიქირავეს მთავარი ინჟინრების თანამდებობაზე (Denis Twitchett and John K. Fairbank. „THE CAMBRIDGE HISTORY OF CHINA“. Volume 10 Late Ch’ing, 1800-1911, Part II. 2008, გვ. 426).
კომპანიის მოქმედება მთელი იმპერიის მასშტაბით ნამდვილად წარმატებული იყო. თუმცა 1893 წელს ქარხანა მასშტაბურმა ხანძარმა მოიცვა, რის შედეგადაც დიდი ზარალი მიიღო. ლი ხუნჭანგმა ფინანსური სახსრები ქარხნის შესაკეთებლად თავიდან მოიძია, რამაც დაახლოებით 1 მილიონ ვერცხლს შეადგინა. ამის შემდეგ კომპანიის გაზრდა არ შეწყვეტილა და 1894 წლისთვის ჩინეთის მასშტაბით 10 ფილიანი გახსნა (Denis Twitchett and John K. Fairbank. „THE CAMBRIDGE HISTORY OF CHINA“. Volume 10 Late Ch’ing, 1800-1911, Part II. 2008, გვ. 435).
ცალკე საკითხია ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ისტორია ჩინეთში. ჯერ კიდევ 1865 წელს ლი ხუნჭანგი ერთ – ერთ თავის წერილში წერს და დეტალურად ხსნის ტელეგრაფის სარგებელს: „სპილენძის მავთული არ ღირს ძვირი და მას შეუძლია ინფორმაციის გადაცემა ძალიან სწრაფად… ის ვრცელდება შორ მანძილზე, ამიტომ უფრო სწრაფი უნდა იყოს ვიდრე საფოსტო მიწოდება.” სწორედ ამ მიზნით დააარსეს ტელეგრაფის ცენტრალური ოფისი (中国电报总局 – Zhōngguó diànbào zǒngjú) 1882 წელს. 1879 წელს ჩინეთის მასშტაბით ლი ხუნჭანგის ინიციატივით საიმპერატორო კარმა დაიწყო მთელი იმპერიის მომცველი ტელეგრამის ხაზების გაყვანა. 1881 წელს გაიყვანეს ხაზი თიანძისა და შანხაის შორის (WOOK YOON. “Dashed Expectations: Limitations of the telegraphic service in the late Qing”. Modern Asian Studies. Vol. 49, No. 3, MAY, 2015, გვ. 836 ).
ვესტერნიზაციის მომხრეთა მიერ დაფინანსებული პირველი ადგილობრივი სატელეგრაფო ხაზი სამხრეთ თაივანში მდებარე ხოუკანიდანიდან, ძილონგის პორტამდე (基隆港 (Jīlóng gǎng) – კუნძულ თაივანის ჩრდილო – აღმოავლეთ ნაწილში მდებარე პორტი)(დღევანდელი კაოსიუნგიდან (高雄市 (Gāoxióng shì) – კუნძულ თაივანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი) კილუნგამდე (Ke-lâng-káng)) დასრულდა 1877 წელს. იმავე წლის ნოემბერში, ელექტრული მავთული თიენძინიდან შანხაიში გაიყვანეს, რომელსაც სატელეგრაფო ხაზი ეწოდა. ამის შემდეგ რამდენიმე პროვინციაში სწრაფად გავრცელდა სატელეგრაფო კავშირი და დაარსდა სატელეგრაფო სკოლები.
1884 წელს, ისევ ლი ხუნჭანგის თხოვნით, ტელეგრაფის კაბელებით საბოლოოდ დაუკავშირდა დედაქალაქი თუნგჭოუს (通州 (Tōngzhōu) – მდებარეობს ჩინეთის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში. შედის პეკინის შემადგენლობაში), რამაც ტელეგრაფს საშუალება მისცა უფრო დიდი როლი შეესრულებინა. მომდევნო ომებში ტელეგრაფმა გამოავლინა მისი სწრაფი კომუნიკაციის უნარი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღნიშნული ომის მიმდინარეობის დროს. ჩინეთ-საფრანგეთის ომის შემდეგ, საიმპერატორო კარის მინისტრები და გენერლები წუხდნენ ტელეგრაფის წინსვლისა და სისწრაფის შესახებ. ეს შეხედულებები კვლავ ძველი ტრადიციული შეხედულებებიდან მოდიოდა. ეს განსაკუთრებით სენსიტიური საკითხი იყო მათთვის, რომლებიც რთულად ეგუებოდნენ ცვლილებებს. განსაკუთრებით იმ ცვლილებებს რომელიც საზღვარგარეთიდან იყო ნაკარნახევი და შემოტანილი. თუმცა მალე ტელეგრაფები და კაბელები გავრცელდა მთელს ქვეყანაში, რაც გახდა პოპულარული სამოქალაქო გამოყენებისთვისაც.
ცინგის მთავრობის ფისკალური შემოსავალი, ძირითადად მიწის გადასახადებიდან, დიდი ხანი შენარჩუნებული იყო 50 მილიონი ვერცხლის დონეზე. დასავლური ძალების მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ომთან, ამ ომებში მარცხის შედეგად ტერიტორიების დაკარგვამ და კონტრიბუციისთვის საჭირო უზარმაზარმა ხარჯებმა ხაზინაზე უარყოფითად იმოქმედა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ტელეგრაფის ხაზების გაყვანა მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის ძალზედ დიდ ხარჯებთან ასოცირდებოდა. თუმცა, სამხედრო აუცილებლობასთან ერთად, ტელეგრაფის ხაზებს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც გააჩნდათ. ტელეგრაფის საშუალებით დაწინაურდა ვაჭრობა და ამ უკანასკნელის დიდი ინტერესის გაღვივება. საბოლოოდ, ტელეგრაფის ფართოდ გავრცელების მიმართ ინტერესი ლი ხუნჭანგისთვისა და ზოგადად იმპერიისთვის ორმაგად მომგებიანი.
ჩინეთში ტელეგრაფის შეყვანასთან ერთად, საჭირო გახდა შესაძლებელი ყოფილიყო ჩინური იეროგლიფების ტელეგრაფის საშუალებით გადაცემა. ამისთვის ცინგის დინასტიამ ჩინური იეროგლიფების ტელეგრაფით კოდირების მეთოდი შეიმუშავა. მოგვიანებით გამორჩეულმა მოაზროვნემ და მოღვაწემ ჭენგ კუენინგმა გამოსცა მონოგრაფია : „ტელეგრაფის ახალი შესწორების შესახებ“ (电报新编 – Diànbào xīn biān), რომელმაც უკვე ნახსენები კოდირების სისტემა უფრო სრულყოფილი და სისტემატიზირებული გახადა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მთლიანად იმპერიის საზოგადოებრივ და ყოველდღიურ ცხოვრებაზე (李文瑾。“中国近现代电报发展情况”。新闻世界).
მნიშვნელოვანია ასევე განვიხილოთ რა განვითარების ეტაპი გაიარა ჩინეთში სარკინიგზო ტრანსპორტირების ინდუსტრიამ (铁路交通运输业 – Tiělù jiāotōng yùnshū yè). პირველად ჩინეთის ტერიტორიაზე რკინიგზა ინგლისელებმა 1875-76 წლებში გაიყვანეს შანხაის ერთ-ერთ უბან ვუსუნგში(吴淞 – Wúsōng), რომელიც 18 კილომეტრი სიგრძის იყო (Junjie Xi, Paco Mejias Villatoro· China’s Railway Transformation: History, Culture Changes and Urban Development. Publisher:Taylor & Francis. New York. 2023, გვ) . თუმცა როგორც ტელეგრამის გავრცელებას, ასევე მატარებლის გამოჩენასაც არ შეხვედრიან ჩინელების გარკვეული ნაწილი ენთუზიაზმით. ეს კიდევ უფრო გაამძაფრა იმან, რომ ლოკომოტივმა შანხაიში ერთ ადამიანს გადაუარა, რომელიც დაიღუპა. ამან ხალხის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ცინგის მთავრობამ მოითხოვა, რომ დაღუპულზე პასუხისმგებლობა მძღოლს უნდა აეღო და თავის სიცოცხლით ეგო პასუხი. თუმცა უცხოელების, კერძოდ კი ბრიტანეთის, გავლენის ქვეშ მყოფ შანხაიში ცინგის იმპერიის კანონები დიდად არ მოქმედებდა. ამიტომაც ლი ხუნჭანგს თვითონ მოუწია, რომ შანხაიში ჩასულიყო მოსალაპარაკებლად, რადგან სიტუაციას დასტაბილურებას საჭიროებდა. საბოლოოდ საიმპერატორო კარს 280 000 ვერცხლის მონეტის გამოყოფა მოუწია, რომ ჯერ შეესყიდა ლიანდაგები და ლოკომოტივი, შემდეგ კი წყალში გადაეყარა. ამით კი თითქოს სამართალიც აღასრულეს და მოსახლეობის პროტესტი ჩააცხრეს (Mongton Chih Hsu. Railway problems in China. New York: Columbia university, 1915, გვ. 20 ).
ამ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე წელი საიმპერატორო კარზე კვლავ დებატების საგანი იყო იმპერიის მასშტაბით ლიანდაგების გაყვანა და სარკინიგზო სისტემის განვითარება. მოწინააღმდეგეებს გარდა იმისა, რომ უბრალოდ ეწინააღმდეგებოდნენ უცხოური ტექნოლოგიების დანერგვას, სხვა მიზეზებიც გააჩნდათ. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფენგშუეის (风水 (Fēngshuǐ) – რწმენა, რომ სახლის, საფლავის და ა.შ. მდებარეობა, აგრეთვე გარემომცველი მიწა-წყლის სახე და ჰორიზონტის მხარეები გავლენას ახდენს ოჯახის ბედზე, აქედან გამომდინარე საჭიროა გარემო პირობებისა და ჰორიზონტის მხარეების მიხედვით საფლავის გასაკეთებლად ან სახლის ასაშენებლად ყველაზე ხელსაყრელი ადგილის შერჩევა) შენარჩუნება (蒋廷黻. 中国近代史. 2017,გვ. 54). ამის მაგალითი იყო ლი ხუნჭანგის მიერ თიენძინის გარკვეულ რეგიონში რკინიგზის ასაგებად გაგზავნილი პროექტი 1880 წელს. თუმცა 1894 წელს ამ პროექტის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო გაყვანილი.
იყო საფუძვლიანი შიშებიც იმის შესახებ, რომ ახალი მასშტაბური სატრანსპორტო საშუალება უმუშევარს დატოვებდა მილიონობით ჩინელს, რომლებიც ტვირთის გადასატანად თუ მგზავრების გადასაყვანად თავიანთ ნავებსა თუ ურმებს იყენებდნენ.
მიუხედავად ამ წინააღმდეგობებისა, საბოლოოდ აშკარა იყო, რომ რაც უნდა ტრადიციული შეხედულების მქონე მოწინააღმდეგეები ჰყოლოდა ამ პროექტს, ჩინეთის კონკურენტი ქვეყნები ამ უახლეს ტექნოლოგიას იყენებდნენ. ამის გამო კი მათ ბევრ დარგში განვითარების თვალსაზრისით ძალიან უსწრებდნენ. 1880 – 1881 წლებში დაიგეგმა და შესრულდა ჩინელების მიერ გაყვანილი პირველi რკინიგზა. ეს იყო ქაიფენგის სამთამადნო საწარმო შტაბიდან თანგშანიდან (唐山 (Tángshān) – ჩინეთის პროვინცია ხეპეიში ჩრდილოე-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი) სუკეჭუანგთან (胥各庄 (Xūgèzhuāng) – თანამედროვე ქალაქ თანგშანის ერთ-ერთი უბანი) დამაკავშირებელი 11 კილომეტრიანი ლიანდაგი (Huenemann, Ralph William. The dragon and the iron horse : the economics of railroads in China, 1876-1937. Cambridge, Mass. : Council on East Asian Studies, Harvard University : Distributed by Harvard University Press. 1984, გვ. 252). ამ ლიანდაგით დაკავშირდა თიენძინისა და პეკინის სამდინარო გზები და ტვირთის გადატანა გაცილებით გამარტივდა.
2.2 სამხედრო რეფორმები
ცინგის სამხედრო სისტემა დამყარებული იყო დინასტიის დამაარსებლის ნურხაჩი ყაენის (1559 – 1626) მიერ შექმნილ სადროშოების სისტემაზე (八旗 – Bāqí). 1601 წლისთვის მანჯურიელების არმია ოთხ სადროშოდ ნაწილდებოდა, ხოლო 1615 წლისთვის მათი რიცხვი 8-მდე ავიდა. სადროშოების სისტემამ განაპირობა მანჯურიელების მიერ ძალაუფლების ხელში აღება, მრავალ ბრძოლაში გამარჯვება(金开城,陈长文。“清代的八旗制度”. 北京:吉林出版集团有限责任公司,吉林文史出版社。2011, გვ. 14. აღნიშნული სისტემა ერგებოდა მისი დროის სამხედრო მოთხოვნილებებს. ამ სისტემის საშუალებით მოხერხდა დანაწევრებული მანჯურიელების ერთ სამხედრო სისტემაში გაერთიანება და ერთიანი ძლიერი სამხედრო ძალის ჩამოყალიბება.
მანჯურიელების მიერ მეტი ძალაუფლების თავმოყრისა და მინგის დინასტიის (明朝 – Míng cháo) დამხობასთან ერთად, იზრდება სადროშოების რაოდენობაც. 1635 წელს მანჯურიელებმა ამ სისტემაში მოახდინეს მონღოლების ინტეგრაცია, როდესაც მონღოლებისგან დაკომპლექტებული 8 სადროშო დაემატა მანჯურიელების მიერ ჩამოყალიბებულ გვიანი ძინის დინასტიის არმიას (后金朝 – hòu jīn cháo) (1616 – 1636). ამის შემდგომ 1642 წელს ჩინელებისგან კიდევ შეიქმნა დამატებით 8 სადროშო. სწორედ ამ ძალების საშუალებით შეძლეს მანჯურიელებმა ცინგის დინასტიის დაარსება 1644 წელს.
რომ არა სადროშოების სისტემა, ასეთი კომპლექსური, ერთმანეთისგან დაქსაქსული და განსხვავებული ხალხების ერთ არმიაში მოქცევა ძალიან რთული იქნებოდა. სადროშოების სისტემა გახდა მათი იმპერიის საყრდენი. თუმცა, XVIII საუკუნის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ რაც სამხედროებმა იმპერიაში არაერთი პრივილეგია მიიღეს და შემოსავალსაც მიწის გადასახადებიდან იღებდნენ, ისინი უფრო და უფრო მიიღწვოდნენ მეტი ფუფუნებისა თუ სიამოვნების მიღებისთვის. ამან თავისი როლი ითამაშა მათი საბრძოლო უნარ-ჩვევებისა და სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებაში. ფუფუნებას შეჩვეული მანჯურიელი სამხედროები საფრთხის შემთხვევაში ხშირად ტოვებდნენ სამხედრო პოსტს, რისგან თავის დასაცავად ცინგის დინასტია მათ ხშირად სიკვდილით სჯიდა. სადროშოების წევრთა ბევრი შთამომავალი უბრალოდ ჩამოშორდა სამხედრო საქმიანობას და ამით თავიანთი ელიტური სტატუსიც დაკარგეს (卫周安. 清朝战争文化. 北京: 中国人民大学出版社, 2020, გვ 142).
სადროშოების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი XIX საუკუნეში იყო ის, რომ ოპიუმის ომების დაწყების წინ არმიის სწავლა და გაწვრთნა ხდებოდა უმთავრესად ძველი 18 საბრძოლო ხელოვნების შესწავლით, რომელიც მოიცავდა დანების, ხმლების, მშვილდ-ისრის, შუბისა და სხვა ტრადიციული იარაღების ფლობის შესწავლას. თუმცა ეს ყველაფერი სრულიად უსარგებლო გამოდგა დასავლურ ძლიერ, თანამედროვე ტიპის გემებთან, შეიარაღებული ქვემეხებითა და მკაცრად დისციპლინირებული არმიით (白刚。论近代西方兵操在中国的发展历程。 浙江工商大学体育工作部。 浙江, 杭州。2007, გვ. 1725) .
მრავალი მოსაზრება არსებობდა, თუ რა გახდა მიზეზი ჩინეთის ამ დიდი ჩამორჩენისა, მაშინ როდესაც იგი თითქმის ყოველთვის დაწინაურებული იყო ტექნოლოგიურად. თუმცა ჩვენი აზრით, აქ რამდენიმე მთავარი მიზეზია. პირველი – ერთგვარი განზრახ შექმნილი ვაკუუმი გარესამყაროსთან, რაც ჯერ კიდევ მინგის დინასტიიდან იღებს სათავეს. ინტერესი დასავლური ტექნოლოგიების მიმართ ჯერ კიდევ XVI საუკუნის ბოლოს გაჩნდა, თუმცა ამ ინიციატივას მაშინაც ბევრი მოწინააღმდეგეები ჰყავდა. ამასთანავე იმპერატორების სიფრთხილე ქრისტიანობის გავრცელების მიმართ. მეორე კი, ჩინეთის დიდხნიანი სტაბილურობა. ჩინეთის ბოლო ორ დინასტიას იშვიათად თუ ჰქონია დიდი ბრძოლები, მითუმეტეს სადაც მათ მარცხი განიცადეს. ასე, რომ განსხვავებით დასავლეთისგან, ჩინეთში XIX საუკუნემდე არ არსებობდა მიზეზი, რასაც შეიძლება ჩინეთისთვის ბიძგი მიეცა განსავითარებლად (李婷婷 ,朱亚宗. „19 世纪中期 :军事技术系统时代的开端“. 自然辩证法研究. 长沙: 国防科技大学/人文社会科学系. 第25卷 第9期,2 0 0 9 年, 9月).
ამასთან ერთად, ცინგის დინასტიას 1645 წლიდან ჰყავდა მეორე და შედარებით მრავალრიცხოვანი „მწვანე სტანდარტული არმია“ (绿营兵 – Lùyíng bīng), რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებისთვის დაახლოებით 600 000 – ს მეომარს ითვლიდა. მწვანე სტანდარტული არმია დაბალი ფენის იმპერიის მოსახლეობის გარდა, მინგის დინასტიის ჯარის ნარჩენებსაც აერთიანებდა და დიდწილად ხანების ეთნიკური ჯგუფისგან (汉族 (Hànzú)- ჩინეთის უდიდესი ეთნიკური ჯგუფი. წარმოადგენენ ისტორიული ჩინეთის (მანჯურიის, მონღოლეთის, სინძიანგისა და ტიბეტის გარეშე) ადგილობრივ მოსახლეობას) იყო დაკომპლექტებული. იმპერიის დაარსების საწყის ეტაპზე ამ არმიის მნიშვნელობა ძალზედ დიდი იყო. უპირველეს ყოვლისა, დიდი როლი ითამაშა ცინგის დინასტიის მიერ მთლიანი ჩინეთის კონტროლის აღების პროცესში. ამასთანავე გადამწყვეტი როლი იქონია სამი ფეოდალის აჯანყების (1673 – 1681) (三藩之亂 – Sān fān zhī luàn) ჩახშობაში. თუმცა XVIII საუკუნიდან მათი სამხედრო პოტენციალი თანდათან შეიკვეცა იმპერიის მასშტაბით უმთავრესად საპოლიციო დანიშნულება ჰქონდა.
სამხედრო სისტემის დეფექტიანობა განსაკუთრებით გამოაშკარავდა XIX საუკუნეში, როდესაც ერთი მხრივ, სადროშოების არმიამ მძიმე მარცხი განიცადა პირველ და მეორე ოპიუმის ომებში, ამასთანავე ვერ შეძლო ისეთი მასშტაბური აჯანყებისგან იმპერიის დაცვა, როგორიც იყო მაგალითად თაიფინგის და ნიენის აჯანყებები. საიმპერატორო კარის გამოსავალი ამ მომენტში ჩინეთის მასშტაბით სხვადასხვა პროვინციებში მყოფი სამხედრო პირებისთვის ლოკალური სამხედრო შენაერთების შექმნის ნებართვის მიცემა იყო, რომელმაც უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში ნამდვილად გაამართლა. აღნიშნული ტიპის არმიებს ზოგადად იონგ ინგი (勇营 – Yǒng yíng) სახელით მოიხსენიებდნენ, რომელიც სიტყვასიტყვით „მამაც ბატალიონს“ ნიშნავს.
იონგ ინგი წარმოადგენდა იმპერიის საჭიროებიდან გამომდინარე დროებით შექმნილ მოხალისეთა არმიას. მსგავსი ტიპის არმია მიზნის შესრულებისთანავე უნდა დაშლილიყო, ისე როგორც მოხდა უკვე ნახსენები სიანგის არმიის შემთხვევაში. ამის გარდა, იონგ ინგს უკვე არსებულ ცინგის სამხედრო შენაერთებისგან რამდენიმე განსხვავება გააჩნდა, რაც მას უპირატესობებს ანიჭებდა. პირველი ასეთი განსხვავება იყო ის, რომ ჯარისკაცების დამატება ხდებოდა იმ პროვინციებიდან, სადაც უშუალოდ უნდა ეწარმოებინა სამხედრო საქმიანობა ახალ შექმნილ ჯარს. ასეთ ადამიანებს ბუნებრივია მაღალი საბრძოლო შემართება გააჩნდათ.
ცინგის დინასტიის დაკნინების რეალური მაჩვენებელი გახდა 1860 წელს იმპერატორ სიენფენგის ბრძანება, რომლის მიხედვითაც სამ გენერალს წენგ კუოფენს, წუო წუნთანგსა და ლი ხუნჭანგს, დამოუკიდებლად შეეძლოთ სამხედრო მითითებების გაცემა და საჭირო აღარ იყო ამ პროცესში უშუალოდ პეკინის ჩარევა (Teng, Ssu-yü. China’s response to the West : a documentary survey, 1839-1923. 1973, გვ. 47). ამის საშუალაბით კი მათი ძალაუფლება და გავლენა იმპერიაში ბუნებრივია ძალიან იზრდება. სამივე ეს პიროვნება მხარს უჭერდა იმპერიაში ცვლილებების დაწყებას. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია ითქვას, რომ 1860 წელს მათი ასეთი გაძლიერება გახდა კიდევაც ერთ-ერთი მიზეზი გატარებულიყო რეფორმები.
ახალი ტიპის სამხედრო სისტემის პირველი მაგალითი სიანგის არმია (湘军 – Xiāng jūn) იყო, რომელმაც 1850 – 1864 წლებში იარსება და მთავარი მიზანი თაიფინგის აჯანყების ჩახშობა იყო. ამ ტიპის ჯარები უმთავრესად ჩინელი ხანების ეთნიკური ჯგუფისგან იყო დაკომპლექტებული. ჩვეულებრივ იმ დაბალი ფენის მოსახლეობას მოიცავდა, რომლებიც იმ რეგიონის მაცხოვრებლები იყვნენ, სადაც აჯანყებულთა ქმედებების გამო ხალხმა ყველაზე დიდი ზიანი მიიღო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ არმიის უმთავრესი ნაწილი მისივე დამაარსებლის, წენგ კუოფენის მიერ იქნა დაშლილი.
XIX საუკუნის 60-იან წლებში იონგ ინგის ტიპის სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები 300 000 მეომარს აერთიანებდა. სიანგის არმიის ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა და აქ უკვე არა ერთხელ ნახსენებმა ლი ხუნჭანგმა მისი სამხედრო შენაერთი ხუაის არმია (淮军 – Huái jūn) (ასევე ცნობილი როგორც ანხუეის არმია) 1862 წელს შექმნა, რომელმაც1894 წლამდე იარსება. სიანგის არმიის დაშლის შემდეგ, ხუაის არმიამ არა თუ განაგრძო არსებობა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდა და ცალკე არსებობდა ლი ხუნჭანგის მეთაურობით. მსგავსი მაგალითია ასევე ჩუს არმია (楚勇 – Chǔ yǒng), რომელიც სიანგის არმიის შემადგენლობაში შეიქმნა და წუო წუნთანგის მეთაურობით შემდგომში თავი გამოიჩინა ტუნკანის აჯანყების (1862 – 1877) ჩახშობაში (费正清 (作者),杨品泉 (译者). 剑桥中国晚清史 (1800 – 1911), (下卷). 美国:中国社会科学出版社, 1999, გვ. 237). 80-იან წლებშვე ლი ხუნჭანგის მიერ ხუაის არმიის შიგნით იქმნება ახალი ტიპის – პეიანგის არმია (北洋军 – Běiyáng jūn). ამავე პერიოდში იქმნება პეიანგის ფლოტი, რომელიც პეიანგის რეგიონში (პეი (北)იანგი (样)სიტყვა სიტყვით ნიშნავს ჩრდილოეთის ოკეანეს. პეიანგის ისტორიული რეგიონი კი ცინგის დინასტიის ბოლო პერიოდში შეიქმნა) (აერთიანებდა ჭილის, შანტუნგის (山东 (Shāndōng) – პროვინცია აღმოსავლეთ ჩინეთში), ლიაონინგის (辽宁 (Liáoníng) – პროვინცია ჩრდილო – აღმოსავლეთ ჩინეთში) პროვინციების სანაპირო ზოლებს) აკრეფილი გადასახადების შედეგად იქმნებოდა.
რაც შეეხება ცინგის დინასტიის ტრადიციულ სამხედრო შენაერთებს, მათი სტრუქტურა ძირეულად განსხვავდებოდა იონგ ინგისგან. იმპერატორი მუდამ ცდილობდა თავიდან აეცილებინა, რომ გარკვეულ პროვინციაში განთავსებული სადროშოების მეომრები ადგილობრივები ყოფილიყვნენ. სადროშოს ყოველი მეომარი მეტ-ნაკლებად უკვე იყო მაღალი ფენის წარმომადგენელი, ასე რომ იმპერატორის ინტერესში იყო ეს ფენა შეეზღუდა და არ დაეშვა მათი ძალაუფლების გაზრდა. ეს განსაკუთრებით საშიში იყო იმ შემთხვევაში, თუ ეს მეომრები თავიანთ მშობლიურ პროვინციაში დაიკავებდნენ თანამდებობას.
სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზიდან გამომდინარე, იმპერატორი არა მარტო კანონით უკრძალავდა მაღალი რანგის სამხედროებს, რომ მშობლიური პროვინციიდან მოშორებით ემსახურათ, არამედ მათ გარკვეული დროის შემდეგ უნდა შეეცვალათ ლოკაცია. სადროშოების მეომრებისთვის ეს ვადა იყო ხუთი წელი, ხოლო მწვანე სტანდარტული არმიისთვის შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე მერყეობდა (费正清. 剑桥中国晚清史·下卷. 1999, გვ. 238).
იონგ ინგს მეომრებით შევსების თავისი სისტემა ჰქონდა. ეს წესი გენერლის გარდა, ნებისმიერი რანგის ჯარისკაცზე ვრცელდებოდა, რომლის მიხედვითაც მეომრის დამატება და არჩევა მასზე ერთი რანგით მაღალი სამხედროს მიერ ხდებოდა. ამ სტრატეგიით ყალიბდებოდა მეომრებს შორის ერთიანობისა და სიახლოვის შეგრძნება. ეს განასხვავებდა სადროშოების არმისგან, სადაც ყოველ მაღალჩინოსან სამხედროს საიმპერატორო კარი და თვითონ იმპერატორი ირჩევდა ან მათ მიერ მაინც უნდა ყოფილიყო არჩევა ნებადართული.
ყველა ეს განსხვავება იმით აიხსნება, რომ იონგ ინგი ისედაც გარემო საჭიროებიდან გამომდინარე შექმნილი დროებითი სამხედრო ფორმირება იყო. მაშინ როდესაც, მთავარი საყრდენი იმპერატორისათვის უკვე ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედი სადროშოების სისტემა უნდა ყოფილიყო. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, რომ XIX საუკუნის 60, 70-იან წლებში საიმპერატორო კარი ამ პერიოდში კოლონიზატორულ ძალებთან თანამშრომლობის დაწყებასთან ერთად, ამ უკანასკნელის დახმარებით იწყებს სადროშოებისა და მწვანე არმიის ჯარისკაცების გადამზადებას. თუმცა, ზოგადი სიტუაცია მაინც არ შეცვლილია, შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ზედმეტ ტვირთად დაწოლილი მუდმივი არმია კიდევ უფრო დიდ ფინანსურ წნეხად იქცა, მათი სარგებლიანობა კი იმპერიისთვის არანაირად არ გაზრდილა. 400 000 კაციანი შემადგენლობის მქონე მწვანე არმია ისევ ლოკალური პრობლემების მომგვარებელ ძალად დარჩა, რომლის შენახვაც იმპერიას ყოველწლიურად 6 მილიონი მონეტა უჯდებოდა. მსგავსად მწვaნე არმიისა, სადროშოების შემთხვევაშიც იგივე სიტუაცია განვითარდა. გარკვეული გადამზადებების მცდელობების მიუხედავად შედეგი არც თუ ისე სახარბიელო იყო. საუკუნის მეორე ნახევარში იონგ ინგმა თითქმის სრულიად ჩაანაცვლა სადროშოების არმია და წარმოადგენდა ერთადერთ ეფექტურ ინსტრუმენტს შიდა თუ გარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.
იონგ ინგის ტიპის არმიების წარმოქმნა და განვითარება გარკვეულწილად დადებითი შედეგის მომტანი გამოდგა მთლიანად იმპერიისთვის, მაგრამ მხოლოდ მოკლე დროის მონაკვეთში. იონგ ინგის საშუალებით, იმპერიაში ჩაახშეს რამდენიმე დიდი მასშტაბის აჯანყება.
იონგ ინგის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ XIX საუკუნის 50-60-იან წლებში იმპერია განადგურებას გადაურჩა. ეს იმის ფონზე, რომ იმპერატორებს არ მოუწიათ ძირეული გარდაქმნებისა და ცვლილებების შეტანა მუდმივი სტატუსის მქონე პოლიტიკურ და სამხედრო სისტემებში (სადროშოებში და მწვანე არმიაში). ცვლილებებისკენ შიში გამოწვეული იყო ერთი მხრივ ზოგადად ცინგის საიმპერატორო კარისა და ჩინური საზოგადოებისთვის ტრადიციებიდან გადახვევის მიუღებლობით. ამასთანავე საიმპერატორო კარზე არსებობდა შიში ამ ცვლილებების შედეგად არ შესუსტებულიყო მისი გავლენა სამხედრო თუ ადმინისტრაციულ ორგანიზაციებზე.
ჩინეთის ინტელიგენციაშიც კი ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ იმპერიის წყობა სრულყოფილი იყო, იგი არანაირ ცვლილებას არ საჭიროებდა და რომ გარშემო არსებული დროებითი პრობლემებისთვის, დროებითი მოგვარების გზები უნდა გამონახულიყო. სწორედ ასეთ დროებით გზად იყო მიჩნეული იონგ ინგი. თუმცა, იონგ ინგის გამოჩენასთან ერთად, იმპერიაში ყოველთვის იყო რაიმე ტიპის სამხედრო საფრთხე ჩინეთში ან მის გარშემო. შესაბამისად მუდმივად იყო ამ ტიპის სამხედრო შენაერთების არსებობის საჭიროებაც. ამ მიზეზიდან გამომდინარე, ეს არმია იქცა არა დროებით წარმონაქმნად, არამედ მუდმივ მოქმედ ორგანოდ, ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ არმიის მთავარსარდალი ცოცხალი იყო. ამას კი მომავალში მოჰყვა კიდევაც სავალალო შედეგი. იონგ ინგის მეომრები პირდაპირ არ ემორჩილებოდნენ იმპერატორს, ამ უკანასკნელისადმი პასუხისმგებლობა მხოლოდ არმიის მთავარსარდალს ჰქონდა. ანუ დროთა განმავლობაში იმპერია და საიმპერატორო კარი დამოკიდებული ხდებოდა ამ მთავარსარდლების მორჩილების დონეზე და კეთილ ნებაზე იმპერატორის მიმართ.
ცალკე განსახილველი საკითხია ცინგის დინასტიის ახალი მოდიფიცირებული ფლოტი. იმპერიამ 70, 80-იან წლებში შექმნა 4 ფლოტილია: პეიანგის ფლოტი (北洋舰队 – Běiyáng jiànduì), ნანიანგის ფლოტი (南洋水師 – Nányáng shuǐ shī), ფუძიენის ფლოტი (福建水师 – Fújiàn shuǐ shī), კუანტუნგის ფლოტი (廣東水師 – Guǎngdōng shuǐ shī). XIX საუკუნის 60-იან წლებში უკვე დაიწყო ჩინეთმა რამდენიმე გემთსაშენის დაარსება, რომლებიც ზემოთ უკვე ვახსენეთ. საბოლოო ხორცშესხმა და მოქმედებაში ჩაშვება ახალ დამზადებული გემებისა და მათგან დაკომპლექტებული ფლოტისა 70-იან წლებში მოხდა. ჩინეთისათვის 3 სანაპირო ზოლის დაცვის საჭიროება იყო.
პირველი და ყველაზე პრიორიტეტული იყო ჩრდილოეთ სანაპიროს დაცვა, რომელიც ყვითელ ზღავს მოიცავდა, ამ სანაპიროს ზოლის დასაცავად შეიქმნა პეიანგის ფლოტი. პეიანგის ფლოტის შექმნის თარიღად 1871 წელი ითვლება, როდესაც სამხრეთ ჩინეთიდან იმპერიის ჩრდილოეთის დასაცავად 4 გემი გაგზავნეს. დაარსების ეტაპზე პეიანგის ფლოტი იმპერიის 4 ფლოტიდან ყველაზე სუსტი იყო. თუმცა ლი ხუნჭანგის მეშვეობით ეს სტატისტიკა რადიკალურად შეიცვალა.
აღსანიშნავია ის, რომ ლი ხუნჭანგი საზღვაო ძალების განვითარებას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. მიუხედავად ამისა მან იმპერიის საზღვაო ძალებისთვის გამოყოფილი ხარჯების უდიდესი ნაწილი პეიანგის გაძლიერებას მოახმარა. ფლოტი ერთი მხრივ ივსებოდა ფუჭოუს გემთსაშენში დამზადებული სამხედრო გემებით და ასევე ყიდულობდა ახალი ტიპის გემებს გერმანიისა და ინგლისისგან. 1885 წელს ჩინეთ – საფრანგეთის ომის დამთავრებიდან მალევე რკინის კრეისერი მიიღეს. ამის ხარჯზე კი 1885 წელს იმპერიის მასშტაბით მეორე გახდა სიძლიერით (费正清. 剑桥中国晚清史·下卷. 1999. 1993, გვ. 290). 1885 წლიდან, საფრანგეთთან ომში ნანიანგის ფლოტის განადგურების შემდეგ, ბეიანგის ფლოტი ყველაზე დიდი იყო აზიაში, ხოლო მერვე მსოფლიოს მასშტაბით.
მეორე მნიშვნელოვანი დაცვის ხაზი იყო სამხრეთის ზღვები. ამ მხარეში 70-იან წლებში 1885 წლამდე ყველაზე ძლიერი ნანიანგის ფლოტი იყო, რომელსაც შანხაიში გააჩნდა მთავარი ბაზა. ფლოტი 1870 წლიდან ფუჭოუს გემთსაშენში დამზადებული გემებით მარაგდებოდა. თუმცა ასევე შემადგენლობაში ჰქონდა საზღვარგარეთიდან ნაყიდი საბრძოლო გემებიც. 1884 წლისთვის ნანიანგის ფლოტის შემადგენლობა 19 გემს ითვლიდა.
მესამე ფუძიენის ფლოტი იყო, რომელსაც ამ 4 ფლოტს შორის არსებობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია გააჩნდა და ჯერ კიდევ 1678 წელს დაარსდა. ფლოტის თანამედროვე ტიპის გემებით აღჭურვა ფუჭოუს გემთსაშენიდან 1872 წელს დაიწყო საიმპერატორო კარმა. ფუძიენის ფლოტმა არსებობა 1912 წლამდე განაგრძო, მაგრამ მან 1884-85 წლებში ჩინეთ-საფრანგეთის ომში ისეთი ზარალი განიცადა, რომ თითქმის მთლიანად განადგურდა.
ოთხ ფლოტილიას შორის ყველაზე მცირე კუანტუნგის ფლოტი იყო. მისთვის პროვინციის გუბერნატორის მიერ იქნა შეძენილი გემები ფრანგებისგან და ბრიტანელებისგან, ნაწილი კი ჩინური გემთსაშენებიდან მიღებული. ჩინეთ-საფრანგეთის ომის დროს ფლოტს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არცერთ ბრძოლაში. 1885 წლის მარტიდან ფრანგულმა ძალებმა ფლოტის ნავსაყუდელი ბლოკადაში მოაქციეს, კუანტუნგის ფლოტს კი ამ ბლოკადის გარღვევის არანაირი მცდელობა არ ჰქონია. ერთი მხრივ, ეს შეიძლება მეტყველებდეს საიმპერატორო კარის გავლენის სისუსტეზე სამხედრო ძალებზე, ასევე თვითონ კუანტუნგის ფლოტის შედარებით მცირე შესაძლებლობებზეც.
2.3 ჩინეთ – საფრანგეთის ომი (1884 – 1885)
1882 წელს შეთანხმება დაიდო ჩინეთსა და საფრანგეთს შორის. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ვიეტნამის ჩრდილოეთ ტერიტორია ერთობლივ პროტექტორატად გადაექციათ, თუმცა, ეს შეთანხმება დაარღვია პარიზმა, რომელმაც დამატებითი ჯარები გაგზავნა ტონკინში (ტონკინგი; ჩრდილოეთ ვიეტნამი). იმავდროულად, ჩინეთის ცინგის მთავრობაში გააქტიურდა კონსერვატიული ფრთა და დაიწყო ზეწოლა სახელმწიფო სამხედრო საბჭოზე, რათა ამ უკანასკნელს უფრო მკაცრი პოზიცია დაეკავებინა.
დროთა განმავლობაში მხარეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, რაც საფრანგეთისთვის ტონკინის სამხედრო კამპანიაში (1883 – 1886) გადაიზარდა და ამ დაპირისპირების შიგნით მოუწია ჩინეთთან სახმელეთო და საზღვაო ომის წარმოება 1884-1885 წლებში. ფრანგების წინააღმდეგ ომში ცინგის დინასტიის ჯარი, ვიეტნამელებთან და ჩინეთიდან ჯერ კიდე 1865 წელს გაქცეულ სამხედრო დაჯგუფება შავი დროშების არმიასთან (黑旗軍 – Hēi qí jūn) ერთად ბრძოლობდა. ეს ომი იყო ერთგვარი პირველი გამოცდა თუ რამდენად შედეგიანი იყო 1860 წლიდან დაწყებული რეფორმებისა და ცვლილებების პერიოდი.
ლი-ფურნიეს შემდგომი კონვენცია მოითხოვდა ტონკინის ტერიტორიის გავლით, საფრანგეთის ვაჭრობის დაშვებას, ტერიტორიიდან ჩინეთის ჯარების გაყვანას და ტონკინზე საფრანგეთის უფლებების აღიარებას. ამის სანაცვლოდ ჩინეთს არ მოეთხოვებოდა რაიმე ანაზღაურება. საინტერესოა, რომ ჭილის განმგებელი და პეიანგის მთავარსარდალი ლი ხუნჭანგი მხარს უჭერდა მოლაპარაკებების დაწყებას. იგი მზად იყო თვითონ ჩასდგომოდა ამ პროცესს სათავეში. მიაჩნდა, რომ ცინგის დინასტიის გამოუცდელ, ახალ შექმნილ და შედარებით ჩამორჩენილი ტექნიკის მქონე საზღვაო ძალებს დიდი შანსი არ ჰქონდათ რაიმე შედეგი დაედოთ საფრანგეთის წინააღმდეგ.
საბოლოოდ, საიმპერატორო კარზე კონსერვატიული ძალები კვლავ დომინანტი გახდა, მათ კი არ სურდათ ვიეტნამზე გავლენის დათმობა. სწორედ ამიტომ საომარი მოქმედებები განახლდა. ამის თანადროულად ფრანგებმა შეძლეს ჩინეთის რიგი ნავსაყუდლების ბლოკირება, მათ შორის ყურეების, სადაც ნიანგის, კუანტუნგის ფლოტები იყვნენ განლაგებული.
ცინგის სახმელეთო ჯარების მეთაურად დაინიშნა ჭანგ ჭიტონგი (Benjamin A. Elman. Naval Warfare and the Refraction of China’s Self-Strengthening Reforms into Scientific and Technological Failure, 1865-1895. Modern Asian Studies, Vol. 38, No. 2, May, 2004, გვ. 316), ფრაქციის ერთ-ერთი წამყვანი. მან გარკვეულ წარმატებებს მიაღწია საფრანგეთის წინააღმდეგ. წარმატებული სახმელეთო ბრძოლის მაგალითი იყო ლინტაოს ბრძოლა (临洮之战 – Líntáo zhī zhàn), როდესაც 1885 წლის 23 მარტს ცინგის ჯარმა დაამარცხა ფრანგული არმია. ბრძოლის დროს დაიღუპა და დაიჭრა ასობით ფრანგი ჯარისკაცი (王兆春. „19 世纪末至20世纪前半期中国的军事工程”. 工程研究——跨学科视野中的工程. 北京: 中国人民解放军军事科学院, 2012, გვ. 191). ჩინელ და ვიეტნამელ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის არსებული თანამშრომლობისა და გმირული ბრძოლების გარდა, ამ ბრძოლაში გამარჯვება ძირითადად განპირობებული იყო ხელსაყრელი რელიეფის სრულად გამოყენებით, ახალი ტიპის შეიარაღების წარმატებით ჩართვით სამხედრო დაპირისპირებებში და საველე გამაგრების აშენებით, რომელიც მორგებული იყო საბრძოლო საჭიროებებზე. ასევე იმით, რომ ფრანგები დაახლოებით ათჯერ ნაკლები იყვნენ მოწინააღმდეგეებთან შედარებით. ცალკეა აღსანიშნავი 1884 წელს გამართული დანშუეის ბრძოლა კუნძულ ტაივანის სანაპიროზე. კარგად გამაგრებულმა და არც თუ ისე ბევრმა ჩინელმა სამხედრომ ნება არ მისცეს მოწინააღმდეგეებს ტაივანის სანაპიროზე გამაგრებულიყვნენ, უკან დაახევინეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც გაიფორმეს.
თუმცა ჩინეთის უმთავრესი პრობლემა საზღვაო ბრძოლები აღმოჩნდა. ჩინურმა საზღვაო სამხედრო ძალებმა 1885 წლის 5 თებერვალს გამართული შიფუსა (石浦海戰 – Shípǔ hǎizhàn) და 1885 წლის 23 აგვისტოს ფუჭოუს ბრძოლებში კრახი განიცადეს. პირველ შემთხვევაში ფრანგება ნანიანგის ფლოტი დაამარცხეს შიფუს ყურეში. ფუჭოუს ყურეში კი ფრანგულმა ფლოტმა ფუძიენის ფლოტს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, 11 გემიდან 9 ჩაუძირეს, მაშინ როდესაც საპასუხოდ მხოლოდ 2 გემი დაუზიანდათ. ფრანგებმა ასევე დაანგრიეს დიდი ფუჭოუს გემთსაშენი, რომელიც ჩინეთმა საფრანგეთის დახმარებით ააშენა
ამ ომში ჩინეთის კრახის ძირითადი გამომწვევი მიზეზები რამდენიმეა. პირველი და აშკარა მიზეზი იყო ცენტრალური ხელისუფლების სისუსტე. ცენტრალური ხელისუფლების უსუსურობის მაჩვენებელი იყო ის, რომ საიმპერატორო კარი კონსერვატიული და რეფორმების მომხრე ბანაკების დაპირისპირების სივრცედ იქცა, ის რომ არ არსებობდა ერთიანი იმპერიული ფლოტი და ის ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ ოთხ ერთეულად იქცა.
თავისი როლი ითამაშა ჩინური სამხედრო გემების დაბალმა ხარისხმა. მაშინ, როდესაც ჩინური გემების მნიშვნელოვანი ნაწილი ხისგან იყო ნაგები, ფრანგული გემები გამოირჩეოდნენ თავიანთი სიმძლავრითა და მაღალი ხარისხით.
უნდა ითქვას რომ იალუს ბრძოლა ერთ-ერთი პირველი საზღვაო დაპირისპირება იყო მსოფლიოში საზღვაო რევოლუციის შემდეგ, რაც გულისხმობს გემების ქარიდან ორთქლის ძრავაზე, ხოლო ხიდან მეტალზე გადასვლას, ავტომატური ტორპედოების გამოგონებას (Hans Lengerer. A Pre-History of the Sino-Japanese War 1894–1895: Introduction and Summary. Warship International, Vol. 56, No. 1, March 2019, გვ. 53). აქ ორივე მხარეს გარკვეული გამოუცდელობის ეფექტი შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს უფრო ჩინელების შემთხვევაში გამართლდა, მაშინ როდესაც ფრანგებმა მინიმალური დანაკარგით მოიგეს საზღვაო დაპირისპირებები.
საზღვაო ბრძოლებში წაგების განხილვის დროს, ისტორიკოსები ასევე ხშირად ახსენებენ ლი ხუნჭანგის წვლილსაც. მან, როგორც პეიანგის ფლოტის მთავარმა გენერალმა, არცერთი გემი არ გააგზავნა ნიანგისა თუ ფუძიენის ფლოტების დასახმარებლად. ეს კი მაშინ, როდესაც პეიანგის ფლოტი ჩინეთში სიძლიერით მხოლოდ ნიანგის ფლოტს ჩამორჩებოდა. თუმცა, ეს მიზეზი ერთ მნიშვნელოვან ლაფსუსს შეიცავს. იმავე პერიოდში იაპონია აძლიერებდა თავის ყურადღებას კორეის გარშემო და იქ ახდენდა ნელ-ნელა საკუთარი საზღვაო ძალების კონცენტრირებას. საინტერესოა, რომ 1885 წელს ერთ-ერთ მცირე მასშტაბიან ბრძოლაში ამ უკანასკნელმა პეიანგის ფლოტის ნაწილიც კი დაამარცხა. შესაბამისად, სამხრეთის მსგავსად ჩინეთის ჩრდილოეთიც არ იყო დამშვიდებული და აქტიურ ყურადღებას საჭიროებდა. საბოლოოდ, ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას პარიზში 1885 წელს, სადაც ჩინეთი დათანხმდა ლი-ფურნიეს შეთანხმების აღიარებას.
მიუხედავად საბოლოოდ ომში დიდი ზიანის მიღებისა და რეალურად მარცხისა, იყო გარკვეული გამონაკლისები, რომლებმაც აჩვენეს ბოლო ათწლეულებში გატარებული რეფორმების გარკვეული დადებითი შედეგი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა სახმელეთო ბრძოლებში. ვიეტნამის ტერიტორიაზე ჩინელებმა ფრანგების წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.
წარმატებული სახმელეთო ბრძოლები ცინგის დინასტიას 1883-1884 წლებშიც ჰქონდა. ვიეტნამში ჩინურმა ძალებმა რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში მოახერხეს ფრანგების უკუგდება და მნიშვნელოვანი პუნქტების დაცვა. აღსანიშნავია, რომ თავი გამოიჩინეს ანხუეის არმიის ოფიცრებმა. განსხვავებით საზღვაო ბრძოლებისგან, სახმელეთო ბრძოლებს ხელმძღვანელობდა გაცილებით უფრო გამოცდილი, პროფესიონალი და კომპეტენტური სამხედრო შტაბი. თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივები ფრანგების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები და ჩინელებს ეხმარებოდნენ. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ცინგის დინასტიის სამხედრო ძალები უმთავრესად თავდაცვით პოზიციაში იყვნენ. მცირერიცხოვან ფრანგებს კი უკვე კარგად გამაგრებულ შედარებით მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგე მხარესთან უწევდათ ბრძოლა. თუმცა ფრანგების მხარეს დამატებითი ძალების მიღებასთან ერთად, სახმელეთო ბრძოლებშიც უპირატესობა საბოლოოდ მათკენ გადაიხარა.
2.4 დიპლომატიური ურთიერთობები
როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ, ჩინეთს მისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მუდმივი წარმომადგენელი უცხოურ სამეფოებსა თუ იმპერიებში თითქმის არასდროს ჰყოლია. თუმცა 1860-იანი წლებიდან ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ამის მაგალითი იყო წუნგლი იამენის შექმნა.
უცხო სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით კი ჩინეთში ნახევრად კოლონიზატორის სტატუსის მქონე დასავლურ იმპერიალისტურ ქვეყნებთან, ცინგის დინასტიამ ნაბიჯ-ნაბიჯ დააახლოვა ურთიერთობები. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი 60-იან წლებში დასავლურ ქვეყნებთან დადებული საზავო ხელშეკრულების გადახედვა იყო. თუმცა ეს ყველაფერი 1870 წელს ბრიტანეთთან მოლაპარაკებების კრახით დასრულდა.
მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, წუნგლი იამენი და ზოგადად ცინგის დიპლომატიური წრე ახალი ნაბიჯების გადადგმას არ წყვეტდა. ამის ნათელია მაგალითია საფრანგეთსა და ინგლისში 1871 წელს გაგზავნილი საიმპერატორო კარის წარმომადგენლობა. 1878 წლიდან ამერიკაში სრულუფლებიანი ელჩი დაინიშნა (Spence, Jonathan D. The search for modern China. 1991. გვ. 225).
წუნგლი იამები უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებასთან ერთად ცდილობდა ამ კავშირების გაღრმავებას. მსგავსი ტიპის მისიებიც ჩინეთის ისტორიაში სრულიად ახალი ნაბიჯი იყო, ამიტომაც მას მალევე მოჰყვა არა ერთგვაროვანი გამოხმაურება სწავლულებისა თუ მაღალი თანამდებობის პირებისგან.
პირველი მაგალითი აღნიშნული სახის მისიებისა 1866 წელს გაიგზავნა დასავლეთის ქვეყნებში (Denis Twitchett and John K. Fairbank. „THE CAMBRIDGE HISTORY OF CHINA“. Volume 10 Late Ch’ing, 1800-1911, Part II. Cambridge Histories Online. London: Cambridge University Press, 2008, გვ. 72). თუმცა, იმთავითვე გახდა ნათელი, რომ ეს არ იყო ოფიციალური სამთავრობო მისია. მიზანი იყო მხოლოდ დაკვირვებოდნენ ევროპულ ცხოვრების წესს, სტილს, გარემოს. საბოლოო ჯამში მისიას დიდი შედეგი არ მოჰყოლია, იმიტომ რომ მოხდა ევროპის ქვეყნების მხოლოდ ზედაპირული გაცნობა, რეალური განსხვავების გაანალიზება პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების კუთხით დასავლურ ქვეყნებსა და ცინგის დიასნტიას შორის არ მომხდარა.
მეორე მისია ალკოკის კონვენციამდე რამდენიმე წლით ადრე გაიგზავნა. ეს იყო ბურლინგემის (ენსონ ბურლინგეიმი (1820 –1870) – პირველი ამერიკელი მინისტრი ჩინეთში (1861 – 67)) დიპლომატიური მისია დასავლეთში 1868 – 1870 წლებში (DIPTENDRA M. BANERJEE. “China’s early industrialization (1844-1916)”. BURDWAN, INDIA: UNIVERSITY OF BURDWAN, 1965, გვ. 90). პრინცმა კუნგმა 1867 წელს შეადგინა ახალი ოფიციალური დიპლომატიური მისია, რომელიც უნდა ჩასულიყო ამერიკაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, გერმანიასა და რუსეთში. ბურლინგემი ამ უკანასკნელში ვიზიტის დროს გარდაიცვალა, მაგრამ იქამდე მან უკვე მოახერხა წუნგლი იამენის დიპლომატიურ დელეგაციასთან ერთად ხელშეკრულება დაედო ამერიკასთან, ინგლისთან და გერმანიასთან. იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ხელშეკრულებები დაიდო, კერძოდ ამერიკის, ინგლისისა და გერმანიის მთავრობისგან დაპირებები მიიღეს, რომ ისინი არ ჩაერეოდნენ ჩინეთის საშინაო საქმეებში. ამასთანავე ინგლისის მთავრობა დაჰპირდა დელეგაციას, რომ არ ჩაერეოდა მომავალ საზავო პირობების გადახედვის (შემდგომი ალკოკის კონვენცია) პროცესში (Elleman, Bruce A. Modern China : continuity and change 1644 to the present. Upper Saddle River, N.J. : Prentice Hall, 2010, გვ. 181). ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო წუნგლი იამენისთვის და ალკოკის კონვენციაზეც აშკარა დიდი მოლოდინები ჰქონდა. მისმა წარუმატებლობამ კი თავისი გავლენა იქონია.
XIX საუკუნის 60, 70-იან წლებში ცინგის დინასტიას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ამერიკასთან. ამის მაგალითია ბურლინგემის ხელშეკრულება ამერიკასა და ცინგის დინასტიას შორის (中美天津條約續增條約 – Zhōng měi tiānjīn tiáoyuē xù zēng tiáoyuē). ხელშეკრულებას ვაშინგტონში 1868 წელს მოეწერა ხელი, ხოლო 1869 წელს – პეკინში (Teng, Ssu-yü. China’s response to the West: a documentary survey, 1839-1923. გვ. 92). ხელშეკრულების მიხედვით ცინგის დინასტია ამერიკისთვის პრივილიგებულ ქვეყნების სიაში შევიდა (ეს სტატუსი ამერიკაში ჩინეთს 1951 წელს ჩამოართვეს, თუმცა 1980 წელს კვლავ დაუბრუნეს. მსგავსი სტატუსი ჰქონდა იაპონიასაც 1858 წლიდან, ორ მხარეს დადებული კომერციული ხელშეკრულების დადების შემდეგ). ხელშეკრულების მიხედვით გამარტივდა და გაძლიერდა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს უფრო თავისუფლად შეეძლოთ ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანაში გადაადგილება. გამარტივდა სასწავლო მიზნით წასვლაც. შესაძლებელი გახდა ამერიკელებს ჩინეთში სკოლა ან რაიმე ტიპის სასწავლებელი გაეხსნათ, ასევე ჩინეთის შემთხვევაშიც.
ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში აღსანიშნავია 1873 წელს ჯონ ფრიერის მიერ შანხაიში აკადემიის გახსნა, რომელიც ეწეოდა მთარგმნელობით, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სწავლებას (罗威廉. 哈佛中国史06•最后的中华帝国:大清. 2016 გვ. 183). ამ აკადემია გამოვლილი ჩინელები კი მალევე წარმატებული ინჟინრები, ინტელექტუალები და სხვა პროფესიებს დაუფლებული გახდნენ. 1871 წელს კი საიმპერატორო კარმა, ლი ხუნჭანგისა და წენგ კუოფენის მხარდაჭერით, სპეციალურად შერჩეული ახალგაზრდები გააგზავნეს ხანჭოუდან ამერიკაში (Jacques Gernet. A history of Chinese civilization.1996, გვ. 570), რათა ადაპტირებულიყვნენ ამერიკულ ყოფა-ცხოვრებაზე. ამერიკაში გასაგზავნი ახალგაზრდების მთლიანი რიცხვი 30 უნდა ყოფილიყო და ეს რიცხვი წლიდან წლამდე უნდა გაზრდილიყო. 1881 წელს მათმა რაოდენობამ 120-ს მიაღწია (Schirokauer, Conrad. Brief history of Chinese and Japanese civilizations.. 1991, გვ. 282).
ამ ახალგაზრდების მთავარი დანიშნულება იყო უპირველეს ყოვლისა შეესწავლათ თანამედროვე სამხედრო ტექნიკა, ამერიკული სამხედრო მოწყობა თუ ნებისმიერი ტაქტიკური განსხვავება, რაც დასავლურ არმიას ჩინურზე უკეთესს ხდიდა. იმისათვის, რომ ამერიკაში არ ჩამორჩენილიყვნენ ჩინურ ტრადიციულ სწავლებას მათ თან ახლდათ კონფუციზმის მენტორი. მიუხედავად ამისა, ჩინელი სტუდენტები მალე ადაპტირდნენ ამერიკაში, მისდევდნენ სხვადასხვა ამერიკულ სპორტს, ზოგიერთი ამერიკელ გოგონებზე დაქორწინდა, ნაწილი ქრისტიანობაზეც მოექცა.
საბოლოოდ, პროგრამა 1881 წელს გაუქმდა და სტუდენტები უკან დააბრუნეს (Teng, Ssu-yü. China’s response to the West: a documentary survey, 1839-1923. გვ. 95). მიზეზი ამისა, კი ჩინელი სწავლულების მასობრივი კრიტიკა იყო უცხოეთში წასული სტუდენტების მიმართ. თითქოსდა ამერიკაში სასწავლად წასული სტუდენტები გადამეტებულ ინტერესს იჩენდნენ დასავლური ცოდნის მიმართ და ინტერესს აღარ ამჟღავნებდნენ ჩინური კულტურისა და ცოდნის დაუფლებისთვის. რაც მცდარი არც იყო.
იმპერიის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაში თავისი როლი ითამაშა მასობრივმა მიგრაციებმა. XIX საუკუნის 40-50-იან წლებში იმპერიის შიგნით მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად მოსახლეობამ დიდი ნაკადით დაიწყო მიგრირება. მიგრაცია ხდებოდა განსაკუთრებით 3 მიმართულებით: პირველი სამხრეთით ინდონეზიისკენ, მეორე ლათინო ამერიკის ჩრდილოეთ ქვეყნებისკენ და მესამე ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროებისაკენ. საინტერესოა, რომ სამომავლოდ დიპლომატიური მისიების გაგზავნის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეებიც ეს ტერიტორიები იყო. ინდონეზიაში ნახევარი მილიონი ჩინელის გასაკონტროლებლად და მათთან კონტაქტის შესანარჩუნებლად წუნგლი იამენმა სინგაპურის ტერიტორიაზე 1873 წელს საკონსულო გახნა (Spence, Jonathan D. The search for modern China. 1991. გვ. 211). ზემოთ უკვე ხსენებული ამერიკაში ელჩის დანიშვნა, ამ ქვეყანასთან ადრეულმა ახლო პოლიტიკურ კავშირთან ერთად, ასევე განაპირობა შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში ჩინელების დიდი ოდენობით მიგრირებამ.
რაც შეეხება ცინგის დიდებულებისა და დაბალი ფენების დიდ ნაწილს, მათი დამოკიდებულება საიმპერატორო კარის მცდელობაზე, რომ ახლო კავშირი დაემყარებინა უცხო სახელმწიფოებთან მკვეთრად უარყოფითი იყო. ამ დამოკიდებულების კარგი მაგალითია კუო სუნგთაო. XIX საუკუნის 60, 70-იან წლებში კუო სუნგთაოს გმირად მიიჩნევდნენ იმდენად, რამდენადაც იგი თაიფინგის აჯანყების პერიოდში სიანგის არმიაში ირიცხებოდა და აქტიურად ებრძოლა ამბოხებულებს. თუმცა მას შემდეგ რაც, კუო სუნგთაო გახდა პირველი სრულუფლებიანი ელჩი ჯერ ინგლისში 1875 წელს, ხოლო შემდეგ 1878 წელს საფრანგეთში, მან მწვავე კრიტიკა მიიღო მოსახლეობის სხვადასხვა ფენებიდან.
კუო სუნგთაoმ 1878 წელს იმპერიაში დაბრუნებისთანავე, მალევე შეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა და თავის მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. ეს კი დიდ წილად გამოწვეული იყო იმ უარყოფითი დამოკიდებულებით რაც ხალხს ჰქონდა მის მიმართ გაჩენილი ბოლო წლებში. ამ უარყოფით დამოკიდებულებას უფრო აღვივებდა XIX საუკუნის 70-იან წლებში ფორმირებული კონსერვატიული ჯგუფი – ცინგ’ის მოძრაობა. ეს მოძრაობა განსაკუთრებით გამორჩეული იყო ლი ხუნჭანგის მიერ გატარებული ცვლილებების წინააღმდეგ აქტიურობით. ეს იმიტომ, რომ 70-იან წლებიდან სწორედ ლი ხუნჭანგი გახდა ყველაზე დიდი რეფორმატორი სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში. ამ ფრთის წარმომადგენელი იყო ისეთი დიდი ფიგურა, როგორიც იყო ჭანგ ჭიტონგი (James Z. Gao· Historical Dictionary of Modern China. Maryland: Scarecrow Press, 2009, გვ. 288). ცინგ’ის მოძრაობა აქტიურად უჭერდა მხარს დასავლური შეიარაღების გადმოღებასა და მათ ბრძოლებში გამოყენებას. მისი წევრების ჩინეთისთვის გამოსავალსაც საბოლოო, სამხედრო დაპირისპირებებში გამარჯვება მიაჩნდათ. სწორედ მათ წამოაყენეს მოთხოვნა, ჭანგ ჭიტონგის ჩათვლით, საფრანგეთთან ომის განახლების შესახებ (Wang Ke-wen. Modern China: An Encyclopedia of History, Culture, and Nationalism. New York & London: GARLAND PUBLISHING, INC, 1998, გვ. 667).
თავი III. რეფორმების III ეტაპი (1885 – 1895)
3.1 პრობლემები რეფორმების ჩატარების პროცესში
რეფორმების ბოლო ეტაპი არ გამოირჩეოდა ისეთი აქტიური ცვლილებებით, როგორიც წინა ორი პერიოდი იყო. თუ 70-იან წლებში ლი ხუნჭანგის გვერდით ჯერ კიდევ იყვნენ რეფორმების ისეთი დიდი მომხრეები, როგორებიც იყვნენ პრინცი კუნგი, კუო სუნგთაo და ვენსიანგი, 80-იან წლებში მათი ნაწილი გარდაიცვალა, ან უბრალოდ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორდა. ყველაზე გავლენიანი ფიგურა რეგენტი, დედოფალი ცსი მხარს უჭერდა და აფინანსებდა ლის გარკვეულ რეფორმებს, თუმცა უშუალოდ მისი ინიციატივით რაიმე დიდი გარდაქმნა არ მომხდარა. შედეგად, უმთავრესი წნეხი ლუ ხუნჭანგზე მოდიოდა. ამან კი საბოლოო ჯამში უფრო მკაფიო გახადა ის პრობლემები, რაც ადრეულ პერიოდებშიც უკვე არსებობდა.
ერთ-ერთი რეალური მიზეზი რეოფორმების სათანადოდ არაეფექტიანობისა და სიღმისა იყო სუსტი ცენტრალური მმართველობა, ცვილებების შემოტანის პროცესში ერთი ცენტრალური ფიგურის არარსებობა. XIX საუკუნის ჩინეთის იმპერატორები თავიანთი მოღვაწეობის მიხედვით იყვნენ ან ყველაზე სუსტები ცინგის იმპერატორებს შორის, ან იმ ასაკში როდესაც მათ ნაცვლად რეგენტებს ქონდათ რეალური ძალაუფლება იმპერიაში. იმპერატორი სიენფენგი (1850 – 1861) იყო უკანასკნელი ცინგის დინასტიის იმპერატორი, რომელსაც იმპერიაში რეალური ძალა გააჩნდა. ეს კი იმიტომ, რომ მის შემდეგ ტახტზე ასული იმპერატორები, ან არასრულწლოვნები იყვნენ, ანდა სხვადასხვა მაღალჩინოსნების გავლენის ქვეშ მოღვაწეობდნენ. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს დედოფალი ცსის მაგალითზე, რომელის XIX საუკუნით 60-იანი წლებიდან მოყოლებული მოდამ ცდილობდა იმპერატორის ძალაუფლება და ქმედებები მაქსიმალურად შეეზღუდა.
რეალურად რეფორმების გატარების მხარდამჭერი რამდენიმე მაღალი თანამდებონის ფიგურა იყო, ამდენად ეს პროცესი ამ რამდენიმე ფიგურის გარშემო ვითარდებოდა. მაგალითად ესენი იყვნენ პრინცი კუნგი, წენგ კუოფენგი, ლი ხუნჭანგი, კუო სუნთაო და სხვები. თუმცა ამ პირებს შორისაც გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობები იყო, გააჩნდათ პირადი შეხედულებები და ამბიციები. ასევე მათ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ სხვა დიდი ძალაუფლების მქონე მაღალჩინოსნების პოზიციები. ეს კი მაშინ, როდესაც იმპერიაში საუკუნის 70, 80-იან წლებში კონსერვატიული ფრთა აშკარად მძლავრობდა და უსწრებდა რეფორმების მხარდამჭერთა რაოდენობას, ნებისმიერ სოციალურ წრეში.
რეფორმების არასაკმარისი პოპულარობა მაღალ ფენებში ასევე გამოწვეული იყო მანჯურიელების შიშით. მიუხედავად იმას, რომ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ისინი თითქმის მთლიანად ასიმილირდნენ ადგილობრივ ჩინელებთან, მათში მაინც იყო უცხოელობის კომპლექსი. დიდი შიში იყო იმის შესახებ, რომ საუკუნეების თანაცხოვრების შემდეგაც კი ჩინეთის მოსახლეობა მათ მაინც დამპყრობელ და იმპერატორი ტახტის უზურპატორ დინასტიად მიიჩნევდა. აქვე უნდა დავძინოთ, რომ ეს შიში ბოლომდე უსაფუძვლო არ იყო. მანჯურიელებს ზოგადად ჰქონდათ პრივილეგიები. დაღმასვლის გზაზე დამდგარი დინასტიის შეცდომები კი დიდ წილად ამ პრივილიგებულ ფენებს ბრალდებოდა, რომელთა დიდი ნაწილი, საიმპერატორო საგვარეულოს მეთაურობით მანჯურიული წარმოშობის იყო. სწორედ ამის მაგალითია თაიფინგის აჯანყების მეთაურების ბრძანება დაეხოცათ ყოველი მანჯურიელი მათ მიერ დაკავებულ ქალაქებში. 1853 წელს ქალაქ ნანძინგის დაცვისთვის ბრძოლაში, მანჯურიულმა შენაერთებმა მოწინააღმდეგეებს მხოლოდ ზედაპირული წინააღმდეგობა გაუწის, მალევე დაყარეს იარაღი და აჯანყებულებს შეწყალება სთხოვეს. თუმცა თაიფინგის მეომრებმა ქალაქში მცხოვრები 20000 მანჯურიელიდან თითქმის ყველა დახოცეს (Demetrius Charles de Kavanagh Boulger. A Short History of China: An Account for the General Reader of an Ancient Empire and People. NEW YORK: FRANCIS P. HARPER, 1900, გვ. 240). სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო რეფორმების მიმართ ინტერესი ზოგადად მაღალი ფენის მანჯურიელებში დაბალი იყო.
ცალკე საკითხია საიმპერატორო კარის ხარჯები. იმპერიის საშინაო თუ საგარეო კრიზისის პერიოდში საიმპერატორო კარი ჯერ კიდევ წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობდა. ეს გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯები კი ზოგადად იმპერიის ეკონომიკაზეც მძიმედ აისახებოდა. ამის მაგალითი საზღვაო ძალების განვითარების შეფერხება 80-90-იან წლებში. თუნგჭის გარდაცვალების შემდეგ, მას მემკვიდრე არ დარჩა. იმპერატორად დედოფალმა საიმპერატორო ხაზიდან აისინ გიოროს ერთ-ერთი მცირეწლოვანი წარმომადგენელი წარადგინა იმპერატორის ტახტისთვის და მას კუანგჭუ (1875 – 1908) უწოდა, თუმცა რეალური ძალაუფლება კვლავ ცსის ხელში იყო. კუანგჭუს წამოზრდის შემდეგ, ის და მამამისი – ჩუნ ი შიშობდნენ, რომ დედოფალი არ ისურვებდა ძალაუფლების დათმობას. ამიტომაც იმპერატორმა გადაწყვიტა თავიდან აეგოთ მეორე ოპიუმის ომის დროს დანგრეული გაზაფხულის სასახლე. თითქოს გეგმა იყო ამით პატივისცემა გამოეხატა დედოფლის მიმართ, თუმცა იმპერატორის რეალური მოტივი იყო, რომ დედოფალს ამ სასახლეში მეტი დრო გაეტარებინა და ჩამოშორებოდა იმპერიის მართვის სადავეებს. იმის დიდი სურვილი, რომ სასახლე განეახლებინათ დედოფალ ცსისაც ჰქონდა (安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 170 ).
ამ პროექტის ხარჯები ძალზედ დიდი იყო, ამიტომ იმპერატორმა დახმარებისთვის ლი ხუნჭანგს მიმართა. ლის იმპერატორის ან დედოფლის წყენინება და მათ წინააღმდეგ წასვლა არ შეეძლო. ამიტომაც 1885 – 1895 წლებში სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი 22 მილიონი ვერცხლის მონეტა სასახლის მშენებლობაში დაიხარჯა. სწორედ ამ მიზეზით ჩინეთი-იაპონიის ომამდე შვიდი წლის განმავლობაში ჩინეთს ერთი ახალი გემიც კი არ შეუძენია. იმპერიის ხარჯთაღრიცხვების მიხედვით მაშინ, როდესაც იმპერიის სამხრეთ და ჩრდილოეთ სანაპიროების საზღვაო ძალებს ყოველწლიურად 4 მილიონი მონეტა უნდა მიეღოთ, 1887 – 1894 წლებში ამ ორმა საზღვაო ძალამ ერთობლივად ამ წლების განმავლობაში მხოლოდ 14 მილიონი მონეტა მიიღეს. რაც ბუნებრივია კატასტროფულად ჩამორჩება დაპირებულ 32 მილიონ მონეტას (蒋廷黻. 中国近代史. 2017, გვ. 54 ) (安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 170).
რეფორმების მესამე ეტაპის მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა იმპერატორი კუანგჭუ. იმპერატორს ზოგადად, შედარებით ნაკლები ინტერესი გააჩნდა იმპერიის სამხედრო პოტენციალის განვითარების მიმართულებით. მას შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი დიდი ხარჯები არასაჭიროდ და ზედმეტად მიაჩნდა. იმპერატორი იაპონიას, როგორც საფრთხეს ვერ აღიქვამდა. ამას ზედ ერთვის 1890-იანი წლების დასაწყისში იმპერიის მასშტაბით დიდი მოუსავლიანობა. კუანგჭუს მთელი ყურადღება სულ სხვა ტიპის საკითხების მოგვარებისკენ იყო მიმართული.
ცალკე საკითხია ლი ხუნჭანგის საზღვაო ძალებში სამეცნიერო, საბრძოლო ცოდნის დონე. პეიანგის საზღვაო ძალების დაარსების დროს მან ბრიტანელი საზღვაო ოფიცერთა სკოლის წარმომადგენლები მოიწვია, როგორც მთავარი ინსტრუქტორებად. 1884 წლისთვის ჩინეთის საზღვაო ძალებს ჰქონდათ ადრეულ მდგომარეობასთან შედარებით უკეთესი დისციპლინა, წვრთნები იყო ძალზედ გეგმაში გაწერილი, ტექნოლოგიების ფლობის მხრივ პროგრესი კი ძალიან სწრაფი. თუმცა გარკვეული გაუგებრობის შემდგომ ლი ხუნჭანგმა დაითხოვა ინგლისელი მოწვეული ექსპერტები და მათ ნაცვლად გერმანული სამხედრო კავალერიისა და საზღვაო ძალების ინსტრუქტორები მოიწვია. ამან, სხვა მიზეზებთან ერთად, მალევე გამოიწვია ჩინეთის საზღვაო ძალების ტექნოლოგიური დაქვეითება. ამასთანავე ლის მიერ დანიშნულ საზღვაო ძალების მთავარსარდალს ტინგ ჟუჩანგს (丁汝昌 (Dīng Rǔchāng) (1836 – 1895)) თითქმის არაფერი გაგეგებოდა საზღვაო ძალებისა. ის ჩვეულებრივ ხუაის არმიის კავალერიის მეთაური იყო. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ის როგორ საზღვაო ძალების მეთაური, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებდა. ჩინეთ-იაპონიის ომის დროს, იაპონიის საზღვაო ძალები მსოფლიოს მასშტაბით მეთერთმეტე ადგილზე იყო, ჩინეთის – მერვეზე (蒋廷黻. 中国近代史. 2017, გვ. 54).
ლი ხუნჭანგის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებათა შორის არ არსებობდა იმ პერიოდის თანამედროვე საჯარო სამსახურისა და აუდიტის სისტემა. მაშინ როდესაც კარგი და ღირსეული ლიდერის ყოლის დროსაც კი, კარგად გამართული სისტემის გარეშე, შეუძლებელია კორუფციის აღკვეთა.
ყურადღებას იმსახურებს ასევე ეკონომიკური დამოკიდებულება ცინგის დინასტიისა დასავლურ იმპერიალისტურ ძალებზე. გარდა ტერიტორიული და პოლიტიკური გავლენების საშუალებით საიმპერატორო კარზე ზემოქმედებისა, იმპერიას არც ეკონომიკის მხრივ ჰქონდა დამოუკიდებელი პოზიცია. ერთი ის, რომ დასავლურ ქვეყნებს მონოპოლია ჰქონდათ ჩინეთის მრავალ რესურსზე, უკვე ცუდად აისახებოდა ქვეყნის ეკონომიკაზე. ამის გარდა კი ცინგის დინასტიას ძალზედ კომპლექსური ურთიერთობა ჰქონდა დასავლურ ბანკებთან, რომელთაგანაც დინასტიამ დაახლოებით 1864 – 1894 წლებში 40 მილიონი მონეტა ისესხა (Jacques Gernet. A history of Chinese civilization. 1996, გვ 569).
3.2 ჩინეთ-იაპონიის ომი (1894-1895)
ჩინეთ-იაპონიას ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს ურთიერთობა იაპონიის პირველი სამეფოების დაარსებასთან ერთად იწყება. ჩინეთს არ ჰქონდა ინტერესი შორეული კუნძულოვანი და ნაკლებ განვითარებული სამეფო დაეპყრო. იაპონელებს, რომელიც გარე სამყაროსგან ზღვით იყვნენ მოწყვეტილი, ჰქონდათ კონტაქტის დამყარების დიდი სურვილი. V-VII საუკუნეებში იაპონიის სახელმწიფოს ფორმირებასთან ერთად იზრდება იაპონელების კავშირის ინტენსივობა ჩინეთთან. მომავალი საუკუნეების განმავლობაში იაპონიამ ბევრი რამ გადაიღო ჩინეთისგან. ეს იყო დამწერლობა, იმპერატორის ტიტულატურა, არქიტექტურა, და სხვა (ნანა გელაშვილი. იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში. თბილისი: უნივერსალი, 2012, გვ 28). შემდეგ საუკუნეებშიც მათ შორის, მცირე გამონაკლისების გარდა, ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა მშვიდად ვითარდებოდა. XVII საუკუნიდან იაპონიის იზოლაციასთან ერთად ორ ქვეყანას შორის კავშირიც ისეთი ხშირი აღარ იყო.
დასავლურ ქვეყნებთან კონტაქტის დამყარების ფონზე ამ ორი სახელმწიფოს შორის კავშირები კვლავ დამყარდა. ამის მაგალითია 1870 წელს იაპონიის მიერ დელეგაციის გაგზავნა ჩინეთში, ხოლო 1871 წლის სექტემბერში „ჩინეთ-იაპონიის მეგობრობისა და ვაჭრობის ხელშეკრულების“ (中日修好条规 – Zhōng rì xiūhǎo tiáoguī) დადება (蒋立峰、严绍璗、张雅军、丁莉. 古代东亚世界中的中日关系. https://www.mofa.go.jp/mofaj/files/100512963.pdf. 2024. 6. 24. თუმცა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება. იძულებით საზღვრების გახსნასთან ერთად ორი სახელმწიფოში თანდათან იწყება ცვლილებები. ჩინეთმა ამ მხრივ ცოტა დააგვიანდა, რადგან პირველი დიდი მარცხი მან პირველი ოპიუმის ომის წაგების დროს იწვნია. თუმცა რეფორმების გატარება იქ მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იაპონია და ჩინეთი რეფორმების გატარებას თითქმის ერთდროულად იწყებენ, კერძოდ XIX საუკუნეების 60-იან წლებში.
ორ ქვეყანას შორის კავშირი მაშინ იცვლება, როდესაც იაპონიამ თავისი ამბიციების ჩვენება . პირველად იაპონიამ თავისი ინტერესი ჩინეთის ტერიტორიების მიმართ 1874 წელს გამოამჟღავნა, როდესაც თაივანს შეუტია. მიზეზი თაივანის აბორიგენი მოსახლეობის მიერ იაპონელი მეზღვაურების მკვლელობა იყო. საბოლოო შეთანხმების მიხედვით, იაპონიამ აღიარა ჩინეთის სუვერენიტეტი თაივანზე, სანაცვლოდ ჩინეთმა კომპენსაციის სახით გადაიხადა 500 000 მონეტა და აღიარა იაპონიის გავლენა რიუკიუს კუნძულებზე ((ჩინ.: 琉球海溝 – Liúqiú hǎigōu)- ასევე ცნობილია როგორც ნანსეის კუნძულები (南西諸島 – Nansei-shotō)。აერთიანებს კიუშუსა და თაივანს შორის არსებულ კუნძულებს. მოსახლეობის ნაწილი საუბრობს იაპონურ დიალექტებზე. 1423 – 1879 წლებში არსებობდა რიუსიუს სამებო, მინგისა და ცინგის გავლენის ქვეშ)(步平. 中日历史问题与中日关系. 团结出版社. https://books.google.ge/books?id=YHZ9DwAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false. 2024. 6. 26).
თაივანის ინციდენტის შემდეგ მხარეების ინტერესების გადაკვეთის წერტილები უფრო და უფრო გახშირდა. ჩინეთი თავის გარემოცვაში ისტორიულად მუდამ დომინანტი ცივილიზაცია იყო კულტურული თუ პოლიტიკური კუთხით. იაპონიას ადრე ნომინალურად, მაგრამ მაინც თავიანთი გავლენის სფეროდ მიიჩნევდნენ, თუმცა მსგავსი პრეტენზია ჩინეთს გაცილებით გამძაფრებული ჰქონდა კორეაზე. ამ უკანასკნელზე კი ნაბიჯ-ნაბიჯ იაპონიაც იწყებდა ფეხის მოკიდებას. ამას თავის მხრივ, ჩინეთი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ცინგის დინასტიამ თავისი გავლენის ქვეშ მყოფი გარშემო ტერიტორიები მთელი XIX საუკუნის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტში დაკარგა. ამის გათვალისწინებით ჩინეთისთვის უფრო დამამცირებელი იქნებოდა ახლად აღზევებულ იაპონიასთან ასეთი მასშტაბური მარცხი.
80-იანი წლებში კორეა ჩინეთ-იაპონიის დიპლომატიური დაპირისპირების პოლიგონად იქცა. ორივე მხარეს თავიანთი მხარდამჭერები ჰყავდათ კორეის სამეფო კარზე. მდგომარეობა მხარეებს შორის 1894 წლის დასაწყისში დაიძაბა, როდესაც კორეაში მცირე მასშტაბის აჯანყება მოჰყვა, რომლის შემდეგაც პეიანგის ლიდერმა ლი ხუნჭანგმა თავისი გენერალი იუან შიკაი (袁世凯 – Yuán Shìkǎi (1859 – 1916)) გაგზავნა არმიით. მალე ამას ჩინეთ-იაპონიას შორის დაძაბულობა მოჰყვა, რასაც კორეიდან იუან შიაკის უკან გამოხმობამაც ვერ უშველა. ჩანდა, რომ იაპონელებს ომი სურდათ და ამის პროვოცირებისთვის თვითონვე შეიყვანეს ჯარები კორეის ნახევარ კუნძულზე (მარინა ჯიბლაძე (მთ. რედაქტორი). ჩინეთის ისტორია – 中国历史. 2022, გვ. 528).
ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის წინა დღეებში, ორ მხარეს შორის კონფლიქტის სავარაუდო შედეგებზე ბევრი მოსაზრებები არსებობდა. გერმანიის გენერალურმა შტაბმა იწინასწარმეტყველა ჩინეთის გამარჯვება. უილიამ ლანგი, რომელიც ამავე პერიოდში იყო ბრიტანელი მრჩეველი ჩინეთის სამხედროებისთვის, მაღალ შეფასებას აძლევდა ჩინეთის სამხედრო ძალებს, მათ შეიარაღებაში არსებულ გემებს, იარაღებს, სიმაგრეებს.
უშუალოდ ბრძოლებმა, სახმელეთო თუ საზღვაო დაპირისპირებებში, მოსალოდნელისგან სრულიად სხვა შედეგი აჩვენა. ამის კარგი მაგალითია ჩინეთ – კორეის საზღვარზე არსებული ფიონიანგისთვის (平壤(Píngrǎng) – თანამედროვე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი) ბრძოლა ხმელეთზე და მდინარე იალუსთან გამართული საზღვაო ბრძოლა (安然. 清朝很有趣. 2021, გვ. 175 -177). ორივე ბრძოლაში იაპონელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, რაც ზოგადად გასდევდა კიდეც მთელ ომს. იაპონელების მსხვერპლი თითოეული ბრძოლის დროს გაცილებით მცირე იყო ჩინელებთან შედარებით. იაპონიის არმია გამოირჩეოდა დისციპლინით, ბრძოლის წარმოებისას მასობრივად დასავლური საომარი ტაქტიკების გამოყენებით. საბოლოო ჯამში, პეიანგის არმია განადგურდა, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე.
ჩინეთ-საფრანგეთის ომში ნანიანგის ფლოტის განადგურების შემდეგ პეიანგის ფლოტი იყო უძლიერესი საზღვაო ფლოტი აღმოსავლეთ აზიაში. სანამ კუანგსუ გახდებოდა იმპერატორი ფლოტი აშკარად კარგი ტემპით ვითარდებოდა. 1889 წელს, ცსიმ გასცა ბრძანებები, რომ საზღვაო ფლოტის გაძლიერება უნდა გაგრძელებულიყო. ამას უნდა მოჰყოლოდა თანდათანობით განვითარება და გაფართოება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცსი მთავარი პოლიტიკური სარბიელიდან დროებით გავიდა, ყველა საზღვაო და სახმელეთო სამხედრო განვითარება თითქმის დამუხრუჭდა.
ისტორიკოსთა ნაწილი მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ დიდწილად ცსის ბრალი იყო საზღვაო ფლოტის კრახი. ეს მოსაზრება კი პეკინში საზაფხულო სასახლის ასაგებად საზღვაო ფლოტის გამოყენებით მყარდება, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა ჩინელი ისტორიკოსების კვლევამ აჩვენა, რომ ცსი არ იყო ჩინეთის საზღვაო ფლოტის დაცემის მიზეზი. სინამდვილეში, ჩინეთის დამარცხება გამოიწვია იმპერატორ კუანგსუს მიერ არმიის განვითარებისა და შენარჩუნების მიმართ ინტერესის ნაკლებობამ. მისმა მთავარმა მრჩეველმა ვენგ თუნგხემ (翁同和 – Wēng Tónghé (1830–1904)) ურჩია კუანგსუს, რომ შეეწყვიტა საზღვაო ფლოტისა და არმიას მთელი დაფინანსება, რადგან ის ვერ ხედავდა იაპონიას, როგორც ნამდვილ საფრთხეს. 1890-იანი წლების დასაწყისში ჩინეთის მასშტაბით რამდენიმე კატასტროფული შემთხვევა მოხდა, ამიტომაც იმპერატორი ფიქრობდა, რომ მათზე უნდა მოეხდინა ხარჯების ფოკუსირება.
ჩინეთ-იაპონიის ომის დროს მიუხედავად იმისა, რომ ჩინური გემების ქვემეხები ზომით იაპონურისაზე დიდი იყო, მათ არ ქონდათ საკმარისი ჭურვები, ამასთანავე ტყვიები არ იყო საკმარისად სავსე დენთით. უცხოელი ვაჭრები და ჩინელი საჯარო სამსახურის პირები შეთანხმებით, პირადი მოგებისთვის ამყარებდნენ კავშირს, ფეხი ქონდა მოძლიერებული კორუფციასა და საქმისადმი დაუდევრობას, რითაც სახელმწიფოს საქმეს დიდ ზიანს აყენებდნენ (Benjamin A. Elman. Naval Warfare and the Refraction of China’s Self-Strengthening … გვ. 316)
იმპერატორისა და ვენგ თუნგხეს ხსენებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ კონსერვატიული მოძრაობის ცინგ’ის როლი. ამის ასახსნელად ისიც კმარა, რომ ვენგ თუნგხე ამ მოძრაობის იდეოლოგიური წევრი იყო. როგორც წესი ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს სამხედრო დაპირისპირებებით უცხოელებთან კონფლიქტის მოგვარებას. თუმცა ამჯერად მათი ეს შეხედულება ლი ხუნჭანგის დასუსტებისა და მისი პრესტიჟის განადგურებამ სურვილმა ჩაანაცვლა. მიდიოდა აქტიური პროპაგანდა ლის კატასტროფული მარცხისა და მისი შეცდომების შესახებ.
თავისი გავლენა იქონია სტრატეგიულმა შეცდომებმა. მაშინ, როდესაც ომის დაწყებისას იაპონიას კორეის ნახევარ კუნძულზე 10 000 მეომარი ჰყავდა, ჩინეთს მხოლოდ 2 000 მეომარი ჰყავდათ გაგზავნილი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლი ხუნჭანგის გათვლა იყო დასავლური ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად. თუ მას კორეაში ჯარების დიდი რაოდენობა ეყოლებოდა, სამომავლოდ ომშიც ბრიტანეთისა და რუსეთის ჩართულობა ნაკლებ სავარაუდო იქნებოდა (Allen Fung. Testing the Self-Strengthening: The Chinese Army in the Sino-Japanese War of 1894-1895. Modern Asian Studies, Vol. 30, No. 4, Special Issue: War in Modern China (Oct., 1996), გვ. 1014). თუმცა საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა. საინტერესო ფაქტია, ისიც რომ კორეელი გლეხები ხშირად ჩინელებს ეხმარებოდნენ იაპონელების წინააღმდეგ, თუმცა ცინგის არმიას ვერც ამან უშველა (Allen Fung. Testing the Self-Strengthening: The Chinese Army in the Sino-Japanese War of 1894-1895. გვ. 1015).
ასევე გასათვალისწინებელია კომუნიკაციის მოშლის ფაქტორიც. 1894 წლის სექტემბერში იალუსთან საზღვაო ბრძოლაში მარცხის შემდეგ ვეღარ მოხერხდა ზღვის საშუალებით კორეაში განთავსებული ჩინეთის ჯარის მომარაგება (Hans Lengerer. A Pre-History of the Sino-Japanese War 1894–1895: Introduction and Summary. Warship International, Vol. 56, No. 1, March 2019, გვ. 53). ერთ საზღვაო ბრძოლაში მარცხმა პეიანგის ფლოტი და პეიანგის სახმელეთო არმია ერთმანეთისგან ფაქტობრივად გათიშა. იაპონია კი პირიქით, უპრობლემოდ ახერხებდა გემებით ჯარის გადაყვანასა და მომარაგებას.
ერთი საკითხია თუ რა იყო ჩინეთის მარცხის მიზეზები, მაგრამ სხვაა ის თუ რატომ გაიმარჯვა იაპონიამ. ერთი შეხედვით ეს უკანასკნელი არ იყო ისეთი ძლიერი და ჩამოყალიბებული ჰეგემონი, როგორც საფრანგეთი, რომელთანაც ასევე წააგო 1884 – 1885 წლებში ომი ჩინეთმა. რეალურად იაპონიასაც, ჩინეთის მსგავსად, ძალით მოუწია საზღვრების გახსნა 1854 წელს. მაშ რაში შეგვიძლია დავინახოთ ეს განსხვავებები. ასეთი სხვაობები იყო და ეს 1860 – იანი წლებიდან მოყოლებული უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. პირველი, ამ მხრივ აღსანიშნავია ცენტრალური ხელისუფლების სტაბილურობა, რითაც იაპონია ნამდვილად უკეთეს მდგომარეობაში იყო ვიდრე ჩინეთი. 1860-იანი წლებიდან მეიჯის (მეიჯი ნიშნავს „განათლებული მმართველობა“) რეფორმები იმპერატორი მუცუჰიტოს (1852 – 1912) ლიდერობით სტაბილურად მიმდინარეობდა. ეს კი მაშინ როდესაც ჩინეთში მუდამ რამდენიმე ლიდერი ჰყავდა მთელ ამ პროცესს (苗中泉. 建设国家军事能力的 政府因素探究. 北京: 中国人民大学/国际政治科学, 2014年, 第2期, გვ. 69).
მნიშვნელოვან განსხვავებებს ვიხედებით ორ ქვეყანას შორის წარმოებულ საგარეო დიპლომატიაშიც. ამის კარგი მაგალითი ე.წ. ივაკურას დიპლომატიური მისია იყო. 1871 წელს იაპონიის სამთავრობო მისია იოკოჰამიდან ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გაემგზავრა თითქმის ასი ადამიანისგან შედგებოდა. მისიაში შედიოდა მეიჯის ხელისუფლების 48 მაღალი თანამდებობის პირი – იმდროინდელი მთავრობის ოფიციალური პირების მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარი. მისიაში ასევე იყო 50 სტუდენტი, რომლებსაც საზღვარგარეთ უნდა ესწავლათ. ამ უზარმაზარი დელეგაციის მხარდასაჭერად, მეიჯის მთავრობამ, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ შეიქმნა, იმ წელს ქვეყნის შემოსავლის 2% გამოყო.
ტომომი ივაკურა იმ დროს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამასთანავე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამიტომაც აღნიშნულ მისიას “ივაკურას მისია” ეწოდა. ამ მისიაში მონაწილეობა მიიღო მეიჯის რესტავრაციის მრავალმა მნიშვნელოვანმა ფიგურამ. მაგალითად: ოკუბო ტოშიმიჩიმ, რომელიც იმ დროს ფინანსთა მინისტრი იყო, მისი მრჩეველი კიდო ტაკაიოშიმ, ასევე მრეწველობის სამინისტროს მინისტრმა იტო ჰირობუმიმ და ა.შ.
ივაკურას მისიის თავდაპირველი მიზანი იყო ევროპულ-ამერიკის ქვეყნებთან უთანასწორო ხელშეკრულებების გადახედვა. ბუნებრივია, მათი ეს შეთავაზება დიდმა სახელმწიფოებმა ერთხმად უარყვეს. ამის მიუხედავად, ივაკურას მისიას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მეიჯის რესტავრაციის ამ ძირითადი ფიგურებისთვის ამ მოგზაურობაში უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციისა და სისტემების შესწავლა. მათი გაანალიზების შემდეგ, ახალ დაწყებული იაპონიის მოდერნიზაციაში საჭირო ცვლილებების შეტანა. ერთი წლისა და ათი თვის განმავლობაში დელეგაცია ეწვია ევროპისა და ამერიკის 12 ქვეყანა, დაწერეს ასობით ტომი მიღებული ინფორმაციებისა თუ საჭირო გაკვეთილების შესახებ მათსავე ინსპექტირების ჩანაწერებში (F. G. Notehelfer, Igor R. Saveliev, W. F. Vande Walle. Monumenta Nipponica, Vol. 59, No. 1. 2004, pp. 83-119).
ივაკურას მისიის მოგზაურობა ევროპასა და შეერთებულ შტატებში უპრეცედენტო იყო არა მხოლოდ იაპონიის ისტორიაში, ამასთანავე იშვიათი მსოფლიო ისტორიაში მისი დიდი მასშტაბის, მნიშვნელოვანი პერსონალის სიმრავლის, დიპლომატიური მისიის ხანგრძლივობის, შესანიშნავი ეფექტისა და შორსმიმავალი გეგმების გამო.
გერმანიაში, რომელმაც იმხანად დაასრულა იმპერიის გაერთიანება, რკინის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა მიიღო ივაკურას მისია. ისინი არა მხოლოდ ეთანხმებოდნენ ბისმარკის ძალაუფლების პოლიტიკის თეორიას, არამედ მოხიბლული იყვნენ გერმანიის განვითარების მოდელით. ოკუბო ტოშიმიჩის სურდა გამოეყენებინა გერმანია, როგორც მოდელი იაპონიის პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისთვის.
ივაკურამ და მისმა პარტიამ დასავლური ძალების ზეწოლა, გამოეყვანათ ქვეყანა ჩაკეტილობიდან, გადააქციეს ქვეყნისთვის უზარმაზარ მოტივაციად. მათ აიღეს ინიციატივა საზღვარგარეთ წასულიყვნენ, ისწავლეს დასავლეთიდან, შეუთავსეს უცხოური გამოცდილება ქვეყნის რეალობას. ივაკურა დაეყრდნო იაპოინიის ცენრალურ მმართველობას და მიიღეს ახალი მიდგომა პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ბურჟუაზიულმა რეფორმებმა ყოვლისმომცველი გავლენა იქონიეს სხვადასხვა სფეროებში. ამის მაგალითია სამხედრო, კულტურისა და განათლების სფეროებში იაპონიას შედარებით მოკლე დროში მოდერნიზაციის გზაზე დაყენება. ივაკურას დელეგაციის წევრები აქტიურად სწავლობდნენ დასავლურ ქვეყნებს. ცდილობდნენ ადგილზევე დაკვირვებით აეხსნათ ამ სახელმწიფოების წარმატების მიზეზი. შემდეგ კი ამ ანალიზზე დაყრდნობით ჯერ შეედარებინათ დასავლეთ სამყარო აღმოსავლეთთან, შემდეგ კი უშუალოდ იაპონიასთან (F. G. Notehelfer, Igor R. Saveliev, W. F. Vande Walle. Monumenta Nipponica, Vol. 59, No. 1. 2004, გვ. 94).
ამ სწავლებისა და გაანალიზების ნათელი მაგალითია ის, რომ ძველი ჩინური და ჰოლანდიური სტილის სასწავლებლები ჩაანაცვლეს თანამედროვე ევროპული ორიენტაციის მქონეს სკოლებმა. 1871 წელს შექმნეს განათლების დეპარტამენტი, ამას კი მალევე მოჰყვა ერთიანი საგამოცდო სისტემის დანერგვაც, რომელზეც აშკარად შეინიშნებოდა ფრანგული საგანმანათლებლო სისტემის გავლენა (ნანა გელაშვილი. იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში. 2012, გვ. 307). ამ პერიოდის სხვა რეფორმებში გამოსარჩევია ერთი, რაც იმ პერიოდის ჩინეთისთვის წარმოუდგენლად აღიქმებოდა, რომ ქვეყანაში განხორციელებულიყო – გაუქმდა ფენობრივი პრივილეგიები და ყოველი იაპონელი კანონის წინაშე თანასწორი იყო (ნანა გელაშვილი. იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში. 2012, გვ. 305).
მსგავსი ტიპის რეფორმები კი ზუსტად ის წითელი ხაზი იყო, რასაც ცინგის ხელისუფლების მმართველი ფენა არასდროს არ დაუშვებდა გატარებულიყო. ამის ნათელი მაგალითია 1898 წლის 100 დღიანი რეფორმების კრახით დასრულება. 1898 წლის 11 ივნისს იმპერატორმა კუანგსუმ გამოაქვეყნა ედიქტი და გამოაცხადა იმპერიაში ცვლილებების აუცილებლობა. რეფორმები უნდა ყოფილიყო ყოვლისმომცველი, მაგალითად ყურადღება უნდა მიქცეულიყო საზღვაო ძალების განვითარებას. გამოყოფილიყო 4 წლიანი ბიუჯეტი, ყოველ წელს 6 700 000 ვერცხლი მონეტით. უნდა აგებულიყო 21 გემი ჩინეთის სანაპირო ზოლის დასაცავად (Luke S. K. Kwong. Chinese Politics at the Crossroads: Reflections on the Hundred Days Reform of 1898. Modern Asian Studies, Vol. 34, No. 3, Jul., 2000, გვ. 672). ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ რეფორმებისა, რომელიც იმპერატორს სურდა გატარებულიყო. იმპერატორმა სახელმწიფო ჩინოვნიკების ნაწილი რეფორმების მიმართ არა საკმარისი ენთუზიაზმის გამო გაათავისუფლა. ამან უკვე გააჩინა მაღალჩინოსნების დიდ ნაწილში იმპერატორისა და მის მიერ ინიცირებული რეფორმების მიმართ ანტიპათია.
აღსანიშნავია, რომ რეფორმების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ვენგ თუნგხე. ჩინეთ-იაპონიის ომის შემდეგ, იგი საბოლოოდ მიხვდა რეფორმების საჭიროებას. გააანალიზა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის კონფუციზმის მიმდევარი იყო, ცვლილებები დინასტიის შესანარჩუნებლად საჭირო იყო. ამიტომაც მან კონსერვატიული, შერბილებული რეფორმების პაკეტი წარადგინა. დაახლოებით მსგავსი რეფორმების მომხდე იყო ჭანგ ჭიტონგიც (Hsü, Immanuel C. Y. The rise of modern China. 1970, გვ. 428). თუმცა იმპერატორზე ყველაზე დიდი გავლენა სწავლული ქანგ იოუვეის (康有为 – Kāngyǒuwéi (1858 – 1927)) რეფორმების მოდელმა მოახდინა.
ქანგ იუვეის ინიციატივას უნდა მოეცვა კულტურული, პოლიტიკური და საგანმანათლებლო სფეროები. შეიძლება ითქვას რომ იგი გამოირჩეოდა თავისი რადიკალიზმით. მან განაცხადა, რომ მისასალმებელი იყო ტრადიციული სამინისტროს სისტემების გაუქმებულიყო ან ძირეულად შეცვლილიყო. მსგავსი ცვლილებები უნდა შეხებოდა სახელმწიფო სამხედრო საბჭოსა და სხვა სამმართველო ორგანოებს. ეს ცვლილებები შემდეგში თვითონ იმპერატორის მიერ გახდა ინიცირებული. თუმცა დედოფალმა ცსიმ, იმის შიშით რომ სრულიად დაკარგავდა თავის ძალაუფლების ბერკეტებს, მომხრეებთან ერთად გადატრიალება მოახდინა და რაიმე ძირეული რეფორმის გატარების მცდელობა უმალვე ჩაახშო (Wang Ke-wen. Modern China: An Encyclopedia of History, Culture, and Nationalism. 1998, გვ. 401).
დასკვნის სახით
ყოველ იმპერიას, სამეფოს, ცივილიზაციას არსებობის ეტაპებზე აქვს გარკვეული პერიოდი, როდესაც კულტურულად ან პოლიტიკურად იგი კრიზისს განიცდის. სწორედ ამ პერიოდში ვლინდება ცივილიზაციებს აქვთ თუ არა უნარი ცვლილებების მიღებისა და მათთან ადაპტაციისა.
ერთი მხრივ XIX საუკუნემ აჩვენა, რომ ცინგის დინასტია, რომელიც ჩინეთში მანჯურიელებმა დააარსეს, რეალურად სრულად ჩინური იდეოლოგიის მატარებელი დინასტია იყო. დამცირების საუკუნე კი გახდა ის გამოცდა, რამაც მკაფიო გახადა ამ უძველესი საფუძვლების მქონე იდეოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მიზეზი იმისა, თუ რატომ დამარცხდა ჩინეთი და რატომ ვერ მიაღწია წარმატებას დასავლური ტიპის რეფორმების პოლიტიკამ, იყო არა ის რომ ისინი მცდარ გზაზე იდგნენ, არამედ ის რომ რეფორმების გამტარებელი ლიდერები არ იყვნენ საკმარისად ახლებურად მოაზროვნეები, ასე რომ მათ არ ქონდათ შესაძლებლობა ეს რეფორმები სიღრმისეულად ჩაეტარებინათ.
თუმცა ლიდერები რომ ახალი შეხედულებისა და იდეოლოგიის მომხრენი ყოფილიყვნენ, მიიღებდა კი მათ საზოგადოება? ის მათთვის უფრო დიდი დაბრკოლება გახდებოდა. არასრულყოფილი რეფორმები უკვე ნეგატიურ გამოხმაურებას პოულობდა ხალხში. რატომ? მაგალითისთვის არქიტექტურასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი პრობლემა ფენგშუეის შენარჩუნებასთან იყო კავშირში.
მიუხედავად იმისა, რომ წენგ კუოფენი და სხვა ქვეყნის გაძლიერების მოძრაობის ლიდერები სწორ ხაზს მიჰყვებოდნენ, მათ მაინც ვერ შეძლეს ხალხისა და ქვეყნის გადარჩენა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ საფუძვლიანები თავიანთ რეფორმებში. რატომ არ იყვნენ საფუძვლიანები? ნაწილობრივ, იმიტომ რომ მათ ასე სურდათ და უმთავრესად იმიტომ, რომ დრომ, პერიოდმა არ დართო მათ ნება ყოფილიყვნენ საფუძვლიანები.
ამასთანავე საინტერესოა რეფორმების ლიდერთა ზოგადი პიროვნული განხილვა. როგორც უკვე რამდენჯერმე ვახსენე რეფორმებს სულ რამდენიმე დიდი ლიდერი ახორციელებდა: პრინცი კუნგი, ვენ სიანგი, წენგ კუოფენი, ლი ხუნჭანგი და წუო წუნთანგი. ისინი იყვნენ ძველ საზოგადოებაში, სოციუმში დაბადებულები, და მიიღეს მოძველებული, ჩინური ტრადიციული სტილის განათლება. არცერთ მათგანს არ შეეძლო უცხოური წიგნის წაკითხვა ლი ხუნჭანგის გარდა. არცერთი ყოფილა საზღვარგარეთ. ლი ხუნჭანგის საზღვარგარეთის მისიაც კი ჩინეთ-იაპონიის ომის მარცხის შემდეგ მოხდა1. რეფორმების ლიდერები აღტაცებული იყვნენ დასავლური ტექნიკით და ბევრს მუშაობდნენ თავიანთი მიზნების მისაღებად. ისინი პატივს სცემდნენ დასავლურ მეცნიერებას და იცოდნენ რომ დასავლური ტექნოლოგიების ბაზისი სწორედ მეცნიერება იყო. თუმცა მათ ელემენტარული ცოდნაც არ ჰქონდათ ამავე დასავლური მეცნიერებისა და ტექნოლოგიის შესახებ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი მიზეზი ამ რეფორმების კრახისა იყო, ამავე ინიციატორთა ბრმა რწმენა იმის შესახებ, რომ ჩინეთის პოლიტიკური სისტემა და სახელმწიფოებრივი სული სრულყოფილი იყო და არ საჭიროებდა ამ მხრივ რამის სწავლებას საჭირო დასავლეთიდან. საინტერესოა, რომ ამ შეფასებაზე ჩინელი და დასავლელი ისტორიკოსები ერთ აზრზე არიან. ჩინელი ისტორიკოსები მართებულად აკეთებენ აქცენტს შიდა პრობლემებზე, როგორიცაა რეფორმების პროცესში ცენტრალური, იმპერატორის ინსტიტუტის რეალურად გამოთიშულობა, საბოლოოდ წარმატების მიღწევის ბრმა რწმენა, იმპერიის მასშტაბით არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი კორუფცია, ინტერესის ნაკლებობა გაეაზრებინათ დასავლეთის ქვეყნების წარმატების გასაღები.
ჩვენი ნაშრომის დასასრულს ჩინეთის ერთგვარი კრახის ფონზე, განხილულია იაპონიის მაგალითიც. ეს კი მაშინ როდესაც იგივე დროის მონაკვეთში ამ უკანასკნელმა იგივე რეფორმები გაცილებით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახადა. მაშინ როდესაც ჩვენ უკვე ვახსენეთ და განვიხილეთ ჩინეთში წარმატების ხელშემშლელი პროცესი, იაპონიაში ეს ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. ქვეყანას ჰყავდა რეფორმების მხარდამჭერი და ამ პროცესში აქტიურად ჩართული იმპერატორი. 1860 წლიდან 1895 წლამდე სწორედ ის ედგა ამ რეფორმებს სათავეში, შესაბამისად, იაპონიაში რეფორმები შეუფერხებლად მიმდინარეობდა. რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთზე. მათ აქტიურად დაიწყეს გაანალიზება დასავლური ქვეყნების წარმატების რეალური მიზეზებისა და კერძოდ მათი შედარება იაპონიასთან.
ჩინელებში კი იაპონიისგან განსხვავებით რეფორმებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მხოლოდ ზედაპირული ნაწილი მოიცვა. ამან XIX საუკუნის 50-იან წლებში ჩამოშლის გზაზე მყოფი იმპერია ნამდვილად იხსნა. თუმცა არ გამოდგა ის რეალური გასაღები, რაც ჩინეთს იმ პერიოდის ზესახელმწიფოების გვერდით დააყენებდა. მათთან დაპირისირებაში კი მან არაერთი მარცხი იწვნია.
ავტორი: გიორგი ჭიღლაძე (ისტორიკოსი, ჩინეთმცოდნე)
Discussion about this post