ავტორი: ნათელა ჯოლოხავა
- სამხედრო ხელოვნების განვითარების ეტაპები ჩინეთში
ყველა ეპოქაში ომი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო საუკუნეთა მანძილზე და არსებითად, მისი წარმოების ძირითადი მიზეზი ტერიტორიული გაფართოება, სახელმწიფოს ძლევამოსილების გაზრდა და ფინანსური უზრუნველყოფა გახლდათ. თუმცა, ისტორიული განვითარების ადრეულ ეტაპზე, ჯარი, როგორც შეიარაღებული ორგანიზაცია, არ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ თვითმოქმედი, ქაოტური ორგანიზმი უფრო იყო მკაცრად სტუქტურირებული იერარქიის, დისციპლინისა და ორგანიზაციის გარეშე, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედრო სტარტეგიებსა და ტაქტიკებზე. მაგრამ სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე ჯარის დახვეწის აუცილებლობა გაჩნდა. ცხადია, საუკუნეთა განმავლობაში დაგროვდა ომის წარმოების დროს გარკვეული გამოცდილებები. ადამიანები ცდილობდნენ გაეანალიზებინათ გადახდილი ომი, დამარცხებისა თუ გამარჯვების გამომწვევ მიზეზებს ჩაწვდომოდნენ, რაც სამომავლოდ გამოადგებოდათ. ამ დაკვირვებებმა გამოჩენილი სამხედრო მესვეურები პრაქტიკაზე დაფუძნებული ზოგად კანონზომიერებებში მოქცეული თეორიების ერთიან კონცეფციებად ჩამოყალიბების აუცილებლობამდე მიიყვანა. სწორედ ესაა, რასაც დღეს ჩვენ სამხედრო მეცნიერებას ვუწოდებთ.
სამხედრო მეცნიერება, კერძოდ კი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი – სამხედრო ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რომელმაც ევოლუციის რთული გზა განვლო. პირველი სამხედრო თეორიული შრომები ჯერ კიდევ ადრეულ ეპოქაში, ჩინეთსა და ანტიკურ დასავლეთში გაჩნდა. ისტორიკოსები, მხედართმთავრები, სახელმწიფო მოღვაწენი და ფილოსოფოსები ბრძოლების შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე ქმნიდნენ მატიანეებს სამხედრო ლაშქრობების შესახებ, ტრაქტატებს, რჩევებს. ამ თვალსაზრისით გამოირჩევა დასავლეთის სამხედრო თეორეტიკოსების შრომები, მაგრამ მათ საპირწონედ ამჯერად ყურადღება ვამახვილებთ არა დასავლეთის, არამედ აღმოსავლურ კლასიკურ სამხედრო შრომაზე „ომის ხელოვნება“, რომელიც ძვ.წ. VI-V საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწე სახელოვან ჩინელ გამოჩენილ სტრატეგსა და მხედართმთავარს, სუნ ძის ეკუთვნის.
პლატფორმის ადმინისტრაციის შენიშვნა/კომენტარი: ჩინურ-ქართული ტრანსლიტერაციის სისტემის მიხედვით 孙子 sun zi ქართულ ენაში გადმოვა როგორც სუნ წი, თუმცა წლების განმავლობაში ინგლისურ/რუსული ტრანსლიტერაციული პრაქტიკის მაგალითზე, ფართოდ დამკვიდრდა სუნ ძი, შესაბამისად გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად სტატიაში გამოვიყენებთ უკვე დამკვიდრებულ ფორმას “სუნ ძის”. ამასთან, პლატფორმა სინოლოგია რეკომენდაციას უწევს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ ტრანსლიტერაციის სისტემას და ქართულ საზოგადოებას მისი გამოყენებისკენ მოუწოდებს.
ომის შესახებ კონცეფციები ჩინეთში, ფილოსოფიური და პოლიტიკური აზროვნების კლასიკური სკოლების განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა. იწყება ეს ძვ.წ. I ათასწლეულიდან, როდესაც ჭოუს ტომმა შანგის დინასტია დაამარცხა და თავად გაბატონდა (ძვ.წ. 1045-221 წწ). ძალიან მალე ადგილობრივი მმართველები კლანებისა და ტომის ბელადები გაძლიერდნენ და უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ჭოუს მეფეს, თუმცა, გარეგნულად ჭოუს საერთო კანონებსა და რიტუალებს აღიარებდნენ.
იმ ეპოქაში არ არსებობდა არმიის, როგორც ერთი მთლიანის, ტაქტიკის ან სტრატეგიის ცნება. თავად შეტაკებებს ცალკეულ დაჯგუფებათა შორის შერკინებების სახე ქონდა. ომები წარმოადგენდა რიტუალებისა და ქაოსის ნაზავს. როგორც წესი, ომებს არ აწარმოებდნენ მოსავლის აღების, ზამთარში ან წვიმების სეზონის დროს. მმართველები წინასწარ უცხადებდნენ მეტოქე სახელმწიფოს თავდასხმის შესახებ – ეს ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდა, რომლის დარღვევაც უკადრის საქციელად ითვლებოდა. ბრძოლის წინ უმაღლესი ქურუმები ომის წარმატებით დასრულებისთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებდნენ და ყურადღება ექცეოდა მთელ რიგ „ღვთიურ მინიშნებებს“ და არა – სტრატეგიას. იმხანად მოქმედებდა ომის დროს მოქცევის ერთგვარი წესები, ბრძოლის ეთიკა „ლი“, რომელსაც პირობითად შეიძლება „ღირსების კოდექსი“ ვუწოდოთ. დაპირისპირებული მხარეები ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ არისტოკრატებს შორის მიღებული რაინდული წესები. მაგალითად, სირცხვილად ითვლებოდა ზურგიდან თავდასხმა, მოწინააღმდეგის წაქცევით სარგებლობა და მისთვის დარტყმა და სხვ.
როგორც წესი, ბრძოლის წინ მხედართმთავრებს ან უძლიერეს გენერლებს შორის დგებოდა დუელი და ეს ორთაბრძოლა ხშირად წყვეტდა ბრძოლის ბედს. ამას ფსიქოლოგიური ეფექტიც ჰქონდა – უმეთაუროდ დარჩენილი არმია დემორალიზებული ხდებოდა და საბრძოლო სულისკვეთებას კარგავდა, რაც დამარცხების ტოლფასი იყო.
ძვ.წ. I ათასწლეულში იწყება რკინის გამოყენება და ჩინეთის საზოგადოებრივი წყობაც მკვეთრად იცვლება. სხვა ინოვაციებთან ერთად, იცვლება არმიის იერსახე, წარჩინებულთა ცერემონიებისგან მხოლოდ მოგონებებიღა შემორჩა და ბრძოლებიც მასობრივ სასაკლაოდ იქცა. გარდა ამისა, პიროვნული ღირსებისა და რაინდობის კულტი დისციპლინის კულტით შეიცვალა. ძვ.წ. V-IV საუკუნეების მიჯნაზე მცხოვრები სახელგანთქმულმა მხედართმთავარმა უ-ციმ (წარმოშობით ვეი-ს სამეფოდან იყო, მაგრამ ლუ-ს სამეფოს ემსახურებოდა) ერთხელ მეომარი სიკვდილით მხოლოდ იმიტომ დასაჯა, რომ უშუალოდ ბრძოლის წინ თვითნებურად დატოვა საბრძოლო მწყობრი და მტრის ორი ჯარისკაცი მოკლა. რადგან პიროვნულმა ღირსებებმა და ინიციატივამ გზა დაუთმო მკაცრ დისციპლინას. მეომრის ნება და მოქმედება მხედართმთავრის სტრატეგიული გეგმის ერთ პატარა ჭანჭიკად იქცა. ამან თანდათან წარმოშვა სამხედრო თეორიის, სამხედრო მოქმედებების ტაქტიკისა და ეფექტური მანევრირების შექმნის აუცილებლობა. სარდლებს ევალებოდათ, პირველ რიგში, სტრატეგები ყოფილიყვნენ, რომლებსაც უნდა შესძლებოდათ გარკვეულიყვნენ და შეეფასებინათ არსებული სიტუაცია მთლიანობაში – არა მხოლოდ სამხედრო, არამედ – პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და მორალურ ჭრილშიც. ასეთია ძველი ჩინური სტრატეგიის საფუძველი: „ომში გამარჯვება ომის წარმოების გარეშე“, რომელსაც თანამედროვე მეცნიერებაში „მანევრულ სტრატეგიას“ უწოდებენ და ეს ჯერ კიდევ ძველი ჩინელებისთვის იყო ცნობილი.
უკვე ჭოუს პერიოდის მიწურულს სამხედრო ტექნოლოგიაში ბევრი მიღწევა შეინიშნება. დიდი, კარგად გაწვრთნილი ქვეითი არმია მძლავ სამხედრო ძალად იქცა მეომარი სამეფოების პერიოდში, რომლებსაც შეეძლოთ მედგარი წინააღმდეგობა გაეწიათ მტრისთვის, რომელთაც საბრძოლო ეტლები მოუძღოდათ წინ. ძვ.წ. 300 წლისთვის მეომარი სამეფოები ერთმანეთთან საბრძოლველად აგზავნიდნენ უკვე რამდენიმე ასეულ ათას ფეხოსანს, რომელთა შემადგენლობა ქაოტური კი აღარ იყო, არამედ ორგანიზებულ და კარგად გაწვრთნილ ჯარს წარმოადგენდა.
ფეხოსანთა ჯარის განვითარებამ წარმოშვა ახალი ტიპის გენერლების საჭიროება, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მმართველები მათი შერჩევისას ყურადღებას აქცევდნენ ნიჭსა და პიროვნულ თვისებებს, არისტოკრატულ წარმოშობას კი აღარ ითვალისწინებდნენ. სამხედრო ხელოვნების შესახებ ტრაქტატებში იდეალურ მხედართმთავრად წარმოდგენილი ყავდათ მანევრების, ილუზიისა და მოტყუების დიდოსტატები. „ომის ხელოვნებაში“ სუნ ძი ამტკიცებდა, რომ გმირობა – უსარგებლო თვისებაა, რომელსაც ზედმეტი მსხვერპლი მოაქვს. სამაგიეროდ, დისციპლინას გადამწყვეტი როლი ენიჭება და ამტკიცებდა, რომ მთელი არმია ისე უნდა იყოს გაწვრთნილი, რომ უსიტყვოდ და უპირობოდ ემორჩილებოდნენ მეთაურს ისე, რომ მასში ოდნავი ეჭვიც კი არ უნდა ეპარებოდეთ.
ამგვარად შეაბიჯა ჩინეთმა ჩუნციოუს -„გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდში, რომელიც ძვ.წ. VIII-V საუკუნეებს მოიცავს. ცისქვეშეთში (ასე უწოდებდნენ ჩინელები თავიანთ ქვეყანას) ეს ის ხანაა, როდესაც ჩინეთის ტერიტორიაზე ომის დროს ორასამდე დამოუკიდებელი სამეფო-სამთავრო ჩამოყალიბდა და მხოლოდ ფორმალურად აღიარებენ თავს ჭოუს დინასტიის ქვეშევრდომებად. ეს სამეფოები გამუდმებით უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და მათ შორის უძლიერესი პირველობისთვის იბრძოდა.
ჩინეთში ათეულობით სამეფოდ დაყოფას მოჰყვა ჭანკუოს პერიოდი (ტერმინი „ჭანკუო“ 战国时代 ნიშნავს „მებრძოლ სამეფოებს“ და მოიცავს ძვ.წ. V-III საუკუნეებს. ამ დროს ჩინეთში ჰეგემონიისთვის თავდაუზოგავ ბრძოლებს აწარმოებდა შვიდი სამეფო: ცინი, ჩუ, იენი, ცი, ხანი, ჭაო, ვეი. გარდამავალი უპრატესობებით ქიშპობა ორი ასწლეული გაგრძელდა და საბოლოოდ, ცინის გამარჯვებითა და ჩინეთის სრული გაერთიანებით დასრულდა), რა დროსაც პოლიტიკური ტურბულენტობიდან გამომდინარე სამხედრო საქმე დომინანტურ როლს იკავებდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. სწორედ ჭანკუოს პერიოდში შეიქმნა ჩინეთში ჯარის ახალი სახეობები და მათ შორის – კავალერია. უზარმაზარი არმიის მართვა და მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვება პირველ რიგში, საბრძოლო მოქმედებების წარმართვა ტაქტიკური ხელოვნებისა და იარაღის სრულყოფას მოითხოვდა. ყველაფერმა ამან საფუძველი ჩაუყარა და ბიძგი მისცა სამხედრო აზროვნებისა და სამხედრო თეორიის ჩამოყალიბებას. ფართოვდებოდა შეტაკებათა მასშტაბები, იზრდებოდა იარაღის ძალა და ეფექტურობა, ვითარდებოდა სამხედრო სტრატეგია, ტაქტიკა და ტექნოლოგიები. საბოლოოდ, საბრძოლო მოქმედებებისგან მიღებული გაკვეთილები და მეთაურობის გამოცდილება შესწავლის საგნად იქცა – ადამიანები ცდილობდნენ რაიმე ფორმით შემოენახათ მიღწეული და თანაც, წარსული შეცდომებისთვის თავი აერიდებინათ. ასე ჩამოყალიბდა მეცნიერება სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების შესახებ.
იმისათვის, რომ უფრო ნათელი გავხადოთ ჩინური სამხედრო კლასიკის მნიშვნელოვნება, მოკლედ აღვწერთ რამდენიმე ისტორიულ და პოლიტიკურ მომენტს: პირველ რიგში, როგორც წესი, სამხედრო თხზულების რომელიმე კერძო პირის მფლობელობაში ქონა აკრძალული იყო და მას საიდუმლოდ ინახავდნენ. მეორეც, ყველა ეს სწავლება თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერების სახით გადაეცემოდა და მუდამ მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. საბოლოოდ კი ჩაიწერა ბამბუკის ფირფიტებზე და დღის სინათლეზე იშვიათად გამოჰქონდათ. ისინი საიმპერატორო ბიბლიოთეკაში ინახებოდა და ისე უფრთხილდებოდნენ, რომ თვით ცინის იმპერიის (ძვ.წ. 221-206, დამაარსებელი ინგ ჭენგი (嬴政), რომელმაც ტახტის ასვლის შემდეგ მიიღო ტიტული ცინ ში ხუანგ-ტი) დროს წიგნების საყოველთაო დაწვასაც კი გადაურჩა (იმპერატორმა ბრძანა მთელი იმპერიის მასშტაბით სამედიცინო წიგნების გარდა ყველას განადგურება). საიდუმლო ლიტერატურას ათავსებდნენ არქივში, სპეციალურ საცავში და მასთან წვდომის უფლება მხოლოდ რამოდენიმე პიროვნებას – იმპერატორსა და მასთან დაახლოებულ რამდენიმე უმაღლეს თანამდებობის პირს ჰქონდა. გარდა ამისა, კრიტიკულ სიტუაციებში არქივი ამ პრივილეგირებულთათვისაც კი იხურებოდა.
- სუნ ძის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები
როგორც აღვნიშნეთ, ძვ.წ. III საუკუნემდე ჩინეთმა ათასწლოვანი შეურიგებელი კონფლიქტების ხანა განვლო და საბოლოოდ, ერთ დიდ, ცენტრალიზებულ იმპერიად გაერთიანდა. ჩუნციუსა და ჭანკუოს ეპოქებში ჩინეთს არაერთი ნიჭიერი მხედართმთავარი მოევლინა. ძვ.წ. III საუკუნემდე ომები, პრაქტიკულად არ შეწყვეტილა. სამხედრო თემატიკაზე იმ არცთუ ისე მრავალრიცხოვან თხზულებებს შორის, რომელიც ჩინეთის გაერთიანებამდე შექმნილა და შემონახულა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სუნ ძის „ომის ხელოვნება“. აღნიშნულ ნაშრომში იგი გვთავაზობს სამხედრო დაპირისპირების წარმოების იმ დროისთვის უაღრესად ნოვატორულ ხედვას, რაც ე.წ. „რიტუალური ბრძოლებისგან“ მკვეთრად განსხვავდებოდა.
სუნ ძი და „ომის ხელოვნება“
სუნ ძიმ შეიმუშავა სამხედრო თეორიები, რომელიც ფსიქოლოგიურ ომზე იყო გათვლილი. იმ ეპოქაში, როდესაც მთელი სამხედრო მეთოდები მოწინააღმდეგის ფიზიკურ დათრგუნვას ეფუძნებოდა, ეს ინოვაციური მიდგომა იყო. როგორც ჩინეთის ისტორიის მამად წოდებული სი მა ციენი (司马迁 ხანის დინასტიის ჩინელი ისტორიოგრაფი, ძვ.წ. 145-87 წლებში. ჩინურ კულტურაში იგივე როლი ითამაშა, როგორც დასავლურ სამყაროში ჰეროდოტემ). თავის ისტორიულ წყაროში „ში ძი“ („ისტორიული ჩანაწერები“) წერს, რომ სუნ წი გვარად ყოფილა უ და დაიბადა ცი-ს სამეფოში. სი მა ციენი არ მიუთითებს სუნ ძის დაბადებისა და გარდაცვალების წლებს, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, რომ დიდი სტრატეგის მოღვაწეობა განეკუთვნება ძვ.წ. VI საუკუნის II ნახევარსა და Vსაუკუნის დასაწყისს. ნაშრომში ხსენებულია მმართველი ხე ლუ (უ-ს სამეფოს მეფე ძვ.წ. 514-496 წწ), რომელიც ხსენებულ პერიოდში იკავებდა ტახტს. მიუხედავად იმისა, რომ სუნ ძი ჩინებული სტრატეგი იყო, დიდად განსწავლული, განმარტოებით ცხოვრობდა. ამ მემატიანის თანახმად, სუნ ძის თავის ტრაქტატი ხე ლუსთვის წარუდგენია და მას შემდეგ, რაც მმართველი ნაშრომს გაეცნო, მთავარსარდალი სამხედრო საქმეზე სასაუბროდ თავისთან მიუწვევია. მაგრამ ერთია თეორიული პოსტულატების წამოყენება, მაგრამ მეორე – პრაქტიკაში მისი განხორციელება. ამიტომ ხე ლუმ სთხოვა მაგალითით ეჩვენებინა და რეალურად განეხორციელებინა თავისი შესაძლებლობები, რაც სუნ ძიმ ბრწყინვალედ შეასრულა და ხე ლუმ იგი თავის მთავარსარდლად დანიშნა.
სუნ ძიმ გაანადგურა ჩუ-ს სამეფო და აიღო მისი დედაქალაქი ინი (დღევანდელი ძიანგლინგის რაიონი, ხუპეის პროვინცია) რითაც ში შის ზარი დასცა ცი-სა და ძინის სამეფოს მმართველებს. უ-ს სამეფომ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ტერიტორიები და ძალაუფლება გაავრცელა მეზობელ სახელმწიფოებზე. ამ წარმატებებს ხე ლუ სუნ ძის უმადლოდა.
საგულისხმოა, რომ სიმა ციენის მიერ გადმოცემული ფაქტები ისტორიულად დადასტურებულია გარდა თავად სუნ ძის პიროვნებისა. კერძოდ, წუო ჩუანი ანუ „წუოს კომენტარები“ (左傳 ძველი ჩინეთის ისტორიული პროზის ძეგლი. თხზულება მოიცავს ძვ.წ. 722-468 წლების პერიოდს და ძველი ჩინეთის შესახებ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს) გვამცნობს, რომ უ-ს სამეფოს ნამდვილად გაუნადგურებია ჩუ-ს სახელმწიფო ამ პერიოდში. მაგრამ ამავე წყაროში ჩუ-ს სამეფოს შემმუსვრელად ნახსენებია მეფე და არა მხედართმთავარი. სავარაუდოდ, ეს იმის გამო შეიძლება მომხდარიყო, რომ სუნ ძი, როგორც სხვა სამეფოს მკვიდრი, დაქირავებული სტრატეგი იყო და ამიტომ, ოფიციალურად არც ყოფილიყო არმიის წინამძღოლი. მითუმეტეს, რომ იმ ეპოქაში, ჯარების მთავარსარდლებად, უმთავრესად, თვითონ მეფეები გვევლინებოდნენ. შესაბამისად, შეიძლება ოფიციალური სტატუსი არ ჰქონოდა, მაგრამ ფაქტობრივად იგი ხელმძღვანელობდა სამხედრო კამპანიებს.
გამომდინარე იქიდან, რომ სიმა ციენის „ისტორიული ჩანაწერების“ გარდა სუნ ძის პიროვნების რეალურად დამადასტურებელი წყარო არ არსებობს, ზოგი მკვლევარი საეჭვოდ მიიჩევს მის არსებობას და გამოჩენილი მხედართმთავრის, სუნ პინის (გამოჩენილი ჩინელი მხედართმთავარი, მწერალი და ფილოსოფოსი, მცხოვრები ცი-ს სამეფოში ძვ.წ. 380-325 წწ) პროტოტიპად მიიჩნევს. თავად სიმა ციანი კი სუნ პინს სუნ ძის შორეულ შთამომავლად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ სუნ პინი თავისი სახელოვანი წინაპრის სამხედრო მეთოდებს აქტიურად იყენებდა.
მას შემდეგ, რაც უ-ს სამეფოს სამსახურში თავის მისია ამოწურა, სუნ ძი დაბრუნდა თავის სამშობლოში და იქვე გარდაიცვალა. ესაა მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, რას მის შესახებ ცნობილია.
როდესაც სუნ ძის პიროვნების იდენტიფიცირება გართულებულია, ეკუთვნის თუ არა ტრაქტატი უშუალოდ მას და არა – სუნ პინს, ჯერაც გარკვეული არ არის და სერიოზულ დილემას წარმოადგენს, რადგან ამაზეა დამოკიდებული თავად ტრაქტატის შექმნის თარიღიც, მაგრამ თხზულებაში, კონკრეტულად, XI თავში საუბარია „პა“-ს შესახებ ანუ თანამედროვე ენით რომ თქვათ, ჰეგემონიაზე და მის მოქმედებაზე. როგორც ვიცით, „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდში დომინირებისთვის იბრძოდა ხუთი სამეფო. ავტორი ცალსახად მის თანადროულ მოვლენებზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს და არა – ისტორიულ წარსულზე, ამიტომ მართებული იქნება დავასკვნათ, რომ ტრაქტატი VI საუკუნეს განეკუთვნება. მითუმეტეს, რომ სიმა ციენის ცნობით, ეს ტრაქტატი სპეციალურად უ-ს სამეფოს მმართველის, ხე ლუსთვის შეიქმნა, რაც კიდევ ერთი არგუმენტია საიმისოდ, რომ აღნიშნული დოკუმენტი ზემოხსენებულ პერიოდს მივაკუთვნოთ. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ XX საუკუნის ჩინელი ისტორიკოსი ჭენ ლინი თავის დასკვნებში უფრო შორსაც მიდის და „ომის ხელოვნების“ შექმნის თარიღად ძვ.წ. 510 წელს (გავიხსენოთ, რომ ხე ლუს მართველობა ძვ.წ. 514 წელს დაიწყო და ცხადია, 510 წელს იგი ტახტზეა) ასახელებს.
„ომის ხელოვნებამ“ ჩვენამდე მოაღწია ცამეტი თავისგან შემდგარი თხზულების სახით, თუმცა, სიმა ციენი „ში ძი“-ში წერს, რომ ხე ლუმ სუნ ძის მიმართა, წავიკითხე შენი ცამეტივე თავიო. აქედან გამომდინარე ვასკვნით, რომ თხზულება იმთავითვე ამ რაოდენობის ნაწილისგან შედგებოდა, თუმცა, უცნობია, შინაარსობრივად თითოეული თავიდან სრულად არის თუ არა მოღწეული. თითოეული თავი გარკვეულ თემას ეხება და მიმოიხილავს.
- ომის წარმოების პროცესში რწმენა, ცრურწმენა და შთაგონება, როგორც ქმედების მოტივატორ-დემოტივატორი ფსიქოლოგიური ფაქტორები
სუნ წი ტრაქტატში საკუთარი აზრებისა და შეგონებების ფორმულირებისას მოკლე ფრაზებს იყენებს, თუმცა, საერთო ჯამში, ტექსტი მარტივი ენითაა დაწერილი. ძველი ჩინური ენისთვის დამახასიათებელი ქარაგმული და ხატოვანი გამონათქვამები აქ არ შეიმჩნევა, თუმცა, ავტორის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი ან ფრაზა დამატებით განმარტებებს საჭიროებს. თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ ეპოქას და მას შემდეგ რამდენად შეიცვალა სამწერლობო თუ სამეტყველო ლექსიკა, ეს გასაკვირი არც უნდა იყოს.
ნაშრომში რაც პირველ რიგში ყურადღებას იქცევს, ესაა ბრძოლის წინ თითოეული დეტალის დაგეგმვა, გათვლა, ორგანიზება და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედება. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სუნ ძის თხზულება ომის წარმოების მეთოდებს ეხება და მის წარმატებით დაგვირგვინებას ისახავს მიზნად, უპირატეს მნიშვნელობას ის დიპლომატიურ, ფსიქოლოგიურ სვლებს ანიჭებს. ავტორი მიიჩნევს, რომ სადაც ომის მოგება შესაძლებელია ბრძოლის გარეშე, იქ სამხედრო დაპირისპირება სისულელის ტოლფასია: „განათლებული მმართველი ომს ფრთხილად ეკიდება, კარგი სარდალი – პატივისცემით. ეს არის სამეფოსთვის მშვიდი ცხოვრების შექმნისა და ლაშქრის გაფრთხილების დაო“, – წერს ავტორი. სუნ ძის გაცილებით ეფექტურად მიაჩნია ომის მოგება ფსიქოლოგიური მეთოდებით და მინიმალური დანაკარგებით, ვიდრე ფიზიკური განადგურებითა და დიდი მსხვერპლით, თუნდაც ეს მტრის ხარჯზე მოხდეს. იგი აღნიშნავს, რომ ომში გამოცდილი სარდალი მოწინააღმდეგის არმიას უბრძოლველად ამარცხებს, გამარჯვება უნდა მოიპოვოს ფსიქოლოგიური ზეწოლით, ერთი სიტყვით, მოტყუებით. მაგრამ ეს ფორმულირებები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სუნ ძი უარყოფს ან უგულებელყოფს ბრძოლას ფიზიკურ დაპირისპირების სახით. უბრალოდ, ეს უკიდურესი ზომაა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ჯერ „გეგმა A”- სამხედრო დაპირისპირების დროს უბრძოლველად მოგების მცდელობა. თუ არ გაამართლა ან შესაბამისი პირობები არ არსებობს, მაშინ „გეგმა B”- ფიზიკური კონფლიქტი და ანგარიშსწორებაა გამოსავალი. სუნ ძი არც უკანდახევას თვლის სათაკილოდ და მიიჩნევს, რომ ეს პასიური მდგომარეობა კი არა, აქტიური თავდაცვაა: “ის, ვისაც მოცემულ დროს გამარჯვება არ ხელეწიფება, თავდაცვით მდგომარეობაში გადადის”, “თავდაცვაში დახელოვნებული თავს მიწის წიაღში იმარხავს… ასე ძალუძთ მათ თავის გადარჩენა და საბოლოო გამარჯვების მოპოვება”, ამბობს სუნ ძი IV თავში.
სუნ ძი თავის ნაშრომს იწყებს ომის მნიშვნელობის და დანიშნულების განმარტებით სახელმწიფოსთვის და მას უწოდებს “გადარჩენის ან გაქრობის გზას”. ხაზს უსვამს სარდლის უდიდეს ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას არა მხოლოდ ჯარის მართვის, არამედ ომის წაგება-მოგების საკითხში: „რომელი სარდალია უფრო უნარიანი? ვინ შეიცნო ზეცა და მიწა? ვისი კანონები და ბრძანებები სრულდება უკეთ? ვისი ძალებია უფრო ძლიერი? ვისი მეთაურები და ლაშქარია უკეთ გაწვრთნილი? ვისი ხელით გაცემული ჯილდო და სასჯელია უფრო დამსახურებული და სამართლიანი?“
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუ ქვეშევრდომს უფროსის მიმართ უნდობლობა აქვს და ეჭვი შეაქვს მის მოქმედებებში, პირდაპირ ან ირიბად წინააღმდეგობას გაუწევს, არ დაემორჩილება. ამიტომ სუნ ძის მიხედვით, სარდალი გულწრფელად უნდა მიუდგეს ჯარისკაცებს, იყოს სამართლიანი როგორც წახალისებისას, ისე – დასჯის დროს. სუნ ძი ასეთ სიტყვებს ამბობს: „როცა წვიმა მდინარის საწინააღმდეგოდ მოდის, მდინარე ქაფდება. თუ მდინარის გადაჭრა გაქვს გადაწყვეტილი, წყლის ჩადგომამდე მოიცადე“. სახელოვანი სტრატეგის სიტყვები ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით როდი გაიგება. აქ შეიძლება სარდლის ბრძანება, გადაწყვეტილებაც მოვიაზროთ, რომელიც თუ ეწინააღმდეგება ხალხის ან ჯარის ინტერესებს ანუ ამ უკანასკნელებმა უსამართლოდ ჩათვალეს, ის აჯანყდება. მეთაურისადმი ნდობა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება ომის წარმოების საქმეში. ისტორია იცნობს ბევრ შემთხვევას, როცა სარდლისადმი რწმენით მოუგიათ ბრძოლა.
ტრაქტატში ერთგან ავტორი ცის და მიწის შეცნობაზე საუბრობს. როგორც ცნობილია, ჩინეთში, უძველეს დროში ციურ, ასტროლოგიურ მოვლენებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ათასგვარ ცრურწმენებს ბადებდა. ტრაქტატში აღნიშნულია, რომ უმაღლესი ქურუმები წინასწარმეტყველებდნენ ომის დასრულების შედეგს და ეს უპირობო ფაქტად აღიქმებოდა. შესაბამისად, წინასწარი ფსიქოლოგიური განწყობა მუშავდებოდა. გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის თანახმად, იმისათვის, რომ სუბიექტმა რომელიმე გარკვეული სახის ქცევა განახორციელოს, მასში ჯერ უნდა აღმოცენდეს წინასწარი მზაობა ანუ განწყობა, რომელიც ამ სუბიექტის შემდგომ აქტივობას განსაზღვრავს. მარტივად რომ თქვათ, როგორი განწყობაც შეექმნება ინდივიდს კონკრეტული მოვლენის ან ქცევის მიმართ, ისეთ ქმედებასაც განახორციელებს. სწორედ ამ მიზეზით, რომ წინასწარი ფსიქოლოგიური მზაობა არ შემუშავებოდათ და „ციურ ძალებზე“ არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი, არამედ სარდლისადმი ნდობაზე და საკუთარ დისციპლინაზე, შესაძლებობაზე, სუნ ძი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ მკითხაობას და ჯარში მის აკრძალვას ქადაგებდა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ განწყობის შემუშავება, შთაგონების ძალა თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა წინამძღოლს და სწორედ ამას ემსახურებოდა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და სარდლისადმი უპირობო რწმენის ჩამოყალიბება, რაზეც სუნ წი საუბრობს. ლიდერის როლი სწორედ იმაშია, რომ მეომრებს მისცეს რწმენა, რადგან მისი ძალა მთებს გადადგამს. რწმენა ჰიპნოტური ძალის მატარებელია და გარკვეული სულიერი მდგომარეობის შექმნას ისახავს მიზნად.
სტრატეგი ვეი ლიაო თავის ტრაქტატში „ვეი ლიაო წი“ („ვეი ლიაოს სწავლება“) მნათობებისადმი რწმენას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მაგალითიც მოჰყავს შემდეგი მოვლენა: როდესაც ჩუ-ს სამეფოს გენერალი კუნ ძი სინი ცი-ს სამეფოს ეომებოდა, ცაზე კომეტა გამოჩენილა. ჩუ-ს ჯარში ატყდა ჩოჩქოლი, რომ ცოცხის კუდი (ჩინელები კომეტას ცოცხთან აიგივებდნენ) ცი-ს სამეფოს მხარესაა მიმართული და დამარცხება არ აგვცდებაო. ჩუ-ს მთავარსარდალსაც ურჩიეს, ნუ შევუტევთ მოწინააღმდეგეს, ცა სასიკეთოს არაფერს გვიქადისო. აქ კუნ ძი სინის დამოკიდებულებაა საინტერესო, რომელმაც უპასუხა, რომ კომეტამ არაფერიც არ იცის. ვინც ცოცხით ომობს, ცოცხის თავსაც საითაც უნდა იქით შეატრიალებს და გამარჯვებასაც მოიპოვებსო. ამაში იგულისხმება, რომ სანამ ცას მიმართავ, მანამ ჯერ საკუთარ ჭკუას უნდა დაეკითხო. მაშასადამე, მთავარსარდალს კარგად ესმოდა შთაგონების ძალის და ხალხის მასების ცრურწმენების სათავისოდ გამოყენების მეთოდისაც. როგორც ვიცით, არსებობს საშუალებები, რომლის გავლენით შეიძლება ხალხის იმ ზომამდე მიყვანა, როდესაც მათ საკუთარი შეხედულება უქრება და წინამძღოლის მიერ შთაგონებული აზრის მიხედვით მოქმედებს.
სუნ წი პირდაპირ მიუთითებს XIII თავში: “…სანდო ცნობებს სულები და აჩრდილები ვერ მოგაწვდიან, მათ შესახებ ბუნებრივ მოვლენებში ვერ ამოიკითხავ და ზეციურ ნიშნებში ვერ ამოიცნობ”. მაშასადამე, თავისი საქმის მცოდნე და განათლებულ მეთაურს ცრურწმენებმა და წინასწარგანწყობამ ხელ-ფეხი არ უნდა შეუბორკოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მთელი არმიის საბრძოლო სულისკვეთებაზე იქონიებს გავლენას, რაც საბოლოოდ, მათ ბრძოლისუნარიანობასა და ომის შედეგზე აისახება.
ზემოთ ვახსენეთ მეთაურის მხრიდან ცრურწმენების და შთაგონების ძალის სათავისოდ გამოყენება, დასჯისა და წახალისების მეთოდების გავლენა. უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილი მითები (ზეწარმოდგენები) და გარკვეული სიმბოლოები (სიგნალი, ნიშანი, ავგაროზი, ემბლემა და ა.შ.) საბრძოლო ქცევის რეგულაციის მექანიზმად გვევლინება. მისი მეშვეობით ინდივიდი რწმენასა და მოტივაციას პოულობს იქ, სადაც იგი არ ძევს. ჯარისკაცების გმირულ საქციელთა წახალისებები, საპატიო წოდებების მინიჭებაც ერთგვარ სიმბოლოებს წარმოადგენენ, რომლებიც ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და მოტივაციის ინსტრუმენტია. ყოველივე ზემოთქმული სუნ წის მხედველობიდან არ გამორჩენია და სწორედ ეს ქონდა მხედველობაში, როცა ამბობდა, სარდალი სახელმწიფოს საყრდენიაო. სუნ წი გვეუბნება, რომ თუ ჯარისკაცების დასჯას განახორციელებ, სანამ შენს ნდობას მოიპოვებს, მას ვერ დაიმოჩილებო. ხოლო თუ აღარ დასჯი მას შემდეგ, რაც უკვე შენზე მოჩვეულია, პატივისცემას დაკარგავს და გამოყენება გაგიჭირდებაო. აქედან გამომდინარეობს, რომ ავტორი დიდ ყურადღებას აქცევს ჯარის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს და მის გათვალისწინებას ურჩევს მხედართმთავარს. მაგალითად, ერთგან სუნ Zი ამბობს: „თუ მეომარი იარაღზე ჩამოყრდნობილა, მას შია. თუ მან, ვინც წყალს ავსებს, პირველმა დალია, ლაშქარი მწყურვალია. როდესაც მოწინააღმდეგე სავარაუდო სარგებელს ხედავს, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია, წინ წავიდეს თუ არა, ეს ნიშნავს, რომ ლაშქარი დაღლილია“. მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რომ ჭკვიანი მხედართმთავრის მოვალეობა მხოლოდ საკუთარი მეომრების შესწავლა და გათვალისწინება კი არა, მტრის არმიის შესწავლაცაა, რაც მას სამომავლოდ წარმატებით მოქმედებისა და მანიპულირების შესაძლებლობებს აძლევს.
- ინფორმაციული ომი და მოტყუების ხელოვნება, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედების მექანიზმი
ტერმინი “ინფორმაციული ომი” განიმარტება, როგორც ოპერაცია, რომელიც ტარდება მოწინააღმდეგეზე ინფორმაციული უპირატესობის მოპოვების მიზნით. ინფორმაციულ ომს უხსოვარი დროიდან იყენებს კაცობრიობა და მისი ელემენტებია: დეზინფორმაცია ანუ ყალბი ცნობების გავრცელება (მათ შორის, ჭორების, ცრუ დასმენა), ჯაშუშობა (მოიაზრება სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაციის მოპოვება-დაცვა), პროპაგანდა ანუ ხალხის ფსიქოლოგიური დამუშავება (შეხედულებებით მანიპულირება), სწორი კომუნიკაციისთვის ხელის შეშლა (მათ შორის, მოკავშირეებს ან ზემდგომ-დაქვემდებარებულს შორის ინფორმაციის სწორად მიმოცვლისთვის ხელის შეშლა) და სხვ.
მაგალითებიდან ჩანს, რომ ინფორმაციული ომის ნებისმიერ სახეს ფსიქოლოგიური მანიპულაცია უდევს საფუძვლად, რომლის აუცილებელი კომპონენტი შთაგონებაა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს უკანასკნელი ადამიანში იწვევს ისეთი დამოკიდებულებების, განწყობისა და აზრების წარმოშობას, და უარეს შემთხვევაში, ქცევის განხორციელებას, რაც მისთვის მახასიათებელი არ არის და ამოვარდნილია მისთვის დეკლარირებული ნორმებიდან.
ახლა მოკლედ მიმოვიხილავთ ინფორმაციული ომის იმ მეთოდებს, რომელზეც უშუალოდ სუნ ძი ამახვილებს ყურადღებას.
III თავში ავტორი მტრის გეგმების ჩაშლისა და მისი კომუნიკაციებისთვის ხელის შეშლის სტრატეგიაზე საუბრობს, რასაც ომის ხელოვნების საუკეთესოდ ცოდნას უწოდებს. ეს დებულება თვისობრივად, სწორედ რომ ინფორმაციული ომის ის ტექნიკური საშუალებებია, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი და ჯერ კიდევ ძველი ჩინელებისთვის იყო ცნობილი. ცხადია, პოტენციურ მტრებს შორის კავშირების მორღვევა ტყუილის, დიფამაციისა (სახელის გამტეხი და მადისკრიდიტებელი ყალბი ან ნამდვილი ცნობების გავრცელება) და დეზინფორმაციის გავრცელების გარეშე არ ხდება. თუ რაიმე შეიქმნება არარსებულისგან ანუ ტყუილისგან, მაშინ ეს უკანასკნელი რეალობა გახდება. რაც უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ტყუილი, მით უფრო იჯერებენ. ჩინეთის ისტორიაში ამის ბევრი მაგალითი არსებობს.
მოკავშირეებს შორის განხეთქილების ვაშლის ჩამოგდების ტაქტიკაზე სუნ ძი ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ თუ მტერი ერთსულოვანია, მათ შორის უთანხმოება ჩამოაგდეო. მისი აზრით, ეს არა მხოლოდ მათი ძალების დასაქსაქსად, არამედ იმისთვისაც საჭიროა, რომ თავად გაძლიერდე მათ ხარჯზეო. ეს ეხება როგორც დიპლომატიური კავშირების რღვევას, ისე – საომრად გამზადებულ მოკავშირეთა არმიის ფრონტალურ გახლეჩას. გათიშვისა და ცილისწამების სტრატეგია ფსიქოლოგიურ ბზარს აჩენს, ერთმანეთის მიმართ ეჭვები და უნდობლობა უჩნდებათ და საბოლოო ჯამში, შფოთის შემტანის წისქვილზე ასხამს წყალს.
არასწორი კომუნიკაციის ორგანიზება არანაკლებ მნიშვნელივანია. საგულისხმოა, რომ მტრის რიგების ერთმანეთისგან გათიშვაში მხოლოდ მოკავშირეები ან ჯარისკაცები არ იგულისხმება. შეიძლება დავაცალცალკევოთ მოწინააღმდეგის საჯარისო ნაწილები – წინა და უკანა ფლანგები, მათი მეთაურებს შორის მოხდეს უთანხმოება ან სახელმწიფო მეთაურსა და მის სარდლებს შორის. ერთი სიტყვით, გათიშულობას ჰორიზონტალური პრინციპით მოვახდენთ თუ ვერტიკალურად, საშუალება მაინც ერთია – არასწორი კომუნიკაციის ორგანიზება, ფაქტების დამახინჯება და დისკრედიტაციის მეთოდი: „…ვისაც სამხედრო საქმის გამოჩენილ მოღვაწეებს უწოდებდნენ, კარგად შეეძლოთ მტრის წინა და უკანა რიგების ერთმანეთისგან განცალკევება; დიდებულისა და მდაბიოსთვის ერთმანეთისთვის დახმარების ხელის შეშლა; მეთაურებისა და რიგითებისთვის ერთმანეთის ნდობის გაქარწყლება; აგრეთვე, რიგების განცალკევება და ხელახალი დაწყობის აღკვეთა“, წერს თხზულების ავტორი.
თავისი ნაშრომის XII თავში სუნ ძი ახსენებს მტრის ბანაკში ხანძრის გაჩენის შემთხვევას, რა დროსაც მართებულია შენც დაუმატო, თუ შეგიძლიაო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ავტორის ნათქვამი ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგება და მასში შეფარული აზრიც იკითხება. ხანძარი შეიძლება უთანხმოებასთანაც გავაიგივოთ და მაშასადამე, თუ მოწინააღმდეგესთან სიტუაცია დაიძაბა და უსიამოვნება ჩამოვარდა, ჭკვიანური სვლაა ამით სარგებლობა და ყალბი ცნობების სახით „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ პოლიტიკას მივმართოთ. ესაა, რასაც ჩვენ დეზინფორმაციის გავრცელებას ვუწოდებთ და იგი ერთგვარი პროპაგანდაა. ხშირად ეს უკანასკნელი უარყოფით ქცევასთან ასოცირდება, მაგრამ ცუდია თუ დადებითი, იმაზეა დამოკიდებული თუ რას ემსახურება. იგივე აზრს ავითარებს სუნ წი, როცა მსტოვრების მიერ ქვეყნის გარეთ სასარგებლო ცრუ ცნობების გავრცელებაზე საუბრობს. მაგრამ როდესაც ტრაქტატის ავტორი მოწინააღმდეგის გასანადგურებელ რჩევებს იძლევა, იქვე არ ავიწყდება თავის დასაცავი მეთოდები შემოგვთავაზოს, რაც ხშირად, ლოგიკურად იმის პოლარულად საპირისპიროა, რასაც მტრის წინააღმდეგ იყენებს. მაგრამ როდესაც ტრაქტატის ავტორი მოწინააღმდეგის გასანადგურებელ რჩევებს იძლევა, იქვე არ ავიწყდება თავის დასაცავი მეთოდები შემოგვთავაზოს, რაც ხშირად, ლოგიკურად იმის რადიკალურად საპირისპიროა, რასაც მტრის წინააღმდეგ იყენებს. ასე, მაგალითად, წინამდებარე თავის თემატიკასთან დაკავშირებით გვირჩევს, რომ აღვკვეთოთ ყოველგვარი ჭორების გავრცელება და ეჭვი.
აღწერილი ინფორმაციული ომის მეთოდების საილუსტრაციოდ ურიგო არ იქნებოდა ისტორიული მაგალითები მოგვეყვანა. აღვწერთ შუღლის ჩამოგდების, ცილისწამებისა და სხვისი ხელით მეტოქის მოცილების შემთხვევას:
ჭანკუოს პერიოდში ვეი-ს და ჭაო-ს სამეფოებმა კავშირი შეკრეს, რომლის სიმტკიცის გარანტად ვეი-ს ტახტის მემკვიდრე ჭაო-ში მძევლად უნდა წარგზავნილიყო, რომლის ორგანიზებაც ვეი-ს მმართველმა თავის მრჩეველს დააკისრა. იგი ჭკვიანი კაცი იყო, იცოდა რამდენი მოშურნეც ყავდა სამეფო კარზე და ისიც გათვალა, მისი გამგზავრების შემდეგ მისი სახელის ლაფში ამოსვრას რომ შეეცდებოდნენ. ამიტომ ვეი-ს მეფეს შეჰკადრა:
-მეფეო, ვინმემ რომ გითხრათ, ქუჩებში ვეფხვი დავინახეთო, დაუჯერებთ? – რაზეც მეფემ უარყოფითად უპასუხა.
-ორმა ადამიანმა რომ გითხრათ ერთი და იგივე? -მრჩეველმა ისევ უარი მიიღო მმართველისგან.
-თუ სამი კაცი მოვიდა და ერთხმად გაჯერებთ, ვეფხვი დადის ქუჩებშიო?-ამჯერად მეფე დაფიქრდა და მიუგო, ცხადია, ვირწმუნებ. როცა სამი კაცი ერთსა და იმავეს იმეორებს, საფუძველი არ მაქვს, რომ არ დავიჯერო. ამაზე მინისტრმა უპასუხა, როდესაც უფლისწულს ვეახლები უცხო სახელმწიფოში, ჩემი შორს ყოფნით ისარგებლებენ და ცილს დამწამებენ. ამიტომ, სანამ განაჩენს გამომიტანდეთ, კარგად აწონ-დაწონეთო. მმართველმა დაამშვიდა, რომ მისი სჯეროდა და ვერანაირი ჭორები, ცრუ ინფორმაცია მის შეხედულებაზე ვერ იმოქმედებდა. გამოხდა ხანი და მრჩევლის ვარაუდი გამართლდა – მეფესთან თითქმის ყოველდღე მიჰქონდათ ჭორები მისი უერთგულესი მინისტრის წინააღმდეგ. თავიდან მმართველი ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ნათქვამია, შეძახილით ხე გახმაო და ბოლოს დაიჯერა ღალატი. არარსებულმა ტყუილმა ხშირად და მრავალი ადამიანისგან განმეორების გამო სიმართლის სახე მიიღო.
უთანხმოების ჩამოგდების, ცრუ დასმენისა და მტრის თავისივე მოკავშირეების ხელით მოშორების მეთოდების კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ ჩინეთის ისტორიიდან, საიდანაც ასევე ჩანს, რომ სუნ ძის ტრაქტატი „ომის ხელოვნება“ მხოლოდ შეგონებად არ დარჩენილა და მას წარმატებით იყენებდნენ საუკუნეთა მანძილზე:
ჭანკუოს პერიოდში გაუთავებელი ბრძოლა მიმდინარეობდა სამეფოებს შორის ჰეგემონიისთვის და ძვ.წ. 236-229 წლებში მწვავე შეტაკებებს ქონდა ადგილი ცინ-სა და ჭაო-ს სამეფოებს შორის. ცინის არმიას ვანგ წიანი (ცინის სამეფოს გამოჩენილი მხედართმთავარი, გარდაიცვალა ძვ.წ. 220 წელს. მისი მეოხებით დაიპყრო ცინ-მა ჭოუ-ს, ჩუ-სა და იან-ის ტერიტორიები. ლი მუ-ს, პა ცი-სა და ლიან ფო-სთან ერთად ცნობილი იყო როგორც „მეომარი სამეფოების“ ოთხ უდიდეს გენერალთაგან ერთ-ერთი) მეთაურობდა, ჭაოს კი მხედართმთავარი ლი მუ. ამ უკანასკნელმა მომთაბარე ტომებთან (ჰუნები) ბრძოლითა და მათი განდევნით გაითქვა სახელი. გაბატონებისთვის მებრძოლი ცინის არმია რამდენჯერმე დამარცხდა მასთან ბრძოლაში, თავად ცინის მთავარსარდალი ვანგ წიანი კი ლამის ტყვედ ჩავარდა. იგი მიხვდა, რომ ღია დაპირისპირებით ვერაფერს გახდებოდა მეტოქესთან, რადგან ლი მუ აშკარად ჯაბნიდა ჭკუითა და მამაცობით. ამიტომ ცრუ დასმენის მეთოდს მიმართა, რისთვისაც ჭაო-ს მმართველის მინისტრს, კო კაი-ს დაუკავშირდა, რომელსაც შურდა ლი მუ-ს წარმატების. ამ უკანასკნელის გამარჯვებების შემხედვარე იგი შიშობდა, რომ მეფის კეთილგანწყობას დაკარგავდა და გენერალი მის ადგილს დაიკავებდა. ამიტომ შესაფერის მომენტს ელოდა ლი მუ-ს ჩასაძირად. ეს ფაქტი ჯაშუშების მეშვეობით ვანგ წიანმა შეიტყო და ქრთამი მიართვა, თან ვითომ სასხვათაშორისოდ ახსენა, რომ ჭორები დადის, ლი მუ იქადნება, ლაშქრობის დამთავრებისთანავე სამეფო კარზე დავბრუნდები და მეტოქეს გავუსწორდებიო. ვანგ წიანმა სწორად გათვალა ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ადვილად იჯერებ იმას, რაც შენს შიშებსა და ვარაუდებს ემთხვევა. ამიტომ ამაზე აპელირება სწორი სტრატეგიული გათვლა აღმოჩნდა. კო კაიმ მაშინვე მმართველთან ითხოვა აუდიენცია და მოახსენა, სანდო წყაროდან ვიცი, გენერალი სამხედრო კამპანიის დამთავრებისთანავე თქვენს მოკვლასა და ჭაო-ს სამეფოს ცინ-ისთვის გადაცემას გეგმავსო. ჭაო-ს მეფემ დაიჯერა, მაშინვე უკან გაიხმო მთავარსარდალი და მის ადგილას უნიჭო გენერლები დანიშნა. ამის შემდეგ ცინის მხრიდან ჭაო-ს ლაშქრის გაცამტვერებასაც აღარ დაუხანებია.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სუნ ძი არასწორი კომუნიკაციის ორგანიზებას, ფაქტების დამახინჯებასა და დისკრედიტაციის სტრატეგიას.
წითელი კლდეების ბრძოლა, 208 წ.
სუნ ძი ცალკე – XIII თავს უთმობს მსტოვართა საკითხს და საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ჯაშუშობის სისტემაზე უარის თქმა და დაზვერვისადმი უყურადღებოდ მოპყრობა მარცხისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა, ხოლო ხალხისგან (იგულისხმება მსტოვრები) მოპოვებული ინფორმაცია იპყრობს სამეფოებსო.
ის ამბობდა, ჯაშუშების ყოლა ყოველთვის სასარგებლოაო და იგივე აზრს ავითარებს ლიუ წიც (劉基 – XIV საუკუნის გამოჩენილი ჩინელი სამხედრო სტრატეგი. ეკუთვნის ნაშრომი „ომის გაკვეთილები“, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან სამხედრო სწავლებას), როცა ხაზს უსვამს, რომ ჯარი სალაშქროდ როცა არ უნდა მიემართებოდეს, პირველ რიგში ჯერ მსტოვრები უნდა გაგზავნოს მოწინააღმდეგის ბანაკში, მოიპოვოს ინფორმაცია მის რიცხოვნობაზე, საბრძოლო მდგომარეობაზე, სისავსეზე და სიცარიელეზე, სიმშვიდესა და მოძრაობაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ წააგებ ბრძოლასო. ეს ნიშნავს, რომ ომის წარმოების პროცესში მტრის მდგომარეობის ცოდნის გარეშე ვერაფერს დაგეგმავ – საომარი სტრატეგია ხომ მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებზე აპელირებასა და მისი შეცდომების გამოყენებაში მდგომარეობს. ეს კი ინფორმაციის მიღების გარეშე შეუძლებელია, მაშასადამე, ჯაშუშური ქსელის გარეშეც. აგენტის მოვალეობაა გაიგოს ვინ ყავს მტრულად განწყობილი ქვეყნის ჯარის მთავარსარდალს, როგორი გარემოცვა ყავს და ვინ ეხმარება. სუნ ძი მსტოვარს ავალებს ყველა დაახლოებული პირის გაცნობას და მათთან ნდობაში შესვლას. მაგრამ ავტორი მხოლოდ ჯაშუშების საჭიროებაზე კი არ საუბრობს, არამედ მათი გამოყენების ცოდნასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან წარუმატებელი და გამოაშკარავებული ჯაშუში – მკვდარი ჯაშუშია, საქმისთვის კი ზიანის მომტანი: „თუ ბრძენი არ ხარ, ჯაშუშებს ვერ გამოიყენებ; თუ გამჭრიახი არ ხარ, საიდუმლო ცნობების არსს ვერ ჩაწვდები… თუ მისია დაწყებამდე გახმაურდა, უნდა მოკვდეს ჯაშუშიც და ისინიც, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა“.
მისი თქმით, მსტოვართა საქმიანობა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებით არ შემოიფარგლება – მათი ამოცანაა სამიზნე ობიექტებში განხეთქილების ჩამოგდება, მტრის მიერ შემოგზავნილი აგენტის გადმობირება და მის ორმაგ ჯაშუშად ქცევა და სხვ. სუნ ძი მსტოვრების აუცილებლობასთან ერთად დეტალურ დახასიათებას გვაძლევს და მათ ხუთ კატეგორიად ჰყოფს:
I ჯგუფს განეკუთვნებიან „ადგილობრივი ჯაშუშები“, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები წარმოადგენენ. ეს შეიძლება იყოს ჩვენივე ქვეყნის ბინადარი, რომლისგანაც სანდო ინფორმაციას ვღებულობთ ან მტრის მოქალაქეები, რომლებისგანაც ცნობებს ვაგროვებთ. ამ ტიპის ჯაშუშებს, დღევანდელი ტერმინოლოგიით უფრო „ინფორმატორებს“ ვუწოდებთ და უმეტესად, როგორც წესი, თავადაც არ აქვთ წარმოდგენა, რა ტიპის სამსახურს გვიწევენ.
II ჯგუფში ერთიანდებიან „შიდა ჯაშუშები“, რომლის გადმობირება მოწინააღმდეგის სამეფოს თანამდებობის პირთა რიგებიდან ხდება. ამ დროს უმეტესად, დიდძალი შეძლეული თანხა ან პირადი ინტერესები ან ანგარიშსწორება ხდება ხოლმე მოსყიდვის, გადმობირების ძირითადი მოტივატორი.
III ჯგუფი – „ორმაგი ჯაშუშები“, რომელიც მტრის ჯაშუშია და ჩვენს მიერ გამოაშკარავების შემდეგ ვაიძულებთ საჩვენოდ იმუშაოს ან კერძო ინტერესები ამოძრავებს და ამიტომ თანხმდება ორივე მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობას. ამგვარად, ეს თანამედროვე „ორმაგი აგენტის“ ეკვივალენტია. ესაა მტრის აგენტი, რომლის გამომგზავნ სახელმწიფოსაც ბუმერანგივით უბრუნდება თავისივე ქმედება. ამ კატეგორიის ჯაშუშთა კლასიკურ მაგალითად ითვლება ჩინეთის ისტორიიდან ცინ ხუეის (სუნგის დინასტიის (960-1279 წწ) დროს ცნობილი კანცლერი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ციტანების ინტერესების გამტარებელი, სამშობლოს გამყიდველი და მოღალატე) შემთხვევა:
XII საუკუნის პირველ ნახევარში, სუნგის დინასტიის დროს, ჩინეთს ძალიან გაუჭირდა ჯურჩენებისა და ციტანების (იგივე ხიტანები) გამუდმებული შემოტევების გამო. იმპერატორი კაო წუნგი ყოველ ღონეს ხმარობდა მათ შესაჩერებლად. ციტანების მმართველი კი თავის მხრივ, ათასგვარ ხრიკს მიმართავდა ჩინეთის წელში გასატეხად. მას გაახსენდა ოდესღაც ტყვედ აყვანილი სუნგის დინასტიის აგენტი ცინ ხუეი და გადაწყვიტა, სათავისოდ გამოეყენებინა. დაასაჩუქრა, თანადგომას დაპირდა და სამშობლოში გაუშვა. გარეგნულად ეს ამბავი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მტერს გამოექცა. შინ დაბრუნების შემდეგ ცინ ხუეი ისევ სახელმწიფო სამსახურში ჩადგა და მთავარ მინისტრობასაც მიაღწია. გამომდინარე იქიდან, რომ კანცლერი სინამდვილეში ციტანების აგენტი იყო და მათ დავალებებს ასრულებდა, სუნგის დინასტია მტრის ირიბი მმართველობის ქვეშ მოექცა. ცინ ხუეი ატარებდა ისეთ პოლიტიკას, როგორიც ციტანებს აწყობდათ – განაახლა საზავო მოლაპარაკებები, შეწყვიტა ქვეყნის გაძლიერებისთვის ზრუნვა, თავდაცვისთვის საჭირო გამაგრებითი სამუშაოები და კაო წუნგის საყრდენი ყველა სარდალი თანამდებობიდან მოხსნა. მათ ადგილზე მარიონეტი და უვიცი პირები დანიშნა. ამგვარმა პოლიტიკამ ჩინეთი ჩრდილოეთ და სამხრეთ სუნგის დინასტიებად დაჰყო, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ნაწილი ძინის იმპერიის (ჯურჩენების სახელმწიფო ჩრდილოეთ ჩინეთში (ნაწილობრივ, დღევანდელი რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტერიტორია 1115-1234 წლებში) ვასალი გახდა.
ეს შემთხვევა ნათელყოფს, თუ რა შეუძლია თანამდებობის პირის მოსყიდვას და ორმაგ აგენტად ქცევას. გადაბირების დროს გასათვალისწინებელია ობიექტის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, აპელირება ხდება მის სუსტ წერტილებზე და ეს სამიზნის წინასწარი შესწავლის გარეშე არ ხდება.
IV ჯგუფს სუნ ძი მიაკუთვნებს „გამოსაყენებელ ჯაშუშებს“ ან როგორც ზოგი ავტორი უწოდებს (მაგ., კონრადი, რომელიც ტერმინის ამგვარად თარგმნას იმით ხსნის, რომ ამ ტიპის აგენტების მოვალეობის შესრულების დროს, დაღუპვის ალბათობა მაღალია), – „სიკვდილის მსტოვრებს“. მათი უმთავრესი ფუნქცია ყალბი ცნობების მტრის ბანაკში გავრცელება და დეზინფორმაციის მეშვეობით მათი დემორალიზაციაა. ასევე, ჭორების გავრცელებითა და დიფამაციის მეოხებით საბედისწერო ქმედებისკენ უბიძგონ. ასეთი მისიის შესრულების დროს ჯაშუშის „ჩავარდნის“ ალბათობა მაღალია და შესაბამისად, მისი დაღუპვისაც, იქნება ეს მოწინააღმდეგის მხრიდან ლიკვიდაცია თუ თვითმკვლელობა.
ოდითგან ასეთი ტიპის მსტოვრების ფუნქციას უმეტესად, ელჩები ითავსებდნენ, რადგან მათი სოციალური და პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფო მესვეურებთან ჰქონდათ კონტაქტი და შესაბამისად, აუდიენციისას უშუალო სამიზნეები ისინი იყვენენ. სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს დესპანები ძალიან ხშირად მიმართავდნენ ყურადღების მოდუნების სტრატეგიას, რა დროსაც გამომგზავნი მხარე საბრძოლო ოპერაციისთვის ემზადებოდა. თუ მტრულად განწყობილ სამეფოსაც კარგი დაზვერვითი ქსელი გააჩნდა, გამოაშკარავებისას ჯაშუშ ელჩს კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მსტოვრებიდან მეოთხე კატეგორია ყველაზე სახიფათოდ და საშიშად ითვლებოდა. ამიტომაც მიაკუთვნა სუნ წიმ ისინი „სიკვდილის ჯაშუშებს“.
მაგალითად, ჩინეთში ხანის დინასტიის (ძვ. წ. 206-ახ.წ. 220 წწ.) დროს იმპერატორი კაო წუ (ხანის დინასტიის (ძვ.წ. 206-ახ.წ. 220 წწ) დამაარსებელი და პირველი პირველი იმპერატორი) ებრძოდა ამბოხებულ ცი-ს სამთავროს, მაგრამ ძალით რომ ვერაფერს გახდა, გადაწყვიტა ეშმაკობისთვის მიემართა და გამოცდილი ელჩი ლი შიცი გაგზავნა ზავის დასადებად, რაც თვალის ახვევას ისახავდა მიზნად. ამ უკანასკნელმა მოლაპარაკება ისე წარმართა, რომ ცი-ს მმართველი არა მხოლოდ დათანხმდა საზავო ხელშეკრულებას, არამედ დისლოკაციის ადგილიდან ლაშქარიც გაიყვანა და მნიშვნელოვნად დაიხია უკან. როგორც კი შეცდომა დააშვებინა მტერს, კაო წუმ ისარგებლა მოულოდნელობის ეფექტით და დაუცველ საზღვარს თავს დაესხა და ცი-ს ტერიტორიაზე შეიჭრა. ცხადია, ლი შიცი მტრის გარემოცვაში დაუცველი აღმოჩნდა და სიცოცხლეს გამოასალმეს, მაგრამ ხანის იმპერიამ ცი-ს დამარცხება წარმატებით შეძლო.
მოყვანილი ფაქტი ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა ბედი ელით ხშირად „სიკვდილის ჯაშუშებს“, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანის მოსაპოვებლად მცირეს გაწირვა სუნ წის ტრაქტატიდან ერთ-ერთი შეგონებათაგანია.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ისტორია გავიხსენოთ: სუნ პინი (გამოჩენილი ჩინელი მხედართმთავარი, მწერალი და ფილოსოფოსი, მცხოვრები ცი-ს სამეფოში ძვ.წ. 380-325 წლებში.), რომელიც კარგად იცნობდა სუნ წის ტრაქტატს, მუდამ იყენებდა მათ. ჭანკუოს ხანაში გენერალი თიენ წის ძალიან უყვარდა დოღი და ფსონებს ხშირად დებდა, მაგრამ ხშირად წაგებული რჩებოდა. მაშინდელი შეჯიბრი დღევანდელისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სამ ეტაპად მიმდინარეობდა: ერთი მეპატრონის სამი ცხენი მეორე პატრონის იმავე რაოდენობის ცხენს ეპაექრებოდა. თიენ წი-ს საჯინიბოს ცხენები ახლოსაც ვერ მივიდოდნენ იმპერატორის კუთვნილთან, რაც სუნ პინმა მშვენივრად იცოდა. ამიტომ სარდალი დაარიგა, პირველ ჯერზე შენი სუსტი ფაშატი გამოიყვანე ცის შვილის (იმპერატორი) საუკეთესო ცხენის წინააღმდეგო. მეორე ეტაპზე მან თიენ წი-ს კარგი ცხენი შეაჯიბრა იმპერატორის საშუალო დონის ცხენს და ბოლოს, სარდლის საშუალო შესაძლებლობისა აასპარეზა მეფის საჯინიბოს ცუდ ცხენთან. ამგვარი გადათამაშებით სუნ პინმა სარდალს მოაგებინა: მართალია თიენ წი-მ პირველ დონეზე წააგო – ცუდი ცხენით კარგის წინააღმდეგ, მაგრამ შემდგომი ორი დონე მისი გამარჯვებით დაგვირგვინდა და ჯამში, შეჯიბრი მოიგო.
ამ შემთხვევაში აღწერილ სტრატეგიას ჩინეთში უწოდებენ „ტყემლის ხის შეწირვას ატმის ხის ნაცვლად“, რაც იმას ნიშნავს, რომ დედოფლის გადასარჩენად პაიკი უნდა გაწირო.
და ბოლოს, V ჯგუფში გაერთიანებულია „ცოცხალი ჯაშუშები“, რომლებიც დაზვერვიდან საჭირო ინფორმაციით ბრუნდებიან. მათი ამოცანა დანიშნულების ადგილზე საჭირო კავშირების დამყარება, ინფორმაციის მაქსიმალურად მიღება და დისლოკაციის ადგილზე უვნებლად დაბრუნებაა, რადგან საიდუმლო ცნობების მატარებლები არიან. აქედან გამომდინარეობს მათი სახელწოდებაც. „ომის ხელოვნების“ ზოგი კომენტატორი, მაგალითად, ტუ მუ, მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის აგენტი დიდი სიფრთხილით ირჩეოდა, რათა მისი საქმიანობა არ გამჟღავნებულიყო. უპირატესობას ანიჭებდნენ განათლებულ და მეტად გამჭრიახ ადამიანებს, რომელთაც ცოტა მოსულელო გამომეტყველება ჰქონდათ ან ასეთი მიმიკის მიღება იოლად ხელეწიფებოდათ (ჩინეთში ყოველთვის პოპულარული იყო თავის მოსულელების სტრატეგია, რომელსაც ცნობილი 36 სტრატაგემიდან 27-ე ძალიან კარგად ასახავს და მას ხშირად იყენებდნენ). ასეთი ადამიანები ფიზიკურად და მორალურად, ფსიქოლოგიურად ამტანები და მტკიცენი იყვნენ, შეეძლოთ ნებისმიერი შავი სამუშაოს შესრულება ან დამცირების ატანა, რადგან მიზნის შესასრულებლად შესაძლოა, ხანგრძლივი დროით ყოფილიყვნენ შეგზავნილები. ცნობილი იაპონელი ფილოსოფოსი პუცუ სორაი (ნამდვილი სახელია ოგიუ სორაი, XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნის იაპონელი ფილოსოფოსი, კონფუციონისტი. ითვლება იაპონიაში ჩინური ლიტერატურის გამავრცელებლად.), რომელიც სუნ ძის ნააზრევს დეტალურად განიხილავს, გვირჩევს მოწინააღმდეგის ბანაკში ჯაშუშებად გეიშების, ხელოსნების, შამანების, მოხეტიალე მუსიკოსებისა თუ განდეგილების, ექიმების შეგზავნას და დასძენს, რომ ამის თაობაზე ძველ ჩინელ ავტორებთან არაფერია ნათქვამიო.
მსტოვრების აღწერისას, დასასრულ, სუნ ძი დასძენს, რომ აგენტების ზემოჩამოთვლილი ჯგუფებიდან ყველას თავის ფუნქცია აკისრია, მათი საქმიანობა ამოუცნობია და „არ არის საქმე უფრო საიდუმლო, ვიდრე საჯაშუშო საქმე“.
იმის საილუსტრაციოდ, თუ რა წარმატებით იყენებდნენ ომის ხელოვნების სუნ ძისეულ სტრატეგიას ჩინეთში და როგორი ეფექტური იყო აგენტურა, მოვიყვანთ მაგალითს, რომელსაც ლიუ წი გვიამბობს თავის წიგნში „ომის გაკვეთილები“:
ჩინეთში ჩრდილოეთ და სამხრეთ დინასტიების პერიოდში (420-589 წწ) ცხოვრობდა მხედართმთავარი ვეი, რომელიც ჭოუ-ს საგვარეულოს ემსახურებოდა. მას ერთ-ერთი ქალაქის გენერალ-გუბერნატორის პოსტი ეკავა. მას ადამიანების გულის მოგების იშვიათი უნარი გააჩნდა და ამიტომ, ჯაშუშები, რომელსაც იგი ცი-ს სამთავროს კარზე აგზავნიდა, მისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. ვეის ბრწყინვალედ გამოსდიოდა მოწინააღმდეგის ბანაკის თანამდებობის პირთა გადმობირებაც და დიდძალი თანხებიც არ ენანებოდა მათ მოსასყიდად. შესაბამისად, გენერალ-გუბერნატორი კარგად იყო ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა ცი-ს სამთავროში.
ცი-ს პირველი მინისტრი მამაცი და ბრძენი პიროვნება გახლდათ, მაგრამ ვეის იგი სძულდა და ყველანაირ მიზეზს ეძებდა მის მოსაშორებლად. ერთ დღეს, ვეის მასთან დაახლოებულმა ვარსკვლავთმრიცხველმა მოახსენა, რომ გაისად აღმოსავლეთში სისხლისღვრა გარდაუვალიაო. გენერალმა უცებ გაიაზრა, რომ ცი-ს სამთავრო ჭოუსგან აღმოსავლეთით მდებარეობდა და ამ „წინასწარმეტყველებისგან“ სარგებლის მიღება შეეძლო. მან უბრძანა პოეტებსა და მუსიკოსებს ორაზროვანი სიმღერის შექმნა, სადაც ირიბი მინიშნება იქნებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოსდა, ცი-ს პირველი მინისტრი სახელმწიფო გადატრიალებასს გეგმავს და ვეიმ ჯაშუშებს დაავალა ინფორმაციის გავრცელება. ოღონდ, მიზანმიმართულად რომ არ გამოჩენილიყო, სიმღერა ჯერ ჭოუს სამთავროში მოედო, საიდანაც ნელ-ნელა ცი-სკენ გავრცელდა. ხერხმა გაჭრა – ცი-ს გენერლებსა და პირველ მინისტრს შორის შუღლი ჩამოვარდა, რასაც საბოლოოდ, ამ უკანასკნელის სიკვდილით დასჯა მოჰყვა. როგორც კი ჭოუს მთავარსარდალმა ვეიმ ამ ფაქტის შესახებ შეიტყო, ლაშქარი შეკრიბა ცი-ს სამეფოს თავს მოულოდნელად დაესხა და გაანადგურა.
ეს ისტორია დიფამაციის სტრატეგიის, განხეთქილების ჩამოგდებისა და მტრის სხვისი ხელით მოშორების კლასიკური მაგალითია.
საგანგებოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ერთი რომელიმე შემთხვევა ბრძოლის მხოლოდ ერთ ფსიქოლოგიურ მეთოდს არ მოიცავს. უმეტესად ეს კომპლექსურია და ერთმანეთზეა დამოკიდებული. მათი გამიჯვნა და ცალკე გამოყოფა გართულდება. ასე, მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ მტრის ჯარში ქაოსის შეტანაზე მათი დემორალიზაციის მიზნით, შეუძლებელია მისი განხორციელება დეზინფორმაციის, ცრუ დასმენის, სწორი კომუნიკაციისთვის ხელის შეშლის და აგენტის მონაწილეობის გარეშე. ჩვენ შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ ფსიქოლოგიური ზემოქმედების რომელიმე მეთოდი, მაგრამ სიტუაციურად ერთდროულად რამდენიმე მათგანია მოცემული და თუ როგორ მუშაობს, ამის გაანალიზება კოპლექსურად უნდა მოხდეს.
- მოტყუება, ცრუ მანევრი და ყურადღების გადატანა, როგორც ფსიქოლოგიური მანიპულაცია
როგორც ზემოთ, „ომის ხელოვნების“ მიმოხილვისას აღინიშნა, ომში გამოცდილი სარდალი მოწინააღმდეგის არმიას უბრძოლველად ამარცხებს, გამარჯვება უნდა მოიპოვოს ფსიქოლოგიური ზეწოლით, ერთი სიტყვით, მოტყუებით. ომიც ხომ მოტყუების ხელოვნებაა: „ომი მოტყუების გზაა[დაო]“, გვეუბნება პირველ თავში ავტორი. იგივე აზრს ავითარებს ვეი ლიაოც თავის სწავლებაში, როცა წერს, რომ ომში საუკეთესო გამარჯვება ისაა, როცა მას ბრძოლის გარეშე მოიგებ. მას მხოლოდ მაშინ მიმართე, როცა სხვა ყველა გზა მოჭრილიაო.
ტყუილის ფენომენი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ზუსტი დეფინიცია არ არსებობს. მაგრამ ზოგადად, მას განიხილავენ, როგორც ვერბალური ან არავერბალური გზით მანიპულაციის გააზრებულ მცდელობას, რომლის მიზანი სხვებში ყალბი ინფორმაციის დაჯერება და განმტკიცებაა. როგორიც არ უნდა იყოს სიცრუის თქმის მოტივაცია, მეთოდი ყოველთვის ფსიქოლოგიურია, რადგან ადამიანის გონებაზე ზემოქმედებით ხდება.
მოტყუების ხელოვნების კლასიკური მაგალითია ასევე, თავის სულელად წარმოჩენა, რომლის ფარული მოტივი მეტოქისთვის სიფხიზლის მოდუნებაა და ყურადღების გაფანტვისთანავე სუსტ ადგილზე დარტყმაა. ამ უკანასკნელის მსგავსია ცრუ მანევრიც, რომელიც სიცრუის ხელოვნების კლასიკური სტრატეგიაა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ომის ხელოვნებაში ტყუილის მიზანი უმეტესად, სახელმწიფოს მიზნებს ემსახურება და ამ გაგებით, სიცრუეს ვერ განვიხილავთ როგორც ამორალურ ქმედებას. სუნ წის ტრაქტატისა და სხვა ჩინელი სამხედრო სტრატეგების, ისტორიული მაგალითების ანალიზისას ნათელი ხდება, რომ ჩინელი თეორეტიკოსები მორალით იმ დონეზე აპელირებენ, რა დონეზეც იგი საჭიროა სამხედრო მოქმედებების ეფექტურად წარმართვისთვის.
სუნ ძი მიიჩნევს, რომ თუ მტერს სატყუარას დაუგდებ, ამით უპირატესობის მოპოვება და დროის მოგებაა შესაძლებელი: „თუ მტრის გზას სწორიდან შემოვლითად აქცევ და მას სატყუარას დაუგდებ, მასზე გვიანაც რომ დაადგე გზას, უფრო ადრე ჩახვალ“, გვირჩევს იგი. აქედან გამომდინარეობს, რომ ომში ტაქტიკური მანევრების გარეშე გამორიცხულია მეტოქეზე უპირატესობის მოპოვება, ხოლო ტაქტიკური მანევრი კი შეუძლებელია სიცრუის გარეშე განხორციელდეს. ასეთ განმარტებას აძლეევს კონრადი ჩინელი სტრატეგის ამ ფორმულირებას. თუმცა, ტრაქტატის განხილვისას კომენტატორი ჭან იუი აზუსტებს, რომ სიცრუე სამხედრო ხელოვნებაში მისი ტაქტიკური ნაწილია და არამც და არამც მისი არსი.
სუნ ძი გვთავაზობს ცრუ მანევრების ჩასატარებელ სხვადასხვა რჩევას. ყველას ჩამოთვლა და განხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მათგანით შემოვიფარგლებით. „როდესაც ლაშქარს მოქმედებისთვის ამზადებ, უმოქმედოდ მოაჩვენე თავი. როდესაც [მიზანი] ახლოსაა, ისე მოიქეცი, თითქოს შორს იყოს; როდესაც შორსაა, სიახლოვის შთაბეჭდილება უნდა შექმნა“. რა თქმა უნდა, ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა მტრის მზვერავებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ და მზადებას თვითონაც დაიწყებენ. ეს რჩევა ცრუ მანევრია და მიზნად ყურადღების მოდუნებას ისახავს, რომ შემდგომ მოულოდნელობის ეფექტით ვისარგებლოთ, დარტყმა მივაყენოთ და მოწინააღმდეგის ჯარში ქაოსი შევიტანოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოულოდნელობის ეფექტი მეტოქის ბანაკში უწესრიგობის შეტანასა და მის დემორალიზაციას ემსახურება.
დაახლოებით იგივე აზრის მატარებელია სუნ ძის შემდეგი სიტყვები: “თუ მტრის გზას სწორიდან შემოვლითად აქცევ და მას სატყუარას დაუგდებ, მასზე გვიანაც რომ დაადგე გზას, უფრო ადრე ჩახვალ.“ ამით ავტორი ამბობს, რომ უნდა შევძლოთ მტერი სწორ გზას ავაცდინოთ, გადავახვევინოთ. ამის შემდეგ ჩვენ მოქმედებაც რომ გვიგვიანდებოდეს, მისი დროის კარგვის გამო, ჩვენ დავასწრებთ. საგულისხმოა, რომ ეს ტაქტიკა მხოლოდ ლაშქრის მოძრაობის დროს კი არა, ინფორმაციული ომის წარმოებისა და მახეების დაგების დროსაც წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. სუნ წი ჩვენ გვიჩვენებს პრინციპს, ხოლო გამოვლენის არეალი უკვე ჩვენს შესაძლებლობებსა და სიტუაციაზეა დამოკიდებული.
ცრუ მანევრის ცნობილ მეთოდს განეკუთვნება ასევე სტრატეგია „ხმაურის ატეხვა აღმოსავლეთში, თავდასხმა დასავლეთში“, რომლის არსიც თვალის ახვევასა და ყურადღების გადატანაშია, რათა მოულოდნელად დაიწყოს შტურმი მტერზე. მაგალითად, ხანის იმპერიის გვიანდელ პერიოდში ყვითელდოლბანდიანთა აჯანყება მოხდა (184-204 წწ) ხანის იმპერიის სარდალმა, ჭუ წიუნმა (ცნობილია ასევე კუნგ ვეი-ს ( 公偉 ) სახელით. ხანის იმპერიის პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. გარდ. 195 წ.) ქ. იუანზე მიიტანა იერიში, სადაც აჯანყებულთა რაზმი იყო გამაგრებული. როცა მიხვდა, რომ ეშმაკობის გარეშე ვერ აიღებდა, საინჟინრო დანაყოფს ზღუდესთან უზარმაზარი მიწაყრილის წამომართვა დაავალა – ეს გალავანს მიღმა რა ხდებოდა, სიტუაციის კონტროლში დაეხმარებოდა. შემდეგ მან დასავლეთით მდებარე ალაყაფზე დოლების ცემით ცრუ იერიშის მიტანა ბრძანა. ყვითელდოლბანდიანები მოტყუვდნენ და ძირითადი ძალები დაუცველი ადგილისკენ გადაისროლეს, რამაც ჭუ წიუნს აღმოსავლეთ ფლანგზე თავისუფალი შეტევის საშუალება მისცა.
კადრი ფილმიდან „წითელი კლდეების ბრძოლა“
როგორც ზემოთ აღინიშნა, სუნ ძი რა რჩევებსაც გვაძლევს, იმის თავდაცვისთვის გამოყენებაც შესაძლებელია. ანალოგიურად იქცევა ახლაც და ამბობს: „ნუ გაეკიდები მოტყუებით უკანდახეულს… ნუ წამოეგები სატყუარაზე“, რაც შეიძლება ასე გავიგოთ, რომ თუ ჩვენ შეგვიძლია მოტყუება, მტერიც მოიფიქრებს იგივეს და ჩვენსავე საკუთარ მეთოდს უკან შემოგვიტრიალებს.
ჩინური სამხედრო სტრატეგიის „მამას“ არც საზავო მოლაპარაკებების შემთხვევა რჩება ყურადღების მიღმა: „ეშმაკობას გეგმავს ის, ვინც მშვიდობას წინაპირობის გარეშე გვთავაზობს“. ჭკვიანი მთავარსარდალი დააკვირდება არა მხოლოდ მტრის არმიის მანევრირებას, არამედ გამოგზავნილი დესპანების მიხედვითაც გააკეთებს გარკვეულ დასკვნებს. ვინაიდან ელჩის მთავარი ამოცანა შეცდომაში შეყვანაში მდგომარეობს, მათი საუბარი და ქმედება ხშირად პირუკუ უნდა გავიგოთ: საწყალი გამომეტყველებით მყოფი თუა, სავარაუდოდ, მტერი იერიშს გეგმავს, ხოლო თუ თავდაჯერებულია და თამამ განცხადებებს აკეთებს, ცდილობს დაფაროს ის, რომ გასაჭირშია მისი ბანაკი. როდესაც ჯაშუშობის საკითხებზე ვმსჯელობდით, მაშინ აღვნიშნეთ, რომ ელჩი მსტოვარის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და დეზინფორმაციის თავსმოხვევას ისახავს მიზნად.
საილუსტრაციოდ მოვიყვანთ მაგალითს: ძვ.წ. III საუკუნეში იან-ის და ცი-ს სამეფოები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ცი-ს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს იან-ის ჯარმა ალყა შემოარტყა. თიან ტანგმა, რომელიც მცირე გარნიზონით ცდილობდა ქალაქი მტერს ხელთ არ ჩავარდნოდა, რიცხობრივი უპირატესობის განეიტრალება ფანდით გადაწყვიტა. მან ელჩი გაუგზავნა იანი-ს მთავარსარდალს და დანებებისთვის მზადყოფნა აღუთქვა. თან დიდძალი საჩუქრები გაატანა, რომ სუსტები დაენდოთ. სანამ წარგზავნილი შუამავალი მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ცხადია შეტევითი ბრძოლები შეჩერდა და მოტყუებულმა იან-ის მთავარსარდალმა დაცვა მოხსნა. ამ გარემოებამ თიან ტინგს მოქმედების დრო მისცა: გაამაგრა ქალაქის ზღუდეები, რომლის მუშაობის პროცესში თავადაც ჩაერთო, საიდუმლო გასასვლელების საშუალებით ქალები და ბავშვები გახიზნა და ხელსაყრელ მომენტს დაელოდა. როგორც კი მტერმა სიფხიზლე მოადუნა, მაშინვე თავს დაესხა მოწინააღმდეგეს და გაჟლიტა.
ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ იან-ს მთავარსარდალს გამჭრიახობა რომ ყოფნოდა, დესპანის მოქმედებაში ეჭვი უნდა შეეტანა, მაგრამ მან სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და მზვერავების საშუალებით არ გადაამოწმა სიტუაცია. თავდაჯერებულობამ და ყურადღების მოდუნებამ მას მარცხი განაცდევინა.
ამრიგად, ცრუ მანევრის დანიშნულება მოწინააღმდეგისთვის თვალის ახვევაა უპირატესობის მოპოვების მიზნით და სუნ ძი ომის წართმართვის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევს.
თავის სულელად ჩვენებაც, არსობრივად, ცრუ მანევრის ნაირსახეობაა, რომლის დროსაც აშკარა, ფსიქოლოგიურ თაღლითობასთან გვაქვს საქმე და საკუთარი ნიჭის, ცოდნის დაფარვით, დაკნინებით უპირატესობის მოპოვებას ემსახურება. ცხადია, ესეც ყურადღების გადატანისა და მეტოქის სიფხიზლის მოდუნების ხერხია, რომელიც სიცრუის ხელოვნების გავრცელებული საშუალებაა. სუნ ძი გვირჩევს, სანამ ჩვენი სცენაზე გამოსვლისა და მოქმედების დრო დადგება, სხვას თვალში არ მოვხვდეთ და მეტიც, სულელისა და უვიცის ნიღაბს ამოვეფაროთ: „ილუზიური ქაოსი კონტროლიდან იბადება, მოჩვენებითი სისუსტე – ძლიერებიდან“ – ილუზია ანუ თვალის ახვევა, მოაჩვენო ის, რაც არ არის სინამდვილეში, ამით ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც შეგნებულად ნიღბავს გამჭრიახობას. ის, ვინც თავს უნიათოდ აჩვენებს, კოზირებს მალავს და ამიტომ გაიმარჯვებს. ეს სიფრთხილესთან ასოცირდება და ამის საპირისპიროდ, ვინც მტერს თავდაჯერებით, ქარაფშუტულად ექცევა, წააგებსო, წერს ის.
ძვ. წ. IV საუკუნეში ვეი-ს სახელმწიფოს სარდალი ფან ძიუანი ემტერებოდა სუნ პინს. როდესაც ამ უკანასკნელმა ამის შესახებ გაიგო, ძალიან არაადეკვატურად მოიქცა (ფან ძიუანის მიერ „მირთმეული“ ფეკალური მასა მის თვალწინ შეჭამა), რის გამოც ვეი-ს სარდალმა იგი შეურაცხადად მონათლა და გაეცალა, რამაც სუნ პინს გაქცევის საშუალება მისცა. მოგვიანებით მან შური იძია კიდეც. ჩინეთის ისტორიასა და ლიტერატურაში არაერთი მაგალითი გვხვდება ყურადღების გაფანტვის მიზნით თავის მოკატუნების: მინგის პერიოდის (1368-1644 წწ.) ლიტერატურ კრებულში „ქვა თავს იქნევს“, მოთხრობილია მოხუცის ამბავი, რომელიც სასმელს ყიდდა და ამ მიზნით სხვადასხვა გემზე ადიოდა. როგორც კი მგზავრი სასმელით დაინტერესდებოდა, მოხუცი ლექსად რაღაც აბდაუბდას ამბობდა და ამიტომ ხალხს გამუდმებით ნასვამი ეგონა. სინამდვილეში, მოხუცი მოქმედებდა მაღალჩინოსნის დავალებით, რომელსაც ცოლი დაჰკარგვოდა და ეძებდა. ღვინის გამყიდველი კაცი კი იმ სიმღერას ღიღინებდა, რომელიც დაკარგულმა ქალმა იცოდა მარტო. ამგვარად მიაგნო მოხუცმა ჩინოვნიკის ცოლს.
სუნ ძი წერს, რომ „დაიცვა და ამავე დროს შეინარჩუნო – ნიშნავს დაიცვა ის ადგილი, რომელსაც ის თავს არ დაესხმება“, შეიძლება სისუსტის გამომჟღავნებითაც მოხერხდეს. სამი სამეფოს დროს (220 -280 წწ) ჭუკე ლიანგი (II-III სს მიჯნა. გამოჩენილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე), რომელიც ვეი-ს სარდალს, სიმა ი-ს („სამი სამეფოს“ პერიოდში ვეი-ს პოლიტიკური მოღვაწე და სტრატეგი. მეტ-ნაკლებად ცნობილია ჭუკე ლიანგისგან ვეი-ს თავდაცვითი წარმოებული ბრძოლები გამო) ებრძოდა. ვეი-ს არმია რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა ჭუკე ლიანგის ლაშქარს. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა მტრის შეცდომაში შეყვანით და მტრის დაბნევით უპირატესობა მოეპოვებინა. როცა სიმა ი ქ. სიჩენეს მიუახლოვდა, სადაც ჭუკე ლიანგი იყო გამაგრებული, სარდალმა მოულოდნელად ქალაქის მთავარი ჭიშკრის გახსნა ბრძანა, თვითონ კი ძირითად კოშკურაზე ავიდა და ციტრაზე (სიმებიანი საკრავი) დაკვრა დაიწყო. ამ ფაქტმა სიმა ი დააეჭვა, ჭუკე ლიანგი რაღაც ხაფანგს მიგებსო და თავდაცვის მიზნით სასწრაფოდ უკანდახევა ბრძანა. ამგვარად, გამოჩენილმა სტრატეგმა და მხედართმთავარმა საკუთარი სისუსტე სიძლიერედ აქცია და თავდაცვით პოზიციაში მყოფმა აიძულა მტერი, იერიში გადაეფიქრებინა.
ჭუკე ლიანგი უკრავს ციტრაზე. ძველი ჩინური მინიატურა
უიმედო მდგომარეობიდან დადებითი შედეგის მიღების ცნობილი ხერხი, რომელზეც სუნ ძი საუბრობს, შემდეგშია: „ისეთი მდგომარეობა უნდა შეუქმნა ლაშქარს, საიდანაც გამოსავალი არ არის და უკანდახევის საშუალება არ ექნება, ბრძოლის ველზე დარჩება“. მსგავს პოსტულატს ავტორი რამდენიმე ადგილას უსვამს ხაზს და აშკარაა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან როცა ადამიანი ხედავს, რომ არაფერი გამოვა და მაინც მოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ სულით არ ეცემა და მისი დემორალიზება მტერს არ ხელეწიფება. ზემოთ განხილული ნაშრომიდან ნათელია, რომ სასოწარკვეთა და დაბნეულობა აგებს ომებს, სულისკვეთება და მებრძოლი სული კი იგებს, რაც ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იცოდნენ და სუნ ძის „ომის ხელოვნების“ სახით მემკვიდრეობად დაგვიტოვეს.
სუნ ძის სტრატეგიების მსგავსი ტაქტიკური ქმედებები შეინიშნება საქართველოს სამხედრო ისტორიაშიც, დავაკვირდებით ქართველი მეფეებისა და მხედართმთავრების მიერ წარმოებულ ბრძოლებს. თუმცა, იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ საქართველოში იცნობდნენ სუნ ძის ტრაქტატს და მისით ხელმძღვანელობდნენ, არ გაგვაჩნია. მაგალითად, დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე განხორციელებული უკანდასახევი გზის მოჭრის ტაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა ლაშქრისთვის ისეთი უიმედო მდგომარეობის შექმნას, რათა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ. აღნიშნული მანევრი ეხმიანება სუნ წის შეგონებას: „ისეთი მდგომარეობა უნდა შეუქმნა ლაშქარს, საიდანაც გამოსავალი არ არის და უკანდახევის საშუალება არ ექნება, ბრძოლის ველზე დარჩება. თუ სიკვდილისგან გასაქცევი გზა არ არსებობს, მეთაურებიცა და მეომრებიც ძალებს ბოლომდე დახარჯავენ“. ეს ნიშნავს, რომ გამჭრიახი მხედართმთავარი უიმედო მდგომარეობის წყალობით დადებით შედეგს მიიღებს. ან თუნდაც ცოტნე დადიანის მაგალითი ავიღოთ, რაც მტრის თვალში ნდობის დამსახურების მიზნით თვითდაზიანების მიყენების და მოწინააღმდეგეზე ჩაბარების ტაქტიკის კლასიკური შემთხვევაა. იგი მტრის ფსიქოლოგიურად განიარაღებას ისახავს მიზნად და ასევე გვხვდება ჩინური სამხედრო ხელოვნების მეთოდებში. თუმცა, ზემოაღნიშნული მაგალითები პარალელის გასავლებად მოვიყვანეთ და ცალკე სტატიას მივუძღვნით ამას.
დასკვნის სახით, თამამად შეიძლება ითქვას, სუნ ძის ტრაქტატი თავისი მნიშვნელობით ჩინეთის ფარგლებს სცილდება და სახელმძღვანელოდ იქცა არა მხოლოდ აზიის, არამედ დასავლური სამყაროს სამხედრო ხელოვნებაში, პოლიტიკაში, დიპლომატიასა და თანამედროვე ბიზნესშიც კი. როგორც აღინიშნა, ყველა დროსა და ეპოქაში ომის წარმოების ძირითადი მიზეზი ტერიტორიული გაფართოება, ფინანსური ძლიერება და სახელმწიფოს გავლენის ზრდაა. ამ თვალსაზრისით არც ჩინეთი ყოფილა გამონაკლისი, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე შორეული აღმოსავლეთის რეგიონში ყოველთვის ჰქონდა ჰეგემონის პრეტენზია. თუ საწყის ეტაპზე სამხედრო სფერო განვითარების დაბალ დონეზე იმყოფებოდა და ტომთაშორისი დაპირისპირებები ქაოტური შეტაკებების სახით წარმოგვიდგებოდა, ჩინელმა მოაზროვნეებმა და სახელმწიფო მოღვაწეებმა დროთა განმავლობაში თავი მოუყარეს საუკუნეთა მსვლელობაში დაგროვებულ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდილებებს და ერთიანი, სტრუქტურირებული სახით წარმოგვიდგინეს. სწორედ ასეთ ნააზრევს წარმოადგენს სუნ ძის „ომის ხელოვნება“. თხზულება თავის თავში მოიცავს ომის ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო არა მხოლოდ სამხედრო-ტაქტიკურ მითითებებს, არამედ ფსიქოლოგიურ მეთოდებსაც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა ასევე ტრაქტატი ფსიქოლოგიური ომის წარმოების შესახებ. ავტორის ნააზრევს ლაიტმოტივად გასდევს პოსტულატი, რომ სასოწარკვეთა და დაბნეულობა აგებს ომებს, სულისკვეთება და მებრძოლი სული კი გამარჯვებას ზეიმობს.
უძველესი წყაროებიდან უმეტესობა ჟამთა მსვლელობისას, მოთხოვნილებების ცვალებადობასთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აქტუალობას კარგავს, თანდათან ისტორიულ რარიტეტად იქცევა და ჩვენს ეპოქაში პრაქტიკული თვალსაზრისით გამოყენების საშუალება სუნ წის ტრაქტატი კი იმ იშვიათ თხზულებათაგანია, რომელიც XXI საუკუნეშიც არ მისცემია დავიწყებას. სუნ ის „ომის ხელოვნების“ მნიშვნელობა ფასდაუდებელია, როგორც ისტორიულ, ისე თანამედროვე სამხედრო-პოლიტიკურ არეალში. გარდა ამისა, მასში წარმოდგენილი დებულებებით წარმატებით სარგებლობენ ბიზნესში, საფონდო ბირჟაზე, მარკეტინგში, პედაგოგიკაში და ასე განსაჯეთ, სპორტშიც კი.
ბიბლიოგრაფია:
- 36 ხრიკი: სამხედრო ხელოვნების საიდუმლო წიგნი, ავტორთა ჯგუფი, გამომცემლობა მერიდიანი, თბ., 2019
- ანჩაბაძე გიორგი. სამხედრო ისტორია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ლექციების კურსი. გამომცემლობა: სომა პრეს, თბ., 2002, [ელ-ვერსია]
- ბერნეისი, ედუარდ, პროპაგანდა; გამომცემლობა: აქტი; მთარგმნელი დიმიტრი უჩანეიშვილი, თბ., 2024
- კაციტაძე, კახა, სტრატეგიის საფუძვლები; გამომცემლობა: ცისარტყელა, თბ., 2007
- კონრადი, ნ., სუნ ძი: ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ, რუსული ენიდან თარგმნა დ. გიორგობიანმა; თბ., 2000
- ლე ბონი, გუსტავ, ერებისა და ბრბოს ფსიქოლოგია, თარგმანი გრიგოლ ქაჯაიასი; გამომცემლობა მთაწმინდელი, თბ., 2013
- მინდაძე, ივა, ტყუილის ანატომია; პირვედისალი გამოცემა; არეტე, 2023
- ორბელიანი, ს-ს, ლექსიკონი ქართული; გამომცემლობა:მერანი; თბ., 1993, ტ-2
- სამხედრო მეცნიერების სტრუქტურა, არსი და კვლევის მეთოდები, ლექციების კურსი, შემდგენელი პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, თბ., 2018, [ელ-ვერსია]
- სუნ ძი, ომის ხელოვნება, მთარგმნელი ირინა აბულაშვილი, მეორე ქართული გამოცემა, ბათუმი, 2019
- უზნაძე, დიმიტრი, განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები: განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები; რედ., აკად. შოთა ნადირაშვილი, მესამე გამოცემა, გამომცემლობა: კოლორი, თბ., 2004 [ელ-ვერსია]. https://digitallibrary.tsu.ge/book/2022/Sep/books/uznadze_ganwyobis_fsiqologiis.pdf გვ.257 [ხელმისაწვდომი 25.06.2024წ.]
- უცხო სიტყვათა ლექსიკონი; მესამე გამოცემა; გამომცემლობა:განათლება, თბ., 1989
- შარაშენიძე, ჯემალ, ომებიადა, თბილისის უნივერსიტეტის გამოცემლობა, თბ., 2011
- ჩინეთის ისტორია, ავტორთა კოლექტივი, მთავარი რედაქტორი და შემდგენელი მარინე ჯიბლაძე. გამომცემლობა: ოქროს საწმისი, თბ., 2022
- ცვეტკოვი, ვ.ლ; შარაფუტდინოვა, ნ.ვ; გონჩაროვა, ე.მ., ზემოქმედების ფსიქოლოგია, გამომცემლობა: სამართლიანი საქართველო, თბ., 2023
- ჯოლოხავა ნ,. სტუდენტური სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი: აღმოსავლეთი, შვიდწიგნეული, თბ., 2020
- Erman, Paul, Telling Lies: Clues to Deceit in the Marketplace, Politics, and Marriage; W.W. Norton & Company; New York. London, 1992, 21
- McKay, John P; Hill, bennett D; Buckler John; Ebrey, Patricia Buckley; Roger Beck B; Crowston, Clare Haru; Wiesner-Hanks, Merry E., A History of World Societies, Eighth edition, Published and distributed outside North America by: MACMILLAN PRESS LTD, 2009
- NATO, Defence Education Enhancement Programme (DEEP), Information Warfare. p.1;[სტატია]https://www.nato.int/nato_static_fl2014/assets/pdf/2020/5/pdf/2005-deepportal4-information-warfare.pdf (ხელმისაწვდომი 25.06.2024)
- Stearns, Peter N; Michael, Adas; Schwartz, Stuart B; Gilbert, Marc J, World Civilizations: The Global Experience, 5th ed., Pearson, Longman, 2006
- Yang, Zhao; Gong, Shuduo;Wang, Guilin; Lu, Zhenxiang; Fang, Linggui; Zhu, Zhongyu; Guo, Dajun, An Outline History of China; Revised Edition, Foreign Languages Press, Beijing, 2002
- Клаузевиц, Карл фон, О Войне, Издательства: Эксмо, Мидгард, 2007, [ელ-ვერსია]
- Караяни, А.Г., Сыромятников, И.В., Прикладная Военная Психология; Издательство: Питер, Москва, 2006.
- Клири, Томас, Китайское Исскуство Войны: Постижение стратегии; Издательство: АСТ, Москва, 2018
- Цянь, Сыма, Избранное, Государственное Издательство художественной литературы, Перевод с китайского В. Панасюка; Москва, 1956
ნათელა ჯოლოხავა
Discussion about this post