ცივი ომის დასრულების შემდეგ, კომუნიზმმა, როგორც რევოლუციურმა მიმდინარეობამ, დაკარგა თავისი მიმზიდველობა. დღეს მხოლოდ ყველაზე ერთგულ კომუნისტებს სჯერათ, რომ კომუნისტური რევოლუცია შესაძლებელი ან ისტორიულად გარდაუვალია. თუმცა, 1920-30-იან წლებში კომუნიზმი ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ იდეოლოგიად ითვლებოდა. 1917 წლის რუსული რევოლუციის წარმატებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მისგან შთაგონებულებმა იდეალისტებმა, თავიანთ ქვეყნებში რევოლუციების განხორციელება სცადეს.
აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კომუნიზმი ენთუზიაზმით მიიღეს ახალგაზრდა ინტელექტუალებმა, რომლებიც თავიანთი ქვეყნების კოლონიური მმართველობისგან გათავისუფლებას ან სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობების კომუნისტური რევოლუციით მოგვარებას ცდილობდნენ. ისინი მუშებსა და გლეხებს შორის ავრცელებდნენ კომუნისტურ შეხედულებებს – ე.წ ღამის სკოლების ფუნქციონირებით ან უბრალოდ ბროშურების გავრცელებით. შედეგად, ისინი ქმნიდნენ პროფკავშირებს, გლეხთა გაერთიანებებს და კომუნისტურ ორგანიზაციებს.
რეგიონში პირველი კომუნისტური პარტია იყო ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომუნისტური ასოციაცია, რომელიც 1920 წელს დაარსდა (1924 წელს კი ინდონეზიის კომუნისტურ პარტიად გადაკეთდა). მომდევნო წელს ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა, ხოლო 1922 წელს – იაპონიის კომუნისტური პარტია. 1930 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კი ერთდროულად ოთხი კომუნისტური პარტია დაარსდა: ინდოჩინეთის კომუნისტური პარტია, სიამის (ტაილანდის) კომუნისტური პარტია, მალაის კომუნისტური პარტია და ფილიპინების კომუნისტური პარტია.
აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ადგილობრივ კომუნისტურ მოძრაობებს ხელმძღვანელობდნენ კომუნისტური პარტიები, პროფკავშირები და გლეხთა გაერთიანებები. ადგილობრივი პარტიები საერთაშორისო და რეგიონული კომუნისტური მოძრაობების ქსელში იყვნენ ჩართული, რომელიც მესამე ინტერნაციონალის (კომინტერნის) მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. ეს გაერთიანება მიზნად ისახავდა კომუნიზმის გავრცელებას და მეზობელი მოძრაობების ურთიერთდახმარებას. მაგალითად, 1926 წელს კომინტერნმა დააარსა შორეული აღმოსავლეთის ბიურო (FEB) შანხაიში, რასაც 1927 წელს მოჰყვა წყნარი ოკეანის პროფკავშირების სამდივნოს (PPTUS) შექმნა. ამ ორ ორგანიზაციას ევალებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ადგილობრივი კომუნისტური მოძრაობების ზედამხედველობა, ფინანსური რესურსების განაწილება, კურიერებისა და აგენტების გაგზავნა, აგრეთვე იმ ადგილობრივი კომუნისტების მიღება, რომლებიც მოსკოვში გამგზავრებას ცდილობდნენ.ამ საქმიანობების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესი იყო რეგიონის მასშტაბით საკავშირო ქსელის შექმნა და შენარჩუნება. ეს უკანასკნელი აგენტებისა და კურიერების მეშვეობით ფუნქციონირებდა. ისინი უკავშირდებოდნენ როგორც შანხაის რეგიონალური შტაბის პერსონალს, ასევე ადგილობრივ კომუნისტურ მოძრაობების კავშირის ოფიცრებს.
ცოტა ისტორიას რომ შევეხოთ, კომინტერნი 1919 წელს, მოსკოვში შეიქმნა. რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ. მას ევალებოდა კომუნისტური მოძრაობების ზედამხედველობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რაც გულისხმობდა კომუნისტური პარტიების ჩამოყალიბებას, მათი ხელმძღვანელობის დამტკიცებას, ფინანსების განაწილებას, აგენტების გაგზავნას, დირექტივების გავრცელებას, უცხოელი კომუნისტების მიღებასა და გაწვრთნას. ეს საქმიანობები ხორციელდებოდა მოსკოვსა და ცალკეულ ქვეყნებში კომუნისტურ მოძრაობებს შორის კავშირების საშუალებით. ამ კავშირების ორგანიზებასა და მართვაზე პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო კავშირის განყოფილება (Отдел международных связей Коминтерна) რომელიც კომინტერნის ფარგლებში 1921 წელს შეიქმნა. ОМС ხელმძღვანელობდა კომინტერნის ფარული ოპერაციებს საზღვარგარეთ, რაც მოიცავდა კონფიდენციალური დირექტივებისა და პროპაგანდისტული მასალების გავრცელებას, აგენტებისთვის ყალბი პასპორტებისა და დოკუმენტების დამზადებას, აგრეთვე სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას (McDermott and Agnew 1996). კომინტერნის საქმიანობა, განსაკუთრებით ფარული ოპერაციების კომპონენტები, დიდწილად დამოკიდებული იყო ОМС-ის ფარგლებში მართული საკავშირო სისტემების ფუნქციონირებაზე. ხაზგასასმელია, რომ ამგვარი კავშირების შენარჩუნება მოსკოვსა და შორეულ რეგიონებს შორის არცთუ მარტივი იყო.
მოსკოვიდან აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებს შორის არსებული გეოგრაფიული დაშორების გამო, მიზანშეწონილი გახდა შორეული აღმოსავლეთის ბიუროს (FEB) შექმნა შანხაიში. აღნიშნული პუნქტი უნდა გამხდარიყო საკავშირო კვანძი. FEB დაარსდა 1926 წელს და თავდაპირველად, ზედამხედველობას უწევდა ჩინეთის, იაპონიისა და კორეის კომუნისტურ მოძრაობებს. თუმცა 1930 წლისთვის მისი იურისდიქცია გავრცელდა კ.თაივანზე, საფრანგეთის ინდოჩინეთზე, ჰოლანდიის ოსტინდოეთზე, ბრიტანულ მალაიასა და ფილიპინებზე (Kurihara, 2005).
შანხაიში ასევე მოქმედებდა წყნარი ოკეანის პროფკავშირების სამდივნო (PPTUS), რომელიც 1927 წელს შეიქმნა Profintern-ის (წითელი პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის) ფარგლებში. მის ამოცანას წარმოადგენდა მშრომელთა მოძრაობების მხარდაჭერა ჩინეთში, იაპონიაში, კორეაში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (McKnight, 2002). მიუხედავად იმისა, რომ FEB და PPTUS ფორმალურად დამოუკიდებელი ორგანიზაციები იყვნენ, მათ შორის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა არსებობდა, ვინაიდან შანხაის რეგიონული შტაბი რეალურად ორივე ინსტიტუტისგან შედგებოდა (Kurihara, 2005).
რატომ აირჩიეს შანხაი კომუნისტური ქსელის ცენტრად?
ისტორიკოსი დევიდ მაკნაითი გამოყოფს სამ ძირითად მიზეზს, რამაც განაპირობა შანხაიში შორეული აღმოსავლეთის ბიუროს დაარსება (McKnight, 2002):
- სამართლებრივი საკითხი – შანხაიში მოქმედებდა ექსტერიტორიულობის პრინციპი. კერძოდ, იქ მრავალ სახელმწიფოს შეეძლო საკუთარი კანონების გავრცელება. ესენია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, აშშ, ბელგია, ბრაზილია, დანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. კომუნისტური მოძრაობის აქტივისტების გარკვეული ნაწილი ევროპელი იყო და ამ პრივილეგიით, დაპატიმრების შემთხვევაში თავი მარტივად შეეძლო დაეღწია.
- თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემები – შანხაი უკვე აღჭურვილი იყო რადიოგადამცემებით, საკაბელო კავშირებითა და საფოსტო სერვისებით, რაც საერთაშორისო კომუნიკაციას აადვილებდა. უზრუნველყოფილი იყო სხვადასხვა კომუნალური სერვისი.
- კოსმოპოლიტური გარემო – ქალაქში მსხვილი საერთაშორისო საზოგადოება საქმიანობდა (1930 წლის მონაცემებით, 58,607 ადამიანი). ეს სხვადასხვა წარმომავლობის კომუნისტებს სასათბურე პირობებს უქმნიდა.
ამ ფაქტორებთან ერთად, შანხაის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და მუნიციპალური დაყოფა (საერთაშორისო დასახლება, ფრანგული კონცესია და ჩინური მუნიციპალიტეტი) ქმნიდა საკმარის „რუხ ზონებს“, სადაც სამართალდამცველებს უჭირდათ სრული კონტროლის დაწესება. აქედან გამომდინარე, შანხაი კომუნისტური ქსელის ეფექტურ ცენტრად იქცა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არსებული კომუნისტური პარტიები, პროფკავშირები და სხვა ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც მოსკოვთან კავშირის დამყარებას ესწრაფვოდნენ (მაგ. მითითებების მისაღებად, დანიშნული კადრებისა და პარტიული მისიების დამტკიცებისთვის, ფინანსური მხარდაჭერისთვის), ცდილობდნენ კავშირების შექმნას შანხაისთან. შანხაისა და რეგიონის კომუნისტურ ორგანიზაციებს შორის პირველადი კონტაქტი მყარდებოდა შანხაიდან გაგზავნილი აგენტების მიერ.
როგორ იღებდნენ აგენტები ინფორმაციას კონტაქტების მისამართისა და მონაცემების შესახებ?
პირველი, შედარებით პრიმიტიული მეთოდი ის იყო, რომ კომინტერნი მოსკოვშივე აწვდიდა აგენტებს ამ ინფორმაციას. აქვე აღსანიშნავია, 1920-1930-იან წლებში, მოსკოვის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩამოსული სტუდენტები. როდესაც ისინი თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ, მათ ეგზავნებოდათ შესაბამისი ინფორმაცია. მაგალითად, იაპონელ კომუნისტს სადაჩიკა ნაბეიამას მოსკოვში კომინტერნის მიერ გადაეცა ფოტოსურათები შანხაიში მოქმედი აგენტის შესახებ და ასევე მისი მისამართი, სანამ ის შანხაის გავლით იაპონიაში დაბრუნდებოდა. ნაბეიამამ შანხაიში მისვლის შემდეგ დაიცვა ეს მითითებები და შეხვდა აგენტს (Tachibana, 1983).
კავშირების დამყარების მეორე გზა იყო უკვე არსებული რეგიონული კავშირების გამოყენება. 1920-1930-იან წლებში ასეთი რეგიონული კავშირები უზრუნველყოფილი იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) მიერ, რომელსაც უკვე ჰქონდა ურთიერთობები ფილიპინებში, ბრიტანულ მალაიაში, ინდოჩინეთსა და სიამში (დღევანდელი ტაილანდი) არსებულ კომუნისტურ მოძრაობებთან. CCP აგზავნიდა თავის წევრებს ამ რეგიონებში ზედამხედველობისა და ორგანიზაციული საქმიანობისთვის და, თავის მხრივ, ჩინეთში იფარებდა პოლიტიკურ დევნილებს. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არსებობა შანხაიში, 1930-იანი წლების დასაწყისამდე, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო CCP-ისთვის, რათა დაეკავებინა დამაკავშირებელი როლი კომინტერნის რეგიონულ შტაბ-ბინასა და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კომუნისტურ მოძრაობებს შორის.
კიდევ ერთი მაგალითი: 1929 წელს იაპონელი კომუნისტი მანაბუ სანო მოსკოვში კომინტერნის მეექვსე კონგრესს დაესწრო, შემდეგ კი შანხაიში გაემგზავრა. შანხაიში ჩასვლისას მან დარეკა იმ ტელეფონის ნომერზე, რომელზეც მოსკოვში მიუთითეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ ის მისამართზე მივიდა, რომელიც ასევე მოსკოვში გადაეცა, მაგრამ იქაც ვერავის შეხვდა. გაურკვევლობაში მყოფი ანტიკვარების მაღაზიაში წავიდა, რომელიც ადრე CCP-ის ცენტრალური კომიტეტის საკონტაქტო პუნქტი იყო. იქ ჩანაწერი დატოვა, რომ ელოდებოდა კონტაქტს. ოთხი დღის შემდეგ მან CCP-სთან კონტაქტი დაამყარა და შეხვდა ჭოუ ენლაის. ჭოუმ კი საბოლოოდ შეახვედრა კომინტერნის რეგიონული შტაბ-ბინის წევრს შანხაიში (Tachibana, 1983). მას შემდეგ, რაც კავშირები მყარდებოდა, მათი შენარჩუნება ხდებოდა შანხაიდან გაგზავნილი აგენტებისა და კურიერების მეშვეობით, ასევე ფოსტისა და ტელეგრაფის გამოყენებით. კურიერები ადგილობრივი კომუნისტური მოძრაობებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ, რადგან სწორედ მათ მოჰქონდათ მოსკოვიდან და შანხაიდან მითითებები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭირო ფინანსური სახსრები.
1931 წლის დასაწყისში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კურიერების მთავარი მარშრუტი იყო შანხაიდან რანგუნამდე (დღევანდელი იანგონი, მიანმარი), ჰონგ-კონგის, საიგონის, ბანგკოკისა და სინგაპურის გავლით. რანგუნიდან ისინი ინდოეთში და მის ფარგლებს გარეთ მიემართებოდნენ. ასევე არსებობდა მარშრუტი შანხაიდან მოსკოვისკენ ტრანსციმბირული რკინიგზის მეშვეობით და აშშ-ში – იაპონიის გავლით ზღვით.
გარდა ამისა, არსებობდა რამდენიმე ქვემარშრუტი, მაგალითად:
- ჰონგ-კონგიდან ცილუნგში (თაივანი) და მანილაში ამოის გავლით;
- საიგონიდან იუნანის პროვინციაში ჰაიფონის გავლით;
- სინგაპურიდან ბატავიაში (კ. იავა).
იუნანის პროვინციიდან კი ახალი მარშრუტი იწყებოდა ბირმისკენ.

ილ.1 კურიერების მარშრუტები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისკენ
როდესაც კურიერი დანიშნულების ადგილზე ჩადიოდა, მას იქ კავშირის ოფიცერთან ან აგენტთან კონტაქტი უნდა დაემყარებინა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთმანეთს არც იცნობდნენ. მაშინ, როგორ მყარდებოდა კავშირები?
1941 წელს იაპონიაში საბჭოთა კავშირის ჯაშუშობისთვის დაპატიმრებულმა რიხარდ ზორგემ თავის მოგონებებში აღწერა სხვადასხვა მეთოდი, რომელთა საშუალებით უცნობი კურიერები და აგენტები საკომუნიკაციოდ იყენებდნენ. მისი თქმით, ორივე მხარეს წინასწარ ეძლეოდა ინფორმაცია შეხვედრის თარიღისა და ადგილის, ერთმანეთის გარეგნული მახასიათებლების და საკონტაქტო მეთოდების შესახებ.
კონტაქტის კოდირებული მეთოდები მოიცავდა:
- წინასწარ შეთანხმებული კითხვებისა და პასუხების გაცვლას. მაგალითად, კითხვას – „იცნობთ ადამიანს, რომლის სახელიც არის X?“ პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო – „ამ სახელის ბოლო ნაწილი ‘სე’ არ არის?“
- გახლეჩილი სავიზიტო ბარათის ნახევრის ჩვენებას, მეორე აგენტი აჩვენებდა მეორე ნახევარს.
- 1 დოლარიანი კუპიურის (№ 112235) ჩვენებას, მეორე აგენტს უნდა ჰქონოდა იგივე ნომრის მომდევნო კუპიურა (№ 112236).
- წიგნის მოტანას და თქმას: „ვფიქრობ, ეს წიგნი ძალიან საინტერესოა. ყველაზე საინტერესო გვერდია…“ მეორე აგენტი პასუხობდა: „ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო გვერდია…“ ეს გვერდები წინასწარ იყო შეთანხმებული.
- გაზეთის გარკვეული მანერით დაკეცვა შეხვედრისას.
- რესტორანში მისვლას და გარკვეული კერძის შეკვეთას, მეორე აგენტი კი უკვეთავდა სხვა სპეციალურ კერძს და იწყებდნენ საუბარს.
- ჩიბუხის ან დიდი სიგარის გამოყენებას რესტორანში. როდესაც მეორე აგენტი შევიდოდა, ორივე ერთდროულად დაიწყებდა მოწევას.
- იმ სასტუმროში დარეკვას, სადაც მეორე აგენტი ცხოვრობდა.
ეს მეთოდები კურიერებთან კონტაქტის დასამყარებლად გამოიყენებოდა. მაგალითად, როდესაც ნაბეიამამ შანხაიში აგენტთან კონტაქტი სცადა, მას უთხრეს, რომ კურიერი კინზაში (ტოკიო) მითითებულ დღესა და დროზე გამოჩნდებოდა. აგენტმა ასევე აცნობა, რომ კურიერს ხელში ინგლისური ჟურნალი ეჭირებოდა და მას იაპონიის კომუნისტური პარტიისთვის განკუთვნილი თანხა უნდა გადაეცა. დაბრუნების შემდეგ ნაბეიამა დანიშნულ ადგილას მივიდა და იქ მართლაც დახვდა უცხოელი ინგლისური ჟურნალით ხელში. კონტაქტი წარმატებით დამყარდა და მან 2,000 დოლარი მიიღო. ეს კურიერი გახლდათ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი შანხაიში (Tachibana, 1983).
კონტექსტის უკეთ გასააზრებლად კიდევ ერთი ისტორიის განხილვა შეგვიძლია. 1931 წელს შანხაიდან სინგაპურში გაგზავნილი აგენტი ცდილობდა მალაიის კომუნისტური პარტიის წევრთან კონტაქტის დამყარებას. გამგზავრებამდე, ჰონგ-კონგში ყოფნისას, მან ვინმე ნგუენ აი კუოკს სთხოვა რჩევა, როგორ დაკავშირებოდა სინგაპურის ადგილობრივი კომუნისტებს. 1931 წლის 27 აპრილს, სინგაპურში ჩასვლისას, მან ოფისი იქირავა და დაელოდა, რომ ადგილობრივი კომუნისტები თავად მოძებნიდნე. 15 მაისს მალაიის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო ნგუენ აი კუოკის მიერ ჰონგ-კონგიდან გაგზავნილი უხილავი მელნით შედგენილი წერილი. იქ ეწერა, რომ კავშირის ოფიცერი უნდა მისულიყო აგენტის ოფისში. 19 მაისს, ოფისში შეხვედრა შედგა.
ამგვარად, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კომინტერნის რეგიონული შტაბ-ბინის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო და რეგიონული კომუნისტური ქსელი დამყარდა და კურიერების, შანხაის შტაბისა და ადგილობრივი კომუნისტური ორგანიზაციების კავშირის ოფიცრების დახმარებით იმართებოდა. თუმცა, ამ ქსელის არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ მისი შექმნის გასაგებად, აუცილებელია კიდევ ერთი ფაქტორის გათვალისწინება: „რეგიონალური ფასილიტატორების“ ანუ ე.წ პერსონალური ჰაბების როლი.
რეგიონული ფასილიტატორები, როგორც კომუნიკაციის ცენტრები
1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანი წლების დასაწყისში, როდესაც შანხაიში FEB-მა (აღმოსავლეთის ბიურო) და PPTUS-მა (წყნარი ოკეანის პროფკავშირების სამდივნო) სცადეს საკუთარი ქსელის შექმნა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რეგიონალურმა ფასილიტატორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მის ორგანიზებაში. შანხაის რეგიონალური შტაბი ეყრდნობოდა რეგიონალურ ფასილიტატორებს მათი უნარებისა და შესაძლებლობების გამო. ეს ყოველივე, ნაწილობრივ, განსაზღვრული იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კომუნისტური ქსელის ბუნებით, შანხაის რეგიონალური შტაბის თანამშრომელთა ეთნიკური შემადგენლობითა და იმ გარემოებებით, რომლებშიც ადგილობრივი კომუნისტური მოძრაობები მოქმედებდნენ.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი იყო ენების ცოდნა. აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საერთაშორისო და რეგიონალური კომუნისტური მოძრაობები მონოლინგვისტური არ ყოფილა. რეგიონში კომუნისტურ მოძრაობებში გამოყენებული ენები შეიძლება დავყოთ სამ კატეგორიად: დასავლური, რეგიონალური აზიური და ადგილობრივი.
- დასავლური ენები — ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული და ჰოლანდიური — გამოიყენებოდა კომუნისტურ მოძრაობებში როგორც აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ისინი აუცილებელი იყო დასავლელ თანამშრომლებთან, კურიერებსა ან აგენტებთან კონტაქტისას. ზოგიერთი ეს ენა ასევე გამოიყენებოდა როგორც რეგიონალური ლინგუა ფრანკა ადგილობრივ კომუნისტებს შორის. მაგალითად, ზოგიერთი ჩინელი და ინდოჩინელი კომუნისტი ერთმანეთთან ფრანგულად ურთიერთობდა.
- მეორე კატეგორია, რეგიონალური აზიური ენები, მოიცავდა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ენებს, რომელთა საშუალებითაც ხერხდებოდა ადგილობრივი კომუნისტური მოძრაობების დაკავშირება. ენები, რომლებიც ასრულებდნენ ამ ხიდის როლს, იყო ჩინური (მისი დიალექტებით) და მალაიური. ჩინური — განსაკუთრებით მისი დიალექტები, როგორიცაა კანტონური, ჰოკიენი, ტეოჩეუ, ჰაინანური და სხვა — აუცილებელი იყო ეთნიკურად ჩინელ კომუნისტებთან რეგიონალური კავშირების დასამყარებლად. მალაიური აპრობირებული იყო მალაიელთა შორის კომუნისტური მოძრაობებისთვის, რომლებიც განფენილი იყვნენ ბრიტანულ მალაიასა და ჰოლანდიის ოსტინდოეთში.
- მესამე კატეგორია იყო ადგილობრივი ენები, რომლებიც გამოიყენებოდა მხოლოდ თითოეული შიდა კომუნისტური მოძრაობის ფარგლებში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამ კატეგორიის ენები იყო იაპონური, კორეული, იავური, ვიეტნამური, ტაგალოგი და სხვ.
რეგიონალური ფასილიტატორისთვის, რომელიც მონაწილეობდა საერთაშორისო და რეგიონალურ კომუნისტურ მოძრაობებში, აუცილებელი იყო სხვადასხვა კატეგორიის რამდენიმე ენის სხვადასხვა ხარისხით ცოდნა. ეს მრავალენოვანი რეგიონალური ფასილიტატორები არსებით როლს ასრულებდნენ შანხაის რეგიონალური შტაბისთვის, რადგან ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონალური ქსელის კოორდინაციაზე. ცნობილია, რომ FEB-ში გამოყენებული ენები იყო რუსული, ინგლისური და გერმანული, ხოლო იაპონელ კომუნისტებს ყოველთვის უჭირდათ შანხაის შტაბის თანამშრომლებთან კონტაქტი, რადგან ძალიან ცოტა იაპონელი კომუნისტი საუბრობდა რუსულად ან ინგლისურად, ხოლო შანხაიში არ იყო თანამშრომელი, რომელსაც იაპონური ესმოდა (Tachibana, 1983). მაკნაითმა ასევე აღნიშნა, რომ იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც მხოლოდ რუსულად საუბრობდნენ (McKnight 2002). უფრო მეტიც, შანხაის რეგიონალური შტაბის თანამშრომელთა ეთნიკური შემადგენლობა მთლიანად ევროპული იყო. ამ სიტუაციაში აუცილებელი იყო ადგილობრივი კოლექტივის დაკომპლექტება, რომელსაც შეეძლო ლოკალური, დასავლური და/ან აზიური ენების ცოდნა, რათა შანხაის რეგიონალური შტაბის წევრებს შეძლებოდათ ენობრივად მრავალფეროვან აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქსელის მშენებლობა და შენარჩუნება.
მხოლოდ პოლიგლოტობა არ იყო საკმარისი მდგენელი იმისთვის, რომ ადამიანი გამხდარიყო რეგიონალური ფასილიტატორი. 1920-იან და 1930-იან წლებში აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კომუნისტური მოძრაობები მძიმე პირობებში მოქმედებდნენ. რეგიონის სახელმწიფოები და კოლონიური მთავრობები, რომლებიც კომუნისტურ მოძრაობებს თავიანთი მმართველობისთვის საფრთხედ მიიჩნევდნენ, მკაცრად აკონტროლებდნენ და თრგუნავდნენ მათ საქმიანობას. ამიტომ, მიწისქვეშა მუშაობის წარმატებით ჩატარებისთვის გადამწყვეტი იყო ცოდნა და უნარი, თუ როგორ დაემალათ თავიანთი ნამდვილი ვინაობა.
პიროვნებები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კომუნისტურ მოძრაობებში არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც, იძენდნენ გარკვეულ ცოდნას უშუალოდ პრაქტიკაში გამოყენებულ ენებში და ამყარებდნენ კავშირებს რეგიონის ადგილობრივ კომუნისტებთან. უფრო მეტიც, ისინი იცნობდნენ ადგილობრივი კომუნისტური მოძრაობების წინაშე არსებულ სიტუაციებს. როდესაც შტაბი ცდილობდა რეგიონში თავისი კავშირების გაფართოებას, ის ეყრდნობოდა რეგიონალური ფასილიტატორების მიერ მოწოდებულ კავშირებსა და ცოდნას. 1930 წლისთვის, გამორჩეულ ფასილიტატორებად მიიჩნეოდნენ ტან მალაკა, ტეო იუენ ფუ და ნგუენ აი კუოკი.
ტან მალაკა იყო ცნობილი იაველი კომუნისტი. ის 1920-იან და 1930-იან წლებში მოღვაწეობდა. მოგზაურობდა ჰოლანდიის ოსტინდოეთში, ბრიტანულ მალაიაში, ფილიპინებსა და ჩინეთში. მისი საქმიანობა იმითაა გამორჩეული, რომ შეეძლო ინდონეზიურად, იავურად, ჰოლანდიურად, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, ტაილანდურად, ტაგალოგად და ჩინურად (მანდარინი, კანტონური და ჰოკიენი) საუბარი.
ტეო იუენ ფუ იყო ინდონეზიის კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი. მონაწილეობდა 1926 წელს იავაში ჰოლანდიის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ, 1927 წელს ის შანხაიში გაემგზავრა სასწავლებლად. მას შეეძლო ჩინურად, ინგლისურად, მალაიურად და იავურად საუბარი. იგი ნგუენ აი კუოკმა დაიქირავა აგენტად, მისი ენობრივი უნარებისა და რეგიონში გამოცდილების საფუძველზე. 1931 წელს შანხაის რეგიონალურმა შტაბმა გაგზავნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჰოლანდიის ოსტინდოეთის ბიუროს შექმნისა და შემდეგ შანხაის აღმოსავლეთის ბიუროსთან კავშირის დამყარების მისიით (Yong, 1997).
ნგუენ აი კუოკი კი უდავოდ იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აზიელი კომუნისტი. მისი რეპუტაცია კონკურენციას უწევდა (თუ არ აღემატებოდა!) ჭოუ ენლაისა და მაო წეტუნგის გავლენას. ნგუენ აი კუოკი იყო ერთ-ერთი ფსევდონიმი, რომელსაც ნგუენ სინჰ კუნგი იყენებდა თავის რევოლუციურ კარიერაში. 1945 წელს, ის გახდა ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტიჰო ში მინის სახელით. იგი ჩართული იყო კომუნისტურ მოძრაობებში საფრანგეთის ინდოჩინეთში, საფრანგეთში, მოსკოვში, სიამში, სამხრეთ ჩინეთსა და ბრიტანულ მალაიაში. მას შეეძლო ვიეტნამურად, ჩინურად (მანდარინი და კანტონური), ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად და ტაილანდურად საუბარი. როდესაც ის 1920-იანი წლების შუა პერიოდში კანტონში მუშაობდა, ცდილობდა კავშირების დამყარებას რადიკალებს შორის, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ აზიაში კოლონიურ ან ნახევრად კოლონიურ მმართველობას. 1929 წლის დეკემბრის შემდეგ ის დამკვიდრდა ჰონგ კონგში და ჩაერთო ვიეტნამის (რომელიც იმავე წელს გადაიქცა ინდოჩინეთის კომუნისტურ პარტიად), სიამისა და მალაიის კომუნისტური პარტიების დაარსებაში 1930 წელს. ბევრისთვის კარგად ნაცნობი ნგუენ აი კუოკი პასუხისმგებელი იყო შანხაის, საფრანგეთის ინდოჩინეთისა და ბრიტანული მალაიის კომუნისტურ მოძრაობებს შორის კავშირების შენარჩუნებაზე (Goscha, 1999).

ილ.2 ახალგაზრდა ჰო ში მინი
ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონალურ ფასილიტატორებს გააჩნდათ პოლიგლოტური შესაძლებლობები, იატაკქვეშა ოპერაციების გამოცდილება და რაც მთავარია, მტკიცე ერთგულება იდეის მიმართ. ამ რეგიონალური ქსელის შენარჩუნების ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შტაბის თანამშრომლების პოლიციის მიერ გამოვლენისა და დაპატიმრების თავიდან აცილება. ამ მხრივ, საინტერესოა 1931 წელი.
ქსელის ჩამოშლა 1931 წელს
1931 წელს შანხაის რეგიონალურმა შტაბმა გადაწყვიტა სამი აგენტის გაგზავნა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ესენი იყვნენ: ჯოზეფ დუკრუ (ფსევდონიმით – სერჟ ლეფრანკი), ვონგ მუკ ჰანი და ტეო იუენ ფუ. დუკრუს მისია იყო ბრიტანული მალაიის კომუნისტური მოძრაობების გამოკვლევა, შანხაის რეგიონალურ შტაბსა და მალაიის კომუნისტური პარტიის ცენტრს შორის კავშირების დამყარება და სინგაპურის საკავშირო ცენტრად ჩამოყალიბება (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ბრიტანული ინდოეთის კომუნისტური მოძრაობებისთვის). ვონგი პასუხისმგებელი იყო ბრიტანულ მალაიაში კომუნისტური მოძრაობების რეორგანიზაციაზე, ხოლო ტეოს მისია ზემოთ უკვე ვახსენეთ (Yong, 1997).
მიუხედავად იმისა, რომ ტეო 1931 წელს ბრიტანეთის პოლიტიკური დაზვერვის სამსახურმა ვერ ამოიცნო, დუკრუ, ვონგთან ერთად, გამოააშკარავეს და 1 ივნისს დააპატიმრეს სინგაპურში. სინგაპურის სპეციალურმა განყოფილებამ ხელში ჩაიგდო დოკუმენტებიდან მიღებული კონტაქტის მისამართები შანხაისა და ჰონგ კონგში. აღნიშნული მონაცემები გადაიგზავნა ჰონგ კონგის სამეფო პოლიციისა და შანხაის მუნიციპალური პოლიციის სპეციალურ განყოფილებებში. 6 ივნისს სინგაპურიდან გაგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, ჰონგ-კონგში დააპატიმრეს ნგუენ აი კუოკი. 15 ივნისს შანხაიში დააკავეს ОМС -ის თანამშრომლები, ცოლ-ქმარი ნულენსები (Onimaru 2006).
ნულენსების დაპატიმრების შემდეგ, შანხაის მუნიციპალური პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ ხელში ჩაიგდო საიდუმლო დოკუმენტები. აქედან სპეციალურმა განყოფილებამ შეძლო ინფორმაციის მოპოვება, სადაც მოცემული იყო არა მხოლოდ საერთაშორისო და რეგიონალური კომუნისტური მოძრაობების მიზნები, მეთოდები და არსებული რეგიონული კონტექსტი, არამედ ამ საქმიანობაში ჩართული კომუნისტებისა და აგენტების მონაცემები. ეს ინფორმაცია გავრცელდა აზიის სახელმწიფოთა შესაბამის სტრუქტურებში. მაგალითად, ამის საფუძველზე დააპატიმრეს დაახლოებით 30 კომუნისტი იაპონიაში.
ნულენსების, ნგუენ აი კუოკისა და დუკრუს დაპატიმრებამდე, შანხაიდან საფრანგეთის ინდოჩინეთში, სიამში, ბრიტანულ მალაიასა და ჰონგ-კონგშიც ფუნქციონირებდა კავშირები. დუკრუმ შეძლო კონტაქტის დამყარება მალაიზიის კომუნისტურ პარტიასთან, ინდონეზიის კომუნისტურ პარტიასთან კავშირის დამყარებაში კი ტეო იყო პასუხისმგებელი, თუმცა, ჩვენთვის უცნობია, თუ რა კონკრეტული შედეგით დასრულდა მისი მოღვაწეობა.

ილ.3 ფასილიტატორთა ქსელი
ქსელის ოპერირების თვალსაზრისით, ნულენსებისა და ნგუენის დაპატიმრების ყველაზე მძიმე შედეგი იყო შანხაიდან რეგიონის კომუნისტურ მოძრაობებთან დამყარებული კავშირის ქსელის ჩამოშლა. ნულენსიც და ნგუენიც ამ სისტემაში ფასილიტატორები იყვნენ. როდესაც ისინი დააპატიმრეს, მათ მიერ დამყარებული კავშირები გაწყდა, რამაც გამოიწვია ქსელის ჩამოშლა. მაგალითად, ბრიტანული მალაიზიის კომუნისტურმა მოძრაობამ სრულად შეწყვიტა შანხაისთან ურთიერთობა. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავდა უშუალოდ ჩინეთში კომუნისტების საქმიანობის შეჩერებას.
კომუნისტური ინტერნაციონალის როლი პირველი ეროვნული გაერთიანებს ჩამოყალიბებაში
როგორც ვახსენეთ, 1921 წელს ქ. შანგხაიში ჩინეთის კომუნისტური პარტია შეიქმნა. პარტიის თავდაპირველი ლიდერები კი ლი ტაჭაო და ჩენ ტუსიოუ გახდნენ. მათი შეხედულებები, უმეტესწილად, თანხვედრაში მოდიოდა კომინტერნისა და რუსეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკასთან. ახლადშექმნილი პარტია გამოწვევებით სავსე მოცემულობაში მოქმედებდა. ერთი მხრივ, პოლიტიკური, სამხედრო თუ ფინანსური შესაძლებლობებით ის ახლოსაც კი ვერ მივიდოდა კუომიტანგთან. ამას ისიც ემატებოდა, რომ მოსკოვში ჩინურ რევულუციას კუომინტანგის გარეშე არ განიხილავდნენ, შესაბამისად, ამ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობა აუცილებლად უნდა დაწყებულიყო.
საწყის ეტაპზე, კომუნისტები კუომინტანგს ინდივიდუალურად უერთდებოდნენ. მოსკოვი დაინტერესებული იყო, რომ ამ გაერთიანებას ფორმალური სახე მისცემოდა. საამისოდ, კომინტერნის ფარგლებში, არაერთი ინსტრუქტორი მიავლინეს ჩინეთში. მათ შორის, გამოსარჩევია კომინტერნის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, რუსი ბოლშევიკი, მიხეილ ბოროდინი. 1924 წელს, სწორედ მისი მითითებების საფუძველზე შედგა ალიანსი (ამ უკანასკნელმა 1927 წლამდე იარსება და ისტორიაში პირველი ეროვნული თანხმობის სახელითაა შესული). საგულისხმოა, რომ კომუნისტური პარტიის ხელმძვანელობა ამ ყოველივეს, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგებოდა. კუომინტანგი, რომელიც, ერთი შეხედვით, ზეიდეოლოგიურ პარტიას წარმოადგენდა, გავლენებისთვის ბრძოლის კერად იქცა. მდგომარეობა დამძიმდა პარტიის ლიდერის, სუნ იატსენის გარდაცვალების შემდგომ. ხსენებულ პაექრობაში დაწინაურდა სუნ იატსენის ქვისლი, ჩანგ ქაი-ში. ის ეწინააღმდეგებოდა კომუნისტების ხედვებს, თუმცა მათთან თანამშრომლობას აგრძელებდა. ამას გარდა, 1923 წლის შეთანხმების საფუძველზე, კუომინტანგის ჯარის გარკვეულ ნაწილს (კ. ვამპოაზე) საბჭოთა ინსტრუქტორები წვრთნიდნენ, ვასილი ბლიუხერით სათავეში. უშუალოდ პუნქტი კი ჭოუ ენლაის ექვემდებარებოდა. მიუხედავად ამისა, ჩანგმა, 1926 წელს ე.წ 20 მარტის ინციდენტის საფუძველზე, მემარცხენე ლიდერები პარტიიდან გაყარა (რასაც მოსკოვის განგაში არ მოჰყოლია). 1927 წლის 2 აპრილის დადგენილებით, კუომინტანგის მემარჯვენე ფრაქციამ კომუნისტებს ბრძოლა გამოუცხადა. 12 აპრილს, შანგხაიში კომუნისტებსა და ჩანგის სამხედრო დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეხლის შემდეგ კი ეროვნული თანხმობა, ფაქტობრივად, დაიშალა.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, კომუნისტური პარტიის ინსტრუქტაჟის მიზნით, 1927 წლის 23 ივლისს ქ. უხანში ჩადის ქართველი რევოლუციონერი, ბესარიონ ლომინაძე. მის ჯგუფს ჩინეთში ახალი სამოქმედო გეგმა განესაზღვრა. კერძოდ, კომუნიზმის „კულტივაცია“ უნდა მომხდარიყო კომუნისტების მილიტარიზაციის პარალელურად. აგრეთვე, არსებით ამოცანას წარმოადგენდა იდეოლოგიური ძალისხმევის ზრდა. 7 აგვისტოს გახსნილ სხდომაზე, ლომინაძემ გაანალიზა არსებული მოცემულობა და გამოაცხადა კონკრეტული მითითებები. მისი კრიტიკის ობიექტად იქცა ჩენ ტუსიოუს წარუმატებელი პოლიტიკური საქმიანობა, რამაც პარტიის დეგრადაციას შეუწყო ხელი. ლომინაძის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა ჩინური პროლეტარიატის გააქტიურება. ეს ქმნიდა „ლოკალური რევოლუციების“ საფუძველს, რომლის მთავარ სამოქმედო სივრცედ ის ურბანიზებულ ტერიტორიას განიხილავდა. აღნიშნული პროცესები კი მთლიანად ადგილობრივი კომუნისტური პარტიის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. ლომინაძის და მისი ჯგუფის ძალისხმევით, გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია დაკარგა ჩენ ტუსიოუმ. შესაძლოა ითქვას, რომ 7 აგვისტოს სხდომა ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღია ჩინეთის უახლეს ისტორიაში (ჩიხლაძე, ჭიღლაძე, 2021).

ილ.4 ბესარიონ ლომინაძე
უხანიდან ლომინაძე შანგხაიში გადადის. მისი ინსტრუქტაჟი, მეტ-ნაკლებად, ემყარება ტროცკისეული პერმანენტული რევოლუციის პრინციპს. მართალია, ამ იდეამ ადგილობრივ კომუნისტებში მხარდაჭერა დაიმსახურა, თუმცა გუანჭოუს წარუმატებელი აჯანყების შემდგომ, ქართველის საქმე ცუდად წავიდა. კრახი, ნაწილობრივ, მას დაბრალდა. ბელადმა ლომინაძეს ეს შეცდომა არ აპატია და კომინტერნში საქმიანობაც შეუზღუდა. საბოლოოდ, 1935 წელს, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ჩიხლაძე, ჭიღლაძე, 2021).
კომუნისტური ინტერნაციონალის მეშვიდე კონგრესი და 1 აგვისტოს მანიფესტი
1934 წლიდან, სტალინმა საბჭოთა კავშირის დასავლურ დემოკრატიებთან დაახლოებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. საბჭოთა კავშირის ერთა ლიგაში შესვლა (1934 წლის სექტემბერი) და კომინტერნის მეშვიდე კონგრესი (1935 წლის ივლის-აგვისტოში) ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი ეტაპებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. სწორედ მეშვიდე კონგრესის ფარგლებში, საბოლოოდ გაუქმდა კომინტერნის ე.წ მესამე პერიოდის ულტრა-რადიკალური ხაზი. გამოაცხადდა “ანტი-ფაშისტური ერთიანი ფრონტის” სტრატეგია. სტალინი განსაკუთრებით შეშფოთებული იყო გერმანულ-იაპონური მოლაპარაკებებით ანტი-საბჭოთა ალიანსის შესაძლებლობის კონტექსტში. ეს 1935 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, როდესაც იაპონიის დიპლომატიური მისია ბერლინს ეწვია, ანტი-კომუნისტური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. სტალინს შეზღუდული ბერკეტები ჰქონდა გერმანულ-იაპონური ალიანსის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მას შეეძლო მიემართა ჩინეთის რესპუბლიკისა (ROC) და დასავლური სახელმწიფოებისთვის, რათა, გარკვეულწილად, დაეშინებინა იაპონია და გერმანია. ჩინეთთან დაკავშირებით, ქვეყანა, რომელიც მეტ-ნაკლებად გაერთიანებული იყო ჩანგ კაი-შის დაქვემდებარების ქვეშ CCP-სა და KMT-ს შორის ერთიანი ანტი-იაპონური ფრონტით, შეამცირებდა იაპონიის აგრესიული კვანტუნგის არმიის ჩრდილოეთით, ციმბირის მიმართულებით დარტყმის ალბათობას. მეორე მხრივ, ფრაგმენტული და დეცენტრალიზებული ჩინეთი იაპონიის ექსპანსიონისტური პოლიტიკის განხორციელებას მეტ სტიმულს მისცემდა.
სტალინს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ CCP-ს მიერ KMT-ს შორის გაგრძელებულ რევოლუციურ ომს შესაძლოა KMT ბერლინთან დაეკავშირებინა. გერმანია იმ დროს KMT-ის სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებელი გახლდათ. გერმანიის მხარდაჭერა ჩანგისადმი ემსახურებოდა ნაცისტების დიპლომატიის ერთ-ერთ არსებით მიზანს – საბჭოთა კავშირის გარშემო ძლიერი ანტი-კომუნისტური სახელმწიფოების შექმნას. როდესაც ბერლინი და ტოკიო ფორმალური ანტი-კომუნისტური შეთანხმებისკენ მიიწევდნენ, CCP-ის აგრესიულ ქმედებებს, შესაძლოა, ჩანგი გერმანიისა და იაპონიის ანტი-კომუნისტური თანამშრომლობის გაფართოების შეთავაზებებისადმი დადებითად განეწყო.
საგულისხმოა, რომ სწორედ აქ იკვეთება კომუნისტური ინტერნაციონალის როლი. ანტი-ფაშისტური ერთიანი ფრონტის იდეის გაჩენის პარალელურად, აქტიურდება ვანგ მინის შეხედულება CCP-ისა და KMT-ის მიერ ერთიანი ფრონტის შექმნის შესახებ. 1934 წლის 28 მაისს, მოსკოვში კომინტერნის მეშვიდე კონგრესის მოსამზადებელი კომიტეტი შეიკრიბა. ვანგ მინი აქტიურად მონაწილეობდა ამ კომიტეტის მუშაობაში. 14 ივნისს, მოსამზადებელი კომიტეტის ერთ-ერთმა საბჭოთა წარმომადგენელმა წარმოადგინა პროექტი. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა პროგრამას, რომელიც არ მოითხოვდა არც სოციალიზმს და არც პროლეტარიატის დიქტატურას. ხაზგასმული იყო მასების თანდათანობითი მობილიზაცია ამ მიზნების მისაღწევად. თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვანგ მინი დაეთანხმა აღნიშნული პროექტის პოსტულატებს. ამას დაემატა 1935 წლის ივნისში პეკინსა და თიენძინში ჩინელი დემონსტრანტების ხოცვა-ჟლეტის ამბავი. ამ მოვლენების გაგების შემდეგ, CCP-ს კომინტერნის დელეგაციის წევრმა ვუ იუჭანგმა და მოსკოვში მყოფმა სხვა ჩინელებმა განიხილეს ანტი-იაპონური ერთიანი ფრონტის პრობლემები ჩინეთში მიმდინარე დაპირისპირების კონტექსტში. გადაწყდა ჩინეთის შესახებ კომუნიკეს შედგენა, რომელიც განვრცობილი იქნებოდა კომინტერნის ახალი ხაზის კომპონენტებით.

ილ.5 ვანგ მინი
როგორც ვთქვით, ზემოხსენებული მოვლენები დაემთხვა კომინტერნის მეშვიდე კონგრესს. 1935 წლის 2 ივლისს კომინტერნის ლიდერმა, გიორგი დიმიტროვმა, მოსამზადებელ კომიტეტს წარუდგინა ანგარიში მუშათა საერთაშორისო მოძრაობისა და ანტი-ფაშისტური ბრძოლის შესახებ. ჩინური დელეგაცია სწორედ იმ დროს ადგენდა თავის კომუნიკეს და ძალიან სავარაუდოა, რომ დიმიტროვის იდეებით ხელმძღვანელობდნენ. მას შემდეგ, რაც ჩინური კომუნიკე შეადგინეს, ვანგმა ის რუსულად თარგმნა. აღნიშნულ ვერსიას დადებითად შეხვდნენ იოსებ სტალინი და დიმიტროვი.
კომუნისტური ინტერნაციონალის მეშვიდე კონგრესი მიმდინარეობდა 1935 წლის 25 ივლისიდან 20 აგვისტომდე. ანტი-ფაშისტური ერთიანი ფრონტის იდეას, რომელიც ამ კონგრესზე გამოცხადდა, თავდაპირველად არ ჰქონდა იგივე “ფართო” მახასიათებლები, რაც მოგვიანებით მიიღო. ჩინეთთან დაკავშირებით, გადამწყვეტი ცვლილება მოხდა ვანგ მინის 7 აგვისტოს გამოსვლაში. მან პირველად მიანიშნა, რომ CCP მზად იყო შეექმნა ერთიანი ფრონტი “ნებისმიერ პარტიასთან”, თუ ამ პარტიის საჯარისო ნაწილები შეწყვეტდნენ წითელ არმიაზე თავდასხმას და იაპონიის წინააღმდეგ გაერთიანდებოდნენ.

ილ.6 კომინტერნის მეშვიდე კონგრესი
1 აგვისტოს, დიმიტროვის ანტი-ფაშისტური ერთიანი ფრონტის შესახებ მთავარ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ვანგ მინმა გამოსცა CCP-ის მანიფესტი. მანიფესტი ოფიციალურად, მხოლოდ 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა, კომინტერნის პარიზულ გაზეთ “ძიუკუო პაო” („ეროვნული ხსნის ამბები“). ჩინელი ისტორიკოსის სიანგ ცინგის მიხედვით, მანიფესტის გამოქვეყნება სპეციალურად გადაიდო, რათა ხალხს დაეჯერებინა, რომ ის ჩინეთში CCP-ის მიერ, ჩინეთში შეადგინეს, შემდეგ გადაიგზავნა მოსკოვში და საბოლოოდ, პარიზში. ვინაიდან ამ კავშირების დასამყარებლად დაახლოებით ორი თვე იყო საჭირო, ეს მოცემულობა დამაჯერებლად ჩაითვლებოდა. 15 აგვისტოს ვანგმა CCP-ის ცენტრალური კომიტეტის სახელით კიდევ ერთი განცხადება გამოსცა, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ CCP-ს არ სურდა ჩანგ კაი-შის სიკვდილი და საწინააღმდეგო შეხედულებები წარმოადგენდა მტრის პროპაგანდას. 1935 წლის 25-27 აგვისტოს, ვაგნ მინმა ძალიან პესიმისტურად შეაფასა კომუნისტური პარტიის შესაძლებლობები. მან აღნიშნა, რომ CCP-ის წითელი არმია ძალიან სუსტი იყო საიმისოდ, რომ დამოუკიდებლად დაემარცხებინა იაპონია და მისი ჩინელი “მხარდამჭერები”. აგრეთვე, მისი აზრით, KMT ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი და გავლენიანი პარტია იყო. უფრო მეტიც, არსებობდა საბჭოთა კავშირისა და ROC-ს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების პერსპექტივები. ამის შედეგად, იმის ნაცვლად, რომ ეცადათ ჩანგის დამხობა, CCP უნდა გაერთიანებულიყო ჩანგთან. ამ ახალი ანალიზის შესაბამისად, ვანგმა შემოიღო ახალი ლოზუნგი: “ჩანგთან გაერთიანება, იაპონიის წინააღმდეგ” (ლიან ძიანგ, კანგ ჟი). საბოლოოდ, 7 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც CCP-ის ცენტრში გაიგზავნა კურიერი ახალი ხაზის შესახებ ინფორმირებისთვის, “ძიუკუო პაო” გამოაქვეყნა მინიშნება, რომ გარკვეულ პირობებში ჩანგ კაი-ში და KMT შეიძლება ჩართულიყვნენ ერთიან ფრონტში.
ახალი მიმართულება და კურიოზული ასპექტი
CCP-ის ცენტრისთვის, კომინტერნის ახალი მიდგომის შესახებ შეტყობინებისთვის ყველაზე სწრაფი გზა რადიო იქნებოდა. თუმცა, იმ დროს მოსკოვსა და CCP-ის ცენტრს შორის რადიოკავშირი არ არსებობდა. სხვადასხვა წყაროს თანახმად, CCP-ის ცენტრმა მოსკოვთან რადიოკავშირი 1934 წლის ნოემბერში შეწყვიტა, გრძელი მარშის დაწყებისას. კომუნიკაცია მხოლოდ 1935 წლის ოქტომბერში აღდგა, მას შემდეგ, რაც კომუნისტები ჩრდილოეთ შანსიში ჩავიდნენ. მიუხედავად ამისა, სრულფასოვანი კავშირი არ აღდგენილა 1936 წლის მაის-ივნისამდე. ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის ზუნიის კონფერენცია, კომინტერნის მეშვიდე კონგრესი, მაოერგაის კონფერენცია და CCP-ის აღმოსავლეთის კამპანია მოხდა მაშინ, როდესაც CCP-ის ცენტრსა და მოსკოვს შორის რადიოკავშირი არ იყო დამყარებული. ირონიულია, რომ ტექნიკური პრობლემების არარსებობის პირობებში, ჩინეთის ისტორიის განვითარების კურსი შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო.
როგორც აღვნიშნეთ, 1 აგვისტოს მანიფესტი პარიზის გაზეთში “ძიუკუო პაო” ოფიციალურად გამოქვეყნდა. ეს გაზეთი გამოიცემოდა მემარცხენე ჩინელი ემიგრანტების მიერ. სხვადასხვა დროს, “ძიუკუო პაო” ქვეყნდებოდა KMT-ისა და CCP-ის თანამშრომლობის მხარდამჭერი სტატიები. საგულისხმოა კომინტერნის კონტროლის ხარისხი ამ გამოცემაზე. ვუ იუჭანგის თქმით, რომელიც იმ დროს კომინტერნის ფუნქციონერი გახლდათ, “ძიუკუო პაო” რედაქტირდებოდა მოსკოვში, კომინტერნის ჩინური დელეგაციის მიერ, შემდეგ კი ფარულად გადაჰქონდათ პარიზში. შესაბამისად, ნათელია, რომ მანიფესტი წარმოადგენს ჩინეთის კომინტერნის დელეგაციის „პროდუქტს“.
1935 წლის შემოდგომაზე რადიოკავშირის რამდენიმე კვირით აღდგენის შემდგომ, რომ CCP-მ მიიღო კომინტერნის დირექტივა, რომელიც უბრძანებდა CCP-ს, შეეწყვიტა სამოქალაქო ომი. სექტემბრის შუა რიცხვებში ECCI-მ მნიშვნელოვნად შეარბილა თავისი პოზიცია ჩანგ კაი-შის მიმართ. ნოემბრის შუა რიცხვებში კი კომინტერნის კურიერი, ლინ იუინგი, ვაიაობოუსკენ დაიძრა, რათა ადგილობრივი კომუნისტებისთვის გადაეცა მეშვიდე კომინტერნის კონგრესის დადგენილებები. აქ, ძირითადად, მოიაზრებოდა, რომ ანტი-იაპონური ფრონტი უნდა გაფართოებულიყო. ლინ იუინგის მიერ გადმოცემული ინსტრუქციები გადამწყვეტი იყო დეკემბერში ვაიაობოუში პოლიტბიუროს კონფერენციის კონტექსტში.
მაო კომინტერნის წინააღმდეგ
როგორც ცნობილია, 1935 წლის იანვარში წუნიის პოლიტბიუროს კონფერენცია მაოსთვის მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმოადგენდა. წუნიიში მაო აუმხედრდა ერთგვარ CCP-ში ჩანერგილ კომინტერნის „ინტერნაციონალისტურ მარიონეტებს“. გენერალური მდივანი პო კუ და კომინტერნის სამხედრო მრჩეველი ოტო ბრაუნი დაადანაშაულეს 1934 წლის სამხედრო წარუმატებლობებში და მათი გავლენა CCP-ში მნიშვნელოვნად შემცირდა. ბო და ბრაუნს ჩამოერთვათ უმაღლესი სამხედრო სარდლობის უფლებამოსილებები, რომლებიც, თავის მხრივ, გადაეცა ჭოუ ენლაის და ჭუ დეს. ბო გუ გააძევეს პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტიდან. მისი ადგილი კი მაო ძედუნმა დაიკავა.
ვანგ მინის მთავარი იარაღი მაოს საწინააღმდეგოდ მისი საერთაშორისო ავტორიტეტი გახლდათ. ვანგის სიახლოვე სტალინთან და დიმიტროვთან მას უკეთეს მდგომარეობაში აყენებდა. მაო, ისევე როგორც ვანგ მინი, იყო ECCI-ს წევრი. მაგრამ მაოსგან განსხვავებით, ვანგი ასევე შედიოდა ECCI-ის პრეზიდიუმის წევრთა რიგებში. ვანგი შეიძლება ჩაითვალოს სტალინისა და დიმიტროვის ახლო თანამოაზრედ. ის გაცილებით უეკთ იაზრებდა საბჭოთა ინტერესებს. მაომ, შესაძლოა, უკეთ იცოდა, როგორ მოეხდინა რევოლუციური ძალების მობილიზება ჩინეთში, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი საბჭოთა ხელმძღვანელობის გულის მოსაგებად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ვანგ მინის, როგორც კომინტერნის ლიდერის, უფლებამოსილებები. კომინტერნი ორგანიზებული იყო, როგორც მსოფლიო დემოკრატიულ-ცენტრალისტური პარტია. სხვადასხვა ეროვნული კომუნისტური პარტიები წარმოადგენდნენ ამ მსოფლიო პარტიის “ფილიალებს”. მათი ურთიერთობა ECCI-სთან, თეორიულად, იგივე იყო, რაც ეროვნული პარტიის ადგილობრივ ორგანოებსა და ამ პარტიის პოლიტბიუროს შორის ურთიერთობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაქვემდებარებულ ერთეულებს ევალებოდათ უპირობო დამორჩილება. საერთაშორისო დისციპლინის აღსასრულებლად, ECCI აღჭურვილი იყო უფლებით, გაეგზავნა სპეციალური წარმომადგენლები “ფილიალ პარტიებში”. ეს წარმომადგენლები უნდა დაეშვათ ყველა შეხვედრაზე და უფლებამოსილი იყვნენ ემოქმედათ მასპინძელი პარტიის ცენტრალური კომიტეტის წინააღმდეგაც კი, თუ ამ კომიტეტის გადაწყვეტილებები არ შეესაბამებოდა ECCI-ს დირექტივებს. ECCI-ს ასევე შეეძლო გაეუქმებინა “ფილიალი პარტიების” რეზოლუციები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა კომინტერნის პოლიტიკას და გაერიცხა “ფილიალი პარტიის” ნებისმიერი კანონდამრღვევი წევრი. მეშვიდე კონგრესზე მიღებული რეზოლუციით “ფილიალ პარტიებს” მინიჭებული დიდი ავტონომია უბრალო ფარსი იყო. სტალინიზაციის პროცესმა ისევე იმოქმედა კომინტერნზე, როგორც სხვა საბჭოთა ინსტიტუტებზე და გამოიწვია ძალაუფლების კიდევ უფრო დიდი ცენტრალიზაცია ამ ორგანოში.
საგულისხმოა, რომ მაოს იმ დროს არ ჰქონდა ისეთი სტატუსი პარტიაში, როგორც მოგვიანებით მოიპოვა. მაოს ჯერ კიდევ ჰყავდა მრავალი შიდაპარტიული მეტოქე, რომლებიც მას ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა დაებალანსებინა. ვანგ მინის გარდა, მაოს მთავარი ოპონენტი იყო ჭანგ გუოტაო, მეოთხე ფრონტის არმიის მეთაური და, მაოს მსგავსად, CCP-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.წუნიის შემდგომი პირველი შეტაკება მაოს წარმომადგენლებსა და ვანგ მინს შორის მოხდა მოსკოვში, მეშვიდე კომინტერნის კონგრესის შემდეგ. ზუნიის კონფერენციის დასრულებისას, CCP-ის პოლიტბიურომ მოსკოვისკენ დელეგაცია გაგზავნა, ჩენ იუნის ხელმძღვანელობით. მისია მიზნად ისახავდა კომინტერნის ინფორმირებას ჩინეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ და მოსკოვის “მხარდაჭერის მოპოვებას ზუნიიში მიღებული გადაწყვეტილებებისთვის”. 1935 წლის მარტში გრძელი მარშიდან გამოსვლის შემდეგ, ჩენი შანხაიში გაემგზავრა, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ დაიძრნენ. როდესაც ჩენის ჯგუფი ვლადივოსტოკში ჩავიდა, იგი საბჭოთა საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლებმა აიძულეს, რომ “დაესვენა” ორი დღით, სანამ მატარებლით მოსკოვისკენ მგზავრობის ნებართვა მიეცემოდა. საბოლოოდ, ისინი მოსკოვში 20 აგვისტოს ჩავიდნენ, კონგრესის დასრულების დღეს. ვლადივოსტოკში ეს ორდღიანი შეყოვნება ნიშნავდა, რომ ვანგ მინი კონგრესზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი იქნებოდა.
როდესაც ჩენ იუნის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა, ის მაშინვე შეეჩეხა ვანგ მინს. ჩენმა გააპროტესტა ვანგის პესიმისტური შეფასება CCP-ის ძალებისა და პერსპექტივების შესახებ. პარალელურად, ვანგმა შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომიტეტი, რომელიც გამოიძიებდა ჩენის ჯგუფის რამდენიმე წევრის საქმიანობას. 1935 წლის შუა პერიოდისთვის სტალინის წმენდები უფრო ხისტ და მასშტაბურ ეტაპზე გადავიდა. “ოპოზიციონერები” სასტიკად იდევნებოდნენ. სათქმელია, რომ ამ ტალღას ემსხვერპლა CCP-ის რამდენიმე წევრი. ასეთ მოცემულობაში, ჩენის ჯგუფის წევრებისთვის უკიდურესად სახიფათო უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობის გაწევა.
როდესაც მაომ ნოემბრის შუა რიცხვებში ლინ იუინგისგან გაიგო კომინტერნის ახალი ხაზის შესახებ, არ აღფრთოვანდა. მაოს არ ენახა ჩანგ კაი-შის მხრიდან CCP-სთან გაერთიანების ან იაპონიისადმი წინააღმდეგობის გაწევის ნიშანი. აქედან გამომდინარე, დაასკვნა, რომ CCP-ის პოლიტიკის ასეთ არარეალისტურ მოლოდინზე დაფუძნება 1927 წლის მსგავს კატასტროფას გამოიწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა უსაფრთხოების ინტერესები CCP-KMT-ის ერთობას არსებითად მიიჩნევდა, ჩინეთის პოლიტიკური ველი მაოსთვის სრულიად განსხვავებულ აღქმას ქმნიდა. ამრიგად, მაო ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის მოწოდებას ჩანგ კაი-შისთან ერთიანი ფრონტის შექმნის შესახებ. მიუხედავად ამისა, კომინტერნის რეკომენდაციების შესაბამისად, CCP-მ დაიწყო კლასობრივი ბრძოლის პოლიტიკის შერბილება და ანტი-იაპონური ფრონტის გაფართოება ცნობილი მხედართმთავრებისა და პოლიტიკური ჯგუფების ჩართვით. თუმცა, მან ჩანგს ერთიან ფრონტში ჩართვისკენ არ მოუწოდა. პირიქით, მან თანაპარტიელები რევოლუციურ ომის სასარგებლოდ განაწყო.
ვაიაობოუსს რეზოლუციის ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი საბჭოთა ლიდერებისთვის იყო რეზოლუციის მტკიცება, რომ საბჭოთა-იაპონური ომი ახლოვდებოდა და მინიშნება, რომ საბჭოთა კავშირი ემზადებოდა შეიარაღებული ჩარევისთვის ჩინეთში კომუნისტური რევოლუციის მხარდასაჭერად. რეზოლუციაში აღნიშნული იყო:„იაპონური იმპერიალიზმი აქტიურად ახორციელებს პროვოკაციებს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში, საბჭოთა კავშირი ემზადება შეტევისთვის, ბარბაროსი იაპონელი იმპერიალისტების წინააღმდეგ. ეს ჩინურ რევოლუციას და საბჭოთა კავშირის ბრძოლას აგრესიის წინააღმდეგ აძლევს საერთო მიზანს, საერთო საფუძველს – იაპონური იმპერიალიზმის დამარცხებას. საბჭოთა კავშირი ჩინური რევოლუციის ყველაზე ძლიერი თანაშემწეა“.
იმ დროს მოსკოვი ცდილობდა დაერწმუნებინა იაპონიის ხელმძღვანელობა, რომ საბჭოთა კავშირი არ აპირებდა იაპონიაზე ან “მანჩუკუოზე” თავდასხმას, თუ თავად არ იქნებოდა თავდასხმის ქვეშ. აგრეთვე, მას არ ჰქონდა განზრახვა, ჩარეულიყო ჩინეთის შიდა საქმეებში. ასეთ სიტუაციაში, ზემოხსენებული განცხადება აშკარად არასახარბიელო იყო. მოსკოვის პერსპექტივიდან, განცხადება ეწინააღმდეგებოდა მესამე ინტერნაციონალის ფილიალების “ინტერნაციონალისტურ” მოვალეობას: იმპერიალისტური თავდასხმის თავიდან აცილებას საბჭოთა კავშირზე, რაც, უპირველესად, ნიშნავდა საბჭოთა დიპლომატიის მხარდაჭერას.
თავდაპირველი მოლაპარაკებები კუომინტანგსა და საბჭოთა კავშირს შორის ერთიანი ფრონტის შესახებ
1930-იან წლებში საბჭოთა საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი იყო ის, რომ თავის მიზნებს ახორციელებდა როგორც პარტიული, ისე ფორმალური არხებით. ამიტომ, აუცილებელია ROC-საბჭოთა კავშირის ურთიერთობების განხილვა იმ კონტექსტში, თუ როგორ ერგებოდა კომინტერნ-CCP-ის ურთიერთობები საბჭოთა დიპლომატიას. 1935 წლის შუა პერიოდში ცინგხუას უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი და ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების სპეციალისტი ძიანგ ტინგფ,უ ჩანგ კაი-შის თხოვნით ეწვია მოსკოვს, რათა შეეფასებინა საბჭოთა კავშირის დამოკიდებულება ჩინეთ-იაპონიის კრიზისისა და ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობების მიმართ. საბჭოთა ოფიციალურმა პირებმა ძიანგი დაარწმუნეს, რომ მათ სურდათ უკეთესი ურთიერთობები ჩინეთის რესპუბლიკასთან. აგრეთვე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ კუონმინტანგის მხრიდან კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ გალაშქრება (რადიკალური საჭიროების შემთხვევაში) არ ჩაითვლებოდა ხელისშემშლელ ფაქტორად. შესაბამისად, ძიანგმა ჩანგს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მოუწოდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ განახლებული იაპონური აგრესიისა და ჩინეთში მზარდი პატრიოტული განწყობების წინაშე, ჩანგმა იაპონიასთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა. 1935 წლის ზაფხულში მან დაამტკიცა გეგმა, რომელიც შემოთავაზებული იყო იაპონიაში ჩინეთის ელჩის, ჟანგ ზუობინის მიერ. ეს ითვალისწინებდა იაპონიის მიერ ჩინეთთან დადებული ყველა არათანაბარი ხელშეკრულების გაუქმებას და ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარებას თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. სანაცვლოდ, ჩინეთის რესპუბლიკა აღიარებდა იაპონიის დომინანტურ მდგომარეობას მანჯურიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ გეგმა ითვალისწინებდა ჩინეთ-იაპონიის სამხედრო შეთანხმების დადებას, რაც ნიშნავდა ROC-ის შესვლას ანტი-კომინტერნულ კავშირში.
იაპონიასთან modus vivendi-ის გამომუშავების ამ ძალისხმევის კონტექსტში, საბჭოთა კავშირთან კავშირების გახსნა შეიძლება ძალიან სასარგებლო ყოფილიყო. საბჭოთა კავშირთან რაციონალური მოლაპარაკებები, შესაძლოა, ტოკიოსთვის უფრო შემაშფოთებელი გამხდარიყო, ჩანგის საბჭოთა კავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, თუ იაპონიის მოთხოვნები უსაფუძვლოდ მკაცრი აღმოჩნდებოდა, მოსკოვთან არსებული კავშირები სარეზერვო პოზიციას უზრუნველყოფდა. ჩინელი ისტორიკოსის, იანგ შენგჩინგის მიხედვით, 1935 წლის შემოდგომაზე ჩანგმა საბჭოთა ელჩ დიმიტრი ბოგომოლოვს მიანიშნა, რომ მზად იყო CCP-სთან განეხილა იაპონიის მიმართ ერთიანი წინააღმდეგობის გარკვეული საკითხები. მოსკოვის ნანკინთან მიახლოების მთავარი მოტივი იყო შიში, რომ ჩინეთ-იაპონიის შესაძლო თანამშრომლობას შესაძლოა გამოეწვია იაპონიის არმიის შესვლა შიდა მონღოლეთში, რაც, სერიოზულად გაამწვავებდა საბჭოთა კავშირის ორმხრივ დაუცველობას.
1935 წლის ბოლოსთვის საიდუმლო მოლაპარაკებები იმდენად წინ წავიდა, რომ კუონმინტანგის საიდუმლო მისია მოსკოვში სტალინთან პირდაპირი დიალოგისთვის გაიგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ მისია რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩა საბჭოთა დედაქალაქში, სტალინმა არ ისურვა ჯგუფთან შეხვედრა. საბჭოთა ლიდერი, უდავოდ, აეჭვებდა ჩინეთის გეგმები. როგორც სტალინს, ისე ჩანგს, იმედი ჰქონდათ, რომ ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობებს გამოიყენებდნენ თავიანთ ქვეყანასა და იაპონიას შორის კავშირების გასაუმჯობესებლად. შესაბამისად, თითოეული მათგანი სიფრთხილეს იჩენდა საპირისპირო განზრახვების მიმართ ამ საკითხში.
პარალელურად, ROC-ის სამხედრო ატაშემ საბჭოთა კავშირში, ტენგ ვენმა, საბჭოთა მთავრობასა და კომინტერნს აცნობა, რომ ჩანგი მზად იყო CCP-ის წარმომადგენლებთან განეხილა იაპონიის წინააღმდეგ გაერთიანება. საამისოდ, მოსკოვში დენგსა და ჩინელ კომინტერნის ფუნქციონერ პან ხანიანს შორის რამდენიმე შეხვედრის მოეწყო. მათ გაცვალეს მოსაზრებები იაპონიის წინააღმდეგ თანამშრომლობის შესახებ. პანი, ამავდროულად, იყო CCP-ის კომინტერნის დელეგაციის წევრი და კომინტერნის წარმომადგენელი ჩინეთში და მისი ძალისხმევით, მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მაქსიმ ლიტვინოვი.
საბჭოთა მთავრობასთან მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად, ჩანგმა ასევე დაიწყო დისკუსიები CCP-სთან. ჩანგის თქმით, 1935 წლის შემოდგომაზე ჭოუ ენლაი დაუკავშირდა ცენგ იანგფუს, ჭეძიანგ-ძიანგსის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესა და ჩანგის პოლიტიკურ ნდობით აღჭურვილ პირს. ჭოუმ მას CCP-KMT-ის თანამშრომლობის განხილვა შესთავაზა. ჩენგის შეხედულებით, თავდაპირველად, CCP-ს უნდა შეეწყვიტა პროპაგანდა კუონმინტანგის წინააღმდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭირო იქნებოდა ყველა ანტი-იაპონური აქტივობისა და ორგანიზაციის თავისუფლება, მასების მობილიზება ანტი-იაპონური ბრძოლისთვის და ჩინეთის საბჭოთა კავშირთან დაკავშირება, დახმარების მისაღებად. საბოლოოდ, 1936 წლის იანვარში ცენგმა პირდაპირი კონტაქტი დაამყარა CCP-თან. თუმცა, ურთიერთობა შეწყდა თებერვალში, CCP-ის მიერ დასავლეთ შანსიში აღმოსავლეთის ექსპედიციის დაწყებით. ამ მხრივ, საბჭოთა რეაქცია აღმოსავლეთის ექსპედიციაზე უნდა განვიხილოთ ROC-საბჭოთა კავშირისა და KMT-CCP-ის მოლაპარაკებების კონტექსტში.
აღმოსავლეთის ექსპედიცია და რეაქციები
1936 წლის 20 თებერვალს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს ყვითელი მდინარე და დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეტევა ცენტრალურ შანსიში. კომუნისტური მედიის მიერ „აღმოსავლეთის ექსპედიციად“ (dongzheng) წოდებულმა წითელი არმიის შეტევამ არა მხოლოდ შეაფერხა ერთიანი ფრონტის შესახებ მოლაპარაკებები, არამედ გააჩინა დიდი სამოქალაქო ომის ალბათობა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში.
ექსპედიციის გაცხადებული მიზნები იყო იან სიშანისა და ჩანგ კაი-შის დამხობა და ჩრდილოეთ ჩინეთში იაპონური ძალების თავდასხმა. შეტევის დაწყებიდან მეორე დღეს CCP-მ გამოსცა განცხადება, სადაც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში ეროვნული თავდაცვის კოალიციური მთავრობის შექმნის მოთხოვნა იქნა წამოყენებული — ანუ პოლიტიკური სუბიექტის, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ნანკინის მთავრობისგან და CCP-ის დომინირების ქვეშ აღმოჩნდებოდა. სხვა სიტყვებით, აღმოსავლეთის ექსპედიცია იყო სრულმასშტაბიანი აჯანყება ეროვნული მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა CCP-ის მთლიანი შეიარაღებული ძალებით. წითელმა არმიამ გადალახა ადგილობრივი მხედართმთავრის, იან სიშანის ძალები და აპრილისთვის გამაგრდა დასავლეთ შანსიში, ლულიანგის მთებში. იან სიშანმა დასახმარებლად ნანკინის მთავრობას მიმართა, ხოლო ამ უკანასკნელმა საქმე გენერალ ჩენ ჩენგს ჩააბარა. იანსა და ჩენს ერთი თვე დასჭირდათ თავიანთი ძალების კონცენტრაციისთვის კონტრშეტევისთვის, მაგრამ როგორც კი მათმა გაერთიანებულმა ძალებმა დაარტყეს ახლადშექმნილ კომუნისტურ საყრდენებს, წითელმა არმიამ დასავლეთისკენ დაიხია დიდი დანაკარგებით.

ილ.7 წითელარმიელები ამერიკული „ტომპსონებით“
ოტო ბრაუნი აღნიშნავდა, რომ ის მკაცრად ეწინააღმდეგებოდა აღმოსავლეთის ექსპედიციის გეგმას. ბრაუნის თქმით, მაოს მიერ ორგანიზებული შეტევა საფრთხეს შეუქმნიდა საბჭოთა კავშირის „მშვიდობის პოლიტიკას“ და შესაძლოა საბაბი მიეცა იაპონიისთვის მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ თავდასხმისთვის. აღმოსავლეთის ექსპედიცია ასევე, ბრაუნის აზრით, ძირს უთხრიდა ჩინეთში ეროვნული ერთიანი ფრონტის შექმნის შესაძლებლობას. ამ საფრთხეების სიმძიმის გათვალისწინებით, ბრაუნმა გთავისი შეხედულებები გრძელ წერილში გადმოსცა. შესაბამისად, მაომ იგი პოლიტბიუროს დისკუსიებიდა, ფაქტობრივად, გამოთიშა. მაო ჩრდილოვან ბრძოლაში იყო ჩართული ECCI-თან (კომუნისტური ინტერნაციონალის აღმასრულებელ კომიტეტთან), ბრაუნის წერილი მისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა.
ჩინელი ისტორიკოსი ჭანგ გუოსიანგი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის ექსპედიცია ეწინააღმდეგებოდა 1 აგვისტოს მანიფესტის სულისკვეთებას. სიანგ ცინგი მიუთითებს, რომ აღმოსავლეთის ექსპედიცია მოსკოვის მიერ დამტკიცებული არ იყო. უშუალოდ ექსპედიციას რამდენიმე მიზანი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, CCP-ის ტერიტორიული ბაზის გაფართოება ჩრდილოეთ შანქსის მცირედ დასახლებული და გაღარიბებული რეგიონის მიღმა. მაგრამ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მოსკოვის ძალისხმევას, უზრუნველეყო ეროვნული უსაფრთხოება. აღმოსავლეთის ექსპედიცია საფრთხეს უქმნიდა ჩინეთში სამოქალაქო ომის გაჩაღებას იმ დროს, როცა ძლიერი და ერთიანი ჩინეთი, იაპონიის ექსპანსიის სასარგებლო შემაკავებელი იქნებოდა. ამგვარი დაპირისპირება საბჭოთა უსაფრთხოებისთვის მრავალ უარყოფით შედეგს მოიტანდა. როგორც „ჯიუგუო ბაოში“ აღინიშნა, ეს კუონმინტანგს იაპონიასთან დააახლოებდა და ხელს შეუშლიდა ROC-საბჭოთა კავშირის დაახლოებისკენ მიმართულ მოძრაობას. მოსკოვმა იცოდა, რომ ბერლინი და ტოკიო ერთმანეთს უახლოვდებოდნენ. 1935 წლის ბოლოს საბჭოთა დაზვერვამ ხელთ იგდო საიდუმლო დეპეშები, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს ეხებოდა და შინაარსი ხელმძღვანელობას გადაუგზავნა. ბერლინი აღფრთოვანებული იქნებოდა, თუ მის ორ შორეულ აღმოსავლურ პარტნიორს, ROC-სა და იაპონიას, შეეძლოთ შეთანხმება და თანამშრომლობა გერმანიასთან საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.
აღმოსავლეთის ექსპედიციამ, ასევე, საფრთხე შეუქმნა საბჭოთა-იაპონური დაძაბულობის გამწვავებას. ვინაიდან, ითვლებოდა, რომ CCP-ის უკან საბჭოთა კავშირი იდგა, ჩრდილოეთ ჩინეთში კომუნისტების სამხედრო შეტევა ამყარებდა იაპონიის სამხედრო წრეების გავლენიანი ელემენტების ანტისაბჭოთა არგუმენტებს. საბჭოთა დიპლომატია იმ დროს ფრთხილი ხაზს მიჰყვებოდა. სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა 1935 წლის გაზაფხულზე ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზის ნომინალურ ფასად იაპონიისთვის გაყიდვა. CCP-ის ჩრდილოეთ ჩინეთში გაფართოება, როდესაც იაპონიაც იმავე რეგიონში ახდენდა წინსვლას, იაპონიის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის სერიოზულ პროვოკაციად ჩაითვლებოდა. საპირისპიროდ, CCP-ის 1936 წლის 15 იანვრის ბრძანება, რომლის საფუძველზე დაიწყო აღმოსავლეთის ექსპედიცია, ფაქტობრივად, მიუთითებდა რწმენაზე, რომ საერთაშორისო კონფლიქტი ახლოვდებოდა და საბჭოთა კავშირი ამ ომში ჩაერთვებოდა. იანვრის ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ საერთაშორისო ვითარება უკიდურესად დაიძაბა. იმპერიალისტურ ბანაკში წინააღმდეგობები იზრდებოდა და მალე გაჩაღდებოდა ახალი ინტერ-იმპერიალისტური ომი. ეს ნიშნავდა, რომ „მსოფლიო რევოლუცია მალე დაიწყება და საბჭოთა კავშირი ემზადება აგრესორების დამარცხებისთვის“. ომისადმი ასეთი ოპტიმისტური ხედვა, განსაკუთრებით ის, რომელშიც საბჭოთა კავშირი იყო ჩართული, აშკარად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა დიპლომატიას.
კომუნისტების აქტიურობის ფონზე, 1935 წლის ივლისში კვანტუნგის არმიამ მიიღო გეგმა დამოუკიდებელი შიდა მონღოლეთის შექმნის შესახებ. პოტენციურად, ამ გეგმას ხელი უნდა შეეშალა CCP-ისა და გარე მონღოლეთის ძალების შეღწევისთვის შიდა მონღოლეთში. აღნიშნული შეკავება უზრუნველყოფდა მანჯუკუოს უსაფრთხოებას. 1935 წლის ბოლოსა და 1936 წლის დასაწყისში იაპონიის აგენტები აორგანიზებდნენ, აიარაღებდნენ და აფინანსებდნენ შიდა მონღოლეთის ჯარებს პრო-იაპონური რეჟიმის გარშემო. ეს უკანასკნელი ოფიციალურად 1936 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა. საბჭოთა დაზვერვა, რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყო ამ აქტივობების შესახებ. ასეთ ვითარებაში, CCP-ის ჯარების წინსვლას ადვილად შეიძლება გამოეწვია კვანტუნგის არმიის უფრო პირდაპირი ნაბიჯები შიდა მონღოლეთის იაპონიის გავლენის სფეროში მოსაქცევად. ეს გააქრობდა მნიშვნელოვან ბუფერს, რომელიც იცავდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკას. საბჭოთა შეშფოთება მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის უსაფრთხოების მიმართ გამოიხატა 1936 წლის მარტში, როდესაც მოსკოვმა და ულან-ბატორმა 30-წლიანი ურთიერთდახმარების ხელშეკრულება გააფორმეს.
წითელი არმიის მიერ აღმოსავლეთის ექსპედიციის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, კომინტერნმა გაავრცელა ცნობა, რომ წითელი არმია მზად იყო შეეწყვიტა თავისი შეტევა. მარტში „ძიუკუობაოში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ მაოსთან. ამ ინტერვიუში მან აღნიშნა: „ჩინეთის საბჭოთა ხელისუფლების სახელით, ვაცხადებ, რომ თუ ჩიანგ კაი-ში შეწყვეტს წითელ არმიაზე თავდასხმას, ჩინეთის წითელი არმიაც შეაჩერებს ყველა სამხედრო მოქმედებას და დაიწყებს ომს იაპონიასთან, რათა დააკმაყოფილოს ხალხის საჭიროებები“. ეს განცხადება, ერთი მხრივ, უცნაურია. ისევ, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რადიოკავშირი მოსკოვსა და შანსის შორის აღდგა მხოლოდ 1936 წლის მაისში. თუ CCP-ს არ ჰქონდა აღჭურვილობა საბჭოთა სიგნალების მისაღებად, შეძლებდა ამბების გადაცემას შანხაიში? უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო ინტერვიუ გამოქვეყნდა კომინტერნის „საერთაშორისო პრესის კორესპონდენციასა“ და „ძიუკუობაოში“, ამის შესახებ არაფერია ნახსენები CCP-ის გაზეთ „ხონგსე ჭუნგხუა“, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა. შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს განცხადებაც წარმოიშვა არა ჩინეთში, არამედ მოსკოვში და გამოქვეყნდა მაოს სახელით კომინტერნის მიერ.
1936 წლის მაისში, რადიოკავშირის აღდგენის შემდეგ, ECCI-ის დირექტივებში CCP-ის აღმოსავლეთის ექსპედიცია მკაცრად გააკრიტიკეს. ოპერაცია შეფასდა როგორც უგუნური და „არარეალისტური“. კომინტერნმა CCP-ს დაავალა, რომ დაესრულებინა სამოქალაქო ომი და შეექმნა ერთიანი ფრონტი იაპონიის წინააღმდეგ. კომინტერნის რეაქციის საფუძველზე, CCP-ის პოლიტბიურომ გააუქმა აღმოსავლეთის ექსპედიცია. პარალელურად, KMT-ის წარმომადგენლებმა CCP-ის ლიდერებს განუმარტეს, რომ KMT-ში იყვნენ გავლენიანი ფიგურები, როგორებიც იყვნენ ჩენ ლიფუ, ფენგ იუხიანგი და სუნ კე, რომლებიც მხარს უჭერდნენ CCP-სთან ერთობას იაპონიის წინააღმდეგ. ეს ჟესტი წარმატებული აღმოჩნდა. შედეგად, გავრცელდა მაოს, ჭოუ ენლაისა და ჯუ დეს წერილი, მიმართული ცენგ იანგფუსა და ჩენ სიაოცენგისადმი. ამ წერილში დადასტურდა 1 აგვისტოს მანიფესტისადმი ლოიალობა და შემოთავაზებული იყო ერთობა იაპონიის წინააღმდეგ, ეროვნული თავდაცვის მთავრობის შექმნა და ერთიანი არმიის ფორმირება.
CCP-ის პირობები გადმოცემული იყო წერილში (CCP-ის პეკინის ორგანიზაციიდან, 1936 წლის აპრილის ბოლოს). ამ განცხადების ძირითადი პუნქტები მოიცავდა: პოლიტიკურ თავისუფლებას ყველა ანტი-იაპონური მოძრაობისთვის; ეროვნული თავდაცვის მთავრობის შექმნას; ყველა „პატრიოტი“ პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას; სამოქალაქო ომის შეწყვეტას და ჩინეთის საბჭოთა ტერიტორიის იურიდიულ აღიარებას.
ამ შეთავაზების მიღებისთანავე, ცენგ იანგფუმ მოითხოვა ინსტრუქციები ჩენ ლიფუსგან. მაისში ჩენ ლიფუმ ოთხპუნქტიანი შეთავაზებით უპასუხა: CCP-ის მონაწილეობა იაპონიის წინააღმდეგ ომში მისასალმებელი იყო, მაგრამ კომუნისტური არმიები „რეორგანიზაციას“ უნდა დაქვემდებარებოდა. „რეორგანიზაციის“ შემდეგ ისინი მიიღებდნენ ხელფასებს კუონმინტანგის არმიების ანალოგიურად, შეიქმნებოდა წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, სადაც CCP-ს მიეცემოდა მონაწილეობისა და თავისი მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობა; CCP-ს შეეძლო შეერჩია რაიონი, სადაც გამოცდიდა თავის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოდელს, ხოლო ნანკინის მთავრობა აღიარებდა სასაზღვრო რეგიონის მთავრობის იურიდიულ პოზიციას.
„ლოზუნგების ბრძოლა“ და გაერთიანების პროცესი
აღმოსავლეთის ექსპედიციის ჩაშლა მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებდა CCP-ის მიდგომაში ერთიანი ფრონტის მიმართ. მიუხედავად მოსკოვთან რადიოკავშირის აღდგენისა, CCP-ის ცენტრმა „მაინც განაგრძო იმ პრინციპის დაცვა, რომ ერთიანი ფრონტი არ უნდა არღვევდეს რევოლუციური ძალის გაფართოებას“. უფრო კონკრეტულად, პოლიტბიურო ჯერ კიდევ არ იყო მზად, უგულებელეყო თავისი პოზიცია ჩანგის მოწინააღმდეგე სხვადასხვა მხედართმთავართან ერთობისა და ჩანგზე სახმედრო ძალით „ზეწოლის“ შესახებ. კომინტერნი მხარს უჭერდა ჩანგის ლიდერობას, რათა მას უკეთ შეეძლო ერთიანი ეროვნული ფრონტის ხელმძღვანელობა. აგრეთვე, ჩანგზე გავლენის მოხდენა პოლიტიკური ზეწოლითაც უნდა განხორციელებულიყო.
მაოს ECCI-ის დირექტივების ჩამოსვლის შემდეგ, გარკვეული ზომების მიღება დასჭირდა. ამიტომ, 1936 წლის 5 მაისს, CCP-მ მიიღო ახალი ლოზუნგი „ჩანგის იძულება, იაპონიის წინააღმდეგ“ (bi Jiang, kang Ri). ამ ნაბიჯით მაომ მიიღო კომინტერნის რეკომენდაცია, უარი ეთქვა ლოზუნგზე fan Jiang („ჩანგის წინააღმდეგ“). მაგრამ, ECCI-ის დასკვნით, რომ lian Jiang („ჩანგთან თანამშრომლობა“) იყო CCP-ისთვის შესაფერისი ლოზუნგი. მიუხედავად კომინტერნის განმეორებითი მოწოდებებისა, CCP-მ მაინც აირჩია ლოზუნგი bi Jiang, თავისი ძლიერი იძულებისა და ზეწოლის კონოტაციებით.
CCP-ის პოლიტიკის ცვლილებიდან მალევე, ჩანგის წარმომადგენელი ჭანგ ცუნი შანხაიში შეხვდა ჭოუ ენლაის და პან ხანიანს, რათა განეხილათ ზავის პირობები წითელ არმიასა და KMT-ის არმიებს შორის. ივნისში პან ხანიანი მოსკოვში დაბრუნდა, ROC-ის სამხედრო ატაშე დენგ ვენთან მოლაპარაკებებისთვის. პანმა შემდეგ, გეზი შანსისკენ აიღო, რათა განეხილა სიტუაცია CCP-ის პოლიტბიუროსთან.
ჩანგ კაი-შის თქმით, მაისის მოლაპარაკებების დროს ჟანგ ცუნმა მოითხოვა, რომ CCP დაემორჩილებოდა სამ პრინციპს:
- პარტია დაქვემდებარებოდა ჩანგის ბრძანებებს;
- გაეუქმებინათ წითელი არმია და მოეხდინათ მისი ინტეგრაცია ეროვნულ არმიაში;
- დაეხურათ საბჭოები და გადაეკეთებინათ ადგილობრივ მთავრობებად.
ეს პირობები არ ითვალისწინებდა CCP-ის აპრილის გეგმის ძირითად მოთხოვნებს. ჩანგის, ან უფრო ზუსტად, ჟანგ ცუნის მკაცრმა პოზიციამ, დაადასტურა მაოს უკიდურესად პესიმისტური ხედვა ჩანგთან თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. მაოს აზრით, კომინტერნის დირექტივები CCP-ისთვის ჩანგთან შეთანხმების შესახებ, უბრალოდ არარეალისტური იყო. მათი დაცვა საფრთხეს შეუქმნიდა რევოლუციური ძალაუფლების შენარჩუნებასა და ზრდას. სხვადასხვა რეგიონული მხედართმთავარი, ჩანგის საწინააღმდეგო ფრონტის კონტექსტში, მოკავშირეებად ითვლებოდნენ. 25 მაისს მაომ წერილი გაუგზავნა იან სიშანს, სადაც „ბატონი ჩანგის“ ქცევა შეადარა „ხანის რასისა და ერის მოღალატეს“ (hanjian maiguozei wuyu weibi) და მოუწოდა იანის ძალებს, გაერთიანებულიყვნენ, რათა „განედევნათ ჩინელი ხალხის საერთო მტერი“. წერილის სხვა ასპექტები მკაფიოდ მიანიშნებდა, რომ „საერთო მტერი“ სწორედ ჩანგი იყო.
ჭანგ სიუეიანგი და იანგ ხუჩენგი, მათი „ჩრდილო-აღმოსავლეთის“ და „ჩრდილო-დასავლეთის“ არმიებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოტენციური წევრები იყვნენ ჩანგის საწინააღმდეგო ფრონტში. 1935 წლის დეკემბერში, CCP დაუკავშირდა იანგ ხუჩენგს, ხოლო 1936 წლის თებერვალში – ჭანგ სიუეიანგს.
1936 წლის ზაფხულში, კომინტერნმა ჩაატარა CCP-ის პოლიტიკის ფართო მიმოხილვა და მისი შესაბამისობა მეშვიდე კონგრესის დადგენილებებთან. ამ გამოძიების შედეგად კომინტერნმა გააკრიტიკა CCP-ის „რადიკალურად მემარცხენე და მემარჯვენე ოპორტუნისტული შეცდომები“ გასული წლის განმავლობაში, დაგმო CCP-ის ყოყმარი, დაედო სამშვიდობო შეთანხმება ჩანგთან. კომინტერნმა განუმარტა CCP-ს, რომ „არ უნდა მოათავსოს კუონმინტანგი და ჩანგ კაი-ში იმავე კატეგორიაში, სადაც იაპონელი მძარცველები, რომლებიც ჩინელი ხალხის მთავარი მტრები არიან. სწორედ მათ წინააღმდეგ ბრძოლას უნდა დაექვემდებაროს ყველაფერი ამჟამინდელ ეტაპზე“.
აგვისტოში, კომინტერნის მიერ CCP-ის შეცდომების გამოაშკარავების შემდეგ, CCP-ის პოლიტბიურომ დაასკვნა, რომ ნანკინის მთავრობა პოტენციურად მთავარი პარტნიორი იყო ანტი-იაპონურ ერთიან ფრონტში. აქედან გამომდინარე, მათ პირდაპირ უნდა ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ნანკინთან ანტი-იაპონური ერთიანობის მისაღწევად. პოლიტბიურომ ასევე გადაწყვიტა მიეღო ლოზუნგი „ვთხოვოთ ჩანგს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იაპონიას“ (qing Jiang, kang Ri). აგრეთვე, აღინიშნა კომუნისტების მხრიდან თავდაუსხმელობა ჩანგის ძალებზე.
მოსკოვის დასამშვიდებლად და კომინტერნთან კონფლიქტის ასარიდებლად მაო ამ დათმობაზე წავიდა. თუმცა, CCP-ის ცენტრალურ ხელმძღვანელობაში მან გააკრიტიკა კომინტერნის მცდარი გაგება ჩინური რეალობის შესახებ. ასევე გაიცა პარტიის შიდა დირექტივა, რომელიც განმარტავდა, რომ ახალი ორიენტაცია არ ნიშნავდა ჩანგის საწინააღმდეგოდ მხედართმთავრების არმიებთან ერთობისკენ სწრაფვის შეჩერებას. დირექტივაში ასევე აღინიშნა, რომ CCP იყო ერთიანი ფრონტის ლიდერი. 25 აგვისტოს, კუომინტანგისადმი ღია წერილში, CCP-ის პოლიტბიურომ პირველად საჯაროდ მიიღო CCP-სა და ჩანგ კაი-შის ხელმძღვანელობით მყოფ KMT-ს შორის ერთიანი ფრონტის იდეა. პან ხანიანი კი გაგზავნეს ნანკინში, რათა ეს წინადადება ოფიციალურად წარედგინა KMT-სთვის. რამდენიმე ძირითად სფეროში ეს გეგმა გაცილებით უფრო შემრიგებლური იყო, ვიდრე CCP-ის ბეიპინგის ორგანიზაციის აპრილის გეგმა. სექტემბრის გეგმა მხოლოდ წარმომადგენლობითი ეროვნული ასამბლეის შექმნას ითვალისწინებდა, რათა შემუშავებულიყო წინააღმდეგობის პროგრამა. გეგმა მოიცავდა განცხადებას, რომ CCP თავს შეიკავებდა KMT-ის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ წითელი არმია დაექვემდებარებოდა „ერთიან ხელმძღვანელობასა და ორგანიზაციას“, თუმცა იმ დათქმით, რომ ამ ძალებზე კომუნისტური ხელმძღვანელობა და შიდა ორგანიზაცია არ უნდა შეცვლილიყო.
მართალია, ადგილობრივმა კომუნისტებმა კომინტერნთან დაპირისპირება მეტ-ნაკლებად აღმოფხვრეს, თუმცა გადაუჭრელი რჩებოდა ჩანგთან ურთიერთობის საკითხი. ჩანგი თვლიდა, რომ წითელი არმიის განადგურების შემდეგ, იაპონელებსაც გააძევებდა ქვეყნიდან. აქედან გამომდინარე, ორივე მხარესთან დიალოგზე უარს აცხადებდა. თავის მხრივ, ჭანგ სუელიანგი 1936 წლის ოქტომბრიდან მოუწოდებდა მას, რომ კომუნისტებთან ბრძოლა შეეწყვიტა. „ახალგაზრდა მარშალი“ აცხადებდა, რომ მისი ჯარი კომუნისტებთან ბრძოლას აღარ აპირებდა, სიტუაციის უკეთ გასაცნობად კი ჩანგს უშუალოდ შანსიში ჩამოსვლა შესთავაზა. სწორედ აქ გამოიკვეთა მთავარი დეტალი – ჭანგმა „მოკავშირე“ კომუნისტებს აცნობა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩანგი 4 დეკემბერს შანსიში ჩავიდა. მასსა და „ახალგაზრდა მარშალს“ შორის მოლაპარაკებები ჩავარდა, რაც 12 დეკემბერს გენერალსიმუსის დატყვევებით დასრულდა. შექმნილი მდგომარეობით კმაყოფილებას ვერ მალავდნენ როგორც ადგილობრივი კომუნისტები, ისე კომინტერნის ხელმძღვანელობაც. გიორგი დიმიტროვმა სტალინს ჩანგის დატყვევების ამბავი და ახალი სამოქმედო გეგმაც გააცნო. სტალინმა, ბევრისდა გასაკვირად, ჩანგის გათავისუფლება მოითხოვა. მარტივი მისახვედრია, რომ ჩანგის ლიკვიდაციის შემთხვევაში, დეცენტრალიზებული ჩინეთი საბჭოთა უსაფრთხოებას არსებით საფრთხეს შეუქმნიდა. 25 დეკემბერს ტყვეობა დასრულდა – ჭოუ ენლაის მედიაციით, მხარეები შეთანხმდნენ ერთიანი ფრონტის შექმნაზე. რაც შეეხება ჭანგს, ის ნანკინგში დააპატიმრეს და 1990 წლამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

ილ.8 იოსებ სტალინი და გიორგი დიმიტროვი
რაც შეეხება ერთიანი ფრონტის საკითხს, ეს მარკო პოლოს ხიდის ინციდენტის შემდგომ გადაწყტდა. 1937 წლის აგვისტოში, პოლიტბიუროს დადგენილებით, წითელი არმია ჩაერთვებოდა იაპონიის წინააღმდეგ ომში, თუმცა მოერიდებოდა პირდაპირ შეხლას. სანაცვლოდ, საჯარისო ნაწილები აქტიურად გააჩაღებდნენ პარტიზანულ ბრძოლას. შეიძლება ითქვას, რომ კომინტერნის საქმიანობა ჩინეთში, უმეტესწილად, ამ ეპიზოდში სრულდება. ესპანეთის სამოქალაქო ომის დასრულებისა (1939წ. 1 აპრილი) და 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ, კომუნისტურმა ინტერნაციონალმა, ფაქტობრივად, დაკარგა გავლენა და 1943 წლის 15 მაისს გაუქმდა კიდეც.
სტატიის ავტორები: ირაკლი ბედელაძე და პაპუნა ურუშაძე
Discussion about this post