ჩინურ ცივილიზაციას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ადამიანის ამბიციები და შესაძლებლობები უსაზღვროა. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა, როცა საკუთარი თვალით ხედავ საუკუნეების ან ათასწლეულების წინ მცხოვრები ადამიანების მიერ აგებულ გრანდიოზულ მონუმენტებს. დროთა განმავლობაში ასეთი ერთეული მონუმენტები მთლიანად ცივილზიაციის სახე და სავიზიტო ბარათი ხდება. ადამიანის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ასეთი შედევრია ტერაკოტის არმია.
მიუხედავად იმისა, რომ ცინ შიხუანგტი (秦始皇帝) 2 200 წლის წინ გარდაიცვალა, მისი აკლდამა გასული საუკუნის ბოლომდე მიუკვლეველი იყო. 1974 წლის 29 მარტს, ჩინეთში, შაანსის პროვინციის (陕西省) დედაქალაქ- სიანის(西安)გარეუბანში, ხანგრძლივი გვალვის გამო რამდენიმე გლეხმა გადაწყვიტა ჭა ამოეთხარათ. თხრის პროცესში ნიჩაბი მოულოდნელად მყარ საგანს მოხვდა, რამაც გლეხების გაკვირვება გამოიწვია. თხრის გაგრძელების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ეს მყარი საგანი თიხისაგან დამზადებული ადამიანის თავი იყო. თიხის ნაკეთობების ფრაგმენტები მიმდებარე ადგილებში ადრეც აღმოუჩენიათ, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ცუდ ნიშნად მიიჩნევდა მიწიდან ამოღებულ ნამტვრევებს და მათ ისევ მიწაში აბრუნებდნენ. საბედნიეროდ, ეს სამი გლეხი არ ენდო ცრურწმენებს და თიხის თავი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს გადასცეს. შედეგად, სიანში მოიწვიეს არქეოლოგთა ჯგუფი და გათხრების სერიების ჩატარების შემდეგ მსოფლიო დონის სენსაცია მოხდა- აღმოაჩინეს ჩინეთის პირველი იმპერატორის- ცინ შ’ ხუანგტის სამარხის კომპლექსი.
ძვ.წ. 256 წელს ცინის სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი სახელით ინგ ჭენგი (嬴政). 13 წლის ასაკში, მამის უდროო გარდაცვალების გამო ცინის სამეფოს ტახტზე ავიდა. მცირეწლოვნობის გამო მეფობის საწყის ეტაპზე მინისტრებს ეკავათ რეალური ძალაუფლება, მაგრამ, ინგ ჭენგის ბედი სულაც არ იყო უფერულად ემეფა. სრულწლოვანი მეფე მოიშორებს ყველას ვინც ძალაუფლების ერთპიროვნულად პყრობაში შეეცილება, საკუთარ დედასაც კი გადაასახლებს. საკუთარ სამეფოში ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ინგ ჭენგი თავის უსაზღვრო ამბიციებს სხვა ჩინური სამეფო-სამთავროებისაკენ მიმართავს და ძვ.წ. 230-221 წლებში ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრობს მათ. ძვ.წ. 221 წელს პირველად ისტორიაში ჩინეთი გაერთიანდება ერთ პოლიტიკურ ერთეულად. საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი ინგ ჭენგი აღარ დასჯერდა მეფის „უბრალო“ წოდებას, რამეთუ ვერცერთი სხვა უწინდელი მმართველი ვერ შეედრებოდა მას მიღწევებით. ამიტომ, სპეციალურად თავისთვის შექმნა ახალი ტიტული- „ხუანგტი“ (皇帝)ანუ იმპერატორი. მისი ახალი სრული სახელი იყო- ცინ შიხუანგტი, რაც ითარგმნება, როგორც ცინის პირველი იმპერატორი.
ცინ შიხუანგტიმ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები ახალი უზარმაზარი იმპერიის კონსოლიდირებისა და სწორი მართვისათვის. კანონები იყო რაციონალური, თუმცა მათ თან ახლდა სასტიკი სასჯელები, უმცირესი ქურდობაც კი სიკვდილით ისჯებოდა. ცინის იმპერიის ადმინისტრაციის ზოგადი სტრუქტურა გახდა შემდეგში საფუძველი იმისა, რომ ცინის დინასტიის დაცემას ჩინეთის დაშლა კი არა, არამედ ახალი- ხანის დინასტიის ( 秦朝 ძვ.წ. 202- ახ.წ. 220 ) ჩამოყალიბება მოჰყვა.
პირველი იმპერატორის დროს აშენდა რამდენიმე გრანდიოზული ნაგებობა. მათგან ყველაზე ცნობილი ჩინეთის დიდი კედელია. თუმცა, ცინ შიხუანგტის მხოლოდ თავისი სახელის უკვდავყოფა არ სურდა. მან სიკვდილის დამარცხებაც მოინდომა. იმპერატორს ავადმყოფურად ეშინოდა სიკვდილის. ამიტომ, თავის გარშემო შემოიკრიბა არაერთი მეცნიერი და ალქიმიკოსი. მრავალ მათგანს დაავალა შორეული ადგილებისაკენ წასვლა უკვდავების ელექსირის საპოვნელად, ნაწილი მეცნიერებისა კი მის კარზე დარჩნენ და უკვდავების ელექსირის დამზადება დაიწყეს. იმპერატორმა არაერთი უცნაური შემადგენლობის სითხე დალია და საბოლოოდ ძვ.წ. 210 წელს, როცა იმპერიის შემოვლას ატარებდა, მოულოდნელად გზაში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, სწორედ ერთ-ერთი „უკვდავების ელექსირის“ დაგემოვნების გამო.
ბუნებრივია, რომ ისეთი პიროვნება, როგორიც ცინ შიხუანგტი იყო წინასწარ იზრუნებდა საკუთარი სამარხი თავისი გემოვნების შესაბამისად აგებულიყო. მისი აკლდამა, ან მასშტაბების გამო უფრო სწორი იქნება ვთქვათ ნეკროპოლისი ძვ.წ. 246-209 წლებში იგებოდა და იმპერატორის გარდაცვალების დროს ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ძველ ჩინეთში სწამდათ, რომ გარდაცვლილის სულს იმქვეყნიურ სამყაროშიც შეეძლო ამქვეყნიური სიამოვნებებით ტკბობა. ამიტომ, იმპერატორისათვის სამარხად ნამდვილი მინისამყარო შექმნეს. ჯერ კიდევ ხანის დინასტიის დროინდელი ისტორიკოსი- სიმა ციენი ( 司马迁 ძ.წ. 145-86 ) წერს, რომ პირველი იმპერატორის სამარხის ჭერი მოოჭვილია მარგალიტებით, რომლებიც ციურ სხეულებს განასახიერებენ, იატაკზე არის ბრინჯაოში გამოკვეთილი ჩინეთის რუკა, იანძისა (长江) და ხუანხეს(黄河) განასახიერებენ ვერცხლისწყლის მდინარეები. უშუალოდ აკლდამა, რომელიც მთა ლი-ს შიგნით არის, ჯერჯერობით ხელუხლებელია. არქეოლოგები უახლოეს მომავალში არ აპირებენ მის გახსნას, რადგან შიშობენ, რომ სამარხის შიგნით არსებული ჰერმეტულობის დარღვევა გამოიწვევს აკლდამაში ნივთების დაზიანებას. მაგრამ, ბურღებისა და ზონდების მეშვეობით რამდენადმე გამოიკვლიეს მთა ლის სტრუქტურა და დაადგინეს, რომ მთის შიგნით არის 30-40 მეტრი სიმაღლის სიცარიელე. მთის ნიადაგის შესწავლით დაადგინეს, რომ აქ ვერცხლისწყლის შემცველობა უჩვეულოდ მაღალია, რაც ადასტურებს სიმა ციენის მონათხრობს.
პირველი იმპერატორის სამარხი მხოლოდ აკლდამით არ შემოიფარგლება. არქეოლოგებმა ზონდების გამოყენებით შეისწავლეს იმპერატორის სამარხის მიმდებარე ტერიორია და დაადგინდა, რომ ცინ შიხუანგტის აკლდამის გარშემო მიწისქვეშ უზარმაზარი კომპლექსია მოწყობილი, რომლის ფართობი დაახლოებით 98,5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ამ კომპლექსის უდიდესი ნაწილი დღემდე გაუთხრელია და არქეოლოგებს კიდევ მრავალ სიახლეს უმზადებს.
ამ სტატიაში არ მიმოვიხილავთ დაწვრილებით ნეკროპოლისის მთლიან სტრუქტურას. არამედ, ვისაუბრებთ ამ დიდი კომპლექსის ყველაზე ცნობილ ნაწილზე- ტერაკოტას არმიაზე. გარდაცვლილი იმპერატორის სული იმქვეყნად მარტო რომ არ ყოფილიყო, ნეკროპოლისისში მას ჩააყოლეს ადამიანის ფორმის უამრავი ტერაკოტას- გამომწვარი თიხის ფიგურა. ფიგურები დაყოფილნი არიან დანიშნულების მიხედვით- აქ შეხვდებით აკრობატებს, საიმპერატორო კარის მოხელეებს, მოსამსახურეებს და რა თქმა უნდა თიხის არმიას, რომელსაც იმპერატორი უდნა დაეცვა ცოცხალი არსებებისა და ავი სულებისაგან. სამარხში არსებული ტერაკოტას ათასობით ფიგურიდან, თითქმის ყველა დამტვრეულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. საქმე ისაა, რომ მათ დასაწყობად ჯერ ამოთხარეს 5-6 მეტრის დიდი ორმოები. ფიგურების ჩალაგების მერე დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლეზე ორმო გადახურეს და ზედ მიწა დააყარეს. დროთა განმავლობაში ხის სახურავი ჩამოიშალა და მიწის ფენა ქანდაკებებს დაეცა. დღესდღეობით არსებული მთლიანი ჯარისკაცის ფიგურები მეცნიერების მიერ ნატეხების შეერთების შედეგია.
ტერაკოტას არმია განაწილებულია სამ უზარმაზარ ორმოში. აღმოჩენილია მეოთხე მსგავსი ორმოც, თუმცა ის ცარიელია. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ იმპერატორის გარდაცვალებისას ჯერ კიდევ დაუსრულებელი იყო სამარხი. პირველი ორმო ყველაზე მეტად შესწავლილი და აღდგენილია. აქ 1 000-ზე მეტი ტერაკოტის ფიგურა ბრძლისათვის მწყობრადაა დალაგებული. მეომრები იყურებიან აღმოსავლეთისაკენ. უკიდურეს ფლანგებზე შეტრიალებულნი არიან და სამხრეთსა და ჩრდილოეთს უყურებენ. უკანა რაზმი ზურგს აქცევს არმიის დანარჩენ ნაწილს და დასავლეთს უყურებს. ამგვარად, ჯარისკაცები ოთხივე მიმართულებას აკონტროლებენ იმპერატორის დასაცავად. მეორე ორმოში დაახლოებით ხუთასამდე ფიგურაა, მაგრამ უმეტესობა დამტვრეული და აღუდგენელია. არქეოლოგებმა ასე განგებ დატოვეს ისინი, რათა ტურისტებმა ნახონ თუ როგორ მდგომარეობაში აღმოაჩინეს არმია. მესამე ორმოში მხოლოდ 68 ფიგურაა. სპეციალისტების ვარაუდით, ეს ფიგურები განასახიერებენ ოფიცრებსა და სარდლებს.
არქეოლოგების შეფასებით სამარხში სულ უნდა იყოს 8 000-მდე ტერაკოტას ჯარისკაცი, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილი- დაახლოებით 2 000 არის გათხრილი და აღდგენილი. ფიგურები ჩვეულებრივი ადამიანის ფორმებში ჯდებიან. მუხლზე დაჩოქილი მოისრები 123 სანტიმეტრია სიმაღლით. მაღალი რანგის სარდლები კი- 198 სმ-ს აღწევენ. თიხის მეომრების სახის ნაკვთებიც კი ძალიან ჰგავს ცოცხალი ადამიანისას. ერთი შეხედვით თითოეული მეომრის სახე ერთმანეთისაგან განსხვავებულია. მაგრამ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ გამოყენებულია ათი ძირითადი სახის ტიპი, რომლებთაც ინდივიდუალურობის მისაცემად გამოწვის შემდეგ თიხით ამატებდნენ წვერს, ულვაშს, წარბებს, თმის ვარცხნილობას. ტერაკოტას ფიგურები იმდენად ახლოსაა ადამიანის პროპორციებთან, რომ მეცნიერთა შორის გაჩნდა თეორია ტერაკოტას ფიგურების შექმნაში ბერძენი ოსტატების მონაწილეობის შესახებ.
მეომრები იყოფიან კატეგორიებად, ისევე როგორც იყო ცინის არმიაში. აქ არიან დაჩოქილი და ფეხზე მდგარი მოისრები, ქვეითები, მეეტლეები, კავალერია, ცხენები, ოფიცრები, სარდლები. სხვადასხვა კატეგორიის მეომრები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ჩაცმულობითა და სიმაღლით. ყველაზე დაბალი არის მოისარი, მას მოჰყვება ქვეითი, შემდეგ მეეტლე და ბოლოს ყველაზე მაღალი- სარდლების ფიგურები. მოისრებს ჯავშანი თითქმის არ აქვთ. უბრალო ქვეითებს აცვიათ ( რა თქმა უნდა აქ იგულისხმება, რომ ტანსაცმელი თიხაშია გამოკვეთილი ) მძიმე ტუნიკები. გამოიყოფა მძიმედ შეჭურვილი ქვეითებიც. ყველაზე კარგი საჭურველი ოფიცრებსა და სარდლებს აქვთ, მაგრამ აქაც რანგების მიხედვით განსხვავდება საჭურვლის სიმძიმე და დეკორატიულობა. აღსანიშნავია, რომ არცერთ მეომარს მუზარადი არ ახურავს. ამ ფაქტს ისტორიკოსები სხვადასხვაგვარად ხსნიან. ზოგის აზრით ეს მეომრების სიმამაცის ნიშანია. სხვათა თქმით ცინის დინასტიის მეომრებს არ სჭირდებოდათ მუზარადი, რადგან იმ პერიოდში ისეთი იარაღები გამოიყენებოდა ბრძოლაში, რომ ძირითადი დარტყმები მკერდისა და მუცლის ნაწილზე მიდიოდა. ნაწილი მეცნიერებისა ფიქრობს, რომ მუზარადები დახურვის შემთხვევაში ფიგურების ინდივიდუალური ნაკვთები დაიფარებოდა, შესაბამისად ისინი არ გამოიყენეს.
ცინ შიხუანგტის სამარხი განსაკუთრებულია იმითაც, რომ 2 200 წლის განმავლობაში ის გაუძარცვავი დარჩა. მართალია I საუკუნეში შედგენილი „ხანის წიგნის“ (汉书) მიხედვით ცინის დამხობის შემდეგ ერთ-ერთმა სარდალმა- სიანგ იუმ (项羽) დაარბია და გაძარცვა ცინ შიხუანგტის აკლდამა, მაგრამ გათხრების შედეგად ეს არ დასტურდება. ამას ადასტურებს ტერაკოტას მეომრების შეიარაღებაც. თავდაპირველად ყველა მეომარი შეიარაღებული იყო. დროთა სვლასთან ერთად იარაღების ხის ნაწილები დალპა და დაიშალა. მსგავსი ბედი ეწია ხის ეტლებსაც, რომელთაგან მხოლოდ ბრინჯაოს გადასაბმელი ნაწილებია დარჩენილი. თუმცა, მეტალის ნივთები დღემდე შემორჩა. არქეოლოგებმა 40 000-მდე შუბისთავი, ისრისთავი, არბალეტის ნაწილები და ხმლები აღმოაჩინეს გათხრებისას. არბალეტი ევროპაში შუა შუასაუკუნეებიდან გამოიყენება აქტიურად. ჩინეთში კი არბალეტის უძველესი ნაშთები ძვ.წ. მე-6 საუკუნით თარიღდება, ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან კი უკვე აქტიურად გამოიყენებოდა არმიებში.
ტერაკოტას არმიის იარაღებიდან განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ბრინჯაოს ხმლები. ორი ათასწლეულის გასვლის შემდეგაც კი ეს ხმლები უჟანგავია და კვლავაც ძალიან ბასრი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამის მიზეზია ხმლის ზედაპირის დაფარვა ქრომის ოქსიდით. აღსანიშნავია, რომ ქრომის ოქსიდით მეტალის ზედაპირის მოპირკეთება თანამედროვე მსოფლიოში ამერიკაში 1937 წელს აღმოაჩინეს.
ტერაკოტას ყველა ფიგურა შეღებილი იყო, რაც მათ კიდევ უფრო „ცოცხალს“ ხდიდა. მაგრამ, როცა ტერაკოტას არმია გათხარეს და შიდა ჰერმეტული სივრცე დაირღვა პიგმენტები რეაქციაში შევიდენენ ჰაერში არსებულ ნაწილაკებთან და ნელ-ნელა ჩამოიშალნენ. არქეოლოგები ამიტომაც ფრთხილობენ კომპლექსის სხვა ნაწილების გახსნას- შიშობენ, რომ ჰერმეტულობის დარღვევა იქაც გამოიწვევს არტეფაქტების დაზიანებას. დღესდღეობით ტერაკოტას მეომრები ნაცრისფერია, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ძველი ფერის ნაწილი.
დღესდღეობით ცინ შიხუანგტის აკლდამის გარშემო მოწყობილია მუზეუმი. ტურისტებს შეუძლიათ იხილონ გათხრილი და აღდენილი ნაწილი იმ უზარმაზარი პროექტისა, რომელიც პირველმა იმპერატორმა დროის დასამარცხებლად ააგო. შესაძლებელია საკუთარი თვალით ნახოთ იმპერატორის დასაცავად მუდმივად „მღვიძარი“ მძინარე არმია.
ავტორი ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Jane O’ Connor, The emperor’s silent army, 2002
2. John Roach, Emperor Qin’s tomb,
https://www.nationalgeographic.com/archaeology-and-history/archaeology/emperor-qin/
3. Terracotta army https://en.wikipedia.org/wiki/Terracotta_Army
4. The British museum, The first emperor China’s terracotta army
5. 陳妙如,秦始皇陵和兵馬,國立高中,
6. 汉书PDF, Chinese text project, https://ctext.org/han-shu
7. 秦始皇兵马俑
https://zh.wikipedia.org/wiki/%E7%A7%A6%E5%A7%8B%E7%9A%87%E5%85%B5%E9%A9%AC%E4%BF%91
8. 秦始皇兵马俑发现记https://news.qq.com/a/20090915/001147.htm
9. 司马迁,史记,辽海出版社,2015
10. 宛华, 中华上下五千年,北京,2013
Discussion about this post