ჩინეთის კულტურა მდიდარია ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული ლეგენდებით. არსებობს უამრავი თქმულება, პოემა, მითი თუ ისტორიული ჩანაწერები გამოჩენილ ისტორიულ პიროვნებებზე. როცა ვამბობთ გამორჩეული არ ვგულისხმობთ მხოლოდ პოლიტიკით, ხელოვნებითა თუ ომით სახელმოხვეჭილ პირებს. ერთეულებმა შეძლეს და უზადო გარეგნობის გამო ლეგენდების სამყაროში შეაბიჯეს. რა თქმა უნდა, როცა მშვენიერებაზეა საუბარი ადგილი ქალბატონებს უნდა დავუთმოთ. დღესაც კი ნებისმიერი ჩინელი ჩამოგითვლით “ანტიკურობის ოთხ ლამაზმანს“- 四大美女. ამ ტერმინით აერთიანებენ იმ ოთხ ქალბატონს, რომლებმაც საკუთარი სილამაზით ჩინეთის მრავალათასწლოვან კულტურაში წარუშლელი კვალი დატოვეს. არც ერთ მათგანს არ ჰქონია წყნარი და მშვიდი ცხოვრება, თუმცა თითოეულმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ჩინეთის ისტორიის კრიტიკულ მომენტებში. ქვემოთ მოკლედ მოგითხრობთ მათ ბიოგრაფიებს.
სი ში ( 西施) ( ძვ.წ. 506- ? )
„ოთხ ლამაზმანთაგან“ პირველი- სი ში ( 西施 ) ძვ.წ. 506 წელს იუეს სამეფოში ( 越国 ) დაიბადა, თანამედროვე ჭეძიანგის პროვინციაში ( 浙江省 ). იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა როლი ითამაშა მან დიდ პოლიტიკურ თამაშებში მოკლედ აღვწერთ იმდროინდელი ჩინეთის პოლიტიკურ ვითარებას. ძვ.წ. 1045 წელს ჭოუს დიანსტიამ ( 周朝 ძვ.წ. 1045-256 ) შეანაცვლა შანგის დინასტია ( 商朝 ძვ.წ. 1600-1045 ). ძვ.წ. 771 წელს მომთაბარეების შემოსევის გამო ჭოუს მეფე გაიქცა აღმოსავლეთით და ახალ დედაქალაქად ლოიანგი (洛阳 ) გამოაცხადა. ასე დაიწყო აღმოსავლეთ ჭოუს ეპოქა ( 东周ძვ.წ. 771- 256 ), რომელიც თავის მხრივ ორ პერიოდად იყოფა- ჩუნციოუსა ( 春秋ძვ.წ. 771- 475 ) და ჭანკუოს(战国 ძვ.წ. 475-221 ). ჩუნციოუს ეპოქიდან ჭოუს მეფის ძალაუფლება და გავლენა კრიტიკულად სუსტდება. რეალურად ჩინეთი დაიყო დიდ, საშუალო და მცირე ასზე მეტ სამთავროდ, რომლებიც ნომინალურად აღიარებდნენ ჭოუს მეფის უზენაესობას, თუმცა კი, რეალურად არ ემორჩილებოდნენ მას. დიდი სამთავროები ჰეგემონობისთვისაც კი იბრძოდნენ და გამარჯვებული ჭოუს მეფის სახელის ქვეშ პრაქტიკულად წარმართავდა პოლიტიკურ სიტუაციას სხვა სამთავროებშიც.
ძვ.წ. VI-V საუკუნეების მიჯნაზე უ-ს სამთავროს (吴国 ) მთავარმა ხე ლუმ (阖闾 ძვ.წ. 514-496 ) გენიოსი სტრატეგოსების- სუნ წის ( 孙子 ძვ.წ. 545-470 )( ცნობილი, როგორც სუნ ძი ) და უ წისუს ( 伍子胥 ძვ.წ. ?- 484 ) დახმარებით მოიპოვა ჰეგემონის სტატუსი, თუმცა როცა ცის სამთავროს (齐) უტევდა, სამხრეთიდან იუეს(越) სამთავრომ შეუტია უ-ს. ხე ლუ ნაჩქარევად დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ იუესთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა. უ-ს ახალმა მთავარმა- ფუ ჩაიმ ( 夫差 ძვ.წ. 495-473 ) მიზნად დაისახა შური ეძია და მიაღწია კიდეც ამას. მან დაამარცხა იუეს მთავარი კოუ ძიენი ( 勾践ძვ.წ. 496-465 ), ტყვედ წაიყვანა ის უ-ს სამთავროში და როგორც ჩვეულებრივ შავ მუშას ამუშავებდა რამდენიმე წელი. თავის მხრივ კოუ ძიენმაც დაიფიცა, რომ ამ დამცირებას არ დაივიწყებდა და როგორც კი ტყვეობიდან განათავისუფლეს უ-ს დამხობაზე დაიწყო ფიქრი.
კოუ ძიენმა არაერთ ხერხს მიმართა მიზნის მისაღწევად- ჩამოაყალიბა გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარი, მოაწესრიგა ეკონომიკა და დიპლომატიური ურთიერთობები. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად მას ჭირდებოდა, რომ უ-ს მთავარ ფუ ჩაის თვალი არ ედევნებინა მისი ქმედებებისათვის და სხვა რამეზე ყოფილიყო გადართული. სწორედ აქ შემოდის სცენაზე სი ში. იუეს სამთავროს მინისტრებმა სწორად გათვალეს, რომ უ-ს მთავრის ყურადღებას ისე ვერაფერი გააბნევდა, როგორც ლამაზი ქალი. ამიტომ ძვ.წ. 490 წელს მათ იუეს ორი ულამაზესი ქალი- სი ში და ჭენგ ტანი უ-ს მთავარს ხარჭებად გაუგზავნეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი იყო. ფუ ჩაი იმდენად მოიხიბლა ახალი ხარჭებით, რომ სახელმწიფო საქმეებს უფრო და უფრო ჩამოშორდა. თვით უ წ’ სუც კი დაასჯევინა სიკვდილით, რადგან ეს უკანასკნელი მოუწოდებდა იუეს სამთავრო გაენადგურებინა.
ძვ.წ. 473 წელს კოუ ძიენმა დაასრულა ხანგრძლივი მზადება და ძლიერი შეტევით გაანადგურა უ. ფუ ჩაიმ უკიდურეს სიტუაციაში თავი მოიკლა. რაც შეეხება სი შის, მისი მომავლის შესახებ ორი ვერსია არსებობს. გამოჩენილი ჩინელი მოაზროვნის- მო წის ( 墨子ძვ.წ. 479-381 )თქმით მან მდინარეში დაიხრჩო თავი. სხვა ვერსიით სი შიმ ცხოვრება თავის შეყვარებულთან, ყოფილ მინისტრ ფან ლისთან გაატარა.
ვანგ ჭაო ძუნი (王昭君 )( ძვ.წ. 52-8 )
ჩინეთის მეორე დიდი ლამაზმანი პირველისაგან თითქმის მთელი ოთხი საუკუნე აშორებს. ვანგ ჭაო ძუნი ძვ.წ. 52 წელს თანამედროვე ხუპეის პროვინციის (湖北省 ) ტერიტორიაზე დიდგვაროვანთა ოჯახში დაიბადა დასავლეთ ხანის ეპოქაში ( 西汉 ძვ.წ. 202- ახ.წ. 9 ). ვანგ ჭაოძუნი გარდა განსაკუთრებული სილამაზისა, გამოირჩეოდა შესანიშნავი გონებით. სრულწლოვანებამდე ის დაეუფლა ოთხ კეთილშობილ ხელოვნებას- კუცინზე დაკვრა, ვეიცის თამაში, კალიგრაფია და ხატვა. ძვ.წ. 36 წელს ის საიმპერატორო ჰარემში მოხვდა. ალბათ იფიქრებთ, რომ ქალი, რომელიც ოთხი დიდი ლამაზმანიდან ერთ-ერთია, იმპერატორის გულის მოგებას მალევე შეძლებდა. ალბათ ასეც იქნებოდა ვანგ ჭაოძუნი და იმპერატორი იუენი ( 元帝ძვ.წ. 48-33 ) ერთმანეთს რომ შეხვედროდნენ. საქმე ისაა, რომ მიღებული ხარჭებიდან იმპერატორი ცოლებს მხოლოდ მათი პორტრეტების მიხედვით ირჩევდა. იმ დროს მხატვრის მოქრთამვა საკუთრი თავის უკეთ წარმოსაჩენად მიღებული ამბავი იყო, თუმცა საკუთარ სილამაზეში დარწმუნებულმა, ვანგ ჭაოძუნმა უარი განაცხადა ქრთამის გაცემაზე და მხატვარმა მაო იენშოუმ შური იძია მასზე ცუდი პორტრეტის დახატვით. იმპერატორს ვანგ ჭაოძუნის ნამდვილი პორტრეტი არასოდეს უნახავს და შესაბამისად ეს უკანასკნელი ჰარემში შეუმჩნევლად იყო სამი წელი.
იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ შემდეგ განვითარებული მოვლენები, მცირე ისტორიული ექსკურსი ჩავატაროთ. ჩინეთის სამეფო-სამთავროები და შემდეგში იმპერიაც მუდმივად შეწუხებულნი იყვნენ ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების შემოსევებით. ძვ.წ. III საუკუნიდან განსაკუთრებით გააქტიურდნენ ე.წ. სიონგნუს ტომები (匈奴部落 ), რომლებთაც მეცნიერთა უმეტესობა ჰუნებთან აიგივებს. ძვ.წ. II საუკუნის 80-70 იანი წლებიდან ჩინელებმა დაიწყეს მომთაბარეთა ბელადებზე პრინცესების მითხოვების პრაქტიკა მშვიდობის სანაცვლოდ. ძვ.წ. I საუკუნის დასაწყისში ეს ტომთა გაერთიანება ხუთ ნაწილად დაიყო და მათ შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის. უფროს ძმასთან დამარცხებული მომთაბარეების ერთ-ერთი ლიდერი- ხუ ხან იე (呼韩邪 ) ჯერ კიდევ იმპერატორ სუენის ( 宣帝ძვ.წ. 74-49 ) მმართველობის დროს ესტუმრა საიმპერატორო კარს და იმპერატორისაგან დახმარება მიიღო.
მოგვიანებით ხუ ხან იემ მოახერხა სხვა ტომის მეთაურებთან ბრძოლაში უპირატესობის მოპოვება და ერთგვარი ჰეგემონის სტატუსი მიიღო. იმპერატორი იუენის დროს ის კვლავ ეწვია ჩინეთის დედაქალაქ ჩანგანს. ამჯერად ხუ ხან იემ ჩინელი პრინცესას ცოლად შერთვა მოინდომა. იმპერატორ იუენს არ სურდა ასეთი ძლიერი მოკავშირის დაკარგვა, თუმცა არც ნამდვილი პრინცესას მომთაბარეზე მითხოვებას აპირებდა. ამიტომ თავისი ჰარემიდან ქალები წარუდგინა მას, როგორც პრინცესები. ხუ ხან იემ როგორც კი ვანგ ჭაოძუნი დაინახა, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო. ერთი მხრივ იმპერატორ იუენს გაუხარდა, რომ ხუ ხან იე ტყუილზე წამოეგო, თუმცა ნამდვილი ვანგ ჭაოძუნის ნახვის შემდეგ ასეთი სილამაზის გაშვება დაენანა. მაგრამ, პირობა უკვე მიცემული ჰქონდა და ვერ დაარღვევდა. სამაგიეროდ სიკვდილით დასაჯა მხატვარი, რომელმაც მას დამახინჯებული პორტრეტი აჩვენა.
ძვ.წ. 33 წელს ვანგ ჭაოძუნი ხუ ხან იეს ცოლი გახდა და მას ვაჟი და ორი ქალიშვილი უშვა. ორ წელში ხუ ხან იე გარდაიცვალა და მომთაბარეთა ტრადიციის მიხედვით ვანგ ჭაოძუნი ახალი ლიდერის ცოლი გახდა. საბოლოოდ მან ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება და სტეპებში გალია ცხოვრება. ვანგ ჭაოძუნი მოხერხებულად იყენებდა თავის პოზიციას ჩინეთის დასაცავად. ამ ულამაზესი და უჭკვიანესი ქალის დამსახურებაა, რომ ჩინეთსა და მომთაბარეებს შორის თითქმის ნახევარსაუკუნოვანმა მშვიდობამ დაისადგურა.
ტიაო ჩანი (貂蝉 )( ? )
ოთხი ლამაზმანიდან მხოლოდ ტიაო ჩანის (貂蝉)რეალურად არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ტიაო ჩანმა სახელი გაითქვა მეთოთხმეტე საუკუნის დიდი ჩინელი პოეტის- ლუო კუანგჭუნგის ( 箩筐中 1330-1400/ 1280-1360 ) უკვდავი ნაწარმოებით- „ სამი სამეფოს რომანი“ (三国演义 ), რომელშიც აღწერილია აღმოსავლეთ ხანის დინასტის ( 东汉ახ.წ. 25- 220 ) უკანასკნელი წლები და სამი სამეფოს ეპოქა ( 三国 220-280 ). რომანის მიხედვით ტიაო ჩანი გახდა მთავარსარდლის- ტუნგ ჭუას ხარჭა ( 董卓?- 192 ), რათა ეს უკანასკნელი დაემხო. კვლავაც ისტორიული ექსკურსი მოვაწყოთ.
ახ.წ. 184 წელს ჩინეთში ყვითელდოლბანდიანთა აჯანყება (黄巾起义 ) მოეწყო. აჯანყება იმდენად მასშტაბური იყო, რომ იმპერატორს მოუწია გუბერნატორები აღეჭურვა სამხედრო უფლებებითაც, რათა ჩაეხშოთ ამბოხი. ოთხი წლის შედმეგ ყვითელდოლბანდიანების ძირითადი ძალა დამარცხდა, მაგრამა ახლა უკვე გაძლიერებული სარდლები უქადდნენ იმპერატორს საფრთხეს. ამ სარდლებს არ სურდათ ძალაუფლების დათმობა, მითუმეტეს, რომ საიმპერატორო კარს იმპერატორის თანმხლები საჭურისები აკონტროლებდნენ. დაიწყო გაუთავებელი ბრძოლები ჯერ საჭურისებსა და სარდლებს, შედმეგ კი თვით სარდლებს შორის.
საწყის ეტაპზე ერთ-ერთმა სარდალმა ტონგ ჭუამ მოახერხა საჭურისების ოპოზიციის განადგურება და იმპერატორის სახელით მართვდა ქვეყანას. 190 წელს მან მცირეწლოვანი იმპერატორი შაო ( 少帝 189-190 ) შეანაცვლა მისი უმცროსი ძმით- იმპერატორი სიენით ( 献帝189-220 ). ტუნგ ჭუას ძალაუფლება და ამბიციები დღითი დღე იზრდებოდა. მინისტრმა ვანგ იუნმა ( 王允137-192 ) გადაწყვიტა თავისი აყვანილი ქალიშვილის- ტიაო ჩანის მეშვეობით შუღლი დაეთესა ტონგ ჭუასა და მის მარჯვენა ხელს- ლუ პუს ( 吕布 ?- 199 ) შორის. გახდა რა ტიაო ჩანი ტუნგ ჭუას ხარჭა, თანადროულად ლუ პუს მოხიბვლაც მოახერხა. თან ორივეს დააჯერა, რომ მხოლოდ იძულების გამო იყო მეორესთან. ლუ პუსა და ტუნგ ჭუას შორის უთანხმოება მტრობამდე და შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა. ლუ პუ და ვანგ იუნი ახერხებენ ტუნგ ჭუას მოკვლას. ამგვარად ხანის იმპერიის არსებობის წლები კიდევ მცირედით გახანგრძლივდა.
საინტერესოა, რომ ტიაო ჩანის სახელი მხოლოდ ამ რომანშია მოხსენიებული. ჩვენამდე მოღწეულ ხანისა და სამი სამეფოს ეპოქის შესახებ ისტორიულ ქრონიკებში მისი სახელი არ ფიქსირდება. ამ წყაროების მიხედვით განხეთქილება ტონგ ჭუასა და ლუ პუს შორის მართლაც ქალი გამო დაიწყო, რომელიც ორივეს შეუყვარდა. მაგრამ ქალის სახელი არაა მოხსენიებული.
იანგ კუეიფეი (杨贵妃 )( 719-756 )
უკანასკნელი ოთხი ლამაზმანიდან- იანგ კუეიფეი ( 杨贵妃), გამორჩეულია ზემოთ ჩამოთვლილი სამისაგან, რამეთუ მისი ცხოვრება ( თუ გარდაცვალების მომენტს არ ჩავთვლით ) სულაც არ იყო ტრაგიკული, მაგრამ ის შედეგები რაც მისმა აღზევებამ გამოიწვია, ნამდვილად ტრაგიკული იყო თანგის დინასტიის ჩინეთისათვის ( 唐朝 618-907 ). აქვე დავამატებ, რომ თანგის დინასტიის დროინდელი სილამაზის კრიტერიუმები რამდენადმე განსხვავდებოდა დღევანდელისაგან. კერძოდ, იმ დროისათვის ხორცსავსე ქალები მიიჩნეოდნენ სილამაზის ეტალონად. ისტორიული წყაროების მიხედვით კი იანგ კუეი ფეი სულაც არ უჩიოდა ხორცის ნაკლებობას.
სილამაზით გამორჩეული იანგ იუხუანი ( 杨玉环 იანგ კუეი ფეის დაბადების სახელი ) სულ რაღაც 14 წლის იყო როცა პრინც ლი მაოს ცოლი გახდა. სამი წლის შედმეგ ლი მაოს დედა და იმპერატორ სუენწონგის ( 玄宗 713-756 ) მთავარი ცოლი- დედოფალი უ გარდაიცვალა. დაახლოებით ამ პერიოდში დამწუხრებულმა იმპერატორმა პირველად ნახა იანგ იუხუანი და იმდენად მოიხიბლა, რომ არათუ გარდაცვლილი ცოლისადმი მწუხარება მოიშორა, საკუთარ შვილსაც არ მოერიდა და ცოლი წაართვა. თუმცა, იმპერატორსაც კი არ შეეძლო პირდაპირ წაერთმია ცოლი შვილისათვის დიდი გამოძახილის გარეშე. მან იანგ იუხუანი ტაოისტ ბერად გამოაცხადა და საიმპერატორო კარს მიამაგრა. 745 წელს ლი მაოს ახალი ცოლი შერთო, თვითონ იმპერატორმა კი იანგ იუხუანი შეირთო ოფიციალურად ცოლად და კუეი ფეის საპატიო ტიტული მიანიჭა. იმპერატორის მიზიდულობა ამ ქალისადმი ლამის ავადმყოფური იყო. მის ჩაცმულობაზე 700 კაცი ზრუნავდა. სპეციალური საჭურისი ემსახურებოდა ცხენზე შესაჯდომად. იანგ კუეი ფეიმ ორჯერ განარისხა იმპერატორი და გადასახლებით დაისაჯა, თუმცა სიუენწონგის ბრაზი ერთ დღეზე დიდხანს არ გრძელდებოდა და მეუღლე ისე ენატრებოდა, რომ უკან დაბრუნებისას უფრო ანებივრებდა მას.
იანგ კუეიფეის აღზევებას მისი ოჯახის დაწინაურებაც მოჰყვა. იმპერატორმა კუეიფეის დები პრინცესების რანგში აიყვანა. თვით იმპერატორის დებიც კი ვერ სხდებოდნენ მათზე მაღლა შეკრებებისას. ხელისუფლების აპარატში მომრავლდა იანგის ნათესავები. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია იანგ კუოჭუნგი ( 杨国忠?- 756 ). ეს ამბიციური, გარყვნილი და მფლანგავი პიროვნება იმპერიას დაღუპვის პირას მიიყვანს. 753 წელს გარდაიცვალა დიდი მინისტრი ლი ლინფუ ( 李林甫 ?- 754 ). მის თანამდებობაზე სწორედ იანგ კუოჭუნგი დაინიშნა. მან ახალი პოსტი თავის სასარგებლოდ ძველი მტრების მოსაშორებლად გამოიყენა. გამოსაყოფია მისი დაპირსპირება ან ლუშანთან ( 安禄山 703-757 ).
ან ლუშანი ნახევრად თურქი სარდალი იყო, რომელსაც ჩრდილოეთით სამი სასაზღვრო რეგიონი ებარა. ლი ლინფუს სიცოცხლის პერიოდში ის იმპერატორის ფავორიტი იყო. სუენწონგმა ან ლუშანი სიმბოლურად იანგ კუეიფეის შვილობილად გამოაცხადა. თუმცა, იანგ კუოჭუნგს ანთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მინისტრად გახდომის შემდეგ დაიწყო იმპერატორისათვის ჩაგონება, რომ ანი აჯანყებას აპირებდა. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ 754 წელს დედაქალაქ ჩანგანში (长安) ვიზიტისას ან ლუშანმა ძლივს გამოასწრო ქალაქიდან. უკიდურეს გაჭირვებაში ის მართლაც აჯანყდა და დაიწყო ე.წ. „ან ლუშანის აჯანყება“, რომელიც 755-763 წლებში მიმდინარეობდა, შეიწირა თანგის დინასტიის ადამიანური და ეკონომიკური რესურსების დიდი წილი და დინასტიის დაქვეითების მიზეზი გახდა. ამ კატასტროფის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იანგ კუეი ფეი არის, რომელმაც ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ძლიერი იმპერატორი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მმართველად აქცია. თუმცა, თავისი წილი მასაც მიეზღო. როცა აჯანყებულები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, საიმპერატორო კარი ჩენგტუსაკენ (成都) წავიდა. გზაში შიმშილით შეწუხებული მეომრები აჯანყდნენ და მოითხოვეს იანგ კუო ჭონგისა და იანგ კუეი ფეის სიკვდილით დასჯა. იმპერატორს სხვა გზა არ ჰქონდა და საყვარელი ქალი აბრეშუმის საბლით გააგუდვინა.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები:
1. Diaochan, https://en.wikipedia.org/wiki/Diaochan
2. Yang Gui Fei, https://en.wikipedia.org/wiki/Yang_Guifei
3. Wang Zhao Jun, https://en.wikipedia.org/wiki/Wang_Zhaojun
4. Wang Zhao Jun http://people.wku.edu/haiwang.yuan/China/tales/zhaojun_b.htm
5. 汉书,卷89,
https://zh.wikisource.org/wiki/%E5%BE%8C%E6%BC%A2%E6%9B%B8/%E5%8D%B789
6. 旧唐书, 卷51,
https://web.archive.org/web/20081018003850/http://www.sidneyluo.net/a/a16/051.htm
7. 杨太真外传,http://gj.zdic.net/archive.php?aid-2063.html
8. 西施,https://zh.wikipedia.org/wiki/%E8%A5%BF%E6%96%BD
9. 新唐书, 卷 76,
https://web.archive.org/web/20080408043613/http://www.sidneyluo.net/a/a17/076.htm
10. 宛华, 中华上下五千年,北京,2013.
11. 资治通鉴, 卷215,
https://zh.wikisource.org/wiki/%E8%B3%87%E6%B2%BB%E9%80%9A%E9%91%91/%E5%8D%B7215
Discussion about this post