1980-იან წლებში მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეცესია, რომელმაც არაერთი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2/3-ით შეამცირა. ამ „ეკონომიკური შოკიდან“ ბევრი მათგანი დღემდე ვერ გამოსულა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის 2014 წლის მონაცემებით, უკრაინის მშპ 1989-წლამდელ ნიშნულს კიდევ 1/3-ით ჩამორჩება; სხვებმა, მათ შორის რუსეთმა, მოახერხეს მხოლოდ 1989-წლამდელი მდგომარეობის აღდგენა.[1] ამ ქვეყნებს აერთიანებთ ერთი რამ – მათ სრულიად უცვლელად გაატარეს დასავლელი ეკონომისტების მიერ შემოთავაზებული „ვაშინგტონის კონსესუსით“ თუ „შოკური თერაპიით“ გათვალისწინებული რეფორმები. გამონაკლისს წარმოადგენენ შორეული აღმოსავლეთის რიგი სახელმწიფოები, რომელთა ეკონომიკაც კრიზისის შემდგომ ძალიან სწრაფი ტემპებით გაიზარდა. მათ შორის აღსანიშნავია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რომელმაც უარყო შემოთავაზებული რეკომენდაციების პაკეტი და ეკონომიკის მოდერნიზების თავისებური გზა აირჩია. შედეგად 1989-2020 წლებში ჩინეთის მშპ 8-ჯერ გაიზარდა, რითაც უახლოეს ისტორიაში ყველაზე დიდი ეკონომიკური სასწაული მოახდინა და მსოფლიოს მეორე ეკონომიკად იქცა; თუ 1989 წლისთვის ჩინეთის მშპ რუსეთის ეკონომიკის ნახევარი იყო, დღეს პირველი მეორეს 5-ჯერ უსწრებს. „ლიბერალური მასტერკლასის“ სრულ გადაღებაზე მეტ-ნაკლებად უარი სხვა აზიურმა სახელმწიფოებმაც თქვეს, ამიტომაა, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა აზიის 4 მცირე დრაკონსა (თაივანი, ჰონგ კონგი, სამხრეთ კორეა და სინგაპური) და იაპონიაშიც გვხვდება. მაშ, რა არის ის, რაც, თავის მხრივ, ქვეყანათა ამ მეორე ჯგუფს აერთიანებს? რა არის ის მოძღვრება თუ იდეოლოგია, რომელმაც კლასკურ ლიბერალიზმს კონკურენცია გაუწია და, როგორც აღმოჩნდა, მეტად ეფექტიანი გამოდგა? როგორც ეკონომისტთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, აზიის ამ სახელმწიფოთა ეკონომიკური წარმატება კონფუციური იდეების ზეგავნელის შედეგია. მაგალითად, ჩინეთმა, სადაც კონფუციელობას ყველაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ მიეღო საბაზრო ეკონომიკის იდეები და ეკონომიკის მართვა სახელმწიფოდან ინდივიდზე გადაეტანა, აირჩია ალტერნატიული, როგორც ამბობენ, კონფუციური გზა – მთავრობამ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი ოჯახის, კლანის სასარგებლოდ შეამცირა. ეს ზუსტად ოჯახის კონფუციურ იდეალს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, ოჯახია ყოველივეს უმცირესი შემადგენელი ერთეული – როგორც კონფუცი ამბობდა, „როდესაც ოჯახში ჰარმონია სუფევს, სახელმწიფოში წესრიგია; როდესაც სახელმწიფოში წესრიგია, მსოფლიოში მშვიდობა ისადგურებს“. ამას გარდა არის კიდევ არაერთი კონფუციური იდეა, რომელმაც, როგორც ამტკიცებენ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ სახელმწიფოთა ეკონომიკურ წარმატებაში. წინამდებარე სტატიის მიზანია გამოიკვლიოს, რამდენად ძლიერია კონფუციელობის ზეგავლენა სახელმწიფოს ეკონომიკაზე და თუ ასეა, რეალურად როგორია ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი.
კონფუციური და დასავლური ეკონომიკების შედარება
ეკონომიკაზე რელიგიის, კულტურის და სხვა მსგავსი ფაქტორების ზეგავლენის შესწავლა საკმაოდ რთულია, რადგან მათ არ აქვთ პირდაპირი მიმართება იმ რიცხვებთან, რომლებიც ფულის გაცვლის ჯიხურებზე, შეძენილი საქონლის ჩეკებზე ან საკუთარ საბანკო ანგარიშზე გვხვდება. ამიტომაა, რომ ძალიან ბევრი ეკონომისტი მათ ზეგავლენას სრულებითაც უარყოფს და საკითხს მხოლოდ მათემატიკურ ჭრილში განიხილავს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს სწორი არაა. რელიგია განსაზღვრავს ადამიანთა მსოფლმხედველობას, მათ დამოკიდებულებებს, ქცევებს და ვინაიდან ეკონომიკას ადამიანის ქცევისა და მისგან მომდინარე მოლოდინების გარდა სხვა არაფერი განსაზღვრავს, ამიტომ ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისა თუ წარუმატებლობის ასახსნელად აუცილებელია რელიგიის როლის გათვალისწინებაც.
თავის დროზე ამავე მოსაზრებას იზიარებდა ახალი დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე მაქს ვებერიც, რომელმაც თავისი წიგნით „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ დაამტკიცა კიდევაც, რომ დასავლეთის კაპიტალისტური ხასიათი რელიგიამ, კერძოდ, პროტესტანტიზმმა განსაზღვრა. ვებერი სხვა რეგიონების ეკონომიკური ისტორიითაც იყო დაინტერესებული და წიგნში „ეკონომიკა და საზოგადოება“ ჩინეთზე საუბრისას ცდილობს, ახსნას, თუ რატომ არ მოხდა ჩინეთშიც ბრიტანეთის მსგავსად ინდუსტრიული რევოლუცია. ფილოსოფოსის მტკიცებით, ამისათვის საჭირო იყო სამეცნიერო გადატრიალება; თავის მხრივ, ამ უკანასკნელისთვის კი – ლოგიკური, აზროვნებაზე ორიენტირებული ფილოსოფიის, სქოლასტიციზმის განვითარება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩინური ფილოსოფია ყოველთვის ეთიკაზე, პრაქტიკულ საკითხებზე იყო კონცეტრირებული, ამიტომ მეცნიერებაც ყოველთვის ეთიკის და არა ეკონომიკური კეთილდღეობის სამსახურში იდგა.
მართლაც, თუ დავაკვირდებით ჩინური და დასავლური, ბერძნული ფილოსოფიის განვითარების ისტორიას, მათ შორის განსხვავებას დასაწყისშივე შევნიშნავთ. თავიდანვე ჩინელი მოაზროვნეები კონცენტრირებულნი იყვნენ ეთიკაზე, როგორც ცხოვრების ფილოსოფიაზე, ხოლო ბერძენი სწავლულები კი – ლოგიკაზე, როგორც აზროვნების ფილოსოფიაზე. ჩინეთი მიჰყვა თავის ყველაზე დიდ მორალისტს – კონფუცის, ხოლო დასავლეთი პლატონის აზროვნების გზას დაადგა. აღმოსავლეთში გონება, სხეული და ემოცია არის ერთიანი, ხოლო დასავლეში უპირატესი მხოლოდ პირველია; ამიტომაა, რომ ჩინელი მოაზროვნეები თავიანთ მოძღვრებას არა ლოგიკური არგუმენტებით, არამედ საკუთარი ან მათზე ადრე მცხოვრებ ადამიანთა მაგალითით, გამოცდილებით ამტკიცებენ. ამ ორმა განსხვავებულმა აზროვნებამ განსაზღვრა ყველა საკითხისადმი, მათ შორის, ეკონომიკისადმი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის განსხვავებული დამოკიდებულება. ამაში განსაკუთრებული როლი, როგორც ჩანს, ზუსტადაც კონფუციელობამ ითამაშა[a1] . აღსანიშნავია, რომ საკუთრივ სიტყვა ლოგიკაც „ლუოძი“ (逻辑) ჩინურ ენაში დასავლეთიდანაა შესული.
კონფუციონელობის მიხედვით, ბუნება ადამიანებს აჯილდოვებს ცხოვრების სურვილით და ამისათვის მათ რესურსების საკმარისი, ხშირად გადაჭარბებული ოდენობითაც ამარაგებს. ასეთ პირობებში ერთადერთი, რაც ადამიანმა გადარჩენისთვის უნდა გააკეთოს, არის შრომა. ოღონდ აქ უპირველესი არის არა საკუთარი თავის, არამედ ოჯახის, მომავალი თაობების გადარჩენა, ანუ ადამიანს აქვს მორალური პასუხისმგებლობა თავისი ოჯახისა და მომავალი თაობებისადმი. ამიტომაა „შრომის ეთიკა“ ეროვნული დოვლათის შექმნის მთავარი ფაქტორი, ხოლო კონფუციური მიდგომა – მორალური ეკონომიკის საუკეთესო მაგალითი.
ამის საპირისპიროდ, კაპიტალისტური მიდგომა რესურსებს დეფიციტში განიხილავს; ყველა ყველას წინააღმდეგაა და გამარჯვებისათვის ძლიერმა სუსტს რესურსების ნაწილი უნდა დაათმობინოს. ამასთან დაკავშირებით ჰობსი თავის „ლევიათანში“ წერდა: „როდესაც დედამიწა გადამეტსახლებულია (ადამიანთა დიდი რაოდენობაა), მაშინ ერთადერთი გამოსავალი ომია“. თომას მალთუსიმ ამის დასამტკიცებლად დემოგრაფიული მოდელიც კი ააგო. ასეთ პირობებში ადამიანი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და სხვისი, ოჯახის წევრის ბედიც კი, ნაკლებად აინტერესებს, ამიტომ გადარჩენის საუკეთესო სტრატეგია ინდივიდუალური მოქმედებაა. ასეთ სამყაროში მორალის წინააღმდეგ გალაშქრება არათუ მიღებული, სასურველიც კია, თუ ის ზრდის ინდივიდუალური გადარჩენის შანსს. ანუ კაპიტალიზმისთვის წამყვანია არა მორალი და ოჯახი, არამედ ინტერესი და ინდივიდი. ეს ორი ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად მათზეა დაშენებული ორივე ცივილიზაციის ეკონომიკური სისტემები.
კონფუციონელობა უფრო მეტად სოციალიზმს წააგავს – ორივეგან აქცენტი კოოპერაციაზეა, მნიშვნელოვანია თანასწორობის იდეა და შრომა არის სიმდიდრის, დოვლათის შექმნის მთავარი წყარო. კონფუციური ეკონომიკის, როგორც ცალკე დარგის, შესწავლით საუკუნეების განმავლობაში არავინ დაინტერესებულა. ჩინელი სწავლულები ამით მხოლოდ ცინგის დინასტიის მიწურულს დაინტერესდნენ, როდესაც შეამჩნიეს, რომ მმართველი გვარი ვერ უმკლავდება თანამედროვე ეკონომიკურ გამოწვევებს. ზუსტად მაშინ დაიწერა პირველი ანალიზური ნაშრომები კონფუციურ ეკონომიკაზე. მათ შორის გამოსარჩევია საჯარო მოხელის ჩენის 1911 წლის ტრაქტატი „კონფუცისა და მისი სკოლის ეკონომიკური პინციპები“. ამ ნაშრომში ჩენი აღნიშნავს: „კონფუციელობა უფრო მეტად კოლექტიურია (სოციალისტური), ვიდრე ინდივიდუალისტური“. თუმცა დიდად არც კაპიტალიზმისგან განსხვავდება – პირველად ამ წიგნში გვხვდება კონფუციელობის დასავლურ ეკონომიკასთან შედარება და საინტერესო ისაა, რომ ავტორი უფრო მეტ საერთოზე საუბრობს, ვიდრე განსხვავებაზე. მართლაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, კონფუციელობა ისეთივე საბაზრო ეკონომიკაა, როგორც კაპიტალიზმი, თუმცა თუ ამ უკანასკნელის უმცირესი შემადგენელი ერთეული ინდივიდია, კონფუციურ ტრადიციაში ოჯახია. ამ მსგავსების გამო ხშირად ამბობენ, რომ მეოცე საუკუნის მიწურულს ჩინეთმა დასავლეთისგან გადაიღო კაპიტალიზმი და ამიტომაა დღეს ასეთი წარმატებული. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ ვერ ახერხებენ თავინადვე კაპიტალისტური ქვეყნები 1989 წლის და შემდგომ 2008 წლის პოსტკრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება? რატომ არის აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიდგომა უფრო ეფექტიანი? იმიტომ ხომ არა, რომ მათ პირდაპირ კი არ გადაიღეს დასავლური აზროვნება, არამედ მოარგეს თავის რეალობას, მსოფლმხედველობას. მაგალითად, იმავე 1911 წელს ჩინეთში იყო კაპიტალიზმის პირდაპირი გადაღების მცდელობა და მაშინ ამ ქვეყანამ ისეთივე მარცხი იწვნია, როგორც 1989 წლის შემდგომ უკრაინამ. მაშინ ჩინეთმა მხარი დაუჭირა თავისუფალ ბაზარს, ევროპულ სახელმწიფოთა კონსტიტუციების კოპირებას. შედეგი კი იყო მხოლოდ ქაოსი, ინფლაცია, სრული ფინანსური კოლაფსი. დასუსტებულმა ჩინეთმა ლამის სუვერენიტეტიც კი დაკარგა. აღმოსავლეთმა ამ ისტორიული გაკვეთილიდან ისწავლა, რომ დასავლური იდეა რამდენადაც წარმატებული და მიმზიდველი არ უნდა იყოს, მისი აღმოსავლეთში პირდაპირ, ადგილზე არსებული რეალობის გათვალისწინების გარეშე გადმოღება უკუშედეგს გამოიღებს.
კონფუციონელობისა და კაპიტალიზმის ურთიერთქმედებისას გარკვეული ცვლილებები ამ უკანასკნელმაც განიცადა. კონფუციური იდეალების – ოჯახისა და მორალის – გავლენა იგრძნობა ეკონომისტთა ავსტრიულ სკოლაზე. ჰაიეკი და შუმპეტერი კაპიტალიზმის მოდიფიცირებულ ვერსიას გვთავაზობენ. მათი აზრით, კაპიტალიზმი არ უნდა ჩანაცვლდეს სოციალიზმით, თუმცა არის რაღაც ასპექტები, რომელთა გადაღება არ იქნებოდა ცუდი. ჰაიეკი წერდა, რომ ბოლო 2000 წლის განმავლობაში მუდმივად იყო და არის შეტევა ოჯახსა და მორალზე, მაგრამ ზუსტად ის სისტემები გადარჩნენ, რომლებსაც საფუძვლად ეს იდეალები უდევთ. მარქსისტი ეკონომისტი პოლანიც თვლიდა, რომ ზუსტად ეს ორი ფაქტორია ეკონომიკის მთავარი განზომილებები და მათი ამორძიკვა იქნება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა – არა იმდენად ეკონომიკური, რამდენადაც ფსიქოლოგიური, ადამიანი დაკარგავს ჰუმანურობის განცდას.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ კონფუციონელობას, როგორც რელიგიასა თუ ფილოსოფიას, აშკარად ჰქონდა გავლენები როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ეკონომიკურ აზროვნებაზე. მომდევნო თავებში განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან კონფუციურ იდეას, რომელმაც განსაზღვრა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების განვითარების ტენდენციები.
ცხრილი 1. კონფუციური და კლასიკური ეკონომიკების ძირითადი პოსტულატების შედარება (წყარო: China Economic Journal, Routledge, 2017, pp. 365)
კონფუციური ეკონომიკა | კლასიკური ეკონომიკა | |
მთავარი მიზანი | განგრძობითობა | ამწამიერი ტკბობა |
რესურსების რაოდენობა | სიჭარბე | დეფიციტი |
გადარჩენის სტრატეგია | შრომა | მეტი რესურსის მოპოვება |
სამოტივაციო ძალა | მორალი | საკუთრების უფლება |
შემადგენელი ერთეული | ოჯახი | ინდივიდი |
დოვლათის გადანაწილება | თანაბარი (არაა სიღარიბე) | არათანაბარი (არის სიღარიბე) |
განგრძობითობა და ამწამიერი ტკბობა
ჩინურ ცივილიზაციაში უძველესი დროიდან ბუნებას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩინელებს ასეთი გამოთქმაც აქვთ: „ბუნება დაბადებითაა (სიცოცხლითაა) დაორსულებული“, რაც ბუნებას სიცოცხლის, არსებობის მნიშვნელობას სძენს. ამან თავისი ასახვა, ბუნებრივია, კონფუციონელობაშიც ჰპოვა. აღნიშნულ რელიგიაში ბუნებას ცენტრალური ადგილი უჭირავს – ბუნება თავადაა სიცოცხლე; მისი ფუნქციაა განგრძობითობა, მუდამ ახლის დაბადება, რათა ის არ გაქრეს და ვინაიდან ადამიანიც ბუნების ნაწილია, ამიტომ ისიც ემორჩილება ზოგად წესს, მანაც უნდა იზრუნოს სიცოცხლის განგრძობითობაზე. ანუ აღმოსავლეთში ადამიანსა და ბუნებას შორის არის ჰარმონია, ხოლო დასავლეთში საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად იპყრობენ და ექსპლუატირებენ ბუნებას. ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება ეკონომიკაზეც აისახა. ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი არის ადამიანის ქცევის მთავარი მიზანი – ამწამიერი ტკბობა, სიამოვნება თუ ფიქრი მომავალზე? დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი? კლასიკური ეკონომიკის მიხედვით, მთავარია ამწამიერი ტკბობა, ჩემი სიამოვნება, ხოლო მომავალი თაობების ბედი ნაკლებად მაინტერესებს; კონფუციელობისთვის კი უპირატესია დანატოვარი, რას დაუტოვებს ის შემდგომ თაობებს. თუმცა აქ სრულებითაც არ იგულისხმება, რომ პირადი კეთილდღეობა არის უგულვებელყოფილი, პირიქით, კონფუციური მიდგომით, ადამიანი დღეს ზოგავს, რათა ხვალ მასაც და მის შვილებსაც უფრო მეტი ჰქონდეთ. ანუ განსხვავება ამ ორ ეკონომიკურ მიდგომას შორის არის ის, რომ კლასიკური კონცენტირებულია აწმყოზე, ხოლო კონფუციური მომავალზე. რატომ მოხდა ასე? დროისადმი ასეთი მიდგომა ამ ორივე ცივილიზაციაში აღნიშნული ეკონომიკური სკოლების აღმოცენებამდე გაცილებით ადრე, ენის ჩასახვის მომენტში გაჩნდა. თუ დავაკვირდებით ჩინურ და ლათინურ ან ინგლისურ ენებს, შევამჩნევთ, რომ მათ შორის განსხვავება არის ზმნის დროებს შორის – ჩინურში ზმნას დრო არ აქვს. თუ ინგლისურად ან ლათინურად მარტო ზმნითაც კი შემიძლია მოქმედების დროის აღნიშვნა, ჩინურში ეს შეუძლებელია; ყველა ზმა ერთდროულად არის წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც, ანუ დროს ჩინურ აზროვნებაში არ აქვს დასასრული და დასაწყისი, არც აწმყოსა და მომავალს შორის არის გავლებული ზღვარი. და ვინაიდან კონფუციც, როგორც თავადვე ამბობდა, გადმოსცემდა არა ახალს, არამედ იმას, რაც წარსულში უკვე ნათქვამი იყო, ამიტომ მის მოძღვრებაშიც დროის ზუსტად ეს გაგება აისახა. კონფუციანელობის მიხედვით, მომავალი ძალიან ახლოსაა, შეიძლება ითქვას, ჩვენი აწმყოა, ამიტომ კონფუციური ეკონომიკა ადამიანს უფრო მეტი წინდახედულებისკენ უბიძგებს, რადგან მისი ამწამიერი ქმედებების შედეგები ძალიან მალე, ამავე ადამიანის ცხოვრებაში გამოჩნდება. ზუსტად ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ, მსოფლიო განვითარების 1997 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მაღალი დანაზოგები ფიქსირდებოდა იმ 5 აზიურ სახელმწიფოში (ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და თაივანში), სადაც კონფუციანელობა იყო გავრცელებული და რომლებიც იმ დროისთვის მაღალი ეკონომიკური განვითარებით გამოირჩეოდნენ. დანაზოგები ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია – თუ მე დღეს არ მსურს ფულის დახარჯვა, შემაქვს ბანკში; ჩემი ფული გამოაქვს სხვას, ვისაც მისი უკეთესად ხარჯვის იდეა აქვს (ბიზნესი, ინვესტიცია და სხვა); მე კი ჩემს თანხას, უფრო მეტსაც კი დავიბრუნებ მაშინ, როდესაც მეც მექნება მისი ხარჯვის საბაბი.
აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ კონფუციანელობა უფრო მეტად კონცენტრირებულია ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, რაც ასევე ძალიან საინტერესო ფაქტია ეკონომიკისთვის. ესეც ამ რელიგიამ მემკვიდრეობით მიიღო. თუ შანგის დინასტიის პერიოდში ტრანსცენდენტურ ცხოვრებას უფრო დიდი ყურადღება ექცეოდა, თაყვანს სცემდნენ კონკრეტულ ზებუნებრივ არსებას, სულს – ტი (帝) ან შანგტი (上帝), ჭოუს დინასტიის დაარსებისთანავე აქცენტი ამქვეყნიურზე გაკეთდა – კონკრეტული სული აბსტრაქტულმა ცამ (თიენ 天) ჩაანაცვლა, ხოლო ის რიტუალები, რომლებსაც მანამდე განსაკუთრებულ პირობებში ძირითადად რელიგიური მიზნით ატარებდნენ, ჭოუს მმართველებმა მეტად გააადამიანურეს, ანუ ყოველღიურ ცხოვრებაში პოლიტიკური და სოციალური წესრიგის შენარჩუნების მექანიზმად აქციეს. ზუსტად აქედან იღებს სათავეს კონფუციური რიტუალის (ლი 禮) ფენომენი. ნაკლები ფიქრი მიღმიერ ცხოვრებაზე ადამიანს ამქვეყნად უფრო აქტიურს ხდის – ის მეტადაა მიდრეკილი, რომ სიცოცხლეშივე იყოს ბედნიერი და დაიკმაყოფილოს სურვილები. ამგვარი დამოკიდებულება ეკონომიკას ძალზე ახალისებს და ხელს უწყობს უფრო მეტი დოვლათის შექმნას. დიახ, კონფუციურ ტრადიციაში განსაკუთრებული ადგილი წინაპართა კულტსაც უკავია, თუმცა ესეც ისევ ამქვეყნიური წესრიგის, ჰარმონიის შენარჩუნებას ემსახურება. ამისი მტკიცებულებები „ლუნ იუში“ მოიპოვება, სადაც უპირატესობა ადამიანსა და ამქვეყნიურ ცხოვრებას ენიჭება: „თუ სამსახურს ვერ უწევ ადამიანს, როგორღა ემსახურები სულებს?“ (未能事人,焉能事鬼?); „თუ არ გაქვს შეცნობილი სიცოცხლე, როგორღა შეიცნობ სიკვდილს?“ (未知生,焉知死?); “პატივი ეცი სულებსა და ღვთაებებს, მაგრამ მათგან თავი შორს გეჭიროს“ (敬鬼神而遠之). ამიტომაა, რომ ხშირად კონფუცის ფილოსოფიას – ცხოვრების ფილოსოფიად, ხოლო კონფუციურ ეკონომიკას ცხოვრების ეკონომიკად მოიხსენიებენ.
რესურსების ოდენობა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონფუციელობა ბუნებაში არსებულ რესურსებს ჭარბად განიხილავს. ჩინელებს ყოველთვის სწამდათ ბუნების გულუხვობისა. მათ ასეთი გამოთქმაც აქვთ: „ყოველთვის გააჩინე შვილები, რადგან ის, რაც მათ ამქვეყნად შობს, არასდროს დატოვებს მათ საზრდოს გარეშე“. ეს მოვლენა, ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. დღეს ევროპაში შობადობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, ამიტომ სამუშაო ძალას ევროპული კაპიტალისტური ქვეყნები მიგრანტების ხარჯზე ავსებენ. შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს კი ეს პრობლემა ნამდვილად არ აქვთ – მაგალითად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მოსახლეობის დიდი რაოდენობა საკმაოდ დიდ უპირატესობასაც აძლევს ამერიკასთან გაჩაღებულ სავაჭრო ომში. მალთუსისგან განსხვავებით მენციუსი ამბობდა, რომ დედამიწას, ბუნებას ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის გამოკვება შეუძლია; პრობლემა არა რესურსების ოდენობაში, არამედ მათ არასწორ, არარაციონალურ გამოყენებაშია:
თუ ადამიანი დაელოდება მოსავლის აღებას და მერე დაიწყებს სამშენებლო პროექტებს, მაშინ მისი მოსავალი იქნება უხვი; თუ ძალიან წვრილი (პატარაუჯრედიანი) ბადე არ არის გამოყენებული თევზების საჭერად და ტბაში კიდევ რჩება თევზი და კუ, მაშინ მათი ოდენობა ამოუწურავი იქნება; თუ ტყეში შესაბამის სეზონზე მიდიხარ, შენი შეშა ამოუწურავი იქნება.
მენციუსი იმასაც უსვამს ხაზს, რომ გვალვის ან წყალდიდობის დროსაც კი არავინ უნდა დარჩეს მშიერი და თუ ეს ასე მოხდა, მხოლოდ ერთ ადამიანს მოეთხოვება პასუხი – მეფეს, რომელმაც არ უზრუნველყო უხვმოსავლიანობის დროს საკვების გადანახვა.
ბუნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ძალიან კარგად არის ასახული ჩინურ მხატვრობაშიც. ჩინური პეიზაჟი გამორჩეულია იმით, რომ მას არ აქვს ჰორიზონტი; მკვეთრი კონტურები არც მთებს აქვთ, ჩანჩქერს ბოლო არ უჩანს. ყოველივე თითქოს იმდენად დიდი და უხვია, რომ სახატავ მასალაზე ვერ ეტევა. და ამ ყველაფრის ფონზე გამოსახული ადამიანი არის ძალიან პატარა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩინურ ენაში არ არსებობდა სიტყვა დეფიციტი, ნაკლებობა (ინგ. Scarcity). დღეს გამოყენებადი 稀缺 xique, რაც დეფიციტს ნიშნავს, ჩინელებმა მხოლოდ მაშინ გამოიგონეს, როდესაც კლასიკური ეკონომიკის წიგნებს თარგმნიდნენ.
საყურადღებოა, რომ რესურსების სიჭარბეში კონფუციანელობა არ გულისხმობს იმას, რომ ყველას ყველაფერი ექნება; ყველა თავის სურვილს დაიკმაყოფილებს. ეს რელიგია აღიარებს, რომ ადამაინი საკუთარი შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში იძულებულია გააკეთოს არჩევანი და იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს მტივნეული, კონფუციელობას ეთიკა შემოაქვს. მენციუსი ამბობდა:
მე მიყვარს თევზი, მაგრამ დათვის თათიც მიყვარს და ვინაიდან ორივე ვერ მექნება, ამიტომ უარს ვიტყვი თევზზე და დათვის თათს შევჭამ. მე მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ მართალ კაცად ყოფნაც მინდა და თუ ორივე ვერ მექნება, პირველს დავთმობ მეორისათვის.
როდესაც კაპიტალიზმმა შორეულ აღმოსავლეთში დაიწყო გავრცელება, ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ ფაქტს მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კონფუციურ იდეალებზე აღზრდილი საზოგადოებისთვის „დრო ფულია“ უცხო იყო. მათთვის უპირველესი იყო მორალი და ურთიერთდახმარება. საბაზრო ეკონომიკა კი მხოლოდ საკუთარი თავის გატანას ქადაგებდა. ამასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ნაწარმოები დაიწერა. მათ შორის თავისი მნიშვნელობით საყურადღებოა თანამედროვე კორეელი ავტორის პარკ მინ-გაის მოთხრობა „ჩემი არითმეტიკა“, რომელიც ქართულადაც არის თარგმნილი. აღნიშნული ნაწარმოები აღწერს კორეის საშუალო ფენის მდგომარეობას XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, ანუ მაშინ როდესაც კორეა გადადიოდა კაპიტალიზმის რელსებზე. ნაწარმოების მთავარი გმირი ცხოვრებას არითმეტიკას ადარებს; ყველა ადამიანს თავისი არითმეტიკა აქვს – ყველა თავის რიცხვებზეა დამოკიდებული; და რა რიცხვებია ეს – ხელფასი, ვალუტის კურსი, სიცოცხლის ხანგრძლივობა… ბიჭუნა ხედავს, თუ როგორ კარგავენ მისი გარშემომყოფები ადამიანურ სახეს, როდესაც კაპიტალიზმის ფერხულში ებმიან. წაგებულები კოტრდებიან, გამარჯვებულები კი აგრძელებენ ბრძოლას. ყველა ცხოველს ემსგავსება. ყველა იტანჯება…
შრომა კონფუციურ ეკონომიკაში
უფროსები თავიანთ პატარა მეგობრებს მომავალი პროფესიის არჩევისას ხშირად ეუბნებიან ფრაზას, რომლის წარმომავლობაც თითქმის არავის ახსოვს: „აირჩიე სამსახური, რომელიც მოგწონს და შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთ დღესაც არ იმუშავებ“. აღნიშნული გამოთქმა ეკუთვნის კონფუცის და გამოხატავს მის დამოკიდებულებას მუშაობისადმი. კონფუციური სწავლების მიხედვით, ვინაიდან ბუნებაში ყველაფერი უხვადაა, ამიტომ გადარჩენის ერთადერთი სტრატეგია არის მუშაობა, საკუთარი თავის სრულყოფა და ეს შრომა მიჩნეულია არა ტანჯვად, არამედ სიამოვნებად. შრომისას ადამიანი ისევ ბუნებისგან მონიჭებულ ძალას იყენებს – ფიზიკურ სიძლიერესა და გონებას. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კონფუციელი ადამიანი იმაზე მეტს მუშაობს, ვიდრე ეს მას სჭირდება. ასევე ამასთანაა კავშირში ადამიანის ადგილი კონფუციურ საზოგადოებაში. შრომა ითვლებოდა და, მაგალითად, დღემდე ითვლება სამხრეთ კორეაში სტატუსის მოპოვებისა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების ყველაზე მიღებულ გზად. კონფუციურ სოციუმში, დასავლეთისგან განსხვავებით, მშრომელ ადამიანს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვიდრე უსაქმურს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ძველი საბერძნეთისა და რომისგან განსხვავებით ჩინეთში მონების შრომა წამყვანი ან მნიშვნელოვანი ძალა ეკონომიკაში არასდროს ყოფილა. მართალია, ჩინეთშიც იყვნენ მონები, მაგრამ ესენი ძირითადად მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანები იყვნენ, რომელთა შუბლზეც დადაღებული იყო მონის წარწერა და რომლებიც ძირითადად იმ ოჯახის სამსახურში იდგნენ, რომელსაც ზარალი მიაყენეს. მუშაობისადმი ამგვარი დამოკიდებულება ახალისებს შრომას და ეს ძალიან კარგია ეკონომიკისთვის, თუმცა გარკვეულმა არასწორმა წარმოდგენებმა ერთობ დაამახინჯეს ეს კონფუციური იდეალი.
საქმე ისაა, რომ კონფუცისთვის ყველაფერზე მეტად მნიშვნელოვანი იყო პატიოსნება – „სიკეთის კეთება და მართალ ადამიანად ყოფნაა ჩვენი ერთადერთი საგანძური“. ის ზუსტად ამის მიხედვით ახარისხებდა პროფესიებსაც და, სამწუხაროდ, მაშინ გაბატონებული არასწორი შეხედულებების გამო ვაჭრობა და მევახშეობა საძრახის პროფესიებად შეირაცხა, რაც კონფუციური ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ დიდ დაბრკოლებად იქცა. დაახლოებით ერთსა და იმავე ეპოქაში მოღვაწე ბერძენი არისტოტელესთვისაც და აღმოსავლელი კონფუცისთვისაც ვაჭრები და მევახშეები მატყუარებად და არაპატიოსან ადამიანებად ითვლებოდნენ. პირველზე ფიქრობდნენ, რომ ის რეალურად არანაირ დოვლათს არ ქმნის და ადამიანებს ფასში ატყუებს, ხოლო მეორე ფულის სპეკულაციით მდიდრდება. იმ პერიოდში არ არსებობდა წარმოდგენა ტრანზაქციურ დანახარჯებზე, რაც აბათილებს ვაჭრების საწინააღმდეგო არგუმენტს და არც კრედიტ-დებეტის ფენომენზე, რაც, თავის მხრივ, მევახშეების ქმედებას ამართლებს. ამიტომაა, რომ თანგის და განსაკუთრებით სუნგის დინასტიიდან მოყოლებული, როდესაც საჯარო მოხელისათვის
მაქს ვებერი ამბობდა, რომ შუა საკუნეებში ევროპაში, ინდოეთსა და ჩინეთში თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების განვითარებისთვის მატერიალური პირობები თანაბარი იყო, მაგრამ კონკრეტულად ჩინეთმა ეს ვერ მოახერხა ზუსტად ზემოაღნიშნული მიზეზის გამო – ის არ სწყალობდა ბურჟუაზიას.
სიაოსა (孝) და ჭუნგის(忠) პრინციპები კონფუციელობაში
როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, კონფუციური საზოგადოების უჯრედად ოჯახი მოიაზრება. ოჯახში ჰარმონიისათვის კონფუციელობას შემოაქვს სიაოს (უმცროსის მიერ უფროსის პატივისცემის) და ჭუნგის (უფროსისადმი ლოიალურობის) პრინციპები. სქესს არ აქვს მნიშვნელობა – ოჯახში ასაკით ყველაზე უფროსია მთავარი. ოჯახის ზუსტად ეს სტრუქტურა უდევს საფუძვლად კონფუციურ სახელმწიფოსა და ბიზნესს. მსგავსად უმცირესი უჯრედისა მთელი ორგანიზმიც – სახელმწიფოც ცენტრალიზებულადაა მოწყობილი, ამიტომ კონფუციურ ქვეყნებში ხშირად ავტორიტარული რეჟიმებია. ეკონომისტთა ნაწილი ამას დადებითად აფასებს, მეორე ნაწილი კი განვითარების დაბრკოლებად მიიჩნევს. სინგაპურის პრემიერი ლი კუან იუ ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა; ის პირდაპირ აცხადებდა, რომ ქვეყნის მართვისას კონფუციური იდეალებით ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდში სინგაპური მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნად იქცა. იგივე სიტუაცია გვაქვს სამხრეთ კორეაში პარკ ჩუნგ ხეს მმართველობისას – მისი ავტორიტარიზმიც ბევრს არ მოსწონდა, თუმცა მისმა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა კორეის განვითარება სწორი მიმართულებით წაიყვანა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაც დღეს მკაცრად ცენტრალიზებულია, თუმცა მისი ბოლოდროინდელი ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატებები კონფუციური ავტორიტარიზმის სასარგებლოდ მეტყველებს. მართალია, ასეთ დროს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება, გადაწყვეტილების სწრაფი მიღება, გამოწვევებზე დროული პასუხი მეტად მარტივია, თუმცა ავტორიტარიზმს, თავის მხრივ, აქვს იმდენი უარყოფითი მხარე, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი „უპირატესობა“ აზრს კარგავს. გერონტოკრატია თუ ავტორიტარიზმი ხშირად ხელს უშლის მეტად კომპეტენტურ პირებს, რომ ხელისუფლების სათავეში მოხვდნენ; ასევე დაბალ იერარქიაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი მოქნილობა, კრეატიულობა, ინოვაციები, რაც ეკონომიკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა ახლო ნათესაური კავშირები ზრდიან ნეპოტიზმის ალბათობასაც, რაც თავის მხრივ კვებავს კორუფციას. ესეც ეკონომიკისთვის დამანგრეველია. როგორც ჩანს, კონფუცისთვის ამგვარი ცენტრალიზებულობა მისაღები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი იყო ღირსეული: „უყვარდეს ის, რაც ხალხს უყვარს, სძულდეს ის, რაც ხალხს სძულს, აი, ამას ჰქვია ხალხის მშობელი (იმპერატორი)“.
კონფუციური ლოიალურობა ბიზნესშიც აისახა, კერძოდ, ქვეყნები, სადაც კონფუციელობას დიდი გავლენა აქვს, ძირითადად ოჯახური ბიზნესები განვითარდა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თაივანი, ჰონგ კონგი და სინგაპური. ეკონომისტ ვონგის მიერ 1989 წელ ჰონგ კონგში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საშუალო და პატარა ბიზნესების 60% ოჯახური იყო. ასეთი ტიპის ბიზნესებს აქვთ თავიანთი უპირატესობები. მაგალითად, საოჯახო ბიზნესში ჩართული ადამიანი არ ფიქრობს მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და მეტად საერთო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი წინსვლისა და კონკურენციისთვის; ამასთანავე, ასეთ ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღებაც სწრაფად და მეტად მარტივად ხდება – ყველა იჩენს ლოიალურობას და საჭიროებისამებრ კომპრომისზე მიდის. ამას გარდა, ის, რაც მე მხიბლავს ასეთი ტიპის ბიზნესში არის ის, რომ მასში მაქსიმალურადაა გამოყენებული ყველა ასაკის ადამიანის ენერგია და შესაძლებლობები. დასავლეთში მოზარდებს განსაზღვრული ასაკის მიღწევამდე ეკრძალებათ მუშაობა, ხოლო უფროსებმა ასევე განსაზღვრული ასაკის მიღწევის შემდეგ წყვეტენ საქმიანობას – პენსიაზე გადიან. ოჯახურ ბიზნესში ასე არაა – საერთო დოვლათის შექმნაში ყველაა ჩართული, რაც მეტად ზრდის ეკონომიკური წარმატების შანსს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ოჯახური ბიზნესი, რომელიც მემკვიდრეობით გადადის, განსაზღვრავს ოჯახის ტიპსაც. აღმოსავლეთში ოჯახები ძირითადად გაფართოებულია – 3 თაობა ერთჭერქვეშ ცხოვრობს. მიზეზი ერთია – მოხუცები ხშირად უვლიან ბავშვებს, რათა მათმა შვილებმა მუშაობასა და კარიერულ წინსვლას დაუთმონ დრო. ასეთი ტიპის ბიზნესი მიმზიდველია იმ მხრივაც, რომ ბანკროტის ან სხვა ფინანსური კრახის შემთხვევაში მთელი ოჯახის ძალისხმევით მეტად მსუბუქადაა შესაძლებელი სირთულეებთან გამკლავება და ყველაფრის თავიდან დაწყება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ აზიაში სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარი ფაქტობრივად მოშლილია. თუ დასავლელი ადამიანი სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ წყვეტს საქმეზე ფიქრს და დროს ოჯახს უთმობს, შორეულ აღმოსავლეთში ასეთი ქცევა უცნაურია, რადგან მათი სამუშაო და მათი ოჯახი ერთი და იგივეა. ამიტომაა, რომ ბევრ ჩინურ თუ კორეულ კომპანიას სამუშაო დღეები და საათებიც კი არ აქვს განსაზღვრული – მუშაობენ ყოველთვის, რადგან ეს მათი პირადი ცხოვრების ნაწილია. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ტიპის ბიზნესს თავისი სახელიც აქვს: ჩინეთში – კუანსი, იაპონიაში – ვა, ხოლო კორეაში – ინჰვა.
მართლია, ჯგუფზე ორიენტირებულობა, საერთო მოგებაზე აქცენტის გაკეთება, ერთმანეთთან კოოპერაცია ძალიან კარგია და აუცილებელია წარმატებული ბიზნესისთვის, თუმცა აქაც იჩენს თავს ის პრობლემები, რაც დიდ მასშტაბებში სახელმწიფოსაც ემუქრება: კორუფცია, კრეატიულობის ჩახშობა, პიროვნული განვითარების შეფერხება და მრავალი სხვა.
სახელმწიფოს როლი
მე მოსმენილი მაქვს, რომ სახელმწიფოს მმართველები და ოჯახის თავები უფრო მეტად არიან შეწუხებულნი არა ადამიანთა მცირე რაოდენობით, არამეთ იმით, რომ სიმდიდირე არათანაბრადაა გადანაწილებული; წუხან არა სიღარიბის, არამედ მაღალ და დაბალ კაცთა შორის მშვიდობის არ არსებობით. თუ დოვლათი თანაბრადაა გადანაწილებული, აღარაა სიღარიბე; თუ ქვეყანაში ჰარმონიაა, მოსახლეობის რაოდენობა არ იქნება მცირე; თუ მაღალ და დაბალ კაცს შორის მშვიდობაა, არ იქნება მმართველის დამხობის საფრთხე.
კონფუციანელობის მიხედვით, უთანასწორობა უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე სიღარიბე. როგორც ვიცით, ეს რელიგია საზოგადო წესრიგს, სტატუს-კვოს უჭერს მხარს და როდესაც ქვეყანაში სიმდიდრე არათანაბრადაა გადანაწილებული, ადამიანებს ერთმანეთისადმი შური, მტრობა უჩნდებათ, რაც დიდი საფრთხეა ქვეყნის სტაბილურობისათვის. ამიტომ კონფუციელობა მხარს უჭერდა მთავარ სოციალისტურ პოსტულატს – სიმდიდრის თანაბარ გადანაწილებას. სახელმწიფოს როლი კი ზუსტად ამ თანასწორობის უზრუნველყოფით შემოიფარგლება. მართალია, ჩინეთი არასდროს იყო ეგალიტარული სახელმწიფო – მდიდრებსა და ღარიბებს შორის ძალიან დიდი ზღვარი იყო, თუმცა კონფუციელობა ამასაც ამართლებს იმით, რომ რაც უფრო მდიდარი ხარ, მით უფრო დიდია შენი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ამასთანავე ისიც უნდა ითქვა, რომ კონფუციანელობა კრძალავდა თანამდებობების მემკვიდრეობით გადაცემას. შესაბამისად, გადაყენების შემდეგ, საჯარო მოხელეს მიწის უკან დაბრუნება უწევდა. ამგვარად კონფუციანელობა აფერხებდა არისტოკრატთა ფენისა და შესაბამისად ფეოდალიზმის განვითარებას. ამიტომაა, რომ არც ჩინეთში და არც კორეაში კლასიკური ევროპული ფეოდალიზმი არასდროს განვითარებულა. ამგვარად კონფუციელობა მმართველი გვარის დაცვის ყველა პირობას ქმნიდა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მმართველი ღირსეული უნდა ყოფილიყო; მისი ღირსება კი ქვეყნის განვითარებაში აისახებოდა.
ეკონომიკაში როგორღა იცავდა სახელმწიფო თანასწორობის პრინციპს? რა მექანიზმს იყენებდა ამისათვის? – მონოპოლიების აკრძალვა, ბაზარზე ხელოვნურად მომატებული ფასების კონტროლი და საქონლის გაცვლისათვის შესაბამისი პლატფორმის (ბაზრის) შექმნა. აი, ეს სამი ძირითადი ფუნქცია ჰქონდა სახელმწიფოს კონფუციურ ეკონომიკაში. ამასთან დაკავშირებით მენციუსი წერდა: “ძველად ბაზრებში ადამიანები საქონლის გაცვლისათვის იკრიბებოდნენ. საჯარო მოხელეების ერთადერთი ვალდებულება წესრიგის დამყარება იყო“. ამ გაცვლა-გამოცვლის ძალიან კარგი ილუსტრაციაა მეთორმეტე საუკუნეში, სუნგის დინასტიის დროს შექმნილი 5 მეტრი სიგრძის ნახატი („მდინარეზე მშვიდობა მეფობს“), რომელიც დღეს აკრძალულ ქალაქში, იმპერატორის სასახლეში ინახება და რომელსაც ხშირად ჩინურ მონა ლიზადაც მოიხსენიებენ.
ზემოთ მოცემულია მხოლოდ მცირედი ფრაგმენტი მთელი ნახატისა, სადაც ძალიან კარგად ჩანს ის ჩინური ბაზარი, რომელსაც კონფუციელობა უჭერდა მხარს. ნახატზე მოქმედება ქალაქში ვითარდება, სადაც მთელი ჩინეთიდან მოსული ადამიანები საკუთარ საქონელს ჰყიდიან. თუ ყურადღებით დავაკვირდებით ამ ფრაგმენტს, შევამჩნევთ, რომ ყველა აქ წარმოდგენილი ადამიანი მცირე ან საშუალო ბიზნესს მისდევს. მათგან არცერთია, რომელსაც რაიმე აქვს მონოპოლიზებული. ყველა ფუსფუსებს, რაღაცას ყიდულობს, რაღაცას ჰყიდის და მთელი ამ პროცესის უსაფრთხოებასა და წესრიგს შავებში გამოწყობილი საჯარო მოხელეები იცავენ.
ამგვარად, როგორც ვნახეთ, კონფუციელობაც დასავლური აზროვნების მსგავსად ეკონომიკაში სახელწმიფოს მინიმალურ როლს უჭერს მხარს. თუ ლიბერალებისთვის ის მხოლოდ გუშაგის როლს ასრულებს, კონფუციელობაში ამას მორალური წინამძღოლის ფუნქციაც ემატება. ამიტომ იყვნენ ვაჭრები მარგინალიზებულნი, რადგან მათი საქმიანობა არაპატიოსნად ითვლებოდა. მაგრამ ვინაიდან კონფუციელობაც სხვა აღმოსავლური რელიგიების მსგავსად დასავლეთთან კონტაქტის შემდეგ შეიცვალა და ადაპტირდა თანამედროვეობასთან, შეიძლება ითქვას, ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს ის უფრო მეტად ჰგავს ლიბერალურ ეკონომიკას, ვიდრე კლასიკურ კონფუციანელობას. სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში ჩარევა, ფასების კონტროლი, მონოპოლიის აკრძალვა ცალსახად დადებითად ან უარყოფითად ხომ არც დასავლეთშია შეფასებული?
დასკვნა
შორეული აღმოსავლეთის მთელი ისტორიის განმავლობაში კულტურულად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე შემდგარი და ძლიერი სახელმწიფო ჩინეთი იყო. ის არასდროს ცდილობდა, სხვებისთვის თავზე მოეხვია თავისი კულტურა ან რელიგია. მეზობლები მისგან ყოველთვის ნებაყოფლობით იღებდნენ იდეებს, ინოვაციებს. ასე გავრცელდა კონფუციანელობაც – ამ რელიგიის მიერ მმართველი გვარისა და სოციალური ჰარმონიის მხარდაჭერა ყველა მონარქიული სახელმწიფოსთვის მიმზიდველი იყო. გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა ამ რელიგიამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაშიც. მან განსაზღვრა ადამიანთა ქცევები, მსოფლმხედველობა, მიდგომა ცხოვრებისადმი და შესაბამისად მათი ეკონომიკური საქმიანობაც. თუმცა ის, რაც მოცემულ სტატიაშიც შევამჩნიეთ და რაც მე ყველაზე მეტად მხიბლავს კონფუციელობაში, არის მისი ადაპტაციის უნარი. მიუხედავად მკაცრად კონსერვატიული ბუნებისა, კონფუციელობა მუდამ იცვლებოდა, რათა შეენარჩუნებინა ის, რაც მის საფუძველს წარმოადგენს – სოციალური ჰარმონია. კონფუცი ამბობდა: „როგორც წყალი იღებს იმ ჭურჭლის ფორმას, რაშიც ის ასხია, ასევე იცვლება ჭკვიანი ადამიანი თავისი გარემოებების მიხედვით.“ კონფუციელობამაც ზუსტად ეს ტრანსფორმაცია განიცადა – თუ ერთ დროს ვაჭრობა საძრახისი იყო, დღეს ჩინეთი, სამხრეთ კორეა, თაივანი, იაპონია, სინგაპური მსოფლიოში ლიდერები არიან ამ სფეროში; თუ ადრე ბაზრის რეგულაცია და სოციალური წესრიგის შენარჩუნება მხოლოდ ცენტრალიზებული მმართველობის პირობებში იყო შესაძლებელი, დღეს არაერთი აზიური სახელმწიფო დემოკრატიის გზას ადგას. თუმცა კონფუციური საზოგადოება მაინც ინარჩუნებს თავის მთავარ იდეალებს – უფროსის პატივისცემა, მისდამი ლოიალურობა, შრომის სიყვარული, განათლების მნიშვნელობა და სხვა.
დღეს შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების (განსაკუთრებით: ჩინეთის, სინგაპურის, სამხრეთ კორეის) სათავეში ჯერ კიდევ ის თაობაა, რომელიც ტრადიციულად აღიზარდა. ამ მაღალჩინოსნების შვილები უმაღლეს განათლებას დასავლეთში იღებენ და მომავალი კვლევისთვის, დაახლოებით ნახევარ საუკუნეში (2 თაობაში) საინტერესო იქნება, თუ რა გზას აირჩევენ ევროპული თუ ამერიკული განათლების მქონე ჩინელები, კორეელები – მკაცრად დაიცავენ სიაოსა და ჭუნგის პრინციპებს თუ დასავლურ მიდგომებს დაუჭერენ მხარს.
ავტორი: ედგარ ბრუტიანი
ბიბლიოგრაფია:
- Lin, Y. The Wisdom of Confucius. New York: Random House. The Modern Library, 1938
- Hobbes, T. 1651. Leviathan. ed. New York: Dover Publications, 2014
- Chen, H. The Economic Principles of Confucius and His School, 1 and 2 vols, Honolulu: Honolulu University Press, 1974
- Poznanski Kazimierz, Confucian Economics: The World at Work, Pluto Journals, 2015
- Jiunguo W. Smyth R. Hwee T. THE ROLE OF CONFUCIAN VALUES IN EAST ASIAN DEVELOPMENT: BEFORE AND AFTER THE FINANCIAL CRISIS, Seoul National University, 2000
- Hon Ivan, Relationships between Confucianism and the Economic Development of Contemporary Chinese Societies, 2008
- Ornatowsky Greogory, Confucian Ethics and Economic Development: A Study of the Adaptation of Confucian Values to Modern Japanese Economic Ideology and Institutions, Boston university, 1996
- Lin, Y. The Importance of Living. New York: Reynolds & Hitchcock. 1937
- Norden, B. The Essential Mengzi: Selected Passages with Traditional Commentary. Indianapolis: Hackett. 2009
- Waley, A. Three Ways of Thought in Ancient China. London: George Allen & Unwin. 1939
- Poznanski Kazimierz, Confucian economics: how is Chinese thinking different? Routledge, 2017
- Malthus, T. (1798). An Essay on the Principle of Population. Cambridge: Cambridge University Press. 1993
- მინ-გაი პარკ, ჩემი არითმეტიკა: ასეა თუ არა? მე ჟირაფი ვარ.
- ლუნ იუ
[1] მსოფლიო ბანკის მონაცემები – https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD.ZG?end=2014&start=1989
[1] მსოფლიო ბანკის მონაცემები – https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD.ZG?end=2014&start=1989
Discussion about this post