ტანსაცმლის წარმოება ჩინეთში 7 000 წლის წინ დაიწყო, იქამდე კი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ძვლის საკერავი ნემსები და ქვის მძივები, რომლებიც 18 000 წელს ითვლიან, ეს კი იმის დასტურია, რომ კერვა ჩინურ ცივილიზაციაში ადრეული პერიოდიდან იკავებდა მნიშვნელოვან ადგილს.
ტრადიციულ ჩინურ სამოსში ჩანს მისი ღრმა კულტურული დატვირთვა. იმის გამო რომ ტანსაცმელი შედარებით უბრალო დიზაინის იყო, მას ხშირად ამატებდნენ ნაქარგებსა და სხვადასხვა ორნამენტებს, რაც მეტ მრავალფეროვნებას სძენდა სამოსს და სწორედ ეს არის ტრადიციული ჩინური ტანსაცმლის უნიკალური თვისებაც.
ტრადიციულ ჩინურ სამოსში მუქი ფერები ბევრად უფრო სასურველი იყო, ვიდრე მსუბუქი ღია ტონალობები, ამიტომ საზეიმო ტანსაცმელი ძირითადად მუქ ფერებში იყო წარმოდგენილი, ღია ფერებს კი ყოველდღიური მოხმარებისთვის იყენებდნენ.
ჩინელები გარკვეულ ფერებს აკავშირებენ კონკრეტულ სეზონებთან, მაგალითად: მწვანე წარმოადგენს გაზაფხულს, წითელი ზაფხულს, თეთრი შემოდგომას ხოლო შავი ზამთარს. წითელი ფერის სამოსი განსაკუთრებით იზიდავს ჩინელ ხალხს, ამიტომ მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან დღეებში სწორედ წითელი ფერის ტანსაცმელზე აკეთებენ არჩევანს, მაგალითად როდესაც ქორწინდებიან. ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს ოქროსფერი და ვერცხლისფერი სამოსი, მათთვის ეს ფერები სიმდიდრისა და წარმატების მომტანია, ხოლო ყველაზე მძიმე დღეებში, კერძოდ დაკრძალვისას ჩინელი ხალხი შავი ან თეთრი ფერის სამოსს იცვამენ.ჩინურ ტრადიციულ სამოსზე ხშირად შეგხვდებათ პეონი და წყლის შროშანი, რადგან ეს მათთვის სიმდიდრისა და ელეგანტურობის სიმბოლოა, ხოლო თუ დავაკვირდებით ძველ საიმპერატორო ტანისამოსს, შევამჩნევთ რომ მათ ძირითადად დრაკონები ამშვენებს.
ჩინური სამოსი ცინისა (秦朝) და ხანის დინასტიის (汉朝) პერიოდში
ცინისა (秦朝) და ხანის (汉朝) დინასტიის პერიოდი ჩინური სამოსის ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რადგან ამ პერიოდში ბევრი სოციალური ცვლილება განხორციელდა, რომელიც უშუალოდ ტანისამოსსაც შეეხო. ცინის დინასტიის (秦朝) პირველმა იმპერატორმა ცინ შიხუანგტმა (秦始皇) ჩამოაყალიბა უნიფორმის სისტემა, რათა მარტივად შეძლებოდათ სხვადასხვა სოციალური წოდების მქონე ხალხის ერთმანეთისაგან განსხვავება. რაც შეეხება ხანის დინასტიის (汉朝) პერიოდს, ამ დროს დაიწყო ძაფების შეღებვის, ქარგვისა და ლითონის დამუშავების ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, რამაც კოსტიუმისა და მორთულობის ცვლილებებიც გამოიწვია.
ჩინური სამოსი სამხრეთისა და ჩრდილოეთის დინასტიების (南北朝– 420-598) პერიოდში
ჩინურმა სამოსმა განსაკუთრებული განვითარება განიცადა ჩრდილოეთისა და სამხრეთი დინასტიების (南北朝) პერიოდში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩინეთში მცხოვრები ხალხების კულტურები და ესთეტიკური შეხედულებები ერთმანეთს ერწყმოდა ომების შედეგად გამოწვეული ხშირი გადაადგილებების გამო. გარდა ამისა, ტანსაცმლის დიზაინის კონცეფციაზე დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდში არსებულმა ფილოსოფიურმა შეხედულებებმაც.
ჩინური სამოსი თანგის დინასტიის (唐朝) პერიოდში
თანგის დინასტიას შეგვიძლია ტანისამოსის რევოლუცია მივაწეროთ, რადგან ყველაზე ბრწყინვალე გვერდი დაწერეს ტანსაცმლის ისტორიაში. ამ პერიოდში ხალხის სამოსი უფრო მრავალფეროვანი გახდა, რადგან სახელმწიფო უფრო ღია იყო გარე სამყაროსთვის და სიახლეებიც ადვილად ინერგებოდა. ქალის ტანისამოსი იყო მოდური, ის ხშირად იცვლებოდა და რაც მთავარია ახალი სტილი ხალხში დიდი მოწონებითაც სარგებლობდა.
ჩინური სამოსი სონგის (宋朝), იუენისა (元朝) და მინგის დინასტიების (明朝) პერიოდში
სონგის დინასტიის (宋朝) პერიოდში ტანსაცმელი სისადავითა და ელეგანტურობით გამოირჩეოდა, იუენის დინასტიის (元朝) დროს კი ძირითადად მონღოლური და ხანის დინასტიის დროინდელი სამოსის კომბინაცია იგრძნობოდა. მაღალი კლასის წარმომადგენელთათვის ტანსაცმელი მდიდრული იყო, თუმცა საკმაოდ მარტივი დიზაინის. რაც შეეხება მინგის დინასტიას (明朝), ამ დროს ტანსაცმლის დიზაინში სრულიად ახალი კონცეფცია შეიქნა, რომელიც მხოლოდ ერთი სტილით არ შემოიფარგლებოდა და ცდილობდა ხაზი გაესვა ბუნებრივი სილამაზისთვის. ამ ცვლილებამ სამოსს სიცოცხლისუნარიანობა შემატა.
ჩინური სამოსი ცინგის დინასტიის (清朝) პერიოდში
ცინგის დინასტიის (清朝) დროს ტანისამოსი უფრო ელეგანტური, მოსახერხებელი და დახვეწილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რენესანსის პერიოდი, რომელმაც მსოფლიოს უამრავი ცვლილება მოუტანა, ეს არ შეხებია ჩინურ ტრადიციულ სამოსს, რადგან ქვეყანა არ იყო გახსნილი გარე სამყაროსათვის, შესაბამისად ამ ჩაკეტილმა პოლიტიკამ ჩინეთს შეუნარჩუნა ძვირფასი მემკვიდრეობა ტრადიციული ჩინური ტანისამოსის სახით. ამ პერიოდში ხალხს ჯერ კიდევ ეცვა ისეთი ტანსაცმელი, რომელიც მათ წოდებასა და ცხოვრების წესს უსვამდა ხაზს.
ცი ფაო: ჩინური ტრადიციული სამოსი 1930 წლიდან დღემდე
1930 წლიდან დღემდე ცი ფაო გახდა ყველაზე მოდური და მოთხოვნადი ტრადიციული სამოსი ჩინეთში, რომელიც სათავეს ჩრდილოეთ ჩინეთიდან იღებს. მე-20 საუკუნის ბოლოს დასავლური დიზაინის გავლენით ცი ფაოს სიგრძე უფრო მოკლე გახდა და მეტად მორგებული სხეულის ფორმებზე, ამ ცვლილებებით კაბა შესანიშნავად ასახავდა აღმოსავლურ სილამაზესა და ელეგანტურობას. ეს იყო ნამდვილი რევოლუცია, რადგან აქამდე თუ ჩინელ ქალებს ფეხებისა და ხელების გამოჩენა ეკრძალებოდათ, ახლა უკვე ცი ფაოს ტარებით მათ ამ შეზღუდვებისგან თავი გაითავისუფლეს. მალე ეს კაბა კიდევ უფრო პოპულარული გახდა, განსაკუთრებით მაღალი კლასის წარმომადგენელმა ქალბატონებმა გაუწიეს ცი ფაოს პოპულარიზება, შემდგომში კი ჩინელი ქალების ყოველდღიურ სამოსადაც იქცა. ეს აბრეშუმის ნაზი ქსოვილისაგან დამზადებულ კაბა არა მხოლოდ ტრადიციას, არამედ მოდასაც ემსახურება, ამიტომ ჩინელ ქალბატონებს მაინც ურჩევნიათ ხელით დაამუშაონ და შეკერონ, რათა განსხვავებული სტილი მათ სავიზიტო ბარათად იქცეს.
ავტორი : ლიკა შირიმიანი
გამოყენებული ლიტერატურა:
- History of Chinese Clothing
https://www.topchinatravel.com/china-guide/history-of-chinese-clothing.htm - The Unforgettable Art of Qipao (2005)
http://english.cctv.com/program/RediscoveringChina_new/20050516/101668.shtml - Traditional Chinese Clothes — Hanfu, Tang Suit, Qipao, Zhongshan Suit (2019)
https://www.chinahighlights.com/travelguide/traditional-chinese-clothes.htm - 5 types of traditional Chinese clothing (2020)
https://learnchinese.medium.com/5-types-of-traditional-chinese-clothing-d667d9af90b1
Discussion about this post