დიდი კედლის მიღმა ასე ჰქვია ლი ხან სიანგის მიერ 1959 წელს გადაღებულ ფილმს, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ვანგ ჭაოძუნს, ჩინეთის ისტორიაში ე.წ 四大美女,4 ულამაზესი ქალიდან ერთ-ერთს. ახლა არ ვაპირებ არც ოთხ ლამაზმანზე ვისაუბრო და არც 2000 წლის წინანდელ ჩინეთზე. ამ ბლოგში მინდა თავი მოვუყარო პოპულარულ სტერეოტიპებს, საინტერესო ფაქტებსა ბუნდოვან წარმოდგენებზე პასუხებს რომლებიც დაგვეხმარება კარგად ავხსნათ თუ რა ხდება ამ საზოგადოებაში. დიახ, სრულიად განსხვავებულია დიდი კედლის გარედან და შიგნიდან დანახული რეალობა, რომელიც ურთიერთგამომრიცხავი და ხშირ შემთხვევაში პარადოქსულია. წარმოდგენები კედლის შიგნით არსებულ რეალობასა და ისტორიულ წარსულზე რა თქმა უნდა ინტერპრეტაციების საგანს წარმოადგენს და მისი მრავალი პრიზმიდან დანახვაა შესაძლებელი თუმცა სურვილის შემთხვევაში ალბათ მაინცაა შესაძლებელი მეტნაკლებად ობიექტურად აღიწეროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და ქვეყანაში არსებული განვითარების სამომავლო დინამიკა.
ეთნოცენტრიზმის უძველესი კერა-中国-შუა(ცენტრი) სახელმწიფო
ერთი შეხედვით ფოტოზე მსოფლიოს პოლიტიკური რუკაა და არაფერი განსაკუთრებული, თუმცა აბა გავიხსენოთ თუ როგორი რუკები ეკიდა ჩვენი სკოლების გეოგრაფიის კაბინეტებში. დასავლეთში გავრცელებული მსოფლიოს რუკებში კონტინენტების განლაგება სულ სხვანაირია ანუ პირიქით არის, შეიძლება ვინმეს ეს უბრალოდ ტექნიკური საკითხი ეგონოს თუმცა საქმე ცოტა უფრო რთულად არის. ზემოთ ნაჩვენები რუკის მიხედვით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოს ცენტრს წარმოადგენს, ეს ხედვა სულაც არ არის ახალი. ის ფესვებს საუკუნეების მიღმა იღებს, უძველეს ხანაშიც ჩინელებს მიაჩნდათ თავისი თავი ცენტრ სახელმწიფოდ და სწორედ ასე იშიფრება ჩინეთის ჩინური სახელწოდება 中国 zhong guo სადაც zhong ცენტრსა და შუას ნიშნავს, ხოლო Guo ქვეყანას, სახელმწიფოს. ჭოუს და შანგის დინასტიიდან მოყოლებული იცვლებოდა დინასტიები თუმცა ცენტრი სახელმწიფოს იდეა უცვლელი რჩებოდა, ამასვე ემატებოდა ნაყოფიერი მიწები და შიდა სამდინარო სისტემები, რომლითაც ქალაქები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და ფაქტობრივად აღარ იყო საჭირო გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ხოლო ცნობილი აბრეშუმის გზით უფრო მეტი საქონელი გადიოდა ჩინეთიდან ვიდრე გარედან შემოდიოდა. ამასვე ემატებოდა ისიც რომ ირგვლივ ჩინეთის იმპერიას საპირწონე ძალა ინდოეთს თუ არ ჩავთვლით ცივილიზაციურ კონტექსტში არასდროს ყოლია, რაც საზოგადოების რწმენას რომ ისინი იყვნენ სამყაროს ცენტრი კიდევ უფრო ზრდიდა. ფაქტობრივად აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთი იყო მწარმოებელი და დანარჩენი ქვეყნები მომხარებლები, ასევე ბუდიზმის გარდა საუკუნეების განმავლობაში არაფერი გარედან. ამ ყველაფერს ემატებოდა ზეციური მანდატის არსებობა, რომლითაც ჩინეთის მმართველი დინასტიები ლეგიტიმაცის იმტკიცებდნენ საზოგადოებაში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მონღოლებამდე და შემდეგ უკვე მანჩურიელებამდე (1644) არც ერთ უცხო ძალას არ აუღია ქვეყანაში ძალაფულება, დინასტიები იცვლებოდნენ თუმცა მაინც ეთნიკური ხანები იყვნენ დომინანტი ძალა ქვეყანაში. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ საუკუნეების განმავლობაში დომინირებდა შეხედულება რომ ქვეყანას მართავს ზეციური მანდატის მქონე იმპერატორი, ხოლო თვით სამეფო სამყაროს ცენტრია. სწორედ პოლიტიკურ ელიტაში გამჯდარი ეთნოცენტრიზმი იყო მიზეზი იმ იზოლაციონიზმისა და ჩაკეტილობისა, რომელმაც ინდუსტრიული რევოლუციის დროს ჩინეთი თამაშ გარე მდგომარეობაში დატოვა და უცხო ძალების წინ მოუმზადებელი აღმოჩნდა.
იზოლაციონიზმი და გარე სამყაროს შიში, პეპლის ეფექტი ანუ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ალტერნატიული სცენარი
შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს ცნობილი, თუმცა ჩინელებს ზღვის მიმართ გარკვეული უნდობლობა ახასიათებდათ, იმპერიის ძლიერების ზენიტშიც კი არ ჰყოლიათ მათ თავიანთი სახმელეთო ძალების ტოლფასი საზღვაო ფლოტი, მხოლოდ ერთხელ არსებობის ისტორიაში, მინგის დინასტიის დროს მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში, ადმირალ ჭენგ ხეს ხელმძღვანელობით ეწყობა ექსპედიციები ინდოეთის ოკენეში, ჩინური ფლოტილია რომელიც აღჭურვილი იყო როგორც სამხედრო გემებით ასევე მეცნიერებითა და კარტოგრაფებით მივიდა აღმოსავლეთ აფრიკისა და სპარსეთი ყურის სანაპიროზე.
შესაბამისად რომ არა მინგის დინასტიის პოლიტიკური ელიტის შიში და იზოლაციონისტური მიდგომები შესაძლებელი იქნებოდა ჭენგ ხე და შესაბამისად ჩინეთი გამხდარიყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დამწყები და არა პორტუგალია ან ესპანეთი, ჭენგ ხეს ბოლო ექსპედიცია 1433 წელს დასრულდა რაც გაცილებით ადრეა ვასკო და გამას ან ნებისმიერი სხვა ევროპელი ზღვაოსანის მოგზაურობის დაწყებიდან, ვიკინგებს თუ არ ჩავთვლით. ფაქტობრივად ბოლო ექსპედიციის დასრულების შემდეგ ჭენგ ხე გადაიყვანეს მატერიკულ ჩინეთზე და იქ გააგრძელა მოღვაწეობა. 1433 წელს დასრულდა ჩინეთის გლობალურ საზღვაო ძალად გადაქცევის შესაძლებლობა, რაც ერთის მხრივ განპირობებული იყო შიდა არეულობით და სამეფო კარს აღარ ჰქონდა სურვილი ექსპედიციებში ფული ეხადა, ხოლო მეორეს მხრივ საზღვაო აღმოჩენები დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა ახალ პოლიტიკურ ელიტაში, სამწუხაროდ არც ისე ბევრი ცნობაა შემონახული მისი მოგზაურობიდან, არის ვერსიაც რომ ახალი იმპერატორის ბრძანებით ჭენგის უზარმაზარი ფლოტილია ერთ ღამეში დაწვეს თუმცა ამ ვერსიის დადასტურება რთულია. დანამდვილებითაა ცნობილი რომ შრი ლანკაზე ნამდვილად იყო ჩინური ექსპედიცია, მეტიც მათ იქ ადგილობრივ სამეფოსთან ომიც კი მოუწიათ გარკვეული მიზეზების გამო, შრი ლანაკზე აღმოჩენილია სამენოვანი სტელა რომელიც ჭენგ ხეს მოგზაურობის აღსანიშნად დაიდგა. თუ გავითვალისწინებთ მე-15 საუკუნეში ჩინეთის მოსახლეობასა და ფინანსურ მდგომარეობასა ჭენგ ხეს ექსპედიციის გაგრძელების შემთხვევაში ჩინეთს პორტუგალისა და ესპანეთზე მეტი რესურსი ჰქონდა გამხდარიყო პირველი კოლონიზატორი, თუმცა თანამედროვე ეპოქაში სწორედ ჭენგ ხეს სამეცნიერო ექსპედიციას და მშვიდობიან ფორმატს იყენებს ჩინური დიპლომატია აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობისთვის, როდესაც ისინი ხაზს უსვამენ ჩინური ბუნების არაკოლონიალისტურ ხასიათს.
„ჩაგვრის საუკუნე“ და კოლონიალიზმის ანარეკლი
1839 წელს დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთის ცინგის დინასტიას შორის დაიწყო პირველი ოპიუმის ომი, ბრიტანელები ინდოეთსა და მახლობელ კოლონიაში ხელს უწყობდნენ ოპიუმის პლანტაციების გაშენებას და ამავდროულად გასაღების ბაზრად მათ ასეულობით მილიონიანი ბაზარი სულ ახლოში ჩინეთში ეგულებოდათ, საიმპერატორო ხელისუფლება სულ უფრო საგანგაშო ცნობებს იღებდა სამხრეთიდან დღევანდელი კუანტუნგის პროვინციის ქალაქ კანტონიდან, რომელიც მთავარი კარიბჭე იყო პროდუქციის შემოტანის მატერიკულ ჩინეთში. პეკინიდან წარგზავნილმა მოხელეებმა დალუქეს და ჩამოართვეს პროდუქცია ბრიტანელ ვაჭრებს, რამაც პირველი ოპიუმის ომი გამოიწვია 1839 წელს. აღნიშნულ ომში ბრიტანულმა ფლოტილიამ სასტიკად დაამარცხა ჩინეთის სუსტი ფლოტი, მათ სანაპიროზე გადასვლაც არ სჭირდებოდათ ისე შეეძლოთ ზღვიდან ქალაქების დაბომბვა. იგივე განმეორდა მეორე ოპიუმის ომშიც 1856-1869 წლებშიც. ორივე ოპიუმმა მოიტანა ნანძინგის და თიენძინის ხელშეკრულებები რომლებიც სხვადასხვა პორტებს ძალდატენებით ახსნევინებდა ცინგის დინასტიას. დღესდღეობით პერიოდს 1839 წლიდან 1949 წლამდე თანამედროვე ჩინურ ისტორიოგრაფიაში აღნიშნავენ როგორც „ჩაგვრის საუკუნეს“, ზემოთხსენებული დასახელება ასევე პოპულარულია დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში რადგან ფაქტობრივად ასწლიანი პერიოდი სავსე იყო სამხედრო შეტაკებებითა და ომებით გარე და შიდა ძალებთან:
1839-1844 პირველი ოპიუმის ომი
1856-1860 მეორე ოპიუმი ომი
1884-1885 სინო-ფრანგული ომი სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ვიეტნამის ტერიტორიაზე
1894-1895 ჩინეთ-იაპონიის ომი კორეის ნახევარკუნძულზე
1900 წელს ბოქსიორთა აჯანყება და პეკინის დაკავება 8 სახელმწიფოს მიერ(ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი,იტალია, ავსტრია-უნგრეთი, აშშ, იაპონი)
მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი, სამხედრო მმართველების კოოპერაცია უცხოელებთან და სუსტი მმართველობა
1931 წლიდან ომი იაპონიასთან
სამოქალაქო ომი კომუნისტურ პარტიასა და კუომინტანგს შორის
1949 1 ოქტომბერი, „ჩაგვრის საუკუნის“ ოფიციალური დასასრული. კომუნისტების გამარჯვება სამოქალაქო ომში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადება.
1949 წლიდან დღემდე, ჩინური პოლიტიკა ფაქტობრივად მიჰყვება ჩაგვრის საუკუნის ნარატივს და აღნიშნული კონცეპტი გადაქცეულია შიდა და საგარეო ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ იარაღად. კერძოდ პარტია ამ ფაქტს იყენებს შიდა მობილიზაციისთვისა და ლეგიტიმაციისთვის, რეალურად კომუნისტური პარტიის ლეგიტიმაცია დიდწილად ემყარება ჩაგვრის საუკუნის საბოლოოდ დასრულებას და შეცდომა იქნება თუ მის გავლენას საზოგადოებაზე მხოლოდ პარტიის ავტორიტარული მართვის წესს მივაწერთ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, კოლონიალიზმის ანარეკლი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობაში. მაგალითად არ არსებობს ჩინეთ-აფრიკის ერთობლივი არც ერთი სამიტი, სადაც ორივე მხარე არ უსვამს ხაზს კოლონიალიზმის მემკვიდრეობას და მის შედეგებს. ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე 2014 წელს ჩინეთ-აფრიკის სამიტზე საუბრობს სი ძინფინგსა და ჩინეთზე :“ ის წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ოდესღაც ღარიბ ქვეყნად განიხილებოდა, თუმცა დღეს უკვე სხვა ქვეყნებს ეხმარება განვითარებაში, ის წარმოადგენს ქვეყანას რომელიც არასდროს ყოფილა აფრიკის კოლონიზატორი“
ხოლო CGTN ის ეთერში ჟუნრალისტ თიან ვეის გადაცემაში ფუტანის უნივერსიტეტის პროფესირი კითხვაზე ხომ არ არის საფრთხე მომავალში ჩინეთმა დაიწყოს აფრიკის კოლონიზაცია უფრო დახვეწილი მეთოდებით პასუხობს: „დიახ, ჩვენ ევროპელებამდე გვქონდა შანსი დაგვეწყო აფრიკის კოლონიზაცია(ჭენგ ხეს მოგზაურობა) თუმცა ეს არ გაგვიკეთებია? რატომ? იმიტომ რომ ეს არ ზის ჩვენს ბუნებაში“
კულტურული რევოლუცია, კონფუციონიზმი VS სოციალიზმი მაოს ელფერით
მეოცე საუკუნის 50იან წლებში საკმაოდ საინტერესო ისტორიული პერიოდია თანამედროვე ჩინეთისათვის, კერძოდ ის სავსეა ექსერიმენტებითა და იდეების ჭიდილით, რომელმაც პარტიის ზოგიერთი წევრი ფიზიკურად შეიწირა კიდეც. „დაე აყვავდეს ასი ყვავილი“ გამოაცხადა მაომ ერთ-ერთ ყრილობაზე რაც ნიშნავდა ინტელექტუალებისა და პარტიის წევრების მხრიდან განსხვავებული იდეების, აზრებისა და კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმას. მართლაც ასი ყვავილის კამპანია ძალიან საინტერესო გამოდგა, ინტელექტუალები და პარტიის ზოგიერთი წევრები აკრიტიკებდნენ ხელისუფლების აგრარულ თუ სხვა ტიპის რეფორმებს, იყო რადიკალური მოთხოვნები ან პირიქით მოკლედ თვითილუსტრაციის ხანა დადგა ზედმეტი მცდელობების გარეშე, რომელსაც მაო მოგვიანებით დაუპირისპირდა კულტურული რევოლუციით, რომელიც საკმაოდ რთული სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტი იყო. ე.წ წითელი მცველები (Red guards, 红卫兵) საჯაროდ კიცხავდნენ უნივერსიტეტის პროფესორებს თავიანთი მოსაზრებების გამო, რეგიონებში ასეულობით შემთხვევა ფიქსირდებოდა „პავლიკ მოროზოვების“ და ა.შ როდესაც პარტიამ გადაწყვიტა გარკვეულწილად ხელში აეღო ინსტიტუცციური ძალაუფლება ერთ-ერთ ყრილობაზე მაო მათ დაემუქრა „ თუ თქვენ გინდათ ახალი რევოლუცია, თქვენ მიიღებთ მას“ განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩეოდნენ სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც რეაქციონიზმის შვილები იყვნენ ჩინური ტრადიციული იერარქიული საზოგადოების. ისინი განსაკუთრებით ერჩოდნენ უფროს ადამიანებს მასწავლებლებს, პროფესორებს და ა.შ ბურჟუაზიული კლასის წარმომადგენლები იგზავნებოდნენ სოფლებში გლეხებთან ერთად სამუშაოდ. მათ შორის დღევანდელი პრეზიდენტი სი ძინფინგიც იყო, რომლის მამაც მაოსთან დაპირისპირებულ ბანაკში აღმოჩნდა. სიმ შვიდი წელი გაატარა შაანსის პროვინციაში გლეხებთან ერთად რის შემდეგაც ის რეაბილიტირებული იყო. კულტურული რევოლუციის სათავეში იყო მაოს ცოლი და მისი ე.წ „ოთხთა ბანდა“ რომლებმაც ისეთი რადიკალიზმი გამოავლინეს რომ მაო იძულებული იყო მოეხდინა ტენგ სიაოფინგის რეაბილიტაცია რათა მოეთოკა თავისი ცოლი და მისი გუნდი, რაც ტენგმა შესანიშნავად მოახერხა. კულტურული რევოლუცია იყო გადააზრების პროცესი ჩინურ საზოგადოებაში(ხშირ შემთხვევაში ძალადობრივი მეთოდებითაც). დღეს ჩინური აკადემიური სივრცე კულტურული რევოლუციის ზოგიერთ ასპექტს გადაჭარბებულად თვლის და უმეტესწილად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა მაოს მეუღლისა და მისი დაჯგუფების ქმედებები.
არსებობს თუ არა პოლიტიკური პარტიები ჩინეთში?
1949 წლიდან დღემდე ქვეყანას კომუნისტური პარტია მართავს, ისე რომ არ ყოფილა ამ პერიოდში არც ერთი მომენტი, როცა პარტიის ლეგიტიმაცია ვინმეს ეჭქვეშ დაეყენებინოს და მმართველი ძალის შეცვლა მოეთხოვოს. თვით თიანანმენის ცნობილი მოვლენების დროსაც კი არ ყოფილა მსგავსი ლოზუნგები. თუმცა ამ ფაქტმა არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში. ქვეყანაში ნამდვილად არსებობს პოლიტიკური პარტიები თუმცა ისინი მუდმივ ოპოზიციაში არიან. ეს პოლიტიკური პარტიებია:
ჩინეთის კუომინტანგის რევოლუციური კომიტეტი
ჩინეთის დემოკრატიის ლიგა (ინტელექტუალების პარტია)
ჩინეთის დემოკრატიული აღმშენებლობის ასოციაცია
ჩინური ასოციაცია დემოკრატიის განვითარებისთვის
ჩინეთის zhigong პარტია (ეს პარტია აერთიანებს მიგრანტ ჩინელებს)
სამი სექტემბრის საზოგადოება(მეცნიერები და მკვლევარები)
ჩინეთის გლეხებისა და მუშების დემოკრატიული პარტია
თაივანის დემოკრატიული თვითმმართველობის ლიგა(თაივანიდან მატერიკზე მიგრირებული კუომინტანგის წევრების შთამომავლების პარტია, რომლებიც ჩან კაი შეკს დაუპირისპირდნენ)
ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკური პარტიები სარგებლობენ წარმოამდგენლობის ყოლით ეროვნულ საკონსულტაციო კონგრესში და ასევე რაც ძალიან საინტერესოა კომუნისტურ პარტიას აქვს გამოყოფილი კვოტები ქალაქების ვიცე-მერების პოზიციაზე, ასე მაგალითად სუჭოუს(ქალაქი ძიანგსუს პროვინციაში) ვიცე მერის პოსტს იკავებდა ჩინეთის დემოკრატიული ლიგის წარმომადგენელი, რომელიც ამავდროულად იყო პეკინის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი. თუ შევადარებთ კომუნისტური პარტიის წევრების რიცხვს, რომელიც სხვადასხვა მოანცემებით მინიმუმ 70 მილიონ ადამიანს ითვლის დანარჩენი პარტიების წევრების რაოდენობა ჩინეთის მასშტაბების გათვალისწინებით საკმაოდ მოკრძალებულია, კერძოდ 300 000 წევრს არ აღემატება, თუმცა კვოტირების სისტემით გაცილებით უფრო მარტივია ჩინეთის დემოკრატიული ლიგიდან დაიკავო ვიცე მერის პოსტი ვიდრე უშუალოდ კომუნისტური პარტიიდან, სადაც შიდა კონკურენცია საკმაოდ მაღალ დონეზეა. ფუნქციონალურად არაკომუნისტური პარტიები ჩინეთში უფრო საკონსულტაციო საბჭოებივით არიან, რომლებიც ამა თუ იმ საკითხში რჩევებსა და იდეებს აწვდიან მმართველ პარტიას, მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე უშუალოდ მოახდინონ ზეგავლენა.
„ 吃饭主义 „ vs 马克思主义 ჭამის კულტი vs მარქსიზმი
吃饭主义-吃饭(კვება)主义(დოქტრინა, იდეოლოგია) რა თქმა უნდა არანაირი კვების იდეოლოგია ან ოფიციალური კულტი არ არსებობს, აღნიშნული ტერმინი თქვენი მონა მორჩილის დაკვირვების შემდეგაა შექმნილი, თუმცა თუ ვინმეს ცოტა ხანი მაინც ჰქონია კავშირი ჩინურ საზოგადოებასთან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ის აუცილებლად დაინახავს თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია კვება და რა დონეზეა აყვანილი კვების ხელოვნება მათთვის. საპირისპირო მაგალითისთვის შეიძლება ბევრი სხვა კულტურებიც გამოიძებნოს, რომლებიც უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კვებას თუმცა ჩინეთში ამ ყველაფერს ცოტა უფრო ღრმა ფესვები აქვს, კერძოდ მოსახლოების მაღალი მაჩვენებლის გამო ქვეყანაში ხშირად იყო რამდენიმე წლიანი გადაბმული შიმშილობები, ამას ემატებოდა ომები, აჯანყებები და წყალდიდობები რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას, ალბათ რთულია დედამიწაზე მოიძებნოს ერი სადაც მოხდა გლეხების იმდენი აჯანყება რამდენიც ჩინეთში ბოლო 2000 წლის მანძილზე. ხოლო უშუალოდ „ჩაგვრის საუკუნეში“ ფაქტობრივად ქვეყანაში არ ყოფილა გადაბმულად მშვდობიანი 20 წელი, რაც საუკუნოვანი შიმშილის უმთავრესი მიზეზი გახლდათ, მეტიც არასაკმარად კვება ჩინელ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა გასული საუკუნის 60-70 წლებშიც კი. დღეს ნამდვილად არ დგას ეს პრობლემა, საკმაოდ დიდ ნაწილს ქვეყანა თავადაც აწარმოებს საკვები პროდუქტებისა, ხოლო ასევე ის ღიაა უცხოეთიდან შემოტანილი საქონლისთვის, თუმცა შიმშილის გამოცდილება იმდენად ღრმადა თაობებს შორის გამჯდარი რომ გარკვეულ საათებში კვება ლამის რელიგიურ რიტუალადაა აყვანილი, რის გამოც ზოგჯერ ხუმრობით აღმინიშნავს რომ „ჭამიზმი“ გაცილებით გავლენიანი იდეოლოგიაა ქვეყანაში ვიდრე მარქსიზმი ან მაოიზმი. სწორედ საკვები საშუალებების წარმოების გამო ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში საკმაოდ პატივით სარგებლობენ გლეხები, გასული საუკუნის 20იან წლებში სწორედ ახალგაზრდა მაო დაუპირისპირდა მოსკოვიდან მოვლენილ პოლიტხელებსა და მათ ჩინელ თანამოაზრეებს, როცა ისინი რევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ელემენტად ქალაქის მუშებს მიიჩნევდნენ. არსებობს დოკუმენტები რომლებიც აღწერენ რომ პარტიაში გარკვეულწილად განხეთქილება შეიტანა მაომ გლეხების მნიშვნელობის გამო, ის მიიჩნევდა(დღევანდელი გადასახედიდან ფაქტია სწორად) რომ გლეხების რიცხვი იყო იმდენად დიდი ქვეყანაში, აბსოლუტური უგუნურება იქნებოდა ამ ჯგუფის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება და რევოლუციაში არ გამოყენება, სწორედ გლეხების მობილიზაცია გახდა იმის მიზეზი რომ რაოდენობრივად კომუნისტები მალე გაუთანაბრდნენ და შემდეგ გადაასწრეს კიდეც ნაციონალისტებს.
ჩინური რბილი ძალის სისუსტეები
სახელმწიფოები, განსაკუთრებით გლობალური და რეგიონალური აქტორები რომ სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ მეზობელ ან არამეზობელ სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე გავლენის მოსახდენად. ხშირად გვსმენია ამერიკული, რუსული რბილი ძალის გავლენებისა და შედეგების შესახებ, რბილი ძალის აუცილებლობასა და მის ეფექტურ მართვას არც ჩინეთის მმართველ წრეებში უარყოფენ, მეტიც პრეზიდენტ სი ძინფინგის შესახებ გამოცემულ წიგნში „ჩინეთის მმართველობა“ ის აუცილებელ ფაქტორად მიიჩნევს ჩინური რბილი ძალის ხელშეწყობასა და გაძლიერებას მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა ჩემი აზრით, საქმე არც ისე მარტივადაა, რადგან …
მიუხედავად ბოლო დროინდელი მცდელობებისას პოზიტიური იმიჯი შეიქმნას ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით ჩინეთი მაინც რჩება უცხო ფენომენად, რომლის შესახებ დანარჩენმა მსოფლიომ იცის ფრაგმენტულად და ზედაპირულად. არც დანარჩენი მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის წვდომით დაიკვეხნის საშუალო სტატისტიკური ჩინელი მოქალაქე. კონფუცი, დიდ კედელი, ეგზოტიკური ბუნება და ჯეკი ჩანი სულაც არ არის საკმარისი იმისთვის რომ ქვეყანა მიმზიდველი გახდეს უცხო კულტურებისა და ცივილიზაციებისთვის. შედარებისთვის თანამედროვე მსოფლიოში გაცილებით უფრო რეზონანსულია იაპონური ანიმეები ან თუნდაც კორეული პოპ ინდუსტრია ვიდრე მისი ჩინური ანალოგები. პრობლემას ასევე წარმოადგენს ქვეყნის დიდი მოსახლეობა, რომელიც ყოველთვის იწვევდა შიშსა და გარკვეულწილად უნდობლობას სხვა ქვეყნების მიმართ, რადგან საიდუმლო ნამდვილად არ არის ის გახშირებული შემთხვევები როდესაც ჩინური ინვესტიციების მიმღები ქვეყნები ხშირად სწუხან მიგრირებულ მუშებსა და ადგილობრივების დასაქმების დაბალ მაჩვენებლზე. აღნიშნული შემთხვევები ცალკე ანალიზს საჭიროებს თუმცა მიგრაცია არის ის დამოკლეს მახვილი, რომელიც ყოველთვის აფიქრებს ხოლმე ჩინეთის პარტნიორ სახელმწიფოებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ენაზე მოსაუბრე უცხოელი ადამიანების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, ის ახლოსაც ვერ მივა არათუ ინგლისურ არამედ ფრანგულ და ესპანურ ენებთან, ჩინური ენის სირთულე კიდევ ერთი პრობლემაა ამ მიმართულებით. სხვადასხვა გამოცემები ხშირად აქვეყნებენ სტატიებს რომ კონფუცის ინსტიტუტები იქმნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ისინი ხელს უწყობენ ჩინური რბილი ძალის გავრცელებას, ვფიქრობ აღნიშნული მოსაზრება მცირედით გადაჭარბებულია, რადგან ჩინური დღესასწაულების ხმაურიანი აღნიშვნა კონცერტებით, ან თუნდაც ჩაის ფესტივალები ნამდვილად სერიოზულ შედეგს ვერ გამოიწვევს ამ კუთხით, როგორც მელბურნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტიმოთი ლინჩი ამბობს როგორ შეიძლება ქვეყანამ გააავრცელოს მისი პოლიტიკური გავლენა სხვა ქვეყანაზე, როდესაც ამ ქვეყნის ელჩთან კონტაქტი ან ინტერვიუც კი რთული ფუფუნებაა ჟურნალისტებისთვის და ასევე აკადემიური სფეროს წარმომადგენლობისთვის. ერთი სიტყვით კულტურული მიმზიდველობის კუთხით ნამდვილად ვერ დგას ქვეყანა იმ სიმაღლეზე, როდესაც სხვა ქვეყნის საზოგადოებები დაიწყებენ გადმოღებას გარკვეული ცხოვრების წესის და ა.შ. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უცვლელი ქვაკუთხედია სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, აღნიშნული პოზიციის გამო ჩინეთი სასურველ პარტნიორად მიიჩნევა მთელს მსოფლიოში, ამასვე დაემატა ბოლო 5 წელიწადში ასეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციები და სესხები განვითარებად ქვეყნებში, მიუხედავად ამ ყველაფრისა ის მაინც რჩება „ცენტრ სახელწმიფოდ“ რომლის შესახებ წარმოადგენები გარე სამყაროში იზრდება თუმცა საკმაოდ ნელა…
ავტორი: შალვა ჩიხლაძე
Discussion about this post