ანტიკურ და შუა საუკუნეების მსოფლიოს ცივილიზაციებისა და კულტურების უმრავლესობაში ქალის სოციალური როლი მამაკაცთან შედარებით დაბალი იყო. თუმცა, ისტორიამ შემოგვინახა რამდენიმე მაგალითი ჭკვიანი და ამბიციური ქალებისა, რომლებმაც შეძლეს სოციალური ნორმების გადალახვა და და ხელისუფლების სათავეში მოსვლა. მაგალითად, ქართველებისათვის თამარ მეფე, ელისაბედ I და ვიქტორია ინგლისში, კლეოპატრა ანტიკური ისტორიიდან. ჩინეთის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იყო რამდენიმე ქალი, რომლებიც ფაქტობრივად ქვეყანას მართავდნენ. ძირითადად ისინი იყვნენ ახალგაზრდა იმპერატორის დედები, რომლებიც შვილის სრულწლოვანებამდე რეგენტის როლში იყვნენ ხელისუფლების სათავეში. ანდაც იმპერატორის მთავარი ცოლები, რომლებიც ფარდის უკან იდგნენ, რეალურად კი იმპერიის პოლიტიკას განკარგავდნენ. თუმცა, ჩინეთის ისტორიაში მხოლოდ ერთმა ქალმა- უ წეთიენმა (武则天) მოახერხა ძალაუფლების კიბის სათავემდე ასვლა, ფარდების უკნიდან გამოსვლა და იმპერატორის ტიტულის მიღება.

უ წეთიენი დაიბადა 624 წელს ( სხვა ვერსიებით 623 ან 625 ) უ შიხუოს (武士彟) ოჯახში. უ შიხუო წარჩინებული გვარის წარმომადგენელი იყო, რომლის წევრებსაც სუეის დინასტიის დროს ( 隋朝- 581-618 ) ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები ეკავათ. რადგან უ შიხუო მეოთხე ვაჟი იყო, მემკვიდრეობიდან მცირე ნაწილი ერგო და ამიტომ ვაჭრობას მიჰყო ხელი. მისმა წამოწყებამ გაამართლა და ხის ვაჭრობით გამდიდრდა. სუეის დინასტიის ბოლო წლებში იგი დაუმეგობრდა ლი იუენს (李渊). ამ უკანასკნელმა სუეის საიმპერიო გვარის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო და 618 წელს დაარსა თანგს დინასტია ( 唐朝-618-907 ). უ შიხუო აქტიურად უჭერდა ლი იუენს მხარს, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებშიც და თანის გამარჯვების შემდეგ ორი პროვინციის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა მიიღო. მადლიერმა ლი იუენმა უ შიხუოს მეორე ცოლად შეურჩია სუეის საიმპერიო გვარის- იანგის (扬) წარმომადგენელი. სწორედ მეორე ცოლისაგან ეყოლა მას უ წეთიენი. უ წეთიენის პიროვნებისა და უნარების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მამამისს. უ შიხუომ ქალიშვილს შეასწავლა წერა-კითხვა, მისცა სრული განათლება, ასწავლა ცხენის ტარება, მშვილდოსნობა. ფაქტობრივად, მან ქალიშვილს იმ პერიოდის ბიჭის შესაბამისი აღზრდა მისცა. ბავშვობაში შეჩვეული თავისუფლების განცდა უ წეთიენს მთელი ცხოვრება გაჰყვა.
14 წლის იყო უ წეთიენი, როცა იმპერატორ თაიწონგს ( 太宗-626-649 ) შეხვდა. იმპერატორი მოიხიბლა მისი სილამაზით და თავის ხარჭად აიყვანა. ამ დროიდან უ-ს ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირდა საიმპერატორო კარს. მიუხედავად იმისა, რომ თაიწონგი ახალგაზრდა უ-ს გარეგნობით მოიხიბლა, უნდა ითქვას, რომ უ იმპერატორის ფავორიტი არ ყოფილა და მეორეხარისხოვან ხარჭად რჩებოდა თაიწონგის სიცოცხლეში. თუმცა კი, თაიწონგმა დააფასა უ-ს განათლება და თავის მდივნად დანიშნა. ამ პერიოდში მან მიიღო დიდი გამოცდილება დოკუმენტებთან ურთიერთობისა, რაც შემდეგში მმართველობისას გამოადგა.

როდესაც იმპერატორი თაიწონგი გარდაიცვალა, კანონის მიხედვით, ყველა უშვილო ხარჭას თავი უნდა გადაეპარსა და მონაზვნად აღკვეცილიყო ბუდისტურ ტაძარში. თუმცა, ბუდასადმი ლოცვა უ წეთიენის ბედისწერა ნამდვილად არ იყო. მონასტერში შესვლიდან მალევე უ წეთიენი შემთხვევით შეხვდა ახალ იმპერატორს- კაოწონგს ( 高宗-649-683 ), რომელიც მამისადმი შესაწირის რიტუალის ჩასატარებლად იყო მისული ტაძარში. რამდენიმე წყაროს მიხედვით კაოწონგს ჯერ კიდევ მამამისის სიცოცხლეშივე შეყვარებია უ. ბუნებრივია ახალ იმპერატორს მასთან შეხვედრისას გრძნობები განუახლდა. უ-ს სასარგებლოდ განვითარდა მოვლენებიც იმპერატორის ჰარემში. მთავარი ცოლი- დედოფალი ვანგი (王) ეჭვიანობდა იმპერატორის ფავორიტზე- ხარჭა სიაოზე, რომელსაც ვაჟი ჰყავდა კაოწონგისაგან, თვითონ კი უშვილო იყო. უ წეთიენის გამოჩენა მისი აზრით იქნებოდა საშუალება იმპერატორის ყურადღების სხვა ქალზე გადასატანად, რომელსაც სიაოსაგან განსხვავებით ძლიერი ოჯახი არ უმაგრებდა ზურგს. დედოფალ ვანგის წახალისებით კაოწონგმა უ ხარჭად აიყვანა. თუმცა, მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, რომ უ-ს ამბიციები და შესაძლებლობები უფრო მეტი იყო, ვიდრე ვანგს ან სიაოს შეეძლო გამკლავებოდნენ.

651-655 წლებს შორის პერიოდში უ წეთიენმა ნელ-ნელა გაიმაგრა პოზიციებს იმპერატორის კარზე. მოსამსახურე პერსონალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ჯაშუშთა ფართო ქსელი ჰყავდა. 652-653 წლებში იმპერატორს ვაჟები გაუჩინა. თუმცა, მთავარი მოწინააღმდეგეების- ვანგისა და სიაოს მოსაშორებლად უფრო მეტი იყო საჭირო. ორივე მათგანი ძლიერი არისტოკრატიულ ოჯახს წარმოადგენდა და მთავრობის მაღალ ეშელონებში მხარდამჭერებიც ჰყავდათ. ამ წინააღმდეგობის გადასალახად უ-მ რადიკალურ ზომებს მიმართა. კერძოდ, გამოიყენა თავისი ახალშობილი ქალიშვილის უეცარი გარდაცვალება და მისი სიკვდილი დედოფალ ვანგს დააბრალა, რომელიც ხშირად დადიოდა ჩვილთან სათამაშოდ. გავრცელებული ვერსიით ბავშვი თვითონ უ-მ მოკლა როცა დედოფალმა ვანგმა თამაშის შემდეგ დატოვა ჩვილის ოთახი. მომდევნო წელს დედოფალი ვანგი და მისი დედა ჯადოქრობაში დაადანაშაულა, რაც აკრძალული იყო კანონით. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმპერატორისათვის, რომ ვანგისათვის ჩამოერთმია მთავარი ცოლის ტიტული და უ წეთიენი აღეზევებინა ამ რანგში. ახალი თანამდებობის მიღებიდან მალევე უ-ს ბრძანებით ვანგი და სიაო შეიპყრეს და სასტიკი წამებით მოკლეს.
656 წელს იმპერატორმა ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა უ წეთიენის ვაჟი- ლი ხონგი (李弘). 656-659 წლებში უ-მ მთავრობას ჩამოაცილა ყველა გავლენიანი მინისტრი, რომელიც მის აღზევებას ეწინააღმდეგებოდა და საკუთარი პოლიტიკოსების ჯგუფი შექმნა. 660 წელს იმპერატორს კაოწონგს ძლიერი შეტევა ჰქონდა. ზოგადად ეს იმპერატორი პიროვნული სიძლიერით არ გამოირჩეოდა. ის იყო ტიპიური მაგალითი ძლიერი მამის სუსტი შვილისა. კაოწონგის სხეულიც ისეთივე სუსტი იყო, როგორიც მისი პიროვნება. პერიოდულად ჰქონდა შეტევები და ზოგჯერ იმდენად მძიმე, რომ სახელმწიფოს მართვისაგან დიდი ხნით ჩამოცილება უწევდა. 660 წლის შეტევის შემდეგ მისი მდგომარეობა ისე მძიმე იყო, რომ იმპერიის მართვა დედოფალმა აიღო თავის თავზე და კარგადაც მოახერხა. იმდენად კარგად, რომ კაოწონგის გამოჯანმრთელების შემდეგაც კი თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს.
ვერ ვიტყვით, რომ კაოწონგი ვერ ამჩნევდა ცოლის ამბიციებს ან თავს უხერხულად არ გრძნობდა თავისი უფლებების დამცრობით. 664 წელს ერთ-ერთ მინისტრთან- შანგ კუანგი-სთან შეთანხმდა, რომ მინისტრი დაწერდა საჩივარს დედოფალზე, იმპერატორი კი მიიღებდა საჩივარს და უ-ს გადააყენებდა. თუმცა, მანამ სანამ საჩივარი დაიწერებოდა, ჯაშუშების მეშვეობით უ-მ გაიგო ამის შესახებ და განრისხებული გამოეცხადა იმპერატორს. თანგის დინასტიის დამაარსებლებს ნამდვილად შერცხვებოდათ საიმპერატორო ტახტზე ისეთი კაცის ჯდომა, რომელიც გაბრაზებული ცოლის წინაშე ბოდიშების მოხდას და „დანაშაულების“ სხვისთვის გადაბრალებას დაიწყებდა. საბოლოოდ უ-მ შეინარჩუნა თანამდებობა, ხოლო შანგ კუანგი კი გადაასახლეს.

ძალაუფლებისათვის ბრძოლაში უ-ს არამარტო მინისტრებთან, არამედ თავის შვილებთანაც მოუწია დაპირისპირება. კერძოდ კი ტახტის მემკვიდრეებთან. 670 წელს კაოწონგს ისევ შეტევა ჰქონდა და იმპერიის საქმეები დროებით მემკვიდრემ- ლი ხონგმა ჩაიბარა და სათანადოდ გაართვა თავი. ლი ხონგი ასევე უკმაყოფილო იყო დედის ჩარევით იმპერატორის საქმიანობაში. 670 წელს მოულოდნელად ლი ხონგი გარდაიცვალა. წყაროებისა და ისტორიკოსების ვარაუდით მის ნაადრევ სიკვდილში უ-ს ხელი უნდა ერიოს. სავარაუდოდ მან საჭმლით მოწამლა უფროსი შვილი. ტახტის ახალ მემკვიდრედ გამოცხადდა უ-სა და კაოწონგის მეორე ვაჟი- ლი სიენი ( 李贤 ). ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები. ლი სიენს არ მოსწონდა, რომ საიმპერიო კარზე დედამისის სახით ქალი დომინირებდა და დედის წინააღმდეგ იყო განწყობილი. უ წეთიენმა დაარწმუნა კაოწონგი ჩამოერთვა მემკვიდრის სტატუსი ლი სიენისათვის და გადაესახლებინა. ახალ მემკვიდრედ მათი მესამე ვაჟი- ლი სიენი გამოცხადდა ( 李显 ).
683 წელს იმპერატორი კაოწონგი გარდაიცვალა და ტახტი დაიკავა ლი სიენმა სახელით- ჭონგწონგი ( 683; 705-710 ). კაოწონგმა თავის ანდერძში დაწერა, რომ ტახტის მემკვიდრეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დედა რეგენტთან- უ წეთიენთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიეღო. ერთი მხრივ ჩანს, რომ კაოწონგი ღიად რთავს ნებას უ-ს ჩაერიოს საიმპერიო საქმეებში, თუმცა რეალურად მისი ეს ანდერძი იყო მცდელობა უ-ს ძალაუფლების შესუსტებისა და მთავრობის საქმეების ყოველდღიური მიმდინარეობიდან გაძევებისა. მაგრამ, თქმა გაკეთებაზე მარტივიაო. ახალმა იმპერატორმა სცადა თავის ნებაზე წარემართა პოლიტიკა და რამდენიმე ახალი მინისტრი დედის ნებართვის გარეშე დანიშნა. ეს საკმარისი გაფრთხილება იყო უ-სათვის მომავალი საშიშროებისა. ჭონგწონგის ტახტზე ასვლიდან ექვსი კვირის შემდეგ უ წეთიენი არმიის თანხლებით შევიდა იმპერატორის დარბაზში და იმპერატორი შეუსაბამო მართვის გამო გადაყენებულად გამოაცხადა. ახალ იმპერატორად გამოცხადდა უ-ს მეოთხე ვაჟი- ლი ტანი (李旦) ჟუეიწონგის ( 睿宗- 683-690; 710-712 ) სახელით. ჟუეიწონგი ნამდვილი თოჯინა იყო უ წეთიენის ხელში. მას იმის უფლებაც კი არ ჰქონდა სასახლის საიმპერატორო ნაწილში გადასულიყო და ფაქტობრივად შინაპატიმრობაში ცხოვრობდა.

684-690 წლებს შორის პერიოდში უ წეთიენმა რადიკალური ნაბიჯები გადადგა ყველა მოწინააღმდეგის მოსაშორებლად. გაწმინდა მთავრობის ზედა ფენა, თანის საიმპერატორო გვარის 13 შტო გააწყვეტინა, ქუჩებში დადგა ბრინჯაოს ყუთები, რომელშიც ხალხს უნდა ჩაეყარა წერილები მოღალატეების დასმენაზე. ბუნებრივია, ასეთ ღია დესპოტურ ქმედებებს თავისი გამოძახილიც ჰქონდა. 684 წელს პირველი ფართო მასშტაბიანი აჯანყება დაიწო უ-ს წინააღმდეგ, თუმცა მალევე ჩაახშვეს. უფრო დიდი საფრთხის შემცველი იყო 688 წლის აჯანყება. ამ წელს უ-მ თანგის საიმპერიო გვარის წარმომადგენლები მოიწვია დედაქალაქში ცერემონიალზე დასასწრებად. უ-ს პიროვნებისა და წარსული ქმედებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მათ იფიქრეს, რომ ეს იყო მახე, რათა შეეკრიბათ ისინი და ერთად ამოეხოცათ. ამიტომ საიმპერიო გვარის რამდენიმე შტო აჯანყდა. რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არც ამ აჯანყებას არ მოჰყოლია.
80-იანი წლების ბოლოს უ წეთიენის ძალაუფლება რეალურად უზენაესი იყო ჩინეთში. თუმცა კი, მაინც რჩებოდა იმპერატორი. მართალია ის შინაპატიმრობაში ცხოვრობდა და არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა, მაგრამ თვით ტიტული იმპერატორისა მაინც უმაღლეს ძალაუფლებას ატარებდა. ამიტომ, უ-მ გადაწყვიტა თავისი წინსვლა ძალაუფლების კიბეზე იმპერატორად გახდომით დაეგვირგვინებინა. ჯერ კიდევ კაოწონგის სიცოცხლეში გამომჟღავნდა უ-ს სურვილი იმპერატორის თანასწორი ყოფილიყო. კერძოდ, 674 წელს უ წეთიენის რჩევით იმპერატორმა გადაწყვიტა მთა თაიზე მიწისა და ცისათვის შესაწირის რიტუალი ჩაეტარებინა. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე რიტუალი, რომელიც იმ დროისათვის უკანასკნელად ახ.წ. I საუკუნეში ჩატარდა. მთა თაი კი ჩინეთის ერთ-ერთი წმინდა მთაა, რომელზეც მსხვერპლშეწირვის ჩატარების პრეროგატივა მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა. იმპერატორი კაოწონგი მთაზე ავიდა პროცესიასთან ერთად და რიტუალი შეასრულა. მალევე მას თავისი, ქალებისაგან დაკომპლექტებული პროცესიით გაჰყვა და რიტუალი გაიმეორა უ წეთიენმა. კონფუციანური მოძღვრებით, ეს ქმედება უმაღლესი დანაშაულის ტოლფასი იყო, თუმცა, ვერავინ გაბედა უ-სთან შეპასუხება.
690 წელს ჩინეთის ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, ტიტული, რომელიც ცინ შიხუანგტიმ (秦始皇帝) შექმნა- „ხუანგ ტი“ ( 皇帝- იმპერატორი ) მიიღო ქალმა. უ-მ გამოაცხადა თანის დინასტიის დასრულება და ჭოუს დინასტიის დაარსება ( 周朝-690-705 ). ჭოუს მისი ტახტიდან გადაყენებისთანავე გაუქმდა და თანგი აღსდგა, ამიტომ უ წეთიენის მიერ გამოცხადებულ ჭოუს დინასტიად არ ცნობენ.

იმპერატორად გახდომის შემდეგ უ-მ შეამსუბუქა რეპრესიები. მეტიც, 697 წელს თავისი სადამსჯელო მანქანის მეთაურიც კი სიკვდილით დასაჯა. წინა იმპერატორი- ჟუეი წონგი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, თუმცა 698 წელს ტახტის ახალ მემკვიდრედ დანიშნა ლი სიენი- ყოფილი იმპერატორი ჭონგწონგი. უ წეთიენის მმართველობისას იმპერიის საგარეო პოლიტიკა და დაპყრობითი ომები წარმატებით მიმდინარეობდა. 692 წელს ტიბეტისაგან დაიბრუნა ანსის (安西) პროვინცია დასავლეთით. თუმცა, უდიდესი კრიზისის გადატანა სწორედ იმპერატორობის ხანაში მოუწია. 695 წელს ჩინეთს თავს დაესხა ტიბეტი, მომდევნო წელს კი ხიტანების მომთაბარე ტომები და ახალი აღმოსავლეთ თურქთა ხაკანატი. მათ წინააღმდეგ მოქმედებაში გამოვლინდა უ-ს მოთმინება და გამჭრიახობა. მან ისარგებლა ტიბეტელების მმართველ წრეებში უთანხმოებით და ჯაშუშების მეშვეობით გაამწვავა ეს კონფლიქტი. შედეგად ტიბეტში მასშტაბური სამოქალაქო ომი დაიწყო და ტიბეტელები ჩინეთს გაეცალნენ. ჩრდილოეთის ფრონტზე თურქებს გაურიგდა, რომ მათ მეთაურს პრინცესას მიათხოვებდა და მაღალი რანგის ტიტულებს უბოძებდა თუ ხიტანებს შეუტევდნენ. 696-697 წლებში თურქებმა მართლად დაამარცხეს ხიტანები და ჩრდილოეთით განდევნეს. საბოლოოს თურქების წინააღმდეგ უ წეთიენმა მასიური მობილიზაცია გამოაცხადა და უზარმაზარი არმიით მოახერხა მათი განდევნაც.
მმართველობის უკანასკნელ წლებში უ წეთიენმა ორი საყვარელი გაიჩინა- ძმები ჭანგები. ეს ძმები აქტიურად იყენებდნენ უ-ს წყალობას და ძალაუფლებისა და ფულის მოხვეჭას შეუდგნენ. საბოლოოდ ყველა გადაიმტერეს საიმპერატორო კარზე. 705 წლის დასაწყისში მინისტრებმა ტახტის მემკვიდრის ლი სიენის მეთაურობით შეთქმულება მოაწყვეს და უ წეთიენი გადაყენებულად გამოაცხადეს. ტახტზე ავიდა ლი სიენი- ჭონგწონგი და თანის დიანსტია აღდგა. თუმცა, ახალ იმპერატორს დედისათვის ძალაუფლების ჩამორთმევის გარდა დამატებით არაფერი დაუშავებია. უ კვლავ ინარჩუნებდა დედა რეგენტის თანამდებობას და 705 წლის დეკემბერში საიმპერატორო სასახლეში გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.
როგორ შეიძლება შევაფასოთ უ წეთიენი? როგორც პიროვნება, ის იყო უპრინციპო, სასტიკი, შეუბრალებელი ადამიანი. ძალაუფლების მოსაპოვებლად მან უკან არაფერზე დაიხია- გადაასახლა და სიკვდილით დასაჯა უამრავი ნიჭიერი პიროვნება. არ დაინდო არც საკუთარი ოჯახი- მოკლა მინიმუმ ორი შვილი, დისშვილები, ძმები, იმპერატორის დეიდა, საიმპერატორო გვარი ლამის მთლიანად გაჟლიტა. ასაკში შესვლასთან ერთად უფრო და უფრო მეტად აჰყვა ვნებებს. აღსანიშნავია, რომ კაოწონგის სიცოცხლეში უ წეთიენი ქმრის ერთგული იყო. თუმცა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ფავორიტი ჰყავდა. 685-695 წლებში ერთი ბუდისტი ბერი იყო მისი საყვარელი, VIII საუკუნის დასაწყისში კი ზემოთ ნახსენები ძმები ჭანგები. თუმცა, შეუძლებელია იმის არ აღიარება, რომ იგი დაჯილდოვებული იყო მმართველობის დიდი ნიჭით. კონფუციანიზმის საფუძველზე აშენებულ საზოგადოებაში, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში ქალი კაცთან შედარებით მეორეხარისხოვან სოციალურ როლს იკავებს, ქალის იმპერატორობა ბევრს მეტყველებს ამ ქალის უნარებზე.
ცალკე განსახილველი საკითხია უ წეთიენი, როგორც მმართველი. მართალია ძალაუფლებისათვის არაერთი ამორალური და საშინელი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ როცა ხელისუფლების სათავეში მოვიდა, შესაშური კომპეტენტურობით მართავდა იმპერიას. თვით მომდევნო ხანის კონფუციანელი ისტორიკოსებიც, რომლებიც ძირითადად აძაგებენ მას სოციალური ნორმების დარღვევისა და სხვა დანაშაულებებისათვის, აღიარებენ, რომ უ წეთიენი კარგი მმართველი იყო. მის მთავარ ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერი ხალხის შემჩნევა და მათი დასაქმება. მის დროს საიმპერიო გამოცდები, რომელიც მართალია უკვე დიდი ხანია არსებობდა, უფრო დაიხვეწა და უფრო ობიექტური გახდა. უ დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ საზოგადოების დაბალი ფენიდან ნიჭიერი ხალხი აეყვანათ სამთავრობო სამსახურში. ამგვარად ძლიერი წარჩინებული ოჯახების ძალაუფლებას ზღუდავდა.
უ წეთიენის მმართველობის პერიოდში იმპერიამ არამხოლოდ საზღვრებში მოიმატა, არამედ გაუმჯობესდა შიდასაიმპერიო ადმინისტრაცია. თანის დინასტიის დაარსებიდან მოყოლებული მუდმივი პრობლემა იყო გლეხების აღრიცხვა და შესაბამისად გადასახადების აკრეფა. ეს აისახებოდა ეკონომიკაზეც. უ წეთიენი დიდი ყურადღებით მოეკიდა ამ საკითხს. მოწესრიგდა სააღრიცხო და საგადასახადო სისტემა, ეკონომიკაშიც სტაბილური ზრდა დაფიქსირდა. უ წეთიენი ცდილობდა გლეხებისათვის სამუშაო და საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა- შეამცირა გადასახადები, 696 წელი გლეხებისათვის გადასახადებისაგან თავისუფალ წლად გამოაცხადა. შესაბამისად, მოსახლეობის ფართო ფენებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამიტომ იყო, რომ 684 და 688 წლის აჯანყებებში ფართო მასები არ მიემხრნენ აჯანყებულებს.
საინტერესოა მისი დამოკიდებულება რელიგიისადმი. რთულია თქვა რომელი რელიგიის წამდა უ წეთიენს. კაოწონგის სიცოცხლეში იმპერატორმა და დედოფალმა წინ წამოწიეს დაოიზმი ბუდიზმის საპირწონედ, თუმცა 685-695 წლებში უ-ს ბუდისტი საყვარელი ჰყავდა და ამ პერიოდში ბუდიზმს უჭერდა აქტიურად მხარს. მეტიც, მან მაჰაიანას ბუდიზმის ერთ-ერთი ლეგენდა ბუდას ხელმეორედ მოვლინებაზე ქალის სახით გამოიყენა და იმპერატორად გახდომისას თავი ბუდად გამოაცხადა. 692 წელს ღორების დაკვლაც კი აკრძალა ბუდიზმის გავლენის გამო. დიდი თანხები გაიღო ლონგმენის ბუდისტური კომპლექსის მშენებლობისათვის. თუმცა, 695 წელს მოიშორა ბუდისტი საყვარელი და კონფუციანიზმის პროპაგანდა დაიწყო, რაც ერთობ პარადოქსულია, რამეთუ მისი იმპერატორობა საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა კონფუციანიზმის ძირეულ დოგმებს.
დღემდე არ წყდება დავა უ წეთიენის მმართველობის შედეგებსა და მის პიროვნებაზე. არსებობს დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები ამ საკითხზე. თუმცა, ერთი რამ აშკარაა- ამ ჭკვიანი და სასტიკი ქალის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიო ისტორიაში.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები:
1. Bai Shouyi, An outline history of China, foreign language press, Beijing, 2002.
2. Christopher I. Beckwith, Empires of the silk road, Princeton university press, 2009.
3. Denis Twitchett, John Fairbank, The Cambridge history of China, volume 3- Sui and Tang China, Part I, Cambridge university press, 2008.
4. Yue Ting Lee, Wu Zhao ruler of Tang dynasty China, Asia: Biographies and Personal Stories, Part II, 2015.
5. Wu Zetian, https://en.wikipedia.org/wiki/Wu_Zetian
6. 李美楹, 一代女皇─则天,
http://www.shs.edu.tw/works/essay/2008/10/2008103120521365.pdf
7. 宛华, 中华上下五千年,北京,
8. 武则天
https://baike.baidu.com/item/%E6%AD%A6%E5%88%99%E5%A4%A9/61872
Discussion about this post