ძვ.წ. XI საუკუნეში ჩინეთში შანგის დინასტია ( 商朝 ძვ.წ. 1600-1045 ) დაამარცხა და შეცვალა ჭოუს დინასტიამ (周朝), რომელიც ძ.წ. 1045-256 წლებში ზეობდა. თუმცა, ძვ.წ. 771 წლიდან ჭოუს მეფეების ძალაუფლება კატასტროფულად შემცირდა და ჩინეთო დაიყო ათეულობით მცირე და დიდ პოლიტიკურ ერთეულად. მათი მთავრები აღიარებდნენ ჭოუს მეფის უზენაესობას, თუმცა აბსოლუტურად დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ. ასე დაიწყო აღმოსავლეთ ჭოუს პერიოდი, რომელიც ძვ.წ. 771-256 წლებს მოიცავს და თავის მხრივ იყოფა კიდევ ორ ნაწილად- „ჩუნციოუს “ პერიოდი (春秋 771-475 ) და „ჭანკუოს “ პერიოდი (战国 475-221 ). „მეომარ სამეფოთა“ ეპოქაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, რამდენადაც დიდი სამთავროების მეთაურებმა თავი მეფეებად გამოაცხადეს და ჭოუს მეფის უზენაესობა საერთოდ უარყვეს. მათ შორის შვიდი სამეფო იბრძოდა პირველობისთვის- ცინი (秦), ჩუ (楚), ცი (齐), იენი(燕), ხანი(韩), ჭაო (赵), ვეი (魏). ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში მხოლოდ ჭაო და ცინი წარმოადგენ კონკურენტულ ძალებს. დაპირისპირება მათ შორის დროის საკითხი იყო.
ძვ.წ. 269 წელს ცინის სამეფოს მთავარი მინისტრი გახდა ფან სუეი. მისი რჩევით ცინის მეფემ დაიწყო მეზობლებისადმი უფრო აგრესიული და ექსპანსიონისტური პოლიტიკის გატარება. პირველი დიდი მსხვერპლი იყო ხანის სამეფო. ძვ.წ. 264 წლიდან მოყოლებული ცინის არმია ყოველწლიურად უტევდა ხანის ტერიტორიას და ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობდა მას. ძვ.წ. 262 წელს ცინის სარდალმა პაი ციმ (白起) შეუტია ხანის სამეფოს შანგტანგის (上党) მუნიციპალიტეტი და სტრატეგიული პუნქტების დაკავებით მუნიციპალიტეტი მოწყვიტა ხანს. თუ ცინი შანგტანგს მთლიანად დაიკავებდა, გზა ხანის დედაქალაქისაკენ ღია იქნებოდა. ამიტომ ხანის მეფემ გადაწყვიტა შანგტანგი თვისი ნებით გადაეცა ცინისათვის. მაგრამ, შანგტანგის გამგებელი- ფენგ ცინგი არ დაემორჩილა მეფეს, დაუკავშირდა ჭაოს სამეფოს და შანგტანგი მათ გადასცა.
ცინი არ აპირებდა ამ სტრატეგიული ადგილის დათმობას. ძვ.წ. 260 წელს სარდალმა ვანგ ხემ (王齕) კვლავ განახორციელა შეტევა შანგტანგზე. ჭაოს მხრიდან ცინის მოსაგერიებლად გაგზავნეს ცნობილი სარდალი ლიენ ფო (廉颇). პირველ შეტაკებაში ცინის არმიასთან ჭაოს ჯარი დამარცხდა და წინარაზმის სარდალიც ბრძოლაში მოკვდა. ამიტომ, ლიენ ფომ გადაწყვიტა გაემაგრებინა სტრატეგიული წერტილები და დროის გაყვანით დაემარცხებინა ცინი. შანგტანგი ცინის სამეფოდან საკმაოდ შორს იყო, რაც ბუნებრივია არმიის მომარაგებას ართულებდა. ლიენ ფოს სტრატეგიამ გაამართლა. მიუხედავად მისა, რომ ცინის ჯარმა რამდენიმე გამაგრებული პუნქტი აიღო, მთლიანი გარემოცვის გარღვევა ვერ შეძლო, მოწინააღმდეგე კი გადამწყვეტ ბრძოლაზე უარს ამბობდა და დროს წელავდა. შედეგად ცინის არმია შიმშილის ზღვარზე მივიდა.
სიტუაციიდან გამოსავალი ფან სუეიმ მონახა. მან კარგად შეაფასა ლიენ ფოს შესაძლებლობები და გადაწყვიტა, რომ ცინის არმიის წინსვლისათვის ერთადერთი გზა იქნებოდა მისი მოშორება. ამ მიზნით მან ჯაშუშების მეშვეობით ჭორები გაავრცელა ჭაოს სამეფოში თითქოსდა ლიენ ფო განზრახ ამბობდა უარს ბრძოლაზე და დანებებას აპირებდა, ცინის სარდლები კი ჭაო ქუოს (赵括) მთავარსარდლად დანიშვნას უფრთხოდნენ. ჭაო ქუო ჭაოს სამეფოს გამოჩენილი სარდლის- ჭაო შეს (赵奢) შვილი იყო. ის ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ორატორული ნიჭით და გატაცებული იყო სამხედრო თეორიით, თუმცა ერთხელაც კი არ ყოფილა ბრძოლის ველზე. ფან სუის განზრახვა სწორედ გამოუცდელი ჭაო ქუოს დანიშვნა იყო ჭაოს არმიის მთავარსარდლის პოსტზე ლიენ ფოს მაგივრად. ფან სუის გეგმამ გაამართლა. ჭაოს მეფე სიაოჩენგი ისედაც უკმაყოფილო იყო ლიენ ფოს სტრატეგიით და ბრძოლებში მარცხით. ამიტომ, ახალი ჭორის გავრცელებისთანავე გადაწვიტა ლიენ ფოს მაგივრად ჭაო ქუოს გაგზავნა ბრძოლის ველზე. საინტერესოა, რომ ჭაო ქუოს დედამაც კი სთხოვა მეფეს მისი შვილი არ დაენიშნა მთავარსარდლად. მიზეზად ის დაასახელა, რომ ჭაო შეს სიკვდილის წინ ცოლისთვის უთქვამს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა მისი შვილის ბრძოლის ველზე გაშვება, თორემ თავის თავსაც დაღუპავდა და სამეფოსაც. მიუხედავად ამისა, მეფემ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ლიენ ფოს შეცვლის ამბავი ცინის სამეფოში სიხარულით მიიღეს. ფან სუეის რჩევით მეფემ ცინის არმიის მთავარსარდალი- ვანგ ხე პაი ცით ჩაანაცვლა. მეორეს მხრივ, ჭაო ქუომ მიიღო თუ არა მთავარსარდლის პოსტი დაიწყო მზადება გადამწყვეტი ბრძოლისათვის. პაი ციმ ბრძოლამდე თავისი არმია ორად გაყო და ერთი ნაწილი ჩაასაფრა. ბრძოლა გაიმართა ძვ.წ. 260 წელს ჩანგფინგთან. პაი ციმ ფრონტი მაქსიმალურად გაწელა და დამარცხების სიმულირებით მოწინააღმდეგე ცენტრში ღრმად შეიტყუა. ჭაო ქუომ არ გაითვალისწინა მახის ალბათობა და მოწინააღმდეგეს დაედევნა ვიდრე ცინის არმიის ბანაკამდე არ მივიდა. ამ დროს მას უკნიდან თავს დაესხა ცინის ჩასაფრებული 25 000 მხედარი და უკან დასახევი გზა მოუჭრა, 5 000 მსუბუქად შეიარაღებული მხედარი კი ჭაოს ბანაკს დაესხა თავს. თანადროულად ცინის მთავარი არმიაც მოტრიალდა და ბრძოლა გააგრძელა. ჭაო ქუო ორ არმიას შორის აღმოჩნდა და ვერც ბანაკში ბრუნდებოდა. ამიტომ ერთ ბორცვზე გამაგრდა და დამხმარე ძალას დაელოდა.
ამ კრიტიკულ მომენტში ჭაოს სამეფომ ვერაფრის გაკეთება მოახერხა. რადგან წინა წლებში ჭაო ხან ცინის, ხან კი ცინის მოწინააღმდეგეების მომხრე იყო, სხვა სამეფოებში არ ენდობოდნენ ჭაოს და მის დასახმარებლად არმია არ გაგზავნეს. თავის მხრივ ცინის მეფე ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ჭაოს არმიას ალყა არ გაერღვია. ის თვითონ ეწვია ხენეის (河内)მუნიციპალიტეტს და 15 წელს ზემოთ ყველა მამაკაცს შესთავაზა არმიაში წასვლა ალყის გასაძლიერებლად.
ჭაო ქუომ რამდენჯერმე განახორციელა შეტევა მოწინააღმდეგეზე, თუმცა ყველა მარცხით დასრულდა. ერთ-ერთი შეტევისას ისარი მოხვდა და ბრძლის ველზე დაიღუპა. საჭმლისა და მეთაურის გარეშე დარჩენილი ჭაოს არმია საშინელ დღეში ჩავარდა. სიმა ციენის (司马迁)[1] მიხედვით კანიბალიზმიც კი დაიწყეს. საბოლოოდ, 46 დღიანი ალყის შემდეგ ჭაოს არმია დანებდა. პაი ცის აზრით შანგტანგის ხალხი ცინს არასოდეს დაემორჩილებოდა, ჭაო კი ყოველი მარცხის შემდეგ კვლავ უტევდა ხოლმე ცინს. ამიტომ მიიღო უსასტიკესი გადაწყვეტილება- ტყვეების ცოცხლად დამარხვა. მათ შორის 240 ახალგაზრდა მეომარი ამოარჩია და ჭაოში გაგზავნა ამბის გასავრცელებლად. სიმა ციენის ცნობით პაი ციმ 400 000-ზე მეტი მეომარი მოაკვლევინა. რადგანაც ცინ შიხუანგტის (秦始皇) მიერ წიგნების დაწვის ბრძანების შესრულების დროს ჩანგფინგის ბრძოლის დეტალური ჩანაწერებიც განადგურდა, სიმა ციენის „ისტორიული ჩანაწერები“ მთავარი წყაროა ჩანგფინგის ბრძოლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ციფრები გადაჭარბებულია, აშკარაა, რომ ჩანგფინგთან ჭაოს სამეფოს ადამიანურმა რესურსმა უზარმაზარი ზარალი განიცადა, რამეთუ ამ ბრძოლის შემდეგ ჭაო დაქვეითდა და ვეღარასოდეს შეძლო ძალების აღდგენა.
ჩანგფინგის ბრძოლის შემდეგ ცინის არმია ჭაოში შეიჭრა და ჭაოს დედაქალაქ ხანტანსაც შემოარტყა ალყა. თუმცა, ჭაოს ელჩებმა შეძლეს ჩუს სამეფოს დაყოლიება დახმარებოდა ჭაოს. ცინის სამეფოს უკან დახევა მოუწია. მალე არეულობა დაიწყო ცინის სამეფო კარზეც. პაი ციმ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ფან სუეი კი რამდენიმე წელში ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. მართალია ცინის სამეფომ ჩანგფინგთან გაიმარჯვა, მაგრამ თვითონაც დიდი რაოდენობის რესურსები დახარჯა ამ კამპანიაში და იძულებული იყო სამხედრო ოპერაციები გარკვეული პერიოდით შეეჩერებინა.
ჩანგფინგის ბრძოლამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩინეთის განვითარებაზე. ცინის სამეფომ უკანასკნელი მეტოქეც ჩამოიშორა ჭაოს სამეფოს სახით. მართალია, როგორც აღვნიშნეთ ძალების აღსადგენად დრო დასჭირდა, მაგრამ რეალური მოწინააღმდეგე უკვე აღარ ჰყავდა პირველობისათვის. გამარჯვება ჩანგფინგთან იყო წინაპირობა იმისა, რომ ძვ.წ. 230-221 წლებში ცინის მეფე ინგ ჭენგმა ( 嬴政) ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრო ჩინური სამეფო-სამთავროები, ჩინეთი გააერთიანა და ცინ შიხუანგტი- ცინის პირველი იმპერატორი დაირქვა.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები:
1. Bai Shouyi, An outline history of china, foreign language press, Beijing, 2002
2. Battle of Changping https://en.wikipedia.org/wiki/Battle_of_Changping
3. Cambridge history of ancient China from, Cambridge university press, 1999
4. 司马迁,史记,辽海出版社,2015
5. 宛华, 中华上下五千年,北京,2013
6. 长平之
https://zh.wikipedia.org/wiki/%E9%95%BF%E5%B9%B3%E4%B9%8B%E6%88%98
7. 呂氏春秋/卷十八
https://zh.wikisource.org/wiki/%E5%91%82%E6%B0%8F%E6%98%A5%E7%A7%8B/%E5%8D%B7%E5%8D%81%E5%85%AB#應言
[1] სიმა ციენი ( ძვ.წ. 145-135-86 ) ჩინელი ისტორიკოსი ხანის დინასტიის ( 汉朝- ძ.წ. 206-ახ.წ. 220 ) ეპოქაში. ხშირად მას ჩინეთის ისტორიის მამასაც ან ჩინელ ჰეროდოტესაც უწოდებენ. ეკუთვნის ნაშრომი „შიძი“ (史记-ისტორიული ჩანაწერები)
Discussion about this post