ჩინეთის დიდი კედელი ერთ-ერთი იმ მონუმენტურ ნაგებობათაგანია, რომელიც მითების ბურუსით ყველაზე მეტადაა მოცული. უამრავი ადამიანი დღემდე ფიქრობს, რომ ის ლეგენდარულმა ცინ ში ხუანგტიმ ააშენა, ან რომ მასში ადამიანებს სპეციალურად მარხავდნენ, რომ კედელს სიმტკიცე ჰქონოდა, ანაც, რომ ის ჩინური იზოლაციონიზმის ყველაზე ნათელი განსხეულებაა. არადა, რეალურად, ყველაფერი სხვანაირადაა – ჩინეთის დიდი კედელი ცალკეული ფრაგმენტების სახით გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე მას პირველი იმპერატორი გააერთიანებდა; თითქმის ყველა ჩინური დინასტია აშენებდა და ამაგრებდა მას მიუხედავად იმისა, რომ ის თავის ძირითად ფუნქციას – თავდაცვას – სათანდოდ ვერ ასრულებდა. შესაძლოა, ამისი მიზეზი არის ის, რომ კედელი თავდაცვის გარდა თავდასხმით პლაცდარმადაც განიხილებოდა – ამაზე მეტყველებს მონღოლეთსა და მანჯურიაში, მომთაბარეთა ადგილსამყოფლის შუაგულში, კედლის ღრმა შეჭრა. ამას გარდა, არსებობს ამ ფაქტის როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფილოსოფიური ახსნა, რომელთა მიხედვითაც, ადამიანთა მოდგმა ჰგავს პატარა ბავშვს, რომელიც ღამით ურჩხულთაგან თავის დასაცავად თავს საბნის ქვეშ ჰყოფს. საბანი მას ვერ დაიცავს, თუმცა როგორც ხელშესახები ფიზიკური ობიექტი მას უსაფრთხოების განცდას უქმნის.
ჩინეთის დიდი კედელი და, ზოგადად, კედელი ადამიანთა ერთ-ერთი ამოუცნობი ნახელავია. ის მეტად ნოუმენია, ვიდრე ფენომენი. ზუსტად ამიტომაა, რომ მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დინასტია განსხვავებულ კონტექსტში, განსხვავებული მიზნით იყენებდა. ის არაერთხელ გამხდარა თავისუფლებისა (მენგ ძიანგნუ) და დესპოტიზმის (ცინ ში ხუანგტი) დაპირისპირების სიმბოლო. კედლის ბუნდოვანი არსი მისი მრავალგვარი ინტერპრეტიტრების საშუალებას იძლეოდა – მეოცე საუკუნეში ის პირველად ჩინეთის ისტორიაში გახდა ერის გამთლიანებისა და ჩინური ნაციონალიზმის სიმბოლო და დღემდე „ცენტრალური ქვეყნის“ სადარაჯოზე ამაყად დგას. წინამდებარე სტატიაში ქართველი მკითხველი მისთვის ცნობილ ჩინეთის დიდ კედელს განსხვავებული პერსპექტივიდან დაინახავს. გარდა ამისა, ის გაეცნობა ზოგადად კედლის ფენომენსა და მის მნიშვნელობას კაცობრიობის ისტორიაში.
კედლის ფენომენი მსოფლიოში
ქალაქის, ტაძრის ან უბრალოდ დასახლების კედლით შემოღობვა, შეიძლება ითქვას, ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი. გარე სამყაროსადმი უნდობლობით განწყობილი არსება თავს ხელშესახები, ფიზიკური ბარიერებით ყოველთვის იცავდა. ალბათ, ყველას გვახსოვს, თუ როგორ ვიქცეოდით ბავშვობაში, როდესაც ღამით საწოლში მწოლიარეს ურჩხულებზე გაგვიელვებდა აზრი – ჩვენ უმალვე საბნის ქვეშ ვყოფდით თავს და ერთგვარი „სირაქლემას პოზიციით“ თითქოს თავს ვიცავდით მისგან. ლოგიკურია, რომ ურჩხულს საბანი ვერ შეაჩერებდა, მაგრამ წარმოდგენა იმისა, რომ ჩვენ მას ვერ ვხედავდით, მისგან რაღაცით, თუნდაც ჩვეულებრივი საბნით, ვიყავით იზოლირებულნი ჩვენ სიმშვიდეს გვგვრიდა. ამ თვალსაზრისით, კაცობრიობა თავისი აფრიკული აკვანიდან დღემდე არ გაზრდილა – ის ყოველთვის ის ბავშვი იყო, რომელსაც ჰქონდა ილუზია, რომ „საბანი“ (კედელი) მას გარეშე ძალისგან დაიცავდა.
მიჩნეულია, რომ ყველაზე ძველი ქალაქი, რომელიც კედლით იყო გარშემორტყმული და რომელმაც ჩვენამდე მოაღწია მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი იერიქონია, რომელიც ძვ. წ. მეათე ათასწლეულით თარიღდება. გამოსარჩევია ასევე მეოთხე ათასწლეულით დათარიღებული შუმერული ქალაქი ურუქი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ლეგენდარულმა მეფემ გილგამეშმა ააშენა. „გილგამეშიანის“ მიხედვით, ურუქი შემოზღუდულია უზარმაზარი გალავნით, რომელიც მისი იმედი და სიამაყეა: იგი იცავს მას მომხდური მომთაბარე ტომების შემოსევისაგან და აძლევს მას ხილვად ფორმას, განასხვავებს რა და გამოყოფს მას უსაზღვრო გარესამყაროსაგან. გალავანი ქალაქის ღირშესანიშნაობაა, მისი შესაძლებლობის მაქსისმუმი, რაც მას ქალაქად აქცევს. ტყუილად არაა, რომ ეპოსის დასაწყისში გილგამეშის მთავარ ღირსებებს შორის ქალაქისთვის კედლის გარსშემორტყმაცაა აღნიშნული:
„ურუქის ქალაქს ზღუდე შემოავლო – წმინდა ეანას კურთხეულ ბეღელს. ახედე ზღუდეს, ლარივით გამართულს!
ქვაკკუთხედს დახედე – მის დარს ვინ შექმნის! ზღურბლს ხელი შეახე შორიდან მოტანილს! ეანას მოადექ, იშთარის სამყოფელს,
რის დარს მომავალი ვერ შექმნის მეფე! ურუქის ზღუდე ადი, გაიარე, საძირკველს ჩახედე, აგური მოსინჯე, – იქნებ გამომწვარი არ იყოს აგური?
იქნებ შვიდ ბრძენკაცს ლიბო არ ჩაედოს?“
ეპოსის აღნიშნული მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გვაწვდის საკმაო ინფორმაციას უძველეს დროში ახლო აღმოსავლეთში (და არა მარტო) კედლის მშენებლობის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საშენი მასალა – გამომდნარე იქიდან, რომ მესოპოტამიაში (ასევე ეგვიპტეში) კედლები ძირითადად გამომშრალი ტალახის აგურისგან შენდებოდა, ამიტომ მათი სიმტკიცე ყოველთვის საეჭვო იყო. მნიშვნელოვანი ქალაქებისა და ტაძრების შეზღუდვა კი, როგორც ამონარიდიდან ვნახეთ, შორეული რეგიონებიდან ჩამოტანილი ქვებით ხდებოდა. ასეთივე მიდგომა იყო შორეულ აღმოსავლეთშიც, კერძოდ, ჩინეთში, სადაც კელდებს ძირითადად დაპრესილი ქვიშისგან აგებდნენ და მხოლოდ მნიშვნელოვან მონაკვეთებში იყენებდნენ ქვას. აზიისა და აფრიკისგან გასხვავებით ქვის მასალით საკმაოდ განებივრებული იყო ევროპა, ამიტომ ყველა კედელი ძირითადად ქვისა და ტორფისგან შენდებოდა. მათგან გამოსარჩევია შოტლანდიაში აგებული იმპერატორ ადრიანესა და მის ჩრდილოეთით მდებარე ანტონიუს პიუსის ლიმესები, რომლებიც აიგო ბრიტანეთის პროვინციის დასაცავად ჩრდილოეთში მცხოვრები პიქტების ტომთა თავდასხმისაგან. თუმცა რომის იმპერიისტერიატორიაზე აღმოჩენილი კალედონიური არტეფაქტების მიხედვით, ლიმესი თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებდა.
მესოპოტამიაში ძვ.წ. 4000 წლიდან მასობრივი ურბანიზაციის შედეგად გახშირდა კედლების მშენებლობა. აღსანიშნავია ქალაქ ბაბილონის გალავანი, რომელიც ჯერ ხამურაბმა, შემდეგ ნაბუქოდონოსორ მეორემ სრულყო. ამ უკანასკნელმა სამმაგი გარსით შემოსაზღვრა ქალაქი – თითოეულის სიმაღლე 4 მეტრი იყო. ბაბილონის გამაგრებაზე ჰეროდოტეც წერს – მართალია, მისი ცნობები ზედმეტად გაბუქებულია, მაგრამ მისი ნაშრომიდან ხაზგასასმელია ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომელიც რეალობას ნამდვილად შეესაბამება. ეს არის კედლის სიგანე – ბაბილონის გალავანი იმდენად განიერი იყო, რომ მასზე მეეტლებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება. ასეთი მახასიათებელი გამოყენებული იყო კედელზე ჯარის სწრაფი გადაადგილების მიზნით. მსგავს მიდგომას ჩინეთში პირველად მხოლოდ მინის დინასტიის დროს ვხვდებით, როდესაც ჩინეთის დიდი კედლის სიგანემ თავის მაქსიმუმს მიაღწია.
პირველი კედელი, რომელიც აშენდა ქალაქს მიღმა, როგორც არა ქალაქის, არამედ ქვეყნის ეროვნული საზღვარი, იყო ძვ.წ. 2038 წელს შუმერის მეფის შულგის მიერ აშენებული 250 კილომეტრიანი სიმაგრე. კედელი გადაჭიმული იყო მდინარეებს ევფრატსა და ტიგროსს შორის და მიზნად ისახავდა სამეფოს მიწების დაცვას ამორეველების შემოსევებისაგან. ეს კედელი, რომელიც პირველი იყო თავის გვარში, პირველმავე გამოავლინა თავისი სისუსტე – მართალია, კედელი ძალიან გრძელი იყო, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო კიდეებთან მისთვის გვერდის ავლა და, აი, 1750 წელს ელამიტები კედლის უკიდურესი სამხრეთი ბოლოს გვერდის ავლით იჭრებიან შუმერულ მიწებზე და შედეგად ურის სამეფო ეცემა.
მოგვიანებით კასპიის ზღვის სამხრეთით იმავე მიზნით მსგავსი ტიპის კედელს პართიელებიც აშენებენ, ხოლო სასანიდები რეაბილიტაციას უკეთებენ. გორგანის დიდი კედელი (წითელი გველი) თავისი სიგრძით მხოლოდ ჩინეთის დიდ კედელს ჩამოუვარდებოდა. ის შულგის კედლისგან იმით განსხვავდებოდა, რომ, როგორც ამბობენ, სპარსელებმა გაითვალისწინეს შემურების შეცდომა და „ყრუკედელს“ საგუშაგოები დაურთეს. თუმცა შედეგი არც ამ შემთხვევაში იყო დამაკმაყოფილებელი – მომთაბარე ტომები ყოველთვის ახერხებდნენ სამეფოში შემოჭრას; კედელი რეალური დაცვის ნაცვლად ქმნიდა უსაფრთხოების ილუზიას, რითაც ადუნებდა ყურადღებას საზღვრების დაცვაზე, რაც ხშირად, როგორც ვნახეთ, სავალალო შედეგებით მთავრდებოდა.
ამისდა მიუხედავად, ადამიანები შეასაუკუნეებსა და დღესაც კი მაინც აგრძელებენ კედლების მშენებლობას. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ისტორიაში გამოსარჩევია სამეგრელოს მთავრის ლევან მეორე დადიანის პოლიტიკა – მან თავისი მმართველობის დასაწყისში (XVII საუკუნე) ჩრდილოური ტომებისგან თავის დასაცავად მდინარე კელასურზე ააგო კედელი, თუმცა ამით, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩრდილო- კავკასიურ ტომთა თარეში სრულად მაინც ვერ აღკვეთა.
მაშ, რატომ აგრძელებენ ადამიანები კედლების მშენებლობას?! – ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს ზუსტი პასუხი, თუმცა არსებობს საკმაოდ საინტერესო მოსაზრება, რომელიც დევიდ ჰიუმის ფილოსოფიას ეფუძნება. ჰიუმის მიხედვით,
„გრძნობად ობიექტებს ყოველთვის მეტი გავლენა აქვთ წარმოსახვაზე, ვიდრე რაიმე სხვებს, და ეს გავლენა მათ ადვილად გადააქვთ იმ იდეებზე, რომლებთანაც დაკავშირებული არიან და რომლებსაც მიემსგავსებიან“.9 და გამომდინარე იქიდან, რომ კედლის კორელატად ადამიანებში ყოველთვის უსაფრთხოება, სიმშვიდე და პირადი სივრცე მოიაზრება, ამიტომ არასანდო საზღვრებზე მისი აგება, ამ თვალსაზრისით, სრულიად ბუნებრივი და აუცილებელიცაა.
კედლის ფენომენი ჩინეთში- ჭანკუოს (მეომარი სამეფოების ძვ.წ. 476-221)
„კედლები, კედლები, კედლები და ისევ კედლები არის ჩინური ქალაქის მთავარი ქვაკუთხედი“,10 – წერდა ჩინური ხელოვნების შვედი მკვლევარი და ისტორიკოსი ოსვალდ სირენი. ჩინური ქალაქი ისევე წარმოუდგენელია კედლის გარეშე, როგორც სახლი – სახურავის გარეშე. ეს გამოხატულია ჩინურ ენაშიც – ქალაქი და კედელი ერთი და იმავე იეროგლიფით (城 – chéng) აღინიშნება.
საკუთრივ ჩინეთში დასახლებების კედლებით შემოსაზღვრა ჯერ კიდევ ნეოლითურ პერიოდში (ძვ.წ. 4500-3750) დაიწყო – სოფელ პანფო (半坡) აღმოჩენილია უძველესი კედლის ნაკვალევი, რომელიც რამდენიმე სახლის გაერთიანებას ერტყა გარს. სხვათაშორის, თავისი სტრუქტურით აღნიშნული სოფელი ძალიან ჰგავს შოტლანდიაში სკარა-ბრეიშის დასახლებას, რომელიც ძვ.წ. 3100 წლით თარიღდება.
ჩინეთის ისტორიაში მომთაბარე ტომებისაგან თავის დასაცავად ჩრდილოეთით კედლის აშენების პირველი შემთხვევა ჭოუს დინასტიის დროით, ძვ.წ. მეცხრე საუკუნით, თარიღდება. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ორი საუკუნით გვიან დაწერილი წყარო:
„მონარქმა უბრძანა თავის გენერალს, ნან ჭანი
რომ წასულიყო და იმ რაიონში კედელი აეშენებინა. რამდენი მეეტლე ახლდა მას თან!
რაოდენ საოცარი იყო მისი აღჭურვილობა შემკობილი დრაკონებით, კუებითა და გველებით.
ცის შვილმა გვიბრძანა
აგვეშენებინა კედელი იმ ჩრდილოეთ რაიონში;
ნან ჭანი მოუთმენლად ელოდებოდა ბრძანების აღსრულებას, სიანიუნი (Сяньюнь) ახლა ნამდვილად იქნება განადგურებული!
მასშტაბურად კედლების მშენებლობა კი მხოლოდ მებრძოლ სახელმწიფოთა პერიოდში ( 战 国 时 代 – zhanguo shidai – ჭანგუოს პერიოდი) იწყება. ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი სამეფოები საკათარი მიწების დასაცავად თავიანთ საზღვრებზე უზარმაზარ კედლებს აშენებდნენ. ზუსტად ამ სახელმწიფოთა კედლების მონაკვეთების გაერთიანებით ყალიბდება ლეგენდარული ჩინეთის დიდი კედელი, რომლის მშენებლობა შეცდომით მხოლოდ ცინგის დინასტიას მიეწერება. თუმცა ამჯერად უმთავრესად საკითხავია შემდეგი – რატომ დაიწყო ჭანგუოს პერიოდში კედლების ასეთი მასშტაბური მშენებლობა? ნუთუ ეს მხოლოდ ერთმანეთისაგან თავდაცვით იყო დეტერმინირებული? ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე საინტერესო მოსაზრება, რომელიც კედლების მშენებლობასა და ჭანგუოს პერიოდის ჩინური სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკას შორის არსებულ ურთიერთკავშირს ეფუძნება.
ერთი მოსაზრების თანახმად, თავდაცვითი კედლების მშენებლობა განპირობებული იყო სუნ წის (სუნ ძის) „ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ“ („ 孙 子 兵 法 “), რომელმაც განსაზღვრა ჩინური არმიის სპეციფიკა და ომის წარმოების ხელოვნება. სიმა ციენის „ისტორიული ჩანაწერების“ მიხედვით, სუნ უ (იგივე სუნ წი), წარმოშობით ცი-ს სამეფოდან (齐国), სამხედრო ხელოვნების თაობაზე ეწვია უს მეფე ხე ლუს (阖庐), რომელმაც უთხრა: თქვენი წიგნის ცამეტივე თავი გულდასმით წავიკითხეო. სხვა ისტორიული წყაროებიდან კი ცნობილია, რომ ხე ლუიმ სათანადოდ შეაფასა რა სუნ წის ნიჭი, იგი თავისი ჯარის მხედართმთავრად დანიშნა. ამის შემდეგ უ-ს ჯარმა 506-484 წლებში მძიმე მარცხი აგემა ჩუს, ვეის, ბოლოს კი, ცის სამეფოსაც და ცდილობდა ჰეგემონის როლის დამკვიდრებას მეზობელ სახემწიფოთა შორის. საყურადღებოა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის მებრძოლ სახელმწიფოთა პერიოდი. სუნ წი ჩუნციოუს (春秋时代 – გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი ძვ.წ. 770-476) მიწურულს მოღვაწეობდა. შესაბამისად იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ მის მოსაზრებებს გავლენა მოეხდინათ ჩინურ არმიაზე და, შესაბამისად, კედლების მშენებლობაზეც.
საინტერესოა, რომ სუნ წის მთელი ტრაქტატი ომის წარმოების ტაქტიკებსა და მეთოდებზეა დაწერილი, მაგრამ პრიორიტეტებს საქმე როგორც კი მიადგება, მოაზროვნე უპირატესობას მტრის უომრად დამარცხებას ანიჭებს – „ას ბრძოლაში
ასჯერვე გამარჯვება კიდევ არ ნიშნავს უმაღლეს ოსტატობას ოსტატობათა შორის, უმაღლესი ოსტატობა ოსტატობათა შორის ნიშნავს მტრის ჯარის დამორჩილებას ბრძოლის გარეშე“ 12; „ის ვინც ოსტატია ომში, მტრის ჯარს იმორჩილებს ცხარე ბრძოლის გარეშე, მტრის ქალაქებს იღებს მძიმე ალყის გარეშე, მტრის ქვეყნებს ამხობს ხანგრძლივი ლაშქრობის გარეშე, იგი ესწრაფვის უვნებლად დაეუფლოს ყველაფერს ცისქვეშეთში,.. ამას ჰქვია ბრძოლა სამხედრო ოსტატობით“ 13. სუნ წი გმობს ომს, რამეთუ მას ძალიან ბევრი უბედურება მოჰყვება; ომი ასევე საჭიროებს უზარმაზარ ხარჯებს, რაც აჩანაგებს ქვეყნის ხაზინას და შესაბამისად სამეფოს შიგნიდან განადგურების საფრთხეს ქმნის.14 ყველას უს სამეფოს მსგავსად როდი „უმართლებდა“, ამიტომ სუნ წი მათ მტრის გასანადგურებლად ჯაშუშთა ურთულესი სისტემის ჩამოყალიბებას სთავაზობდა15. მსტოვართა ამგვარ რთულ სისტემას სხვაგან არსად ვხვდებით – სუნ წი თვლიდა, რომ მტერს მხოლოდ მაშინ ამარცხებ, როდესაც იცი მისი გეგმები; გეგმები კი იცი მაშინ, როდესაც კარგი ჯაშუშები გყავს. ის უპირატესობას მოწინააღმდეგეების ერთმანეთზე გადაკიდებასაც ანიჭებს, რაც ჩინეთის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა.
შედეგად ნაშრომმა, რომელსაც, წესით, უნდა გაემყარებინა სამხედრო ელიტის ავტორიტეტი, პირიქით, გაზარდა სტრატეგოსთა და პოლიტიკოსთა გავლენა – უპირატესი გახდა არა ომი და პირდაპირი საგარეო ექსპანსია, არამედ ეშმაკობა და ირიბი საგარეო პოლიტიკა. საყურადღებოა, რომ სუნ წი აქ არ გულისხმობს დიპლომატიას, ის არ განიხილავს სხვა სამეფოებთან მშვიდობიან თანაარსებობას; ის მტერს მარადჟამ მოიაზრებს. ზუსტად ამიტომ გახდა ის მებრძოლ სამეფოთა პერიოდში ასეთი პოპულარული და ზუსტად მუდმივი საგარეო საფრთხის გამო შეუწყო მან ხელი კედლების მშენებლობას – როდესაც ჯარის მნიშვნელობა ეცემა, ქვეყანას, ხალხს სჭირდება ხელშესახები უსაფრთხოების გარანტი და ეს, ამ შემთხვევაში, კედელი გახდა.
მეორე მოსაზრების თანახმად, ჩინეთში საფორტიფიკაციო ნაგებობების მასშტაბური მშენებლობა მო წი (墨子) ფილოსოფიამ განაპირობა. მო წი მებრძოლ სამეფოთა ადრეულიპერიოდის ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსი და დიპლომატია. მისი ფილოსოფია ეფუძნება საყოველთაო სიყვარულს, ამიტომ მოისტების სკოლაში, რომელიც თავისი უმკაცრესი წესრიგით იყო ცნობილი, რეგულარულად იყრიდნენ თავს ყოფილი სამხედროები და მსჯელობდნენ ომების, მტრობისა და უსამართლობის აღკვეთის ეფექტურ გზებზე. აღსანიშნავია, რომ მო წის საყოველთაო სიყვარული (jiān’ài – 兼 愛 ) მკვეთრად განსხვავდება კონფუცის ადამიანის სიყვარულის კონცეფციისაგან (ren’ai – 人爱 ). ეს უკანასკნელი აპრიორულად გულისხმობს, რომ საკუთარი მამა უფრო მეტად უნდა გიყვარდეს, ვიდრე მეზობელი; ჩინელი უფრო მეტად უნდა გიყვარდეს, ვიდრე უცხო ტომის ადამიანი (ბარბაროსი). მო წის საყოველთაო სიყვარული კი თავისი არსით ქრისტიანობასთან და ბერძნულ „აპარესთა“ უფრო ახლოს დგას და ქადაგებს თანხმობასა და ყველა ადამიანს შორის ღვთაებრივ ყოვლისმიმტევებლურ გულკეთილობას. ამას მო წი ზუსტად ისე ასაბუთებს, როგორც რამდენიმე საუკუნის შემდეგ ქრისტე იქადაგებს – ჩვენ თითოეული ადამიანი იმიტომ უნდა გვიყვარდეს, რომ იგი ზეცას (ღმერთს) უყვარს; დააკვირდით ზეცის დამოკიდებულებას ადამიანთადმი – ის, განურჩევლად ყველაფრისა, ყველა ადამიანს ერთნაირად ათბობს. მას სურდა ზეცის მაგალითად მიწაზე წესრიგის დამყარება. “რა არის უწესრიგობა?” – კითხულობს მოიზმის მიმდევარი და პასუხობს: “ეს არის ის, როცა შვილს თავისი თავი უყვარს ხოლო მამა არა, როცა ქვეყნის მმართველებს უყვართ თავისი ქვეყანა, სხვას კი ომით ემუქრებიან”16. მოიზმის მიხედვით, ადამიანის მორალი არ არის კულტურული ფენომენი, ამიტომ ჩინური კულტურა ვერ იქნება მორალის უნივერსალური ეტალონი და „ბარბაროსსაც“ ისევე შეუძლება საყოველთაო სიყვარული, როგორც რიგით ჩინელს – ეს თვისება ისეთივე ჩვეულია ადამიანთთავის, როგორი ბუნებრივობითაც მიიწევს ცეცხლი ზემოთ, ხოლო წყალი ქვემოთ. სუნ’წს მსგავსად მო წიც გმობდა ომს, თუმცა მისი მთავარი არგუმენტი იყო არა დიდი დანახარჯები და ქალაქების ნგრევა, არამედ ადამიანთა სიცოცხლის მოსპობა. ის ამბობდა, რომ ყველა უბედურების სათავე ადამიანის ეგოიზმია, ომი კი მისი ყველაზე დიდი გამოვლინებაა, ამიტომ მო წი ჭანგუოს პერიოდში მტრულ სამეფოებს
შორის მედიაციით ცდილობდა ომების აღეკვეთას – ცნობილია, რომ მო წიმ თავისი დიპლომატიით მოახერხა, ერთი მხრივ, ჩუს სამეფოს სუნზე თავდასხმა შეეჩერებინა, ხოლო , მეორე მხრივ, საუთარი სამშობლო ლუს სამეფო ცის თავდასხმისაგან ეხსნა.17მო წის ამავე პოლიტიკის უცხო სახელმწიფოთა მიმართაც სურდა გაეტარებინა – ის ამბობდა, რომ თუ უცხო ქვეყანას ისე მოეპყრობი, როგორც საკუთარს, ის თავს არ დაგესხმება. მაგრამ ამ ასპექტში მო წი მეტად რეალისტი იყო და კარგად ესმოდა, რომ მისი მოძღვრება ჯერ ჩინეთში და შემდეგ უცხო მხარეში მარტივად და სწრაფად ვერ გავრცელდებოდა. იქამდე საჭირო იყო მოისტურ სახელმწიფოთა უსაფრთხოების დაცვა და მათი განვითარების უწყვეტობის უზრუნველყოფა, ამიტომ პაციფისტურმა მოიზმა დროის მოგების მიზნით მთელი ჩინეთის მასშტაბით დაიწყო საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის წახალისება. მოისტები გამორჩეულნი იყვნენ თავანთი ცოდნით მათემატიკაში, ფიზიკასა და ინჟინერიაში – მათ თავდაცვის სისტემა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანეს, გამოიგონეს უდაბნოებში ქვიშისგან კედლების აღმართვის უნიკალური ტექნოლოგია, რომლის წყალობითაც დღემდეა შემორჩენილი გობის უდაბნოში ჩინეთის დიდი კედლის ზოგიერთი მონაკვეთი. სამეფოთა საზღვრებზე კედლების მშენებლობას ხელს უწყობდა ისიც, რომ, მოისტების აზრით, სახელმწიფო არის თვითკმარი, ის არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვაზე და უნდა იყოს მოქცეული თავისი საზღვრის ჩარჩოებში, რომლის ფიზიკური გამოხატულებაც არის კედელი.
„რისთვის არის საჭირო სახლი {იგულისხმება სახელმწიფო}? რათა დაგვიცვას ზამთრის სუსხისგან, ზაფხულის ხორშაკისგან და ქურდების თავდასხმისაგან. თუ ეს მიზნები მიღწეულია, მეტი აღარ არის საჭირო. ყველაფერი, რაც ამ ჩარჩოებს მიღმაა, უნდა უგულვებელყოთ“.მებრძოლ სახელმწიფოთა პერიოდში ზემოხსენებული ორი დიდი ჩინელის ნაშრომები ჩინურ სამეფოებში ძალზე პოპულარული იყო – იმ დროის სხვა ჩინელ მოაზროვნეთა მსგავსად ისინიც მოგზაურობდნენ ერთი სამეფოდან მეორეში და თავიანთ მოძღვრებას ავრცელებდნენ. ერთნი იღებდნენ, მეორენი უკუაგდებნენ – ესბუნებრივიც იყო, რადგან მაშინ მათი კონკურენტი სხვა ბევრი მოძღვრებაც იყო გავრცელებული. მართალია, კედლების აღმშენებლობა მხოლოდ სუნ წის და მო წის მოძღვრებებით არ იქნებოდა დეტერმინირებული, მაგრამ ერთი რამ ცხადია – მათი აზრების გავრცელების ზენიტში ჭანგუოს ჩინეთი კედლებით დაისერა და ვინაიდან ცინგის დროინდელი ჩინეთის დიდი კედელი სხვა არაფერია, თუ არა მანამდე არსებულ კედელთა ერთობლიობა, ამიტომ, ვფიქრობ, სუნ წის და მო წის ღვაწლი (თუნდაც ირიბი) მის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანია.
ცინის დინასტიის ( 秦 朝 – Qíncháo)დროს მოიზმი ლეგიზმის ჩრდილქვეშ ექცევა. ძვ. წ. 213 წლის წიგნების საყოველთაო წვის დროს მოისტური ფილოსოფიის არაერთი ნაშრომი განადგურდა. დღევანდელობამდის შედარებით სრული სახით მხოლოდ მეცნიერულმა ტრაქტატებმა მოაღწია. რაც შეეხება სუნ წის, ჭანგუოს პერიოდის შემდეგ მისი გავლენაც სუსტდება. უცვლელი რჩება ერთი რამ – ჩინეთის დიდი კედლის დანგრეული მონაკვეთების აღდგება და უკვე არსებულის გაფართოება, მაგრამ ამჯერად ეს უკვე სხვა მიზეზებით იყო განპირობებული.
ჩინეთის დიდი კედელი – იზოლაციონიზმის სიმბოლო თუ დასავლეთთან უსაფრთხო ურთიერთობის გარანტი
თანამედროვე გერმანელი მწერალი იან ბურუმა, რომელიც შორეული აღმოსავლეთის ისტორიით ძალიანაა გატაცებული, აღნიშნავს ერთ საინტერესო ფაქტს – ყველა ერს აქვს თავისი ნაციონალური არქიტექტურული სიმბოლო, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარსდგება. მაგალითად, ფრანგებისთვის ასეთია ეიფელის კოშკი, ბრიტანელთათვის უენსტმინსტერის სააბატო – დემოკრატიის მონუმენტი, ხოლო ჩინელთათვის კი ჩინეთის დიდი კედელი, რომელიც ათასწლოვანი ჩინური იზოლაციონიზმის ფიზიკური განსხეულებაა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი შეფასება აქვს გაკეთებული ჩინეთის ისტორიით გატაცებულ და არა მასში ღრმად ჩახედულ ადამიანს, რადგან თუ უცხოურ ელემენტს გამოვრიცხავთ ჩინეთის ისტორიიდან და ჩინეთის დიდ კედელს იზოლაციის მხოლოდ ყრუ ობიექტად განვიხილავთ, მაშინ მივიღებთკაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ყველაზე დამახინჯებულ ისტორიას.
დღეს არქეოლოგიური გათხრებით მტკიცდება, რომ ხანის დინასტიამ ( 汉朝) გაცილებით მეტი კედელი ააშენა, ვიდრე ცინგის დინასტიამ, რომელსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეცდომით მიეწერება ჩინეთის დიდი კედლის სრულად აშენება. ჩინეთის დიდი კედლის მთელი დასავლეთი ფრთა, რომელიც ძირითადად გობის უდაბნოს მოიცავს, ზუსტადაც ხანის მმართველების დროსაა აშენებული. საინტერესოა, რით იყო ეს განპირობებული?
ცინგის დაცემის შემდეგ ჩრდილოური ტომების, განსაკუთრებით სიონგნუ(匈奴), შემოსევები გახშირდა – ჩინეთის დიდი კედლის არსებული მონაკვეთი მათ ვერ აჩერებდა. ამიტომ ხანმა მმართველებმა გადაწყვიტეს მიემართათ მტრის დამარცხების ტრადიციული მეთოდისათვის – საკუთარი მტრის მოწინააღმდეგესთან ალიანსის შეკვრა. ასეთი ტომი იმ პერიოდში იუეჭი(月氏) იყო – ცენტრალურ აზიაში მცხოვრები აღმოსავლეთ ირანელი ხალხი, რომელიც ისეთივე თავის ტკივილს წარმოადგენდა სიონგნუსთვის, როგორც ეს უკანასკნელნი – ჩინელთათვის. ამიტომ იმპერატორომა უ ტიმ (武帝) გადაწყვიტა პირველად ჩინეთის ისტორიაში პირველი ოფიციალური მისია მიევლინა ჩინეთის დასავლეთით არსებულ სახელმწიფოოებრივ წარმონაქმნებთან. ამ მისიას ხელმძღვანელობდა ლეგენდარული ჭანგ ციენი (张骞), რომელმაც პირველმა გაკვალა აბრეშუმის დიდი გზა (რომელიც გადიოდა დასავლეთ შაანსი (陕西) და კანსუს (甘肃省) პროვინციებზე და აღმოსავლეთ თურქმენეთისკენ მიემართებოდა) და რომლის კვალი პროექტის “ერთი სარტყელი – ერთი გზის“ (一带一路) სახით დღემდე შესამჩნევია თანამედროვე პოლიტიკასა და ეკონომიკაში.
ჭანგ ციენმა ჩინეთის დასავლეთით თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა- თავდაპირველად ის სიონგნუს ტომმა შეიპყრო; მას ადგილობრივი ქალი მიათხოვეს ცოლად, რომელთანაც ჭანგს შვილი ეყოლა. მან ჩინელთა მტრებთან 10 წელზე მეტი გაატარა და ბოლოს მაინც მოახერხა თავის დაღწევა და მისიის გაგრძელება. ჭანგ ციენმა თითქმის მთელი ცენტრალური აზია მოიარა – ის ეწვია ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა:ფერღანა (ჩინურად Dayuan, 大 宛 ), ბაქტრია (Daxia, 大 夏 ), ინდოეთი (Shendu, 身 毒), პართია (Anxi, 安息), სელევკიდების იმპერია (Tiaozhi, 条支) და მრავალი სხვა. ბოლოს მან სასურველ იუეჭის ტომამდეც მიაღწია, თუმცა მათ საკუთარი პოლიტიკა სიონგნუსთან მიმართებაში უკვე ძირეულად ჰქონდათ შეცვლილი. სამშობლოში დაბრუნებულმა უკვე მოხუცებულმა ჭანგ ციენმა მისიას წარმატებით ვერ გაართვა თავი, მაგრამ მან ჩინეთს დასავლეთის კარი გაუღო, რითაც, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო ისტორიის დინება შეცვალა. ჭანგ ციენმა შემოგვინახა იმ დროის ცენტრალური აზიის ქვეყნების შესახებ ფასდაუდებელი წყაროები – მან ჩინეთს მანამდე უცნობი, მასზე არანაკლებ განვითარებული სახელმწიფოები გააცნო და, ყველაზე მნიშვნელოვანი, შესთავაზა იმპერატორს აბრეშუმის გზის პროექტი და ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში “ძღვენის სისტემის” შემოღება. ამ დროიდან მოყოლებული ჩინეთი ამყარებს მჭიდრო სავაჭრო კავშირს დასავლეთის ქვეყნებთან. ხანელი დიდებულები, მათ შორის თავად იმპერატორიც, ამ ვაჭრობიდან დიდ მოგებას ნახულობდა. ეკონომიკური ურთიერთობის ეს ფორმა ჩინეთში სუკუნეების განმავლობაში არ იყო დაბეგრილი და არ კონტროლდებოდა ცენტრის მიერ, რაც კლასიკური ეკონომიკური თეორიიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ძალიან დიდ მოგებას აძლევდა. ამიტომ ხანის ჩინეთის ხაზინის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ზუსტადაც აბრეშუმის გზა იყო, რომელმაც დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გარდა სხვადასხვა ეთნოსის ვაჭრების მიმოსვლით კულტურული კავშირებიც დაამყარა. ამრიგად ხანის მიერ ჩინეთის დიდი კედლის დასავლეთი ფრთის აშენება არა გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციას, არამედ ზუსტადაც ჩრდილოური ტომებისგან იმ ერთადერთი გზის დაცვას ისახავდა მიზნად, რითაც ის დანარჩენ მსოფლიოს უკავშირდებოდა.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის დიდი კედელი საუკუნეების განმავლობაში იყო არა იზოლაციონიზმის სიმბოლო, როგორც იან ბურუმას მიაჩნია, არამედ სხვა ქვეყნებთან უსაფრთხო ურთიერთობის გარანტი. ჩინეთზე იზოლაციონიზმის გავრცელებული შეხედულება მომდინარეობას ძირითადად გვიან შუა საუკუნეებში ცენტრალური ქვეყნის მიერ უცხოური, განსაკუთრებით ევროპული, გავლენის დასაბალანსებლად, შესასუსტებლად საზღვრების დროგამოშვებითი ჩაკეტვა. მათ დროდადრო თავად ჩრდილოურ ტომებთანაც კი, რომელთაც ადამიანებად არ თვლიდნენ, ჰქონდათ ურთიერთობა – ჩინურმა არმიამ მათგან ისწავლა ცხენოსნობა, მაგრამ ამასა და მრავალ ფაქტს ჩინელები არასდროს აღიარებდნენ.
„ძღვენის სისტემა“ გულისხმობდა დასავლეთის სახელმწიფოებთან ჩინეთისადმი დაქვემდებარებული ურთიერთობის ფორმას, რაც სინოცენტრიზმით იყო განპირობებული. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ჩინეთი არცერთ სხვა სუბიექტს არ აღიარებდა თავის თანასწორად – იყო ცის მხოლოდ ერთი შვილი და ისიც ჩინელთა იმპერატორია. რეალურად, როდესაც სახელმწიფოს სხვა სუბიექტი არ მიაჩნია თავის თანასწორად, იმასთან რაიმე სახის ურთიერთობის ქონა, გარდა ომისა, ნაკლებად შესაძლებელია. ჩინელებს ჩრდილოეთით არსებული ხალხები ადამიანებადაც კი არ მიაჩნდათ და მრავალ წყაროშია შემონახული მათი ცხოველებთან შედარება – „სახით ადამიანები, გულით ველურები“ ეს ჩრდილოური ტომების ყველაზე რბილი მოხსენიებაა. მათი აღმნიშვნელი იეროგლიფებიც კი ძირითადად ძაღლის,წურბელის, მონისა და მრავალი სხვა დამამცირებელი დეტერმინატებისგან შედგებოდა – მაგალითად, სიონგუნს აღმნიშვნელი იეროგლიფის 匈 奴 პირველი ნაწილი ნიშნავს ველურს, ხოლო მეორე მონას. ასეთი დამოკიდებულება „ბარბაროსებისადმი“ არ იყო ჩინელთათვის ექსკლუზიური: რომაელი სამხედრო მოღვაწე და ისტორიკოსი ამიან მარცელინი (IV საუკუნე) ჰუნებზე – „მათ შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე საშინელნი მეომართა შორის“; თეოდოროს სინკელი (VII საუკუნე) ავარებზე – „მათი ცხოვრება განუწყვეტელი ომია“; აბატი რეგინო (IX საუკუნე) მადიარები- „ისინი მეტად ველურ ცხოველებს ჰგვანან, ვიდრე ადამიანებს“. ამასთანავე ბევრ ტომთან ხელშეკრულების დადებას ან რაიმე ცივილიზებულ ურთიერთობას არ ჰქონდა აზრი, ერთი მხრივ, იმის გამო, რომ ეს ტომები დეცენტრალიზებულნი იყვნენ და ყველასთან ხელშეკრულების ცალ-ცალკე დადება შეუძლებელი იყო, ხოლო ერთთან კი აზრი არ ჰქონდა და, მეორე მხირვ, ბევრმა ტომმა (მაგალითად, სიენპეი (鲜卑) არ იცოდა, რა იყო მშვიდობა. ასეთ პირობებში სრულებით გასაგები ხდება, თუ რატომ არიდებდა თავს ან არ სურდა „ზემდგომ“ სახელმწიფოს „ბარბაროსებთან“ რაიმენაირი კონტაქტი და მათგან საკუთარი სამფლობელოების გამოყოფის მიზნით კედელს აშენებდა. თუმცა ასეთ პირობებშიც კი ჩინეთი, დროის მოგების მიზნით, ამ ტომებთან მიმართებაში იყენებდა დიპლომატიას – მაგალითად გამოდგება ხანელებსა და სიონგნუს ტომს შორის დადებული ურთიერთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულება, რომელიც შორეული აღმოსავლეთის ისტორიაში პირველ ხელშეკრულებად ითვლება ორ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს შორის; ან ლიუ პანგის (刘邦), ეგრედ წოდებული, ხეცინის (Heqin) პოლიტიკა, რომელიც ჩრდილოეთ ტომებთან არათუ თანაბარ, არამედ დაქვემდებარებულ პოზიციაშიც კი აყენებდა ჩინეთს, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე ცენტრალური ქვეყანა ამაზეც კი მიდიოდა. შედეგად, სიმა ციენის ცნობით, შანიუსა (单于) და მის სამხრეთით სიონგნუელები ხანელებისადმი მეტად მეგობრულნი გახდნენ.
ზემოთქმულიდან, ვფიქრობ, ცხადია, რომ ჩინური დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის სხვა ხერხების მნიშვნელობის დაკნინება და ჩინეთის დიდი კედლის ჩრდილქვეშ დაყენება არასწორია.
ჩინეთის დიდი კედელი – დამცავი ნაგებობა თუ თავდასხმითი პლაცდარმი
თუ დავაკვირდებით ჩინეთის დიდი კედლის დაგეგმარებას, შევამჩნევთ, რომ ის საკმაოდ დაქსაქსულია – ძირითადი ხერხემლის როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით უამრავი განშტოებაა. კედლის სამხრეთი განშტოებები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩინური ქალაქების თავდაცვის დამატებითი გარანტია იყო, ხოლო ჩრდილო მონაკვეთებს, რომლებიც საკუთრივ ჩინეთის საზღვრებს სცილდებოდა და ღრმად იყო შეჭრილი მონღოლეთისა და მანჯურიის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, შედარებით სხვა ფუნქცია ჰქონდათ.
მებრძოლ სამეფოთა პერიოდში ჩინურმა სახელმწიფოებმა ჩრდილოეთით მყოფი ტომები „აყარეს“ ორდოსის, მათი საძოვრების უმნიშვნელოვანესი რეგიონიდან და უფრო ჩრდილოეთით განდევნეს, ხოლო ამ ადგილას დაიწყეს კედლების აგება, რომლებიც, ერთი მხრივ, შეაკავებდნენ მომთაბარე ტომების შემდგომ თავდასხმებს ჩინეთის მიწებზე და, მეორე მხრივ, წარმოადგენდნენ ერთგვარ თავდასხმით პლაცდარმს ჩრდილოეთით ექსპანსიისა და კოლონიალიზმისათვის. როგორც მეორე თავში ვნახეთ, ჭანგუოს პერიოდში ჩინური არმია ნაკლება მობილური იყო და არ ახასიათებდა მას მტრის დიდ მანძილებზე დევნა, ამიტომ გამოსავლად სიმაგრეებზე მიბმული არმიისათვის გახდა „მოძრავი კედლების“ აგება, რომლებიც თანდათან იჭრებოდნენ მტრის ტერიტორიის შუაგულში.
ამ ტრადიციას მოგვიანებით სხვა ჩინური დინასტიებიც აგრძელებენ – ს’მა ციენის ცნობით: „მას შემდეგ, რაც ცინმა სამყარო გააერთიანა, გაგზავნა უზარმაზარი არმია მენგ თიენის ( 蒙恬) მეთაურობით ჟუნისა და ტის ტომების ჩრდილოეთით განსადევნათ. მან მათ წაართვა ყვითელი მდინარის {იგულისხმება ხუანხე} ჩრდილოეთით არსებული მიწა და იქ გრძელი კედელი ააშენა, რომელსაც ჰქონდა გასასვლელი პუნქტები და საგუშაგოები.კედელი საკმაოდ იყო მორგებული ადგილობრივ რელიეფს. ის იწყებოდა ლინტაოში და ლიაოტუნგამდე აღწევდა.“
ჩინეთის დიდი კედლის ჩრდილოეთით არსებული მონაკვეთების თავდასხმით პოლიგონად გამოყენების მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად იკვეთება ხანის დინასტიის დროს, კერძოდ, იმპერატორ უ ტის საგარეო პოლიტიკის გატარებისას. მან თავისი ზეობის დასაწყისში დაიწყო ჩრდილოეთით კედლების მასშტაბური მშენებლობა. ერთი შეხედვით, ასეთი იმპერატორის საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთთან მიმართებაში თავდაცვითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ზუსტადაც რომ პირიქით მოხდა – კედლების, ანუ რეალურად, როგორც აღმოჩნდა, ჩინელთა თავდასხმითი სიმაგრეების აგების შემდეგ უ ტიმ შეცვალა მანამდე ხანელი მმართველების მშვიდობიანი პოლიტიკა ჩრდილოეთის ტომებისადმი და დაიწყო ფართომასშტაბიანი ექსპანსიონიზმი. იმპერატორი თავისი ლაშქრობების დროს ღრმად შეიჭრა მონღოლეთის ცენტრალურ რეგიონში და იქ მყოფ ტომებს სასტიკი მარცხი აგემა. მას შემდეგ მთელი მისი მმართველობის განმავლობაში ჩინეთს ჩრდილოეთიდან არ შეჰქმნია მნიშვნელოვანი პრობლემები. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ისტორიულ წყაროებში ხანის დროს ჩრდილოეთით აგებულ კედლებს ისტორიკოსები არა კედლად, არამედ უფრო სამხედრო პოსტად ( 军卫, jūnwèi) მოიხსენიებენ.
ამრიგად ჩინეთის დიდ კედელს და, განსაკუთრებით, მის ჩრდილოეთ განშტოებებს ორმაგი ფუნქცია ჰქონდათ – თავდაცვის გარდა ისინი თავდასხმის მიზნითაც გამოიყენებოდნენ და მეტიც, როგორც ზემოთ მოყოლილიდან ჩანს, ზოგიერთ მონაკვეთში თავდაპირველად ისინი ზუსტადაც თავდასხმის მიზნით აშენდა – ჭანგუოს პერიოდის მიწურულს ხუანხეს ჩრდილოეთით ჯერ კიდევ მომთაბარეები სახლობდნენ; ცინმა ისინი იქიდან განდევნა და კელდები ააშენა; მოგვიანებით ხანმა ზუსტად ეს კედლები გამოიყენა ჩრდილოეთით ექსპანსიისათვის და როდესაც შეიჭრა მონღოლეთში, იქ ისევ და ისევ შემდგომი ექსპანსიის მიზნით კვლავ კედლებს აგებს. ჩინური კედლების ესორმაგი ფუქცია ნათლად გამოხატავს მათი კოლონიალიზმის ხასიათს – ჩინეთს, როგორც სტარ ტრეკის ბერგს, არ სურს მტრის დაპყრობა, მას მისი ასიმილაცია სწადს. ამიტომ ის თავად მტრისავე მიწაზე კედლების აგებით ქმნის იმ სივრცეს, რომლითაც მისი ასმილაციის, გაჩინურების პროცესს უყრის საფუძველს.
ცინ ში ხუანგტი მენგ ძიანგნუს წინააღმდეგ
ძველად ისტორია მხოლოდ მეფეებზე, დედოფლებზე და, ზოგადად, უმაღლეს სოციალურ ფენაზე იწერებოდა. ითვლებოდა, რომ ისინი იყვნენ მთავარნი; რომ ისტორია მათით განისაზრვრებოდა, ხოლო რიგითი ქალებისა და კაცების ჩვეულებრივი ცხოვრება უინტერესოდ მიიჩნეოდა. არადა მათ გაცილებით დიდი როლი შეასრულეს ისტორიაში, ვიდრე პომპეზურ სასახლეებში ჩაკეტილმა დიდებულებმა. მსგავსია სიტუაცია ჩინეთის დიდი კედლის შემთხვევაშიც – ჩვენ არ ვიცით, რეალურად ვინ ააშენა ეს კედელი, ჩვენ ვერასდროს მივხვდებით, რას ნიშნავს თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე ასეთი მონუმენტური ნაგებობის შექმნა; ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენთ ტანჯვასა და ტკივილს იმ ადამიანებისა და ოჯახებისა, რომლებიც კედლის მშენებლობას ემსხვერპლნენ, რადგან არავინაა, ვინც მათ შესახებ მოგვიყვება. თვით ყველაზე ცნობილი ჩინელი ისტორიკოსი ს’მა ციენიც კი, რომელიც ყველაფერთან ერთად განთქმულია რიგითი ადამიანების ცხოვრების მოყოლითაც, დუმს ჩინეთის დიდი კედლის ნამდვილ მშენებლებზე. შესაძლოა, უმაღლესი სოციალური ფენა მაყოფილი იყო ამ ფაქტით, რადგან მხოლოდ საკუთარი თავი მიაჩნდა ამ ყველაფრის შემოქმედად, მაგრამ საკუთრივ ხალხი ამას ვერ ეგუებოდა – მათ სჭირდებოდათ კედლის აშენებისას ადამიანთა დაღუპვის, ოჯახების გაუბედურების, დაბალი ფენის გაღატაკების რეალური, მათთვის გასაგები მიზეზები და ამბები, ვიდრე უბრალოდ იმპერატორთა დირექტივები იყო. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: „ადამიანს არ შეუძლია მისთვის გაუგებარ სამყაროში ცხოვრება“ – მართლაც, ჩვენი ტვინი ვერ იტანს ვაკუუმს და ყოველთვის ცდილობს მის შევსებას გამოგონილი ამბებით. ამიტომ მსოფლიოისტორიაში და, განსაკუთრებით, ჩინურ ქრონიკებში რეალური ამბები გამოგონილთან საკმაოდ მჭიდროდაა გადახლართული.
ჩინეთის დიდი კედლის შემთხვევაში ასეთი გამოგონილი ამბავი არის ცნობილი მითი მენგ ძიანგნუს (孟姜女) შესახებ, რომელიც პირველად წერილობითი სახით თანგის (唐朝) დინასტიის ზღაპრებში გვხვდება. არსებობს მითის უამრავი ვერსია, თუმცა ძირითადი კარკასი და სიუჟეტი უცვლელია, რაც ყველა ვარიაციის ერთ საერთო შეტყობინებასა და არსზე მეტყველებს. აქ მე წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ვერსიას განძარცვულს ყოველგვარი ზედმეტი დეტალისაგან.
გადმოცემის თანახმად, ორმა მეზობელმა ოჯახმა გადაწყვიტა საკუთარი შვილები ერთმანეთზე დაექორწინებინათ. ამასობაში ცნობილი ხდება, რომ იმპერატორმა ცინ ში ხუანგმა გადაწყვიტა, ააშენოს 10 000 ლის სიგრძის კედელი ჩინეთის ჩრდილოეთით და ამ მიზნით სამეფო დარბაზი მოიწვია. საკითხის განხილვისას ერთ-ერთმა საჭურისმა ჭაო კაომ22 თავი გამოიჩინა – მან იმპერატორს მოახსენა, რომ კედლის თითო ლის ასაშენებლად თითო ადამიანის დამარხვაა საჭირო. სუჭოუს რეგიონში კი არის მამაკაცი, რომელიც თავისი ძალით ათი ათას ადამიანს უტოლდება, ამიტომ მარტო მისი გაშვება კედლის ასაშენებლად სრულიად საკმარისი იქნებოდა23. იმპერატორმა მოიწონა ჭაო კაოს შეთავაზება და ბრძანა ამ მამაკაცის შეპყრობა. ეს უკანასკნელი კი იყო ზუსტად ის მამაკაცი (ფან სილიანი), რომელიც მეზობელი ოჯახის ქალზე, მენგ ძიანგნუნზე აპირებდა დაქორწინებას. იმპერატორის გვარდიამ ფანი მისი ქორწილის დღეს შეიპყრო, დააშორა მეუღლეს და ჩრდილოეთით კედლის ასაშენებლად გაგზავნა. დაშორებისას ფანმა ცოლს უთხრა: „თუ მე წავალ იქ, უკან დაბრუნების შანსი ძალიან მცირე იქნება, ამიტომ ნუ გექნება ჩემი დაბრუნების იმედი“! გაუბედურებულმა მენგ ძიანგნუმ სამწლიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა თავად წასულიყო ჩრდილოეთით და მეუღლისთვის თბილი ტანსაცმელი წაეღო. გზად ის ჯერ მოხუცმა ქალმა შეიფარა და გზა მიასწავლა, შემდეგ ციურმა იმპერატორმა ძადემ გაგზავნა დედამიწაზე ორი ანგელოზი, რომ მენგ ძიანგნუს მდინარის გადალახვაში დახმარებოდნენ, ბოლოს კი კედლის საგუშაგოში გამაგრებულმა ჯარისკაცმა დაეხმარა მეუღლის მოძებნაში, მაგრამ სადღა იყო ფან სილიანი… სასტიკად შეძრულმა ქალმა ისე დაიკივლა, რომ კედლის 20 ლი მთლიანად ჩამოიშალა. გონებადაკარგულს ფანი დაესიზმრა, რომელმაც უთხრა, რომ მისი და სხვათა ძვლები ამ (ჩინეთის დიდ კედელში) კედელშია დამარხული.
მენგ ძიანგნუს ამბავი თავად იმპერატორამდე მივიდა – ცინ ში ხუანგი მოიხიბლა სამეფო კარზე დაბარებული ქალის სილამაზით და გადაწყვიტა ის ცოლად შეერთო. ამის გამგონე მენგ ძიანგნუმ ჩახედა ცის შვილს თვალებში და უთხრა: „თქვენ ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეთ, ახლა ჩემი მეუღლეც აღარაა ცოხლებში. თქვენო აღმატებულებავ, თქვენ დაგავიწყდათ ხალხი. დიდებული მმართველისათვის ეს ძალიან სულელური მიდგომაა!“ 25
უცნობია, როგორ დაასრულა სიცოცხლე მენგ ძიანგნუმ – ის იმპერატორისთვის ამის თქმის გამო სიკვდილით დასაჯეს თუ თავად მან მოიკლა თავი. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მენ ძიენნუმ მდინარეში დაიხრჩო თავი, ხოლო მისი სხეული ამავე მდინარეში სევდისაგან ცივ, უგრძნობ კლდედ გადაიქცა, რომელიც დღემდე არსებობს. ამ მდინარესთან ახლოს, ჩინეთის დიდი კედლის შანხაიგუანის კარიბჭიდან 5 კილომეტრში მეცხრე საუკუნეში აშენდა მენგ ძიანგნუს სახელობის ტაძარი; მეთექვსმეტე საუკუნეში ამ ტაძარს ულამაზესი ბაღიც მიუშენეს…
ასე იქცა მითი რეალობად. ეს არ არის უბრალოდ გამოგონილი ამბავი ერთი ქალის უბედურების შესახებ – ეს არის ათასწლეულების განმავლობაში ჩინელი ხალხის ჩინეთის დიდ კედელთან დაკავშირებული უბედურებისა და ტანჯვის ეპოპეა. ამ მითის სტროფებს შორის იკითხება გაცილებით მეტი სევდა, გაცილებით მეტი ტკივილი დაგაცილებით მეტი რეალობა, ვიდრე, ერთი შეხედვით, ჩანს. მასში გამოთქმული თითოეული ფიქტიურობის უკან საშინელი ფაქტიურობა დგას.
ჭაო კაოს მიერ იმ ფაქტისთვის ხაზის გასმა, რომ კედლის თითო მილის ასაშენებლად თითო ადამიანის დამარხვაა საჭირო როდი გულისხმობს ჩინეთის დიდ კედელზე გავრცელებულ ერთ-ერთ ცნობილ მითს, რომ მის გასამაგრებლად მასში ადამიანებს მარხავდნენ. ამ ნათქვამის უკან იგულისხმება ზუსტად ის, რასაც ფანი ეუბნება თავის მეუღლეს განშორებისას – კედლის აგებაზე ადამიანები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ; მათი შრომა იმდენად მძიმე და მტანჯველი იყო, რომ უკან არავინ ბრუნდებოდა. ამ თვალსაზრისით, კედელს სიცოცხლეები პირდაპირი მნიშვნელობით მიჰქონდა. სამუშაო იმდენად აუტანელი იყო, რომ ის ხანის დინასტიის დროს დამნაშავეთათვის ყველზე სასტიკ სასჯელად – ნელ სიკვდილად მიიჩნეოდა. ამ განაჩენის მქონე ადამიანებს შუბლზე დადაღებული ჰქონდა სიტყვები „კედლის მშენებლი“, რაც მათ ბედს მთელი სიგრძე-სიგანით გადმოსცემდა.
კედლის აშენებას სჭირდებოდა უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური კაპიტალი- მის ასაშენებლად მონები ხშირად არ იყვნენ საკმარისნი, ამიტომ მათ რიგებს ჯარისკაცები და უბრალო გლეხებიც ემატებოდნენ. შედეგად, გარდა იმისა, რომ ორივე ფენაში იზრდებოდა უკმაყოფილების განცდა, რაც აჯანყების საშიშროებას ქმნიდა, ასევე ეცემოდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაც, რაც მთელ ქვეყანას შიმშილით ემუქრებოდა. შესაძლოა, კედლის აშენების შედეგებით გარკვეულწილად ჩრდილოეთის მოსახლეობა კმაყოფილი იყო, მაგრამ სამხრეთელებს, რომელთა ინტერესშიც ის სრულებით არ შედიოდა, გარდა იმისა, რომ უნდა ემუშავათ კედლის აგებაზე, ამასთანავე მათ ოჯახებს მშენებლები საკვებით უნდა უზრუნველეყოთ. გვიან შუა საუკუნეებამდე ჩინეთში არ არსებობდა ბრინჯის ის სახეობა, რომელიც მშრალ რეგიონებშიც ხარობდა, ამიტომ საკმაოდ დიდხანს ჩინეთის ყველა კუთხეს ბრინჯით მხოლოდ სამხრეთი უზრუნველყოფდა. შესაბამისად მათზე ტვირთი გაცილებით დიდი იყო, ამიტომ სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ ჩინეთში გლეხთა აჯანყებები ძირითადად ამ რეგიონში ხდებოდა. სუის დინასტიის (隋朝)იმპერატორ იანგ ტიმდე (隋炀帝) ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაკავშირება ძირითადად ხმელეთით ხდებოდა. ამ გზით
საკვების გადაზიდვა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, რაც ხაზინისთვის დამატებითი ტვირთი იყო. მხოლოს იან დის დროს მოხერხდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მდინარეების ერთმანეთთან არხებით დაკავშირება, რამაც ტრანსპორტირება გაამარტივა და შედარებით იაფი გახადა. თუმცა მინის დინასტიის მაგალითმა გვაჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადი გახდა ამ დროს სახელმწიფო – არხის დროებითი მოშლა და ალტერნატიული წყაროს არ არსებობა (ზღვებზე იაპონელი მეკობრეები თარეშობდნენ) კედლის მშენებლობას წლობით აფერხებდა და მოსახლეობის უკმაყოფილებას მეტად ზრდიდა. ამიტომ ჩინეთის დიდი კედლის შექმნა, სრულყოფა უკავშირდება ჩინეთის ისტორიის მხოლოდ ზედმეტად სასტიკ, დიქტატორ მმართველებს, რომელთა ზეობისას მთელი ძალაუფლება იყო ცენტრალიზებული. გამოცდილება აჩვენებდა, რომ კედლის აგებაზე იმდენივე იხარჯეობდა, რამდენიც ღია ომის წარმოებაზე („კედლის ჩრდილოეთით ვიბრძვით, კედლის სამხრეთით ვიღუპებით“26), ამიტომ ის ყოველთვის არა მარტო უბრალო ადამიანების, არამედ კონფუციელი ჩინელი ჟამთააღმწერლების განსაკუთრებული გაკიცხვის საგანიც იყო. მაგალითად, ხანელი ისტორიკოსი ძია ი თავის ესეიში „ცინის შეცდომები“ აღნიშნავს, რომ იმპერატორმა ცინმა თავისი მიდგომით ქვეყნისა და ხალხისადმი თავიდანვე განსაზღვრა თავისი დინასტიის მომავალი. ცინი არის საუკეთესო ილუსტრაცია აბსოლუტური მმართველისა, რომელსაც ძალად მხოლოდ ჯარი, მკაცრი კანონები და კედლის აგება მიაჩნდა, მაშინ, როდესაც კეთილისმყოფელობასა და ჰუმანურობას გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა. ძია იმ ფაქტობრივად წერილობით გადმოსცა ის, რაც თავის დროზე მენგ ძიანგნუმ იმპერატორს სახეში უთხრა.
ზუსტად მითი მენგ ძიანგნუს შესახებ გახდა ის ნარატივი, რომლის პრიზმითაც ჩინელი ხალხი უყურებდა ჩინეთის დიდ კედელს. ამ უბრალო ქალბატონმა თავისი თავდადებით ჩინელთა გულებში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა – კედლის აშენებით გამოწვეულ კრიტიკულ სიტუაციებში ან უბრალოდ არსებულ დესპოტურ ძალაუფლებასთან კონფრონტაციისას რიგითი ადამიანებისათვის მაგალითს მენგ ძიანგნუწარმოადგენდა. ხალხის ასეთი მხარდაჭერა თავად მითშიც ჩანს – ყველა, მოხუცი ქალბატონი (მიწათმოქმედთა ფენა), ჯარისკაცი (სამხედრო ფენა) და ციური იმპერატორი (ცის ნება) მონარქისა და დიდებულების საწინააღმდეგოდ მხარს უჭერენ და ეხმარებიან მას. მითი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე იმით განსხვავდება ზღაპრებისა და არაკებისგან, რომ მისი პერსონაჟები საკრალურნი ხდებიან, ხოლო მათი ქმედებები კი ზოგადადამიანური ქმედებების მოდელად იქცევა. ყველა ის აჯანყება კი, რომელიც მენგ ძიანგნუს გმირობით იყო შთაგონებული სხვა არაფერი იყო თუ არა რიტუალი, რომლის შესრულებისას ადამიანები გადადიოდნენ ერთგვარ განყენებულ დროში, შეიძლება ითქვას, იმ დასაბამიერში, როდესაც ეს რიტუალი (მენგ ძიანგნუს გმირობა) პირველად შესრულდა.
შესაძლოა, ჩინეთის დიდი კედლისადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება განპირობებული ყოფილიყო იმით, რომ მისი აშენება უკავშირდებოდა არაპოპულარულ, არაკონფუციანელ მმართველს, ცინ ში ხუანგტს, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – ჩინეთის დიდი კედელი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მრავალი მიზეზის გამო არა ჩინელთა სიამაყედ, არამედ მათი უბედურებების, ტანჯვისა და ტკივილის მიზეზად ითვლებოდა.„ქვის დრაკონი“ ეროვნულ სიამაყედ მხოლოდ მეოცე საუკუნეში გახდა, ისიც ისევ არა ქვემოდან, არამედ ზემოდან ნაკარნახევი ძალით.
ჩინეთის დიდი კედლის ასაკი
იუენის დაცემისა და ჩინეთიდან მონღოლების გაძევების შემდეგ ეს უკანასკნელნი მთელი მინგის დინასტიის განმავლობაში ცენტრალური სამეფოსათვის საფრთხეს წარმოადგენდნენ – მათი პერიოდული რეიდები, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად პეკინის ალყაში მოქცევაზე, ჩინელი იმპერატორების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო. მინგმა მიჰბაძა სხვა ჩინურ დინასტიებს და, ტრადიციისამებრ, ჩრდილოეთი საზღვრის გასამაგრებლად ჩინეთის დიდი კედლის მონაკვეთების აშენება-გამაგრება დაიწყო. ჩინეთის ისტორიაში შეგვიძლია გამოვყოთ ორად ორი დინასტია, რომელთა დროსაც ჩინეთის დიდ კედელს არც ერთი მონაკვეთი არ შეჰმატებია, ესენია: იუანისა და ცინგის დინასტიები. შესაძლოა, ამისი მიზეზი არის ის, რომ არცერთი მათგანი არ იყო საკუთრივ ჩინური წარმომავლობის; ცინგმა მეტნაკლებად მოახერხა ჩინურ ცივილიზაციასთან ასიმილირება, ალბათ, ამიტომაც გაუფრთხილდა მინგის მიერ აშენებულ კედელს, ხოლო მონღოლების დროს ისეთ დღეში იყო ჩინეთის დიდი კედელი, რომ მინის აღზევებისას მისგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. ახალი დინასტიის ჩრდილოეთი საზღვრის ფორტიფიკაცია მანამდე არსებულზე არნახულად მტკიცე იყო – მინგმა კედლების ასაშენებლად ფართოდ გავრცელებული დაპრესილი მიწის ნაცვლად საშენ მასალად აგური გამოიყენა. ამგვარად მინის დინასტიის დროინდელი კედლები ყველაზე მყარი იყო. ამასთანავე ყველაზე ფართოც, რაც ეტლებს მათზე გადაადგილების საშუალებას აძლევდა. კედელს მთელს სიგრძეზე დამატებით 25 000 საგუშაგოც მიუშენეს. ასეთ პირობებში, წესით, მინგს ჩრდილოეთიდან სერიოზული საფრთხე არ უნდა შეჰქმნოდა, მაგრამ, სუნ წისი არ იყოს, ციხე შიგნიდან გატყდა (აჯანყებულებმა უ საუკუეის(吴三桂) მეთაურობით შანხაის კარიბჭე (山海关) გაუხსნეს მანჯურიელებს).
1449 წელს თუმუსთან ბრძოლის შემდეგ, რომლის დროსაც თავად იმპერატორიც კი ჩავარდა ტყვედ, ჩინელებმა პეკინის ჩრდილოეთით, პატალინგის მონაკვეთში, დაიწყეს ზუსტად იმ კედლის აღმართვა, რომელმაც ყველაზე უკეთ და სრული სახით მოაღწია ჩვენამდე და რომელსაც ჩინეთში ჩასულ ტურისტებს აჩვენებენ. ბევრ მათგანს კედელზე ექსკურსიისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც კი სჯერა, რომ 2000-წლოვანკედელზე გაიარა. არადა მისი ასაკი მაქსიმუმ 500 წელიწადია, თუ არ ჩავთვლით მეოცე საუკუნეში კულტურული რევოლუციის შემდეგ დენ სიაოპინის ინიციატივით დაწყებულ მასშტაბულ სარესტავრაციო სამუშაოებს. კედლის უდაბნოს მონაკვეთმა, მიუხედავად მოისტების ტექნოლოგიისა, ვერ გაუძლო უდაბნოს ქარბუქებს და დღევანდელობამდის მცირე ფრაგმენტების სახითაა მოღწეული, ხოლო დანარჩენი მონაკვეთების მდგომარეობა ისეთია, რომ საგამოფენოდ არ ღირს.
ამრიგად, ჩინეთის იმ დიდ კედელს, რომელიც ჭანგუოს პერიოდში აშენდა, ხოლო ცინ ში ხუანგტმა გააერთიანა, ჩვენამდე არ მოუღწევია. „პირველი იმპერატორის“ მთავარი ოპონენტის, მენგ ძიანგნუს, ტაძარმა გაუძლო დროს და ის უფრო ძველია, ვიდრე ცინგის დამაარსებლის მთავარი მონუმენტური ქმნილება.
ჩინეთის დიდი კედლის სახელწოდება
ჩინეთის დიდი კედლის ჩინური სახელწოდება (长城 – changcheng) სიტყვა-სიტყვით ნიშნავს გრძელ კედელს ან გრძელ ქალაქს. პირველად ეს ტერმინი გვხვდება სიმა ციენის “ისტორიული ჩანაწერები” (“შიძი“ – „史记”), რომელშიც ხანის დროინდელი ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მებრძოლ სამეფოთა პერიოდში ჩინეთის ცენტრსა (იგულისხმება ძირითადი ხელხემლის სამხრეთი განშტოებები) და ჩრდილოეთით კედელი იყო გადაჭიმული. კედლის აღწერისას სიმა ციენი აღნიშნავს, რომ მისი სიგრძე 10 000 ლიიყო (ცინგის დროს მთელს ჩინეთში შემოღებული საერთო მეტრიკული სისტემის მიხედვით, 1ლი=540მეტრს). მოგვიანებით კედლის ამ სიგრძეს „სიმღერების წიგნში“ ( 詩 經 – shi jing) გენერალი თან ტაოძიც იმეორებს. გამოდის, რომ ჯერ კიდევ ხანის პერიოდში კედლის სიგრძე უკვე 5000 კილომეტრი იყო, რაც არქეოლოგიურად არ დასტურდება. სავარაუდოდ, ძველად ჩინეთში 10 000 ნიშნავდა უთვალავს, ბევრს მსგავსად ქართულში ძველად გამოყენებული 1000-სისა და გულისხმობდა, რომ მისი სიგრძე იმხელაა, რომ მაშინდელ საზომი სისტემის მასშტაბებს სცილდებოდა.
ჩინეთის დიდ კედელს სხვადასხვა დინასტია სხვადასხვა დროს განსხვავებულად აღნიშნავდა. მათ შორის გამოსარჩევია, „საზღვარი“ (塞, sāi), „სიმაგრე“ (垣, yuán), ბარიერი ( 障 , zhàng), „ქალაქგარე ფორტიფიკაცია“ ( 外 堡 , wàibǎo), „სასაზღვრო კედელი“ ( 边 墙 , biānqiáng). ვფიქრობ, ერთი და იმავე ფენომენის ასეთი მრავალგვარი დახასიათება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩინეთის დიდ კედელს მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ჰქონდა განსხვავებული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი, ფუნქციები და რომ მმართველი გვარების მისდამი დამოკიდებულება არ იყო ერთგვაროვანი. საინტერესოა მისი პოეტური სახელებიც: „იასამნისფერი საზღვარი“ ( 紫 塞 , Zǐsāi) და „მიწიერი დრაკონი“ ( 土 龙 , Tǔlóng). XVII საუკუნიდან, ცინგის დინასტიის დროიდან, როდესაც ევროპელები უკვე თავისუფლად აღწევენ ჩინეთის სიღრმეში და ნახულობენ მათთვის ადრე ყურით მოკრულ ფენომენს, ჩინელები მათ „თავიანთ სიამაყეს“ უბრალოდ„გრძელი კედლის“ სახელით აცნობენ. მანჯურიელებისთვის აგურების ამ უაზრო გროვაში არაფერი იყო საინტერესო, მას არც რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა. მაგრამ რაკი „ცივილიზებული“ სამყაროს წარმომადგენლები გაოცნდნენ კედლის მასშტაბური ზომებით, ესე იგი, ის რაღაცად ღირდა…
XIII-XIV საუკუნეებში იუანის ჩინეთში ევროპელთა პირველი მოგზაურობის დროს (ჯოვანი მარინიოლი, მარკო პოლო…) არც ერთი მათგანი არ აღნიშნავს რაიმეს ჩინეთის დიდ კედელზე. იმავე პერიოდში ჩინეთში მოგზაურობს იბნ ბატუტა, რომელმაც ჩასვლამდე იცოდა ამ კედლის არსებობის შესახებ – თავის დღიურში იმასაც წერდა, რომ კედელი ცაიტუნიდან (Zeitun) (დღევანდელი კუანგჭოუ ) 6 დღის სავალზე მდებარეობს, თუმცა საკუთრივ ჩინეთში არ შეხვედრია ადამიანს, რომელსაც ეს ნაგებობა თავად ჰქონდა ნანახი და დაასკვნა, რომ კედლისგან იმდენად უმნიშვნელო ფრაგმენტებია დარჩენილი, რომ ის უკვე აღარავის აღელვებს. ჩინეთის დიდი კედელი არც მინგის დინასტიის დროინდელ პორტებში ჩასულ ევროპელებს ჰქონდათ ნანახი, თუმცა ადგილობრივთა მონაყოლიდან გამომდინარე, მას უკვე დიდებული ეპითეტებით ამკობდნენ – ხუან გონსალეს დე მენდოზა კედელს „ზებუნებრივ ქმნილებას“ უწოდებს.28 პირველი ევროპელი, რომელმაც იხილა ჩინეთის დიდი კედელი და შემოგვინახა თავისიემოციები, იყო ლორდი მაკარტნი – პირველი ბრიტანელი დესპანი ცინგის საიმპერატორო კარზე. იმ დროს ცინგი თავისი ძლიერების ზენიტში იყო – იმპერატორ ციენ ლონგის საზაფხულო რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე ბრიტანელმა ნახა უზარმაზარი კედელი და გაოცებულმა თავის დღიურში ჩაწერა – „ეს არის ყველაზე გასაოცარი ადამიანური ქმნილება“.29 მას შემდეგ მრავალი ქვეყნის მრავალი დესპანი ეწვია ჩინეთს – ყველა გაოცებული იყო ნანახით; ჩინეთის დიდი კედელი ბადალინის მონაკვეთში მართლაც რომ გასაოცარი და გრანდიოზულია და, მით უმეტეს, როდესაც ფიქრობ, რომ ეს კედელი 5000 კილომეტრზეა გადაჭიმული, აღტაცებული რჩები. ზუსტად ასეთი ძლიერი ჩინეთი და ასეთი გრანდიოზული ჩინეთის დიდი კედელი გააცნეს ევროპელებმა დანარჩენ მსოფლიოს30; ზუსტად მათ დაამკვიდრეს ამ ნაგებობის სახელმწოდებაში “Great”, რაც ქართულად დიდს, დიდებულს ნიშნავს. კედელს ეს სახელწოდება ოფიციალურად მიეწერა 1972 წელს ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ვიზიტისას, რომლის დროსაც მან მაო ძედუნთან ერთად კედელზე გაიარა და ბოლოს ათეულობით ჟურნალისტის თანდასწრებით თქვა: „ეს არის დიდი კედელი და ის დიდ ხალხს უნდა აეშენებინა“31.
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამბავი ჩინეთის დიდი კედლის გრანდიოზულობის შესახებ არა საკუთრივ ჩინეთიდან, არამედ ევროპიდან გავრცელდა მსოფლიოში. „ცივილიზებულ სამყაროში“ ჩასული ფაქტები კედლის შესახებ კასეტური ბომბის პრინციპით გავრცელდა მთელ დანარჩენ სამყაროში – ზოგმა იფიქრა, რომ ის კოსმოსიდან ჩანს; ზოგმა ივარაუდა, რომ ის იმიტომაა ასეთი მყარი, რომ მასში ათასობით ადამიანის სხეულია დამარხული; ზოგმა კი მართლა დაიჯერა, რომ გიზის პირამიდებს ასაკით კონკურენტი გაუჩნდათ…
ჩინეთის დიდი კედელი და ნაციონალური სენტიმენტები
1911 წელს ცინგის დინასტიის დაცემის შემდეგ ჩინეთი არეულობამ მოიცვა – ერთნი მონარქიის რესტავრაციას უჭერდნენ მხარს, მეორენი – ღია, დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას, ხოლო მესამენი კი – კონფუციურ იდეოლოგიასთან შეზავებულ კომუნისტურ ქვეყანას. დღეს ვიცით, რომ ამ უკანასკნელებმა გაიმარჯვეს – 1949 წლის 1 ოქტომბერს დაარსდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, თუმცა იქამდე გზა სისხლიანი იყო; მრავლის მნახველმა ჩინეთის დიდმა კედელმა ერთბაშად სამოქალაქო და მსოფლიო ომები გადაიტანა; დაიღვარა როგორც შინაურის, ისე გარეშე მტრის სისხლი. „ქვის დრაკონმა“ უახლეს მსოფლიოს ისტორიაში პირველად და, ვიმედოვნებ, უკანასკნელად შეასრულა ფრონტის ხაზის ფუნქცია და იაპონელთა ინტერვენციის დროს იყო ჩინელთა როგორც თავდაცვის, ისე თადასხმის ფორპოსტი32. თუმცა, ალბათ, ხვდებით, რომ ის თავის დანიშნულებას წარმატებულად ვერც ამ შემთხვევაში ართმევდა თავს და ჩინეთი ბოლო 100 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ დამარცხდა. მოძრაობა ჩენ ტუსიუს (ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი გენერალური მდივანი) მეთაურობით ამაში ჩინეთის ჩამორჩენილობას ადანაშაულებდა. მათი მტკიცებით, როგორც ჩინეთის დიდი კედელია დრომოჭმული და ვერ იცავს ქვეყანას იაპონელთა თანამედროვე ჭურვებისაგან, ისე ჩინეთია განვითარების თვალსაზრისით დროს აცდენილი და სათანადოდ ვერ პასუხობს გამოწვევებს. მათი ოპონენტები კი თვლიდნენ, რომ ზუსტადაც ტრადიციების შენარჩუნებითაა შესაძლებელი არსებული სიძნელეების გადალახვა. მათ შორის მრავლად იყვნენ ნაციონალისტებიც და კომუნისტებიც, თუმცა ნაციონალურ სენტიმენტებთან ერთად დროის მოთხოვნებს სოციალური პოპულიზმიც პასუხობდა, ამიტომ ძალაუფლებაში მოსულმა კომუნისტურმა პარტიამ ჩინეთის დიდი კედელი ერის გამთლიანების სიმბოლოდ ოფიციალურად გამოაცხადა. მართალია, მაო ძედუნის კულტურულ რევოლუციას ჩინეთის დიდი კედლის ზოგიერთი მონაკვეთიც ემსხვერპლა – აგურებს აცლიდნენ და გზებს აგებდნენ, თუმცა მისი მმართველობა, საერთო ჯამში, დღეს ფასდება როგორც „დამცირების 100წლის“ დასასრულად და ჩინური ნაციონალიზმის აღმოცენების ეტაპად. ბუნებრივია, ამ პერიოდში მაო ძედუნი „პირველ იმპერატორს“ შეედარა, ხოლო მის ყველაზე დიდ დამსახურებად კი „კედლის აშენება“ – ერის გამთლიანება ჩაითვალა. მითოსური და ისტორიული პერსონაჟი მენგ ძიანგნუ ანტიკონფუციანელად და „ლეგიზმის შხამიან მცენარედ“ შერაცხეს, რაც გულისხმობდა, რომ ამ დროიდან არსებული რეჟიმისადმი კრიტიკა და განსხვავებული აზრი სამშობლოს მოღალატეობად ითვლებოდა.
ერთხელ ნაპოლეონმა თქვა, – “ჩინეთი ჰგავს მძინარე ლომს და მისი გამოღვიძება ევროპას (მაშინდელ სამყაროს) ააცახცახებს“. 80-იან წლებში დენ სიაოპინის ეკონომიკური რეფორმების შედეგად „ცენტრალურმა ქვეყანამ“ წელში გამართვა დაიწყო და დღეს ის უკვე მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკაა, ხოლო მეხუთე თაობის ტექნოლოგიების დამზადების მხრივ უკონკურენტო ქვეყნაა. 1997 წელს მან ბრიტანეთისგან ჰონკონგი დაიბრუნა – ეს იყო მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ზუსტად ამ ქალაქის წართმევის შემდეგ (1842 წ.) დაიწყო ჩინეთის „ჩაგვრის საუკუნე“. ამ ფაქტის აღსანიშნავად თიენანმენის მოედანზე ჩინელებმა თავიანთი სხეულით ჩინეთის დიდი კედელი გამოსახეს, რითაც ქვეყნის გამთლიანება აღნიშნეს. 2008 წელს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის ჰიმნი ისევ თავიანთი ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოზე შექმნეს: „ჰეი, აღდექი ის, ვისაც არ გსურს მონობა! ჩვენი სისხლითა და ხორცით ახალი ჩინეთის დიდი კედელი ავაშენოთ!“
ჩინელებმა მართლაც „ააშენეს“ ახალი ჩინეთის დიდი კედელი, ოღონდ ის უფრო ვირტუალურია, ვიდრე ფიზიკური – უახლესი ტექნოლოგიის მეშვეობით დღეს მთელს ჩინეთს ინტერნეტის ქსელები სერავენ; ისინი თითოეული ადამიანის საქმიანობის უშიშროების სამსახურებთან დაკავშირებით და ტოტალური ინტერნეტ კონტროლით, ტრადიციისამებრ, ემსახურებიან გარეშე ძალებისაგან ჩინური სახელმწიფოსა და არსებული რეჟიმის დაცვას.
დასკვნა
ამბობენ, ჩინეთის დიდ კედელს „მაჟინოს სინდრომი“ სჭირს – მან ჩინეთი სათანადოდ ვერასდროს დაიცვა, თუმცა შეძლო დღევანდელობამდე საკუთარი თავის შენახვა. ის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მრავალი მოვლენის უტყუარი მოწმე იყო – მის საძირკველთან ასობით ათასობით ადამიანი დაღუპულა, ზოგი ომში დაეცა, ზოგი კი მის აშენებას ემსხვერპლა. მან ჩინეთის ისტორიის გარიჟრაჟზე უზარმაზარ ფართობზე ფესვები გაიდგა და კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის განუყოფელი ატრიბუტი გახდა. ამ რეფერატის დაწერის შემდგომაც ძნელია იმის თქმა, თუ რეალურად რა არის ჩინეთის დიდი კედელი, რამდენად განსაზღვრა მან ჩინელი ხალხისა და დანარჩენი მსოფლიოს ისტორიული დინება.
ჩინელმა ჯარისკაცმა, როგორც სხვა ნებისმიერმა რიგითმა ჩინელმა, ბევრი რამ იცოდა ჩინეთის დიდ კედელზე, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ერთ მათგანს მისი მნიშვნელობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ლამის ნანგრევებად ქცეული კედელი მეოცე საუკუნის მიწურულს ახალი დანიშნულებითა და დატვირთვით ფერფლიდან ფენიქსივით კვლავ აღორძინდა. ვნახოთ, ამჯერად სადამდის გასწვდება მისი ეს ახალი როლი…
ბიბლიოგრაფია:
გამოკვლევები:
- Джулия Ловелл, „Великая Китайская стена“, Перевод А. Юрьева, Историческая библиотека, 2008, ст. 3, 18, 56, 60-65, 70-85.
- Man, John, “The Great Wall – The Extraordinary Story of China’s Wonder of the World”, DaCapo press, 2008, p. 19-20, 37-51
- Needham, Joseph, „Science and Civilization in China, Physics and Physical Technology, Part III: Civil Engineering and Nautics”, Cambridge University Press, 1971, p.58-90
- Norden, Bryan W. Introduction to Classical Chinese Philosophy, Hackett publishing, 2011, p. 52
- Рубин Виталий Аронович, Личность и власть в Древнем Китае, Москва, из.: Corpus Sericum, 1999, ст. 384
- გორდეზიანი რ., ჭელიძე მ., ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია // ინდოეთი, ჩინეთი. თბილისი 2001, გვ. 87
- ჰიუმი, დევით, “გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ”, გამომცემლობა Carpe diem, გვ. 60
- Arthur Waldron, Cambridge Studies in Chinese History, Literature and Institutions – The Great Wall of China_ From History to Myth, Cambridge University Press (1990), P. 165-194
- Nancy Steinhardt, Chinese Architecture_ A History, Princeton Univers Press (2019), p. 150- 162
- Lach, Donald F (1965). Asia in the Making of Europe. I. The University of Chicago Press. p. 769
წყაროები:
1. მთავარი რედაქტორი ნადარაია ნ., კრებული „ჩინეთი ჟამთა სივრცეში“ – თავი
„ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ“, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2007, ჩინურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ზურაბ მამნიაშვილმა, (3:2,5), (2:5), (13:1-6)
2. გილგამეშიანი, ძველი შუამდინარული ეპოსი, ზურაბ კიკნაძის თარგმანი, გამომცემლობა მემკვიდრეობა, 2009 წ. თბილისი, გვ. 53-54
ლექსიკონები:
Русско-китайский китайско-русский словарь 大 БКРС/ ელ.: https://bkrs.info/
ვიდეომასალა:
- National Geographic: Вдоль Великой Китайской стены HD, 2019. https://www.youtube.com/watch?v=3_5_GoiF5AM
- President Nixon In China – On the Great Wall, 1972 https://www.youtube.com/watch?v=jkCnv12WtbU
ავტორი: ედგარ ბრუტიანი
Discussion about this post