თაივანი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულია, რომლის სტატუსიც, როგორც The Atlantic-ისთვის დაწერილ სტატიაში კრის ჰორტონმა (2019) აღნიშნა, „გეოპოლიტიკური აბსურდია“. მას მისი მთავარი მოკავშირე, აშშ-იც, კი არ აღიარებს და ჩინეთისგან მუდმივი საფრთხის ქვეშაა. ჩინეთი თავს „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას“ (People’s Republic of China – PRC) უწოდებს, ხოლო თაივანი – „ჩინეთის რესპუბლიკას“ (Republic of China – ROC) და ორივე მათგანი საკუთარ თავს ჩინეთის ლეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევს. ჩინეთი თაივანს მის ნაწილად აღიარებს და პირიქით, მაგრამ პრაქტიკაში, რასაკვირველია, მსგავსი ამბიციები თაივანს არ აქვს. ხოლო კომუნისტური ჩინეთისთვის თაივანზე კონტროლის დამყარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თაივანთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, ქვეყნის შიდა პოლიტიკად განიხილავს. თუმცა თაივანის შემთხვევასთან დაკავშირებული გარე აქტორების საკმაოდ დიდი როლის გათვალისწინებით, აღნიშნული პრობლემა რეალურად ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში უფრო ექცევა. ვინაიდან თაივანის დაბრუნება კომუნისტური ხელისუფლების დღის წესრიგში უკვე აქტიურად დგას და შედეგად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ესკალაციები გამორიცხული არაა, აღნიშნული საკითხის შესაწავლა საკმაოდ აქტუალურია. თავდაპირველად აუცილებელია, განხილულ იქნას კონფლიქტის საწყისები და შემდგომ მისი განვითარება, რათა ამჟამინდელ მდგომარეობას მეტი სიცხადე მოეფინოს.
ორი ჩინეთის წარმოქმნა
1895 წელს ჩინურ-იაპონური ომის დამასრულებელი ზავის თანახმად, კუნძული თაივანი იაპონიას გადაეცა და მას 1945 წლამდე მართავდა, როგორც კოლონიას. ხოლო 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების გამო, იაპონია იძულებული გახდა კუნძული ჩან კაიშის ჩინეთის რესპუბლიკის (ROC) ძალებისათვის დაეთმო (Albert, 2020). თუმცა ამ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, ჩინეთში საკმაოდ არასტაბილური სიტუაცია იყო. ორი მთავარი შიდა აქტორი – ჩან კაიშის ნაციონალისტური პარტია – კუომინ ტანგი (KMT) და ჩინეთის კომუნისტური პარტია (CCP) – ერთმანეთის მოქიშპე ძალებს წარმოადგენდნენ, თუმცა იაპონელების მანჯურიაზე თავდასხმის შემდეგ საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო ფრონტით გამოდიოდნენ. ორი მხარე 1920-იან წლებშიც იბრძოდა ერთობლივად სამხედრო მმართველების წინააღმდეგ, თუმცა 1927 წლიდან მათი ერთგვარი ალიანსი იშლება და დაპირისპირება იწყება, ხოლო 1931 წლიდან კომუნისტური პარტია პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა ჩან კაიშის ხელისუფლების წინააღმდეგ. იაპონელების თავდასხმით გამოწვეული შერიგება 1937-1945 წლებში, რასაკვირველია, შერიგების ფაქტორის გაქრობასთან ერთად დასრულდა, რადგან ის თავისი არსით ნაციონალისტურ და კომუნისტურ პარტიებს შორის დროებითი ზავი იყო (Cucchisi, 2002) მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას მათ შორის ძალთა ბალანსს ძირითადად აშშ-სსრკ-ს შორის ურთიერთობები და აღნიშნული ორი ქვეყნის ჩინეთთან ურთიერთობის ხასიათი განსაზღვრავდა. ჩინეთის საკითხთან დაკავშირებით 1945 წელს იალტაში მიღწეული შეთანხმებით, აშშ და სსრკ თანხმდებოდნენ, რომ ჩინეთის ლეგიტიმურ მთავრობას კუომინ ტანგი და მისი ლიდერი, ჩან კაიში, წარმოადგენდნენ. სსრკ-ს, რა თქმა უნდა, ჩინეთის კომუნისტური პარტიისადმი სიმპათიები ჰქონდა, მაგრამ სიტუაციას რეალისტურად აფასებდა და ხედავდა, რომ კოუმინ ტანგს გამარჯვების მეტი შანსი ჰქონდა და მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა. შეთანხმებისამებრ, აშშ-სა და სსრკ-ს ჩინეთში შიდა დაპირისპირების მშვიდობიანი გადაჭრისათვის უნდა შეეწყოთ ხელი (Leffler&Westad, 2010). კუომინ ტანგსა და კომუნისტურ პარტიას შორის ურთიერთობების მოგვარების გარკვეული მცდელობები იყო და მსოფლიო ომის დასრულების შემდგომვე განახლებული შეტაკებები 1946 წლის იანვარში შეჩერდა, ხოლო თებერვალში შეთანხმებასაც მიაღწიეს. თუმცა შეთანხმება არც ერთი მხარის მიერ შესრულდა და 1947 წლიდან ყოველგვარი მოლაპარაკებები შეწყდა და კონფლიქტი გაგრძელდა Cucchisi, 2002). სამოქალაქო ომში გამარჯვების სტრატეგიად კომუნისტების ლიდერმა, მაო ძედუნმა, საბჭოთა კავშირთან ახლო კონტაქტების დამყარება და მჭიდრო თანამშრომლობა დაისახა. მას მოსკოვში სტალინთან ვიზიტიც კი სურდა, რაც სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვერ განხორციელდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაომ სტალინის ყურადღების მიქცევა შეძლო. სტალინმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დახმარების გაზრდასთან ერთად მოწინააღმდეგესთან მოლაპარაკებაც ურჩია, რაზეც მაო წინააღმდეგი იყო. სამოქალაქო ომში გარდამტეხი გახდა საბჭოთა კავშირის მიერ ჩინელი კომუნისტებისთვის (არმიის სახელწოდება – სახალხო განმათავისუფლებელი არამია – PLA) მანჯურიაში არსებული იაპონიის საბრძოლო ტექნიკის გადაცემა. აღნიშნულმა ფაქტმა სამოქალაქო ომში ძალთა ბალანსი მკვეთრად გადახარა კომუნისტების მხარეს, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომში იაპონიასთან ბრძოლებში დასუსტებულ ნაციონალისტურ ძალებს მსგავსი დონის რესურსები აღარ გააჩნდა. შედეგად, მაომ მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება შეძლო და 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (PRC) გამოაცხადა. ხოლო ჩან კაიში თავის ძალებთან ერთად 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციისფლო შედეგად ჩინეთისთვის დაბრუნებულ კუნძულ თაივანზე გადავიდა და ჩინეთის რესპუბლიკის (ROC) მთავრობამ ფუნქციონირება თაიპეიში (თაივანის დედაქალაქი, გამოცხადდა ჩინეთის რესპუბლიკის დროებით დედაქალაქად) განაგრძო.
ამის შემდგომ მაო, რასაკვირველია, თაივანზე გაქცეულ ნაციონალისტების ძალებს თავს დაესხმებოდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. თუმცა სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ რამდენიმე მომცრო კუნძულის დაკავება მოასწრო, მაგრამ არა – თაივანის. ჩინეთის სამოქალაქო ომში კომუნისტების გამარჯვებამ აღმოსავლეთ აზიაში იალტის შეთანხმებაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი შეცვალა. რეგიონში ახალი ძალთა ბალანსი უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საბჭოთა კავშირს შორის კავშირს ემყარებოდა. ეს კი შემაშფოთებელი ცივი ომის პირობებში აშშ-სათვის შემაშფოთებელი იყო (Leffler&Westad, 2010). განსაკუთრებით, კორეის ომის დაწყების ფონზე, რამაც აშშ-ს დაანახა, რომ ჩან კაიშის არასაკმარისი დახმარებით მათ რეგიონში პოტენციური დასაყრდენი დაკარგეს და კორეის დაკარგვის საფრთხეც იყო. აქედან გამომდინარე კორეის ომში ჩართვასთან ერთად აშშ-მა გაზარდა მისი სამხედრო კონტიგენტი თაივანის სრუტეშიც, რითიც მაოს კუნძულ თაივანზე გამაგრებულ ნაციონალისტთა ძალებზე თავდასხმაზე ხელი ააღებინა და ე.ი. ჩან კაიში დაიცვა და გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ მაო თაივანის ასაღებად აქტიურად ემზადებოდა და ამ მიზნისთვის სსრკ-სგან შესაბამისი ტექნიკის ყიდვასაც აპირებდა. ხოლო აშშ, პირიქით, კორეის ომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თაივანის დაცვას და კონფლიქტში ჩარევას სახალხო განმათავისუფლებელი არმიის თაივანზე თავდასხმის შემთხვევაშიც კი არ აპირებდა. საინტერესოა, რომ აშშ სსრკ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობის წარმოქმნას ცდილობდა, ხოლო სანაცვლოდ სსრკ ცდილობდა ჩინეთი ამერიკასთან კონფორნტაციაში ჩაეთრია. სწორედმ ამიტომ უჭერდა ჩინეთს მხარს თაივანზე თავდასხმაში. მეტიც, PLA-ის მიერ თაივანის აღების შემთხვევაში კუნძულის საბჭოთა არმიის მიერ გამოყენება სავარაუდო იყო. თუმცა ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ კორეაზე თავდასხმამ აშშ-ის პოლიტიკა შეცვალა და თაივანის კონფლიქტში აშშ-ის ჩარევამ PLA და დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტი შეაჩერა, თუმცა ის გაყინულ მდგომარეობაში დატოვა (Garver, 2015).
შედეგად წარმოიქმნა ორი ჩინეთი და სწორედ ჩინეთის სამოქალაქო ომის შედეგებიდან მომდინარეობს თაივანის ირგვლივ დღეს არსებული ვითარება. შესაბამისად, ამჟამინდელი დაძაბულობის გასაგებად კონფლიქტის საწყისები ცოდნა საკმაოდ მნიშვნელოვანია. 1949 წლიდან ორი ჩინეთი აგრძელებს არსებობას, კონფლიქტის გადაჭრა ვერ ხერხდება, ხოლო თაივანზე არსებული ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობის უსაფრთხოების მთავარ გარანტორად კვლავ აშშ რჩება. აღსანიშნავია, რომ საკმაო ხნის მანძილზე ქვეყნების დიდი ნაწილი კვლავ ჩინეთის რესპუბლიკას აღიარებდა ლეგიტიმურ ხელისუფლებად და გაერო-ს უშიშროების საბჭოში ჩინეთის ადგილი სწორედ კოუმინ ტანგის წარმომადგენელს ეკავა.
ორ ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა მეოცე საუკუნეში
1950 წელს თაივანის სრუტეში აშშ-ის მიერ ფლოტის განთავსებამ შეიარაღებული შეტაკებები სრულად ვერ შეაჩერა. 1949 წლის ივნისიდან ჩან კაიშის ძალებმა კონტინენტური ჩინეთის ყველა პორტი დახურულად გამოაცხადეს და ფლოტით კონტინენტურ ჩინეთში მიმავალი ყველა უცხოური გემის შეჩერებას ცდილობდნენ, რაც ჩინეთისთვის ვაჭრობასა და მეთევზეობას ზარალს აყენებდა. ასევე კონტინენტურ ჩინეთში დამარცხების შემდეგ ნაციონალისტების ყველა შენაერთი კუნძულ თაივანზე არ გადასულა. დაახლოებით კოუმინ ტანგის დანაყოფი გენერალ ლი მის ხელმძღვანელობით ბურმაში გადავიდა და იქიდან სამხრეთ ჩინეთში პარტიზანული თავდასხმების განხორციელება განაგრძო. მათი რაოდენობა 1950 წლისთვის, დაახლოებით, 1500 ჯარისკაცი იყო, ხოლო 1952 წლისთვის უკვე თითქმის 12 ათასი. გენერალ ლი მის ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა შეიარაღებას აწვდიდა და აფინანსებდა და მას იუნანის მმართველის წოდებაც მიანიჭეს. თაივანზე გახიზნული ჩან კაიშის გარდა გენერალ ლი მის არმიას მხარს უჭერდა აშშ-იც და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მას დახმარებას აწვდიდა. საინტერესოა, რომ ბირმაში განლაგებულ თაივანის ჯარს დახმარებას ტაილანდიც აწვდიდა. კოუმინ ტანგის ძალებმა ბურმიდან ჩინეთის ტერიტორიაზე 60 მილით შეჭრაც კი შეძლეს, მაგრამ იუნანის პროვინციის დაკავება ვერ შეძლეს. აგრეთვე ისინი ოპიუმით ვაჭრობაში ჩაერთვნენ. ბირმის მთავრობა მის ტერიტორიაზე კოუმინ ტანგის ძალების ყოფნას საფრთხედ აღიქვამდა, რადგან ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობებს გააფუჭებდა და შეიძლება ბირმაზე თავდასხმის მიზეზიც კი გამხდარიყო. ამიტომ 1951 და 1952 წლებში გენერალ ლი მის ჯარების განდევნას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. 1953 წელს ბირმამ გაერო-ში აღნიშნული არმიის გაყვანა მოითხოვა და აშშ-ის ზეწოლით, ჩინეთის რესპუბლიკამ 6 ათასი მებრძოლი გაიყვანა, ხოლო გენერალმა ლი მიმ არმია დაშლილად გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე ათასი ჯარისკაცი კვლავ დარჩა, რომელსაც ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა ხელმძღვანელობდა და ამარაგებდა. შემდგომ ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში გაითქვიფნენ (Charoenwong, 2004).
თაივანის სრუტის კრიზისები
1954 წელს ჩინეთის კომუნისტურმა რესპუბლიკამ თაივანის სრუტეში ნაციონალისტთა ძალების მიერ კონტროლირებული კუნძულების ძინმენის (Jinmen), მაწუსა და ტაჩენის კუნძულების დაბომბვა დაიწყო. ამავე პერიოდში აშშ-მა ჩინეთის რესპუბლიკასთან საერთო თავდაცვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულება აშშ-ს დასახელებული კუნძულების დაცვას არ ავალდებულებდა, თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან უფრო ფართო კონფლიქტი შემთხვევაში მხარდაჭერის ვალდებულებას აკისრებდა. ხოლო 1955 წლის იანვარში აშშ-ის კონგრესმა „ფორმოზას რეზოლუცია“ მიიღო, რითაც პრეზიდენტ ეიზენჰაუერს თაივანისა და სრუტეში ჩინეთი რესპუბლიკის მიერ კონტროლირებადი კუნძულების დაცვის უფლებას ანიჭებდა. პირად საუბრებში აშშ ჩან კაიშს დაპირდა, რომ ძინმენსა და მაწუს დაიცავდა, თუმცა მას ტაჩენი უნდა დაეტოვებინა, რადგან ის რთული დასაცავი იყო (US Department of State, n.d.). აშშ-ის სიგნალების მიუხედავად მაო ტაჩენის კუნძულის დაკავების შემდეგაც შეჩერებას არ აპირებდა და კუნძულების დაბომბვას განაგრძობდა. ეიზენჰაუერს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურებმა აცნობეს, რომ ძინმენისა და მაწუს დაცვა ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ბირთვული იარაღის ირიბი მუქარები გააჟღერეს (Chang, 1988). საბოლოოდ კონფლიქტის დარეგულირება 1955 წლის აპრილში ბანდუნგის კონფერენციაზე მოხერხდა, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჭოუ ენლაიმ, აშშ-სთან მოლაპარაკებების სურვილის შესახებ განაცხადა.
კუნძულების ირგვლივ საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა 1958 წელს, როდესაც ჩინეთმა ძინმენისა და მაწუს კუნძულები დაბომბა. ამ დროს აშშ ლიბანში ინტერვენციაზე იყო ფოკუსირებული და მაომ გადაწყვიტა, აღნიშნულ კუნძულებზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარნიზონების მომარაგება შეეჩერებინა, რათა ისინი დანებებულიყუვნენ. ეიზენჰაუერმა არც ამჯერად დაანება კუნძულები მაოს და ძინმენსა და მაწუზე განლაგებული ჩინეთის რესპუბლიკის გარნიზონების მომარაგება დაიწყო, რამაც დაბომბვები და კრიზისი შეაჩერა. თაივანის სრუტეში ერთმანეთის კუნძულების დაბომბვის ინციდენტები 1979 წლამდე გაგრძელდა (US Department of State, n.d.). აგრეთვე მოცემულ პერიოდში მხარეები პროპაგანდის საშუალებითაც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მაგალითად, 1960-იან წლებში ჩინეთის რესპუბლიკა კონტინენტურ ჩინეთში მაოს პოლიტიკების შედეგად გამოწვეულ შიმშილზე აპელირებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ნაციონალისტთა ძალები აშშ-ის დახმარებით ტერიტორიის დასაბრუნებლად ემზადებოდა (Garver, 2016). ეს უკმაყოფილო მოსახლეობაში ჩან კაიშის დაბრუნების იმედის გაჩენას და კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ მოსახლეობის აჯანყებას ისახავდა მიზნად, რა შემთხვევაშიც, ლოგიკურია, რომ ჩან კაიში მართლაც ეცდებოდა კონტინენტურ ჩინეთში დაბრუნებას. თუმცა მსგავსმა მეთოდებმა შედეგი ვერ გამოიღო.
აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება ჩინეთთან მიმართებით
1971 წელს საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მდგომარეობა გაუარესდა, რაც ორი მოვლენით გამოიხატა: 1) 1971 წელს ჰენრი კისინჯერი საიდუმლო ვიზიტით ჩინეთს ეწვია, ხოლო 1972 წელს ჩინეთში თავად რიჩარდ ნიქსონი ჩავიდა; 2) 1971 წლის 25 ოქტომბერს გაერო-ში ჩინეთის რესპუბლიკის ადგილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ დაიკავა (UN, 1971). ნიქსოთან მოლაპარაკებებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ მიზანს თაივანიდან აშშ-ის ძალების გაყვანა წარმოადგენდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მისი მშვიდობიანი გათავისუფლება, ვინაიდან ჩინეთი თაივანის საკითხს მის შიდა საქმედ მიიჩნევდა. პეკინს ასევე აშშ-სგან აღიარებდა სურდა, თუმცა კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ, რომ აშშ-ს ორი ჩინეთი ეღიარებინა. შეხვედრის შემდეგ მიღებულ შანხაის კომუნიკეში აშშ აცხადებდა, რომ მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ჩინეთი მისი ნაწილია. აშშ-მა კომუნიკეს მიხედვით, აგრეთვე მხარი დაუჭირა თაივანის საკითხის ჩინელების მიერვე მშვიდობიან მოგვარებას; ხოლო ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, აშშ-ის მიზანს თაივანიდან ამერიკული ძალებისა და ინსტალაციების გაყვანა წარმოადგენს. იქამდე კი აშშ თაივანზე ძალებს შეამცირებდა, რადგან დაძაბულობაც იკლებდა. ე.ი. აშშ-მა აღიარა ერთი ჩინეთის არსებობა, თუმცა არ უთქვამს, რომ აღნიშნული ერთი ლეგიტიმური ჩინეთი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო. ხოლო კუნძულიდან სამხედრო ნაწილების გაყვანა, ფაქტობრივად, კონფლიქტის გადაწყვეტას დაუკავშირა (Garver, 2016). 1979 წელს აშშ-მა აღიარება ჩინეთის რესპუბლიკიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე გადაცვალა. აგრეთვე კარტერმა თაივანთან 1954 წელს დადებული თავდაცვის ხელშეკრულებაც გააუქმა და კუნძულიდან ჯარი გაიყვანა (Chai, 1999). თუმცა თაივანთან არაოფიციალური ურთიერთობები მაინც შეინარჩუნა და კვლავ დარჩა მისი უსაფრთხოების გარანტორად. ჩინეთის რესპუბლიკის აღიარების უკან წაღების შემდგომი ურთიერთობები 1979 წელს მიღებულ თაივანის ურთიერთობების აქტს ეფუძნება. აქტის მიხედვით, აშშ დაეხმარება თაივანს შეინარჩუნოს მისი თავდაცვის შესაძლებლობები; აგრეთვე აშშ მშვიდობიან მოგვარებას უჭერს მხარს და ეწინააღმდეგება ნებისმიერი მხარის მიერ სტატუს-ქვოს ცალმხრივ ცვლილებას (US Department of State, 2018).
პეკინ-თაიპეის ურთიერთობები 1980-1990-იან წლებში
კონტინენტური ჩინეთი ელოდა, რომ აშშ-ის მიერ აღიარების გადაცვლა და ჯარის გაყვანა თაივანს მოლაპარაკებების დაწყებას აიძულებდა, მაგრამ თავდაპირველად თაივანის ხელმძღვანელობა ჩინელ კომუნისტებთან მოლაპარაკების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ჩან კაიშის გარდაცვალების შემდეგ თაივანს მისი შვილი, ჩან ჩინკუ (Chiang Ching-kuo) მართავდა, რომელიც თაივანის დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგებოდა და მიაჩნდა, რომ თაივანი იყო ჩინეთის ნაწილი და ბაზა, საიდანაც ჩინეთის რესპუბლიკაზე მთლიანად ჩინეთზე უნდა აღედგინა კონტროლი. მან ჩინეთთან ურთიერთობების გარკვეული დალაგება დაიწყო და 1987 წელს კუნძულ თაივანსა და ჩინეთს შორის მიმოსვლის აკრძალვა მოხსნა. იგი მალევე გარდაიცვალა, თუმცა მისი პოლიტიკის გატარება გაგრძელდა (Chai, 1999).
მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მთავარი გარღვევა 1992 წლის კონსენსუსი იყო, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, მაგრამ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კონსენსუსის მიხედვით, პეკინიც და თაიპეიც აღიარებენ, რომ თაივანი ჩინეთის ნაწილია, მაგრამ ისინი ვერ თანხმებიდან, თუ ვინაა ჩინეთის ლეგიტიმური მმართველი ორგანო. ჩინეთის მთავარი მიღწევა 1992 წლის კონსენსუსში არის ის, რომ მის მიხედვით, თაივანი კუნძულს ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს და არა – დამოუკიდებლად, რაც ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. ჩინეთი მას შემდეგ 1992 წლის კონსენსუსს მოლაპარაკების საწყის წინაპირობად განიხილავს (Albert, 2020). 1993 წელს ჩინეთისა და თაივანის წარმომადგენლები ერთმანეთს სინგაპურში შეხვდნენ და ძირითადად სამოქალაქო, ადმინისტრაციული და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. თუმცა შეხვედრა ჩინეთ-თაივანის ურთიერთობებს შორის მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა (Tng, 1993).
შემდგომ 1996 წელს სიტუაცია ისევ დაიძაბა, რაც 1958 წლის შემდეგ ყველაზე სერიოზული გართულება იყო. ჩინეთმა თაივანის სრუტესთან ახლოს 150 ათასი ჯარისკაცი განალაგა, თაივანთან ახლოს სამი სამხედრო წვრთნა ჩაატარა, მათ შორის ამბიფიური ტიპის დესანტის გადასხმის ვარჯიში, ასევე თაივანის მნიშვნელოვან პორტებთან ახლოს რაკეტების გამოცდა მოაწყო. ეს კი თავდასხმისთვის მზადებას ჰგავდა, რის საპასუხოდაც თაივანმა განაცხადა, რომ მზად იყვნენ კომუნისტების თავდასხმის გასამკლავებლად და მზადყოფნაში იყო (Qimao, 1996). აღსანიშნავია, რომ 1989 წელს თიენანმენის მოედანზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის გამო აშშ-ჩინეთის ურთიერთობები გაფუჭებული იყო, რის გამოც პრეზიდენტმა ბუშმა თაივანს უდიდესი იარაღის მიყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა, რაც 150 ერთეულ F-16-საც მოიცავდა (Chai, 1999). ხოლო 1996 წელს აშშ-მა ჩინეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა და ორი ავიამზიდის საბრძოლო ჯგუფი თაივანთან ახლოს გადაისროლა, რაც ვიეტნამის ომის შემდეგ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ყველაზე დიდი საზღვაო მანევრი იყო. ჩინეთმა აშშ გააფრთხილა საბრძოლო გემები თაივანის სრუტეში არ შეეყვანა, რაზეც აშშ-ს დაპირება არ გაუცია, თუმცა სრუტეში ხომალდები მართლაც არ შეუყვანია. ომის ზღვარზე მყოფი სიტუაცია 1996 წელს თაივანის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ განიმუხტა, როდესაც ჩინეთმა სამხედრო წვრთნები შეწყვიტა. თაივანის ახალი პრეზიდენტი ლი ტენგ-ჰიუ (Lee Teng-hui) გახდა და ორივე მხარემ შერიგების სურვილი გამოხატა (Qimao, 1996). 1998 წელს მაღალი დონის მოლაპარაკებები მართლაც შედგა. მაგრამ 1999 წელს პრეზიდენტმა ლიმ ცალმხრივად უწოდა ორ მხარეს შორის ურთიერთობას „სპეციალური სახელმწიფოსი სახელმწიფოსთან“ (special state to state), რის შემდეგაც პეკინმა ნახევრადოფიციალური მოლაპარაკებები გაყინა (Reuters Staff, 2008).
ურთიერთობები 2000 წლიდან
ურთიერთობები 2000 წლის, თაივანის დემოკრატიზაციის დაწყების, შემდეგ გაუარესდა. ახალარჩეული პრეზიდენტი ჩენ შუეი-პიენი (დემოკრატიული პროგრესული პარტიის – DPP კანდიდატი) მხარს უეჭერდა ჩინეთიდან თაივანის მიერ დამოუკიდებელ არსებობას. იგი თაივანს ჩინეთის ნაწილად არ მიიჩნევდა, არამედ, მისი აზრით, სრუტის თითოეულ მხარეს თითო სახელმწიფო არსებობდა. საპასუხოდ, ჩინეთმა მიიღო ე.წ. ანტი-სეცესიის კანონი, რაც ნიშნავდა, რომ ჩინეთს ჰქონდა უფლება გამოიყენოს “არა მშვიდობიანი საშუალებები” იმ შემთხვევაში, თუ თაივანი ჩინეთისგან გამოყოფას შეეცდებოდა (Reuters Staff, 2008). ხოლო 2008 გაერთიანების მომხრე ახალი პრეზიდენტის – მა ინ-ჯეუს (Ma Ying-jeou) არჩევამ დადებითად იმოქმედა ურთიერთობებზე და ეკონომიკურ შეთანხმებებზეც, მაგალითად 2010 წლის ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, 2015 წელს სინგაპურში ჩინეთისა და თაივანის ლიდერების, სი ძინფინგისა და მა ინგ ჯეუს შეხვედრა. თუმცა მხარეებმა საერთო განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავეს (Aljazeera, 2019).
მიუხედავად ამისა, როდესაც დამოუკიდებლობის მომხრე DPP-ის კანდიდატი, ცაი ინგ-ვენი, 2016 წელს პრეზიდენტი გახდა დაძაბულობის ახალი ეტაპი დაიწყო. პრეზიდენტმა ცაიმ 2016 წელს მაშინდელ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ისაუბრა, რაც დიდი გარღვევა იყო აშშ-თაივანის ურთიერთობებში.
ჩინეთი ე.წ. “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა” გაერთიანების ნიმუშს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ თაივანი ფართო ავტონომიით ჩინეთის ნაწილი გახდება. ახლადარჩეული პრეზიდენტი ცაი ამ შეთავაზებას უარყოფს, ჩინეთი პოზიციას არ ცვლის, გაერთიანება გარდაუვალია და თაივანის დამოუკიდებლობას არ დაუშვებს. 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, მიერ ცაისთვის ხელახალი არჩევის მილოცვა კი ჩინეთმა დაგმო. პრეზიდენტი სი საპრეზიდენტო ვადების ცვლილების შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე იქნება თანამდებობაზე, რაც ნიშნავს, რომ ის შეეცდება ამბიციურ მიზნებს მიაღწიოს, მათ შორისაა პეკინის კონტროლის ქვეშ ყველა ჩინური ტერიტორიის კონსოლიდაცია – თაივანთან გაერთიანება ნებისმიერი გზით (BBC, 2018).
კონტინენტური ჩინეთი და თაივანი ორივე ე.წ. chequebook დიპლომატიას ეწევა, რაც სხვა ქვეყნების მხრიდან ლეგიტიმურობის აღიარებას ეხება. თავდაპირველად თაივანს უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ახლა მხოლოდ 20-ზე ნაკლებ ქვეყანას აქვს თაივანთან დიპლომატიური ურთიერთობა (Quartz, 2018). გადაბირებები ძირითადად ეკონომიკური სარგებლის შეთავაზებებით მიმდინარეობს.
მიუხედავად ამგვარი ურთიერთობებისა, ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მტკიცეა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ორი არგუმენტია: 1) თაივანის ეკონომიკა კონტინენტურ ჩინეთზე დამოკიდებული ხდება 2) ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ჩინეთთან სამხედრო მოქმედებების შესაძლებლობას შეამცირებს, რადგან კონტინენტური ჩინეთისთვის ფინანსური დანაკარგი მაღალი იქნება (Foreign Policy, 2020).
2020 წელს კონტინენტურმა ჩინეთმა ტაივანის სრუტეში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო და თაივანის მიმდებარედ ორი ავიამზიდი განათავსა (Msn, 2020). ასევე, თაივანი ჩინეთს პრეზიდენტის კაბინეტზე კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს (Reuters, 2020). აღნიშნულის პარალელურად, აშშ და საფრანგეთი თაივანს სამხედრო იარაღით დახმარებას ჰპირდებიან, რაც ჩინეთს აღიზიანებს (Smp, 2020). გარდა ამისა, თაივანი აპირებს განათავსოს რაკეტები, რომლებიც შეძლებენ ჩინეთის ცენტრს მიაღწიონ, მათ შორის დედაქალაქსა და სტრატეგიულ სამიზნეებს, როგორიცაა აეროპორტები და ნავსადგურები. ამ რაკეტებით თაივანს შეუძლია მანამ დაიცვას თავი, სანამ მისი მოკავშირეები, მაგალითად აშშ და იაპონია შეძლებენ მის დახმარებას. ეს ასიმეტრიული შეიარაღება ჩვეულებრივ იარაღზე ნაკლები ღირს და უფრო ეფექტურია. ჩინეთისთვის თაივანის ძალით აღება ძალზე რთული იქნება, რადგან ამგვარი ოპერაციისთვის საჭიროა ვიწრო სრუტის გავლით ჯარის გადაყვანა კუნძულზე გადაყვანა, და კუნძულზე გადასმის დროს ჩინეთის სატრანსპორტო გემები სარაკეტო შეტევებისგან ძალზე დაუცველი იქნებ. ასევე, თუ კუნძულზე გადასხდომა მოახერხეს, იქ თაივანის ძალებთან ბრძოლა მოუწევთ. ამგვარ სამხედრო ოპერაციას კი წარმატების დიდი შანსი არ აქვს. თუმცა. თაივანის სამხედრო პერსონალი, ექსპერტების აზრით, იმაზე ბევრად ნაკლებია, რაც ოფიციალურად და ეს მის სისუსტე წარმოადგენს (Globalsecurity.org, 2020). ასევე, 15 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე ჩინეთის თვითმფრინავები ტაივანის საჰაერო სივრცეში 46-ჯერ შემოვიდა. ჩინეთი აცხადებს, რომ ახლა ისინი გამყოფ ხაზს, რომელიც სრუტის გასწვრივ ათწლეულების განმავლობაში საჰაერო საზრის როლს ასრულებდა, პატივს აღარ სცემენ (npr, 2020).
ამერიკა თაივანის მხარდაჭერას კვლავ აგრძელებს. ოქტომბერში აშშ-მ განაცხადა, რომ ის აგრძელებს მოწინავე შეიარაღებული სისტემის თაივანისთვის მიყიდვას, რის შემდეგაც სი ძინპინი სამხედრო ბაზას ესტუმრა და საზღვაო ქვეითებთან სიტყვით მიმართვისას მკაფიოდ განაცხადა, რომ კონტინენტური ჩინეთი თაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს და პირობას დებს, რომ ამ ერს საკუთარი მმართველობის ქვეშ გააერთიანებს (Reuters, 2020). შესაბამისად, მოსალოდნელია სიტუაციის შემდგომი დაძაბვა, რაც კონფლიქტის გადაჭრას კიდევ უფრო გაართულებს. თუმცა ჩინეთის მთავარ ამოცანად ნებისმიერ ფასად თაივანის დაბრუნება რჩება.
ავტორი: იაკობ ლაჩაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა
- Albert, E. (2020). China-Taiwan Relations. Council on Foreign Relations. Web: https://www.cfr.org/backgrounder/china-taiwan-relations last visit: 29.12.2020
- Aljazeera. (2019). Timeline: Taiwan-China relations since 1949. Web: https://www.aljazeera.com/news/2019/1/3/timeline-taiwan-china-relations-since-1949 last visit: 30.12.2020
- Chang, G. (1988). To the Nuclear Brink: Eisenhower, Dulles, and the Quemoy-Matsu Crisis. International Security, 12(4), 96-123. Web: https://www.jstor.org/stable/2538996
- Charoenwonf, K. (2004). The Evacuation of the Nationalist Chinese (Kuomintang/KMT) Troops in Northern Thailand from the 1950s to Today. Web: Asian Cultural Studies, 2004, Vol. 30. s. 159-175. Web: https://core.ac.uk/download/pdf/234717468.pdf
- Chai, W. (1999). Relations between the Chinese Mainland and Taiwan: Overview and Chronology. Asian Affairs, 26(2), 59-76. Retrieved December 30, 2020, from http://www.jstor.org/stable/30172770
- Cucchisi, J. L. (2002). The Causes and Effects of the Chinese Civil War, 1927-1949. Seton Hall University Dissertations and Theses (ETDs). Web: https://scholarship.shu.edu/dissertations/2361
- Garver, J. W. (2016). China’s Quest: The History of the Foreign Relations of the People’s Republic of China. Oxford: Oxford University Press
- Horton, C. (2019). Taiwan’s Status Is a Geopolitical Absurdity. Retrieved from: https://www.theatlantic.com/international/archive/2019/07/taiwans-status-geopolitical-absurdity/593371/ last visit: 29.12.2020
- Leffler, M. P. & Westad, O. A. (Eds.) (2010). The Cambridge History of the Cold War. Cambridge: Cambridge University Press. Web: doi:10.1017/CHOL9780521837194
- United Nations. (1971). Resolution 2758 – Restoration of the lawful rights of the People’s Republic of China in the United Nations. General Assembly – Twenty-sixth Session – 1976th plenary meeting. Web:
- Qimao, C. (1996). The Taiwan Strait Crisis: Its Crux and Solutions. Asian Survey, 36(11), 1055-1066. https://www.jstor.org/stable/2645635
- Reuters Staff. (2008). TIMELINE: Milestones in China-Taiwan relations since 1949. Web: https://www.reuters.com/article/uk-china-taiwan-idUSSP28081420080612 last visit: 30.12.2020
- Tng, C. (1993). Senior officials from China and Taiwan set stage for talks. Web: https://www.straitstimes.com/asia/east-asia/senior-officials-from-china-and-taiwan-set-stage-for-talks last visit: 30.12.2020
- US Department of State. (2018). U.S. Relations With Taiwan. BILATERAL RELATIONS FACT SHEET – BUREAU OF EAST ASIAN AND PACIFIC AFFAIRS. Web: https://www.state.gov/u-s-relations-with-taiwan/ last visit: 30.12.2020
- US Department of State. (n.d.). The Taiwan Strait Crises: 1954-55 and 1958. Web: https://2001-2009.state.gov/r/pa/ho/time/lw/88751.htm
- BBC, (2020), Why Taiwan has become a problem for WHO. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.bbc.com/news/world-asia-52088167
- BBC, (2020), China’s Xi allowed to remain ‘president for life’ as term limits removed. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.bbc.com/news/world-asia-china-43361276
- DW, (2020), China passes controversial Hong Kong security law. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.dw.com/en/china-passes-controversial-hong-kong-security-law/a-53991952
- GlobalSecurity, (2020), Taiwan Military Personnel. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.globalsecurity.org/military/world/taiwan/personnel.htm
- Hernandez, J., Myers, S., (2020), As China Strengthens Grip on Hong Kong, Taiwan Sees a Threat. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.nytimes.com/2020/07/01/world/asia/taiwan-china-hong-kong.html
- Huang, K., (2020), Beijing urges France to cancel contract to sell arms to Taiwan. South China Morning Post. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.scmp.com/news/china/diplomacy/article/3084255/beijing-expresses-grave-concerns-france-over-contract-sell
- Msn News (2020), China plans to deploy two new aircraft carriers off Taiwan sparking fears of an invasion as Beijing warns of a ‘new Cold War’ amid mounting tensions with the US over COVID-19 pandemic. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.msn.com/en-nz/news/world/china-plans-to-deploy-two-new-aircraft-carriers-off-taiwan-sparking-fears-of-an-invasion-as-beijing-warns-of-a-new-cold-war-amid-mounting-tensions-with-the-us-over-covid-19-pandemic/ar-BB14Auod
- Npr, (2020), An Update On Taiwan And China’s Troubled Relationship. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.npr.org/2020/10/31/929802741/an-update-on-taiwan-an-chinas-troubled-relationship
- Quartz, (2020), Taiwan now has diplomatic relations with fewer than 20 countries. Last visit: 30/12/2020. Web.: https://qz.com/1266620/the-dominican-republic-is-switching-diplomatic-ties-from-taiwan-to-china/
- Reuters, (2020), White House moves forward on three arms sales to Taiwan: sources. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.reuters.com/article/us-usa-taiwan-arms-exclusive-idUSKBN26X246
- Reuters, (2020), Taiwan says it did not receive WHO meeting invite, issue off the table for now. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-taiwan-who-idUSKBN22U0N9
- Reuters, (2020), Taiwan says China behind cyberattacks on government agencies, emails. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.reuters.com/article/us-taiwan-cyber-china-idUSKCN25F0JK
- The Straits Times, (2020), Chinese bomber flies over Taiwan Strait as tensions rise. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.straitstimes.com/asia/east-asia/chinese-bomber-flies-over-taiwan-strait-as-tensions-rise
- Time, (2020), Taiwan Says It Tried to Warn the World About Coronavirus. Here’s What It Really Knew and When. Last visit: 30/12/2020. Web.: https://time.com/5826025/taiwan-who-trump-coronavirus-covid19/
- Xinbo, W., (2008), Managing Crisis and Sustaining Peace between China and the United States. United States Institute of Peace. Last visit: 30/12/2020. Web.: https://www.usip.org/sites/default/files/2019-06/pw61_finalapr16.pdf
Discussion about this post