შაბათი, თებერვალი 14, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home CACS

ჩინეთისა და ჩინური ენის შესახებ დაწერილი და თარგმნილი ლიტერატურის კატალოგი

shalva chikhladze by shalva chikhladze
აგვისტო 1, 2025
in CACS, კულტურა
10 min read
ჩინეთისა და ჩინური ენის შესახებ დაწერილი და თარგმნილი ლიტერატურის კატალოგი
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის პროექტი

ავტორ-შემდგენელი: მარიამ ფაცურია

კატალოგი განახლებადია

ბოლო პერიდში ქართულ საზოგადოებაში მზარდია ინტერესი აღმოსავლეთ აზიის მიმართ, შესაბამისად ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაცია წარმოგიდგენთ ჩინეთისა და ჩინური ენის შესახებ დაწერილი და თარგმნილი ლიტერატურის კატალოგს, რათა ხელი შევუწყოთ დაინტერესებულ საზოგადოებას აიმაღლონ ცოდნა ხსენებულ თემატიკაზე. კატალოგი განახლებადია და ნებისმიერი მკითხველის დამატებითი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.

ჩინური ენა და სწავლება

  • „ჩინური ენის პრაქტიკული კურსი“ – 实用汉语课本

მთავარი რედაქტორი: მარინე ჯიბლაძე.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2015 წელი.

აღწერა: სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვისა და სასწავლო ცენტრების ჩინური ენის კურსების მსმენელებისთვის.

„ჩინური ენის პრაქტიკული კურსი“ არის საბაზისო სახელმძღვანელო, რომლის სტრუქტურა შემდეგნაირია: ტექსტები, ახალი სიტყვები, განმარტებანი,ფონეტიკა, გრამატიკა, სავარჯიშოები, იეროგლიფების დაწერის წესი და დანართები. ლექსიკურ ნაწილში სრულად მოცემულია HSK1 და HSK2 (A1-A2 დონე) დონეების ლექსიკა და HSK3-ის (B1 დონე) მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემულია ჩანართები “რა ვიცით ჩინეთის შესახებ“, რომლის საშუალებითაც მკითხველი უკეთ გაიცნობს ჩინეთის ისტორიასა და კულტურას.

  • „ჩინური ენის იეროფლიფების პრაქტიკული კურსი“ (1 და 2) – 实用汉字书写课本(1、2) 

მთავარი რედაქტორი: მარინე ჯიბლაძე.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2024 წელი.

აღწერა: წიგნი არის „ჩინური ენის პრაქტიკული კურსის“დამატებითი მასალა, რომელიც ეხმარება შემსწავლელს იეროგლიფების სწორად წერის დაუფლებაში, ამოცნობასა და დამახსოვრებაში. იგი შედგება ორი ნაწილისგან: პირველ ნაწილში შედის 1-19 გაკვეთილები, ხოლო მეორე ნაწილში შედის 20-30 გაკვეთილები. წიგნის ბოლოს ასევე მოცემულია მარტივი(ძირითადი) და რთული მონასმების გამოსაწერი ცხრილები, სასვენი ნიშნების გამოყენებისა და წერის წესები.

  • „შეისწავლეთ ჩინური მარტივად“ – 轻松学中文

ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.

გამომცემლობა „მერიდიანი“, 2020 წელი.
აღწერა: „შეისწავლეთ ჩინური მარტივად“  სრულად ეფუძნება „საერთაშორისო ჩინური ენის სწავლის საერთო სასწავლო გეგმასა“ და „ახალი სკოლის მოსწავლეების ჩინური ენის ტესტის YCT-ის“ სტანდარტებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია 6-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის და შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ტექსტი, ახალი სიტყვები, ფონეტიკა, გამოთქმები, სავარჯიშოები, იეროგლიფების წერის წესი, საკლასო გამონათქვამები და ჯგუფური სამუშაოები. 

  • “YCT ლექსიკონი – ჩინური ენის გამოცდა სკოლის მოსწავლეებისთვის“ YCT 词典 中小学生汉语考试 

მთავარი რედაქტორი: მარინე ჯიბლაძე.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2016 წელი.
აღწერა: ლექსიკონი შეიქმნა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც სწავლობენ ჩინურ ენას და დონის დასადგენად აპირებენ ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებას. წიგნში გაერთიანებულია YCT ლექსიკონის 4 დონე (YCT1-YCT4). ყოველი სიტყვის განმარტების შემდეგ მოყვანილია შესაბამისი სირთულის მაგალითი, რომელიც შედგენულია ისევ წინამდებარე ლექსიკონში მოყვანილი სიტყვებით.

  • „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“- 中国常识 

ცნობარზე მუშაობდნენ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები და სარედაქციო ჯგუფი: მარინე ჯიბლაძე, ელისო ელისაშვილი, თამარ ლომთაძე და უ ვანფეი.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა, 2015 წელი.

აღწერა: მოცემული ცნობარი ძირითადად გათვალისწინებულია საშუალო სკოლის მოსწავლეთა კონკურსისთვის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს კონკურსანტს ჩინეთის შეცნობაში.

  • „ჩემი ჩინური ენის პატარა ილუსტრირებული ლექსიკონი“ – 汉语图解小词典 

შემდგენელი: იუემეი უ (აშშ), ქართული თარგმანი: ელისო ელისაშვილი.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2016 წელი.
აღწერა: მოცემულ ლექსიკონში სიტყვები თემების მიხედვითაა დაჯგუფებული და სცენის/სერიული ფოტოების მეშვეობით ცოცხლად აღწერს ბავშვების ცხოვრების 70 რეალურ სცენას. თითოეული სცენა მოიცავს 15-20 სიტყვას. წიგნში შესულია 1400-მდე სიტყვა, რომლის შერჩევისას გათვალისწინებული იქნა როგორც სიტყვების ხშირი გამოყენებადობა, ასევე პრაქტიკულობა.

  • „ჩემი ჩინური ენის ილუსტრირებული ლექსიკონი“-  汉语图解词典  

შემდგენელი იუემეი უ (აშშ), ქართული თარგმანი: ელისო ელისაშვილი.

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2016 წელი.
აღწერა: მოცემულ ლექსიკონში სიტყვები თემების მიხედვითაა დაჯგუფებული, ხოლო მათი მნიშვნელობები ილუსტრაციების საშულებითაა ახსნილი. იგი მოიცავს 15 თემატურ ერთეულს, რომელთა ქვეშ დეტალიზებულია 142 სასაუბრო თემა, სადაც სულ შესულია 4200 ხშირად გამოყენებული სიტყვა. მოიცავს ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს და ჩინური კულტურული ელემენტის წარმოჩენის თანადროულად, გათვალისწინებულია კულტურული მრავალფეროვნებაც.

  • „800 ჩინური იეროგლიფი – ჩინური ენის საბაზისო ლექსიკონი“ – 汉语800字 

მთავარი რედაქტორი: სუ ლინ, იაო სიშუანგ, ქართული თარგმანი : ელისო ელისაშვილი, თამარ სიორიძე.

უცხო ენების სწავლებისა და კვლევების პრესა, 汉语教学与研究出版社, 2017 წელი.

აღწერა: ჩინური ენის საბაზისო ლექსიკონის მიზანია ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი იეროგლიფების შესწავლის გზით სწრაფად დაეხმაროს მკითხველს შეძლოს ჩინურ ენაზე კომუნიკაციის დაწყება. ლექსიკონში თითოეულ იეროგლოფს, სიტყვასა და წინადადებას ახლავს ჩინური ენის ტრანსკრიპცია, სიტყვებსა და წინადადებებს კი ახლავს შესაბამისი ქართული თარგმანი.

  • ქართულ-ჩინური სასაუბრო „ვისაუბროთ ჩინურად“ – 说汉语  

მთავარი შემდეგენლი: ანა გოგუაძე , რედაქტორი: მარინე ჯიბლაძე.

გამომცემლობა „ოქროს საწმისი“, 2019 წელი.

აღწერა: სასაუბრო განკუთვნილია ქართველი ტურისტებისთვის, ბიზნესმენებისთვისა და ჩინეთში სხვადასხვა მიზნით ჩასული ქართველებისთვის. თუმცა ქართული ანბანის ათვისების შემთხვევაში, წიგნით სარგებლობა ჩინელებისთვისაც არის შესაძლებელი. წიგნში მოცემულია პრაქტიკული სასაუბრო ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და მოიცავს თითქმის ყველა საჭირო სიტუაციის შესაბამის ფრაზას თარგმანითა და ქართული ტრანსკრიპციით.

  • „ჩინური ენის გრამატიკის ზოგადი საფუძვლები“ 

ავტორი: ნინო ტეტუნაშვილი.

აღწერა: წიგნი განკუთვნილია ქართველ მასწავლებელ-სტუდენტებისთვის, რათა გაუადვილოს მათ ჩინურ ენაში საკვანძო საკითხებში უკეთ გარკვევა და გაუწიოს დახმარება ჩინური ენის გრამატიკის მარტივად ათვისებაში. თითოეულ თავში მოკლედ არის გადმოცემული თანამედროვე ჩინური ენის გრამატიკის ფონეტიკის, სინტაქსის, მორფოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები.  მორფოლოგიაში მოცემულია მეტყველების ნაწილების სისტემატური აღწერა, ხოლო სინტაქსში აღწერილია წინადადების წევრები და წინადადების ტიპები.

  • „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“ – 汉语语音学纲要 

ავტორი: მარინე ჯიბლაძე, რედაქტორი: ლალი ეზუგბაია. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა , 2024 წელი.

აღწერა: წიგნში მოცემულია ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის კომპლექსური ლინგვისტური ანალიზი. განხილულია ჩინური ენის დიალექტები, ჩინური სალიტერატურო ენის მნიშვნელობა, მისი ჟღერადობის თავისებურებების კვლევა, ფონეტიკური წყობის ანალიზი და ქართული ენის ფონეტიკასთან შედარება-შეპირისპირება. ასევე გადმოცემულია ჩინური ენის ტრანსლიტერაციის სისტემა.

  • „ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები“

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი , თბილისი, 2019-2020.

თანაავტორები: მარინე ჯიბლაძე, თინათინ ბოლქვაძე და ა.შ

აღწერა: ბიულეტენში წარმოდგენილია სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები და რამდენიმე განახლებული ენობრივი ნორმა. ასევე უკვე დიდი ხნის დადგენილი და მოქმედი ენობრივი ნორმის დარღვევით გამოწვეული პრობლემების ანალიზი.

ისტორია და პოლიტიკა

  • „ჩინეთის ისტორია“– 中国历史

მთავარი რედაქტორი და შემდგენელი: მარინე ჯიბლაძე, ავტორთა ჯგუფი: ოთარ ჭიღლაძე, დავით ანდღულაძე, მარინე ჯიბლაძე, ნანა გელაშვილი, შალვა ჩიხლაძე, არჩილ კალანდია.

გამომცემლობა „ოქროს საწმისი“, თბილისი, 2022 წელი.

აღწერა: წიგნში გადმოცემულია ჩინეთის ისტორია. თანმიმდევრობით არის მოთხრობილი ჩინური ცივილიზაციის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე. ასახულია ჩინეთის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული ცხოვრების უწყვეტი პროცესი, მნიშვნელოვანი ცვლილებები და შედეგები.

  • „ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები“ –中国研究概论

ავტორთა ჯგუფი: ოთარ ჭიღლაძე, შალვა ჩიხლაძე, თეონა გელაშვილი, ნანა გელაშვილი, ნელი ახობაძე, ანნა მახარაძე, თამარ ქვლივიძე, თინათინ შიშინაშვილი.

„ ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2025 წელი.

აღწერა: წიგნი წარმოადგენს ფართო მიმოხილვას ჩინეთის ისტორიის, კულტურის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ენისა და პოლიტიკური სისტემის , რელიგიური რწმენა- წარმოდგენებისა და სინოლოგიის ისტორიის შესახებ. ასახავს ჩინეთის კულტურულ მემკვიდრეობასა და ასევე მის გლობალურ როლს თანამედროვე ეპოქაში.

  • „ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები“

ავტორი: ნანა გელაშვილი.

გამომცემლობა „ ოქროს საწმისი“, თბილისი, 2023 წელი.

აღწერა: ნაშრომში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განხილულია ჩინეთის ისტორიული დედაქალაქების წარმოშობის, განვითარების ისტორია, ქალქათმშენებლობის ტრადიციები, პრინციპები და არქიტექტურის სპეციფიკური მახასიათებლები. პარალელურ რეჟიმში წარმოჩენილია თითოეულ ქალაქთან დაკავშირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური პროცესები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

  • „სამხედრო ხელოვნების შესახებ“ – სვენ ძძი  孙子兵法  

თარგმანი ძველი ჩინურიდან: ზურაბ მამნიაშვილი.

გამომცემლობა „საგა“, თბილისი, 2023 წელი.

აღწერა: „სვენ ძძი-სამხედრო ხელოვნების შესახებ“ არის უძველესი სამხედრო ტრაქტატი, რომელიც 25 საუკუნის წინ შეიქმნა და საომარი მდგომარეობის კანონებსა და პრინციპებს გამორჩეული ლაკონურობითა და სიღრმით გადმოსცემს. მისი საფუძვლები სცდება მხოლოდ საომარი ხელოვნების ფარგლებს და დღესაც აქტუალურია პოლიტიკაში, ბიზნესში, სპორტში და ზოგადად ყველა სფეროში, სადაც ადგილი აქვს დაპირისპირებას, კონკურენციას ან ბრძოლის ფორმებს – ხილულსა თუ ფარულს.

  • „36 ხრიკი“ – 三十六计 

თარგმანი: მალხაზ უთურაშვილი.

გამომცემლობა „მერიდიანი“, 2019 წელი.

აღწერა: „36 ხრიკი“ არის ჩინური სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგიის შედევრი, რომელიც საუკუნეების სიბრძნესა და გამოცდილებას აერთიანებს. იგი ალეგორიული და ხატოვანი ფორმით გადმოსცემს ბრძოლისა და სტრატეგიული მანევრების საიდუმლოებებს, სადაც გამარჯვება ხშირად მიღწეულია ძალის გარეშე, გონიერებისა და სიღრმისეული გათვლის წყალობით. „36 ხრიკი“ საუკუნეების მანძილზე არა მხოლოდ ომის ხელოვნების გზამკვლევად, არამედ ადამიანის ურთიერთობების, პოლიტიკისა და დიპლომატიის მარადიულ მეგზურად იქცა, რომელიც დღესაც ინარჩუნებს თავის ძალასა და მნიშვნელობას გლობალურ სივრცეში.

  • მაო ძედუნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო (100 წიგნების სერიიდან)

ავტორი: სპენსი ჯონათან.

მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი.

გამომცემლობა „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“ , 2013 წელი.

აღწერა: წიგნში მოცემულია ჩინური კომუნიზმის ფუძემდებლის, სამხედრო და პოლიტიკური ლიდერის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამაარსებლის მაო ძედუნის (1893-1976) ბიოგრაფია.  მისი ერთ-ერთი მიზანი იმის ჩვენებაა, თუ როგორ აღწევდა მაო ასეთ სიმაღლეებამდე და როგორ შეძლო თავისი ექსცენტრული ცხოვრებით ამდენი ხანი ეარსება. იგი აღწერს მაოს ცხოვრების იმ ძირითად მომენტებს, რომელიც ნებისმიერ მკითხველს აინტერესებს.

  • „თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკა“ – ლი შანგლი

თარგმანი: თინათინ შიშინაშვილი, მარიამ ასათიანი.

„ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2021 წელი.

აღწერა: წიგნი მკითხველს აცნობს  თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკას, მის გეგმებს, მისწრაფებებსა და მიმართულებას.  ნაშრომის ოთხ ნაწილად დაყოფილი სტრუქტურა მოიცავს საფუძვლებს, ხელმძღვანელობას, მართვის მექანიზმებსა და განვითარების მოდელებს.

  • „მტკიცედ აღმართული აღმოსავლეთით – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება“ – ფანგ სუნგი

თარგმანი: თინათინ შიშინაშვილი, მარიამ ასათიანი.

„ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2023 წელი.

აღწერა: წიგნი მიმოიხილავს ჩინეთის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარდამტეხ ეტაპს — სახალხო რესპუბლიკის დაარსებას. ნაშრომში ასახულია 1940-იანი წლების მიწურულის პოლიტიკური დაპირისპირება გომინდანისა და კომუნისტური პარტიას შორის, ბრძოლა ხელისუფლებისთვის, დემოკრატიული კოალიციური მთავრობის ფორმირება და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესები. ავტორი მკაფიოდ წარმოაჩენს ძველი ჩინეთის დაცემას და ახალი ჩინეთის დაბადებას — როგორც ეროვნულ ემანსიპაციას, ისე სოციალისტური წყობის საწყის ეტაპს. წიგნი ეხმიანება იმ რთულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პირობებს, რომლებმაც განაპირობა ჩან კაიშის მარცხი, მაო ძედუნის სტრატეგიული წარმატება და ჩინეთის ტრანსფორმაცია ნახევრად კოლონიური სახელმწიფოდან დამოუკიდებელ და ცენტრალიზებულ რესპუბლიკად.

  • ჩინური კოოპერაციულ-ჰარმონიული დემოკრატია

ავტორი: წუნგჩაო ფენგი, ბენ მა, სიანგ ლიოუ.

თარგმანი: თეონა ბითაძე, თამარ გოგოხია.

„ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2023 წელი

აღწერა: წიგნი გვთავაზობს დემოკრატიის ახალ მოდელს ჩინეთისთვის, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ღირებულებებს — ჰარმონიას, თანამშრომლობასა და ხალხზე ორიენტირებულ მიდგომას — თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან. ავტორი განიხილავს, როგორ შეიძლება ეს მოდელი გამოყენებულ იქნას ჩინურ რეალობაში და როგორ შეუწყობს ხელს პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებას.

ჩინური ლიტერატურა

  • „ღვინის ქვეყანა“ მო იენი

რედაქტორი: ვახტანგ ბახტაძე, თარგმანი: ანზორ აბჟანდაძე.

ჩინური დედნის ქართული ბწკარედი შესრულებულია სინოლოგ ალექსანდრა ლატარიას მიერ.

გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2014 წელი.

აღწერა: რომანში მო იენი ალეგორიული და სარკასტული სტილით აღწერს ქვეყანას, სადაც ადამიანები ღვინის სმით არიან შეპყრობილი და თვითგანადგურებამდე მიდიან. ნაწარმოები ასახავს მავნე ჩვევების კრიტიკასა და ტრადიციების აბსურდამდე მიყვანას, რითაც ავტორი სოციალური ჩიხებისა და ადამიანური სისუსტეების მხილებას ცდილობს.

  • მო იენი მოთხრობები I და II  

ჩინური ტექსტის რედაქტორი: ლიუ-ყანდარელი კუანგვენი.

სარედაქციო კოლეგია: რუსუდან ქუთათელაძე, ნინო დაღუნდარიძე.

გამომცემლობა მერიდიანი, თბილისი 2015-2016 წელი.

აღწერა: მოცემულ ორ ტომში თავმოყრილია მო იენის გამორჩეული მოთხრობები, რომლებიც აერთიანებს რეალიზმს, ფანტასტიკასა და ალეგორიას. ავტორი უღრმავდება ადამიანის ბუნების სირთულეებს, ჩინური სოფლის ცხოვრებასა და მავნე ჩვევების კრიტიკას, სარკასტული და მძაფრი სტილით ასახავს სოციალური წინააღმდეგობების აბსურდს.

  • „ა ქიუს ნამდვილი ამბავი“- ლუ სსუინი

თარგმანი: ზურაბ მამნიაშვილი, ელისო ელისაშვილი

გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2023 წელი.

აღწერა: ეს მცირე ზომის რომანი ასახავს გმირის, ა ქიუს, ტრაგიკულ ბედს და სარკასტულად ასახავს ჩინური საზოგადოების სულიერ კრიზისს, სოციალური უსამართლობისა და ადამიანური ღირსების დეგრადაციის ფონზე. ნაწარმოებში შექმნილი ცნება „აქიუიზმი“ იქცა ცხოვრების ფილოსოფიად, რომელიც ამართლებს მონობას, უსამართლობასა და პიროვნების სულიერ დამორჩილებას.

  • „მთებისა და ზღვების გავლით“ – ჭაო ტეფა

თარგმანი: თეონა გელაშვილი.

„ქარჩხაძის გამომცემლობა“ , 2024 წელი.

აღწერა: „მთებისა და ზღვების გავლით“ არის ისტორიით შთაგონებული რომანი, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის, ვუ სიაოხაოს  შესახებ. იგი სოფლად დაიბადა და ოჯახმა მისი დაბადება უმნიშვნელოდ ჩათვალა მხოლოდ იმიტომ, რომ მამას ვაჟი სურდა. ისტორიის სიყვარულით შეპყრობილი სიაოხაო ოცნებობდა საკუთარი კვალი დაეტოვებინა მის ფურცლებზე, თუმცა მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ იგი იძულებული გახადა მოძალადე კაცზე დაქორწინებულიყო. პირად ცხოვრებაში არსებული სირთულეების მიუხედავად, იგი არასოდეს თმობს მიზანს, რაც მის ისტორიას გარდაქმნის ძალისა და წინააღმდეგობის სიმბოლოდ.

  • „ცეცხლოვანი დაღი“ ცაო ვენსიუენი

თარგმანი: გიორგი მახარაძე.

„ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2022 წელი.

აღწერა: ჩრდილოეთ ჩინეთის სოფელში მცხოვრები ფოვას ოჯახის  გადაარჩენს თოვლივით თეთრ კვიცს, სიუეერს, რომელიც მალე მათი ცხოვრების სიმბოლოდ და ადამიანური ბუნების საზომად იქცევა. ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა იაპონური არმია იეხუს ხეობაში შემოიჭრება და სიუეერს სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლას აიძულებს. წიგნი საოცარი სენსიტივობით გვიყვება ომის, ბავშვობისა და ღირსების დაცვის ამბავს.

  • ფუ სუნგლინ-ი (ლიაოჭაი) მოთხრობები

თარგმანი: ლიუ-ყანდარელი კუანგვენ-ი, რუსუდან ქუთათელაძე.

გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2010 წელი.

აღწერა: კრებულში თავმოყრილია 36 მცირე ზომის მოთხრობა, რომლებიც მდიდარია ჩინური ტრადიციული კულტურის ელემენტებით, მაგიურ-რეალისტური ამბებითა და მორალური აზრებით. ფუ სუნგლინ-ი იყენებს მარტივ, მაგრამ ღრმა ენას და მკითხველს აძლევს საშუალებას ჩაფიქრდეს სიკეთის, ბოროტების, სიყვარულისა და ადამიანის ბუნების შესახებ. მისი მოთხრობები ხშირად შეიცავს მოულოდნელ დასასრულებს და ალეგორიულ შინაარსს.

  • ძველი ჩინური იგავები

თარგმანი: მარიამ ქსოვრელი.

რედაქტორი: ნინო დაღუნდარიძე.

გამომცემლობა: Carpe diem, 2021 წელი.

აღწერა: წიგნი შეიცავს ძველი ჩინური იგავების ნიმუშებს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში იღებს სათავეს. ეს ალტერნატიული ლიტერატურული ჟანრი გამოხატავს იმდროინდელ საზოგადოებრივ ცვლილებებს. იგავები პოლიტიკურ- ფილოსოფიურ შინაარსისაა და დღესაც არ კარგავენ აქტუალობას. მათი მორალური შინაარსი აღზრდის, განსჯისა და ცხოვრებისეული სიბრძნის წყაროა.

  • სიბრძნის სალარო – ძველი ჩინური იგავ-არაკები

გამომცემელი: ცოტნე სივსივაძე- ცოტნეს წიგნები.

თარგმანი: ცოტნე სივსივაძე.

არწერა: წიგნში თავმოყრილია ჩინური ხალხური იგავ-არაკები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს თხზულებები ასახავს უძველესი ჩინური კულტურის ყოველდღიურობას, ტრადიციებსა და სოციალურ განწყობებს. იგავების საშუალებით გადმოცემულია ჩინელი ხალხის სიბრძნე, ხასიათი და ღირებულებები. თარგმანი დაფუძნებულია რუსულ ვარიანტზე და განკუთვნილია როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.

  • ჩინური მოთხრობები – კრებული

საქართველოს სსრ განათლების სამინისტრო, საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა, 1952 წელი.

 აღწერა: კრებულში მოცემულია სამი მოთხრობა, რომლებიც სამხედრო თემას ეხება. მოთხრობა „კომისარი“ აღწერს გომინდანელებთან ჩინელი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას. მოთხრობა „შინ დაბრუნება“  სახალხო -გამათავისუფლებელი არმიის დიდ აღმზრდელობით როლს გვიხატავს. მოთხრობა „გმირ მამას შვილიც გმირი ჰყავს“ ასევე სამხედრო თემატიკას ეხება, სადაც 16 წლის მწყემსი სიაო-ჩენი სახალხო არმიის ჯარისკაცი ხდება. მოცემული კრებული არ მოიცავს თანამედროვე პროგრესული ჩინელი მწერლების მთელ შემოქმედებას, თუმცა ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს მკითხველის ინტერესს.

  • ჩინური ზღაპრები

გამომცემელი “სატურნი”, 2015 წელი.

აღწერა: წიგნში მოცემულია ჩინური ხალხური ზღაპრები, როგორებიცაა : ვეფხვი და ბაყაყი, ბროწეულის ხის ხელმწიფე, ჯადოქარი კუ

მოსამართლე კურდღელი, ოქროს კუნძული, პრინცესას თავშალი, სულელი ვეფხვი, მა-ლიანი და ჯადოსნური ფუნჯი.

  • ძველი ჩინური პოეზია

აუდიო გამომცემლობა “ჰერა”, 2023 წელი.

ხანგრძლივობა: 2საათი 43 წუთი

გამხმოვანებელი: ლალი ვეზირიშვილი.

აღწერა: წიგნი გვაცნობს ჩინური ლიტერატურის უძველეს ძეგლს – „შიძინს“ (სიმღერების წიგნს), რომლის შედგენაც კონფუცის უკავშირდება. ეს კრებული არა მხოლოდ პოეტური ხასიათითაა მნიშვნელოვანი, არამედ ის ორი დიდი მოძღვრების – დაოსიზმისა და კონფუციანელობის ძირეული ფესვებია.

  • „ჩინური დღიური“

ავტორი: კოკა არჩვაძე.

 სულაკაურის გამომცემლობა, 2019 წელი.  

არწერა: ქართველი ახალგაზრდა ჰონგ-კონგში გაუჩინარებული ძმის მოსაძებნად მიემგზავრება. ძმის დღიურს მიჰყვება და უცხო ქალაქის ქაოსში ცდილობს, მისი კვალი იპოვოს. ეს არის ამბავი დაკარგულობაზე, ძიებაზე და ადამიანურ მარტოობაზე უცხო გარემოში.

კულტურა და საზოგადოება

  • „ჩინური თანამედროვე მწერლობა“ – 中国现当代作家

რედაქტორები: ლიუ-ყანდარელი კუანგვენ-ი, რუსუდან ქუთათელაძე, ნინო დაღუნდარიძე.

გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2012 წელი.

აღწერა: ეს კრებული აერთიანებს ჩინელი მწერლების პროზას, პოეზიასა და დრამატურგიას, რომლებიც ასახავენ ქვეყნის სოციალურ ცვლილებებს, ტრადიციებსა და თანამედროვე ადამიანის სულიერ ძიებებს. მოთხრობებსა და პიესებში შერწყმულია რეალისტური და ლიტერატურულად დახვეწილი სტილი, რომელიც მკითხველს აცნობს როგორც ჩინური სოფლის ცხოვრების მძიმე რეალიებს, ისე ქალაქური ცივილიზაციის წინააღმდეგობებს. კრებული ფარავს ადამიანის ბუნების ღრმა ფსიქოლოგიურ მხარეებს, სიყვარულს, მსხვერპლსა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას და წარმოადგენს თანამედროვე ჩინური ლიტერატურის მრავალფეროვანი სამყაროს ნიმუშს.

  • „ჩინეთი ჟამთა სივრცეში“ – 时空中的中国文化

წიგნის იდეის ავტორი: ლიუ-ყანდარელი კუანგვენ-ი.

მთავარი რედაქტორი: ნინო ნადარაია.

სარედაქციო კოლეგია: რუსუდან ქუთათელაძე, ნინო დაღუნდარიძე, ნანა კიკნაძე.

გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2007 წელი.

აღწერა: ეს წიგნი არის კულტურულ-საგანმანათლებლო ნაშრომი, რომელიც მიმოიხილავს ჩინეთის ისტორიას, ფილოსოფიას, ხელოვნებასა და ტრადიციებს. იგი მკითხველს აცნობს ჩინური ცივილიზაციის მრავალფეროვნებასა და წარმოაჩენს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების მნიშვნელობას.

  • „ჩინეთი ქართველების თვალით“ – 格鲁吉亚人眼中的中国

მთავარი რედაქტორი: მიხეილ უკლება.

გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2013 წელი.

აღწერა: წიგნში გაერთიანებული არიან მეცნიერები, შემოქმედებითი სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, სპორტსმენები, ჟურნალისტები, რომლებიც გიამბობთ თავიანთ შთაბეჭდილებებს ჩინეთში მოგზაურობის შესახებ.

  • „ჩინეთის კულტურის ისტორია“- ლიუ სმიენ

თარგმანი: თამარ ლომთაძე, ნიკოლოზ ბაქრაძე.

„ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2024 წელი.

აღწერა: ჩინეთი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა, შესაბამისად, კულტურაც დინასტიების ცვლილების მიხედვით განიცდიდა ევოლუციას. წიგნი შედგება 18 თავისგან, სადაც დეტალურად არის გადმოცემული კულტურის სხვადასხვა სფეროების განვითარება, პირველყოფილური თემური წყობილებიდან თანამედროვეობამდე.

  • „ჩინეთის სამედიცინო წრის აკადემიკოსთა მონათხრობები და ინტერვიუები“

„ქარჩხაძის გამომცემლობა“, 2022 წელი.

მოგვითხრობენ: უ ძიეფინგ, უ ინგქაი, პა დენიენი და სხვანი.

ინტერვიუები ჩაწერილია: ჭოუ ცინგის, ჭანგ სინგძიეს, შუ იანგის, კუ ინმინგის და სხვათა მიერ.

თარგმანი: თინათინ შიშინაშვილი, მარიამ ასათიანი.

აღწერა: წიგნი აერთიანებს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საინჟინრო აკადემიის გამოჩენილი წარმომადგენლების ბიოგრაფიულ მონათხრობებსა და ინტერვიუებს. ეს არის შთამაგონებელი ჩანაწერები თავგანწირული შრომისა, გამორჩეული პროფესიული მიღწევებისა და მედიცინის განვითარების იმ გზის შესახებ, რომელიც ჩინელმა მეცნიერებმა მსოფლიო სამედიცინო რუკაზე გაიკვალეს.

  • „ჩინელები“

თარგმანი: იათეოზ ბერაძე.

მიხელ გაჩეჩილაძის გამოცემა N1, მისივე სტამბა, 1900 წელი.

აღწერა: წიგნი გვაცნობს ჩინეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას. საკმაოდ საინტერესოდ არის აღწერილი ჩინელი ხალხის გარეგნობა, ჩაცმულობა, წეს-ჩვეულება, კულტურა და ყოველდრიური ცხოვრება.

  • ჩინური სამზარეულო – მსოფლიო კულინარია 4ტ

მთავარი რედაქტორი: მაია ალუდაური.

თარგმანი: ნინო მესტვრიშვილი.

გამომცემლობა პალიტრა L, 2011 წელი.

აღწერა: წიგნში წარმოდგენილია ჩინური სამზარეულოს ყველაზე ცნობილი და პოპულარული რეცეპტები. წიგნი უხვადაა ილუსტრირებული, ყველა კერძს  ახლავს მომზადების ტექნოლოგიის ამსახველი ფოტოები და სასარგებლო რჩევები.  

  • „ფენ-შუი და ფული“

ავტორი: გიორგი გიორგაშვილი.

რედაქტორი: ანა გიორგაშვილი.

გამომცემლობა: თეკა&კომპანია, 2016 წელი.

აღწერა: წიგნი ეძღვნება ფენ-შუის — ჩინურ ხელოვნებას, რომელიც ასწავლის, როგორ ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში და როგორ მოვაწყოთ საცხოვრებელი წარმატებისა და კეთილდღეობისთვის. ავტორი საკუთარ გამოცდილებას ეფუძნება: ფენ-შუის მიმართ ინტერესი ამერიკაში გაუჩნდა, შემდეგ კი სიღრმისეულად შეისწავლა ჩინეთში. წიგნი პირველი ქართულენოვანი გზამკვლევია ფენ-შუის სამყაროში და მკითხველს სთავაზობს პრაქტიკულ ცოდნას, როგორ გამოიყენოს ეს უძველესი სიბრძნე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ხელოვნება

  • ლიუ- ყანდარელი კუანგვენის ალბომი

ალბომის დიზაინი – რუსუდან ქუთათელაძე, ნამუშევრების ფოტოები – მირიან კილაძე, კომპიუტერული სამუშაო – დავით გოგლიძე.

გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2020 წელი.

აღწერა: ალბომში წარმოდგენილია ლიუ-ყანდარელი კუანგვენის ნახატები, რომლებსაც ახასიათებს დინამიურობა, სიმსუბუქე და სილაღე. ქალბატონმა ლიუმ თავისი ნანახი, განცდილი, ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები ფერთან, საღებავებთან დააკავშირა და ქაღალდზე აღბეჭდა. მისი ხელოვნება რეალისტურია და გამოხატულია ყველაფერი რაც მის გარშემოა. ლიუ-ყანდარელი კუანგვენი ორი სამშობლოს, ჩინეთისა და საქართველოს, ღირსეული შვილია და თავის შემოქმედებაშიც თითოეულს ჯეროვანი ადგილი მიუჩინა.

  • „ლიუს ოჯახის კოლექცია“

ავტორები: მარგარიტა (მალი) ლიუ-ყანდარელი გუანვენ, სალომე ცისკარიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი.

გამომცემლობა „ინდიგო“, 2020 წელი.

აღწერა: წიგნი გვაცნობს ლიუ-ყანდარელი გუანვენის ჩინური ხელოვნების უნიკალურ კოლექციას, სადაც ყოველი ნივთი ცალკეულ ამბავს ყვება და ერთიანად ასახავს ჩინეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს. ნაშრომი საინტერესოა როგორც პროფესიონალების, ისე ხელოვნებაში უცნობი მკითხველისთვის და გვთავაზობს კულტურული დიალოგის გამორჩეულ ნიმუშებს ხელოვნებათმცოდნე სალომე ცისკარიშვილისა და მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის თხრობის მეშვეობით.

რელიგია და ფილოსოფია

  • „შორეული აღმოსავლეთის რელიგიები“

ავტორი: ნანა გელაშვილი.

გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2018 წელი.

აღწერა: ნაშრომი გვაცნობს შორეული აღმოსავლეთის რეგიონში გავრცელებული ძირითადი რელიგიური მოძღვრებების ჩასახვა-ფორმირების ისტორიას, სპეციფიკურ მახასიათებლებსა და საზოგადოებრივ, კულტურის სფეროებზე მათ ზემოქმედებას. ყურადღება ფოკუსირებულია ისეთ რელიგიებზე, როგორებიცაა : ბუდიზმი, კონფუციონიზმი, ტაოიზმი, ლამაიზმი, ბრაჰმანიზმი, ჯაინიზმი, ინდუიზმი, შინტოიზმი.

  • „ალმასის სუტრა“

გამომცემლობა: შემეცნებათა მატიანე, 2025 წელი.

თარგმანი: იაკობ ქსოვრელი.

რედაქტორი: ირმა ჯანიაშვილი.

აღწერა: ეს წიგნი აერთიანებს ბუდიზმის რამდენიმე მნიშვნელოვან ტექსტს, რომლებიც ადამიანის სულიერ განვითარებასა და შინაგანი სიმშვიდის მოძებნაში ეხმარება. მთავარი ტექსტი – „ალმასის სუტრა“ – ბუდასა და მისი მოწაფის დიალოგია, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ეგოსა და ილუზიებისგან. კრებულის ბირთვს „ალმასის სუტრა“ წარმოადგენს — ბუდისტური ტექსტი, რომლის უძველესი ბეჭდური ვერსია (868 წ.) ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, დუნჰუანის მღვიმეებშია აღმოჩენილი და მსოფლიო ბეჭდური წიგნის ისტორიაში უნიკალურ ადგილს იკავებს.

Tags: მასალებიჩინეთზესინოლოგიაჩინეთისისტორიაჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაციაჩინეთისპოლიტიკაჩინეთმცოდნეობაჩინურიენაჩინურილიტერატურა
Previous Post

გამოქვეყნდა ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციის წევრების აკადემიური სტატიები

Next Post

ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (36)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია