არახალია, რომ საერთაშორისო სისტემა მუდმივ ცვალებადობას განიცდის მისი შემადგენელი ერთეულების დონეზე. 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი არასახელმწიფო აქტორი დაემატა და ამ პროცესს საკუთარი ისტორიული და პოლიტიკური მიზეზები გააჩნია. სისტემაში აქტორების დამატებამ, თავის მხივ, ბუნებრივია გაზარდა ვაჭრობის შესაძლებლობები და სახელმწიფოებს შორის აქტიური თანამშრომლობის დასაწყისს შეუწყო ხელი. ჩვენთვის კარგად ცნობილია, რომ სახელმწიფოები ანარქიულ გარემოში არსებობენ და ისინი მუდმივად ორიენტირებულნი არიან საკუთარი ძალის დემონსტრირებისკენ, მაშასადამე, ემსახურებიან საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.
არსებობს მოსაზრება, რომ გლობალიზაციის ეპოქაში ეროვნული ინტერესების ცნება იმდენად მძაფრად აღარ დგას პოლიტიკურ სამყაროში, ვინაიდან გლობალიაზაციის პროცესი ეტაპობრივად საერთო გლობალური ინტერესების გაზიარებას გულისხმობს, თუმცა აღნიშნულ დოკუმენტში განხილული სავაჭრო ომის დაწყებისა და მისი ესკალაციის ერთ-ერთი ოიფიციალურად გაცხადებული მიზეზი სწორედ ისაა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ამ ორი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე შეექმნათ. სავაჭრო ომის დაწყების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 2018 წლის 22 მარტი, როდესაც ტრამპმა ტარიფები დაადო 60 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინეთის ექსპორტს ამერიკაში, რომლიც მოიცავდა საჰაერო ხომალდების ნაწილებს, სამედიცინო მოწყობილობებს, სატელიტებს და იარაღებს. საპასუხოდ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრომ, იმავე წლის 2 აპრილს, 128 ამერიკულ პროდუქტს მოუმატა ტარიფები, რაც მოიცავდა თვითმფრინავებს, ალუმინს, მანქანებს ( China briefing, 2020).ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის ტარიფებზე მარტივი პასუხი ჰქონდა, რომელსაც ბევრი ეკონომისტი იზიარებს. შეერთებული შტატები არასოდეს ყოფილა ჩინურ ბაზარზე მკვეთრად დამოკიდებული და ჩინეთში ექსპორტირებეული პროდუქტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3% შეადგენდა.
პროცესის ქრონოლოგიას რომ მივყვეთ და ამ ორი სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნები კარგად დავინახოთ, აუცილებელია შემდეგ თარიღებზე ხაზგასმა: 2018 წლის 15 მაისს, ჩინეთის ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტი ეწვივნენ ვაშინგტონს, რათა განეხილათ დამატებითი დეტალები და მიეღწიათ რაიმე სახის შეთანხმებისთვის. 17 მაისს ჩინური მხარე ერთგვარ კომპრომისზე წავიდა, როდესაც განაცხადა, რომ შეეცდებოდნენ სავაჭრო დეფიციტი შეემცირებინათ და ამერიკული პროდუქტი შეეძინათ, რითაც სავაჭრო ომის შეჩერებისთვის მზაობას გამოხატავდნენ, თუმცა ამერიკულმა მხარემ ომის არსებობა საერთოდ უარყო. 29 მაისსა და 15 ივნისს 25%-იანი ტარიფები დაედო 50 მილიარდი ღირებულების ჩინურ პროდუქტს, რის შედეგადაც მათ შეეზღუდებოდათ საინვესტიციო და საექსპორტო საქმიანობა. ამერიკული მხარის ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილების შემდეგ, ჩინეთმა ოფიციალურად დასდო ამერიკას ბრალი სავაჭრო ომის დაწყებაში და საპასუხო ქმედებით დაემუქრა. 10 ივლისს ამერიკულმა მხარემ 10%-იანი ტარიფები დაადო 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელს (Reuters Staff, 2020). ასე დაიწყო და დიალოგის ამ რეჟიმში მიმდინარეობდა ამ ორი სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით. 2018 წლის 30 ნოემბერს, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშ.შ.-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი მუხლი ხელს შეუშლის გარე ძალას, განსაკუთრებით ჩინეთს, შეთანხმების ბოროტად გამოყენებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შეთანხმებისა და სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ მექსიკამ საექსპორტოდ 3.5 მილიარდი დოლარით მეტი საქონელი გაიტანა 2018 წლის ზაფხულში (Brigida, 2019).
ამერიკის პოლიტიკა სავაჭრო ომში
შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთთან მიმართებით ამერიკული პოლიტიკური განწყობის ცვლა აშკარად შეიმჩნევა შტატების 2017 წლის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, სადაც ჩინეთი მოხსენიებულია, როგორც ამერიკის მთავარი მეტოქე და მოწინააღმდეგე. ამავე კონცეფციაში ნახსენებია, რომ ჩინეთი და რუსეთი წარმოადგენენ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მსოფლიოს მოწყობას ცდილობენ საკუთარი ავტორიტარული რეჟიმებით (Ratcliffe, 2020). გარდა ამისა, 2018 წლის 19 იანვარს გამოქვეყნდა აშშ-ის თავდაცვის სტრატეგია, რომელშიც „რევიზიონისტულ” ქვეყნებად მოხსენიებულია რუსეთი და ჩინეთი და აღნიშნულია, რომ აშშ-ის სამხედრო სტრატეგიის ყურადღების ცენტრში ტერორიზმთან ბრძოლის შემდეგ კვლავ ექცევა „დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენცია“. 1980-იანი წლების შემდეგ აშშ-ს თავდაცვის სტრატეგია ასე არასოდეს ყოფილა ორიენტირებული სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზებაზე, რაც შეეხება სამხედრო-პოლიტიკურ ფოკუსს ის შორეულ აღმოსავლეთსა და ინდო-ჩინეთის რეგიონზე ორიენტირდა. ყველასთვის კარგად შესამჩნევია ის ტექნოლოგიური პროგრესი, რომელსაც ჩინეთი აღწევს უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამის საპასუხოდ აშშ-მაც გაზარდა ტექოლოგიური სფეროს სუბსიდირება, რათა აქტიური კონკურენცია გაუწიოს ჩინურ ტექნოლოგიებს.
აშშ-ს სურს სამუშაო ადგილების გაზრდა და ქვეყნის რეინდუსტრიალიზაცია. ამავე დროს, ქვეყანა ეძებს გზებს შეამციროს გლობალური ლიდერის თანამდებობაზე მუშაობის ხარჯები. ამერიკა ჩინეთს ბევრ პრობლემაში ადანაშაულებს, მათგან მნიშვნელოვანია შემდეგი: ქურდობა – მარტში CMBC-ის (CNBC Global CFO Council) კვლევებმა ცხადყო, რომ 5 ამერიკული კორპორაციიდან მოხდა ინტელექტუალური საკუთრებით მოპარვა, რომლის ღირებულებაც წლიურად 600 მილიარდ დოლარს წარმოადგენდა (Rushe, 2019). უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკა ყოველწლიურად კარგავს ასეულ მოლიონობით დოლარს პატენტების მოპარვით და კიბერდანაშაულებებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ამერიკის მხრიდან, კერძო და საჯარო სექტორში, წელიწადში 1 ტრილიონ დოლარამდე იხარჯება კიბერ უსაფრთხოებაზე , აქედან გამომდინარე, თვალსაჩინოა, რაოდენ დიდი ზიანის მომტანია ეს ყოველივე მათავრობის, ხალხისა და კერძო კომპანიებისთვის.Pham, 2018)
ჩინეთის მისამართით კიდევ ერთი ბრალდება ვალუტით მანიპულირებას ეხება. კერძოდ, აშშ ჩინეთს ადანაშაულებს ვალუტით მანიპულირებაში, რითაც ეს უკანასკელი ცდილობს მოიპოვოს შეჯიბრობითი უპირატესობა (competitive advantage). ბუნებრივია არც ჩინეთმა დააყოვნა პასუხი აღნიშნულ ბრალდებაზე და ამერიკა საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის განზრახ დანგრევაში დაადანაშაულა უნილატერალიზმითა და პროტექციონისტული გზებით. ნიშანდობლივია ისიც, რომ სართაშორისო სავალუტო ფონდმა ამ ბრალდებაში ჩინეთის მხარე დაიჭირა და განაცხადა, რომ ჩინური იუანის დევალვაცია ძირითადად ემთხვევა ჩინეთში ეკონომიკური პირობების გაუარესებას (Rushe, 2019).
აშშ–ს პროტექციონისტული ქმედებების მიზეზი და შექმნილი კონფლიქტური სიტუაციები, მათ შორის არა მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ, ბევრი მეცნიერების აზრით აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსით არის განპირობებული. არსებობს მოსაზრება, რომ სავაჭრო ომიდან მიღებული ზარალის შემცირების მიზნით, აშშ-ში ადგილობრივ მწარმოებლებს უცხოური კონკურენციის შეზღუდვით შეუძლიათ შეამცირონ საერთო მოხმარება გარკვეულ პროდუქტებზე, თუმცა ამას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გრძელვადიანი შედეგი ჰქონდეს, ვინაიდან გაზრდილი ტარიფები საკმაოდ ბევრი სახის პროდუქტს ეხება, შესაბამისად მათი მხოლოდ დროებითი ჩანაცვლებაა გამოსავალი.
2018 წელს აშშ – მ ჩინეთიდან შემოიტანა რეკორდული $ 539.5 მლრდ საქონელი და სანაცვლოდ 120.3 მლრდ აშშ დოლარი გაყიდა. განსხვავება ამ ორ ციფრს შორის – 419,2 მილიარდი დოლარი არის სავაჭრო დეფიციტი (Amadeo, 2020). ჩინეთმა აშშ-ს 6 წლის განმავლობაში იმპორტის $1 ტრილიონით გაზრდა შესთავაზა, რის შემდეგაც 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დეფიციტი 344 მილიარდი დოლარიდან 0-მდე შემცირდება. მიუხედავად ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია უარს აცხადებს შეთავაზების მიღებაზე, რადგან მათთვის 6-წლიანი ვადა მიუღებელია და დეფიციტის შემცირებას 2 წელიწადში მოითხოვენ (Taushe, 2018). ეს საკითხი ათწლეულების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა და კვლავ მზარდი ტენდენცია აქვს, ვინაიდან სავაჭრო დეფიციტმა ჩინეთთან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია 2019 წლის მაისში, რის გამოც აშშ არ მიიჩნევს ჩინეთთან ვაჭრობას “სამართლიანად”. ექსპორტისა და იმპორტის სასაქონლო სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩინეთი იმპორტირებს ძირითადად არამზა პროდუქტებს, ხოლო აშშ ჩინეთის საბოლოო პროდუქციის იმპორტს ახორციელებს: ჩინეთის მთლიანი ექსპორტიდან 19% აშშ – ზე მოდის, რაც შეეხება აშშ – ს ექსპორტის მხოლოდ 8,3% მოდის ჩინეთზე. 2018 წელს, აშშ – დან ექსპორტი ჩინეთში 21% –ით შემცირდა, ხოლო ჩინეთიდან აშშ-ში მხოლოდ 12%-ით (Sabanoglu, 2020). საბოლოო ჯამში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აშშ ჩინეთს შორის სავაჭრო ომი აშშ-სთვის კონკრეტულ მიზნებთან ასოცირდება და, ჩემი აზრით, ეს მიზნები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს. 1. უნდა შემცირდეს ამ ორ სახელმწიფოს შორის ზემოაღნიშნული სავაჭრო დეფიციტი, რაც თავის მხრივ უფრო მეტ სამუშაო ადგილს გააჩენს ამერიკაში და ასევე ამერიკელი ინვესტორებისთვის ამერიკული ბაზარი უფრო მიმზიდველი გახდება. 2. ხელი შეეშალოს ჩინეთის წარმატებებს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაში. კონკრეტულად ეს მოთხოვნა გარდა საბაზრო კონკურენციისა მჭიდრო კავშირშია უსაფრთხოების საკითხებთან. 3. ჩინეთს არ მიეცეს საშუალება პროგრესს მიაღწიოს სამხედრო სფეროში და გაზარდოს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები, რათა ამერიკამ არ დაკარგოს ამ სფეროში ლიდერის სტატუსი. 4. ტარიფების დაწესებით ის საბიუჯეტო დანაკლისი შეივსოს, რაც აქამდე მიადგა ჩინეთისგან ინტელექტუალური საკუთრების ქურდობის გამო ( Kapustina, 2020).
ჩინეთის პოლიტიკა სავაჭრო ომში
სავაჭრო ომზე საუბრისას, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია იმ ხედვების და არგუმენტების დემონსტრაცია მოვახდინოთ, რომელსაც ჩინური მხარე იზიარებს. იმ მარტივი ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი გაცილებით უფრო მცირე ექსპორტს ეწევა ამერიკიდან, ვიდრე ამერიკა ჩინეთიდან, ჩინეთის ელიტურ წრეებში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ინსპირირებული სავაჭრო ომი არავითარ ზიანს არ მიაყენებს ჩინეთს. “თუკი 500 მილიარდი დოლარით მინუსში ხარ, შენ ვერაფრით ვერ შეძლებ წაგებას”- ასეთი ფრაზა გამოაქვეყნა 2018 წლის 4 აპრილს ტვიტერში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
მნიშვნელოვანი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ჰონგ-კონგის საპროტესტო გამოსვლებს. ჰონგ-კონგს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის სტატუსი აქვს და ფართო ავტონომიით სარგებლობს, თუმცა გარდა ამისა, ეს ქალაქი დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში და 1997 წელს მხოლოდ იმ პირობით გადაეცა ჩინეთს, რომ 50 წლის განმავლობაში ფართო ავტონომიას შეინარჩუნებდა. ჩინეთის ეკონომიკაში ჰონგ-კონგის წილს ისიც ადასტურებს, რომ ავტონომია მესამე ფინანსური დედაქალაქია ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ და 25 წელია მსოფლიოს ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის აღიარებული. იმ დროს, როცა ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო ომი ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პროცესს წარმოადგენდა, ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გაიმართა. მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება საექსტრადიციო კანონმა გამოიწვია. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბრალდებულების გადაცემას ნებისმიერი იურისდიქციისთვის, რომელთანაც არ აქვს ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება, მათ შორის ჩინეთისთვის (ვახტანგაძე, 2019). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰონგ-კონგი ჩინეთის კომუნისტური რეჟიმისგან თავისუფალი და დემოკრატიული ავტონომიური ერთეულია, შესაბამისად სავაჭრო ომის პერიოდში აღნიშნული გამოსვლები ტრამპისთვის აპელირების საგანი არაერთხელ გამხდარა. G20-ის შეხვედრის შემდეგ, სადაც იმართებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები სავაჭრო ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა ჰონგ-კონგის მომიტინგეებს საკუთარი მიზნების მიღწევაში, რაც მდგომარეობს დემოკრატიის შენებასა და მეტი თავისუფლების მოპოვებაში. მალევე გამოჩნდა, რომ ტრამპის განზრახვა მხარი- დაეჭირა დემოკრატიის შენების პროცესისთვის- მყიფე იყო, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ის სი ძინფინგს დაპირდა, რომ აღნიშნული თემა მისი განხილვის ობიექტი აღარ იქნებოდა (Swanson, 2019). აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთს უკეთესი ფისკალური პოზიციები უჭირავს. შესაბამისად, მას აქვს უნარი მოახდინოს იმ დარგების მარტივი კომპენსირება, რომელიც შესაძლოა სავაჭრო ომის დროს დაზარალდეს. ამ სიტუაციაში ამერიკა დაწინაურებული ნამდვილად ვერაა, იქიდან გამომდინარე რომ მას მსხვილი და მზარდი საბიუჯეტო დეფიციტი აქვს, რაც მთლიანობაში მშპ-ს 4 პროცენტს უტოლდება. ამასთანავე, ხარჯების გასაზრდელად აუცილებელია კონგრესის დასტური, რაც გარანტირებული ნამდვილად არ არის (Onge, 2018)
სავაჭრო ომის შედეგები
ამერიკის ცენტრალური ბანკის ექსპერტებმა საკითხთან დაკავშირებით ორი კვლევა ჩაატარეს. კვლევების მიხედვით, სავაჭრო ომის შედეგად ჩინეთზე დიდი ზიანი აშშ-ის ეკონომიკას მიადგა. ტარიფებმა შექმნა დამატებითი ბარიერები და ვერ მიაღწია სასურველ მიზანს, გაზრდილიყო ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.
ჩინურ პროდუქციაზე ფასები არ მცირდება, კვლევები ცხადყოფს, რომ პირიქით, ჩინური საქონლის დამატებითი ხარჯები ამერიკის იმპორტს აზიანებს, რაც იმპორტიორების მხრიდან მოგებას ამცირებს, ეს ვითარება კი, პროდუქციაზე ფასის გაზრდისაკენ უბიძგებს მათ. ფედერალური რეზერვის ნიუ-ორკის ფილიალის ეკონომისტების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ სავაჭრო ომების გავლენა ამერიკელ იმპორტიორთა სქმიანობაზე უდიდესია, მათ 2019 წლამდე დაწესებული ტარიფები 4,4 მილიარდი დოლარი დაუჯდათ. მკვლევარების მეორე ნაწილის აზრით კი, ამ გარემოებებმა დააბრკოლა აშშ-ს ექსპორტის ზრდა, თუმცა ჯამური მაჩვენებელი ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სექტორის ბუმის წყალობით არ შემცირებულა. (ზარქუა, 2020).
სხვადასხვა კვლევები სავაჭრო ომთან დაკავშირებით განსხვავებულ შედეგებს აქვეყნებენ. მაგალითად, Moody’s Analytics-ის კვლევის თანახმად, 2019 წლის სექტემბერისთვის სავაჭრო ომი შეერთებულ შტატებს 300 000 სამუშაო ადგილი და მშპ-ს 0,3% დაუჯდა. მეორე მნიშვნელოვანი კვლევ (Bloomberg Economics) ცხადყოფს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს სავაჭრო ომი 316 მილიარდი დაუჯდება, ხოლო ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამერიკულმა კომპანიებმა 1,7 ტრილიონი დოლარი იზარალეს. ბუნებრვია, ეს ყველაფერი აიძულებს ამერიკულ კომპანიებს გაზარდონ ფასი პროდუქტზე და შეამცირონ სამუშაო ადგილები, სავაჭრო ომის დაწყების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო. თავის მხრივ, 8%ით გაუფასურდა ჩინური ვალუტა და სავაჭრო საქონლის დეფიციტი ჩინეთთან მკვეთრად არ შემცირებულა (Hass, 2020).
მოსალოდნელი შედეგები
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, სავაჭრო ომს ამ ორ სახელმწიფოს შორის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთელი მსოფლიოსთვის, რადგან, ბუნებრივია, აღნიშნული დაპირისპირება მსოფლიოს ორ მწარმოებელს შორის საერთაშორისო ვითარებაზე გავლენას მარტივად იქონიებდა. ამის საპასუხოდ ბევრი მეცნიერი მოვლენების განვითარების იმ შესაძლო ვერსიებს და სცენარებს გამოყოფს, რომელიც შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მომხდარიყო. (ლიპკოვა, 2020) მოსალოდნელი სცენარების შემდეგი ჩამონათვალს გვთავაზობს. 1. სავაჭრო ომის ცივ ომში გადაზრდის საფრთხე – გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული ტრადიციები და სოციალური ღირებულებები ამ ორ სახელმწიფოში რადიკალურად განსხვავებულია ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები მოწინააღმდეგის მოთხოვნების გათვალისწინებით შეცვალოს. მიუხედავად ამისა, ორივე სახელმწიფოს გააჩნია ბერკეტი ერთმანეთის წინააღდმეგ. ამერიკა ყველანაირად ეცდება ჩინეთის იზოლირება მოახდინოს ეკონომიკური სფეროში ტარიფების დაწესებით, ამასთან არაა გამორიცხული ნატოს სამხედრო ძალებით ჩინეთის იზოლირება/დაშინება. თავის მხრივ, ჩინეთი იტოვებს პრეროგატივას, რომ ამერიკას არ მისცემს იმ ეკონომიკურ ზონებში შესვლის უფლება, სადაც ჩინეთი ითვლება ყველაზე მსხვილ მწარმოებლად, თუმცა აქაც აღსანიშნავია ის რისკები, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინაშე დგას გარემოსდაცვითი კუთხით. კლიმატის ცვლილების გამო და ამ პროცესში ჩინეთის დიდი წვლილის გათვალისწინებით, დღესდღეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შეძლებს თუ არა ჩინური ეკონომიკა გეგმა „ დამზადებულაი ჩინეთში 2025“-ის წარმატებით შესრულებას. 2.მეორე მოსაზრება სავაჭრო ომის განვითარებასთან დაკავშირებით, კონფლიქტის ესკალაციის შესახებ ხედვას არ იზიარებს და იმ სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე ორიენტირდება, რომელიც ახლა აქვს ამ ორ ქვეყანას. ამ მოსაზრებას არგუმენტირებულად ისიც ამტკიცებს, რომ ჩინეთმა და აშშ-მ გარკვეულ სფეროებში უკვე იპოვნეს ალტერნატიული მომწოდებლები, რაც თავის მხირვ საერთაშორისო ეკონომიკის დივერსიფიკაციის გამოიწვევს და გაზრდის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას. მაგალითად, სავაჭრო ომის დაწყების შემდეგ აშშ-მ სამხრეთ აზიასა და ტაივანში 1600-ამდე კატეგორიაში ასი ათასობით ალტერნატიული მწარმოებელი მოაბილიზა, რომელსაც აქამდე აშშ-ში არასოდეს მოუხდენია საქონლის ექსპორტი. 3. ვარაუდი იმის შესახებ რომ მსოფლიოს ამ ორი უდიდეს მწარმოებელს შორის დაწყებული ომი არა ცივი, არამედ შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება იყოს და მესამე მსოფლიო ომის კონტურები გამოიკვეთოს, თუმცა ეს ვარაუდი ჩემთვის პირადად ყველაზე ნაკლებად რეალურია, განსაკუთრებით ამერიკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ცვლის შემდეგ. მსგავსი პროგნოზის გაკეთება, ვფიქრობ, ამ ორი სახელმწიფოს ლიდერების არაპროგნოზირებად ბუნებაზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთებულიყო. მართალია, ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობის დაახლოების მცდელობით არ გამოირჩევა 21-ე საუკუნე, თუმცა კონფლიქტის ესკალაციის ასეთი ნათელი საფრთხე აქამდე არც ყოფილა. ერთი რამ ცხადია, არცერთი სახელმწიფო არ დათმობს საკუთარ ეროვნულ ინტერესებად თუ ეროვნული უსაფრთხების ნაწილად გაცხადებულ იმ მიზნებს, რომელიც ამ კონფლიქტის საფუძველია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ღირებულებათა სხვაობა მათ შორის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. 4. ვარაუდი იმის შესახებ, რომ სახელმწიფოები მიაღწევენ ხელშესახებ შეთანხმებას სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება და ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ამ მოსაზრებასაც უფრო ბევრი სფეროს სპეციალისტი იზიარებს. ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით ის ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე კონკეტული ცვლილებები შეიტანოს აღნიშნულ სტატუს ქვოში, გამომდინარე იქიდან, რომ ცალსახად გმობს ჩინეთისგან ისეთ შეურაცხმყოფელ პარქტიკას, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების მითვისება და სხვა (Aljazeera,2020). ამერიკის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის შეცვლის მიუხედავად, არ იცვლება ჩინეთის კომუნისტური რეჟიმი და ჯო ბაიდენის დემოკრატიული ღირებულებებისთვის ჩინური კომუნისტური სისტემა კიდევ უფრო მიუღებელია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაიდენი გამოხატავს მოლაპარაკების ახალი რაუნდებისთვის მზადყოფნას, რაც კონსესუსის მიღწევის შანსს ზრდის, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და დამატებითი ტარიფების შენარჩუნება/დაწესება ცხადია საერთაშორისო სისტემის „ეკონომიკური გამოჯანმრთელების“ პროცესს ხელს შეუშლის.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, ნათელია, რომ ადგილი აქვს ეკონომიკურად ყველაზე დიდ სავაჭრო ომს, რომელიც მიუხედავად მისი შესაძლო დასრულებისა, მაინც ცვლის საერთაშორისო ვაჭრობის არქიტექტურას და ანელებს ფინანსურ მარკეტებს. აშშ ცდილობს შეასუსტოს მისი მთავარი კონკურენტი და შეინარჩუნოს დომინირება გლობალურ ასპარეზზე: ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოებში. აშშ-ს ამჟამინდელი საგარეო სავაჭრო პოლიტიკა მიზნად ისახავს შეანელოს ჩინეთის მზარდი ეკონომიკა და შესაბამიდად მისი მზარდი მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკაში. ჩინეთს თავის მხრივ, მიზანი აქვს მიაღწიოს ლიდერობას რობოტიკაში, ბიოტექნოლოგიაში, ხელოვნური ინტელექტსა და სხვა თანამედროვე მაღალტექონოლოგიურ სფეროში. ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებს და გააკეთებს ყველაფერს, რათა შეერთებულმა შტატებმა არ შეაჩეროს ჩინური ეკონომიკის მოდერნიზაცია და ციფრულიზაცია.
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაწყებული სავაჭრო ომი მხოლოდ 2018 წლის შედეგი არ არის და ამას გაცილებით ღრმა საფუძვლები და გრძელვადიენი მიზნები აქვს, თუმცა ამ ყველაფრის პროგნოზირება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, იმის გათვალისწინებით, რომ არავინ იცის რა პოლიტიკას გაატარებს ჩინეთთან ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი, თუმცა ერთი რამ ცალსახაა, 2 წელში ამ დაპირსპირებამ ის შუალედური შედეგები გვაჩვენა, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულად მომგებიანი არცერთი ქვეყნისთვის არ აღმოჩნდა.
ავტორი: გიორგი კუბლაშვილი
გამოყენებული ლიტერატურა:
- Aljazeera (2020). Biden will not immediately end phase one China trade deal: NYT. https://www.aljazeera.com/economy/2020/12/2/biden-not-removing-phase-1-of-china-trade-deal-immediately
- Amadeo Kimberly (2020). US Trade Deficit With China and Why It’s So High. https://www.thebalance.com/u-s-china-trade-deficit-causes-effects-and-solutions-3306277
- Anna-Catherine Brigida (2019). Is Mexico really winning the US-China trade war? https://dialogochino.net/en/trade-investment/32441-is-mexico-really-winning-the-us-china-trade-war/
- Dorcas Wong, Alexander Chipman Koty (2020) . The US-China Trade War: A Timeline. https://www.china-briefing.com/news/the-us-china-trade-war-a-timeline/
- Ryan Hass, Abraham Denmark (2020). More pain than gain: How the US-China trade war hurt America. https://www.brookings.edu/blog/order-from-chaos/2020/08/07/more-pain-than-gain-how-the-us-china-trade-war-hurt-america/
- Kapustina L, Lipková L, (2020). US-China Trade War: Causes and Outcomes.
- Reuters Staff (2020). Timeline: Key dates in the U.S.-China trade war. https://www.reuters.com/article/us-usa-trade-china-timeline-idUSKBN1ZE1AA
- John Ratcliffe (2020). China Is National Security Threat No. 1. https://www.wsj.com/articles/china-is-national-security-threat-no-1-11607019599
- Dominic Rushe (2020). Here are the reasons for Trump’s economic war with China. https://www.theguardian.com/us-news/2019/aug/23/trump-china-economic-war-why-reasons
- Tugba Sabanoglu (2020). Total value of U.S. trade in goods worldwide 2004-2019. https://www.statista.com/statistics/218255/total-value-of-us-trade-in-goods-worldwide-since-2004/
- Ana Swanson , Michael Crowley (2019). Trump Says He’s ‘Standing’ With Xi (and With Hong Kong’s Protesters). https://www.nytimes.com/2019/11/22/us/politics/trump-hong-kong-protests-xi.html
- Taushe K (2019). China offers 6-year import boost in trade talks with US: Sources. https://www.cnbc.com/2019/01/18/china-to-offer-path-to-eliminate-trade-imbalance-with-us-report.html
- ვახტანგაძე ა , (2019). ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად — რა ხდება ჰონგ-კონგში ? http://go.on.ge/1840
- ზარქუა, ა (2019). აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომი შეჩერებულია – როგორია შუალედური შედეგები. http://tbl.ge/4d8r
- On.ge (2018). რატომ გაიმარჯვებს ჩინეთი სავაჭრო ომში ? http://go.on.ge/ruo
- ფიფია ნ, (2019). საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი. ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომი. https://gsac.ge/wp-content/uploads/2019/07/Trade-War.pdf
Discussion about this post