აი ვეივეი თანამედროვე ჩინელი მხატვარი, არქიტექტორი, პერფორმერი, კურატორი და კრიტიკოსია. მას 2011 წელს ჟურნალი „ArtReview“ არტ სამყაროს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის რეიტინგის მიხედვით პირველი ადგილი, ხოლო ჟურნალი თაიმსის ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში 24 ადგილი ერგო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვეივეი დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილი ჩინელი არტისტია.
აი ვეივეი დაიბადა 1957 წელს, ჩინეთში. მამამისი, აი ცინი, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტი იყო, თუმცა ის თავისი პოლიტიკური ტექსტების გამო „ქვეყნის მტრად“ გამოაცხადეს და გობის უდაბნოში გადაასახლეს. ამგვარად ვეივეიმ 16 წელი სინძიანის პროვინციაში, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, გაატარა, სადაც მძიმე და მკაცრ პირობებში უწევდა ცხოვრება. მან მხოლოდ ბელადი მაოს გარდაცვალების შემდეგ შეძლო დედაქალაქში დაბრუნება და პეკინის კინოაკადემიაში ჩაბარება.
1979 წელს ის გახდა პირველი ჩინური ანდერგრაუნდ მხატვრების გაერთიანების „ ვარსკვლავების“ წევრი. სწორედ ამ დროს დაიწყეს ახალგაზრდებმა გამოფენების გამართვა, პოეზიის შექმნა, ჟურნალების გამოცემა, რომლებიც დემოკრატიულ აზროვნებას უწევდა პროპაგანდას, ამ პერიოდიდან იღებს სათავეს ჩინური ავანგარდიც. თუმცა უამრავი სირთულის, ზეწოლისა და შევიწროვების გამო 1983 წელს 30 დოლარითა და ინგლისური ენის ცოდნის გარეშე ვეივეი ჩავიდა ნიუ-იორკში. ის თავიდან არალეგალური ემიგრანტი იყო და ნებისმიერ შესაძლო სამსახურს თანხმდებოდა, თუმცა ერთ წელიწადში შეძლო ინგლისური ენის შესწავლა და სამხატვრო კოლეჯში ჩაბარება. აქ ის ეზიარა თანამედროვე მხატვრების შემოქმედებას და ენდი უორჰოლის[1]გავლენით შექმნა მისი ცნობილი ტილო „სამი მაო“. მხატვრის თქმით ამ ნახატის შექმნით ის საკუთარ წარსულს გამოემშვიდობა.
ენდი უორჰოლი – პორტრეტების სერია „მაო“
აი ვეივეი – „მაო“ 1985წ.
მაო ძედუნის პორტრეტის დახატვის შემდეგ არტისტი წყვეტს ფერწერული ტილოების შექმნას და იწყებს დადაისტურ-სიურიალისტური ტიპის ობიექტებზე მუშაობას. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია „ვიოლინო“, რომელიც აღწერს კულტურული რევოლუციის პერიოდს, როდესაც ინტელექტუალებს აიძულებდნენ შავი სამუშაოები შეესრულებინათ და უკრძალავდნენ ყველანაირ თვითგამოხატვას.
„ვიოლინო“ 1985 წ.
აი ვეივეიმ ამერიკაში ათი წელი გაატარა მაგრამ 1993 წელს, მამის ავადმყოფობის გამო, კვლავ დაბრუნდა ჩინეთში. მისმა დაბრუნებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ჩინური ხელოვნების განვითარებაში. სამშობლოში ვეივეი იწყებს წიგნების გამოცემას. ცნობილია მისი სერია: „შავი, თეთრი და ნაცრისფერყდიანი წიგნი“. მათში ერთად მოექცა ყველაფერი, რაც კი ჩინეთის ხელოვნებაში იმ დროს შექმნილა, დაიწერა ერთგვარი ეპოქის დოკუმენტი. აი ვეივეიმ ყველა ხელოვანს ცალ-ცალკე სთხოვდა, რომ თავიანთ ნაშრომებზე მოეყოლათ ან დაეწერათ, თუ რამ გადააწყვეტინა ამა თუ იმ ნიმუშის შექმნა, რა იყო მათი ნამუშევრების სათქმელი. ეს სამი წიგნი ახლა უკვე საკულტო ნაშრომადაა ქცეული.
ამის შემდეგ ვეივეიმ დაიწყო კურატორული საქმიანობა. 1997-98 წლებში მან ჩინეთის ხელოვნების არქივი შექმნა , სადაც უამრავ ნამუშევარს მოუყარა თავი და ამავდროულად თანამედროვე ჩინური ხელოვნების პირველი კერა დააარსა.
1999 წლიდან აი ვეივეი აქტიურად არის ჩართული არქიტექტურაშიც. მან დააფუძნა კომპანიას სახელწოდებით „ყალბი დიზაინი“ ( FAKE DESIGN), რომელიც მუშაობს როგორც ურბანულ დაგეგმარებაზე ასევე ინტერიერის დიზაინზე. ვეივეი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის, პეკინის ოლიმპიური პარკის სტადიონის ერთ-ერთი ავტორი.
პეკინის ოლიმპიური პარკის სტადიონი 2008 წ.
1995 წელს ის ჩინურ ანტიკვარიატთან მუშაობას იწყებს. აი ვეივეი ამსხვრევს ძველ ლარნაკებს, ღებავს მათ სხვადასხვა ფრად ან აფორმებს პოპ-არტის სტილში. ამ სერიის მიზანია განადგურდეს ძველი და შეიქმნას ახალი ხელოვნება. როცა მან ხანის პერიოდის, 4000 წლის წინანდელი, ნეოლითური ლარნაკები საღებავებში ამოავლო, მათ იმ წამიდან ახალი ცხოვრება დაიწყეს. ბევრს შეუძლია ამ ლარნაკების თავდაპირველი სახეები მათ შრეებში ამოიცნოს და სწორედ ამის გამო დააფასოს ისინი, მაგრამ ამ ლარნაკებს უკვე სხვა ღირებულება აქვთ. მათ მოახერხეს და ტრადიციული, ძველი ეპოქის ძეგლებისთვის განკუთვნილი მუზეუმებიდან, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში გადაინაცვლეს.
ხანის დროინდელი ლარნაკის დამსხვრევა, 1995 წ.
„კოკა-კოლა“ 1997 წ.
„გაფერადებული ლარნაკები“ 2006 წ.
2005 წელს აი ვეივეი აკეთებს დიდ გამოფენას, რომელიც ეძღვნება პეკინში ისტორიული ქალაქის ნაწილის დანგრევას. სწორედ 2005 წელს, პეკინში, მასშტაბურად დაინგრა ისტორიული ნაგებობები და მათ ადგილას აიგო მრავალსართულიანი სახლები. არტისტმა გადაწვიტა შეენარჩუნებინა ამ შენობების ნაწილები. მან ნანგრევებიდან ხელოვნების ნიმუშები შექმნა და საგამოფენო სივრცეში გადაიტანა. ამ პროექტით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ძველი ხელოვნება შეიძლება იქცეს ახალი ხელოვნების მასალად. საინტერესოა, რომ პეკინის ისტორიული საცხოვრისები 2005 წლისათვის უკვე ძალიან დაზიანებული იყო ისინი თითქმის დავიწყებას იყვნენ მიცემული თუმცა აი ვეივეიმ მათ ახალი სიცოცხლე აჩუქა. თვითონ არტისტი ასე ხსნის თავის იდეას: „ვიცით რომ ეს ტაძარი ძველად ძალიან ლამაზი იყო, შესანიშნავად ნაგები. ჩვენ შევდიოდით მასში, ვლოცულობდით, იმედს, რწმენას ვამყარებდით. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ის დაინგრა, მორჩა, ის აღარაფერი არ არის, გარდა უბრალო, არაფრისმაქნისი მატერიისა, რომლისგანაც სხვა ხელოვანმა უკვე მისი ანტიპოდი შექმნა. ეს წინააღმდეგობრივი ნაბიჯი შეიძლება სრული უმეცრებაც გამოდგეს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება მისი მეშვეობით ახალი ინტერპრეტაცია, ახალი სიტყვაც წამოიჭრას”.
„მაგიდა ორი ფეხით კედელზე“ 2008 წ.
“ჩინური მორი“ 2005 წ. ( მორი აწყობილია ნანგრევებში მოპოვებული ტაძრის ხის ნაჭრებით, შუაში იკითხება ჩინეთის რუკა)
არტისტის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ყოველდღიურ ობიექტებს, „ხელოვნებას მაშინ აქვს ყველაზე დიდი ძალაუფლება, როდესაც ის ჩვეულებრივ ადამიანებს უკავშირდება“- ეს ვეივეის ცნობილი ფრაზაა. მისი აზრით, ზოგჯერ, ყველაზე უბრალო ნივთმა შეიძლება შეიძინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამის მაგალითად 2006 წელს ის ქმნის „მარგალიტის ჯამებს“. ჯამები განასახიერებს ბრინჯის ფიალას, რომელიც წლების მანძილზე ფასდაუდებელი იყო ჩინეთში, განსაკუთრებით დიდი ნახტომისა და კულტურული რევოლუციის დროს. ამის ხაზგასასმელად ის თასს ძალიან დიდი ზომისას აკეთებს და ავსებს ძვირფასი მარგალიტით.
„მარგალიტის ჯამები“ 2006 წ.
2010 წელს აი ვეივეი აწყობს გრანდიოზულ გამოფენას სახელწოდებით „მზესუმზირები“ . მან საგამოფენო დარბაზის იატაკი მთლიანად შეავსო 100 000 000 ფაიფურისგან დამზადებული, მზესუმზირით. თითოეული მარცვალი ხელნაკეთია. ამ ინსტალაციის საფუძველი გახდა მაო ძედუნის სიტყვები „ხალხი ისე უნდა მისდევდეს ლიდერს, როგორც მზესუმზირები მზეს“. საგამოფენო დარბაზში შესვლის შემდეგ მნახველებს შეეძლოთ თავისუფლად გაევლოთ და საკუთარი ფეხებით გაენადგურებინათ ხელოვნების ნიმუში. ამ პროექტზე მუშაობდა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც არტისტმა დაასაქმა. გამოფენის მიზანი იყო გაეკრიტიკებინა მაოს რეჟიმი, როცა მილიონობით ადამიანი მუშაობდა აბსურდული მიზნით, აკეთებდა საქმეს რომელიც დიდ შრომას მოითხოვდა მაგრამ არანაირი არსებითი შედეგი არ მოჰქონდა.
მზესუმზირები 2010 წ.
2011 წელს აი ვეივეი გაქრა. შეუძლებელია სხვა რამ ვუწოდოთ იმ პერიოდს, როდესაც 81 დღის განმავლობაში აი ვეივეი ჩინეთის მმართველ პარტიას ჰყავდა დაპატიმრებული და თან ისე, რომ მასზე არავის არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული ხელოვანი (გირაოს გადასახადი 15 000 000 იუენი მას ხალხმა გადაუხადა). ციხის დატოვების შემდეგ, რამდენიმე წელი, არტისტი კომუნიკაციას იყო მოკლებული და მას ჩინეთის დატოვების უფლება არ ჰქონდა, რითაც თითქოს ხელოვნებას უნდა ჩამოეშორებინათ, თუმდა ის მაინც, სახლიდან გაუსვლელად, ახერხებდა მსოფლიოს მრავალ ქალაქში გამოფენის გამართვას.
2013 წელს აი ვეივეი აკეთებს ინსტალაციას “წმინდა“ სადაც დეტალურად აქვს აღწერილი მისი დაპატიმრების სცენები. ინსტალაცია გამოიფინა იმავე წლის ვენეციის ბიენალეზე.
„წმინდა“ 2013 წ.
ამ წელს მთელი ბიენალე ჩინელ არტისტს მიეძღვნა და ჩაიარა სლოგანით – „თავისუფლება აი ვეივეის“. გარდა ვენეციისა 2013 წელს პროტესტი იმართებოდა მთელი მსოფლოის მასშტაბით, მათ შორის ჩინეთშიც.
აი ვეი ვეის მხარდასაჭერი აქცია 2013 წ.
2014 წელს აი ვეივეი აწყობს უპრეცედენტო გამოფენას ალკატრასის ციხეში. ის იყო პირველი ხელოვანი, რომელმაც აქ იმუშავა. მნახველს საშუალება ქონდა შესულიყო საკანში და ყურსასმენებში მოესმინა ყველა ხელოვანის ლექსი, სიმღერა თუ ისტორია, რომელიც ოდესმე ციხეში მჯდარა. ასევე ვეივეიმ გააკეთა მოზაიკა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ხელოვანების პორტრეტებისგან. ასევე ფაიფურის ყვავილებიანი აბაზანა და ჩინური დრაკონი, რომელიც მთელ ინტერიერს მიუყვება.
ამჟამად აი ვეივეი ინგლისში ცხოვრობს და იქიდან აგრძელებს მოღვაწეობას. ხელოვნების მთავარ დანიშნულებად მას საზოგადოებრივი სიმართლისა და ადამიანად ყოფნის უმთავრესი პრინციპების ერთგულება მიაჩნია. მისი აზრით, ხელოვნება კომენტარია ყველაფერზე და თუკი ის ამ ფუნქციას დაკარგავს, მაშინ აღარსადაა მისი ადგილი. ამ გამუდმებული კომენტარების გამოა რომ იგი დღეს რეპრესირებული ხელოვანია. მას და მის ხელოვნებას დაუფარავად ებრძვის ჩინეთის მთავრობა, თუმცა ვეივეი დღემდე რჩება თანამედროვე არტ-სცენის ყველაზე ძლიერ დამრტყმელ ძალად. აი ვეივეი არის ის არტისტი, რომელმაც პოსტმოდერნისტულ ხელოვნებას სოციალური და პოლიტიკური შინაარსი შესძინა და გახადა ის იმაზე უფრო სახალხო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ბიბლიოგრაფია:
gdcinteriors.com. (n.d.). Retrieved from https://www.gdcinteriors.com/ai-weiwei-exhibition-royal-academy/
publicdelivery.org. (n.d.). Retrieved from https://publicdelivery.org/ai-weiwei-study-of-perspective/
gdcinteriors.com. (n.d.). Retrieved from https://www.gdcinteriors.com/ai-weiwei-exhibition-royal-academy/
publicdelivery.org. (n.d.). Retrieved from https://publicdelivery.org/ai-weiwei-study-of-perspective/
Wei, A. W. (2014). Spatial Matters – Art Architecture and Activism.
WeiWei, A. (2011). Art, Architecture .
WeiWei, A. (2018). Yours Truly.
arilimag.ge.
[1] ენდი უორჰოლი (1928 –1987) ამერიკელი მხატვარი, ავანგარდისტი კინოხელოვანი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, მუსიკის პროდიუსერი და მსახიობი. პოპ-არტის მიმდინარეობის ერთ-ერთი დამფუძნებელი აშშ-ში 1950-იან წლებში.
ავტორი: ანუკა მახარაძე
Discussion about this post