ავტორი: ნათელა ჯოლოხავა
ამ სტატიაში გვსურს ვისაუბროთ ჩინეთის ტერიტორიაზე წყაროებით დადასტურებულ პირველ მხედართმთავარ ქალზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XII საუკუნეში ცხოვრობდა და დიდი წვლილი აქვს შანგ-ინის პერიოდის ჩინეთის ისტორიაში. ფუ ხაო – ესაა პირველი ქალი გენერალი, დედოფალი, მთავარი ქურუმი, სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. თითქოს, ყოველივე ზემოჩამოთვლილი უცნაურია იმ პერიოდის ჩინეთის კულტურისთვის, მაგრამ მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, რომ მაშინდელმა საზოგადოებამ შეძლო მისი ნიჭისა და უნარების დანახვა, გამოყენება და დაფასება.

ფუ ხაოს ძეგლი მისი სამარხის წინ, ინსუ.
მოვლენებში უკეთ გასარკვევად, ცოტა შორიდან დავიწყებთ. მოგეხსენებათ, ჩინეთში ბრინჯაოს ხანა ძვ. წ. 2000 წლიდან იწყება და შანგის დინასტია (დაახლ. ძვ.წ. 1600-1050 წწ.) ფლობდა არა მხოლოდ ბრინჯაოს დამზადების ტექნოლოგიას, არამედ დამწერლობას, ქალაქებს, რომლებიც მაღალი კედლებით იყო გარშემორტყმული და რთულ სახელმწიფო სტრუქტურას. შანგ-ინის კულტურის ათასზე მეტი სამარხი, რომელიც უკვე აღმოჩენილი და გათხრილია, ამ პერიოდის მატერიალური კულტურისა და რიტუალური პრაქტიკის მდიდრულ დასაბუთებას წარმოადგენს. შანგ-ინის ყველაზე უფრო ცნობილი აღმოჩენებია ე.წ. „სამკითხაო ძვლები“, იგიე ძიაკუვენი, რომელზეც ამოტვიფრულია ის კითხვები, რაც შანგის დინასტიის მეფეებს აინტერესებდათ, რომ წინაპრებისგან გაეგოთ. სწორედ მათი მეშვეობით ვგებულობთ იმ ღვთაებების შესახებ, რომელსაც პატივს მიაგებდნენ, საჭირბოროტო თემების თაობაზე, რისი გადაჭრაც სურდათ – იქნებოდა ეს მოსავალი, შობადობა თუ სამხედრო ლაშქრობების წარმატება- წარუმატებლობის საკითხები.
შანგის უკანასკნელ დედაქალაქ ინსუში 殷墟 (თანამედროვე ქ. ანიანგი, ხენანის პროვინცია. ეს ვრცელი ტერიტორია, როგორც მსხვილი კულტურული ობიექტი 2006 წელს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს), ბევრი სამეფო სამარხია აღმოჩენილი, მაგრამ ამ სტატიაში შევეხებით კონკრეტულად დედოფალ ფუ ხაოს სამარხს, რომელიც ჩინეთის ისტორიის სპეციალისტის, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის, პატრიცია ებრის თქმით, ერთადერთია იმ ნაპოვნ სამეფო სამარხებს შორის, რომელიც ხელუხლებელი და გაუძარცვავი გადარჩა.

ფუ ხაოს სამარხის გათხრები.
ფუ ხაო იმ ეპოქას განეკუთვნება, როდესაც ჩინურ საზოგადოებაში უკვე მამაკაცი დომინირებდა, მაგრამ ჯერაც შემორჩენილია მატრიარქატის გადმონაშთები – ეს გახლავთ შანგის დინასტიის პერიოდი. ამ დროს ქალებისთვის ოჯახში ტრიალი უკვე ტრადიციულ საქმიანობადაა ქცეული. შანგის დროს დედისა და ვაჟიშვილის სტატუსი ერთიეორეზე ზემოქმედებდა: მხოლოდ დიდგვაროვანი წარმომავლობის ქალები შეიძლება ყოფილიყვნენ შანგის მეფეთა ცოლები ანუ დედოფლები. შესაბამისად, მხოლოდ მათ ვაჟებს ქონდათ ტახტზე ასვლის უფლება და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლოთ მეფის ცოლებს მსხვერპლშეწირვის რიტუალში მონაწილეობის მიღება ქმართან ერთად.
ფუ ხაო ცხოვრობდა დაახლოებით, ძვ.წ. 1200 წლისთვის. ის იყო ჩინეთის ისტორიაში პირველი ქალი სამხედრო სტრატეგი, გენერალი, უმაღლესი ქურუმი, მინისტრი და ზოგადად, ძალიან მამაცი, გაბედული და ნიჭიერი მხედართმთავარი. ამ დიდებულ ქალბატონზე ცნობებს გვაწვდის შანგის დინასტიის პერიოდის სამკითხაო ძვლები. მისი გვარი „უ“- ნათესავების ტიტული იყო. ბრინჯაოს წარწერაში ასევე მოხსენიებულია როგორც „დედინაცვალი სინი, რადგან მისი სახელობის ტაძარი ასე იწოდება. იგივე „ი სინი“ – ეს მისი სატაძრო ზედწოდებაა, გარდაცვალების მერე „მუ სინი“ ეწოდა კიდეც. მას სხვანაირად „დედა წუ ძია“ – თიც მოიხსენიებდნენ. ასეთი საპატიო სახელები მის დაფასებულ და მნიშვნელოვან ადგილზე მიუთითებს ჩინეთის ისტორიაში. რაც შეეხება ფუ-ს, მიჩნეულია, რომ ეს მისი ტიტული და თანამდებობა იყო, როდესაც დედოფალი გახდა.
ფუ ხაო შანგის დინასტიის მმართველის, უ ტინგის (武丁) – ამ დინასტიის 21-ე მეფის 60 მეუღლიდან ერთ-ერთი და შემდგომში, 3 დედოფლიდან – უმთავრესი გახლდათ. უ ტინგი დინასტიურ ქორწინებებს ამყარებდა მოსაზღვრე ტომებთან და დაქვემდებარებულ კლანებთან, რათა საკუთარი მმართველობითი პოზიცია გაემყარებინა. მაგრამ ფუ ხაო ნამდვილად არ დარჩენილა მეფის მრავალრიცხოვანი ჰარამხანის მორიგ ქალბატონად – მალე მან საკუთარი ინტელექტით, ნიჭით, სიმამაცითა და სამხედრო ხელოვნების უზადო ცოდნით დაიმსახურა უ ტინგის ნდობა და პატივისცემა.
ქრონიკები გვამცნობენ, რომ ფუ ხაო დაიბადა არისტოკრატულ, ვასალური სახელმწიფოს პრინცის ოჯახში და ბავშვობიდანვე გამოიჩინა სამხედრო საქმისადმი ინტერესი. მამამისმა მას, როგორც ვაჟიშვილს, ისეთი სამხედრო განათლება მისცა და ფუ ხაოც შედეგად, იმ დროისთვის არსებულ და ცნობილ ყველა სახის იარაღს ბრწყინვალედ ფლობდა. ტოლს არ უდებდა მამრობითი სქესის მეომრებს და ორთაბრძოლიდან ხშირად გამოდიოდა გამარჯვებული. გარდა ამისა, სამხედრო ხელოვნებას ზიარებული ჭკვიანურად გეგმავდა ნებისმიერ საომარ ოპერაციას.

ფუ ხაოს სამარხში აღმოჩენილი ნეფრიტის დრაკონები
მას შემდეგ რაც მასა და უ ტინგს შორის დინასტიური ქორწინება შედგა, მეფემ დააფასა მისი ნიჭიერება და სულაც არ გამოუკეტავს იგი სამეფო სასახლის ქალთა სამყოფელში. აღსანიშნავია ასევე, რომ ფუ ხაოს ჭკუისა და მზარდი ავტორიტეტის გამო მეფემ მას უმაღლესი ქურუმის და სახელმწიფო მინისტრის წოდებები უბოძა, რაც იმხანად არნახული რამ იყო. მას შემდეგ, რაც ფუ ხაომ მას მემკვიდრე სიაო ძი (孝己) გაუჩინა, უ ტინგმა საყვარელი ქალი დედოფლად აქცია. სამკითხაო ძვლებზე არსებული ზოგი წარწერა ფუ ხაოს დედოფლად იხსენიებს, ზოგზე კი ლოცვებია წარწერილი მისი მრავალშვილიანობის დასაცავად. ეს წყარო ნათლად მეტყველებს, რომ ფუ ხაოს უ ტინგისათვის მნიშვნელოვანი სამხედრო როლი შეუსრულებია. კუს ბაქნებზე ვხვდებით წარწერებს, რომ იგი რიტუალებსაც ატარებდა როგორც ქურუმი ქალი, რაც იმას მოწმობს, რომ დედოფალი პასუხისმგებელი იყო მკითხაობის წესებსა და რიტუალებზე.
ტექსტებიდან ჩანს, რომ ფუ ხაო მეორე პირი გახდა სახელმწიფოში მეფის შემდეგ როგორც ბრძოლებში სამხედრო, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში მართვის თვალსაზრისით. მას ემორჩილებოდნენ ცნობილი გენერლებიც კი. ის ფაქტი რომ უ ტინგი ანდობდა ბრძოლის წარმოებას შანგის სამეფოს დაუძინებელი მტრების წინააღმდეგ, იმას მოწმობს, რომ მეფე ენდობოდა ცოლს და სწამდა მისი სამხედრო ნიჭიერების.
სამკითხაო წარწერები ერთ საინტერესო ამბავს გვიყვება: თურმე, ცოლში მხედართმთავრის ნიჭი უ ტინგმა მოულოდნელად აღმოაჩინა. ერთხელ, ჩრდილოეთ საზღვრებზე ომი გაჩაღდა და ვერცერთი მხარე ვერ აღწევდა წარმატებას. ფუ ხაო ემუდარებოდა ქმარს ომში გაეშვა და არწმუნებდა, რომ გამარჯვება მას დარჩებოდა. შეგახსენებთ, რომ ეს ხდება ძვ.წ. XII საუკუნეში და იმ დროისთვის ქალის მხრიდან მსგავსი რამის თხოვნა სიგიჟეს უდრიდა. უ ტინგმა რჩევისა და დახმარებისთვის ზეციურ საქმეთა კანცელარიას მიმართა და მისდა გასაოცრად, ზეციურმა სულებმა თანხმობა განუცხადეს მეუღლის სამხედრო ლაშქრობაზე. არმია მთლიანად მოხალისეებისგან შეკრიბეს და რამოდენიმე თვის შემდეგ პირველი გენერალი ქალი ტრიუმფით დაბრუნდა დედაქალაქში.

ფუ ხაოს საბრძოლო არსენალი
ფუ ხაომ განსაკუთრებით სახელი გაითქვა თუ-ფანგის სამეფოს დამარცხებით. ეს სახელმწიფო რამდენიმე თაობის მანძილზე აქტიურად ებრძოდა შანგის დინასტიას, მაგრამ ფუ ხაომ იგი ერთი გენერალური ბრძოლით გაანადგურა. უ ტინგის საყვარელი ცოლი ყველაზე გავლენიან სარდლად იქცა და მას 13 000 ჯარისკაცის მუდმივი მეთაურობა ჩააბარეს. მაგრამ სამხედრო კამპანიებში იგი უკვე სხვადასხვა სამეფოების წინააღმდეგ დაპყრობით ომებს ედგა სათავეში, როგორც მთავარსარდალი. მაგალითად, პა-ს სამეფოს წინააღმდეგ – ამ უკანასკნელთან ომი იმითაა ცნობილი, რომ ჩინეთის ისტორიაში ცნობილი ყველაზე ადრეული ჩასაფრების მანევრია გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ ფუ ხაო არ ცხოვრობს უ ტინგთან ერთად სასახლეში ანუ ჰარამხანაში, არამედ საკუთარი მამული გააჩნია – საკუთრების მფლობელია. როგორც სხვა სარდლებს, ფუ ხაოსაც ებოძა მიწები მის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, საიდანაც მას საკუთარი შემოსავალი გააჩნდა. არამცთუ იმ ეპოქაში, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი, სანამ იმპერატორის მმართველობა არ დაემხო, ყოვლად წარმოუდგენელი იყო „ცის შვილის“ მეუღლეს ან ხარჭას სასახლის გარეთ ეცხოვრა. მითუმეტეს, რომ სამხედრო კამპანიების დროს ფუ ხაოს ცალკე კარავს უდგამდნენ. კი, ჩინეთს ყავდა იმპერატორი ქალიც კი, მაგრამ ის ფაქტი, რომ იმპერატორის მეუღლე დამოუკიდებელი ყოფილიყო, თავისუფალი და საკუთარი მამული ჰქონოდა, სადაც ცხოვრობდა, ეს მოვლენა ფუ ხაოს მერე აღარასდროს განმეორებულა.

ბრინჯაოს სასმისი ფუ ხაოს სამარხიდან, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი, პეკინი
ძიაკუვენში ასევე აღნიშნულია, რომ ფუ ხაოს მსგავსად, შანგის ქვეყანას ყავდა სხვა სამხედრო პირი ქალები. რამდენიმეს სახელი ნახსენებია კიდეც, თუმცა ისინი ფუ ხაოს მსგავსი პრივილეგიებით არ სარგებლობდნენ. ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შანგის ეპოქაში სამხედრო აღზრდის მქონე ქალები უცხო არ იყო იმ საზოგადოებისთვის და გარკვეულ გასაქანსაც აძლევდნენ მათ ნიჭსა და უნარებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქაში ჯერაც შენარჩუნებულია მატრიარქატის გადმონაშთები, რაც ქალებს საშუალებას აძლევდა მხოლოდ ოჯახის საქმეებით არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი.
როგორც წარწერები გვამცნობენ, ფუ ხაოს მთავარი საბრძოლო იარაღი იყო იუე – საბრძოლო ნაჯახის ერთგვარი სახეობა, რომლის წონა 8-დან 9 კილოგრამამდე მერყეობს. თუმცა, მეცნიერთა აზრი აქ ორად იყოფა: ზოგს მიაჩნია, რომ ქალის მიერ ასეთი სიმძიმის იარაღის გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ საბრძოლო ხელოვნების ფლობის უნარები გრანდიოზული მასშტაბისაა და თუ ქალი სამხედრო საქმეს მოკიდებდა ხელს, მათ ისევე მოსთხოვდნენ წვრთნას, როგორც მამაკაცებს და ბრძოლის პროცესში არც სისასტიკის გამოჩენაში არ უნდა დაედო ტოლი. მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ბრინჯაოს ცული ცერემონიალური ინსტრუმენტი იყო, სამეფო ძალაუფლების სიმბოლო და არა – საომარი იარაღი. ამაზე ცოტა ქვემოთ გვექნება საუბარი. ამ სამკითხაო ძვლებიდანვე ვგებულობთ, რომ მას არ ყვარებია ქალის სამოსი და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დადიოდა.

ფუ ხაოს ძეგლი მისი სამარხის წინ, ინსუ. ხელში საომარი ნაჯახი იუე უჭირავს.
იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფო საქმეებში, მეფის მინისტრების სხდომებში და მეფის სათათბიროზე არამცთუ ხმის უფლება ქონდა, არამედ მის სიტყვას წონაც გააჩნდა.
აქ ერთი მომენტია აღსანიშნავი: წარწერების მიხედვით, როდესაც უხუცესებთან შეხვედრა ან მოლაპარაკება იყო საჭირო, უ ტინგი ხშირად ქალებს აგზავნიდა მოსალაპარაკებლად, რომელთაც უმეტესად ფუ ხაო ხელმძღვანელობდა. ამით იგი ხაზს უსვამდა ქალთა სქესის მიმართ ნდობას, პატივისცემას, მათი ჭკუისა და გამჭრიახობის დაფასებას და ბუნებრივ სიკეთეს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინური კულტურის გათვალისწინებით, სადაც ქალი მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა და ქმრის ჩრდილქვეშ იმყოფებოდა. ჩანს, რომ უ ტინგი იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესულად აზროვნებდა და გენდერული მარწუხებით არ ქონდა შეზღუდული გონება. უ ტინგი ვაჭრებთან მოლაპარაკებებისთვისაც ხშირად აგზავნიდა ქალებს, პოლიციურ სფეროშიც ჩართული ყავს – გაქცეული პატიმრების, მონების დასაპატიმრებლად, ჯალათებად საპატიმროებში -წამების იარაღებთან გამწესებული, რაც ამყარებს ჩვენს მიერ ზემოთქმულს.
მაგრამ ფუ ხაოს ძლევამოსილება მისი გარდაცვალების შემდეგაც არ გამქრალა: მძიმე ლაშქრობებმა, მშობიარობებმა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ სფეროში მოღვაწეობამ საგრძნობლად დაასუსტა ფუ ხაო და 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. დარჩა ოთხი ვაჟი. ფუ ხაოს გარდაცვალების შემდეგ შანგის სამეფო საგრძნობლად დასუსტდა მეზობელი სამეფოს შემოტევებით, რის გამოც უ ტინგი გამუდმებით მსხვერპლს სწირავდა გარდაცვლილი მეუღლის სულს, რათა მას ზეციური სამეფოდან მფარველობა გაეწია.
ფუ ხაოს გარდაცვალების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, იგი კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული და ხანგრძლივი ჩასაფრების შემდეგ გამოფიტვისგან გარდაიცვალა, რომელიც მტერს მოუწყო და საკმაო მოწინააღმდეგეც შეიწირა. მეორე ვერსიის მიხედვით, დედოფალი ნადირობის დროს უბედური შემთხვევას შეეწირა. მისი და უ ტინგის მემკვიდრე – სიაო ი დედის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. მესამე ვერსია კი გვამცნობს, რომ ოთხმა მშობიარობამ და გამუდმებით ბრძოლის ველზე ყოფნამ მის ჯანმრთელობას მძიმე დაღი დაასვა და ლოგინად ჩააგდო. დადასტურებით არავინ იცის რომელია მართალი ან შესაძლოა, სულ სხვა, ჩვენთვის უცნობი მიზეზიც ყოფილიყო მისი ნაადრევი, 30 წლის ასაკში სიკვდილის მიზეზი, მაგრამ ერთი უდაოდ ცხადია: ფუ ხაოს ცხოვრების ისტორია არ დასრულებოდა მისი გარდაცვალებით – იგი გააღმერთეს და თაყვანს სცემდნენ როგორც ქალღმერთს.
უსაყვარლესი მეუღლისა და მეგობრის, თანამებრძოლის გარდაცვალებამ უ ტინგი ძალიან დაამწუხრა. წარწერები გვამცნობენ, რომ მეუღლეს დიდხანს გლოვობდა, ყველა ცოლი და შვილი აიძულა მსხვერპლშეწირვაში მიეღოთ მონაწილეობა და პატივი მიეგოთ მისთვის. დაბოლოს, ჩაიდინა უპრეცენდენტო რამ: მსხვერპლშეწირვის შემდეგ თავისი მეუღლის სული დააქორწინა თავის უდიდეს სამ წინაპარზე: მე-6, მე-11 და მე-13 თაობის წინაპრებზე (სხვა ვერსიით, პირველი სული იყო შანგ-ტი, რომელიც შანგ-ინის დინასტიის დამაარსებლად ითვლებოდა), რათა საიქიოში მარტო არ დარჩენილიყო და ამ სამ უდიდეს წინაპარს ეზრუნა ფუ ხაოზე. როგორც თვითონ ზრუნავდა სააქაოში, ისე იზრუნებდნენ მასზე საიქიოში და უსაფრთხოდ იქნებოდა. ეს ფაქტი ჩინურ კულტურაში უდიდეს სიყვარულს, მადლიერებას, დაფასებულობასა და მნიშვნელოვნებას გამოხატავდა ქალის, მეუღლის მიმართ. ასეთი პატივი არცერთ ქალს არ ღირსებია. ყოველ შემთხვევაში, ისტორია სხვა შემთხვევებზე დუმს.
უ ტინგმა მავზოლეუმი სასახლის გვერდით ააგებინა, რათა საყვარელი ცოლის ხილვა ნებისმიერ დროს შესძლებოდა – დღეცა და ღამეც, როცა მასთან საუბარი მოუნდებოდა.
სამარხი
ფუ ხაოს განსასვენებელი შანგის დინასტიის პერიოდის ყველაზე კარგად შემონახული სამარხია. იგი 1976 წელს ქ. ანიანგში (安阳) აღმოაჩინეს და ეს ადგილი ითვლება შანგ-ინის სამეფოს დედაქალაქად. უძველესი ქალაქი ინსუ- აქ მდებარეობდა და იგი ითვლება დედაქალაქად. აღმოჩენილი ფულის, ძვირფასეულობის, სამხედრო აღჭურვილობის, ბრინჯაოს ნაკეთობების, ნეფრიტებისა და ოპალის, სპილოს ძვლებისა და კერამიკული ნაწარმის, სამკითხაო ძვლებისა და წარწერებიანი კუს ბაკნების გარდა აღმოჩენილია 22 ადამიანისა (ზოგი ვერსიით, 16) და 6 ძაღლის ჩონჩხი. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ისინი მონები არიან და ცოცხლადვე დამარხეს მასთან ერთად, რათა იმქვეყნადაც ემსახურათ მისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს ის ეპოქაა, როდესაც ცოცხალი ადამიანების სამარხში ჩაყოლება ჩვეულებრივი მსხვერპლშეწირვითი რიტუალია და აუცილებელი გარდაცვლილის სულის საოხებლად. რაც შეეხება ძაღლებს, ვარაუდობენ, რომ მისი საყვარელი ცხოველებია და საიქიოშიც უნდა ეერთგულათ.

ფუ ხაოს სამარხი
როგორც აღვნიშნეთ, სამარხი აღმოჩენილ იქნა 1976 წელს და სამეფო სამარხებს განეკუთვნება მთელი თავისი რიტუალური მოწყობითა და სიმდიდრით. სულ 1928 საგანი იყო სამარხში, აქედან 440 ნაკეთობა ბრინჯაოს მასალისგანაა, 755 – ნეფრიტისგან. აქ შეხვდებით შრომის ქვის იარაღებს, სპილოს ძვლის ნაკეთობებს, კერამიკასა და უძვირფასეს ნიჟარებს, რომელთა რაოდენობა მრავალრიცხოვანია. საომარი იარაღების რაოდენობა 130-ს აჭარბებს, ხოლო სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვა 50-ზე მეტია. ფუ ხაოს სამარხში აღმოჩენილი არტეფაქტები განსაკუთრებული სინატიფითა და დახვეწილობით გამოირჩევა. ნაკეთობათა უმეტესობას წარწერა აქვს “უ ხაო”, რაც ასევე სამარხში აღმოჩენილ შრომისა და საბრძოლო იარაღებსაც ეხება.

ფუ ხაოს სამარხი
დედოფლის საფლავში აღმოჩენინლია ბრინჯაოს ორი ნაჯახი. მას ჩინურად იუე ეწოდება და საომარი ნაჯახის ერთ-ერთი სახეობაა. ერთის სიგრძე 39,5 სმ-ია, სიგანით – 37,5 და იწონის 9 კილოგრამს. ნაჯახზე გამოსახულია ორი ვეფხვი, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანის თავს და ქვეშ წარწერილია: „ფუ ხაო“. ზოგიერთ კვლევაში აღნიშნულია, რომ ფუ ხაო ბრძოლაში ებმებოდა ამ ორი დიდი ნაჯახით შეიარაღებული და შესაბამისად, იგი დიდი ძალ-ღონისა უნდა ყოფილიყო. მსგავსი იარაღი შეიძლება დაიჭირო ორივე ხელით, მაგრამ ცალ ხელში ერთი გეკავოს, მეორეში – მეორე ნაჯახი და ისე იბრძოდე, ძალიან რთული და მოუხერხებელია. არსებითად, ეს ნაჯახი ხელისუფლების ცერემონიალური სიმბოლოს – დროშის ანალოგიურია, რომელსაც არმია იყენებს. შესაბამისად, მისი ტარების უფლებაც მხოლოდ მნიშვნელოვანი პერსონის პრეროგატივა უნდა ყოფილიყო. ჭოუს წყაროებში ნათქვამია, მეფეს მარცხენა ხელში ყვითელი ნაჯახი ეკავა, მარჯვენაში კი – თეთრი დროშა, რათა ჯარი ემართაო. ყვითელ ნაჯახში მოიაზრება ბრინჯაო და თეთრ დროშასთან ერთად იგი ძალასა და დიდებას განასახიერებდა. შესაბამისად, ეს ორი ინსტრუმენტი სამეთაუროდ იყო გამიზნული და არა – საბრძოლო იარაღად. ამგვარად, ბრინჯაოს ცული ცერემონიალური ინსტრუმენტი იყო და არა – საომარი იარაღი. პირველი გენერალი ქალის სამარხში ასეთი ცულის აღმოჩენა, მითუმეტეს ფუ ხაოს სახელობის წარწერით, იმაზე მიუთითებს, რომ უ ტინგის უსაყვარლესი მეუღლე დამპყრობლის ძალაუფლების სტატუსისა და მისი აღმნიშვნელი სიმბოლიკის საგნების მატარებელი უფლების მქონე ადამიანი გახლდათ.

ფუ ხაოს საომარი ნაჯახი წარწერით „ფუ ხაო“.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ არტეფაქტებს შორის ძალიან მცირეა ქალის სამკაულები და მორთულობები. რომ არ ვიცოდეთ, რომ სამარხი ქალს ეკუთვნოდა, გვეგონებოდა, რომ უდიდესი სამხედრო მოღვაწე მამაკაცის საფლავი გაითხარა. ნაკეთობების გაფორმებებშიც დომინირებს ვეფხვი და არა ყვავილები ან ფრინველები, პეპლები, როგორ ეს ტრადიციულად, ქალის ნივთების მორთულობებზე გვხვდება. ცნობილია, რომ ვეფხვი სიძლიერის, სიმამაცის, ფიზიკური ღონის, ძლევამოსილების სიმბოლოა და მამაკაცურ ტოტემად განიხილება. აღარ ვსაუბრობთ ისეთი შინაარსის მოხატულობებზე, როგორებიცაა: დათვები, სპილოები, დრაკონები, ფენიქსები, ირმები და ა.შ.

ნეფრიტის ფენიქსი, ჩინეთის ეროვნული მუზეუმი, პეკინი
დასკვნა
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის ისტორიაში პირველი გენერალი, ქურუმისა და მინისტრი ქალის არსებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქალსაც შეუძლია ბევრი რამ ისეთი „მამაკაცური“ საქმე აკეთოს, რაც საუკუნეთა განმავლობაში გენდერულ სტერეოტიპში მოექცა. უ ტინგი იმ დროისთვის, საკმაოდ პროგრესულად აზროვნებდა და ნათლად დაინახა თავისი ცოლის ნიჭიერებას რა სარგებლობა შეეძლო მოეტანა ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ცნობები იმის შესახებ, თუ რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ ფუ ხაოსა და მეფეს საიმისოდ, რომ მამაკაცთა მმართველ გარემოცვას – სამხედროსა თუ პოლიტიკურს, ეცნო ფუ ხაოს ნიჭიერება, მაგრამ შეგვიძლია შედეგით დავასკვნათ – ჩინურმა საზოგადოებამ მისცა მას ფართო ასპარეზი. მართალია, საუკუნეთა განმავლობაში ფუ ხაოს ისტორია ლეგენდებით შეიმოსა და აკრძალულიც კი იყო კონფუციურ საზოგადოებაში მისი ხსენება, მაგრამ ფუ ხაოს სამარხის აღმოჩენამ ხელახლა შვა და განადიდა უდიდესი მთავარსარდალი ქალის სახელი.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Peterson, B. B. (Ed.). (2015). Notable women of China: Shang dynasty to the early twentieth century. Routledge.
- Ebrey, P. B. (n.d.). A visual sourcebook of Chinese civilization. University of Washington. http://www.washington.edu
- Fong, W. (Ed.). (1980). The great bronze age of China: An exhibition from the People’s Republic of China. The Metropolitan Museum of Art / Alfred A. Knopf.
- Web Sources:
- Homsk. (n.d.). Госпожа Фу Хао — жрица, воин и первая в истории Китая женщина-генерал. Retrieved from https://homsk.com/martin/gospozha-fu-khao-zhritsa-voin-i-pervaya-v-istorii-kitaya-zhenshchina-general
- History of Royal Women. (n.d.). Fu Hao – Queen, general and priestess. Retrieved from https://www.historyofroyalwomen.com/fu-hao/fu-hao-queen-general-and-priestess
- Ngasanova. (n.d.). Фу Хао — первая женщина-генерал в истории Китая. LiveJournal. https://ngasanova.livejournal.com/2377616.html
- Baidu. (n.d.). 妇好 [Fu Hao]. Baidu Baike. https://baike.baidu.com/item/妇好/561489
- Lishi Chunqiu. (n.d.). 妇好:中国第一位女将军. Retrieved from http://m.lishichunqiu.com/show.php?classid=11&id=55
- Anyang Museum. (n.d.). 妇好墓与安阳博物馆. Retrieved from http://www.aybwg.org/anbozhanlan/show.php?itemid=43
- Chinese Academy of Social Sciences (CASS). (2023, April 20). 妇好墓考古发掘. Retrieved from https://www.cssn.cn/kgxc/kgxc_kgxl/202304/t20230420_5623450.shtml
Discussion about this post