სამი მსოფლიო რელიგიიდან ერთ-ერთმა- ისლამმა, ჩამოყალიბებიდან მალევე ევრაზიის კონტინენტზე საოცარი სისწრაფით დაიწყო გავრცელება. სულ რაღაც ერთ საუკუნეში ისლამის პატრიარქის- მუჰამადის გარდაცვალებიდან, არაბეთის ნახევარკუნძულის ქალაქ მექადან გავრცელებულმა არაბულმა სახალიფომ მოიცვა ტერიტორია ესპანეთის დასავლეთ სანაპიროდან ვიდრე ცენტრალურ აზიამდე, VIII საუკუნის შუა ხანებში კი ცენტრალური აზიაც შეუერთდა სახალიფოს. თუმცა, საკუთრივ ისლამის გავრცელების სისწრაფე სახალიფოს ტერიტორიულ ზრდას აღემატებოდა. ამის შესანიშნავი დასტურია ისლამის გავრცელება ისეთ შორეულ ტერიტორიაზე, როგორიც ჩინეთია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ისლამმა ძალიან ადრე შეაღწია, გაცილებით ადრე, ვიდრე სახალიფო ევროპის ტერიტორიაზე დაიწყებდა სამხედრო ოპერაციებს. ბუნებრივია, ასეთ სწრაფ დიფუზიას შორეულ დისტანციაზე თავისი წინაპირობები ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ჩინეთს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა სპარსეთთან და არაბეთთან გაცილებით ადრე, ვიდრე ისლამი დაარსდებოდა[1]. ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზღვაო აბრეშუმის გზის სისტემაში ( Khamouch 2005: 3 ). შესაბამისად, მალევე ისლამის ჩამოყალიბებიდან, სავაჭრო ურთიერთობების გამო მაჰმადიანები ჩინეთშიც გამოჩნდებოდნენ. ანუ, პირველი მუსულმანები ჩინეთში ვაჭრები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა, არსებობს მეორე თეორია, უფრო სწორად ჩინელი მუსლიმების ტრადიციაში დაცული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მუჰამედის სიცოცხლეშივე ჩინეთში ჩავიდა ერთ-ერთი შაჰაბი- საიდ იბნ აბი ვაქასი. 617-651 წლებს შორის მას სამჯერ უმოგზაურია ჩინეთში. მესამე ვიზიტი ხალიფა ოსმანის ( 644-656 ) ბრძანებით შეუსრულებია ( Khamouch 2005: 3 ). 650 წელს შეხვდა ჩინეთის თანგის დინასტიის ( 唐朝618-907 ) იმპერატორ- კაოწონგს ( 高宗650-683 ). იმპერატორს კარგად მიუღია ელჩები, გაცნობია და მოხიბლულა ისლამის მოძღვრებით, საბოლოოდ კი მეჩეთის აგების ნებაც დაურთავს მათთვის. ერთადერთი, რამაც იმპერატორის მოწონება ვერ დაიმსახურა იყო დღეში ხუთჯერ ლოცვა და ერთთვიანი წმინდა მარხვის დაცვა ( Morgan 1958: 306 ). ჩინელი მუსლიმების რწმენით საიდის მიერ აგებული მეჩეთი არის კუანგჭოში (广州) მდებარე ხუაიშენგის მეჩეთი (怀圣寺) ( Khamouch 2005: 5 ), თუმცა ეს ისტორიულად ვერ დასტურდება. თანამედროვე ისტორიკოსები ზოგადად არ იზიარებენ საიდის მოგზაურობაზე ჩინელ მუსლიმებში არსებულ მოსაზრებას, რამეთუ მისი დამადასტურებელი საბუთი ჩინურ წყაროებში არ მოიპოვება ( Lipman 1997: 25 ). ერთადერთი რელევანტური ცნობა დაცულია თანის დინასტიის მატიანეში, რომლის მიხედვითაც 651 წელს არაბეთიდან იმპერატორს ელჩი ეწვია ( Morgan 2005: 306 ). ერთი შეხედვით ჩინელი მუსლიმების და წყაროს მონაცემები ემთხვევა, თუმცა იყო თუ არა ეს ელჩი საიდ იბნ ვაქასი, ვერ დგინდება. ვაქასი ჩინელი მუსლიმების ტრადიციებში მრავალჯერ ფიქსირდება, მაგალითად მათი რწმენით ის ჩინეთშია დაკრძალული, მაშინ როცა არაბი მუსლიმების მტკიცებით ვაქასი მედინაში დაკრძალეს ( Morgan 1958: 307 ). სხვა შედარებით ადრინდელი წერილობითი წყარო ამ თემაზე არის XVI-XVII საუკუნეში მოღვაწე ჩინელი მოაზროვნის- ლიუ ჭის ნაშრომები. მიუხედავად ჩინელ მუსლიმებში არსებული ზემოთაღნიშნული ტრადიციისადმი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ისლამს ჩინეთში VII საუკუნეში უნდა შეეღწია და პირველი მეჩეთებიც ამ დროს უნდა გაჩენილიყო ჩინეთის ტერიტორიაზე ( Lipman 1997: 25 ).
თანის დინასტიის პერიოდში მუსლიმ მოსახლეობას ჩინეთში ძირითადად შეადგენდნენ ვაჭრები, მათი განსახლების ადგილები კი ძირითადად საპორტო ქალაქები იყო, მაგალითად: კუანგჭოუ, ცუენჭოუ (泉州) და სხვა[2]. დროთა განმავლობაში კონტინენტურ ჩინეთშიც გაჩნდნენ მუსლიმები. ჩინელი მუსლიმების რწმენით პირველი მუსლიმები, რომლებიც ჩინეთის შიდა ტერიტორიაზე დასახლდნენ, იყვნენ ის მეომრები, რომლებიც აბასელმა ხალიფამ- ალ მანსურმა ( 754-775 ) გაგზავნა ჩინეთში იმპერატორის დასახმარებლად ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ( Abd-allah 2006: 3 ). ეს ფაქტი ისტორიული წყაროებითაც დასტურდება. ამბოხების ჩახშობის შემდეგ თანის იმპერატორმა მუსლიმი მეომრები, რომელთა უმეტესობა სპარსი იყო, ჩინეთის ტერიტორიაზე დაასახლა ( Kitagawa 2002: 283 ). თუმცა, მუსლიმების უმეტესი ნაწილს ჩინეთში კვლავაც საპორტო ქალაქების მოსახლეობა შეადგენდა.
თანგის დინასტიის პერიოდში ჩინელები და მუსლიმები ძირითადად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ, თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით. კერძოდ, 758 წელს სპარსი და არაბი ვაჭრების ამბოხი კუანგჭოუში, რასაც ორი წლის შემდეგ იანგჭოუში (扬州) ჩინელი მეამბოხეების მიერ მუსლიმი მოსახლეობის დარბევა მოჰყვა[3]. 878 წელს კვლავ კუანგჭოუში, ოღონდ ამჯერად ამბოხებულმა ჩინელებმა დაარბიეს მუსლიმები ( Twitchet 1979: 740 ). თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა ეს ფაქტი მოხდა ცენტრალური ხელისუფლების სუსტ მდგომარეობაში ყოფნისას. პირველ ორ შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა ე.წ. „ან-ლუშანის აჯანყება“ (安禄山之乱 755-763 ), მეცხრე საუკუნეში კი თანგის დინასტია ვეღარ აკონტროლებდა ქვეყნის დიდი ნაწილს, მათ შორის უკიდურეს სამხრეთს. ქვეყანა ფაქტობრივად ქაოსში იყო.
გარდა ზემოთ აღნიშნული გამონაკლისებისა, როგორც აღვნიშნეთ, ჩინელი მოსახლეობა და მუსლიმები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ. კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ასევე მთავრობასაც მათ მიმართ. 834 წელს იმპერატორმა ვენ-წონგმა (文宗) გამოსცა ე.წ. „უცხოელი სტუმრების“ დამცავი კანონი კუანგტონგში, ფუძიენსა (福建)და იანგჭოუში[4][5]. უფრო მეტიც, როდესაც 845 წელს იმპერატორმა ვუ წონგმა ( 武宗-840-846 ) გამოსცა ედიქტი, რომლითაც კრძალავდა ჩინეთის ტერიტორიაზე ბუდიზმს, მანიქეველობას, ქრისტიანობასა და სხვა გარედან შემოსულ რელიგიებს ( Twitchett 1979: 666 ), ისლამზე კი სიტყვა არ იყო ნახსენები. ერთ-ერთი სპარსი ვაჭრის-სულეიმანის ცნობით, რომელიც 851 წელს იყო ჩინეთში, კუანგჭოუში იმპერატორის მიერ სპეციალური მოხელე იყო დანიშნული აქ მცხოვრები მუსლიმების საქმეების მოსაგვარებლად და გასარჩევად. თვით ეს მოხელეც აუცილებლად მუსლიმი უნდა ყოფილიყო[6]. ჩინეთის სამეფო კარი ყველანაირად ხელს უწყობდა მუსლიმებს და არც მათ რელიგიას ეხებოდა. თანამედროვე ისტორიკოსები ამას ორი ფაქტორით განმარტავენ. პირველი ის რომ მუსლიმებს დიდი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის ეკონომიკაში და მათდამი რეპრესიები ხაზინას დააზარალებდა. მეორე ფაქტორი კი თვით მუსლიმების არამქადაგებლური ცხოვრების სტილი იყო ( Brinkley 1902: 150 ). ჩინეთში ჩასული მუსლიმები იყვნენ ძირითადად ვაჭრები და არა სასულიერო პირები. შესაბამისად ისინი ნაკლებად ან სულაც არ ეწეოდნენ ისლამის პროპაგანდას, რაც მთავრობის ინტერესებშიც ჯდებოდა.
თანგის იმპერიის დაცემის შემდეგ ( 907 წ. ) ჩინეთში დროებით მრავალსახელმწიფოებრიობამ დაისადგურა. და დაიწყო ე.წ. „ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს“ პერიოდი ( 五代十国907-960 ) ( Fischel 1951: 407 ). ამ პერიოდში ჩინეთში ახალი მუსლიმი მოსახლეობა ძირითადად შედიოდა ქალების სახით. კერძოდ კი, ჩინეთში ამ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ სპარსი ქალები და საიმპერატორო ჰარემისათვის მათზე დიდი მოთხოვნა იყო, განსაკუთრებით კი სამხრეთ ხანის სამეფოში ( 917-971 ) ( Tokyo bunko 1928: 34 ).
პოზიტიური შედეგები მოიტანა ჩინეთში მოსახლე მუსლიმებისათვის სუნგის დინასტიის მმართველობის პერიოდმა ( 宋朝960-1279 ). ამ დროს მუსლიმი ვაჭრები ფაქტობრივად მონოპოლიურად განაგებდნენ ჩინეთის საზღვაო ვაჭრობას. იმპერატორის ბრძანებით ამ სფეროს გასაკონტროლებლად მუსლიმი მოხელეებიც კი ინიშნებოდნენ ( Morgan 1958: 308 ). ამავდროულად, სუნგის იმპერატორები ცდილობდნენ ცენტრალური აზიიდან და სპარსეთიდან კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე გადმოესახლებინათ მუსლიმები, რათა ბუფერული ზონა შეექნათ ლიაოს იმპერიასთან ( 辽朝907-1125 ) ჩრდილოეთით ( Israeli 2002: 283-284 ). სწორედ სუნგის დიანსტიის დროს შეიქმნა ტერმინი „ხუეი“(回), რომელიც მიემართებოდა ზემოთაღნიშნულ ცენტრალური აზიიდან და სპარსეთიდან გადმოსახლებულ მუსლიმებს ( Khamouch 2005: 9 ). მინგის დინასტიის დროს (明朝- 1368-1644)ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა მიიღო და უშუალოდ ჩინელ მუსლიმებს აღნიშნავდა
XIII საუკუნეში მონღოლთა დიდმა დაპყრობებმა ჩინეთიც მოიცვა. 1279 წელს ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა- ყუბილაიმ სამხრეთ ჩინეთიც საბოლოოდ დაიპყრო, რითაც დაასრულა სუნგის დინასტიის არსებობა და საფუძველი ჩაუყარა ახალი- იუენის დინასტიის არსებობას ( 元朝1279-1368 ). მონღოლთა მიერ საერთოაზიური იმპერიის დაარსებამ გააძლიერა ჩინეთის კონტაქტები გარესამყაროსთან. გაიზარდა ვაჭრობა, რაშიც დიდ როლს კვლავაც მუსლიმი ვაჭრები თამაშობდნენ ( Morgan 1958: 309 ). ამ პერიოდში ცუანჭოუ, სადაც მუსლიმთა დიდი რაოდენობა ცხოვრობდა, მსოფლიო დონის ნავსადგური გახდა და აყვავების პერიოდში შევიდა[7]. გარდა ამისა, იუანის დინასტიამ დიდი როლი ითამაშა ჩინეთში მუსლიმთა ახალი ნაკადის შეყვანაში ( Mi, You 2004: 20-23 ). ზოგადად, იუენის დინასტიის იმპერატორების პოლიტიკა იყო გარედან შემოსული უცხო ეთნიკური ელემენტების გაზრდის ხარჯზე ადგილობრივი ჩინური ეთნიკური ჯგუფის- ხანების (汉)[8] დისკრიმინაცია და მათი როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე სოციალური უფლებების შემცირება. ამ მიზნით მრავალი მუსლიმი გადმოასახლეს ჩინეთში სპარსეთიდან, ცენტრალური აზიიდან. გარდა ჩვეულებრივი ხალხისა, დიდი რაოდენობით შემოჰყავდათ უცხოელი სწავლულები, ადმინისტრაციულ საქმეებში გამოცდილი პირები, მეომრები და ა.შ. ამ პერიოდში, ჩინეთის 12 პროვინციიდან 8-ს მუსლიმი მმართველი ჰყავდა ( Morgan 1958: 309 ). აღსანიშნავია, რომ 1289 წელს ყუბილაი ყაენმა სახელმწიფო საქმეთა დეპარტამენტის რჩევით პეკინში გახსნა ისლამური ხელნაწერების შემსწავლელი სასწავლებელი ( Twitchett, Fairbank 1994: 441 ) . თუმცა, ეს სასწავლებელი მხოლოდ მდიდრებისა და თანამდებობის პირთა შვილებისათვის იყო განკუთვნილი[9]. ამ პერიოდში ძალიან გაიზარდა სპარსული ენისა და კულტურის გავლენა ჩინელ მუსლიმებზე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მრავალი ჩინეთში დასახლებული მუსლიმი სპარსი იყო. გარდა ამისა იუენის დინასტიის იმპერატორებს სპარსეთიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის მოსახლეობა შემოჰყავდათ ქვეყანაში, მათ შორის სწავლულები, რომლებიც ზემოთაღნიშნულ სასწავლებელშიც მოღვაწეობდნენ და ისლამურ წიგნებს სპარსულიდან ჩინურად თარგმნიდნენ[10]. ნათარგმნ წიგნებს შორის იყო ავიცენას ( 980-1037 ) „მედიცინის კანონიც“. ამ პერიოდში ჩინეთის ტერიტორიაზე იმოგზაურა ცნობილმა სწავლულმა და მოგზაურმა- იბნ ბატუტამ ( 1304-1369 ). მისი ცნობების მიხედვით ჩინეთის ყოველ პროვინციაში თითო ქალაქი მაინც ყოფილა მუსლიმანების, სადაც იყო სასწავლებლები, მეჩეთები, ქალაქის თავებიც მუსლიმები იყვნენ ( Cox 1829: 205-221 ).
მიუხედავად იუენის დინასტიის მიერ მრავალი მუსლიმის ჩასახლებისა ჩინეთში, ამ დინასტიის იმპერატორების დამოკიდებულება არც არაჩინური მოსახლეობისადმი იყო მთლად ლოიალური. მათთვის ყველა არამონღოლი მონა იყო, რომელიც მონღოლურ კანონებს უნდა დამორჩილებოდა. მაგალითად, მუსლიმებს ეკრძალებოდათ ცხოველების დაკვლა, თუნდაც რიტუალებისათვის ( Elverskog 2010: 228 ) . სხვადასხვა ასეთი აკრძალვები მოსახლეობის საერთო უკმაყოფილებას იწვევდა, რაც საბოლოოდ მეთოთხმეტე საუკუნეის შუახანებში ქვეყნის მასშტაბით ანტიმონღოლურ მოძრაობაში გადაიზარდა, რომელშიც არამხოლოდ ჩინელები, არამედ ჩინეთში მოსახლე სხვა ეთნიკური ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ მუსლიმები. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი დიდი აჯანყება მონღოლი მმართველების წინააღმდეგ დაიწყო საპორტო ქალაქ ცუანჭოუში არაბი და სპარსი ვაჭრების მიერ 1357 წელს. საწყის ეტაპზე მათ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოოდ 1366 წელს დამარცხდნენ და გამარჯვებულმა გენერალმა ჩუჭოუ დაარბია, რასაც მრავალი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ქალაქმა კი ძველი დიდება დაკარგა[11] ( Eliseef 2000: 152 ). გარდა ერთეული ჯარისკაცებისა, მუსლიმი სამხედრო პირები მაღალ ეშელონებშიც იყვნენ. როგორც ცნობილია, მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მეთაურისა და მინგის დინასტიის ( 1368-1644 ) დამაარსებლის- ჭუ იუენჭანგის ( 朱元璋1328-1396 ) არმიაში ექვსი მუსლიმი გენერალი იყო ( Mi, You 2004: 33 ).
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინგის დინასტია ჩინელი მუსლიმების აღმავლობის პერიოდი იყო. ჩინეთის ცენტრალური მთავრობა ხელს უწყობდა მუსლიმებს განათლებას, იცავდა მათ უფლებებს. იმპერატორმა იონგ ლემ ( 永乐1402-1424 ) 1407 წელს გამოსცა ისლამური უმცირესობის დამცავი ედიქტი[12]. იმპერატორები ხელს უწყობდნენ საზღვაო-სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას და აქტიურად ცდილობდნენ ამ მიმართულებით მუსლიმანების გამოყენებას. ამის დასტური იყო 1405-1433 წლებში მუსლიმი ადმირალის და როგორც ხშირად აღნიშნავენ, ყველაზე ცნობილი ჩინელი მუსლიმის- ჭენგ ხეს ( 郑和-1371-1433/35 ) მეთაურობით ჩუჭოუდან დაწყებული დაწყებული ექსპედიციები დასავლეთის მიმართულებით, რომლის ფარგლებში მათ მიაღწიეს დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკას ( Morgan, Reid 2010: 391-396 ). სამეფო კართან დაარსდა ე.წ. „ოთხი ბარბაროსული ეროვნების დეპარტამენტი“, რომელიც მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. მათ მიერ ჩინურად ითარგმნა მუსლიმური წიგნები, უმეტესობა სპარსულიდან[13]. რაც მთავარია, სწორედ მინგის ეპოქაში ჩამოყალიბდა ისლამური განათლების ჩინური მოდელი, ე.წ. “ხელნაწერთა დარბაზის განათლება“( 经堂教育), რომლის ფარგლებში ისწავლებოდა 13 კლასიკური ნაწარმოები ისლამზე, ამავდროულად სასწავლო განრიგში შედიოდა სპარსული და არაბული ენები ( Alles 2003: 13 ). თუმცა, პირველად ენად მაინც სპარსული გამოიყენებოდა ( Murata 13-14 ). ზოგადად, მინგის დინასტიის პირველ პერიოდში სპარსული კვლავ პრივილეგირებული ენა იყო და მრავალმა მუსულმანმა სწავლულმა იცოდა. თუმცა, უკვე მინგის დინასტიის მმართველობის შუაწლებიდან სპარსულის გავლენა შემცირდა[14]. ამის მიზეზს კი ქვემოთ განვიხილავთ.
გარდა ზემოთ აღნიშნული რეფორმებისა, მინგის დინასტია ცდილობდა ჩინეთში არსებული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ინკორპორაციას. სწორედ მინგის დინასტიის ფარგლებში მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩინეთში შემოსული მუსლიმების მიერ ჩინური კულტურის გათავისება და ჩინელი მუსლიმების ფენომენის ჩამოყალიბება ( Abd-Allah 2006: 4 ) . ამ მიზნის მისაღწევად მინგის ხელისუფლებამ შეზღუდა კავშირი მეზობელ ქვეყნებთან. გართულდა ჩინეთში შესვლა და გასვლა. ფაქტობრივად ჩინელი მუსლიმები, სხვა ეთნიკური ჯგუფების მსგავსად იზოლაციაში მოექცნენ. სავარაუდოდ, სწორედ გარესამყაროსთან კონტაქტის შემცირებამ გამოიწვია სპარსული ენისა და კულტურის გავლენის შემცირება ჩინელ მუსლიმებზე. გარდა ამისა, ხელისუფლება აიძულებდა ეთნიკურ უმცირესობებსა და ჩინელებს ერთმანეთში ქორწინებები გაეხშირებინათ, რაც, რა თქმა უნდა, მიმართული იყო ამ ეთნიკურ ჯგუფებში ჩინური კულტურის უფრო მაღალი დოზით შეტანისაკენ ( Jaschok, Shui 2000: 77 ). ეს ასიმილაციის წინაპირობას ქმნიდა. მინგის მთავრობის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ შედეგები გამოიღო. მუსლიმებმა შეიცვალეს გვარები და ჩინური გვარები მიიღეს. პრინციპი შემდეგი იყო: თუ ვინმეს მუჰამადი ერქვა, მისი გვარი ხდებოდა- მუ, ანუ სახელის პირველი მარცვალი. შეიცვალა მათი კვებისა და ჩაცმის სტილი და უფრო სინიციზირებული გახდა. რაც მთავარია, მათ დაივიწყეს მშობლიური ენები და ჩინური ენის სხვადასხვა დიალექტზე ალაპარაკდნენ ( Morgan 1958: 310-311 ).
მინგის დინასტიის ფარგლებში განვითარდა ე.წ. “სიაოძინის“ ( „სიაოარძინის“) წერის სტილი. ამ სტილის მიხედვით ჩინური სიტყვები იწერებოდა არა იეროგლიფური მარცვლოვანი დამწერლობით, არამედ სპარსულ-არაბული ფონეტიკური დამწერლობით ( Dillon 1999: 155 ).
რთული გამოდგა ჩინელი მუსლიმებისათვის XVII საუკუნეში ახალი დამპყრობლების შემოსვლა ჩინეთში. 1644 წელს მანჯურიელებმა, ჩრდილოეთ ჩინეთში მოსახლე ჯურჩენების შთამომავლებმა დაამხეს მინგის დინასტიის მმართველობა და ახალი- ცინგის დინასტია დაარსეს ( 清朝1644-1911 ). აჯანყებები ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ მალევე დაიწყო. აქაც აქტიურობით გამოირჩეოდნენ ჩინელი მუსლიმები. ალბათ ამის მიზეზი უკვე ის იყო, რომ მათთვის ჩინეთი სამშობლოს წარმოადგენდა და დამპყრობლის შემოსვლა თავისუფლების დაკარგვის მნიშვნელობა იყო მათთვის. აჯანყებებს შორის გამორჩეული იყო 1646 წელს დაწყებული მილაინის (米喇印) აჯანყება, რომელსაც მუსლიმების გარდა ხანის და ტიბეტის მოსახლეობაც შეუერთდა. საბოლოოდ ცინგის ხელისუფლებამ აჯანყებები დაამარცხა ( Wakeman 1985: 799: 803 ).
ახალი დინასტიის ფარგლებში ხუეის ჯგუფი არ განიცდიდა დიდ დისკრიმინაციას, მუსლიმანები კვლავ ინიშნებოდნენ მნიშვნელოვან თანამდებობებზე ( Abd-Allah 2006: 4 ). თუმცა, თავი იჩინა ახალმა პრობლემამ. ამჯერად პრობლემა ეთნიკურ ნიადაგზე წარმოიშვა. ხანისა და ხუეის ჯგუფებს შორის დაპირისპირებები დაიწყო, რაც საბოლოოდ სისხლიან ბრძოლებში გადაიზარდა. ამის კულმინაციას წარმოადგენდა ტუნკანების აჯანყება ( 同治陕甘回变) 1862-1877 წლებში. აჯანყების დროს კანსუსა (甘肃省) და შაანსის (陕西省) რეგიონებში მილიონობით ადამიანი დაიღუპა ( Abd-Allah 2006: 5 ), ერთი ვერსიით მათი რიცხვი 20 მილიონი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დაღუპულთა რიცხვი ძირითადად დიდმა გვალვამ და შიმშილობამ გაზარდა. აჯანყების შედეგად ტუნკანები რუსეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ. უშუალოდ ცინგის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული იყო პანთაის აჯანყება (1856-1873 ), რომელშიც გაერთიანდნენ ხანის, ხუეის და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. თუმცა კი აჯანყება ჩაახშვეს. აღსანიშნავია, რომ პანთაის აჯანყების წინაპირობები ხანისა და ხუეის ჯგუფებს შორის დაპირისპირებამ გამოიწვია ( Atwill 2005: 6 ). მსხვერპლმა დაახლოებით ერთი მილიონი პიროვნება შეადგინა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩინეთში დაიძაბა ურთიერთობა ხანისა და ხუეის ჯგუფებს შორის, რაც ტუნკანის აჯანყებაშიც გამოიხატა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დაპირისპირება საერთოეთნიკური არ ყოფილა. იმდროინდელი მოგზაურების ჩანაწერების მიხედვით, მასინ როცა ერთი სოფლის მუსლიმები აჯანყებულები იყვნენ და ხანელებს უტევდნენ, მეორე სოფელში ხანისა და ხუეის ხალხი მშვიდობიანად თანაცხოვრობდა[15]. აჯანყების ფარგლებს გარეთ ურთიერთობა ამ ორ ეთნოსს შორის არ შეცვლილა. ამასთან ერთად, დუნგანებისა და სხვა მუსლიმური აჯანყებების წინააღმდეგ მებრძოლ სამთავრობო არმიებში ჩინელი მუსლიმებიც შედიოდნენ. რამდენიმე ცნობილი მუსლიმი გენერალი პიროვნულად ხელმძღვანელობდა ამ აჯანყებების ჩახშობას. თუმცა, აქ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ეს გენერლები და აჯანყებულები სხვადასხვა სუფიური სექტას მიეკუთვნებდნენ.
გარდა ამ აჯანყებებისა, ცინგის დინასტიის ექსპანსიონისტური პოლიტიკის წყალობით, ჩინეთს ახალი მუსლიმური მოსახლეობა და მთავრობის ახალი მოწინააღმდეგეებიც შეემატა. აქ ვგულისხმობ სინძიანის რეგიონს, თანამედროვე ჩინეთის უკიდურეს დასავლეთ პროვინციას, რომელიც ცინგის იმპერიამ მხოლოდ XVIII საუკუნის 50-იან წლებში დაიპყრო ( Peterson 2002: 351-352 ), პროვინციად კი 1884 წელს გამოაცხადა. სინძიანგში (新疆) საუკუნეების განმავლობაში თურქული წარმოშობის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები სახლობდნენ, რომლებთაც ჩინურ კულტურასთან საერთო არ ჰქონდათ. ცინგის მიერ მათმა დაპყრობამ და ახალ სივრცეში შეყვანამ გამოიწვია ადგილობრივების აგრესია, რაც XVIII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე არაერთ აჯანყებაში გამოიხატა. ჩინეთის ვერცერთმა მთავრობამ მათი სინიციზირება ვერ მოახერხა და დღესაც კი სინძიანის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სეპარატისტული მიდრეკილებები აქვთ, განსხვავებით ხუეის ჯგუფისაგან. მრავალჯერ აწყობენ გამოსვლებს, დემონსტრაციებს და არეულობებსაც კი. უკანასკნელი 2009 წელს მოხდა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ( Bovingdon 2010: 83 ).
1911 წელს ცინგის იმპერია დაეცა და ჩინეთში მონარქიული წყობა დაიშალა. დაარსდა ჩინეთის რესპუბლიკა. რესპუბლიკის დაარსებისთანავე, ამ საქმის წინამძღოლმა- სუნ ჭონგ შანმა( სუნ იათ სენმა )გამოაცხადა, რომ ჩინეთი თანაბრად ეკუთვნოდა ხანის, ხუეის, მენგის ( 蒙 მონღოლები ), და ცანგის ( 藏 ტიბეტელები ) ხალხებს ( Morgan 1958: 312 ). გამოაცხადეს რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობა. გაიხსნა საზღვრები და შესაძლებელი გახდა გაცილებით მარტივად ჩინეთიდან გასვლა. ამ პერიოდში ისლამური განათლება ჩინეთში გაიზარდა, ჩინელ სტუდენტებს საშუალება მიეცათ ესწავლათ საზღვარგარეთ ისლამურ უნივერსიტეტებში, დაიწყო ისლამური პერიოდიკის გამოცემა, ჩინელი მუსლიმები, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ჰაჯის ასრულებდნენ, 1912 წელს ნანძინგში (南京) ჩამოყალიბდა ჩინელი მუსლიმების ფედერაცია.
ჩინეთის რესპუბლიკის დროს მუსლიმების მიერ მიღწეული წარმატებები დაასრულა ჩინეთ იაპონიის ომმა ( 1937-1945 ). ამ ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომის ფარგლებში ხანელების გვერდით იბრძოდა ხუეის ჯგუფიც, რადგან იაპონური არმიის სისასტიკის მსვერპლნი ისინიც არაერთხელ გახდნენ ( Wan Lei 2010: 136-146 ). ომის შემდეგ დაიწყო რთული პერიოდი. ამჯერად იყო ბრძოლა კომუნისტებთან. მრავალი მუსლიმი ლიდერი ანტი-კომუნისტურ მიმართულებას ემხრობოდა და როდესაც კომუნისტებმა გაიმარჯვეს თაივანში (台湾) გადასახლდნენ ( Morgan 1958: 313 ).
ჩინეთში კომუნისტების გამარჯვებით და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებით ახალი ერა იწყება ჩინელი მუსულმანების ისტორიაში. მართალია, 1953 წელს მთავრობის ინიციატივით დაარსდა ჩინეთის ისლამური ასოციაცია, მაგრამ რეალური თავისუფლება მუსლიმებს არ ჰქონდათ ( Allies 2003: 9 ). საწყის ეტაპზე ათეისტი კომუნისტები რელიგიებს სდევნიდნენ. განსაკუთრებით დიდი მასშტაბები ამ ტენდენციამ მიიღო კულტურული რევოლუციის დროს (文化大革命 1966-1976 ). იხურებოდა და ინგრეოდა სასულიერო დაწესებულებები, მათ შორის მეჩეთებიც, იდევნებოდნენ სასულიერო პირები და რელიგიის მიმდევრებიც ( Abd-Allah 2006: 5-6 ). ასეთი დამოკიდებულება რელიგიებისადმი გაგრძელდა მაო ძე დუნის(毛泽东 ) სიცოცხლეში. მისი გარდაცვალებისა ( 1976 წ. ) და ტენგ სიაოფინგის (邓小平) მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა. დაიწყო ახალი, ლოიალური პოლიტიკის გატარება ეთნიკური ჯგუფებისა და რელიგიების მიმართ. ისლამის მიმდევრებს აღარ სდევნიდნენ და არც მეჩეთებს ხურავდნენ. განსაკურებით ლოიალურად მიუდგნენ ხუეის ეთნიკურ ჯგუფს. მნიშვნელოვანი მომენტი ჩინური ისლამის ისტორიაში იყო 1989 წელი, როდესაც ქვეყნის მასშტაბით დაიწყს მუსულმანებმა მიტინგები. მიტინგების მიზეზი იყო წიგნი- „სექსუალური ტრადიციები“, რომელიც ერთ მონაკვეთში ეხებოდა ისლამს და შეურაცხყოფდა ისლამის საკრარულ პიროვნებებსა და წესებს ( Nagel 2000: 79 ). გამოსვლაში მონაწილეობდნენ ხუეის ჯგუფთან ერთად ჩინეთის ყველა მუსლიმანი ეთნიკური ჯგუფი. ახალმომხდარი თიანანმენის ინციდენტისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების გამო სახელმწიფომ არ გამოიყენა ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ და ხელსაც კი უწყობდა ტექნიკურად მომიტინგეების უსაფრთხოებას და საზოგადოებრივი წესების დაცვას. რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა მთავრობის დამოკიდებულების ლოალურობაში მომიტინგეების გამოსვლის მიზანმა და მოთხოვნებმა. მომიტინგეები არ ითხოვდნენ რამე სეპარატისტულს ან მთავრობის დოქტრინის შეცვლას. მათი მიზანი იყო წიგნის აკრძალვა და მთავრობისგან მიიღეს კიდეც ეს. ამ მიტინგების დროს გამოვლინდა მთავრობის განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა მუსლიმური ეთნიკური ჯგუფის მიმართ. სამთავრობო ძალები არ აჯარიმებდნენ და არც აპატიმრებდნენ ხუეი ჯგუფის წევრებს. სინძიანგელებს კი გაცილებით უხეშად ექცეოდნენ და მრავალი მათგანი დააპატიმრეს ( Gladney 2004: 232 ). ამის მიზეზი იყო თვით ხუეის და სინძიანგელების განსხვავებული იდეოლოგია. ეს უკანასკნელი თავს ჩინელად საერთოდაც არ სცნობს და სეპარატიზმისკენ მიილტვის, ხუეის ჯგუფის წევრები კი სინიციზირებულნი არიან და თავს ჩინელებად თვლიან, შესაბამისად მთავრობის პოლიტიკა მათდამი ლოიალურია. ზოგადად, ჩინეთის მთავრობა ჩინელი მუსულმანებისა და განსაკუთრებით ხუეის ჯგუფის ინტერესებს ხშირად ითვალისწინებს. მაგალითად, 2007 წელს, როდესაც ღორის წელი დგებოდა, აკრძალეს სატელევიზიო შოუებში ღორის გამოსახულების გამოჩენა, რათა არ შეურაცხეყოთ ჩინელი მუსულმანების რწმენა[16]. 2015 წელს კი ჩარლი-ჰებდოს პუბლიკაციებს ჩინური მასმედია დიდი კრიტიკით შეხვდა[17]. დღემდე მთავრობა წნეხში ამყოფებს სინძიანგელ მუსლიმებს, ხუეის მუსლიმები კი გაცილებით დიდი თავისუფლებით სარგებლობენ[18]
ზემოთაღნიშნული სეპარატიზმის გამო ჩინეთის მთავრობა პირდაპირ დისკრიმინაციას ეწევა სინძიანგში. განსაკუთრებით კი კაშგარის რეგიონში, რომელიც ჩინეთისადმი შეურიგებელი განწყობითაა განთქმული. აქაურ მუსლიმებს, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობენ ან სკოლაში სწავლობენ ეკრძალებათ მარხვა, მეჩეთში სიარულის დროს უკონტროლებენ, მკაცრად კონტროლდება განათლების სისტემა ( Rudelson 1997: 46-47 ).
რადგან ვახსენეთ, ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ მუსლიმური განათლების სისტემაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფარგლებში. მუსლიმური განათლების ფენომენი სახალხო რესპუბლიკაში მეორე, ლოიალისტური პერიოდის ფარგლებში განვითარდა. XX საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა მუსლიმური სასწავლებლები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლები ( Amijo: 5 ). აქ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ჩინელი მუსლიმებისადმი პრივილეგიების მინიჭება, რამეთუ, ჩინეთის კანონმდებლობით იკრძალება რელიგიური განათლება ბავშვებისათვის. ეს დასაშვები მხოლოდ 18 წელს ზემოთაა ( Alles 2003: 14 ). გარდა სახელმწიფო სასწავლებლებისა 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო კერძო მუსლიმური სასწავლებლების გახსნა, რომლის შიდასაქმიანობასა და სწავლის მიმდინარეობაში სახელმწიფო შედარებით ნაკლებად ერეოდა ( Amijo: 5-7 ). მთავრობის მხარდაჭერით გაცვლითი პროგრამებიც შესაძლებელი გახდა არაბულ ქვეყნებში: საუდის არაბეთში, ეგვიპტეში, ირანში, პაკისტანში და სხვა არაბულ ქვეყნებში. განსაკუთრებით მაღალი სწავლების დონით გამოირჩევა ირანის მუსლიმური სასწავლებლები. გარდა კერძო და სახელმწიფო სასწავლებლებისა, პრაქტიკაში გავრცელებულია სამეჩეთო განათლებაც. ( Amijo: 7-13 )
ჩინეთში მუსლიმური განათლების ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა განათლების მიცემა ქალებისათვის ფართო მასშტაბებში. ჩინეთის ტერიტორიაზე არის მუსლიმური სასწავლებლები ცალკე ბიჭებისთვის, ცალკე გოგოებისთვის, ზოგგან კი ორივე სქესის წარმომადგენლები ერთად სწავლობენ. კიდევ ერთი გამოსარჩევი მახასიათებელი ჩინური ისლამისთვის არის ქალი იმამების არსებობა, რომელთა რიცხვიც ქვეყნის მასშტაბით ნელ-ნელა იზრდება ( Amijo: 14-15 ) ( Alles 2006: 6 ).
ცალკე მინდა მცირედით თვალი გადავავლო ჩინელი მუსლიმების, უფრო კონკრეტულად კი ხუეის ჯგუფის იდეოლოგიური ცვლილებების ისტორიას და მათ მიერ შექმნილ კულტურას. ზოგადად, ჩინეთში მოსახლე მუსლიმების უმრავლესობა და მათ შორის ხუეის ჯგუფიც სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მინგის დინასტიის ფარგლებში მოხდა ხუეის სინიციზირება, მათ გაითავისეს ჩინური ტრადიციები. ცინგის დინასტიის დროს ეს პროცესი ახალ ეტაპზე ავიდა სწავლულების- ვანგ ტაიუსა ( 1570-1660 ) და ლიუ ჭის ( 1660-1739 ) მოღვაწეობის დროს ( Abd-Allah 2006: 9 ) ( Mi, You 2004: 86-93 ). მათ შეისწავლეს ისლამის საფუძვლები, ასევე ჩინური ტრადიციები, კონფუციანიზმი, დაოსიზმი, ბუდიზმი და დაიწყეს ერთგვარი სინკრეტიზმი. თუმცა ამ ტერმინის გამოყენება მთლად სწორი არ იქნება, რადგან მართალია ისინი ისლამის დოქტრინას უსადაგებდნენ კონფუციონიზმისა და სხვა ჩინური მოძღვრებების იდეებს, მაგრამ, როგორც კი ჩინური ტრადიცია ისლამის საფუძვლებს ეწინააღმდეგებოდა ისლამის სასარგებლოდ აკეთებდნენ ყოველთვის არჩევანს. განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურა კონფუციონიზმმა, რომელიც მათი აზრით ძალიან კარგად შეესაბამებოდა ისლამის მოძღვრებას ( Abd-Allah 2006: 9-11 ). მათ გამოიყენეს ყურანის ერთი მონაკვეთი, რომლის მიხედვითაც ყველა ერს და ხალხს ჰყავდა ალაჰის მიერ ჭეშმარიტი რელიგიის მქადაგებელი ოდესღაც მივლენილი. მათი ინტერპრეტაციით ლაოძი (老子) და კონფუცი(孔子) იყვნენ ალაჰის გამოგზავნილნი ჩინეთში ( Morgan 1958: 319 ).
ცინგის დინასტიამდე ჩინელი მუსლიმების აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტი იყო, გარდა სინძიანგის რეგიონში მცხოვრები „მთის ტაჯიკებისა“, რომლებიც შიიზმს მისდევდნენ ( Mi, You 2004: 66 ). ცინგის ეპოქაში ჩინეთში გაჩნდა სუფიური მიმდინარეობები, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. სუფიზმის ჩინეთში შესვლას მოჰყვა „მენხუანის“ (门宦( სისტემის ჩამოყალიბება, რომელშიც სუფიზმთან შერწყმული იყო ჩინური ტრადიციული კულტურის ელემენტები ( Qian 2010: 164 ). ძირითადი სუფიური მიმდინარეობები იყო: ქადირია, კუფია და ჯაჰირია ( Mi, You 2004: 71-74 ). ჩინეთში ძირითადად გავრცელებული იყო სუფიზმზე ადრეული მიმდინარეობა- ჰანაფისსტური სუნიზმი, ე.წ. „გედიმუს“ (格迪目)მიმდინარეობა. ისინი ახლოს იყვნენ ჩინურ კულტურასთან და სუფისტური მიმდინარეობებისაგან განსხვავებით ჩინური ტრადიციის მრავალი ელემენტი გაითავისეს. სწორედ გედიმუს მიმდევრებმა შეადგინეს XVIII საუკუნეში ე.წ. „ხანის წიგნი“ ( Bowering 2012: 9 ). საინტერესოა, რომ ჩინურად მისი სახელწოდებაა „ხან ქითაბი“, პირველი ნაწილი აღნიშნავს ჩინელების ეთნიკურ ჯგუფს, მეორე კი არაბულად ნიშნავს წიგნს. ამ ორ სიტყვაში კარგად გამოიხატა, რომ „ხანის წიგნი“ იყო არაბული და ჩინური ტრადიციების გაერთიანების სიმბოლო ჩინელ მუსლიმებში ( Dillon 1999: 131 ).
უნდა აღვნიშნოთ, რომ სუფიზმის შესვლის შემდეგ ჩინეთში იწყება დაპირისპირება როგორც ჩინელ მუსლიმებს შორის, ასევე ხუეისა და ხანის ჯგუფებს შორის. ძირითადად, აგრესიის წამომწყებად ასახელებენ ჯაჰირიიას მიმდევარ მუსლიმებს, აგრესიის საწყისი კი რელიგიურ დოგმებზე კამათი იყო, რაც შემდეგ ძლიერ დაპირისპირებაში გადადიოდა ( Jing 1996: 26 ) ( Morgan 1958: 322 ).
ძალიან ინდივიდუალურად განვითარდა ხანის ჯგუფის არქიტექტურაც. როგორც ზემოთ ვთქვით პირველი მეჩეთები ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე VII საუკუნიდან ჩნდება, თუმცა ამის მატერიალური მონაცემები არაა შემორჩენილი. ჩინელი მუსლიმების აზრით უძველესი მეჩეთი ჩინეთის ტერიტორიაზე არის საიდ იბნ აბი ვაქასის მიერ აგებული ხუაიშენგის მეჩეთი კუანგჭოუში ( khamouch 2005: 5 ). თუმცა, რესტავრაციული სამუშაოების შემდეგ მიღებული მონაცემებით ფიქრობენ, რომ ეს მეჩეთი 1009 წელს აშენდა, ხოლო 1310 წელს განახლდა[19]. მაგრამ, მთავარი არა მეჩეთების რაოდენობა ან ასაკია, არამედ მათი სტილი. ჩინური მეჩეთები ხასიათდებიან ჩინური არქიტექტურის დიდი გავლენით. თავდაპირველად ჩინეთის ტერიტორიაზე მეჩეთები ცენტრალური აზიის სტილის გავლენით იგებოდა. ასეთ მეჩეთებში გვხვდებოდა თაღი, კამარა, გუმბათი ( Chang 1982: 71 ). მომდევნო, გარდამავალ პერიოდში, რომელიც თანის დინასტიის ბოლოს იწყება, კვლავ გვხვდება ზემოთაღნიშნული ცენტრალურ აზიური სტილი დამახასიათებელი ნიშნები, თუმცა უკვე ჩნდება ჩინური არქიტექტურის გავლენა. ყველაზე კარგად ეს აისახა სახურავებზე. მეჩეთების სახურავები, ბუდისტური პაგოდების მსგავსად ჩაზნექილ-ამოზნექილი ფორმების მიმდევრობით იყო შექმნილი ( Chang 1982: 71 ). სუნგის დინასტიის პერიოდში კი ჩინური არქიტექტურის გავლენა საგრძნობლად გაიზარდა. კერძოდ, უკვე მეჩეთებში ვხვდებით პანელებიან ჭერს, მრავალფეროვან საბჯენებს, კედლებეზე არაბულ წარწერებთან ერთად ჩინური იეროგლიფებიც ჩნდება, მთელი შენობა მიუყვება სიმეტრიის ერთ ღერძს ( Chang 1982: 71 ). ჩინური მეჩეთებისა და აკლდამების არქიტექტურის კიდევ ერთი ინდივიდუალური თვისებაა ჰექსაგრამული და ოტქაგონური სახურავის ფორმა, რაც ჩინური ტრადიციის გავლენის შედეგადაა დამკვიდრებული ( Cai 2010: 101 ). აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულებში, მას შემდეგ რაც დაიწყო გაცვლითი პროგრამები არაბულ ქვეყნებში, ჩინეთში დაბრუნებული სტუდენტების ნაწილმა ჩინური არქიტექტურის გავლენით აგებული მეჩეთები არაორთოდოქსალურად მიიჩნია და დაიწყეს მათი შეცვლა. ამ მიზეზით მნიშვნელოვანი რაოდენობის მეჩეთები გადააკეთეს ჩინეთში, თუმცა უკვე ეს ტენდენცია ძალიან შემცირებულია ( Armijo: 10 ).
თემაში საუბრის ძირითადი თემა იყო ხუეის ჯგუფის ისტორია. თუმცა ჩინეთში მოსახლე მუსლიმები მხოლოდ ამ ეთნიკური ჯგუფით არ შემოისაზღვრებიან. მასზე მეტი ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე ძველი მუსლიმური ჯგუფია ჩინეთში. დღესდღეობით ჩინეთის 56 ეთნიკური უმცირესობიდან 10 მუსლიმია. ესენია: ხუეი, უიღურები, ყაზახები, ყირგიზები, უზბეკები, თათრები, ტაჯიკები, სალარები, ტონგსიანები და ბონანები. საერთო ჯამში ჩინეთის ისლამური მოსახლეობა 20 მილიონი ადამიანითაა შეფასებული. მათი განსახლების ძირითადი არეალი კი არის სინძიანგი, ცინგხაი (青海), კანსუ, ნინგსია (甘肃)( Zheng Qian 2010: 160-164 ).
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები:
- Abd-Allah. Seek knowledge in China. 2006
- Annual Report on International Religious Freedom, 2004, By Senate (U S ) Committee on Foreign Relations
- Cai Yanxin. Chinese Architecture, palaces, gardens, Temples and dwellings. 2010
- David Atwill. The Chinese Sultanate: Islam, Ethnicity, and the Panthay Rebellion in southweast China. 2005
- David Morgan, Anthony Reid. New Cambridge history of Islam. Vol 3. Copyright 2010
- Denis Twitchett, John K. Fairbank. The Cambridge history of China. Vol. 3. 1979
- Denis Twitchett, John K. Fairbank. The Cambridge history of China. Vol. 6. 1994
- Dru C. Gladney. Dislocating China: Muslims, Minorities, and Other Subaltern Subjects. 2004
- Elisabeth Alles. Muslim Religious Education in China. 2006
- Elisabeth Alles, Leila Cherif-Chebbi and Constance-Helence Halfon. Chinese Muslim unity and fragmentation. 2003
- Frank Brinkley. China: its history, arts and literature. vol 2. 1902
- Frederic Wakeman. The great enterprise The Manchu Reconstruction of Imperial Order …, Volume 1. 1985
- Gardner Bovingdon. Uyghurs strangers in their own land. Copyright 2010
- Gerhard Bowering. Preliminary observations on Islamic ethics in the Chinese context. Vol 5. 2012
- Cox. The travels of Ibn-Battuta. London. 1829
- Johan Elverskog. Buddhism and Islam on the silk road. Philadelpia. 2010
- John Rudelson. Oasis Identities: Uyghur Nationalism Along China’s Silk Road. Copyright 1997
- Joseph Mitsuo Kitagawa. The Religious Traditions of Asia: Religion, History, and Culture. 2002
- Jonathan Newman Familiar Strangers, a history of Muslims in Northwest
China. 1997
- Jun Jing. The Temple of Memories: History, Power, and Morality in a Chinese Village. 1996
- Keneth W. Morgan. Islam — The Straight Path: Islam Interpreted by Muslims. New-York. 1999
- Maria Jaschok, Jingjun Shui. The history of women’s mosques in Chinese Islam: A mosque of their own. 2000
- Memoirs of the research department of the Tokyo Bunko ( The oriental library ). Issue 2. 1928
- Mi Shoujiang, You Jia. Islam in China. 2004
- Michael Dillon. China’s muslim Hui community: Migration, settlements and sects. 1999
- Mohammed Khamouch. Jewels of Chinese Muslim’s heritage. 2005
- Raphael Israeli. Islam in China: Religion, Ethnicity, Culture, and Politics.2002
- Sachiko Murata. Chinese gleams of sufi light. 2000
- Stuart Nagel. Handbook of Global Legal Policy. 2000
- Vadime Eliseef. The silk roads: Highways of culture commerce. New-York. 2000
- Walter Joseph Fischel. Semitic and Oriental Studies: A Volume Presented to William Popper, Professor of Semitic Languages, Emeritus, on the Occasion of His Seventy-fifth Birthday, October 29, 1949, Volume 11
- Wan Lei. The Chinese Islamic “Goodwill Mission to the Middle East”. 2010
- Willard J. Peterson. The Cambridge history of China. Vol. 9. 2002
- Zheng Qian. China’s ethnic groups and religions. Beijing. 2010
- org – CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties
- org – CHINESE-IRANIAN RELATIONS viii. Persian Language and Literature in China
- http://chinaperspectives.revues.org/649#tocto1n2 –Elisabeth Alles, Notes on some joking relationships between Hui and Han villages in Henan
- http://blogs.wsj.com/chinarealtime/2015/01/12/charlie-hebdo-attack-shows-need-for-press-limits-xinhua-says/ – Charlie Hebdo Attack Shows Need for Press Limits, Xinhua Says
- http://www.npr.org/templates/story/story.php?storyId=7480083 – Chinese Muslims in the Year of the Pig
- com – Islam in China
[1] http://www.islamreligion.com website- Islam in China
[2] Iranica.online.org- CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties.
[3] Iranica.online.org- CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties.1
[4] „უცხოელი სტუმრები“, ჩინურად- Fan ke, იყო ჩინელების მიერ არაბი და სპარსი ვაჭრებისათვის შერქმეული მეტსახელი ( Zheng Qiang 2010: 160 )
[5] Iranica.online.org- CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties.
[6] Iranica.online.org- CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties.
[7] CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties
[8] ჩინელები თავიანთ თავს უწოდებენ „ხანებს“. ერთი თეორიით ეს ტრადიცია უნდა მომდინარეობდეს ექვსი დინასტიის პერიოდიდან ( 六朝220-589 ), როდესაც ჩინეთში დიდი რაოდენობით მომთაბარე ტომი შემოვიდა და ადგილობრივი ჩინელებს მომთაბარეებისაგან გასარჩევად შეარქვეს ხანები, ხანის დინასტიის ( 汉朝ძვ.წ. 206- ახ.წ. 221 ) სახელწოდებიდან გამომდინარე
[9] CHINESE-IRANIAN RELATIONS viii. Persian Language and Literature in China
[10] CHINESE-IRANIAN RELATIONS viii. Persian Language and Literature in China
[11] CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties
[12] CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties
[13] CHINESE-IRANIAN RELATIONS viii. Persian Language and Literature in China
[14] [14] CHINESE-IRANIAN RELATIONS viii. Persian Language and Literature in China
[15] Notes on some joking relationships between Hui and Han villages in Henan
[16] Chinese Muslims in the Year of the Pig
[17] Charlie Hebdo Attack Shows Need for Press Limits, Xinhua Says
[18] Annual Report on International Religious Freedom, 2004
By Senate (U S ) Committee on Foreign Relations
CHINESE-IRANIAN RELATIONS vii. Persian Settlements in Southeastern China during the T’ang, Sung, and Yuan Dynasties
Discussion about this post