ბრძოლა ფოიანგის ტბაზე მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სანაოსნო სახედრო დაპირისპირება იყო. ამ ბრძოლის შედეგმა გადაწყვიტა ჩინეთის ბედი იუენის დინასტიის ( 元朝 1279-1368 ) დამხობის შემდეგ.
1271 წელს ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა- ყუბილაიმ გამოაცხადა იუენის დინასტიის დაარსება ჩინეთში. 1279 წელს მან სამხრეთ სუნგის დინასტიის ( 南宋 1127-1279 ) ნარჩენებიც გაანადგურა და ჩინეთი გააერთიანა. თუმცა, ყუბილაის იმპერია მყარი არ აღმოჩნდა. ყუბილაის გარდაცვალებიდან მალევე, მის შთამომავლებს შორის დაიწყო კონფლიქტი პირველობისათვის. ერთმანეთთან ბრძოლით მათ მონღოლური მმართველობა დაასუსტეს. ამით ისარგებლეს ჩინელებმა, რომლებიც დიდი სიძულვილით იყვნენ განწყობილნი დამპყრობელი მონღოლებისადმი და 1350-იანი წლებიდან რამდენიმე აჯანყებამ იფეთქა. 50-იანი წლების ბოლოს უკვე აშკარა გახდა, რომ დროის საკითხიღა იყო მონღოლების დამხობა. ახლა უკვე აჯანყებულ ჩინელებს შორის დაიწყო დაპირისპირება. გამოიკვეთა სამი მთავარი დაჯგუფება- მინგი (明), უ (吴)და ხანი(汉). მათ შორის გაჩაღდა რამდენიმეწლიანი ომი იმის გასარკვევად, თუ ვინ გახდებოდა გაერთიანებული ჩინეთის მეთაური.
1363 წელს მინგის დაჯგუფების მეთაურმა- ჭუ იუენჭანგმა (朱元璋)შეუტია უ-ს პოზიციებს(7). ამით ისარგებლა ხანის მეთაურმა- ჩენ იოულიანგმა (陈友谅) და აპრილში მინგის ერთ-ერთ მთავარ ბაზას- ხონგტუს ( თანამედროვე ქალაქი ნანჩანგი ძიანგსის პროვინციაში ) შეუტია. ეს ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი იყო, რამეთუ თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამო აკონტროლებდა მთელ პროვინციას(2). იმისათვის, რომ შემდეგში ბრძოლის მიმდინარეობაც კარგად აღვიქვათ, ჯერ ხონგტუს გეოგრაფიული მდებარეობის მცირე აღწერა მოგვიწევს. ხონგტუ მდებარეობდა მდინარე კანის ნაპირზე. ეს მდინარე ჩაედინება ფოიანგის ტბაში(鄱阳湖), რომელიც მტკნარი წყლის უდიდესი ტბაა ჩინეთში ( ფართობი- 4 400 კადრატული კილომეტრი ). თავის მხრივ ფოიანგის ტბა ჩრდილოეთიდან არხით უკავშირდება მდინარე იანძის ( ჩანგძიანგი长江; იანგძი ძიანგი 扬子江)(2)(4)(7). ჩენ იოულიანგი ამ არხების გავლით იანძიდან შევიდა ფოიანგის ტბაში, აქედან კი ჩაუყვა მდინარე კანის დინებას და ხონგტუს მიადგა. არხის გადაკვეთისას მან არმიის ნაწილი აქ დატოვა, რათა მტრის მიერ უკან დასახევი გზის დაბლოკვა აერიდებინა თავიდან(7).
წყაროების მიხედვით ჩენ იოულიანგის არმია ექვსასი ათასი მეომრისაგან შედგებოდა(7). მისი ფლოტის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო სამიარუსიანი კოშკურიანი გემები. ეს გემები ჯერ კიდევ ხანის დინასტიიდან ( 汉朝 ძვ.წ. 206- ახ.წ. 220 ) გამოიყენებოდა. მასზე ასეულობით კაცი ეტეოდა, გამოიყენებოდა აბორდაჟისა და ქალაქის ალყის დროს. გემი იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგჯერ ქალაქის კდელსაც კი უტოლდებოდა ხოლმე და მეომრები სწორედ ასე გადადიოდნენ ქალაქის კედელზე. ასევე მასზე ამაგრებდნენ ხოლმე კატაპულტებსა და მოგვიანებით ზარბაზნებს (4).
ჩენ იოულიანგმა ქალაქს წყლიდან და ხმელეთიდან ყველა მხრიდან შეუტია. თუმცა ხონგტუ კარგად იყო გამაგრებული. ქალაქს მაღალი კედელი ჰქონდა და კოშკურიანი გემებიდან მასზე გადასვლა შეუძლებელი იყო. ამიტომ ალყა გაიწელა. ალყის დაწყებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ მოახერხა შიკრიკმა ხანის ძალებს დასხლტომოდა და ჭუ იუენჭანგს აცნო არსებული სიტუაციის შესახებ(2). ჭუმ არმია ორად გაყო და მთავარი ძალებით დაიძრა ხონგტუსაკენ. წყაროების მიხედვით ამ დროს მისი არმია 200 000 მეომარს შეადგენდა(6)(7). როცა იანძიდან ფოიანგის ტბაში გადასასვლელ არხს მიადგა აქ მან დაამარცხა ჩენ იოულიანგის მიერ დატოვებული დანაყოფები და თავისი ხალხი ჩააყენა(3). შემდეგ ჭუმ არმიის კიდევ ერთი ნაწილი გამოყო და უბრძანა მათ ხმელეთით წასულიყვნენ ხონგტუს ალყის მოსახსნელად. ამავდროულად მათ ევალებოდათ სახმელეთო გზების კონტროლი, რომ ხანის ძალების უკან დახევის გზა აქედანაც მოეჭრა(7).
ჩენ იოულიანგმა, გაიგო რა მოწინააღმდეგის მოახლოების შესახებ, არმიის ნაწილი დატოვა ალყის გასაგრძელებლად და ძირითადი ძალებით ფოიანგის ტბაში შევიდა. ჩენ იოულიანგის არმია მნიშვნელოვნად აღემატებოდა ჭუ იუენჭანგის ჯარს რიცხოვნობით. ასევე ჩენ იოულიანგის ფლოტის ძირითადი ძალა დიდი კოშკურიანი გემები იყო, რომლებიც იმ დროის სანაოსნო ბრძოლის ტანკები იყვნენ, მაგრამ მათაც ჰქონდათ მინუსები. კერძოდ ის, რომ ეს გემები სიდიდის გამო ძალიან ნელა მოძრაობდნენ. ასევე მოცულობის გამო მათ სჭირდებოდათ ღრმა წყალი. როცა ჩენისა და ჭუს ძალები ერთმანეთს შევხდნენ ზაფხული იყო და შესაბამისად ფოიანგის ტბის დონეც ნელ-ნელა იწევდა. ეს ჩენ იოულიანგის ხომალდებსს მეჩეჩზე შეჯდომას უქადდა და ამის გამო მათ მანევრირების საზღვრებიც შეუმცირდათ(3).
ჭუ იუენჭანგის არმია კი ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიდიდის ხომალდებისაგან შედგებოდა. თუმცა, ეს ხომალდები სწრაფად მოძრაობდნენ და მობილურები იყვნენ. სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებით დააპირა ჭუმ ბრძოლის წარმართვა. მისი სტრატეგია იყო პატარა ხომალდებით სწრაფად მისულიყვნენ მოწინააღმდეგის კოშკურიან ხომალდებთან და აბორდაჟით აეღოთ ისინი(2)(3).
ისტორიკოსებში არსებობს რამდენიმე ვერსია როდის დაიწყო ბრძოლა- ივლისში, ივლისის ბოლო, აგვისტოს ბოლოს. თუმცა ყველა თანხმდება, რომ საბრძლო მოქმედებებმა 37 დღე გასტანა(2)(5)(7). ჭუმ თავისი ფლოტი 11 ნაწილად დაყო. ცენტრში განალაგა შედარებით მძიმე ხომალდები, ფლანგებზე კი მსუბუქი. მისი ინსტრუქცია ასეთი იყო- ჯერ ზარბაზნებით ესროლეთ, შემდეგ თოფებით, შემდეგ მშვილდით, ახლოს მისვლისას კი მათ ხომალდებზე გადადით(4). ეს ბრძოლა იმითაცაა განსაკუთრებული ისტორიაში, რომ ერთ-ერთი პირველი მაგალითია სამხედრო დაპირისპირებაში ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებისა.
ბრძოლის პირველი დღე ჭუს ძალებისათვის ცუდად წარიმართა. მართალია ფლანგებზე მსუბუქმა ხომალდებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ თვითონ ჭუ იუენჭანგი მტრის ალყაში მოექცა და ლამის ტყვედ ჩავარდა(2)(7). ჩენ იოულიანგმა ამოიცნო ჭუს სტრატეგია და მეორე დღეს თავისი ხომალდები ერთმანეთს გადააბა, რითაც აბორდაჟის რისკს აღკვეთდა. თუმცა, ერთი რისკის მოშორებით მან უფრო დიდ საფრთხეში ჩაიგდო თავი. როგორც კი მინგის არმიაში ნახეს, რომ მოწინააღმდეგემ ხომალდები დააკავშირა, მაშინვე გადაწყვიტეს ისტორიულად კარგად ნაცადი ცეცხლით შეტევა გამოეყენებინათ. ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარიც მათ სასარგებლოდ მოქმედებდა. იმავე დღის საღამოს მინგის არმიიდან რამდენიმე მცირე ხომალდი დაიძრა ხანის ფლოტისკენ. ეს პატარა გემები სავსე იყო დენთით და სხვა ადვილაალებადი მასალით. როგორც კი ხანის ფლოტს მიუახლოვდნენ გემებზე მყოფმა რამდენიმე ჯარისკაცმა ცეცხლი მოუკიდეს ხომალდებს და აალებული გემეი ხანის ფლოტს შეეჯახა. არეულობით ისრგებლა ჭუმ და თავისი ფლოტით შეუტია მოწინააღმდეგეს. იმ დღეს ხანის ფლოტის მრავალი გემი ჩაიძირა და მძიმედ დაზიანდა(2)(7).
მეოთხე დღეს ჩენ იოულიანგმა სტრატეგია შეცვალა და გემები კვლავ დააცალკევა. ამან საშუალება მისცა ჭუს თავისი საწყისი აბორდაჟის სტრატეგია გამოეყენებინა და ამჯერად წარმატებით განახორციელა გეგმა(1)(3). ჩენ იოულიანგის არმია არეულობამ მოიცვა, არმიის მორალი დაეცა. ორი სარდალი მოწინააღმდეგის მხარეზეც კი გადავიდა.
შემდეგი რამდენიმე დღე ორივე ფლოტი გაუნძრევლად იდგა. სიტუაცია შეცვალა ხონგტუდან შიკრიკის მოსვლამ, რომელმაც ჭუ იუენჭანგს შეატყობინა, რომ ხონგტუს ალყა დაშალეს და ქალაქი თავისუფალი იყო. ჭუ იუენჭანგს არ სურდა მოწინააღმდეგის ერთიანად განადგურების შანსის დაკარგვა და მაშინვე მოქმედებაზე გადავიდა. მან ფლოტის ნაწილი ფოიანგის ტბაში დატოვა ხანის ფლოტის შესაკავებლად, თვითონ კი იანძისკენ დაიძრა(2)(3). როგორც კი ხონგტუს ალყის მარცხის ამბავმა ჩენ იოულიანგამდე მიაღწია, მან გააცნობიერა, რომ ტბა რაც შეიძლება მალე უნდა დაეტოვებინა, თორემ მოწინააღმდეგის ალყაში თვითონ აღმოჩნდებოდა. ერთთვიანი წვალების შემდეგ საბოლოოდ თავგანწირული შეტევით მან გაარღვია ჭუს დატოვებული ფლოტის რკალი და იანძისკენ წავიდა(3)(6). იანძიზე გადასასვლელ არხთან კვლავ მოუწია ჭუს ძალებთან შებრძოლება, მაგრამ ეს წინაღობაც გადალახა. თუმცა, მთავარი მტერი სწორედ აქ ელოდებოდა. ჭუ იუენჭანგი ძირითად არმიასთან ერთად იანძიზე იყო განლაგებული. ჩენ იოულიანგის ბაზა იანძის დინების საპირისპირო მხარეს მდებარეობდა. მდინარის დინებამ შეანელა მისი გემები, ზოგი საერთოდაც შემოატრიალა. ხანის ფლოტის არევით ისარგებლა ჭუ იუენჭანგმა და გადამწყვეტი იერიში დაიწყო. შუა ბრძოლაშ ჩენ იოუ ლიანგი ბრმად ნასროლმა ისარმა იმსხვერპლა, მისი შვილი ტყვედ ჩავარდა, არმია კი განადგურდა (1)(2)(7).
ფოიანგის ბრძოლამ ჭუ იუენჭანგს მთავარი მოწინააღმდეგე მოაშორა და გზა გაუთავისუფლა ჩინეთის გაერთიანებისათვის. ამ ბრძოლის შემდეგ მისი საბოლოო გამარჯვება დროის საკითხიღა იყო. 1368 წელს ჭუ იუენჭანგმა დაარსა მინგის დინასტია ( 1368-1644 ) და ხონგ უ იმპერატორი (洪武帝) გახდა. ჩინეთი კვლავ ჩინელების ხელში აღმოჩნდა.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები:
- Andew Erickson; Lyle Goldstein, China Goes to Sea: Maritime Transformation in Comparative Historical Perspective, Naval institute press, 2012.
- Battle of lake Poyang https://en.wikipedia.org/wiki/Battle_of_Lake_Poyang
- Benjamin Armstrong, China… from the Sea: The Importance of Chinese Naval History
- Strategic Insights, Volume VI, Issue 6, 2007.
- Kenneth Warren Chase, Firearms: A Global History to 1700, Cambridge university press, 2003.
- Louchuan https://en.wikipedia.org/wiki/Louchuan
- 鄱阳湖之战
https://baike.baidu.com/item/%E9%84%B1%E9%98%B3%E6%B9%96%E4%B9%8B%E6%88%98
- 鄱阳湖之战 中国网军事
http://military.china.com/zh_cn/history2/06/11027560/20050407/12224277.html
Discussion about this post