მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი მსოფლიო პოლიტიკაში ხასითდებოდა იდეოლოგიური პოლარიზებით, სადაც შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით დაპირისპირებული კომუნისტური და კაპიტალისტური ბანაკები ერთმანეთთან ჩაბმული ერთმანეთის საწინააღმდეგო კამპანიაში. მას შემდეგ რაც თიანანმენის მოედანზე 1949 წელს კომუნისტურმა პარტიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება გამოცხადა, იმთავითვე ცხადი იყო რომ კომუნისტურმა სამყარო ახალი მრავალრიცხვოვანი წევრი შეიძინა. თუმცა ამ ახალმა წევრმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისეთი მოქმედებები დაიწყო რომელსაც ალბათ 1949 წელს ვერავინ წარმოიდგენდა. განსაკუთრებით რთული იყო ვინმეს ეფიქრა რომ მაო და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია ოდესმე გაბედავდა და ცეცხლს გაუხსნიდა საბჭოთა მესაზღვრეებს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ კომუნისტური პარტიის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა საბჭოთა კავშირს, რომელიც არათუ სამხედრო მრჩევლებით ეხმარებოდა მათ არამედ ტექნიკით და ფინანსურადაც. სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი 1949 წლის დეკემბრიდან 1950 წლის თებერვლამდე მაომ მოსკოვში გამართა სადაც შეხვდა სტალინს და პარტიის სხვა მაღალჩინოსნებს. ამ შეხვედრაზე პეკინი ფაქტობრვად იხვეწებოდა მოსკოვიდან გარანტიებს რო ჩინეთის ცა დაეცვათ საბჭოთა მფრინავებს და კორეის ნახევარკუნძულზე გართულებების შემთხვევაში მოსკოვს უზრუნველეყო საჰაერო და ბირთვული ფარი ჩინეთისთვის.
რაც შეეხება ვიეტნამთან ჩინეთის ურთიერთობას, ფაქტობრივად ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ვიეტნამი ცინგის დინასტიის (1644-1911) გავლენის ზონად, ვიეტნამის გამო შეირაღებულ კონფლიქტზეც კი წავიდა პეკინი საფრანგეთის წინააღდეგ, არადა მას უკვე ჰქონდა არასასურველი გამოცდილება ევროპულ ძალებთან დაპირისპირების გამო. ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები მის იდეურ „ძმებთან“ გამოწვეული იყო ბევრი ფაქტორით და ის არ მომწიფებულა ერთ ან ორ წელში. თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით თვისობრივად სსრკსთან და ვიეტნამთა კონფლიქტებს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა, მოსკოვთან სჭარბობდა უფრო მეტად იდეოლოგიური შეუთავსებლობა, ხოლო ხანოისთან მიმართებით კი საქმე გქვონდა პირდაპირ უსაფრთხოების დილემასთან და პეკინის რეგიონალური იმიჯის შელახვასთან.
ჩინეთ-საბჭოთა კავშირის იდეური განხეთქილება
პეკინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაფუჭება შეიძლება სტალინის გარდაცვალებიდან დავიწყოთ, თუმცა უშუალოდ სასაზღვრო კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემის ათვლა 1860 წლიდან იწყება, როცა ორივე ოპიუმის ომისა(1839-1842, 1856-1860) და თაიფინგის აჯანყებებისგან დასუსტებული ცინგის დინასტია აფორმებს ე.წ პეკინის ხელშეკრულებას, რომლითაც ცინგის დინასტია უთმობს მთელ რიგ ტერიტორიებს რუსებს. აღსანიშნავია რომ რუსები მეცხრამეტე საუკუნეში იყვნენ ერთადერთი გარე ძალა, რომლებიც მეტნაკლებად მოლაპარაკებების გზით ახერხებდნენ ჩინელებთან საუბარს და ამ ხელშეკრულებითაც საკმაო სარგებელი მიიღეს.ობიექტურობისთვის უნდა ითქვას რომ ხელშეკრულებაში თავიდანვე რუსების სასრგებლოდ დაირღვა პირობები. კერძოდ, ნებისმიერი სასაზღვრო მდინარის გაყოფისას ის იყოფა შუაზე და ერთი ნაპირი ერთ ქვეყანას ხვდება და მეორე მეორეს, თუმცა მდინარე უსურთან მიმართებით ასე არ მოხდა, უსურის უზარმაზარი დელტა და მასში შემავალი პატარა კუნძულები, რომელიც მხოლოდ მეთევზეების სადგომად გამოიყენებოდა მთლიანად რუსულ მხარეს გადავიდა, როგორც რუსული წყაროები იტობინებიან ამის მიზეზი იყო რუსი გენერლის სახაზავით პირდაპირ გახაზული სახელმწიფო საზღვარი, რომელმაც სერიოზულ გაუგებრობაას წარმოშობს მომავალში. რუსულად აღნიშნულ კუნძულებს დამანსკის კუნძულები ხოლო ჩინურად 珍宝 zhenbao(ჭენპაო) რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც საგანძური ან ძვირფასეულობა.
1860 წლიდან მოყოლებული ნახევრად კოლონიურ რეჟიმში მყოფ უზარმაზარ იმპერიას ნამდვილად არ ჰქონდა შესაძლებლობა რაიმე სახის მოთხოვნები წაეყენებინა ჯერ მეფის რუსეთისთვის შემდეგ კი საბჭოთა კავშირისთვის. თუმცა 1929 წელს საბჭოთა ჯარებსა და კუომინტანგის(ნაციონალისტები) დაქვემდებარებულ ძალებს შორის მაინც მოხდა შეტაკება მანჩურიაში, რომელიც ჩინელების მარცხით დამთავრდა, უშუალოდ კონფლიქტის მიზეზი გახდა სარკინიგზო ხაზის კონტროლს შეეხო.
მას შემდეგ წლების განმავლობაში ჩინელები, განსაკუთრებით კომუნისტები აღარ გამოთქვამდნენ რაიმე სახის პრეტენზიას რუსებთან. 1945 წელს მანჩურიაში დისლოცირებული იაპონური საიმპერეატორო ძალების ტექნიკა მათ შორის ქვემეხები, ავიაცია, საარტილერიო დანადგარები და შაშხანები სტალინის პირადი ბრძალებით გენერალმა როდიონ მალინოვსკიმ გადასცა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას, რამაც ფაქტობრივად განაპირობა სამოქალაქო ომის ბედი და ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმის გამარჯვება. ამ და სხვა დახმარებების გამო ფაქტია მაო უფროს მასწავლებლად თვლიდა სტალინს და მისი სიცოცხლის დროს არ მოუთხოვია საზღვრების გადახედვა. თუმცა მას მაინც მოსინჯა ნიადაგი.
1949 წლის 1 ოქტომბერს თიანანმენის მოედანზე გამოცხადდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ხოლო ორ თვეში დეკემბრიდან თებერვლამდე მაომ პირველი საგარეო ვიზიტი გამართა მოსკოვში, სადაც ბევრი საკითხი განიხილებოდა მათ შორის საჰაერო თავდაცვაში დახმარება, მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულება და ა.შ ჩინური წყაროები არ საუბრობენ იყო თუ არა მაოს მხრიდან კუნძულების საკითხი დაყენებული, თუმცა თუ რუს ისტორიკოსებს დავუჯერებთ მაოს დაუსვამს კითხვა თუ როგორ მოგვარდებოდა კუნძულების საკითხი, რაზეც სტალინის პასუხი მოკლე იყო : „კუნძულები? კომუნისტებს ხომ ყველაფერი საერთო გვაქვს“ ამის შემდეგ მოლაპარაკების დროს აღარ დამდგარა დღის წესრიგში კუნძულების საკითხი.
იდეოლოგიური გაუცხოება
მას შემდეგ რაც სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა და ძალაუფლება ნიკიტა ხრუშჩოვმა ხელში აიღო, დაიწყო იდეოლოგიური გაუცხოების პირველი ეტაპი. 1956 წელს პიროვნების კულტის დაგმობის შემდეგ პეკინი უკვე აშკარა კონფორნტაციაზე წავიდა მოსკოვთან. პიროვნების კულტის გმობა ერთგვარი საფრთხე იყო მაოსთვის, რომელიც იმეორებდა მის გზას. ამას ემატებოდა უნგრეთში საბჭოთა ჯარების შეჭრა რაც კიდევ უფრო ზრდიდა შეშფოტებას პოლიტბიუროში, მით უფრო მოსკოვს ჩინურ კომუნისტურ წრეებში მხარდამჭერები ნამდვილად არ აკლდა.
1958 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი პეკინს ეწვია, სადაც მას დემონსტრაციულად ცუდად დახვდნენ. ხრუშჩოვი ითხოვდა ჩინურ ნავსადგურებს საბჭოთა წყალქვეშა ნავებისთვის რაზეც ჩინელებმა უარი განუცხადეს. ხრუშჩოვის ვიზიტის შემდეგ პეკინმა დაიწყო საკუთარი იურისდიქციის გავრცელება ტიბეტის პლატოზე და ჯარები შეიყვარა ლჰასაში, ყველასდა გასაოცრად კრემლმა გამოუცხადა მორალური სოლიდარობა ტიბეტელბს, რამაც კიდევ უფრო დააშორა ორი ქვეყანა.
1960 წელს რუმინეთმა უმასპინძლა საერთაშორისო კომუნისტურ ფორუმს, სადაც მთელი მსფლიოდან მონაწილეობდნენ კომუნსიტური პარტიის წარმომადგენლები. ფორუმზე ხრუშჩოვმა საჯაროდ უწოდა მაოს ნაციონალისტი, ხოლო ჩინეთის კომპარტიის წარმომადგენელმა ფენგ ჭენმა კი ხრუშჩოვსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტებს რევიზიონისტები უწოდა და ისინი მარქსიზმის ღალატში. კიდევ ერთი ბზარი 1962 წელს ჩინურ-ინდური სასაზღრვო კონფლიქტი იყო, რომლის დროსაც მოსკოვმა დაგმო პეკინის აგრესია. ფაქტობრივად ეს იყო ბოლო წვეთი, რომლის შემდეგ საბოლოოდ გაცივდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ამას მოჰყვა ჩინეთის კომპარტიის მხრიდან სსრკს ჰეგემონიზმში დადანაშაულება და მცირე ერების ჩაგვრის მცდელობაში დადანაშაულება. 60იანი წლების შუა ხანებიდან ჩინეთში იწყება ურთულესი და ძალადობრივი სოციალურ-პოლიტიკური ექსპერიმენტი, რომელიც ისტორიაში კულტურული რევოლუციის სახელით შევა. კულტურული რევოლუციის დროს ე.წ წითელმა მცველებმა(ხონვეიპინები) მოუხშირეს რადიკალურ კომუნსიტურ გამოსვლებს. მათი კამპანიის დროს მოხდა ბევრი გავლენიანი ლიდერის უკანა ფლანგზე გადაწევა(მათ შორის ტენგ სიაოფინგის, სი ძინფინგის მამის და ა.შ) სწორედ კულტურული რევოლუციის დროს დაიწყო პირველი პროვოკაციები ხონვეიპინების მხრიდან. არსებობს საბჭოთა ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრები, როდესაც საბჭოთა მესაზღვრეები ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში არიან ჩართულნი ხონვეიპინებთან და ჩინელ მეთევზებთაან, რომლებიც მაოს სურათებითა და დროშებით გადადიოდნენ სადაო კუნძულებზე. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა 1968 წელს პრაღის გაზაფხულის შემდეგ, პარტიაში არ ასვენებდათ შიში რომ ერთ დღესაც მოსკოვი შეიძლებოდა ჩარეულიყო შიდა პარტიულ დაპირპისრირებაში რომელიმე მხარის სასარგებლოდ.
1969 წლის პირველ მარტს პირველი ტყვია გავარდა, ჩინელ მეთევზეებს ზურგს უმაგრებდა ელიტური დაახლოებით სამასკაციანი რაზმი შეიარაღებული საარტილერიო დანადგარებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით. ხოლო აღნიშნულ მონაკვეთს გაცილებით მცირე რიცხვოვანი კალაშნიკოვითა და რამდენიმე ბეტეერით აღჭურვილი საბჭოთა სასაზღვრო ძალები იცავდა. რთულია იმის თქმა ვინ ისროლა პირველი, თუმცა იმდროინდელი საარქივო მონაცემებით არანაირი სურვილი არ ჰქონდა მოსკოვს ჩართულიყო რაიმე ტიპის დაპირპსირებაში პეკინთან, ამიტომ უფრო სავარაუდოა ეს იყო დემარში ჩინელების მხრიდან, რომელსაც ადასტურებს ზოგიერთი ჩინელი ისტორიკოსი. როგორც შეტაკების მონაწილე საბჭოთა ჯარისკაცები აღწერენ, პოლკოვნიკი ლეონოვი რომელიც სასაზღვრო ძალებს ხელმძღვანელობდა ლამის ღრიალებდა რაციაში და ითხოვდა ავიაციისა და არტილერიის დახმარებას თუმცა ისინი არსად ჩანდნენ. მომდევნო დღეებში კი უკვე მოსკოვმა მესაზღვრეებს მიაშველა არტილერიაც და ტანკებიც კი, მეტიც T-64 ტიპის ერთი ტანკის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, რომლის შესაკეთებლად მისული ტანკისტები ჩინელების უწყვეტ ცეცხლში აღმოჩდნენ ამიტომ მიატოვეს ის. საბოლოოდ ეს ტანკი ჩინელებმა ბუქსირით გაათრიეს და დღეს ის პეკინში სამხედრო მუზეუმში ინახება სასაზღვრო შეტაკებების დროს საბრძოლო ნათლობა მიიღო ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემა გრადმა, რომელიც სრულიად მოულოდნენლი აღმოჩნდა ჩინელებისთვის, მასიურ ზალპს გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდა, რის გამოც მათ უკან.
ესკალაციის დროს საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი უშედეგოდ ცდილობდა მის კოლეგა ჭოუ ენლაისთან დაკავშირებას, სპეციალური ხაზი რომლითაც მოსკოვი და პეკინი ერთმანეთს უკავშირდებოდა ჩინელებმა გათიშეს. შექმნილი იყო ვაკუუმი, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანდა, პირველი კომუნიკაცია მხოლოდ სექტემბერში მოხერხდა როდესაც ჰო შიმინის დაკრძალვაზე ჩასულ კოსიგინს ვიეტნამურმა მხარემ უშუამდგომლა, თუმცა ჭოუ ენლაი არც ვიეტნამში შეხვდა კოლეგას, ის ის იყო კოსიგინის თვითმფრინავმა გადაკვეთა საბჭოთა კავშირის საზღვარი რომ პეკინმა შეხვედრაზე თანხმობა განაცხადა, სწორედ ცენტრალური აზიიდან გადაფრინდა პეკინში კოსიგინს თვითფრინავი და ის მის კოლეგას აეროპორტში შეხვდა. კრემლის იმიჯი საფრთხეში იყო, თუმცა ისინი ასევე უფრთხიდნენ ფართომასშტაბიან ბრძოლას ჩინელებთან. იმ დროისთვის მოსკოვს სრული სამხედრო და ტექნიკური უპირატესობა გააჩნდა, თუმცა ფართომასშტაბიან ბრძოლაში ფრონტის ხაზი შესაძლოა უსაშველოდ გაწელილიყო, რისი შესაძლებლობაც ჩინელებს რაოდენობის გამო ექნებოდათ და მოსკოვს გამარჯვება შესაძლოა ძვირი დაჯდომოდა. სექტემბერში საბჭოთა მესაზღვრეებმა მიიღეს ბრძანება რომ არ ესროლათ და დაეტოვებინათ ნელ-ნელა კუნძულები. ჩინურმა მესაზღვრებმაც ასევე დაიწყეს ფრთხილად დაკავება სადავო კუნძულების. რაც შეეხება დაღუპულებს საბჭოთა მხარე 34 მესაზღვრის დაღუპვას აღიარებდა და ათეულობით დაჭრილს, ხოლო ჩინურ მხარეს სავარადუდო 200 მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაჭრილების რიცხვი საკმაოდ საორჭოფოა. 1969 წლის შემდეგ პეკინმა საბოლოდ მოიშორა კომუნსიტურ სამყაროში მოსკოვის „პატარა ძმის“ სტატუსი და უკვე დამოუკიდებლად გავიდა მსოფლიო საზოგადოებაში. ზუსტად ამას მოჰყვა პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დათბობა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.
ჩინეთ-ვიეტნამის სასაზღვრო კონფლიქტი
რაც შეეხება ვიეტნამთან ურთიერთობების გაფუჭებას, აქ განსხვავებული მიზეზები გამოიკვეთა. ცინგის მმართველობის დროს ვიეტნამი პეკინთან ვასალურ მდგომარეობაში იყო, სწორედ ვიეტნამზე პროტექტორატის გამო მოხდა ჩინურ-ფრანგული ომი 1884 წლეს, რომლის დროსაც ხმეელთზე რაოდენობრივი უპირატესობის გამო ჩინელებმა მოიპოვეს უპირატესობა, ხოლო ზღვაში ფრანგებმა. საბოლოოდ „თიენძინის ზავით“ ჩინეთმა აღიარა საფრანგეთის გავლენა ვიეტნამზე და ასე დაიწყო ვიეტნამის კოლონიური მდგომარეობა.
მიუხედავად ჩინეთის გავლენის სფეროდან გასვლისა ჩინელებმა და ვიეტნამელებმა მაინც შეინარჩუნეს ახლო ურთიერთობები. კერძოდ სინხაის რევოლუციის დროს 1911 წელს, როდესაც მონარქიიული წყობილება რესპუბლიკურით შეიცვალა ჩინელი რევოლუციონერები თავს ვიეტნამს აფარებდნენ და იქედან გეგმავდნენ სხვასხვა ოპერაციებს. იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ჩან კაიშის არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, მას სჭირდებოდა დასავლეთის მხარდაჭერა ამიტომ საფრანგეთის გავლენა ისევ აღიარა ვიეტნამზე, რასაც ჰო შიმინს უთქვამს: „უმჯობესია ახლა ვისუნთქოთ ფრანგული ნეხვი, ვიდრე მთელი ცხოვრება ჩინური“ ამ ფაქტის მერე საკმაოდ გაფუჭდა ურთიერთობები თუმცა როდესაც ჩან კაი ში თაივანზე გადავიდა და პეკინში ხელისუფლება აიღო კომუნისტურმა პარტიამ ახალი პოზიტიური ძვრების იმედი განჩდა ორივე მხარეში. 1954 წელს ვიეტნამის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელსაც ჩინური მხარეც ესწრებოდა ჰო შიმინი არ იყო კმაყოფილი პეკინის მხარდაჭერით და არც თუ ისე მკაფიო პოზიცით. ამან ახალი ბზარი გააჩინა ორ კომუნისტურ ძალას შორის. მიუხედავად ამ ფაქტისა პეკინი მაინც ცდილობდა ახლო ურთიერთობაში ყოფილიყო სამხრეთელ კომუნისტებთან. მეტიც მოსკოვი და პეკინი გარკვეუწლილად ჩართული აღმოჩნდნენ კონკურენციაში თუ ვინ უფრო მეტ დახმარებას მიაწოდებდა ვიეტკონგელებს. მოსკოვი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა და პეკინმა ურთიერთობების დარეგულირება დაიწყეს, 1972-1975 წლებში მათ გაზარდეს შეარაღების მიწოდება ვიეტნამელი კომუნისტებისთვის, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა ქვეყნის გაერთიანება კომუნისტების მმართველობის ქვეშ.
უსაფრთხოების დილემა და რეგიონალური ჰეგემონიზმის საკითხები
გაერთიანებული ვიეტნამი, რომელიც ახლო ალიანსში იყო საბჭოთა კავშირთან გახდა საკმაოდ უსიამოვნო მეზობელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის. ფაქტობრივად ის ორი მხრიდან ხდებოდა გარშემორტყმული, ამასვე ემატებოდა ინდოეთი დასავლეთიდან ამიტომ პეკინში ვიეტნამის გამო შეშფოთება წლიდან წლამდე იზრდებოდა. სიტუაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია როდესაც კამბოჯაში 1975 წელს მოსულ ქხმერების რეჟიმსა და ვიეტნამს შორის საქმე კონფლიქტამდეც კი მივიდა. ამის გარდა ჩინეთ-ვიეტნამს შორის დაპირისპირების მიზეზებად უნდა გამოიყოს შემდეგი ფაქტორებიც:
- ვიეტნამ-საბჭოთა კავშირის ახლო პოლიტიკურ-სამხედრო თანამშრომლობა
- ჩინური დიასპორა ვიეტნამში და მათი მდგომარეობა
- სასაზღვრო დაპირისპირებები
- პოლ პოტის რეჟიმის შეცვლა და პეკინის უგულვებელყოფა
1978 წელს ვიეტნამის ჯარებმა დაიკავეს კამბოჯა და შეცვალეს პოლ პოტის რეჟიმი, მიუხედავად პეკინის მკაცრი გაფრთხილებისა.( აქ უკვე აშკარა იყო, რომ საქმე არამხოლოდ იმიჯს ეხებოდა, არამედ უშუალო საფრთხე იყო ვიეტნამი კომუნისტური ჩინეთისთვის, რომელსაც ის ისტოირულ ვასალად განიხილავდა. მით უფრო ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი პოლ პოტის რეჟიმის სამხედრო გზით შეცვლა იყო ბოლო წვეთი. ამას მოჰყვა ტენგ სიაოფინგის ვიზიტი 1979 წლის იანვარში შტატებში, ამერიკაში, ფოტო) სადაც მან რამდენჯერმე გაიმეორა რომ „ჩვენ მათ ვასწავლით შესაბამის გაკვეთილს“ სავარაუდოა რომ ვაშინგტონშიც სურვილი იყო რომ ვიეტნამ-საბჭოთა კავშირის ალიანსი შესუსტებულიყო და ალბათ მწვანე შუქიც კი აუნთეს ტენგს სამხედრო ოპერაციაზე, რომელიც სუფთა ფსიქოლოგიური ხასიათის უნდა ყოფილიყო და არ ჰქონდა რაიმე სხვა ტიპის დატვირთვა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია შეტევაზე გადავიდა 17 თებერვალს, ძალთა ბალანსის მხრივ ჩინელებს რა თქმა უნდა უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ვიეტნამელები გაწაფულები იყვნენ მრავალწლიან პარტიზანულ ომში და მაინც მოახერხეს შედარებით მცირე ძალებით წინააღდეგობის გაწევა.) 450 ათასი 50 ათასის წინააღდეგ ეს იყო დაახლოებითი თანაფარდობა, ორივე მხარემ გამოიყენა არტილერიაც და ავიაცაიც მცირე რაოდენობით. ვიეტნამელების სასარგებლოდ უნდა ითქვას ის რომ მიუხედავად გარკვეული პოზიციური დანაკარგებისა რაც ალბათ სავსებით ლოგიკური იყო უზარმაზარი ჩინური არმის ბლიცკრიგის შემდეგ, მათ თავის დაცვა მოახერხეს იმ ძალების გამოხმობის გარეშეც რომლებიც იმ მომენტში კამბოჯაში იყვნენ. არსებობს ცნობები რომ ჩინელებს აშფოტებდათ საბჭოთა კავშირის მხრიდან გარკვეული ჩართულობის შესაძლებლობა, თუმცა შეერთებული შტატების სადაზვერვო ინფორმაციით მათ სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდათ ჩრდილოეთიდან. მრავალი წლის შემდეგ ვაშინგტონისა და პეკინის სადაზვევრო ძალებს შორის თანამშრომლობა შედგა. 5 მარტს უკვე ჩინელებმა დაიწყეს ძალების უკან გამოხმობა, მათთვის შედეგი მიღწეული იყო, ვიეტნამის ამბიციებს გზა გადაუკეტეს რეგიონალური ჰეგემონობისკენ. აღნიშნული ოპერაციით ტენგ სიაოფინგმა, რომელიც ყოფილი სამხედრო იყო კონტროლი გაიძლიერა ჯარზე და ასევე პარტიის შიდა რგოლებში. ამის შემდეგ ვიეტნამელებს აღარ ჰქონიათ რაიმე ტიპის თვითნებობის მცდელობა.
ფაქტია, აღმოსავლეთ აზიაში წითელი ბანაკი სრულებითაც არ იყო ერთიანი, მოსკოვთან პრობლემის გამწვავებაში დიდი წვლილი ითამაშა იდეურმა და პიროვნულმა ფაქტორებმა, ხოლო ვიეტნამში საქმე უფრო უსფრთხოების დილემასთან და რეგიონალური ძალთა ბალანსის ცვლილებასთან გვქონდა.
გამოყენებული რესურსები:
Willbanks, J. (2018). Vietnam: The Course of a conflict, . Staft College Press.
Carves, J. W. (1997). The Sino-American alliance. London: Routledge.
Gin, C. M. (2015). How China wins: A Case study of the 1979 Sino-Vietnamese war. Kansas: Fort Leavenworth.
Guan, A. (1998). Vietnam-China Relations Since the End of the Cold war. Institute of Defense and Strategic studes.
Liebothal, K. G. (1978). Sino-Soviet Conflict in the 1970. it’s Evolution and Implecation for Strategic Triangle. Rand Corporation.
Report, C. (1984). Sino-Soviet Exchange 1969-84.
Ryabushkin, D. (n.d.). Origins and Consequences of the Soviet-China border conflict in 1969.
Yu, I. (2011). The 1979 Sino-Vietnamese war from the Perspective of the Historical Relations between the two conflict. The Jjouranl of Northeast Asian History, 75-121.
Zhang, X. (2016). Deng Xiaoping’s long war. The military conflict between China and Vietnam, 1979-1991. University of North Carolina Press.
Hung, N. (1979). The Sino-Vietnamese Conflict: Power Play among Communist Neighbors. Asian Survey, 19(11), 1037-1052. doi:10.2307/2643953
Garver, J. (1981). Sino-Vietnamese Conflict and the Sino-American Rapproachment. Political Science Quarterly, 96(3), 445-464. doi:10.2307/2150555
Porter, G. (1984). Hanoi’s Strategic Perspective and the Sino-Vietnamese Conflict. Pacific Affairs, 57(1), 7-25. doi:10.2307/2758382
Harriman, W. (1965). Sino-Soviet Conflict. Proceedings of the Academy of Political Science, 28(1), 101-111. doi:10.2307/1173719
WICH, R. (1980). Sino-Soviet Crisis Politics: A Study of Political Change and Communication. Cambridge (Massachusetts); London: Harvard University Asia Center. Retrieved from http://www.jstor.org/stable/j.ctt1tfjc8c
ავტორი: შალვა ჩიხლაძე
Discussion about this post