1911 წლის სინხაის რევოლუცია ჩინეთის ისტორიაში მართლაც გამორჩეული მოვლენა იყო, ამ პროცესმა დაასრულა საიმპერატორო კარის ძალაუფლება, რომელიც ზეციური მანდატით საკრალიზებულად მართავდა მთელს ცისქვეშეთს ( ცისქვეშეთი ანუ შუა, ცენტრი სახელმწიფო არის ჩინეთის სახელწოდება, 中国,zhongguo,)
იმპერია დაემხო ლეგიტიმაციის კრიზისის შედეგად. საზოგადოება, რომელიც ასწლეულების განმავლობაში საიმპერატორო კარისკენ გახედვასაც კი ვერ ბედავდა, წინ აღუდგა ღვთის შვილს და დაასრულა მისი მმართველობა. რეალურად ცინგის მანჯურიელთა დინასტიის დასრულება არ იყო მხოლოდ სახალხო აჯანყების შედეგი, გარკვეულწილად ის უფრო სინთეზი იყო რევოლუციური გამოსვლებისა და შიდა ინტრიგებისა, რომელმაც საბოლოოდ შეიწირა მონარქიული სახელმწიფო და სულ მალე რესპუბლიკა გამოცხადდა. სანამ უშუალოდ რევოლუციის დეტალურ აღწერაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა მოკლედ აღვწერო თუ რა ხდებოდა საუკუნის გარიჟრაჟზე ყველაზე დიდ მონარქიულ სახელმწიფოში.
რევოლუციამდელი ჩინეთის მდგომარეობა
მეოცე საუკუნეში ჩინეთის იმპერია ფაქტობრივად ნახევრად კოლონიალურ რეჟიმში არსებობდა, კაბალური ხელშეკრულებები იმ პერიოდში არსებული ყველა ძლიერი სახელმწიფოს მხრიდან აიძულებდა საიმპერატორო კარს პორტები და სავაჭრო ფაქტორიები გაეხსნა უცხო პროდუქციისთვის, მით უფრო რომ სამხედრო შეტაკებების არც ისე სასიამოვნო გამოცდილება ჰქონდა პეკინს ( პეიძინგს ). კერძოდ, იმპერატორის მრავალრიცხვოვანი თუმცა საკმაოდ მოძველებული შეიარაღების მქონე ჯარისკაცები დამარცხდნენ დიდ ბრიტანეთთან ოპიუმის პირველ და მეორე ომებში(1839-1842, 1856- 1860), ასევე მრავლად იყო შიდა აჯანყებები:
- თეთრი ლოტუსის აჯანყება, (1796-1804). აჯანყება წამოიწყო ბუდისტურმა რელიგიურმა ჯგუფმა „თეთრმა ლოტუსი“ ის მოედო ცენტრალურ პროვინციებს. თავდაპირველად გადასახადების გაზრდის საწინააღდეგოდ მიმართული გამოსვლები შემდეგ ცინგის დინატიის წინააღდეგ მიიმართა, აჯანყებულები მინგის დინასტიის აღდგენას ლამობდნენ, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ.
- თაიფინგის აჯანყება, 1851-1864, აჯანყება მომწიფდა ჩინეთის სამხრეთ პროვინცია კუანგსიში(广西). ისინიც გამოდიოდნენ ცინგის დინასტიის წინააღდეგ და აპროტესტებდნენ იმ უუნარობას, რასაც ზეციური მანდატის მქონე დინასტია იჩენდა უცხოელთა მიმართ.“太平天国” ისინი ილტვოდნენ თაიფინგის ზეციური სახელწმიფოს შესაქმნელად. აჯანყებამ ფაქტობრივად შეიწირა 20 მილიონი ადამიანი, რაც მეცხრამეტე საუკუნისთვის უზარმაზარი რიცხვი და ისტორიაში შესულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ჯანყი. 1851 წელს 10 000- მა თაიფინგელმა აიღო ქალაქი ძინთიენი, რომელიც საიმპერატორო ძალების საყრდენი ცენტრი იყო. ფაქტობრივად, პირველ ოპიუმის ომში დამარცხებული ცენტრალური ხელისუფლება უუნარო აღმოჩნდა მათ წინააღდეგ, რის გამოც 1853 წელს თაიფინგელთა უზარმაზარი არმია შევიდა ნანძინგში, დაატყვევა და დახოცა ათასობით ჯარისკაცი და საჯარო მოხელე, ნანძინგი გამოცხადდა თაიფინგის ზეციური სამეფოს დედაქალაქად. საბოლოო ჯამში აჯანყება განეიტრალდა, თუმცა სერიოზული დარტყმა მიიღო ხელისუფლებამ.
- ნიენის აჯანყება, 捻军起义, ნიენის აჯანყება 1840 იანი წლებიდან იწყებს მზადებას, თაიფინგის აჯანყებისგან განსხვავებით მათ არ ჰქონიათ თავდაპირელად გამოკვეთილი მიზნები. შესაბამისად სხვადასხვა მიზეზებს იყენებედნენ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად. მაგალითად, 1851 წელს ადიდდა მდინარე იანძი, დაიტბორა ასუელობით კილომეტრის მანძილზე სანაპირო ზოლი, ძიანგსუს პროვინციას მიადგა საშინელი ზარალი, აჯანყების ერტ-ერთმა მეთაურმა ჭანგ ლესინგმა, რომელსაც საკმაოდ კარგი და გაწვრთნილი, სწრაფი მობილური არმია ჰყავდა დაიწყო შეტაკებები საიმპერატორო ძალებთან. მის წინააღდეგ პეკინმა ( პეიძინგმა ) მონღოლი სარდალი შენგგ’ ჟინჩენი გამოაგზავნა, რომელმაც შეძლო ნეიენის ჯარსისკაცების შეკავება, თვით მეთაური ლესინგი ბრძოლაში დაიღუპა. ნიენის აჯანყების შეჩერება იმ მომეტშივე შეიძლებოდა, თუმცა ბრძოლას მოუსწრეს ტაიფინგელმა ჯარისკაცებმა და მონღოლი გენერალის წინააღდეგობა გატეხეს. საბოლოო ჯამში ნიენის ჯარისკაცთა სამხედრო მარში სარდალ ჭენგ ცუოფენის მიერ იბლოკება. დასავლურმა სახელმწიფოებმა ცუოფენს დახმარება გაუწიეს არტილერიის მხრივ. შესაბამისად, თანამედროვე იარაღის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდნენ ნიენელი აჯანყებულები.
- ტუნკანის პირველი და მეორე ჯანყი, 1862-1877, 1895-1897
- ბოქსიორთა აჯანყება, 义和团起义,იხეთუანთა, 1899-1901 ფაქტობრივად ეს იყო ერთადერთი აჯანყება, რომელიც ჩრდილოეთიდან დაიწყო, აჯანყება დაიწყეს ქუჩის საბრძოლო ხელოვნებით დაკავებულმა მოხალისეებმა, მალე ის მოედო ლიაონინგსა და შანტუნგს. აჯანყებულები სიკვდილით სჯიდნენ ყველა უცხოელს და ასევე ქრისტიან ჩინელს. მათი წინააღდეგობა მიმართული იყო ერთის მხრივ უცხოელთა ბატონობის, მეორეს მხრივ საიმპერატორო ძალების წინააღმეგ. საბოლოოს ჯამში ბოქსიორთა აჯანყების ჩასახშობად პეკინში ათასობით უცხოელი ჯარისკაცი შეიყვანეს ( რუსი, ამერიკელი, პრუსიელი, ავსტრიელი და იაპონელი ). მათ მოახერხეს აჯანყებულების დამარცხება. პეკინის აღებისას კოალიციურმა ძალებმა გადაწვეს იმპერატორის ზაფხულის სასახლე.
- ზემოთხსენებული აჯანყებები ერთის მხრივ გამოწვეული იყო დინასტიისა და ხელისუფლების უუნარობით, თუმცა მეორეს მხრივ თუ დავუკვირდებით აჯანყებათა უმრავლესობა იწყება სამხრეთ ან ცენტრალურ რეგიონებში. ცინგის მანჯურიელთა დინასტია, რომელიც 1648 წლიდან მართავდა ჩინეთს რეალურად ჩინურ სოციუმში ასიმილირებული ჩრდილოური ტომები იყვნენ, შესაბამისად აღნიშნული განსხვავებაც თავის წილ როლს თამაშობდა.ამას დაემატა 1894-1895 წელს კორეის ნახევარკუნძულზე იაპონიასთან მარცხი, რამაც საბოლოოდ დაამსხვრია ზეციური მანდატის მითი და ის, რომ იმპერატორი ცის შვილია. ფაქტობრივად უცხოელებისგან მომეტებულმა შევიწროებამ და მართვის უუნარობამ ლეგიტიმაციის კრიზისი წარმოშვა იმ საზოგადოებაში, რომელიც თვალებში შეხედვასაც ვერ უბედავდა იმპერატორის. გადამწვარი იმპერატორის სასახლის ხილვისას, რომელიც კოალიციური ძალების ბაზად ქცეულიყო, საზოგადოების დიდი ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნის გადარჩენის შანსი უუნარო მონარქიის შეცვლა და რესპუბლიკური წყობილების შექმნა იყო. ამ ბრძოლაში განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთი აქტიურობდა, რომელიც უფრო ღრმად იყო გაუცხოებული მანჯურიელებთან, ვიდრე ჩრდილოეთ პროვინციები.
სწორედ სამხრეთ ჩინეთიდან, რომელიც ყველაზე უფრო მეტად გრძნობდა არათანაბარი ხელშეკრულების სიმძიმესა და პეკინის ( პეიძინგის ) უუნარობას, აგორდა ტალღა დოქტორ სუნ იატ სენის (孙中山- სუნ ჭონგ შანი ) ხელმძღვანელობით, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა და ძირს უთხრიდა იმპერიულ ჩინეთსა და ზეციურ მანდატს.
ამ მდგომარეობაში შეხვდა ჩინეთი სინხაის რევოლუციას. რუკაზე კარგად ჩანს რეალური გავლენის სფეროები იმ დროინდელი გლობალური აქტორების- ბრიტანული, ფრანგული, იაპონური, რუსული და გერმანული სივრცეები,რომელიც არაოფიციალურ კოლონიებს წარმოადგენდნენ ქვეყანაში.ზოგადად, პირველი ოპიუმის ომის შემდგომი პერიოდი ჩინურ ისტორიოგრაფიაში ცნობილია, როგორც „ჩაგვრის საუკუნე“
რეფორმების ასი დღე და1898 წლის სახელმწიფო გადატრიალება კონსერვატიული ძალების მხრიდან
აღმოსავლეთ აზიური მონარქიები აბსოლუტიზმის ხიბლში ათასწლეულები ინარჩუნებდნენ საყოველთაო კონტროლს საზოგადოებაზე. გარედან შემოსული ცვლილებების საწინააღდეგოდ ისინი ზოგჯერ იზოლაციონიზმისა და ჩაკეტვის პოლიტიკას აწარმოებდნენ. პირველი სახელმწიფო რომელმაც მოდერნისტული გარდაქმნები დაიწყო იაპონია იყო (მეიჯის გარდაქმნები). მის დარადად ჩინეთშიც ჩამოყალიბდა პროგრესული ჩინოსნების ჯგუფი, რომელთაც ჩინეთის იმდროინდელი მდგომარეობიდან გამოსვლისთვის იბრძოდნენ. მათ მოახერხეს რომ ახალგაზრდა იმპერატორ კუანგსუს ნდობა მოიპოვეს და წამოიწყეს რეფორმების ტალღა, რომელიც ცნობილია როგორც რეფორმების ასი დღე. რეფორმატორებს ქანგ იოუვეი ხელმძღვანელობდა. იმპერატორისთვის შეთავაზებული რეფორმების პაკეტი ასეთნაირად გამოიყურებოდა:
- ტრადიციული სამოხელეო საგამოცდო სისტემის გაუქმება
- პეკინის ( პეიძნგის ) სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება და იქ უცხოელი კადრების მოწვევა
- კონფუციანური ტექსტების სანაცვლოდ თანამედროვე სამეცნიერო ტექსტების მასობრივი სწავლება
- საიმპერატორო კარის წევრების მასობრივად გაგზავნა უცხოეთში განათლების მისაღებად.
- კონსტიტუციური მონარქიის შექმნისთვის მოსაზმადებელი სამუშაოების დაწყება
- კაპიტალისტური სისტემის სწავლება და განვითარება
- სამხედრო მოდერნიზაცია და საზღვაო აკადემიის ჩამოყალიბება
- ინდუსტრიალიზაციის წამოწყება
- ყველა პროვინციაში აგრარული სკოლებისა და სასწავლებლის დაარსება
- მაღაროებისა და რკინიგზის სამართავი ბიუროს შექმნა. ახალგაზრდა იმპერატორისა და მის რეფორმისტულ იდეებს დაუპირისპირდა კონსერვატიული ელიტა, რომელიც ამ რეფორმების წამოწყების შემდეგ გავლენებისა და ფინანსური რესურსების გარეშე შეიძლებოდა დარჩენილიყო. კონსერვატიული კონტრ-რეფორმატორებს ხელმძღვანელობდა სამეფო ოჯახის წევრი- დედოფალი ც’ სი და იუენ შიკაი. ეს უკანასკნელი საკმაოდ გავლენიანი იყოცინგის დინასტიურ კარზე- მას ემორჩილებოდა კარგად გაწვრთნილი არმია. სწორედ მისმა ღალატმა განაპირობა იმპერიის დამარცხება და შემდგომში იუან შიკაი ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა სუნ იატ სენის ( სუნ ჭონგ შანი ) შემდეგ. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად იმპერატორი ზაფხულის სასახლეში გამოკეტეს და დედა დედოფალმა ც’ სი-მ რეგენტობა და ფორმალური ძალაუფლება აიღო ხელში. ასეთ მდგომარეობაში შეხვდა ჩინეთის იმპერია მეოცე საუკნის გარიჟრაჟს. სამხრეთ პროვინციებში სულ უფრო მატულობდა რევოლუციური განწყობები და რესპუბლიკური მოძრაობები, რომელსაც იაპონიასა თუ ევროპაში განათლება მიღებული ინტელექტუალური ელიტა ხელძღვანელობდა.
რევოლუციური მოძრაობები და გაერთიანებული ჩინური ლიგის თონმენგხუეის ჩამოყალიბება
სანამ უშუალოდ რევოლუციური მოძრაობების აღწერასა და მათ მოქმედებაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ორი მთავარი მიზეზი, რამაც ასეთი დიდი გააჩინა უფსკრული მოსახლეობასა და ცინგის დინასტიას შორის.
ძვ.წ მეორე საუკუნედან მოყოლებული ჩინეთს უმთავრესად ხანელი ( ეროვნებით ჩინელი ) დინასტიები მართავდნენ. ეს ტრადიცია დაირღვა ჯერ 1279 წელს, როცა ყუბილაი ყაენმა მონღოლური იუენის დინასტიის ( 1279-1368 ) ქვეშ გააერთიანა ჩინეთი და შემდეგ 1644 წელს, როცა ჩრდილოურმა მანჯურიულმა ტომებმა იმპერატორის დაცვის მიზეზით დედაქალაქი დაიკავეს, შემდეგ კი ხელისუფლების უზურპირება მოახდინეს და საკუთარი- ცინგის დინასტია შექმნეს ( 1644-1911 ). შესაბამსიად ეთნიკური განსხვავებულობა საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობდა აღნიშნულ კამპანიაში. დოქტორი სუნ იატ სენი ( სუნ ჭონგ შანი ) გამოსვლებისას მოუწოდებდა მოსახლეობას რომ მოეცილებინათ სამეფო ტახტიდან თათარი ბარბაროსები, რათა გადარჩენილიყო ჩინეთი, ამის შემდეგ ჩინელი ხალხი დაარსებდა რესპუბლიკას და ის ჩაგვრა და უუნარობა, რაც იმ პერიოდში სუფევდა იქაურ გარემოში საბოლოოდ დასრულდებოდა. ჯერ კიდევ 1894 წელს, ჰონოლოლუში სუნ იატ სენმა ( სუნ ჭონგ შანმა ) დაარსა ორგანიზაცია „სინგჭონგხუეი“ ასევე ათი წლის მერე დაარსდა „სუასინგხუეი“ რომლის დევიზი იყო : „ აიღე ერთი პროვინცია ძალით, რათა უბიძგო სხვებს აჯანყებისკენ“. ანტისახელისუფლებო გამოსვლებს, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ახორციელებდნენ ე.წ „მწვანე ბანდები“. ისინი კრიმინალური მეთოდებით თავს ესხმოდნენ და კლავდნენ ჩინოვნიკებს. 1905 წელს სუნ იატ სენმა ( სუნ ჭონგ შანმა ) ტოკიოში მოახერხა სხვადასხვა რადიკალურად განსხვავებული ჯგუფები გაეერთიანებინა „თონგმენგხუის“ რიგებში და შეიქმნა გაერთიანებული ფრონტი.
სუნ იატ სენმა საზოგადოებას შესთავაზა თონგმენგხუეის სამი პრინციპი, რომელიც იქნებოდა ქვაკუთხედი ამ მოძრაობის:
ნაციონალიზმის პრინციპი
დემოკრატიის პრინციპი
ხალხთა ღირსეული არსებობის პრინციპი( ეს უკანასკნელი ეხებოდა საკუთრების უფლებასა და ამ უფლების ფართო საზოგადოებაში დანერგვას
სუნ იატ სენი 1866 წელს დაიბადა კუანგტუნგის პროვინციაში, მაკაოსთან ახლოს. მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ წარჩინებულთა ფენიდან, თუმცა ნიჭიერმა იატ სენმა მოახერხა თინეიჯერობისას ჰონოლოლუზე (ჰავაის შტატი) წასულიყო და იქ დასავლური განათლება მიეღო. ჩინეთში დაბრუნების შემდგომ ჰონგ-კონგსა და კუანგტუნგში სამედიცინო სფეროში იწყებს მუშაობას. წინააღდეგობის მოძრაობას ძირითადად კორეაში ჩინეთის დამარცხების შემდედ იწყებს.
საპროტესტო ტალღა, რომელმაც რევოლუციური სცენარი წარმართა, მართლაც არნახული იყო. ფაქტობრივად სხვადასხვა პროვინციებში წელი არ ჩავარდნილა, რომ არ მომხდარიყო მასობრივი მანიფესტაცია, შეიარაღებული შეტაკება თუ დაგეგმილი დივერსიები. 1895 წლიდან მოყოლებული 1911 წლამდე ძირითადად სამხრეთიდან ჩრდილოეთში მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული ღონისძიებები დღითიდღე ასუსტებდა რეჟიმს. ქრონოლოგიურად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის მოქმედებები რისი ლოგიკური დასასრულიც სინხაის რევოლუცია იყო:
- კუანგჭოუს პირველი აჯანყება, 1895
1895 წელს ნახევრად გასამხედროებულმა ჯგუფებმა მიიტანეს იერიში სახელისუფლებო ჯგუფებზე. ოპერაციას ხელმღვანელობდნენ იუენ ქუ ვანი, ჭენგ შ’ლიანგი, ლუ ხუოტონგი. აჯანყება წარუმეტაბლად წარიმართა, მანჯურიელთა საპოლიციო სისტემებმა მოახერხეს მათი შეჩერება. მეტიც იუენ ქუ ვანი ჯაშუშმა მოკლა ჰონგ-კონგის ქუჩებში და დაიწყო მასობრივი დაპატიმრებები. სუნ იატსენი და ლიდერები იძულებულნი იყვნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, რევოლუციური საბჭოს კოორდინაცია საზღვარგარეთიდან დაიწყეს. სუნ იატ სენი ჯერ იაპონიაში, შემდეგ კი დასავლეთში წავიდა მცირე ხნით.
- შემდეგი მცდელობა აჯანყებისა ხუნანისა და ხუპეის პროვინციაში იყო, თანგ ციაჩონგისა და თან სითონგის მეთაურობით ე.წ „დამოუკიდებელი არმია“ დაუპირისპირდა სამხედრო სახელისუფლებო ძალებს, თუმცა ისევ უშედეგოდ.
- ხუიჭოუს აჯანყება- 1900 წლის 8 ოქტომბერს 20,000 კაციანი კარგად შეიარაღებული აჯანყებულთა ქვედანაყოფებმა შეუტიეს სამთავრობო ძალებს. როგორც წინა აჯანყებებში, აქაც არ ეყოთ ბოლომდე ძალები. ეს აჯანყება იმით არის გამორჩეული რომ მაშინ პეკინმა საპროტესტო ნოტა გაუგზავნა იაპონიის იმპერატორს. რის შედეგაც თაივანზე ყოფნა აუკრძალეს აჯანყების მეთაურებს. რევოლუციის მომავალი ბურუსმა მოიცვა. მათ აღარ შეეძლოთ იაპონიასა და იაპონიის მიერ კონტროლირებად კუნძულებზე თავის შეფარება.
- 1903 -1905 წლებში სხვადასხვა ადგილებში კიდევ იმართებოდა დემონსტრაციები და შეტაკებები. მათგან გამორჩეული ფინგ ლიუ ლის აჯანყება და პეკინის ტერაქტი, რომელსაც ხუთი უმაღლესი თანამდებობის პირი შეეწირა.
- 1905-დან 1907 წლამდე შედარებით მშვიდობიანი პერიოდი სუფევდა ქვეყანაში. თუმცა, 1907 წლის შემდეგ ისევ განახლდა გამოსვლები და შეტაკებები. ანცინგი 1907, ცინჭოუ 1907, ცინთიანი 1907, ხ’ქოუ 1908 წელი. ხოლო 1911 წელს უშუალოდ ქალაქ კუანგჭოუში ( 广州 ) დაიწყო დიდი აჯანყება, რომელმაც საბოოლოო დარტყმა მიაყენა საიმპერატორო კარს. 1911 წელს დაწყებული მასშტაბური გამოსვლები მთელს პროვინციებს მოედო.
1911 წლის ოქტომბერში საყოველთაო შეტაკებებმა და დემონსტრაციებმა მოიცვა ჩინეთი, ხუნანის პროვინციის ცენტრში, ქალაქ ჩანგშაში გაიხსნა ერთ-ერთი პირველი ფრონტი. ამ პერიოდში როგორც ჩანს თონგმენგხუეის(ჩინეთის ერთიანობის ლიგა) წევრები საკმაოდ მომზადებული იყვნენ და სხვადასხვაა პროვინციებში ჰქონდათ ორგანიზებული გამოსვლები. შეტაკებები დაიწყო შაანსის პროვინციის ცენტრ სიანშიც. თავდაპირველად მანჯურიელთა მხარეს იყო მუსლიმი გენერალი მა ანლიანგი, თუმცა შემდეგ მან აჯანყებულთა მხარეს გადასვლა არჩია. ასეულობით მანჯურიელი მოკვდა სიანის შტურმისას. ბევრმა მაღალი თანამდებობის პირმა თვითვმკვლელობით მოისწრაფა სიცოცხლე, რადგან არ უნდოდათ აჯანყებულების ხელში ჩავარდნა. ზემოთ ნაჩვენები რუკიდან კარგად ჩანს, რომ წინააღდეგობის იმდენი კერა იყო გაჩენილი სხვადასხვა რეგიონში, შეუძლებელი იყო ცინგის დინასტიას შეენარჩუნებინა თავისი იურისდიქცია როგორც ხელისუფალს. გამოსვლები მიმდინარეობდა ძიანგსუს, შანსის, იუნანის, ჭეძიანგის, ანხუეის, კუანგტუნგისა და შანტუნგის პროვინციებში. მეტიც, შანხაიში აჯანყებას ადგილობრივი მეწარმე ჩენ ციმეი ჩაუდგა, რომელმაც ადგილობრვი საპოლიციო ძალებიც მიემხრნენ. კუანგჭოუში კი საყოველთაო დაუმორჩილებლობის აქტი მიიღეს და დამოუკედობლისკენ მოწოდებები ისმოდა. კუიჭოუში აჯანყდნენ სამხედრო აკადემიის კურსანტები, ხანგჭოუს დაკავების ოპერაციას შემდეგში უკვე ცნობილი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე ჩან კაი ში ( ძიანგ ძიე შ’ ) ხელმძღვანელობდა.
ვუჩანგის (ვუხანის) აჯანყება და რესპუბლიკის დაარსება
1911 წლის აჯანყებათა შორის ვუჩანგის 10 ოქტომბრის მოქმედებებს საკვანძო ადგილი უჭირავს. სწორედ 10 ოქტომბერი ითვლება რესპუბლიკის დაარსების სიმბოლურ თარიღად და ის (ჩინეთის რესპუბლიკის) თაივანის ეროვნულ დღესასწაულადაცაა გამოცხადებული. თონგმენგხუეის რიგებში არსებულმა ორმა საიდუმლო ორგანიზაციამ „文学社“ wen xue shi- ე.წ “ინტელექტუალთა საზოგადოებამ“ და „მარტის გაერთიანებულმა საზოგადოებამ“ იერიში მიიტანა ხუპეის სამთავრობო ჯარების პოზიციებზე. დღენახევრიანი ბრძოლების შემდეგ „ახალმა არმიამ“ დაიკავა ვუჩანგი, მათ პარალელურად შეტევები წამოიწყეს ხანქოუსა და ხანიანგზე. სიტუაცია კრიტიკული იყო, პეკინი ( პეიძინგი ) პოზიციებს ყოველდღიურად კარგავდა. ნოემბრის დასაწყისში 13 პროვინცია უკვე გამოსული იყო საიმპერატორო ძალების იურისდიქციიდან, ყველა მათგანში იდგა აჯანყებულთა გასამხედროებული ძალები. ერთი თვის შემდეგ ჭეძიანგისა და ძიანგსუს პროვინციების გაერთიანებულმა ძალებმა ნანძინგი დაიკავეს და ის გამოცხადდა ჩინეთის რესპუბლიკის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად. 25 დეკემბერს ემიგრაციიდან დაბრუნდა სუნ იატ სენი და 1912 წლის 1 იანვარს (გრეგორიანული კალენდრით) მან დაიწყო ჩინეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ამპლუაში მართვა. ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა ლი იუენხონგი, რომელიც თავდაპირველად კონსტიტუციური მონარქიის დიდი ლობისტი იყო, თუმცა ბოლოს მაინც მოხდა კონსენსუსი მის ვიცე პრეზიდენტად გამწესებაზე.
ფაქტობრივად 1912 წლის დასაწყისში ქვეყანა ორ ნაწილად გაყოფილი იყო. სამხრეთ და ცენტრალურ პროვინციებს აკონტროლებდა ჩინეთის რესპუბლიკა და ორგანიზაცია თონგმენგხუეი ხოლო ჩრდილოეთ ნაწილი ოფიციალურად იმპერიის დაქვემდებარებაში, თუმცა რეალურად სამხედრო მმართველების, უმეტესწილად კი იუან შ’კაის დაქვემდებარებაში აგრძელებდა არსებობას.
მიუხედავად იმისა რომ რეალურად ფართობის თვალსაზრისით სამხედრო მმართველები უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდნენ, თონმმენგხუეის კონტროლირებადი არეალი უფრო მჭიდროდ იყო დასახლებული. ამავდროულად მათ მიერ კონტროლირებად სივრცეში იყო სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ბუნებრივი რესურსები. შესაბამისად იქმნებოდა საფრთხე რომ ქვეყანა ორ ნაწილად დაყოფილი დარჩებოდა. მდგომარეობა რთული იყო, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად იუან შ’კაიმ და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 1912 წლის 22 იანვარს პროვინციულ მთავრობას ნანძინგში გამოუგზავნეს ოფიციალური უწყება, რომლის მიხედვითაც იმპერატორი ფუ ი გადაყენებული იყო, 2000 წლოვანი მონარქიული სისტემა თვალსა და ხელს შუა გაქრა. მიუხედავად გარკვეული წინააღდეგობისა სუნ იატ სენმა გადადგა შემხვედრი ნაბიჯი იუან შიკაის მისამართით. მან დატოვა რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და ამით იუან შoკაის გაუნაღდა საპრეზიდენტო პოსტი. მოვლენები დრამატულად განვითარდა. ყოფილი მონარქისტები ახლა რესპუბლიკელების მანტიაში მოევლინენ ქვეყანას. პროვინციებში სამხედრო მმართველების ძალაუფლება გამყარდა. სინხაის რევოლუციამ ის შედეგი ვერ მოიტანა, რაც ჩაფიქრებული იყო. თუმცა, ის ჩინეთის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, ღვთიური ლეგიტიმაციის მონარქიას ძირი ძირითადად უუნარობამ გამოუთხარა, ცინგის მანჯურიელთა დინასტიამ ვერ მოახერხა ქვეყნის რეალური სუვერენიტეტის დაცვა. ე.წ „ჩაგვრის საუკუნეში“ ჩინური პორტები სხვადასხვა კოლონიური ძალების ხელში იყო. 1820 წლისათვის მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტით ყველაზე დიდი სახელმწიფო მეოცე საუკუნის დასაწყისს უღარიბეს მდგომარეობაში შეხვდა. ქვეყანას უმნიშვნელოდ შეეხო ინდუსტრიალიზაცია და მოდერნიზაცია, ხალხში უკმაყოფილება სულ უფრო იზრდებოდა რისი გამოძახილიც სინხაის რევოლუცია იყო. სუნ იატ სენის მეთაურობით შეიქმნა ჩინეთის ნაციონალისტური პარტია გომინდანი ( „კუომინტანგი“ ). 1921 წელს ასევე დაარსდა ჩინეთის კომუნისტური პარტიაც. სუნ იატ სენის სიცოცხლეში ხერხდებოდა ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის კომუნიკაცია, თუმცა 1925 წლის შემდეგ, რაც სუნ იატ სენი გარდაიცვალა, ძალაუფლება თანდათან ხელში აიღო ნაციონალისტურმა პარტიამ. ქვეყანაში მდგომარეობა უფრო დამძიმდა 1931 წელს- იაპონიის ოკუპაციას პარალელურ რეჟიმში მიმდინარე სამოქალაქო ომიც დაემატა. მხოლოდ რამდენიმეჯერ მოახერხეს ნაციონალისტებმა და კომუნისტებმა გაერთიანება უცხო მტრის წინააღდეგ. სამოქალაქო ომი 1949 წელს დასრულდა, როცა თიენანმენის მოედანზე მაო წეტუნგმა (მაო ძედუნმა) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა, კუომინტანგელები ამერიკული საზღვაო ფლოტის დახმარებით კუნძულ თაივანზე გადავიდნენ და ჩინეთის რესპუბლიკის სტატუსით დღესაც აგრძელებენ ქვეყნის მართვას.
ავტორი: შალვა ჩიხლაძე
Discussion about this post