მსოფლიო პოლიტიკაში ჩინეთი საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკურ კურსს აწარმოებს, რომელიც დიდ წილად მიბმულია ეკონომიკაზე. ამ კუთხით გამონაკლისს არც ლათინური ამერიკა და მისი წამყვანი სახელმწიფო ბრაზილია წარმოადგენს. ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ხანგრძლივი და შეიძლება ითქვას, მჭიდროა, თუმცა არც თუ ისე ერთგვაროვანი. საინტერესოა მათი თანამშრომლობის საწყისების, განვითარებისა და სხვადასხვა ასპექტების განხილვა.
ორ სახელმწიფოს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები იწყება 1974 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ ანტიკომუნისტურად განწყობილმა ბრაზილიამ ცნო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. აქამდე ის მხოლოდ თაივანზე მოღვაწე გომინდანის (კუომინტანგის) ხელისუფლებას ცნობდა. მიუხედავად იდეოლოგიური სხვაობებისა, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დათბობა 80-იან წლებში დაიწყო. ერთ-ერთი პირველი მთავარი მიღწევა კი იყო 1988 წლის CBERS (China-Brazil Earth Resources Satellite program) პროგრამის შემოღება. ეს არის ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროგრამა ბრაზილიასა და ჩინეთს შორის, რომელიც ავითარებს და მუშაობს დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრებზე და დღესაც აქტიურია (Mendes&Cardoso,2015). საგულისხმოა რომ, 1993 წელს ორი სახელმწიფო შეთანხმდა „სტრატეგიული პარტნიორობის“ დამყარებაზე, რის შემდეგაც ნელ-ნელა დაიწყო ურთიერთობების ინტენსიფიკაცია. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე, თუმცა საბოლოოდ ეს ერთგვარ გლობალურ პარტნიორობაში გადაიზარდა. ორივე სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებდა გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობებს, რომელიც ემყარება სოლიდარობას, ჩაურევლობას და ურთიერთპატივისცემას, რითაც „უპირისპირდებოდნენ“ ზესახელმწიფოების მიდგომას. ჩინეთიც და ბრაზილიაც ცდილობდნენ სწრაფ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას და ინდუსტრიალიზაციას, რათა მიეღწიათ საერთაშორისო ავტონომიისთვის და შესაბამისად, დაემკვიდრებინათ საკუთარი ადგილი მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოების მაგიდასთან (Trinkunas,2020).
ეკონომიკური ასპექტები
საინტერესოა რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩინეთი და ბრაზილია ორივე უკვე აღიქმებოდა განვითარებად ეკონომიკებად და შესული იყო მსოფლიოს ტოპ 10 ეკონომიკაში. აქ მცირე სხვაობაა იმაში, რომ ბრაზილიისგან განსხვავებით, ჩინეთი იყო ე.წ. „reemerging” ეკონომიკის პოზიციაში, აღმოსავლეთ აზიაში მისი ისტორიული სტატუსისა და წონის გათვალისწინებით. შესაბამისად, ამ კუთხით ჩინეთს ბევრად მეტი გასაქანი და უპირატესობა ჰქონდა. ბრაზილია და ჩინეთი მშვიდობიან აღმასვლას ისახავდნენ მიზნად და კონცენტრირებულნი იყვნენ ეკონომიკაზე. ორივე სახელმწიფომ გარდა განვითარებადი ეკონომიკისა დაიმსახურა განვითარებადი ძალის (emerging power) სტატუსი საკუთარი წვლილით საერთაშორისო ასპარეზზე. ბრაზილიამ როგორც რეგიონულად, ისე გლობალურად გამოიჩინა თავი, ჩართულია G8-ის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დიალოგში, მონაწილეობს არაერთ პლატფორმასა თუ ფორუმში, როგორიცაა G20, BRICS, IBSA, BASIC. მართალია, ჩინეთის მშპ ბევრად აღემატება ბრაზილიისას, თანაც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, თუმცა მას ჯერ კიდევ არ დაუმსახურებია განვითარებული სახელმწიფოს სტატუსი, რადგანაც საჭიროა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არ იქნება საერთაშორისო სისტემის პასუხისმგებელ მხარედ აღქმული (Haibin,2010).
მას შემდეგ, რაც ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა 2001 წელს, უფრო აქტიურად წამოიწყო ე.წ. „საზღვრებიდან გასვლის პოლიტიკა“, რომელიც აისახა ლათინურ ამერიკასა და უფრო კერძოდ, ბრაზილიაზე. ბრაზილია ჩინეთისთვის საინტერესო და ამ პოლიტიკისთვის რელევანტური არჩევანი იყო მისი ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებლების გამო: მდიდარი ბუნებრივი რესურსები, განვითარებული სოფლის მეურნეობა, დიდი შიდა ბაზარი და მნიშვნელოვანი რეგიონალური გავლენა (Haibin,2010).
ორ სახელმწიფოს შორის დაწყებულმა ვაჭრობამ საბოლოოდ დააახლოვა ისინი. 2005 წელს ბრაზილიის ჩინეთთან ვაჭრობამ $10 მილიარდ დოლარის ნიშნულს მიაღწია, რამაც ბრაზილია ლათინურ ამერიკაში ჩინეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახადა. 2006 წლის მონაცემებით, 143 ჩინური კომპანია მოღვაწეობდა ბრაზილიაში, ხოლო თავის მხრივ ბრაზილია 542 პროექტს ახორციელებდა ჩინეთში. 2009 წელს ჩინეთმა გადაასწრო შეერთებული შტატებს, რომელიც 80 წელზე მეტია დომინირებდა ბრაზილიის ბაზარზე და გახდა ბრაზილიის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. მას შემდეგ, რაც ჩინეთი მეორე მსოფლიო ეკონომიკად გამოცხადდა, ორმხრივი ვაჭრობა განაგრძობს ზრდას (Horta,2015). 2005 წლის შემდეგ, როდესაც ჩინეთმა აქტიურად დაიწყო საზღვრებს გარეთ ინვესტირება, ბრაზილია გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი სხვადასხვა სექტორში. 2017 წლისთვის სამხრეთ ამერიკისთვის განკუთვნილი ჩინური ინვესტიციების ნახევარზე მეტი ბრაზილიაზე მოდიოდა. ბოლოდროინდელმა ჩინეთ-აშშ-ს სავაჭრო მეტოქეობამ სარგებლობა მოუტანა ბრაზილიას, რადგან ჩინეთმა სურსათის ვაჭრობა აშშ-ს „დააშორა“, რითაც ისარგებლეს ბრაზილიელმა სოფლის მეურნეობის ექსპორტიორებმა. 2019 წლისთვის ორმხრივმა ვაჭრობამ $100 მილიარდს მიაღწია, ეს კი ჩინეთს ბრაზილიის ექსპორტის მთავარ ბაზრად აქცევს (Trinkunas,2020).
მხოლოდ ლათინური ამერიკის კონტექსტს თუ ავიღებთ, ბევრი ავტორისთვის ჩინეთ-ბრაზილიის ურთიერთობა ემსგავსება გლობალური ჩრდილოეთის მოდელს, რადგანაც ბრაზილია და ჩინეთი პოლიტიკურადაც არაერთ პლატფორმაში თანამშრომლობენ. ჩინეთ-ბრაზილიის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული ჩინური რიტორიკის თანახმად, ეს პარტნიორობა სრულიად თანაბარია. ნამდვილად, ორმხრივი პარტნიორობა ძალიან ბენეფიტურია ორივე მხარისთვის, თუმცა რეალური სურათი „თანაბრობის“ არგუმენტთან დაკავშირებით სულ სხვა რამეს გვეუბნება. მართალია, ეს ურთიერთობა იწყებოდა როგორც გლობალური სამხრეთის თანამშრომლობა, დროთა განმავლობაში ის უფრო მეტად დაემსგავსა განვითარებულ ჩრდილოეთსა და განვითარებად სამხრეთს შორის ურთიერთობას. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ბრაზილია ძირითადად ბუნებრივი რესურსების და პირველადი მოხმარების პროდუქტების ექსპორტიორია, ჩინეთი კი – წარმოებული საქონლის. შესაბამისად, ეს ქმნის გარკვეული სახის ასიმეტრიას თანამშრომლობაში (Christensen,2016), მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია ფლობს მსოფლიოს მე-10 ეკონომიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სამრეწველო კომპლექსს და უზარმაზარ ბუნებრივ რესურსებს (Horta,2015).
საყურადღებოა რომ ჩინეთი ასევე ბრაზილიური პროდუქტების ერთგვარ კონკურენტად იქცა გლობალურ ბაზრებზე. მაგალითად, მერკოსურის (სუბ-რეგიონული ეკონომიკური ბლოკი სამხრეთ ამერიკაში) სივრცეში ჩინური პროდუქტების უმეტესობამ შეცვალა ბრაზილიური პროდუქტები, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არ არის მერკოსურის წევრი. იგივე ტენდენცია შეინიშნება აშშ-ს და თავად ბრაზილიის შიდა ბაზარზეც. შედეგად ბრაზილიის საწარმოო ინდუსტრიის სექტორი ხელისუფლებას მეტად მოუწოდებს პროტექციონისტული პოლიტიკის გაძლიერებულ იმპლემენტაციას (Gouvea&Montoya,2013). ანალოგიურად, გარკვეული შეშფოთება წარმოშვა ჩინეთის მიერ ბრაზილიაში მიწის შესყიდვებმა, ე.წ. ჩინეთის ”მიწის ათვისების” პოლიტიკა, რომელიც ასევე გატარებულია ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აფრიკა, რაც ჩინეთს საკვების მარაგებით უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ბენეფიტებისა, ბრაზილია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით თავს კომფორტულად ყოველთვის ვერ გრძნობს. ამის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა 2000-იან წლებში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ბრაზილიის მიერ ჩატარებული ანტიდემპინგური გამოძიების ფართო გამოყენებაა ძირითადად ჩინური პროდუქტების წინააღმდეგ (Christensen,2016).
საგულისხმოა ასევე „ერთი სარტყელი ერთი გზის“ ინიციატივის (BRI) გავლენა ჩინეთ-ბრაზილიის ურთიერთობებზე. BRI-მ შესაძლოა სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს აღნიშნული ეკონომიკური პარტნიორობის „სტატუს-ქვოში“, იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილია მასში ამჟამად არ არის ჩართული. რადგანაც ინიციატივა ჩინეთისთვის ძალიან მომგებიანი და პრიორიტეტულია, სავაჭრო და განსაკუთრებით ინვესტიციების ნაკადის კონცენტრირება ხდება დიდი ევრაზიის ფარგლებში. მართალია, ლათინური ამერიკის რამდენიმე სახელმწიფო ჩართულია ამ ინიციატივაში, ეს მაინც გულისხმობს, რომ გარკვეულწილად გეოეკონომიკური/გეოპოლიტიკური „რეკონფიგურაცია“ უკვე დაწყებულია, რამაც ახლო მომავალში შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბრაზილიის პოზიციაზე მსოფლიოს არსებულ წყობაში და კვლავ გადააქციოს პერიფერიად (Abdenur,2019).
პოლიტიკური ასპექტები
აღსანიშნავია რომ ორმხრივი თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია ჩინეთ-ბრაზილიის მაღალი დონის კოორდინაციისა და თანამშრომლობის კომისია (COSBAN), რომელიც შეიქმნა 2004 წელს, შედგება 13 ქვეკომისიისგან და კოორდინირებულია ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტისა და ჩინეთის ვიცე-პრემიერის მიერ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ აღნიშნული სახელმწიფოების პირველი პირები პერიოდულად აღრმავებენ ურთიერთობებს და „სტრატეგიული პარტნიორობა“ ახალ დონეზე აჰყავთ. მაგალითად, 2010 წელს ხუ ძინთაომ და ლულა და სილვამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს – ”ერთობლივი სამოქმედო გეგმა ბრაზილია-ჩინეთი 2010-2014“, რომელიც 2012 წელს განახლდა, გარდაიქმნა 10 წლიან გეგმად და დაერქვა „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ (Mendes&Cardoso,2015). ეს გეგმა ორიენტირებული იყო ორმხრივი თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავებაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ისეთ მრავალმხრივ საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლი და კლიმატის ცვლილებები, კოორდინაცია გაეროში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და G20-ში, თანამშრომლობის მექანიზმების მხარდაჭერა მსხვილი განვითარებადი ქვეყნებისათვის, განვითარებადი ქვეყნების უფლებების და ინტერესების დაცვა (Christensen,2016).
აღსანიშნავია რომ ჩინეთისა და ბრაზილიის საგარეო პოლიტიკის ანალიზი ასევე გვიჩვენებს მსგავსებებს ამ ორი სახელმწიფოს მისწრაფებებს შორის. ბრაზილიასა და ჩინეთს სურთ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი, ორივე ეთანხმება სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპებს. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის თანამშრომლობის კონცეფცია, რომელიც ემყარება აზრს, რომ განვითარებად ქვეყნებს შეუძლიათ დაეხმარონ და ისწავლონ ერთმანეთისგან და რომ განვითარებულ მსოფლიოს (ჩრდილოეთს) ყოველთვის არ აქვს საუკეთესო გადაწყვეტილებები (Horta,2015).
მიუხედავად ასეთი, ერთი შეხედვით, ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობისა, იყო საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ჩინეთის მხრიდან ბრაზილიის მხარდაჭერის ნაკლებობის შემთხვევებიც. ერთ-ერთი თვალშისაცემი ასეთი ფაქტია ის რომ, 2005 წელს ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა ბრაზილიის მოთხოვნას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში მუდმივი წევრი გამხდარიყო. ჩინეთი ეწინააღმდეგებოდა უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობის ზრდას, რასაც წლების განმავლობაში ბრაზილიის მსგავსად ცდილობდნენ G4-ის დანარჩენი წევრებიც. ჩინეთმა განმარტა, რომ მისი წინააღმდეგობა მიმართული იყო იაპონიასა და ინდოეთის მიმართ, თუმცა ბრაზილიის მიმართ აშკარა მხარდაჭერა არ გამოუხატავს (Haibin,2010).
მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტისა, ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაინც მჭიდროა, განსაკუთრებით კი BRICS-ის პლატფორმის ფარგლებში, თუმცა ის გაცილებით უფრო შეთანხმებულია ეკონომიკურ, ვიდრე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. ამ სფეროში თანამშრომლობის მკაფიო მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ 2011 წელს ლიბიაში ნატო-ს ინტერვენციის საკითხი, სადაც ჩინეთიც და ბრაზილიაც ეწინააღმდეგებოდნენ ძალის გამოყენებას და ცდილობდნენ წინ წაეწიათ მშვიდობიანი მოლაპარაკებების როლი. ამის საპირწონედ შეგვიძლია მოვიყვანოთ ირანის ბირთვული პოლიტიკის საკითხის მაგალითიც, რომელშიც ბრაზილიასა და თურქეთს სურდათ საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაში ჩინეთმა ამჯობინა ”პასუხისმგებლიანი” თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან. გარდა ამისა, ჩინეთი და ბრაზილია გაეროში წაყენებულ ერთმანეთის ინიციატივებს არც თუ ისე ხშირად უჭერენ მხარს (Christensen,2016).
საინტერესოა ჩინეთისა და ბრაზილიის საგარეო პოლიტიკური ინტერესების კვეთა მათ საზღვრებს გარეთ. ერთ-ერთ ასეთ რეგიონს წარმოადგენს აფრიკა, სადაც ჩინეთის გავლენა უკვე საკმაოდ საგრძნობია, თუმცა ბოლო დროს აფრიკაში ბრაზილიის ყოფნაც შესამჩნევი ხდება და სერიოზულადაც „ეჯიბრება“ ყოფილ კოლონიურ სახელმწიფოებს. საყურადღებოა ის, რომ ბრაზილიის გავლენის ზრდა შეინიშნება იმ ყოფილ კოლონიებში, სადაც ჩინეთს აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. მაგალითად, ანგოლა, რომელიც ჩინეთის უმთავრესი ნავთობის მიმწოდებელი და უდიდესი სავაჭრო პარტნიორია აფრიკის კონტინენტზე. მსგავსი ინტერესების კვეთა სამომავლოდ შესაძლოა გარკვეული ბზარი გააჩინოს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, საგულისხმოა, რომ აფრიკაში აქტიური არაერთი ჩინურ-ბრაზილიური ერთობლივი საწარმოოც, განსაკუთრებით კი პორტუგალიის ყოფილ კოლონიებში (Horta,2015).
ამავე დროს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიასა და ჩინეთს თავიანთ გეოგრაფიულ „სამეზობლოში“ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები გააჩნიათ. როდესაც საქმე ეხება ამ ძირითად ეროვნულ ინტერესებს, ჩინეთი და ბრაზილია არ ფორმირებენ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ბრაზილია არ მონაწილეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რაც ჩინეთის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხება ბრაზილიას, მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამხრეთ ატლანტიკის, დასავლეთ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, შესაბამისად, ჩინეთი მათში არ მონაწილეობს. სხვადასხვა მკვლევართა მტკიცებით, ეს განპირობებულია შეერთებულ შტატების და მისი “გავლენის სფეროს” ფაქტორით (Christensen,2016). აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა დიდი ეკონომიკური სარგებლისა, რომელსაც ჩინეთი იღებს ბრაზილიიდან და შესაძლო როლს, რომელიც ბრაზილიას შეიძლება ჰქონდეს ჩინეთის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რეგიონის მთავარ ეკონომიკურ და სამხედრო ძალასთან მჭიდრო კავშირი საშუალებას აძლევს პეკინს დააბალანსოს ამერიკული ძალაუფლება ტრადიციული გავლენის სფეროში . ეს თავის მხრივ ზრდის პეკინის შესაძლებლობას, შეამსუბუქოს აშშ-ს გავლენა საკუთარ პერიფერიაზე, მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა, რასაკვირველია, ჩინეთმა იცის, რომ სტაბილურ ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შემდგომი აღმავლობისთვის. ჩინეთის ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან ბევრად აღემატება ჩინურ-ბრაზილიურ ვაჭრობას და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩინეთის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის (Horta,2015).
თანამშრომლობა და პოპულიზმი
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, აზიური გიგანტი არის ბრაზილიის მთავარი ეროვნული სავაჭრო პარტნიორი 2009 წლის შემდეგ. ბრაზილიური ექსპორტის დაახლოებით 25%-ია წარმოდგენილი ჩინეთის ბაზრებზე, თავად ექსპორტი კი კონცენტრირებულია სოიოზე, რკინის მადანსა და ნავთობზე. ჩინეთმა 70 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო ბრაზილიაში, განსაკუთრებით ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და სამთო მრეწველობაში. მიუხედავად ამისა, ჩინეთ-ბრაზილიის პარტნიორობის ეს ბენეფიტები საკუთარი პოპულისტური რიტორიკისთვის გამოიყენა ჟაირ ბოლსონარომ 2018 წელს და ჩინეთი ძალზე ნეგატიურ კონტექსტში გამოაჩინა მის მიმართ მწვავე კრიტიკის გამოთქმითა და იმის მტკიცებით, რომ ჩინეთი “ყიდულობს ბრაზილიას” და მიზნად ისახავს მისი ძირითადი ბუნებრივი რესურსების კონტროლს. 45 წლის განმავლობაში ბოლსონარო გახდა პირველი ბრაზილიის პრეზიდენტი მსგავსი ანტი-ჩინური სენტიმენტებით.
2018 წლის წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბოლსონარომ ასევე დაარღვია ბრაზილიის დიპლომატიური ტრადიცია თაივანში სტუმრობით, რაც არცერთ ბრაზილიელ ლიდერს არასდროს გაუკეთებია. მოგზაურობა იყო აზიური ტურნეს ნაწილი, რომელიც მოიცავდა იაპონიასა და სამხრეთ კორეას და, სავარაუდოდ, გამოტოვებული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულება. თაიპეიში ბოლსონარომ შეაქო თაივანის საზოგადოება, როგორც საუკეთესო ამერიკული და იაპონური კულტურის სინთეზი. ეს, რასაკვირველია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ცუდ ტონად იყო აღქმული და ბრაზილიაში ჩინელ დიპლომატებში გააჩინა შიში, რომ ეს იყო ”ერთი ჩინეთის პოლიტიკის”, რომელსაც ბრაზილიის ყველა ადმინისტრაცია მისდევს 1974 წლიდან, დასრულების ნიშანი. მათ, რა თქმა უნდა, რეაგირება მოახდინეს და ბრაზილიის კონგრესის ყველა წევრს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო ამ საკითხის სასიცოცხლო მნიშვნელობა პეკინისთვის (Santoro,2019).
ზოგადად, წინააღმდეგობები და ყოყმანი ბოლსონაროს ადმინისტრაციაში უფრო ფართო სცენარის ნაწილია. პრეზიდენტი იყო კონგრესის ე.წ. „backbencher” წევრი, ძლიერი პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის გარეშე, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა რამდენიმე სკანდალისა და კრიზისის ფონზე, რომელმაც ტრადიციული ეროვნული ხელმძღვანელობა შეარყია. მთავრობა გამოირჩევა ფრაქციათა დაპირისპირებებით, რომლებიც ქმნიან მის პოლიტიკურ ბაზას, მაგალითად, როგორიცაა სამხედრო ოფიცრები, ბაზრის მომხრე ტექნოკრატები და სექტორები, რომლებიც ეძებენ კავშირებს ამერიკულ და ევროპულ პოპულისტ ლიდერებთან (Santoro,2019).
ბოლსონაროს ადმინისტრაციამ საგარეო პოლიტიკაში ბრაზილიის ტრადიციული ავტონომიის პოლიტიკა მიატოვა და მიიღო უაღრესად პრო-აშშ მიდგომა, რაც ფაქტობრივად გულისხმობს ტრამპის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის იმიტაციას. რასაკვირველია, ეს აისახა ბრაზილიის რიტორიკაში ჩინეთის მიმართ. 2020 წელს ხაზგასასმელია ორი მთავარი საკითხი, რომელზედაც ბოლსონაროს პოპულისტური ნარატივი განსაკუთრებული სიმძაფრით გამოირჩევა. ეს არის კორონავირუსული პანდემია, რომელსაც პრეზიდენტის შვილი „ჩინურ ვირუსად“ მოიხსენიებს, ჩინური ვაქცინების სანდოობის ფაქტორი და Huawei-ის 5G სისტემის იმპლემენტაციის საკმაოდ წინააღმდეგობრივი საკითხი „ჩინური შპიონაჟის“ ეჭვების გამო, რაც აღსანიშნავია, რომ ტრამპის პოპულისტურ „დღის წესრიგი“ სრულად ეხმიანება. რასაკვირველია, ეს უპასუხოდ არ დარჩენილა და ბრაზილიაში მოღვაწე ჩინელმა დიპლომატებმა მკაცრად დაგმეს მსგავსი რიტორიკა. ასევე საინტერესოა ეპიზოდი, როდესაც ჩინეთის ელჩმა გადაწყვიტა შეხვედრილიყო ჯანდაცვის მინისტრს პანდემიის განსახილველად იმ მომენტში, როდესაც მინისტრი საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს მცირე დიპლომატიური ხრიკი გულისხმობდა, რომ პეკინი მკაფიო და შეუცვლელ პოზიციას იკავებს ბოლსონაროს მიერ „ვირუსის უარყოფის“ წინააღმდეგ. მსგავსი პასუხებით ჩინეთი ბრაზილიელ პოლიტიკოსებს აფრთხილებს, რომ ჩინეთზე შეტევა ორმხრივი ურთიერთობების დაძაბვას ემუქრება. თუმცა, თითოეულ პროვოკაციაზე რეაგირების შედეგად, ჩინეთი შესაძლოა მოხვდეს ხაფანგში, ხოლო ბრაზილიაში ნებისმიერი პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელსაც ხილვადობა სჭირდება უარყოფითი შედეგების მიუხედავად გამოიყენებს ჩინეთის „დემონიზებას“ საკუთარი პოპულარობისთვის (Stuenkel,2020).
მიუხედავად ამ ყოველივესა, ჩინეთი მაინც განაგრძობს მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას ბრაზილიასთან. აღსანიშნავია, რომ რიტორიკის მიუხედავად, ბოლსონაროს დიდად არ შეუცვლია ურთიერთობა ჩინეთთან, პირიქით, არაერთხელ გამოიკვეთა ამ პარტნიორობის აუცილებლობა ბრაზილიისთვის. მაგალითად, 2019 წელს შიშით რომ მნიშვნელოვანი ბრაზილიის ნავთობის აუქციონი ვერ მოზიდავადა პრეტენდენტებს, ბოლსონარომ პირადად სთხოვა ჩინეთს დახმარება, რაზედაც თანხმობა მიიღო (Stuenkel,2020). ჩინეთის გაფართოებული როლი და ეკონომიკური მნიშვნელობა ბრაზილიაში. როგორც ჩანს ბოლსონაროს სკეპტიციზმის მიუხედავად, საკმაოდ იზრდება: ჩინური სუბიექტები ყიდულობენ ბრაზილიის სოფლის მეურნეობის, სამთო და ნავთობპროდუქტებს; გასცემენ ინვესტიციებსა და სესხებს; იძენენ „შეჭირვებულ“ აქტივებს ქვეყნის მასშტაბით სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში. ამას დამატებით, უფრო მეტად იკვეთება ბრაზილიაში ჩინური ინვესტიციების ჩადების საჭიროება ტრანსპორტის, ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის პროექტებში, რაც სახელმწიფოში გაზრდის დასაქმების დონესაც (Ellis,2015).
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელიც ხსნის, თუ საბოლოო ჯამში მკვეთრად რატომ არ აისახა ბოლსონაროს რიტორიკა ბრაზილიის საგარეო პოლიტიკაში და დიდწილად აღმოჩნდა ფუჭი სიტყვები. პირველ რიგში, ჩინეთ-ბრაზილიის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობა სასარგებლოა, მასში ბზარის გაჩენა კი ზიანს მიაყენებს ბრაზილიელ ფერმერებს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ბაზარი მათთვის მნიშვნელოვან ალტერნატივას ვერ წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის ნარატივი არ აღმოჩნდა ამომრჩეველთათვის რეზონანტული. ასევე ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სი ძინპინისა და ჩინეთის სხვა მაღალი რანგის მოხელეების სიმშვიდე ბოლსონაროს რიტორიკასთან დაკავშირებით, რაც ბრაზილიის პრეზიდენტის მომხრეების მობილიზებას გარკვეულწილად აფერხებდა და ურთულებდა „ტალახის სროლას“ ჩინეთის მიმართულებით.
უშუალოდ ჩინეთის კუთხიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, გასათვალისწინებელია ჩინური პრაგმატიზმი, რომელიც უფრო მეტად შორს მიმავალ გეგმებზე კონცენტრირდება და არ აძლევს ისეთ ინდივიდუალურ აქტორებს, როგორიცაა ბოლსონარო, საკუთარი გეგმების ცვლილების საშუალებას. ჩინელი პოლიტიკოსებისთვის ბოლსონარო არ წამოადგენს რაიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, თანაც მისი პრეზიდენტობა საკმაოდ მყიფეა. გარდა ამისა, ჩინეთმა იცის რომ ბრაზილია მასზე ძალიან დამოკიდებულია, სხვა ალტერნატივების მოძიება კი არც თუ ისე მომგებიანია მისთვის. დამოკიდებულება გარკვეულწილად ორმხრივ ხასიათსაც ატარებს, რადგანაც ჩინეთს ესაჭიროება ბრაზილიის მდიდარი ბუნებრივი რესურსები. საგულისხმოა, რომ აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების გაუარესების გამო, ბრაზილია წარმოადგენს პეკინისთვის აშშ-ს მომწოდებლების ბუნებრივ ალტერნატივას სურსათისა და სხვა საქონლის იმპორტის უზრუნველსაყოფად.
აქვე საყურადღებოა, რომ მეტი კეთილგანწყობის გასაღვივებლად, ჩინეთი მიმართავს სხვადასხვა დიპლომატიურ ხრიკებს და როდესაც საჭიროა, საერთაშორისო ასპარეზზე აქებს ბრაზილიის ამა თუ იმ მიღწევას ან ეხმარება „ექსტრემალურ“ სიტუაციებში, როგორიც იყო მაგალითად ზემოხსენებული 2019 წლის ბრაზილიის ნავთობის აუქციონი. ამით ის ხაზს უსვამს, რომ ნამდვილი მეგობარია და შეუძლია პარტნიორს სათანადო დახმარება გაუწიოს ასეთის საჭიროების შემთხვევაში და ამავდროულად, ამგვარი ქმედებებით ცდილობს სხვა საერთაშორისო აქტორების, კერძოდ აშშ-ს, გავლენების შეწინააღმდეგებას/შემცირებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ბაიდენის პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას, ბრაზილიის პრეზიდენტი აღმოჩნდება დასავლეთში იზოლირებული და ბუნებრივია, უფრო მეტად დაეყრდნობა ჩინეთსა და BRICS–ს. (Stuenkel,2019).
დასკვნა
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ დროთა განმავლობაში ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთსა და ბრაზილიას შორის სულ უფრო ყოვლისმომცველი და ღრმა გახდა, მიუხედავად იმისა რომ, ორ ქვეყანას შორის არსებობს გარკვეულწილად ასიმეტრიული სავაჭრო ურთიერთობები და თანაც, ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებისა და გლობალური ეკონომიკური მმართველობის ყველა ასპექტში არ ეთანხმება, მიუხედავად არაერთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ორგანიზაციაში, პლატფორმასა და ფორუმში ერთობლივად მონაწილეობისა.
აგრეთვე საგულისხმოა, თუ როგორი მსგავსი პოზიციებიდან დაიწყეს ჩინეთმა და ბრაზილიამ „რბოლა“ საერთაშორისო ასპარეზზე და როგორ შეიცვალა მათი რინგი. მართალია, ორივე სახელმწიფო განვითარებადი ქვეყნების კატეგორიას განეკუთვნება და მათი პარტნიორობაც ოფიციალურად თანაბარია, არსებული რეალობა გვიჩვენებს, რომ ეს თანამშრომლობა და დამოკიდებულების დონე გადასულია გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთის მოდელზე, რასაკვირველია, ჩინეთის უპირატესობით. შესაბამისად, ჩინეთს გააჩნია არაერთი ბერკეტი ბრაზილიაზე ზეგავლენის მოხდენასა და ამ გავლენის გაფართოება-შენარჩუნებისთვის.
მეტნაკლებად სტაბილური ორმხრივი ურთიერთობის ერთგვარი დიპლომატიური ტესტი ჩინეთისთვის აღმოჩნდა ბრაზილიაში არსებული ბოლსონაროს ადმინისტრაცია და მისი „ხმამაღალი“ პოპულისტური პოლიტიკური სტილი. თუმცა, ვთვლი რომ ჩინეთი ამ „გამოცდას“ ძალიან კარგად უმკლავდება ზედმეტი არასაჭირო რადიკალიზაციის გარეშე, ირიბად თუ პირდაპირად ახერხებს სიტუაციის კონტროლს და/ან „ქარიშხლის დაშოშმინებას“ და ისევ გამარჯვებულის პოზიციაში გვესახება. შესაბამისად, ჩემი გადმოსახედიდან, ჩინური პრაგმატიზმი კვლავ ეფექტური აღმოჩნდება და ორივე ქვეყანა ჩვეულებრივ გააგრძელებს ორმხრივ თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავებას.
ავტორი: ნინო ხიონიდი
ბიბლიოგრაფია:
- Abdenur, A. E. (2019). Navigating the Ripple Effects: Brazil-China Relations in Light of the Belt and Road Initiative (BRI). Vestnik of Saint Petersburg University. International Relations, 2019, vol. 12, issue 2, pp. 153–168.
- Christensen, S. F. (2016). How Prioritized Is the Strategic Partnership between Brazil and China?. In Emerging Powers, Emerging Markets, Emerging Societies (pp. 87-109). Palgrave Macmillan, London.
- Ellis, E. (2020). The future of Brazil-China relations in the context of COVID-19. Global Americans. ინტერნეტი: https://theglobalamericans.org/2020/09/the-future-of-brazil-china-relations-in-the-context-of-covid-19/ ბოლო ნახვა: 29.12.2020
- Gouvea, R., & Montoya, M. (2013). Brazil & China: partners or competitors? Designing strategic alliances in the age of uncertainty. 라틴아메리카연구, 26(1), 1-23.
- Haibin, N. (2010). Emerging global partnership: Brazil and China. Revista Brasileira de Política Internacional, 53(SPE), 183-192.
- Horta, L. (2015). Brazil-China Relations. (RSIS Working Paper, No. 287). Singapore: Nanyang Technological University.
- Mendes, C. A., & Cardoso, D. (2015). Diversifying channels in China-Brazil relations: The multilateralization of the bilateral relationship. Chinese-Lusophone Relations: China and Brazil, 13-33.
- Santoro, M. (2019). Latin America and China: Reflections on the 70th Anniversary of the PRC. E-International Relations. ინტერნეტი: https://www.e-ir.info/2019/10/09/latin-america-and-china-reflections-on-the-70th-anniversary-of-the-prc/ ბოლო ნახვა: 29.12.2020
- Stuenkel, O. (2019). In Spite of Bolsonaro, China Quietly Deepens its Influence in Brazil. Americas Quarterly. ინტერნეტი: https://www.americasquarterly.org/article/in-spite-of-bolsonaro-china-quietly-deepens-its-influence-in-brazil/ ბოლო ნახვა: 29.12.2020
- Stuenkel, O. (2020). China’s Diplomats Are Going on the Offensive in Brazil. Foreign Policy. ინტერნეტი: https://foreignpolicy.com/2020/05/15/chinas-diplomats-are-going-on-the-offensive-in-brazil/ ბოლო ნახვა: 29.12.2020
- Trinkunas, H. (2020). Testing the limits of China and Brazil’s partnership. Brookings. ინტერნეტი: https://www.brookings.edu/articles/testing-the-limits-of-china-and-brazils-partnership/ ბოლო ნახვა: 29.12.2020
Discussion about this post