1949 წლის პირველ ოქტომბერს ოფიციალურად შეიქმნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ქვეყნის მმართველი გახდა ჩინეთის კომუნისტური პარტია, პეკინი კი სახელმწიფოს დედაქალაქი. მეორე დღეს ეს სახელმწიფო აღიარა საბჭოთა კავშირმა, მალევე მოიპოვა აღიარება სხვა კომუნისტური ქვეყნებისგან და ინდოეთის, მიანმარის, პაკისტანის, ცეილონის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან. აშშ-მ კი 1979 წლის პირველ იანვარსღა აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა.მიუხედავად საერთო მარქსისტული საფუძვლისა, რევოლუციურმა გამოცდილებამ დიდი განსხვავება წარმოქმნა ჩინურ და საბჭოურ კომუნიზმს შორის და წარმოქმნა ჩინური კომუნიზმისთვის დამახასიათებელი ბევრი დეტალი, რაც ნელ-ნელა უთანხმოებასა და დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმატებამ, დაარწმუნა მაო ძედუნი გამოეცხადებინა, რომ ის მისცემდა რევოლუციურ მოდელს მთელ აზიას და რომ საბჭოთა კავშირის რევოლუციური მოდელი არ იყო უნივერსალური, როგორც მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. მაოს ამ თეორიამ კი დიდი გავლენა იქონია ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობებზე.
მაოსა და სტალინის დაპირისპირების ისტორია
სტალინისთვის მაო წეტონგი (მაო ძედუნი) და მისი იდეები თავიდანვე მიუღებელი იყო, ამიტომ იმდოვნებდა ჩინური კომუნისტური პარტიის ლიდერად სხვის გამოჩენას. 1936 წელს მაო მაინც გახდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი, თუმცა სტალინი მისი წარმატების აღიარებას არ ჩქარობდა. სტალინი არჩევდა სხვადასხვა პერსონებს ჩინეთში ლიდერობისთვის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ქვეყნის ძირითადი ძალები ძიანგ ძიეშის (ჩან კაიში) ხელში იყო, სტალინი საჯაროდაც აჟღერებდა, რომ არ იმედოვნებდა მაოს ჩინეთის ლიდერად დარჩენას.
ამ დაძაბულობის ფონზე, მაო წეტონგმა (მაო ძედუნმა) 1947-1948 წლებში გამოთქვა სტალინთან პირადად შეხვედრის სურვილი. თუმცა სტალინმა უარი განაცხადა.
მეორე მხრივ, არც მაოს მოსწონდა სტალინი, რომელიც ცდილობდა ჩინეთში საბჭოთა სამხედრო უპირატესობის მოპოვებას, მაოს განწყობას 1936 წლის მის სიტყვით გამოსვლაშიც ვხედავთ: „ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩინეთი, მაგრამ არა იმისთვის რომ მოსკოვს გადავსცეთ“. [1]
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მაო და ჭოუ ენლაი[2] ცდილობდნენ აერიდებინათ საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობა და აშშ-ს დაახლოვებოდნენ, იმედი ჰქონდათ რუზველტი კომუნისტებში დაინახავდა ჩინეთის მომავალს და არა ნაციონალებში. 1945 წლის 13 მარტს მან განაცხადა: „ომის შემდეგ ჩინეთს ყვლაზე მეტად სჭირდება ეკონომიკური განვითრება, ამიტომ აშშ-სთან თანამშრომლობა დაეხმარება ჩინეთს, ის არის ყველაზე შესაფერისი სახელმწიფო ჩინეთის ეკონომიკური განვითარებისთვის…“ [3]
თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში საბჭოელები შევიდნენ, რომლებმაც დიდი რაოდენობით იაპონური იარაღი მისცეს კომუნისტებს, პარალელურად სტალინი მოუწოდებდა მაოს ძიანგთან თანამშრომლობას. რისი გამოძახილიც იყო 1962 წლის 28 სექტემბერის მაოს განცხადება პარტიის ცენტრალურ სხდომაზე: „ჩინურ-საბჭოური უთანხმოება ადრიდან მოდის, მაშინ როცა სტალინი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ წამოწყებულ რევოლუციას და ძიანგ ძიეშისთან (ჩან კაიში) თანამშრომლობისკენ მოგვიწოდებდა, ჩვენ მას არ მოვუსმინეთ და ბრძოლაც მოვიგეთ.“ [1]
გარდა ამისა, სტალინი ისევ ცდილობდა სინძიანის პროვინციის ჩინეთისგან დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ადრე მონღოლეთში გააკეთა. მას უნდოდა მისი როგორც ავტონომიური რესპუბლიკის გამოცხადება და საბჭოთა კავშირისთვის შეერთება. [2]
მიუხედავად ამ ყველაფრისა, 1949 წლის დასაწყისში მაოსა და სტალინის ურთიერთობა გაუმბჯობესდა.
1949 წლის 1 ოქტომბერს, მაო წეტონგმა (მაო ძედუნმა) გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება. რამდენიმე დღეში კი ჭოუ ენლაიმ მიიღო ტელეგრამა მოსკოვიდან, რომელშიც საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ულოცავდა მათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებას, პირდებოდა მხარდაჭერასა და ელჩის გაგზავნას. აშშ-მ კი არათუ მხარი არ დაუჭირა _ არც კი აღიარა. ომით განადგურებულ ქვეყანას კი ფეხზე დასადგომად და საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. სწორედ ამ მიზნით, მაო წეტონგმა გამოაცხადა „ერთი მხრის“ პოლიტიკა,რაც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და მასთან მეგობრობას გულისხმობდა. ამ ფაქტიდან მალევე მაომ დაიწყო მზადება მოსკოვში გასამგზავრებლად.
მაო მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე სულ ორჯერ დატოვა ჩინეთი, ორჯერვე საბჭოთა კავშირში ვიზიტის გამო. მისი პირველი მოგზაურობა 1949 წლის 6 დეკემბერს დაიწყო და 1950 წლის 4 მარტს დასრულდა.
მაოს ჩასვლა მოსკოვში და „ჩინეთ-საბჭოთა მეგობრობის, კოალიციისა და ურთიერთ დახმარების ხელშეკრულების“ გაფორმება
1949 წლის 16 დეკემბერს მაო გაემგზავრა მოსკოვში, სტალინის 70-ე დაბადების დღის ცერემონიალზე მონაწილეობის მისაღებად, მისალოცად, დახმარებისა და თანამშრომლობის მოსაპოვებლად. სტალინისა და მაოს პირველი შეხვედრა მაოს მოსკოვში ჩასვლისთანავე შედგა, თუმცა ამ დღეს მათ შორის არ გამართულა მოლაპარაკებები. 24 დეკემბერს გაიმართა მაოსა და სტალინის მეორე შეხვედრა, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა.
1950 წლის ახალი წლის დღეს სტალინი საბოლოოდ დათანხმდა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას.
22 იანვარს კი გაიმართა მოლაპარაკებები სტალინს, მაო წეტონგსა და ჭოუ ენლაის შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამ დღეს ჩინურმა მხარემ დაიწუნა საბჭოთა მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების სახელწოდება, რომელიც ზუსტად ისეთი იყო როგორიც 1945 წელს ჩინეთის რესპუბლიკასთან დადებული „ჩინეთ-საბჭოთა მეგობრობისა და კოალიციის ხელშეკრულება“. ჭოუ ენლაიმ გამოთქვა მოსაზრება ჩაემატებინათ „ურთიერთ დახმარება“ სახელწოდებაში, რადგან ფიქრობდა ჩინეთი არ ან ვერ მიიღებდა ყველანაირ დახმარებას ცალმხრივად და ამის საფასური რაღაცით მაინც უნდა გაეცა. მეორე მხრივ, მაო წეტონგს ძალიან უნდოდა ამ ახალ ხელშეკრულებაში შესულიყო პუნქტი იაპონიასთან დაკავშირებით, სტალინს კი უნდოდა ამ დოკუმენტით მხოლოდ საბჭოთა კავშირს ჰქონოდა ჩინეთის დახმარების უფლება, შესაბამისად ორივე მხარეს მოუწია დათმობაზე წასვლა და ამ ორი პუნქტის დაშვება შესაძლებელი აღმოჩნდა.
1950 წლის 14 თებერვალს გაიმართა „ჩინეთ-საბჭოთა კავშირის მეგობრობის, კოალიციისა და ურთიერთ დახმარების ხელშეკრულებაზე“ ხელის მოწერის ცერემონიალი, რომელსაც ჩინეთის მხრიდან ხელი მოაწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა _ ჭოუ ენლაიმ, ხოლო საბჭოთა მხრიდან საბჭოთა კავშრის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამ დღეს ხელი მოეწერა აღნიშნული ხელშეკრულების ვერსიებს ორივე _ ჩინურ და რუსულ ენაზე. მათ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებებს „ჩინეთის ჩანგ ჩუნის რკინიგზის, ლუშუნსა და ტალიანს შესახებ“ და „საბჭოთა კავშირის მიერ ჩინეთზე კრედიტის გაცემის შესახებ“ და სხვა დოკუმენტებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ხელშეკრულება ჩინეთის მხარისთვის არც ისე სამართლიანი იყო, რადგან ის მოითხოვდა ჩინეთისგან იმაზე ეტის გაცემას, ვიდრე მას შეეძლო მიეღო. ამ ხელშეკრულების თანახმად, მაომ მიიღო საბჭოთა კავშირთან კოალიცია და 300 მლნ. რაოდენობის კრედიტი 5 წლის ვადით, სანაცვლოდ კი აღიარა მონღოლეთის დამოუკიდებლობა, დათანხმდა საბჭოთა კავშირთან ერთად სინძიანის მინერალურ რესურსებზე მუშაობას, ჩანგ ჩუნის რკინიგზის გაერთიანებულ ხელმძღვანელობას 3 წლის ვადით და პორტების ტალიანისა და ლუშუნის საერთო გამოყენებას.
„ჩინეთ-საბჭოთა მეგობრობის, კოალიციისა და ურთიერთ დახმარების ხელშეკრულების“ 30 წელი
„ჩინეთ-საბჭოთა მეგობრობის, კოალიციისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერიდან გარკვეული პერიოდი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა შეიძლება ითქვას, მშვენიერი იყო. განსაკუთრებით კი 1953 წლიდან 1957 წლამდე, ამ პერიოდში ჩინეთმა საბჭოთა კაშირის დახმარებით მოაგვარა უამრავი საშინაო თუ საგარეო პრობლემა.
საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოთა კავშირი ჩინეთს დაეხმარა გაეროში მისი ლეგალური ადგილი აღედგინა 1971 წელს, მანამდე კი აშშ-ს წინააღმდეგ თაივანთან დაკავშირებულ დაპირისპირებაში. 1950 წლის 25 ივნისს აშშ-მ კოერეასთან ბრძოლის პარალელურად თაივანის ყურეში ჩააყენა თავისი არმია. ორი დღის შემდეგ კი გამოაცხადა, რომ არ მისცემდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას იქ შესვლის უფლებას. რაზეც 28 ივნისს, ჭოუ ენლაიმ განაცხადა, რომ თაივანი ისტორიულად ჩინეთია და ეკუთვნის ჩინეთს, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერასდროს შეცვლის. 24 აგვისტოს კი მოითხოვა გაეროს თავდაცვის კონფერენციის გამართვა.
1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-სა და თაივანის ადგილობრივ ხელისუფლებას (ძიანგ ძიეში და სხვა ნაციონალები) შორის გაფორმდა „საერთო თავდაცვის შეთანხმება“, რომელიც მიმართული იყო თაივანის დაკავებაზე და ჩინეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე. 8 დეკემბერს ჭოუ ენლაიმ განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას ჩინეთი ლეგალურად არ ცნობდა. [1]
1955 წლის 31 იანვარს, საბჭოთა კავშირმა გაეროში წარადგინა „ამერიკის შეერთებული შტატების ჩინეთის, თაივანისა და სხვა კუნძლების, მიმართ აგრესიის შეჩერების შეთავაზება“, რათა გაეროს მოეთხოვა აშშ-ს არმიას დაეტოვებინა თაივანი და სხვა ყველა სხვა ჩინეთის ტერიტორია.
კორეის ომის დასრულების შემდეგ, ჩინეთმა და საბჭოთა კავშრმა გამოაქვეყნეს „საერთო განცხადება იაპონიასთან დაკავშრებით“, სადაც აღნიშნული იყო: თუ იაპონია გადაწყვეტს დაამყაროს ჩინეთთან და საბჭოთა კავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი ორივე ქვეყანა დაუჭერს ამაში მხარს, ასევე იძლეოდნენ გარანტიას რომ მხარს დაუჭერდნენ იაპონიის მშვიდობიან და დამოუკიდებელ განვითარებას.
რაც შეეხება, ჩინეთის საშინაო საქმეებს, 1950 წლის თებერვალში ორივე მხარე შეთანხმდა, რომ 1952 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი მთლიანად და უსასყიდლოდ გადასცემდა ჩინეთის მთავრობას ჩანგ ჩუნის რკინიგზას, მანამდე კი ერთიანად წარმართავდნენ მას.
რკინიგზის გარდა საერთო მმართველობაში იყო ჩინეთის ნავთობის, ფერადი ლითონების, სამოქალაქო ავიაციისა და გემთმშენებლობის კომპანია. 1951 წლის 28 ივლისს ჩინეთმა და საბჭოთა კავშირმა ქ. პეკინში მოაწერეს ხელი ჩინეთ-საბჭოთა გემთმშენებლობის კომპანიის დაარსების შესახებ და ეს კომპანია 25 წლის ვადით არსებობდა ორივე ქვეყნის საერთო მმართველობაში.[2]
1954 წლის 12 ოქტომბერს, ჩინეთმა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა კავშირი პირობას დებდა, რომ 1955 წლის 1 იანვრამდე ჩინეთს მიჰყიდიდა ზემოთ ხსენებული ოთხივე კომპანიის აქციებს. აქციების ფასს 4 მლნ აშშ დოლარს კი ჩინეთი 10 წლის მანძლზე ნელ-ნელა გადაიხდიდა.
1955 წლის 8 მაისს კი საბჭოთა არმიამ დატოვა ლუშუნის პორტი, 24 მაისს გაიმართა ტალიანის რეგიონის ჩინეთისთვის დაბრუნების ხელმოწერის ცერემონიალი და 26 მაისს საბჭოთა არმიამ საბოლოოდ დატოვა ტალიანი.
რაც შეეხება სხვა დახმარებებს, 1950 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირმა ჩინეთს მისცა 3 მლნ აშშ დოლარის კრედიტი, რომლის ნახევარითაც ჩინეთს უნდა შეესრულებინა 50 საინჟინრო პროექტი ინდუსტრიული განვითარებისთვის, მეორე ნახევრით კი უნდა ეზრუნა საზღვაო სამხედრო აღჭურვილობაზე.
საბჭოთა კავშირი პერიოდულად აგზავნიდა სხვადასხვა პროფესიის ხალხს ჩინეთში ამა თუ იმ საქმეში გამოცდილების გასაზიარებლად, ასევე იღებდა სხვადსხვა პროფესიის ჩინელ სტუდენტებს. საბჭოთა კავშრმა „1950-1960 წლებში, მიიღო დაახლოებით 10 000 ჩინელი ინჟინერი და ტექნიკოსი და 1 000 მეცნიერი პრაქტიკებსა და გადამზადებაზე. ამ პერიოდში 11 000 ჩინელმა სტუდენტმა მიიღო საბჭოთა კავშირის ბაკალავრისა თუ მაგისტრის ხარისხი“. [3]
„საბჭოთა კავშრის დახმარებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ შექმნა სრული საწარმო სექტორი ჩინეთში: საჰაერო, საავტომობილო და სატრაქტორო, მძიმე და მსუბუქი მანქანათმშენებლობის, რადიოინჟინერიის, ელექტრო და სხვა ქარხნა-საწარმოები.“ [4]
1954 წლის 12 ოქტომბერს ჩინეთ-საბჭოთა კავშირმა კვლავ მოაწერა ხელი დამატებით 150 საწარმოსა და ქარხნის მშენებლობის თუ ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შეთანხმებას.
ეს 150 სამშენებლო პროექტი მოიცავდა 44 საბრძოლო ქარხანა-დაწესებულებას, 20 მეტალურგიულ და 7 ქიმიურ საწარმოს; 24 მანქანათ მშენებლობისა და გადამამუშავებელ ქარხანას; 52 ელექტრო ენერგიის ქარხანას, 3 მსუბუქ და სამედიცინო ქარხანას.
ამ ყველაფრის ნაცვლად, 50-იან წლებში ჩინეთიდან საბჭოთა კავშირის მიმართულებით გადიოდა დიდი რაოდენობის სასოფლო სამეურნეო და მინერალური პროდუქტი. 1962 წლამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საბჭოთა კავშირს მისცა 2.2 მილიარდი რუბლის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო და 1.4 ბილიონი რუბლის ღირებულების მინერალური და მეტალის პროდუქტი. [5]
გარდა ამისა, ჩინეთი საბჭოთა კავშირს პერიოდულად უგზავნიდა ასეულობით ტექნიკურ მატერიალსა და აბრეშუმის ნაწარმს.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მათმა მეგობრობამ დიდ ხანს ვერ გასტანა, 1958 წელი კი იყო მათი ურთიერთობის არევის საწყისი წერტილი.
ურთიერთობის გაუარესების დასაწყისი
მაო ძედუნი და ჭოუ ენლაიც დიდ პატივს სცემდნენ სტალინს, მიუხედავად ბევრი უთანხმოებისა, ისინი მას მაინც სოციალიზმის მამად მიიჩნევდნენ და მის ბევრ დამსახურებასაც აღიარებდნენ. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მაო ფიქრობდა რომ თავად იყო მარქსიზმ-ლენინზმის იდეის გამგრძელებელი და რომ ჩინეთი იყო მისაბაძი მაგალითი სხვა აზიური ქვეყნებისა, რასაც ხრუშოვი თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა.
1958 წლის 18 აპრილს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ფენგ დეხუაის უთხრა, რომ მათ სურდათ გრძელ ტალღიანი უსადენო რადიო სადგურის აშენება ჩინეთის წყლებში, რომლის ბიუჯეტი 11 მლნ რუბლს შეადგენდა, საბჭოთა მხარე დააფინანსებდა 7 000 რუბლს, დანარჩენ 4 000 კი ჩინეთი გადაიხდიდა და ერთიანად გამოიყენებდნენ მას. მან ასევე მოითხოვა ჩინეთის სანაპიროზე საბჭოთა საბრძოლო გემებისთვის გასამართი და შესაკეთებელი სადგურის აშენების ნებართვა. განრისხებულმა მაო წეტონგმა კი უარი განაცხადა: „ბოლოჯერ ვამბობ, არ შეიძლება და აღარც მსურს მეორედ მსგავსი საკითხის მოსმენა.“ თუმცა ხრუშოვი არ ნებდებოდა, რაზეც მაომ განაცხადა: „არა!…ჩვენ არ გვსურს დაგრთოთ აქ ყოფნის ნება. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია განვდევნეთ ბრიტანელები და სხვა უცხოელები ჩვენი ქვეყნის მიწიდან, აწი არც ერთ ეროვნებას არ მივცემთ უფლებას საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოიყენონ ჩვენი მიწა.“ [1]
1959 წელს მან საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყოფი ჩინეთის თავდაცვის მინისტრის ფენგ დე ხუაის(彭德怀) მაოს წინააღმდეგ ამხედრება სცადა, მისი სამშობლოში დაბრუნებიდან ერთ კვირაში ცალმხრივად გააუქმა 1957 წლის ოქტომბრის თავდაცვის ახალ ტექნიკასთან დაკავშირებული შეთანხმება. ამ ხელშეკრულების თანახმად მოსკოვს უნდა გადაეცა პეკინისთვის ატომური ბომბის ნიმუში, შესწავლილი მასალა და ტექნიკოსები მის შესამუშავებლად. შემდეგ ჩინეთიდან გაიწვია საბჭოელი პროფესიონალები. პასუხად მაო წეტონგმა განაცხადა, რომ ეჭვი ეპარებოდა ხრუშოვის საერთაშორისო კომუნიზმის ლიდერობის შესაძლებლობებში. [2]
მაო ხშირად ახსენებდა ფაქტს, რომ ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის გაერთიანებული ძალები უფრო დიდი და ძლიერია ვიდრე დასასვლური კაპიტალიზმი. პეკინი აცხადებდა, რომ მას ომი არ აშინებს, თუმცა ატომურ ბობს შეუძლია გაანადგუროს 300 მილიონი ჩინელი, მაგრამ დასავლური განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების ბედი უარესი იქნებოდა. ჭოუ ენლაიმ განაცხადა, რომ თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა, ომის შემდეგ დარჩებოდა „ 20 მილიონი ამერიკელი, 5 მილიონი ბრიტანელი, 50 მილიონი რუსი და 300 მილიონი ჩინელი.“[3]
მაგრამ ხრუშოვმა ჩინელების იდეას ხაზი გადაუსვა და თქვა რომ მესამე მსოფლიო ომისთვის თავი უნდა აერიდებინათ. პირიქით ახლა დრო იყო სოციალისტებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოეპოვებინათ გამარჯვება. ამის გამო მკაცრად აკრიტიკებდნენ ჩინელები ხრუშოვს და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობას გაანადგურებდა. რის გამოც ხრუშოვმა მაო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრსა და რეალობისგან მოწყვეტილობაში დაადანაშაულა. საბოლოდ, ამ პრობლემის გადასაჭრელად 1960 წლის ნოემბერში მოსკოვში გაიმართა 81 კომუნისტური პარტიის სხდომა, რომელზეც საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა, რომ მხარს უჭერდა მშვიდობას, უკმაყოფილო ჩინეთმა გუნდის არ დაშლის მიზნით ხელი მოაწერა ამ განცხადებას.
1962 წელს კუბის სარაკეტო კრიზისის დროს მოსკოვი ცალმხრივად მოქმედებდა, მოსკოვმა ჩინეთთან მოლაპარაკების გარეშე მიიღო რაკეტის გამოცდის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება; ასევე 1962 წელს ჩინეთ-ინდოეთის საზღვრის ბრძოლის დროს უარი თქვა ჩინეთის მხარდაჭერაზე. 1964 წელს კიდევ უფრო გაუარესდა მათი ურთიერთობა, ხრუშოვმა გადაწყვიტა გაენადგურებინა ატომური ბომბების ბაზები ჩინეთის ტერიტორიაზე, რის პასუხადაც მაომ მონღოლოთში შეჭრა და ძალით მისი დაბრუნება გადაწყვიტა, რათა ეჩვენებინა მოსკოვისთვის, რომ მას თავისი მოკავშირე ქვეყნების დაცვაც კი არ შეუძლია. თუმცა 1964 წლის 15 ოქტომბერს ბრეჟნევსა და კოსიგინს გამოუვიდათ ხრუშოვი მოეხსნათ კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობიდან და ამით ომს თავი აარიდეს.[4] მეორე დღეს კი სინძიანში ჩინელებმა თავისი ძალებით შექმნილი რაკეტა პირველად გაუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ 1964 წელს ომის დაწყება თავიდან აირიდა ჩინეთმა და საბჭოეთმა, მათი ურთიერთობა მაინც არ გაუმბჯობესებულა.
ბრძოლა ტერიტორიისთვის
4 150 მილიანი ჩინეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი, რუსეთის იმპერიის და შემდეგ სტალინის მიერ მიყენებული უდიდესი ტერიტორიული ზარალი ამ მომენტისთვის საერთაშორისო პირველობით იყო გადაფარული. თუმცა მაო წეტონგს გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლომდე დაებრუნებინა მათ მიერ წართმეული ყველა მილი სამშობლოსთვის.
რუსეთის მიერ ჩინეთის ტერიტორიების მითვისებას დიდი ისტორია აქვს, რომელიც ჯერ კიდევ 1689 წლის „ნერჩინსკის ტრაქტატით“(《尼布楚条约》) იწყება, მას ემატება 1727 წლის „კიახთუს ტრაქტატი“(《恰克图条约》), მიუხედავდა იმისა, რომ ეს ორივე ითვლებოდა სამართლიან ხელშეკრულებად, ჩინეთმა თითოელის წყალობით 93 000-93 000 კვადრატული მილი დაკარგა. შემდეგ მას ემატება, საყოველთაოდ აღიარებული უსამართლო ხელშეკრულებები: 1858 წლის „აიგუნის შეთანხმება“(《瑷珲条约》), რომლის მიხედვითაც ჩინეთმა რუსეთს დაუთმო 185 000 კვადრატული მილი ხეილონგძიანის ტერიტორია, რომელიც რუსეთის ამურის პროვინციად მოიხსენიება დღეს; 1860 წელს „პეკინის შეთანხმებით“(《北京条约》) კიდევ ერთხელ დადასტურდა „აიგუნის შეთანხმება“ და დამატებით მიითვისა რუსეთმა მდინარე უსულის აღმოსავლეთით 133 000 კვადრატული მილი, რომელიც დღეს პრიბერეჟნაიად იწოდება; 1881 წელს კი ხელი მოეწერა „სანკტ-პეტერბურგის შეთანხმებას“ (《圣彼得堡条约》), ჩინეთმა დამატებით დაკარგა 15 000 კვადრატული მილი. 1911 წელს რუსეთმა დაიწყო მონღოლეთის „განმათავისუფლებელი“ მოძრაობა, აღიარა მისი „ავტონომია“ და იქცა მის მფარველ ქვეყანად. ბოლშევიკების რევოლუციის შემდეგ, 1919 წელს თავიდან მოიპოვა კონტროლი მონღოლეთზე, 1921 წელს საბჭოთა არმია შევიდა მონღოლეთში და აღადგინა მისი „დამოუკიდებლობა“. ამავდროულად მოახდინა თანგნუთუვას მიწის ანექსია.[5] 1945 წლის იალტას ხელშეკრულების თანახმად, სტალინს მიეცა განსაკუთრებული ძალაუფლება იაპონიის მიერ ოკუპირებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზეც.
მაოს მიზანს კი ქვყენის ფეხზე დაყენების შემდეგ სწორედ მისი ისტორიული ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენდა. მან ამერიკელ ჟურნალისტ სნოუსთან 1936 წელს ინტერვიუშიც ახსენა: „ჩინეთის პირდაპირი მოვალეობაა მისი ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება, მათ შორის მონღოლეთიც უნდა დაუბრუნდეს მას და გახდეს „ჩინეთის ფედერაციის“ ნაწილი“. [6]
1963 წლის 8 მარტს, პეკინმა შეადგინა რუსეთისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ დაკავებული ჩინეთის ტერიტორიების სია, მათ შორის იყო სამხრეთ ციმბირის, პრიბერეჟნაიას და რუსეთის ცენტრალური აზიის ტერიტორიის 500 000 კვადრატული კილომეტრი. პეკინი მოითხოვდა საბჭოთა კავშირისგან წერილობით აღიარებას, რომ ახლანდელი ჩინეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი არის ბევრი არასწორი და არაკანონიერი შეთანხმების შედეგი. თუმცა მოსკოვმა, ისე როგორც სხვა მეზობელ ქვეყნებთან, ჩინეთთანაც უარყო რომ ეს შეთანხმებები არალეგალური იყო.
ჩინეთის განაცხადის თანახმად საბჭოთა კავშირმა ჩინეთის საზღვარი 1964 წლიდან 1969 წლის მარტამდე 4 189-ჯერ დაარღვია. რაც შეტაკებამდე მივიდა მდინარე უსურის ჭენპაოს (რუსულად დამანსიკის) კუნძულებზე 1969 წლის 2 მარტს და 14-15 მარტს. (იხ. შაკო ჩიხლაძის სტატია „განხეთქილება კომუნისტურ ბანაკში, ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტები საბჭოთა კავშირთან და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან)
მოგვიანებით, პეკინში სასაზღვრო მოლაპარაკებების განახლებისას ჩინელები არ თხოვდნენ რუსებს დათმობილი ტერიტორიების სრულიად დაბრუნებას; ისინი მოითხოვდნენ საბჭოთა კავშირს ეღიარებინა, რომ ძველი ხელშეკრულებები უსამართლო და არალეგალური იყო; მათ მოითხოვეს უსურისა და ხეილონგძიანგის 700 კუნძულიდან 600-ის დაბრუნება, ჯამში 400 კვადრატული მილის ტერიტორიის და დამატებით სინძიანის პამირის მთების 12 000 კვადრატული მილი. ამ მოთხოვნების გასამართლებლად ჩინეთმა მიიღო საერთაშორისო სამართლის „მთავარი წყალგამტარის“ პრინციპი, რომლის მიხედვითაც საზღვარი იყოფა „მთავარი წყალგამტარის“ ცენტრალურ ხაზთან და ის განსაზღვრავს საზღვარს, ამ კანონის თანახმად ხეილონგძიანისა(ამურის) და უსურის მდინარეების 600 კუნძული რჩებოდა ჩინეთის მხარეს, მათ შორის ჭენპაოც. რაც შეეხება, პამირის მთის ტერიტორიას ის იყო უკანონოდ მითვისებული, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 1884 წლის სასაზღვრო ოქმის დარღვევით მოახდინა.[7]
რუსეთის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ეს ხელშეკრულებები ცინგის დინასტიისა და რუსეთის იმპერიის მიერ იყო ხელმოწერილი, ასე რომ იურიდიული და ისტორიული თვალსაზრისით საზღვარი უკვე დადგენილი იყო. ისინი მზად იყვნენ დათმობაზე წასულიყვნენ სინძიანის და ხაიშენვეის რეგიონებში, თუმცა სხვა ყველაფერზე უარს აცხადებდნენ.
მოკლედ, ერთი მხრივ ჩინელები იყვნენ აჟიტირებული მიწების დაბრუნების იდეით, მეორე მხრივ კი რუსები არ თმობდნენ. 1973 წლის ივნისის შუა რიცხვებში საბჭოთა კავშირმა შესთავაზა ჩინეთს ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე ერთმანეთზე თავდასხმის ასარიდებლად, პეკინმა უარი თქვა მასზე. თუმცა 1974 წლის ნოემბრის დასაწყისში იგივე სახის ხელშეკრულების დადება შესთავაზა ჩინეთმა საბჭოთა კავშირს. ტენგ სიაოფინგის დროსაც არ გაუმჯობესებულა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა, თუმცაღა ომისთვის სარისკო მოქმედებები შეწყდა და შენარჩუნდა სავაჭრო და სატრანსპორტო კავშრი.
1980 წელს ჩინეთმა უარი განაცხადა 30 წლის წინ გაფორმებული „ჩინეთ-საბჭოთა მეგობრობის, კოალიციისა და ურთიერთ დახმარების ხელშეკრულების“ განახლებაზე.
1987 წელს ოქტომბრის რევოლუციის 70-ე წლისთავზე, ერთადერთი კომუნისტური ქვეყანა, რომელიც არ დაესწრო ცერემონიალს იყო ჩინეთი. თუმცა გორბაჩოვის საბჭოთა კავშირის სათავეში მოსვლიდან, მათი ურთიერთობა უმჯობესდება. 1987 წელს გორბაჩოვმა ჩინეთის ლიდერ ტენგ სიაოფინგს შესთავაზა შეხვედრა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რადგან საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კამბოჯიდან ვიეტნამის ჯარების გამოყვანის ბრძანება გაცემული. [8]
გამოყენებული ლიტერატურა:
- 俄罗斯解密档案选编 -中苏关系,第十二卷1969.7-1991.12;
- 徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02;
- 杨树标、梁敬明、杨菁,《当代中国史事略述》,浙江人民出版社,2003年;
- 《苏联代表提出谴责美国侵略提案》,人民日报,1954年12月12日;
- 鲍里索夫、科洛科夫合,《苏中关系(1945-1980)》,三联书店1982年出版;
- 麦克法夺尔,《剑桥中华人民共和国史(1949-1965)》,中国社会科学出版社1990年版;
- 沈觉人,《当代中国对外贸易》上卷,当代中国出版社1992年版;
- 沈 志华, 《新中国建立初期苏联对华经济援助的基本情况 下》 — 来 自中国和俄 罗斯的 档 案材料 ;
- Tai_Tung An, „The Sino-Soviet Territorial Dispute“ , Philadelphia, 1973;
- Bridgham Philip, Arthur Cohen, Leonard Jaffe, „Mao’s Road and Sino-Soviet Relations: A view from Washington, 1953“, The China Quarterly, 52(1972);
- Zbigniew K. Brzezinski, „The Soviet Bloc: Unity and Conflict“,Cambridge, Mass, 1960;
- Rpbert A. Scalapino, „China and the Balance of Power“, Foreign Affairs(Jan. 1974);
- Ю.М. Галенович, „Войны Нового Китая и его дипломатическая служба“, Москва, 2012;
- Ю. М. Галенович, „Сталин и Мао. Два вождя “, Восточная книга, 2009;
- Бурлацкий, Федор Михайлович, „ Мао Цзэдун и его советник Дэн Сяопин“,Москва;
- Муромцева, Зоя Андреевна, „Китайская Народная Республика: путь к индустриализации нового типа “, Ин-т Дал. Востока. – Москва.
[1] 徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02、第522页
[2] 徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02、第523页
[3] Zbigniew K. Brzezinski, The Soviet Bloc: Unity and Conflict(Cambridge, Mass, 1960), 403.
[4] Harold C. Hinton, Communist China in World Politics (New York), 478-482.
[5] Tangnutuwa ანTangnuwula (唐努图瓦或唐努乌拉)ჩინეთის ისტორიული პროვინცია, მოგვიანებით თუვას რესპუბლიკა სამხრეთ-ცენტრალურ ციმბირში.
[6] Tai-sung An, The Sino-Soviet Territorial Dispute (Philadelphia, 1973), 50-51.
[7] 徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02、第527-528页
[8] 2. 徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》, 第528页。
[1] 《苏联代表提出谴责美国侵略提案》,人民日报,1954年12月12日.
[2] 《苏中关系(1945-1980)》,鲍里索夫,科洛科夫合,三联书店1982年出版,第41页。
[3] 《剑桥中华人民共和国史(1949-1965)》,麦克法夺尔,中国社会科学出版社1990年版,第187页。
[4] 《剑桥中华人民共和国史(1949-1965)》,麦克法夺尔,中国社会科学出版社1990年版,第187页。
[5] 《当代中国对外贸易》上卷,沈觉人主编,当代中国出版社1992年版,第259页.
[1] Tai_Tung An , The Sino-Soviet Territorial Dispute (Philadelphia, 1973), 62.
[2] 徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02、第519页.
[1] 徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02、第517页;
[2] ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი ლიდერი და ჩინეთის სახალხო რსპუბლიკის პირველი პრემიერ მინისტრი (1949-1976).
[3] Foreign Relation of United States, Diplomatic Papers, 1945, Vol. VII, The Far East: China, Washington, 1969, 273 ff, report by John S. Service on a conversation with Mao Tse_tune, March 13, 1945.
ავტორი: ნელი ახობაძე
Discussion about this post