ჩინური პოეზია არსებობის რამდენიმე ათასწლეულს მოითვლის. ზოგადად, ჩინური პოეზია შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ – კლასიკური და თანამედროვე. ჩინურ კლასიკურ პოეზიას დღესაც კითხულობენ და ძველ ჩინელ პოეტებს დიდ პატივს სცემენ. მიჩნეულია, რომ უდიდესი პოეტები ათასი ან მეტი წლის წინ ცხოვრობდნენ თანგის (朝唐618-907), სუნგის (宋朝960-1279) და ხანის (汉朝 ძვ. წ. 206 – ახ. წ. 220) დინასტიის მმართველობის დროს. ტუფუ(杜甫),ლიპაი(李白)და სუ ტუნგფო(苏东坡)ითვლებიან ანტიკური პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტებად.
ძველი ჩინური პოეზია
უძველესი პოეზია უფრო მარტივი იყო და ისეთ ჩვეულ საკითხებს ეხებოდა, როგორებიცაა სიყვარული, რომანტიკა და ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ სუნგის დინასტიის შემდეგ ეპოქებში ბევრი ნაწარმოები დაიწერა, ფიქრობენ, რომ პოეტები სულ უფრო ერუდირებული, აკადემიური და ეზოთერული ხდებიან, ამიტომ თანამედროვე ჩინელები ვერ აფასებენ მათ სტილსა და მნიშვნელობას.
რამდენადაც ჩინელებს იეროგლიფური წერის სისტემა აქვთ, ენის ცვლილების მიუხედავად, თანამედროვე ჩინელებს მაინც შეუძლიათ უძველესი პოეზიის წაკითხვა. მართალია სიტყვების წარმოთქმა ძალიან შეიცვალა, ხშირად ლექსში რითმები ან ტონური რიტმები იკარგება, თუმცა იეროგლიფების მნიშვნელობები დიდად არ შეცვლილა. მაგრამ, თუკი მკითხველი გარკვეულ დონეზე არ ფლობს ძველ ჩინურს, შესაძლოა რომ თანამედროვე მკითხველმა სიტყვების ინტერპრეტაციით ლექსი სხვაგვარად გაიგოს, ვიდრე ავტორს ჰქონდა განზრახული. ამიტომ ნიუანსები და კონოტაციები შეიძლება დაიკარგოს.
არსებობს ხუთი ძირითადი სახის უძველესი პოეტური სტილი. ესენია: ში-诗, ცი-词, კე-歌, ცუ-曲, ფუ-赋.
ში-诗
„ში“-ს ლექსები შედგება კუპლეტებისგან, რომლებიც ორზე მეტი სტრიქონისგანაა შედგენილი. კუპლეტის ორი სტრიქონი ჩვეულებრივ ირითმება, შესაბამისად, რიტმულად ემთხვევა და ტონალურად ავსებენ კიდეც ერთმანეთს. თანამედროვე ჩინურ ენას მხოლოდ ოთხი ტონი აქვს, მაგრამ ძველ ჩინურს, ჩვეულებრივ, მეტი ჰქონდა, ამიტომ ლექსში ტონალური რითმები ზოგჯერ საერთოდ იკარგება.
ცი-词
ამ სახის პოეზია შეიძლება აღვწეროთ როგორც ლექსები, რომლებსაც აქვთ მარცვლოვანი და ტონალური ფორმები. „ ცი“-ს პოეზიის შექმნისას პოეტი ირჩევს სიტყვებს, რომლებიც შემდეგ კონკრეტულ სქემას შეესაბამება. არსებობს უამრავი შაბლონი, რომელიც უზრუნველყოფდა ეფექტურ წყობას სხვადასხვა ემოციისა და ხასიათის შესაქმნელად.
კე-歌
თვით იეროგლიფი 歌 ნიშნავს სიმღერას. შესაბამისად, ამ სახის პოეზიას, როგორც წესი, სიმღერით კითხულობდნენ.
ცუ-曲
როდესაც მონღოლებმა დაიპყრეს ჩინეთი და დააარსეს იუენის დინასტია (元朝1279-1368), მათ თან შემოიტანეს საკუთარი სტილის მუსიკა და გართობის ფორმები. განსაკუთრებით მოსწონდათ თოჯინებისა და ჩრდილების თეატრების ყურება, რომლებიც მარიონეტულ პიესებს წარმოადგენდნენ პატარა მანიპულირებადი ფიგურებით. ნათურებით ანთებული მარიონეტების ჩრდილები ეკრანს ეცემოდა და იქმნებოდა ერთგვარი სანახაობა. ოპერებში მუსიკისა და სიმღერის ამ სტილს უწოდებდნენ „იუენ ცუს“(元曲) ან მონღოლურ მუსიკას, რომელიც ასევე პოპულარული იყო შემდეგ ეპოქებში. აქ პოეტური სტილი უფრო თავისუფალია ფორმისაა.
ფუ-赋
პოეზიის მეხუთე მთავარ სტილს “ფუ” ეწოდება. ეს არის აღწერითი ლექსები, რომლებიც შეიცავს როგორც პროზას, ასევე კუპლეტებს. ეს პოპულარული იყო დაახლოებით 1500 წლიდან 2000 წლის წინ. პოეტები ხშირად თავიანთ ლექსებში იყენებდნენ წინა ეპოქის იშვიათ ან უჩვეულო იეროგლიფებს.
„შიძინგი“(სიმღერების წიგნი)-诗经
თვით პოეზიის კლასიკური განმარტება გადმოცემულია უძველეს ჩინურ პოეზიის წიგნში შიძინგი, რომელშიც შესულია 305 ლექსი. ეს უნიკალური ნაწარმოები 500-600 წლის მანძილზე იქმნებოდა. თარიღდება არაუგვიანეს ძვ.წ.XI-VI საუკუნეებით, ანუ დასავლეთის ჭოუს ეპოქიდან (西周 ძვ.წ. 1045-771) დაწყებული „ჩუნციოუს“(春秋- გაზაფხული და შემოდგომა- ძვ.წ. 771-476 ). აქ პოეზია განმარტებულია, როგორც მისწრაფებათა გამოხატვა. უძველესი გაგებით თვით სიტყვა ში „诗“ ნიშნავდა არა მხოლოდ პოეზიას, არამედ სიმღერებს, რიტმულსა და გარითმულ ტექსტებს მელოდიის თანხლებით, სასიმღერო მელოდიას ან ინსტრუმენტულ მუსიკას. ჩინეთის უძველესი და შუა საუკუნეების პოეზია,ზოგადად მელოდიის თანხლებით სრულდებოდა. „ში“-ს პოეტური სტრიქონები იშვიათად თუ იკითხებოდა მუსიკის გარეშე. „შიძინგის“ შინაარსი იყოფა 3 ნაწილად: ფენგი (风-სახელმწიფო ადათები, სადაც უხვად გვხვდება სასიყვარულო ლირიკა ), ია (雅-ოდები, სადღესასწაულო სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა სამეფო კარზე ) და სუნგი (颂-ჰიმნები წინაპრების სულის სადიდებლად, სრულდებოდა მსხვერპლშეწირვის დროს. ეს ჰიმნები მოცულობით უფრო დიდია). „შიძინგი“ მდიდარია შინაარსით, რომელიც ასახავს თავისუფლებას, სიყვარულს, ომს, მონობას, ჩაგვრას, წინააღმდეგობას, ადათ-წესებსა და ქორწინებას, წინაპრების თაყვანისცემასა და ასტრონომიულ მოვლენებსაც კი. ეს არის ჭოუ-ს დინასტიის სოციალური ცხოვრების სარკე, სადაც ნათლად ჩანს ისტორიული მოვლენები და რეალური პირობები, მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი კუთხით. იგი მოიცავს საზოგადოების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს – პოლიტიკა, ეკონომიკა, სამხედრო, ფოლკლორი, კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „შიძინგის“ პოეზიას ახასიათებს მხატვრული ხერხების იშვიათი სიმდიდრე. მაგალითად, პოეტური ხერხი პი – 媲 რაც ნიშნავს შედარებას, ბუნების სხვადასხვა არსების ისეთი სასიყვარულო სცენების მოშველიებას, სადაც მამრი სასიყვარულოდ იწვევს მდედრს, ან კიდევ მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, პეპლის სწრაფვა საყვარელი არომატული ყვავილისკენ და ა.შ. ასევე ერთ-ერთი ხერხია სინგი- მოწოდება, წამოწყება (ხმით, მელოდიით, რომლის შემდეგ იწყება სიმღერა). ნიშნავს დასაწყისში, ტექსტის შინაარსისგან ერთი შეხედვით დამოუკიდებელ სტრიქონებს, რომლებიც ქმნიან განწყობას ან მიანიშნებენ ლექსის მომდევნო სიუჟეტზეჩინური პოეზიის ეს თავისებურება თარგმნას ართულებს.
კონფუცი (孔夫子)მაღალ შეფასებას აძლევდა „შიძინგს“. „შიძინგი“ შედის კონფუციონიზმის ხუთწიგნეულში: „შუძინგი“-书经, „ლიძი“-礼记, „იძინგი“-易经,»ჩუნციოუ“-春秋.
სიმღერების წიგნის შემდეგ ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში გამოჩნდა პოეტური ნაწარმოებების სახეობა „ჩუ ცი“-楚辞 (ჩუს სიმღერები). მისი მთავარი წარმომადგენელია ცუ იუენი (屈原-ძვ. წ. 329–299). მისი შემოქმედება შედგება ლექსებისაგან, რომლებიც უფრო ხაზს უსვამს ლირიკულ და რომანტიკულ მახასიათებლებს, ახასიათებს უსწორმასწორო სიგრძეს სტრიქონებისა. ხანის დინასტიის დროს „ ჩუ ცი“-ს პოეზიის სტილმა ხელი შეუწყო „ფუ“-ს სტილის განვითარებას . „ფუ“-ს ფორმა პოპულარული დარჩა“ ექვსი დინასტიის“ (六朝-220-598) შემდგომ პერიოდშიც, თუმცა უფრო ხანმოკლე და პირადული გახდა. „ფუ“ დღემდე რჩება, როგორც ჩინური პოეზიის ერთ–ერთი საყრდენი, მიუხედავად იმისა, რომ თანგის დინასტიაში ხუთ და შვიდ იეროგლიფიანი ლექსები დომინირებს.
თანგის დინასტიის პოეზია
კლასიკური ლირიკის ოქროს ხანად ითვლება თანგის ეპოქა (618–907). ამ დროს ლექსების შეთხზვამ დაუჯერებელ მასშტაბებს მიაღწია. ამ პერიოდიდან დღემდე შემორჩენილია 48 ათასი ლექსი, ხოლო პოეტების რაოდენობა 2 ათასს აღემატება. თანგის დინასტიის მმართველობის ხანაში პოეზია ინტეგრირებული იყო წიგნიერი კლასის პროფესიული და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. ამ ეტაპზე ლექსები იქმნებოდა რეგულირებული ტონების შესაბამისად. ეს არის უფრო მკაცრი ფორმა პოემის სტრუქტურის გარკვეული წესებით, სტრიქონების სიგრძისა და რაოდენობის, სტრიქონებში ტონალური ფორმების, რითმის გამოყენების და სავალდებულო პარალელიზმის გარკვეული დონის მიხედვით. თანგის პოეტურ ფორმებში შედის: ლუში-律诗 რეგულირებული ლექსის ტიპი რვასტრიქონიანი ფორმით, რომელსაც აქვს ხუთი, ექვსი ან შვიდი იეროგლიფი თითო სტრიქონზე; ძუეძუ-绝句 ოთხსტრიქონიანი ლექსი ხუთი, ექვსი ან შვიდი იეროგილიფით. დროთა განმავლობაში თანგის პოეზია გახდა უფრო რეალისტური,ნარატიული და კრიტიკული სოციალური ნორმების მიმართ. ამ პერიოდის საუკეთესო პოეტები არიან: ვანგ ვეი(王维), ლი პაი (李白), ტუ ფუ(杜甫), პაი ძუი(白居易) და სხვა.
ეს გახლავთ ტუ ფუს ლექსი, სადაც ნათლად ჩანს მარცვლების მნიშვნელობა ფორმის განსაზღვრის დროს.
სუნგის დინასტიის პოეზია
სუნგის დინასტიის მიერ შექმნილ ჩინური პოეზიის ფორმამ უზრუნველყო მოქნილობა, რაც ახალ პოეტებს სჭირდებოდათ: ცი (词) წარმოადგენს თხრობას, დეკლამაციას გარკვეული მელოდიის თანხლებით. შინაარსობრივი თვალსაზრისით, „ცი“-ს პოეზია ყველაზე ხშირად გამოხატავდა გრძნობას სურვილისა პერსონაჟში. დიდი წვლილი ამ ფორმის განვითარებაში შეიტანა პოეტმა ლი იუმ (李煜). სუნგის საუკეთესო პოეტებმა დაუბრუნეს პოეტურ ტრადიციებს ჭეშმარიტება და სტილის ლაკონურობა, მოქალაქეობრივი პათოსი და ფსიქოლოგიური სიღრმე. მათ შემოქმედებაში შეიმჩნევა გავლენა ბუდიზმისა და კონფუცის ფილოსოფიური იდეების.
მინგისა (明朝- 1369-1644) და ცინგის (清朝- 1644-1911) ეპოქებში კლასიკური პოეტური ტრადიციები არ იქნა გამდიდრებული ახალი ჟანრებით. გვიანი ჩინური პოეზია გახდა ფორმალური ვარჯიშობა და მიმსგავსება. მას ჰქონდა არა ლიტერატურული, არამედ სოციალური და რიტუალური დატვირთვა.
თანამედროვე ჩინური პოეზია
თანამედროვე ჩინური პოეზია (新诗 -“ახალი პოეზია”) აღნიშნავს პოეზიის თანამედროვე სტილს, განსხვავებით კლასიკურ ჩინურ ენაზე დაწერილი ტრადიციული პოეზიისაგან. ჩვეულებრივ, თანამედროვე ჩინური პოეზიას არ აქვს განსაზღვრული ფორმები. პოეზიის რევოლუცია ოთხი მაისის მოძრაობის (五四运动) შემდეგ მოხდა. მწერლები ცდილობდნენ უფრო მეტად გამოეყენებინათ სასაუბრო ჩინური, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებდნენ, ვიდრე ადრე დადგენილი ფორმები. მეოცე საუკუნის დასაწყისის პოეტები, როგორიცაა სუ ჭიმო (徐志摩), კუო მოჟუო (郭沫若) და ვენ იტუო (闻一多), ცდილობდნენ ჩინური პოეზიის წარსული ცნებებისაგან გათავისუფლებას დასავლური მოდელების მიღებით.მაგალითად, სუ შეგნებულად მისდევს რომანტიკოსი პოეტების სტილს ბოლოში რითმით.
პოსტრევოლუციური კომუნისტების ეპოქაში, აი ცინგის(艾青) მსგავსად, პოეტები იყენებდნენ უფრო ლიბერალურ ხაზებს და უშუალო დიქციას, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას ბევრი ბაძავდა.
თანამედროვე პოეტურ სცენაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი პოეტები არიან მისტიკური პოეტების (朦胧诗 პოსტ-კულტურული რევოლუციის პოეტური მოძრაობა) სახელით ცნობილი ჯგუფი, რომლებიც იყენებენ ალუზიასა და მისტიურ ცნებებს. მათი ნაწარმოებები ბუნდოვანი, გაურკვეველი და ბნელით მოცული იყო.
ამასთან, დღესაც განიხილება თანამედროვე პოეზიის კონცეფცია. არსებობს არგუმენტები და წინააღმდეგობები იმის თაობაზე, ითვლება თუ არა თანამედროვე პოეზია პოეზიად. ჩინური მწერლობისა და ჩინური გრამატიკის განსაკუთრებული სტრუქტურის გამო, თანამედროვე პოეზია ან თავისუფალი ლექსების პოეზია, შეიძლება ჩანდეს მარტივი, მოკლე ხალხური ესე, რადგან მათ არ გააჩნიათ სტრუქტურა, რომელიც ტრადიციულად გამოიყენებოდა პოეზიის განსაზღვრისთვის.
ავტორი: მარიამ ფაცურია
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლიუ-ყანდარელი კუანგ-ვენი, ნინო დაღუნდარიძე -„რამდენიმე სიტყვა სიმღერებისა და ჰიმნების წიგნზე შიძინგი“, ჩინეთი ჟამთა სივრცეში, თბილისი:მერიდიანი,2007, გვ.197
2. „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ -ლიტერატურა. თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი.
3. Annie Wu “ Chinese Poetry” ( May 1, 2017) https://www.chinahighlights.com/travelguide/culture/chinese-poetry.htm
4. https://www.ibiblio.org/chinesehistory/contents/02cul/c02s03.html
Discussion about this post