კვირა, თებერვალი 1, 2026
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS
სინოლოგია
No Result
View All Result
Home კულტურა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

teona gelashvili by teona gelashvili
იანვარი 19, 2026
in კულტურა
4 min read
ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა (科举: kē jǔ), თავისი არსებობის დაახლოებით ათას სამასი წლის განმავლობაში, წარმოადგენდა ეფექტურ მერიტოკრატულ და ბიუროკრატიულ ბერკეტს, რომელიც გავლენას ახდენდა ქვეყნის არა მარტო საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებაზე, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებზე. გამოცდების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო და საჯარო მოხელეების აკადემიური მოსწრების შემოწმების საფუძველზე შერჩევა, მასში მონაწილეობის მიღება იმპერიის ნებისმიერ მამაკაც მოქალაქეს შეეძლო. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი არისტოკრატიის ძალაუფლების შემცირებისა და კონტროლის სახით, ცენტრალიზებული მმართველობის გავლენის გამყარების ხერხი იყო; ხოლო მეორე მხრივ, სოციალური მობილობის იშვიათ შესაძლებლობას სთავაზობდა არაპრივილეგირებულ ფენებს. 

საგამოცდო მასალა, რომელიც ძირითადად კონფუციანური ნაშრომებით იყო დაკომპლექტებული და ასახავდა მმართველი ძალის მთავარ იდეოლოგიას, ფართოდ იბეჭდებოდა, ვრცელდებოდა და ისწავლებოდა იმპერიის ყველა პროვინციაში. ეს კი ქმნიდა იდეურ და მორალურ ერთობას მოსახლეობასა და საიმპერატორო კარს შორის, რაც კიდევ უფრო განამტკიცებდა ცენტრალური მმართველობის როგორც პოლიტიკურ, ისე იდეულოგიურ მონოპოლიას. ამავდროულად, განათლებისა და პიროვნული განვითარების ფუნდამენტურ ღირებულებად ქცევამ და მერიტოკრატიის პოპულარიზაციამ დამატებით გააღრმავა კონფუციანური იდეა პიროვნული ნიჭის კულტივაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც მხოლოდ განსწავლა და მორალური დისციპლინა შეიძლება ყოფილიყო წარმატების გარანტი. 

შედეგად, საიმპერატორო საგამოცდო სისტემამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კომპლექსურ სახეს იღებდა. რიგი მკვლევარების აზრით, 1905 წელს სწორად საიმპერატორო გამოცდების გაუქმება გახდა იმპერიული ციკლის დასრულების ერთ-ერთი მანიშნებელი. ვესტერნიზაციის სახელით საიმპერატორო გამოცდების გაუქმებიდან მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ, 1911 წელს, ცინგის დინასტიის დაცემამ დაასრულა კიდევაც დინასტიური მმართველობა ჩინეთის ისტორიაში. 

გამოცდების ისტორია და სტრუქტურა

საიმპერატორო გამოცდების დაკანონებამდე მმართველ ელიტაში მხოლოდ პირადი რეკომენდაციების საფუძველზე ხვდებოდნენ. კერძოდ, დასავლეთ ხანის დინასტიის (ძვ.წ. 206 – ახ.წ 8) პერიოდში იმპერატორის მოთხოვნით არისტოკრატებსა და რეგიონული წარმომადგენლობის მოხელეებს საიმპერატორო კარზე უნდა გაეგზავნათ თავიანთი შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც შემდეგ თვით იმპერატორი გამოჰკითხავდა ზეპირი გამოცდის სახით. მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნებოდნენ თანამდებობის პირები. აღმოსავლეთ ხანისთვის (ახ.წ 25 – 220) ეს პროცესი სრულად მანიპულირებული გახდა რეკომენდატორების მიერ, რომლებიც თავიანთ რჩეულებს პირადი ინტერესის მიხედვით არჩევდნენ. 

ამ პერიოდისთვის სასწავლო და საგამოცდო კურიკულუმი ეგრეთ წოდებული ‘ხუთი კლასიკისგან’ (五经: wǔ jīng) შედგებოდა. აღნიშნული ტერმინი მოიაზრებს იმ ხუთ ტექსტს, რომელთა რედაქტირება და წიგნად აკინძვა თვით კონფუცის მიეწერება. ესენია: ცვლილებების წიგნი (易经: yì jīng), ოდების წიგნი (诗经: shī jīng), ისტორიის წიგნი (书经: shū jīng), რიტუალების წიგნი (礼经: lǐ jīng) და გაზაფხულისა და შემოდგომის ქრონიკები (春秋: chūn qiū). ცვლილებების წიგნი (易经: yì jīng) უძველეს სამისნობლო და ფილოსოფიურ ტექსტს წარმოადგენს; ოდების წიგნი (诗经: shī jīng) მოიცავს ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებულ დაახლოებით 300 ხალხურ სიმღერას, პოეტურ და სამგლოვიარო ოდას; ისტორიის წიგნი (书经: shū jīng) წარმოადგენს დოკუმენტებისა და საჯარო გამოსვლების კრებულს, რომელიც სახელმწიფოს მართვის საკითხებს ეხება; რიტუალების წიგნი (礼经: lǐ jīng) აერთიანებს ეტიკეტის ნორმებსა და რიტუალურ პრაქტიკებს, რომლებიც ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძვლად მიიჩნეოდა; ხოლო გაზაფხულისა და შემოდგომის ქრონიკები (春秋: chūn qiū) აღწერს ლუს სახელმწიფოს, კონფუცის მშობლიური მხარის, ისტორიას ძვ. წ. 722 – 481 წლებში. 

ძვ. წ. 124 წელს ‘ხუთი კლასიკა’ (五经: wǔ jīng) დაკანონდა იმპერიული აკადემიის ოფიციალურ კურიკულუმად და იმპერიული საგამოცდო სისტემის გაუქმებამდე საბაზისო და სავალდებულო სასწავლო მასალას წარმოადგენდა. ხანის დინასტიის პერიოდში ამ წიგნებიდან ერთის ან რამდენიმეს სიღრმისეული ცოდნა საჯარო სამსახურში წარმატების მიღწევის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნეოდა, ხოლო მეთოთხმეტე საუკუნემდე ისინი კლასიკური განათლების ფუნდამენტურ საფუძვლად რჩებოდა.

ხანის დაცემის შემდეგ, ვეის დინასტიის პერიოდში (ახ.წ 220 – 265) ცხრა რანგის სისტემა (九品官) შეიქმნა, რომელიც სუეის მიერ ჩინეთის  გაერთიანებამდე აქტიურად გამოიყენებოდა საჯარო მოხელეების შერჩევისათვის. რეკომენდატორები ცენტრალური მთავრობის მიერ დანიშნულმა ინსპექტორებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც კანდიდატების შეფასებისას მათ სპეციალური რანგების მიხედვით აკვალიფიცირებდნენ. მალევე, ეს სისტემაც მმართველი ელიტის კონტროლის ქვეშ მოექცა, რომელიც მაღალ რანგებზე მხოლოდ პრივილეგირებული ოჯახების წარმომადგენლებს ნიშნავდა.

არისტოკრატთა გავლენის შეზღუდვისა და ცენტრალური მმართველობის კონტროლის გაზრდის მიზნით 583 წელს, სუეის (589 – 618) იმპერატორ იანგტის ინიცირებით, ჩატარდა პირველი საიმპერატორო გამოცდები, რომელიც საზოგადოებისათვის ღია იყო. თუმცა სისტემის დახვეწა მომდევნო, თანგის (618 – 906) დინასტიის პერიოდში მოხდა, რომელმაც მოკლე, ოცდაათწლიანი, მმართველობის შემდეგ, სუეის დინასტია ჩაანაცვლა. ამ დროისთვის საგამოცდო სისტემა მარტივ ორ ეტაპიან პროცესს წარმოადგენდა, რომელსაც სისტემატიური, ყოველწლიური სახე ჰქონდა და მასში მონაწილეობა თითქმის ნებისმიერ მამაკაც მოქალაქეს შეეძლო, ყოველი რეკომენდაციის გარეშე. 

ადგილობრივ გამოცდას ძიეში (解试: jiě shì), ხოლო ეროვნულ გამოცდას შენგში (省试:shěng shì) ეწოდებოდა. გამოცდებზე სხვადასხვა საგნების ჩაბარება და შესაბამისად სხვადასხვა რანგის წოდების მოპოვება იყო შესაძლებელი, რასაც პირდაპირი გავლენა ჰქონდა წარმატებული კანდიდატის მომავალ პოტენციურ თანამდებობაზე. მოწმდებოდა მონაწილის გარეგნობა და მანერები, ვერბალური კომუნიკაციის უნარი, ორატორული ხელოვნება, კალიგრაფია, იურისპრუდენციული ცოდნა, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განსჯის უნარი, ა.შ. 

საიმპერატორო გამოცდაზე გამსვლელებიდან მხოლოდ ხუთი პროცენტი აღწევდა წარმატებას. ყველაზე პოპულარულ და რთულად ჩასაბარებელ კურიკულუმს ძინში (进士: jìn shì) ერქვა, რომელიც მკაცრად ლიტერატურული გამოცდა იყო და კანდიდატისგან მოითხოვდა არა მარტო თანამედროვე პრობლემებზე დაწერილი ნაშრომების ანალიზს, არამედ კონფუციანური პრინციპების ღრმა ცოდნას (ოთხი წიგნი და ხუთი კლასიკა) და პოეზიის ხელოვნების ფლობას. ამ რანგის მიღწევა რთულ და დიდხნიან პროცესთან ასოცირდებოდა, იმდენადაც კი, რომ ორმოცდაათი წლის ძინშის ხარისხის მფლობელი კანდიდატი წარმატებულ ახალგაზრდად მიიჩნეოდა. 

აღსანიშნავია, რომ თანგის დინასტიისას გავლენიანი მოხელეების მიერ კანდიდატების რეკომენდირება ჯერ კიდევ ძალაში იყო. ამავდროულად, გამოცდის ყველა მონაწილეს საგამოცდო ფურცელზე მცირე ბიოგრაფიული პარაგრაფი უნდა დაეწერა. ეს საშუალებას აძლევდა გამსწორებლებს სწორად ამოეცნოთ რეკომენდირებული პირების ნაშრომები. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ლეგიტიმური იყო და ნიჭიერი მონაწილის სწორად იდენტიფიცირების საშუალებად მიიჩნეოდა, გამოცდის სამართლიანობას და ჯანსაღ კონკურენციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და პოლიტიკური კონფლიქტის რისკს ზრდიდა.

საიმპერატორო გამოცდების ეფექტურობა სუნგის პერიოდისთვის (960 – 1279) უკვე კარგად შესამჩნევი გახდა. ამ დროისთვის  უკვე სოციალურ ფენომენად ქცეულმა გამოცდებმა შედეგი გამოიღო და თავდაპირველი მიზანი მიღწეული იქნა. ძველი არისტოკრატია ახალი, გამოცდებში წარმატებული და თანამდებობზე კონკურსის შედეგად დანიშნული, ახლად გამდიდრებული და გათავადაზნაურებული ინტელიგენციით ჩანაცვლდა. ამ პროცესს ხელი მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმაც შეუწყო. აქამდე მმართველი დინასტიები ჩრდილოეთში მდებარე დედაქალაქებიდან ამყარებდნენ კონტროლს იმპერიაზე და არისტოკრატიაც სწორად ჩრდილო დასავლეთში მდებარე ქალაქების, ჩანგანისა და ლუოიანგის შემოგარენში ფლობდა ტერიტორიასა და ძალაუფლებას. სუნგის დინასტია კი სამხრეთული დინასტია იყო, რომლის დედაქალაქიც – ხანგჭოუ – იანძის დელტაში მდებარეობდა. 

იმისათვის, რომ წინა დინასტიების შეცდომები არ გამეორებულიყო, გამოცდები სრულად ანონიმური და მკაცრად კონტროლირებადი გახდა, ხოლო კანდიდატებზე რეკომენდაციების გაცემა სრულად შეწყდა. ანონიმურობის დასაცავად იფარებოდა კანდიდატების პირადი მონაცემები, რომლის შემდეგაც მათი ნაწერები ხელახლა გადაიწერებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ სწორდებოდა. თანგის პერიოდში მონაწილეები გამოცდებზე დაშვებამდე იჩხრიკებოდნენ, სუნგის დინასტიაში კი ამ წესს კიდევ რამდენიმე ეტაპი დაემატა. კანდიდატები გამოცდაზე მხოლოდ საწერი საშუალებებით, სუფთა ქაღალდითა და საჭმლით დაიშვებოდნენ. საგამოცდო ოთახები კი გარედან იკეტებოდა და გამოცდის დასრულებამდე არავის შეეძლო გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება. 

ბიუროკრატიული კონტროლის ზრდასთან ერთად იზრდებოდა გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რიცხვიც, რის გამოც 1065 წელს ყოველწლიური გამოცდების მაგივრად დაკანონდა ახალი, სამწლიანი საგამოცდო ციკლი. ძინშის (进士: jìn shì) ხარისხის გამოცდას კი კიდევ ერთი ეტაპი  – ტიანში (殿试: diàn shì)  – დაემატა, რომელსაც იმპერატორი სასახლეში ატარებდა. ამ გამოცდაში ძინშის (进士: jìn shì) ხარისხის კანდიდატები სამ ჯგუფად იყოფოდნენ და წარმატებული მონაწილეები პირდაპირ ინიშნებოდნენ თანამდებობებზე. 

ცვლილებები საგამოცდო მასალასაც შეეხო, რის შედეგადაც სუნგის დინასტიის პერიოდში ‘ხუთი კლასიკის’ პარალელურად სასწავლო სივრცეში ‘ოთხი წიგნი’ (四书: sì shū) გამოჩნდა. კურიკულუმის რედაქტირების იდეა თანამედროვე, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინტელექტუალს – ჭუ სის (朱熹: zhū xī) მიეწერება, რომელიც ‘ხუთი კლასიკის’ ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა. მისთვის ნათელი იყო, რომ ამ ვრცელი და კომპლექსური ფილოსოფიური ნაშრომების სწავლება პრაქტიკაში უმეტესად მექანიკური დაზეპირებით შემოიფარგლებოდა, რაც სასწავლო პროცესს დინამიურობას, ხოლო მოსწავლეს კი ინტერესს უკარგავდა. ჭუ სის მიაჩნდა, რომ რათა ‘აღდგეს დაო, დაო უნდა იყოს ხელმისაწვდომი’. სწორად ამ არგუმენტზე დაყრდნობით, იგი მხარს უჭრდა ‘ხუთი კლასიკის’ სტრუქტურის გადახედვას და მის ნაცვლად უფრო კონცენტრირებული ‘ოთხი წიგნის’ კორპუსის შედგენას.

‘ოთხი წიგნი’ (四书: sì shū) დალაგებულია შემდეგნაირად და მოიცავს ტექსტებს: დიდი სწავლება (大学: dà xué), ზომიერების დაცვა (中庸: zhōng yōng), ანალექტები (论语: lún yǔ) და მენციუსი (孟子: mèng zǐ). დიდი სწავლება  (大学: dà xué)  და ზომიერების დაცვა (中庸: zhōng yōng) რიტუალების წიგნის (礼经: lǐ jīng) თავებია. ანალექტები (论语: lún yǔ) წარმოადგენს კონფუცის (ძვ. წ. 551 – 479) და მისი მოწაფეების დიალოგებისა და გამონათქვამების კრებულს. მენციუსი (孟子: mèng zǐ) კი აერთიანებს მენციუსის (ძვ. წ. IV) ნაშრომებს, რომლებშიც აღწერილია მისი პირადი აუდიენციები ფეოდალური სახელმწიფოების მმართველებთან და მინისტრებთან, აგრეთვე საუბრები საკუთარ მოსწავლეებთან. 

წიგნების მიმდევრობა შემთხვევითი არ არის. ჭუ სის (朱熹: zhū xī) მიხედვით მოსწავლეებს სწორედ აღნიშნული რიგითობით უნდა წაეკითხათ და გაენალიზებინათ ეს ტექსტები, რომლებიც ასე დალაგებული კონფუციანური სწავლების ინტელექტუალურ ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიან. 

დიდი სწავლება (大学: dà xué) კონფუცის ერთ-ერთ დარიგებას წარმოადგენს, რომელიც მან წენგ წის (曾子: zēng zǐ) მოუთხრო, მან კი ჩაიწერა და შემდეგ კომენტარები დაურთო. მას მოსდევს ზომიერების დაცვა (中庸: zhōng yōng), რომელიც უკვე წენგ წის სწავლების გადმოცემას წარმოადგენს ზი სის (子思: zǐ sī), კონფუცის ერთადერთი შვილიშვილის, მიმართ. ამის შემდეგ მოდის ანალექტები (论语: lún yǔ), ხოლო ბოლოს მენციუსი, რომელიც ზი სის მოსწავლე იყო. აღნიშნული ნაშრომი იდეოლოგიურად კონფუცის ანალექტებთან (论语: lún yǔ) დიალოგში მყოფ ტექსტად განიხილება და მათ თეორიულ განვითარებას წარმოადგენს. ამგვარად, ნათლად იკვეთება ინტელექტუალური მემკვიდრეობის უწყვეტი ხაზი –  კონფუციდან წენგ წიმდე, წენგ წიდან წი სისამდე და საბოლოოდ წი სიდან მენციუსამდე. სწორედ ამ ლოგიკაზეა დაფუძნებული ჭუ სის მიერ შემოთავაზებული მიდგომა, რის გამოც იგი ნეოკონფუციანიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც მიიჩნევა.

მეცამეტე საუკუნის დასასრულისთვის ‘ოთხი წიგნი’ კონფუციანური მოძღვრების შესწავლის ყველაზე სანდო და ეფექტურ მეთოდად ჩამოყალიბდა. მინგისა და ცინგის დინასტიების პერიოდში კი იგი საიმპერატორო საგამოცდო სისტემის კურიკულუმის მთავარ ინტელექტუალურ ღერძად იქცა. აღნიშნულ სტატუსს ‘ოთხი წიგნი’ საგამოცდო სისტემის გაუქმებამდე ინარჩუნებდა.

სუნგის მმართველობის პერიოდში საიმპერატორო გამოცდების პროცესის დახვეწით, მისი ეფექტურობისა და მნიშვნელობის გაზრდით, სისტემამ სრულიად ახალ ზენიტს მიაღწია. ბევრი მოქალაქისთვის გამოცდები ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. ისტორიკოს მიაზაკი იჩისადას (1976) მიხედვით, ქალები დაორსულების პერიოდიდან იწყებდნენ ნიჭიერი კანდიდატის გაჩენისთვის მზადებას. პრივილეგირებულ ოჯახებში გაჩენილი ბავშვები კი პატარაობიდანვე ეუფლებოდნენ კურიკულუმით გათვალისწინებულ ნაშრომებს. იწერებოდა და ვრცელდებოდა ლექსები და რითმები, რომლებიც გამოცდებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას. ერთ-ერთი ასეთი პოემის ავტორი სუნგის დინასტიის იმპერატორი სუნგ ჭენწონგიც (986 – 1022) იყო: 

富家不用买良田﹐书中自有千钟粟。 

რომ გაამდიდრო ოჯახი, ამაოა ნაყოფიერი მიწის ყიდვა

წიგნშია ათასობით მარცვალი 

安房不用架高梁﹐书中自有黄金屋。 

რომ ააშენო სახლი, ამაოა მაღალი ძელის გადება

წიგნშია ოქროს სასახლეები

娶妻莫恨无良媒﹐书中自有颜如玉。

საცოლის ძიებისას, არ დაგაღონოს მაჭანკლის არყოლამ

წიგნშია ნეფრიტისსახა/გიშრისსახა გოგონები

出门莫恨无随人﹐书中车马多如簇

მოგზაურობისას, არ დაგაღონოს მიმყოლის არყოლამ 

წიგნშია ცხენი ჯოგად, ეტლი რიგად

男儿欲遂平生志﹐六经勤向窗前读。

კაცი, რომელსაც სწადია მისწრაფებებს გამოუდგეს, 

ფანჯრის წინ ზის და კითხულობს

მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა ჩინური დინასტიების ძალაუფლება საგრძნობლად შეამცირა. 1279 წელს სამხრეთ სუნგი ეცემა და იწყება საიმპერატორო გამოცდების არსებობაში ყველაზე დიდი წყვეტის პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი, მონღოლური იუენის დინასტიის მმართველობისას გარკვეული პერიოდით გამოცდები კვლავ აღდგა, როდესაც იდეოლოგიური კონტროლის საჭიროება ნათელი გახდა მმართველი ძალისათვის, იმ მასშტაბისა და გავლენის გამეორება, როგორც წინა დინასტიების პერიოდში იყო, ვეღარ მოხერხდა. 

იუენის მმართველობისას სოციუმი ოთხ ფენად იყო დაყოფილი. მონღოლური წარმომავლობის მოსახლეები ყველაზე მაღალ ფენას მიეკუთვნებოდნენ, მათ სემუ – სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენლები –  მოსდევდა, ბოლო ორ ფენას კი ჩრდილოელი ხან ჩინელები და საბოლოოდ სამხრეთელი ხან ჩინელები იკავებდნენ. გამოცდებში მონაწილეობისათვის კანდიდატები სწორად სოციალური ფენების მიხედვით კლასიფიცირდებოდნენ. მაღალი თანამდებობის დაკავება ჩინური წარმომავლობის მოქალაქეებისთვის თითქმის წარმოუდგენელი იყო. მათთვის კვოტები მკაცრად ლიმიტირებული, გამოცდები კი ბევრად რთული და გრძელი იყო. 

1382 წელს, მინგის დინასტიის გადაწყვეტილებით, საიმპერატორო გამოცდები კვლავ აღდგა. ორი წლის შემდეგ კი შემუშავდა ახალი რეგულაცირები, რომლებიც დაახლოებით 500 წლის განმავლობაში მინგისა და მომდევნო დინასტიის, ცინგის, პერიოდში იყო ძალაში. სიტემა ოთხსაფეხურიანი გახდა და ახლა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სასწავლებლის სტუდენტებს შეეძლოთ გამოცდაში მონაწილეობის მიღება. ასევე, დაწესდა 40:60-იანი კვოტა ჩრდილოელებსა და სამხრეთელებისთვის. ამის მიზეზს წარმატებული კანდიდატების სიებში სამხრეთელი მოქალაქეების სრული დომინაცია წარმოადგენდა, რაც მხარეებს შორის ეკონომიკური განვითარების შესამჩნევი სხვაობით იყო გამოწვეული. 1397 წელს, მაგალითად, ორმოცდათორმეტივე ძინშის (进士: jìn shì) ხარისხი სამხრეთელებმა მოიპოვეს, რამაც საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვია ჩრდილოეთში და საბოლოოდ ორი მთავარი გამომცდელის სიკვდილით დასჯით დასრულდა. 

ამავე პერიოდში ტესტებს დაემატა 300-700 სიტყვიანი, რვა ნაწილისგან შემდგარი რვაფეხა ესე (八股文: bā gǔ wén), რომელიც საიმპერატორო გამოცდების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილია. ესეს თემები მხოლოდ კონფუციანური კლასიკებიდან ირჩეოდა და კანდიდატის წერის სტილიც სწორედ ამ ნაშრომების სტილისტიკას უნდა დამსგავსებოდა. ნაშრომი ორგანიზებული უნდა ყოფილიყო მკაცრად განსაზღვრული, რვა ნაწილიანი სტრუქტურის მიხედვით: თემის ინტერპრეტირება (破题: pò tí), თემის განვრცობა (承题: chéng tí), მსჯელობის დაწყება (起讲: qǐ jiǎng), საწყისი არგუმენტი (起股: qǐ gǔ), შუა ნაწილი (中股: zhōng gǔ), შემდგომი ნაწილი (後股: hòu gǔ), დასკვნითი ნაწილი (束股: shù gǔ) და საბოლოო დასკვნა (大结: dà jié). აღნიშნული ფორმატი კანდიდატებისგან კლასიკური ტექსტების ზუსტი ცოდნას გარდა, სტილისტიკური დისციპლინის სრულყოფილად ფლობასაც მოითხოვდა.

უკვე ცინგის (1644 – 1911/12) ბოლოსკენ იწყება საიმპერატორო გამოცდების ეფექტურობის კლება და სისტემის დაღმასვლა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდები ძირითადად მინგის დინასტიის პერიოდის მსგავსად ტარდებოდა, იყო მცირე ცვლილებებიც. მაგალითად, პირველ ეტაპად ტესტებს პოეზიის ნაწილი დაემატა. მხოლოდ ამის შემდეგ წერდნენ კანდიდატები რვაფეხა ესეს, ხოლო ბოლოს მათ კონკრეტული კანონების შესახებ კითხვებისთვის უნდა გაეცათ პასუხი. პოეზიის ნაწილი საკმაოდ მცირე ზომის იყო და მიიჩნევა, რომ მისი ჩამატება ტესტების გასწორების პროცესის დასაჩქარებლად მოხდა. გამსწორებლები ძირითადად პირველ ორ ნაწილზე კონცენტრირდებოდნენ და მესამე ნაწილს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. 

ცინგის დინასტიის ბოლოსკენ გამოცდების გარშემო არსებულმა სკანდალებმა მასობრივად იმატა. გამსწორებლების მოსყიდვისა და მანიპულირებული გამოცდების შედეგების მოხშირებამ ბიუროკრატიული შლა წამოიწყო, რამაც საბოლოოდ მოატანა კიდევაც გამოცდების დასასრული 1905 წელს.

საიმპერატორო გამოცდების კრიტიკა

საიმპერატორო გამოცდების არსებობის განმავლობაში მასალა, რომლითაც კანდიდატები გამოიკითხებოდნენ მკაცრად რეგულირებული იყო და კონფუციანურ თუ ნეო-კონფუციანურ იდეებს თითქმის არასდროს უხვევდა. ერთი და იმავე ნაწერების დასწავლამ და პრიორიტეტიზაციამ გამოიწვია ის, რომ ალტერნატიული ცოდნის შექმნასა და გავრცელებას ყურადღება აღარ ექცეოდა.

მეთექვსმეტე – მეჩვიდმეტე საუკუნეები დიდი აღმოჩენებისა და ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების პერიოდი იყო დასავლეთის ქვეყნებისათვის. ჩინეთი კი ამ სწრაფი განვითარებისა და მოდერნიზაციის მიღმა დარჩა. საიმპერატორო გამოცდების კრიტიკოსები ამ ფაქტს სწორად გამოცდების კურიკულუმის რიგიდულობას მიაწერენ, რომელმაც თანამედროვეობას ფეხი ვერ აუწყო.

კანდიდატები ფილოსოფიური ნაწერების შესწავლას, როგორც წესი, ბავშვობიდან იწყებდნენ. დასწავლის ხერხი კი დაზეპირება იყო. მოსწავლეებმა ხშირად არ იცოდნენ დაზეპირებული იეროგლიფების მნიშვნელობა ან სრულად ვერ აანალიზებდნენ ტექსტს. რადგანაც გამოცდები კონფუციანური კლასიკების ცოდნასა და პოემებისა და ესეების წერას ამოწმებდა, ტექნიკური უნარების განვითარება არ წარმოადგენდა მოსწავლის პრიორიტეტს. 

სისტემის ყველაზე დიდ პრობლემას კორუფცია წარმოადგენდა. გამოცდების პროცესის გამჭვირვალეობისა და სამართლიანობის შენარჩუნება ყველა დინასტიის მთავარი პრეროგატივა იყო. თუმცა გამსწორებლების მოსყიდვის, კანდიდატების მხრიდან გადაწერისა თუ ნაწერების გაყალბების მცდელობებს საკმაოდ ხშირად ჰქონდა ადგილი. მმართველი ელიტა ყველა ღონეს ხმარობდა რომ მაღალი თანამდებობები საკუთარი ოჯახის წევრებს შეხვედროდათ და ამას ბევრი სხვადასხვა გზით ახერხებდა კიდევაც. 

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდებში მონაწილეობა ნემისმიერ მამაკაც მოქალაქეს შეეძლო, სოციალური მობილობის პერსპექტივა საკმაოდ მწირი იყო. ელმანის (2000) აზრით, ‘გამოცდები სოციალური სელექციის შედეგების დასაფარად’ გამოიყენებოდა. დრო და რესურსი, რაც კანდიდატს მოსამზადებლად სჭირდებოდა, ხშირად მხოლოდ იმ ელიტას გააჩნდა, რომლის კონტროლის მიზნითაც სისტემა შეიქმნა. ასევე, ის ლინგვისტიკური ოსტატობის დონე, რომელიც გამოცდებში წარმატების მოსაპოვებლად იყო საჭირო, დაბალ სოციალურ ფენებს წარმატების მიღმა ტოვებდა. 

დასკვნა

საიმპერატორო გამოცდები წარმოადგენს კომპლექსურ საგანმანათლებლო სისტემას, რომლის მეშვეობითაც დინასტიური კონტროლის გამყარება ხდებოდა სოციუმის მრავალი სხვადასხვა ფენის ერთი დიდ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში ჩაბმით. საუკუნეების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომისა და კლასიკურ ნაწერებში განსწავლისკენ მოწოდებებმა ურყევ ტრადიციად აქცია რუტინული მუშაობა სოციალური აღმავლობის მიზნით. მერიტოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებულმა ამ პოლიტიკურმა მექანიზმმა მჭიდროდ დააკავშირა ინტელიგენცია მმართველ ძალას და ამის საფუძველზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დინასტიური ცხოვრების ყველა ასპექტზე.

გამოყენებული ლიტერატურა: 

Elman, Benjamin A. A Cultural History of Civil Examinations in Late Imperial China. Berkeley, Los Angeles, London: University of California Press, 2000.

Ko, Kwang Hyun. “A Brief History of Imperial Examination and Its Influences.” Society, June 2017. https://doi.org/10.1007/s12115-017-0134-9.

Miyazaki, Ichisada. China’s Examination Hell: The Civil Service Examinations of Imperial China. Berkeley: University of California Press, 1976.

Patron, Ernesto Carlos Pujazon, and Jose Domingo Elias Arcelles. “The Chinese Imperial Examination System’s Historical Significance: Why Was It Administered?” Athens Journal of History 11 (2025): 1–17. https://doi.org/10.30958/ajhis.X-Y-Z.

Wang, Rui. The Chinese Imperial Examination System: An Annotated Bibliography. Lanham, Toronto, Plymouth, UK: The Scarecrow Press, Inc., 2013.

Zhou, Yijun. “The Enlightenment of the Imperial Examination to the Modern Examination System.” School of English Studies, Chengdu Institute, Sichuan International Studies University. Email: vmay71962@student.napavalley.edu.

Chinaknowledge.de. “Imperial Examinations in China.” Accessed December 31, 2025. http://www.chinaknowledge.de/History/Terms/examination.html.

Scribd. მენციუსი: ლეგალიზმი. Accessed December 29, 2025. https://www.scribd.com/document/730316650/მენციუსი-ლეგალიზმი.

სტატიის ავტორი: ანი მაჩაიძე

Tags: საიმპერატოროგამოცდებიჩინეთშისინოლოგიაჩინეთისისტორიაჩინურიგამოცდაცინგისდინასტია
Previous Post

ცვლილებათა წიგნი 21-ე საუკუნეში-易经在二十一世纪

teona gelashvili

teona gelashvili

Discussion about this post

ბოლო პოსტი

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

ტეგების ღრუბელი

თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სიას დინასტია სინოლოგია სინხაის რევოლუცია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩაგვრის საუკუნე ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთისისტორია ჩინეთისკვლევებისკავკასიურიასოციაცია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • CACS
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • CACS (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (39)
  • კატეგორიის გარეშე (12)
  • კულტურა (36)
  • პოლიტიკა (19)

ბოლო ჩანაწერები

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

ჩინეთის საიმპერატორო საგამოცდო სისტემა

იანვარი 19, 2026

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • CACS

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია