ჩინეთის უკანასკნელი დინასტია – ცინგი (1644-1911) სხვა ყველაფერთან ერთად ასევე გამორჩეულია სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვნებით. სტატიასი საუბარი გვექნება მათ რამდენიმე ცნობილ წარმომადგენელზე. დავიწყებთ ცინგის დინასტიისთვის დამახასიათებელი სამოსის ერთ-ერთი უპირველესი ელემენტით- „ღრუბლოვანი მხრები“ (云肩).
თავდაპირველად ღრუბლოვანი მხრები ადრეული ფერიების კოსტიუმებიდან წარმოიშვა. სონგისა (969-1276) და ძინის (1115-1234) დინასტიების დროს იგი თანდათან გავრცელდა, ხოლო ცინგის დინასტიის დროს საზოგადოების ყველა ფენაში მოიკიდა ფეხი. ამ პერიოდში იგი აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარი იყო ახალგაზრდა ქალებისთვის ქორწილების დროს. ჩინელ ქალები ღრუბლიანი მხრებს ატარებდნენ, რათა ტანსაცმლის საყელო სუფთა ყოფილიყო თმის ზეთისგან რომელსაც ისინი იყენებდნენ. ღრუბლოვანი მხრები ხშირად მორთულია კვადრატული და ოთხკუთხა ღრუბლოვანი შაბლონებით და ძირითადად დამზადებულია ფერადი ფარჩით. ისინი ჰგვანან ღრუბლებს, რომლებიც ირეკლავენ მზეს წვიმის შემდეგ, ცისარტყელას მოწმენდილ ცაზე, ამიტომაც ეწოდება მას ღრუბლოვანი მხრები. იგი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა განვითარდა და გახდა ძალიან დახვეწილი ნაქარგების ნამუშევარი.
აღსანიშნავია, რომ საყელოს შიგნით კისრის ნაწილის დასამალად თეთრ შარფს იყენებდნენ, როგორც ქვემოთ ფოტოზე ჩანს. ღრუბლოვანი მხრები ერთგვარი დანამატი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში იგი ინტეგრირდა და უშუალოდ სამოსთან იყო გაერთიანებული.
საყურეები და პომადის წასმის მეთოდი:
ყურის გახვრეტა არ იყო ტიპიური ხანის ჩინელების ტრადიცია, თუმცა მომთაბარე ტომებისთვის ეს სრულიად მიღებული გახლდათ. არსებობს ჩანაწერები, რომ მომთაბარე ტომის ქალებს 8-9 საყურეც კი ჰქონდათ. იმპერატორმა ციენლონგმა(乾隆 1736-1795) გასცა ბრძანება, რომ ყველა ქალს არისტოკრატი ოჯახების მსგავსად თიოთოეულ ყურზე 3 საყურე უნდა ჰქონოდა.
ჩინეთში სამკაულები და აქსესუარები სიმბოლური და იერარქიული იყო. მაგალითად, მარგალიტის ტიპი და რაოდენობა, ძვირფასი ქვები გამოხატავდა იმპერატორის კარზე ქალების სტატუსს. როგორც ჩანს, თუ თქვენ მხოლოდ დამსწრე იყავით, თითოეულ ყურზე მხოლოდ ერთი მარგალიტის საყურე შეგეძლოთ გაგეკეთებინათ, დანარჩენი ორი საყურე კი უბრალო რგოლები იყო, ხოლო დედოფალი თითოეულ ყურზე სამი უმაღლესი ხარისხის მარგალიტს ატარებდა.
ასევე როგორც ფოტოებზე ხედავთ, ქალის სახე ფერმკრთალია. ეს იმიტომ რომ მაშინ ქალები ტუჩსაცხს ისვამდნენ მხოლოდ ქვედა ნაწილზე.
ცინგის დინასტიის სამკაულებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 18 მძივიანი სამაჯურია (清宫十八子), რომლის გაკეთებაც როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს შეეძლოთ. მას სამოსის მხოლოდ და მხოლოდ მეორე ღილზე იმაგრებდნენ. ამ შემთხვევაში სამაჯურის შესაქმნელად არ ჰქონდა მნიშვნელობა რა სახის მძივები ან ფერები იქნებოდა გამოყენებული. ეს სამაჯური თავდაპირველად წარმოიშვა ბუდისტური ლოცვის დროს. იგი შეიძლება გამოვიყენოთ ტანსაცმელზე მისამაგრებლად ან მაჯაზე სატარებლად ან თუნდაც სათამაშოდ თავისუფალ დროს. ეს 18 მძივიანი სამაჯური ცინგის დინასტიის დროს შეიძლება ყოფილიყო ზურმუხტის, მარჯნის, ტურმალინის, ნეფრიტის, აქატის ან სხვა კრისტალების.
ვერცხლისფერი ფარშევანგის ძაფები(孔雀羽线)
ბუმბული უკვე დიდიხანია გამოიყენება ყველა სახის აქსესუარებისთვის, რათა კაბები უფრო მშვენიერი გამოვიდეს თავისი ბრწყინვალე ფერების დახმარებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მისი ფერი არასდროს ქრება. ამ სახის ძაფი ჩინურ ჩანაწერებში ჯერ კიდევ ძვ.წ 500 წელს არსებობდა. ბუმბულის ძაფებს აბრეშუმის ძაფებთან, შემდეგ კი ნამდვილ ოქროს ძაფებთან ერთად სრესდნენ. ამგვარი 1 მეტრი ძაფის შესაქმნელად ზოგჯერ მთელი დღე სჭირდებოდათ ხოლმე.
საბოლოო პროდუქტი კი ასე გამოიყურება:
ალკუნის ბუმბულის აქსესუარები(点翠)
თუ ადრე გინახავთ ალკუნი, გეცოდინებათ, რომ ისინი ძალიან პატარა ფრინველები არიან და მათი ბუმბული კიდევ უფრო პატარაა. ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ ფრინველის ბუმბულის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული ნაწილის გამოყენება შეიძლებოდა, რადგან უმეტესი ნაწილი ყავისფერია. მხოლოდ ერთი ბუმბულის ზედა ნაწილია ლურჯი.
ალკუნის ბუმბული იყოფა “მყარ ბუმბულად” და “რბილ ბუმბულად”. მყარი ბუმბული უფრო დიდია. იგი დაახლოებით 4-5 სმ სიგრძისაა (მხოლოდ 2-3 სმ-ის გამოყენება შეიძლება), ხოლო რბილი ბუმბული არის დაახლოებით 1-2 სმ (შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ 0.8-1 სმ). 1 სმ x 1 სმ ფართობისთვის, თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 20 რბილი ბუმბული ან 5-8 მყარი ბუმბული. ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ თუ რამდენი ალკუნი შეეწირებოდა მხოლოდ აქსესუარის პატარა ნაწილს. ახლა სხვადასხვა მასალის გამოყენებაა შესაძლებელი მის შესაქმნელად, მაგალითად ბატის ბუმბული და სხვა.
არ არის გასაკვირი,რომ ცინგის დინასტიის დროს ძალიან დიდი საფრთხე შეექმნათ ამ ფრინველებს და ამიტომ გაიცა საიმპერატორო განკარგულება, რომელიც კრძალავდა ალკუნის მოკვლას. შედეგად მალევე გაიზარდა ე.წ კლუაზონეს (ტიხრული მინანქარი) გამოყენება აქსესუარებში მსგავსი ფერების მისაღწევად.
ამბობდნენ, რომ ჩინელ საოპერო შემსრულებლებს, როგორიცაა მეი ლან ფანგი(梅兰芳 1894-1961), ჰქონდათ მთელი თავსაბურავი რბილი ბუმბულისგან, როგორც უმაღლესი ხარისხის აქსესუარი. რაც უფრო დახვეწილია ბუმბული, მით უფრო უნაკლოდ გამოიყურება იგი და მით უფრო ბრწყინავს. ეს ოსტატობა არასოდეს დაკარგულა და თანამედროვე ხელოსნებმა მემკვიდრეობით მიიღეს უძველესი მეთოდები და გამოიყენეს სხვადასხვა მასალები მისი უფრო დახვეწილი სამკაულების დასამზადებლად. 1933 წელს კი, ჩინეთში არსებული ბოლო სახელოსნო დაიხურა, მიზეზი კი ალკუნის გადაშენება გახლდათ.
კლუაზონე- ტიხრული მინანქარი(烧蓝+花丝镶嵌)
ეს ხელობა არის პეკინის/აკრძალული ქალაქის 8 ურთულესი ხელნაკეთობიდან ერთ-ერთი(燕京 八 绝). სასახლეში იყო შრომის მკაცრი განაწილება, როდესაც საქმე ხელობას ეხებოდა და ეს აქსესუარიც არ შედგებოდა ერთი ხელობისგან. კლუაზონეს აქსესუარისთვის იქმებოდა ფილიგრანი, ძვირფასი ქვების განლაგება (გაითვალისწინეთ, რომ ჩინელები ტრადიციულად არ ქმნიან/აჭრიან ძვირფასი ქვებისგან სპეციფიკურ/სიმეტრიულ ფორმებს დასავლეთისგან განსხვავებით – ისინი იყენებენ მათ ბუნებრივ ფორმას) და ტიხრული მინანქარი.
მაგალითად ამ ფოტოზე არსებული ძვირფასი ქვები ისეა გამოყენებული, რომ მათი ბუნებრივი ფორმა არ არის შეცვლილი.
ეს გახლავთ მინგის დინასტიის (明朝 1368-1644) სტილის საყურე დამზადებული ოქროს თხელი ძაფების გამოყენებით (თმაზე წვრილი- 0,1 მმ -მდე) ფილიგრანული ტექნიკის გამოყენებით. შეუძლებელია ასეთის დამზადება სპეციალური მანქანით, რადგან ოქროს ძაფები ადვილად იშლება და მანქანა ვერ შეძლებს ამგვარი დეტალების დამუშავებას.
ეს არის ახლანდელ დროში დამზადებული ფილიგრანი ახლოდან. ეს სამკაული სიგრძით მხოლოდ 5 სმ -ია, ასე რომ წარმოიდგინეთ დეტალების რაოდენობა და დრო, რომელიც საჭიროა მის შესაქმნელად.
როდესაც ჩინეთი პირველად გახდა რესპუბლიკა, შეიქმნა ქარხანა ასეთი აქსესუარების წარმოებისათვის, შრომის მკაფიო დანაწილებით, ასე რომ ხელოსანთა სხვადასხვა განყოფილებამ არ იცოდა სხვა განყოფილების სამუშაო და ტექნიკა. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, ადამიანების უმეტესობას არ შეეძლო ერთი ხელით დაესრულებინა ერთი ნამუშევარი.
აღსანიშნავია, რომ კლუაზონე და ფილიგრანი ჩინეთიდან არ არის წარმოშობილი – ისინი ათასობით წლის წინათ ჩინეთში უცხოური კულტურის გავლენის შესანიშნავი მაგალითებია. ჩინეთმა ის უნიკალური გზებით შერწყმითა და საკუთარი ესთეტიკის გაჟღენთვით.თავისად აქცია.
ხავერდოვანი აბრეშუმის ძაფის ყვავილის აქსესუარები (绒花)
თანგის დინასტიიდან (619-907), ხავერდის აბრეშუმის ყვავილები (ისევე როგორც პომპონის ტექსტურის ყვავილები აბრეშუმის ძაფებით, და არა სინთეზური ნივთიერებით) გამოიყენება იმპერატორისთვის პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად. ასე რომ მხოლოდ იმპერატორის კარს შეეძლო ამ ნივთების გამოყენება.იგი იქმნება აბრეშუმის, ხავერდის, შალის ძაფისა და სხვა მასალებისგან. ეს აქსესუარები არის მკვეთრად შეფერილი, ნათელი და აქვს ბევრი მნიშვნელობა.
აკრძალული კვანძების ქარგვა(打籽绣)
ამ ტიპის კვანძი განსაკუთრებულია ჩინური აბრეშუმით ქარგვისთვის, სადაც ნიმუშები ივსებოდა ამგვარი წვრილი კვანძების რიგებით. თვალის დაძაბულობისა და სიბრმავის გამო, რაც ამ კვანძებზე მუშაობამ გამოიწვია, მას ბრმა კვანძი ეწოდა. საინტერესოა, რომ სახელი “აკრძალული ნაკერი” ჩამოყალიბდა ან იმიტომ, რომ ეს ნაკერი აკრძალული იყო მის მიერ გამოწვეული “სიბრმავის” გამო, ან კვანძების ასოციაციის გამო ჩინეთის აკრძალულ ქალაქთან.
ავტორი: მარიამ ფაცურია
გამოყენებული მასალები:
1. Qing dynasty show styling–The good, the bad and the ugly (Make-up & Accessories episode)- by Hanfugirl August 22, 2018.
2. 云肩- 2019年04月21日
https://baike.baidu.com/item/云肩/1209324
3. 厚德斋财富—十八子手串(值得收藏)2018-09-24 18:41:52 来源: 厚德斋文玩
https://www.163.com/dy/article/DSG6TKDU05219I3U.html
4. 孔雀裘
https://baike.baidu.com/item/孔雀裘/768692
5. 点翠(金银首饰制作工艺)
https://baike.baidu.com/item/点翠/5933650
6. 古装饰品科普—-绒花 ,青影风尚– 杭州专业的古装造型培训机构
https://zhuanlan.zhihu.com/p/43338091
7. 打籽
Discussion about this post