ავტორი:გიორგი ხაჩიძე
შესავალი
2021 წლის 16 ნოემბერს, ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის თეოდორო ლოცინის თქმით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მეორე თომას შოლის (Second Thomas Shoal) მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინეთის სანაპირო დაცვის სამმა გემმა გზა გადაუღობა და წყლის ჭავლი გაუხსნა ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავ ორ გემს, რომლებსაც საკვების მარაგი გადაჰქონდათ მახლობლად მყოფი ფილიპინელი სამხედროებისთვის. აღნიშნული ტერიტორია ჩინეთს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ კი ეს მტკიცება დაუსაბუთებლად მიიჩნია და ხუთი წლის წინ დასრულებული სასამართლო პროცესის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობაზე ჩინეთმა უარი განაცხადა, სადავო საკითხებზე უპირატესობა ფილიპინების რესპუბლიკას მიანიჭა. ამის მიუხედავად, პეკინმა უგულებელყო აღნიშნული გადაწყვეტილება, და ბოლო წლების განმავლობაში ფილიპინებისთვის მინიჭებულ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში არაერთი ხელოვნური კუნძული ააშენა, მის მახლობლად კი სანაპირო დაცვა, საზღვაო და თევზსაჭერი გემების ფლოტები განათავსა. (AL JAZEERA, 2021)
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის არსებული ტერიტორიული დაპირისპირება საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა აქტუალური. პირველ რიგში, ის დაკვშირებულია სადავო კუნძულების ლოკაციასთან – სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან. 2016 წლის მონაცემებით, საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლების მესამედი ანუ 3.37 ტრილიონი დოლარი სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გამომუშავდება. ამასთან ერთად, რეგიონს ეკონომიკურ ღირებულებას მატებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით თხევადი ბუნებრივი გაზის სავაჭრო ბრუნვით მიღებული შემოსავალის 40%-ც ასევე ხსენებულ ზღვაზე მოდის.(CFR, 2021) რეგიონი მდიდარია ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისითაც, რადგან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აღმოჩენილია დაახლოებით 190 ტრილიონი კუბური ფუტი ბუნებრივი აირი და 11 მილიარდი ბარელი ნავთობი, თუმცა ექსპერტთა მტკიცებით გაცილებით მეტი პოტენციურად აღმოუჩენელია. (AMTI, 2021) შესაბამისად ფაქტი, რომ ტერიტორიული დავა ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სწორედ ამ რეგიონში მიმდინარეობას ამ დაპირისპირებას მსოფლიო პოლიტიკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანად ხდის.
ამასთან ერთად, ჩინურ-ფილიპინური ტერიტორიული დავის გარშემო საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტების ინტერესს აღვივებს ის ფაქტი, რომ ჩინეთის მთავარმა მეტოქემ აშშ-მ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ სამხრეთ ჩინეთის ზღვას მიანიჭა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნმა ლოიდ ოსტინმა პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით გლობალურ პოზიციათა მიმოხილვის დოკუმენტი შეადგინა, რომლის მიხედვითაც აშშ-ს უსაფრთხოებისთვის ცენტრალურ საკითხს პეკინისგან მომავალი პოტენციური საფრთხის შეკავება წარმაოდგენს, ამის მისაღწევად კი აუცილებელია ვაშინგტონის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგადად ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. უშუალოდ ფილიპინების შემთხვევაში კი, 1951 წელს მანილასა და ვაშინგტონს შორის დადებული თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით აშშ მზად არის მანილას დასაცავად შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერთოს იმ შემთხვევაში, თუკი ფილიპინების ეროვნულ უსაფრთხოებას რაიმე საფრთხე დაემუქრება. (Kaufman,2021) ტერიტორიულ ნიადაგზე არსებული დაპირისპირება პეკინსა და მანილას შორის აქტუალურია ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საკითხის მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიუხედავად, ფილიპინები დღემდე ვერ ახერხებს ამ გადაწყვეტილების პრაქტიკაში განსახორციელებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და უფრო მეტიც, იგი ტერიტორიული დაპირისპირების მიუხედავად ჩინეთთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული ტიპის ურთიერთობას ინარჩუნებს.
ისტორიული მიმოხილვა
ფილიპინების რესპუბლიკამ, რომელიც წარსულში ჯერ ესპანეთის, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების და ბოლოს იაპონიის იმპერიიების შემადგენლობაში შედიოდა, 1946 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სავაჭრო ურთიერთობები არაერთ საუკუნეს ითვლიდა და სხვა იმპერიული ძალებისგან განსხვავებით ჩინეთს არასდროს უცდია ამ ტერიტორიის დაპყრობა, ჯერ კიდევ ამერიკული გავლენის ქვეშ მყოფ ფილიპინებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ 1970-იან წლებში ჩაეყარა. (Woods, 2016) ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ აშშ-ს მოკავშირე მანილა, კომუნისტური ჩინეთისგან მომვალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, წლების განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე ჩინელი ხალხის წარმომადგენლად კუნძულ თაივანზე მდებარე ჩინეთის რესპუბლიკას აღიარებდა. კონტინენტური ჩინეთსა და აშშ-ს შორის გამართული პინგ-პონგის დიპლომატიისა და ჩინეთის მხრიდან არაკომუნისტურ სამყაროსთან ურთიერთობების შერბილების შედეგად, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ფილიპინებმაც აღიარა. მეზობელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1975 წლის 9 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ფილიპინების ლიდერებმა ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი. (Zhao, 2012)
მართალია, ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში (ფილიპინებში ცნობილი, როგორც დასავლეთ ფილიპინების ზღვა) მდებარე კუნძულების გარშემო რამდენიმე წელია ტერიტორიული დავა მიმდინარეობს, თუმცა ბოლო 40 წლის განმავლობაში მათ შორის ურთიერთთანამშრომლობა უფრო და უფრო ღრმავდება. ჩინურ-ფილიპინურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა 1991 წელს, როდესაც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ფილიპინების საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა საკონსულტაციო მექანიზმი დააფუძნეს, რის შედეგადაც მეზობელ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური კონსულტაციების 15 რაუნდი ჩატარდა. 1975 წლიდან მოყოლებული პეკინსა და მანილას შორის 100-მდე ორმხრივი დიპლომატიური შეთანხმება დაიდო, რომელიც პოლიტიკურ, თავდაცვის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, სამართლის, ინფრასტრუქტურული განვითარებას, ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას მოიცავს. 2000 წლიდან მოყოლებული ჩინეთისა და ფილიპინების ურთიერთობებში ხშირად შეინიშნებოდა მაღალი დონის დიპლომატიური ვიზიტები ორივე სახელწმიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტების მონაწილეობით. პეკინსა და მანილას შორის თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა 2016 წლის 30 ივნისდან, როდესაც ფილიპინების რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ დაიკავა. თუმცა ფილიპინებსა და ჩინეთს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე სადავო ტერიტორიების გამო პროვოცირებული ესკალაციები დუტერტეს ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდა. დაპირისპირების მიუხედავად, 40 წლის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად ორივე ქვეყნის დედაქალაქებში საელჩოების გახსნის გარდა, ფილიპინების ქალაქ კებუში დაფუძნებულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური საკონსულო, ხოლო 2007 წლის აპრილში დაარსდა საკონსულო ოფისი ქალაქ ლაოაგში. თავის მხრივ, ფილიპინები ჩინეთში წარმოდგენილია სიამენში, გუანჯოუში, შანხაიში, ჩონკინგში, ჩენდუსა და ჰონგ-კონგში გენერალური საკონსულოების სახით. (ROTP, 2021)
სადავო ტერიტორიები
მრავალ სფეროში თანამშრომლობისა და განსაკუთრებით მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობების პარალელურად, ჩინეთსა და ფილიპინებს შორის უკვე წლებია მიმდინარეობს ტერიტორიული დაპირისპირება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე კუნძულებისა და მათ გარშემო არსებული ბუნებრივი რესურსების ირგვლივ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეტალურად გავაანალიზოთ რა ტერიტორიები წარმოადგენს დავის საგანს ორ სახელმწიფოს შორის და რა არგუმენტებს ეფუძნება მათი პრეტენზიები.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის არსებული დავის ცენტრალური მიზეზი სპარტლის კუნძულებია. (იხილეთ რუკა N1. გვ.6) საკითხის გადაწყვეტის თავდაპირველ ეტაპზე ორივე ქვეყანა ცდილობდა უთანხმოება მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის გზით გადაეწყვიტა. 2004 წელს ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ და ფილიპინების სანაპირო დაცვამ ისტორიაში პირველად ჩაატარეს ერთობლივი სამაშველო სწავლება. იმავე წელსვე ორი ქვეყნის სახელმწიფო ნავთოკომპანიებს შორის ხელი მოეწერა „სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გარკვეულ ტერიტორიებზე ერთობლივი საზღვაო სეისმური ვალდებულების“ შეთანხმებას. (ABS-CBN, 2008)
(რუკა N1. სპარტლის კუნძულები გახაზულია ყვითელი, ხოლო სკარბოროს მცირე წყლები მწვანე ფერით იხილეთ წყარო)
თუმცა, ორ ქვეყანას შორის ვითარება სადავო ტერიტორიების გარშემო 2012 წელს განვითარებული მოვლენბის შედეგად მნიშვნელოვნად დაიძაბა. ამ დროს ჩინეთმა სცადა ძალის გამოყენებით დაეკავიბინა სკარბოროს მცირე წყლების (Scarborough Shoal) მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მანამდე ფილიპინების იურისდიქციაში შედიოდა. სამხედრო შეტაკება ზღვისპირა მეზობელ სახელმწიფოების მიერ მობილიზებულ შენაერთებს შორის მხოლოდ და მხოლოდ ხსნებულ ტერიტორიაზე ამოვარდნილი შტორმის შედეგად განიმუხტა. ბუნებრივ კატასტროფას თან დაერთო მკაცრი საერთაშორისო ზეწოლა, რის შედეგადაც ფილიპინები და ჩინეთი შეთანხმდნენ სადავო ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც მანილამ საკუთარი პირობა შეასრულა, ჩინეთმა კონტინეტისკენ დაძრული ჯარები უკან მოაბრუნა და შედეგად სკარბოროს მცირე წყლების მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, რომელზეც ამერიკელთა ცნობით, რამდენიმე თვეში ჩინეთმა ბალისტიკური რაკეტებიც განათავსა (Green, 2017)
ფილიპინებსა და ჩინეთს შორის სპარტლის კუნძულებთან დაკავშრებული კონფლიქტური სიტუაცია გამწვავდა 2019 წლის 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა დროსაც ჩინურმა გემმა შეჯახების შედეგად ჩაძირა ფილიპინელთა თევზსაჭერი გემი. შემთხვევის ადგილი ჩინურმა საზღვაო გემმა მალევე დატოვა, ხოლო ფილიპინელი მეთევზეები ვიეტნამის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა შემთხვევით გადაარჩინა. მანილამ მეორე დღესვე მოითხოვა პეკინისგან სასწრაფო გამოძიების ჩატარება და დამნაშავე მეზღვაურების დასჯა, თუმცა ოფიციალურმა ჩინურმა მხარემ ინციდენტი ტიპიურ საზღვაო უბედურ შემთხვევას მიაწერა. ფილიპინებმა ვერ დაამტკიცა განზრახ შეჯახების ბრალდება, თუმცა ჩინური ეკიპაჟი გააკრიტიკეს შეჯახების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ზომების არმიღების გამო. ასევე, მანილამ დაამტკიცა, რომ დაზიანებული გემის ეკიპაჟის მიტოვების შედეგად ჩინურ გემზე მყოფმა მეზღვაურებმა დაარღვიეს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ნორმები. (Merez, 2019)
ზემოთ განხილული ინციდენტების წარმოშობის მთავარი მიზეზი სადავო ტერიტორიების გარშემო არსებული მხარეთა განსხვავებული შეხედულებებია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეტენზიები სპარტლის კუნძულებისა თუ სკარბორის მცირე წყლების მიმდებარე ტერიტორიის ფლობაზე ეფუძნება ცხრა ტირის ხაზის, იგივე Nine Dash Line-ის (იხილეთ რუკა N1) ისტორიულ საზღვრებს, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ჩინეთის ზღვის უმეტესი ნაწილი სწორედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. 1935 წელს ჩინეთის იმდროინდელმა ხელისუფლებამ გამოაქვეყნა „სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ჩინეთის კუნძულების რუკა”. აღნიშნულ რუკაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო გავლებეული იყო თერთმეტი ტირე, რომელთა შიგნით მდებარე ტერიტორიაც იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებულ ტირეთა ფარგლებში მოქცეულ წყლებში საუკუნეების განმავლობაში სწორედ ჩინური ხომალდები დაცურავდნენ, პეკინის მტკიცებით ჩინეთის საკუთრებას წარმოადგენდა. 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტურმა მთავრობამ უარი თქვა ტონკინის ყურის პრეტენზიაზე და შეიქმნა ახალი ცხრა ტირის ხაზისგან შემდგარი რუკა. დღესდღეობითაც, Nine Dash Line-ზე დაყრდნობით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში პეკინი არამხოლოდ ფილიპინების, არამედ ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეისა და თაივანის მთავრობებთან ერთად ტერიტორიულ დაპირისპირებაშია ჩართული. (CHAPMAN, 2016)
თავის მხრივ, ფილიპინელთა არგუმენტები სპარტლის კუნძულებისა თუ ჩინეთთან სხვა სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით ემყარება საერთაშორისო შეთანხმებას სახელწოდებით – გაეროს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ (UNCLOS), რომელსაც 1982 წელს 117 სახელწმიფო, მათ შორის PRC-ც შეურთდა. აღნიშნული კონვენციის მიხედვით, თითოეულ სახელმწიფოს ენიჭება უფლება ისარგებლოს მისი ხმელეთიდან 200 საზღვაო მილის (370 კმ) ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსებით. ამ ტერიტორიას საერთაშორისო სამართალში მოიხსენიებენ, როგორც ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას (EEZ). (UN, 1982) იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ტერიტორიები ფილიპინებიდან 200 მილზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული, მანილა საკუთარი პოზიციების დასაცავად სწორედ ამ კონვენციას იყენებს და სადავო ტერიტორიებს საკუთარ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონად მიიჩნევს.
საზღვაო დავა საერთაშორისო სასამართლოში და 2016 წლის გადაწყვეტილება
ფილიპინებსა და ჩინეთს შორის არსებულმა ტერიტორიულმა დაპირისპირებამ ახალი განზომილება მას შემდეგ შეიძინა, რაც 2013 წელს ფილიპინურმა მხარემ მისი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის დარღვევისა და ამ მიზნით არასამართლებრივი Nine Dash Line-ის გამოყენების ბრალდებით PRC-ს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა. დღევანდელი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით საზღვაო დავები სამ ძირითად ქვეკატეგორიადაა დაყოფილი. პირველი მათგანი წარმოადგენს დავას მკაფიოდ დემარკირებული საზღვაო საზღვრის გარშემო, რომლის დარღვევა სახელმწიფოთა ეროვნული სუვერენიტეტის ხელყოფის ტოლფასია. ამგვარი ტიპის დავა მოიცავს ასევე კუნძულების, ტერიტორიული წყლების და აკვატორიულ შელფზე არსებული სასარგებლო წიაღისეულების კონტროლისთვის სახელმწიფოთა შორის დაწყებულ დაპირისპირებებს. მეორე ქვეკატეგორიას მიეკუთვნება ქვეყნებს შორის არსებული ისეთი უთანხმოება, რომელიც უპირისპირდება გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის საფუძველზე, 200 საზღვაო მილით განსაზღვრულ ნებართვას. მესამე კატეგორიის დავა კი წარმოადგენს დაპირისპირებას იმ საზღვაო რესურსის გარშემო, რომელიც არაა წინასწარ განსაზღვრული და გაეროს საზღვაო სამართლის შესახებ არსებული კონვენციის მიხედვით მიეკუთვნება ნეიტრალურ წყლებს. შესაბამისად ეს ტერიტორია არ შედის რომელიმე ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში. (ჩიხლაძე, 2020)
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ფილიპინების სარჩელი ჩინეთის წინააღმდეგ მეორე ქვეკატეგორიის ფარგლებში განიხილა და იმის მიუხედავად, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ პროცესში მოანწილეობაზე უარი განაცხადა, 2016 წლის 12 ივლისს ჰააგის ტრიბუნალმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ სადავო ტერიტორიების ფლობაზე Nine Dash Line-ზე დამყარებული ჩინეთის ისტორიული პრეტენზიები აღმოჩნდა უსაფუძველო და არაკანონიერი, რადგან იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებს. UNCLOS 56-ე მუხლზე დაყრდნობით, რომლის ხელმომწერიც ჩინეთიცაა, სახელმწიფოებს ენიეჭებათ უფლება გამოიყენონ რესურსები და ააშენონ ხელოვნური კუნძულები თავიანთ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში (EEZ) სახმელეთო ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის რადიუსში. აქედან გამომდინარე, Nine Dash Line-ის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც სხვა ქვეყნის EEZ-შია, უკანონოა. შესაბამისად, საერთაშორისო სამართალი კრძალავს ჩინეთის მიერ რესურსების ხელში ჩაგდებას და ხელოვნური კუნძულების შენებას სხვა სახელმწიფოების, ამ შემთხვევაში კი ფილიპინების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში არსებულ ტერიტორიაზე. (Rutzick & Chen, 2021)
ჩინეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ჩინურ-ფილიპინური ურთიერთობების მახასიათებლები
პეკინი დღემდე არ აღიარებს 2016 წელს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მხრიდან მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას და სასამართლოს მიერ აღიარებულ ფილიპინების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში კვლავ აგრძელებს ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა თუ ხელოვნური კუნძულების აშენაბს. თავად ფილიპინები კი გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით ვერ ახერხებს პეკინს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოსთხოვს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა დავადგინოთ ერთი მხირვ, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების რა მახასიათებლები და მეორე მხირვ, ჩინეთის საგარეო პოლიტიკის რა პრიორიტეტები არ აძლევვს საშუალებას ფილიპინების რესპუბლიკას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისთვის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები სისრუელში მოიყვანოს.
ჩემი აზრით მთავარი ფაქტორი, რის გამოც საარბიტრაჯო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღემდე პრაქტიკაში ვერ სრულდება არის ის, რომ ფილიპინებს არ შესწევს ძალა წნეხი განახორიციელებს რეგიონის დომინანტ ეკონომიკურ და სამხედრო ძალაზე – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე. მჭიდრო ეკონომიკური დამოკიდებულება პეკინზე ზღუდავს მანილას არათუ სამხედრო, არამედ ნებისმიერი ტიპის კონფრონტაციაში შევიდეს ჩინეთთან. ვფიქრობ, სწორედ პოტენციური ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მიზნით აირჩია ფილიპინების ამჟამნიდელმა პრეზიდენტმა დუტერტემ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისა და დაპირისპირების ნაცვლად, ჩინეთთან თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობების გაღრმავება. 2019 წლის მონაცემებით, ფილიპინური პროდუქციის მესამე ყველაზე მსხვილი იმპორტიორი სწორედ ჩინური ბაზარი იყო, თავის მხრივ კი ჩინეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის წილი 22.82 %-ით ფილიპინურ ბაზარზე პირველ ადგილს იკავებდა. (worldbank, 2019) ეკონომიკური თვალსაზრისით, ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავლების პარალელურად ფილიპინელთთათვის, ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ეკისრება ჩინეთთან თანამშრომლობას. ამ მხრივ, აღსანიშნავია „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში, დუტერტესა და ძინპინის პირდაპირი მონაწილეობით, ორ ქვეყანას შორის გაფრომებული განვითარების ოფიციალური დახმარების (ODA) პაკეტი, რომელიც გარკევული შეფერხებების მიუხედავად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფილიპინების ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარებისთვის.(Leyco, 2021) აქედან გამომდინარე, ფილიპინებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება აიძულებს სადავო ტერიტორიების გარშემო არსებული დაპირისპირება, თავისდა სასარგებლოდ გამოტანილი სამართლებრივი განჩინების მიუხედავად, გვერდზე გადადოს და პეკინთან ეკონომიკური პარტნიორობა შეინარჩუნოს.
ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, ფილიპინებს ჩინეთისთვის სადავო ტერიტორიების დატოვების მოთხოვნის წაყენების პროცესში ხელის შემშლელ ფაქტორად ევლინება ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო დისბალანსიც. გარდა აქტიურ სამხედრო პერსონალის რაოდენობასა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის დახარჯულ თანხებს შორის მასშტაბური სხვაობისა, პეკინსა და მანილას შორის ასევე დიდია დისბალსანსი საზღვაო ძალების თვალსაზრისით. ჩინური ავიამზიადების, გამანადგურებლების, ფრეგატების, კორვეტების, წყალქვეშა ნავებისა და სხვა საზღვაო ძალების საერთო რაოდენობა 742-ს შეადგენს, მაშინ როცა ფილიპინების არმიაში მხოლოდ და მხოლოდ 129 საზღვაო საბრძოლო ერთეულს ვხვდებით. (Armedforces, 2021) შესაბამსიად, ზემოთ აღწერილი სამხედრო დისბალანსი ფილიპინებს ჩინეთთან „მშვიდობის“ მშენებლობისკენ უბიძგებს, მაშინ როცა პეკინი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო მიერ აღიარებულ ფილიპინების საზღვრებში უკანონო საქმიანოაბს ახორციელებს და ხელოვნურად აშენებულ კუნძულებზე საკუთარ სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ უფრო აძლიერებს.
ამასთან ერთად, საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და სადავო ტერიტორიებიდან ჩინეთის წარმომადგენლების გაყვანას შეუძლებელს ხდის თავად ჩინური საგარეო პოლიტიკის დამოკიდებულება სპარტლის კუნძულებისა და ზოგადად სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმართ. კერძოდ, ჩინეთის საგარეო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებს შორის, სავაჭრო მნიშვნელობისა და ბუნებრივი რესურსების მარაგების გათვალისწინებით, ცენტრალურ ადგილს იკავებს სამხრეთ ჩინეთის ზღვა. შესაბამისად პეკინსა და მანილას შორის არსებული სადავო ტერიტორიები – სპარტლის კუნძულები, სკარბოროს მცირე წყლების მიმდებარე ტერიტორია თუ სხვა, რომლებიც ასევე მდიდარია ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით, ჩინური მხარისთვის წარმოადგენს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ძალების ზრდის ეფექტურ საშუალებას. ბოლო წლებში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე პროცესებში PRC-ის აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ პეკინს რაიმე საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილება და საყოველთაოდ აღიარებული საზღვაო სამართლის ნორმა ვერ აიძულებს დატოვოს სადავო ტერიტორიები და იქ არსებული ბუნებრივი რესურსი თუ ვაჭრობის გზით მიღებული შემოსავალი ფილიპინებს, ანდაც რომელიმე სხვა სახელმწიფოს დაუთმოს.
დასკვნა
დასკვნის სახით შეგვიძლია პასუხი გავცეთ საკვლევ შეკითხვას და ვთქვათ თუ რა ტერიტორიული დავა განაპირობებს დაპირისპირებას ჩინეთსა და ფილიპინებს შორის და რა მიზეზების გამო ვერ სრულდება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ ჩინეთის წინააღმდეგ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება. ჩინეთსა და ფილიპინების რესპუბლიკებს შორის მთავარი სადავო ტერიტორია ბუნებრივი რესურსებით მდიდარი სპარტლის კუნძულებია. Nine Dash Line-ზე დაყრდნობით ჩინური მხარე კუნძულებს საკუთარ საზღვაო ტერიტორიად მიიჩნევს, ხოლო ფილიპინებისთვის გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის (UNCLOS) მიხედვით სადავო მონაკვეთი მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამრათლომ სადავო ტერიტორიებზე 2016 წელს გადაწყვეტილება ფილიპინების სასარგებლოდ მიიღო. თუმცა, მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, ჩინეთის წვლილი ფილიპინების ინფრასტრუქტურ განვითარებაში, პეკინსა და მანილას შორის არსებული მკაფიო სამხედრო დისბალანსი და ჩინეთისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მნიშვნელობა არის იმ ფაქტორების ერთობლიობა, რომელთა გამოც ფილიპინები საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით აღიარებული მისი ტერიტორიიდან დღემდე ვერ ახერხებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი, ჩინეთის მზარდი გავლენების წინააღმდეგ გამოსვლას. სადავო ტერიტორიებზე ვითარების პერიოდული ესკალაციის გათვალსიწინებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში დასავლურ და ფილიპინურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ პრეზიდენტი დუტერტე დარწმუნდა პეკინთან მისი შერბილებული პოლიტიკის არაეფექტურობაში და საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, ვაშინგტონთან ურთიერთობების დათბობის საშუალებით ეცდება პეკინზე ზეწოლის განხორციელებას. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს დუტერტესა თუ მისი შემცვლელის დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ, ერთი რამ ცხადია, „ჩინეთი არ დათმობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საკუთარი ტერიტორიის ერთი ინჩსაც კი“ – განუცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა 2018 წელს პეკინში ჩასულ აშშ-ს თავდაცვის მდივანს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- AL JAZEERA. (November 18, 2021) Philippines tells China to ‘back off’ after South China Sea clash. AL JAZEERA AND NEWS AGENCIES. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 29.12.2021
- CFR (2021) Territorial Disputes in the South China Sea. Council on Foreign Relations. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 30.12.2021
- AMTI (2021). South China Sea Energy Exploration and Development. The Asia Maritime Transparency Initiative. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 30.12.2021
- Kaufman. E (November 29, 2021) Pentagon to build up US bases in Guam and Australia to meet China challenge. იხილეთ ბმული CNN. ბოლო ნახვა – 30.12.2021
- Zhao, H. (2012). SINO-PHILIPPINES RELATIONS: MOVING BEYOND SOUTH CHINA SEA DISPUTE? The Journal of East Asian Affairs, 26(2), 57–76. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 01.01.2021
- Woods, Shelton. (2016). “The Sino-Philippine South China Sea Dispute”. American Journal of Chinese Studies, 23, 159-172. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 01.01.2022
- ROTP (2021) PHL-CHINA RELATIONS 菲中关系. REPUBLIC OF THE PHILIPPINES. Embassy of the Philippines, Beijing, China. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 01.01.2022
- Crisisgroup (December 2, 2020) The Philippines’ Dilemma: How to Manage Tensions in the South China Sea. International Crisis Group Report 316/Asia. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 02.01.2022
- ABS-CBN. (March 14, 2008) List of Bilateral Agreements Between the Philippines and China. 9. ABS-CBN Corporation. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 03.01.2022
- GREEN. M & Co-Authors (MAY 22, 2017) COUNTER-COERCION SERIES: SCARBOROUGH SHOAL STANDOFF. The Asia Maritime Transparency Initiative. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 03.01.2022
- Merez. A ( JUNE 13, 2019) Military cites report: Chinese ship ‘accidentally collided’ with Filipino fishing boat. ABS-CBN Corporation. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 03.01.2022
- CHAPMAN, B. (2016). CHINA’S NINE-DASHED MAP: CONTINUING MARITIME SOURCE OF GEOPOLITICAL TENSION. Geopolitics, History, and International Relations, 8(1), 146–168. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 03.01.2022
- UNITED NATIONS. (1982) United Nations Convention on the Law of the Sea – Part V. EXCLUSIVE ECONOMIC ZONE. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა – 03.01.2022
- ჩიხლაძე.შ (10 ნოემბერი, 2020) ჩინეთის რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკა, სამხრეთ ჩინეთის ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა. სინოლოგია. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა 03.01.2022
- Rutzick. J & Chen. J ( March 16, 2021) The Validity of the 9 Dash Line. Story maps. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა 03.01.2022
- Worldbank. (2019) Philippines Trade. wits.worldbank.org იხილეთ ბმული. ბოლო ნახვა 03.01.2022
- Leyco. C (August 25, 2021) DOF ‘happy’ with China-funded projects. Manila Bulletin The Nation’s Leading Newspaper. იხილეთ ბმული ბოლო ნახვა 03.01.2022
- Armedforces (2021) Compare armed forces – Military power of China & Philippines. ArmedForces.eu. იხილეთ ბმული. ბოლო ნახვა 03.01.2022
Discussion about this post