მერვე საუკუნეში არაბთა სახალიფოსა და ჩინეთის თანგის დინასტიის ( 唐朝-617-906 ) ინტერესები ცენტრალურ აზიაში გადაიკვეთა. ეს იყო ტერიტორია, სადაც გადიოდა აბრეშუმის გზა, ტრანსკონტინენტური სავაჭრო მაგისტრალი, რომელიც უზარმაზარ შემოსავალის წყაროს წარმოადგენდა როგორც ვაჭრებისათვის, ასევე სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, რაც უფრო დიდ ტერიტორიას აკონტროლებდა სახელმწიფო აბრეშუმის გზაზე, მით მეტად ივსებოდა მისი ხაზინა. სწორედ ამ მიზეზით არაბთა და ჩინელებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 751 წელს ქალაქ ატლახთან, მდინარე ტალასის მახლობლად.
618 წელს ლი იუენმა (李渊)დააარსა თანგის დინასტია, რომელმაც 907 წლამდე გასტანა და ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი იმპერიის სახელი დაიმკვიდრა. მეშვიდე საუკუნის შუა წლებიდან ჩინელები გააქტიურდნენ ცენტრალურ აზიაში. 657 წელს თანგის დინასტიის ჯარებმა ისიკ-ყულის ტბასთან[1] გაანადგურეს დასავლეთ თურქთა ხაკანატის არმია[2] და თავიანთი სამფლობელო სპარსეთამდე განავრცეს. მიუხედავად იმისა, რომ 665 წელს თურქთა აჯანყების შემდეგ ჩინელებს უკან დახევა მოუხდათ, ამ პერიოდიდან თანგის დინასტიის ინტერესები და გავლენა ცენტალურ აზიაში ძლიერდება (6).
თავის მხრივ არაბები სასანური ირანის დაპყრობის შემდეგ დასავლეთიდან დაუმეზობლდნენ ცენტრალურ აზიას და ცდილობდნენ აღმოსავლეთით გაევრცელებინათ თავიანთი გავლენა, რათა დაუფლებოდნენ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან მონაკვეთს. 651 წელს მუსლიმები ხორასანში შეიჭრნენ. 704 წელს ხორასნის გამგებლად დაინიშნა ქუთაიბა იბნ მუსლიმი. მისი მეთაურობით 707 წელს არაბები მავერანაჰრში[3] შეიჭრნენ, 709 წელს დაიკავეს ბუხარა[4], 711- 712 წლებში- ხორეზმი (1).
პირველი დაპირისპირება ჩინელებსა და არაბებს შორის გამოიწვია ფერღანას[5] მმართველის- ალუთარის მიერ ხალიფასათვის მფარველობის თხოვნამ, მაშინ, როცა ყოფილმა მმართველმა- იხშიდმა თანგის დინასტიის იმპერატორს სთხოვა დახმარება. 715 წელს აღნიშნული დაპირისპირება ჩინელთა გამარჯვებით დასრულდა. ორი წლის შემდეგ კვლავ დაუპირისპირდნენ ამ ორი დიდი იმპერიის არმიები ერთმანეთს და გამარჯვება ამჯერადაც ჩინელებს დარჩათ (4 ;36;37).
თანგის დინასტია და არაბთა სახალიფო არ იყო ერთადერთი ძალა, რომელიც ცენტრალურ აზიაში ცდილობდა გაბატონებას. მათ მრავალი ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ, რაც ერთგვარად აბრკოლებდა ორივე მათგანს რეგიონში საკუთარი პოზიციები განემტკიცებინათ. ასეთი ძალები იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ თურქთა ხაკანატი.[6] მერვე საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა დასავლეთ თურქთა ხაკანატი ტურგეშების[7] ტომის მეთაურობით. თუმცა, როგორც კი დიდი ხაკანი სულუ გარდაიცვალა, ხაკანატში არეულობა დაიწყო. ჩინელებმა, ცენტრალური აზიის სამეფოების: ფერღანას[8], ჩაჩისა[9] და ქიშის[10] მმართველებთან ერთად ილაშქრეს თურქებზე და დიდ წარმატებასც მიაღწიეს. ტურგეშები არაერთხელ დამარცხდნენ და ხაკანატში წამყვან ძალას ვეღარ წარმოადგენდნენ. საბოლოოდ მერვე საუკუნის 40-იან წლებში დასავლეთ თურქთა ხაკანატი ფაქტობრივად დაიშალა (6). ერთი მხრივ ჩინელებისათვის ეს დიდი წარმატება იყო, მეორე მხრივ კი დიდი საფრთხის შემცველიც, რადგან დასავლეთ თურქთა ხაკანატი იყო ძალა, რომელიც დიდ წინააღმდეგობას უწევდა არაბებს. ახლა, ამ ძალის გაქრობის შემდეგ არაბებს ასპარეზის გაფართოების საშუალება მიეცათ.
VIII საუკუნის შუა ხანებში, თურქთა ძლიერი ხაკანატის დაშლის შემდეგ ორივე მხარე აქტიურად ცდილობდა რეგიონში ტერიტორიის მისაკუთრებას, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა ტალასის ბრძოლით. თუმცა, მიუხედავად გაზრდილი ინტერესებისა ორივე იმპერიის ტერიტორიები ჯერ კიდევ ასეულობით კილომეტრით იყო ერთმანეთისაგან დაშორებული. რამ უბიძგა ჩინურ არმიას თავიანთი საზღვრიდან 300 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ტალასისათვის შეეტია? მოვლენათა ჯაჭვი დაიწყო 750 წელს, როდესაც ჩინეთის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის ანსი-ს (安西) გენერალ-გუბერნატორმა კაო სიენჭიმ (高仙芝) დალაშქრა ჩაჩის სამეფო და ჩაჩის მეფე საიმპერიო კარს ტყვედ წარუდგინა, სადაც ის სიკვდილით დასაჯეს(3;16). ჩაჩის აღებისას კაომ მოწინააღმდეგეს უვნებლობა აღუთქვა დანებების შემთხვევაში, მაგრამ როგორც კი ქალაქში შეუშვეს მან მეფე დაატყვევა, ქალაქი კი ააწიოკა და გაძარცვა (36). წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა კაომ ჩაჩის დალაშქვრა. „გვიანი თანგის ისტორიის“ მიხედვით, რომელიც XI საუკუნეშია შედგენილი, კაოს ლაშქრობა გამოიწვია ჩაჩის მეფის მიერ ჩინეთის საიმპერიო კარისადმი ვასალური მოვალეობების დარღვევამ (36). არაბი ავტორი- იბნ ალ-ასირი კი გვამცნობს, რომ ჩაჩისა და ფერღანას მეფეებს შორის პირადი მტრობა იყო; ფერღანას მეფემ დახმარება სთხოვა კაოს და ამ უკანასკნელმაც დალაშქრა ჩაჩი (36). ამ ცნობას ამყარებს ტურფანში[11] აღმოჩენილი ჩანაწერები, რომელშიც აღნიშნულია ჩინეთში შემომავალი და გამავალი პირების სახელები და მათი მოძრაობის თარიღები. ხელნაწერში მოხსენიებულია ფერღანას მეფის შვილიც, რომელიც ჩაჩის დალაშქვრის შემდეგ რამდენჯერმე ესტუმრა სამეფო კარს (43). ისტორიკოსების აზრით პრინცის სტუმრობა უნდა ემსახურებოდეს ფერღანას მეფის მიერ საიმპერატორო კარისათვის მადლიერების გამოხატვას, ამ უკანასკნელის მიერ ჩაჩის დალაშქვრის გამო (36). თუმცა, ჩინური წყაროები მიუთითებენ, რომ კაომ ჩაჩის მეფესთან ერთად სამეფო კარს ტყვედ ტურგეშებისა და ტიბეტელების ლიდერებიც წარუდგინა (36). ისტორიკოსთა ნაწილის აზრით ამ შემთხვევაში ტიბეტელები ტურგეშებთან და ჩაჩის მეფესთან ერთად მოქმედებდნენ. ამ მოსაზრების მომხრეები ეყრდნობიან იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ 746 წელს კაომ ილაშქრა პამირში, სადაც ტიბეტელები დაამარცხა, რადგან ეს უკანასკნელნი ხშირად ცდილობდნენ ხსენებულ რეგიონში ჩინეთის პოზიციის შესუსტებას. 750 წელსაც კაომ კვლავ გაილაშქრა ამ რეგიონში (3). ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩაჩს ჰყავდა ორი მმართველი. ჩაჩი დასახლებული იყო თურქული მოდგმის ტომებით და ქალაქს განაგებდა ორი უმაღლესი პირი- პირველი თეღინის ( TEGIN )[12], მეორე კი თუტუნის ( TUDUN )[13] ტიტულით. ჩინური წყაროები მათ შესაბამისად მოიხსენიებენ, როგორც „მთავარი მეფე“ და „ვიცე-მეფე“. ამ პერიოდში ჩაჩის ვიცე-მეფეს ტიტული თანგის დინასტიისაგან ჰქონდა დამტკიცებული. მან 741 წელს საიმპერატორო კარს გაუგზავნა თხოვნა არაბთა ომაელთა დინასტიაზე გალაშქრების შესახებ, 746 წელს კი მთავარი მეფის დაუკითხავად, თვითნებურად ეახლა სამეფო კარს ძღვენით. წყაროებიდან ჩანს, რომ „ვიცე-მეფე“ ცდილობდა თანგის საიმპერატორო კართან დაახლოებას. სავარაუდოდ, მთავარმა მეფემ ძალაუფლების დაკარგვის შიშით, კავშირი გააბა ტიბეტელებთან და ტურგეშებთან ჩინეთის წინააღმდეგ. შესაბამისად, ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ კაოს მიერ ტყვედ აყვანილი მეფე მთავარი მეფე უნდა ყოფილიყო (36). თუმცა, წყაროების სიმცირის გამო ეს თეორია ვარაუდად რჩება. საინტერესოა, რომ ჩინური და არაბული წყაროები განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან ჩაჩის მეფის დატყვევების შემდგომ ბედზე. ჩინური წყაროების მიხედვით მას საიმპერატორო კარზე თავი მოჰკვეთეს (36), მაგრამ არაბული წყარო, კერძოდ კი იბნ ალ-ასირი ხაზს უსვამს, რომ ჩაჩის მეფეს ჩინეთის იმპერატორისაგან სასჯელი არ მიუღია (36). ამ სიტუაციაში უფრო სანდო ჩინური წყაროები იქნება. მათ უშუალო წვდომა ჰქონდათ იმ პერიოდის ისტორიებსა და ჩანაწერებზე, ზოგიერთი წყარო კი თვითმხილველი პირებისაგან იწერებოდა.
ჩაჩის მეფის ტყვედ აყვანის შემდეგ მეფის შვილი სამარყანდში გაიქცა და დახმარება არაბებს სთხოვა(3). აბუ მუსლიმმა[14] ზიად იბნ სალიჰი[15] გაგზავნა არმიის ძირითად ნაწილთან ერთად ჩინელების წინააღმდეგ. თავის მხრივ კაოც დაიძრა დასავლეთისკენ და 300კილომეტრზე მეტი გაიარა, სანამ მდინარე ტალასთან არაბთა არმიას შეხვდებოდა(36). კაომ წინასწარ ჰყავდა გაგზავნილი ე.წ. „ზეციური ძალების“ არმია მდ. ჩუ-ს რეგიონის დასაპყრობად, რათა აღეკვეთა დამარცხებული ტურგეშების შემორჩენილი ნაწილებისაგან ზურგიდან თავდასხმა (43).
ჩინელთა და არაბთა არმიები ერთმანეთს 751 წლის ივლისში თანამედროვე ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე შეხვდნენ მდინარე ტალასთან(37). ამ ბრძოლის შესახებ ცნობები დაცულია როგორც არაბულ ( იბნ ალ-ასირი, ალ მაქდისი ), ისე ჩინურ წყაროებში ( ოუ იანგ სიოუ欧阳修, ლიუ სუ刘昫, ტუ იოუ杜佑, სიმა კუანგი司马光 )(5). უცნობია მოწინააღმდეგე არმიებში მებრძოლთა ზუსტი რაოდენობა. არაბული წყაროების მიხედვით, ჩინელები 100 000 იყვნენ (5). ჩინურ წყაროებში ჩინელთა არმიის რიცხოვნობა 20 000-დან 70 ათასამდე მერყეობს (36). მერვე საუკუნის ჩინელი ავტორი ტუ იოუ თავის ნაშრომში წერს, რომ ტალასის ბრძოლაში ჩინელებმა 70 000 მეომარი დაკარგეს, თუმცა არ მიუთითებს ტყვეებისა და დახოცილების რაოდენობას (35). ტუ იოუს ცნობასთან თანხმობაში მოდის იბნ ალ-ასირის მონაცემები. ეს უკანასკნელი წერს, რომ არაბებმა ბრძოლაში 50 000 ჩინელი მოკლეს, 20 000 კი დაატყვევეს(36), რაც საბოლოო ჯამში ჩინელთა არმისათვის 70 000 მეომრის ზარალია. ჩვენამდე მოღწეულია თანგის დინასტიის დროს ჩატარებული მოსახლეობისა და არმიის აღრიცხვები. ლიუ ფანის[16] „თანგის ისტორია“-ში წერია, რომ 742 წლის აღრიცხვის მიხედვით მთელი ჩინეთის მასშტაბით რეგულარულ არმიაში ჯარისკაცების რაოდენობა 574 733 აჭარბებდა, აქედან უმეტესობა საზღვრებზე იყო განლაგებული- 492 400 (6). ჩინეთში მოსახლეობის აღწერის პრაქტიკას ამ დროისათვის უკვე რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია ჰქონდა, შესაბამისად ეს წყაროებში მითითებული მონაცემების სანდოობას ზრდის. ამავდროულად, თანამედროვე მკვლევრები ერთხმად თანხმდებიან, რომ VIII საუკუნის შუა ხანებში ჩატარებული აღწერა ერთ-ერთი ზუსტი უნდა ყოფილიყო მთელი ჩინეთის ისტორიაში(25;32;40;41). ასე, რომ „თანგის ისტორიაში“ მითითებული რეგულარული არმიის მეომრების რაოდენობა სავსებით რეალური შეიძლება იყოს. ამავე წყაროს მიხედვით, ანსის რეგიონში განლაგებული იყო 24 000 ჯარისკაცი(36). კაო სიენჭი შორეულ კამპანიაში მთლიან არმიას ვერ წაიყვანდა და პროვინციას დაუცველს არ დატოვებდა. თუმცა, ასევე არაა გამორიცხული, რომ იმპერატორმა კაოს სხვა პროვინციის ჯარებიც დაახმარა. თანამედროვე ისტორიკოსებში ჩინური არმიის ყველაზე ოპტიმალურ შემადგენლობად გაზიარებულია 30 000 მეომარი(44), აქედან 10 000 ჩინელი, ხოლო დანარჩენი დამხმარე რაზმები ყარლუყებისაგან[17] და ფერღანას სამეფოსგან(15;20). თუმცა, ძალთა ასეთ გადანაწილებაზე არცერთი წყარო არ მიუთითებს. როგორც ვნახეთ, ამ პერიოდში ჩინეთს ჰქონდა საკმარისი ადამიანური რესურსი თუნდაც 100 000 მეომარი გაეშვა ექსპედიციაში, მეორეს მხრივ ზემოთ აღნიშნული მუდმივი არმიის მეომრების უმეტესობა საზღვრებზე იყო განლაგებული, დანარჩენი ნაწილი კი იმპერიის შიდა საპოლიციო მოვალეობას ასრულებდა(6). ბუნებრივია, საზღვრებიდან თუ იმპერიის შიგნიდან მეომრების მნიშვნელოვანი რაოდენობის მოკლება და შორეულ ლაშქრობაში გაგზავნა ერთი მხრივ სასაზღვრო რეგიონის დაცვას შეასუსტებდა, მეორე მხრივ კი იმპერიის შიდა უსაფრთხოებას. მართალია კაო სიენჭის ლაშქრობა აბრეშუმის გზაზე ჩინეთის პოზიციების გამყარებას ემსახურებოდა, მაგრამ, არმიის გაგზავნა ქვეყნის საზღვრებიდან ასეულობით კილომეტრის მოშორებით ასევე უზარმაზარ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. თავის მხრივ ეკონომიკური ფაქტორიც შეზღუდავდა კაოს არმიის რაოდენობას.
რაც შეეხება არაბთა არმიას, ამ მხრივ წყაროები ნაკლებ ინფორმაციას გვაწვდიან. ჩინური წყაროები საერთოდ არ საუბრობენ არაბთა რიცხოვნობაზე, ასევე დუმს იბნ ალ-ასირი და ალ მაქდისი. ერთადერთი წყარო, რომელიც აღნიშნულ ბრძოლაში არაბთა რიცხოვნობას მიუთითებს არის ალ დჰაჰაბი, რომელშიც ავტორი არაბთა არმიას 100 000 მეომრით განსაზღვრავს(46). ეს რიცხვიც გადაჭარბებული უნდა იყოს, იმ ფონზე, რომ ახალდაარსებულ აბასიანთა სახალიფოს არ ჰქონდა რესურსი ცენტრალურ აზიაში ამ რაოდენობის არმია გასაგზავნად. მითუმეტეს, ცენტრალური აზიის შედარებით შორეული ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ ჩინელებთან საბრძოლველად. კიდევ უფრო გადაჭარბებული ჩანს თანამედროვე ჩინელი ისტორკოსის- პაი იენის მოსაზრება, რომ არაბთა არმია ტალასის ბრძოლაში 200 000 მეომრისაგან შედგებოდა, ჩინელების კი მხოლოდ 30 000-საგან(23;34). სავარაუდოდ, მას ჩინელთა მარცხის ახსნა უზარმაზარი რიცხობრივი სხვაობის წარმოჩენით სურს. იმის გათვალისწინებით, რომ არაბთა მხარეს იბრძოდნენ ტიბეტელები და ცენტრალური აზიის არაერთის სამეფოს არმია (36;37;39), სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის ლაშქარი შეიკრიბებოდა, მაგრამ ზუსტ ან მიახლოებით რიცხვზეც კი საუბარი რთულია წყაროების სიმცირის გამო.
წყაროები ასევე მწირ ინფორმაციას გვაწვდიან ბრძოლის მიმდინარეობაზე. სიმა კუანგის ინფორმაციის თანახმად მოწინააღმდეგე არმიები ხუთი დღე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ(36), თუმცა არ კონკრეტდება ამ ხუთი დღის განმავლობაში რომელი მხარე ფლობდა უპირატესობას. მეორე მხრივ ალ მაქდისი გვამცნობს, რომ არაბებმა რამდენჯერმე დაამარცხეს ჩინელები მიყოლებით(36). შეიძლება ეს ისე გავიგოთ, რომ საწყისი ხუთი დღის განმავლობაშიც არაბებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ, რადგან სხვა წყაროები ბრძოლის პირველ ხუთ დღეზე სდუმან, შეუძლებელია ამ ცნობის დაზუსტება. თუმცა, მიუხედავად საწყისი ხუთი დღის სიტუაციისა, ყველაფერი გადაწვიტა საბოლოო ბრძოლამ, როცა შუა ბრძოლაში ყარლუყებმა უღალატეს ჩინელებს და არაბთა მხარეს გადავიდნენ(23;42). ბუნებრივია, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ კაო სიენჭის არ შეეძლო ორმხრივი შეტევის მოგერიება და ბრძოლის ველიდან გაიქცა. ჩინური წყაროების მიხედვით კაო ბინდის ჩამოწოლამ გადაარჩინა სრულ კატასტროფას. საინტერესოა, რომ არაბული წყაროები სდუმან ყარლუყების მიერ ჩინელთა ღალატზე. ჩინური წყაროები თავიანთი არმიის მარცხს კი მთლიანად ყარლუყებს აკისრებენ(36). რაც შეეხება დანაკარგებს ბრძოლაში, ჩინური წყაროები მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლებიან, რომ ბრძოლას რამდენიმე ათასი მეომარიღა გადაურჩა. უფრო კონკრეტულ ცნობებს გვაწვდიან არაბული წყაროები. ალ მაქდისის მიხედვით, არაბებმა ბრძოლაში 40 500 მოწინააღმდეგე მოკლეს, 20 500 ტყვედ აიყვანეს, დანარჩენი ნაწილი კი გაიქცა. იბნ ალ-ასირის მიხედვით ბრძოლაში დაიღუპა 50 000 ჩინელი, 20 000 კი ტყვედ ჩავარდა. ორივე ავტორი ბრძოლის შედეგებამდე ამბობს, რომ ჩინელთა არმია 100 000 მეომრისაგან შედგებოდა, რაც ნაკლებად უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს. თუმცა, აშკარაა, რომ ჩინელთა არმიამ დიდი ზარალი მიიღო(36;45).
არაბები დაედევნენ დამარცხებულ ჩინელებს. კაო ამჯერად იხსნეს დამხმარე გენერლებმა- ლი სიიემ და ტუან სიოუშიმ. მათ მოახერხეს მოწინააღმდეგის მოგერიება და არმიის გადარჩენილი ნაწილის სამშვიდობოს გაყვანა. ალ მაქდისის მიხედვით, აბუ მუსლიმი ჩინეთში გალაშქრებასაც კი გეგმავდა, მაგრამ მასსა და ზიად იბნ სალიჰს შორის განხეთქილება ჩამოვარდა და ეს უკანასკნელი აბუ მუსლიმმა მოაკვლევინა(36).
ტალასის ბრძოლას ხშირად მიიჩნევენ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის ბრძოლად, რომლის შემდეგაც თანგის დინასტიის დასავლური ექსპანსია შეწყდა, ცენტრალურ აზიაში ვრცელდება ისლამი და ბუდიზმს გამოდევნის, ყალიბდება ყარლუყების სახელმწიფო, აღდგება უიღურების[18] სახელმწიფო, არაბები კი გებულობენ ქაღალდის დამზადების საიდუმლოს (17;29;38;39).
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტალასის ბრძოლას დიდმნიშვნელოვანი ძვრები არ გამოუწვევია. ბრძოლის შემდეგ არაბებმა დაიკავეს ქიში და რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი, მაგრამ ეს არ იყო დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი თანგის დინასტიისათვის ახალი ლაშქრობის წამოსაწყებად. მითუმეტეს, რომ ტალასის ბრძოლიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ცენტრალური აზიის ქალაქები და სამეფოები არაბების წინააღმდეგ აჯანყებაში დახმარებასაც კი სთხოვდნენ საიმპერატორო კარს(5). ამავდროულად, არასწორია იმის მტკიცება, რომ ტალასის ბრძოლის შემდეგ თანგის დინასტიის დასავლური ექსპანსია შეჩერდა და ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში გავლენა დაკარგა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩინელებმა ბრძოლაში დიდი ზარალი განიცადეს, მაგრამ კაო სიენჭის არმიის შეფარდება ( დაახლოებით 10 000 ჩინელი ) ამ პერიოდის ჩინეთის რეგულარული არმიის რაოდენობასთან ( 574 733 ) აშკარად უჩვენებს, რომ ეს მარცხი თანგის დინასტიის ბრძლისუნარიანობას დიდ დარტყმას ვერ მიაყენებდა.
გარდა რიცხობრივი შეფარდებებისა, წყაროები გვაუწყებენ, რომ ტალასის ბრძოლის შემდეგ ჩინეთის დასავლური ექსპანსია არ შეჩერებულა. 753 წელს თანგის იმპერიის ჯარებმა გენერალ ფენ ჩენცინის მეთაურობით, კვლავ დაიპყრეს პამირი[19] და გილგიტი[20]. იმავე წელს ტაშკენტმა კვლავ თანგის ვასალად სცნო თავი. სამარყანდი და მუსლიმთა გამგებლობის ქვეშ მყოფი სხვა ქალაქები 754 წელს ჩინეთის იმპერატორს გაუგზავნეს თხოვნა არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ (4;5;16). აღსანიშნავია, რომ საიმპერატორო კარი ასეთ თხოვნებს უარით ისტუმრებდა(16). სავარაუდოდ ამის მიზეზი იყო არაბებისა და ტიბეტელების შესაძლო ალიანსისადმი შიში. ტიბეტი ყოველთვის დიდ პრობლემებს უქმნიდა თანგის ხელისუფლებას. არც თუ ისე იშვიათად ტიბეტელები პამირს უტევდნენ და ჩინეთს აბრეშუმის გზის მთავარ მაგისტრალს უკეტავდნენ, რაც ქვეყნის ეკონომიკას დიდად აზარალებდა. მერვე საუკუნის 50-იან წლებში ჩინეთმა დიდ წარმატებას მიაღწია ტიბეტის წინააღმდეგ. კერძოდ, 753 წელს მთლიანად დაიპყრო ცენტრალურ აზიაში ტიბეტის სამფლობელო, 755 წლისათვის კი- თვით ტიბეტიც (3). ბუნებრივია ტალასის ბრძოლამ, რომელშიც ტიბეტელები არაბებთან ერთად იბრძოდნენ, საიმპერატორო კარისათვის გამაფრთხილებლად იმოქმედა. თუმცა, აქვე ერთი ფაქტი იქცევს ყურადღებას. ჩინელთა ახალი ექსპანსია ცენტრალურ აზიაში ტალასის ბრძოლიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რატომ დააყოვნა თანგის ხელისუფლებამ რევანშის აღება, მითუმეტეს, რომ, როგორც ვნახეთ ტალასის ბრძოლაში მას ისეთი მძიმე დანაკარგი ნამდვილად არ მიუღია, რომ ძალების აღსადგენად ამდენი ხანი დასჭირვებოდა. ამ კითხვაზე პასუხი იმპერიის სამხრეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე წარმოებულ სამხედრო კამპანიებში უნდა ვეძიოთ. 751 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციების მთავარსარდალმა- ან ლუშანმა (安禄山)ხიტანების[21] წინააღმდეგ წამოიწყო ომი. როგორც ისტორიული წყაროები გადმოგვცემენ, ან ლუშანს იმედი ჰქონდა, რომ იმპერატორი დააჯილდოვებდა მას წარმატებული ლაშქრობისათვის, როგორც ეს 750 წელს მოხდა, ამიტომ ხიტანებისა და სის ტომებს შორის უთანხმოება ჩამოაგდო, შემდეგ ხიტანების წინააღმდეგ საკუთარი 60 000 მეომარი და სი-ს ტომების დაქირავებული ლაშქარი დაძრა. კამპანია სრული მარცხით დასრულდა (6)(15). ხიტანებმა ან-ლუშანის ლაშქრის დიდი ნაწილი გაანადგურეს. იმავე წელს უფრო დიდი სამხედრო კატასტროფა მოხდა იმპერიის სამხრეთ საზღვარზე. მიზეზი ამჯერადაც თანგის ხელისუფლების წარმომადგენლის დაუფიქრებელი ქმედება იყო. თანგის დინასტიის სამხრეთით, თანამედროვე იუნნანის პროვინციის (云南省) ტერიტორიაზე, მერვე საუკუნის პირველ ნახევარში თანგის იმპერიის ხელშეწყობით სამხრეთ ჭაოს(南诏)[22] სამეფო ჩამოყალიბდა. თანგის ხელისუფლება სამხრეთ ჭაოს გამოყენებას ტიბეტის წინააღმდეგ ფიქრობდა, მაგრამ პირიქით მოხდა. 751 წელს იუნნანის პროვინციის გამგებელმა- ჩან ციენ-ტომ, რომელიც თანგის იმპერატორის წარმომადგენელი იყო, სამხრეთ ჭაოელი ელჩები გაძარცვა. სამხრეთ ჭაოს მეფემ- კოლოფენმა იუნნანში[23] ილაშქრა და ჩან ციენტო მოკლა. საპასუხოდ ჩინელებმა იმავე წელს 80 000-იანი ლაშქრით გაილაშქრეს კოლოფენის წინააღმდეგ, მაგრამ კატასტროფულად დამარცხდნენ. საერთო ჯამში, ბრძოლებსა და უკან დახევის პერიოდში დაღუპულ მეომართა რიცხვმა 60 000-სს მიაღწია (6;15). ამავდროულად, სამხრეთ ჭაომ ტიბეტის ვასალად გამოაცხადა თავი, რაც ავტომატურად ნიშნავდა თანგის იმპერიის საწინააღმდეგო ალიანსის შექმნას. ორ ფრონტზე ასეთი გამანადგურებელი მარცხისა და სამხრეთით საშიში ალიანსის ფორმირების ფონზე, ბუნებრივია, რომ თანგის ხელისუფლებამ დააყოვნა ცენტრალურ აზიაში ლაშქრობა, მანამ, სანამ სიტუაცია შედარებით არ ჩაცხრებოდა.
ბრძოლის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებას ურთიერთობა არც ყარლუყებთან გაუწყვეტია. ამის მაგალითია ის, რომ 753 წელს ყარლუყთა იაბღუ[24] დუნპიჯა დაეხმარა ჩინელებს აჯანყებული სარდლის- აპუსუს დაჭერაში (7). ყარლუყთა სახელმწიფოს რაც შეეხება ოფიციალურად ის 766 წელს ჩამოყალიბდა, როცა მათ საბოლოოდ დაიმორჩილეს ტურგეშები (14).
როგორც ვხედავთ ტალასის ბრძოლის შემდეგ თანგის დინასტიის გავლენა ცენტრალურ აზიაში, ტიბეტსა და მომთაბარე ტომებში არათუ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. მთავარი ფაქტორი, რამაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი თანგის ამბიციებს ცენტრალურ აზიაში იყო 755 წელს დაწყებული ჩრდილოეთ საზღვრის გენერალ-გუბერნატორის- ან ლუშანის აჯანყება. ამ პერიოდში მისი არმია 100 000-ზე მეტი ბრძოლაში გამობრძმედილი მეომრისაგან შედგებოდა. ამავდროულად, ჩინეთის ჩრდილოეთ საზღვარს მისი ნათესავები აკონტროლებდნენ. აჯანყებულებმა მალე დაიკავეს დედაქალაქი ლოიანი. ასეთ ვითარებაში ყველა საზღვარზე მყოფი სარდალი სასწრაფოდ გამოიძახეს. აჯანყება 8 წელი გაგრძელდა. 763 წელს აჯანყება ჩააქრეს ძალების დაძაბვითა და ახალი თუ ძველი მოკავშირეების დახმარებით. თუმცა, ბრძოლის შემდეგ იმპერია იმდენად დასუსტებული იყო, რომ დასავლურ ლაშქრობაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო (3;4;6;36;37).
აღსანიშნავია, რომ თანგის იმპერიას არც არაბებთან გაფუჭებია ურთიერთობა. 752 წლიდან 798 წლამდე არაბთა 13 ელჩობა ეწვია ჩინეთს. გარდა ამისა, ან-ლუშანის აჯანყებისას ხალიფა ალ-მანსურმა[25] იმპერატორ სუწონგის (肃宗- 756-762 ) დასახმარებლად 4 000-იანი არმია გაგზავნა. 789 წელს კი არაბებმა გაწყვიტეს ურთიერთობა ტიბეტთან და თანგის იმპერია მთავარ მოკავშირედ გამოაცხადეს აღმოსავლეთში (4).
რაც შეეხება ცენტრალური აზიის ისლამიზაციას, არც ეს ყოფილა ტალასის ბრძოლის შედეგი. VIII- IX საუკუნეებში ეს ტერიტორია კვლავაც რელიგიათა და რწმენა- წარმოდგენების ნამდვილ კალეიდოსკოპს წარმოადგენს. უამრავი ტომის ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებთან ერთად, აქ გავრცელებული იყო ბუდიზმი, ზოროასტრიზმი, ქრისტიანობა ( უმეტესად ნესტორიანელობის სახით ), მანიქეველობა. ისლამი ამ რეგიონში მყარად მხოლოდ მეათე საუკუნეში შემოდის და ადგილობრივ კულტებს გამოაძევებს (2) (11) (13 ).
უიღურების სახაკანო ტალასის ბრძოლამდე, 747 წელს ჩამოყალიბდა, როცა ამ უკანასკნელებმა გოკთურქებისა[26] და ბასმილების[27] დამარცხების შემდეგ აღმოსავლეთ თურქთა ხაკანატიდან ყარლუყებიც განდევნეს. შესაბამისად ამ ფაქტის დაკავშირება ტალასის ბრძოლასთან ქრონოლოგიურად არასწორია. უიღურებს ჩინეთის ხელისუფლებასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ, ისინიდეზერტირი სარდლის- აპუსუს დაჭერაშიც ეხმარებოდნენ ჩინელებს და ან-ლუშანის აჯანყების ჩახშობაშიც (2).
საყურადღებოა ისტორიაში ფესვგამდგარი თვალსაზრისი, ქაღალდის გავრცელების შესახებ: ტალასის ბრძოლიშ შემდეგ ტყვედ ჩავარდნილ ჩინელებს შორის იყვნენ ქაღალდის საიდუმლოს დამზადების ოსტატებიც, რომლებმაც სიცოცხლის შენარჩუნების ფასად არაბებს ასწავლეს ქაღალდის დამზადება(12;19;23;24). ეს ცნობა ეყრდნობა ერთ-ერთ არაბულ წყაროს(29). ერთადერთი ჩინური წყარო, რომლიდანაც შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ტალასის ბრძოლაში ჩავარდნილ ტყვეთა შორის მართლაც იყვნენ ჩინელი ხელოსნები არის ტუ იოუს ნაწარმოები, რომელშიც მას ციტირებული აქვს მისივე ნათესავს ტუ ხუანის (杜环) ჩანაწერები(31). თვით ტუ ხუანი მონაწილეობდა ტალასის ბრძოლაში, ტყვედ ჩავარდა, მომდევნო ათი წელი იმოგზაურა არაბთა სახალიფოში და 761 წელს გემით დაბრუნდა ჩინეთში. ის ამბობს, რომ ის არაბეთში შეხვდა ჩინელ აბრეშუმის რთვის ოსტატს, ვერცხლისა და ოქროს დამმუშავებელს, მხატვარს (31;35). ტუ ხუანი არ მოიხსენიებს ქაღალდის დამზადების ოსტატს, ასევე არც იმას ამბობს მის მიერ ჩამოთვლილი ოსტატები იყვნენ თუ არა ტალასის ბრძოლის ტყვეები. თუმცა, თანამედროვე ისტორიკოსებმა ტუ ხუანის ცნობები მიიღეს არაბული წყაროს რეალურობის საფუძვლად და ტრადიციაც ქაღალდის დამზადების ტექნიკის ტალასის ბრძოლის შედეგად დასავლეთში გავრცელების შესახებ დამკვიდრდა.
არქეოლოგიური წყაროების შედეგად დაგროვილი მონაცემები უჩვენებენ, რომ ქაღალდი ცენტრალურ აზიაში ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში იყო ცნობილი, როგორც საწერი საშუალება. ცენტრალურ აზიაში აღმოჩენილია არაერთი ქაღალდზე შესრულებული წიგნი თუ წერილი, რომლებიც ტალასის ბრძოლამდე პერიოდით თარიღდებიან(17;27;33). სავარაუდოდ. ქაღალდის დამზადების ტექნიკა ჩინეთის დასავლეთით, ისევე როგორც იაპონიასა და კორეაში, ბუდისტმა ბერებმა გაავრცელეს, რომლებიც სუტრების გადასაწერ მასალად ქაღალდს გამოიყენებდნენ(33)(29). თუმცა, ასევე ის ფაქტიც საყურადღებოა, რომ ქაღალდის მასიური წარმოება ჯერ ცენტრალურ აზიასა და შემდგომ არაბთა სახალიფოში ტალასის ბრძოლის შემდეგ იწყება, კერძოდ 751 წელს სამარყანდში უკვე ფიქსირდება ქაღალდის მწარმოებელი ქარხანა, 794 წელს- ბაღდადში(17). არსებული არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქაღალდი ბუდისტმა ბერებმა შეიტანეს ცენტრალურ აზიაში, თუმცა ტალასის ბრძოლამდე ქაღალდის გამოყენება მასიური სახით არ ხდებოდა. ამ ბრძოლის შემდეგ შესაძლებელია არაბებმა მართლაც მიიღეს ჩინელი ტყვეებისაგან ქაღალდის დამზადების შესახებ დამატებითი ცოდნა, რამაც გადამწყვეტი ბიძგი მისცა ცენტრალურ აზიაში და შემდეგ დასავლეთითაც ქაღალდის წარმოების და გამოყენების პრაქტიკის მასიურ გავრცელებას.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ტალასის ბრძოლას არ მოჰყოლია დიდი პოლიტიკური, რელიგიური თუ ეკონომიკური ძვრები. ზემოთ აღნიშნული ბრძოლის შედეგებიდან ( რომელსაც ზოგიერთი ისტორიკოსი იზიარებს ) გარკვეული ნაწილი საერთოდ არაა დაკავშირებული ტალასის ბრძოლასთან ( მაგალითდ, უიღურების სამეფოს ჩამოყალიბება, ცენტრალურ აზიაში ისლამის გავრცელება ). რაც შეეხება არაბთა აღმოსავლეთის მიმართულების ექსპანსიის შეჩერებას, გაურკვეველია რას გულისხმობენ ექსპანსიის შეჩერებაში. სწორედ VIII საუკუნის შუა ხანებიდან იძლიერებს პოზიციებს ცენტრალურ აზიაში არაბთა სახალიფო. თუ მკვლევართა ნაწილი გულისხმობს, რომ არაბებს არ გაუგრძელებიათ ტალასის აღმოსავლეთით ექსპანსია, ესეც არ ყოფილა ტალასის ბრძოლის შედეგი. ისევე როგორც ეს მარცხი არ იყო მიზეზი ჩინეთის დასავლური ექსპანსიის შეჩერებისათვის, მითუმეტეს, რომ თანგის ექსპანსია ამ მიმართულებით კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდა. ქაღალდის საკითხზე კი წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების შეუჯერებლობასთან გვაქვს საქმე. ამავდროულად ჩინური და არაბული წერილობითი წყაროები რამდენადმე განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან. არსებული მონაცემების საფუძველზე უფრო მართებულად ჩანს თეორია, რომ ქაღალდის წარმოება ჩინეთის დასავლეთით ტალასის ბრძოლამდე უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ ვარაუდის დონეზე შეიძლება ვთქვათ, რომ ტალასის ბრძოლამ ხელი შეუწყო ჩინეთის დასავლეთით ქაღალდის წარმოების მასიურ ზრდას.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები:
1. მერაბ ტიკაძე, არაბთა ისტორია V-XV სს., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008
2. ნიკა ხოფერია, ტალასის ბრძოლა
http://samxedro-istoria.blogspot.com/2012/02/blog-post_08.html,
3. ტალასის ბრძოლა.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90
4. Amrit Lal, Population growth inmainland China.
5. Andre Wink, Al-hind The making of indo-islamic world, volume 2, 2002
6. A.R Gibb, The Arab conquest in Central Asia, 1923.
7. Beckwith Christopher, Empnires of the silk road, Princeton university press, 2009
8. Bai Shouyi. A history of Chinese muslims. Vol. 2. Beijng. 2003
9. Barthold Wasily, Turkestan down to the mongol invasion, Oxford university press, 1928
10. Battle of talas
https://en.wikipedia.org/wiki/Battle_of_Talas#cite_ref-38 ,
11. Cambridge history of China 589-906, volume 3, part 1, Cambridge university press, 2008
12. Cambridge history of early inner asia, Cambridge university press, 2008
13. David A. Graff, Medieval Chinese Warfare 300-900, 2002. Frederik Star, Xinjiang China’s muslim borderland, 2004
14. Édouard Chavannes. Documents sur les Tou-kiue (Turcs) occidentaux. Paris. 1903
15. Exchange of Goods and Ideas Along The Silk Roads http://archives.lessoncorner.com/986de50b8fbace44b.pdf
16. Gerard Chaliand, From Mongolia to the Danube Nomadic empires, 2005
17. Gunaratna, Acharya, Pengxin. Ethnic identity and national conflict in China. 2010
18. History of civilizations of central Asia The age of achievement: A.D. 750 to the end of the fifteenthcentury. Volume IV. Editor: C.E.Bosworth. UNESCO publishing. 2000
19. History of civilizations of central Asia The Crossroads of civilization: A.D. 250 to 750. Volume III. Editor: B.A.Litvinsky. UNESCO publishing . 1996
20. Hyunhee Park, Maping the Chinese and Islamic worlds, Cambridge university press, 2012
21. Ira M. Lapidus, Islamic societies to the nineteenth century, Cambridge university press, 2012
22. James A. Millward, Eurasian Crossroads a history of Xinjiang, Columbia university press, 2007
23. J.Brill. The encyclopaedia of Islam. Volume 5. Leiden. 1983
24. Jessica Lafrance, Papermaking, Its Introduction and Manufacture in the Medieval Middle East: An Overview.
25. Jonathan M. Bloom, Silk road or paper road?, Boston College
26. John D. Durand, The population statistics of China, A.D. 2-1953, 1960
27. Joseph Needham. Science and civilization in China. Volume V. Chemistry and chemical technology. Cambridge university press. 1985
28. Judith Baanisher, A brief history of China’s population, Boston, 1992
29. Kent G. Deng, Fact or Fiction? Re-examination of Chinese Premodern Population Statistics. London School of economics, 2003
30. Kent G. Deng. Re-examination of Chinese premodern population statistics. London. 2003
31. Mark Edward Lewis, China’s cosmopolitan empire The Tang dynasty, Harvard university press, 2009
32. Muhannad B. Ahmas Al-Dhahabi, Ta’rikh al-islam wa tabaqat al-masahir wa al-a’lam.1947
33. Peter B. Golden, Central Asia in world history, Oxford university press 2011.
34. Raymond Lifchez, The dervish lodge architecture, art and suffism in Ottoman Turkey, Califfornia university press, 1992
35. Raymond Lifchez, The dervish lodge architecture, art and suffism in Ottoman Turkey, Califfornia university press, 1992
36. Xue Zhongzheng. Anxi and Beiting Protectorates: A Research on Frontier Policy in Tang Dynasty’s Western Boundary. Harbin. 1998
37. 柏杨,中国人史纲, 星光出版社,1979
38. 杜佑, 通典
https://zh.wikisource.org/wiki/%E9%80%9A%E5%85%B8/%E5%8D%B7193
39. 怛罗斯战役,
https://zh.wikipedia.org/wiki/%E6%80%9B%E7%BD%97%E6%96%AF%E6%88%98%E5%BD%B9
40. 毕波, 在吐鲁番发现历史, 4.天威健儿、碎叶城和怛逻斯之战, 2008
http://www.xjass.cn/ls/content/2008-11/04/content_37842.htm
41. 怛罗斯之战,
https://baike.baidu.com/item/%E6%80%9B%E7%BD%97%E6%96%AF%E4%B9%8B%E6%88%98/989988?fr=aladdin#reference-[5]-54482-wrap
42. 王小甫, 中国军事百科全书(增补), 1996.
[1] აღმოსავლეთ ყირგიზეთი
[2] VI საუკუნიშ შუა ხანებში აშინას თურქულმა კლანმა გააერთიანა მომთაბარე თურქული ტომები და ცენტრალური აზიისა და რუსეთის სტეპების ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა თურქთ ხაკანატი.
[3] სიტყვასიტყვით არაბულიდან „მდინარეთშორისი“, იგივე ტრანსოქსიანა, ისტორიული ოლქი ცენტრალურ აზიაში, სამარყანდ-ბუხარის რეგიონში, ამუდარიისა და სირდარიის შუამდინარეთში.
[4] ისტორიული ქალაქი უზბეკეთში
[5] პროვინცია უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ტერიტორიაზე
[6] VII საუკუნის პირველ წლებში თურქთა ხაკანატი დაიყო ორ ურთიერთდაპირისპირებულ ნაწილად- დასავლეთ და აღმოსავლეთ თურქთა ხაკანატებად.
[7] თურქული მოდგმის ტომები ცენტრალურ აზიაში.
[8] ფერღანას ველი, რომელიც აკავშირებდა კაშგარს ცენტრალურ აზიასთან. თანამედროვე ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე.
[9] ასე ეწოდებოდა ქალაქ ტაშკენტსა და მის მიმდებარე მიწებს ადრეისლამურ პერიოდში
[10] ანტიკური პერიოდის ქალაქი უზბეკეთის ტერიტორიაზე, თანამედროვე ქალაქი შაჰრისაბზი
[11] ისტორიული ქალაქი თანამედროვე ჩინეთში, სინძიანგის პროვინციაში
[12] თეღინი იყო ტიტული რომელიც შეეძლო მიეღო ხანის ოჯახის წევრს. მას სამართავად გადაეცემოდა გარკვეული ტერიტორია.
[13] ძირითადად ევალებოდა ქალაქის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება.
[14] სპარსული წარმოშობის სარდალი, რომელიც აბასიდების რევოლუციის სამხედრო ხელმძღვანელი იყო
[15] აბუ მუსლიმის დამხმარე სარდალი. მან მერვე საუკუნის შუა ხანებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ცენტრალური აზიის დამორჩილებაში, მეთაურობდა არაბებს და მოკავშირეებს ტალასის ბრძოლაში. 752/753 წლებში აბუ მუსლიმმა მოკლა იმის შიშით, რომ ხალიფა მის მაგივრად ზიადს დანიშნავდა ცენტრალური აზიის გამგებლად.
[16] VIII საუკუნის შუა ხანებში თანგის დინასტიის კარის ისტორიკოსი. მისი ნაშრომი დაკარგულია, თუმცა, შემორჩენილია შემდეგი ეპოქის ავტორების მიერ ციტირებები.
[17] თურქული მოდგმის მომთაბარე ტომები ალტაის მთების დასავლეთით.
[18]თურქული მოდგმის ხალხი თანამედროვე ჩინეთის სინძიანის პროვინციის ტერიტორიაზე.
[19] ტერიტორია თანამედროვე ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ავღანეთისა და ჩინეთის საზღვრების გადაკვეთაზე
[20] ტერიტორია თანამედროვე ჩრდილოეთ პაკისტანში
[21] მომთაბარე ტომები ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. საუბრობდნენ პროტო-მონღოლურ ენაზე. 907 წელს ჩინეთის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე დაარსეს ლიაოს დინასტია ( 907-1125 ).
[22] სამეფო სამხრეთ ჩინეთში, თანამედროვე იუნანის ტერიტორიაზე, ჩამოყალიბდა თანგის დინასტიის მხარდაჭერით 737 წელს.
[23] პროვინცია ჩინეთის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით
[24] თურქთა ხაკანატში იაბღუ ვიცე-მეფის შესაბამისი ტიტული იყო და მმართველი გვარის მეორე უმაღლეს წევრს მიენიჭებოდა, ხაკანის შემდეგ პირველი პირი. მაგრამ ხაკანატის დასუსტების შემდეგ იაბღუებმა დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
[25] მეორე აბასიანი ხალიფა- 754-775
[26] თურქული მოდგმის მომთაბარე ტომების გაერთიანება ადრეულ შუა საუკუნეებში. 552 წელს მათ ჩამოაყალიბეს თურქთა ხაკანატი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა თურქული ეთნოსის ჩამოყალიბებაში.
[27] თურქული მოდგმის ხალხი. თავდაპირველად თურქთა ხაკანატის, შემდეგ დასავლეთ თურქთა ხაკანატის შემადგენლობაში. მოსახლეობდნენ თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონ ჯუნგარიაში.
Discussion about this post