ჩინური ცივილიზაცია, რომელსაც ნამდვილად შეეფერება „მეგაცივილიზაციის“ წოდება, ერთ ერთი უძველესი ცივილიზაციაა მსოფლიოში. მან არაერთი დიდი თუ მცირე ისტორიკოსის ყურადღება მიიქცია. დღესაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს ჩინური ცივილიზაციის სხვადასხვა ასპექტით კვლევა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვლევი და საკამათო თემა მეცნიერთა შორის არის კითხვა: როდის იწყება ცივილიზაცია ჩინეთში? არაერთი ისტორიკოსი ჩინური ცივილიზაციის ჩასახვას უკავშირებს პირველი სახელმწიფოს დაარსებას ჩინეთის ტერიტორიაზე- სიას[1] დინასტიის ჩამოყალიბებას.
როგორც აღვნიშნეთ სია ( 夏) მიიჩნევა ჩინეთის პირველ დინასტიად. მის შესახებ მთავარი წყაროა ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე შედგენილი ისტორიული ნაწარმოები- „ჭუშუ ძინიანი“ ( 竹书纪年– ბამბუკის ანალები ) და სმა ციენის (司马迁-145/135-86 )„ შიძი“ ( 史记-ისტორიული ჩანაწერები ). წყაროების მიხედვით სია მდებარეობდა მდ. ხუანხეს შუა წელზე. 1996 წელს ჩატარებული სია-შანი-ჭოუ-ს პროექტის მიხედვით, რომელშიც ჩინეთის წამყვანი მეცნიერები მონაწილეობდნენ სიას დინასტია დაათარიღეს ძვ.წ. 2070-1600 წლებით.[2] ტრადიციულ ჩინურ ისტორიოგრაფიაში სიას წინ უსწრებს ე.წ. „სამი სუვერენისა და ხუთი იმპერატორის ხანა“(三皇五帝)[3]. ხუთი იმპერატორიდან უკანასკნელმა იუმ (禹) მოაგვარა წყალდიდობებთან დაკავშირებული პრობლემები და მადლიერმა მოსახლეობამ მის შემდეგ ტახტზე მისი ძე- ცი(启)აიყვანა (8-37 ). ეს რევოლუციური მოვლენა იყო თუ გავითვალისწინებთ არსებულ ტრადიციას, რომ მმართველი ინიშნებოდა არა მემკვიდრეობითი ხაზის, არამედ დამსახურების მიხედვით ( 10-51 ). ცი-ს გამეფებამ შექმნა მემკვიდრეობითი სისტემა და საფუძველი ჩაეყარა სიას დინასტიას. ბუნებრივია ამას მოჰყვა არაერთი აჯანყება. სიტუაციის დასტაბილურება მხოლოდ მეექვსე მმართველის- შაო ქანგის ( 少康) დროს მოხერხდა ( 2-602 ) ( 10-55 ) . დროთა განმავლობაში დინასტია სახელმწიფოს ტერიტორიას გააფართოვა. თუმცა, ბოლო მეფეების პერიოდში სამეფო ხელისუფლების ძალაუფლება სუსტდება. დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი- ძიე ( 桀 ) მოსახლეობაში არაპოპულარული მმართველი იყო თავისი სასტიკი[4] პოლიტიკის გამო. მოსახლეობის ფართო მასებში გავრცელებული ასეთი დამოკიდებულებით ისარგებლა შანგის ( 商 ) ტომის მეთაურმა თანგმა ( 汤 – ძვ.წ. 1675-1646 ) და ძიეს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. საბოლოოდ მინგთიაოსთან ( 鸣条) ბრძოლაში დაახლოებით ძვ.წ. 1600 წელს თანგმა გაიმარჯვა, ძიემ კი თავი მოიკლა ( 11-9 ). ამგვარად სიას დინასტია დასრულდა .
ზემოთმოყვანილი ვერსია სიას შესახებ დღესაც დამკვიდრებულია ტრადიციულ ჩინურ ისტორიოგრაფიაში. თუმცა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ჩინეთში წამოვიდა ახალი ისტორიული სკოლა კუ ძიეკანგის ( 顾颉刚– 1893-1980 ) ხელმძღვანელობით, რომელმაც არაერთი საკითხი ჩინეთის ისტორიაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მათ შორის სიას დინასტიის არსებობა ( 6-37 ). არასაკმარისი წყაროების გამო სიას გამოგონილ მოვლენად მიიჩნევდნენ. მას შემდგომ დასავლურ და აღმოსავლურ სინოლოგიურ სკოლებს შორის დიდი დებატები იმართება ამ საკითხის გარშემო, თუმცა დღემდე გადაუჭრელად რჩება.
არსებობდა თუ არა სიას დინასტია? უძველესი წერილობითი წყაროები სიას, როგორც დინასტიის შესახებ ძვ.წ. მეოთხე საუკუნიდან ჩნდება. ეს წყაროები ჩინური აზროვნების ორ სკოლას შორის კამათზე გვაწვდიან ინფორმაციას. ძირითად წყაროებს კი წარმოადგენენ ძვ.წ. მესამე საუკუნის ტექსტი „ბამბუკის ანალები“ და ძვ.წ. პირველი საუკუნის ნაწარმოები „ისტორიული ჩანაწერები“. უფრო ადრე სია, როგორც დინასტიის სახელი[5], არ გვხვდება. ბუნებრივია ეჭვს იქვევს ფაქტი, რომ სიას შესახებ პირველი წყაროები მისი დაცემიდან 1000 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჩნდება.
ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის, რომ უძველესი ჩინურ ტექსტებში, ძიაკუვენში ( 甲骨文) ტერმინ სიას გამომსახველი იეროგლიფი არ მოიპოვება. ისტორიკოსების ნაწილი ამ ფაქტს ხსნის იმით, რომ ძიაკუვენის ტექსტები რელიგიური ხასიათისაა და იმ სიტუაციას აღწერს, რომელიც მისი დაწერის დროს იყო, ამიტომაც შეუძლებელია, რომ მასში საუკუნეების წინ დაპყრობილ სიაზე რამე ინფორმაცია მოიპოვებოდეს (9-4 ). მაგრამ ეს ახსნა მაინც ვერ ხსნის კითხვის ნიშანს, მითუმეტეს, რომ შანგის დინასტიის ამსახველი იეროგლიფი- 商 გვხვდება ჭოუს დინასტიის ( 周– ძვ.წ. 1045-256 ) პერიოდის წარწერებზე. შესაბამისად, საფიქრებელია, სია რომ არსებულიყო შანგის ისტორიულ მახსოვრობაში მცირედით მაინც უნდა ყოფილიყო შემორჩენილი მასზე წარმოდგენა. „სია“ არ გვხვდება არც ბრინჯაოზე შესრულებულ წარწერებზე დასავლეთ ჭოუს ეპოქაში ( ძვ.წ. 1045-771 ). პირველად მისი ამსახველი იეროგლიფი გამოიყენება ჩუნციოუს პერიოდში (春秋– გაზაფხული და შემოდგომა- ძვ.წ. 771-478 ). თუმცა, გამოიყენება არა როგორც დინასტიის აღმნიშვნელი, არამედ „დიდის“, „გრძელის“ მნიშვნელობით. ძვ.წ. მეხუთე საუკუნიდან, ჭანკუოს ეპოქიდან ( 战国 – ძვ.წ. 475-21 )) მას ემატება „ზაფხულის“ მნიშვნელობა. მომდევნო საუკუნეში კვლავ იძენს ახალ მნიშველობას- „მრავალფეროვანი“. რაც შეეხება, „სიას“, როგორც დინასტიის მნიშვნელობით გამოყენებას, ადგილი აქვს ძვ.წ. მეოთხე საუკუნიდან და ისიც მეტად საკამათო კონტექსტში. პირველად, არაორაზროვნად, როგორც ჩინეთის პირველი დინასტის მნიშვნელობის მატარებელს სმა ციენის „შიძიში“ ვხვდებით( 9-27 ). აშკარაა, რომ ტერმინი „სიას“ თავდაპირელად ნამდვილად არ გამოიყენებოდა იმ მნიშვნელობით, როგორც შემდეგ ჩინურ აზროვნებაში დამკვიდრდა. შესაბამისად, არალოგიკური იმის მტკიცება, რომ იმ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას, რომელიც ჩინეთში შანგის დინასტიამდე არსებობდა ეს სახელი შეესაბამებოდა.
თვით აღნიშნულ წერილობით წყაროებშიც აღწერილი ვითარება ძალიან ხელოვნურია. მაგალითად ავიღოთ თუნდაც დინასტიათა ცვლის მომენტი. „შიძის“ თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სიადან შანგამდე, შანგიდან ჭოუმდე გადასვლა ერთ თარგში ჯდება, კერძოდ: დინასტია იწყება ღირსეული მეფეებით, მაგრამ დროთა განმავლობაში მეფეები კარგავენ ღირსებას, უკანასკნელი მეფე კი სრულიად ზღვარს გადადის, ამყარებს სამხედრო დესპოტიზმს, ხოცავს მოწინააღმდეგეებს, აწყობს ზღვარგადასულ ნადიმებს, ჩაგრავს დაბალ ფენას, გამოკვეთილია ქალი, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებს და ა.შ.[6] მის საპირისპიროდ კი ჩნდება სხვა დაწინაურებული ტომის მმართველი, რომელიც გამოირჩევა ღირსებებითა და სხვა პიროვნული თვისებებით. ეს პიროვნება ხდება ახალი დინასტიის დამაარსებელი.
ცხადია, რომ ეს უშუალოდ ავტორის ან ავტორთა ჯგუფი გამონაგონი კონსტრუქციაა. რატომ უნდა შეექმნათ ასეთი კონსტრუქცია? რათა დაესაბუთებინათ ე.წ. „ზეცის მანდატის“ გადასვლისა და მიღების შესაძლებლობა. „ზეცის მანდატი“ (天命) ძველჩინურ წარმოდგენებში იყო ღვთაებისაგან მომდინარე ლეგიტიმაცია ძალაუფლების ქონისა, რომელსაც მხოლოდ ღირსეულნი ფლობენ.
გარდა ამისა აღნიშნულ ნაწარმოებებში არაერთი ანაქრონიზმია და ის სოციალური სტრუქტურები და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ავტორის დროს იყო გადატანილია ისტორიულ წარსულშიც. მაგალითად, სმა ციენი ყვითელ იმპერატორზე (黄帝– ძვ.წ. 27-26-ე სს. ) საუბრისას ამბობს, რომ მან ბრძოლისას გამოიყენა ეტლი და კომპასი. ეტლი ჩინეთში ძვ.წ. XIII-XII საუკუნეებში ვრცელდება, მაგნიტური ისარი კი პირველად კი ძვ.წ. I საუკუნეში ჩანს ( History of ancient world. 2007: 39 ).ისმის კიდევ ერთი კითხვა: რაში უნდა დასჭირვებოდათ ჩინელ ისტორიკოსებს დინასტიის გამოგონება? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძებოთ ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ჩინეთის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებიდან. ძვ.წ. 771 წელს დასავლეთ ჭოუს დინასტია დაიშალა. ჩამოყალიბდა რამდენიმე სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომლებიც მომდევნო 5 საუკუნე ერთმანეთთან დომინანტობისათვის ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი. გარკვეულ ეტაპზე რომელიმე მათგანი სხვებზე გაძლიერდებოდა, თუმცა პირველობის მოსაპოვებლად მხოლოდ სამხედრო სიძლიერე არ იყო საკმარისი. აუცილებელი იყო იდეოლოგიური ფონის შექმნა, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ძველი იმპერიის მემკვიდრეს წარმოადგენდა[7]. მაგალითად ერთ-ერთი უძველესი ჩინური ისტორიული ტექსტი „ჩუნციოუ“, რომელიც ძვ.წ. 771-478 წლებში სამეფო ლუ-ს ( 鲁) შესახებ მოგვითხრობს, ლუ-ს წარმოადგენს, როგორც ჭოუს დინასტიის მემკვიდრეს. მეორე, ასევე ძველი ტექსტი „წუოჭუანი“ ( 左传-„წუოს კომენტარები“- ძ.წ. IV ს. ), რომელიც ჭანკუოს პერიოდშია შედგენილი ცი-ს ( 齐 ) სამეფოს ყვითელი იმპერატორის შთამომავლად ნათლავს. „ბამბუკის ანალები“ კი ვეის ( 魏 ) სამეფოს დომინანტობის ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად 9- 15 ).
აქვე აღსანიშნავია, რომ „სანტაის“ ( 三代 ), ანუ სამი დინასტიის -სია, შანგი, ჭოუს სისტემა ძვ.წ. მესამე საუკუნიდან ჩნდება და უფრო ადრეულ ჩანაწერებში არ ვხვდება.
სიას ლეგენდარულობის ეჭვს უფრო ამძაფრებდა არქეოლოგიური მონაცემების არქონა. თუმცა, ამ მხრივ სიახლე იყო 1959 წელს არლითოუს ( 二里头 ) კულტურის აღმოჩენა ხენანის პროვინციაში(河南省). სპეციალური სამუშაოების ჩატარების შედეგად ერლიტოუს კულტურა ძვ.წ. 1900-1500 წლებში ჩასვეს, რაც სიას დინასტიის პერიოდს ემთხვევა. ამავდროულად ერლიტოუს მეორე ფენაში შეიმჩნევა სახელმწიფოებრივი დონის სტრუქტურისათვის დამახასიათებელი ნაგებობები. თუმცა, მეცნიერთა უმრავლესობა მაინც თავს იკავებს არლითოუს სიასთან გაიგივებისაგან ( 9-37 ). იმავე არქეოლოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობით ზოგიერთი მკვლევარი უარყოფს დინასტიათა ვერტიკალურ თეორიას და ჰორიზონტალურ ვერსიას გვთავაზობენ, ანუ სია-შანგი-ჭოუს თანადროულად არსებობის შესახებ დაახლოებით ძვ.წ. 1400-1100 წლებში.[8]
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მონაცემების მიხედვით სიას დინასტია, ზუსტად ისეთი ფორმით, როგორც მას სმა ციენი და სხვა წყაროები აღწერენ არ არსებობდა. მაგრამ, სავარაუდოა, რომ მართლაც არსებობდა ერთგვარი სახელმწიფოებრივი გაერთიანება შანგის დინასტიამდე, რომლის შესახებ ინფორმაცია ლეგენდებისა და მითების მეშვეობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას, ვიდრე ამ ინფორმაციას თავისი დროის აზროვნების ჩარჩოების მიხედვით მწერლები არ აკინძავდნენ ერთ სტრუქტურად, როგორც ეს სმა ციენმა გააკეთა. რა თქმა უნდა, არასწორია იმის დაშვება, რომ ეს წყაროები ისტორიული სინამდვილის ნაწილს არ შეიცავენ. ისინი მნიშვნელოვან წყაროდ გადაიქცევიან თუ მოვაშორებთ ავტორისეულ დანამატებს, ( რაც ნამდვილად არაა ადვილი საქმე, მაგრამ შესაძლებელია ავტორის თანადროული პერიოდის კარგი შესწავლით ) და დარჩენილ სტრუქტურებს შევადარებთ არქეოლოგიურ აღმოჩენებს. ამ გზით შესაძლებელი იქნება მრავალი უზუსტობის მოხსნა. თუმცა, კვლავაც ვიმეორებ, რომ ამ დასკვნას ვღებულობთ მხოლოდ დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით, რადგან ჩინეთში არქეოლოგიური აღმოჩენები სტიქიური ხასიათისაა და სრულიად მოულოდნელად შეიძლება ერთმა აღმოჩენამ რაიმე მოვლენისადმი ჩვენი ხედვა სრულიად შეცვალოს. მაგალითად ძიაკუვენის აღმოჩენამდე იგივე კითხვები ისმებოდა შანგის დინასტიის მიმართ რაც დღეს სიას მიემართება. დღესაც კი არაერთი ცნობილი სინოლოგი ამბობს, რომ არა ძიაკუვენი, შანგის არსებობასაც ასევე სკეპტიკურად შეხედავდნენ. ასე, რომ საბოლოო დასკვნას სიას დინასტიის არსებობა-არარსებობის შესახებ ჯერჯერობით ვერ მივიღებთ.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
- ჩინეთი ჟამთა სივრცეში. თბილისი. 2007.
- ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია. რედ. გიორგი მელიქიშვილი. თბილისი. 1971.
- Bai Shouyi, An outline history of China, Beijing, 2002
- China images of civilization.Foreign Language Teaching and Research Press. Beijing. 2010
- K. C. Chang. China on the eve of the historical period. Cambridge history of China: from the origins of Civilization to 221 B.C.
- J.Bo, Understanding China. Beijing. 2007
- Loewe, Shaughnessy. Cambridge history of China, from the origins of civilization to 221 B.C. 1999
- R. Shunong. History stories. 2010.
- Susan Wise-Bauer, History of ancient world. 2007
- Victor H. Maier. Was there a Xsia dynasty? Sino-platonic papers. 2013. http://sino-platonic.org/complete/spp238_xia_dynasty_china.pdf
- 宛华,中国上下五千年, 北京,2013
[1] ჩინური სახელების ქართულად ტრანსკრიფცირება შესრულებულია ჩინური ენის ლათინური ანბანის ქართული ტრანსკრიფცირების ცხრილის მიხედვით შედგენილი ლიუ-ყანდარელი კუანგვენ-ის, მარინე ჯიბლაძისა და ნინო დაღუნდარიძეს მიერ. იხ. ჩინეთი ჟამთა სივრცეში. 2007. თბილისი. გვ. 346
[2] „ბამბუკის ანალების“ მიხედვით სია ძვ.წ. 1989-1558 წლებში არსებობდა, ლიუ სინი კი ძვ.წ. 2205-1766 წლებს შორის ათავსებს.
[3] აღსანიშნავია, რომ ჩინური ისტორიული წყაროები ვერ ჯერდებიან ამ საკითხზე. წყაროთა მიხედვით არსებობს მეორე ვერსიაც სამი ნახევარღმერთი და სამი ბრძენი მეფის შესახებ, რომლებსაც მოსდევს სია.
[4] მიუხედავად ჩინურ ტრადიციაში გავრცელებული უარყოფითი აზრისა ძიე-ს შესახებ, სავარაუდებელია, რომ ის სისასტიკეს იყენებდა დაუმორჩილებელი მოხელეების წინააღმდეგ, რომლებიც ამ დროისათვისაც დიდი უფლებებით სარგებლობდნენ საკუთარ მიწებზე.
[5] ტერმინ „სია-ს“ ისტორიის შესახებ იხილეთ Victor Maier. Was there Xia dynasy? Sino-Platonic Papers. 2013.
[6] იხ. R. Shunong. History stories. 2010.
[7] ასეთი მემკვიდრეობითი გადასვლები საერთოდ ძველი მსოფლიოსათვისაა დამახასიათებელია. გავიხსენოთ ერიდუდან ურუქში, ურუქიდან კი ურში გადასვლა შუმერის კულტურულ-რელიგიური ცენტრისა.
[8] იხ, China on the Eve of the Historical Period,” in The Cambridge
History of Ancient China: From the Origins of Civilization to 221 B.C., p. 72; K. C. Chang,
Discussion about this post