საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა: არაფერი და ყველაფერი
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დიპლომატიურ-პოლიტიკური ურთიერთობა სათავეს 1992 წლიდან იღებს. ამ პერიოდიდან დღემდე ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ვითარდებოდა. ბოლო 31 წლის განმავლობაში ჩინეთში არა ერთი სახელმწიფო ვიზიტი გაიმართა, თუმცა მათგან ალბათ სამი მათგანი თავისი შინაარსით გამოსაყოფია:
- ედუარდ შევარდნაძის როგორც სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტი და ძიანგ წემინთან შეხვედრა. შევარდნაძისთვის იმ დროინდელი ჩინური პოლიტიკური ელიტა უცხო არ იყო, 1989 წელს გორბაჩოვის ვიზიტის დაგეგმვა მას დაევალა, თუმცა პრეზიდენტის ამპლუაში პირველმა აუდიენციამ მეტნაკლებად გამოკვეთა თანამშრომლობის კონტურები და ჩარჩო, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეტაპობრივად უმჯობესდება.
- 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის ხუ ძინთაოსთან შეხვედრა. 2004-2005 წლებში ე.წ ფერადმა რევოლუციებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი ტიპისა და ხედვების პოლიტიკური ელიტები მოიყვანა ხელისუფლებებში. ჩინური მხარისთვის ფერადი რევოლუციების ფენომენი უცნაური და ბუნდოვანი იყო, შესაბამისად მათი მხრიდან საკმაო იყო დაინტერესება ახალი ხელისუფლებების მიმართ. სააკაშვილ-ხუს ხელმძღვანელობით მთავრობათაშორისმა კომუნიკაციამ დააჩქარა პეკინში საქართველოს საელჩოს სრული დატვირთვით ამოქმედება და ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახადა. სწორედ ამ ვიზიტის შემდგომ იწყებს ჩინური ინვესტიციები ქვეყანაში აქტიურად შემოსვლას, იხსნება თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონები და ა.შ
- ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ვიზიტი და სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ორ მხარეს შორის რამდენიმე დიდი შეხვედრა შედგა, თუმცა ბოლო ვიზიტი თავისი მასშტაბებითა და შესაძლო მნიშვნელობით ყველაზე გამორჩეული გამოდგა. ქვეყნებმა გამოხატეს მზაობა ორმხრივი ურთიერთობა სხვა დონეზე აიყვანონ, რამაც ქართულ ქართულ საზოგადოებაში “ორპოლუსიანი მოლოდინები” წარმოშვა. სწორედ ამან გამიჩინა რიდლი სკოტის ზეციური სამეფოში გამოყენებულ ფრაზასთან ასოციაცია.
“რა არის შენთვის იერუსალიმი?
არაფერი და ყველაფერი!”
მოდი, დავიწყოთ ჩინური ეტიკეტით და ცერმონიალურობით
საქართველოს მთავრობის მეთაურს სიჩუანის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ჩენგტუში მართლაც დიდი პომპეზურობით დახვდნენ. დახვედრის ცერემონიალი იმდენად შთამბეჭდავი იყო რომ უცხო თვალისთვის უეჩვეულო იქნებოდა, თუმცა ცერემონიალიზმი, ეტიკეტი და სტუმრებისთვის შთამბეჭდავი დახვედრა ჩინური პოლიტიკური კულტურისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მეტიც საუკუნეების განმავლობაში ჩინელი იმპერატორები სტუმრებს უმკაცრესი და უდეტალურესი ეტიკეტით ხვდებოდნენ. დახვედრის ცერემონიალი დღეები და ზოგჯერ კვირებიც იწელებოდა, სწორედ ამის მერე იწყებოდა პოლიტიკური აუდიენცია. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ჩინური სტილი ცერემონიების კლასიფიცირებასაც უშვებს, მასშტაბურობის ხარისხი იზრდება ან მცირდება დასახვედრი სტუმრის სტატუსისა და მისდამი დამოკიდებულების მიხედვით. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ პეკინს ეწვივნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი. მასპინძლებმა ემანუელ მარკონს სრული პომპეზურობითა და ხანგრძლივი ცერემონიალით უმასპინძლეს, მაშინ როცა ევროკომისიის პრეზიდენტს ფაქტობრივად უცერემონიოდ დახვდნენ, თითოეულ დეტალში იგრძნობოდა რომ პეკინში კარგად იცოდნენ ვონ დერ ლაიენის კრიტიკული შეფასებები ჩინური პოლიტიკისადმი, შესაბამისად დაძაბული ფონი ყველა დეტალში იკითხებოდა.
ორმხრივი თანამშრომლობის დონეები და ხარისხები ჩინურ პოლიტიკაში
სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ცნება დასავლურ კონტექსტში ალბათ თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატია, თუმცა ჩინურ კონტექსტში რეალობა განსხვავებულია. ჩინურ პოლიტიკურ მენტალობაში სტრატიფიკაცია და ხარისხების გამოყოფა უმნიშვნელოვანესი ელემენეტია. ამასთან ერთად დასავლური სისტემისგან განსხვავებით, სადაც პარტნიორობის ფორმატები და სტილი ხშირად საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოს ემყარება, ჩინური მხარე ხშირად ნახევრად ფორმალურ მდგომარეობას ირჩევს. ეფუძნება რა შეთანხმებებს, კომუნიკეს ან მემორანდუმის დონეს, ერთი მხრივ სრულიად მოქნილია მოქმედებაში (ზოგჯერ ძალიან ეფექტურიც) მეორე მხრივ კი უბრალოდ შეიძლება დარჩეს ქაღალდეს დაწერილ ცარიელ სიტყვებად. აქ აქტუალურობას კიდევ ერთხელ იძენს სალადინის ფრაზა: “არაფერი და ყველაფერი”.
აზიური დრაკონი მიდგომებისა და მეთოდების დიფერენციაციას ხშირად აკეთებს. შესაბამისად ორმხრივი ურთიერთობის დიფერენციაციისას დღესდღეობით მას 20-ზე მეტი ტიპის პარტნიორობის ხარისხი (დონე) გააჩნია:
ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა | რუსეთის ფედერაცია |
All-weather strategic cooperative partnershipაღნიშნული სპეციფიკაცია გულისხმობს თანამშრომლობას იმისდა მიუხედავად თუ როგორ შეიცვლება ამინდი საერთაშორისო პროცესებში | პაკისტანი |
ყოველ მხრივი სტრატეგიული პარტნიორობა | გერმანია |
ყოვლისმომცველი სტრატეგიული კოოპერაციული პარტნიორობა | ბელარუსი, ჩილე, ტაილანდი, ვიეტნამი |
ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა | ალჟირი, არგენტინა, ავსტრალია, ეგვიპტე, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირანი, იტალია, პორტუგალია, პოლონეთი, ესპანეთი და ა.შ |
ორმხრივ სარგებლობაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა | დანია, ირლანდია |
ინოვაციური სტრატეგიული პარტნირობა | შვეიცარია |
სტრატეგიული პარტნირობა | კანადა, ჩეხეთი, ყაზახეთი, სამხრეთ კორეა, იორდანია, ყირგიზეთი, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, უკრაინა, აფრიკის კავშირი და ასეანი. |
სტრატეგიული კოოპერაცია | თურქეთი, ფილიპინები, ბრუნეი |
ყოველ მხრივი კოოპერაცია | სინგაპური |
ყოვლისცმომველი კოოპერაციული თანამშრომლობა | ხორვატია, ნიდერლანდები, ნეპალი, ეთიპოია და ა.შ |
მეგობრული და კოოპერაციული პარტნიორობა | უნგრეთი |
ეს რთული და ჩახლართული სქემა სამ დიდ ჯგუფად დააჯგუფა უხანის უნივერსიტეტის პოლიტიკის მკლევარმა ცუენ ლიმ:
- ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა-რუსეთი, პაკისტანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ბრაზილია, საბერძნეთი, საფრანგეთი და ა.შ
- სტრატეგიული პარტნიორობა-დანია, ირლანდია, შვეიცარია, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, გაერთიანებული საემიროები და უკვე საქართველოც.
- რეგულარული პარტნიორობა- ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, ნიდერლანდები და ა.შ.
ზემოთ ხსენებული ქვეყნების შემთხვევაში მიუხედავად საერთო მახასიათებლებისა, ყველაფერი ორმხრივ ფორმატში წყდება. ანუ არსებობს ქვეყანათა ჯგუფები, სადაც მემორანდუმები და კომუნიკეები პრაქტიკულ მოქმედებაშია მოყვანილი (გაზრდილია ინვესტიციები, სავაჭრო ბრუნვა და ა.შ) და არსებობს ქვეყანათა ჯგუფი, რომელთათვისაც ორმხრივი ურთიერთობების ამ თუ იმ დონეზე აყვანამ დიდი ცვლილებები ვერ მოიტანა და დარჩა სიმბოლურ აქტად. შესაბამისად ისევ ვუბრუნდებით “ არაფერსა და ყველაფერს”.
მოქნილი და ნახევრად ფორმალური პარტნიორობა ინსტიტუციონალიზებული ალიანსების მაგივრად- 结伴不结盟
2014 წელს პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საჯაროდ განაცხადა რომ ჩინეთს უნდა შეექმნა პარტნირობის გლობალური ქსელი ფორმალური ალიანსების გარეშე. ბოლო 40 წელიწადია ჩინეთის პოლიტური ელიტა სასტიკად ეწინააღმდეგება ფორმალური ალიანსების (განსაკუთრებით სამხედრო ხასიათის) შექმნასა და მასში გაწევრიანებას. ცივი ომის დროსაც, მათი ხედვით ვარშავის პაქტი და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი არ ემსახურებოდა ერებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის განვითარებას. ეს მიდგომა უცვლელია დღემდე, პეკინი უარს ამბობს სამხედრო ბლოკებსა და ინსტიტუციონალიზებულ ალიანსებში გაწევრიანებაზე რამდენიმე მიზეზის გამო:
- ტერმინი “结盟-jie meng”, რომელიც ალიანსის ჩინურ თარგმანს წარმოადგენს, თავისი შინაარსობრივი არსით წარმოადგენს კავშირს აუცილებლად ვიღაცის წინააღმდეგ, ხოლო ტერმინი “结伴-jie ban” (დაახლოება, პარტნიორად გახდომა) ნაკლებად აგრესიული თავისი შინაარსობრივი წარმომავლობით.
- ჯერ კიდევ ტენგ სიაოფინგიდან მოყოლებული ჩინური დიპლომატია აქცენტს აკეთებს მშვიდობიან ტრანფორმაციასა და არააგრესიული განვითარების შორვადიან სტრატეგიაზე. ეს გახდა ერთგვარი ნიშა, რომლითაც პეკინი პოზიციონირებს განვითარებად სამყაროში და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ წარმატებულადაც.
- ფორმალური ალიანსები იწვევს ვალდებულებას სხვა წევრების მიმართ, ჩინური პოლიტიკური ელიტა ამ დროისთვის ერიდება სხვების გამო თავის ატკივების ინსტიტუციურ ვალდებულებას, სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან ხდება ინიციატივების (სარტყელი და გზა ინიციატივა, გლობალური განვითარების ინიციატივა) სამოქმედო პლატფორმების (BRICS) და ნახევრად ფორმალური ორგანიზაციების (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) ადვოკატირება.
ზემოთ ხსენებული მოდელების შედეგია ის რომ პეკინი აბსოლუტურად თავისუფალია და მოქნილია მოქმედებაში. ეს ერთი მხრივ ქმნის პარტნირობის გარკვეულწილად მყიფე სისტემას, თუმცა მეორე მხრივ არ იწვევს სხვების პრობლემების გამო რაიმე გართულებას. ამავდროულად საჭიროებისდა მიხედვით ჩინეთის საკმაოდ აქტიურად შეიძლება გამოვიდეს სხვადასხვა ინიციატივით, ბოლო დროს ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ირან-საუდის არაბეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა, რასაც საერთაშორისო საზოგადოებაში მცირე შოკის ეფექტი ჰქონდა.
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნირობა ადგილობრივ და გლობალურ ჭრილში
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი დონე გამოცხადება ცოტათი მოულოდნელი იყო, სავარაუდოა რომ ამაზე მუშაობა დიდი ხანი მიდიოდა და ის სპეციალურად დაემთხვა ახალგაზრდული თამაშების გახსნის ცერემონიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია წინადადება თავის გამოსვლაში გააჟღერა პირადად სი ძინფინგმა. ამ ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია, ზოგი უკიდურესად აპოკალიპტურია, ზოგიც უკიდურესად პოზიტიური, თუმცა ჭეშმარიტება და რეალობა არასოდესაა ორ ფერში და ალბათ სადღაც შუა ან/და მიღმირეად უნდა ვეძიოთ.
საქართველო არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. პარტნიორობის იგივე ან უფრო მაღალი დონე აქვს ევროკავშირისა და ნატოს არაერთ ქვეყანას, შესაბამისად ამ ფაქტის აპოკალიპტურ ჭრილში წარმოჩენა ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ საფუძველს მოკლებულია. თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში განსხვავებული პოლიტიკური და ღირებულებითი სისტემის ქვეყნების ისევე წარმატებით თანამშრომლობენ (როდესაც ორივეს ინტერესი თანხვედრაშია) ერთმანეთთან როგორც იდენტური პოლიტიკური სისტემის ქვეყნები. უბრალოდ ყველაფერს აქვს დრო და ფორმა, რომელიც ზოგ შემთხვევაში შინაარსზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ, რაც პატარა ქვეყნის დიპლომატიაში საინტერესო, მრავალდონიან კომბინაციად შეიძლება გადათარგმნილიყო. ამასთან ერთად, აღმოსავლეთთან ურთიერთობის გაღრმავება უნდა განიხილებოდეს ახალ შესაძლებლობად და არა რაიმეს ალტერნატივად. მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნები აქვს, ხოლო ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ევროპარლამენტარებთან ვერბალური კინკლაობა მიდის, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება იწვევდეს ბუნდოვან მოლოდინებს. დიახ, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიული იდენტობითა და ამჟამინდელი რეგიონალური გეოპოლიტიკით უნდა იყოს მოქნილი თავის პარტნიორების ქსელის შექმნაში, თუმცა ეს მოქნილობა არ უნდა იყოს ალტერნატივების ჭრილში განხილული. ვფიქრობ ეს საკვანძო მომენტია.
ევროკავშირის წევრობა და სტრატეგიული პარტნირობა ჩინეთთან, ერთად როგორ?
გამომდინარე წინათქმულიდან პარტნიორობის ესა თუ ის დონე საკმაოდ მოქნილია და ძირითადად დამოკიდებულია ორმხრივ შეთანხმებებსა და ინტერესთა თანხვედრაზე. ევროკავშირს თავად აქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნირობა გამოცხადებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც არ გადახედილა მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში ანტაგონიზმისა, ამასთან ერთად ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოს აქვს ზუსტად იგივე დონის, ან უფრო მაღალი დონის პარტნირობა ჩინურ მხარესთან. მათ შორისაა:
გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი და ა.შ
შესაბამისად სწორი იქნება მიდგომა:
“სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან ახალი შესაძლებლობაა.
ხოლო მიდგომა: “ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან ჩვენი ცივილიზაციური კერის ახალი ალტერნატივაა ცალსახად არასწორია”!
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ ჯერ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან, ხოლო მოგვიანებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. თუ საერთაშორისო პრესას, აკადემიურ თუ ანალიტიკურ ლიტერატურას გადავხედავთ, ამ ფაქტს ცალსახა პოზიტიური შეფასება აქვს და პატარა კავკასიურ სახელმწიფოს ერთგვარ უნიკალურ ნიშას აძლევს.
შესაბამისად თუ რა შედეგებს მოიტანს სტრატეგიული პარტნიორიობა ჩინეთთან დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მიდგომებსა და მეთოდზე. ის შეიძლება გახდეს უაღრესად სასარგებლო მთელი რიგი მიმართულებით, ან პირიქით.
კომუნიკე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნირობაზე
გასაგებია რომ საქართველო და ჩინეთი ერთი და იმავე ზომის კალიბრის ქვეყნები არ არიან საერთაშორისო სისტემაში, შესაბამისად განცხადების მომზადებისას ვერანაირად ვერ ვიქნებოდით თანაბარ პირობებში. განცხადების გაცნობისას მთელ რიგ მუხლებზე დამრჩა შთაბეჭდილება რიგ საკითხებში კონკრეტიკა უმჯობესი იქნებოდა, ხოლო ზოგიერთი თავი ცოტათი უადგილო ან ნაადრევია. მოდი, გავყვეთ პუნქტობრივად:
- პოლიტიკური განზომილება
“1.1 მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს”
ის რომ ორიმხრივი უერთიერთობა ეფუძნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აქ ახალი არაფერია, ეს მიდგომა იდენტურია 1992 წლის შემდგომ. თუმცა მაშინ როდესაც დაფიქსირებულია ერთი ჩინეთის პრინციპი, რომელიც შინაარსობრივად მოიცავს თაივანის ჩინეთის ნაწილად განხილვას, ცოტათი ბუნდოვანია რატომ არსად წერია კონკრეტული ფორმულირება რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღაირებულ საზღვრებში ან რაიმე მსგავსი, ასე გაცილებით რელევანტური იქნებოდა აღნიშნული თავის ფორმულირება.
1.2, 1.4, 1.5 და 1.6 თავები ჩემი აზრით, მისაღები თავებია და ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს.
- ეკონომიკური განზომილება
ეკონომიკურ ნაწილის 2.3 თავში ვკითხულობთ “მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ–ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.”
აღნიშნული თავის რეალურად იმპლემენტაციის შემთხვევაში სავარაუდოდ გაიზრდება შუა დერეფნის დატვირთვა, რაც ბუნებრივად პოზიტიური პროცესია. აქცენტის გაკეთება ინვესტიციებზეც მისასალმებელია, რადგან ბოლო 5 წლის სტატისტიკით ჩინური ინვესტიციები მოკრძალებულად გამოიყურება, მით უფრო იმ ფონზე რომ სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად ზრდადია და ექსპორტის მოცულობა წლიდან წლამდე იმატებს. ჩინური ინვესტიციების მოსაზიდად ქართულ მხარეს დამატებითი ძალისხმევა აქვს გასაწევი, ამჟამად ქვეყანაში წარმოდგენილი მსხვილი ჩინური კომპანიები ძირითადად მსხვილ საერთააშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არიან და არა ინვესტორები. ამ მიმართულებით გარკვეული ჩავარდნა არსებობს, რაც კომპლექსური მუშაობით უნდა გამოსწორდეს.
მისასალმებელია თავი 2.7-“მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი.”
ჩინელი ვიზიტორისთვის საქართველო და ზოგადად სამხრეთ კავკასია შედარებით ახალი აღმოჩენაა, პანდემიამდე ტურისტული ჯგუფების რიცხვი სტაბილურად ზრდადი იყო, ორწლიანი ჩავარდნის შემდგომ წლევანდელი სეზონი აქტიურად დაიწყო. ერთობლივ განცხადებაში ტურიზმი ცალკე გამოყოფა დიდი ალბათობით გაზრდის ჩინელი ტურისტული ჯგუფების რაოდენობას, რაც მათი მხარჯველუნარიანობის გათვალისწინების შემთხვევაში არც თუ ცუდი ფაქტია ქართული ეკონომიკისთვის.
თავი 2.9 ეხმიანება ე.წ “16+1” ფორმატში საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ჩართვას. 16+1 ფორმატი თანამშრომლობის მექანიზმია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთს შორის. შესაძლოა ბევრისთვის არ იყო ცნობილი, თუმცა საქართველო უკვე წლებია გამოხატავს სურვილს ევროპულ ქვეყნებთან ერთად ჩაერთოს თანამშრომლობის ამ ფორმატში. მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი მკვლევარი “16+1”-ს ევროკავშირის ტროას ცხენს ადარებს, ფაქტია ის დღესდღეობით ფუნქციონირებს და ევროპულ ქვეყნებთან ერთად (რომელთა შორის ევროკავშირის წევრებიც მრავლად არიან) საქართველოს პოზიციონირება მისი რეგიონალური იდენტობის გამოკვეთისთვის ცუდი ნამდვილად არ იქნება.
თავი 2.10 “ ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს”
ეკონომიკური განზომილების ნაწილი ფინანსური კრედიტების საკითხით სრულდება. დიდი ალბათობით სწორედ ამ ნაწილს უკავშირდებოდა პრემიერის აზიის ინვესტიციების და ინფრასტრუქტურის ბანკში ვიზიტი. დღესდღეობით ბანკიდან საქართველოს არც თუ ისე დიდი რაოდენობით თანხა აქვს ნასესხები და საერთო სტატისტიკაში მეთერთმეტე ადგილს იკავებს. AIIB მსოფლიოში შედარებით ახალი მოთამაშეა, შესაბამისად სასურველი იქნება მასთან გეგმაზომიერი და ფრთხილი მიდგომით თანამშრომლობა.
ბოლო თავი საერთაშორისო განზომილებას ეხება, ბუნებრივია ჩინეთის გლობალური როლიდან გამომდინარე ამ თავში აქცენტი ჩინეთზე იქნებოდა, თუმცა საერთაშორისო განზომილებისა და პოლიტიკურ თავში იქმნება არათანაზომიერი თანამშრომლობის შთაბეჭდილება. საუდის არაბეთისა და ირანის წარმატებული მედიაციის შემდგომ, კარგი იქნებოდა დაფიქსირებულიყო ქართულ-რუსულ კონფლიქტში მედიაციის ჰიპოთეტური შესაძლებლობა მაინც, თუ რა ფორმულირებით ეს უკვე მხარეებს შორის კომუნიკაციაზე იქნებოდა დამოკიდებული. არ გამოვრიცხავ განცხადებების შემუშავების დროს ამ თემებზე ქართულ მხარესაც ჰქონოდა აქცენტი, თუმცა ფაქტია რომ საბოლოო ვარიანტში მივიღეთ ის რაც მივიღეთ.
საბოლოო ჯამში, ერთობლივი კომუნიკეს შემუშავებისას სასურველი იქნებოდა მეტი პრინციპულობის გამოჩენა რომ დოკუმენტში ასახულ პოლიტიკურ და საერთაშორისო განზომილებების ნაწილში უფრო ნათლად წარმოჩენილიყო ჩვენი ქვეყნის საჭიროება. აღნიშნული თავები პრაქტიკაში როგორ განხორცილდება ამას უახლოეს მომავალში დავინახავთ. იმ შემთხვევაში თუ ჩინურ-ქართული პარტნიორობა შესაძლებლობის ახალ ფანჯარად იქნება გამოყენებული და არა რაიმე ალტერნატივად, ეს მხოლოდ სარგებლის მომტანი გახდება ქვეყნისთვის. მსოფლიოს ტოპ ხუთი ეკონომიკიდან სამი აზიაში მდებარეობს, განურჩევლად იმისა თუ რა ტიპის პოლიტიკური პარტია იქნება ხელისუფლების სათავეში, საქართველოს მოუწევს მათთან მჭიდრო ურთიერთობები, უბრალოდ ახალი შესაძლებლობების ძიებისას ბმა იმ ცივილიზაციურ-კულტურულ-პოლიტიკურ სივრცესთან რასაც საერთო ევროპული ოჯახი ქვია უნდა იყოს მყარი და ინსტიტუციონალურად გაძლიერებული.
Discussion about this post