ქრისტიანობა I საუკუნის პირველ ნახევარში ჩაისახა ისრაელ-პალესტინის ტერიტორიაზე. ახალ რელიგიის პირველი ტალღა საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და მოიცვა ტერიტორია ესპანეთიდან მინიმუმ ინდოეთამდე. ვინ და როდის იქადაგა ქრისტიანობა ინდოეთში დღემდე კამათის საგანია ისტორიკოსთა შორის. მესამე საუკუნეში შედგენილი „თომას საქმეების“ მიხედვით, მოციქულებს შორის საქადაგებელი რეგიონების განაწილებისას თომა მოციქულს ინდოეთი შეხვდა(2: 1). მან მოიარა ტერიტორია ინდოეთის ჩრდილოეთიდან ვიდრე მალაბარის სანაპირომდე და 68 წელს ( სხვა ვერსიით 72 წელი ) მოწამეობრივად აღესრულა ინდოეთშივე(2: 75). ევსევი კესარიელის ( 260/265- 339-340 ) და წმინდა იერონიმეს ( 347-420 ) ცნობებით თომა მოციქულს თან ახლდა ასევე ბართლომე მოციქულიც. მათი წყაროების მიხედვით, როცა II საუკუნის შუა ხანებში ეგვიპტიდან მღვდლების დელეგაცია ჩავიდა ინდოეთში, მათ აქ აღმოაჩინეს თომასა და ბართლომეს მიერ ჩატანილი მათეს სახარება(5). თომას მიერ მოქცეულებად მიიჩნევდნენ თავს ინდოელი ქრისტიანები, როცა მათთან პირველი კონტაქტი დაამყარეს პორტუგალიელებმა XV-XVI საუკუნეში.

ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ წყაროები თომას ინდოეთში მოგზაურობის შესახებ არასაკმარისია ამ ფაქტის რეალურობის დასადასტურებლად. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ქრისტიანობა ინდოეთში II საუკუნის შუა წლებამდე უნდა გავრცელებულიყო(6: 76). 325 წელს ნიკეის კრებას ესწრებოდა ეპისკოპოსი ინდოეთიდან, სახელად იოანე(4: 4). თავდაპირველად ინდოეთში არსებული ქრისტიანული ეკლესია მიჰყვებოდა ქრისტიანობის ცენტრალურ მიმართულებას. მათ სცნეს ნიკეასა და კონსტანტინეპოლის კრებების ( 325, 381 ) მიერ დადგენილი სარწმუნოების სიმბოლო. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა მეოთხე საუკუნეში. მესამე საეკლესიო კრებაზე ეფესოში ( 431 წ. ) ერესად გამოაცხადეს კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნესტორის ( 385-450 ) იდეები(11: 3). ნესტორის მიხედვით ქრისტეს დაბადებისთანავე არ დაჰყოლია ღვთაებრივი ბუნება, არამედ შემდეგ შეიძინა. შესაბამისად ის არასწორად მიიჩნევდა იესოს დედის- მარიამისათვის ღვთისმშობლის წოდებას. ერეტიკოსებად გამოცხადების შემდეგ ნესტორიანელები არ გაუჩინარებულან, არამედ კიდევ უფრო გააქტიურდნენ. მეექვსე საუკუნეში მათ დაარსეს „აღმოსავლეთ სირიის ეკლესია“, ან უბრალოდ „აღმოსავლეთის ეკლესია“(6: 1). განსხვავებით ქრისტიანობის ორთოდოქსული მიმდინარეობისა, „აღმოსავლეთის ეკლესია“ დიდ ყურადღებას აქცევდა ქრისტიანობის გავრცელებას აღმოსავლეთით. ამიტომაც, სირიის აღმოსავლეთით, სპარსეთიდან ვიდრე აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვამდე ქრისტიანული მიმდინარეობებიდან ნესტორიანელობა იყო დომინანტი, მათ შორის ინდოეთშიც.

თუ მცირე წყარები მაინც გვაქვს იმის შესახებ თუ ვინ იქადაგა პირველად ინდოეთში ქრისტიანობა, ჩინეთის შემთხვევაში ამ მხრივ სიტუაცია უფრო რთულადაა. ინდოეთში, მალაბარის ეკლესიის აღაპებში დაცულია ცნობა, რომ თომა მოციქულმა იქადაგა პირველად ჩინეთში(4: 14). ამავე აზრს იზიარებდნენ XVII საუკუნეში ჩინეთში მოღვაწე იეზუიტები და ევროპელი სწავლულები, როცა 1623 ( ან 1625 ) წელს ჩინეთში აღმოაჩინეს VIII საუკუნის ნესტორიანული სტელა(12: 13). მაგრამ, სამაგიეროდ სდუმან ჩინური წყაროები. არცერთი ჩინური წყარო ამ პერიოდისა არანაირ ცნობას არ გვაწვდის, რომ დავასკვნათ ჩინელებმა იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ. სხვაგვარად ფიქრობს ერთ-ერთი ფრანგი ისტორიკოსი პიერ პერიერი. ის ეყრდნობა ბუდიზმის ჩინეთში გავრცელების ლეგენდისა და ლიენიუნკანგის ( 连云港 ) მაზრაში არსებულ კლდეში გამოკვეთილი ქანდაკებების კომპლექსიდან სამი ქანდაკების მნიშვნელობის თავისებურ ინტერპრეტაციას.
უპირველეს ყოვლისა ავხსნათ ჩინეთში ბუდიზმის გავრცლების ლეგენდის არსი. ამ ლეგენდის მიხედვით აღმოსავლეთ ხანის ( 东汉25-220 ) დინასტიის იმპერატორ მინგს ( 明帝– 57-75 ) დაესიზმრა მფრინავი კაცი, რომელიც შარავანდედით იყო მოსილი. მან სწავლულებს ჰკითხა ვინ შეიძლება ყოფილიყო სიზმარში ნანახი პიროვნება. სწავლულების აზრით იმპერატორი სიზმარში ბუდა შაკიამუნის შეხვდა. იმპერატორმა ინდოეთში გაგზავნა დელეგაცია , რომელსაც უკან ჩამოჰყვა ორი ბუდისტი ბერი თეთრ ცხენზე გდაკიდებული 42 ბუდისტური ხელნაწერით. იმპერატორმა მათ გამოჰკითხა ბუდიზმზე დ ნება მისცა დედაქალაქ ლოიანგში ( 洛阳 ) აეშენებინათ ტაძარი, რომელსაც თეთრი ცხენის ტაძარი ეწოდა ( 白马寺 ) (14). პერიერის მიხედვით ეს ლეგენდა მიემართება არა ბუდიზმს, არამედ ქრისტიანობას. ამის მტკიცებულებად მას მოჰყავს მანუსკრიპტების რიცხვი- 42. ამდენი წიგნი დაჰქონდათ მოქიცულებს ქადაგებისას ( ახალი და ძველი აღთქმის წიგნები ). ასევე, თეთრი ცხენის ტაძარი განლაგებული იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ქრისტიანული ტაძრების მსგასვად. მაშინ როცა, ჩინეთში შემდეგ პერიოდებში აგებული პაგოდები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა მიმართული(3).
რაც შეეხება ლიენიუნკანგის ქანდაკებებს, ესაა ქონგვანგის მთაზე ( 孔望山 ) შესრულებული ქანდაკებების კომპლექსი, რომელიც აერთიანებს კონფუციონიზმის, ტაოიზმისა და ბუდიზმის გამოჩენილი პიროვნებების გამოსახულებებს(15). ამ კომპლექსიდან პერიერი გამოყოფს სამ რელიეფურ ქანდაკებას- ერთი სხვა ორზე მაღლა დგას და ხელში მკერდის სიმაღლეზე ჯვარი უკავია, დანარჩენი ორი შედარებით დაბალია, მათგან ერთი მჯდომარე პოზაშია. პერიერის აზრით მაღალი ფიგურა მოციქული თომაა, მჯდომარე ფიგურა ღვთისმშობელი, ხოლო მესამე კი თომას მოწაფე. პერიერის აზრით თომამ ჩინეთში იქადაგა 65-68 წლებში. შემდეგ დაბრუნდა ინდოეთში და 71 წელს აღესრულა აქ მოწამებრივად(3).

უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე შემთხვევაში პერიერის თეორიები წყაროების ძლიერ სუბიექტურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ამავდროულად, ბუდიზმის ჩინეთში გავრცელების ზემოთაღწერილი ლეგენდა მხოლოდ მეხუთე საუკუნეში ჩანს პირველად წერილობით წყაროებში. ანუ აღწერილი მოვლენებიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ. ეს ლეგენდა ან მისი მსგავსი ამბავი არ მოიპოვება არცერთ ადრინდელ წიგნში, მათ შორის არც „გვიან ხანის ისტორიაში“ ( 后汉书 ). ისტორიკოსთა უმეტესობის აზრით ეს ლეგენდა ბუდისტების მიერ მე-3-4 საუკუნეში უნდა შეთხზულიყო. ბუნებრივია, ეს ლეგენდა ვერ გამოდგება ქისტიანობის ჩინეთში პირველ საუკუნეში გავრცელების თეორიის დასამტკიცებლად. რაც შეეხება ქონგვანგის მთის კომპლექსს, უნდა ითქვას, რომ პერიერის მიერ გამორჩეული სამი გამოსახულება ძლიერ დაზიანებულია და დაზუსტებით თქმა იმისა, თუ ვინაა გამოსახული მათზე შეუძლებელია.
პირველი ქრისტიანები ჩინეთში ინდოეთიდან დაახლოებით მე-4-5 საუკუნეებში უნდა გადასულიყვნენ ვაჭრებისა და მოგზაურების სახით. დაახლოებით 549-552 წლებში ინდოეთიდან ჩინეთში გადავიდნენ ორი ბერი, სავარაუდოდ ნესტორიანელები. მათ ჩინეთიდან საიდუმლოდ გამოიტანეს აბრეშუმის ჭიის პარკი და ბიზანტიაში ჩაიტანეს(11: 47).
წყაროებით დადასტურებული პირველი ქრისტიანი მქადაგებელი ჩინეთში მხოლოდ VII საუკუნეში გამოჩნდა. თანგის დინასტიის ( 唐朝– 618-907 ) დაარსებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ 635 წელს ჩინეთის საიმპერიო კარს ესტუმრა სირიელი ნესტორიანელი ბერი ალოპენი (阿罗本 ). იმპერატორ თაიწონგისგან ( 太宗– 626-649 ) მან მიიღო ნებართვა დედაქალაქ ჩანგანში ( 长安 ) აეშენებინა ტაძარი და თან ჩამოყვანილ 21 მღვდელთან ერთად თავისუფლად ექადაგა. სამი წლის შემდეგ- 638 წელს კი იმპერატორმა გამოსცა ბრძანებულება, რომ ყველა პროვინციაში აეშენებინათ მინიმუმ ერთი ნესტორიანული ტაძარი(13). იმპერატორის მიერ ნესტორიანობის ასეთი მხარ დაჭერის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ იყო ის, რომ მისი ბებია მამის მხრიდან ნესტორიანი ქრისტიანი იყო. თაიწონგის ბაბუამ, თანგის თავადმა- ლი პინგმა ( 李昞 ) ცოლად შეირთო სიენპეის ( 鲜卑) ტომის ერთ-ერთი გამოჩენილი სარდლის ქალიშვილი(3: 55). ამ პერიოდში კი ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებში ნელ-ნელა ვრცელდებოდა ნესტორიანელობა.
იმპერატორის მხარდაჭერა ძალიან წაადგა ნესტორიანულ ეკლესიას გაძლიერებაში. ისინი არ იხდიდნენ გადასახადებს, ქონდათ დიდებულებისა და იმპერატორის დახმარება კაპიტალის მხრივ. თუმცა, საუკუნის ბოლოს სიტუაცია გაუარესდა, რამეთუ იმპერატორი უ წეთიენი ( 武则天– 690-705 ) ბუდიზმის დიდი დამცველი იყო და ნესტორიანელობის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაატარა. მერვე საუკუნის შუა ხანებში სიტუაცია ისევ ნესტორიანელების სასარგებლოდ შეიცვალა. 745 წელს იმპერატორმა სუენწონგმა ( 玄宗– 713-756 ) კვლავ აღჭურვა ნესტორიანული ეკლესია პრივილეგიებით(11: 47). მეცხრე საუკუნის პირველ ნახევარში ნესტორიანელობამ ტიბეტშიც შეაღწია, მაგრამ აქ დიდი წარმატება არ ჰქონია.
ჩინელებმა ქრისტიანობას უწოდეს „ნათელი რელიგია“, „სინათლის რელიგია“ ( 景教 )(6: 75). ასევე იყენებდნენ სხვა სახელწოდებასაც- „სპარსული რელიგია“(11: 47). ეს იმიტომ, რომ ნესტორიანობის მქადაგებლები დასავლეთიდან მოდიოდნენ, ამავდროულად მრავალი სპარსი ნესტორიანი სახლდებოდა ჩინეთში. „სპარსულ ტაძარს“ უწოდებდნენ ეკლესიებს ამავე მიზეზის გამო. ეკლესიებს კიდევ სხვა სახელიც ჰქონდა- „სირიული ტაძარი“(11: 47). ტოპონიმი, რომელსაც იყენებდნენ სირიის აღსანიშნავად- ტაცინი ( 大秦 ), სიტყვასიტყვით ნიშნავს „დიდ ცინს“. „ცინ“ ამ შემთხვევაში იგულისხმება ცინ შ’ ხუანგტის მიერ დაარსებული დინსტიის სახელი. ჩინელები თავდაპირველად „დიდ ცინს“ უწოდებდნენ რომის იმპერიას, მაგრამ რომის დაშლის შემდეგ მაინც გააგრძელეს ამ ტოპონიმის გამოყენება სირიისა და მიმდებარე ტერიტორიის აღსანიშნავად.
ზოგადად ჩინეთში ნესტორიანელობის მიმდევრები იყვნენ მაღალი ფენის წარმომადგენლები. ამის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ღვთისმსახურება მიმდინარეობდა სირიულ ენაზე, ეკლესიის მაღალი ფენის წარმომადგენლებიც უცხოელები, ძირითადად სპარსები იყვნენ. ეს ფაქტორები ერთგვარ გაუცხოებას ქმნიდა ნესტორიანობის მქადაგებლებსა და ჩვეულებრივ მოსახლეობას შორის. თავის მხრივ არც ნესტორიანი მღვდლები ცდილობდნენ დიდად დაახლოებოდნენ და უკეთ გაეგოთ ხალხთა ფართო მასებისათვის. თუმცა კი, იყო მცდელობები მათი მხრიდან ბუდიზმთან საერთო ენის გამონახვისა. ამის მაგალითია ჩინელი ნესტორიანელების მიერ ჯვრისა და ლოტოსის ერთად გამოსახვის ფენომენი(6: 25). არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ბუდისტებისა და ნესტორიანელების თანამშრომლობისა. კერძოდ, 782 წელს ინდოეთიდან ჩინეთში ჩავიდა ბერი პრაჯნა, რომელმაც თან ჩაიტანა ბუდისტური სუტრები, თუმცა კი კარგი მთარგმნელი ვერ იპოვეს. რადგან ჩინურ ნესტორიანულ ეკლესიაში არაერთი მღვდელი თუ ბერი იყო ინდოეთიდან ჩამოსული, შესაბამისად მათ ჩინური და ინდურიც კარგად იცოდნენ და პრაჯნას დახმარება გაუწიეს ამ სუტრების თარგმნაში. შემდეგ ხანებში პრაჯნას სუტრები იაპონიასა და კორეაშიც გავრცელდა. იაპონიაში მათ სათავე დაუდეს ორ ძლიერ ბუდისტურ სკოლას- შინონსა და ტენდაის, რომლებიც მოგვიანებით იაპონური ძენ-ბუდიზმის საფუძვლები გახდნენ.(6: 25).
781 წელს თანგის დინასტიის დედაქალაქ ჩანგანში ნესტორიანელებმა დადგეს დიდი სტელა, რომელზეც ჩინურ და სირიულ ენებზე შეასრულეს წარწერა. სტელაზე მათ აღწერეს ჩინეთში ნესტორიანელობის გავრცელების ისტორია და მათ პერიოდში არსებული სიტუაცია. აღნიშნული სტელა 1623 ( 1625 ) წელს აღმოაჩინეს ჩინეთში მოღვაწე იეზუიტებმა ქალაქ სიანში ( ყოფილი ჩანგანი ). სწორედ ამ სტელიდან ვგებულობთ ინფორმაციას ალოპენზე და თანგის დინასტიის პერიოდში ჩინეთში არსებულ ნესტორიანელებზე.

842 წელს იმპერატორმა უწონგმა ( 武宗– 840-846 ) გამოსცა ედიქტი, რომელიც კრძალავდა საზღვარგარეთიდან შემოტანილი რელიგიების თაყვანისცემა. ამ ედიქტის მთავარი სამიზნე იყო ბუდისტური ეკლესია, რომელსაც ამ პერიოდში უზარმაზარი ძალაუფლება და სიმდიდრე ჰქონდა დაგროვებული. თუმცა, ასევე შეეხო სხვა შემოსულ რელიგიებსაც, გარდა ისლამისა. შედეგად განადგურდა ნესტორიანული ტაძრები, ხოლო ნესტორიანელები ხელსუფლების მიერ იდევნებოდნენ. რადგანაც ნესტორიანელობა ძირითადად საზოგადოების მაღალ ფენებში იყო გავრცელებული და ჩვეულებრივ ხალხში მას ფეხი არ ჰქონდა მოკიდებული, ამკრძალავი ედიქტის გამოსვლიდან მალევე ნესტორიანელობა ჩინეთში კატასტროფულად შესუსტდა. აღმოსავლეთის ეკლესიის კათოლიკოს- თეოდოსიუს I-ის ( 856-868 ) სინოდში უკვე აღარ შედიოდა ჩინეთის წარმომადგენელი. 981 წელს ნესტორიანელი ბერები ესტუმრნენ ჩინეთს, მაგრამ ვერც ეკლესიები ნახეს და ვერც ადგილობრივი ნესტორიანელები(4: 15). მეორეს მხრივ IX-X საუკუნეების არაბულ წყაროებში დასტურდება ამ ხანებში ჩინეთში მცირე რაოდენობით ნესტორიანების კვლავ არსებობა(11: 49). თვით მარკო პოლოც კი მოიხსენიებს ნესტორიანელებს, რომლებიც მისი ჩასვლისას უკვე რამდენიმე საუკუნე ცხოვრობდნენ ჩინეთში(6: 187). წყაროთა ამ უთანხმოების მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ნესტორიანი ბერები ჩინეთში ცენტრალური გზით გადავიდნენ და სავარაუდოდ ჩინეთის ცენტრალური და დასავლეთ ნაწილი მოიარეს. არაბი მოგზაურები კი ძირითადად წყლით მოგზაურობდნენ და საპორტო ქალაქებს ნახულობდნენ. ბუნებრივია სავაჭრო ადგილებში უფრო მეტი იქნებოდა ალბათობა ნესტორიანელების შემორჩენისა, ვიდრე იმპერიის შიდა მიწებზე.

ჩინეთში ნესტორიანელობის აღორძინება უკავშირდება მონღოლების მიერ ჩინეთის დაპყრობას. ნესტორიანელობამ გაცილებით ადრე დაიწყო გავრცელება სტეპის მომთაბარეებში. მოგვიანებით მათ მაჰმადიანების სახით მეტოქეები ამოუჩნდნენ, მაგრამ ისლამის გამოჩენის შემდეგაც რიგ მონღოლურ და თურქულ ტომებში კვლავ ნესტორიანელობა რჩებოდა მთავარ რელიგიად. ამ მხრივ საინტერესოა პრესვიტერი იოანეს პიროვნება, რომელიც XIII საუკუნიდან ევროპაში პოპულარობით სარგებლობდა. ევროპული წყაროები- მარკო პოლო, უილიამ რუბრუკი, პლანო კარპინი თავიანთ თხზულებაში მოიხსენიებენ მას როგორც, ერთ-ერთი ძლიერი ტომის ბელადს. რუბრუკის მიხედვით ის ნაიმანების მეთაური იყო(10: 157). მარკო პოლო მას ონ ხანთან აიგივებს და თან ამბობს, რომ ის თათრებს მეთაურობდა(9: 19). მაგრამ ეს არასწორია, რამეთუ ონ ხანი იყო ტიტული, რომელიც ჯურჩენების ძინის დინასტიის ( 金朝– 1115-1234 ) იმპერატორმა უბოძა კერაიტების ტომის ნესტორიან ბელადს- თოღორილს. თოღორილი თავდაპირველად ჩინგიზ ყაენის მოკავშირედ გამოდიოდა, თუმცა მოგვიანებით დაუპირისპირდა მას და 1203 წელს მოკლეს. თოღორილის ქალიშვილები ჩინგიზ-ყაენისა და მისი შვილების მეუღლეები გახდნენ. მათ შორის ერთი- სორკაკტანი ჩინგიზის უმცროს ვაჟს- თულის გაჰყვა ცოლად. მათი შვილები იყვნენ ჰულაგუ, ყუბილაი და მუნქე ყაენები(4: 20)(11: 84).
ყუბილაი ყაენმა ( 1215-1294 ) შეძლო ჩინეთის სამხრეთ ნაწილის დაპყრობა და ჩინეთის კვლავ გაერთიანება. 1271 წელს მან გამოაცხადა იუენის დიანსტიის ( 元朝– 1271-1368 ) დაარსება. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ იყო ქრისტიანი, ნესტორიანი დედის გაზრდილ ყუბილაის კარგი დამოკიდებუბა ჰქონდა ქრისტიანებისადმი. ჯერ კიდევ 1248 წელს ჩამოყალიბდა ხანბალიკის ( თანამედროვე პეიძინგი ) ნესტორიანული მეტროპოლია(4:20). მოგიანებით ასეთი მეტროპოლიების რიცხვი სამამდე გაიზარდა დაემატა რა ტანგუტებისა ( ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ) და კატაის ( ჩინეთის ჩრდილოეთი ) მეტროპოლიები(3: 27). იუენის ხელისუფლებამ არამარტო გადასახადებისაგან განათავისუფლა ნესტორიანელები, არამედ სპარსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იწვევდნენ ქრისტიანებს. ამას თავისი პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ მონღოლები თავდაპირველად უფლებას არ აძლევდნენ ჩინელებს ჩართულიყვნენ ქვეყნის მართვაში. ადმინისტრაციისათვის საჭირო კადრების შევსებას კი უცხოელების ხარჯზე ცდილობდნენ(1). ამიტომ იყო, რომ XIII საუკუნის ბოლოსათვის ჩინეთში 30 000-მდე ნესტორიანი ცხოვრობდა და მათი უმეტესობა არაჩინელი იყო(4:20).
გარდა ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილისა, სადაც მეტროპოლიები იყო განლაგებული, ნესტორიანელები ჩინეთის სხვა ნაწილებშიც ცხოვრობდნენ. მარკო პოლოს მიხედვით მათი განსახლების არეალი მოიცავდა ტერიტორიას უიღურების მიწიდან ( თანამედროვე სინძიანგის პროვინცია ) ჩრდილო- დასავლეთით ვიდრე მანჯურია-კორეის საზღვრამდე ( თანამედროვე ლიაონინგის პროვინცია ) და სამხრეთ- დასავლეთით ვიდრე სამხრეთ ჩინეთის ზღვის სანაპირომდე იუნანის პროვინციაში(9: 66). განსაკუთრებით მრავალი ნესტორიანი იყო ქალაქ ჩანგანში ( თანამედროვე ქალაქი სიანი – 西安 )(3: 27)(10: 157).

მიუხედავად იმისა, რომ ნესტორიანელები კათოლიკეებზე მეტად დაუახლოვდნენ მომთაბარეების კულტურას ( შეითვისეს შამანიზმის ელემენტები, გააუქმეს ცელიბატი, დაიწყეს შერეული ქორწინებების პრაქტიკა და სხვა ), მათ მაინც ვერ მოახერხეს საზოგადოების დაბალ ფენებზე გასვლა(11: 88). მსგავსად თანგის დინას,ტიისა, ამას კვლავაც ხელს უშლიდა სირიული ენის გამოყენება ღვთისმსახურებაში. თუმცა იუენის დინასტიის პერიოდში კიდევ უფრო დიდი ბარიერი იყო ის, რომ ნესტორიანელობა მონღოლების შეჰყვა ამჯერად ჩინეთში. ბუნებრივია, ჩინელი ხალხის სიძულვილი დამპყრობლებისადმი გამოიწვევდა იმას, რომ ცუდი თვალით შეხედავდნენ მონღოლების მიერ მხარდაჭერილ ამ სარწმუნოებას. მეორეს მხრივ, მონღოლებთან სიახლოვე საერთაშორისო მასშტაბზე წაადგათ ჩინელ ნესტორიანებს. კერძოდ, 1282 წელს აღმოსავლეთის ეკლესიის კათოლიკოსად აირჩიეს ხანბალიკში ( პეიძინგში ) დაბადებული წარმოშობით ტანგუტი მარკოზი, რომელიც იაჰბალაჰა III-ის სახელით გახდა კათოლიკოსი(11: 96).
საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ნესტორიანელებზე ჩინეთში ევროპელი მოგზაურები. პლანო კარპინის მიხედვით ნესტორიანელები ლოცვისას ხელებს მკერდზე იწყობდნენ, ტაძრებში არ იყენებდნენ დიდ ზარებს, ხოლო ტაძარი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ უნდა ყოფილიყო განლაგებული (7: 115). კარპინი და რუბრუკი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ნესტორიანელები ჯვარზე არასოდეს გამოსახავდნენ იესოს(7: 115)(10: 110). მიუხედავად გარკვეული დაპირისპირებისა კათოლიკეებთან, ზოგადად მათ ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რაც დასტურდება საერთო სასაფლაოების ქონაში(11: 89).
პოლიტიკური სიტუაცია ნესტორიანებისათვის ცუდად შეიცვალა XIV საუკუნეში. მონღოლი იმპერატორები დარწმუნდნენ, რომ უცხოელი კადრები ისე კარგად ვერ მართავდნენ ადმინისტრაციას ჩინეთში, როგორც თვითონ ჩინელები. ამიტომ დაიწყეს თავისი ერთგული ჩინელების აყვანა სამსახურში და ნელ-ნელა მოუხსნეს უცხოელებს პრივილეგიები(1). ამან გამოიწვია ძლიერი კრიზისი ჩინელ ნესტორიანელებში, რამეთუ უმეტესობა მათგანი ხელისუფლების აპარატში მუშაობდა და თან უცხოელები იყვნენ. ნესტორიანელებმა დაიწყეს გაფანტვა. საბოლოო წერტილი იყო ახალი ჩინური დინასტიის- მინგის ( 明朝– 1368-1644 ) პირველი იმპერატორის ჭუ იუენ ჭანგის ( 朱元璋– 1328-1398 ) მიერ უცხოური რელიგიების აკრძალვა ( გარდა ბუდიზმისა ). აქედან მოყოლებული აღარ გვხვდება ცნობები ჩინელ ნესტორიანებზე. მხოლოდ XVII საუკუნის დასაწყისში იტალიელმა იეზუიტმა ბერმა- მატეო რიჩიმ ( 1552-1610 ) აღმოაჩინა ჩინეთში ნესტორიანების შემორჩენილი მცირე ჯგუფი(4:21).

გამოყენებული მასალები:
1. ნანა გელაშვილი, მონღოლთა ბატონობა ჩინეთში, 2018
2. Acts of Thomas, M.R. James, Clarendon Press, Oxford, 1924
3. A. Mingana, Early spread of Christianity in Central Asia and Far East, university of Manchester, https://www.escholar.manchester.ac.uk/api/datastream?publicationPid=uk-ac-man-scw:1m1173&datastreamId=POST-PEER-REVIEW-PUBLISHERS-DOCUMENT.PDF
4. Marc Dickens, The church of the east, 1999.
5. Mission of saint Bartholomew, the apostle in India https://www.nasrani.net/2007/02/13/saint-bartholomew-mission-in-india/
6. Philip Jenkins, The lost history of Christianity, HarperCollins e-books, 2009
7. Ramond Beazley, On a hitherto unexamined manuscripts of John de Piano Carpini.
8. The apostle saint Thomas founded church in China,http://blog.sina.com.cn/s/blog_6600918b0100qkub.html
9. The book of sir Marco Polo the venetian concerning the kingdoms and marvels of the east, colonel sir Henry Yule, volume II, London, 1903
10. The journey of William of Rubruck of the eastern parts of the world, second series, London, Bedford press, 1943
11. Wilhelm Baum, Dietmar W. Winkler, The church of the east, a concise history, RoutledgeCurzon, 2003
12. China Ilustrata, Athanasius Kircher, 1670. translated by Dr. Charles D. Van Tuyl
13. 大秦景教流行中国碑颂-https://zh.wikisource.org/zh/%E5%A4%A7%E7%A7%A6%E6%99%AF%E6%95%99%E6%B5%81%E8%A1%8C%E4%B8%AD%E5%9C%8B%E7%A2%91%E9%A0%8C
14. 牟子理惑论- https://zh.wikisource.org/wiki/%E7%90%86%E6%83%91%E8%AB%96
15. 孔望山摩崖造像- https://baike.baidu.com/item/孔望山摩崖造像
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
Discussion about this post