პარასკევი, მარტი 24, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home განხილვები

მულანი

otar chigladze by otar chigladze
სექტემბერი 14, 2020
in განხილვები
1 min read
მულანი
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

ფილმი ეფუძნება მე-6 საუკუნის ჩინურ პოემას- „მულანის ბალადა“ (木兰诗). პოემა მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც ხნიერი მამის მაგიერ  ჩაეწერება არმიაში მომთაბარე ტომების წინააღდეგ საბრძოლველად. წლების განმავლობაში მრავალი გამარჯვების მიღწევის შემდეგ უარს ამბობს მაღალ თანამდებობაზე და საკუთარ სოფელში ბრუნდება მამასთან.

ჩინეთის ისტორიის ეს პერიოდი ცნობილია, როგორც „ჩრდილოეთისა და სამხრეთის დინასტიები“(南北朝386-589). მას შემდეგ რაც დასავლეთ ძინის დინასტია (西晋266-316) დაეცა ჩრდილოეთ ჩინეთი მომთაბარე ტომების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. ჩინელებმა მხოლოდ იანძის სამხრეთით შეძლეს გამაგრება და შესაბამისად მომდევნო საუკუნეებში მათ მიერ აქ დაარსებულ დინასტიებს სამხრეთის დინასტიები ეწოდებოდათ. დროთა განმავლობაში მომთაბარეების მიე ჩამოყალიბებულ სამეფოებს შორის უპირატესობა ჩრდილოეთ ვეიმ (北魏 386-530) მოიპოვა. მე-5 საუკუნის შუა რიცხვებში მათ ჩრდილოეთი გააერთიანეს, თუმცა მაინც რჩებოდა ორი მთავარი მეტოქე- სამხრეთიs დინასტიები და ჩრდილოეთით ჟოუჟანის (柔然) მომთაბარე ტომები. ეს ტომები, ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ ტომთა კონფედერაცია მე-4-6 საუკუნეებში აკონტროლებდნენ ვრცელ ტერიტორიას თანამედროვე მონღოლეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის სტეპებზე თურქთა ხაკანატის გამოჩენამდე. ისინი ხშირად ესხმოდნენ თავს ჩრდილოეთ ვეის სასაზღვრო ტერიტორიას.

მართალია „მულანის ბალადაში“ არაა უშუალოდ მითითებული, რომ მულანი ჩრდილოეთ ვეიდან იყო, მაგრამ ბალადაში ნახსენები ტოპონიმები და იმ პერიოდის ისტორიული რეალობა გვაფიქრებინებს, რომ პოემა სწორედ ჩრდილოეთ ვეიში ჩაისახა. გარდა ამისა, მომთაბარული ფესვების გამო, ჩრდილოეთ ვეის საზოგადოებაში ქალებს შედარებით მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ, ვიდრე ტრადიციულ ჩინურ სოციუმში. ისინი იყვნენ შესანიშნავი ცხენოსნები და მშვილდოსნები, რაც კიდევ უფრო მყარ საფუძველს შექმნიდა მულანის მსგავსი პერსონაჟის შესაქმნელად. რაც შეეხება საკუთრივ მულანის რეალურობას, ეს საკითხი დღემდე გადაუჭრელია.

ფილმი რამდენადმე აცდენილია ისტორიულ რეალობას და საკუთრივ პოემასაც. ფილმის პირველ კადრებში იმპერატორის მრჩეველი იმპერატორს მოახსენებს, რომ ჩრდილოეთის ექვსი გარნიზონი, რომლებიც აბრეშუმის გზაზე მდებარეობს, ჟოუჟანებმა აიღეს. ჩრდილოეთ ვეიში მართლაც არსებობდა ე.წ. „ექვსი საგარნიზონე ქალაქი“(六镇), რომელთა მთავარი მიზანი სწორედ ჟოუჟანებისაგან თავდაცვა იყო. თუმცა, ეს ტერიტორია აბრეშუმის სავაჭრო გზისაგან გაცილებით ჩრდილოეთით მდებარეობდა- ხუანხეს შუა წელის გასწვრივ, თანამედროვე ხეთაოს (河套) რეგიონში. გარდა ამისა, კიდევ უფრო უხეში შეცდომაა ტერმინ «აბრეშუმის გზის“ გამოყენება მე-6 საუკუნეზე გადაღებულ ფილმში. ეს ტერმინი მხოლოდ მე-19 საუკუნეში შემოვიდა ხმარებაში. მანამდე არ არსებობდა ერთი კონკრეტული სახელი, რომლითაც ამ ტრანსკონტინენტურ სავაჭრო მაგისტრალს მიემართებოდა.

განსხვავებით 1998 წელს ასევე დისნეის მიერ გადაღებული ამავე სახელის მქონე ანიმაციისაგან, ფილმი უფრო ახლოს დგას პოემის შინაარსთან იმ მიმართებით, რომ სასიყვარულო ისტორია ამოღებულია. თუმცა კი ცდომილებები აქაც შეინიშნება. მაგალითად, ბალადის მულანს იმპერატორი არ გადაურჩენია, არამედ ჩრდილოეთის ფრონტზე მრავალწლიანი ბრძოლით მოიპოვა აღიარება. ასევე აღსანიშნავია, რომ პოემაში მულანის თანამებრძოლები მხოლოდ ამბის ბოლოს, მისი სოფელში დაბრუნებისას გებულობენ, რომ ის ქალია. ფილმში კი ეს გაცილებით ადრე, შუა ბრძოლაში ხდება.

       ეკრანიზაციის შემდეგ ფილმის რეალურ ისტორიასთან კავშირი ბევრ მაყურებელსა და კრიტიკოსს არც გახსენებია. რეალურად დისნეის პროდუქცია კრიტიკის ქარცეცხლში სხვა მიზეზების გამო მოექცა. ამავდროულად, ფაქტია რომ პროდიუსერებმა „ცხრიანში მოარტყეს“, რადგან უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების ჰედლაინებს არ შორდება მულანის ეკრანიზაცია და მისგან განაწყენებული ჩინური და დასავლური საზოგადოება.

რამ გაანაწყენა ჩინელები?

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ნაწილი უშუალოდ ჩინეთში და ჩინელი მსახიობების მონაწილეობით გადაიღეს, ჩინელი მაყურებელი მაინც უკმაყოფილო დარჩა და მას დასავლეთში არსებულ „ვითომ ჩინურ სამზარეულოს“ შეადარა. მაყურებლების კრიტიკა ფართო სპექტრს მოცავს: ზოგს არ მოსწონს მსახიობის გარეგნობა და მის მაკიაჟს კორეულს ანდა დასავლურს ადარებს. ზოგიერთს ჩაის მომზადების ცერემონიალი არ მოეწონა, რომელიც სულაც არ ჰგავს ტრადიციულ ჩინურ მეთოდს.

გაბრაზებული ჰონგ-კონგელი აქტივისტები

ჰონგ-კონგელი აქტივისტები, რომლებიც უკვე მრავალი თვის განმავლობაში აპროტესტებენ პეკინის პოლიტიკას უსაფრთხოებისა და სხვა საკითხების მიმართ ასევე გამოთქვამენ უკმაყოფილებას დისნეის მიმართ. მათი სიბრაზე მიმართულია მსახიობ ლი იუფეის (刘亦菲- მულანის როლის შემსრულებელი) მისამართით, რადგან მან მხარდაჭერა გამოუცხადა ჰონგ-კონგის პოლიციას დემონსტრანტების შეკრებების დაშლის დროს.

დასავლური საზოგადოების უკმაყოფილება

დისნეის ამერიკელი და ევროპელი ფანები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ კომპანიის პროდიუსერებისა და რეჟისორების მიმართ, რადგან მათ საჯარო მადლობა გადაუხადეს სინძიანგის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებსა და უსაფრთხოების სამსახურებს გადაღებების დროს დახმარების გამო. ცნობისთის, სინძიანგის პროვინცია ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ჩანს მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იქ არსებული მდგომარების გამო. რეგიონი მჭიდროდ დასახლებულია ეთნიკური უიღურებით, რომლებიც მრწამსით სუნიტურ ისლამს აღიარებენ. ბოლო წლებში  ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს ექტრემიზმისა და რელიგიური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ, მათ შორის შექმნილი იყო ე.წ სკოლები თუ ბანაკები სადაც მიმდინარეობდა მათი „დერადიკალიზაცია“. აღნიშნული ცენტრები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა ადამიანის უფლებათა აქტივისტების მხრიდან, შესაბამისად დისნეის საჯარო მადლობები პროვინციის ხემძღვანელობისადმი მათ გაღიზიანებასაც იწვევს.

რა არ მოსწონთ ფემინისტებს?

ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების გარდა, დისნეიმ ფემინისტების გაღიზიანებაც გამოიწვია. კერძოდ ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ჟოუჟანების არმიის (მომთაბარე ტომები, ვისაც მულანი ებრძვის) მთავარი დასაყრდენი ჯადოქრის გარდაცვალების გამო, მათი არგუმენტაციით მომთაბარეების ძლიერების წყარო ქალი ჯადოქარი იყო, თუმცა მას სათანადო დაფასება არ ჰქონდა ფილმში.

ერთი სიტყვით, დისნეიმ ერთი ეკრანიზაციით მოახერხა ბევრი ჯგუფის განაწყენება. კომერციული თვალსაზრისით რამდენად მომგებიანი იქნება პლანეტის ყველა ნაწილში კრიტიკოსთა ამალა, ამას მოგვიანებით ვნახავთ.

ავტორები: ოთარ ჭიღლაძე, შალვა ჩიხლაძე.

Tags: დისნეილიუ იფეიმულანიმულანის ბალადაჟოუჟანებიჩრდილოეთ ვეი
Previous Post

ჩინური პოეზია

Next Post

ჩენგიუების ისტორია (成语故事)I

otar chigladze

otar chigladze

Next Post
ჩენგიუების ისტორია (成语故事)I

ჩენგიუების ისტორია (成语故事)I

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

მარტი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია