ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home

მუიეს ბრძოლა

otar chigladze by otar chigladze
დეკემბერი 14, 2020
in ისტორია
2 min read
მუიეს ბრძოლა
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

დაახლოებით ძვ.წ. 1045 მუიეს ველზე გაიმართა ბრძოლა შანგის დინასტიასა ( 商– ძვ.წ. 1600-1045 ) და ჭოუს ტომს შორის, რომელიც ჭოუს გამარჯვებითა და ახალი, ჭოუს დინასტიის დაარსებით ( 周朝– ძვ.წ. 1045-256 ) დასრულდა.

შანგის დინასტიის დაახლოებითი საზღვრები

   მინგთიაოს ( 鸣条 ) ბრძოლის შემდეგ დაარსებული შანგის დინასტია 500 წელზე მეტი განაგებდა ცენტრალურ ჩინეთს. ამ დროის განმავლობაში სამეფოს საზღვრები გაიზარდა და მოიცვა დასავლეთით მდინარე ვეის ( 渭水 ) დინებაც. მდინარე ვეის დინების შუა წელზე სახლობდა ჭოუს ტომი. კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაციის მხრივ ჭოუს ტომი შანგზე დაბლა იდგა(1). ჩრდილოელი და დასავლელი ტომების მხრიდან გამუდმებული თავდასხმების გამო ჭოუელები იძულებული გახდნენ თავდაპირველი განსახლების ადგილიდან გადასახლებულიყვნენ აღმოსავლეთით- ცის მთის ( 岐山 ) სიახლოვეს(2)(9). გადასახლდნენ რა შანგის პოლიტიკურ ცენტრთან უფრო ახლოს, ჭოუ შანგის დინასტიის პოლიტიკური და კულტურული ზეგავლენის ქვეშ მოექცა. ამ პერიოდიდან იწყება ჭოუს თანმიმდევრული განვითარება სოციალური, ეკონომიკური და სამხედრო კუთხით. ამ პროცესის პარალელურად შანგის სამეფოში შიდა კრიზისი მწვავდებოდა. მოვლენათა განვითარებამ კულმინაციას მიაღწია შანგის დინასტიის უკანასკნელი მეფის- ტი სინის ( 帝辛– ძვ.წ. მე-11 ს. ), ასევე ცნობილი როგორც ჭოუს ( 纣 ) მეფობისას. მართალია ჭოუს ტომის სახელი და ტი სინის მეორე სახელი- ჭოუ სხვადასხვა იეროგლიფით იწერება, მაგრამ გამოთქმა ერთნაირია, ამიტომ ქართველი მკითხველისათვის გაუგებარი რომ არ გახდეს თხრობა, შანგის უკანასკნელ მეფეს ქვემოთ ტი სინის სახელით მოვიხსენიებთ.

შანგის მეფე ტი სინი ( ჭოუ ), 1805 წელს შესრულებული პორტეტი

   სანამ მოვლენათა განვითარების აღწერაზე გადავალთ, მანამ გვსურს მცირე გაფრთხილება მივაწოდოთ მკითხველს. ტი სინისა და ზოგადად ამ პერიოდის შესახებ ჩინური წყაროები ძალიან ტენდენციურია და ეს სავსებით გასაგებია, რამეთუ ეს წყაროები იწერებოდა ჭოუს დინასტიის პერიოდში და შესაბამისად ჭოუს გადმოსახედიდან აღწერდნენ წარსულს. ჭოუს მიერ შანგის დაპყრობის გასამართლებლად და ჭოუს მეფეების ძალაუფლების ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად შემოიღეს „ცის მანდატის“ ცნება. ამ იდეის მიხედვით ცა, როგორც უმაღლესი არსი, ადგენდა თუ ვის უნდა ემართა ადამიანები, ძირითადი კრიტერიუმი კი ადამიანის მმართველად დასანიშნად იყო ღირსება. მაგრამ ძალაუფლების ქონა არა მუდმივი, არამედ ცის მიერ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისათვის გარკვეული ხნით გადაცემული პრივილეგიაა. როგორც კი არსებული დინასტია გადაუხვევს ცის მიერ დაწესებული წესებისაგან, ცის მანდატიც შესაბამისად გადაინაცვლებს ახალ უკეთეს დიანსტიაზე. ბუნებრივია, როცა ამ მატრიცაში ჩასვამ ერთი დინასტიის მეორეთი ჩანაცვლებას, დამარცხებული დინასტიის უკანასკნელი მეფე უნდა გამოიყვანო, როგორც საშინელი პიროვნება, სრული ტირანი, ახალი დინასტიის დამფუძნებელი კი, როგორც მრავალმხრივ ღირსეული და მოწყალე მმართველი, რომელიც ხალხის გასაჭირით შეწუხებული იძულებულია ჩამოაგდოს ტირანი. შესაბამისად, ჭოუს ეპოქის დაწერილ ნაწარმოებებში აღწერილი შანგის უკანასკნელი მეფე ტი სინი შესაძლოა სრულიადაც არ იყო ისეთი ტირანი, როგორც ამას ამტკიცებენ წყაროები და არც ჭოუს დამაარსებელი მეფეები- ვენი და უ იყვნენ ღირსების განსხეულებები.

   ძვ.წ. XI საუკუნეში შანგის დინასტიას არაერთი შიდა და საგარეო პრობლემა ჰქონდა. საგაერეო პრობლემებიდან მთავარი იყო მეზობელი მომთაბარე ტომების თარეშის აღკვეთა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ტი სინი გამუდმებით ებრძოდა აღმოსავლეთ ი-ს ( 东夷 ) ტომს(3)(9). ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების ძირითადი გამომწვევი მიზეზი კი იყო თვითონ მეფე ტი სინი. წყაროებში ჩამოთვლილი მისი ძირითადი დანაშაულებები არის: წინაპრების მიერ დატოვებული ტრადიციების დავიწყება, მსხვერპლშეწირვის არშესრულება, გადასახადების გაზრდა, ინდიფერენტულობა უბრალო ხალხის გასაჭირისადმი, სახელმწიფო რესურსების ზღვარგადასული ფლანგვა, გარყვნილებაში გადაშვება, უაზრო სისასტიკე(3)(4)(6). მიუხედავად იმისა, რომ გადასახადებს ზრდიდა, ტი სინი შემოსულ თანხას სახელმწიფოს მიზნებისათვის კი არ იყენებდა, არამედ პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად ააგო სასახლე, ე.წ. „ირმის პავილიონი“(8), სადაც მოაწყო ღვინის აუზი და ხორცის ტყე ( ხის ბოძებზე დაკიდებული იყო ხორცის ნაჭრები )(3)(4). ამ დარბაზში იკრიბებოდნენ სრულიად შიშველი ახალგაზრდები და ორგიებს მართავდნენ. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა საყვარელ ხარჭას- ტა ძის ( 妲己 ), რომლის ნებისმიერ სურვილს ასრულებდა ხაზინის ხარჯზე(3). ტი სინის ინტერესის სფეროში არ შედიოდა ქვეყნის საჭირ-ბოროტო საკითხებზე საუბარი მინისტრებთან. თუ რომელიმე მინისტრი მაინც გაბედავდა ამ საკითხის წამოწევას და ურჩევდა მეფეს, რომ უფრო სამართლიანად ემართა ქვეყანა, მეფის რისხვას მიიღებდა. ასე დაემართა ტი სინის ნახევარძმას ( ან ბიძას ) პი კანს ( 比干 )(4). მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა მეფეს მოუწოდა გამოფხიზლებულიყო და ქვეყანა დაცემისაგან ეხსნა, ტი სინმა ბრძანა პი კანის მკერდის გახსნა და მისი გულის ამოღება(3).

ჭოუს მეფე ვენი, მინგის დინასტიის ( 明朝– 1364-1644 ) ეპოქის პორტრეტი

   ჭოუს ტომი XI საუკუნეში აღმავლობის პერიოდში იყო. მათი ლიდერი, შემდეგში წოდებული, როგორც მეფე ვენი ( 周文王 ) აქტიურად მოღვაწეობდა ჭოუს გასაძლიერებლად. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეურნეობის აღმავლობას(5), თანადროულად კი ძლიერ არმიას აყალიბებდა. მან ნელ-ნელა დაიწყო მეზობელი ტომების დაპყრობა. ვენს დიდ დახმარებას უწევდა მისი მთავარი მინისტრი ძიანგ წი ია ( 姜子牙 ), რომელიც ასევე გამოჩენილი სტრატეგოსი იყო(9). ვენი პოპულარობით სარგებლობდა მეზობელი შანგის ვასალური სამეფოების მონათმფლობელთა წრეებში, რამეთუ მან წამოწია ინიციატივა გაქცეული მონების პატრონისთვის დაბრუნებაზე(1). ვენი თავდაპირველად ტი სინთან დაახლოებული პირი იყო და დასავლეთის ზედამხედველის ტიტულიც კი მიიღო, მაგრამ მოგვიანებით ჭოუს გაძლიერებაში ტი სინმა საფრთხე დაინახა, ეს მოხდა მაშინ, როცა მეფე ვენმა დაიპყრო ლისა ( 黎 ) და იუს ( 盂 ) სამეფოები და დაიკავა მაღლობები, საიდანაც შანგის დედაქალაქ ჭაოგემდე ( 朝歌 ) არმიის მარში ძალიან მარტივი იქნებოდა(2). ტი სინმა ჭოუს თავისთან სამეფო კარზე მიიწვია და შემდეგ ციხეში ჩასვა. ამ მომენტში ტი სინს შეეძლო ინიციატივა აეღო და ულიდერო ჭოუსათვის შეეტია. თუმცა ის ასე არ მოიქცა, არამედ უარესი გააკეთა და ჭოუს ელჩების საჩუქრები მიიღო ტი სინის განთავისუფლების სანაცვლოდ(3). განთავისუფლებული ვენი კიდევ უფრო აქტიურად შეუდგა ჭოუს გაძლიერებას და უკვე შანგისადმი მტრულ დამოკიდებულებას აღარ მალავდა.

   დაახლოებით ძვ.წ. 1050 წელს მეფე ვენი გარდაიცვალა და ჭოუს ლიდერობა ჩაიბარა მისმა შვილმა უ-მ ( 周武王 ). უ-მ გააგრძელა მამამისის მიერ დატოვებული საქმე და კიდევ უფრო აქტიურად დაუპირისპირდა შანგს. მეფობიდან მეორე წელს, როცა ტი სინი აღმოსავლეთ ი-ს ებრძოდა, უ-მ შანგის დასავლეთ მიწებს შეუტია, თუმცა მოგვიანებით უკან დაიხია(1)(2). ეს ნაბიჯი ერთგვარი გაფრთხილება იყო შანგის სამეფო კარისათვის და სიგნალი შანგის მონათმფლობელებისათვის, რომ მათ უნდა გადაეწყვიტათ მომავალში ვის მხარეს დადგებოდნენ. ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ უ-მ ახალი კამპანია დაიწყო. ამჯერად მიზანი შანგის საბოლოოდ დამარცხება იყო. უ-ს ჯარები დაბანაკდნენ მუიეს ველზე ( 牧野 ), სადაც მათ შეხვდა შანგის არმია(2)(9).

   მოწინააღმდეგე მხარეთა არმიის რაოდენობაზე სხვადასხვა ცნობები არსებობს. სიმა ციენის ( 司马迁 ) „ ისტორიული ჩანაწერების“ ( 史记 ) მიხედვით ჭოუს არმია შედგებოდა 300 ეტლის, 3 000 კაციანი წინარაზმისა და 45 000 ქვეითისაგან(3). თუმცა, არსებობენ წყაროები, რომლებიც მართალია ეტლების რაოდენობაში ეთანხმებიან სიმა ციენს, მაგრამ მეფე უ-ს არმიაში ქვეითების რაოდენობას 3 000 კაცით განსაზღვრავენ(5)(6). 45 000 ქვეითის ყოლა მართლაც გადაჭარბებული უნდა იყოს და ამას თვით შემდეგი ხანების ჭოუს წყაროებიც ადასტურებენ. მათი მიხედვით ძვ.წ. X საუკუნეში, როცა ჭოუ დიდების მწვერვალზე იყო არმია მოითვლიდა 30 000 ჯარისკაცს(10). ბუნებრივია, შანგის დამარცხებამდე ჭოუს ვერ ეყოლებოდა მეტი მეომარი, ვიდრე თავისი ძლიერების ზენიტში ყავდა.

   რაც შეეხება შანგის არმიას, „ისტორიული ჩანაწერები“ და სხვა წყაროები ამ საკითხზე თანხმდებიან და ერთ რიცხვს ასახელებენ- 700 000(3)(10). ზოგიერთი წყარო რიცხვს საერთო არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ შანგის არმიის ბანერები იმდენი იყო, ტყეს ჰგავდა(7). აშკარაა შანგის არმიის მეომართა რიცხვი ძალიან გადაჭარბებულია, თუმცა, უდაოა ისინი აღემატებოდნენ ჭოუს არმიას. მაგრამ შანგის არმია პროფესიონალი მეომრებისაგან არ იყო მთლიანად დაკომპლექტებული. როგორც ჩანს, ტი სინი იმდენად შეშინებული იყო შესაძლო მარცხით მონებსაც კი მისცა იარაღი და ბრძოლის ველზე გაიყვანა(3). თვით მეომრებშიც არ იყო შემართება თავიანთი მეფე დაეცვათ. ამიტომ, ჭოუს პირველივე შეტევაზე შანგის არმიის ნაწილმა შუბები ამოატრიალა, რითაც მხარეების შეცვლა ანუ ჭოუს მხარეზე გადასვლა გამოაცხადეს(9). ისტორიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ტი სინმა მონები კი არ შეაიარაღა, არამედ აქ იგულისხმება მის მიერ დაპყრობილი აღმოსავლეთ ი-ს ტომების ხალხები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ შანგის ერთგულნი(10). მოვლენათა ასეთი განვითარების გამო შანგის არმიის დანარჩენი ნაწილი აირია და უწესრიგოდ უკანდახევა დაიწყო. უიმედო სიტუაციის შემყურე ტი სინმა დატოვა ბრძოლის ველი, დაბრუნდა ირმის პავილიონში, მოაგროვა ძვირფასეულობები და ტანსაცმელი და თავი დაიწვა(3)(10). გამარჯვებული მეფე უ შევიდა შანგის დედაქალაქ ჭაოგეში. სიკვდილით დაასაჯა ტი სინის საყვარელი ტა ძი და ასევე შანგის სამეფო კარის 100 მოხელე(2). უ-მ ყოფილი შანგის სამეფოს ტერიტორიის მმართველად დანიშნა ტი სინის შვილი- უ კენგი ( 武庚 ) და ზედამხედველად დაუტოვა თავისი სამი ძმა(3).

დასავლეთ ჭოუს ( 西周– ძვ.წ. 1045-771 ) სამეფოს საზღვრები

   მუიეს ბრძოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩინეთის ისტორიაში. ამ ბრძოლამ არამხოლოდ ერთი დინასტიის მეორეთი ჩანაცვლება გადაწყვიტა, არამედ არის ერთგვარი წყალგამყოფი ჩინეთის ისტორიაში მონათმფლობელურ და ფეოდალურ წყობებს შორის. შანგის დინასტია მიჩნეულია, როგორც ჩინეთში მონათმფლობელური წყობის უკანასკნელი დინასტია. ჭოუს ეპოქაში კი დაიწყო და დასრულებული სახე მიიღო ჩინურმა ფეოდალიზმმა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Bai Shouyi, An outline history of China, Foreign language press, Beijing, 2002

2. Michael Loewe, Edward L. Shaughnessy, The Cambridge history of ancient China from the origins of civilization to 221 B.C., Cambridge university press, Cambridge, 1999

3. 段扬华,史记,辽海出版社,2013

4. 吕氏春秋 , https://www.gushiwen.org/guwen/lvshi.aspx

5. 孟子,https://zh.wikisource.org/wiki/%E5%AD%9F%E5%AD%90/%E7%9B%A1%E5%BF%83%E4%B8%8A

6. 尚书, https://www.gushiwen.org/guwen/shangshu.aspx

7. 诗经, https://so.gushiwen.org/shiwenv_59017094d758.aspx

8. 说菀,https://ctext.org/shuo-yuan/fan-zhi/zhs

9. 宛华,中华上下五千年,北京,2013

10. 张传玺,简明中国古代历史,北京大学出版社, 北京, 1999

ავტორი: ოთარ ჭიღლაძე

Tags: მუიეს ბრძოლატი სინიშანგის დინასტიაჭოუს დინასტია
Previous Post

ჩინეთ-იაპონიის ომი, 1937-1945 (პირველი ნაწილი)

Next Post

მონღოლთა ბატონობა ჩინეთში

otar chigladze

otar chigladze

Next Post
მონღოლთა ბატონობა ჩინეთში

მონღოლთა ბატონობა ჩინეთში

Discussion about this post

ბოლო პოსტი

მწარე პოდკასტის ახალი ეპიზოდი: ჩინეთი ხუთ შეკითხვაში

მწარე პოდკასტის ახალი ეპიზოდი: ჩინეთი ხუთ შეკითხვაში

აპრილი 27, 2022

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« აპრ    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა ევროპა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (6)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

მწარე პოდკასტის ახალი ეპიზოდი: ჩინეთი ხუთ შეკითხვაში

მწარე პოდკასტის ახალი ეპიზოდი: ჩინეთი ხუთ შეკითხვაში

აპრილი 27, 2022

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია