მონღოლთა სახელმწიფოს დაარსებისთანავე (1206 წ) ჩინგიზ-ყაენი დამპყრობლური საგარეო პოლიტიკის განხორციელებას შეუდგა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით. აღმოსავლეთით მის უმთავრეს სამიზნეს მაღალგანვითარებული და მდიდარი ჩინეთის იმპერია წარმოადგენდა. საამისოდ ჩინგიზ-ყაენი მოთმინებით ელოდა შესაფერის დროს და შორიდან ზვერავდა ჩინეთის დიდი კედლის მიმდებარე ტერიტორიას. თავად ჩინეთში იმხანად საკმაოდ მძიმე ვითარება იყო, მომთაბარე ტომებთან ( კიდანები, ჯურჯენები) ბრძოლებისაგან ქვეყანა იმდენად იყო დასუსტებული, რომ მონღოლთათვის სათნადო წინააღმდეგობის გაწევა არ ძალუძდა. წერილობით წყაროებში (რაშიდ ედ-დინის, პლანო კარპინის, ვილჰელმ რუბრუკის, ჩინელი ავტორებისა და სხვათა ნაშრომებში) დაცული ინფორმაციის თანახმად, ჩინგიზ ყაენმა ისარგებლა ჩინეთში არსებული მძიმე ვითარებითა და 1209 წელს პირველი ლაშქრობა მოაწყო ჩრდილოეთ ჩინეთში, სადაც იმხანად ტუნგუსურ-მანჯურიული ტომები- ჯურჯენები იყვნენ გაბატონებულნი (14: 163-164)(3: 38-39)(1: 9-11) . მონღოლებმა შეუფერხებლად და დანაკარგის გარეშე გადალახეს დიდი კედელი ( რამდენადაც ჩინგიყ-ყაენს კავშირი ჰქონდა საზღვართან მოსახლე ტომებთან, რომლებმაც მის ლაშქარს ერთ-ერთი კარიბჭე გაუღეს ), შემდეგ- ყვითელი მდინარე ანუ ხუანხე ( 黄河– მონღოლურად- ყარა მურენი ) და ქვეყნის დარბევა-ძარცვას შეუდგნენ(12: 119)(13: 95-96).

იმ დროიდან მოყოლებული, გეგმაზომიერად დაიწყო მონღოლთა მიერ ჩინეთის დაპყრობის მძიმე და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ჩინგიზ-ყაენმა რამდენჯერმე ილაშქრა ჩინეთში, 1215 წელს კი მონღოლებმა უკვე ჯურჯენების დედაქალაქი- ჭუნგტუ დაიკავეს (中都 ) , რომელიც გაძარცვეს, შემდეგ კი გადაწვეს. ანალოგიური ბედი ეწია ჩინეთის 90-მდე სხვა ქალაქს, იმავდროულად გაიჟლიტა რამდენიმე ასეული ათასი მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩინეთში მონღოლთა ლაშქრობების შესახებ ვრცლად მოგვითხრობს სპარსული ისტორიოგრაფიის შესანიშნავი წარმომადგენელი რაშიდ ედ-დინი ( 1247-1318 ). მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მონღოლებმა გამარჯვება მოიპოვეს და ჩინგიზ-ყაენი ჩინეთიდან ბედნიერი და სურვილაღსრულებული დაბრუნდა(14: 165-170). ამის შემდგომ ( 1216 წ. ) ჩინგიზ-ყაენი მონღოლეთში დაბრუნდა და შუა აზიის საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. რაც შეეხება ჩინეთს, მისი უკანასკნელი სამხედრო ექსპედიცია იქ 1225 წელს მოეწყო, კერძოდ, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში- ტანგუ გუტების სახელმწიფოს წინააღმდეგ, სადაც იმხანად ანტიმონღოლური აჯანყებს მოხდა. მონღოლთა ლაშქრობა წარმატებით დასრულდა, მაგრამ სწორედ ამ ლაშქრობიდან დაბრუნებისას, უკვე ავადმყოფი, ჩინგიზ-ყაენი გზაში გარდაიცვალა ( 1227 წლის აგვისტოში )(13: 223). რამდენადაც მან თავის სიცოცხლეში ვერ მოასწრო მთელი ჩინეთის დაპყრობა, მისი პოლიტიკური კურსი ამ რეგიონში აქტიურად გააგრძელეს მისმა შთამომავლებმა: უღედეიმ, მუნქემ და ხუბილაიმ. ამ უკანასკნელმა კი ( რომელიც ჩინგიზ-ყაენის მეოთხე ვაჟის- თულის შილი იყო ) წარმატებით დააგვირგვინა ჩინეთის დაპყრობა-დამორჩილება.

ამთავითვე უნდა ითქვას, რომ მონღოლთა ლაშქრობებსა და ბატონობას ჩინეთში უმძიმესი შედეგები მოჰყვა; დამუხრუჭდა და დაირღვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება. XIII საუკუნის 30-იან წლებისათვის ჩრდილოეთ ჩინეთი, რომელიც მონღოლთა შემოსევების პირველ მსხვერპლს და განსაკუთრებულად დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა, თითქმის მთლიანად გაუკაცრიელდა, მოსახლეობის მიგრაცია მიმდინარეობდა სამხრეთის მიმართულებით, სადაც გარკვეულ დრომდე მშვიდობიანობა იყო შენარჩუნებული. პირველი მონღოლი მმართველი, რომელმაც ზრუნვა დაიწყო დაპყრობილ ტერიტორიაზე ეკონომიკური პოლიტიკის მოწესრიგებაზე, ჩინგიზ-ყაენის მესამე ვაჟი- უღედეი (1229-1241 ) იყო, რომელიც ჩინგიზ-ყაენმა თავისი ანდერძით მემკვიდრედ დატოვა(10: 365-367)(11: 373). მას მხარში ედგა სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იელუ ჩუცაი ( 耶律楚材)- ფრიად განათლებული და რეფორმატორი პოლიტიკური მოღვაწე. მისი ფრთიანი გამონათქვამი იყო: „მართალია, იმპერია ცხენზე ამხედრებულებმა დავიპყარით, მაგრამ უნაგირიდან მისი მართვა შეუძლებელია“(12: 139). XIII საუკუნის 30-იან წლებში უღედეისა და იელუ ჩუცაის ერთობლივი ძალისხმევით ჩინეთში დაიწყო ადმინისტრაციული მმართველობის სისტემის მოწესრიგება ( ჩინური მოდელის მიხედვით ). უპირველეს ყოვლისა, მოხდა სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, შეწყდა მშვიდობიანი მოსახლეობის უსისტემო ძარცვა და ხოცვა. ეს ყველაფერი მონღოლ დიდებულთა ზღვარგადასული ძალაუფლების შეკვეცისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.

უგედეის პოლიტიკური კურსის გამგრძელებელი იყო ხუბილაი ყაენი ( 1260-1294 ), რომელიც თავისი ძმის- მუნქეს ზეობის ხანაში ( 1251-1259 ) ჩინეთში- იუნანის პროვინციის დასაპყრობად გაგზავნილი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა 1252 წელს. მცირე აზიისაკენ მიმავალ მონღოლთა ლაშქარს კი მისი ძმა- ჰულაგუ მეთაურობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე ხუბილაი შედარებით ჩრდილში იყო მოქცეული და ზედმეტ ამბიციებს არ ამჟღავნებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან წარმატებით დაასრულა ლაშქრობები იუნანის(云南), შანსისა (山西) და სიჩუანის (四川) პროვინციებში ( რასაც ორი წელი მოანდომა ), დიდი პოპულარობა და სახელი მოიპოვა(10: 405). მუნქეს გარდაცვალების შემდეგ ( 1259 წლის 12 აგვისტო ) იმპერიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა ( 1260-1264წწ. ), რამაც საბოლოოდ გათიშა მონღოლთა ერთიანობა. ყაენის ტახტის დასაუფლებლად დაწყებული დაპირისპირება ხუბილაისა და მის მეორე ძმას- არიქ-ბუღას შორის, ხანგრძლივ ომში გადაიზარდა, რომელიც საბოლოოდ ხუბილაის გამარჯვებით დასრულდა. ბრძoლის პერიოდშივე, 1260 წელს ჩინეთის ქ. ქაიფენგში გამართულ ყურულთაიზე, დიდ ყაენად ხუბილაი იქნა გამოცხადებული, ხოლო ყარაყორუმში გამართულ ყურულთაიზე კი არიქ-ბუღა გამოცხადდა დიდ ყაენად. ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდიან რაშიდ ედ-დინი და ქართველი მემატიანე „ჟამთააღმწერელი“, თუმცა ეს უკანასკნელი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქ. ქაიფენგს არ მოიხსენიებს(4: 221-222)(14: 56). მონღოლთა მმართველი დინასტიის უმეტესობა არიქ-ბუღას უჭერდა მხარს, ხუბილაის კი ძირითადად- მისი მეორე ძმა- ჰულაგუ-ყაენი ( რომელიც იმჟამად ახლო და ცენტრალურ აღმოსავლეთს მართავდა ). აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ ბრძოლები კიდევ დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა, რაც საგრძნობლად აფერხებდა ხუბილაის ძალაუფლების განმტკიცებას რეგიონში. მისი ზეობის ბოლო ეტაპზე მას უპირისპირდებოდა უღედეის შვილიშვილი ჰაიდუ, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა ყაენის ტახტზე. მისი დამარცხება ხუბილაიმ მხოლოდ 1289 წელს მოახერხა(1: 176-177).

1264 წელს ხუბილაიმ ამბიციური ნაბიჯი გადადგა- იმპერიის დედაქალაქი ყარაყორუმიდან ჭონგტუს სიახლოვეს გადაიტანა, რომელსაც ჩინური სახელი- ტატუ ( ჩინურად ნიშნავს დიდებული დედაქალაქი) უწოდა . რაშიდ ედ-დინისა და მარკო პოლოს ცნობით, ხუბილაიმ ქალაქის რეკონსტრუქცია და განაშენიანება-გალამაზება მოახდინა, მას ტატუ ( 大都)უწოდა, რომელსაც მონღოლები ხანბალიკად ანუ ხანის ქალაქად მოიხსენიებდნენ(5: 252)(14: 170)(19: 98) . აღნიშნული დროიდან დაიწყო მონღოლთ მიერ ჩინეთიდ დაპყრობის ბოლო ეტაპი. დედაქალაქის რეკონსტრუქციის პარალელურად, ხუბილაი-ყაენი ახალ-ახალი ტერიტორიების დაპყრობას აგრძელებდა. 1271 წელს ჩინეთის დიდი ნაწილის დამორჩილების შემდეგ, მან ახალი დინასტიის დაარსება გამოაცხადა, რომელსაც ჩინური სახელი- იუენი ( 元 ჩინურად ნიშნავს- სამყაროს დასაბამი, დასაწყისი, წყარო ) უწოდა. როგორც ჩანს, ამით ხუბილაი ხაზს უსვამდა, რომ ის იყო არა ბარბაროსი ( როგორც ჩინელები ყველა უცხოელს უწოდებდნენ ) დამპყრობელი, არამედ ჩინეთის ახალი დინასტიის იმპერატორი. უნდა აღინიშნოს, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომით, მან კონფუციანური იდეებით განმსჭვალული ჩინელი საზოგადოების ზედა ფენის გარკვეული ნაწილის გული მოინადირა. მონღოლები თვლიდნენ, რომ მათ უფლება ჰქონდათ, ჩინეთის კანონიერი მმართველები ყოფილიყვნენ თუნდაც იმის გამო, რომ მოახერხეს ჩინეთის იმპერიის გაერთიანება ასწლეულების მანძილზე გათიშულობის შემდეგ.
ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე, ხუბილაი ყაენი მომთაბარე ნომადური ტარდიციებისაგან გამიჯვნის პოლიტიკურ კურსს დაადგა. ასე რომ, მის მთავარ დასაყრდენ ძალას ( უღედეის მსგავსად ) სწორედ ბინადარ მოსახლეობაზე და ჩინურ მოდელზე დაფუძნებლი ბიუროკრატიული აპარატი წარმოადგენდა. ამ კონტექსტში ხაზგასასმელია, რომ ხუბილაი გამოირჩეოდა მთვარსარდლობის ნიჭით, განსაკუთრებული გამჭრიახობით და პოლიტიკური ალღოთი. სწორედ ამ თვისებათა გამო ისტორიოგრაფიაში ის მოიხსენიებოდა, როგორც ჩინგიზ-ყაენის საყვარელი შვილიშვილი, რომელსაც ახალგაზრდობაშივე შეარქვეს „სეჩენი“ ანუ ბრძენი. ხუბილაიმ სათანადოდ შეაფასა ჩინეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური განვითარების დონე, ის შესანიშნავად აცნობიერებდა ლოიალური დამოკიდებულების მნიშვნელობას დაპყრობილ ხალხთა მიმართ, რათა გაეძლიერებინა თავისი გავლენა რეგიონში და გაეფართოვებინა სამფლობელოები(13: 230)(16). ამიტომაც იყო, რომ მან ჩინელი განსწავლული მრჩევლები შემოიკრიბა, თუმცა პოლიტიკური კუთხით ჩინელები დისკრიმინაციაში იმყოფებოდნენ. მონღოლთა დიდებულები უკმაყოფილო იყვნენ ხუბილაის ლოიალურობით, რადგანაც მის ამგვარ ქმედებაში ისინი უხეშ გამოწვევას ხედავდნენ მონღოლური მომთაბარული ტრადიციების მიმართ, სადაც უცხო ხალხთა და მათი კულტურის განადგურება დამკვიდრებულ ნორმას წარმოადგენდა. ყოველივე ამის გამო სტეპებში დარჩენილი მონღოლები ხუბილაის დიდ ყაენად არ აღიარებდნენ და მისი ზეობის ბოლომდე ოპოზიციაში ედგნენ მას(17:56-58).
ხუბილაის მთავარ სამიზეს სამხრეთ ჩინეთში ნომინალურად არსებული სუნგის დინასტია ( 宋朝– 969-1279 ) წარმოადგენდა, სადაც სუნგის უკანასკნელი იმპერატორი თავის მომხრეებთან ერთად იმყოფებოდა. 1275 წელს მონღოლთ არმია მთავარსარდალ ბაიანის მეთაურობით სამხრეთისაკენ დაიძრა, მდინარე იანძის გადალახვის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით აღებულ იქნა მთელი რიგი ქალაქები, 1276 წლის თებერვალში კი, სამხრეთ სუნგის დინასტიის დედაქალაქმა ხანგჭოუმ ( 杭州 ) კაპიტულაცია გამოაცხადა. საიმპერატორო კარი დატყვევებულ იქნა, ახალგაზრდა იმპერატორი კი ხუბილაიმ ტიბეტში გადაასახლა(10-433)(11: 378). ამას მოჰყვა საომარი ოპერაციები წყალზე, ასევე ჩინელ პატრიოტთა ლაშქრის განადგურება კუანგტონგის ( 广东 ) პროვინციაში 1279 წელს, რითაც დასრულდა კიდეც მონღოლთა მიერ ჩინეთის დაპყრობა. ხაზგასასმელია, რომ ჩინეთის ისტორიაში პირველად ქვეყნის მთელი ტერიტორია უცხო დამპყრობელთა უღელქვეშ მოექცა. ამ გარემოებამ სრულიად ახალი ეთნიკური გარემოება შექმნა ჩინეთში. კერძოდ, ქვეყნის მთავარ პუნქტებში მონღოლთა ჯარი იყო განთავსებული თავიანთი ოჯახებით, ჯოგებითა და სხვა ქონებით. მათ განკარგულებაში გადავიდა ასევე მიწის არსებული ფართობები საძოვრებითა და სახნავებით(1: 176)(6: 76-77). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხუბილაიმ პარალელურ რეჟიმში დაიმორჩილა მეზობელი ქვეყნები: ბირმა, კამბოჯა, კორეა, თუმცა მისი ლაშქრობები ( 1274 და 1281 წწ. ) იაპონიის წინააღმდეგ მარცხით დასრულდა(2: 129-131), რამდენადაც ეს საუბრის ცალკე თემას წარმოადგენს, ამჯერად მასზე ყურადღებას აღარ ვამახვილებთ.

საწყის ეტაპზე მონღოლი მმართველები ემიჯნებოდნენ ჩინელ მოსახლეობას, ხაზს უსვამდნენ თავიანთ გამორჩეულობას, მაგრამ დროთა ვითარებაში დამპყრობლემა მათთვის სასარგებლო ადგილობრივი ელემენტების ათვისება დაიწყეს. საქმე ის იყო, რომ მონღოლთა ხელისუფლება საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა ძალაუფლების განმტკიცების კუთხით უძველესი კულტურის მქონე ქვეყანაში, რამდენადაც მათ ქვეყნის მშვიდობიანი მართვის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდათ. შექმნილ ვითარებაში მმართველი ელიტის წინაშე დაპყრობილ ჩინურ ეთნოსთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა წამოიჭრა.
ზოგადად, მონღოლებმა ჩინეთში ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული ჩაგვრის სასტიკი რეჟიმი დაამყარეს. გაცხოველდა მონათვაჭრობა, აღმოცენდა მონათმფლობელური სასაქონლო მეურნეობა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა მონღოლთა მიერ დაწესებული საგადასახადო სისტემა. მოსახლეობის დამონებასთან ერთად, ეროვნული ჩაგვრა აისახებოდა ჩინელთა იურიდიული უფლებების შეზღუდვასა და მათ დამცირებაში. მონღოლებმა ჩინეთის მოსახლეობა ოთხ კატეგორიად დაყვეს რელიგიური და ეროვნული კუთვნილების მიხედვით. პირველ კატეგორიაში შედიოდნენ თავად მონღოლები, ანუ სრულუფლებიანი, პრივილეგირებული ფენა. მეორე კატეგორიაში მოქცეულნი იყვნე უცხოელები ( მაგ., შუა აზიელები, სირიელები, ევროპელები და სხვა ). მესამე კატეგორიას განეკუთვნებოდნენ ჩრდილოეთის ჩინელები, ასიმილირებული კიდანები, ჯურჯენები, კორეელები. მეოთხე კატეგორიაში კი შედიოდნენ ყველაზე უუფლებო და დისკრიმინაციის ქვეშ მყოფი სამხრეთის ჩინელები. სახელისუფლებო თანამდებობის დაკავება მხოლოდ პირველი ორი კატეგორიის წარმომადგენლებს შეეძლოთ(18: 250). ცხადია, რომ ამგვარი მკვეთრი შემობრუნება სოციალურ სფეროში დამღუპველ ზეგავლენას ახდენდა ჩინეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. ფაქტობრივად, მონღოლთა მმართველობამ ეს მაღალგანვითრებული ქვეყანა შოორეულ წარსულში დააბრუნა. რაც შეხება მონღოლთა მმართველობის ადმინისტრაციულ სისტემას, მას ჩინური მოდელი დაედო საფუძვლად. იმპერიის მთელი ტერიტორია დაიყო 11 პროვინციად, რომლებსაც ხელისუფლების წარგზავნილი ჩინოვნიკები მართავდნენ. საიმპეარატორო კარზე დაარსდა სამხედრო საბჭო და ცენზორთა პალატა, რომელიც ჩინოვნიკთა საქმიანობას აკონტროლებდა. მთავარ აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენდა მინისტრთა კაბინეტი, რომლის მეთაურის პოსტი ტახტის მემკვიდრის პრეროგატივას წარმოადგენდა. მას ექვსი უწყება ექვემდებარებოდა(7: 51)(11: 378). რამდენადაც იუენის იმპერიის მმართველობა მნიშვნელოვანწილად სამხედრო ძლიერებას ეფუძნებოდა, მთვარი ყურადღება სწორედ ამ სფეროზე იყო ფოკუსირებული. დედაქალაქში იმყოფებოდა მონღოლთა 120 000-იანი გვარდია, მსხვილი სამხედრო გარნიზონები იყო განთავსებული ასევე ყველა დიდ ქალაქში.
მართალია, მონღოლებმა ჩინური ბიუროკრატიული აპარატი თითქმის ხელუხლებლად დატოვეს, მაგრამ მათი მმართველობის პირველ ეტაპზე ჩინელთა ნაცვლად, თანამდებობებზე უცხოელები ინიშნებოდნენ. პირველად ჩინეთის ისტორიაში სახელმწიფო აპარატში თანამდებობები ევროპელებმაც დაიკავეს. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ თავდაპირველდ მონღოლი მმართველები ხელს უწყოდბნენ ევროპელების ჩინეთში ჩასვლას, რადგანაც იმედოვნებდნენ, რომ მათი დახმარებით ქვეყანაში ქაოსის აღკვეთას შეძლებდნენ. ამგვარმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ევროპელ ვაჭართა, მოგზაურთა, მისიონერთა მოზღვავებას ჩინეთში ( ცნობილი ფაქტია, რომ იმხანად ჩინეთში 5 000 ევროპელი ქრისტიანი დასახლდა ). მათ შორის, აღსანიშნავია ვენეციელი ვაჭარი მარკო პოლო ( 1254-1324 ), რომელმაც 17 წელი დაჰყო ჩინეთში და ხუბილაის კარზე მაღალი თანამდებობაც მოიპოვა. თავის ნაშრომში ის ხატოვნად აღწერს მონღოლთა პერიოდის ჩინურ რეალობას. საყურადღებოა, რომ ხუბილაის ის მოიხსენიებს, როგორც „მსოფლიოში ყველაზე ბრძენ მმართველს“, რომელიც სტიქიური უბედურებების დროს მოსახლეობას გადასახადებისაგან ათავისუფლებდა, აგებდა საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, მფარველობას უწევდა სასწავლებლებს, ხელს უწყობდა ვაჭრობას აბრეშუმის გზაზე, რათა კონტაქტები განვითარებულიყო ჩინეთსა და დასავლეთს შორის. მარკო პოლო ხუბილაის კიდევ ბევრ დამსახურებას უსვამს ხაზს(19). რა თქმა უნდა, მისი შეფასებები ტენდენციური და გადაჭარბებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ხუბილაი ყაენმა მართლაც მიაღწია იმპერიის ეკონომიკურ აღმავლობას მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ჩაბმული იყო შიდა ომებში სტეპების მონღოლ დიდებულებთან. მარკო პოლოს გარდა, 1294 წლიდან იუენის საიმპერატორო კარზე იმყოფებოდა რომის პაპის ელჩი, ბერი ჯოვანო მონტე კორვინო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა იქ. 1318-1328 წლებში ჩინეთში მოღვაწეობდა იტალიელი მისიონერი ოდორიკო დი პორდენონე, ჯოვანი მარინიოლი და სხვ(18: 250). მათ მიერ დატოვებული ცნობები საფუძლად დაედო შუა საუკუნეების ევროპაში პირველ რეალურ ინფორმაციას ჩინეთის შესახებ.

ჯერ კიდე უღედეის ზეობის პერიოდიდან ( 1229-1241 ) მონღოლთა უმაღლესი ფენა აქტიურად ჩება საქარავნო ვაჭრობაში, რაშიც მათ მუსლიმი ვაჭრები უწევდნენ დახმარებას. კიდევ უფრო გააფართოვა სავაჭრო ურთიერთობების არეალი როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით, რამაც ვაჭრობის არნახულ აყვავებას შეუწყო ხელი. არაბ, სპარსელ, ინდოელ და ევროპელ ვაჭრებს ჩინეთში შეჰყავდათ ცხენები, შეჰქონდათ ხალიჩები, ძვირფასი ქვები, სანელებლები, ჩინეთიდან კი გაჰქონდათ აბრეშუმი, კერამიკა, ფაიფური და ფუფუნების სხვადასხვა საგნები(1: 193). რაც შეეხება საშინაო ვაჭრობას, მიუხედავად მძიმე პოლიტიკური ვითარებისა, ის გარკვეული დოზით განვითარებას აგრძელებდა. ხელისუფლება შესანიშნავად აცნობიერებდა ვაჭარ-ხელოსანთა საქმიანობის სარგებელს ხაზინისათვის. ამიტომაც იყო, ქალაქების და მოსახლეობის დარბევისას, მონღოლები მათ ( ასევე მხატვრებს, სწავლულებს, სხავდასხვა ხელობის ოსტატებს ) სიცოცხლეს უნარჩუნებდა და თვიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ. მონღოლთა ხელისუფლება, ისევე როგორც მისი წინამორბედი- სუნგის დინასტია, მონოპოლიას ინარჩუნებდა ისეთი საქონლით ვაჭრობაზე, როგორიც იყო: მარილი, ფერადი და ძირფასი მეტალი, ჩაი, ღვინო, აბრეშუმი, საიდანაც უზარმაზარ შემოსავალს იღებდა(8: 234-242)(11: 378-380).
თავისებურებებით გამოირჩეოდა განსახილველი პერიოდის ჩინეთში იდეოლოგიური ვითარება. ამთავითვე ხაზგასასმელია, რომ მონღოლები რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდნენ. ჩინეთში მოხვედრილ მონღოლთა უმეტესმა ნაწილმა ბუდიზმი მიიღო, განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი დაამყარეს მათ ტიბეტურ ბუდიზმთან- ლამაიზმთან. შედეგად, XIII საუკუნის შუა ხანებიდან მონღოლთა სასახლის კარის ოფიციალურ სარწმუნოებად სწორედ ლამაიზმი იქცა. ხელისუფლების მხრიდან გარკვეული პრივილეგიებითა და მფარველობით სარგებლობდნენ ბუდისტები და ქრისტიანები . კერძოდ, აკრძალული იყო მათი შეურაცხყოფა, მათთვის ზიანის მიყენება, განთავისუფლებულები იყვნენ გადასახადებისაგან(1: 189-190)(10- 457-459). ხელისუფლება მზრუნველობას იჩენდა დასავლეთიდან ჩინეთში ჩასული მუსლიმური თემის წარმომადგენელ ვაჭრებისა და მევახშეების მიმართ, რომელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობდა. ხაზგასასმელია, რომ მონღოლთა ბატონობის პერიოდში ისინი უზარმაზარ ეკონომიკურ ძალასა და პოლიტიკურ გავლენას ფლობდნენ ჩინეთში(9: 282-283)(20: 300-305). პოზიტიურად ხვდებოდა იუენის დინასტია პირველ კათოლიკურ მისიონერებსაც. როგორც ჩანს, ზემოხსნებული შეღავათების მინიჭებით ხელისუფლება იმედოვნებდა სხვადასხვა კონფესიების მასობრივი აგიტატორების მიზნით გამოყენებას. რამდენადაც ეკლესია ზოგადად ყველგან ძლიერ ორგანიზაციას წარმოადგენდა, მასთან საერთო ენის გამონახვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა(1: 190-191). სხვა სარწმუნოებებისაგან განსხვავებით კონფუციონიზმი ხელისუფლების მფარველობით არ სარგებლობდა, თუმცა ხუბილაის მიერ დაკანონებული მმართველობის ფორმა სახელმწიფოსთან შეზრდილი ამ მოძღვრების მთავარი პოსტულატების გაზიარების აუცილებლობას გულისხმობდა. ამის ნათელი დასტურია 1287 წელს უმაღლესი რანგის კონფუციანური კადრების სამჭედლოს- ე.წ. „მამულიშვილთა აკადემიის“ დაფუძნება, ასევე სახელმწიფო საგამოცდო სისტემის აღდგენა ( 1315 წ. )(10: 446)(18: 252) სამეცნიერო წოდების, ან თანამდებობის მისაღებად, რითაც აღდგენილ იქნა განათლების კონფუციანური სისტემა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უპირატესობა მონღოლებსა და მუსლიმური ქვეყნებიდან ჩამოსულებს ენიჭებოდა.
ჩინეთში ბატონობის მეორე ეტაპზე მონღოლმა მმართველებმა გააცნობიერეს, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისათვის მათ ევროპელები არ გამოადგებოდნენ, რადგან ამ უკანასკნელთ მხოლოდ სავაჭრო ინტერესები ამოძრავებდა. აქედან გამომდინარე, მათი დამოკიდებულება ევროპელთა მიმართ თანდათან შეიცვალა პოზიტიურიდან ნეგატიურით და ხელისუფლებამ გეზი აიღო ჩინელ დიდებულთა დაახლოება- გადმობირებაზე. მითუმეტეს, აშკარა იყო, რომ ჩინელ ჩინოვნიკთა დახმარების გარეშე, მონღოლებს არ ძალუძდათ უზარმაზარი იმპერიის მართვა. მათი პრიმიტიული საზოგადოებრივი ცხოვრების წესი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და სამეურნეო პრობლემები დამოუკიდებლად დაერეგულირებინათ. სხვადასხვა წყაროთა მონაცემებით, მონღოლებს გადასახადებისა და აღწერის საქმეში ჩინელი და მაჰმადიანი ვაჭრები ეხმარებოდნენ(1: 182-183)(3: 53)(4: 234-235)(21: 78-79). ასე რომ, მონღოლმა მმართველებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.

სამხედრო ძლიერების მიუხედავად, მონღოლთა იმპერია შინაგანი სიმტკიცით არ გამოირჩეოდა, რადგანაც პერმანენტულად მიმდინარე შიდა ომები მას თანდათან უთხრიდა ძირს. განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლები ხუბილაის გარდაცვალების შემდეგ ( 1294წ. ) მის შთამომავლებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ დიდი ყაენის ტახტის ხელში ჩასაგდებად. ფაქტობრივად, ხუბილაის ზეობის ხანაში მიაღწია იუენის იმპერიამ თვისი ძლიერების ზენიტს, შემდგომ ხანებში კი მისი დაღმასვლის პროცესი დაიწყო(10: 491-493). სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა XIV საუკუნის 30-იან წლებში მონღოლთა უკანასკნელი იმპერატორის- ტოგონ-თემურის ზეობის ხანაში ( 1333-1367 ). ეს აისახებოდა მმართველი დინასტიის უფლებამოსილების არეალის შევიწროებაში, იმპერატორის ძალაუფლების შესუსტებაში, სახელმწიფოში წესრიგის რღვევაში, ჩინოვნიკთა განუკითხავ ქმედებებში და ა.შ. საიმპერატორო სასახლე ტატუში გამუდმებული ინტრიგებისა და სისხლისმღვრელი შეტაკებების ასპარეზად იქცა. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონიმიკურ კრიზისს ზედ ერთვოდა სტიქიური უბედურებები ( 1351-1352 წლებში ადიდდა მდინარე ხუანხე, რომელმაც უზარმაზარი ტერიტორია დაფარა ხუპეის ( 湖北) , ხენანისა ( 河南 ) და შანტონგის (山东 ) პროვინციებში ), შიმშილობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალი ძალით აგორდა ჩაგრული ჩინელი მოსახლეობის ანტიმონღოლური გამოსვლების ტალღა, რომელიც ფართომასშტაბიან აჯანყებებში გადაიზარდა. ხელისუფლებისათვის ყველაზე საშიშ ძალად გამოიკვეთა ბუდისტური რელიგიური ორგანიზაცია „თეთრი ლოტოსი“, რომლის მეთაურობითაც 1351 წელს მძლავრი შეიარაღებული აჯანყება დაიწყო. მალე მას ე.წ. „წითელი ლაშქარი“ შეუერთდა ( ასე ეწოდა მას, რადგან მოლაშქრეებს წითელი დოლბანდები ჰქონდათ თავზე წაკრული ). 1352 წელს ხსენებული ორი ძალა გაერთიანდა ჭუ იუენ ჭანგის (朱元璋 )მეთაურობით და ეტაპობრივად დაიწყო ჩინეთის პროვინციების მონღოლებისაგან განთავისუფლება. მათი ერთობლივი ძალისხმევით XIV საუკუნის 60-იან წლების დასაწყისში მონღოლებმა ჩინეთში თითქმის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონი დაკარგეს. საბოლოოდ, 1368 წლის დამდეგს აჯანყებულებმა დედაქალაქი ტატუ დაიკავეს ( იუენის დინასტიის ბოლო იმპერატორმა მონღოლეთის სტეპებს შეაფარა თავი ), რითაც დასრულდა მონღოლთა ბატონობა ჩინეთში. იმავე წელს გამარჯვებულმა ჭუ იუენ ჭანგმა თავი იმპერატორად გამოაცხადა და ახალ დინასტიას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც უწოდ- მინგ ( 明- ჩინურად ნიშნავს- ნათელი ).
საერთო ჯამში, უდავოა, რომ მონღოლთა ბატონობას ჩინეთში თან ახლდა ადგილობრივ საწარმოო ძალთა განადგურება, მოსახლეობის ეროვნული ჩაგვრა და სოციალური მდგომარეობის გაუარესება, თუმცა იმავდროულად იუენის იმპერიაში ხელოსნობა-ვაჭრობა ( განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობა ) წარმატებით ვითარდებოდა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზოგადად, მონღოლებმა სხვადასხვა რეგიონში დროთა ვითარებაში თავიანთი იდენტობა დაკარგეს და დაპყრობილი ეთნოსისა თუ ქვეყნის ადათ-წესები გაითავისეს. კერძოდ, უფრო მაღალგანვითარებული და ცივილიზებული ხალხისაგან იღებდნენ იმას, რაც მათთვის სასარგებლო და საჭირო იყო. ამის კლასიკურ ნიმშს წარმოადგენს სწორედ ჩინეთში მათი ბატონობა. თუმცა, ცხადია, რომ იყო პირუკუ გავლენაც, ანუ ბევრმა მონღოლურმა ტერმინმა და ადათ-წესმა თავისი კვალი დატოვა მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში(10: 94-97)(11: 382-384).
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ი. ცინცაძე, მონღოლები და მონღოლთა დაპყრობები ( თბილისი, 1960 )
2. ნ. გელაშვილი, იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში ( თბილისი, 2012 )
3. პლანო კარპინი, ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ, თარგმანი გ. ქიქოძის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. II ( თბილისი, 1942 )
4. ქართლის ცხოვრება, ტ. II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ ( თბილისი, 1959 )
5. ჰენრი მარტი, მარკო პოლო, მთარგმნელი ნანა თარგამაძე ( თბილისი, 2011 )
6. David Curtis Wright, The History of China Santa Barbara –California, 2011)
7. David Farquhar, Structure and Function in the Yuan Imperial Government, China under mongol Rule, ed. by D. Langlois (Princeton, 1981)
8. John de Francis and E-ru Zen Sun, Government Artisans of the Yuan dynasty, Chinese Social
History: Translation of Selected Studies (Washington, 1956)
9. Morris Rossabi, The Muslims in the Early Yuan Dynasty, China under Mоngol Rule, ed. John D. Langlois (Princeton, 1981)
10. The Cambridge History of China, vol. 6. edited by Herbert Franke and Denis Twitchett, (Cambridge University Press, 1994)
11. В. В. Адамчик, М. В. Адамчик, И. Е. Войнич, История Китая, (Минск, 204)
12. В. Я. Чингиз-хан, (Москва, 1949)
13. Гарольд Лэмб, Чингиз-хан властелин мира (Москва, 2005)
14. Рашид-ад-дин, Сборник летописей, т. I, книга II, перевод с персидского О. И. Смирновой, редакция А. А. Семенева, (Mосква-Ленинград, 1952)
15. Книга Марко Поло, под ред. П. Магидовича (Москва, 1955)
16. Мен Джон, Хубилай: от Ксанагу до сверхдержвы (Москва –Владимир, 2008)
17. А. Ш. Кадырбаев, Хубилай-хан – Завоеватель или обьединитель Китая? (Москва, 29)
18. История стран зарубежной Азии в средние века, ответственные редакторы А. М. Голдобин, Д. И. Гольдберг (Москва, 1970)
19. Книга Марко Поло; Г. Харт, Венецианец Марко Поло, перевод с английского Н. В. Банникова (Москва, 2001).
20. М.Россаби, Золотой век империи Монголов, перевод с Англйскогo. С. В. Иванова (Санкт-Петербург, 209)
21. К. П. Патканов, История Монголов по армянским источникам, I выпуск(СанктПетербург, 1873)
ავტორი: ნანა გელაშვილი
Discussion about this post