მინგთიაოს ბრძოლა ( 鸣条之战 ) დაახლოებით ძვ.წ. 1 600 წელს გაიმართა შანგის ტომსა და სიას დინასტიას შორის. ბრძოლის შედეგად დასრულდა სიას დინასტია ( 夏朝– ძვ.წ. 2070-1600 ) და დაარსდა ახალი- შანგის დინასტია ( 商朝-ძვ.წ. 1600-1045 ).
მკითხველის საყურადღებოდ დასაწყისშივე უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. დღემდე არქეოლოგიურად არაა დადასტურებული სიას დინასტიის არსებობა. სინოლოგებს შორის დაუსრულებელი დავაა სიას დინასტიის არსებობა-არ არსებობის შესახებ. ჩინელი მეცნიერების უმრავლესობა ეთანხმება ტრადიციულ ჩინურ წყაროებს და ჩინეთის პირველ დინასტიად სიას აღიარებენ. დასავლელი სინოლოგები კი თავს იკავებენ ასეთი დასკვნის გაკეთებისაგან, სანამ მეტი არქეოლოგიური მასალა არ გამოჩნდება. თუმცა, რადგანაც წერილობითი წყაროების მიხედვით არქეოლოგიურად დადასტურებული პირველი ჩინური დინასტია- შანგი სათავეს სწორედ მინგთიაოს ბრძოლიდან იღებს, მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ ბრძოლიდან უნდა დავიწყოთ განსახილველი ბრძოლების სერია.
წყაროები, რომელთაც ვიყენებთ მინგთიაოს ბრძოლის შესასწავლად საკუთრივ ბრძოლიდან ათასწლეულის ან უფრო მეტი ხნის შემდეგ დაიწერა. მათ შორის გამოსაყოფია ს’ მა ციენის ( 司马迁– ძვ.წ. 145/135- 86 ) „ისტორიული ჩანაწერები“ ( 史记 ) და ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე შედგენილი „ბამბუკის ანალები“( 竹书纪年 ).
სიას დინასტიას წინ უძღოდა არჩევითი მეფეების ეპოქა. საბოლოოდ, იუ დიდის ( 大禹– ძვ.წ. XXII-XXI ს. ) დამსახურების გამო მისი შვილი ცი ( 启– ძვ.წ. XXI ს. ) აიყვანეს ტახტზე. ამგვარად დაირღვა არჩევითობის ტრადიცია და დამკვიდრდა მემკვიდრეობითობის პრინციპი(1)(2). სიას სამეფოს საზოგადოებასა და ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ძლიერი იყო ტომობრივი წყობილების ელემენტები(2). სიას დინასტიის მე-17 და უკანასკნელი მეფე ძიე ( 桀– ძვ.წ. XVII ს. ) წყაროების მიხედვით სასტიკი და მფლანგველი მეფე იყო. ძიე მაღალ გადასახადებს აკისრებდა მოსახლეობას, ააგო ახალი სასახლეები თავის ხარჭებთან ერთად გასართობად, სასახლე ნეფრიტის კარითა და პლატფორმებით მოაწყო(15)(16). ძიე განსაკუთრებით ანებივრებდა საყვარელ ხარჭას- მეი სის ( 妹喜 ) და ხაზინის დიდ ნაწილს მისთვის ძვირფასეულოების ყიდვაში ხარჯავდა(4).
ზღვარგადასულ მფლანგველობას ემატებოდა ძიეს გულგრილობა სამეფო საქმეებისადმი. იგი აწინაურებდა მინისტრებს, რომლებიც მხოლოდ კარგ ამბებს ატყობინებდენენ. ხოლო, ქვეშევრდომებს, რომლებიც ბედავდნენ და ურჩევდნენ მას მეტი სიფრთხილე გამოეჩინა საშინაო და საგარეო საფრთხეებისადმი სიკვდილით სჯიდა. ასეთი ბედი ეწია ერთ-ერთ ერთგულ მინისტრს კუან ლონგ ფანგს ( 关龙逄 )(4)(15).
უნდა ითქვას, რომ წყაროების მიერ ძიეს სრულიად უარყოფით პერსონად დახასიათება შემთხვევითი არაა. ჭოუს დინასტიიდან ( 周朝– ძვ.წ. 1045-256 ) მოყოლებული ჩინეთში არსებობდა ე.წ. „ ცის მანდატის“ ( 天命 ) ცნება. ძველ ჩინურ რწმენა-წარმოდგენებში ცა გაიგივებული იყო უმაღლეს ღვთაებასთან. ცა ანიჭებდა მიწიერ მმართველს ძალაუფლებას ემართა ხალხი. ამიტომაც, ეს მმართველები ატარებდნენ საპატიო ტიტულს- „ცის შვილი“ ( 天子 ). თუმცა, ზეცის მიერ მონიჭებული ძალაუფლება სამარადისო არ იყო. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული იყო მმართველის ღირსებაზე. თუ დინასტია გადაუხვევდა ღირსეულ გზას, იგი დაკარგავდა ძალაუფლებას და „ცის მანდატი“ გადაეცემოდა ახალ ღირსეულ დინასტიას. როცა ჭოუს დინასტიამ შანგი დაამხო ( ძვ.წ. 1045 ) თავისი მმართველობის ლეგიტიმაციისათვის შემოიღო „ცის მანდატის“(天命)ცნება და შანგის უკანასკნელი მეფე- ჭოუ (纣– ძვ.წ. 1075-1046 )წარმოსახეს, როგორც სრულიად უზნეო და უპრინციპო მმართველი, რაც თითქოსდა გახდა საფუძველი „ცის მანდატის“ შეცვლისა. შემდეგში მსგავს თარგზე ააგეს ისტორიკოსებმა სიას უკანასკნელი მეფის- ძიესა და დასავლეთ ჭოუს ( 西周– ძვ.წ. 1045-771 ) ბოლო მეფის- იოუს ( 幽-ძვ.წ. 795-771 ) ისტორიებიც(4). შესაბამისად, ამბები ძიეს აბსოლუტური ტირანიისა და არაკომპეტენტურობის შესახებ, შესაძლოა მთლად არ შეესაბამებოდეს სიმართლეს.
ძიეს მმართველობის პერიოდში ხუანხეს ( 黄河 ) დინების ქვემო წელზე გააქტიურდა შანგის ტომი(14). შანგი მომთაბარე მესაქონლე ან ნახევრადმომთაბარე მიწათმოქმედი ტომი იყო(12). ძვ.წ. XVII საუკუნის მეორე ნახევარში მათი ლიდერი იყო თანგი ( 汤 ). თანგი თავის ხალხს ორი გამოჩენილი მინისტრის- ი ინის ( 伊尹 ) და ჭონგ ხუეის ( 仲虺 ) დახმარებით მართავდა. მათი რჩევით თანგმა შეცვალა თავისი ტომის განსახლების არეალი და პო[1]( 亳 ) აირჩია დედაქალაქად(17). ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. პო-დან სიას დედაქალაქამდე ბუნებრივი ბარიერი არ არსებობდა, მხოლოდ ველები იყო(3). წყაროების მიხედვით შანგი სიას მოხარკე ქვეყანა იყო, თუმცა ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ისინი თანაბარი დონის პოლიტიკურ ერთეულებს წარმოადგენდნენ(12).
თანგმა და მისმა მინისტრებმა სიას დამარცხების გეგმა რამდენიმე ნაწილად დაყვეს. პირველ ეტაპზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით ი ინი ხშირად სტუმრობდა სიას სამეფო კარს თანგის მხრიდან მოკითხვის საბაბით(15). თანგმა იცოდა, რომ მიუხედავად ძიეს სუსტი მმართველობისა სიას ძალები მაინც ძლიერი იყო, ამიტომ გადაწყვიტა ე.წ. „ფრთების შეკვეცის“ ( 剪除羽翼 ) სტრატეგია გამოეყენებინა, რაც გულისხმობდა სიას ვასალი ან მომხრე სამთავროების დამარცხება-გადაბირებით სიას სამხედრო პოტენციალის შესუსტებას(6)(7). პირველი მსხვერპლი კე-ს ( 葛 ) სამეფო, მსხვერპლშეწირვის რიტუალების არშესრულების საბაბით დაიპყრო(10)(11). თავდაპირველად ძიე შეშფოთდა შანგის ტომის გაძლიერების გამო, თანგი თავის სასახლეში მოიწვია და დაატუსაღა. ი ინმა და ჭონგ ხუეიმ სიას სამეფო კარზე დიდი ძღვენი გაგზავნეს თანგის გამოსახსნელად. ძიემ ვერ შეეაფასა სწორად სიტუაცია და თანგი განათავისუფლა (7)(10).
მოგვიანებით თანგმა ი ინის რჩევით სიას ძალების შემოწმების მიზნით ხარკის გადახდა შეუწყვიტა სიას(15). ძიემ შეკრიბა ი-ს[2] ტომები და ვასალი სამთავროების არმია შანგის დასასჯელად. თანგი დარწმუნდა, რომ სიას ჯერ კიდე ანგარიშგასაწევი ძალა ჰქონდა, ამიტომ ამჯერად უკან დაიხია და უფრო მეტი ხარკი მიართვა ძიეს. ეს უკანასკნელიც დაკმაყოფილდა და ყურადღებას აღარ აქცევდა შანგის გაძლიერებას. თანგმა დრო არ დაკარგა და მალევე დაამარცხა და დაიპყრო სიას ვასალი რამდენიმე სამთავრო- კუ ( 顾 ), ვეი ( 韦 ), ქუნ უ ( 昆唔 )(9). თანადროულად სოციალური კრიზისი ძლიერდებოდა სიას შიგნითაც. მოსახლეობა უფრო და უფრო უკმაყოფილო იყო ძიეს მმართველობით(6). თანგმა დრო იხელთა და ასეთი არეულობის ფონზე ერთი წლის შემდეგ კვლავ შეუწყვიტა ხარკი სიას(10 ). ძიემ ამჯერად ნამდვილად განიზრახა მისი დასჯა და კვლავ მოიწვია ი-ს ტომები, თუმცა ისინი აღარ გამოცხადდნენ მეფის მოწოდებაზე და აჯანყდნენ. სხვა ვერსიით მხოლოდ მათი სამი ტომი გამოცხადდა(5).
თანგის არმია შედგებოდა როგორც საკუთრივ შანგის ტომის მეომრებისაგან, ასევე მის მიერ ახალდაპყრობილი და მოკავშირე ტომების ჯარისაგან. რადგანაც ი-ს ტომები ზურგს აღარ უმაგრებდნენ ძიეს, თანგმა სიას დინასტიაზე გადამწყვეტი დარტყმის მიტანა განიზრახა. მეომრების მორალის ასამაღლებლად მან არმიას სიტყვით მიმართა, გაახსენა სიას მეფის- ძიეს სიბოროტეები. მომხრეებს სიმდიდრეს შეჰპირდა, ხოლო ვინც ერთგულებას არ შეჰფიცებდა მონობითა და სიკვდილით დასჯით დაემუქრა(8).
სიას დედაქალაქისაკენ აღმოსავლეთიდან მიმავალმა თანგმა ამჯერად გარშემოვლის სტრატეგიის გამოყენება განიზრახა. მან არმიდან გამოყო 6 000 რჩეული მებრძოლი და 70 ეტლი. ამ შენაერთმა შემოუარა სიას დედაქალაქს და დასავლეთიდან შეუტია მას(7)(13). მტრის დასავლეთიდან მოულოდნელმა გამოჩენამ აიძულა ძიე სწრაფად შეეკრიბა ლაშქარი. მართალია მისი სახელდახელოდ შეკრებილი არმია მნიშვნელოვნად აღემატებოდა შანგისას, თუმცა სიას მხარეს არ იყო ერთიანობის განცდა და შემართება მეომრებში. მეორეს მხრივ, შანგის არმია გაწვრთნილი და შემართებული მეომრებისაგან შედგებოდა. ამიტომ მათი პირველი შეტევისთანავე სიას ლაშქარი უწესრიგოდ დაიშალა. ძიე ბრძოლის ველიდან გაიქცა და ნანჩაოს ( 南巢 ) სამეფოს შეაფარა თავი, ზოგი ვერსიით ნანჩაოში მთიდან გადახტა და თავი მოიკლა(4).
მინგთიაოს ბრძოლის შემდეგ თანგი შევიდა სიას დედაქალაქში და ახალი- შანგის დინასტიის დაარსება გამოაცხადა. მინგთიაოს ბრძოლა არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოპოვება, მეტოქის სათანადოდ შეფასება და სწორ მომენტში შეტევა ბრძოლის მოსაგებად.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
- ე. მენაბდე, ძველი ჩინეთი, ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 1971
- Bai Shouyi, an outline history of China, Foreign language press, Beijing, 2002
- Battle of Mingtiao, https://en.wikipedia.org/wiki/Battle_of_Mingtiao
- Song Shuhong, History stories, China intercontinental press, Beijing, 2011
- Sun Tzu, The art of war, with commentary by Tao Huanzhog, Wordsworth classics of world literature, 1998
- 鸣条之战 https://zh.wikipedia.org/wiki/%E9%B8%A3%E6%9D%A1%E4%B9%8B%E6%88%98
- 鸣条之战 https://baike.baidu.com/item/%E9%B8%A3%E6%9D%A1%E4%B9%8B%E6%88%98/530663?fr=aladdin
- 尚书,汤誓 http://www.8bei8.com/book/shangshu_4.html%20-%20%E5%B0%9A%E4%B9%A6%EF%BC%8C%E7%AC%AC%E5%9B%9B%E9%A1%B5%EF%BC%8C%E6%B1%A4%E8%AA%93
- 诗经,长发 https://so.gushiwen.org/shiwenv_666dc288a0df.aspx
- 司马迁,史记,辽海出版社,2015
- 孙芝斋,孟子今译(汉英对照 ),浙江大学出版社, 2011
- 王玉哲,中国远古史,上海出版社,上海,1999
- 宛华,中华上下五千年,北京,2013
- 张传玺,简明中国古代历史,北京大学出版社,第三版,1999
- 资治通鉴外纪,卷2 https://ctext.org/wiki.pl?if=en&chapter=382601
- 竹书纪年, 夏纪 https://zh.wikisource.org/wiki/%E5%8F%A4%E6%9C%AC%E7%AB%B9%E6%9B%B8%E7%B4%80%E5%B9%B4/%E5%A4%8F%E7%B4%80
- 竹书纪年,殷纪 https://zh.wikisource.org/wiki/古本竹書紀年/殷紀
Discussion about this post