ისტორია
ქაღაქლდის ჭრა იგივე “剪纸”-ძიენჭი ხალხური შემოქმედებაა და უკვე 2000 წელს ითვლის. ჩინური ქაღალდის ჭრა წარმოიშვა წინაპრებისა და ღმერთების თაყვანისცემის უძველესი საქმიანობიდან. არქეოლოგიური ჩანაწერების თანახმად, იგი ახ.წ მე -6 საუკუნიდან იღებს სათავეს, თუმცა ზოგი თვლის, რომ მისი წარმოშობის ისტორია შეიძლება ჯერ კიდევ მეომარ სამეფოთა პერიოდში ( 战国 – ძვ.წ. 475-21წწ ),ნაშრომის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე იყოს. იმ დროს ადამიანები იყენებდნენ სხვა თხელ მასალებს, როგორებიცაა ფოთლები, ვერცხლის ფოლგა, აბრეშუმი და ტყავიც კი. მოგვიანებით, როდესაც ქაღალდი გამოიგონეს, ხალხმა გააცნობიერა, რომ ეს მასალა ადვილად იჭრებოდა და ინახებოდა. შესაბამისად ქაღალდი მალევე გახდა მთავარი მასალა. თვით ქაღალდი ჩინეთში აღმოსავლეთ ხან-ის დინასტიის ეპოქაში(ახ.წ 25-220წწ) შეიქმნა და სწორედ ამ დროს შედარებით იაფმა მასალამ მიიზიდა ხალხური ხელოვნების ოსტატთა ყურადღება, რომლებიც უკვე აბრეშუმის დამუშავებაში დახელოვნებულნი იყვნენ. უშუალოდ ქაღალდის დამზადების ტექნოლოგია დაკავშირებუილია საჭურის საჯარო მოხელე ცაი ლუნთან (蔡伦) ,თუმცა აღსანიშნავია,რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო გამომცემლობის (人民教育出版社) მიხედვით ცაი ლუნი პირდაპირ ვერ ჩაითვლება გამომგონებლად, მას დიდი წვლილი აქვს ქაღალდის წარმოების ტექნიკის განვითარებაში, ამავდროულად, ზუსტი სახელი თვით გამომგონებლისა ცნობილი არ არის. ამ ყველაფრის მიზეზია ცაი ლუნამდე ერთი საუკუნით ადრე აღმოჩენილი ქაღალდის ფრაგმენტები (კანსუს პროვინციის ტუნხუანგის კომპლექსში და ა.შ).
ქაღალდის წარმოების ჩინური მეთოდი მერვე საუკუნეში არაბებისთვის გახდა ცნობილი. მოგვიანებით კი მეთერთმეტე საუკუნეში, ის ესპანეთის გავლით ევროპაშიც გავრცელდა, რამაც მთელს ევრაზიის კონტინეტზე ხელმისაწვდომი გახადა საგანმანათლებლო და საღვთისმეტყველო ტექსტების უფრო აქტიურად გავრცელება.
წყაროების მიხედვით ცაი ლუნისთვის ინსპირაცია გახდა ფუტკრები და მათი მუშაობის ტექნიკა, თავდაპირველი ქაღალდი უზარმაზარ ქვაბში სხვადასხვა მატერიალისგან იხარშებოდა მათ შორის იყო აბრეშუმის ბოჭკოები, სელი, თუთის ფოთლები და ბამბუკის ხე. ამ და კიდევ სხვა ელემენტებს ცეცხლს იმდენ ხანს ხარშავდნენ სანამ ისინი ერთიან მასად არ გადაიქცეოდა, ამის შემდგომ მიღებული მასის დამატებით დამუშავება მიდიოდა.
მეშვიდე საუკუნიდან ჩინურ კულტურაში დაიწყო ქაღალდის ჭრა, როგორც დეკორატიული ხელოვნების ფორმა. აღსანიშნავია, რომ გამოჭრილ ქაღალდის სამშვენისებს ძირითადად იყენებენ ახალ წელს კარებისა და ფანჯრების გასაფორმებლად. ასწლიანი განვითარების შემდეგ ეს ხალხთა, განსაკუთრებით ქალთა შორის, დეკორაციის ძალიან პოპულარული საშუალება გახდა. განსაკუთრებით მინგისა(明代) და ცინგის დინასტიების(清代) მმართველობის ხანა (ახ.წ1368–1912წწ) ამ ხელოვნების დარგისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო . ქაღალდი არის ერთგვარი მასალა, რომელიც მსუბუქად იჟღინთება და ფუჭდება. ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გაზაფხულსა და ზაფხულში ჩვეულებრივ წვიმს, ამგვარი ნესტიანი კლიმატის გამო,ცხადია, ქაღალდი სწრაფად ლპება. შედეგად, სამხრეთ-აღმოსავლეთში ხალხი არ ინახავდა მას. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ამინდი ჩვეულებრივ მშრალია და აქ მრავლად გვხვდება სხვადასხვა ქაღალდის ჭრის ნიმუშები.
განსაკუთრებით მე -14 საუკუნეში კი ეს ხელოვნება მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით გავრცელდა.
ქაღალდის ჭრა სხვადასხვა ადგილას და მისი გამოყენება
ჩინეთის მრავალი ადგილი ცნობილია გამორჩეული ქაღალდის ჭრით.მეტად საინტერესოა, რომ ადრე ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში, მაგალითან შანტუნში(山东),ქაღალდის ჭრა ტრადიციულად ქალების საქმიანობად მიიჩნევა. წარსულში ეს საქმე ყველა გოგონას უნდა ესწავლა. მისი ცოდნა ისე მოეთხოვებოდათ, როგორც ქსოვა კერვა ან კერძის მომზადება.პატარძლებს ხშირად გამოცდასაც კი უწყობდნენ, თუ რამდენად კარგად ფლობდნენ ამ ხელობას. მეორე მხრივ, პროფესიონალ ქაღალდის მჭრელებად ხშირად მამაკაცები გვევლინებიან, რომლებმაც ის თავიანთი შემოსავლის წყაროდ აქციეს. ქაღალდის ჭრა მხოლოდ სოფლად იყო პოპულარული და ოსტატები ფერმერები იყვნენ. ეს სამშვენისები ძირითადად წითელი ფერისაა, რაც ახალისებდა ჩინური სახლების სადა ინტერიერს. მაგალითად, საახალწლოდ ჩინელები ქაღალდისგან გამოჭრილ სამშვენისებს სადღესასწაულო ბაზრობებზე ყიდულობენ. ამის შემდეგ ძველ სამშვენისებს ხსნიან და ახლებს ამაგრებენ. აქედანაა მათი სახელიც – ფანჯრის ყვავილები. სამწუხაროდ, ქაღალდის სამშვენისები მალე ხუნდება და მისი მოხსნა დღესასწაულის შემდეგ აუცილებელია. ჩინური ქაღალდის ნაკეთობები არა მხოლოდ დეკორაცია, არამედ ემოციაცაა. ისინი ნათლად გამოხატავენ ადამიანების სურვილებსა და იმედებს, მათ მისწრაფებებს იყვნენ ჯანმრთელნი და წარმატებულნი.საყოველთაო რწმენაა, რომ შემოსასვლელები, რომლებიც გაფორმებულია სწორედ ქაღალდის სამშვენისებით, წარმატებას მოუტანს მათ, ვინც იქ ცხოვრობს. რაც შეეხება, შანსის პროვინციას(山西), ის ხაზს უსვამს ჭრის სიმარტივესა და ლაკონურობას.მათ უცნაური ფორმები და საინტერესო დატვირთვა აქვთ, უნიკალური ესთეტიკური და შეუზღუდავი სტილის მდიდარი ნიმუშებით. შანსისა(山西) და ხეპეის (河北)პროვინციები კარგად არის ცნობილი შეღებილი ,ფერადი სამშვენისებით, რომლებიც ბრწყინვალე ფერისაა და გამოხატულია ყველაზე ცნობილი ოპერის პერსონაჟები.ფოშანის (佛山)ქაღალდის ჭრას კუანტონგის(广东) პროვინციაში, მას აქვს უაღრესად ორნამენტული ფუნქცია თავისი მრავალფეროვანი ფერებით. აქაური ნამუშევრები არის მკაცრი, დეკორატიული, ელეგანტური და ბრწყინვალე. ძიანგსუსა(江苏) და ჭეძიანგის(浙江) პროვინციებში ქაღალდის ნაკეთობები ძალიან ელეგანტურია. ეს უკანასკნელი ყურადღებას ამახვილებს ყვავილების, ხილის, ფრინველისა და თევზის თემებზე.
ქაღალდის ჭრის სახეობები
სხვადასხვა ქაღალდის სამშვენისებს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ქაღალდის სამშვენისების თემატიკა ძალიან ფართოა, თუმცა ის შეგვიძლია ძირითადად ოთხ ჯგუფად დავყოთ. პირველია მცენარეები,მაგალითად ქრიზანთმა, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ჩინეთში.
მეორეა ჟანრული სცენები. ამ ნიმუშებზე ძირითადად გამოყენებულია რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.
მესამე ჯგუფში ვხვდებით სხვადასხვა სიმბოლოს, რომლებიც ხელოვნების სხვა სფეროებშიც იჩენს თავს. მაგალითად ლოტუსის ყვავილი-ნაყოფიერების სიმბოლო. თევზი,დრაკონი, მონეტა სიმდიდრეზე მიუთითებს. ფენიქსი- მშვიდობას.
ბოლო ჯგუფში კი შედის სამშვენისები, რომლებზეც სცენებია ისტორიიდან, თქმულებებიდან .
დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ქაღალდის სამშვენისი გახლავთ (“福”- „ფუ“ რაც ნიშნავს “იღბლიანს”) და (“囍”- „სი“ რაც ნიშნავს “ორმაგ ბედნიერებას”). დღესაც ჩინელებს ძალიან უყვართ კარზე ამ ორი სამშვენისის ჩამოკიდება. „ფუ“ ჩვეულებრივ გამოიყენება ჩინეთის საახალწლო ფესტივალის დროს, რაც მიუთითებს იღბლიანობასა და ბარაქიანობას. „სი“ ხშირად ჩანს ახალდაქორწინებულთა ფანჯრებთან ან კარებთან. მოხუცი ადამიანის დაბადების დღეზე ხშირად შევხვდებით ქაღალდის ნაკეთობას “寿”შოუ, ხანგრძლივ სიცოცხლეს ნიშნავს.
ქაღალდის ნაკეთობების გამოჭრა
ძირითადი საჭრელი იარაღებია მაკრატელი ან დანა. ქაღალდის ჭრის ოსტატები საოცრად დახელოვნებულნი არიან ყოველდღიური სცენების გამოსახვაში.როდესაც ამ ნამუშევრებს ყურადღებით დაათვალიერებთ, გაოცდებით ფიგურის გრძნობებისა და გარეგნობის ნამდვილი გამოხატულებით, ან ბუნებრივი მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვანი ჟესტების გამოსახულებით.მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების სხვა დარგებს, მაგალითად, ფერწერას, ასევე შეუძლია მსგავსი სცენების ჩვენება, ქაღალდის ჭრა მაინც გამოირჩევა თავისი ხიბლით – ზუსტი ხაზებითა და გენიალური ნიმუშებით, რომლებიც ხელნაკეთია. იმისათვის, რომ სამგანზომილებიანი სცენები გამოვიდეს ქაღალდისგან, რადგან ისინი ჩვეულებრივ მონოქრომულია, ოსტატებმა უნდა წარმოაჩინონ თავიანთი ფანტაზია. მათ უნდა წაშალონ მეორადი ნაწილები და შეადგინონ ძირითადი კორპუსი სწორად, აბსტრაქტულად და თამამად.
ძალიან მარტივია ქაღალდის ჭრა ისწავლოთ, გაეცნოთ კონკრეტულ წესებს მის შესახებ, მაგრამ მისი სრულყოფილად ათვისება ძალიან რთულია. პირველ რიგში, საჭიროა კარგად ისწავლოთ დანის ვერტიკალურად დაჭერა და თანაბრად დააჭიროთ ქაღალდს გარკვეული ძალით. აუცილებელია მოქნილობა, რადგან ყოყმანი და ბევრი ფიქრი გამოიწვევს არაზუსტობას ან დააზიანებს მთელ სურათს. დანის გამოყენებით ოსტატებს შეუძლიათ შეუჩერებლივ სხვადასხვა რამ თავისუფლად გამოჭრან, უფრო მეტი სიზუსტით ვიდრე მაკრატლით. ისინი წინასწარ არასდროს აკეთებენ ჩანახატს. ადამიანის, ფრინველისა თუ ცხოველის ფიგურები შდარებით სწრაფად იქმნება და დამოირჩევა თავისი დახვეწილი გემოვნებით. თუ ოსტატს მუშაობის დროს დავაკვირდებით , ვიფიქრებთ, რომ ეს ერთგვარი თამაშია. უბრალო და საოცრად მომხიბლავი. ისინი ყოველთვის ცდილობენ მიაღწიონ რაც შეიძლება მეტ კონტრასტულობას.ძირითადად ერთმანეთს უპირისპირებენ წითელსა და მწვანე ფერს, მუქსა და ღია ტონებს. გამოჭრილ სამშვენისებს ფუნჯის სწრაფი მოსმით მყისიერად აფერადებენ.
აღსანიშნავია,რომ ერთ ერთ ყველაზე ცნობილ ოსტატ ვანგ ლაოშანს(1890-1951წწ.) 90 დანა ჰქონდა და სწორედ მან თქვა, რომ „კარგ ოსტატს კარგი დანით იცნობ“. იგი აუცილებლად ძალიან მჭრელი უნდა იყოს. ეგზემპლარის გამოჭრის შემდეგ იწყება შეღებვა. ხშირად მას ალკოჰოლსაც ურევენ,რათა ნახატში საღებავმა უფრო ღრმად შეაღწიოს. თვით ოსტატი ვანგ ლაოშანი უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდან დიდი დროს უთმობდა შემოქმედებას და სახელიც ძალიან მალე გაითქვა.მან უარი თქვა კონსერვატიზმზე და შემოიტანა ახალი თემები, გაამდიდრა ფორმები, მხარი დაუჭირა მრავალფეროვნებას.40 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში მან 10000 ნიმუში შექმნა. იგი თავად დადიოდა პეკინში სამსვენისების გასაყიდად. აქვე ეცნობოდა ხალხის საყვარელ თემებს. ეს კი საშუალებას აძლევდა თავისი ოსტატობა დაეხვეწა.
ქაღალდისგან გამოჭრილი სამშვენისები ჩინეთის ხალხური ხელოვნების განუყოფელი ნაწილია და დღესაც დიდი პოპულარობის სარგებლობს.
გამოყენებული ლიტერატურა
1. გამომცემლობა „მერიდიანი“,თბილისი 2007,“ჩინეთი ჟამთა სივრცეში“.
ირინა ჯორჯაძე-მაისურაძე. ოცნება ფანჯარასთან „ქაღალდისგან გამოჭრილი სამშვენისები-ძიენჭ“,283-286.
2.Annie Wu – ” Chinese Paper Cuts”.
https://www.chinahighlights.com/travelguide/culture/paper-cut.htm
3. (2018)“ Chinese Paper-Cut”.
https://www.travelchinaguide.com/intro/arts/paper_cut.htm
4. Deng Junfang (2018) “How relevant is traditional Chinese paper cutting art today” .
https://news.cgtn.com/news/304d6a4d346b7a6333566d54/share_p.html
ავტორი:მარიამ ფაცურია
Discussion about this post