“როდესაც ხალხი კარგად იკვებება, ისინი სამოთხეში არიან.”民以食为天 ( (სიმა ციენი)
ისტორიის განმავლობაში ჩინელებისათვის სტაბილურ საკვებ მარაგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც სავსე კუჭი “ადეკვატური ცხოვრების” განმსაზღვრელ ფაქტორად მიიჩნეოდა (Watson, 2010). ჩინური სამზარეულო ანტიკური ხანიდან ითვლებოდა, როგორც “მაღალი კლასის სამზარეულო,” რომელიც ხანის დინასტიის დროს აერთიანებდა მრავალი სახის დელიკატესს, განკუთვნილს სპეციალურად დიდგვაროვნებისათვის. მოსახლეობის უმეტესობა კი “დაბალი კლასის სამზარეულოს” მომხმარებელი იყო, რაც მოიაზრებდა ხორცეულს – ფესტივალების პერიოდში და მარცვლეულს – მთელი წლის განმავლობაში (Jing, 2000).
მე-20 საუკუნის ჩინეთში მოსახლეობის ღარიბ ფენას კვების თვალსაზრისით მწირი არჩევანი ჰქონდა; მარცვლეული კვლავ დიეტური კვების პირველ ადგილს იკავებდა. შემდეგ მოდიოდა ბოსტნეული, ხილი, თევზი ან სხვა სახის საკვები ძალიან მცირე ოდენობით. ხორცი კვლავ მხოლოდ ფესტივალებისთვის მოიხმარებოდა (Jing, 2000). თუმცა, ქვეყანაში იშვიათად თუ იყო საჭმლის თავისუფალი არჩევანი; სოფლებსა და ქალაქებს შორის არათანაბარი განვითარებისა და ჭარბი მოსახლეობის პირობებში, კვების ნაკლებობა ჩინეთისათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩებოდა. ჩინეთში კერძო მიწის მფლობელობა სოფლის მეურნეობის ბაზისს წარმოადგენდა, მაგრამ მზარდი მოსახლეობის პირობებში გაიზარდა მიწის ნაკლებობის პრობლემაც, რაც პირდაპირ კავშირში იყო სიღარიბესთან. რეფორმებისა და გახსნილობის პერიოდამდე, ჩინეთის ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკა მკაცრად განსაზღვრავდა ქვეყნის მოსახლეობის საკვებით მომარაგების ოდენობას, და რამდენადაც სოფლის მეურნეობა არ გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, საჭმლის სახეობაც საკმაოდ მწირი იყო.
1949 წლიდან (ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ (CCP) გამარჯვება მოიპოვა ჩინეთის ნაციონალისტურ პარტიაზე (KMT)) დაიწყო ქვეყნის სწრაფი გარდაქმნა სოციალისტური სისტემის შემოღებით (Zhou, 2013). ხოლო 1958 წლიდან, ჩინეთმა შემოიღო “დიდი ნახტომი წინ” პოლიტიკა (The Great Leap Forward), თვითმყოფადი ინდუსტრიული განვითარების, კოლექტიური სოფლის მეურნეობის შემოღებისა და სოციალიზმიდან კომუნიზმში გადასვლის მიზნით (Thaxton, 2008). შესაბამისად, 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყო ჩინელი ხალხის კვების წესების კონტროლი, როგორც ეროვნული პოლიტიკის ნაწილი; გაქრა კერძო საკუთრების ცნება, მოიშალა საოჯახო სამზარეულო და დაინერგა საჯარო სასადილო არეები კოლექტიური ჭამისათვის (Watson, 2010). თუმცა, ინდუსტრიული განვითარების ხელშეწყობამ, სოფლის მეურნეობის მოშლის ხარჯზე, ქვეყანაში (განსაკუთრებით სოფლებში) შიმშილის პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. ხოლო მოსახლეობის საქმიანობით გამოწვეულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ვითარება უფრო დაამძიმა, კერძოდ, ხეების მასიური გაჩეხვის შედეგად, გაჩნდა მიწის ეროზიისა და ქვიშიანი ქარიშხლების პრობლემა. ჩინელები საჭმლის უქონლობისას მომწამლავი ბალახეულით, შხამიანი მცენარეებით იკვებებოდნენ, მათ შორის, თიხითაც, რაც მოუნელებლობის პრობლემით სიკვდილს იწვევდა. “დიდი ნახტომი წინ” პოლიტიკისას არსებული “დიდი შიმშილის პერიოდი” (1958-62), რომელმაც 45 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დღემდე ჩინეთში ტაბუდადებულ, სენსიტიურ თემად მიიჩნევა (Zhou, 2013).
მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 1978 წლის შემდეგ; ურბანულ რეფორმებთან ერთად გაუქმდა საკვების რაციონის ოდენობის განსაზღვრა, სოფლის მეურნეობა გახდა უფრო მრავალფეროვანი და საკვების მოხმარების ტენდენციაც შეიცვალა: საკვების მარაგი და მასზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც მოჰყვა ერთობლივი მეურნეობის სისტემის ტრანსფორმაცია (“communal farming system”) სახლის საპასუხისმგებლო სისტემად (“household responsibility system”), რომელშიც ოჯახი წარმოადგენდა საბაზისო ერთულს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორცისა და თევზის მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა და საკვების ნაკლებობის პრობლემის შემცირება (Jing, 2000).
ჩინეთის განგრძობად ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და სოციალური ტრანსფორმაციის პირობებში, 1991 წლიდან 2011 წლამდე, დაიწყო ახალი ცვლილებები. ამ პერიოდში საოჯახო დაგეგმარება და კეთილდღეობის სქემები გადაიხედა და მოდიფიცირდა, რასაც თან დაერთო შეცვლილი სამუშაო პრაქტიკა და ბავშვის აღზრდის წესები. გარდა ამისა, 2001 წელს ჩინეთი გაწევრიანდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ქვეყანამ შემოიღო საკვები პროდუქტის თავისუფალი ბაზარი, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა ჩინეთის კვების სისტემის მოდერნიზება. ქვეყანამ დანერგა თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიები, გააუმჯობესა სატრანსპორტო, ჯანდაცვის, საოჯახო და საგანათმანათლებლო სისტემები (Zhang et al., 2014).
წინა საუკუნისაგან განსხვავებით, 21-ე საუკუნეში ჩინეთმა ახალი მასშტაბების ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, რამაც ქვეყანაში კიდევ უფრო დააჩქარა სოციო-ეკონომიკური განვითარება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჩინელი ხალხის შემოსავლის დონე და ცხოვრების ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ საკვების უკმარისობის საკითხი თანამედროვე ჩინეთში ძველებულად მწვავედ აღარ დგას, გაჩნდა ახალი გამოწვევები. გადამუშავებული საკვების ოდენობის ზრდამ, ურბანიზაციამ, გარემომ და ცხოვრების სტილმა მნიშვნელოვნად შეცვალა ხალხის მიერ საჭმლის მოხმარების ტენდენცია. გაიზარდა მაღალი კალორიების, ცხიმის, შაქრის, მარილის მიღება, მაშინ როდესაც ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის მოხმარებამ იკლო. კვებისა და ჯანმრთელობის კუთხით მსგავსმა ცვლილებებმა გაზარდა ქრონიკულ დაავადებათა რიცხვი, მათ შორის: ჭარბწონიანობა, მე-2 ტიპის დიაბეტი, ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, სტომატოლოგიური დაავადებები და ოსტეოპოროზი (Nishida et al., 2004). არაგადამდებ დაავადებების (NCDs) მკვეთრად მატებასთან ერთად კი ყოველწლიურად ჩინეთში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ნაადრევად იღუპება (WHO, 2018).
მოსახლეობის მიერ საკვები პროდუქტის მოხმარების გაუმჯობესების კუთხით, ჩინეთში არაერთი ღონისძიება გატარდა. დაიწყო კვლევები და კვების პროგრამების შემოღება ეროვნულ, პროვინციულ თუ საქალაქო დონეზე. მათ შორის, 1997 წლიდან ამოქმედდა საკვებსა და მასზე საზედამხედველო სისტემაზე კვლევა, არსებული მდგომარეობის ანალიზისა და უკეთესი სამომავლო პოლიტიკის შესამუშავებლად (Zhai et al., 2002). 2011 წელს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა ეროვნული საკვები პროდუქტის სტანდარტი წინასწარ დაფასოებულ საკვებზე საკვების შემადგენლობის ინფორმაციის ეტიკეტზე დატანის შესახებ. რეგულაცია მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მოხმარებული საკვების შესახებ (პროდუქტში შემავალი პროტეინის, ცხიმის, ნახშირწყლების, მინერალების, ვიტამინებისა და ა.შ. ინფრომაცია).
გარდა ამისა, ქვეყანაში ამოქმედდა ორი მთავარი სამთავრობო ინიციატივა: “ჩინეთის კვების სახელმძღვანელო პრინციპები” (The Chinese Dietary Guidelines) და “კვების ეროვნული სამოქმედო გეგმა ჩინეთში” (The National Plan of Action for Nutrition in China), რომელიც “ჯანმრთელი ჩინეთის” (Healthy China 2030) გეგმასთან ერთად გამოიცა კვებისა და ჯანმრთელობის დონის გაუმჯობესების მიზნით. გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს კვებისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არა მხოლოდ მეცნიერების, ტექნოლოგიების, კვლევებისა და ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალურად განვითარება უნდა მოხდეს, არამედ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებაც, რაც ხელს შეუწყობს ფიზიკურ აქტივობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას (The National Nutrition Plan (Year 2017 – 2030)). რაც შეეხება “ჩინეთის კვების სახელმძღვანელო პრინციპებს” (CDG), იგი პირველად 1989 წელს ჩინეთის კვების საზოგადოების მიერ გამოიცა (Chinese Nutrition Society). სახელმძღვანელო, სწრაფი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ფონზე, მიზნად ისახავდა ბალანსირებული კვების წესების ხელშეწყობას. მას შემდეგ მოხდა პრინციპების გადახედვა 1997 და 2007 წლებში. 2007 წლის ვერსიის გადახედვა ექსპერტების მიერ 2014 წლიდან დაიწყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განვითარების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად და 2016 წლის ვერსიას დაემატა კვების დეფიციტის პრევენციის მიზანიც. კვების სახელმძღვანელო პრინციპები ოთხი მთავარი თავისაგან შედგება:
§ კვების სახელმძღვანელო პრინციპები საერთო მოსახლეობისათვის
§ დამატებითი სახელმძღვანელო პრინციპები სპეციალური მოსახლეობისათვის
§ კვების სახელმძღვანელო პრინციპები ჩვილებისათვის (0-24 თვის)
§ კვების სახელმძღვანელო პრინციპები ვეგეტარიანელებისათვის
ზოგადი კვების სახელმძღვანელო პრინციპების (CDG) სამიზნეს წარმოადგენს ჯანმრთელი მოსახლეობა (2 წლიდან ზემოთ), ხოლო სპეციფიკური მოსახლეობის ჯგუფში მოიაზრება ორსული და ჩვილთა კვებაზე მყოფი დედები, სკოლამდელი პატარები, ბავშვები და მოზარდები (2-5 წლის და 6-18 წლის), ასევე მოხუცები (≥65 წლის). 2016 წლის გამოცემას პირველად დაემატა ვეგეტარიენელების ნაწილი და მთლიანობაში უფრო ნათელი და პრაქტიკულად ილუსტრირებული გახდა. ამასთან, გამოიცა ორი ვერსია: განმანათლებლებისა და ფართო საზოგადოებისათვის.
კვების სახელმძღვანელო პრინციპები (CDG) ზოგადი მოსახლეობისათვის ექვს მთავარ რეკომენდაციას გამოყოფს:
Ø მიიღეთ საკვების მრავალსახეობა, მარცვლეულზე დამზადებული
დაბალანსებული საკვები მოიაზრებს 12 განსხვავებული სახის საკვების მიღებას დღის და, სულ მცირე, 25 განსხვავებული საკვების მიღებას კვირის განმავლობაში. ყოველდღიური საკვები უნდა მოიცავდეს ისეთი ჯგუფის საკვებს, როგორიცაა: მარცვლეული და ტუბერი, ხილი და ბოსტნეული, ხორცი, შინაური ფრინველის ხორცი, რძის პროდუქტი, სოიოს მარცვალი, პარკოსნები და თხილეული. რეკომენდებულია დღიურად 250-400გ მარცვლეულის, ტუბერისა და პარკოსნების მიღება (აქედან, 50-150გ მარცვლეული და პარკოსნები, 50-100გ ტუბერი). დღიური ნორმის სულ მცირე 50% შევსებული უნდა იქნას ნახშირწყლებიდან
Ø იყავით საკმარისად აქტიური, რათა შეინარჩუნოთ სხეულის წონა
ბალანსი ენერგიის მიღებასა და დახარჯვას შორის წარმოადგენს მთავარ გასაღებს ჯანმრთელი სხეულის წონის შესანარჩუნებლად. ზედმეტი სიგამხდრე და ჭარბწონიანობა ზრდის დაავადებათა რისკს. რეკომენდებულია, კვირაში 5-ჯერ საშუალო დონის ფიზიკური ვარჯიშის შესრულება (მთლიანობაში, სულ მცირე, 150 წუთი). ყოველდღიური აქტივობა შეადგენს 6000-მდე ნაბიჯს.
Ø მიიღეთ ბევრი ოდენობით ბოსტნეული, ხილი და სოიო
ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი, სოიოს მარცვალი და სოიოს პროდუქტები მნიშვნელოვანი კომპონენტია დაბალანსებული დიეტისათვის, თხილეული კი სასარგებლო დანამატია. უმჯობესია, მიიღოთ 300-500გ ცოცხალი ბოსტნეული, 200-350გ ცოცხალი ხილი, 300გ თხევადი რძე, სოიოს პროდუქტი 25გ. მიუხედავად იმისა, რომ თხილეულობა წარმოადგენს პროტეინის წყაროსა და მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავას, მსგავსი დანამატი მცირე ოდენობით უნდა იქნას მიღებული მაღალკალორიულობიდან გამომდინარე.
Ø მიირთვით თევზი, კვერცხი, შინაური ფრინველის ხორცი და მჭლე ხორცი
კვირის განმავლობაში სასურველია 280-525გ თევზის, 280-525გ შინაური ფრინველის ხორცისა და სხვა სახეობის ხორცის, 280-350გ კვერცხის მიღება. დღის განმავლობაში მთლიანი თევზის, შინაური ფრინველის ხორცისა და მჭლე ხორცის მიღება, დაახლოებით, 120-200გ უნდა იყოს.
Ø მიიღეთ შეზღუდული ოდენობის მარილი, შესაწვავი ზეთი, შაქარი და ალკოჰოლი
სუფრის მარილი, შესაწვავი ზეთი, შაქარი და ალკოჰოლი დიდი ოდენობით მოიხმარება ჩინელ მოსახლეობაში, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს თამაშობს ისეთი ქრონიკული დაავადებების გამოწვევაში, როგორიცაა ჰიპერტენზია, ჭარბწონიანობა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. დღიურად მარილისა და ზეთის მოხმარება ნაკლები უნდა იყოს ვიდრე 6გ და 25-30გ, ხოლო შაქრი არ უნდა აღემატებოდეს 50 ან, უკეთეს შემტხვევაში, 25 გრამს. წყალი ბიოლოგიური ფუნქციონირებისათვის აუცილებელა და უნდა მოიხმარებოდეს ადეკვატურად. ზრდასრულებისათვის რეკომენდირებულია 7-8 ჭიქის (1500-1700მლ) მიღება. უმჯობესია, მიიღოთ სუფთა წყალი ან ჩაი ტკბილი სასმელის ნაცვლად. ალკოჰოლის დღიური მოხმარება არ უნდა აჭარბებდეს დღეში 25 გრამს კაცებისათვის და 15 გრამს ქალებისათვის.
Ø განავითარეთ ჯანსაღი კვების თვისებები, მოერიდეთ საკვების გადაყრას.
საჭმლის გადაყრის თავიდან აცილება მნიშვნელოვანია მოსავლის აღების, ტრანსპორტირების, მომზადებისა და მოხმარების პერიოდში, ისევე, როგორც ჯანსაღი საკვების არჩევანის გაკეთება საჭმლის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისად. ცოცხალი და სუფთა პროდუქტის არჩევა, ისევე, როგორც შესაბამისი მომზადების მეთოდების გამოყენება, მნიშვნელოვანია საკვების უსაფრთხო მოხმარების კუთხით. სახელმძღვანელო პრინციპების განხორციელების ხელშეწყობა უნდა მოხდეს ინდივიდუალურ, საოჯახო, სკოლისა და მთლიანი საზოგადოების დონეზე ჯანმრთელი კვების კულტურისა და ქცევის ჩამოყალიბებით.
ქვემოთ წარმოდგენილია სამი ილუსტრაცია, რომელიც საზოგადოებას უმარტივებს, უკეთ აღიქვას სახელმძღვანელოთი გაწერილი ძირითადი მითითებები:
სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად თანამედროვე ჩინეთი მაღალ-საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანა გახდა, რომლის განვითარებაც უფრო მეტად ფოკუსირდება ეროვნული სიმდიდრის გადანაწილებასა და ადამიანის გავნითარებაზე ჯანმრთელობის პრე-რეკვიზიტით (WHO, 2016). ჩინელი მოსახლეობის კვების დინამიკაში ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც უფრო ფართო მასშტაბით აისახება ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაზეც. მიუხედავად იმისა, რომ დაბალანსებულ და ჯანსაღ კვებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური ფაქტორი (მაგ.: ასაკი, კლიმატი, გარემო, საკვების ფასები, კულტურა, ინდივიდუალური არჩევანი, ა.შ.), ჩინეთში ჯანმრთელი კვების საბაზისო პრინციპები კვლავ უცვლელი რჩება, რისი ხელშეწყობაც მოითხოვს სამთავრობო, საზოგადო და კერძო სექტორის ერობლივ ძალისხმევას. მათ შორის, შესაბამისი ეროვნული რეგულაციებისა და კანონების შემოღებას, კამპანიებისა და პროგრამების დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სატელევიზიო, სარეკლამო და მობილური აპლიკაციების გამოყენებით (WHO, 2018). ამასთან, ეროვნული ბაზრის ზრდისა და მრავალფეროვნების პირობებში ჩინეთისათვის კვლავაც გამოწვევად რჩება გარეულ ცხოველთა ბაზრების (ე.წ. “სველი ბაზრების”) სათანადო კონტროლი სამომავლოდ Covid ვირუსების გავრცელების თავიდან ასარიდებლად (Greenfield, 2020).
ავტორი: ნინო ჩალაბაშვილი. საერთაშორისო პოლიტიკის/ჩინეთის პოლიტიკისა და დიპლომატიის მაგისტრი (ფუტანის უნივერსიტეტი Fudan University).
გამოყენებული ლიტერატურა:
- Chinese Nutrition Society. (2016). The Chinese Dietary Guidelines. People’s Medical Publishing House. Web.:http://en.cnsoc.org/yqui/pdf/web/viewer.html?file=http%3a%2f%2fen.cnsoc.org%2fpdfLl%2f221901202.html
- Greenfield, P. (2020). Ban wildlife markets to avert pandemics, says UN biodiversity chief. In The Guardian. Web.: https://www.theguardian.com/world/2020/apr/06/ban-live-animal-markets-pandemics-un-biodiversity-chief-age-of-extinction
- Jing, J. (2000). Food, Children, and Social Change. In Feeding China’s Little Emperors: Food, Children, and Social Change. Stanford University Press, 1-26.
- Ministry of Health of the People’s Republic of China. (2011). National Food Safety Standard Standard for nutrition labelling of prepackaged foods. Web.: https://www.chinesestandard.net/PDF.aspx/GB28050-2011
- Nishida et al. (2004). The Joint WHO/FAO Expert Consultation on Diet, Nutrition and the Prevention of Chronic Diseases: Process, Product and Policy Implications. Public Health Nutrition. 7(1), 245–250.
- Thaxton, Jr, R. A. (2008). Introduction. Catastrophe and Contention in Rural China: Mao’s Great Leap Forward Famine and the Origins of Righteous Resistance in Da Fo Village. Cambridge University Press, 1-19.
- The State Council of China. (2017). The National Nutrition Plan (Year 2017 – 2030).
- Watson, J. (2010). Feeding the Revolution: Public Mess Halls and Coercive Commensality in Maoist China. In Arthur Kleinman and Everett Zhang (eds), Governance of Life in Chinese Moral Experience: The Quest for an Adequate Life, Routledge. 33-46.
- World Health Organization. (2018). Country Cooperation Strategy at a glance, China. Web.: https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/137150/ccsbrief_chn_en.pdf?sequence=1
- World Health Organization. (2018). Healthy Diet. Web.: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/healthy-diet
- World Health Organization. (2016). China-WHO country cooperation strategy 2016-2020. Manila: WHO Regional Office for the Western Pacific. Web.: https://apps.who.int/iris/handle/10665/206614
- Zhai et al. (2002). What Is China Doing in Policy-Making to Push Back the Negative Aspects of the Nutrition Transition? Public Health Nutrition, 5(1), 269 –273.
- Zhang et al. (2014). The China Health and Nutrition Survey, 1989–2011. China National Institute of Health. 15(1), 2-7.
- Zhou, X. (2013). The Tragedy of Collectivization . In Zhou Xun (ed) The Great Famine in China, 1958-1962: A Documentary History, New Haven, Yale University Press. 13-66
Discussion about this post