პარასკევი, მარტი 24, 2023
No Result
View All Result
Education Blog
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები
სინოლოგია
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გერმანიის იმპერია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა: ისტორიული პარალელი თუ უბრალო პარანოია?

shalva chikhladze by shalva chikhladze
თებერვალი 16, 2022
in პოლიტიკა
4 min read
გერმანიის იმპერია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა: ისტორიული პარალელი თუ უბრალო პარანოია?
Share on FacebookShare on TwitterLinkedin

ავტორი: ნუცა ძანძავა

ისტორიული ანალოგები მეტად საინტერესო ფენომენია – ერთი მხრივ, ისინი გვეხმარება, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უკეთ გავიაზროთ არსებული სიტუაცია და გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები. უინსტონ ჩერჩილს რომ დავესესხოთ: “ვინც ისტორიის შეცდომებზე ვერ სწავლობს, აუცილებლად გაიმეორებს მათ”. ისტორიის განმეორებადობის იდეას ხშირად მიმართავენ პოლიტიკურ კონტექსტში, რათა პარალელები გაავლონ წარსულში მომხდარ მოვლენებთან და ამით ახსნან არსებული რეალობა. თანამედროვე მოვლენების შეფასებისას ხშირად მოვისმენთ გაფრთხილებებს “ახალი ვიეტნამისა” თუ  “მიუნხენის” შესახებ. ჯორჯ ბუშმა, ერაყისთვის ომის გამოცხადებამდე, მისი მმართველი სადამ ჰუსეინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა, რითაც შეეცადა დაემტკიცებინა, რომ დიქტატორებთან დაშოშმინების პოლიტიკა არ ჭრის. ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, რომ მსგავს შედარებებთან დიდი სიფრთხილეცაა საჭირო. პოლიტიკოსები მსგავს ისტორიულ ანალოგებს ხშირად იყენებენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის და თავიანთი პოლიტიკური ნაბიჯების გასამართლებლად. ისტორიული პარალელი, თავისი არსით, ვერასდროს წარმოაჩენს ობიექტურ რეალობას. ის უფრო მეტად სიტუაციის გამარტივებას ემსახურება – ახალ, აქამდე უცნობ მოვლენასთან შეჯახებისას ადამიანები სწორედ ისტორიული მსგავსებების ძიებით ცდილობენ რეალობაში გარკვევას (Temkin, 2020).

ერთ-ერთი ასეთი ისტორიული ანალოგი ერთმანეთს ადარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კაიზერ ვილჰელმ II-ის დროინდელ გერმანიას. ზემოთ მოყვანილი განმარტებიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა, რომ ჩინეთ-გერმანიის შედარება დიდი ენთუზიაზმით აიტაცა დასავლურმა აკადემიურმა თუ პოლიტიკურმა დისკურსმა. ნაწილობრივ, ეს იმითაცაა განპირობებული, რომ რთულია იპოვო სახალხო რესპუბლიკის “მშვიდობიანი აღზევების” თუ ზოგადად, თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკის ანალოგი. ევროცენტრულ საზოგადოებაში კი უცხო/აუხსნელი ფენომენის ახსნას კვლავ დასავლური ისტორიული ანალოგით ცდილობენ. სწორედ ამიტომაც, 1914 წელთან გავლებულ პარალელებს ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მათი მოსაზრებით, უკანასკნელ ათწლეულებში, განსაკუთრებით კი სი ძინპინის მმართველობაში მოსვლის შემდგომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აგრესიული გაძლიერებით აღმოსავლეთ აზიაში შექმნილი სიტუაცია გარკვეულწილად ემსგავსება ვილჰელმ II-ის დროინდელ გერმანიასა და იმ რეალობას, რამაც ევროპა პირველ მსოფლიო ომამდე მიიყვანა. შესაბამისად, ამ მოსაზრებით, ჩინეთი დღეს იგივე საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიისთვის, რასაც მეორე რაიხი – Pax Britannica-სთვის. მოვლენების ამ საკმაოდ პესიმისტურ აღქმას მალევე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩინეთ-გერმანიას შორის არსებული მსგავსებები გაზვიადებულია და ამ მსგავსებაზე აქცენტების გაკეთება რეალობას დამახინჯებულად წარმოაჩენს (Kelly, 2014. b).

დღესდღეობით, ჩინეთის, როგორც მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ძალის, მოტივები კვლავ ბურუსითაა მოცული. ამიტომაც, საინტერესოა შევხედოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და გერმანიის ისტორიულ შედარებას, როგორც ამ ბურუსის გაფანტვის მცდელობას. ეს, არა მხოლოდ გამოკვეთს ამ ორ აქტორს შორის რეალურად არსებულ მსგავსება/განსხვავებებს, არამედ ბევრს გევტყვის იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ამ სახელმწიფოებს სხვები – და რატომ. 

მსგავსებები 

ეკონომიკური პოტენციალის ზრდა

1871 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ახლადშექმნილი იმპერია უსწრაფესი ტემპებით ვითარდებოდა. მზარდი მოსახლეობის რაოდენობის, სარკინიგზო ხაზების, კაპიტალდაბანდებებისა და ინდუსტრიის ფონზე, გერმანიის იმპერია სწრაფად დაწინაურდა და მალევე ჩამოყალიბდა აგრესიულ ძალად. გაერთიანებიდან 30 წელიწადში ის იქცა რეგიონის უდიდეს ეკონომიკურ მოთამაშედ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დიდი ბრიტანეთის აქამდე შეურყეველი ჰეგემონია. გერმანიამ ბრიტანეთს 1900 წელს გადაუსწრო ფოლადის წარმოებით; 1907 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტით (თუმცა, ერთ სულ მოსახლეზე GDP-თ კვლავ ბრიტანეთი ლიდერობდა); პირველ მსოფლიო ომამდე ერთი წლით ადრე კი, მთლიანი სამრეწველო პოტენციალით გერმანიის იმპერიამ კიდევ ერთხელ აჯობა დიდ ბრიტანეთს (Nisley, 2014). თუ 1880 წლისთვის გერმანიის იმპერიის ინდუსტრიული ექსტპორტის რაოდენობა დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლის ნახევარს უდრიდა, 1913 წლისთვის მას გადაუსწრო კიდეც. გერმანული საქონელი ბრიტანულ ბაზარს იპყრობდა, იმპერიის დიპლომატია კი ზურგს უმაგრებდა ქვეყნის ეკონომიკურ მისწრაფებებს.

რაც შეეხება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, მისი ეკონომიკური ზრდა, რასაც ხშირად “ჩინეთის ეკონომიკურ სასწაულსაც” უწოდებენ, რეალურად მხოლოდ მაო ძედუნის სიკვდილის შემდეგ დაიწყო და ყოველ მიზეზგარეშე უკავშირდება დენ სიაოპინგის სახელს. მის თანამოაზრეებთან ერთად განხორციელებული ინიციატივების შედეგად მოხდა ქვეყნის ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობისა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია. 30 წლიანი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ჩინეთი, გერმანიის მსგავსად, იქცა უმთავრეს ეკონომიკურ ძალად რეგიონში. ამ პერიოდში, ჩინეთის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 13.2%-ით იზრდებოდა. ამასთან შედარებით, აშშ-ს წლიური ზრდა 4.3%-ს შეადგენდა. 2000 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გახდა მსოფლიოში ფოლადის ნომერ პირველი მწარმოებელი, 2010 წელს კი მისმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა იაპონიისას გადაასწრო. დღესდღეობით, მიუხედავად შენელებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებისა, ჩინეთი მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკას წარმოადგენს. კოვიდ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის მეორე კვარტალში, როცა მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობის ეკონომიკური მაჩვენებელი შემცირდა, ჩინეთმა 3.2%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. ეს კი მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამ პერიოდში, ზრდის ანტირეკორდი მოხსნა (Interworld, 2021). 

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთის, ისევე როგორც გერმანიის შემთხვევაში, სახეზეა ახლად აღმოცენებული რეგიონული ჰეგემონი, რომელიც მოკლე დროში არნახულ ეკონომიკურ ზრდას გვიჩვენებს.

სამხედრო შესაძლებლობები

კიდევ ერთი მსგავსება, რაც გერმანია-ჩინეთის შედარებისას იკვეთება, გახლავთ მათი სამხედრო შესაძლებლობების ზრდა. ეკონომიკური ძლიერების მიღწევის შემდეგ, ორივე სახელმწიფომ ეს რესურსები სამხედრო სფეროში მიმართა. გერმანიის სამხედრო დანახარჯებმა ბრიტანეთისას ჯერ კიდევ 1889 წელს გადაუსწრო. თუმცა, დიდ ბრიტანეთ-გერმანიის მეტოქეობაში უფრო მნიშვნელოვანი ფლოტის საკითხი გახლდათ. დიდი ბრიტანეთის სამხედრო/პოლიტიკური ძლიერება, რაც საბოლოოდ Pax Britannica-ში გამოიხატა ისტორიულად ეფუძნებოდა მის საზღვაო შესაძლებლობებს. გერმანიის მხრიდან თავისი საზღვაო პოტენციალის გაძლიერების მცდელობა ანგლო-ბრიტანული დაპირისპირების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა. 1989 წელს მეორე რაიხის მიერ მიღებული კანონით, გერმანიამ ღია ზღვის ფლოტის შექმნას მიანიჭა ავტორიზაცია (Nisley, 2014). საპასუხოდ, ბრიტანეთმა ერთგვარ “შიდა დაბალანსების” სტრატეგიას მიმართა და თანდათანობით გააძლიერა საკუთარი ფლოტიც. ცხადი იყო, რომ პირველ მსოფლიო ომამდე, კაიზერის გერმანია თავის სამხედრო პოტენციალს სწორედ დიდ ბრიტანეთთან მიმართებაში აძლიერებდა. 

თავის მხრივ, ამ ისტორიული ანალოგის მხარდამჭერები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო შესაძლებლობების ზრდაშიც ხედავენ კაიზერის გერმანიის “გადმონაშთს”. სამხედრო კუთხით, ჩინეთი საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა – მას მსოფლიოში ჯარისკაცთა ყველაზე დიდი შემადგენლობა ჰყავს და სამხედრო დანახარჯებით, აშშ-ს შემდეგ, მეორე ადგილზეა. ფლოტი ამ შემთხვევაშიც საინტერესო როლს თამაშობს – უკანასკნელი მონაცემებით ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის (PLA) ფლოტი (PLAN) დიდი სისწრაფით იზრდება, რის შედეგადაც, PLAN მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოდერნიზებული და ანგარიშგასაწევი ფლოტი ხდება. ეს მოცემულობა კი ჩინეთის ამბიციებს მეტ გასაქანს აძლევს – ის ეცდება საკუთარი გავლენების გაფართოებას ე.წ “პირველი კუნძულის ხაზის” (First island chain) გარეთაც (The Economic Times, 2022). თუმცა, ამ წარმატებების მიუხედავად, ჩინეთის არმია ჯერ კიდევ სრულყოფის პროცესშია, ისევე, როგორც კაიზერის სამხედრო ფლოტი ადგა განვითარების გზას, მაგრამ ბრიტანული ფლოტის არსებობას სერიოზულ საფრთხეს ჯერ ვერ უქმნიდა.

ცნობილია, რომ იმპერიული გერმანია ზღვაზე ბრიტანეთის ჰეგემონიისთვის კონკურენციის გასაწევად ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული რკინიგზის სისტემის შექმნას გეგმავდა – სარკინიგზო ლიანდაგებს ბერლინიდან ბაღდადამდე, იქიდან კი სპარსეთის ყურემდე უნდა მიეღწია. ამით, გერმანიის გავლენა, მისი მოკავშირე ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართოდ გავრცელდებოდა. ზოგი ამ საკმაოდ ამბიციური პროექტის გადმონაშთს სამართლიანად ხედავს სი ძინპინის სახელთან დაკავშირებულ “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივაში, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებით, პოლიტიკური გავლენების გაზრდას ისახავს მიზნად (Brunnermeier, 2018).

თუმცა, ისტორიის შეფასება მეტად სუბიექტურია – მოვლენების განვითარებიდან 100 წელზე მეტის გასვლის შემდეგ, შედარებით მარტივია, ფაქტებისა და მოვლენებების სუბიექტური ინტერპრეტაცია. შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ ზოგიერთი წყარო ზემოთ მოყვანილ არგუმენტებს სრულიად საპირისპირო კუთხით აღიქვამს. ერთ-ერთი მოსაზრებით, გერმანული არმია 1914 წლისთვის კონტინენტზე უძლიერეს სამხედრო შესაძლებლბებს ფლობდა. რეალურად, მის საბოლოოდ დასამარცხებლად ხომ ევროპული კოალიციაც ვერ აღმოჩნდა საკმარისი და საჭირო გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევა. ამის ფონზე, ბევრი ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მსგავს სიძლიერეს. საყოველთაოდ მიღებული ფაქტია, რომ არმიის რეალური ძალა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში ვლინდება, PLA-ს კი 1979 წლის შემდეგ სერიოზულ სამხედრო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, რთულია დაამტკიცო, რომ ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობები ისეთივე საფრთხეს უქმნის მის მოწინააღმდეგეებს, როგორსაც გერმანიის არმია უქმნიდა ევროპელებს (Forsyth, 2016). 

შესაძლებლობების გარდა, აქვე დგას პოლიტიკური ნების საკითხიც. საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინელი მეცნიერი – იან სუეთონგი (Yan Xuetong) ჩინეთის სამხედრო სტრატეგიის შეფასებისას აღნიშნავს, რომ პეკინი იღწვის PLA-ს ისეთ მსოფლიო კლასის სამხედრო ძალად ჩმოყალიბებისთვის, რომელიც ომისთვის მუდმივ მზადყოფნაშია. თუმცა, ამის მიუხედავად, პოსტ-კოვიდურ რეალობაშიც, ჩინეთის არმიის ძირითად მისიად შეკავება უფრო რჩება, ვიდრე ექსპანსია. ჩინეთის 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი, ამერიკის ბიუჯეტის მხოლოდ მესამედს შეადგენს. გამოცდილების ნაკლებობა კი უბიძგებს ჩინეთს, თავი აარიდოს პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციებსა თუ სამხედრო ალიანსებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ უფრთხის ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თუ ინდოეთის საზღვარზე არსებული კონფლიქტების ესკალაციას (Xuetong, 2021).

პოლიტიკური სიტუაცია

სახელმწიფოები, რომლებიც არსებული საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ისახავენ მიზნად და ამაში ეკონომიკური თუ სამხედრო შესაძლებლობებიც უწყობთ ხელს, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართავენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის შემთხვევაში,  ამ პროცესში, იმპერიის გაერთიანების შემოქმედი – ოტო ფონ ბისმარკი გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ყველასთვის ცნობილია რკინის კანცლერის მიერ შექმნილი საგარეო პოლიტიკური ალიანსების ის ფაქიზი და დახვეწილი სისტემა, რომელმაც გერმანიის გაერთიანება შესაძლებელი გახადა. გაერთიანების შემდეგაც, ბისმარკის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს უკანასკნელი ინარჩუნებდა მის მიერ შექმნილ ძალთა ბალანსს და ცდილობდა ნაკლებად გაესვა ხაზი გერმანიის მზარდი ძლიერებისთვის. თუმცა, 1890 წელს მისი გათავისუფლების შემდეგ, ვილჰელმ მეორე სრულიად განსხვავებულ გზას დაადგა. ვილჰელმის არჩეული “მსოფლიო (გლობალური) პოლიტიკის” (Weltpolitik) კურსი მიზნად ისახავდა გერმანიის მსოფლიო დონის ძალად ჩამოყალიბებას. მის მიერ გადადგმული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის, რუსეთთან გადაზღვევის შეთანხმების გაუქმება და მაროკოს კრიზისი, ევროპის სახელმწიფოებში დიდ შეშფოთებას იწვევდა (შარაშენიძე, 2015). მართალია ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთის ფრთხილ და დაკვირვებულ პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ ტენდენციებს ვილჰელმ II-ის აგრესიულ და არაპროგნოზირებად ნაბიჯებთან ბევრი საერთო აქვს, მაგრამ ბოლო წლებში მომხდარი მოვლენები მიანიშნებს, რომ ჩინეთისთვის “ჩრდილში დარჩენის” ტრადიციული პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა.

გერმანიის მსგავსად, ჩინეთიც, ეკონომიკური ზრდის საწყის ეტაპზე საკუთარი წარმატებების დემონსტრირებას ნაკლებად ცდილობდა. დენ სიაოპინის დროინდელი პრინციპი – “Tao Guang Yang Hui” [韬光养晦] – ითვალისწინებდა ჩინეთის მზარდი შესაძლებლობების დაფარვას და შესაფერისი დროის ლოდინს. ეს სტრატეგია გულისხმობდა პოლიტიკური ამბიციების გაცხადებისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონფლიქტის თავიდან არიდებას, რათა ჩინეთს მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა მისცემოდა (Doshi, 2019). ფრაზა “მშვიდობიანი აღზევებაც” კი აგრესიულად ითვლებოდა, რის გამოც, პოლიტიკოსები ხშირად მას “მშვიდობიანი განვითარებით” ანაცვლებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. ეკონომიკურ აღზევებასთან და საერთაშორისო პოლიტიკური ძალთა ბალანსის ცვლილებასთან ერთად, ჩინეთმა “ჩრდილიდან გამოსვლა” დაიწყო. პოპულარული მოსაზრებით, ეს ცვლილება ჩინეთის უკანასკნელი მმართველის – სი ძინპინის ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება. მისი ოფიციალური გამოსვლები და პოლიტიკა ცალსახად მიუთითებდა უფრო აქტიურ, აგრესიულ ქმედებებზე გადასვლას და ჩინეთის გლობალურ ასპარეზზე გამოსვლას. თუმცა, კიდევ ერთი შეხედულებით, ოფიციალური სტრატეგიის ცვლილება ჯერ კიდევ სის წინამორბედის – ჰუ ძინტაოს დროს დაიწყო. უფრო კონკრეტულად, 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზის შემდეგ, როცა ჩინეთის მმართველ ელიტაში საბოლოოდ დარწმუნდნენ ძალთა ბალანსის ცვლილებაში. ამის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი სტრატეგია, რომლის გამოხატულებაც გახლდათ ჩინეთის ფლოტისთვის საკუთარი ტერიტორიული წყლების გარეთ “ახალი ისტორიული მისიების” დაკისრება; 2010 წელს სამხრეთ ჩინეთის ზღვის შეყვანა ჩინეთის ცენტრალური ინტერესის სფეროში, რასაც მოჰყვა ინციდენტი იაპონიასთან სენკაკუს კუნძულების მიმდებარე წყლებში; დიდი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტების დაგეგმვა ქვეყნის საზღვრებს გარეთ; რეგიონალურ ორგანიზაციებში ცენტრალური როლის დაკავება და სხვა. ამ მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის “ჩრდილიდან გამოსვლის” პოლიტიკა, “ერთი სარტყელი – ერთი გზის”, “ეროვნული გაახალგაზრდავებისა” და “ორი ასწლოვანი მიზნის” მსგავსი ინიციატივები ძირითადად სი ძინპინის სახელს უკავშირდება, ისინი გენერალური მდივნის ახალი, ინოვაციური პოლიტიკის შედეგი სულაც არაა. ჩინეთის სახალხო რეპსუბლიკის “ქორისებრი” ტენდენციები მმართველი ელიტების მიერ შემუშავებული განგრძობადი სტრატეგიის გამოხატულებაა (Doshi, 2019).

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ისევე როგორც იმპერიული გერმანია უკვე დადგენილ საერთაშორისო წესრიგში აღზევდნენ. შესაბამისად, ისინი უარყოფითად იყვნენ განწყობილნი იმ საერთაშორისო სისტემის, მისი წესებისა და ნორმების მიმართ, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩინეთი დღესდღეობით, ისევე როგორც გერმანია მეოცე საუკუნის დასაწყისში, მიიჩნევდა, რომ ჰეგემონების მიერ შექმნლი დღის წესრიგი მათ წინააღმდეგ მუშაობს (Nisley, 2014).

რაც შეეხება ე.წ “სამეზობლო პოლიტიკას”, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე რაიხი, ისევე როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არც ისე მეგობრული სახელმწიფოებით არიან გარშემორტყმული. 1914 წლისთვის გერმანიას ევროპაში 8 სახელმწიფო ესაზღვრებოდა. მათგან გამორჩეული ძალის მქონე სახელმწიფოებთან მხოლოდ უნდობლობა, ზოგ შემთხვევაში კი (საფრანგეთი) პირდაპირი მტრობაც აკავშირებდა. თავის მხრივ, არც ჩინეთს აკლია ტერიტორიული უთანხმოებები – ჰიმალაის მთებიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვამდე ჩინეთი მრავალ კონფლიქტში იყო/არის ჩაბმული: ტიბეტი, ინდოეთი, იაპონია, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა, თაივანი, რუსეთი… სია საკმაოდ გრძელია. ამ კუთხით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “მტრულ გარემოცვაში” მყოფმა “ჩელენჯერმა” შესაძლოა ჩათვალოს, რომ მის გაძლიერებას უკვე არსებული ჰეგემონი და სტატუს კვოს მხარდამჭერი სახელმწიფოები “ბლოკავენ”, მაშინ, როცა ამ უკანასკნელთ “ჩელენჯერის” მხრიდან მზარდი საფრთხის შიში ამოძრავებთ. ეს ერთგვარი “თუკიდიდეს ხაფანგის” მსგავსი სიტუაციაა, როცა ახლადწარმოქმნილი “ჩელენჯერის” მზარდი ძლიერება უკვე დამკვიდრებულ ჰეგემონში შიშსა და საფრთხის განცდას იწვევს. ეს კი საბოლოოდ ომით სრულდება – პირველი მსოფლიო ომი ამ თეორიას მეტწილად ადასტურებს (Latham, 2021). შესაბამისად, გერმანია-ჩინეთს შორის ისტორიული პარალელის გავლების მომხრეთა ლოგიკა აშშ-სა და მისი ახლანდელი “ჩელენჯერის” ურთიერთობებს იმაზე პოზიტიურ განვითარებას არ უქადის, ვიდრე ათენ-სპარტას ისტორია დასრულდა. თუმცა, ნაშრომის შემდგომ თავში ვეცდები ვაჩვენო, რომ ეს მოვლენების განვითარების ერთადერთი ვერსია როდია – ჩინეთისა და გერმანიის იმპერიას შორის მსგავსებანი არც ისე შორს მიდის და შესაბამისად, ფატალისტური თუ პესიმისტური დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ ნაჩქარევია.

განსხვავებები

საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის ქმედებების ასახსნელად ისტორიული ანალოგის მოძებნის სურვილი იმდენად დიდია, რომ ამ ლოგიკის ჩავარდნები ხშირად უგულებელყოფილია. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კაიზერის გერმანიას შორის მსგავსებების ძიებით, ნაკლები ყურადღება ექცევა მათ შორის არსებულ ფუნდამენტურ განსხვავებებს.  ეს განსხვავებები კი მრავალგვარია.

ვფიქრობ, არსებობს ფუნდამენტური სხვაობა საერთაშორისო ურთიერთობების, როგორც დარგის, სპეციალისტთა მოსაზრებებსა და უშუალოდ ჩინეთის პოლიტიკის ექსპერტთა შეფასებებს შორის. ეს უკანასკნელნი, ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე პოლიტიკის უკეთ გააზრების საფუძველზე, ცხადად ხედავენ გერმანიის იმპერიასა და ჩინეთს შორის არსებულ ფუნდამენტურ კულტურულ განსხვავებებს. მათი არგუმენტების მიხედვით, მეორე რაიხის არაპროგნოზირებად, აგრესიულ და მტრულ ნაბიჯებს საერთო ვერ ექნება ჩინეთის სტრატეგიასთან, რომელიც ბევრად ფრთხილი, გააზრებული და წინასწარ გათვლილია. გავრცელებული ტენდენციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიქმება საფრთხისშემცველ და საშიშ “ჩელენჯერად”, რომელიც არსებულ საერთაშორისო სისტემას აგრესიულად დაუპირისპირდება. ეს კი წინასწარ შექმნილი განწყობაა, რომელსაც რეალური დასაბუთება ნაკლებად აქვს. მეტიც, ბევრი სინოლოგის მოსაზრებით, ჩინეთის “დიდი სტრატეგია” თავისი არსით თავდაცვითია (Kelly, 2014. b). ამ კუთხით, აუცილებლად აღსანიშნია მეტად აშკარა განსხვავება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და გერმანიის იმპერიის მმართველობას შორის. მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის მეორე რაიხს სათავეში კაიზერი ვილჰელმ II ედგა, რომელიც, ისტორიკოსთა შეფასებით, მეტად ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და იმპულსური ლიდერი გახლდათ, რომლის გადაწყვეტილებებიც ევროპის დედაქალაქებში დიდ შეშფოთებას იწვევდა. საპირისპიროდ, ჩინეთის სათავეში აქამდე (და ვივარაუდებ, მომავალშიც) მოსული არც ერთი ლიდერი სხვა სახელმწიფოებში მოულოდნელი საფრთხის მსგავს განცდას არ აჩენს (Nisley, 2014). 

ამასთან, არ უნდა გამოვრიცხოთ ისტორიის გაკვეთილებზე სწავლის მნიშვნელოვანი ფაქტორი – ჩინური მმართველობის თავისებურებებიდან გამომდინარე, ნაკლებ სავარაუდოა, რომ თავად კაიზერის გერმანიისა თუ საბჭოთა კავშირის ისტორიის მაგალითზე, ჩინეთის პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებისას არ ყოფილიყო გათვალისწინებული აგრესიული აღზევების თანმდევი შედეგები. პეკინშიც, ისევე როგორც მოსკოვსა და ბერლინშიც, კარგად იციან, თუ როგორ აბალანსებენ სახელმწიფოები მტრულად განწყობილ, პოტენციურ აგრესორს.

ბუნებრივია, დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკური რეალობა მკვეთრად განსხვავდება მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებული სიტუაციისგან. ამ განსხვავების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი ატომური იარაღის არსებობაა. სწორედ ამ უკანასკნელის “შეკავებითი პოტენციალმა” განაპირობა ფაქტი, რომ 1945 წლის შემდეგ მსოფლიოში სერიოზულ, მსოფლიო ომების მასშტაბის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. საპასუხო ბირთვული დარტყმის შიში ერთგვარ სტაბილურობას განაპირობებს – ამის კარგ მაგალითს 1962 წლის კარიბის კრიზისიც გვთვაზობს – რის გამოც, დღესდღეობით, არც ერთი ანგარიშგასაწევი ძალა, მათ შორის ჩინეთიც, 1914 წლის მსგავს ავანტიურაზე არ წავა (Kelly, 2014. b). 

აღსანიშნავია გეოპოლიტიკური მდგომარეობაც – დღესდღეობით ჩინეთი მოკავშირეთა სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. იმ ტერიტორიული კონფლიქტების სიმრავლე, რომელშიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იყო/არის ჩართული, მისი “მეგობრების” რიცხვს მინიმუმამდე ამცირებს. ამის ფონზე კი, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, მის პოტენციურ მოწინააღმდეგეთა რიგებში ისეთი ანგარიშგასაწევი საერთაშორისო პოლიტიკური აქტორები შევლენ, როგორებიცაა აშშ-იაპონია-ავსტრალიის დე-ფაქტო ალიანსი, აზიური სახელმწიფოების ნაწილი და შესაძლოა ნატოს ევროპული ფრთა, კანადასთან ერთად. თუმცა, დღესდღეობით, აზიის კონტინენტი და მთლიანად მსოფლიო მკვეთრად გამიჯნული ალიანსებით ორ ბანაკად დაყოფილი როდია. განსხვავებით პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში არსებული სიტუაციისგან, როცა ერთ მხარეს მდგარი “ანტანტა”, მეორე მხარეს მდგარ “სამთა კავშირთან” გამანადგურებელ ბრძოლებში ჩაერთო. მართლაც, წარსული გამოცდილებიდან ნამდვილად შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ ალიანსები არათუ ამცირებს, არამედ ზრდის კიდეც სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს (Nisley, 2014).

კაიზერის გერმანიისგან განსხვავებული მდგომარეობაა თავად ქვეყნის შიგნითაც – იმპერიის გაერთიანების შემდგომ, პირველ მსოფლიო ომამდე, გერმანია დემოგრაფიულად საკმაოდ დინამიური და ახალგაზრდა სახელმწიფო იყო – 1871 წლიდან 1914 წლამდე, მისი მოსახლეობა 41-დან 68 მილიონამდე გაიზარდა (Kirby, 2021). ამის საპირისპიროდ, ჩინეთი ძალიან სწრაფი ტემპებით “ბერდება” – უკანასკნელი მონაცემებით  სახალხო რესპუბლიკაში მოსხლეობის საშუალო ასაკი 38.4 წელია, ხოლო ნავარაუდევია, რომ 2050 წლისთვის ეს ციფრი 48-ს მიაღწევს (Statista, 2019). 

ჩინეთ-გერმანიას შორის ისტორიული პარალელის გავლების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ცნობილი ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი – ჯოზეფ ნაი გახლდათ. მისი მოსაზრებით, ეს შედარება პირველ მსოფლიო ომს აღწერს, როგორც გარდაუვალ მოვლენას, ისევე, როგორც დღედღეობით დარგის ექსპერტთა ნაწილი მტკიცედაა დარწმუნებული ჩინეთის აგრესიულობაში (მაგალითად, მირშაიმერმა ეს მეტად მარტივად ჩამოაყალიბა – “ჩინეთი მშვიდობიანად ვერ აღზევდება”). ნაის მიაჩნია, რომ ორივე მტკიცება მცდარია. პირველ რიგში, 1914 წლის მოვლნები სულაც არ გახლდათ გარდაუვალი (გავიხსენოთ თუნდაც რამდენიმე წლით ადრე – 1911 წელს მომხდარი აგადირის კრიზისი მაროკოში, როცა დიდი ბრიტანეთის ჩარევის შედეგად სიტუაცია წარმატებით განიმუხტა). მოვლენების ამგვარი აღქმა კი კიდევ უფრო აზვიადებს ჩინეთიდან მომავალი საფრთხის განცდას და შესაძლოა ერთგვარი “თვითქმნადი წინასწარმეტყველების” (Self-fulfilling prophecy) სახეც კი მიიღოს. ამ ორ სახელმწიფოს შორის განსხვავებები მრავლადაა – ამ კუთხით, ნაის ძირითადი არგუმენტი ემყარება მოსაზრებას, რომ კაიზერის გერმანია, პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდში, ბევრად უფრო საშიშ მეტოქეს წარმოადგენდა დიდი ბრიტანეთის ჰეგემონობისთვის, ვიდრე დღესდღეობით ჩინეთია აშშ-სთვის: “აშშ ათწლეულებით უსწრებს ჩინეთს სამხედრო, რბილი ძალის თუ ეკონომიკური რესურსებით” (Nye, 2014). მართლაც, ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ჩინეთი კვლავ საკმაოდ ჩამორჩება განვითარებულ სახელმწიფოებს. შესაბამისად, ზედმეტად აგრესიული პოლიტია თავად ჩინეთის განვითარებას შეუქმნიდა საფრთხეს, რასაც ამ უკანასკნელის პრაგმატული პოლიტიკა ნამდვილად არ ითვალისწინებს. ჩინეთი, რომელიც ხშირად მოიხსენიებს საკუთარ თავს, როგორც “მსოფლიოს უდიდეს განვითარებად სახელმწიფოს”, ჯერ-ჯერობით მაინც, საკუთარი პოტენციალის სრულ გამოყენებასა და რეგიონულ განვითარებაზეა ორიენტირებული.

დასკვნა

საერთაშორისო ასპარეზზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოჩენასთან ერთად, მის გარშემო არსებული ინტერესი განუხრელად იზრდება. დღესდღეობით, მისი ეკონომიკური თუ სამხედრო პოტენციალის უწყვეტი განვითარება, პოლიტიკური ამბიციების ზრდასთან ერთად ბევრს უჩენს ერთგვარი საფრთხის განცდას. პოსტ-კოვიდურ მსოფლიოში კი, ცხადად დავინახავთ, რომ ჩინეთი უფრო ხმამაღლა მოითხოვს გლობალურ დონეზე მისი პოზიციისთვის ანგარიშის გაწევას. ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა წრეებში, უფრო და უფრო გახშირდა ისტორიული პარალელები 1914-სა და 2014 წლებს შორის. ჩინეთი კი კაიზერ ვილჰელმის დროინდელი გერმანიის აზიურ ვერსიად აღიქმება. ეს დასკვნები ისეთ მსგავსებებზე დაყრდნობით კეთდება, როგორებიცაა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, სამხედრო პოტენციალის გაძლიერება, აგრესიული საგარეო პოლიტიკა და სხვა. ეს პარალელები წარმოადგენს ერთგვარ გაფრხილებას, რომელიც არსებულ სიტუაციაში “თუკიდიდეს მახეს” ხედავს და მოსალოდნელ ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაზე მიანიშნებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ისტორიული მსგავსებების ძიებით ხშირად შეუმჩნეველი რჩება ამ სახელმწიფოების ბუნებასთან თუ დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებული ძირეული განსხვავებები, რაც მაფიქრებინებს, რომ ამ პარალელების გავლება ჩინეთის პოლიტიკის ახსნას უიმედო მცდელობაა, რომელიც მეტ-ნაკლებად გაზვიადებულია და სიტუაციას მეტისმეტად ნეგატიურ კონტექსტში ხატავს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შარაშენიძე, თ. (2015). “დიპლომატიის ისტორია. 1890-1920”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი. მოძიებულია: 02.01.2022 
  2. Berman, S. E. (2001). Modernization in Historical Perspective: The Case of Imperial Germany. World Politics, 53(3), 431–462. ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  3. Brunnermeier, M. (2018). Beijing’s Bismarckian Ghosts: How Great Powers Compete Economically.  ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  4. Daniels, L. (2021). “When Germany Was China”. Foreign Policy. ბმული მოძიებულია: 02.01.2022 
  5. Defraigne, J. (2014). Is China on the Verge of a Weltpolitik? A Comparison of the Current Shift in the Balance of Power between China and the West and the Shift between Great Britain and Wilhelmine Germany. 10.1057/9781137450302_15. მოძიებულია: 03.01.2022 
  6. Doshi, R. (2019). “Hu’s to blame for China’s foreign assertiveness?”. Brookings. ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  7. Dujarric, r. (2014). “China Is Not 1914 Germany”. The Diplomat. ბმული მოძიებულია: 02.01.2022 
  8.  Forsyth, M. (2016). “The Danger of Delusions—and How to Prevent Them from Causing Conflict”. ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  9.  Holmes, J. (2011). “China and Imperial Germany”. The Diplomat.   ბმული მოძიებულია: 02.01.2022 
  10.  Interworld (2021). “ჩინური სასწაული – ეკონომიკური ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისის ფონზე” ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  11.  a.Kelly, R. (2014). Comparing China and the Kaiser’s Germany (part 1): Similarities ბმული მოძიებულია: 02.01.2022 
  12.  b.Kelly, R. (2014). Comparing China and the Kaiser’s Germany (part 2): Differences ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  13.  Kirby, G. Hall , et.al. (2021, December 29). Germany. Encyclopedia Britannica. ბმული მოძიებულია: 02.01.2022 
  14.  KRAUSE, J. (2014). Assessing the danger of war: parallels and differences between Europe in 1914 and East Asia in 2014. International Affairs (Royal Institute of International Affairs 1944-), 90(6), 1421–1451. ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  15.  Latham, A. (2021). Managing China’s Rise: Lessons from 1914. ბმული 
  16.  Mead, W. (2020). In the Footsteps of the Kaiser: China Boosts US Power in Asia ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  17.  Nisley, Thomas. (2014). China’s Rise in a Changing Regional Hierarchy: A Comparison of 21st-Century China to 20th-Century Germany. Questions in Politics. 1. 129-154. მოძიებულია: 02.01.2022 
  18.  Nye, J. (2014). “1914 Revisited?”. Project Syndicate. ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  19.  Nye, J. (2011). “U.S.-China relationship: A shift in perceptions of power”. ბმული მოძიებულია: 03.01.2022
  20. Statista (2019). “Median Age of the Population in China From 1950 to 2100”. ბმული   მოძიებულია: 02.01.2022 
  21.  Temkin, M. (2020). « How to interpret historical analogies”.  ბმული მოძიებულია: 02.01.2022 
  22.  The Economic Times (2022). “A powerful Chinese navy ready to flex its muscles” ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  23.  Wolf, R. (2014). Rising Powers, Status Ambitions, and the Need to Reassure: What China Could Learn from Imperial Germany’s Failures. The Chinese Journal of International Politics, 7(2), 185–219. ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
  24.  Xuetong, Y. (2021). « Becoming Strong ». ბმული მოძიებულია: 03.01.2022 
Tags: გერმანიის იმპერიაისტორიის პარალელებიკაიზერი და სი ძინპინიჩინეთი ჩელენჯერი
Previous Post

ტერიტორიული დაპირისპირება ჩინეთსა და ფილიპინებს შორის – პეკინი და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო

Next Post

მო იენი – მოთხრობები

shalva chikhladze

shalva chikhladze

Next Post
მო იენი – მოთხრობები

მო იენი - მოთხრობები

Discussion about this post

ბოლო პოსტი

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

კალენდარი

მარტი 2023
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« იან    

ტეგების ღრუბელი

ახალიბარეშუმისგზა თანგის დინასტია იუენის დინასტია კონფუციონიზმი ლადახის მთიანეთი მაო ძედუნი მატეო რიჩი მინგის დინასტია მონტეკორვინი მონღოლთაიმპერია სავაჭროგზები სამი სამეფოს რომანი სამხრეთ ჩინეთის ზღვა სარტყელიდაგზაინიციატივა სიას დინასტია სინოლოგია სიძინპინი სტალინი სუნგის დინასტია ტაივანი ქაღალდის გავრცელება ქაშმირი შანგის დინასტია ჩენგიუ ჩინეთ-ამერიკა ჩინეთი ჩინეთის ისტორია ჩინეთის რესპუბლიკა ჩინეთის საგარეო პოლიტიკა ჩინური აღმოჩენები ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩინურიკულტურა ჩინური ლიტერატურა ჩინური ნაციონალიზმი ჩუნციოუ ცაო ცაო ცინგის დინასტია ცინის დინასტია ცინ შიხუანგტი ძველი ჩინური ფილოსოფია ძიაკუვენი ჭანკუო ჭოუს დინასტია ჭუ იუენჭანგი ხანის დინასტია

კატეგორიები

  • განხილვები
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • პოლიტიკა
სინოლოგია

სინოლოგია

ყველა კატეგორია

  • განხილვები (4)
  • ეკონომიკა (4)
  • ისტორია (36)
  • კატეგორიის გარეშე (7)
  • კულტურა (26)
  • პოლიტიკა (18)

ბოლო ჩანაწერები

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

გამოიცა პირველი ქართულენოვანი წიგნი ჩინეთის ისტორიის შესახებ

იანვარი 2, 2023

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result
  • მთავარი გვერდი
  • ჩვენს შესახებ
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ისტორია
  • კულტურა
  • განხილვები

© 2020 Sinologia - ყველა უფლება დაცულია