ჩინეთის ისტორიაში შეიარაღებას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე მან განვითარების მრავალი საფეხური განვლო. სტატიაში განხილული იქნება ჩინეთში მეტალისაგან დამზადებული შეიარაღების განვითარების უძველესი მონაკვეთი, რომელსაც საძირკვლის ჩამყრელი ფუნქცია გააჩნია. კერძოდ, შევეხებით ძვ.წ. XII საუკუნიდან, გვიან შანგის დინასტიის (ძვ.წ.1600-1046) პერიოდიდან, ვიდრე ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებამდე, ადრე ჭოუს დინასტიამდე (ძვ.წ.1027-256) პერიოდს და განვიხილავთ ამ პერიოდის ჩინეთში მეტალისაგან დამზადებულ შეიარაღებაზე როგორი გავლენა მოახდინეს მეზობელმა კულტურებმა.
სანამ მეტალის შეიარაღებაზე გადავალთ და ამ კუთხით უცხო კულტურების ზეგავლენას შევეხებით, ჯერ უმჯობესია ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ მეტალურგიის საწყისებზე ჩინეთში. ჩინეთში რამდენიმე ადგილი მიიჩნევა მეტალურგიის საწყის ცენტრად. პირველი არის ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინძიანგის[1] პორვინციის აღმოსავლეთი და ხესის კორიდორი კანსუს პროვინციაში, მეორეა ჭენგჭოუს[2] დერეფანში, მესამე- შანტუნგის[3] პროვინციაში მდინარე ხუანხეს გარშემო. რამდენადაც, დაახლოებით 1500 მეტალის ნივთია აღმოჩენილი სინძიანგში, მაშინ როდესაც ცენტრალურ ჩინეთში, მდინარე ხუანხეს გარშემო მათი ოდენობა 200-სს აღწევს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სინძიანგისა დ ხესის კორიდორის რეგიონი იმ პერიოდში უფრო განვითარებულ და მასშტაბურ მეტალურგიულ ჰაბს წარმოადგენდა (3 : 176).
ერთი მოსაზრებით, მეტალურგიის დამუშავება შესაძლოა სინძიანგიდან გავრცელდა ჯერ მის გვერდით მდებარე კანსუს პროვინციაში[4], ხოლო იქედან გარკვეული გავლენა იქონია ხენანში, კერძოდ ხუანხეს აუზში ერლითოუს კულტურაზე (ძვ.წ. 1500-1300). შანგის დინასტია კი, სწორედ რომ ამ კულტურის არეალში იყო მოქცეული (3 : 178). თუმცა, იმის თქმა თუ რამდენად დიდი იყო გავლენა დასავლური კულტურისა ერლითოუს კულტურაზე რთული სათქმელია, რადგან ეს ტერიტორია უკვე წარმოადენდა ერთ-ერთ უძველეს ცენტრს მეტალურიგიის დამუშავების საკითხში. მეცნიერების მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნიათ, რომ რადგანაც ერლითოუს მეტალურგიაში არ მომხდარა დიდი გარდატეხა და ასევე იარაღებიც, რომლებსაც შანგის მეომრები იყენებდნენ იგივე დარჩა და მათ არსენალში ცვლილება არ შესულა, მაშასადამე დასავლური გავლენა ერლითოუზე დიდი არ უნდა ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ ძვ.წ. 2000 – 1500 წლების პერიოდი მეტალურგიის წარმოება მცირე მასშტაბით მინდინარეობდა. სიასა და შანგის დინასტიის მმართველობის პერიოდში ახლად აღმოცენებული მეტალის იარაღების გვერდით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა, ქვის, ძვლისა და ბამბუკისგან დამზადებული იარაღები. მხოლოდ მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ფართომასშტაბიანი მეტალურგიის წარმოების პერიოდი ჩინეთის ტერიტორიაზე (2 : 139).
მეტალურგიის განვითარება პირდაპირ გავლენას მოახდენდა შეიარაღების გაუმჯობესებაზე. თუმცა სწრაფი ცვლილებები შეინიშნება შანგის დინასტიის მეტალურგიასა და სამხედრო შეირაღებაში დაახლოებით ძვ.წ. 1200 წლიდან. ეს გამოვლინდა იმაში, რომ სწრაფად განვითარდა სამთამადნო, დნობის, დაყალიბების კულტურა. გამოსაყოფია ასევე უცხოური იარაღების სიმრავლე შანგისა და ჭოუს დინასტიის სამარხებში. შესაბამისად, მეცნიერებს დაებადათ ეჭვი იყო თუ არა ეს ცვლილებები ადგილობრივი განვითარების შედეგი თუ გარე კულტურების გავლენით გამოწვეული მოვლენა.
ერთ-ერთ უძველესი არქეოლოგიური ნიმუში, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ამ ცლილებებზე ვსაუბრობთ, აღმოჩენილია ხენანის პროვინციაში, ქალაქ ანიანგის ნანგრევებში. დიდი რაოდენობით მასალაა გამოვლინდა 1976 წელს აღმოჩენილ, ხელუხლებლად შემორჩენილ, დედოფალ ფუხაოს (ძვ.წ. 13 ს.) სამარხში. ანიანგის სამარხებიდან ის ერთადერთია, რომელიც ხელუხლებლად შემორჩა. როგორც შანგის ერთ-ერთი უძლიერესი მეფის უ ტინგის ერთ-ერთი ცოლი- ფუხაო გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა სამეფო კარზე.
სამარხში აღმოჩენილი ნივთებს შორის არის ისეთი ჩინური უძველესი ტრადიციული იარაღები, როგორიცაა ნაჯახი იუე(鉞) და კე (戈–ge), რომლებიც შანგის დინასტიის დროს მეომარის უმთავრეს შეიარაღებას წარმოადგენდნენ. თუმცა, ასევე აღმოჩენილია მცირე ზომის ხმალი, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილო-დასავლეთიდანაა შემოტანილი (2 : 161). სწორედ მსგავსი მცირე ზომის ხმლებია ნაპოვნი რუსეთში ალთაის ტერიტორიაზე არსებული ელუნინოს კულტურის სამარხებში (ძვ.წ. 2000 – 1700). აშკარაა, რომ შანგის დინასტიას ჰქონდა კავშირი დასავლეთით შორეულ სხვადასხვა კულტურებთან და იცნობდა მათ შეირაღებას. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ მსგავსი უცხოური შეიარაღებები მხოლოდ შანგის დინასატიის უმაღლესი ფენების წარმომადგენლების სამარხებშია აღმოჩენილი.
საინტერესო მასალას გვაწვდის ჭოუს დინასტიის ძვ.წ. X-IX საუკუნის სამარხები. ჭუიუენკოუს[5] სამარხებში დიდი ოდენობითაა აღმოჩენილი იარაღები, რომლებიც, მოყვანილობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ჭოუს ხელოსნების მიერ არაა დამზადებული. მაგალითად, აქ აღმოჩენილია ჰოროლის თავი, რომლის ტიპიური ანალოგები გვხვდება შუა აზიაში. ასევე საკმაოდ იშვიათი, ვიწრო და წაგრძელებულპირიანი ნაჯახი, რომლის უძველეს ანალოგებსაც მეცნიერებმა სამხრეთ ურალში მიაკვლიეს (ძვ.წ. მე-3 ათასწლეული). აქ აღმოაჩინეს ძვ.წ. X საუკუნით დათარიღებული ფარის ,,გული“ ანუ უმბონები, რომლებიც ხესის დერეფნისა[6] და ჩრდილოეთ ზონისთვის დამახასიათებელი[7] (4 : 39). ამ არტეფაქტებითაც ჩანს, რომ შანგისა და ჭოუს დინასტიებში საკმაო პოპულარობით სარგებლოდა უცხო კულტურათა იარაღები.
თუმცა, საპირისპიროსკენ მიგვანიშნებს სხვა არქეოლოგიური აღმოჩენა. კერძოდ, ძვ.წ. XI-X საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ორ იარაღი, რომელთა მჭრელი პირი რკინით არის დაფარული. რკინა არის მეტეორიტული, არა მაღაროებიდან მოპოვებული, სადაც მისი აღმოჩენა გაცილებით რთულია (5 : 4). ამასთანავე რკინა უხეშადაა დამუშავებული, მაშინ როცა ბრინჯაოს ნაწილი მაღალი ტექნიკითაა შესრულებული. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რკინასთან შეხება მის დამამზადებლებს იქამდე თითქმის არ ჰქონიათ. ამ რკინის იარაღების ადგილობრივი წარმოების თეორიას კიდევ უფრო აძლიერებს ის, რომ ეს იარაღები არიან შანგისა და ჭოუს დინასტიების პერიოდის შეიარაღების ორი უმთავრესი ნაწილი: ნაჯახი – იუე და კე (10 :3).
არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ომის დროს შანგის დინასტიის არმიის მეთაურების მოვალეობას სტრატეგიის შემუშავება და ჯარის უკნიდან მართვა წარმოადგენდა (6 : 35). განსხვავებით დასავლური ტრადიციისგან, რაზეც მრავალი ლეგენდა, ეპოსი თუ პოემა იქმნებოდა, შანგის დინასტიის ჩინურ რეალობაში ინდივიდუალური ძალა მკვეთრად გამოკვეთილი არ ყოფილა ან ამის შესახებ მასალები ჯერ არ აღმოჩენილა. ამიტომ იყო, რომ შანგის დინასტიაში უმთავრესად ისეთი იარაღები იყო გავრცელებული, რომლებსაც რეგულარული მეომრები იყენებდნენ. ასეთები კი, როგორც უკვე ითქვა, იყო ნაჯახი, მოკლე შუბი და კე.
არატრადიციული სახეობის იარაღებს შანგისა და ჭოუს დინასტიის დროს გარე ძალებთან სამხედრო კონფლიქტის დროს ეცნობოდნენ. მეცნიერების ნაწილს ასეთ ძალად მიაჩნიათ მომთაბარეები, ვისთვისაც ინდივიდუალური ძალა გაცილებით მეტს ნიშნავდა. თუმცა, ამ იარაღების მასობრივად გავრცელება ჩინური ცივილაზიის მასშტაბით მხოლოდ ძვ.წ. I ათასაწლეულის შუა პერიოდიდან, განსაკუთრებით კი ,,მეომარ სამეფოთა‘’ (ძვ.წ. 476-221) პერიოდიდან იწყება.
მეტალურგიის სწრაფი განვითარება, რომელიც სტატიაში წამოჭრილი კითხვების უმთავრესი მიზეზია, თავადვე სცემს პასუხს ამ კითხვებს. მოსაზრება იმის შესახებ, რომ შანგის დინასტიას მეტალი სამხრეთ-დასავლეთიდან შეჰქონდა უსაფუძვლო არ ჩანს, რადგან ამ ტერიტორიებზე მართლაცაა აღმოჩენილი უძველესი მეტალის მოპოვების ნიმუშები (9 : 225). თუმცა, შანგის ბრინჯაოს თუ სპილენძის ნაკეთობები აშკარად ადგილობრივი კულტურის განვითარების შედეგად წარმოქმნილი ნაწარმია. კერამიკისა და მისგან შემდგომში განვითარებული ბრინჯაოს ჭურჭლები აშკარად შანგისათვის დამახასიათებელი სწრაფად განვითარებადი ტექნიკით მზადდებოდა. მეცნიერთა ნაწილს, განსაკუთრებით ჩინელ ისტორიკოსებს, სწორედ ბრინჯაოს ჭურჭლის ასეთი მაღალი დონე მოჰყავთ მტკიცებულებად შანგისა და ჭოუს შეიარაღების სწრაფი განვითარების როგორც ადგილობრივი მოვლენის თეორიის დამამტკიცებელ არგუმენტად, რაც საკმაოდ საფუძვლიანია. ამასთანავე ამ თეორიას კიდევ უფრო ამტკიცებს ის, რომ შანგის დინასტიის პერიოდში მასშტაბურად გავრცელებული იყო მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ადგილობრივი იარაღი. ამ იარაღების ფორმებისა და მოყვანილობის განვითარებაც ეტაპობრივია და მიესადაგება ადგილობრივ კულტურას.
ბიბლიოგრაფია:
- ,,Steppe Weapons in Ancient China and the Role of Hand-to-hand Combat”. Jessica Rawson,
School of Archaeology University of Oxford. - ,,Cambridge history of ancient China from the origins of civilization to 221 b.c.”. M. Loewe and E. L. Shaughnessy. Cambridge University press. 1999.
- ,,The ancient Chinese warfare”. Ralph D. Sawer. Published by Basic Books. 2011.
- ,,Miniature Bronzes from Western Zhou Tombs at xxx-xxx Baoji in Shaanxi Province”. Jessica Rawson. University of Oxford.
- ,,Archäometrische Untersuchungen an antiken chinesischen Bronzen“. Zhejiang, China.
2010. - ,,Religion and the Autority of the Past”. Edited by Tobin Siebers. The Univesity of Michigan Press. 1993.
- ,,Technology’s Influence on the Ancient Chinese Dynasties through Metallurgical Investigations”. Behzad Bavarian & Lisa Reiner. July 2005
- https://brewminate.com/metallurgical-evolution-in-ancient-china/
- ,,Archaeometallurgy Early China Ancient metallurgy Bronze technology Lost-wax casting” . Journal of Archaeological Science 56 (2015) (221-232).
- ,,TWO EARLY CHINESE BRONZE WEAPONS WITH METEORITIC IRON BLADES’’. RUTHERFORD. J. GETTENS, ROY S. CLARKE, JR. W. T. CHASE. 1971.
[1] სინძიანგის (新疆) პროვინცია – მდებარეობს ჩინეთის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
[2] ჭენგჭოუ (郑州) – მდებარეობს ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, ხენანის (河南) პროვინციაში.
[3] შანტუნგის (山东省) პროვინცია – მდებარეობს ჩინეთის უკიდურეს აღმოსავლეთი ნაწილში.
[4] კანსუს (甘肃) პროვინცია მდებარეობს ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
[5] ქალაქი ჭუიუენკოუ (竹园沟) მდებარეობს ხენანის პროვინციაში
[6] ხესის დერეფანი (河西走廊) – ასევე ცნობილი, როგორც კანსუს (甘肃) კორიდორი, მდებარეობს კანსუს პროვინციაში.
[7] ჩრდილოეთის ზონა მოიცავს ტერიტორიას შანგის დინასტიის ჩრდილოეთით, თანამედროვე შაანსის, შანსის პროვინციების ჩრდილოეთ ნაწილი და შიდა მონღოლეთი. ეს ზონა წარმოადგენდა ერთგვარ ბუფერულ და გარდამავალ სივრცეს სტეპების მომთაბარეებსა და შანგის დინასტიას შორის.
Discussion about this post