208 წელს, ჩინეთში ხანის დინასტიის ბოლო წლებში წითელ კლდესთან , მდინარე იანძიზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა პირველობისათვის მებრძოლ სამ სარდალს შორის. ბრძოლა ხშირად იწოდება, როგორც მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სანაოსნო დაპირისპირება. წითელი კლდის ბრძოლას ფრიად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩინეთის მომავალი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისთვის.
II საუკუნის მიწურულს აღმოსავლეთ ხანის დინასტია ( 东汉 ახ.წ. 25 – 220 ) არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. იმპერატორი ტიტულითღა იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი. რეალურად იმპერიას მართავდა იმპერატორის თანმხლები ათი საჭურისი. ხელისუფლებაში კორუფციამ უმაღლეს დონეს მიაღწია. ამას ზედ დაერთო ბუნებრივი კატასტროფები და შიმშილობა. შედეგად მოსახლეობის უკმაყოფილება უკიდურეს წერტილამდე მივიდა და მალევე აჯანყებებმაც იფეთქა. 184 წელს დაიწყო ცნობილი „ყვითელთავსაბურიანების“(黄巾起义) აჯანყება. 186 წელს აჯანყდა ლიანგის პროვინცია (凉州). აჯანყებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი იმპერიის მასშტაბით. საიმპერატორო კარი შეაშფოთა არსებულმა სიტუაციამ და თავის გადასარჩენად მიიღეს გადაწყვეტილება, რომელმაც ფაქტობრივად იმპერატორის ძალაუფლებას წერტილი დაუსვა. იმპერატორმა ქალაქების გუბერნატორები და პროვინციის მმართველები სამხედრო უფლებებით აღჭურვა ამბოხებულთა დასამარცხებლად. ამ ნაბიჯმა მართლაც გაამართლა და ამბოხებულთა მთავარი ძალები მომდევნო წლებში დამარცხდნენ. მათი ნაწილი სხვადასხვა პროვინციაში გაიფანტა , მათ საბოლოოდ ამოძირკვას კი ათწლეულები დასჭირდა. იმპერიას მათი მხრიდან სერიოზული საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ ახალი საფრთხე იმპერიის შიგნით გაჩნდა. კერძოდ, გაძლიერებულ სარდლებს არ სურდათ ძალაუფლებაზე უარის თქმა, მითუმეტეს როცა იმპერატორი საჭურისების გავლენის ქვეშ იყო. დაპირისპირება მალე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა, როცა საჭურისების ბრძანებით მოკლეს ერთ-ერთი გამოჩენილი მთვარსარდალი ხე ძინი (何进), რომელიც თავის მხრივ საჭურისების ამოხოცვას აპირებდა. თუმცა, ხე ძინის იდეა მალევე მოიყვანა სისრულეში მისმა ქვეშევრდომმა სარდალმა იუენ შაომ (袁绍). ის სასახლეში შეიჭრა და სამი ათასი საჭურისი ერთიანად გაჟლიტა. მალე დედექალაქში გამოჩნდა ხე ძინის მოწვეული სარდალი დონგ ჭუო (董卓), რომელმაც ნახა რა, რომ ხე ძინი და საჭურისები დახოცილები იყვნენ, თავი გამოაცხადა იმპერატორის დამცველად და ძალაუფლება თავის ხელში აიღო. ამ მომენტიდან იმპერატორი გადაიქცა მხოლოდ ძალაუფლების სიმბოლოდ, რომელიც სარდლებს შორის ბრძოლის მიზეზი იყო. გამარჯვებულს თავისთან მიჰყავდა იმპერატორი და მისი სახელით მოქმედებდა თავისი ინტერესებისთვის. საბოლოოდ იმპერატორის დამცველის სტატუსი მიიღო ერთ-ერთმა გამორჩეულმა სარდალმა ცაო ცაომ (曹操) 196 წელს და იმპერატორი თავის დედაქალაქ სუჩანგში გადაიყვანა (许昌).
ცაო ცაო ჯერ კიდევ „ყვითელდოლბანდიანების“ აჯანყების დროს გამოჩნდა სამხედრო სარბიელზე. ის აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების ჩახშობაში და მიღწეული წარმატებების გამო მალე დააწინაურეს. მოგვიანებით დონგ ჭუას წინააღმდეგ შექმნილ ალიანსში ის ერთ-ერთი აქტიური პირი იყო. შემდეგში გადავიდა იენის პროვინციაში და აქ დაიწყო თავისი ბაზის შენება. ცაო ცაო უდაოდ, მთელი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა. ძნელად თუ მოიძებნება ვინმე ჩინეთის მინიმუმ 3500 წლოვან ისტორიაში, რომელზეც აზრთა ისეთი სხვადასხვაობა არსებობს, როგორც ეს ცაო ცაოზეა. აშკარაა, რომ ის იყო ძალიან ნიჭიერი და ქარიზმატული პოლიტიკოსი, სარდალი, ასევე გამოჩენილი პოეტი და კალიგრაფი, შესანიშნავად იცნობდა სამხედრო ტრაქტატებს, მეტოქის სისუსტეების აღმოჩენა და სწორ დროს მოქმედება შეეძლო, აფასებდა ნიჭიერ ხალხს და მათი გარშემო შემოკრების და შენარჩუნების უნარი ჰქონდა. ამავდროულად, ცაო ცაო იყო ძალიან სასტიკი, ცბიერი, მატყუარა, მექრთამე. დღემდე ჩინურ ლიტერატურასა და თეატრში მისი სახელი ასოცირდება ცბიერებასა და ორგულობასთან.
200 წელს კუანტუსთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში (官渡之战), მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, ცაო ცაომ გაანადგურა მთავარი მოწინააღმდეგე იუენ შაო. მომდევნო წლები ცაო ცაო იუენ შაოს საგვარეულოსა და არმიის საბოლოო განადგურების კამპანიას აწარმოებდა. საბოლოოდ კი იუენ შაოს შვილებს ჩრდილო-აღმოსავლეთით მისდია, შეიჭრა მომთაბარე უხუანის (乌桓) ტერიტორიაზე, სადაც იუან შანგი და იუენ თანი იმალებოდნენ და 207 წელს თეთრი მგლის მთასთან ბრძოლაში დაამარცხა მოწინააღმდეგე. ცაო ცაოს მიერ ესოდენ შორს გალაშქრებამ და მომთაბარე ტომების დამარცხებამ მისი პრესტიჟი ერთი-ორად გაზარდა. იუენ შანგი და იუენ თანი გაიქცნენ ჩინეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში გამაგრებულ სარდალ კონგ სუენ ქანთან, რომელმაც ძმებს თავები მოკვეთა და ცაო ცაოს გაუგზავნა მისდამი კეთილგანწყობის ნიშნად.
ამრიგად, ცაო ცაომ იუენ შაო საბოლოოდ დაამარცხა. ამ დროისათვის მთავარ მოწინააღმდეგეებად რჩებოდნენ იანძის სამხრეთით ძინგის პრივინციის (荆州) მმართველი ლიუ პიაო (刘表) და უ-ს (吴) ტერიტორიის მმართველი სუნ ცუენი (孙权). ცაო ცაოს ადრევე სურდა მათზე გალაშქრება, მითუმეტეს ახლა როცა ჩრდილოეთში ძალაუფლება გაიმყარა. გარდა ამისა, ლიუ პიაოსთან თავშესაფარს იღებდა ლიუ პეი (刘备), ასევე ავანტიურისტი სარდალი, რომელიც ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისი მოშორება ცაო-ცაოს გეგმის ერთ-ერთი მთვარი მიზანი იყო. დედაქალაქში დაბრუნებისთანავე ცაო ცაომ სამხრეთული კამპანიისათვის მზადება დაიწყო. პოზიციის განსამტკიცებლად მან გააუქმა სამი მინისტრის თანამდებობა და თავი გამოაცხადა იმპერიის მთავარ მინისტრად. ეს თანამდებობდა აღმოსავლეთ ხანის დინასტიის დაწყებიდან გაუქმებული იყო. ცაო ცაო ოფიციალურად იმპერატორის შემდეგ პირველი პირი გახდა. მან დედაქალაქში მოიწვია ლიანგის პროვინციის (凉州) ამბოხების ერთ-ერთი მეთაური მა თენგი (马腾) და შინა პატიმრობაში აიყვანა, რითაც ჩრდილო-დასავლეთიდან თავდასხმის საფრთხე აღკვეთა. არმიას წვრთნიდა სუენ უ-ს ტბაში სანაოსნო ბრძოლაში. სამი სარდალი ჯარით გაგზავნა სამხრეთ საზღვართან. 208 წლის შემოდგომაზე კი თვით ცაო ცაო დიდი არმიით დაიძრა სამხრეთისკენ.
ცაო ცაოს ბედად ძინგის პროვინციის მმართველი ლიუ პიაო მანამ გარდაიცვალა, სანამ ცაო ცაო მის პროვინციას მიაღწევდა. პროვინციის გამგებლად დაინიშნა ლიუ პიაოს უმცროსი შვილი ლიუ ცონგი (刘琮), რომელმაც დედისა და ბიძის რჩევით ცაო ცაოს დანებებდა. რაც შეეხება ლიუ პეის, მან იცოდა, რომ მისთვის დანებება არჩევანი არ იყო. ამიტომ მცირე არმიასთან და დიდი რაოდენობით მოსახლეობასთან ერთად დაიძრა ძიანგლინგისკენ (江陵). ეს იყო პროვინციის საკვებისა და იარაღის საცავით ერთ-ერთი უდიდესი და კარგად გამაგრებული ქალაქი. ცაო ცაომ იცოდა, თუ ლიუ პეი მიაღწევდა ძიანგლინგამდე, მისი შეპყრობა გართულდებოდა. ამიტომ თვითონ გაუძღვა 5 000 მსუბუქად შეიარაღებულ მხედარს და მალე წამოეწია ლიუ პეის. მტრის მოულოდნელი გამოჩენით შეშინებული ლიუ პეი ჩანგპანთან ბრძოლაში (长坂坡之战) სასტიკად დამარცხდა და უახლოეს მრჩევლებთან და მეომრებთან ერთად დაიძრა მდინარისკენ, სადაც წინასწარ ჰყავდა გაგზავნილი ერთ-ერთი სარდალი ფლოტის მოსამზადებლად.
ამ პერიოდში ძინგის პროვინციაში იმყოფებოდა სუნ ცუენის ელჩი ლუ სუ. მან გაიგო თუ არა ლიუ პეის მარცხის შესახებ, მაშინვე ეახლა ლიუ პეის და სუნ ცუენთან კავშირი ურჩია. ლიუ პეიმ ლუ სუს გააყოლა თავისი მთავარი მრჩეველი და ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე ჭუკე ლიანგი (诸葛亮), თვითონ კი ლიუ პიაოს უფროს შვილ- ლიუ ცისთან (刘琦) ერთად შეუდგა არმიის მობილიზებას. მიუხედავად სამოქალაქო მრჩევლების წინააღმდეგობისა, ჭუკე ლიანგმა და ლუ სუმ დაარწმუნეს სუნ ცუენი შებრძოლებოდა ცაო ცაოს. სუნ ცუენმა უ-ს არმიის მთავარსარდლად ჭოუ იუ (周瑜) დანიშნა, მეორე სარდლად- ჩენგ ფუ (程普. ჭოუ იუ 30 000 კაცით დაიძრა ფანქოუსკენ ლიუ პეისთან შესახვედრად, სუნ ცუენი კი ზურგში მიჰყვებოდა რეზერვის სახით. ამ დროს ლიუ პეის არმია 20 000 კაცს აღემატებოდა. საერთო ჯამში მოკავშირეების ჯარი 50 000 მეომრისგან შედგებოდა. რაც შეეხება ცაო ცაოს, მისი მტკიცებით მას არმიაში 800 000 მეომარი ჰყავდა. თუმცა ჭოუ იუს შეფასებით მოწინააღმდეგე 290 000-მდე იქნებოდა, აქედან 80 000-მდე ახალდაპყრობილი ძინგის პროვინციის მეომრები იყვნენ, რომლებთაც ცაო ცაოსადმი ერთგულება არ ამოძრავებდათ.
მოწინააღმდეგე ძალების პირველი შეტაკება მოხდა ულინთან. სახმელეთო ბრძოლა, რომელშიც ორივე მხარის წინამბრძოლი მონაწილეობდა, მოულოდნელად მოკავშირეების გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, მოკავშირეებმა პოზიცია დათმეს და უკან დაიხიეს. ცაო- ცაო მანამდე ორ ნაწილად- ხმელეთით და მდინარით მიიწევდა წინ. მაგრამ ხმელეთზე მარცხის გამო მან არმიის დიდი ნაწილი ნავებზე გადაიყვანა.
საბოლოოდ არმიები წითელ კლდეებთან, მდინარე იანძის მოპირდაპირე მხარეებზე განლაგდნენ. რადგან ცაო ცაოს არმიის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთიდან იყო და შესაბამისად ადრე ნავებთან შეხება ნაკლებად ჰქონდათ, შედეგად ბევრ მათგანს ნავების რყევის გამო, ზღვის დააავადება აღმოაჩნდათ. ცაო ცაომ ეს პრობლემა გადაჭრა ნავების ერთმანეთთან დაკავშირებით და შექმნა ერთი მთლიანი გრანდიოზული პლატფორმა იანძიზე. რამდენიმე დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეები უმოქმედოდ იდგნენ. უცნობია თუ რატომ არ შეუტია ცაო ცაომ. რაც შეეხება მოკავშირეებს, ისინი უბრალოდ ელოდებოდნენ ქარის მიმართულების ცვლილებას. როგორც კი ჭოუ იუმ და ჩენგ ფუმ დაინახეს, რომ ცაო ცაო გემებს ერთმანეთთან აკავშირებდა, მოწინააღმდეგის განადგურების მთავარ საშუალებად ცეცხლით შეტევა დასახეს. მაგრამ ამ პერიოდში ჩრდილოეთის ცივი ქარები ქროდა, რაც მათ პოზიციიდან მოწინააღმდეგის ნავებისთვის ცეცხლის მოკიდებას შეუძლებელს ქმნიდა. თუმცა, მათ იცოდნენ რომ ზამთრის მცირე მონაკვეთში რამდენიმე დღით ქარი მიმართულებას იცვლიდა და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უბერავდა, რაც მათთვის ხელსაყრელ სიტუაციას ქმნიდა. ჭოუ იუმ და ჩენგ ფუმ გეგმა შეადგინეს, თუ როგორ უნდა მიახლოებოდა მათი გემები ცაო ცაოს არმიას ცეცხლის წასაკიდებლად. ერთ-ერთ სამხედრო თათბირზე ისინი განზრახ წაკამათდნენ და ჭოუ იუმ ჩენგ ფუს გაროზგვა ბრძანა. იმავე საღამოს ჩენგ ფუმ ცაო ცაოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დანებებას და მის მხარეზე გადასვლას აუწყებდა, თან აფრთხილებდა, რომ რამდენიმე დღეში ფლოტის ნაწილთან ერთად მის ბანაკს შეუერთდებოდა. ცაო ცაომ გაიგო რა თავისი ჯაშუშებისგან, რომ ჩენგ ფუ გაროზგეს, დაიჯერა ამ წერილის შინაარსი.
მოკავშირეთა ჯარების მოლოდინისამებრ რამდენიმე დღეში ქარის მიმართულება შეიცვალა. იმავე საღამოს ჩენგ ფუ ფლოტის ნაწილით გამოეყო მოკავშირეებს და ცაო- ცაოსკენ დაიძრა. ამ უკანასკნელმა დაინახა რა, რომ ფლოტს ჩენგ ფუ მეთაურობდა, შეტევის ბრძანება არ გასცა. ჩენგ ფუს გემები დატვირთული იყო ზეთით გაჟღენთილი მარტივად აალებადი ტვირთით. ცაო ცაოს არმიიდან ერთი კილომეტრის მოშორებით მან ბრძანა გემებისათვის ცეცხლის წაკიდება. ცაო ცაოს დრო აღარ ჰქონდა გემების დასაშორებლად და აალებული გემები პირდაპირ შეეჯახნენ მის პლატფორმას. ქარის ხელსაყრელი მიმართულების გამო ცეცხლი გადაედო მთელ ფლოტს. იმავროულად, ჭოუ იუ და ლიუ პეი ხმელეთზე ახორციელებდნენ შეტევას ცაო ცაოს ბანაკზე. მოვლენათა ასეთი მოულოდნელი განვითარების გამო ცაო ცაომ ვერ შეძლო არმიის მობილიზება და ბრძოლის ველი მიატოვა. მეთაურის გაქცევის შემდეგ ცაო-ცაოს არმია მოკავშირეების ჯარის წინ სრულიად უმოქმედო დარჩა. ამას დაემატა ხშირი წვიმების გამო ძლიერ ატალახებული მიწა, რაც მათ უკან დახევას ხელს უშლიდა. შედეგად ცაო ცაოს არმია სასტიკად განადგურდა. სრული კატასტროფისგან ცაო ცაო იხსნა ზურგში განლაგებულმა სარეზერვო არმიამ. მან ძინგის პროვინციის სტრატეგიულად განლაგებულ ქალაქებში გარნიზონები ჩააყენა, თვითონ კი დედაქალაქისკენ გაიქცა. ცაო ცაომ ვერ მოასწრო ერთიანი პლატფორმის სწრაფი დაშლა და ხელსაყრელი ქარის პირობებში ცეცხლმა მთელი მისი ფლოტი გაანადგურა.
ცაო ცაოს მარცხი მრავალმა ფაქტორმა გამოიწვია. ერთის მხრივ, მოკავშირეებმა შესანიშნავად იმოქმედეს კამპანიის ყველა ეტაპზე. მათ კარგად აწონ-დაწონეს სიტუაცია და მიუხედავად ხმელეთზე საწყისი გამარჯვებისა, სათანადოდ შეაფასეს ცაო ცაოს კავალერიის ძალა და ბრძოლის ველი მდინარეზე გადაიტანეს. სამხრეთელები კი სანაოსნო ბრძოლაში გაცილებით გამოცდილები იყვნენ, ვიდრე ჩრდილოელები. ამავდროულად, უკან დახევით მათ აიძულეს ცაო ცაო ისედაც გაწელილი მომარაგების ხაზი კიდევ უფრო გაეწელა. მოკავშირეებმა შესანიშნავად გამოიყენეს ადგილის გეოგრაფია და ადგილობრივი კლიმატის თავისებურებები. ასევე ჭკვიანურად დაგეგმეს შეტევის თითოეული ეტაპი.
მეორეს მხრივ, ცაო ცაოს არმია მართალია, რიცხობრივად დიდად აღემატებოდა მოწინააღმდეგეებს, მაგრამ სისუსტეებიც არ აკლდა. თავად ცაო-ცაომაც შეცდომების კასკადი დაუშვა. უპირველეს ყოვლისა, მისი არმია არ იყო გამოცდილი საზღვაო ბრძოლაში და მთავარი ბრძოლის მდინარეზე გამართვა მისგან დიდი შეცდომა იყო. იუენ შაოს წინააღმდეგ შვიდწლიანი კამპანიის შემდეგ დაღლილი ჯარი მცირე შესვენების შემდეგ პირდაპირ ახალ და შორეულ ლაშქრობაში წაიყვანა. ძინგის პროვინციის დაპყრობის შემდეგ, ახალი ტერიტორიის შემომტკიცების მაგივრად, მან ადგილობრივი მეომრებიც შეუერთა არმიას და უფრო და უფრო ღრმად შევიდა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. გარდა სანაოსნო ბრძოლაში გამოუცდელობისა, ცაო ცაოს არმია შეუჩვეველი იყო სამხრეთულ კლიმატს. ამ პერიოდში კი მკბენარი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი იყო. მალე ცაო ცაოს ჯარისკაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ეპიდემიამ მოიცვა, მოკავშირეებს კი ეს პრობლემა არ ჰქონდათ, რადგან ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ეპიდემიისადმი იმუნიტეტი ჰქონდათ გამომუშავებული. მთლიანი კამპანია ცაო ცაომ მისთვის შეუფერებელი სიხისტით წარმართა. აღსანიშნავია, რომ ადრე ოპონენტების დასამარცხებლად არმიის გარდა, არაერთხელ გამოუყენებია ჯაშუშები, მოწინააღმდეგის შიდა რიგებში განხეთქილების დათესვა, მტრის გადმობირება და სხვადასხვა მაქინაციები. თუმცა, წითელი კლდის ბრძოლის კამპანიაში მან ყურადღება მხოლოდ სამხედრო ძალაზე გადაიტანა და არ შეეცადა ლიუ პეისა და სუნ ცუენის მყიფე ალიანსის განცალკევებას.
წითელი კლდის ბრძოლის შემდეგ ცაო ცაომ რამდენჯერმე უშედეგოდ განახორციელა სამხრეთული კამპანია, მაგრამ აღარასოდეს აღარ შეუკრიბავს ისეთი დიდი არმია, როგორც 208 წელს. მოკავშირეებმა თავის მხრივ, კიდევ უფრო განიმტკიცეს პოზიციები. მათ დაამარცხეს ცაო ცაოს მიერ ძინგის პროვინციის დასაცავად დატოვებული არმია და პროვინციას ლიუ პეი დაეპატრონა. 211 წელს მან ი-ს პროვინცია ( 益州 თანამედროვე სიჩუანის პროვინცია ) აიღო და თავის ბაზად აქცია. ძინგის პროვინცია მოკავშირეებს შორის დავის საგანი გახდა. საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდეც კი მივიდა 215 წელს. მაგრამ, ცაო ცაოს შიშით ვერცერთი ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი სამხედრო კამპანიის წარმართვას ვერ ბედავდა. 220 წელს ცაო ცაო გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ- ცაო ფიმ (曹丕) ხანის იმპერატორი აიძულა გადამდგარიყო და თავი იმპერატორად გამოაცხადა, ხანის დინასტია გააუქმა და ვეის დინასტია დააარსა. მომდევნო წელს, ლიუ პეიმ, რომელიც ხანის საიმპერატორო გვარის გვერდითა შტოს შთამომავალი იყო, ხანის იმპერატორად გამოაცხადა თავი, თუმცა მის სამთავროს ისტორიაში შუ-ს (蜀), ან შუ ხან-ს (蜀汉) უწოდებენ. სუნ ცუენმა კი მხოლოდ 229 წელს გამოაცხადა აღმოსავლეთ უ-ს (东吴) დაარსება. შესაბამისად, ჩინეთი დაიყო სამ ნაწილად და ეს პერიოდიც იწოდება „სამი სამეფოს“ (三国) ეპოქად- 220-280.
წითელი კლდის ბრძოლა მესამე საუკუნიდან მოყოლებული ჩინეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა მწერლებისა და ხელოვანთათვის. ამ ბრძოლის თემაზე შექმნილია უამრავი პოემა, ნაწარმოები, ფერწერული ნამუშევარი და ა.შ. თუმცა, ყველაზე ცნობილი და აღიარებული არის მე-14 საუკუნის მწერლის- ლუო კუანჭუნგის (罗贯中) მიერ შედგენილი „სამი სამეფოს რომანი“ (三国演义). „სამი სამეფოს რომანი“ ოთხი დიდი კლასიკური ჩინური რომანიდან ერთ-ერთია. ნაწარმოები მოიცავს პერიოდს „ყვითელდოლბანდიანების“ აჯანყებიდან ვიდრე „სამი სამეფოს“ პერიოდის დასრულებამდე და ჩინეთის ხელახლა გაერთიანებამდე. შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოების ცენტრალური მონაკვეთი არის წითელი კლდეების ბრძოლა. ავტორი, ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობითა და მწერლის ფანტაზის გაერთიანებით საოცრად ცოცხალ ფერებში აღწერს ბრძოლის როგორც მთლიან სურათს, ისე პიროვნულ მომენტს. 2008-2009 წლებში „სამი სამეფოს რომანზე“ დაყრდნობით ჩინეთში გადაიღეს ფილმი „წითელი კლდე“, რომელიც ხანის დინასტიის ბოლო წლებსა და ძირითადად წითელი კლდეების ბრძოლას შეეხება. ფილმის მოგებამ ჩინეთში „ტიტანიკის“ მოგებასაც კი გადააჭარბა.
როგორც ვთქვით წითელი კლდის ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩინეთის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. ცაო ცაოს მარცხმა ჩინეთის გაერთიანება რამდენიმე ათწლეულით გადადო. ამ პერიოდში კი სამი სამეფო ერთმანეთთან გამუდმებულ ომში იყო. მართალია 280 წელს ჩინეთი კვლავ გააერთიანა ძინის დინასტიამ ( 晋朝265-420 ), მაგრამ სამი სამეფოს პერიოდში ერთმანეთთან ბრძოლაში გაფლანგული ადამიანური და ეკონომიკური რესურსები რთულად აღსადგენი იყო. შესაბამისად, დასუსტებულმა ჩინეთმა IV საუკუნის დასაწყისში ჩრდილოეთიდან მომთაბარეების შემოსევის მოგერიება ვერ შეძლო და ჩრდილოეთ ჩინეთი მომთაბარე ტომებმა დაიკავეს. შედეგად ჩინეთი კვლავ დაიშალა და მეექვსე საუკუნის მიწურულამდე გაერთიანება ვერ მოხერხდა.
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული რესურსები:
1. Battle of Red cliffs. https://en.wikipedia.org/wiki/Battle_of_Red_Cliffs
2. Bai Shouyi,An outline history of China. Beijing 2002
3.Campaigns of the three kingdoms, A compilation of battles, wars and engagements. http://comp1270yang123.weebly.com/uploads/2/6/3/5/26352075/three _kindom_of_china-print.pdf
4. China images of civilization. Foreign language press. 2010
5.Geremy Berme. East Asian History. Institute of Advanced Studies Australian National University. 1991
6. James G. Pangelinan. From Red cliffs to Chosen; The Chinese way of war. Kansas 2010
7.赤壁之战
https://zh.wikipedia.org/wiki/%E8%B5%A4%E5%A3%81%E4%B9%8B%E6%88%B0
8.赤壁之战
https://baike.baidu.com/item/%E8%B5%A4%E5%A3%81%E4%B9%8B%E6%88%98/815
9.中国常识,上。冯克诚,田晓娜。青海人民出版社。2001
10.中国历史常识。 刘泽彭。 高级等教育出版社。 2006
11.中国历史常识,中俄对照。 刘泽彭。 华语教学出版社。 2007
12.中华上下五千年。宛华。中国华侨出版社。北京 2013
Discussion about this post