ჩინურ- ინდური ურთიერთობები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნამდვილად ნამდვილა შეგვიძლია შევადაროთ ჭირვეულ მეზობლებს, რომლებიც იზიარებენ როგორც სასაზღვრო დავებს, ასევე საერთო ხედვებს ამა თუ იმ საკითხებზე გლობალურ დონეზე. სასაზღვრო კონფლიქტები ურთიერთობათა გარკვეულ ეტაპზე იყინებოდა, ზოგჯერ კი სამხედრო დაპირისპირების სახით იფეთქებოდა ხოლმე. პლანეტის ყველაზე მრავარიცხოვანი აქტორების ურთიერთკონფლიქტი ხშირად გლობალურ პოლიტიკურ პროცესებთან პირდაპირ კავშირში იყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ორივე სახელმწიფომ თითქმის ერთდროულად დაიწყო ახალი ფურცლის წერა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში. სწორედ ინდურ-ჩინური მოლაპარაკებისას გაჩნდა ე.წ „მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპი“ რომლის ავტორიც ჩინეთის საგარეო საქმეთა პირველი მინისტრი ჭოუ ენლაი იყო. პრინციპი შეეხებოდა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას, არააგრესიულ მიდგომებს ორმხირვ ურთიერთობებში და აგრეთვე ხაზს უსვამდა თანასწორუფლებიანი კავშირის არსებობას პეკინსა და ნიუ დელის შორის. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი პეკინში მოეწერა 1954 წელს და გამოძახილი იყო ტიბეტის ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა, სადაც ინდოეთის ნეიტრალიტეტი ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.
მიუხედავად ლჰასაა და პეკინის თავდაპირველი მცდელობებისა, ტიბეტის ავტონომიის საკითხის გადაწყვეტა მშვიდობიანად ვერ მოხერხდა, რასაც საომარი მოქმედებები და დალაი ლამას ინდოეთში გახიზვნა მოჰყვა. ინდოეთის მხრიდან დალაი ლამას შეფარებას ჩინეთში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რომელსაც ემატებოდა საზღვრის დემარკაციის საკითხი. როგორც ქაშმირის შემთხვევაში, აქაც თავი იჩინა კოლონიალიზმის დამარხულმა ნაღმებმა, როდესაც ბრიტანელებისა და ჩინეთის სამხედრო მმართველების მიერ გავლებულ საზღვრებს აღარც პეკინი და არც ნიუ დელი იზიარებდა.
ჰიმალაის მთიანეთში დაძაბულობამ პიკს გასული საუკუნის 60 იან წლებში მიაღწია, 1962 წლის მხარეებმა მოსაზღვრე რეგიონების მილიტარიზაცია დაიწყეს. სახალხო განმათავისუფლებელ არმიის სადაზვერვო მონაცემებით კონფლიქტურ რეგიონში ინდოელი ჯარისკაცების მობილიზაცია შეინიშნებოდა, ლინ პიაო რომელიც იმხანად ჩინეთის თავდაცვის ძალებს ხელმძღვანელობდა მოითხოვდა საჯარისო არმიის ნაწილების გადასროლა და ტექნიკით მომარაგებას, რათა სიტუაციის ესკალაციის შემტხვევაში ჩინელებს თავიანთი ინტერესები დაეცვათ. პროცესები ქრონოლოგიურად შემდეგნარიად გამწვავდა:
12 ოქტომბერს ნერუმ ბრძანება გასცა საჭიროების შემთხვევაში ინდურ მესაზღვრეებს გაეწმინდათ ტერიტორია ჩინელი ჯარისკაცებისგან.
14 ოქტომბერს ჩინურმა გამოცემა „ჟენმინ ჟიპაომ“ საგანგებოდ აუწყა მოსახლეობას, რომ ინდური მხარე აგრესიისთვის ემზადებოდა.
16 ოქტომბრისთვის მზად იყო ოპერატიული გეგმა ჩინური საჯარისო ნაწილებისთვის.
20 ოქტომბერს სახალხო განმანთავისუფლებელი არმია შეტევაზე გადავიდა.
რამდენიმე კვირიანი ბრძოლები ჩინური მხარის სრული უპირატესობით წარიმართა, შეტაკებები ერთმანეთისგან 1000 კილომეტრით დაშორებულ რამდენიმე წერტილში მიმდინარეობდა, ერთ-ერთი აქსაი ჩაინად წოდებული სივრცე იყო, რომელსაც ინდოეთი ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიად თვლიდა. ამასთან ერთად ბრძოლები მიმდინარეობდა აღმოსავლეთის ხაზზე, კერძოდ მდინარე ნამქუ ჩუს მიმდებარედ. (ბუტანის საზღვართან) მდინარე ნამქუ ჩუზე რამდენიმე ხიდი არსებობდა, სადაც ინდოელები ჩინელთა გამოჩენას ვარადობდნენ, თუმცა ჩინურმა ჯარისკაცებმა მდინარე ფეხით გადაკვეთეს და ფაქტობრივად სრულიად დაუცველ ინდურ პოზიციებს წამოადგნენ თავზე. დღევანდელი ინდურ მიმომხილველთა შორის ხშირად შეხვდებით კრიტიკულ მოსაზრებებს იმდორინდელი ინდური პოლიტიკოსებისა და სამხედროების მიმართ, რომელთა პრიმიტიულმა შეცდომებმა ჩინელებს ყველა ფრონტზე წარმატება მოუტანა.
1962 წლის 20 ნოემბერს ჩინურმა მხარე ცალმხრივად ცეცხლი შეწყვიტა, პრემიერ-მინისტრი ნერუ ამაოდ ელოდა ამერიკელთა საჰაერო მხარდაჭერას, თუმცა ფაქტია ამერიკელებს დიდად არ უჩქარიათ ინდოელთა დახმარება, ერთ-ერთ მიზეზად კონფლიქტში მოსკოვის მიერ ინდოეთის მხარდაჭერა სახელდებოდა.
ჩინურ-ინდურ სასაზღვრო კონფლიქტში მოსკოვმა ღიად დაუჭირა მხარი ნერუს მთავრობას, რაც გახდა კიდევ ერთი მიზეზი კრემლსა და პეკინს შორის უერთიერთობების გაურესებისა, რომელიც რამდენიმე წელში ასევე სასაზღვრო კონფლიქტამდე მივიდა.
დღესდღეობით დაზუსტებული არ არის თუ რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა ჩინური მხრიდან დაღუპულად ითვლება 800მდე ჯარისკაცი, ხოლო ინდოელთა მხრიდან 3000მდე, დაახლოებით ამდენივე კი ტყვედ ჩავარდა, რომლებიც 1 წლის შემდეგ გაათავისუფლეს, საგულისხმოა ის ფაქტიც რომ ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა რთული კლიმატური პირობების გამო, ბრძოლები მიმდინარეობდა ზღვის დონიდან 3500-4500 კილომეტრზე და ხშირად ჯარისკაცები უჟანგბადობასა და ცივ კლიმატს ვერ უძლებდნენ.
რა ხდება დღეს?
დღესაც როგორ რამდენიმე ათეული წლის წინ სიტუაცია რამდენიმე ადგილას დაიძაბა, დასავლეთ(ლადახის) და სიკკიმის ზონებში. ინტერნეტში მრავლადაა კადრები, თუ როგორ კამათობენ ინდოელი და ჩინელი მესაზღვრეები საზღვრის გადმოკვეთის შესახებ და თუ კარგად დაუკვირდებით საუბარი მიდის თითოეულ კვადრატულ მეტრზე. იხ ლინკი:https://www.youtube.com/watch?v=GInjFzPqLKY&t=7s. ასევე გავრცელედა ინფორმაცია ხელჩართული ჩხუბის შესახებ, თუმცა დაძაბულობამ პიკს ა.წ 16 ივნისს მიაღწია, როდესაც საერთაშორისო მედიის ცნობით 3 ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა ორმხრივი სროლისას, ინდური პრესა ასევე იუწყება ჩინელი ჯარისკაცების დაღუპვის შესახებაც.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტებს აწუხებთ არის, რატომ მაინცა და მაინც გლობალური პანდემიის პირობებში?
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ ამ ყველაფრის მიზეზი თაივანის ჯანმოში დამკვირვებლის სტატუსით მოხვედრაა. კერძოდ, მალე ინდოეთი ჯანმოს აღმასრულებელ ორგანოში გავლენიან ადგილს დაიკავებს, შესაბამისად მას ექნება საკმაო ბერკეტი აღნიშნულ საკითხზე გავლენა მოახდინოს. სპეციალისტების მოსაზრებით პეკინი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს დელიზე, რათა არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს თაიპეიმ დამკვირებლის სტატუსი, რასაც პეკინი შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამს.
მეორე ვერსიად ჩინურ და ინდურ პოლიტიკაში აღმავალი ნაციონალიზმი განიხილება, როდესაც პოლიტიკური ელიტები ცდილობენ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემის ფონზე, ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანონ. არსებული ხერხი კარგად ნაცადი მეთოდია პოლიტიკაში და რეჟიმები ხშირად იყენებენ მასების მობილიზაციისთვის.
ჩინურ-ინდური კონფლიქტი შემთხვევაში აქვს თუ არა პეკინს საგრძნობი უპირატესობა?
ჩინეთიც და ინდოეთიც ბირთვული სახელმწიფოები არიან და რაოდენობრივად უზარმაზარ ადამიანურ რესურსს ფლობენ. შესაბამისად კონფლიქტი ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ნებისმიერ შემთხვევაში საშიშია გლობალური უსაფრთხოებისთვის. უშუალოდ სასაზღვრო კონფლიქტებში გეოგრაფიული მდგომარეობა ჩინეთს აძლევს გარკვეულ უპირატესობას 1962 წლის მსგავსად წარმატებით მოიპოვოს უპირატესობა კონფლიქტის შემთხვევაში, თუმცა მეორეს მხრივ პეკინში კარგად უნდა აცნობიერებდნენ რომ ინდოეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მისი ერთდაერთი მოკავშირე შესაძლოა მხოლოდ ისლამაბადი აღმოჩნდეს.
საერთაშორისო ურთიერთობებში კარგად ცნობილი უსაფრთხოების დილემის გამო, ტოკიო და ნიუ დელი ბევრი წლებია თანამშრომლობენ უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკურ სფეროში, ამასვე ემატება დონალდ ტრამპისა და მოდის „ახლო ურთიერთობა“, რომელსაც ორივე მხარე აუცილებლად გამოიყენებს გლობალური პანდემიის პირობებში არსებული კრიზისი ფონზე.რჩება კიდევ ერთი გეოპოლიტიკური მოთამაშე რუსეთის ფედერაცია, რა პოზიცია აქვს კრემლს ჩინურ-ინდურ დაძაბულობაზე?
მოსკოვი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ცდილობს სამხრეთით არ დაუშვას რომელიმე მეზობლის საგრძნობი სიძლიერე და ყოველთვის ცდილობს რაიმე ხერხით დაბალანსების პოლიტიკას მიმართოს. მოსკოვური პოლიტიკა ინდოეთისა და ჩინეთის მიმართ ერთგვარად იდენტურია კრემლის სტრატეგიისა სომხეთისა და აზერბაიჯანისადმი, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ერთნაიარად აწოდებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების იარაღს როგორც ნიუ დელის ისვე პეკინს, ამავდროულად პუტინის აქტიური მხარდაჭერით შანხაის თანამშრომლობის ორგანზიაციაში ინდოეთიც გაწევრიანდა, რათა დაებალანსებინა პეკინის წინადადება პაკისტანის წევრობის თაობაზე. შესაბამისად მესამე აქტორი რომელსაც ყველაზე მეტად არ აწყობს ჩინურ-ინდური ესკალაცია მოსკოვია, რადგან კრემლის მესვეურებს მოუწევთ ღია პოზიცია აჩვენონ და ამჟამინდელი სტატუსქვო ყველაზე მისაღებია მათთვის.
საბოლოო ჯამში, ჩინურ-ინდური სასაზღვრო კონფლიქტი საკმაოდ ყურადსაღები პროცესია მსოფლიო პოლიტიკისთვის, მით უფრო რომ არსებობს სახიფათო ესკალაცია საომარი მოქმედებების სახით. ჩინეთსა და ინდოეთშიც მზარდია ნაციონალისტური სენტიმენტები პოლიტიკურ ელიტებში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს საკითხს. ბირთვული იარაღი სავარაუდოდ გამორიცხავს რაიმე სახის მასობრივ დაპირისპირებას, თუმცა ინდოეთის ოკეანასა და მახლობელ რეგიონებში ჩინურ-ინდური დაპირისპირება „სასიცოცხლო სივრცისთვის“ მომავალში უფრო გამძაფრდება, ამავდროულად მიუხედავად საგრძნობი ჩამორჩენისა, ინდოეთის ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდება, რამაც შესაძლოა წინა საუკუნეში განცხდილი მარცხის გამო ინდურ პოლიტიკურ ელიტაში რევანშიზმის სურვილი კიდევ უფრო გააძლიეროს.
ავტორი: შალვა ჩიხლაძე
Discussion about this post