ჭოუს პერიოდი ( ძვ. წ. XI-III სს. )
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩინური დამწერლობის ისტორიაში ჭოუს ეპოქა ( ძვ.წ. 1045-256 ) არის ყველაზე რთული პერიოდი. თუ შანგის დინასტიის დროინდელი ( ძვ.წ. 1600-1045 ) დამწერლობიდან მხოლოდ სამკითხაო ქვები და მცირე რაოდენობით წარწერები ბრინჯაოზე შემორჩა, ჭოუდან იწყება ნამდვილი ბუმი დამწერლობის მასალებისა. არამარტო ბრინჯაოზე წარწერები გაიზარდა ზომაში, არამედ არქეოლოგიურად დასტურდება სხვა საწერი მასალების გამოჩენა- ქვა, ნეფრიტი, ხის ფირფიტები, ბამბუკი, აბრეშუმი, კერამიკა. აღნიშნული მასალების ჯერ კიდევ შანგის დინასტიის დროს გამოყენებაზე მრავალი მკვლევარი თანხმდება, თუმცა ჯერჯერობით ამ მოსაზრების პირდაპირი დამადასტურებელი არქეოლოგიური წყარო არ არსებობს. მიუხედავად მონაცემების შედარებითი სიუხვისა, მაინც არაა საკმარისი რესურსი შემორჩენილი, რომ ჭოუს ეპოქის დამწერლობის განვითარების პროცესი სრულად აღვადგინოთ. ამის გამოს არსებობს არაერთი თეორია და ტერმინების სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენება. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეცდებით არსებული მონაცემები შევაჯამოთ და გასაგები სახით ჩამოვაყალიბოთ.

ჭოუს პერიოდის დამწერლობაზე საუბრისას ხშირად ვხვდებით ტერმინებს- ძინვენი ( „დამწერლობა ბრინჯაოზე“ ), ტაჭუანი ( 大篆-„დიდი ბეჭდის სტილი“ ) და სიაოჭუანი ( 小篆-„მცირე ბეჭდის სტილი“ ). თუმცა, ჭოუს ეპოქის დამწერლობის ასეთი კლასიფიკაცია არასწორად მიგვაჩნია. აღნიშნული კლასიფიკაცია და ზოგადად ტერმინოლოგია ხანგრძლივი გამოყენების გამო ტრადიციასავით დამკვიდრდა მეცნიერებაში, მაგრამ საჭიროა მათი რევიზია და ჩინური დამწერლობის ამ ეპოქის უკეთესი კლასიფიკაცია.
ძინვენი ითარგმნება, როგორც დამწერლობა ბრინჯაოზე. იეროგლიფი 金( ძინ ) თანამედროვე ჩინურში ნიშნავს ოქროს, მეტალს. ძველჩინურში მას ასევე ჰქონდა „ბრინჯაოს“ მნიშვნელობაც. ბრინჯაოზე წარწერების შესრულება ხდებოდა შემდეგნაირად- თიხის ყალიბზე ამოკაწრავდნენ იეროგლიფებს, ბრინჯაოს ჩამოსხმის შემდეგ კი ნიშნები ბრინჯაოზე აისახებოდა, თუმცა ჭანკუოს ეპოქიდან პირდაპირ ბრინჯაოზე დაიწყეს ამოკვეთა იეროგლიფების, რის გამოც ნიშნები წინანდელთან შედარებით უხეში მოხაზულობისაა(8)(59). სამკითხაო ქვებზე საუბრისას აღვნიშნეთ, რომ ჯერ კიდევ შანგის ეპოქიდან არის შემორჩენილი ბრინჯაოს წარწერებიანი ნივთები. თუმცა კი, შანგის ბრინჯაოს წარწერები ძალზე მცირეა და შემოიფარგლება გამკეთებლის ან იმ პირის სახელით, ვისდამიც შეიწირება ეს ნივთი. მაგალითად, ამ პერიოდის უდიდეს ბრინჯაოს ნაკეთობაზე, რომელიც 875 კილოგრამს იწონის, სამად სამი იეროგლიფი წერია- 司母戊 ( SI MU WU ) (16)(55). სიტუაცია შეიცვალა ჭოუს დინასტიის დაარსებასთან ერთად. ამ დროიდან სამკითხაო წარწერები მცირდება და მალევე ქრება, ბრინჯაოზე წარწერები კი უფრო მრავლად და უფრო მოცულობით ფორმებში გვხვდება(28)(40). ზოგიერთ შემთხვევაში ასეულობით იეროგლიფია ბრინჯაოს ნაკეთობაზე, მაგალითად, მაოკონგის სამფეხზე 497 იეროგლიფია და პირველ ადგილს იკავებს ბრინჯაოზე წარწერებში სიდიდით(30)(36). წარწერების შინაარსი ძირითადად მოიცავდა ამა თუ იმ წარჩინებული პირის მიერ გამოჩენილი საქმის ჩადენას, ძირითადად ეს იყო ომში წარმატება(30)(36). ბრინჯაოზე წერა გაგრძელდა ცინისა ( ძვ.წ. 220-206 ) და ხანის ( ძვ.წ. 206-ახ.წ. 220 ) დინასტიების დროსაც, შემდეგ კი აღარ გამოიყენებოდა. ჯერ კიდევ სონგის დინასტიიდან ( 960-1279 ) ანტიკვარების მოყვარულებმა დაიწყეს ბრინჯაოს ანტიკური ნაკეთობების შეგროვება (28). დღესდღეობით 12 000-მდე წარწერიანი ბრინჯაოს ნაკეთობაა შემორჩენილი, აქედან დაახლოებით 3 000 შანგის დინასტიის ეპოქის, 6 000 ჭოუს, 3 000 კი ცინისა და ხანის დინასტიების დროინდელია (28)(46). ბრინჯაოზე წარწერებში 3 000-მდე იეროგლიფია გამოყენებული, აქედან დაახლოებით 2 000 არის გაშიფრული (36).

ბამბუკი და აბრეშუმი შედარებით მალფუჭებადი მასალებია და მცირე რაოდენობით არიან შემორჩენილნი, ამიტომ ანტიკური ეპოქის ჩინური დამწერლობის შესწავლის საქმეში წარწერებიან ბრინჯაოს ნივთებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. თუმცა, ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ ბრინჯაოზე წარწერები ცალკე წერის სტილს მივაკუთვნოთ. „ძინვენის“ სახელის დამწერლობის სტილი რეალურად არასოდეს არსებობდა. თუ თვალს გადავავლებთ ბრინჯაოზე წარწერებს ქრონოლოგიურად, დავინახავთ, რომ სტილი განსხვავდებოდა ეპოქებისდა მიხედვით. ბრინჯაო ფუფუნების საგანი იყო, ხოლო მისი ქონა სამეფო კარისა და არისტოკრატიის პრივილეგია. რადგანაც ბრინჯაო მყარი მასალაა, მასზე ასრულებდნენ ისეთი შინაარსის წარწერებს, რომელიც ასწლეულების განმავლობაში უნდა შენახულიყო და თაობებს გადასცემოდა(30)(36). ანუ წარწერის შინაარსიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ წერის სტილად იყენებდნენ ოფიციალურ სტილს, რომელიც სახალხო სტილთან შედარებით მკაცრად იყო რეგულირებული. სწორედ ამიტომაა, რომ თანადროული სამკითხაო ქვებისა და ბრინჯაოს წარწერები ერთმანეთისაგან დიამეტრულად განსხვავდებოდა. პირველი იყენებდა სახალხო სტილს, მეორე კი ოფიციალურს(25)(28). ოფიციალური სტილი მკაცრი რეგულაციების გამო ძალიან ნელა განიცდიდა ცვლილებას. ერთადერთი მიზეზი ოფიციალური სტილის სწრაფი ცვლილებისა იყო პოლიტიკური ვითარების ცვლა, კერძოდ ხელისუფლების შეცვლა. ახალი ხელისუფლება სახალხო სტილის გავლენით აწესებდა ახალ ოფიციალურ სტილს. ასეთი ცვლილებები ჭოუს ეპოქაში სულ სამჯერ მოხდა- პირველი იყო დასავლეთ ჭოუს ( ძვ.წ. 1045-771 ) დამხობა, მეორე- ჩუნციოუ ( ძვ.წ. 771-475 ), მესამე- ჭანკუო ( ძვ.წ. 475-221 ). მოგვიანებით კი ცინის დინასტიამაც იგივე გაიმეორა. შესაბამისად, ოფიციალური სტილის ცვლასთან ერთად იცვლებოდა ბრინჯაოზე და სხვა საწერ მასალებზეც წარწერების მოხაზულობა.
მეფე |
ზეცა |
მამა |
შუადღე |
წარწერები ბრინჯაოზე შანგის, დასავლეთ ჭოუსა და გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდებიდან.
დასავლეთ ჭოუს ეპოქის დამწერლობის ოფიციალურ სტილის შესაბამის ტერმინად ჩვენ მიგვაჩნია „ჭოუვენი“ ( 籀文). ამ ტერმინს ვხვდებით უკვე მრავალჯერ ნახსენებ სუ შენთან და პირველი საუკუნის „ხანის წიგნში“. მათი მიხედვით ჭოუს მეფე სუენის ( 周宣王- ძვ.წ. 827/25-782 ) კარის ისტორიკოსმა- ჭოუმ შეადგინა იეროგლიფების თხუთმეტტომიანი კრებული (32)(46)(53). სწორედ ამ კრებულში გაერთიანებულ იეროგლიფებს ეწოდება „ჭოუვენი“. სამწუხაროდ ეს ნაშრომი ჩვენამდე არ მოღწეულა, შემორჩენილია მხოლოდ 221 იეროგლიფი სუ შენთან დაცული. ამ იეროგლიფების შედარებისას ჭოუს ეპოქის დამწერლობის სტილებთან, ჩანს, რომ ისინი ახლოს დგანან დასავლეთ ჭოუს ეპოქაში გამოყენებულ ოფიციალური სტილის იეროგლიფებთან. ამიტომ, არაერთი თანამედროვე მეცნიერი ოფიციალური სტილის დამწერლობას შანგის ბოლო პერიოდსა და დასავლეთ ჭოუში აიგივებს ჭოუვენთან(26)(28). ჭოუვენის იეროგლიფებს ახასიათებთ ოვალური ფორმები და ჯერ კიდევ ძლიერი პიქტოგრაფიული ბუნება(1)(45). შანგისა და დასავლეთ ჭოუს ადრე ეპოქის ჭოუვენი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ცვლილებები დაიწყო ძვ.წ. X საუკუნიდან. ძირითადად ეს ცვლილებები აისახებოდა იეროგლიფების მართლწერის რეგულაციაში. მომდევნო საუკუნეში უფრო გაძლიერდა გამარტივების ტენდენცია. ძირითადად ეს გულისხმობდა ოვალური ხაზების სწორი ხაზებით ნელ-ნელა ჩანაცვლებასა და ფორმების გამარტივებას. ამავდროულად, არათანაბარი სისქის ხაზები და სქელი წერტილები ნაცვლდებოდა თანაბარი სისქის შედარებით წვრილი ხაზებით (28)(59).

ჭოუვენი
ძვ.წ. 771 წელს დასრულდა დასავლეთ ჭოუს ხანა და დაიწყო აღმოსავლეთ ჭოუ ( ძვ.წ. 771-256 ), რომელიც იყოფა ორ ნაწილად- ჩუნციოუს ეპოქა ( 春秋 ძვ.წ. 771-475 ) და ჭანკუოს ეპოქა ( 战国 ძვ.წ. 475-221 ). აღმოსავლეთ ჭოუ პოლიტიკურად ხასიათდება ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების კატასტროფული შესუსტებით. ჭოუს მეფე სახელითღა იყო უმაღლესი მმართველი, რეალურად ჩინეთი დაიყო ასზე მეტ დიდ და მცირე სამთავროდ. ჭოუს მეფეები დიდი სამთავროების მმართველების პოლიტიკური თამაშის იარაღად იქცნენ. ასეთი პოლიტიკური დაქსაქსულობის ქვეშ ბუნებრივია დასავლეთ ჭოუს დამწერლობის ოფიციალური სტილი მკაცრ რეგულაციებს ვერ შეინარჩუნებდა. თუ ადრე მხოლოდ ჭოუს მეფეებს და მასთან დაახლოებულ არისტოკრატიას ჰქონდა ბრინჯაოს ჩამოსხმის უფლება, ახლა უკვე ნებისმიერი სამთავროს ზედა ფენამ მიიღო ეს პრივილეგია(28). თუმცა, ისეც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ როგორც კი აღმოსავლეთ ჭოუს ეპოქა დაიწყო ჭოუვენის ცვლილება მაშინვე მოხდა. უბრალოდ, ჭოუვენმა განიცადა წინა პერიოდთან შედარებით სწრაფი ევოლუცია. აღსანიშნავია, რომ იეროგლიფები განსხვავებულად ვითარდებოდნენ სხვადასხვა სამთავროში. ჩუნციოუს პერიოდის ბოლოს, ძვ.წ. მე-6-5 საუკუნიდან უკვე ვხვდებით ჭოუვენისაგან ძალიან განსხვავებულ სტილს- ჩიტებისა და მწერების სტილს. ამ სტილში გამოიყენებოდა ფრინველებისა და ჩიტების გრაფიკული ფორმები იეროგლიფების დეკორირებისათვის(6) (49). ჩიტებისა და მწერების სტილი ძირითადად კალიგრაფიაში გამოიყენებოდა(28).

ჩუნციოუს ეპოქაში განსხვავებულად განვითარდა დამწერლობა ცინის სამეფოში. ცინის სამეფო სხვა სამთავროებისაგან მოშორებით, დასავლეთით მდებარეობდა, ყოფილი დასავლეთ ჭოუს ტერიტორიაზე. შესაბამისად დასავლეთ ჭოუს კულტურის გავლენა ცინზე დიდი იყო. ეს კარგად შეინიშნება დამწერლობაშიც. ცინში ჭოუვენის სტილის ფორმები უფრო დიდხანს შენარჩუნდა, ოფიციალური სტილიც მკაცრად კონტროლდებოდა. დამწერლობის სტილს, რომელიც ჭოუვენის უშუალო მემკვიდრეა და ცინის ტერიტორიაზე ოფიციალურ სტილად გამოიყენებოდა ჩუნციოუს ეპოქაში ეწოდება „დიდი ბეჭდის“ სტილი (28)(59). სახელი მომდინარეობს ამ დამწერლობის თავდაპირველი მასალებიდან- ქვისა და ბრინჯაოს ოფიციალური ბეჭდებისაგან. რადგანაც დიდი ბეჭდის სტილი ძალიან ჰგავს ჭოუვენს, ზოგჯერ მეცნიერები მათ ერთ სტილად აერთიანებენ(26)(18). თვით სახელი პირველად გვხვდება სუ შენთან(14) და შემდეგში აღმოსავლეთ ხანის ( ახ.წ. 25-220 ) სხვა ავტორებიც იყენებენ. სავარაუდოდ, ტერმინი „ბეჭდის სტილი“ გაჩნდა ხანის დინასტიაში, რათა ერთმანეთისაგან განესხვავებინათ დამწერლობა ცინის სამთავრომდე და ცინის სამთავროს ჩამოყალიბებიდან(17)(22)(28).

მეორე გარდამტეხი ეტაპი დასავლეთ ჭოუს დაცემის შემდეგ, როგორ პოლიტიკურ, ისე კულტურულ სფეროში იყო ჭანკუოს ეპოქის დაწყება ( ძვ.წ. 475-221 ). თუ ჩუნციოუს პერიოდში მთავრები ჭოუს მეფის უზენაესობას ოფიციალურად მაინც აღიარებდნენ, ახლა უკვე დიდი სამთავროების მთვრებმა მეფეების ტიტული მიიღეს და სრულიად გაანადგურეს ჭოუს ერთიანი სამეფოს ცნებაც კი. დეცენტრალიზაციამ პიკს მიაღწია და შესაბამისად დამწერლობის სტილებიც უფრო დივერსიფიკაციისაკენ წავიდა. ჭანკუოს პერიოდის აღმოსავლეთ ჩინეთის სამეფო-სამთავროების სტილებს აერთიანებენ „ექვსი სამეფოს“ სტილის სახელით(17)(59). ექვს სამეფოში იგულისხმება- იენი (燕), ცი (齐), ჩუ (楚), ხანი (韩), ჭაო (赵) და ვეი (魏). რა თქმა უნდა, იყვნენ სხვა ათეულობით მცირე სამეფო-სამთავროებიც. „ექვსი სამეფოს“ სტილში არ შეჰყავთ ცინის სამეფოს სტილი, მიუხედავად იმისა, რომ ცინი ზემოთ ჩამოთვლილ ექვს სამეფოსთან ერთად ჭანკუოს შვიდი ჰეგემონის წევრი იყო. ამის მიზეზია ის, რომ მიუხედავად ნაწილობრივ გამარტივებისა, ცინის სამეფო ჯერ კიდევ მყარად იცავდა დასავლეთ ჭოუს მემკვიდრეობასა და კონსერვატორულ დიდი ბეჭდის სტილს. ზოგადად, ცინის სამეფო მთელი აღმოსავლეთ ჭოუს ეპოქის განმავლობაში, სხვა ჩინურ სამეფო-სამთავროებში ჩამორჩენილ და ნახევრად ბარბაროსულ ქვეყნად ითვლებოდა(28).
გარდა დამწერლობის სწრაფი დივერსიფიკაციისა, ეპოქა განსაკუთრებულია ახალი საწერი მასალების გამოჩენით. მათ შორის უმნიშვნელვანესია ბამბუკი და აბრეშუმი. ამ ეპოქის ჩუს სამეფოს აკლდამის გათხრისას აღმოაჩინეს 282 ბამბუკის გრაგნილი საერთო 12 000-მდე იეროგლიფით. ასევე შემორჩენილია ამ პერიოდის აბრეშუმი 900 იეროგლიფით(28).

რაც შეეხება „ექვსი სამეფოს“ სტილს, მას აერთიანებს ერთი ტენდენცია- სახალხო სტილის ჭარბი გამოყენება ოფიციალური სტილის გამარტივების პროცესში, იეროგლიფები უფრო თანაბარი და სწორხაზოვანია, ვიდრე წინა ეპოქაში(28)(59). საკუთრივ ექვს სამეფოში და სხვა მცირე სამთავროებშიც ეს პროცესი განსხვავებულად მიდიოდა. ისე არ იყო, თითქოს ყველა მსგავსად ამარტივებდა დამწერლობას. თითქმის ყველა დიდი სამეფო ერთმანეთისაგან ასე თუ ისე განსხვავებული გზით მიდიოდა. მათი დამწერლობის გრაფიკული ფორმები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, მაგრამ ყველგან ვხვდებით სახალხო სტილის ძალიან დიდ გავლენას. ჭანკუოს ხანაში აღმოსავლეთ ჩინეთში მოხდა გრაფიკული და ლექსიკური დივერსიფიკაცია(40). ანუ, არსებობდა ერთი და იმავე იეროგლიფის წერის რამდენიმე ვარიანტი. ამავდროულად ზოგიერთ შემთხვევში განსხვავდებოდა მისი ლექსიკური მნიშვნელობებიც სხვადასხვა სამეფოში. ორმაგი დივერსიფიკაციის პროცესის დასასრული დაიწყო ცინ შ’ ხუანგტის მიერ დამწერლობის გაერთიანებით, თუმცა დასავლეთ ხანის ( ძვ.წ. 206-ახ.წ. 9 ) მანუსკრიპტებში ჯერ კიდევ შეინიშნება „ექვსი სამეფოს“ სტილის გავლენა(40).

ჭანკუოს დროს ცინის დამწერლობის ოფიციალურმა სტილმაც განიცადა სახალხო სტილის ზეგავლენა, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, როგორც ეს ექვს სამეფოში მოხდა. ცინში გამოიყენეს სახალხო სტილის ფორმები შედარებით შეზღუდული რაოდენობით ოფიციალური სტილის გასამარტივებლად და ჩამოყალიბდა ახალი ოფიციალური სტილი, რომელიც „მცირე ბეჭდის“ სტილის სახელითაა ცნობილი(59). ეს იყო გარდამავალი სტადია დიდი ბეჭდისა და სახალხო სტილებს შორის. თავის მხრივ, ცინის სახალხო სტილი ხანის ეპოქაში გახდება საფუძველი „მსახურთა დამწერლობისათვის“(28).

„მცირე ბეჭდის“ სტილის ჩამოყალიბების პერიოდზე არქეოლოგიური და წერილობითი წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდიან. ტრადიციული ჩინური ისტორიოგრაფიის მიხედვით „მცირე ბეჭდის“ სტილი ჩამოყალიბდა ცინ შ’ ხუანგტის დროს(1)(5)(45)(55). ჯერ კიდევ ს’მა ციენმა თავის „ისტორიულ ჩანაწერებში“ მოიხსენია ცინ შ’ ხუანგტის მიერ ზომა-წონის, საზომი ერთეულებისა და დამწერლობის გაერთიანება(51). შედარებით დაწვრილებით ცობებს გვაწვდის ამ თემაზე სუ შენი და „ხანის წიგნი“. ამ წყაროების მიხედვით ცინ შ’ ხუანგტის მთავარმა მინისტრმა- ლი ს’-მ, ვინც ასევე არის პირველი წერილობით დამოწმებული კალიგრაფი ჩინეთის ისტორიაში(16), სხვა მინისტრებთან ერთად ჭოუვენის იეროგლიფებზე დაყრდნობით შექმნა „სიაოჭუანი“ ანუ „მცირე ბეჭდის“ სტილი(32)(46)(53). თანამედროვე მეცნიერები ამ საკითხს კრიტიკულად უდგებიან. პირველი, აღსანიშნავია ის, რომ შეუძლებელია ერთმა პირმა ან ადამიანთა ჯგუფმა შექმნას ახალი იეროგლიფური დამწერლობა რამდენიმე წელში. გარდა თეორიული შეუძლებლობისა, საბედნიეროდ გვაქვს არქეოლოგიური წყაროებიც, რომლებიც თარიღდებიან ჭანკუოს ეპოქით და მცირე ბეჭდის სტილის ჯერ კიდევ ცინ შ’ ხუანგტიმდე არსებობას ადასტურებენ(28)(59).
წერილობითი და არქეოლოგიური წყაროების შეჯამებით შეიძლება ითქვას, რომ „მცირე ბეჭდის“ სტილი ჭანკუოს ეპოქის შუა ხანებში ჩამოყალიბდა, როგორც ცინის დამწერლობის ოფიციალური სტილი. მაგრამ, როდესაც ცინ შ’ ხუანგტიმ გააერთიანა ჩინეთი, აღმოსავლეთ ჩინურ სამთავროებში არსებობდა ზემოთ მოხსენიებული ძლიერ დივერსიფიცირებული „ექვსი სამეფოს“ სტილი. სავარაუდოდ ლი ს’-მ და სამუშაო ჯგუფის სხვა წევრებმა ახალი ჩინური იმპერიისათვის მოახდინეს „მცირე ბეჭდის“ სტილის რეგულაცია და მკაცრ ორთოგრაფიულ ჩარჩოებში ჩასმა, „ექვსი სამეფოს“ სტილის ნაწილობრივი გათვალისწინებით(17)(32)(40). მცირე ბეჭდის სტილი წინა სტილებთან შედარებით უფრო სტანდარტიზებული და გამარტივებული იყო. ასევე ამ დროს ჩნდება ჩინური იეროგლიფების ერთი თვისება- მარკუთხა გარშემოწერილობა, რაც მოგვიანებით კვადრატულ ფორმაში გადავიდა(1).

ამ მონაკვეთში დავასრულეთ ჩინური იეროგლიფური დამწერლობის ანტიკური სტილების მიმოხილვა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჭოუს ეპოქის დამწერლობა ჯერ კიდევ კარგად შესასწავლია, რისთვისაც დამატებითი არქეოლოგიური მასალებია საჭირო. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ ამ ეპოქის დამწერლობის კლასიფიკაციას შემდეგნაირად ვვარაუდობთ: ჭოუვენი- დასავლეთ ჭოუ( ძვ.წ. 1045-771 ), დიდი ბეჭდის სტილი- ჩუნციოუს პერიოდში ( ძვ.წ. 771-476 ), „ექვსი სამეფოს“ სტილი- აღმოსავლეთ ჩინეთში ჭანკუოს პერიოდში ( ძვ.წ. 475-221 ), მცირე ბეჭდის სტილი- ცინის სამეფო ჭანკუოს პერიოდში და ცინის იმპერიაში, ბოლო ორი სტილის თანადროული არსებობით.
თანამედროვე სტილები
წინა თავებში განვიხილეთ ჩინური დამწერლობის განვითარების ანტიკური სტილები: ძიაკუვენი, ჭოუვენი, დიდი ბეჭდის სტილი, მცირე ბეჭდის სტილი, ექვსი სამეფოს სტილი. ყოველ ახალი სტილზე საუბრისას ვახსენებდით, რომ წინა პერიოდთან შედარებით გამარტივებული და ნაკლებ პიქტოგრაფიული ბუნება ჰქონდათ იეროგლიფებს, თუმცა ეს სტილები თანამედროვე ჩინური იეროგლიფური დამწერლობისგან ძალიან განსხვავებულია. მიუხედავად იეროგლიფების გამარტივებისა, ის ძირითადი ჩონჩხი, მონახაზი, რაც იეროგლიფს პიქტოგრაფიულ ბუნებას ანიჭებდა, ძირითადად უცვლელი რჩებოდა, შორდებოდა მხოლოდ დამატებითი შტრიხები(16)(26)(28)(59).
ნამდვილი რევოლუცია ჩინური იეროგლიფური დამწერლობის განვითარებაში მოხდა ხანის დინასტიის დროს ( ძვ.წ. 206 – ახ.წ. 220 ), როცა გამოჩნდა დამწერლობის ახალი სტილი- ლიშუ ( 隶书 ) ანუ მსახურთა სტილი. ლიშუს სტილის მთავარი პრინციპი იყო სწორხაზოვანი განივი შტრიხებით შედგენა იეროგლიფებისა. ჭოუსა და შანგის ეპოქის მრგვალი-ოვალური შტრიხებიდან გადასვლამ სწორკუთხა შტრიხებზე საბოლოოდ დაასრულა იეროგლიფების პიქტოგრაფიული ბუნების შენარჩუნების ტრადიცია(1)(10)(45). თუმცა, ანტიკურიდან სტილებიდან თანამედროვე სტილზე გადასვლა ასე მარტივი არ ყოფილა. დამწერლობამ გაიარა მთელი რიგი რეფორმები იეროგლიფების გასამარტივებლად. ენათმეცნიერები გამოყოფენ რამდენიმე ძირითად მეთოდს თუ როგორ გამარტივდა იეროგლიფები მცირე ბეჭდის სტილიდან მსახურთა სტილში: 1. სწორხაზოვნება- მრუდი და ოვალური შტრიხების სწორკუთხოვან ხაზებად ქცევა. 2. შეკუმშვა- ორი ან მეტი ახლო ხაზის ერთში გაერთიანება. 3. ამოკლება- იეროგლიფის რაიმე ნაწილის ამოღება. 4. დეფორმირება- პირველად დაიწყო ერთი და იმავე იეროგლიფის განსხვავებულად წერა სხვადასხვა პოზიციაში- როცა ის დამოუკიდებლად იდგა და როცა სხვა იეროგლიფის ნაწილი იყო(28).

განსხვავება მსახურთა სტილსა და თუნდაც მცირე ბეჭდის სტილს შორის მონუმენტურია. თანამედროვე ჩინურის დამწერლობის მცოდნე პირს მსახურთა სტილის იეროგლიფების უმეტესობის ამოცნობა შეუძლია, მაშინ როცა, მისთვის შეუძლებელი იქნება მცირე ბეჭდის სტილის და მითუმეტეს უფრო ძველი სტილების იეროგლიფების წაკითხვა სპეციალური მომზადების გარეშე.
მსახურთა სტილისა და მცირე ბეჭდის სტილის შედარება
თანამედროვე ფორმა |
მცირე ბეჭდისსტილი |
დასავლეთ ხანის დინასტიის ( 西汉-ძვ.წ. 206- ახ.წ. 9 ) დაარსების შემდეგ ლიშუ ოფიციალურ სტილად იქცა, თუმცა დინასტიის საწყის წლებში კვლავ ცინის მსახურთა სტილის ფორმები გამოიყენებოდა. დამწერლობის რეფორმირება ნელ-ნელა დაიწყო ხანის იმპერატორ უ-ს დროიდან ( 汉武帝ძვ.წ. 141-87 ), საბოლოოდ კი ძვ.წ. I საუკუნუს პირველ ნახევარში გაამარტივებისა და რეგულაციის პროცესი დასრულდა და მივიღეთ განვითარებული ლიშუ. თუმცა, ესეც არ იყო ლიშუს განვითარების ბოლო სტადია. აღმოსავლეთ ხანის დინასტიის ( 东汉 ახ.წ. 25-220 ) შუა ხანებში, დაახლოებით მეორე საუკუნის მეორე ნახევარში, ლიშუს საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი მსახურთა სტილი(11)(28)(59). მსახურთა სტილი ხანის დინასტიის ოფიციალური სტილი იყო და ამიტომ მას სწორედ ამ დინასტიას უკავშირებენ. ამან გამოიწვია იმ ისტორიულად მცდარი შეხედულების გამოწვევა, თითქოსდა ლიშუ ხანის დინასტიის ეპოქაში გაჩნდა(1)(59), მეტიც ზოგიერთი წყარო ლიშუს შექმნას ცინ შ’ ხუანგ ტის დროს მოღვაწე ერთ კონკრეტულ პირს- ჩენგ მიაოს მიაწერს(10)(28). როგორც უკვე განვიხილეთ, შეუძლებელია იეროგლიფური დამწერლობის სტილი ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ შექმნას ანდაც განვითარების სტადიის გარეშე გაჩნდეს. ასე მოხდა მსახურთა სტილის შემთხვევაშიც. არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ მსახურთა სტილი ჯერ კიდევ ცინის სამეფოში ძვ.წ. მე-3 საუკუნეში არსებობდა. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ დიდი იყო ანტიკური სტილების მოხაზულობს გავლენა და რეგულაციის ნაკლებობაც შეინიშნება. ამიტომ, ენათმეცნიერებმა მსახურთა სტილის ამ პროტოვერსიას ცინის მსახურთა სტილი უწოდეს(26)(28). ცინ შ’ ხუანგტის მიერ ჩინეთის გაერთიანებისა და მცირე ბეჭდის სტილის ოფიციალურ დამწერლობად გამოცხადების შემდეგ თავისი ადგილი მსახურთა სტილსაც მიუჩინეს. მსახურთა სტილი გამოიყენებოდა შედარებითი დაბალი დონის სამთავრობო დოკუმენტების შედგენისას. სწორედ ამ დროს ეძლევა საფუძველი ლიშუს სახელწოდებას- მსახურთ სტილი. ჩინეთის გაერთიანების ომების დროს ტყვედ აყვანილ პირებთაგან, ისინი ვინც დამწერლობა იცოდა მწერლებად დაასაქმეს. მათი ძირითადი მოვალეობა იყო ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენებული დოკუმენტების შედგენა. ასეთი დოკუმენტების შედგენისას შედარებით რთულად საწერი მცირე ბეჭდის სტილის გამოყენება დიდ დროს წაიღებდა, ამიტომ იყენებდნენ სახალხო სტილს. ლიშუს პირველი იეროგლიფი隶- კი ნიშნავს მსახურს, მონას, ამ შემთხვევაში კი მონა, რომელსაც მწერლის ფუნქციები ჰქონდა(11)(28)(59).
ხანის დინასტიაშივე გამოჩნდა პირველი გაკრული ხელის სტილი. რა თქმა უნდა, გაკრული ხელით წერა ხანის დინასტიამდელ მანუსკრიპტებშიც შეინიშნება, თუმცა როგორც ცალკე სტილი, თავისი წერის პრინციპებით, ამ დრომდე არ არსებობდა(28). ჭანგცაო (章草)იყო გაკრული ხელის სტილთაგან პირველი. ზოგადად გაკრული ხელის სტილს ჩინურში ეწოდება ცაოშუ- 草书. ხშირად მას არასწორად თარგმნიან როგორც ბალახის სტილი(1). საქმე ისაა, რომ იეროგლიფი 草 ნიშნავს ბალახს, მაგრამ ასევე ნიშნავს მონახაზს, ესკიზს, მოუხეშავს. ცაოშუს კონტექსტში სწორედ მეორე მნიშვნელობა გამოიყენება, რადან ცაოშუს სტილი მინიმუმამდე ამცირებს ლიშუს რეგულაციებს და სტანდარტული იეროგლიფის მხოლოდ ძირითად მონახაზს, ესკისზს იტოვებს(11). წერის მაქსიმალური სიჩქარისათვის ცაოშუში გამოყენებულია იეროგლიფების უკიდურესი გამარტივება, ხაზების გაერთიანება ან ამოკლება, ხშირად იმ ზომამდეც კი, რომ ჩვეულებრივი მკითხველისათვის სრულიად ამუცნობი ხდება იეროგლიფი. ცაოშუს ორ პერიოდად ჰყოფენ- ჭანგცაო და ძინცაო (今草). ჭანგცაო ძვ.წ. I საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება და მსახურთა სტილის პარალელურ სახალხო დამწერლობას წარმოადგენდა. განსხვავებით ძინცაოსაგან, ჭანგცაოს გაკრული ხელის სტილში ყველა იეროგლიფი ცალ-ცალკე იწერებოდა. ძინცაოში, ანუ თანამედროვე გაკრული ხელის სტილში კი გადაბმული იეროგლიფებიც გვხვდება. ძინცაო სამი სამეფოს ეპოქიდან ( 220-280 ) ხდება პოპულარული(11)(28).

იეროგლიფების განვითარების პროცესის განხილვისას ვნახეთ, რომ სახალხო სტილი ყოველთვის ხდებოდა ახალი ოფიციალური სტილი ან უკიდურეს შემთხვევაში ახალი სტილი მისგან სესხულობდა რიგ პრინციპებს. თუმცა, ჭანგცაოს შემთხვევაში ასე არ მოხდა. ის არასოდეს არ ქცეულა ოფიციალურ სტილად. ამის მიზეზი იყო გაკრული ხელის სტილის იეროგლიფების უკიდურესი დეფორმაცია. ხშირად იეროგლიფი თავის ფორმას სრულიად კარგავდა, ეს ართულებდა და ზოგჯერ შეუძლებელს ქმნიდა ჭანგცაოს იეროგლიფების გარჩევას(11)(28). ამიტომ, ახ.წ. მე-3 საუკუნეში ხანის დიანსტიისა და სამი სამეფოს ეპოქის მიჯნაზე ახალი მსახურთა სტილისა და გაკრული ხელის სტილის საფუძველზე ჩამოყალიბდა სინგშუ 行书- მორბენალი სტილი. სინგშუ იყენებდა გაკრული ხელის სტილის სისწრაფეს იმდენად, რამდენადაც იეროგლიფის ფორმის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი(58).

სინგშუს განვითარებისა და რეგულაციის შედეგად ჩამოყალიბდა ქაიშუ- 楷书 სტანდარტული სტილი, რომელიც დღემდე გამოიყენება(29)(58). იეროგლიფთა განვითარების ხანგრძლივ პროცესში ქაიშუ ბოლო სიტყვაა. როგორც ზემოთ ვთქვით, ლიშუმ რევოლუციური ნაბიჯი გადადგა ჩინური იეროგლიფების განვითარებაში საბოლოოდ ჩამოიშორა რა პიქტოგრაფიულობა. თუმცა, მიუხედავად სწორი ხაზების გამოყენებისა, მსახურთა სტილისათვის ასევე დამახასიათებელი იყო ტალღოვანი ხაზებიც, ზემოდან ქვემოთ მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული შტრიხების ზემოთაწეული ბოლოები(10)(16)(26)(28). ქაიშუმ საბოლოოდ დაამკვიდრა სწორი ვერტიკალურ ჰორიზონტალური ხაზებისა და კუთხოვანი კაუჭების გამოყენების პრინციპი(1)(29). ასევე, თუ ლიშუს იეროგლიფებს განივი მოხაზულობა ჰქონდათ და მართკუდთხედის ფორმას ქმნიდნენ, ქაიშუმ კვადრატული ფორმის პრინციპი შემოიტანა და გრძივ მოხაზულობას მიანიჭა უპირატესობა(36)(45)(59). ქაიშუს შემქმნელებად მიიჩნევიან კალიგრაფები- ჭონგ იაო ( 151-230 ) და ვანგ სიჭი ( 王羲之 303-361 ). თუმცა, ქაიშუ ჯერ კიდევ არ იყო მყარად ჩამოყალიბებული დამწერლობის სტილი. მე-5-6 საუკუნეებში ნელ-ნელა დადგინდა ქაიშუს ხმარების წესები და საბოლოოდ, სუეის დინასტიდან ( 隋书 581-618 ) მოყოლებული ქაიშუ ჩინური დამწერლობის ოფიციალური სტილია(28)(29).

ამით დასრულდა ჩინური იეროგლიფური დამწერლობის სტილების მიმოხილვა. როგორც ვნახეთ, ამ სტილების განვითარების დამახასიათებელი მიმართულებაა გამარტივებისა და სწრაფი წერისაკენ სვლა. ამ პროცესს გასდევს ოფიციალური და სახალხო სტილების დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ ამ უკანასკნელის გამარჯვებითა და ახალი, უფრო განვითარებული ოფიციალური სტილის ჩამოყალიბებით სრულდება.
დამწერლობის გამარტივება
ჩინური იეროგლიფური დამწერლობის განვითარების ისტორიის განხილვისას გამოჩნდა, რომ დროის მსვლელობასთან ერთად იეროგლიფების ფორმებიც მარტივდებოდა. თუმცა, თანგის დინასტიიდან ( 唐朝 618-907 ) მოყოლებული ქაიშუ, იგივე სტანდარტული სტილი ოფიციალურ სტილად დამკვიდრდა და აღარ შეცვლილა. რა თქმა უნდა, პარალელურად არსებობდა სახალხო სტილებიც, თუმცა წინა პერიოდებისაგან განსხვავებით, მათ არ დაუდევთ დასაბამი ახალი სტილისათვის. ასე გრძელდებოდა მეოცე საუკუნის დამდეგამდე. ჯერ კიდევ ცინგის დინასტიის ( 1644-1911 ) არსებობის ბოლო წლებში გახმაურდა იდეები დამწერლობის გამარტივების შესახებ. ეს აზრი კიდევ უფრო წინ წამოწიეს 1919 წელს „4 მაისის“ მოძრაობის ლიდერებმა(33). მათ ტრადიციული წერის სტილი გააიგივეს იმპერიალისტურ რეჟიმთან და მოითხოვეს დამწერლობის რეფორმა. პირველი რეალური ნაბიჯები ამ მხრივ გადაიდგა გომინდანი რეჟიმის ( 国民党კუომინტანგის 1925-1948 ) პერიოდში. 1935 წელს გამოქვეყნდა გამარტივებული იეროგლიფების პირველი ოფიციალური ცხრილი, რომელიც 324 იეროგლიფს მოიცავდა, თუმცა მომავალ წელს გააუქმეს ეს გადაწყვეტილება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ იეროგლიფების გამარტივების საკითხს ყურადღება მიექცა. უკვე 1956 წელს დამტკიცდა გამარტივებული იეროგლიფების სია. 1964 წელს მიიღეს მეორე დოკუმენტი ახალი გამარტივებული იეროგლიფების შესახებ(3). საერთო ჯამში რეფორმის შედეგად გამარტივდა 2236 ხშირად გამოყენებადი იეროგლიფი. უნდა ითქვას, რომ 1977 წელს დაიწყო დამწერლობის რეფორმირების მეორე სტადია და კიდევ მეტი იეროგლიფი გაამარტივეს, თუმცა საზოგადოება უარყოფითად შეხვდა ამ ახალ რეფორმას და მთავრობა იძულებული იყო გაეუქმებინა მეორე სტადია(3).
ზემოთაღნიშნული რეფორმების შედეგად დამწერლობის ახალი სტილი არ ჩამოყალიბებულა, უბრალოდ გამარტივდა იეროგლიფის ფორმა- შემცირდა შტრიხების რაოდენობა, გამარტივდა იეროგლიფის კომპონენტები, ზოგ შემთხვევაში გამოიყენეს უკვე საუკუნეების განმავლობაში არსებული სახალხო სტილის ფორმებიც. დღესდღეობით გამარტივებულ იეროგლიფებს იყენებენ ჩინეთში ( თაივანის გარდა ) და სინგაპურში, ხოლო ტრადიციულს კი ჰონგ-კონგში, მაკაოსა და თაივანში(10).
ფინიინი (拼音)
ფინიინი არის ფუთუნგხუას (普通话)- სტანდარტული ჩინურის, ასევე ცნობილი როგორც მანდარინის, ჩაწერისათვის ლათინური ასოების გამოყენებით შექმნილი ანბანური დამწერლობა. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში გადაიდგა, როცა ცნობილმა იტალიელმა იეზუიტმა ბერმა- მარტინო მარტინიმ ლათინური ასოებით ჩინურ ენაზე დაიწყო წიგნების წერა. XIX-XX საუკუნეებში ჩინეთსა და ჩინეთს გარეთ მიმდინარეობდა სამუშაოები ჩინური ენის გამომსახველი ანბანური დამწერლობის შესაქმნელად. დასავლეთში პოპულარობით სარგებლობდა უეიდ-ჯაილზის რომანიზებული სისტემა, რომელიც პირველად 1859 წელს გამოიცა და 1979 წლამდე მოქმედებდა. აქტიური სამუშაოები წარმოებდა რუსეთში მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში. რუსი და ჩინელი ენათმეცნიერების თანამშრომლობის შედეგად 1931 წელს მოსკოვში გამოიცა „რომანიზირებული ახალი დამწერლობა“. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დამწერლობის შექმნის მიზანი იყო ჩაენაცვლებინა იეროგლიფური დამწერლობა. ეს სისტემა აქტიურად გამოიყენებოდა 50-იან წლებამდე, მისი გამოყენებით დაიწერა 300-მდე წიგნი. თუმცა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ მალევე ამოიღეს ხმარებიდან. 50-იანი წლების დასაწყისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა- ჭოუ ენლაიმ (周恩来) გამოჩენილ ინტელექტუალს- ჭოუ იოუ კუანგს (周有光) დაავალა შეეკრიბა ლინგვისტების ჯგუფი, რომლის მისიაც იქნებოდა შეედგინა ანბანური სისტემის დამწერლობა სტანდარტული ჩინურისათვის ლათინური დამწერლობის საფუძველზე. ამ ჯგუფის პირველი ნაშრომი გამოიცა 1958 წელს და შემდეგი გადასინჯვების შედეგად დამტკიცებულ იქნა როგორც ჩინეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ, როგორც სტანდარტული ჩინურის ტრანსკრიფციის ოფიციალური სტანდარტი. განსხვავებით „რომანიზირებული ახალი დამწერლობისა“, ფინიინის შექმნის მიზანი არასოდეს ყოფილა იეროგლიფური დამწერლობის ჩანაცვლება, არამედ მას დაეკისრა შუამავლის როლი, რათა უცხოელებს გაუადვილდეთ ჩინურის სწავლა(3)(27).
ფინიინის წაკითხვას აქვს თავისი წესები, რამდენადაც სტანდარტული ჩინურის გამოთქმა განსხვავდება ინგლისურისა და სხვა დასავლური ენებისაგან. უპირველეს ყოვლისა, მთვარი განსხვავებაა ტონების არსებობა. ჩინურში სიტყვის გამოთქმის შეცვლას მნიშვნელობის შეცვლა შეუძლია. არსებობს ოთხი ტონი- მაღალი ( უძრავი ), აღმავალი, აღმავალ-დაღმავალი და დაღმავალი, გარდა ამისა არსებობს უტონო გამოთქმებიც. შესაბამისად, ერთი და იმავე სიტყვას განსხვავებულად გამოთქმის შედეგად ხუთი სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს(1). ამ განსხვავების დასაფიქსირებლად ფინიინში შემოიღეს ტონის ნიშნები-
ტონის ნიშნები
ქართველი ლინგვისტების მიერ უკვე შექმნილია სტანდარტული ჩინურიდან ქართულ ენაზე ტრანსკრიფციის ცხრილი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „ჩინეთი ჟამთა სივრცეში“, გვერდი 346(2).
ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ არ გადადიან ჩინელები იეროგლიფურიდან ანბანურ სისტემაზე, მითუმეტეს, რომ უკვე არსებობს ფინიინის სისტემა. რა თქმა უნდა, ამას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი. პირველი არის ის, რომ ფინიინი გამოიყეება სტანდარტული ჩინურის ( ფუთუნგხუა, მანდარინი ) ჩასაწერად, მაგრამ გარდა სტანდარტული ჩინურისა, ჩინეთში არსებობს უამრავი დიალექტი, რომლებიც ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. თუ სამხრეთელი და ჩრდილოელი ჩინელი შეხვდებიან ერთმანეთს და ორივე თავის საკუთარ დიალექტზე დაიწყებს საუბარს, ერთმანეთის საუბარს საერთოდ ვერ გაიგებენ. რადგან ფინიინი ანბანური სისტემაა შექმნილი სტანდარტული ჩინურისათვის, ის ვერ მიესადაგება სხვა დიალექტებს. იმისათვის, რომ ფინიინით ჩაიწეროს სხვა დიალექტები, საჭირო გახდება მისი მრავალჯერადი მოდიფიკაცია. თუმცა, ჩაწერის შემთხვევაში წავაწყდებით მთავარ პრობლემას- შეიძლება წაიკითხო ფინიინით ჩაწერილი დიალექტი, მაგრამ ვერ გაიგებ მნიშვნელობას თუ ენა არ იცი. ესაა ანბანური დამწერლობის პრობლემა. იეროგლიფური დამწერლობა კი მრავალდიალექტიანი ჩინეთისათვის უნივერსალური დამწერლობა ათასწლეულების განმავლობაში იმიტომ იყო, რომ ის აერთიანებს სხვადასხვა დიალექტზე მოსაუბრე ჩინელებს. საქმე ისაა, რომ განსხვავებით ანბანური დამწერლობისაგან, იეროგლიფის მნიშვნელობა უშუალოდ არაა დაკავშირებული მის გამოთქმასთან. მნიშვნელობა არ აქვს შენ გამოთქვამ სტანდარტულ ჩინურზე, კანტონურზე თუ შანხაის დიალექტზე, იეროგლიფის მნიშვნელობა ერთი და იგივეა. ანუ, იეროგლიფებით შედგენილ ერთი და იმავე ტექსტს სხვადასხვა დიალექტის წარმომადგენელი განსხვავებულად კითხულობს, თუმცა წაკითხულის მნიშვნელობას ყველა ერთნაირად გაიგებს. უფრო კარგი აღქმისათვის გავაკეთოთ შედარება არაბულ ციფრებთან. ციფრი 1 განსხვავებულად გამოითქმის სხვადასხვა ენაზე, თუმცა მნიშვნელობა ყველა ენაზე იგივეა. ასევე ხდება იეროგლიფების შემთხვევაშიც. ამიტომაა, რომ იეროგლიფური დამწერლობა შეუცვლელია მრავალი დიალექტის მქონე ჩინელი ხალხისათვის.
მეორე მიზეზი არის თვით ჩინური ენის თავისებურება. ჩინური ენა, სტანდარტული ჩინურიცა და დიალექტებიც არის მარცვლოვანი ენა. სიტყვების უმრავლესობა შედგება ერთი ან ორი მარცვლისაგან. ანტიკური ჩინური თითქმის სრულიად მონოსილაბური ენა იყო, თანამედროვე ჩინურში კი ორმარცვლიანი სიტყვების რიცხვი ჭარბობს. თუმცა, მარცვლების რიცხვი შეზღუდულია. ამის გამო არსებობს უამრავი ომონიმი- სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვებს აქვთ ერთი და იგივე გამოთქმა. ამ შემთხვევაში გამოიყენება ტონები მნიშვნელობის განსასხვავებლად. მაგალითად ავიღოთ „ჭან“ მარცვალის მრავალი მნიშვნელობიდან ორი- ომი და გამოფენა. პირველი გამოითქმის პირველ ტონში, მეორე კი მესამე ტონში. მაგრამ, ერთსა და იმავე მარცვალს ერთ ტონშიც შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელობა. მაგალითად, მარცვალს- „კუ“ მესამე ტონში აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ანტიკური, ძვალი, დაფდაფი, ხეობა, სათევზაო ბადე, ბრმა და ა.შ. თუმცა, თითოეული მათგანი იწერება სხვადასხვა იეროგლიფით. ჩინური ენის ამ თავისებურების შესანიშნავი მაგალითია ჩინელი ენათმეცნიერის- ჭაო იუენჟენის (赵元任) პატარა მოთხრობა- „ამბავი ბატონი შის მიერ ლომების შეჭმისა“(施氏食狮史). ეს მოთრობა იმითაა განსაკუთრებული, რომ შედგება 92 იეროგლიფისაგან და თითოეული მათგანი გამოითქმის, როგორც „ში“ ( “shi” )(16)(50). მოთხრობის სათაური რომ ფინიინში ჩაგვეწერა იქნებოდა- „shi shi shi shi shi” და ასე გაგრძელდებოდა მთელი მოთხრობა. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ფინიინის გამოყენება ძალიან დამაბნეველი იქნებოდა მკითხველისათვის. იეროგლიფების გამოყენება კი ამ პრობლემასაც ხსნის და მნიშვნელობას აზრობრივი გაუგებრობის გარეშე აწვდის მკითხველს.
დღესდღეობით ჩინური იეროგლიფები კომპიუტერულ სისტემებშიც შეიყვანეს, რამაც ახალი სიცოცხლე აჩუქა იეროგლიფებს და მათი ხმარებიდან ამოღების საკითხს საფუძველი გამოაცალა. იეროგლიფები კვლავ რჩება დამწერლობის მთავარ საშუალებად ჩინეთში.
იეროგლიფების რაოდენობა
რამდენი იეროგლიფია ჩინურში? ეს კითხვა აწუხებს როგორც მეცნიერებს, ისე უბრალო დაინტერესებულ პირებს. მოყოლებული დასავლეთ ხანის დინასტიის პერიოდიდან ( ახ.წ. 25-220 ) დღემდე შედგენილია ჩინური იეროგლიფების არაერთი ლექსიკონი და იეროგლიფების საერთო რიცხვი ყველგან განსხვავებულია. რეკორდული მაჩვენებელი იეროგლიფებისა დაფიქსირდა 1994 წელს ჩინეთში გამოცემულ იეროგლიფების ლექსიკონში, რომელიც აერთიანებს 85 568 იეროგლიფს(9). თუმცა, ლექსიკონში გაერთიანებულია თანამედროვე და ანტიკური იეროგლიფები. საქმე ისაა, რომ ამ იეროგლიფების უმრავლესობა ან ე.წ. „მკვდარი იეროგლიფია“, ანუ აღარ არის ხმარებაში, ან კიდევ მხოლოდ სპეციალურ წრეებში გამოიყენება, ძირითადად ლიტერატურაში და არა ყოველდღიურ ცხოვრებაში(62). დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად გამოყენებული 1 000 იეროგლიფი ყოველდღიური პუბლიკაციების 90%-ს შეადგენს, 2 400 იეროგლიფი კი დაახლოებით 99%-ს(37). შესაბამისად, სრულებით არაა საჭირო ყველა იეროგლიფის სწავლა, რათა ყოველდღიურ ცხოვრებაში უპრობლემოდ გამოიყენო იეროგლიფური დამწერლობა. პრაქტიკულად შეუძლებელია იეროგლიფების ზუსტი რიცხვის დადგენა. მიზეზი ისაა, რომ იეროგლიფური დამწერლობა არაა სტატიკური სისტემა, არამედ დინამიკური(3). დღესაც კი იქმნება ახალი იეროგლიფები, თუმცა ისინი ოფიციალურ სისტემაში იშვიათად ხვდებიან. მრავალი იეროგლიფი დაიკარგა, არსებობს ერთი და იმავე იეროგლიფის დაწერის რამდენიმე ვარიანტი, დროის სვლასთან ერთად იეროგლიფების ნაწილი ხმარებიდან გადის და „მკვდარ იეროგლიფად“ იქცევა. ამიტომ, ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია.
ჩინური იეროგლიფები ჩინეთის საზღვრებს გარეთ
რამდენადაც ჩინეთი საუკუნეების განმავლობაში იყო შორეული აღმოსავლეთის კულტურული ცენტრი, ბუნებრივია ჩინური დამწერლობაც გავლენას მოახდენდა მეზობელ ხალხებზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩინური იეროგლიფები ამ რეგიონში ისეთივე ფუნქციას ასრულებდნენ, როგორც ლათინური ანბანი დასავლეთ ევროპაში.
ძვ.წ. 111 წელს დასავლეთ ხანის ( ძვ.წ. 206-ახ.წ. 9 ) ჯარებმა ვიეტნამი დაიპყრეს და აქედან იწყება იეროგლიფების შესვლის ისტორია ვიეტნამში. მართალია მეათე საუკუნეში ვიეტნამმა თავი დაიხსნა ჩინური ბატონობისაგან, მაგრამ იეროგლიფების გამოყენება კვლავ დარჩა პრაქტიკაში. მოგვიანებით ჩინური იეროგლიფების სტრუქტურაზე დაფუძნებით საკუთარი დამწერლობაც შექმნეს, თუმცა ჩინური იეროგლიფები მე-20 საუკუნემდე გამოიყენებოდა ოფიციალური დოკუმენტების შედგენისას. მე-20 საუკუნიდან ვიეტნამში შემოიღეს ლათინურ ანბანზე დაფუძნებული ანბანური დამწერლობა. ჩინური იეროგლიფები კვლავ გამოიყენება სპეციალურ შემთხვევებში, მაგალითად ახალი წელი, ქორწინება და სხვა(9)(18).
კორეაში იეროგლიფების გავრცელება მე-2-5 საუკუნეებში დაიწყო ბუდიზმის შესვლასთან ერთად და კორეული სამეფოების ოფიციალურ დამწერლობად იქცა ჰანჯას სახელწოდებით. მართალია მე-15 საუკუნეში კორეელმა სწავლულების ჯგუფმა შეიმუშავეს ანბანური დამწერლობა- ჰანგული. მაგრამ, მე-19-20 საუკუნეების მიჯნამდე ჰანგულმა ვერ ჩაანაცვლა ფართო გამოყენებაში იეროგლიფური დამწერლობა. მხოლოდ მე-20 საუკუნეში გამოცხადდა ჰანგული კორეის ოფიციალურ დმწერლობად(9)(15).
ერთადერთი ქვეყანა ჩინეთის გარდა, რომელიც ჩინურ იეროგლიფებს დღემდე იყენებს ოფიციალურ დამწერლობად არის იაპონია. იაპონიაში ჩინური იეროგლიფები, კორეის მსგავსად, ბუდიზმის გამო გავრცელდა მე-5 საუკუნეში და ეწოდება კანჯი. აქედან მოყოლებული კანჯის იაპონიის ოფიციალური დამწერლობის სტატუსი აქვს. მეცხრე საუკუნეში შეიქმნა ორი მარცვლოვანი დამწერლობა- კატაკანა და ჰირაგანა, თუმცა მათ ვერ გამოდევნეს კანჯი ხმარებიდან. დღემდე კანჯი ჰირაგანასა და კატაგანასთან ერთად იაპონიის ოფიციალური დამწერლობათაგანია. საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან 2136 იეროგლიფს(9)(20).
ჩინურმა იეროგლიფურმა დამწერლობამ საფუძველი დაუდო მრავალ სხვა დამწერლობასაც ისტორიის განმავლობაში. მაგალითად ხიტანების დიდი და მცირე, ტანგუტების, ჯურჩენების დამწერლობა და ა.შ.(9).
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები
- ზურაბ მამნიაშვილი, ჩინური დამწერლობა, ჩინეთი ჟამთა სივრცეში, 2007.
- ლიუ ყანდარელი-კუანგვენი, მარინე ჯიბლაძე, ნინო დაღუნდარიძე, ჩინური ენის ლათინური ანბანის ქართული ტრანსკრიფციის ცხრილ.
- Чжоу Югуан, МОДЕРНИЗАЦИЯ КИТАЙСКОГО ЯЗЫКА И ПИСЬМЕННОСТИ
http://www.philology.ru/linguistics4/czhou_yuguan-89.htm
- Bagua https://en.wikipedia.org/wiki/Bagua#Fu_Xi_.22Earlier_Heaven.22
- Bai Shouyi, An outline history of China, foreign language press, Beijing, 2002
- Bird-worm seal script https://en.wikipedia.org/wiki/Bird-worm_seal_script
- China Images of civilization, Foreign language press, Beijing, 2010
- Chinese bronze inscriptions
https://en.wikipedia.org/wiki/Chinese_bronze_inscriptions
- Chinese characters
https://en.wikipedia.org/wiki/Chinese_characters#Number_of_characters
- Chinese Character Simplification Scheme
https://en.wikipedia.org/wiki/Chinese_Character_Simplification_Scheme
- Clerical script https://en.wikipedia.org/wiki/Clerical_script
- Cursive script https://en.wikipedia.org/wiki/Cursive_script_(East_Asia)
- Damaidi https://en.wikipedia.org/wiki/Damaidi
- Fang Lili, Chinese Ceramics a history of elegance, China international press, Beijing, 2010.
- Hanja https://en.wikipedia.org/wiki/Hanja#Uses
- Han jiantang, Chinese characters, cultural China series, China international press 2008.
- Imre Galambos, ORTHOGRAPHY OF EARLY CHINESE WRITING: EVIDENCE FROM NEWLY EXCAVATED MANUSCRIPTS, Budapest, 2006
- History of writing in Vietnam
https://en.wikipedia.org/wiki/History_of_writing_in_Vietnam
- James Legge, Book of Changes, http://ctext.org/book-of-changes/xi-ci-xia
- Kanji https://en.wikipedia.org/wiki/Kanji#Kanji_education
- Kan Xuhang, Zhou Qun, The Neolithic Site at Shuangdun Bengbu, 2007.
- http://www.kaogu.cn/uploads/soft/Chinese%20Archaeology/8/The%20Neolithic%20Site%20at%20Shuangdun,%20Bengbu.pdf
- Large seal script https://en.wikipedia.org/wiki/Large_seal_script
- Neolithic signs in China https://en.wikipedia.org/wiki/Neolithic_signs_in_China
- NEOLITHIC CHINA: BEFORE THE SHANG DYNASTY, Indiana University, History G380 – class text readings – Spring 2010 – R. Eno.
- Nicolas Postgage, Tao Wang, Toby Wilkinson, The evidence for early writing: Utilitarian or Ceremonial? 1994
- Norman Jerry, Chinese script, Cambridge university press, 1988
- Pinyin, https://en.wikipedia.org/wiki/Pinyin#Wade–Giles
- Qiu xigui, Chinese writing, translated by G Mattos and Jerry Norman, 2000.
- Regular script https://en.wikipedia.org/wiki/Regular_script
- Robert Eno, inscriptional records of the western Zhou, 2012
- Sampson, Zhiqun, The reality of compound ideographs, Journal of Chinese linguistics, vol, 41, 2013
- Shizhoupian https://en.wikipedia.org/wiki/Shizhoupian
- Simplified Chinese characters
https://en.wikipedia.org/wiki/Simplified_Chinese_characters
- Small seal script https://en.wikipedia.org/wiki/Small_seal_script
- The Earliest Writing? Sign Use in the Seventh Millennium BC at Jiahu, Henan Province, China. Xueqin Li, juzhong Zhang, Changsui Wang, German Harbottle, 2015.
- Tingyou Chen, Chinese Calligraphy, Cultural China Series, China Intercontinental Press, 2009.
- Victor Mair, Who has The biggest dictionary?, 2008
http://languagelog.ldc.upenn.edu/nll/?p=695
- Wiebke Denecke, Wai-Yee Li, Xiaofei Tian , The Oxford Handbook of Classical Chinese Literature (1000 BCE-900CE),
- William G. Boltz, Language and writing, Cambridge history of ancient China, 1999.
- William G. Boltz, The origin and early development of the Chinese writing system, 1994..
- 本草纲目
- 關 子 尹, 六書學說的現象學詮釋, 2015
- 何志華, 唐宋類書徵引《淮南子》資料彙編,
- 易经全文(繁体字)
http://www.chineseclassic.com/sites/default/files/field/image/yi_ching.pdf
- 韩鉴堂,中国文化,北京语言大学出版社,1999
- 汉书,艺文志,http://ctext.org/han-shu/yi-wen-zhi
- 六书https://zh.wikipedia.org/wiki/%E5%85%AD%E6%9B%B8
- 吕氏春秋, http://so.gushiwen.org/guwen/bookv_4082.aspx
- 鸟虫篆
https://baike.baidu.com/item/%E9%B8%9F%E8%99%AB%E7%AF%86/6614569?fr=aladdin
- 施氏食獅史
https://zh.wikipedia.org/wiki/%E6%96%BD%E6%B0%8F%E9%A3%9F%E7%8D%85%E5%8F%B2
- 司马迁,史记,辽海出版社,2015
- 书经http://so.gushiwen.org/guwen/bookv_3120.aspx
- 说文解字 序言http://ctext.org/han-shu/yi-wen-zhi
- 田率, 文物背后的中国历史,
- 宛华, 中华上下五千年,北京,2013
- 王充,论衡-骨相,第十一卷, http://www.8bei8.com/book/lunheng_12.html
- 文选上,电子图书,学校专集,http://bjzc.org/lib/45/wxls/ts045011.pdf
- 行书https://zh.wikipedia.org/wiki/%E8%A1%8C%E4%B9%A6
- 许嘉璐,古代汉语 上, 高等教育出版社,北京, 1992。
- 荀子,第二十一篇解蔽,http://www.ziyexing.com/files-5/xunzi/xunzi_21.html
许慎,说文解字, 中华书局版
https://zh.wikipedia.org/wiki/%E4%B8%AD%E5%8D%8E%E5%AD%97%E6%B5%B7
Discussion about this post