ჩინურ იეროგლიფურ დამწერლობას მსოფლიოში არსებულ დამწერლობათა შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. დაწყებული ძვ.წ. მე-13 საუკუნიდან დღემ დე ჩინური იეროგლიფები უწყვეტად ვითარდებოდნენ. თანამედროვე მსოფლიოში ანბანურ დამწერლობათა შორის ჩინური იეროგლიფები ანტიკურობისა და ეგზოტიკურობის იერს ატარებენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ დამწერლობის სწავლა ჭეშმარიტების ძიებას ჰგავს- რაც არ უნდა ღრმად შეისწავლო, მაინც ვერ ამოწურავ მას. ათასწლეულების განმავლობაში დაგროვებული იეროგლიფების უზარმაზარი რაოდენობა ერთი შეხედვით დამაფრთხობელია ახალბედასთვის, მაგრამ სწავლის დაწყებასთან ერთად მორევივით გითრევს მისი მასშტაბურობა და სილამაზე. დღესდღეობით ჩინური იეროგლიფები იმდენად ღრმადაა შერწყმული ჩინეთის ისტორიასა და კულტურასთან, რომ ჩინეთის გაგება იეროგლიფების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია. ქვემოთ ჩვენ ვეცდებით ქართველ მკითხველს მივაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია ჩინური იეროგლიფური დამწერლობის ჩასახვის, განვითარებისა და მისი სტრუქტურის შესახებ.
ტრადიციული ჩინური ლეგენდები დამწერლობის შექმნაზე
ჩინურმა მწერლობამ შემოგვინახა რამდენიმე ლეგენდა ანტიკური პერიოდის ჩინეთიდან დამწერლობის შექმნის შესახებ. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ლეგენდები ცანგ ძიესა (仓颉) და პაკუაზე (八卦).
პირველი ისტორიული წყარო, რომელშიც ცანგ ძიე იხსენიება არის ძვ.წ. IV-III საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი კონფუციანელი ფილოსოფოსის- სუნ წ’ის ( 荀子) ნაშრომები. თუმცა, სუნ წი ცანგ ძიეს არ ასახელებს დამწერლობის შემქმნელად, არამედ უბრალოდ ამბობს, რომ ის საუკეთესო მწიგნობარი იყო თავის ეპოქაში (60). ძვ.წ. III საუკუნის ნაწარმოებებში, როგორიცაა ლეგალისტი ხან ფეიწის (韩非子) ჩანაწერები, ცინის იმპერიის ( 秦朝- ძვ.წ. 221-206 ) მთავარი მინისტრის- ლი სი(李斯)-ს „ცანგძიეფიან“(仓颉篇) და ცინის სამეფოში შექმნილი ენციკლოპედია-„ლუ-ს კლანის ჩუნციუ“ (吕氏春秋)უკვე ცანგ ძიეს მიაწერენ იეროგლიფების შექმნას (48). თუმცა, ხანის დიანსტიამდე ცნობები ცანგ ძიეზე ძალიან მწირი და მშრალია.
ხანის დინასტიის ეპოქაში ( 汉朝- ძვ.წ. 206- ახ.წ. 220 ) უკვე ვხვდებით შედარებით გაშლილ თხრობას ცანგ ძიეზე. ძალიან საინტერესოა ძვ.წ. II საუკუნეში შედგენილი „ხუაი ნან წი“( 淮南子 ), სადაც წერია- „როცა ცანგ ძიემ შექმნა იეროგლიფები, ღმერთებმა ტირილი დაიწყეს, ციდან მარცვლეულის წვიმა წამოვიდა“(43). აქ კარგადაა ნაჩვენები, რომ ადამიანები ხვდებოდნენ რამდენად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დამწერლობის შექმნა.
ახ.წ. I საუკუნის ცნობილმა ფილოსოფოსმა- ვანგ ჩონგმა (王充) პირველმა მიაწერა ცანგ ძიეს ნახევრად ლეგენდარული ყვითელი იმპერატორის კარის ისტორიკოსობა და ოთხი თვალის ქონა(56). ახ. წ. I –II საუკუნეებში სუ შენმა (许慎) შეადგინა ჩინეთის ისტორიაში უძველესი იეროგლიფთა ახსნა-განმარტებითი, ანალიზური ლექსიკონი- „სიმბოლოების ახსნა და ნიშნების გაანალიზება“( 说文解字 ). სუ შენი ადასტურებს ვანგ ჩონგის ვერსიას და ამბობს, რომ ცანგ ძიე ყვითელი იმპერატორის კარის ისტორიკოსი იყო(62)(59). გარდა ამისა, სუ შენი გვამცნობს, თუ როგორ შექმნა ცანგ ძიემ იეროგლიფები. მისი თქმით ცანგ ძიემ ჯერ შექმნა მარტივი, რამდენიმეშტრიხიანი იეროგლიფები, შემდეგ კი ამ იეროგლიფების ფორმებისა და ხმების დაკავშირებით შექმნა უფრო რთული იეროგლიფები(62)(38). სუ შენის ამგვარი ახსნა იეროგლიფების შექმნისა ძალიან საინტერესოა. რეალურად, იეროგლიფების შედგენის ექვსი მეთოდიდან ( 六书 ), ყველაზე პროდუქტიული და ხშირად გამოყენებადი – ფორმისა და ხმის ( 形声 )- იდეოფონოგრამული მეთოდი გულისხმობს ახალი იეროგლიფის შექმნას ორი არსებული იეროგლიფით, რომლიდანაც ერთი მიუთითებს მნიშვნელობას, მეორე კი გამოთქმას.
განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან წყაროები, თუ როგორ შექმნა ცანგ ძიემ იეროგლიფები. „ბამბუკის ანალებისა“ ( 竹书纪念-ძვ.წ. III ს. ) და „კომენტარები წყლის წიგნზე“ ( 水经注-ძვ.წ. IV-III ) მიხედვით ცანგ ძიემ იეროგლიფები შექმნა მდინარე ლუო-ს ( 洛 ) მოძრაობაზე დაკვირვებით. ჭანკუოს პერიოდში ( ძვ.წ. 476-221 ) დაწერილი „ხე კუანწის“ (鶡冠子) მიხედვით ის კუს ბაქანზე დაკვირვებამ მიიყვანა იეროგლიფების აღმოჩენამდე. სუ შენის ვერსიით ცანგ ძიე დააკვირდა და შეისწავლა ცხოველებისა და ფრინველების ნაკვალევი. ამ ფორმებზე დაყრდნობით კი შექმნა იეროგლიფები(59).
ტრიგრამები
ზოგიერთი ანტიკური ჩინური წყაროს მიხედვით იეროგლიფების შექმნა დაკავშირებულია პაკუასთან. კერძოდ, ხანის დინასტიის ( ძვ.წ. 206 – ახ.წ. 220 ) დროს შედგენილი რელიგიურ-წინასწარმეტყველური წიგნი „ი ვეი“ ( 易纬 ) ამბობს, რომ ცანგ ძიემ პაკუა გამოიყენა იეროგლიფების შესაქმნელად(59). თუმცა, ასევე არის რამდენიმე ჩინური წყარო, რომელიც პაკუას პირველ დამწერლობად თვლის. მაგალითად, მეექვსე საუკუნეში ვენ სუენის მიერ შედგენილი ერთ-ერთი უძველესი ჩინური ლიტერატურის ანთოლოგიაში ვკითხულობთ: „კვანძების შეკვრა განვითარდა და მოგვცა პაკუას დამწერლობა“(57). პაკუა ( 八卦- bagua ) ეწოდება რვა ტრიგრამას, რომლებიც ტაოისტური კოსმოლოგიის ცენტრს წარმოადგენენ. პაკუას ტრიგრამები ეწოდება იმიტომ, რომ თითოეული მათგანი შედგენილია სამი ხაზისაგან. ხაზები იყოფა ორ- დაყოფილ და დაუყოფელ ნაწილებად. დაუყოფელი ხაზი არის იანის სიმბოლო, დაყოფილი- ინის. სამი დაუყოფელი ხაზი ერთად განასახიერებს სრულ იანს-☰ , სამი დაყოფილი ხაზი ერთად კი სრულ ინს- ☷. პაკუა დალაგებულია თანმიმდევრობით სრული იანიდან სრულ ინამდე- ☰,☱,☲,☳,☴,☵,☶,☷. დროთა განმავლობაში პაკუა დაუკავშირდა ასტრონომიას, კოსმოლოგიას, ანატომიას, გეომეტრიას. დღეს უკვე პაკუა ჩინური კულტურისა და რწმენა-წარმოდგენების განუყოფელი ნაწილია(16). უძველესი ჩინური დოკუმენტის- „ი ძინგის“ (易经) ანუ „ცვლილებათა წიგნის“ ( ძვ.წ. 11-7 სს ) მიხედვით- ფუ სიმ ციურ სხეულებზე, დედამიწის ზედაპირზე, ცხოველების ბალანზე, ფრინველების ბუმბულზე და ადამიანის სხეულზე დაკვირვებით შექმნა პაკუა(44). მიუხედავად იმისა, რომ პაკუასა და რამდენიმე იეროგლიფს შორის მსგავსება არის, მაგალითად პირველი პაკუა-☰ და სამის აღმნიშვნელი იეროგლიფი 三 (სან), მეექვსე პაკუა- ☵ და წყლის აღმნიშვნელი იეროგლიფი 水 (შუეი), მაგრამ აშკარაა, რომ პაკუას არ აქვს იმის გრაფიკული საფუძველი გამხდარიყო მრავალფეროვანი ფორმების მქონე ჩინური იეროგლიფების შექმნის წყარო(16).
ტრადიციული ჩინური მწერლობის მიხედვით იეროგლიფების შექმნას ჩინეთში წინ უძღოდა კვანძების დამწერლობა. ზემოთხსენებული „ცვლილებათა წიგნის“ კომენტარების მიხედვით დამწერლობის შექმნამდე საქმეთა ჩასაწერად იყენებდნენ კვანძების მეთოდს (16)(19). კვანძების დამწერლობის არსებობას იეროგლიფებამდე ადასტურებს სუ შენიც „სიმბოლოების ახსნა და ნიშნების გაანალიზებაში“ (61)(59). ისტორიაში დადასტურებულია კვანძების გამოყენება დამწერლობის საშუალებად. ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებული იყო სამხრეთ ამერიკის ინდიელებში. მათ შორის ყველაზე ცნობილია ინკების იმპერიის კვანძური დამწერლობა- კიპუ. თუმცა, დღესღეობით შეუძლებელია გადაჭრით მტკიცება იმისა, არსებობდა თუ არა ჩინეთშიც კვანძური დამწერლობა. რადგან კვანძის გასაკეთებელი მატერია სწრაფად იხრწნება, შესაბამისად არქეოლოგიური მასალებიც არ არსებობს. თუმცა, შანგის დინასტიის იეროგლიფების მოხაზულობაზე დაყრდნობით, ზოგიერთი მეცნიერები ვარაუდობს, რომ შესაძლებელია კვანძური დამწერლობა მართლაც არსებობდა იეროგლიფთა შექმნამდე, იეროგლიფების შექმნის შემდეგ კი მისი ფორმები შემორჩა სათვლელ და რამდენიმე სხვა იეროგლიფში(16)
დამწერლობამდელი ნიშნები
საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ დღემდე ჩვენს ხელთ არსებული ჩინური დამწერლობის მატერიალური მასალებიდან უძველესი იეროგლიფები არის შანგის დინასტიის ( ძვ.წ. 1600-1045 ) პერიოდის ე.წ. სამკითხაო ქვების წარწერები-ძიაკუვენი ( 甲骨文 ) და წარწერები ბრინჯაოს ნაკეთობებზე- ძინვენი (金文) , რომლებიც დაახლოებით თანადროულად- ძვ.წ. XIII- XII საუკუნეების მიჯნაზე ჩნდებიან. ძიაკუვენი და ძინვენი უკვე შემდგარი დამწერლობებია, რომლებსაც განვითარების ყველა დონე აქვთ გავლილი. ჯერ კიდევ არაა აღმოჩენილი ჩინური იეროგლიფური დამწერლობის ადრეული, ჩამოყალიბების პერიოდის მასალები. თუმცა, ნეოლითური და ადრებრინჯაოს კულტურების სწავლისას გამოჩნდა ნიშან-სიმბოლოები, რომლებსაც ზოგიერთი თანამედროვე ენათმეცნიერი ძიაკუვენის წინაპრად თვლის. ასეთი ნიშნები გასდევს მთელ ნეოლითის პერიოდს, დაწყებული ადრენეოლითური ფეილიკანგის კულტურიდან ( 裴李岗 ძვ.წ. 7500-5000 ), შემდეგში შუანეოლითურ იანშაოს კულტურაში ( 仰韶- ძვ.წ. 5000- 3000 ) და ბოლოს გვიანნეოლითურ ტავენქოუსა ( 大汶口 ძვ.წ. 4100-2000 ) და ლონგშანის ( 龙山 ძვ.წ. 3000-2000 ) კულტურებში და გრძელდება ადრებრინჯაოს ერლითოუს კულტურაშიც ( 二里头 ძვ.წ. 1900-1500 ). ამ ნიშან-სიმბოლოებს ჰყოფენ ორ ჯგუფად: გეომეტრიული და ნახატისებრი სიმბოლოები.
უძველესი ნიშნები აღმოჩენილია ძიახუს არქეოლოგიურ გათხრებზე, რომელიც ფეილიკანგის კულტურას მიეკუთვნება. ძიახუ თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. მე-7-6 ათასწლეულებით. კუს ბაქანზე და ძვლებზე ამოკაწრული 16 ნიშანი ძიაკუვენის დამწერლობასთან მსგავსებას ავლენს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ისევე როგორც ძიაკუვენზე, ძიახუს ნიშნებიც კუს ბაქანსა და ძვალზეა შესრულებული(23)(35).
პირველ სურათზე მარჯვნიდან პირველი სვეტი არის ძიაკუვენი, მეორე თანამედროვე ფორმა იეროგლიფებისა, ხოლო მეორე სურათზე გამოსახულია ოთხი ნიშან-სიმბოლო ძიახუს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი.. პირველი და ბოლო ნიშნები ძიაკუვენისა, რომლებიც შესაბამისად ნიშნავს „თვალს“ და „დღეს“, ძალიან ჰგავს ძიახუს პირველ და ბოლო ნიშნებს. ასეთი დამთხვევების გამო ზოგიერთმა მეცნიერმა ძიახუს ნიშნები უძველეს დამწერლობად გამოაცხადა. თუმცა, მეცნიერთა მეორე ჯგუფი აღნიშნავს, რომ ქრონოლოგიური დაშორება ძიახუსა და ძიაკუვენის სიმბოლოებს შორის არის დაახლოებით 5 000 წელი. თუ ძიახუს ნიშნები მართლაც დამწერლობა იყო, შეუძლებელია ეს ნიშნები 5 000 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე შემორჩენილიყო შანგის დიანსტიამდე და ძიაკუვენის დამწერლობაში ასახულიყო(23).
უფრო კომპლექსურია ტამაიტის ( 大麦地 ძვ.წ. 6600-6200 ) სიმბოლოები. აქ საერთო ჯამში არის კლდეზე ნაკვეთი 3172 სიმბოლო. მათი უმეტესობა ნახატისებრი ფორმისაა(13).
ადრენეოლითური ხანისაა ანხუეის პროვინციაში (安徽省) შუანგტუენის კულტურის კერამიკაზე შემორჩენილი 80-მდე სიმბოლო. ეს სიმბოლოები მარტივი და უხეში ფორმისაა. ძირითადად აქვთ ერთი ან რამდენიმე სწორი ხაზის, ოვალის, ბადის, წრის ფორმა(21).
შუანეოლოთური პერიოდიდან, განსაკუთრებით კი იანგშაოს კულტურაში აქტიურად დაიწყო კერამიკის მოხატვა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ კერამიკაზე შემორჩენილია სხვადასხვა ორნამენტები, ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებები ( რომლებიც სავარაუდოდ საგვარეულო სიმბოლო უნდა ყოფილიყო და გაურკვეველი ფუნქციის ნიშნები(14)(24). სწორედ ეს უკანასკნელი ჯგუფი არის არქეოლოგთა და ენათმეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღების საგანი. იანგშაოს კულტურის პანფოს ნასახლარში აღმოჩენილია 22 ნიშან-სიმბოლო, რომელიც გეომეტრიულ სიმბოლოთა ჯგუფში შედის(7). მათ მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ ისინი ძალიან ჰგავან ადრებრინჯაოს ხანის ერლითოუს კულტურის კერამიკაზე აღმოჩენილ ასევე გეომეტრიულ ნიშნებს(16). თავის მხრივ, არაერთი მეცნიერი ( განსაკუთრებით ჩინელები ) ერლითოუს კულტურას ჩინეთის ნახევრადლეგენდარული პირველი მმართველი დინასტიის- სიას დინასტიის არქეოლოგიურ ძეგლად თვლიან.
პანფოში აღმოჩენილი ნიშნები
ერლითოუში აღმოჩენილი ნიშნები
ძიაკუვენის დამწერლობა
აშკარაა მსგავსება პანფოსა და ერლითოუ ნიშნებს შორის. ძიაკუვენის იეროგლიფებიც მოხაზულობის სისწორითა და მოუხეშაობით უახლოვდება მათ.
არის თუ არა ნეოლითური და ადრებრინჯაოს პერიოდის კულტურებში აღმოჩენილი ნიშან-სიმბოლოები დამწერლობა ან დამწერლობის საფუძველი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა განიმარტოს რა არის დამწერლობა. თუმცა კი, დღემდე მეცნიერთა შორის არ არსებობს ერთი შეთანხმებული განმარტება დამწერლობისა და თუ როდის შეიძლება გარკვეულ ნიშან-სიმბოლოებს ეწოდოს დამწერლობა. ნაწილი მეცნიერებისა თვლის, რომ დამწერლობა არის იმ ნიშნების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება ენის ჩასაწერად. მეორე ნაწილის აზრით კი ის ნიშან-სიმბოლოებიც, რომლებიც გამოიყენება რაიმე აზრის ან ემოციის გადმოსაცემად, ასევე შეიძლება იწოდოს დამწერლობად(28). მეცნიერთა უმრავლესობა ( უმეტესად დასავლელები ) გადაჭრით ამბობს, რომ ჩინეთში აღმოჩენილი ნეოლითური და ადრებრინჯაოს ხანის ნიშან-სიმბოლოები არ შეიძლება იყოს დამწერლობა. ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტია ძიახუს ნიშნების განხილვისას მოყვანილი არგუმენტი- თუ ეს ნიშან-სიმბოლოები მართლაც დამწერლობაა, მაშინ ძიაკუვენთან ასეთ ახლო მსგავსებას არ უნდა ამჟღავნებდეს, დროთა განმავლობაში ევოლუცია უნდა განეცადა. ასევე, ამ ნიშან-სიმბოლოების დათარიღება საკმაოდ დიდ ქრონოლოგიურ ჩარჩოს მოიცავს ( ძვ.წ. 7-2 ათასწლეულები ) და მათი რიცხვიც ძალიან მცირეა. შედარებისთვის, შანგის დინასტიის ბოლო წლების 150 000-მდე სამკითხაო ქვის ნატეხზე 4 800-მდე იეროგლიფია შემორჩენილი. მეცნიერთა განმარტებით ნეოლითური ხანის ნიშან-სიმბოლოები ძალიან ცოტა და უსისტემოა იმისათვის, რომ დამწერლობა იყოს. გარდა ამისა, ჩვენ ვსაუბრობთ ნეოლითურ და ადრებრინჯაოს ხანაზე. იყო თუ არა საჭიროება ამ პერიოდში დამწერლობისა? დამწერლობა იქმნება განვითარების მაღალი დონის ძლიერსტრატიფიცირებულ საზოგადოებაში. ისე, როგორც ეს მოხდა შუამდინარეთსა და ეგვიპტეში. ჩინეთის ნეოლითური პერიოდის კულტურები კი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდენ.
უფრო ახლოს შეიძლება იდგეს ჭეშმარიტებასთან ის ვარაუდი, რომ ამ ნიშან-სიმბოლოებისაგან ისესხა ფორმები შემდგომ ეპოქაში დამწერლობამ. როგორც ვთქვით, ძიაკუვენი უკვე ჩამოყალიბებული დამწერლობაა. უფრო ადრინდელი, ჩამოყალიბების პერიოდში მყოფი დამწერლობის ნიმუშები დღემდე არაა აღმოჩენილი. ბუნებრივია, როდესაც გაჩნდებოდა საჭიროება დამწერლობის შესაქმნელად, სულაც არაა გამორიცხული, რომ ფორმა-მოხაზულობა ესესხათ ათასწლეულების განმავლობაში დაგროვებული ნიშან-სიმბოლოებიდან. დღეს უკვე შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ რა დანიშნულება ჰქონდათ ამ ნიშან-სიმბოლოებს თავისი შექმნის დროს. სავარაუდოდ, მათ ჰქონდათ გარკვეული სემანტიკური დატვირთვა, მაგრამ თქმა იმისა, რომ ისინი იყვნენ დამწერლობის ნაწილი, თავისი გამოთქმა-მნიშვნელობითა და ყველა გრამატიკული ნიუანსით, მართებული არ უნდა იყოს.
დამწერლობის შექმნის საფეხურები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ძიაკუვენი და ძინვენი არის ჩამოყალიბებული დამწერლობა. რა საფეხურები გაიარა დამწერლობამ, სანამ ამ ეტაპამდე მიაღწევდა? მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს განვითარების ამ ეტაპის არქეოლოგიური მასალები, მომდევნო ეპოქების დამწერლობის ნიმუშებიდან და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ჩამოყალიბებული დამწერლობების ევოლუციის ისტორიიდან შესაძლებელია მისი აღდგენა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი- უილიამ ბოლცი გვთავაზობს საწყისი დამწერლობების ჩამოყალიბება-განვითარების სამსაფეხუროვან პროცესს, რომელიც ერთნაირად ახასიათებს ჩინური ნიშან-სიმბოლოების, ეგვიპტური იეროგლიფების, შუმერულ ლურსმულსა და მაიას იეროგლიფების დამწერლობას. ეს სამი საფეხურია- ზოდიოგრამა, მულტივალენტობა და დეტერმინანტი(39).
ხშირად, დამწერლობის წარმოქმნაზე საუბრისას წიგნებში შევხვდებით ხოლმე ტერმინს პიქტოგრამა- საგნის გამომსახველობითი ნიშან-სიმბოლო, რომელიც დამწერლობის საწყისი ეტაპია. თუმცა, ბოლცი უარყოფს პიქტოგრამის დამწერლობის სისტემაში შეყვანას. მისი განმარტებით, პიქტოგრამა არის რაიმე საგნის გამომსახველობითი სიმბოლო და მიმსგავსების საფუძველზე აღნიშნავს საგანს. დამწერლობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როცა ეს სიმბოლო არა საგანს, არამედ ენაში საგნის აღმნიშვნელ ბგერათა ჯგუფს მიემართება(39)(40). ზოდიოგრამა კი არის ისეთი პიქტოგრაფიული წარსულის მქონე ლოგოგრამა, რომელიც დაკავშირებულია ენაში არსებულ ბგერათა გარკვეულ თანმიმდევრობასთან, ანუ აქვს თავისი განსაზღვრული გამოთქმა(40). იმ დროიდან, როცა გაჩნდა ზოდიოგრამა, ანუ პიქტოგრამა აღნიშნავდა არა საგანს, არამედ საგნის შესაბამის სიტყვას ენაში, გაქრა საჭიროება სიმბოლოების მსგავსებისა აღსანიშნი საგნისადმი. სიმბოლო უკვე უკავშირდებოდა ენას, ხოლო ენაში კავშირი აღსანიშნსა ( ცნება ) და აღმნიშვნელს ( შესაბამისი გამოთქმა ) შორის არის პირობითი. სწორედ ამიტომაა, რომ პიქტოგრაფიული წარსულის მქონე ლოგოგრამები შანგის პერიოდის დამწერლობაშიც კი მცირე რაოდენობითაა. ანუ დამწერლობის ჩამოყალიბების პირველ ზოდიოგრამულ ეტაპზე მთავარი სიახლე, რამაც არადამწერლობიდან დამწერლობამდე მიგვიყვანა, იყო ნიშან-სიმბოლოების ფონეტიზაცია- დაკავშირება ფონეტიკურ ერთეულებთან და არა უშუალოდ საგანთან.
ფონეტიზაციამ მოსპო საჭიროება იმისა, რომ ნიშან-სიმბოლო ფორმით აღსანიშნ საგანს მსგავსებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოდიოგრამების რაოდენობა საკმარისი არ იქნებოდა ენაში არსებული ყველა სიტყვის საწერად. გაჩნდა ფორმების დეფიციტი. გამოსვალი იყო არსებული ნიშან-სიმბოლო მიესადაგებინათ გამოთქმით მსგავს, მაგრამ მნიშვნელობით განსხვავებული სიტყვისათვის. უმეტესად ეს მეორე იყო ისეთი სიტყვა, რომლის მიმსგავსებითი გამოსახვა შეუძლებელი იქნებოდა, მაგალითად აბსტრაქტული შინაარსის სიტყვები. ნიშან-სიმბოლოების ასეთ გამოყენებას ეწოდება რებუსი, ან პარონომასტიკა. პარონომასტიკის გამოყენება აშკარაა ძიაკუვენსა და შემდეგი პერიოდების დამწერლობებშიც. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.
ზოდიოგრაფული ეტაპი პარონომასტიკული ეტაპი
足 zu „ფეხი“ zu „საკმარისი“
又 you „ხელი“ you „კვლავ“
自 zi „ცხვირი“ zi „პიროვნება, დაწყება“
云 yun „ღრუბელი“ yun „თქმა“
莫 mu „ბინდი“ mo „არავინ“
პარონომასტიკის გამოყენება იმდენად შორს წავიდა, რომ ხანის დინასტიამდელი და ადრეული ხანის დინასტიის ( ძვ.წ. 206- ახ.წ. 220 ) ხელნაწერებში, განსაკუთრებით კი მავანგტუის სარკოფაგში აღმოჩენილ ხელნაწერებში, მრავლადაა შემთხვევა, როცა ერთნაირი გამოთქმის მქონე იეროგლიფები ერთმანეთს ენაცვლებიან, მიუხედავად მათი საკუთარი სემანტიკური ღირებულებისა. ბოლცის აზრით ეს იყო აშკარად ნიშანი იეროგლიფების ანბანური სტილისკენ ევოლუციისა, თუმცა ეს პროცესი ჩინეთში შეჩერდა ცინისა და ხანის დინასტიების პერიოდში ორთოგრაფიის მკაცრი რეგულაციით(38). თუმცა, მეცნიერთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩინეთში არ შეინიშნება დინამიკა ანბანური დამწერლობისკენ სვლისა. მათ მაგალითად მოჰყავთ ძვ.წ. მე-5 საუკუნის სუმა-ს ტექსტები, სადაც მავანგტუის მსგავსი ფენომენი შეინიშნება. სუმას ტექსტებიდან 3 საუკუნის შემდეგ იგივე ფენომენს ვხვდებით მავანგტუიში და თითქმის იმავე დონეზე. განსხვავების სიმცირე მიუთითებს იმაზე, რომ ტენდენცია ანბანური სისტემისკენ ცვლისა არ შეინიშნება(17).
პარონომასტიკის საშუალებით ერთი იეროგლიფი გამოსახავდა გამოთქმით მსგავს, მაგრამ მნიშვნელობით განსხვავებულ სიტყვებს. ბუნებრივია, გაჩნდა იდეა იმისა, რომ ერთი და იმავე იეროგლიფით ასევე გამოესახათ მნიშნელობით მსგავსი, მაგრამ გამოთქმით განსხვავებული სიტყვები. იეროგლიფების ასეთ გამოყენებას პოლიფონია ეწოდება. პოლიფონია, ისევე როგორც პარონომასტიკა, ძიაკუვენის დამწერლობაშივე დასტურდება. მაგალითად მოვიყვანოთ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხშირად გამოყენებადი იეროგლიფები- 口 ქოუ- პირი, რომელსაც ასევე ჰქონდა მეორე გამოთქმა- მინგ- დაძახება; 月 იუე- მთვარე, მინგ- განათებული, ნათება; 禾 ხ’- მარცვლეული, ნიენ- მოსავალი, წელი. სამივე შემთხვევაში სემანტიკური კავშირი ერთი იეროგლიფის ორ მნიშნელობას შორის აშკარაა, თუმცა კი გამოთქმა აბსოლუტურად განსხვავებულია.
პარონომასტიკა და პოლიფონია დამწერლობის განვითარების მულტივალენტობის საფეხურია. ამ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობის ნიშან-სიმბოლოებმა შეძლეს გამოეხატათ ენის მდიდარი ლექსიკა. თუმცა, წარმოიქმნა ახალი პრობლემა. პარონომასტიკამ და პოლიფონიამ ერთ იეროგლიფთან დაკავშირებული მნიშვნელობებისა და გამოთქმების რაოდენობა გაზარდა. როგორ უნდა გაეგო მკითხველს, როდის რომელი მნიშვნელობა ან გამოთქმა იგულისხმებოდა? გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ყველა თავდაპირველ დამწერლობაში, და მათ შორის ჩინურშიც დაიწყეს დეტერმინანტების გამოყენება. დეტერმინანტი არის მარტივი სიმბოლო, რომელიც საჭიროებისამებრ ემატება იეროგლიფს და აკონკრეტებს მის გამოთქმას თუ მნიშვნელობას. ჩინურ დეტერმინანტებს ქართულად იეროგლიფის გასაღებსაც უწოდებენ (1). რამდენადაც პარონომასტიკა განსხვავებულ მნიშვნელობებს ანიჭებდა იეროგლიფს, პოლიფონია კი განსხვავებულ გამოთქმას, შეიქმნა ორი სახის დეტერმინანტი- სემანტიკური ( პარონომასტიკის შემთხვევაში ) და ფონეტიკური ( პოლიფონიის შემთხვევაში ). რადგანაც უძველეს ტექსტებში იეროგლიფები უკვე დეტერმინანტებთან ერთად იხმარება, საკმაოდ რთულია სემანტიკური და ფონეტიკური დეტერმინანტების გამოყოფა. დეტერმინანტის მოქმედების გასაგებად უმჯობესია მაგალითების გამოყენება. დავიწყოთ სემანტიკური დეტერმინანტი, რომელიც პარონომასტიკის შემთხვევაში მიუთითებს იეროგლიფის მნიშვნელობაზე:
云 იუნ- თქმა 雲 იუნ-ღრუბელი ( დეტერმინანტი 雨- წვიმა )
莫 მო- არავინ 暮 მუ- ბინდი ( დეტერმინანტი 日- მზე, დღე )
象 სიანგ- სპილო 像 სიანგ- სურათი ( დეტერმინანტი 人- ადამიანი )
სულაც არაა აუცილებელი, რომ პარონომასტიკური გამოყენება იეროგლიფისა მხოლოდ ორი მნიშვნელობით შემოფარგლულიყო. ზოგიერთ იეროგლიფს გაცილებით მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, შესაბამისად მასთან გამოყენებულია ბევრი დეტერმინანტი. ამის შესანიშნავი მაგალითია იეროგლიფი 莫 და მისი პარონომასტიკული „ნათესავების“ არასრული სია:
幕 მუ- კარავი, ფარდა ( დეტერმინანტი 巾- ტანსაცმლის ნაჭერი, შარფი… )
墓 მუ- სამარხი ( დეტერმინანტი 土- მიწა )
模 მუ- მოდელი, სტანდარტი ( დეტერმინანტი 木- ხე )
募 მუ- მოხმობა, შეკრება ( დეტერმინანტი 刀- დანა )
慕 მუ- სურვილი, ნატვრა ( დეტერმინანტი 心- გული )
摸 მო- შეხება ( დეტერმინანტი 手- ხელი )
膜 მო- დაჩოქება ( დეტერმინანტი 肉- ხორცი, სხეულის ნაწილი )
რაც შეეხება ფონეტიკურ დეტერმინანტებს, მათი ამოცნობა კიდევ უფრო რთული საქმეა. მაგალითად ავიღოთ ზემოთ განხილული იეროგლიფი 口 ქოუ- პირი, რომელსაც უძველეს დროში ჰქონდა მეორე გამოთქმაც- მინგ- ძახილი. იეროგლიფ 口-დან ფონეტიკური დეტერმინანტით ნაწარმოები იეროგლიფებია- 名 მინგ- სახელი, 鸣- ჩიტების ხმა. პირველ შემთხვევაში 名- 口-ს დაემატა 夕, 夕არის 月-ს ერთ-ერთი გამოსახულება ძველ ტექსტებში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარდა იმისა, რომ 月 ნიშნავს იუე-მთვარეს, ასევე ნიშნავს მინგ-ნათება. ანუ იეროგლიფ 名-ის ნაწილი 夕(月) მიუთითებს გამოთქმას და არის ფონეტიკური დეტერმინანტი.
იეროგლიფ-დეტერმინანტის ასეთი ურთიერთობის შედეგად გაჩნდა ახალი იეროგლიფების შექმნის ყველაზე მოსახერხებელი და ხშირად გამოყენებადი მეთოდი- 形声 „ფორმა და გამოთქმა“, რომელიც გულისხმობს, რომ იეროგლიფის ერთი ნაწილი მიუთითებს მნიშვნელობაზე, მეორე კი გამოთქმაზე. იეროგლიფ 摸-ს შემთხვევაში 莫 ( „არავინ“ ) არის ფონეტიკური ნაწილი და მიუთითებს გამოთქმას- მო, ხელის გასაღები ( დეტერმინანტი ) 手 („შოუ“ ) კი მნიშვნელობას- შეხება. ამ კონტექსტში საინტერესოა ზემოთნახსენები სუ შენის ნაშრომი „სიმბოლოების ახსნა და ნიშნების გაანალიზება“( 说文解字 ). შესავალში ავტორი წერს „仓颉之始作先有文后有字“ – რაც ნიშნავს, რომ ცანგ ძიემ ჯერ მარტივი სიმბოლოები შექმნა, შემდეგ კი რთული, შედგენილი იეროგლიფები(61). ასეთი ახსნა შესანიშნავად მიესადაგება ჩვენს მიერ ზემოთ ნაჩვენებ მარტივი იეროგლიფების შეერთებით ახალი, შედგენილი იეროგლიფის მიღებას.
იეროგლიფების შედგენა
იეროგლიფების შექმნის მეთოდების ამოცნობა და შესწავლა უძველესი დროიდან იყო მკლევარებისათვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი. ხანის დინასტიის ( ძვ.წ. 206- ახ.წ. 220 ) პერიოდის სწავლულმა- სუ შენმა თავის ნაშრომში- „სიმბოლოების ახსნა და ნიშნების გაანალიზება“( 说文解字 ) ჩამოაყალიბა იეროგლიფების შექმნის ექვსი მეთოდი, თუმცა დღესდღეობით ექვსიდან ოთხია მიღებული ლინგვისტების მიერ. ესენია: ხატობრივი ( 象形 ), სიმბოლური ( 指事 ), იდეოგრამული ( 会意 ) და იდეოფონოგრამული ( 形声 )(1)(59).
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ იეროგლიფები შეიძლება დავყოთ ორ დიდ ჯგუფად- მარტივი და შედგენლი იეროგლიფები. მარტივ იეროგლიფი არის ისეთი იეროგლიფი, რომელიც მნიშვნელობის მქონე ელემენტებად აღარ იყოფა, შედგენილი იეროგლიფი კი მარტივი იეროგლიფების გაერთიანებით წარმოიქმნება(42). მაგალითად, მარტივი იეროგლიფია 一- ერთი, შედგენილი 露-ცვარი, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: 雨 ( წვიმა ) და 路 ( გზა ). იეროგლიფების შედგენის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მეთოდიდან პირველი ორი- ხატობრივი და სიმბოლური მარტივი იეროგლიფების კატეგორიას მიეკუთვნებიან, ხოლო იდეოგრამული და იდეოფონოგრამული კი მათ საფუძველზე შექმნილი შედგენილი იეროგლიფების ერთობლიობაა(31)(59).
ხატობრივი იეროგლიფები დამწერლობის გაჩენის საწყის ეტაპზე ჩაისახნენ. მათი მთავარი მახასიათებელია მოხაზულობის მსგავსება აღსაწერი საგნის ფორმასთან. ხატობრივი იეროგლიფების მაგალითია 日- მზე, 月- მთვარე, 口- პირი. მართალია, დროთა განმავლობაში შეიცვალა იეროგლიფის წერის სტილები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხატობრიობის ნიშნები დღემდე შემორჩათ იეროგლიფებს. მიუხედავად იმისა, რომ განვითარების საწყის ეტაპზე ხატობრივი პრინციპი გამოიყენებოდა ყველა უძველეს დამწერლობაში, ამ მეთოდს აქვს თავისი შეზღუდვები. მაგალითად, ფაქტობრივად შეუძლებელია აბსტრაქტული საგნების გამოსახვა. ამიტომაც, ხატობრივი მეთოდით შექმნილი იეროგლიფების რაოდენობა არაა ბევრი.
ხატობრივი მეთოდის შეზღუდვების გადასალახავად გამოიყენეს სიმბოლური მეთოდი. სახელიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ეს მეთოდი იყენებს სიმბოლიზმს იეროგლიფის შესაქმნელად. მაგალითად, სათვლელი სიტყვები: 一, 二, 三, შესაბამისად ნიშნავს ერთი, ორი, სამი; 上- ზემოთ, 下- ქვემოთ. ზოგიერთ შემთხვევაში სიმბოლური მეთოდი არ ქმნის ახალი ფორმის იეროგლიფს, არამედ ხატობრივი პრინციპით შექმნილ იეროგლიფზე ამატებს რაიმე ნიშანს, მაგალითად იეროგლიფი 刃- დანის პირი შედგება ორი ნაწილისაგან- 刀 ( დანა ) და წერტილი იეროგლიფის წინ.
იდეოგრამული მეთოდი ნიშნავს ახალი იეროგლიფის შესაქმნელად არსებული იეროგლიფების დაკავშირებას, იმ გათვლით, რომ გამოყენებული იეროგლიფები აზრობრივად დაკავშირებულნი უნდა იყვნენ მიღებული იეროგლიფის მნიშვნელობასთან, თუმცა არა გამოთქმით. მაგალითად, იეროგლიფი 酒(ძიოუ ) ნიშნავს ღვინოს და შედგება ორი იეროგლიფისაგან- 酉 ( „იოუ“- ღვინის ჭურჭელი ძველ ჩინეთში ) და 水 ( „შუეი“-წყალი ).
ჩამოთვლილი სამი მეთოდისაგან შეუძლებელია იმ რაოდენობის ფორმების მიღება, რომ სალაპარაკო ენის ჩაწერისათვის გამოიყენებოდეს. მეოთხე- იდეოფონოგრამულ მეთოდზე მოდის არსებული ჩინური იეროგლიფების დაახლოებით 90 %(47)(59). ეს მეთოდი ახალი იეროგლიფის შესაქმნელად იყენებს არსებულ იეროგლიფებს, რომლიდანაც ერთი მიუთითებს ახალი იეროგლიფის მნიშვნელობას, მეორე კი გამოთქმას. მაგალითად, 妈 ( „მა“- დედა ) შედგება ორი კომპონენტისაგან- 马 ( „მა“- ცხენი ), რომელიც ფონეტიკური მსაზღვრელია და 女 ( „ნუ“- ქალი )- სემანტიკური მსაზღვრელი.
ძიაკუვენი (甲骨文)– დამწერლობა კუს ბაქანსა და ხარის ძვლებზე
განვითარების რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის გამო ჩინურ იეროგლიფურ დამწერლობაში გამოიყოფა რამდენიმე სტილი. ამ სტილებს ქრონოლოგიურად და განვითარების მიხედვით ყოფენ ორ დიდ ჯგუფად- ანტიკური იეროგლიფები და თანამედროვე იეროგლიფები. ანტიკური იეროგლიფები აერთიანებს სტილებს: ძიაკუვენი ( სამკითხაო წარწერები ), ძინვენი ( 金文- წარწერები ბრინჯაოზე ), დიდი ბეჭდის სტილი, მცირე ბეჭდის სტილი, ექვსი სამეფოს სტილი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ პერიოდს შანგის დინასტიიდან (商朝- ძვ.წ. 1600-1045 ) ცინის იმპერიის ( ძვ.წ. 220-206 ) ჩათვლით(25).
დღემდე დაუდგენელია როდის წარმოიქმნა ჩინური დამწერლობა, თუმცა საზოგადოდ აღიარებულია, რომ ჩინური იეროგლიფური დამწერლობის ნიმუშებიდან უძველესი არის ძიაკუვენი- სამკითხაო წარწერები, წარწერები ბაქანსა და ძვალზე ( 甲骨文 ) და ძინვენი- წარწერები ბრინჯაოზე ( 金文 ). ორივე მათგანი ჩნდება შანგის დინასტიის ბოლო ორ საუკუნეში, თუმცა რადგან ძიაკუვენის ნიმუშები შანგის ეპოქაში გაცილებით აღემატება ძინვენისას, შესაბამისად ამ პერიოდის დამწერლობის შესასწავლად მეცნიერები ძირითადად ეყრდნობიან ძიაკუვენს.
საინტერესოა ძიაკუვენის აღმოჩენის ისტორია. შანგის დინასტიის ჭოუს მიერ შენაცვლების შემდეგ ( დაახ. ძვ.წ. 1045 ), შანგის დედაქალაქი- ინი (殷) მიტოვებულ იქნა, დროთა განმავლობაში კი მთლიანად დავიწყებას მიეცა. მომდევნო სამი ათასი წლის განმავლობაში ხალხის ცოდნა ამ დინასტიაზე შემოიფარგლებოდა მისი დაცემიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ დაწერილი მატიანეებიდან. შანგის დაცემიდან ექვსი საუკუნის შემდეგ კონფუცი უკვე ჩიოდა, რომ შანგის ეპოქაზე მასალები არ იყო შემორჩენილი(28).
სამკითხაო წარწერები დროდადრო მზის შუქზე გამოდიოდა ხოლმე. შუასაუკუნეების ჩინეთში ჩინური მედიცინის მაღაზიებში ნახავდით ძვლებს, რომელსაც ეწოდებოდა 龙骨- დრაკონის ძვალი. ძველ ჩინურ სამედიცინო ენციკლოპედიებში დრაკონის ძვალი არაერთი წამლის დამზადების მნიშვნელოვანი ინგრედიენტია(41). დრაკონის ძვლები სხვა არაფერი იყო თუ არა სამკითხაო წარწერების ძვლები. ხალხი, რომლებიც შანგის დინასტიის დამხობიდან ორი ათასწლეულის შემდეგ დასახლდნენ ინის ნაქალაქარის ადგილას სოფელ სიაოთუნში, ხშირად ხვნისას და არხების გაყვანისას მიწიდან უცნაურ ძვლებს იღებდნენ ხოლმე, რომლებზეც მათთვის გაუგებარი ნიშნები ეწერა(54). მალე გაირკვა, რომ ეს ძვლები წამლადაც გამოდგებოდა და ადგილობრივებმა ძვლების მიყიდვა დაიწყეს აფთიაქებისთვის. მაგრამ, არავინ იცოდა, რომ გაუგებარი წარწერები ძვლებზე უძველესი ჩინური დამწერლობა იყო, რადგან არც გლეხებსა და არც ვაჭრებს არ ჰქონდათ საკმარისი აკადემიური ცოდნა ამის გასაცნობიერებლად. თან, აფთიაქების მეპატრონეები ითხოვდნენ სუფთა ძვლებს, სიაოთუნის მცხოვრებლები კი ძვლებზე არსებულ წარწერებს ფხეკდნენ და ისე ჰყიდდნენ მათ(55). ასე გრძელდებოდა 1899 წლამდე.
XIX საუკუნის ბოლოს პეიძინგში ( პეკინი ) ცხოვრობდა ვანგ ი ჟონგი ( 王懿榮 11845-1900 ), ცინგის დინასტიის ( 清朝- 1644-1911 ) ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი. ვანგს მალარია შეეყარა და ექიმის რჩევით დრაკონის ძვლებით მკურნალობა დაიწყო(36). ვანგის გარშემო მყოფმა პირებმა კარგად იცოდნენ, რომ ის ანტიკვარების დიდი მოყვარული იყო. ერთხელაც, ვანგის მეგობარმა ანტიკვარებით მოვაჭრემ- ფან ვეი ცინგმა, იცოდა რა, რომ ვანგი დრაკონის ძვლებს იყენებდა წამლად და თან ანტიკვარებსაც აგროვებდა, ანიანგში იყიდა რამდენიმე დრაკონის ძვალი და ვანგს მიუტანა(54). საბედნიეროდ, ამ ძვლებზე წარწერები ჯერ კიდევ არ იყო გადაფხეკილი. უცნაურმა ნიშნებმა ვანგი დააინტერესა და თავის მეგობარ მწერალ- ლიოუ ე-სთან ( 刘鹗 1857-1909 ) ერთად კვლევა-ძიების შემდეგ დაადგინა, რომ ეს ნიშნები ძვლებზე უნდა ყოფილიყო უფრო ძველი, ვიდრე ჭოუს დინასტიის ( 周朝- ძვ.წ. 1045-256 ) დამწერლობა, მინიმუმ შანგის დინასტიის დროინდელი(55). სამწუხაროდ, 1900 წელს პეიძინგის ევროპელების მიერ აღებისას, ვანგმა ცოლთან და უფროს რძალთან ერთად თავი დაიხრჩო ჭაში(36). ვანგის შვილმა მამის მიერ შეგროვებული დრაკონის ძვლები ლიოუ ეს გადასცა, რომელმაც 1903 წელს გამოაქვეყნა ძიაკუვენის პირველი ლექსიკონი. თვითონ ლიუმ 40-მდე ნიშანი წარმატებით გაშიფრა(54).
ვანგ ი ჟონგი ( 1845-1900 )
ლიოუ ე ( 1857-1909 )
1917 წელს ვანგ კუო ვეიმ (王国维) გამოაქვეყნა „კვლევა მეფეებსა და არისტოკრატებზე ინის სამკითხაო წარწერებიდან“, რომელშიც მან დაამტკიცა, რომ სამკითხაო წარწერებში მოხსენიებული მეფეების სახელები ემთხვეოდა ს’მა ციენის მიერ შედგენილ შანგის მეფეების სიის ბოლო ცხრა მეფეს. 1928-1937 წლებში ანიანგში (安阳), სიაოთუნის (小屯)სოფელში მიმდინარეობდა დიდი არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგებმაც უზარმაზარი გავლენა იქონია ანტიკური ჩინეთის ისტორიის შესწავლაში. გათხრების შედეგად აქ აღმოჩნდა ძველი ნაქალაქარის ნანგრევები და 100 000-ზე მეტი ნატეხი ძიაკუვენისა. ისტორიკოსთა და არქეოლოგთა აზრით ეს ნაქალაქარი უნდა იყოს შანგის დინასტიის უკანასკნელი დედაქალაქის- ინის ნანგრევები. ინისა და ძიაკუვენის აღმოჩენამ შანგის დინასტია ჩინეთის ისტორიაში უძველეს არქეოლოგიურად და წერილობითად დადასტურებულ დიანასტიად აქცია. ჩინური ტრადიციული მწერლობის მიხედვით შანგამდე იყო კიდევ ერთი, პირველი დინასტია- სია, თუმცა სიას არსებობის უტყუარი არქეოლოგიური და წერილობითი ფაქტები დღედმე არ არსებობს(28)(39).
ინის ნაქალაქარი
დღესდღეობით აღმოჩენილი შანგის დროინდელი ძიაკუვენის წარწერებიდან დაახლოებით 4 800 იეროგლიფია ცნობილი, მათგან 1 500-1 700 არის გაშიფრული(45). ფირფიტების უმეტესობა დამტვრეულია. მაქსიმალური რიცხვი იეროგლიფებისა ერთ ფირფიტაზე 80-90 არის(28). ქრონოლოგიურად ისინი განეკუთვნებიან ძვ.წ. XIII – XI საუკუნეებს, ძიაკუვენის წარწერებში მოხსენიებულ შანგის უკანასკნელი ცხრა მეფის პერიოდს(5)(39). ძიაკუვენის ნიმუშების უმეტესობა რელიგიური შინაარსისაა, ძალიან მცირე რაოდენობის ფირფიტა შეეხება არარელიგიურ თემებს. სამკითხაო ძვლები გამოიყენებოდა სამეფო კარზე, უიშვიათეს შემთხვევაში მეფის ძალიან ახლო ნათესავის მიერ(28), წინაპართა სულებისათვის რჩევის საკითხავად და მომავლის საწინასწარმეტყველოდ(1). ქურუმი კუს ბაქანსა ან ხარის ბეჭის ძვალზე რამდენიმე ნახვრეტს დაიტანდა, შემდეგ კი ძვალს ცეცხლში აგდებდა. გახურებისას ძვალზე ბზარები ჩნდებოდა. სწორედ ამ ბზარების ფორმების ინტერპრეტირებით ხდებოდა მომავლის წინასწარმეტყველება(55). ამის შემდეგ, ქურუმი იმავე ძვალზე წერდა რიტუალის შედეგს და ძვალს ინახავდნენ. ამ წარწერებიდან ჩანს, რომ რიტუალისას წინაპრების სულებისადმი დასმული კითხვები ძალიან მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა კითხვებს ომის წარმართვა-არწარმართვაზე, მოსავლის ავკარგიანობაზე, ამინდზე, მეფის, დედოფლის ან ხარჭას ჯანმრთელობაზე, პრინცის შობაზე და ა.შ(28)(39)(25).
ძიაკუვენი არის უკვე ჩამოყალიბებული დამწერლობა, რომელსაც ზემოთაღნიშნული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური გავლილი აქვს(5). იწერებოდა ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ. დამწერლობის ფორმა არის სწორი, უხეში, კუთხოვანი(1), რითაც ძიაკუვენი ძალიან განსხვავდება თანადროული ძინვენის დამწერლობის ფორმებისაგან, რომელიც ხასიათდება ოვალური და დახვეწილი შტრიხებით(1). ძიაკუვენის იეროგლიფების ასეთი ფორმები გასაგებია, რამეთუ ძვალსა და ბაქანზე დანით ან სხვა წვეტიანი საგნით ხდებოდა მათი ამოკაწვრა(59). ბუნებრივია ასეთი უხეში იარაღებით მაგარ ზედაპირზე წერა საკმაოდ რთული იქნებოდა. მითუმეტეს, რომ ძიაკუვენის რიტუალი თითქმის ყოველდღიურად, ზოგჯერ კი დღეში რამდენჯერმე ხდებოდა. ძიაკუვენის იეროგლიფები არაპროპორციულია, ორთოგრაფია ნაკლებ გაუმართავი(59), მაშინ როცა, ძინვენის დამწერლობა პროპორციულობით და სიმეტრიულობით ხასიათდება(25)(28). ძიაკუვენის ერთსა და იმავე ფირფიტაზე შესაძლებელია სხვადასხვა ზომის იეროგლიფები ყოფილიყო. ასევე არსებობდა ერთი და იმავე იეროგლიფის წერის რამდენიმე ვარიანტი. გაუმართავია ასევე იეროგლიფთა ორიენტაცია. ერთი იეროგლიფი ზოგგან მარჯვნივაა მიმართული, ზოგგან მარცხნივ, ზოგჯერ კი ამოტრიალებულია(28).
ძიაკუვენის ნიმუშები
ასეთი განსხვავება ერთი და იმავე პერიოდის დამწერლობის ორ სტილს შორის ახსნილია იმით, რომ ბრინჯაოზე წარწერები შესრულებულია დამწერლობის ოფიციალური სტილით, რომელსაც წერის მკაცრი რეგულაციები ჰქონდა. ძიაკუვენი კი არაოფიციალური, სახალხო სტილია(25). მართალია ძინვენიცა და ძიაკუვენიც ორივე სამეფო ოჯახისა და დიდგვაროვნების კარზე სრულდებოდა, მაგრამ ისინი განსხვავდებოდნენ ფუნქციითა და მასალით. ანტიკურ ჩინეთში ბრინჯაო იყო მმართველი კლასის ძალაუფლების სიმბოლო. წარწერები ბრინჯაოზე გამიზნული იყო, რათა მისი შინაარსი ათასწლეულების განმავლობაში შენახულიყო. ჭოუს დინასტიის არაერთ ბრინჯაოს ჭურჭელზე შესრულებულ წარწერაში პირდაპირ წერია, რომ ეს წარწერა ბრინჯაოზე შესრულებულია რათა შენახულ იქნას ათი ათასი წელი და მომავალმა თაობებმა არ დაივიწყონ მათი საქმეები(30). ძიაკუვენის ფუნქცია იყო რიტუალების შედეგების ჩაწერა და შენახვა, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, თუმცა არა ისე მნიშვნელოვანი, როგორც წარწერები ბრინჯაოზე. თან, ბრინჯაოზე წარწერებისაგან განსხვავებით ძიაკუვენი ყოველდღიურად იწერებოდა მყარ ზედაპირზე ბასრი საგნებით. ამის გამო ძიაკუვენის ძვლებზე ოფიციალური სტილის ოვალური, მომრგვალებული ფორმების იეროგლიფების დაწერა დანით ყოველდღე ძალიან დიდ დროს წაიღებდა. ამან განაპირობა ძიაკუვენის ძვლებზე არაოფიციალური სტილის გამოყენება, რომელიც უფრო გამარტივებულ ფორმებს იყენებდა და ორთოგრაფიული წესებითაც ნაკლებ იყო შეზღუდული(25)(28).
წარწერები ბრინჯაოზე, შანგის დიანსტია
ოფიციალური და სახალხო, არაოფიციალური სტილის თანაარსებობა მთელი ჩინური იეროგლიფური დამწერლობის ისტორიას გასდევს. სამწუხაროდ ეს იშვიათად ფიქსირდება ხოლმე. პუბლიკაციებში გავრცელებულია პრაქტიკა ერთი დინასტია-ერთი სტილი. ხშირად დამწერლობაზე საუბრისას, ჭოუს ეპოქაში მხოლოდ ძინვენს მოიხსენიებენ, ცინის იმპერიის ჩამოყალიბებისას კი მცირე ბეჭდის სტილის გაჩენას და ა.შ. შეუძლებელია დამწერლობის სტილის უეცარი გამოჩენა ახალი დინასტიის ჩამოყალიბებისას. როგორც ვთქვით, ნებისმიერ ეპოქაში ჩინური დამწერლობის განვითრებისა არსებობდა მინიმუმ ორი- ოფიციალური და სახალხო სტილი, რომ არაფერი ვთქვათ სხვა კალიგრაფიულ სტილებზე. როგორც წესი, ახალი ოფიციალური სტილის ჩამოყალიბებისას იყენებდნენ სახალხო სტილის ელემენტებს, როგორც ეს მოხდა ცინის სამეფოში მცირე ბეჭდის და მოგვიანებით ხანის იმპერიაში მსახურთა სტილის ჩამოყალიბებისას(25)(28).
ძიაკუვენის სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია იეროგლიფების გამარტივების ტენდენცია. ხშირად ვხვდებით იეროგლიფებიდან გამარტივების მიზნით შტრიხების ამოკლებას. ძიაკუვენის იეროგლიფების ძვ.წ. XI საუკუნეში უფრო მარტივი და შედარებით ნაკლებ პიქტოგრაფიულია, ვიდრე ძვ.წ. XIII საუკუნის ძიაკუვენის იეროგლიფები. იეროგლიფების პიქტოგრაფული ბუნება უფრო დიდხანს შემორჩა ძინვენში. ამის მიზეზი სწორედ ოფიციალური სტილისათვის დაწესებული ორთოგრაფიული შეზღუდვებია, რაც აბრკოლებდა ამ სტილის ევოლუციას. ძიაკუვენი კი, ასეთი შეზღუდვების სიმცირის გამო, ძინვენთან შედარებით უფრო წინ წავიდა(28).
ყური |
თავი |
ცხვარი |
ფრინველი |
ვეფხვი |
მთვარე |
ცხენი |
ძაღლი |
ღორი |
მზე |
თვალი |
ძიაკუვენისა და თანამედროვე იეროგლიფების შედარება
1976 წელს, შაანსის პროვინციაში, ციშანის პრეფექტურაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ძიაკუვენის 16 000 ფრაგმენტი, რომლიდანაც მხოლოდ 280-ზე იყო წარწერები. ამ აღმოჩენის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ ძიაკუვენის ეს ნიმუშები განეკუთვნება არა შანგის დინასტიას, არამედ ჭოუს დინასტიის საწყის პერიოდს. საინტერესოა, რომ ჭოუს პერიოდის ძიაკუვენი კიდევ უფრო დაშორდა ძინვენის ოფიციალურ სტილს. იეროგლიფები იმდენად პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალით მათი გარჩევა შეუძლებელია(25)(59).
ძიაკუვენი, ჭოუს დინასტია
ძიაკუვენის აღმოჩენამ მრავალ კითხვას გასცა პასუხი, თუმცა წარმოიშვა ახალი კითხვებიც. კერძოდ, იყო თუ არა ანიანგი ადგილი სადაც ჩინური იეროგლიფური დამწერლობა ჩაისახა, ანიანგის გარდა სხვაგანაც თუ გამოიყენებოდა ეს დამწერლობა, იყო თუ არა ბრინჯაო და ძვალი ერთადერთი მასალა დამწერლობისათვის თუ წერის სხვა საშუალებებიც არსებობდა, იყო თუ არა რელიგიური მსახურება მიზეზი დამწერლობის გაჩენისა და ა.შ.
მეცნიერები დღემდე დაობენ იმის შესახებ, თუ როდის ჩაისახა ჩინური იეროგლიფური დამწერლობა. ზოგიერთი ენათმეცნიერის აზრით ძიაკუვენისა და ძინვენის წარწერები განვითარების რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას გვაჩვენებენ და დამწერლობის შექმნის თარიღი შანგის დიანსტიამდე პერიოდში გადააქვთ. თუმცა, მეცნიერთა მეორე ჯგუფის მტკიცებით შანგის დინასტიის დროინდელი დამწერლობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად პიქტოგრაფიული ბუნების იყო და ორთოგრაფიული რეგულაციაც აკლდა. ამიტომ, ისინი შანგის დინასტიის ეპოქაში მოისაზრებენ დამწერლობის შექმნას(25)(28)(39)(59).
დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ძიაკუვენის დამწერლობა ანიანგის გარდა სხვაგან არ ფიქსირდება. თუმცა, არქეოლოგები და ისტორიკოსები თავს იკავებენ იმის მტკიცებისაგან, რომ ანიანგს ჰქონდა მონოპოლია დამწერლობაზე. ჩინეთის არქეოლოგია ხასიათდება უეცარი აღმოჩენებით, როგორც ეს ძიაკუვენის შემთხვევაში მოხდა და ის, რომ ჯერ კიდევ არ აღმოჩენილა ანიანგის გარეთ შანგის პერიოდის დამწერლობის ნიმუში, იმას არ ნიშნავს, რომ დამწერლობა მხოლოდ აქ გამოიყენებოდა (39).
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამის დამადასტურებელი უშუალო არქეოლოგიური მასალები, მეცნიერთა აზრით შანგის პერიოდში ბრინჯაო და ძვალი არ იყო ერთდერთი მასალა დამწერლობისათვის, არამედ ასევე გამოიყენებოდა ბამბუკი და ფუნჯიც. მიზეზი რატომაც ბამბუკისა და ფუნჯის დამწერლობის ნიმუშები არ შემორჩენილა ჩვენამდე არის თვითონ მასალის ნაკლები მედეგობა დროის მიმართ. ძვალი და მითუმეტეს ბრინჯაო დიდხანს ძლებს, ბამბუკი და ხის სხვა სახეობებიც, სპეციალური პირობების გარეშე, მალე ფუჭდება. მეცნიერები ეყრდნობიან არაპირდაპირ სამხილებს. პირველი ესაა იეროგლიფ 册-ს ( ტრადიციული ფორმა- 冊 ) გამოჩენა ძიაკუვენში(39). 册 ნიშნავს ძაფით აკინძულ ბამბუკის წვრილ და გრძელ ფირფიტებს, რომელიც ძველ ჩინეთში გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში საწერ საშუალებად ქაღალდის გამოგონებამდე(25)(28). გარდა ამისა, ძველი ჩინური ლიტერატურის ხუთი მთავარი წიგნიდან ერთ-ერთის- „დოკუმენტების წიგნის“ მიხედვით, შანგის დინასტიის დროს ბამბუკის გრაგნილებს იყენებდნენ(52). „დოკუმენტების წიგნი“ (书经/尚书) დაახლოებით ძვ.წ. XI-IV საუკუნეებში იქმნებოდა, უძველესი ნაწილი ძვ.წ. XI-X ს.-ში. რაც შეეხება ფუნჯის გამოყენებას, ამას მეცნიერები ძიაკუვენის ზოგიერთი იეროგლიფის მრგვალი მოხაზულობიდან და იეროგლიფის შტრიხების სისქიდან ასკვნიან. მათი აზრით, ასეთი იეროგლიფები ჯერ ფუნჯით იწერებოდა ძვალზე, შემდეგ კი დანით ამოიკაწრებოდა(39)(59). ფუნჯის გამოყენება უძველეს დროში დასტურდება არქეოლოგიური წყაროებითაც. 1965 წელს არქეოლოგებმა შანსის პროვინციაში ძინის სამეფოს დედაქალაქის ნანგრევებში აღმოაჩინეს ნეფრიტზე და ქვაზე ფუნჯით შესრულებული წარწერები. ეს წარწერები განეკუთვნება ძვ.წ. VI-V საუკუნეებს(28).
იეროგლიფ 册-ს ევოლუცია
იყო თუ არა რელიგიური საფუძველი მთავარი მოტივი დამწერლობის შექმნისათვის? მიუხედავად იმისა, რომ შანგის დინასტიის წარწერების აბსოლუტური უმრავლესობა რელიგიურ საკითხზეა, მეცნიერების აზრით ეს არ ნიშნავს იმას, რომ რელიგიური მსახურების გამო შეიქმნა დამწერლობა. მიზეზი იმისა, თუ რატომ შემორჩა მხოლოდ რელიგიური წარწერები, არის ის, რომ ეს წარწერები სრულდებოდა მყარ მასალაზე, რადგან ისინი შესანახად იყო გამიზნული. ბუნებრივია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად გამოიყენებდნენ ძვალის მსგავს უხეშ მასალას საწერად და უპირატესობას მიანიჭებდნენ უფრო მოსახერხებელ ბამბუკს, ხის სხვა სახეობას ან სხვა ჩვენთვის უცნობ მასალას. ასეთი მასალები კი სწრაფფუჭებადია და შესაბამისად ჩვენამდე ვერ მოაღწია(25).
ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
გამოყენებული მასალები
- ზურაბ მამნიაშვილი, ჩინური დამწერლობა, ჩინეთი ჟამთა სივრცეში, 2007.
- ლიუ ყანდარელი-კუანგვენი, მარინე ჯიბლაძე, ნინო დაღუნდარიძე, ჩინური ენის ლათინური ანბანის ქართული ტრანსკრიფციის ცხრილ.
- Чжоу Югуан, МОДЕРНИЗАЦИЯ КИТАЙСКОГО ЯЗЫКА И ПИСЬМЕННОСТИ
http://www.philology.ru/linguistics4/czhou_yuguan-89.htm
- Bagua https://en.wikipedia.org/wiki/Bagua#Fu_Xi_.22Earlier_Heaven.22
- Bai Shouyi, An outline history of China, foreign language press, Beijing, 2002
- Bird-worm seal script https://en.wikipedia.org/wiki/Bird-worm_seal_script
- China Images of civilization, Foreign language press, Beijing, 2010
- Chinese bronze inscriptions
https://en.wikipedia.org/wiki/Chinese_bronze_inscriptions
- Chinese characters
https://en.wikipedia.org/wiki/Chinese_characters#Number_of_characters
- Chinese Character Simplification Scheme
https://en.wikipedia.org/wiki/Chinese_Character_Simplification_Scheme
- Clerical script https://en.wikipedia.org/wiki/Clerical_script
- Cursive script https://en.wikipedia.org/wiki/Cursive_script_(East_Asia)
- Damaidi https://en.wikipedia.org/wiki/Damaidi
- Fang Lili, Chinese Ceramics a history of elegance, China international press, Beijing, 2010.
- Hanja https://en.wikipedia.org/wiki/Hanja#Uses
- Han jiantang, Chinese characters, cultural China series, China international press 2008.
- Imre Galambos, ORTHOGRAPHY OF EARLY CHINESE WRITING: EVIDENCE FROM NEWLY EXCAVATED MANUSCRIPTS, Budapest, 2006
- History of writing in Vietnam
https://en.wikipedia.org/wiki/History_of_writing_in_Vietnam
- James Legge, Book of Changes, http://ctext.org/book-of-changes/xi-ci-xia
- Kanji https://en.wikipedia.org/wiki/Kanji#Kanji_education
- Kan Xuhang, Zhou Qun, The Neolithic Site at Shuangdun Bengbu, 2007.
- http://www.kaogu.cn/uploads/soft/Chinese%20Archaeology/8/The%20Neolithic%20Site%20at%20Shuangdun,%20Bengbu.pdf
- Large seal script https://en.wikipedia.org/wiki/Large_seal_script
- Neolithic signs in China https://en.wikipedia.org/wiki/Neolithic_signs_in_China
- NEOLITHIC CHINA: BEFORE THE SHANG DYNASTY, Indiana University, History G380 – class text readings – Spring 2010 – R. Eno.
- Nicolas Postgage, Tao Wang, Toby Wilkinson, The evidence for early writing: Utilitarian or Ceremonial? 1994
- Norman Jerry, Chinese script, Cambridge university press, 1988
- Pinyin, https://en.wikipedia.org/wiki/Pinyin#Wade–Giles
- Qiu xigui, Chinese writing, translated by G Mattos and Jerry Norman, 2000.
- Regular script https://en.wikipedia.org/wiki/Regular_script
- Robert Eno, inscriptional records of the western Zhou, 2012
- Sampson, Zhiqun, The reality of compound ideographs, Journal of Chinese linguistics, vol, 41, 2013
- Shizhoupian https://en.wikipedia.org/wiki/Shizhoupian
- Simplified Chinese characters
https://en.wikipedia.org/wiki/Simplified_Chinese_characters
- Small seal script https://en.wikipedia.org/wiki/Small_seal_script
- The Earliest Writing? Sign Use in the Seventh Millennium BC at Jiahu, Henan Province, China. Xueqin Li, juzhong Zhang, Changsui Wang, German Harbottle, 2015.
- Tingyou Chen, Chinese Calligraphy, Cultural China Series, China Intercontinental Press, 2009.
- Victor Mair, Who has The biggest dictionary?, 2008
http://languagelog.ldc.upenn.edu/nll/?p=695
- Wiebke Denecke, Wai-Yee Li, Xiaofei Tian , The Oxford Handbook of Classical Chinese Literature (1000 BCE-900CE),
- William G. Boltz, Language and writing, Cambridge history of ancient China, 1999.
- William G. Boltz, The origin and early development of the Chinese writing system, 1994..
- 本草纲目
- 關 子 尹, 六書學說的現象學詮釋, 2015
- 何志華, 唐宋類書徵引《淮南子》資料彙編,
- 易经全文(繁体字)
http://www.chineseclassic.com/sites/default/files/field/image/yi_ching.pdf
- 韩鉴堂,中国文化,北京语言大学出版社,1999
- 汉书,艺文志,http://ctext.org/han-shu/yi-wen-zhi
- 六书https://zh.wikipedia.org/wiki/%E5%85%AD%E6%9B%B8
- 吕氏春秋, http://so.gushiwen.org/guwen/bookv_4082.aspx
- 鸟虫篆
https://baike.baidu.com/item/%E9%B8%9F%E8%99%AB%E7%AF%86/6614569?fr=aladdin
- 施氏食獅史
https://zh.wikipedia.org/wiki/%E6%96%BD%E6%B0%8F%E9%A3%9F%E7%8D%85%E5%8F%B2
- 司马迁,史记,辽海出版社,2015
- 书经http://so.gushiwen.org/guwen/bookv_3120.aspx
- 说文解字 序言http://ctext.org/han-shu/yi-wen-zhi
- 田率, 文物背后的中国历史,
- 宛华, 中华上下五千年,北京,2013
- 王充,论衡-骨相,第十一卷, http://www.8bei8.com/book/lunheng_12.html
- 文选上,电子图书,学校专集,http://bjzc.org/lib/45/wxls/ts045011.pdf
- 行书https://zh.wikipedia.org/wiki/%E8%A1%8C%E4%B9%A6
- 许嘉璐,古代汉语 上, 高等教育出版社,北京, 1992。
- 荀子,第二十一篇解蔽,http://www.ziyexing.com/files-5/xunzi/xunzi_21.html
许慎,说文解字, 中华书局版
https://zh.wikipedia.org/wiki/%E4%B8%AD%E5%8D%8E%E5%AD%97%E6%B5%B7
Discussion about this post