ისტორია
ჩაი უძველესი ჩინური კულტურაა, რომელიც ჩინელმა ხალხმა ხელოვნების ნაწილად აქცია. პირველად ჩაი ჩინეთში 5000 წლის წინ გამოჩნდა, ხოლო უშუალოდ ჩაის სმის კულტურას 4000 წლის ისტორია აქვს. ჩაის აღმოჩენასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდაც, რომლის მიხედვით, ლეგენდარულმა გმირმა შენ ნონგმა (神农) დააგემოვნა ასობით ველური მცენარე, რათა დაედგინა თუ რომელი იყო შხამიანი და რომელი საკვებად ვარგისი. ის ერთ დღეში 72-ჯერ მოიწამლა, თუმცა გადაარჩინა მარადმწვანე მცენარემ, რომელიც შემდგომში უკვე სულ თან დაჰქონდა, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება.
ჩაი პირველად ჩინეთში სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენეს ტაძრის ბერებმა, კერძოდ ფიტოთერაპიისთვის[1].
ჩინური ჩაის უძველეს კატეგორიას მწვანე ჩაი განეკუთვნება, რომლის დამუშავებაც ძალიან მარტივი იყო. კერძოდ, ჩაის ფოთლებს პირდაპირ კრეფდნენ და იყენებდნენ, ან მზეზე აშრობდნენ სამომავლო გამოყენებისთვის.
ჩაი ჩინური კულტურის შემადგენელი ნაწილია. ჩინური ჩაის სმის წეს-ჩვეულებები ფართოდ გავრცელდა ევროპასა და სხვა მრავალ რეგიონში კულტურის გაცვლის გზით, მათ შორის უძველესი „აბრეშუმის გზის“ მეშვეობით. ჩინელმა ერმა ჩაის კულტურით მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში თავისი სიტყვა თქვა.
ჩაის ცერემონია
ჩინეთი ცნობილია, როგორც ჩაის სამშობლო. ჩაის ცერემონიაც სწორედ ჩინეთში წარმოიშვა, თუმცა განვითარება ჰპოვა იაპონიაში, ამიტომ როდესაც ჩაის ცერემონიაზეა საუბარი, პირველ რიგში იაპონური ჩაის ცერემონიაზე კეთდება აქცენტი, თუმცა ფაქტია, რომ როგორც ჩინური, ისე იაპონური ჩაის ცერემონია შეესაბამება აღმოსავლური ფილოსოფიის სიბრძნეს. ჩინური ჩაის ცერემონია ასახავს ტაოიზმის, კონფუციანიზმისა და ბუდიზმის მთავარ იდეას – მშვიდობასა და ჰარმონიას. ერთ-ერთი პირველი წყარო, სადაც ჩაის ცერემონიზეა საუბარი 1200 წლის წინ არის შესრულებული თანგის დინასტიის (唐朝) პერიოდში. დროის სვლასთან ერთად, ჩინეთში ჩაის ცერემონიალმა განსხვავებული დატვირთვა შეიძინა.
ჩაის ყველა ცერემონიებიდან, ალბათ, ყველაზე ცნობილია გონგფუს ჩაის მომზადების ღონისძიება, რომელიც მე -18 საუკუნით თარიღდება და ბოლო წლებში ფართოდ იყენებენ ტურისტულ გასართობად. ეს არის ჩაის ცერემონია, სადაც ამზადებენ ულონგის (乌龙) ჩაის ჯიშებს და ეს ყველაფერი სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვას ემსახურება.
ჩაის ცერემონია Wu-Wo (无我) ასევე საკმაოდ პოპულარულია. ეს განსაკუთრებული სულიერი რიტუალია, რომელიც მონაწილეებს ხელს უწყობს დაივიწყონ ყველაფერი მატერიალური და დაამყარონ ერთმანეთთან სულიერი თანასწორობა, ყოველგვარი ცრუ რწმენების გარეშე. ტერმინი Wu-Wo (无我), რომელიც მომდინარეობს სანსკრიტულიდან, ნიშნავს “ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ არსებობას”. Wu-Wo ჩაის ცერემონია სათავეს ტაივანში იღებს და შემდეგ უკვე გავრცელდა სხვა ბუდისტურ ქვეყანებშიც.
ჩინური ჩაის სახეობები
ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩაის მოყვანა და გადამუშავება დაიწყო. რეგიონალური მახასიათებლებით, სხვადასხვა სახის ჩაის ხეებითა და ჩაის დამუშავების განსხვავებული მეთოდებით, ჩინური ჩაი შეიძლება დავყოთ მრავალ სახეობად, როგორიცაა მწვანე ჩაი, შავი ჩაი, სურნელოვანი ჩაი, თეთრი ჩაი და ა.შ.
მწვანე ჩაი (绿茶)
ჩინეთში მწვანე ჩაის ყველაზე დიდი ისტორია აქვს (3000 წელზე მეტი) და წარმოებაში პირველ ადგილსაც იკავებს. მწვანე ჩაის განსაკუთრებული სამკურნალო მახასიათებლები გამოარჩევს- მას იყენებენ ცხიმების შესამცირებლად და წონის კლებისათვის. მწვანე ჩაი განსაკუთრებით რეკომენდირებულია მწეველთათვის, რადგან ნიკოტინით გამოწვეულ ზიანს ამცირებს. მწვანე ჩაის ასევე აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი.
ხუანგშან მაოფენგ ( 黄山毛峰) – ეს არის მწვანე ჩაის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სათავეს ჩინეთის ანხუეის (安徽) პროვინციიდან იღებს. ეს არის ყველაზე ცნობილი ჩინური ჩაი, რომელიც მთა ხუანგშანის (黄山- ყვითელი მთა) მახლობლად იზრდება. ჩაის დასამზადებლად მხოლოდ ახალ კვირტებს იყენებენ, ამიტომ მისი დაკრეფისათვის საუკეთესო პერიოდად გაზაფხულის დასაწყისი მიიჩნევა.
შავი ჩაი (红茶)
ჩინური შავი ჩაი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. მისი მუქი წითელი შეფერილობის გამო ჩინეთში შავ ჩაის წითელი ჩაის სახელითაც მოიხსენიებენ.
კვლევებმა აჩვენა, რომ შავი ჩაი ეხმარება საჭმლის მონელებასა და დაღლილობის შემცირებას. მას კიბოს საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს, თუმცა შავი ჩაის დალევა არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ნაღველის პრობლემები აწუხებთ.
ციმენის შავი ჩაი (祁门红茶) არის შავი ჩაის სახეობა, რომელიც ანხუეის (安徽) პროვინციაში წარმოიშვა. მას შედარებით მოკლე, დაახლოებით 145 წლიანი, ისტორია აქვს. ეს ჩაი პირველად 1875 წელს იქნა წარმოებული იუ ციანჩენის მიერ. იქამდე ანხუის პროვინციაში მხოლოდ მწვანე ჩაის წარმოება ხდებოდა. ჩაი საკმაოდ არომატულია, მას „ჩინური ჩაის სიტკბოს“ სახელითაც მოიხსენიებენ.
ულონგის ჩაი (乌龙茶)
მწვანე და შავი ჩაის მომზადების მეთოდებით შექმნილი ულონგის ჩაი აერთიანებს მწვანე ჩაის გამაჯანსაღებელ თვისებებსა და შავი ჩაის არომატს. ბოლო წლების განმავლობაში ეს ჩაის საკმაოდ პოპულარული გახდა მისი სამკურნალო თვისებების გამო. ის ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის შემცირებას, საჭმლის მონელებასა და გულის იშემიური დაავადებების თავიდან აცილებას.
ტახონგპაო ( 大红袍) – ჩაის ეს სახეობა სათავეს ღებს უი-ს მთიდან (武夷山), რომელიც მდიდარი გემოთი გამოირჩევა. ის რამდენჯერმე მომზადების შემდეგაც კი არ კარგავს თავის არომატს. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მინგის დინასტიის (明朝) მეფის დედა მძიმე ავადმყოფობისაგან ჩაის დახმარებით განიკურნა, ამიტომ მეფემ მადლიერების ნიშნად დიდი, წითელი მოსასხამები გაგზავნა, რათა დაეფარათ ოთხი სამკურნალო ჩაის ბუჩქი, რომელთაგან ერთ ერთი სწორედ ტახონგპაო ( 大红袍) იყო.
დღესდღეობით ჩაის ეს სახეობა საკმაოდ ძვირადღირებულად ითვლება ჩინეთში.
თეთრი ჩაი (白茶)
თეთრ ჩაი რბილი და ნაზი გემოთი გამოირჩევა. ის ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებასა და სისხლში შაქრის რაოდენობის კონტროლს.
პაიხაო ინჭენ ( 白毫银针) – თეთრი ჩაის ეს სახეობა ყველაზე ძვირადღირებულად ითვლება, რადგან ჩაის მოსამზადებლად მხოლოდ კვირტებს იყენებენ, რომელსაც მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში, მოლოდ ამ მცირე მონაკვეთში კრეფენ.
ყვითელი ჩაი (黄茶)
ყვითელი ჩაისა და მწვანე ჩაის დამუშავების პროცესი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა ყვითელი ჩაის შემთხვევაში ხარშვის პროცესი უფრო ხანგრძლივია, რათა ფოთლებმა ყვითელი შეფერილობა მიიღონ. ჩინური ყვითელი ჩაის სამ სახეობად იყოფა: „ყვითელი კვირტის ჩაი“, „ყვითელი პატარა ჩაი“ და „ყვითელი დიდი ჩაი“.
ყვითელი ჩაი სასარგებლოა ელენთისა და კუჭისათვის, ასევე ხელს უწყობს ცხიმების მონელებას. ძუნშან ინჭენ ( 君山银针) – ყვითელი ჩაის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ხუნანის (湖南) პროვინციაში იღებს სათავეს. მას სასიამოვნოდ ტკბილი, ხილის არომატი გამოარჩევს.
მუქი ჩაი (黑茶)
მუქი ჩაი (სიტყვასიტყვით შავი ჩაი) არის ერთ-ერთი ტრადიციული ჩინური ჩაი და მხოლოდ ჩინეთისთვისაა დამახასიათებელი. ფერმერები შედარებით ძველი ჩაის ფოთლებს კრეფენ მუქი ჩაის დასამზადებლად, ამიტომ ჩაის მუქი შავი ფერი აქვს.
მუქი ჩაი დიაბეტის თავიდან აცილებაში გვეხმარება და ასევე მას ჩინეთში სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტურ საშუალებადაც მიიჩნევენ.
სურნელოვანი ჩაი (花茶)
სურნელოვანი/არომატული ჩაი, რომელსაც ყვავილების ჩაისაც უწოდებენ არის ჩინეთისათვის დამახასიათებელი სახეობა. გამხმარი ყვავილები ისეთივე არომატულია, როგორც ახლად დაკრეფილი. მის მოსამზადებლად იყენებენ ოსმანტუსის, ჟასმინის, ვარდის, ორქიდეისა და ქლიავის ყვავილებს.
ლეი ჩა (擂茶)
ჩინეთში ცნობილი ჩაის სახეობების გარდა, უმცირესობებს შორის არსებობს სპეციალური ჩაის სახეობები, როგორიცაა ლეი ჩა (擂茶) (დაფქული ჩაი). მას 1600 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ჩაის ამ სახეობას შეუძლია სხეულის ენერგიის სტიმულირება და ითვლება, რომ სასარგებლოა ღვიძლისა და კუჭისათვის.
ჩაი ჩინელმა ხალხმა მათი კულტურისა და მედიცინის ნაწილად აქციეს, რომელიც საპატიო ადგილს იკავეს ნებისმიერ ჩინელის ოჯახში. ამიტომ დღეს, როდესაც ჩინეთის კულტურაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩინური ჩაი, რომელმაც თავისი სიტყვა თქვა არა მარტო ჩინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.
გამოყენებული ლიტერატურა
- Alina Petre (2016) – What is Oolong tea and what benefits does it have?
https://www.healthline.com/nutrition/oolong-tea-benefits - Annie Wu (2020) – History of Chinese tea
https://www.chinahighlights.com/travelguide/chinese-tea/ - Chinese tea culture
https://www.topchinatravel.com/china-guide/chinese-tea-culture/ - The Chinese tea ceremony: a fascinating ritual (2019)
https://laboratorioespresso.it/en/the-chinese-tea-ceremony-a-fascinating-ritual/
ავტორი: ლიკა შირიმიანი
[1] მცენარეები, რომელთაც იყენებენ მედიცინაში სამკურნალო და პროფილაქტიკური მიზნით.
Discussion about this post