თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ყველა სხვა სახის ურთიერთობის ფორმა და ხასიათი, ასევე საზოგადოებათა ის მზარდი ურთიერთდაკავშირების პროცესი, რომლის შედეგადაც მოვლენები მსოფლიოს ერთ ნაწილში სწრაფ გავლენას ახდენს შორს მყოფ საზოგადოებასა და ხალხებზე, უფრო კონკრეტულად – გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი, ინტერკულტურული კომუნიკაციის მნიშვნელობას უფრო და უფრო ზრდის.
ორი და მეტი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელთა შორის წარმატებული ურთიერთობების საფუძველი სწორი და გამართული კომუნიკაციაა, რომელიც, ენობრივი ბარიერის გადალახვის გარდა, ერთმანეთის კულტურათა ცოდნას მოითხოვს. ინეტრკულტურული გადაკვეთის დროს, ინდივიდები საკუთარი, ჩვეული კულტურის პრიზმის ჭრილში აკვირდებიან სხვის კულტურას, პირველ რიგში განსხვავებულობას აქცევენ ყურადღებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ადამიანებს „თავისიანებად“ და „სხვებად“ აღიქვამენ. „სხვებს“ ნაკლებად ენდობიან და მეტ ლოიალობას „თავისიანების“ მიმართ განიცდიან, შესაბამისად, ყალიბდება ან ურთიერთგაგება ან გაუგებრობა.
სწორედ ამ სირთულის გაანალიზდებას და გადალახვას ითვალისწინებს ინტერკულტურული კვლევები და ინტერკულტურული კომუნიკაციის პრინციპების შესწავლა.
წარმოშობით ამერიკელმა ანთროპოლოგმა ედუარდ თ. ჰოლმა 1951-1955 წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო სამსახურის ინსტიტუტში მოღვაწეობის პერიოდში, ლინგვისტ ჯორჯ ტრეგერთან ერთად, ანთროპოლიგიური და ლინგვისტური მიდგომების შეჯამებით, საზღვარგარეთ წარსაგზავნი ამერიკელი დიპლომატებისათვის სასწავლო კურიკულუმი შეიმუშავა და ჩამოაყალიბა ძირითადი პარადიგმები, რაც საფუძველი დაედო შემდგომში ინტერკულტურული კომუნიკაციის სწავლებას. ახალი სასწავლო დისციპლინა, 1960-იან წლებში ჯერ ამერიკის, ხოლო უფრო მოგვიანებით, ევროპის წამყვანი საუნივერსიტეტო სასწავლო კურიკულუმის ნაწილი გახდა.
ინტერკულტურული კომუნიკაციის სწავლების და ინტერკულტურული კვლევების ნაწილია კულტურის ტიპოლოგიები. ამა თუ იმ ნიშნის მიხედვით, კულტურებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად დაჯგუფდეს, რასაც კულტურათა ტიპოლოგიას ან განზომილებებს უწოდებენ.
ინტერკულტურული კვლევების სფეროში ცნობილია სხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩამოყალიბებული ტიპოლოგიური სქემები, რომლებიც ეროვნული კულტურების განსხავებულ განზომილებებს გვთავაზობს. მათი სიმრავლე და თანაარსებობა არც ურთიერთგამომრიცხავია და არც ყოვლისმომცველი, არამედ კულტურათა შორის მსგავსების და განსხვავების უკეთესად დანახვის საშუალებას იძლევა.
ინტერკულტურულ კვლევებში გამორჩეული ადგილი უკავია წარმოშობთ ჰოლანდიელი მეცნიერის ჰეერტ ჰოფსტედესა და ბულგარელი მიხაილ მინკოვის კულტურის განზომილებათა სქემას.
მექანიკის ინჟინერმა ჰოფსტედემ, სადოქტორი ხარისხი სოციალური ფსიქოლოგის განხრით დაიცვა და 1965 წელს International Business Machines (IBM) ტრანსნაციონალურ კორპორაციაში მენეჯერ-ტრენერად და კადრების კვლევების მენეჯერად დაიწყო მუშაობა, ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა კადრების კვლევის დეპარტამენტს. ამ მიზნით, ჰოფსტედემ 50 ქვეყნის 70 ფილიალში ჩაატარა კვლევა, რომელშიც ჩართული იყო 60, 000 თანამშრომელზე მეტი და მოიცავდა 116,000 კითხვარს. მიღებული შედეგები საფუძვლად დაედო მის არა ერთ ნაშრომს, მათ შორის, მსოფლიოს 17 ენაზე თარგმნილ წიგნს – „კულტურები და ორგანიზაციები: გონების პროგრამული უზრუნველყოფა“, სადაც ავტორი განსაზღვრავს კულტურას, როგორც „სოციალური თამაშის წესების კრებულს“. ბავშვობაში ჩამოყალიბებული აზროვნების, განცდის და ქცევის პატერნს, რომელიც, თუ კომპიუტერულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, აპროგრამირებს გონებას. მისი აზრით, კულტურა კოლექტიური ფენომენია და ეს კოლექტიური პროგრამირება განასხვავებს ერთი ჯგუფის ადამიანებს მეორე ჯგუფისგან.
ჰეერტ ჰოფსტედემ IBM-ის კვლევის დროს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისგან მიღებული პასუხების საფუძველზე, ასევე გამოყო და დაადგინა ეროვნული კულტურის ოთხი საბაზისო განმასხვავებელი განზომილება: ძალაუფლების დისტანცია, კოლექტივიზმი და ინდივიდუალიზმი, ფემინურობა და მასკულინობა, გაურკვევლობის თავიდან არიდება. მოგვიანებით, თავის კოლეგასთან, კანადელ მეცნიერ მაიკლ ბონდთან ერთად აწარმოა კვლევა სახელწოდებით „ჩინური ღირებულებების კვლევა“ (CVS) და მის საფუძველზე დაამატა მეხუთე განზომილება – გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაცია, კიდევ უფრო მოგვიანებით, 2010 წელს, მსოფლიო ღირებულებათა კვლევის (WVS) საფუძველზე ბულგარელმა მეცნიერმა მიხეილ მინკოვმა დაადგინა ახალი განზომილება შემწყნარებლობა და შეზღუდვა, რომელიც მეექვსე წევრად დაემატა აღნიშნული განზომილებების სქემას, ხოლო თავად მინკოვი, ჰოფსტედეს წიგნის თანაავტორი გახდა.
ჩინეთი ჰეერტ ჰოფსტედეს და მიხეილ მინკოვის ეროვნული კულტურის განზომილებების მიხედვით:
- ძალაუფლების დისტანცია (Power Distance Index PDI)
ძალაუფლების დისტანცია – რამდენად მოსალოდნელია და მისაღებია ინსტიტუტისა და ორგანიზაციის ნაკლები ძალაუფლების მქონე წევრებისთვის ის მოსაზრება, რომ ძალაუფლების განაწილება თანაბარი არ არის.
76 ქვეყნის მაგალითზე, ყველაზე დიდი ინდექსი ფიქსირდება მალაიზიაში, სლოვაკეთში, ინდონეზიაში, ხოლო ყველზე მცირე – დანიაში, ისრაელში, ავსტრიაში.
ამ განზომილებაში ჩინეთის ინდექსი – 87 – მეტყველებს მასზედ, რომ საზოგადოების წევრებისათვის ძალაუფლებრივი უთანასწორობა ადამიანებს შორის მისაღები მოვლენაა. ზემდგომსა და ქვეშევრდომს შორის ურთიერთობა შესაძლებელია იყოს პოლარიზებული და იერარქიული უპირატესობისაგან თავდაცვის მექანიზმი არ არსებობს. საზოგადოებაში ინდივიდები ექცევიან ოფიციალური ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ჯერდებიან იერარქიული რეალობას.
ფეოდალურ ჩინეთში, საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობას უზრუნველყოფდა ადამიანთა ურთიერთობის ხუთი კონფუციანური წესი ანუ ურთიერთდამოკიდებულების დადგენილი პრინციპები მმართველსა-ქვეშევრდომს, მამასა და შვილს, უფროს და უმცროსი ძმას, ქმარსა და ცოლს, უფროს და უმცროს მეგობარს შორის. მაგალითისათვის, უმცროსის მხრიდან უფროსისადმი პატივისცემას, მორჩილებას, ხოლო უფროსის მხრიდან უმცროსის დაცვას და ყურადღებით მოპრობას.
ჰოფსტედეს აღნიშნული განზომილების სქემაში, ყველაზე მაღალი ინდექსები ფიქსირდება ქვეყნებში, სადაც მაღალია სწორედ კონფუცის სწავლების ზეგავლენა: ჩინეთი, სინგაპური, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, თაივანი და იაპონია.
2. ინდივიდუალიზემი და კოლექტივიზმი (Individualism versus Collectivism IDV)
ინდივიდუალიზემი ახასიათებს საზოგადოებას, რომელშიც ინდივიდებს შორის არსებული კავშირები სუსტია და ინდივიდის ინტერესები ჯგუფების ინტერესებზე მაღლა დგას.
საზოგადოება, რომელშიც „ჩვენ – ჯგუფი“ განსაზღვრავს ინდივიდის ცნობიერებას და ქმედებას, ასეთს – კოლექტივისტურს უწოდებენ. კოლექტივისტურ საზოგადოებაში ადამიანები დაბადებიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში ძლიერ, შეკრულ შიდა ჯგუფებში ერთიანდებიან. მუდმივი ერთგულების სანაცვლოდ, შიდა ჯგუფები პიროვნებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავენ.
76 ქვეყნის მონაცემებით, ყველაზე ინდივიდუალისტური ქვეყნების სამეულია: აშშ, ავსტრალია, ბრიტანეთი, კოლექტივისტური: პანამა, ეკვადორი, გვატემალა.
ჩინეთის შემთხვევაში, ინდივიდუალიზმის ინდექსი – 20 – მაჩვენებელია , რომ ჩინური საზოგადოება ძალიან კოლექტივისტურია და ის, რომ ჯგუფთან მიკუთვნებულობა და რომ, მათი ინტერესი საკუთარზე მაღლა შეიძლება იდგეს (ასეთი შეიძლება იყოს ოჯახი). ეს კავშირი თამაშობს დიდ როლს ყველა სახის ურთიერთობაში, აქვს გავლენა გადაწყვეტილებებზეც. კოლეგებს შორის ურთიერთობები ამა თუ იმ ჯგუფთან მიკუთვნებულობის მიხედვით ან ძალიან ახლოა ან შორი. პიროვნული კავშირები ვალდებულებასა და დავალებაზე მეტია.
ჩინეთის სოციოლოგიური სწავლების პიონერის ფეი სიაოთუნგის განმარტებით, დასავლურ საზოგადოებაში ამომავალი წერტილი – ინდივიდია და ურთიერთდამოკიდებულება ადამიანებს შორის, შეშის შეკვრას წააგავს, სადაც რამდენიმე ღერი ერთ შეკვრას ქმნის, რამდენიმე ასეთი შეკვრა კი დიდ შეკვრას და საბოლოოდ კიდევ უფრო დიდ შეკვრას, სადაც ნათელია მეთოდურობა და გუნდურად ჩამოყალიბების პრინციპი (tuantigeju).
ჩინეთის შესახებ ფეი სიაოთუნგი კი განმარტავდა, რომ ჩინეთის „სოფლის საზოგადოებისათვის“ [1]პატრიარქალური კლანი/გუნდი არის ამომავალი წერტილი და ადამიანებს შორის ურთიერთობაში ნათესაური ხაზი და ნათესაური კავშირები (guanxi) არის უმთავრესი და რომ, რანგობრივი, დირეფენცირებული წყობის (chaxugeju) საზოგადოებაში პიროვნების გარშემო ყალიბდება კავშირების ჯაჭვი, მსგავსად ტბის ზედაპირზე, ქვის ჩაგდებით წარმოქმნილ წრიული ჭავლის, ტალღების, რომელიც თავის მხრივ ახალი წრიული ტალღის წარმოქმნას იწვევს. ქვისგან, ამ შემთხვევაში, ინდივიდისაგან წარმოქმნილ „ტალღებს“ შორის დაშორება, მათ მიმართ ურთიერთობების სიახლოვეს განსაზღვრავს.
- მასკულინობა და ფემინურობა (Masculinity versus Femininity MAS)
საზოგადოებას მასკულინური ეწოდება, როდესაც კაცი ასერტიული, ძლიერი და მატერიალურ წარმატებაზე ორიენტირებული, ხოლო ქალი – მორიდებული, ნაზი და ცხოვრების ხარისხით დაინტერესებული.
საზოგადოებას ფემინური ეწოდება, როდესაც ემოციური გენდერული როლები ერთმანეთს ემთხვევა: როგორც კაცი, ასევე ქალი მორიდებული, ნაზი და ცხოვრების ხარისხით დაინტერესებულია. (მასკულინური საზოგადოებისათვის მთვარია სად მუშაობ და ფემინურისთვის რას აკეთებ).
76 ქვეყნის მაგალითზე, ყველაზე მასკულინური ქვეყნების სამეულია: სლოვაკეთი, იაპონია, უნგრეთი, ხოლო ფემინურის: ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი.
ჩინეთის ინდექსი 66, მასკულინური საზოგადოების მაჩვენებელია. ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ საზოგადოების წევრებს, წარმატების მისაღწევად ხშირად შეუძლიათ დატოვონ ოჯახები, უარი თქვან დასვენებაზე სამუშაოს გამო. ზოგადად ჩინურ საზოგადობაში პიროვნული დასვენება და გართობა არაა პოპულარური ცნებები და არაა მნიშვნელოვანი. ასევე სტუდენტების ძალიან გაცხარებული მიდგომა საგამოცდო ქულების მიმართ და წარმატების კრიტერიუმის ამით განსაზღვრა.
საზოგადოების მაღალი მასკულინობა ასევე ძლიერად გამოიხატება საზოგადოების ფინანსური კეთილდღეობისაკენ სწრაფვაში, რაც იწვევს გაზრდილ კონკურენციას. ეს მიდგომა კარგად ხსნის „BRICS” ქვეყნებს შორის, ჩინეთის ამჟამინდელი ეკონომიკური ზრდის ინდექსის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. ჩინეთის პოზიცია აღნიშნულ განზომილებაში, ასევე კავშირშია „მუშაობის კონფუციური დინამიკის“ [2] ფაქტორტან და ზოგადად, ჩინელების მუშაობისადმის მიდგომასთან.
4. გაურკვევლობის თავიდან არიდება (Uncertainty Avoidance Index UAI)
გაურკვევლობის თავიდან არიდება შეიძლება განიმარტოს იმით, თუ რამდენად გრძნობენ საფრთხეს უცნობი ან გაურკვეველი სიტუაციების მიმართ ამა თუ იმ კულტურის წევრები. მაღალი ინდექსის მქონე კულტურებისთვის, ის რაც განსხვევულია – საშიშია და პირით,დაბალი ინდექსის ქვეყნებისთვის, რაც განსხვავებულია, საინტერესოა.
76 ქვეყნის მაგალითზე, ყველაზე ძლიერი გაურკვევლობის თავიდან არიდების ინდექსი ფიქსირდება საბერძნეთში, გვატემალაში, პორტუგალიაში, ხოლო სუსტი: დანიაში, იამაიკაზე, სინგაპურში.
ამ განზომილებაში ჩინეთის სუსტი ინდექსი წარმოაჩენს მას, როგორც გაურკვევლობის მიმღებ კულტურას. სიმართლე შესაძლოა იყოს ფარდობითი, თუმცა უშუალოდ საზოგადოება არ არის გულგრილი უპირატესი სიმართლის და წესთა (მაგრამ არა სავალდებულოდ კონონთა) მიმართ, რომლებიც ტრადიციულად მრავლადაა მათ გარშემო. ამის მიუხედავად კანონებისა და წესებისადმი მორჩილება მოქნილია ცხოვრებისეული ვითარებიდან გამომდინარე და პრაგმატიზმი ცხოვრებისეული მიდგომაა. ჩინელებისათვის ბუნდოვანება მისაღებია, თავად ჩინურ ენაშიც მრავლად გვხვდება ბუნდოვანი მნიშვნელობები, რაც დასავლური კულურისათვის შეიძლება რთულად გასაგები იყოს. ჩინელები ადვილად ადაპტირდებიან, არიან ბუნებით მეწარმეები.
აღნიშნულ განზომილებაში, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ინდექსი ფიქსირდება იაპონიაში და შესაბამისად გაურკვევლობის ძნელად მიმღები კულტურაა. წვრილმანებამდე გულდასმით დამგეგმავი იაპონური კულტურისაგან განსხვავებით, ჩინური კულტურა უფრო ფართოდ მიმღები და გამომხატველია. ჩინელი ადამიანი, თავისი მსოფლმხედველობით ყურადღებას ამახვილებს საქმის მთლიან კონცეფციაზე, უგულვებელყოფს დეტალებს, მეცნიერულ სიზუსტეზე მეტად, ყურადღებას უთმობს ადამიანურ ფაქტორს. აქედან გამომდინარე, იაპონური კომპანიების მმართველობის სტილისგან განსხვავებით, ჩინური მმართველობის სტილი არ ხასიათდება მკაცრად სკრუპულოზური მიდგომით და მეთოდურობით. ჩინური კულტურის ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, კომპანიებში იაპონური მმართველობის სტილის დანერგვა, ყოველთვის წარმატებით არ ხორციელდება.
5. გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაცია (Long-Term versus Short-Term Orientation LTO)
განზომილება აჩვენებს თუ როგორ ინარჩუნებს საზოგადოება კავშირს საკუთარ წარსულთან და ამავე დროს როგორ პასუხობს აწმყოსა და მომავლის გამოწვევბს, რომელი მათგანი არის პრიორიტეტული.
გრძელვადიანი ორიენტაცია იხედება მომავალისაკენ, მიმართულია მომავალში წარმატების მომტანი ღირებულებებისკენ, როგორიცაა მომჭირნეობა და საქმის ბოლომდე მიყვანა. წარსულზე დამოუკიდებლად გადაწყვეტს აწმყოს პრობლემებს, მოქნილია მომავალში ადაპტაციისათვის.
მოკლევადიანი ორიენტაცია – მიმართულია წარსულსა და აწმყოსთან დაკავშირებული ღირებულებებისკენ, იხედება წარსულისკენ რომ გადაწყვიტოს აწმყოში შექმნილი სირთულეები და ამაზე დამოკიდებულებით გეგმავს მომავალს. ტრადიცია, სახის „შენარჩუნება“, სოციალური ვალდებულებების შესრულება და სტაბილურიბა არის უმთავრესი.
93 ქვეყნის მაგალითზე, გრძელვადიანი ორიენტაციის პირველი სამეულის ქვეყნებია: ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ტაივანი, ხოლო მოკლევადიანი ორიენტაციის: ნიგერია, ჩეხეთის რესპუბლიკა, პაკისტანი.
ჩინეთს ერთ-ერი ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს მსოფლიოში – 87, რაც იმის მაჩვენებელია რომ ჩინური კულტურა პრაგმატულია. პრაგმატულ საზოგადოებაში ხალხს სწამს რომ ესა თუ ის სიმართლე დამოკიდებულია გარე პირობებზე, შინაარსსა და დროზე. შესწევთ პირობების ცვლილების მიხედვით ტრადიციების ადაპტირების უნარი. გააჩნიათ მოქნილი აზროვნება და ურყევი მიდრეკილება დაგროვებისა და ინვესტიციისაკენ, ახასიათებთ მომჭირნეობა და დაჟინებით წინსვლა მიზნისკენ.
გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაციის განზომილებას საფუძვლად ზემოაღნიშნული „ჩინური ღირებულებების კვლევა“ (CVS) დაედო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1990-იან წლებში მეცნიერები ვერ ხსნიდნენ „აზიური ვეფხვების“ (ტაივანი, სინგაპური, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, იაპონია) ეკონომიკურ წარმატებას. გლობალიზაციის ცნება, რომელიც გულისხმობს დასავლური ღირებულებების გავრცელებას მთელ მსოფლიოში, ამ შემთხვევას არ ესადაგებოდა, რადგან აზიის ამ ქვეყნებში მხოლოდ ე.წ.„აზიურ ღირებულებებს“ იცავდნენ. სწორედ გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაციის განზომილების შინაარსით და მასში „მუშაობის კონფუციური დინამიკის“ დომინანტობით ახსნა ჰოფსტედემ ზემოაღნიშნული „პარადოქსი“, მეტიც, 1988 წელს, „ჩინური ღირებულებების კვლევის“ ანალიზის დროს, ჰოფსტედემ ჩინეთს „მეექვსე და ყველაზე ძლიერ აზიურ ვეფხვად“ გადაქცევა უწინასწარმეტყველა.
6. შემწყნარებლობა და შეზღუდვა (Indulgence versus Restraint IND)
შემწყნარებლობა მიმართულია ცხოვრებით ტკბობისა და ადამიანური სურვილების დაკმაყოფილების ხელშეწყობისაკენ.
შეზღუდვა კი მსგავსი სურვილების დაკმაყოფილებას არეგულირებს და „ალაგმავს „მკაცრი სოციალური ნორმების მეშვეობით.
93 ქვეყნის მაგალითზე, სამი ყველაზე შემწყნარებელი ქვეყანაა ვენესუელა, მექსიკა და პუერტო-რიკოა, ხოლო ყველაზე შემზღუდავი – პაკისტანი, ეგვიპტე და ლატვია.
ჩინეთის ინდექსი – 24 მაჩვენებელია, რომ ეს არის შეზღუდვის საზოგადოება, თავს უფლებას არ აძლევენ მოშვებულობისა და დასვენებისათვის, აკონტროლებენ სურვილებს, საზოგადოებრივ აზრს მეტად ემორჩილებიან და საკუთარი თავის „გათამამება„ არასწორ საქციელად მიაჩნიათ.
მაგალითისათვის, შუა ხნის ჩინელი ადამიანი, ზედმეტ პიროვნულ ფუფუნებად აღიქვამს დაბადების დღის აღნიშვნას, დროისა და ფინანსების საკუთარ თავზე დახარჯვას და ამგვარ შეკრებებს მხოლოდ ბავშვებისა და მოხუცებისათვის მნიშვნელოვან მოვლენად თვლის.
მოცემულ სტატიაში შევეცადე მოკლედ გადმომეცა, თუ როგორ გამოიყურება ჩინეთის კულტურა ჰეერტ ჰოფსტედეს და მიხაილ მინკოვის კულტურის განზომილებათა სქემაში.
შემდეგ სტატიაში ჩინეთის კულტურას შემოგთავაზებთ ასევე ინტერკულტურული კომუნიკაციის სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის რიჩარდ ლუისის კულტურათა ტიპოლოგიების, ე.წ. „ლუისის მოდელის“ მიხედვით.
ავტორი: თინათინ შიშინაშვილი- სინოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების დოქტორანტი.
[1] Fei Xiaotong- “Rural Society“
[2] „ჩინური ღირებულებების კვლევა“ (CVS)-ის საფუძველზე გამოკვეთილი კულტურის ფაქტორი და განისაზღვრება, როგორც “იერარქიული მიმღებლობა, დაჟინების და მომჭირნეობის უპირატესობა, ნაკლები აქცენტის გადატანა ისეთ ტრადიციებსა და სოციალურ ვალდებულებზე, რომელიც ავნებს ბიზნეს-ინიციატივას“.
Discussion about this post