საგარეო ურთიერთობების ზოგადი მდგომარეობა ჩინეთის რესპუბლიკის დაარსებისას
მეცხრამეტე საუკუნის დასასრულამდე ჩინეთმა კონტროლი დაკარგა საკუთარი ტერიტორიების დიდ ნაწილზე. არსებობდა ხუთი საიჯარო ტერიტორია, ხოლო ოცდაათზე მეტი დასახლება ი კოლონიურ მმართველობას ექვემდებარებოდა და ოთხმოც ქალაქზე მეტი იძულებით იყო გახსნილი უცხოური ვაჭრობისთვის. უცხოური არმია აკონტროლებდა და წილში ედგა რკინიგზას პეკინიდან სამთო საბაჟოებამდე , პეკინში მდებარე საელჩოების მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებს და ჩინეთის პორტებს. 9 600 კილომეტრიანი რკინიგზიდან ჩინეთის კონტროლს მხოლოდ 600 კილომეტრი ექვემდებარებოდა. ამ ყველაფრის პარალელურად, ცინგის ხელისუფლება დასავლურ ქვეყნებს პერიოდულად უხდიდა გარკვეულ თანხას ომის თავიდან ასაცილებლად, რომლის საერთო რიცხვმაც საბოლოოდ 96 000 ვერცხლის მონეტას მიაღწია.
ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, დიდ პროტესტს იწვევდა ჩინელ ხალხში, რამაც ისინი მიიყვანა რევოლუციების ციკლამდე. 1911 წლის 10 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა უჩანგის აჯანყებას, რომელმაც გზა გაუკვალა სინხაის რევოლუციას და იქცა ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების წინაპირობად. 11 ოქტომბერს ხანქოუში არსებულმა ხუთი ქვეყნის ხუთივე საკონსულომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა ჩინეთში არსებულ ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამავე დღეს, სუნ ჭონგ შანი(სუნ იატ სენი) იმყოფებოდა ლონდონში, სადაც საბოლოოდ მიიღო შეთანხმება ოთხი ქვეყნის ბანკისგან შეეწყვიტათ კრედიტის მიცემა ცინგის მთავრობისთვის. 21 ოქტომბერს კი შეხვდა საფრანგეთის პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა წარმომადგენლებს, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ცინგის იმპერიაზე გასამარჯვებლად.
1912 წლის 1 იანვარს ოფიციალურად შეიქმნა ჩინეთის რესპუბლიკა, სუნ ჭონგ შანი(სუნ იატ სენი) გახდა დროებითი პრეზიდენტი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი _ ვანგ ჩონგ ხუეი.
ტერიტორიული უთანხმოება ჩინეთსა და რუსეთს შორის: მონღოლეთის საკითხი
მართალია , 1911 წლის 18 ოქტომბერს ხუთი ქვეყნის საკონსულო კორპუსმა ოფიციალურად და ერთხმად გამოაცხადა ნეიტრალიტეტი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა მათი მოლოდინები ამ ყველაფრის მიმართ სხვადასხვანაირი გახლდათ. დიდი ბრიტანეთის მხარეს სჯეროდა, რომ რევოლუცია არ შეუქმნიდა არანაირ საფრთხეს მის მიერ სარგებლის მიღებას ჩინეთიდან, შესაბამისად გამოაცხადა ნეიტრალური მდგომარეობა. აშშ-ს მხარეც არ თვლიდა მოვლენებს თავის საზიანოდ და მხარი დაუჭირა დანარჩენ ოთხ ქვეყანას ნეიტრალიტეტში. საფრანგეთმაც უპრობლემოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხოლო იაპონიამ გამოაცხადა „ნეიტრალური პოზიცია“, თუმცა დათანხმდა ცინგის ხელისუფლებისთვის ვაჭრების ხელით იარაღის მიწოდებას. რაც შეეხება რუსეთს, მას ამ შემთხვევაში ყველაზე მეტი ამბიციები გააჩნდა, ის იმედს იტოვებდა ჩინეთში შექმნილი არეულობა მისცემდა შესაძლებლობას ოკუპაცია მოეხდინა იმაზე მეტი ჩინური ტერიტორიისა ვიდრე ჰქონდა, მათ შორის მონღოლეთის, მანჯურიისა და სინძიანის პროვინციების.
მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი მთლიანად ჩინეთის ტერიტორიად ითლებოდა, რუსეთი მაინც ცდილობდა იქ მისი გავლენის გაძლიერებას. ეს ყველაფერი დაიწყო, ჯერ კიდევ 1727 წელს „კიახტას ხელშეკრულებით“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „ბრანსკის ხელშეკრულებას“) . 1858 წლის აპრილში, რუსეთმა არალეგალურად დაიკავა ხეილონგძიანგის პროვინციის მარცხენა სანაპირო ტერიტორიები და სრულ მზადყოფნაში იყო შესაძლებლობისთვის მონღოლეთის დასაპყრობად ან მის სასარგებლოდ გამოსაყენებლად. დაახლოებით ამავე პერიოდიდან ჩინეთმა აუკრძალა რუსეთს და მის მოსახლეობას მონღოლეთის ტერიტორიაზე ემიგრაცია, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ აქ ჩამოსახლებას, მათ შორის იყო რუსი აგენტებიც, რომელთა მთავარი მოვალეობაც მონღოლებისა და ჩინელების ეროვნული დაპირისპირების გაღვივება იყო. 1865 წელს სინძიანის, კანგსუს, ნინგსიას, ძიასისა და ცინგხაის პროვინციებში დაიწო უიღურებისა და ხუის ეროვნებების აჯანყება, რომელთაც ეხმარებოდა რუსეთი ჩინეთის დასუსტების მიზნით . ამ არეულობით ისარგებლა რუსეთმა და მონღოლეთში გაგზავნა თავისი არმია.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, რუსეთს უკვე დიდი გავლენა ჰქონდა მონღოლეთის ტერიტორიაზე, მათ შორის რკინიგზის მშენებლობაზე, ასევე სარგებლობდა თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიით და ჰქონდა სხვა ეკონომიკური სარგებელი. გარდა ამისა, 1907 წლის 30 ივლისს რუსეთ-იაპონიას შორის დაიდო საიდუმლო ხელშეკრულება[1], რომლის მიხედვითაც ინაწილებდნენ ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებს, რუსეთი მხარს დაუჭერდა იაპონიის კონტროლს კორეაზე, ხოლო იაპონია რუსეთის განსაკუთრებულ მდგომარეობას მონღოლეთში.
1905 წელს მონღოლეთის ტერტორიაზე დაიწყო სეპარატისტული მოქმედბები, რომლებსაც იარაღით რუსეთი უზრუნველყოფდა. 1911 წელს სინხაის რევოლუციის პერიოდში მონღოლმა ფეოდალებმა რუსების მხარდაჭერით მოითხოვეს დამოუკიდებლობა. ამავე წლის ივლისში, რამდენიმე ათეული მონღოლი ფეოდალი საიდუმლოდ შეთანხმდა ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობაზე და რუსეთს სთხოვეს დაცვა და სამხედრო მხარდაჭერა, სანაცვლოდ კი რუსეთს სხვადასხვა პრივილეგიებით სარგებლობის უფლება ექნებოდა მონღოლეთში. რუსეთმა არა მხოლოდ თავად დაუჭირა მხარი მონღოლეთს, არამედ წამოიწყო დიპლომატიური პროპაგანდა მონღოლეთის დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. საბოლოოდ რუსეთმა მიიღო იაპონისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერაც. 1921 წლის ივნისში კი ბოლშევიკურმა რუსეთმა ჩინეთს წაუყენა სამი მოთხოვნა:
- ჩინეთს არ უნდა ჰყოლოდა არმია გარე მონღოლეთის ტერიტორიაზე(დღევანდელი მონღოლეთის რესპუბლიკა);
- არ უნდა მომხდარიყო ჩინეთის სხვა ტერიტორიებიდან გარე მონღოლეთში ხალხის ემიგრაცია;
- გარე მონღოლეთი უნდა გამხდარიყო ავტონომიური რეგიონი და ჩინეთი არ უნდა ჩარეულიყო მის შიდა პოლიტიკაში.
ამავე წელს გარე მონღოლეთი იქცა „სუვერენიტეტულ სახელმწიფოდ“ და 3 ნოემბერს, რუსეთსა და მონღოლეთს შორის გაფორმდა „რუსეთ-მონღოლეთის ხელშეკრულება“, რომელიც ორიენტირებული იყო რუსეთის მიერ მონღოლეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერაზე, სამხედრო დახმარებაზე, ემიგრაციის არ დაშვებაზე, სანაცვლოდ კი რუსეთი მიიღებდა პრივილეგიებს, მათ შორის მონღოლეთის ვალდებულებაზე არ ჰქონოდა ან არ გაეფორმებინა რაიმე სახის ხელშეკრულება ჩინეთთან ან სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან რუსეთის ნებართვის გარეშე. ეს ხელშეკრულება და „მონღოლეთის სუვერენიტეტი“ ჩინეთის მთავრობამ, რა თქმა უნდა, არ აღიარა.
1913 წლის 6 ოქტომბერს ჩინეთისა და რუსეთის ხელისუფლებამ გაცვალეს განცხადებები, რომელთა შინაარსი იყო:
- რუსეთი აღიარებდა ჩინეთის სუვერენიტეტს გარე მონღოლეთზე;
- ჩინეთი აღიარებდა გარე მონღოლეთის ავტონომიას;
- ჩინეთს არ უნდა ჰყოლოდა არმია გარე მონღოლეთის ტერიტორიაზე, არ უნდა გაეგზავნა სამოქალაქო-ადმინისტრაციული წარმომადგენლები, არ უნდა მოეხდინა მისი კოლონიზაცია, მხოლოდ შეეძლო დაენიშნა უფროსი ოფიცერი კულენში;
- ჩინეთი აღიარებდა რუსეთის კოორდინაციას და მის ურთიერთობას გარე მონღოლეთთან ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებისა და 1912 წლის სავაჭრო ასოციაციის პუნქტების თანახმად;
- რუსეთისა თუ ჩინეთის სხვა ყველა ინტერესი გარე მონღოლეთის მიმართ უნდა გადაწყვეტილიყო სხვა მოლაპარაკებით.[2]
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ამ ხელშეკრულებით ჩინეთის გავლენა მნიშვნელოვნად მცირდებოდა გარე მონღოლეთზე, სწორედ აქედან იწყება მონღოლეთის დაკარგვა ჩინეთისთვის, თუმცა ამ პერიოდში ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ იუენ ში ქაისთვის[3] რუსეთის მიერ მისი აღიარება და მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ქვეყნის ინტერესები.
ეს პრობლემა გაგრძელდა საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგაც, ჩინეთი ითხოვდა რუსული/საბჭოური არმიის გაყვანას გარე მონღოლეთიდან და შუა აღმოსავლეთის რკინიგზის დაბრუნებას. 1924 წლის 31 მაისში ხელი მოეწერა „ჩინეთ-რუსეთის განსახილველი საქმეების გადასაჭრელ ხელშეკრულებას“ . ამით ვერ მოგვარდა მონღოლეთისა და რკინიგზის პრობლემა, მაგრამ აღდგა მეზობლური ურთიერთობა ამ ორ ქვეყანას შორის.[4]
თუ რუსულ და მონღოლურ წყაროებს გადავავლებთ თვალს, მონღოლეთის საკითხს ისინი ასე ხსნიან „გარე მონღოლეთი 1691 წლიდან 1911 წლის ჩათვლით იყო ცინგის დინასტიის ჩინეთის ნაწილი, მაგრამ სინხაის რევოლუციის შემდეგ, ცინგის დინასტია ანუ მანჯურიელები ვეღარ შეძლებდნენ ემართათ ჩინეთი, შესაბამისად მონღილებმა აღარ ისურვეს ჩინეთთან თანაარსებობა და დამოუკიდებლობა მოითხოვეს“.[5]
ძიანგ ძიეში (ჩან კაი ში) და საბჭოთა კავშირი
სუნ ჭონგ შანის(სუნ იატ სენის) რევოლუციას წარმატებისთვის რომ მიეღწია საერთშორისო მხარდაჭერა სჭირდებოდა, დასავლური კოლონიალისტური სახელმწიფოების ფონზე საბჭოთა კავშირი ერთადერთ იმედად რჩებოდა. მოგვიანებით მაო წე დუნმაც აღნიშნა „რევოლუციის დასაწყისში, ყველა იმპერიალისტური ქვეყანა გვეწინააღმდეგებოდა, ერთადერთი საბჭოთა კავშირმა დაგვიჭირა მხარი“. ოქტომბრის რევოლუციის წარმატება სუნ ჭონგ შანმა(სუნ იატ სენმა) ტელეგრამით მიულოცა ლენინს და საბჭოთა კავშირთან იმპერიალისტების წინააღმდეგ გაერთიანების სურვილიც გამოთქვა, ეს იდეა ლენინსაც მოეწონა.
თუმცა ნანძინის მთავრობის დაარსების შემდეგ, მათ უარყვეს სუნ ჭონგ შანის(სუნ იატ სენის) სამი დიდი პოლიტიკის პრინციპი_ „გაერთიანება რუსეთთან, გაერთიანება კომუნისტებთან, გლეხებისა და მუშების დახმარება“, უკან გააბრუნეს საბჭოთა კავშირის მრჩეველი, და დაიწყეს კომუნისტების და მათი მომხრე გლეხებისა და მუშების ხოცვა. ძიანგ ძიეშიმ(ჩან კაიში) და ვანგ ძინგ ვეიმ ეროვნული რევოლუციის შემდეგ, უარყვეს „რუსთთან და კომუნისტებთან გაერთიანების“ პოლიტიკა და დაიწყეს ანტი საბჭოური და ანტი კომუნისტური პოლიტიკა. ძიანგ ძიეში(ჩან კაიში) ჩინეთში არსებული კომუნისტური პარტიის მოწინააღმდეგე იყო და შესაბამისად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირს, რის გამოც მან მკაცრ ზომებს მიმართა. 1929 წელს ჩინეთმა და საბჭოთა კავშირმა კვლავ დაიწყეს ურთიერთობის გაუმჯობესება. ძიანგ ძიეში(ჩან კაიში) იაზრებდა რა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ღირებულებას, ასევე ჩინეთში არსებულ მდგომარეობას (მის კონტროლ ქვეშ არ იყო მთელი ჩინეთი და პარალელურად არსებობდა მეტოქე ჩინური კომუნისტური პარტია) შესამაბისად, ამავე წლის 22 დეკემბერს მიაღწია მათთან შეთანხმებას. 1930 წლის 4 დეკემბერს კი გაიმართა მეორე კონფერენცია მათ შორის და განიხილეს შუა აღმოსავლეთის ვაჭრობის და მისი აღდგენის საკითხები.
„918“ ინცინდენტის[1] შემდეგ, იაპონიამ დაიწყო ჩინეთის ჩრიდილო-აღმოსავლეთში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების კიდევ უფრო გაფართოება, რამაც სიმშვიდე დააკარგვინა საბჭოთა კავშირს. იაპონიის გაფართოება საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საბჭოთა კავშრის გავლენას პინგხაის(დღევანდელი პრიმორსკის მხარე) რეგიონსა და ზოგადად შორეულ აღმოსავლეთში, არამედ იმპერიალისტურ სახელმწიფოებს მისცემდა საბაბს საბჭოთა კავშირთან ბრძოლის დასაწყებად. ამიტომაც მათ თავიდანვე გამოუცხადეს მხარდაჭერა ჩინეთს იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1931 წლის 7 ნოემბერს ჩინელმა კომუნისტებმა გამოთქვეს სურვილი საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის გამყარებისა,[2] რასაც მხარი დაუჭირა ნანძინის მთავრობის ზოგიერთმა წევრმა. ძიანგ ძიეშიც(ჩან კაიშიც) დაეთანხმა ამ იდეას, იმის გათვალისწინებით რომ საბოლოოდ იაპონია და საბჭოთა კავშირი დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს და ეს ჩინეთისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა.
1932 წლის 12 დეკემბერს ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საკონსულოების დონეზე აღდგა ურთიერთობა. [3]საბჭოთა კავშირმა ამ ფაქტიდანვე გაუწია დახმარება ჩინეთს იაპონიის წინააღმდეგ, მათ შორის საბრძოლო აღჭურვილობაში. 1937-1939 წლებში საბჭოთა კავშირი რჩებოდა ჩინეთის ყველაზე ძლიერ დამხმარედ საბრძოლო საკითხებში. 1937 წელს საბჭოეთმა ჩინეთს მისცა 50 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი ტექნიკაზე. 1938 წელს მისცა 100 მლნ დოლარის კრედიტი. აშშ-ს საერთაშორისო ურთიერთოებების დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამ პერიოდში საბჭოეთმა სულ 500 მლნ დოლარის კრედიტი გასცა ჩინეთზე. [4]1939 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირმა ჩინეთს გადასცა 1 000 თვითმფრინავი და გაუგზავნა 2 000 მოხალისე მფირინავი. ამავე წლის 13 ივნისს ხელი მოეწერა 150 მლნ დოლარის კრედიტის გაცემას ჩინეთზე. 16 ივნისს კი სავაჭრო ხელშეკრულებას.[5] ეს ხელშეკრულებები რჩებოდა ჩინეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობისა და სამხედრო დახმარების სიმბოლურ გარანტიად.
1941 წლის 22 ივნისს, როდესაც გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, იქცა ჩინეთის და ძიანგ ძიეშის(ჩან კაიშის) თავის ტკივილად, რადგან საბჭოთა კავშირის დამრცხების შემთხვევაში, ჩინეთს შეექმნებოდა საფრთხე გაერთიანებული გერმანიისა და იაპონიის მიერ.
მიუხედევად ამ ყველაფრისა, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობა მაინც დაძაბული იყო და ძიანგ ძიეში(ჩან კაიში) ბოლომდე კომუნისტების მოწინააღმდეგედ რჩებოდა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებდა ტერიტორიული დაპირისპირება მათ შორის.
ტერიტორიული უთანხმოება ჩინეთსა და რუსეთს შორის: სინძიანის პროვინცია, რკინიგზა, პორტები, სახალინისა და კურილიის კუნძულები.
1944 წლის გაზაფხულზე კვლავ არია მათი ურთიერთობა. 1944 წლის მარტში სინძიანის ტერიტორიიდან ყაზახური წარმომავლობის ტყვეების ნაწილი გაიქცა გარე მონღოლეთის ტერიტორიაზე, სადაც ჩინეთი წააწყდა უკვე ავტონომიური გარე მონღოლეთის მიერ სამხედრო შეწინააღმდეგებას და საბჭოთა თვითმფირინავის თავდასხმას.
ამავე წლის 12 ნოემბერს, საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით სინძიანში ილის ტერიტორიაზე „აღმოსავლეთ თურქმენეთის სახალხო რესპუბლიკის დროებითი მთავრობა“ შექმნა და ჩინეთის ნაციონალურ მთავრობასთან შეწყვიტა ურთიერთობა. თუმცა „აღმოსავლეთ თურქმენეთის სახალხო რესპუბლიკის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებამ, რომ სინძიანი არ იყო ჩინეთის ნაწილი, არამედ იყო აღმოსავლეთ თურქმენეთისა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის წინააღმდეგობა გამოიწვია.[1]
სინძიანში განვითარებული პრობლემების გარდა, პრობლემები არ წყდებოდა მონღოლეთთან დაკავშირებით.
ამას დაემატა 1944 წლის დეკემბერში სტალინის მოთხოვნა არენდით აეღო ლუშუნისა და ტალიანის პორტების მიმდებარე ტერიტორიები, შუა აღმოსავლეთისა და სამხრეთ მანჯურიის რკინიგზა, გარდა ამისა მონღოლეთის დამოუკიდებელ პოლიტიკურ რეგიონად აღიარება, კურილიისა და სახალინის კუნძულების იაპონიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშირისთვის გადაცემა და ამ ყველაფრის სანაცვლოდ ის არ ჩაერეოდა ჩინეთის სუვერენიტეტში ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე.[2]
1945 წლის 4 თებერვლის იალტას კონფერენციის შემდეგ, 11 თებერვალს საბჭოთა კავშირმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს იალტას შეთანხმებას, რომელიც მოიაზრებდა გერმანიის დამარცხების შემდეგ საბჭოთა კავშრის იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვას, სანაცვლოდ მონღოლეთი მიიღებდა სტატუს ქვოს; სახალინის კუნძული და მიმდებარე კუნძულები გადაეცემოდა საბჭოთა კავშირს; ტალიანის სავაჭრო პორტის საერთაშორისოდ გადაიქცეოდა, ოღონდ იქ საბჭოთა კავშირის შეინარჩუნებდა განსაკუთრებულ მდგომარეობას; საბჭოთა კავშირი გამოიყენებდა ლუშუნის პორტს სამხედრო ბაზად; შუა აღმოსავლეთისა და სამხრეთ მანჯურიის რკინიგზას ჩინეთ-საბჭოთა კავშირი ერთად გამოიყენებდნენ, თუმცა საბჭოთა კავშირი შეინარჩუნებდა პრივილეგიებს და ჩინეთი სუვერენიტეტს; კურილიის კუნძულები გადაეცემოდა საბჭოთა კავშირს.
თუმცა იალტას კონფერენციაც და შეთანხმებაც მოხდა ჩინეთის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად ჩინეთმა მაშინვე უარყო ის. მაგრამ ამავე წლის 11 და 12 ივლისის მოლაპარაკებების შემდეგ სტალინი წავიდა დათმობაზე, დათანხმდა რკინიგზის საერთო მფლობელობაზე, რკინიგზის დაცვის წარმომადგენლები იქნებოდნენ ჩინელები, რკინიგზის საერთო მართვის პერიოდი 40 წლიდან 30 წლამდე ჩამოიყვანა, თუმცა რკინიგზის მენეჯმენტის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, სტალინი ითხოვდა რომ საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და 45 წლის მანძილზე ჰქონოდათ იქ მუშაობის უფლება.[3]
მონღოლეთთან დაკავშირებით კი სტალინი დათმობაზე არ მიდიოდა, რადგან მონღოლეთი ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებით ხდებოდა საბჭოთა კავშირის მომხრე და ჩინეთთან მოსაზღვრე პუნქტი. 8 ივლისს ძიანგ ძიეში(ჩან კაიში) დათანხმდა მონღოლეთის დამოუკიდებლობა არჩევნების გზით გადაწყვეტილიყო. საბოლოოდ, საბჭოთა კავშირმა აღიარა ჩინეთის სუვერენიტეტი ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სინძიანში, შუა აღმოსავლეთისა და სამხრეთ მანჯურიის რკინიგზა გადაკეთდა ჩინეთის ჩანგ ჩუნის რკინიგზად, სარგებელს კი ორივე ქვეყანა მიიღებდა 30 წლის მანძილზე, შემდეგ კი ჩინეთს დაუბრუნდებოდა, საბჭოთა კავშირს არ მოუწევდა სავაჭრო გადასახადების გადახდა, ტალიანი გამოცხადდა თავისუფალ პორტად, თუმცა ჩინეთის შემადგებლობაში.
აი, ასე, სტალინმა მიიღო იმის ნაწილი რაც სურდა, ძიანგ ძიეშიმ კი სტალინის მიერ ჩინეთის არმიისა და კუომინტანგის (ნაციონალური პარტიის) ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით დათმო ბევრი რამ.
ჩინურ-რუსული ურთიერთობების განვითარების ქრონოლოგია(1911-1949):
1911 წელი 18 ოქტომბერი, რუსეთის საკონსულო კორპუსმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი ჩინეთში მიმდინარე რევოლუციებთან დაკავშირებით.
1913 წელი 6 ნოემბერი, რუსეთმა და ჩინეთმა გაცვალეს განცხადებები.
1913 წელი, რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ჩინეთის რესპუბლიკა.
1921 წლის ივნისი, საბჭოთა წითელი არმია „მონღოლეთის დროებითი სახალხო მთავრობის“ თხოვნით შედის გარე მონღოლეთში.
1922 წლიდან, (ზოგადად რუსული ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ) რუსი ემიგრანტების რაოდენობა იზრდება ხარპინში, შანხაისა და სხვა ჩინურ ქალაქებში.
1924 წელი 31 მაისი, ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიდო „ჩინეთ-რუსეთის განსახილველი საქმეების გადასაჭრელი ხელშეკრულება“.
1927 წლის კუანგჭოუს აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ, 14 დეკემბერს ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შეწყდა საგარეო ურთიერთობები.
1929 წელი, დაიწყო ურთიერთობების აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები. 1929 წლის 22 დეკემბერს მიაღწიეს შეთანხმებას.
1930 წელი 4 დეკემბერი, გაიმართა ჩინეთ-საბჭოთა მეორე კონფერენცია, განიხილეს შუა აღმოსავლეთის სახმელეთო ვაჭობისა და ურთიერთობის აღდგენის საკითხები.
1931 წელი 7 ნოემბერი, ჩინელმა კომუნისტებმა მოითხოვეს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების განმტკიცება.
1932 წელი, იაპონიამ ჩინეთის ტერიტორიაზე „დაარსა“ მანჯურიის სახელმწიფო, რამაც გამოიწვია 1932 წლის 12 დეკემბერს ჩინეთისა და საბჭოთა კავშრის ურთიერთობის აღდგენა საკონსულოების დონეზე.
1933 წელი, აპრილში ჩრდილო-აღმოსავლეთის ოფიცერმა შენგ ში ცაიმ ხელში ჩაიგდო სინძიანის მმართველობა. 1934 წლის იანვარში საბჭოთა წითელი არმია შევიდა სინძიანში და მხარი დაუჭირა შენგ ში ცაის.
1937-1942 წლები, საბჭოთა სპეციალისტები, მფრინავები, სამხედრო კონსულტანტები ჩამოდიან ჩინეთში იაპონიის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.
1937 წლის შემოდგომაზე საბჭოთა კავშირმა ჩინეთს მისცა 500 მლნ დოლარის ოდენობის კრედიტი. 1938 წელს 1 000 მლნ დოლარის კრედიტი. 1939 წლის 13 ივნისს კი ხელი მოეწერა 1 500 მლნ დოლარის კრედიტის მიცემის შეთანხმებას.
1937-1938 წლები, საბჭოთა სპეციალისტების დახმარებით ჩინელმა ინჟინრებმა შეაკეთეს 2 925 კილომეტრის სიგრძის გზა.
1939 წელი 16 ივნისი, ჩინეთ-საბჭოთა კავშირს შორის დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება.
1944 წლის გაზაფხულზე სინძიანიდან ყაზახი ტყვეები გაიქცნენ გარე მონღოლეთის ტერიტორიაზე, რასაც მოყვა კიდევ ერთი დაპირისპირება ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის.
1945 წელი, საბჭოთა არმიამ შეტევა დაიწყო მანჯურიაში იაპონიის არმიის წინააღმდეგ.
1945 წელი 4 თებერვალი, გაიმართა იალტას კონფერენცია.
1945 წლიდან 1949 წლის ჩათვლით ჩინეთის სამოქალაქო ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა მაო წე დუნსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას.
1949 წელი 2 ოქტომბერი, საბჭოთა კავშირმა აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- 吴东之,《中国外交史:中华民国时期1911~1949》,河南人民出版社,1990年;
- 《德黑兰、雅尔塔、波茨坦会议记录摘编》;
- 《中华苏维埃共和国临时中央政府对外宣言》,1931年11月7日;
- 《中华苏维埃共和国宪法大纲》第十七条,1931年11月7日;
- 孙中山,《孙中山选集》下卷;
- 毛泽东,《毛泽东选集》第二卷;
- Arthur N. Young, “China and The Helping Hand, 1937-1945”, Cambridge, 1963;
- Ю.М. Галенович, “Войны Нового Китая и его дипломатическая служба”, Москва, 2012;
- Цыбенов Базар Догсонович, “Монголия: от статус-кво до юридического признания“, Известия Восточного Института 2015.
- Ю. В. Кузьмин, А. П. Суходолов ,“Вопросы российско-монгольских отношений в начале ХХ века (1900—1921 гг.): экономика, дипломатия, культура“, ST Peterburg, 2014.
- И.Е. Воронкова, “Русско-Китайские отношения в начале XX века в оценке конституционных демократов”.
[1] 吴东之,《中国外交史:中华民国时期1911-1949》,第598-596页.
[2] 《德黑兰、雅尔塔、波茨坦会议记录摘编》第233-235页。
[3] 吴东之,《中国外交史:中华民国时期1911-1949》,第606页.
[1] არა ჩინურ წყაროებში მოიხსენიება როგორც „მუკდენის ინციდენტი“ ან „მანჯურიის ინციდენტი“, როდესაც იაპონელი სამხედროების მიერ მოწყობილი აფეთქება გახდა საბაბი, იაპონელების ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეჭრისა 1931 წლის 18 სექტემბერს.
[2] (178)《中华苏维埃共和国临时中央政府对外宣言》,1931年11月7日另参阅《中华苏维埃共和国宪法大纲》第十七条,1931年11月7日,引自《中国近代对外关系史资料选辑(1840-1949)》下卷第一分册第233页。
[4] FRUS, 1939, Voll III, The Far East, 1956, P261
[5] 吴东之,《中国外交史:中华民国时期1911-1949》,第426页.
[1] 吴东之《中国外交史:中华民国时期1911~1949》,第17页.
[2] 吴东之《中国外交史:中华民国时期1911~1949》, 第20-21页.
[3] ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1912-1916 წლებში.
[4] 吴东之《中国外交史:中华民国时期1911~1949》,第101-102页.
[5] Tsibenov Bagsar Dogsonovich, “Mongolia: From the status quo to legal recognition“
[1] 吴东之《中国外交史:中华民国时期1911~1949》,第16页.
ავტორი: ნელი ახობაძე, ჭეძიანგის უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის პროგრამის მაგისტრანტი.
Discussion about this post