ჩინეთ-იაპონიის ომებზე, განსაკუთრებით კი ჩინეთ-იაპონიის მეორე ომზე, რომელიც 1937-1945 წლებში მიმდინარეობდა ტომები შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ვეცდები რამდენიმე გვერდიან სტატიაში ჩავატიო ის, რაც აუცილებელია ვიცოდეთ, როგორც მსოფლიო ისტორიის ნაწილი.
ჩინეთ-იაპონიას შორის ურთიერთობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად იძაბება. 1894-1895 წლებში მოხდა ჩინეთ-იაპონიის პირველი ომი, რომლის დროსაც იაპონიამ მოახდინა ერთი მხრივ კორეის, მეორე მხრივ კი ჩინეთის ტერიტორიის, კონკრეტულად თაივანის ანექსია. 1905 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დროს, იაპონიამ რუსეთს წაართვა მის მიერ დაკავებული ჩინეთის ჩრდილო- აღმოსავლეთი ტერიტორიები. 1914-1918 წლებში, პირველი მსოფლიო ომის პარალელურად, იაპონიამ ისარგებლა მდგომარეობით და ჩინეთთან გააფორმა „12 მუხლი“, ასევე ძალის გამოყენებით დაიკავა ქალაქი ცინგტაო (青岛). 1927-1928 წლებში იაპონიის არმია რამდენჯერმე შევიდა პროვინცია შანტონგში (山东省) და ეს პროცესი ცნობილია როგორც „ძინანის ხოცვა-ჟლეტა“(济南大屠杀) და ა.შ. 1931 წელს მოხდა „18 სექტემბრის ინციდენტი“, იაპონიის შეიარაღებულმა არმიამ დაიკავა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიები, შეეცადა მანჯურიისა და მონღოლეთის მთლიანად თავის კონტროლზე აყვანას და საფუძველი ჩაუყარა ჩინეთ- იაპონიის მეორე ომის დასაწყისს.
ომისთვის მზადება
1927 წლის 28 მაისს იაპონიამ 2 000 კაციანი არმია შეიყვანა შანტონგის პროვინციაში, დაიკავა ქალაქი ცინგტაო, ძიაოძის(胶济) სარკინიგზო ხაზი. საბოლოოდ, იაპონია შეუთანხმდა ძიანგ ძიეშის(ჩან კაი ში), მხარს დაუჭერდა მას როგორც გაერთიანებული ჩინეთის ერთადერთ მმართველს, ოღონდ ძიანგ ძიეშის უნდა მიენიჭებინა განსაკუთრებული უფლება იაპონიისთვის მანჯურია-მონღოლეთში. 1
1928 წლის გაზაფხულზე იაპონიამ ქალაქ ძინანისკენ 5 000 კაციანი არმია. მანამდე კი ჩრდილოეთ ჩინეთში მყოფი იაპონური არმიის სამი დანაყოფი შევიდა ძინანში. 1 მაისს ნაციონალური მთავრობის ჩრდილოეთის მეორე საექსპედიციო არმია შევიდა ქალაქ ძანანში. ამ დღეს დაიღუპა 3 625 ჩინელი მოქალაქე, დაშავდა 1 455. 21928 წლის 1 მაისს მოიხსენიებენ როგორც ძინანის ტრაგედიას.
1931 წლის 18 სექტემბერს, საღამოს 22:20 წუთზე იაპონიის კვანტუნის არმიამ ააფეთქა მაშინდელი სამხრეთ მანჯურიის რკინიგზის სადგური. 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით იაპონიამ დაიკავა ლიაონინგისა (辽宁) და ძილინის(吉林) ორი პროვინცია, მათი 20 ქალაქით და სამხრეთ მანჯურიის რკინიგზის რეგიონი.
1932 წლის 1-ელ მარტს იაპონიის კვანტუნის არმიამ გამოსცა ბრძანება „მანჯურიის სახელმწიფოს დაარსების შესახებ“, 9 მარტს კი მოხდა ფუ ი-ს (溥仪ცინგის დინასტიის უკანასკნელი იმპერატორის) ინაუგურაცია, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას იაპონიასთან, რომლის თანახმადაც იაპონიას ქონდა განუსაზღვრელი უფლებები „მანჯურიის სახელმწიფოში“. 1935 წლის დეკემბერში უკვე ოფიციალურად შექმნეს ავტონომიური მთავრობა.3
1932 წლის 28 იანვრის შანხაიში 20 იანვარს მოკლული იაპონელი ბერის „გამო“ კვალავ მოხდა შეტაკება. ეს ბრძოლა დაახლოებით სამი თვე გაგრძელდა. 24 მარტს დასავლეთის ჩარევით გაიმართა ჩინურ-იაპონური ბრძოლის შეჩერებასთან დაკავშირებული კონფერენცია, 30 აპრილს ერთა ლიგის კონფერენციამ შეიმუშავა ხელშეკრულება და 5 მაისს იაპონიის სასარგებლოდ დასრულებულ ბრძოლასთან დაკავშირებულ „უსონგის ბრძოლის შეწყვეტის შეთანხმებას“ (武松停战协 定 )მოაწერა ხელი ორივე მხარემ. ორივე არმია დაუბრუნდა 28 იანვრამდე მყოფ ტერიტორიებს.4
მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებთან ერთად იაპონია-ჩინეთის ურთიერთობაც ახალ, ღია ომის ეტაპზე გადავიდა. იაპონიამ 14 დანაყოფი გაამზადა ჩინეთში შესასვლელად და ომის დასაწყებად.5 მეორე მხრივ, ჩინეთმაც დაიწყო მზადება გარდაუვალი ბრძოლისთვის. ქვეყნის ორი დაპირისპირებული მხარე, ჩინეთის ნაციონალური პარტია ანუ კუომინტანგი (国民党- გომინდანი) და ჩინეთის კომუნისტური პარტია ანუ კონგჩანგტანგი (共产党)გაერთიანდნენ იაპონიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ძიანგ ძიეშიმ საბრძოლველად მოამზადა თავსი 2 მილიონიანი სახმელეთო არმია, 100 საბრძოლო საზღვაო ხომალდი და 260-ზე მეტი აეროპორტი, 600 მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო საბრძოლო ხომალდით. 6
გამოუცხადებელი ომი
1937 წლის 7 ივლისს ფენგთაიში დაბანაკებულმა იაპონიის არმიამ ჩაატარა საბრძოლო ვარჯიში, რომლის შემდეგაც აღმოაჩინეს, რომ დაიკარგა ერთ-ერთი იაპონელი ჯარისკაცი, მისი პოვნა კი გახდა საბაბი ომის დაწყებისა. 7 ივლისს იაპონელებმა მოითხოვეს იქვე ვანფინგის დასახლებაში შესვლის ნებართვა და მოძებნა, თუმცა ჩინელებმა ნება არ დართეს, რის გამოც იაპონელებმა 7 ივლისს ღამით დაიწყეს შეტევა ამ დასახლებაზე და 8 ივლიის დილის 04:30 სათზე დაიკავეს ეს ტერიტორია. აი, ასე დაიწყო ჩინეთ იაპონიის ღია ომი 1937 წელს.
ამ ინციდენტის შემდეგ ომი გაჩაღდა თითქმის მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე, ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლა მაინც იაპონიის სასარგებლოდ ვითარდებოდა. „7 ივლისის ინციდენტის“ შემდეგ, შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე არსებულ იაპონურ ბატონობას, საფრთხე შეუქმნა ქ. ხარპინში (哈尔滨)დაბანაკებულმა ჩინეთის მე-7 არმიამ, რის გამოც 9 აგვისტოს იაპონიის შტაბმა ბრძანება გასცა კვანტუნის და ჩინეთის გარნიზონის არმიებს ორი მხრიდან შეეტიათ ხარპინისთვის. ეს ბრძოლაც იაპონელების სასარგებლოდ დასრულდა.
13 ივლისს ჩან კაიშიმ ბოლომდე ბრძოლის ბრძანება გასცა. 16 ივლისს კი იაპონიის კვანტუნის არმიამ „ჩინეთის არმიის დასჯა“ გადაწყვიტა დაუმორჩილებლობის გამო. 17 ივლისს გადაწყდა ჩინეთის დასჯა ორ ეტაპად, ჯერ დაახლოებით ორ თვეში უნდა გაენადგურებინათ ჩინეთის 29-ე არმია და მოეგვარებინათ ჩრდილოეთ ჩინეთის პრობლემა, მერე 3-4 თვის მანძილზე კუომინგტანგის ცენტრალური არმიაზე მიეტანათ დარტყმა, გაენადგურებინათ ძიანგძიეში და მოეგვარებინათ ჩინეთის საკითხი. 7
13 აგვისტოს კი იაპონელებმა მეორე ფრონტი გახსნეს შანხაიში, რათა ჩინეთის ეკონომიკური ცენტრის განადგურებით მოესპოთ ჩინეთის არმიისთვის ფინანსური წყარო. ძიანგ ძიეშიმ აქ თავისი საუკეთესო, გერმანულ მოდელზე გაწვრთვნილი 87-ე და 88-ე დანაყოფები დაუპირისპირა იაპონელებს, მათ წარმატებით შეაჩერეს მტრის არმია, თუმცა იაპონია სამი თვის შემდეგაც არ იხევდა უკან, რის გამოც ჩინეთის ძირითადი ყურადღება შანხაიზე გადაერთო და რესპუბლიკის დედაქალაქი ნანძინი დაუცველი დარჩა.
ამასობაში ჩანმა დედაქალაქი სიჩუანის პროვინცია(四川省), ჩონგცინგში(重庆) გადაიტანა. მოგეხსენებათ, სიჩუანის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მთიანი რეგიონია ჩინეთში და მისი ბუნებრივი მდებარეობა გაურთულებდა მტერს იქ მოხვედრას. თავად ჩანი კი სტრატეგიულ ქალაქ უხანში დარჩა, როგორც მხედართმთავარი, ხოლო სკოლებს, ქარხნებს და სხვა დაწესებულებებს მოუწოდეს ამ ტერიტორიიდან შორს გადასვლა. სამხრეთ-დასავლეთის ბაზა გადაიქცა იაპონელების წინააღმდეგ ახალ საბრძოლო ხაზად, რამაც იაპონელების სამ თვეში ჩინეთში პრობლემის მოგვარების იმედს წყალი გადაუწურა.
8 ნოემბრის ღამეს იაპონიამ დაიკავა პროვინიცა შანსის (山西省)ქ. თაიიუენი, იაპონიამ დაიკავა ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი და დასრულდა ჩრდილოეთის ბრძოლა,8 მაგრამ ჩინეთ- იაპონიის ომს დასასრული არ უჩანდა. ამ ყველაფრის პარალელურად, იაპონიამ 13 აგვისტოს ცეცხლი გახსნა შანხაიშიც, რამაც უფრო გაართულა ჩან კაიშის არმიის მობილიზება, რადგან უმეტესობა ჩრდილოეთ ჩინეთიდან შანხაის დასაცავად ჩამოვიდა და ჩრდილოეთში ცოტანი დარჩნენ, რამაც მათი მარცხი გამოიწვია ჩრდილოეთში.
ომის პირველ ეტაპზე უპირატესობა მოიპოვა ჩინეთის არმიამ და 15 აგვისტოს უკან დახევა დაიწყო იაპონიამ, თუმცა 23 აგვისტოს ღამის სამ საათზე იაპონიამ განაახლა შეტევა. მეორე ეტაპი 25 ოქტომბრამდე გაგრძელდა და ჩინელების უკან დახევით დასრულდა, მაგრამ იაპონელებმა ჩინელების ქ. სუჭოუმდე (苏州)უკან დახევა არ იკმარეს და 26 ოქტომბერს ე.წ. სონგხუს ბრძოლის მესამე ეტაპი დაიწყო. 12 ნოემბერს იაპონიამ დაიკავა მთელი შანხაი მისი შემოგარენით და 19 ნოემბერს შეუტია ქ. სუჭოუსა და პროვინცია ჭეძიანგის ქ. ძიასის.9
ნანძინგის სასაკლაო და ომის პირველი ეტაპის დასასრული
ხუსონგის ანუ შანხაის ბრძოლის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, 15 ნოემბერს იაპონიის არმია ქ. ნანძინგისკენ დაიძრა. გზად კი დაიკავა ყველა შემხვედრი ქალაქი. ნანძინგის ოკუპაცია კი იქცა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ, რთულად საპატიებელ მოვლენად ჩინელებისთვის. იაპონელებმა ნანძინგის ათასობით მშვიდობიანი მოსახლე ამოხოცეს, ქალებს კი ჯერ აუპატიურებდნენ, ბილწავდნენ და მხოლოდ შემდეგ კლავდნენ. ეს მოვლენა ისტორიაში ცნობილია როგორც ნანძინის სასაკლაო. ჩინეთში გავრცელებლია მოსაზრება, რომ ამ დანაყოფის ქცევისა და ნანძინგში მიმდინარე მოვლენების დეტალების შესახებ ინფორმაციას იაპონიის მთავრობა არ ფლობდა. ხოლო, ომის დასრულების შემდეგ, როდესაც საერთაშორისო ძალებმა სიმართლე გამოააშკარავეს და დაამტკიცეს, იაპონელი ხალხი შერხცვენილად თვლიდა თავს.
პირველ დეკემბერს ნანძინგს ასაღებად მიადგა იაპონიის 6 დივიზია, მე-13 დივიზიამ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჩაკეტა გზა. მე-6, მე-9, მე-16 და მე-11 დივიზიებმა კი შეტევა მიიტანეს ქ. ნანძინგზე. ჩინეთის მხრიდან ნანძინგში მტერს დახვდა 78-ე, 71-ე, 72-ე, მე-10 არმია, მოგვიანებით დაემატა 66-ე, 74-ე და 83-ე არმია. თუმცა რეალურად ეს არმიები შედგებოდა თითო- თითო დივიზიებისგან, ამიტომ 7 არმიის ჯარისკაცების რაოდენობა იყო არაუმეტეს 110 000 კაცისა. 10 ნანძინგის ბრძოლა ჩინელების ჰოლოკოსტად იქცა. 12 დეკემბერს ქ. ნანძინგის შემოგარენში იაპონიის არმიამ ცოცხლად დამარხა 3 000 უბრალო მოქალაქე, პარალელურად მოკლეს 20 000 ჯარისკაცი და მოქალაქე. 13 დეკემბერს კი ქალაქს შიგნით დაიწყო ოფიციალური ხოცვა-ჟლეტა. ამავე დღეს დახვრიტეს დაახლოებით 10 000 ბრძოლას გადარჩენილი ჩინელი ჯარისკაცი, შემდეგ 7 000 უბრალო მოქალაქე და ფორმიანი პოლიციელი გაიყვანეს ქალაქის დასავლეთ კარიბჭესთან და ცოცხლად დაწვეს. 16 დეკემბერს დახვრიტეს დაახლოებით 5 000 მოქალაქე. 18 დეკემბერს მთავარსარდალ მაცუის არმიამ დახვრიტა 57 000 ადამიანი განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ის ერთი კვირა გაჩერდა ნანძინგში და მისი იქ ყოფნის პერიოდში პიკს მიაღწია მკვლელობებისა და გაუპატიურებების რიცხვმა. ომის დასრულების შემდეგ, 1948 წლის 23 დეკემბერს შორეული აღმოსავლეთის სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასაჯა მთავრსარდალი მაცუი იშინე. 11
შორეული აღმოსავლეთის საერთაშრისო სამხედრო კანონის არასრული ანგარიშის თანახმად, ნანძინგის დაკავებიდან ერთი თვის მანძილზე იაპონელებმა გააუპატიურეს 10 წლიდან 70 წლამდე 20 000-ზე მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და მოკლეს 300 000-დან 400 000-მდე უბრალო მოქალაქე, პოლიციელი და ჯარისკაცი.
იაპონიის არმიის მიერ განხორციელებულ ამ სასაკლაოს ადასტურებს ომის დასრულებიდან 40 წლის შემდეგ, ნანძინგის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ათიათოსობით ცხედარი, ათასობით საერთო საფლავი. ამას ემატება იაპონურ მედიაში გასაჯაროებული იაპონელი ჯარისკაცების დღიურები თუ მოგონებები: 1984 წლის 4 აგვისტოს გაზეთმა „დილის სიახლეები“ გამოაქვეყნა იაპონელი ჯარისკაცის დღიური მნიშვნელოვანი ნაწყვეტით: „ამ ეტპზე, მოწყენილობის დროს, ვიღებთ ჩინელს გასამხიარულებლად. ვიჭერთ მას, ცოცხლად ვმარხავთ, ან ცეცხლში ვაგდებთ, ან ვასახიჩრებთ“. 7 აგვისტოს იაპონურმა მედიამ „ყოველდღოური სიახლეები“ გამოაქვეყნა ექვსი ხელნაწერი, რომლითაც დასტურდებოდა რომ ერთ ჯერზე მდ. იანგწის ნაპირზე დახვრიტეს 13 000 ჩინელი. ერთ-ერთი იაპონელი მეომარი კაზუო სონე მის მიერ დაწერილ წიგნში „ნანძინგის სასაკლაოს პირადი მოგონებები“ აღიარებს ყველაფერს და წერს: „ამ ყველაფერს, რასაც ვწერ რეალობაა, რადგან მე ვარ ერთ-ერთი ის იაპონელი ჯარისკაცი, ვინც აიღო ნანძინგი და მოაწყო სასაკლაო. ჩემი აზრით, ნანძინგის ფაქტების უარყოფა ნიშნავს ომის ისტორიის დამახინჯებას შავი ლაქების მოსაშრებლად.“ 12
ნანძინგის ოკუპაციის შემდეგ იაპონიის არმია სუჭოუსკენ გაემართა. 1938 წლის მარტის დასასრულსა და აპრილის დასაწყისის პერიოდში, გზად შემოხვდათ ჩინელი ჯარისკაცები, რომლებიც მამაცად იბრძოდნენ, ამ ბრძოლას 30 000 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მათ დაამარცხეს მტერი და ეს იყო ნანძინგის დაცემის შემდეგ პირველი დიდი გამარჯვება. 19 მაისს ჩინეთის არმიამ დატოვა სუჭოუ. მალევე, ივნისში მათ შეაჩერეს მტრის სვლა.
ჩან კაიშიმ უხანში გახსნა საბრძოლო ხაზი, იაპონელების 12 დანაყოფი ორივე მხრიდან, მდინარეებიდან ხუანხედან და იანგწიდან უტევდნენ ჩინეთს. ოთხთვენახევრიანი მრავალი ბრძოლის შემდეგ უხანი 1938 წლის 25 დეკემბერს დაეცა. მისი დაცემა დაემატა 22 ოქტომბერს კუანგჭოუს ოკუპაციას.
უხანის დაცემით დამთავრდა 16 თვიანი ომის პირველი ფაზა, იაპონელები შევიდნენ ჩინეთის გულში. ამ ფაზამდე, 1937 წლის 29 ოქტომბერს მათ ცახარსა და სუიიუენში შექმეს მათ მიერ მართვადი „მონღოლეთ-სინძიანის გაერთიანებული ავტონომიური მთავრობა“, 14 დეკემბერს კი პეიფინგში „დროებითი მთავრობა“. 1938 წლის 28 მარტს მესამე მარიონეტული მთავრობა ნანძინგშიც შექმნეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- (ჩინ) 张宪文、庞绍棠、陈红民,《中国抗日战争史》,第一卷《日本侵华与中国的局部抗战(1931.9-1937.6),北京:化学工业出版社,2017 年;
- (ჩინ) 张宪文、李继锋,《中国抗日战争史》,第二卷《全民族奋战: 从卢沟桥事变到武汉沦陷(1937.7-1938.10)》,北京:化学工业出版社,2017 年
- (ჩინ) 张宪文、左用章,《中国抗日战争史》,第三卷《抗日持久战局面的形成:(1938.10-1943.12)》,北京:化学工业出版社,2017 年;
4. (ჩინ) 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005 年;(ჩინ) 中国国民党中央党委员会编:《革命文献》,第 19 辑,台湾出版;
5. (ჩინ) 何理,《中国人民,抗日战争史》,上海人民大学社出版,2005 年;
6. (იაპ)《现代史资料 9-日中战争 2》,东京美铃书房 1973 年版;
7. (იაპ)《日本外交年表及主要文书》下册,《文书》,东京原书房 1978 年版;
8. (იაპ)《战史丛书 8-大本营陆军部 1》,东京朝云新闻社 1974 年版;
9. (ინგ) Rana Mitter, „Forgotten Ally: China’s World War II (1937-1945)“, Houghton Mifflin Harcourt, 2014;
შენიშვნები:
1 张宪文、庞绍棠、陈红民,《中国抗日战争史》,第一卷《日本侵华与中国的局部抗战(1931.9-1937.6),北京:化学工业出版社,2017 年,第 11 页.
2 中国国民党中央党委员会编:《革命文献》,第 19 辑,第 1266-1267 页,第 1334 页,台湾出版。
3 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005.7. 第 23-25 页。
4 《日本外交年表及主要文书》下册,《文书》,东京原书房 1978 年版,第 205-206 页。
5 《战史丛书 8-大本营陆军部 1》,东京朝云新闻社 1974 年版,第 413 页。
6 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005.7. 第 105 页。
7 《现代史资料 9-日中战争 2》,东京美铃书房 1973 年版,第 17-18 页。
8 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005.7. 第 153 页。
9 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005.7. 第 153-156 页。
10 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005.7. 第 156 页。
11 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005.7. 第 161-164 页。
12 胡德坤《中日战争史(1931-1945)》, 武汉大学出版社,2005.7. 第 161-164 页。
ავტორი: ნელი ახობაძე
Discussion about this post