დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები იყო პროცესი, რომელმაც ფაქტობრივად შეცვალა იმ პერიოდის მსოფლიო ისტორია. ახალი მიწების ათვისება, ძვირადღირებული ნედლეულები და გლობალურ ძალებს შორის უპირატესობის მოპოვება ამოძრავებდა იმ პერიოდის ევროპული მონარქებისა და მდიდარი ვაჭრების გუნებას. დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენების შესახებ, სრულებითაც სამართლიანად ისწავლება, იწერება და დიდი ყურადღება ექცევა სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელობში, თუმცა ჩვენი საზოგადოება ნაკლებად იცნობს ჩინელი მოგზაურის, ადმირალ ჭენგ ხეს მოგზაურობის მარშრუტსა და ექსპედიციის შედეგებს. ადმირალ ჭენგ ხეს მოგზაურობა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე ადრე დაიწყო და მისი ტრადიციების გაგრძელების შემდეგ შესაძლოა სულ სხვანაირი მსოფლიო წესრიგი ყოფილიყო და კოლონიზაციის მიმართულებაც შესაძლებელია სულ სხვანაირი გზა მისცემოდა.
ბიოგრაფიული ცნობები
ადმირალი ჭენგ ხე (郑和) ჩინელი მუსლიმების ოჯახში დაიბადა, თავდაპირველი სახელი მა ხე იყო, თუმცა იმპერატორ იონგლეს გადაწყვეტილებით მას ჭენგი ეწოდა. დაზუსტებითა ცნობილი მისი დაბადების თარიღი 1371წ. ხოლო გარდაცვალების თარიღად 1433 ან 1435 წელს მიიჩნევენ. მოგზაური ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში იუნანში დაიბადა, ქალაქ ქუმნინგში. იუნანის პროვინციას მისი წინაპრები საუკუნეების წინ მართავდნენ მონღოლური იმპერიის ფარგლებში. წყაროების მიხედვით ჭენგი იყო საიდ აჯჯალ შამს ალ-დინის შთამომავალი, ის ასევე საუბრობდა არაბულ ენაზეც. რთულია მის აღმსარებლობაზე საუბარი გადმოცემების მიხედვით თავდაპირველად ის მუსლიმი იყო თუმცა ზღვაოსნად გახდომის შემდეგ წარმართულ ღვთაებებსაც სცემდა თაყვანს.
1381 წელს მინგის დინასტიამ დაიწყო სამხედრო კამპანია იუნანის პროვინციის დასაკავებლად, რომელსაც მონღოლი პრინცი ბასალავარიმი მართავდა. ჭენგ ხეს ოჯახი მონღოლთა მხარეს იბრძოდა და სწორედ ბრძოლაში დაიღუპა ჭენგის მამა, ხოლო თავად ტყვედ ჩავარდა. მას სასახლეში გზავნიან და 1385 წელს ასაჭურისებენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას გზავნიან ჩრდილოეთ ფრონტზე იმპერატორის შვილთან სამსახუროდ. ჩრდილოეთით მონღოლთა წინააღდეგ ბრძოლას პრინცი ჭუ ტი აწარმოებდა, შემდგომში იმპერატორ იონგლედ წოდებული, სწორედ ჩრდილოეთში ბრძოლისას გაიცნო მომავალმა მონარქმა მა და იქ დაიწყო მათი ახლო ურთიერთობა.
1399-1402 წლებში იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ დიდი დაპირისპირება გაიმართა, ტახტის პრეტენდენტები საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ ხოლო ყველაზე რეალური შანსი ჭუ ტის ძმისშვილს ჰქონდა, რომლის წინააღდეგაც ჭუმ საომარი კამპანია წამოიწყო და 1402 წლისთვის დაიკავა იმპერიის დედაქალაქი ნანძინგი. ჭუ ტის ძმისშვილის დამხობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჭენგ ხე, რის შემდეგაც ის აღზევდა სხვადასხვა პოზიციაზე, ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა რაც მას ეკავა იყო 正使 (Zheng shi) ანუ მთავარი დესპანი, ხოლო იმპერატორ იონკლეს გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა ნანძინგში უმაღლესი ფინანსური თანამდებობა.
უძველესი ჩინური ეთნოცენტრიზმი და ჩაკეტილობის ფილოსოფია
სანამ უშუალოდ ადმირალის უცნობ მოგზაურობას შევეხებოდეთ, უპრიანი იქნება ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს რომ ისტორიულად ჩინეთში სხვადასხვა დინასტიების დროს არსებობდა ტრადიციული ჩაკეტილობის ერთგვარი ფილოსოფია. თვითონ ჩინეთის ჩინური სახელიც კი 中国 Zhong guo რომელიც ცენტრ, შუა სახელმწიფოს ნიშნავს კარგად ხსნის ამ ერის ისტორიულ მიდგომას გარესამყაროსადმი. ამ გაგებით ჩინეთის იმპერატორი პირდაპირ კავშირში იყო ღვთიურ ძალებთან[1], შესაბამისად ე.წ ზეციური საბჭო საუკუნეების განმავლობაში კვებავდა საზოგადოებას, რომ მათი სახელწმიფო არის ცენტრალური სახელმწიფო მთლიანი სამყაროსი, ხოლო იმპერატორი უზენაესი, აღმატებული მმართველი სხვა მმართველებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ აბრეშუმის გზა ჩინეთს დასავლურ აზიურ და ევროპულ ცივილიზაციებთან აკავშირებდა, ზღვა ჩინელი ხალხისთვის ასოცირდებოდა უცხო და მტრულ მოვლენასთან შესაბამისად ჭენგ ხე და მინგის დინასტია იყო პირველი პრეცენდენტი, როცა მასშტაბური ექსპედიციები იწყებოდა მსოფლიოს გარშემო. ზღვასთან ჩინური საზოგადოების შეუთავსებლობა იყო მიზეზი ორივე ოპიუმის ომში ცინგის დინასტიის დამარცხებისა.
ჭენგ ხეს მოგზაურობათა მარშრუტები
მეთხუთმეტე საუკუნის მიჯნაზე სამხრეთ ჩინეთის პროვინციები: იუნანი, კუანტონგი, კუანკსი იყო კარიბჭე და ცენტრი საგარეო ვაჭრობისა დასავლურ ქვეყნებთან. სწორედ ამ სივრცეში იყრიდა თავს სპარსული, არაბული, ინდური და სამხ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული საქონელი და სიმდიდრე. მას შემდეგ რაც მინგის დინასტიამ იუნანის პროვინცია წაართვა მონღოლების იმპერიას, ზემოთხსენებული ადგილი გახდა პლაცდარმი დასავლურ სამყაროსთან საზღვაო ვაჭრობისა. სამწუხაროდ წყაროების არ იძლევა იმის სრულ სურათს თუ რა იყო ჭენგ ხეს ექსპედიციის ზუსტი მიზანი და ინსპირაცია, თუმცა ფაქტია ის ემსახურებოდა ჩინეთის თვალსაწიერის გაფართოებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას მის ფარგლებს გარეთ. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ ფაქტს რომ ექსპედიცია უმეტესწილად იყო მშვიდობიანი ხასიათის, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ. ჩინურ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე სხვადასხვა წყარო და მარშრუტი აღნიშნული მოგზაურობისა, რომელთაგან ზოგიერთი ფანტასტიკის სფეროს უახლოვდება, თუმცა რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას ჭენგ ხემ შვიდი სხვადასხვა მოგზაურობის დროს იმოგზაურა დღევანდელი ინდონეზიის, შრი ლანკას, აღმოსავლეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის ტერიტორიაზე.
მოგზაურობის მარშრუტები
ჭენგ ხეს მოგზაურობათა მარშრუტები წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
1. 1405-1407 იავა, მალაკა, შრი ლანკა, კალკუტა
2. 1407-1409 იავა, სიამი, შრი-ლანკა, კალკუტა
3. 1409-1411 ჩამპა,იავა, მალაკა, შრი-ლანკა, სიამი და ინდოეთის სხვადასხვა ზღვისპირა ქალაქები
4. 1413-1415 ჩამპა, მალაკა, იაა, სემუდარა, შრი-ლანკა კალკუტა, ჰორმუზის სრუტე, მალდივის კუნძულები, მოგადიშო, ადენი
5. 1417-1419 რუიკუ ( დღეს იაპონიის შემადგენლობაშია), ბენგალი, მალაკა, შრი-ლანკა, მოგადიშო, კენიის სანაპიროსთან მდებარე კუნძულები
6. 1421-1422 ბენგალი, შრი-ლანკა, კალკუტა, მალდივი, ჰორმუზი, მოგადიშუ
7. 1430-1432 ჰორმუზი, მალდივი, ბენგალი, ადენი, მექა მოგადიშუ.
თუ არ ჩავთვლით შრი-ლანკაზე, ადგილობრივ კოტტოს სამეფოსთან სამხედრო შეტაკებებს, წყაროების მიხედვით მეტწილად მშვიდობიანი და სამეცნიერო ხასიათის იყო ჭენგ ხეს მოგზაურობა, მეტიც მასვე მიაწერენ ინდოეთის ოკეანეში მეკობრეებთან სასტიკ ბრძოლას.

შრი-ლანკაზე, კერძოდ გალეში 1911 წელს აღმოჩენილი სამენოვანი სტელა ადასტურებს აღნიშნული მოგზაურობის რეალობას. სტელა ადმირალის მოგზაურობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას და ის სამ ენაზე: ჩინურად, სპარსულად და თამილურად არის შესრულებული.
სტელას გარდა მნიშვნელოვანი წყაროა. დღესდღეობით ყველაზე ძველი 1628 წლით დათარიღებული „郑和航海图“ ანუ ჭენგ ხეს სანავიგაციო რუკა, რომელსაც მეორეს მხრივ ერქვა მაო ქუნის რუკა. ზემოთხსენებული უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ეკუთვნის მაო იუანის, რომელმაც ბაბუამისის მაო ქუნის ნაშრომების შეგროვება მოახერხა და 1628 წელს გამოუშვა ალბომი, სადაც ჭენგ ხეს ოფიცრების ინკსია შანლანის, ფეი სინისა და სხვების ჩანაწერებსა და კარტოგრაფიულ ნაშრომებს მოუყარა თავი, ზემოთხსენებული კარტოგრაფიული ალბომი შედგება სხვადასხვა გვერდებისგან სადაც აღწერილია მალაკაში, ჰორმუზში, კალკუტაში და ინდოეთის ოკეანეში მოგზაურობათა დეტალები და ჩანახატები ადგილობრივი გარემოს შესახებ.
ჭენგ ხეს მოგზაურობის დეტალებში საინტერესოა ბევრი დეტალები თუმცა ყურადღების ღირსია გემების მოცულობა. ძალიან რთულია წყაროებში აღწერილი მონაცემები რეალურად მივიჩნიოთ, თუმცა ჩინურ ისტორიოგრაფიაში საუბარია პირველ ექსპედიციაზე რომელშიც 25 000 კაცამდე მონაწილეობა, იმ პერიოდის ევროპისთვის ეს რიცხვი უმასშტაბურესია და არარეალური, თუმცა არ ვიცით რამდენად რეალური იყო ეს რიცხვი მინგის დინასტიისთვის. ერთი რამ ფაქტია, რომ ექსპედიციაში კარტოგრაფებთან და ვაჭრებთან ერთად მსუყე სამხედრო ძალაც მონაწილეობდა, სწორედ მათ მოახერხეს ინდოეთის ოკეანეში მეკობრეთა გემების განადგურება და ფაქტობრვად შრი-ლანკას ტერიტორიაზე კოტტოს სამეფოს დედაქალაქის ოკუპაცია, რომელიც მალევე დატოვეს თუმცა ფაქტი მიანიშნებს რომ ექსპედიცია მართლა ძალიან მასშტაბური იყო.
ძალიან რთულია იმის თქმა მართლა იმ ზომის გემები იყო თუ არა აგებული, რა ზომებზეც დღეს ჩინური წყაროები საუბრობენ, თუმცა მინგის დინასტიას არც ფინანსურად და არც მატერიალურად არ ჰქონდა გასაჭირი ესოდენ მასშტაბური ექსპედიცია წამოეწყო, ჩინური წყაროების მიხედვით ჭენგ ხეს პერიოდის გემები გაცილებით დიდი ზომისანი იყო ვიდრე ნახევარი საუკუნის შემდეგ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დამწყები პორტუგალიური და ესპანური გემები.

ექსპედიციის უცნაური დასასრული
აღმოსავლეთ აფრიკიდან დაწყებული იაპონიის სანაპიროებთან დამთავრებული უდიდესი გეოგრაფიული სივრცე სულ რაღაც 20 წელიწადში მოფენილი იყო ჩინელი გეოგრაფებით, ვაჭრებით, სამხედროებით და ა.შ აფრიკის კონტინენტიდან ნანძინგში ჩაჰყავდათ იქაური ეგზოტიკური ცხოველები და სავაჭრო პროდუქტი. თუმცა ამავდროულად ეს მოითხოვდა უზარმაზარ თანხებს, ამას ემატებოდა ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის ეჭვნარევი დამოკიდებულება იზოლაციონიზმის პოლიტიკის დაკარგვისადმი, რაც ართულებდა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენის ჩინურ ვერსიას. 1424 წელს გარდაიცვალა ჭენგ ხეს მეგობარი და მხარდამჭერი იმპერატორი ჭუ ტი, ის ჩაანცვლა იმპერატორმა ხონკსიმ რომელმაც გააგრძელა ადმირალის ექსპედიციის მხარდაჭერა, თუმცა ახალი იმპერატორი ერთ წელიწადში ჩაანაცვლა იმპერატორმა სუანტემ რომელმაც შეწყვიტა ადრინდელი მხარდაჭერა ადმირალი ნანძინგში გაამწესა უმაღლეს ფინანსურ თანამდებობაზე. ხოლო უზარმაზარი ფლოტი სხვადასხვა გადმოცემის მიხედვით ერთ ღამეში დაიწვა ან ეტაპობრივად განადგურდა. ამ პერიოდის შემდეგ ჭენგთონგა გადაწყვიტა მონღოლების დამარცხება და ჩრდილოეთში უზარმაზარი ექსპედიცია წამოიწყო, რომელიც უზარმაზარ ფინანსებს მოითხოვდა მონღოლებთან შეტაკებაში ჩინური სამხედრო ძალები დამარცხდნენ და მეტიც იმპერატორიც კი ტყვედ ჩავარდა, ისარგებლეს რა აღნიშნული სიტუაციით მონღოლებმა გაათავისუფლეს ტახტის სხვა პრეტენდენტი და ჩინეთის მინგის დინასტია შიდა პოლიტიკურ ინტრიგებში გაიხლართა. სამწუხაროდ დღესდღეობით არ მოუღწევია იმ ასეულობთ დოკუმენტს რომელიც აფრიკაში, არაბეთში თუ ინდოეთის ოკეანეში მოგზაურობისას კეთდებოდა, გაუგებარია აღნიშნული დოკუმენტებიც ფლოტთან ერთად განადგურდა თუ რა ბედი ეწია, თუმცა სავარაუდოა რომ ის შეიცავდა უნიკალურ აღწერილობით მასალებს იმ დროინდელი სამყაროს შესახებ. სავარაუდოა, რომ არა იმპერატორ სუანტეს და შემდგომში ჭენგთონგის იზოლაციონისტური პოლიტიკა შესაძლოა პირველი კოლონისტები არა ევროპელები არამედ ჩინელები ყოფილიყნენ. დღესდღეობით ჩინეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში აქტიურად იყენებს ჭენგ ხეს ექსპედიციას, როგორც მშვიდობიანი აღმოჩენების მაგალითს და უპირისპირდება ევროპულ კოლონიალისტურ პოლიტიკას. 2015 წელს ჩინეთ-აფრიკის სამიტზე პრეზიდენტი მუგაბე მადლობას უხდიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინფინგს დახმარებისთვის და ასევე გამოხატავდა მადლიერებას ჩინეთისადმი რომელიც არასდროს ყოფილა აფრიკის კოლონიზატორი, მიუხედავად იმ ფაქტისა რომ აღმოსავლეთ აფრკის სანაპიროზე გაცილებით ადრე მივიდნენ ჩინელი მეზღვაურები ვიდრე ევროპელები.
გამოყენებული ლიტერატურა:
• Levathes, Louise (1996). When China Ruled the Seas: The Treasure Fleet of the Dragon Throne, 1405–1433. Oxford University Press ISBN 0-19-511207-5.
• Mills, J. V. G. (1970). Ying-yai Sheng-lan, The Overall Survey of the Ocean’s Shores (1433). translated from the Chinese text edited by Feng Ch’eng Chun with introduction, notes and appendices by J. V. G. Mills. White Lotus Press. ISBN 974-8496-78-3.
• Ming-Yang, Dr Su. 2004 Seven Epic Voyages of Zheng He in Ming China (1405–1433)
Ulises Granados (2006). “The South China Sea and Its Coral Reefs during the Ming and Qing Dynasties: Levels of Geographical Knowledge and Political Control” (PDF). East Asian History. 32/33: 109–128.
Roderich Ptak (2000). Angela Schottenhammer, ed. The Emporium of the World: Maritime QuanKerr,
George. Okinawa: History of an Island People. 1958, Tokyo, Charles E. Tuttle Company. Page 90zhou, 1000-1400. Brill. p. 407. ISBN 978-9004117730.
曹婉如 (1994). 中国古代地图集: 明代 (in Chinese). 文物出版社. p. xviii.
Xinhua News Agency (2005), Zheng He: A Peaceful Mariner and Diplomat
ავტორი შალვა ჩიხლაძე
Discussion about this post