11. 凿壁偷光-zao bi tou guang– წაო პი თოუ კუანგ- სიტყვასიტყვით: გახვრიტო კედელი სინათლის მოსაპარად
დასავლეთ ხანის დინასტიის დროს (西汉 ძვ.წ. 206-ახ.წ. 9) ჩინეთში ცხოვრობდა ბავშვი სახელად ქუანგ ხენგი, რომელსაც ძალიან უყვარდა წიგნის კითხვა, თუმცა ოჯახის სიღარიბის გამო წიგნის საყიდი ფული არ ჰქონდა. ამიტომ, მეზობლებთან მუშაობდა ხოლმე და ხელფასის სახით მათ წიგნებს თხოულობდა. მაგრამ, კვლავაც სიღარიბის გამო, ქუანგ ხენგს ლამფა არ ჰქონდა და ღამითაც ვერ კითხულობდა წიგნს, მხოლოდ შუადღით პატარა შესვენებებისას თუ გადაავლებდა ხოლმე თვალს. ერთხელაც, როცა წამოწოლილი იყო უცებ კედლიდან შემომავალი პატარა შუქის სხივი შეამჩნია. ქუანგ ხენგმა გამოარკვია, რომ ეს შუქი კედელში გაჩენილი პატარა ხვრელიდან შემოიდოდა. ამ დროს მას თავში ერთმა იდეამ გაუელვა, იარაღები მოტანა და ხვრელი კიდევ გაადიდა, რათა წიგნის საკითხად საკმარისი შუქი ჰქონოდა.
შესაბამისად, 凿壁偷光 ნიშნავს ისწავლო გულმოდგინედ სირთულეების მიუხედავად.

12. 鹬蚌相争– yu bang xiang zheng- იუ პანგ სიანგ ჭენგ- სიტყვასიტყვით: ჩიტი და მოლუსკი ერთმანეთს ებრძვიან.
ჩინეთში ჭანკუოს პერიოდში (战国- ძვ.წ. 476-221) ცინის სამეფო ყველა სხვა სამეფოზე ძლიერი იყო და ხშირად უტევდა ხოლმე სუსტ მეზობლებს. მიუხედავად ამისა, სხვა სამეფოები მაინც აგრძელებდნენ ერთმანეთში ბრძოლას. ერთხელ ჭაოს მეფემ გამოაცხადა, რომ იენის სამეფოზე შეტევას აპირებდა. იენის მეფემ ცნობილ სწავლულ სუ ტაის (苏代) დაავალა ჭაოს მეფის გადარწმუნება. როცა ეს უკანასკნელი ჭაოს მეფეს ესტუმრა, ერთი ასეთი ამბავი მოუყვა: აქეთ რომ მოვდიოდი გზად მდინარეს ჩავუარეთ. იქვე ერთი მოლუსკი დავინახე, რომელიც მზეს ეფიცხებოდა. უეცრად ჩიტი გამოჩნდა და მოლუსკის შეჭმა მოინდომა. თუმცა, მოლუსკმა დროულად დახურა ნიჟარა და ჩიტის ნისკარტიც შიგ მოიყოლა. ჩიტმა უთხრა: თუ არ გამიშვებ მზეზე გამოშრები და მოკვდები. მოლუსკმა უპასუხა: დღეს და ხვალ თუ არ გაგიშვებ შენ მოკვდები შიმშილით. ამ დროს მეთევზემ ჩამოიარა და ჩიტიც დაიჭირა და მოლუსკი. ჭაოს მეფე მიხვდა, რომ საკუთარი ქმედებით საკუთარ სამეფოსაც დაასუსტებდა და იენსაც, ამგვარად კი ცინის სამეფოს წისქვილზე ასხამდა წყალს და შეტევაზე ხელი აიღო.
鹬蚌相争 ნიშნავს სიტუაციას, როცა ორი მხარის ბრძოლისაგან ყველაზე მეტად მესამე მხარე ხეირობს.

13. 拔苗助长– ba miao zhu zhang- პა მიაო ჭუ ჭანგ- სიტყვასიტყვით: ყლორტი ამოწიო რომ გაზრდაში დაეხმარო
ჩინეთში სუნგის დინასტიის დროს ( 960-1279) ერთი გლეხი ცხოვრობდა, რომელიც სხვების მსგავსად მიწას ამუშავებდა. ამ გლეხს სურდა რაც შეიძლება მალე მოეყვანა მოსავალი, მიუხედავად მისი დაუზარელი მუშაობისა მარცვლელული მაინც ძალიან ნელა იზრდებოდა. ბოლოს ერთი „ხერხი“ მოიფიქრა: უკვე ამოსული ყლორტები ძალით ამოწია ზემოთ და სულ მცირედით დატოვა მიწაში. რამდენიმედღიანი „მძიმე ჯაფის“ შემდეგ გეგმა შეასრულა- მთელი მოსავლის ყლორტები „ძალით გაზარდა“, სახლში დაბრუნებულმა კი კმაყოფილებით მოახსენა შვილს, რომ მარცვლეულს გაზრდაში დაეხმარა. შვილი მაშინვე მიხვდა, რომ მამამისმა რაღაც უაზრო საქმე გააკეთა და ყანისაკენ გაიქცა. მაგრამ ყანაში მისულს გადამხმარი მარცვლეული დახვდა- ყლორტები მამამისს იმდენად ამოუწევია, რომ მიწისაგან საკმარის საკვევბს ვეღარ იღებდნენ და გახმნენ.
拔苗助长 ნიშნავს საქმე გააფუჭო ზედმეტი ენტუზიაზმით, მოუთმენლობით.

14. 囫囵吞枣– Hú lún tūn zǎo- ხუ ლუნ თუნ წაო- სიტყვასიტყვით: მთლიანად გადასანსლო უნაბი
ძველ ჩინეთში ერთი თვითაღიარებული გენიოსი ცხოვრობდა. ერთხელ სადღაც ყური მოჰკრა, რომ მსხალი კბილებისთვის ძალიან კარგი ყოფილა, მაგრამ თირკმელებს აზიანებსო. გავიდა ცოტა ხანი და ამჯერად გაიგო, რომ უნაბის თვისებები ზუსტად მსხლის საპირისპირო ყოფილა- კბილებს აზიანებს, მაგრამ თირკმლებისათვის მისწრებააო. ჩვენმა „გენიოსმა“ ასეთი მეთოდი მოიფიქრა ორივე ხილისაგან რომ მხოლოდ დადებითი შედეგი მიეღო- მსხალს მხოლოდ ღეჭავდა და არ ყლაპავდა, რათა თირკმელი არ დაეზიანებინა. უნაბს კი პირდაპირ ყლაპავდა დაღეჭვის გარეშე კბილები რომ დაეცვა.
囫囵吞枣 ნიშნავს ინფორმაცია მიიღო გააზრების გარეშე, იკითხო წაკითხულის გაუაზრებლად.

15. 完璧归赵– Wán bì guī zhào- ვან პი კუეი ჭაო- სიტყვასიტყვით: ნეფრიტი დაუზიანებლად დააბრუნო ჭაოში
ძვ.წ. 283 წელს ცინის სამეფოს მეფემ შეიტყო, რომ ჭაოს მეფე უძვირფასეს ნეფრიტს ფლობდა და მას შეთავაზა ნეფრიტის გაცვლა 15 ქალაქის სანაცვლოდ. მოლაპარაკებები რომ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო ჭაოს სამეფო კარზე ცნობილ სწავლულს- ლინ სიანგჟუს (蔺相如) უხმეს და მას დაავალეს გაცვლის პროცესის წარმართვა. როცა ლინ სიანგჟუ ცინის მეფის წინაშე წარსდგა, მეფემ მას სთხოვა ნეფრიტი ეჩვენებინა, რათა დაეთვალიერებინა. თუმცა, როგორც კი ნეფრიტი ხელში აიღო სიტყვაც კი არ უხსენებია ქალაქების გადაცემაზე. ლინ სიანგჟუ მიხვდა ცინის განზრახვას და ასეთი ხრიკი მოიფიქრა: მან ცინის მეფეს უთხრა, რომ ეს ნეფრიტი შეუდარებელი იყო, თუმცა კი ერთი ნაკლი ჰქონდა. როცა მეფემ ეს გაიგო შეკრთა და თვითონაც დაინტერესდა, ამიტომ ნეფრიტი უყოყმანოდ გადასცა ლინ სიანგჟუს რომ მისთვის ნაკლი ეჩვენებინა. ლინ სიანგჟუმ ნეფრიტი აიღო, შენობის სვეტს მიუახლოვდა და ხმამაღლა გამოაცხადა, რომ თუ კვლავ დააპირებდნენ ნეფრიტის წართმევას, აუცილებლად დაამსხვრევდა მას. საბოლოოდ, მოლაპარაკების შედეგად მან შეძლო ცინის მეფე დაერწმუნებინა, რომ ნეფრიტის მისაღებად ხუთი დღე უნდა ემარხულა და დიდი ცერემონია გაემართა. ამასობაში კი თვითონ გაიპარა და ჭაოს სამეფოში დაბრუნდა და ნეფრიტიც დააბრუნა.
完璧归赵 ნიშნავს ნივთი თავის პატრონს დაუბრუნო ისეთი როგორც ჩაგაბარა.

16. 一饭千金-Yī fàn Qiān jīn- ი ფან ციენ ძინ- სიტყვასიტყვი: ათასი ოქრო ერთი ჭამისათვის
ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სარდალი- ხან სინი (韩信) სიღარიბეში დაიბადა და მშოლების გარეშე ქუჩაში იზრდებოდა. ერთხელაც, შიმშლისაგან გონებამიხდილი ხან სინი ერთმა მოხუცმა ქალმა დაინახა, შეიცოდა, თავისთან წაიყვანა და გამოკვება. ხან სინი მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად გადაუხდიდა სამაგიეროს ამ სიკეთისათვის. წლების შემდეგ ხან სინი ჩინეთის მომავალი იმპერატორის- ლიუ პანგის (刘邦) სამსახურში ჩადგა და უზარმაზარი წვლილი შეიტანა ხანის დინასტიის (汉朝- ძვ.წ. 202-ახ.წ. 220) დაარსებაში. როცა ხან სინი ჩუს მეფე გახდა, თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა, მოძებნა მოხუცი ქალი, რომელიც ბავშობაში დაეხმარა მას და ათასი ოქრო უბოძა მას.
一饭千金 ნიშნავს სიკეთე დაუბრუნო გაათმაგებულად.

17. 退避三舍-Tuì bì sān shè- თუეი პი სან შე- სიტყვასიტყვით: უკან დაიხიო 90 ლი-თ (里-ზომა წონის ერთეული ძველ ჩინეთში= 0.5 კმ)
ჩინეთში ჩუნციოუს პერიოდში (春秋 ძვ.წ. 771-476) ძინის სამეფოს (晋国) მეფემ დაუჯერა ჭორებს, რომ საკუთარი ვაჟები შეთქმულებას უწყობდნენ და უფროსი ვაჟი სიკვდილით დასაჯა, უმცროსი- ჩონგ არი (重耳) კი გააძევა. ჩონგ არი ჩუს მეფემ შეიკედლა, იმის იმედით, რომ როცა იგი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდებოდა, სიკეთეს არ დაუვიწყებდა. ერთხელაც, ნადიმისას, ჩუს მეფემ ჩონგ არს ჰკითხა გამეფების შემთხვევაში როგორ დაუბრუნებდა სიკეთეს. ჩონგ არმა უპასუხა, რომ მეფეს ქონება და მიწები ისედაც საკმარისი ჰქონდა. ამიტომ, სამაგიეროს გადასახდელად ასეთ რამეს დაჰპირდა: თუკი როდესმე მათი ჯარები ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ, იგი უკან დაიხევდა 90 ლი-თ ომის ასარიდებლად.
გავიდა დრო, ჩონგ არი მართლაც გახდა მეფე და ჩუს სამეფოსთან დაპირისპირება მოუწია. როცა მათი ჯარები ერთმანეთის წინაშე აღმოჩნდნენ, საკუთარი პირობის დასაცავად, ჩონგ არმა უკან დახევა დაიწყო. ჩუს მეფემ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე შიშის გამო იხევდა უკან და შეტევა ბრძანა. თუმცა, ძინის არმია კარგად ორგანიზებული იყო, მოწინააღმდეგის შეტევა მოიგერია და გამარჯვებაც მოიპოვა.
退避三舍 ნიშნავს უკან დაიხიო კონფლიქტის ასარიდებლად. ზოგჯერ შეიძლება გავიგოთ, როგორც სტრატეგიული უკანდახევა
18. 空城计– Kōng chéng jì- სიტყვასიტყვით: ცარიელი ქალაქის სტრატეგია
ცნობილი ჩინური ნაწარმოები- „სამი სამეფოს რომანი“(三国演义) მოგვითხრობს მესამე საუკუნის ჩინეთზე, რომელიც ერთმანეთთან მოქიშპე სამ სამეფოდ იყო დაშლილი. ერთ მონაკვეთში, როცა შუ-ს სამეფოს მთავარი მინისტრი- ჭუ გელიანგი (诸葛亮) ვეის უტევდა, ისე მოხდა, რომ მცირე არმიასთან ერთად იყო გამაგრებული პატარა ქალაქში, როცა ამბავი მოვიდა, რომ ქალაქს ვეის სამეფოს უზარმაზარი არმია უახლოვდებოდა. მაშველი ძალები მოსვლას ვერ მოასწრებდნენ, გაქცევასაც აზრი აღარ ქონდა, მსგავსი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ კი გამარჯვების იმედიც არ იყო. ჭუ გელიანგმა თანმხლებთ უბრძანა, რომ არმიის დროშები დაემალათ, ქალაქის კარიბჭეები გაეღოთ და 20-20 ჯარისკაცი დაეყენებინათ თითქოსდა გლეხები იყვნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ. ქალაქის კედლებზე კი ერთი-ორი ჯარისკაცი დააყენა, ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. თვითონ კი ციტადელზე ავიდა, წინ სიმებიანი საკრავი დაიდო და როგორც კი მტერი გამოჩნდა, მაშინვე დაიწყო დაკვრა. ვეის არმიას ასევე დიდი სარდალი- სი მა ი (司马懿) ხელმძღვანელობდა. როგორც კი მან ქალაქში არსებული სიტუაცია დაინახა მაშინვე უბრძანა არმიას უკან დახევა. გაკვირვებულმა მოხელეებმა მიზეზი ჰკითხეს. სი მა იმ უპასუხა, რომ ჭუ გელიანგი ფრთხილი პიროვნებაა და რისკზე არ მიდის. მის მიერ ქალაქის ფართოდ გაღება და უდარდელად მუსიკის დაკვრა იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მახეს გვიგებს და სურს ქალაქში შევიდეთო. ამგვარად ჭუ გელიანგმა რისკზე წასვლითა და საკუთარი მტრის შეცნობით დიდი კატასტროფა აირიდა თავიდან.
空城计 ნიშნავს ორმაგ ბლეფს, სისუსტის დასამალად თავის ძლიერად წარმოჩინებას.

19.
成也萧何败也萧何– Chéng yě xiāohé bài yě xiāohé- სიტყვასიტყვით: წარმატებაც სიაო ხესაგან და მარცხიც სიაო ხესაგან
ცინის დინასტის (秦朝 ძვ.წ. 221-206) დაცემის შემდეგ ჩინეთში სამოქალაქო ომი დაიწყო ორ ლიდერს- ლიოუ პანგსა(刘邦)და სიანგ იუს(项羽)შორის, რომელიც 4 წელს გაგრძელდა. სიანგ იუს ბანაკში იყო მეომარი სახელად ხან სინი ( 韩信 ). რადგანაც სიანგ იუ მას მნიშვნელოვან ხელქვეითად არ აღიქვამდა იგი ლიოუ პანგის მხარეს გადავიდა. თუმცა თავდაპირველად, ვერც აქ მიიღო დიდი დაფასება. ერთელაც ლიოუ პანგის მთავარ მრჩეველს სიაო ხეს გამოელაპარაკა და იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ მაღალი თანამდებობა მიიღო. მაგრამ, ამის მიუხედავად, ლიოუ პანგი ჯერ კიდევ არ აღიქვამდა მას დიდი შესაძლებლობების მქონე პიროვნებად, ამიტომ ერთ დღესაც ხან სინი გაიქცა ლიოუ პანგის ბანაკიდან. ეს რომ გაიგო სიაო ხე სასწრაფოდ მისკენ გაემართა, უკან დააბრუნა და ლიოუ პანგიც დაარწმუნა ხან სინის სამხედრო ნიჭში. ამის შემდეგ ხან სინი ლიოუ პანგის ერთ-ერთი მთავარი სარდალი გახდა და დიდი წვლილი შეიტანა მის გამარჯვებაში. მაგრამ, როცა ლიოუ პანგი იმპერატორი გახდა, ხან სინისადმი ნდობა დაკარგა. განსაკუთრებით დედოფალ ლუს (吕太后) სურდა მისი მოშორება, მაგრამ ვერაფრით შეძლო ხან სინი დედაქალაქში შემოეტყუებინა. საბოლოოდ, სწორედ სიაო ხეს წყალობით, ხან სინი დათანხმდა საიმპერიო სასახლეში სტუმრობას, სადაც მას ჩასაფრება მოუწყვეს და ვერაგულად მოკლეს.
成也萧何败也萧何 აღნიშნავს სიტუაციას, როცა წარმატებაც და მარცხიც ერთი ადამიანის გამოწვეულია


20. 背水一战– Bèi shuǐ yī zhàn- პეი შუეი ი ჭან- სიტყვასიტყვით: ბრძოლა ზურგით მდინარისაკენ
ცინის დინასტიის დაცემის შემდეგ (ძვ.წ. 206) ჩინეთში სამოქალაქო ომი დაიწყო ლიოუ პანგსა (刘邦) და სიანგ იუს(项羽) შორის. ერთხელაც, ლიოუ პანგის ერთ-ერთ მთავარი სარდალი-ხან სინი(韩信)მოწინააღმდეგისაკენ მიდიოდა არმიით და გზად უღელტეხილი უნდა გაევლო. მისდა საბედნიეროდ, მეტოქე არმიის სარდალმა იმის მაგიერ, რომ ვიწრო ხეობებშ შეეტყუებინა ხან სინი, გადაწყვიტა გარე ველზე პირდაპირ შებმოდა მას. ხან სინმაც არ დააყოვნა და ასეთი გეგმა დასახა: ორი ათას ცხენოსანს დაავალა შორიდან მოევლოთ და ბრძოლის დროს მტრის ბანაკისათის შეეტიათ, 10 000 ქვეითი კი მდინარისაკენ ზურგით განალაგა. მათ ევალებოდათ მტრის მოგერიება, სანამ ცხენოსნები გამოჩნდებოდნენ. ბრძოლა დაიწყო და გაცილებით მეტი რაოდენობის მტერი მდინარის პირას განლაგებულ ქვეითებს მიაწყდა. მაგრა, რადგანაც უკანდასახევი გზა არ ჰქონდათ, ისინი ისე თავგამოდებით იბრძოდნენ, რომ არამხოლოდ შეაჩერეს მეტოქის წინსვლა, არამედ უკან გაყარეს კიდეც. სწორედ ამ დროს ჩასაფრებული ცხენოსნებიც გამოჩნდნენ და ორი მხრიდან გარშემორტყმული მტრის არმია უწესრიგოდ დაიშალა.
背水一战 ნიშნავს გამოუვალ სიტუაციას, როცა უკან დასახევი გზა არ გაქვს, გადამწყვეტ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას.

ავტორი: ოთარ ჭიღლაძე
Discussion about this post