ჩენგიუ (成语) არის ფრაზეოლოგიზმის ერთ-ერთი სახეობა ჩინურ ენაში, რომელიც როგორც წესი ოთხი იეროგლიფისაგან შედგება. მისი შემადგენელი იეროგლიფები მყარად დადგენილია და მათი ჩანაცვლება ან გადაადგილება უიშვიათესი შემთხვევების გარდა დაუშვებელია. ჩენგიუები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდნენ და გროვდებოდნენ. არსებობს ისეთი ჩენგიუ, რომელიც 2 5000 წლის წინაც გაჩნდა და ამავდროულად არსებობენ ჩენგიუები, რომლებიც სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ჩამოყალიბდნენ. დღესდღეობით მათი რაოდენობა ათასობითაა, ზოგიერთი შეფასებით დაახლოებით 20 000-მდე. შესაბამისად, ჩენგიუ ჩინური მრავალსაუკუნოვანი კულტურის სიბრძნის ერთ-ერთ განსხეულებად ითვლება და დღემდე აქტიურად გამოიყენება სალიტერატურო თუ სასაუბრო ჩინურში. ამიტომ, ჩინური ენის შესწავლის მსურველები ხშირად გამოყენებად ჩენგიუებსაც უნდა გაეცნონ. ზოგიერთ შემთხვევაში ჩენგიუს აზრს შესაძლოა მისი იეროგლიფებიდანაც მივხვდეთ, თუმცა არსებობს უამრავი ჩენგიუ, რომელთაც საკუთარი ისტორია აქვთ და ერთეული იეროგლიფებით მის მნიშვნელობას ვერ ჩავწვდებით. ამ კატეგორიის პოსტებში კი სწორედ მსგავსი ჩენგიუების წარმოშობის ისტორიის შესახებ მოგითხრობთ.
- 画蛇添足- hua she tian zu- ხუა შე თიენ წუ- სიტყვასიტყვით: გველი დახატო და ფეხი დაამატო
ეს ჩენგიუ ერთ-ერთი უძველესია და არსებობის 2 000 წელს მოითვლის. სიტყვასიტყვით ნიშნავს „დახატო გველი და ფეხი დაამატო/მიახატო“. ბუნებრივია იეროგლიფთა მსგავს წყობაში კონტექსტის ცოდნის გარეშე ვერანაირ ლოგიკურ კავშირს ვერ დავინახავთ. საქმე ისაა, რომ წყაროების მიხედვით ძველ ჩინეთში ჩუს სამეფოში (楚国) წინაპრებისადმი მსხვერპლშეწირვის რიტუალის დასრულების შემდეგ სარიტუალო ღვინის განაწილების დრო დადგა. ღვინო ცოტა, იყო ხალხი კი ბევრი. ამიტომ გადაწყდა შეჯიბრით მოეწყოთ და გამარჯვებულს გადასცემდნენ ღვინოს. მონაწილეებს რაც შეიძლება სწრაფად და გარკვევით უნდა დაეხატათ გველი. ერთ-ერთმა მათგანმა რამდენიმე წამში შეასრულა დავალება და რომ დაინახა სხვებს ნახევარიც არ ჰქონდათ დასრულებული, საკუთარი ნიჭის კიდევ უფრო წარმოსაჩენად გველს ფეხებიც მიახატა. რამდენადაც ფეხიანი გველი ბუნებაში არ არსებობს, მან კონკურსი წააგო და მოგებული ღვინოც დათმო.
შესაბამისად, 画蛇添足 ნიშნავს გადაჭარბებით, ზედმეტი ქმედებებით საქმის გაფუჭებას.

2. 借刀杀人-jie dao sha ren- ძიე ტაო შა ჟენ- სიტყვასიტყვით: დანა ითხოვო კაცის მოსაკლავად
ჩუნციოუს პერიოდში ( 春秋 ძვ.წ. 771-476 ) ჩინეთი მრავალ დიდ და მცირე სამთავროდ იყო დაყოფილი, რომლებიც გამუდმებით ერთმანეთს ებრძოდნენ. ძვ.წ. მე-5 საუკუნის დასაწყისში ცის სამთავრომ(齐国)გადაწყვიტა ლუს სამთავროსათვის (鲁国)შეეტია. ლუ ცისთან შედარებით გაცილებით პატარა და სუსტი იყო, ამიტომ საკუთარი რესურსებით მტერს ვერ დაამარცხებდა. ლუს გადარჩენის მისია კონფუცის მოწაფემ წი კუნგმა ( 子贡 ) აიღო საკუთარ თავზე. მან საკმაოდ რთული გეგმა შეიმუშავა. იგი ჯერ ცის სამთავროს კანცლერს ესტუმრა, რომელსაც ამ დროს ტახტის უზურპაცია ჰქონდა ჩაფიქრებული და იგი დაარწმუნა, რომ საკუთარი გავლენის გაფართოებისათვის უკეთესი იქნებიდა სამხრეთით, ძლიერი უ-ს სამთავროსათვის (吴国) შეეტია, საბაბად კი გამოეყენებინა, თითქოსდა უ-ს არმია ლუს დასახმარებლად მოდიოდა. ამის შემდეგ კი უ-ს მთავარს ესტუმრა და ისიც დაარწმუნა, რომ თუ ცის ჯარი ლუს დაიპყრობდა ცი ძალიან გაძლიერდებოდა, ამიტომ დაითანხმა ლუსთან ერთად საკუთარი ინიციატივით შეეტია ცის სამთავროსათვის და ამგვარად ერთპიროვნული ჰეგემონი გამხდარიყო. წი კუნგი აქაც არ შეჩერდა და ბოლოს იმდროისათვის ყველაზე ძლიერ- ძინის სამთავროსაც (晋国) ესტუმრა. მან ძინის მთავარი დაარწმუნა, რომ თუ უ მთლიანად დაიპყრობდა ცის, ძინის სამთავრო საკუთარ პოზიციას დაკარგავდა.
ძვ.წ. 484 წელს უ-ს მთავარმა ლუსთან ერთად ცის სამთავროს შეუტია და ძლიერი მარცხიც აწვნია მას. გამარჯვებით გათამამებულმა ძინსაც შეუტია, მაგრამ წი კუნგის გაფრთხილების გამო, ეს უკანასკნელი უკვე მომზადებული იყო და უ-ს არმია დაამარცხა.
საბოლოოდ, წი კუნგის ჭკვიანური გეგმის შედეგად, ციმ მძიმე დანაკარგი მიიღო და ლუზე შეტევა ვეღარ განახორციელა, ვერც უ-ს მთავარი გახდა ჰეგემონი. ამ ყველაფერში კი ყველაზე მცირე დანაკარგებითა და საუკეთესო შედეგით ლუს სამეფო გამოვიდა. წი კუნგის გეგმა კი ჩინური ომის ხელოვნების ერთ-ერთი ცნობილი სტრატეგია გახდა.
ამგვარად, 借刀杀人 ნიშნავს სხვისი დახმარებით საკუთარი მეტოქის, საფრთხის მოშორებას, ისე რომ თვითონ ნაკლებად გამოხვიდე წინა ხაზზე.

3. 望梅止渴- wang mei zhi ke- ვანგ მეი ჭი ქე- სიტყვასიტყვით: ატმის ცქერით მოიკლა წყურვილი
ეს ჩენგიუ სამხრეთ სუნგის დინასტიის დროს (1127-1279 ) გვხვდება პირველად, თუმცა კი უფრო ადრეულ ამბავს გადმოგვცემს: აღმოსავლეთ ხანის დინასტიის ( 25-220 ) მიწურულს ცნობილი სარდალი ცაო ცაო ( 155-220 ) სამხედრო ექსპედიციაში იყო, როცა არმიას წყალი შემოელია. გარშემოც არსად არ ჩანდა წყლის ნატამალი. წყურვილისაგან დაუძლურებული მეომრები ძლივს მილასლასებდნენ, დანიშნულების პუნქტამდე კი ჯერ კიდევ კარგი მანძილი იყო დარჩენილი. ამ დროს ცაო ცაომ ხერხს მიმართა- იგი არმიის წინ გამოვიდა და მეომრებს უთხრა, რომ წინ რამდენიმე კილომეტრში ატმების დიდი ტყე იყო, შესაბამისად ჯარისკაცებს მწიფე ატმებით შეეძლოთ წყურვილის მოკვლა. ამის გამგონე მეომრებს ნერწყვი მოადგათ და უფრო ენერგიულად გააგრძელეს გზა.
შესაბამისად, ამ ჩენგიუს მნიშვნელობა არის თავი ინუგეშო ფუჭი იმედებით, ილუზიებით.

4. 刻舟求剑-ke zhou qiu jian- ქე ჭოუ ციოუ ძიენ- სიტყვასიტყვით: ნავი ამოკაწრო ხმლის საპოვნელად
ეს ჩენგიუ პირველად ძვ.წ. მესამე საუკუნეში, ჭანკუოს ეპოქის (ძვ.წ. 476-221) ნაწარმოებში ჩანს. მასში მოთხრობილია ჩუს სამეფოს (楚国) ერთ მცხოვრებზე, რომელსაც ერთხელ მდინარის გადალახვისას ხმალი წყალში ჩაუვარდა. მან მაშინვე ხელი მოაფათურა მდინარეში, მაგრამ ხმალი არსად ჩანდა. ამ დროს, ჩვენი ამბის გმირი „არ დაიბნა“ და ნავის ის ადგილი ამოკაწრა საიდანაც მახვილი გადავარდა. როცა ნავმა ნაპირს მიაღწია, ის მაშინვე წყალში გადახტა და თავისი გაკეთებული ნიშნის ქვეშ დაიწყო ხმლის ძებნა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ ვერაფერს რომ ვერ მიაგნო გაოცებულმა ჰკითხა გარშემომყოფებს რაში იყო საქმე. მათაც დაცინვით უთხრეს: „შენი ხმალი წყალში ჩავარდნის შემდეგ ნუთუ ისევ ნავთან ერთად იმოძრავებდა? რა თქმა უნდა, აქ ხმალს ვერ იპოვი“.
刻舟求剑 ნიშნავს გარემო პირობების ცვლილების მიუხედავად წესების პედანტურად დაცვას.

5. 盲人摸象- mang ren mo xiang- მანგ ჟენ მო სიანგ- სიტყვასიტყვით: ბრმები სპილოს ეხებიან
ეს ჩენგიუ პირველად ძველი ინდური იგავ-არაკების მეექვსე საუკუნის ჩინურ თარგმანში გვხვდება. გადმოცემის მიხედვით ძველ დროში ინდოეთში ბრძენი მეფობდა. ერთელ მას რამდენიმე ბრმა ესტუმრა და უთხრეს:
-ბევრისაგან გაგვიგია, რომ სპილო ყველაზე დიდი არსებაა რაც კი არსებობს. მაგრამ ჩვენ დაბადებიდან ბრმები ვართ და არც კი ვიცით სპილო როგორია. შეიძლება ერთ-ერთ თქვენს სპილოს ხელით შევეხოთ?
მეფემაც სურვილი შეუსრულა და ერთი დიდი სპილო მოუყვანა. სპილო მართლაც დიდი იყო, ბრმებიდან ზოგი ფეხს შეეხო, ზოგი ხორთუმს, ზოგი ყურს, ზოგიც კუდს. ბოლოს მეფემ მათ ჰკითხა:
-აბა რას იტვყით? როგორია სპილო?
ბრმამ, რომელიც ხორთუმს შეეხო, უპასუხა:
-სპილო მართლაც რომ დიდი ყოფილა მეფეო, დიდ მილს გავს.
ამ დროს მეორე ბრმა ჩაეჭრა, რომელიც ყურზე შეეხო სპილოს:
-აბა რას ამბობ, სპილო ფართო და განიერია.
მესამემ თქვა, რომ სპილო დიდ სვეტს ჰგავს, მეოთხემ კი, რომელიც კუდს შეეხო, სპილო გრძელ მათრახს შეადარა.
盲人摸象 ნიშნავს რაიმეს შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ ცოდნაზე დაფუძნებით განზოგადებული დასკვნა გამოიტანო.

6. 守株待兔- shou zhu dai tu- შოუ ჭუ ტაი თუ- სიტყვასიტყვით: უდარაჯო კუნძთან და ელოდო კურდღელს
ეს ჩენგიუ პირველად ძვ.წ. III საუკუნეში ჭანკუოს (战国) პერიოდის მიწურულს შედგენილ ნაწარმოებში ჩნდება. იგი მოგვითხრობს სუნგის სამეფოში(宋国) მცხოვრებ ერთ უბრალო კაცზე. ერთხელ, როცა გლეხი ყანაში მუშაობდა, უეცრად მახლობლად კურდღელი დიდი სიჩქარით გამოიქცა, კუნძს დაეჯახა და კისერი მოიტეხა. საბრალო კაცი სიხარულით ცას ეწია – კურდღლის ხორცი ხელში თითის გაუნძრევლად ჩამივარდაო. იმ დღიდან მოყოლებული ყანის დამუშავება შეწყვიტა და მთელ დღეებს კუნძის სიახლოვეს ატარებდა იმ იმედით, ზეცა სასწაულს კიდევ მოახდენს და კუნძს კურდღელი კიდევ დაეჯახებაო. ასე გაატარა რამოდენიმე კვირა, მაგრამ უშედეგოდ. ყანას კი მოუვლელობისგან სარეველა მოერია და მოსავალი სრულიად განადგურდა.
ჩენგიუს მნიშვნელობა:
-ერთხელ შეიძლება გაგიმართლოს, მეორედ – არა.
– ელოდო შესაძლებლობას და თითი არ გაატოკო.
– იღბალს ბრმად მიენდო იმის ნაცვლად, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომო.
-იჯდე და ელოდო შემოსავალს.
შეიძლება ქართულ ანდაზებს შევადაროთ: „კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს“, „დღემეხვალიე კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო“.

7. 画龙点睛-hua long dian jing- ხუა ლონგ ტიენ ძინგ- სიტყვასიტყვით: დახატო დრაკონი და მიუხატო თვალის გუგა.
VIII საუკუნეში შექმნილი ეს ჩენგიუ მოგვითხრობს ჩინეთში ლიანგის დინასტიის დროს (梁朝-502-557) მოღვაწე სარდალზე – ჭანგ სენგიაოზე (张僧繇), რომელიც ბრწყინვალედ ხატავდა და განთქმული იყო თავისი ფერწერით. ერთხელ, იმპერატორმა მას ანლეს ტაძრის (安乐寺) ტაძრის კედლებზე დრაკონების გამოსახვა დაავალა. ჭანგ სენგიაომ ოთხი გასაოცარი დრაკონი დახატა, მაგრამ რატომღაც თვალის გუგები აღარ მიუხატა. როდესაც ბერებმა ამის მიზეზი ჰკითხეს, მხატვარმა უპასუხა – თუ ბოლომდე დაასრულებდა, დრაკონები გაცოცხლდებოდნენ და გაფრინდებოდნენ. რასაკვირველია, ტაძრის მსახურებმა არ დაუჯერეს და სამუშაოს ბოლომდე მიყვანა სთხოვეს. სენგიაო დათანხმდა -დაიწყო დრაკონისთვის გუგების მიხატვა. უცებ, დაუჯერებელი რამ მოხდა: როგორც კი უკანასკნელი შტრიხი გაავლო, ძლიერი გრგვინვა გაისმა და ელვამ გაანათა არემარე. დრაკონი გაცოცხლდა და მართლაც გაფრინდა, ხოლო დანარჩენი – დაუსრულებელი დრაკონები ისევ კედელზე დარჩა.
ჩენგიუს მნიშვნელობა: ხელოვნების ნიმუშზე დამასრულებელი შტრიხის გავლებას, რაც სურათის/ საქმის მნიშვნელოვანი, დამაგვირგვინებელი აკორდია.

8. 老马识途 lao ma shi tu- ლაო მა ში თუ- სიტყვასიტყვით: მოხუცმა ცხენმა გზა იცის
ძვ.წ. მესამე საუკუნის ეს ჩენგიუ მოგვითხრობს ჩუნციოუს პერიოდის (春秋ძვ.წ.771-476 ) ჩინეთში მომხდარ ამბავს. ამ დროს ცის სამეფოს (齐国) მმართველს- ხუან კუნგს (桓公) ჩრდილოეთით ლაშქრობა მოუწყვია. ლაშქრობა გაზაფხულზე დაიწყო და მხოლოდ ზამთარშიღა მოახერხეს სახლისაკენ გზას დადგომოდნენ. თუმცა თოვლიან და მთაგორიან გარემოში გზა აებნათ. მიუხედავად მზვერავების მონდომებისა, გზა-კვალი მაინც ვერ გაიგნეს. მაშინ ხუან კუნგის მთავარმა მოხელემ- კუან ჭუნგმა (管仲) ასეთი რამ მოიფიქრა: არმიაში რამდენიმე მოხუცი ცხენი ამოარჩია და ისინი ჯარის წინ გაუშვა. ეს ცხენები არმიას გაუძღვნენ და მშვიდობიანად დააბრუნეს საკუთარ სამეფოში.
ჩენგიუს მნიშვნელობა: გამოცდილმა პიროვნებამ უკეთ იცის, რა უნდა გააკეთოს.
შეიძლება შევადაროთ ქართულ ანდაზას – „ბებერი ხარისა რქაც ხნავსო“.

9. 指鹿为马- Zhǐ lù wéi mǎ- ჭი ლუ ვეი მა- სიტყვასიტყვით: ირემს ცხენი უწოდო
ცინის დინასტიის (秦朝 ძვ.წ. 221-207) ცნობილი იმპერატორის- ცინ შიხუანგტის (秦始皇帝 ძვ.წ. 256-210) გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა დაიკავა. ახალი იმპერატორის მთავარ მინისტრს- ჭაო კაოს (赵高 ძვ.წ. 258-207) ტახტის უზურპაცია სურდა, მაგრამ დარწმუნებული არ იყო სხვა მინისტრები დაუჭერდნენ თუ არა მხარს. მაშინ მან ასეთ ხრიკს მიმართა. ერთხელაც ჭაო კაომ იმპერატორს ირემი მიუყვანა და უთხრა: „თქვენო უდიდებულესობავ, შეხედეთ როგორი შესანიშნავი ცხენი მოგგვარეთ“. გაკვირვებულმა იმპერატორმა უპასუხა: „მთავარო მინისტრო, ხომ კარგად ხართ? ეს ხომ აშკარად ირემია, ცხენში როგორ აგერიათ?“. ჭაო კაო არ დაიბნა და მიუგო: „თქვენო უდიდებულესობავ, მოდით სხვა მინისტრებს და მოხელეებს დავეკითხოთ ეს ცხოველი ირემია თუ ცხენი“. მინისტრებიდან ზოგიერთი ჭაო კაოს უჭერდა მხარს, ზოგსაც მისი ეშინოდა. შესაბამისად, მათ მაშინვე დაიწყეს ჭაო კაოს მიერ იმპერატორისათვის მიყვანილი „ცხენის“ ქება. რამდენიმე პატიოსანი მოხელე ამ ფარსში არ ჩაება და გულწრფელად თქვეს, რომ ეს ცხოველი ცხენი კი არა ირემი იყო. ამგვარად, ჭაო კაომ გამოარკვია ვინ იყო მისი მხარდამჭერი და ვინ იმპერატორის ერთგული. შეკრების დაშლის შემდეგ მან ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო იმ ხალხის მოშორება, ვინც არ თქვა ირემი ცხენიაო.
指鹿为马-ს მნიშვნელობა არის წინასწარგანზრახულად დაამახინჯო რეალობა, შეცვალო ფაქტები.

10. 东山再起- dong shan zai qi- ტონგ შან წაი ცი- სიტყვასიტყვით: ტონგშანის მთის ისევ წამოდგომა
მეშვიდე საუკუნის ეს ჩენგიუ მოგვითხრობს მეოთხე საუკუნის ჩინეთში განვითარებულ მოვლენებზე. ამ დროს ჩინეთის ჩრდილოეთი მომთაბარე ტომებს ეკავათ, აღმოსავლეთ ძინის დინასტია (西晋-317-420) კი მოხოლოდ სამხრეთ ჩინეთს აკონტროლებდა. იმპერიას გამორჩეული მოხელეები ესაჭიროებოდა მოწინააღმდეგის მოსაგერიებლად. ამ პერიოდში მოღვაწეობდა სიეს დიდი საგვარეულოს წარმომადგენელი სიე ანი ( 320-385), რომლის უბადლო განათლებულობისა და გამჭრიახობის ამბავი მთელ იმპერიაში იყო განთქმული. მას მცირე ხანს ეკავა თანამდებობა სახელმწიფო ადმინისტრაციაში, მაგრამ მალევე დაეთხოვა სამსახურიდან, ტონგშანის მთაში გაიხიზნა და უარს ამბობდა პოლიტიკაში ჩართვაზე. წლების შემდეგ იგი საბოლოოდ დათანხმდა ისევ გამხდარიყო პოლიტიკური მოხელე. გამორჩეული უნარების წყალობით თანამდებობაც სწრაფად მოიმატა და მალევე მთავარი კანცლერი (宰相) გახდა. 381 წელს მისი თაოსნობით აღმოსავლეთ ძინის დინასტიამ ფეიშუეის დიდი ბრძოლაში(淝水之战)დაამარცხა ჩრდილოელები და სამხრეთი გადაარჩინა.
东山再起 ნიშნავს ფერფლიდან წამოდგომას, უკან დაბრუნდე გაუჩინარების შემდეგ.
ავტორები:
ოთარ ჭიღლაძე
ნათელა ჯოლოხავა
Discussion about this post